შენს მეზობლად (ნაწილი 3)
გრძელი და ემოციურად დატვირთული დღით გადაღლილი გოგონა, მაშინვე სიზმრების სამყაროში აღმოჩნდა, როგორც კი რბილ ბალიშზე დადო თავი. ესიზმრა, თითქოს პატარა კუნძულზე იყო გამოკეტილი, სრულიად მარტო, ირგვლივ უზარმაზარი ოკეანე ბობოქრობდა და პატარა კუნძულის სანაპიროს ისეთი მონდომებით ეხეთქებოდა, თითქოს ცდილობს ხმელეთის ეს პაწაწინა ნაწილი ჩაყლაპოს და თავის საკუთრებად აქციოსო. ღამე იყო, მაგრამ არა ჩვეულებრივი, ყოველი დღის ბოლოს რომ დგება და უაზროდ ფლანგავს მის უკანასკნელ საათებს - საოცნებო ღამე იყო. უხეშ ლოდებზე მკვდარი თამამი ტალღების ხმა საოცარ მუსიკას ქმნიდა, ღამის ზღაპრული ცა კი, სიბნელის მიუხედავად, კამკამა სილურჯეს ღვრიდა პატარა კუნძულზე. გოგონა იქვე მდგარი ხავსმოკიდებული ხის ჩამომტყდარ ტოტზე ჩამომჯდარიყო ეული ჩიტივით, რომელმაც ფრთა დაკარგა და ახლა მხოლოდ ისღა შეუძლია, აქედან უმზიროს ამ თვალწარმტაც ლაჟვარდს. მის გვერდით პატარა ჭრაქი ანათებდა ბნელ ღამეს, ცაზე კი დაუდევრად მიყრილ-მოყრილი პაწაწინა გოლიათები ციმციმებდნენ. გოგონა გრძნობდა, რომ ასეთი სიმშვიდე არასდროს განუცდია. ეს თითქოს მარტოობის ტკბილი მხარე იყო, როცა შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და სამყაროს ბოროტების არ გეშინოდეს, როცა თავისუფლად უხსნი გულს თითოეულ საფიქრალს, როცა მზად ხარ, საკუთარი სული გადაშალო წასაკითხ წიგნად და დიდი ცნობისმოყვარეობით ჩაუჯდე მის თითოეულ აბზაცს. გოგონა გრძნობდა ამ უდიდეს თავისუფლებას, რომელიც თანდათან მის თითოეულ უჯრედს ავსებდა, ძალას, რომელიც უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ უხსნიდა გზებს... მაგრამ იყო რაღაც, რაც საგრძნობად ჩრდილავდა თავისუფლების წუთებს - ეს მარტოობის სევდა იყო! სწორედ მაშინ, როცა ლიზიმ სრულად შეიგრძნო მარტოობის ცივი ამბორი, როცა იმედი დაკარგა და მზად იყო ბედს შეგუებოდა, ახალგაზრდა მზის სხივებმა დააბრმავეს დიდგულა ღამე. მთელი ქმნილება გამოცოცხლდა გოგონას ირგვლივ, სხეულში თითქოს ყველა ნერვი სათითაოდ გაუტოკდა, სისხლმა გამალებით იწყო ჩქეფა ვენებში და უცნაურმა ფერებმა დაუმშვენეს კალთა. შორიახლო ნაირფერი ყვავილები გაიშალნენ, წამოიზარდნენ მინდვრის დაწინწკლული პერანგები და ეულად დარჩენილი სივრცე შეავსეს. აჟღურტულდნენ პაწაწინა ჩიტები, თვით სამყარომ შექმნა მაჟორული მელოდია, სიყვარულის სურნელმა ლამის გონება დააკარგვინა და მიხვდა, რომ ეს არ იყო მზე, როგორც ცის მნათობი, ეს მისი საკუთარი მოსიარულე მზე გახლდათ. ამ დროს, მისმა სილუეტმა გაჭრა თვალუწვდენლი ნათელი, სადაცაა დაინახავს, გული შეეკუმშა მოლოდინისგან, სუნთქვა შეეკრა და მოუთმენელმა მოლოდინმა შეიპყრო... მაღვიძარას წკარუნმა გაფანტა ლამაზი ზღაპარი და სიზმრის შეწყვეტით განაწყენებულ გოგონას ახალი დღის დადგომა ამცნო. პარასკევი დღე არასდროს მოსწონდა ლიზის. სამუშაო კვირა სრულდებოდა და წინ ორი, სრულიად მოსაწყენი, უსაქმური დღე ელოდა, თუმცა ამჯერად ეს ფაქტი საერთოდ არ აწუხებდა. პირიქით, გოგონა იმედებით იყო სავსე უიქენდის გეგმის უამრავი ვარიანტით, რომლებიც ერთი და იმავე საქმის უამრავ განსხვავებულ ვარიანტს მოიცავდა და ყველა მათგანი საოცრად საინტერესო იყო. ამ უქმეებზე მას ლუკას ბაღის მონახულება ჰქონდა დაგეგმილი. გოგონა სწრაფად მოწესრიგდა, საკუთარი ნივთები შეაგროვა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, თითქოს ასე უფრო სწრაფად დასრულდებოდა ის ერთადერთი ლექცია, რისთვისაც უნივერსიტეტში მიიჩქაროდა და მალევე დაბრუნდებოდა სახლში ან უფრო სწორად, იმ ყვავილებიან სახლში. ქუჩაში ლუკას გადააწყდა: - გამარჯობა, ლუკა. - ლიზი, როგორ ხარ? - ძალიან კარგად, მშვენიერი დღეა! - ნამდვილად მშვენიერია! - თქვა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას. - უნიში მიდიხარ? - არა, დღეს არ ვსწავლობ. - მაშინ სად მიიჩქარი ამ დილაადრიან? ლუკამ არაფერი უპასუხა. - მაპატიე. ალბათ, ჩემი საქმე არ არის. - არა, ეგ არაფერ შუაშია. - გაუღიმა ბიჭმა. - უბრალოდ, გრძელი ისტორიაა. - კარგი, წარმატებული დღე. - შენც ასევე, ლიზი. - მართლა, თითქმის გადამავიწყდა. შენს ბაღს დღეს მოვინახულებ. - თვალი ჩაუკრა ლიზიმ და გზას გაუდგა. სასწავლებლიდან დაბრუნებულს მერი სახლში დახვდა. ქალი სამზარეულოში ტრიალებდა და ოთახებში საოცარი სურნელი იდგა. ლიზი შეყვარებული იყო მის მომზადებულ საჭმელებზე და მისმა დანახვამ ძალიან გაახარა. - მერიკო, ჩემო საყვარელო, რას მიკეთებ? - შენს საყვარელ წვნიანს გოგონი, როგორ ხარ? - დიდებულად, მერიკო. - მოიცა, მოიცა, რამე არ ვიცი? - კი, რაღაც არ იცი. - მერე რატომ? ახლავე მოყევი! - მერიკო, ერთი ბიჭია... ძალიან მომწონს! არ ვიცი ის რას ფიქრობს ჩემზე, მაგრამ მგონი ისიც დაინტერესდა ჩემით. - შენით რომელი ბიჭი არ დაინტერესდება ლიზიკო, თავში ტვინი თუ აქვს და თვალებში - მხედველობა. მერე რაო, გითხრა რამე? - სახლში დამპატიჟა, დღეს მინდა ვნახო. - ღმერთო ჩემო, უკვე სახლში აკითხავ? ან ამ სარამოს სახლში რატომ გეპატიჟება? არ მომწონს ეს ამბავი. - არა, ეს მე ვუთხარი, დღეს გნახავ-თქო. ადრე მითხრა, როცა გეცლება, გამომიარეო. - მაინც არ მესმის დღევანდელი ახალგაზრდების, ჩემს დროს ბიჭები აქეთ აკითხავდნენ გოგონებს, ახლა კი... - შენც არ იყო წინა საუკუნის. - გადაიკისკისა გოგონამ. - ცუდი ბიჭი არ ჩანს, ძალიან კეთილია. - ჰო, თავიდან ყველა კეთილია. ბევრი არაფერი გააბედინო იცოდე! - იცი, გუშინ დამესიზმრა. საშინელი სიზმარი იყო, მარტოსული და უბედური ვიყავი, თითქოს თვითონ სამყარო ცდილობდა ჩემს დახრჩობას და უცებ ის გამოჩნდა... თითქოს მზე იყო, რომელმაც გაყინული ძვლები გამითბო და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. - ღმერთო, ლიზიკო, შეყვარებული ხარ! - რადგან დამესიზმრა? კარგი რა. - სიზმრის გამო არა შტერო ბავშვო, თვალების გამო. - რა თვალები? - სარკესთან მიდი და შენს თავს შეხედე, ეს შენ ანათებ მზესავით. ნამდვილად შეყვარებული ხარ! - გეყოფა მერიკო. - ისევ გაეცინა გოგონას. - სასწრაფოდ მითხარი ვინაა! მაშინვე გავიგებ რა კაციცაა, შენ მარტო სახელი მითხარი. - არა, დაივიწყე, მაგას არ გავაკეთებ. - რატომ ვითომ? - ჯერ მე უნდა გავერკვე, დავლაგდე და გავიგო, რას ვგრძნობ სინამდვილეში. თუ სერიოზულად ვიფიქრებ ამ ბიჭზე, აუცილებლად გეტყვი ყველაფერს. - მოიცა, საერთოდ არაფერს მეტყვი? ინტერესით ვკვდები! - ვიცი, მაგრამ ახლა არა, მერიკო, ახლა არა. - თქვა ლიზიმ და საუბრის თემა იქვე შეცვალა. - წამოდი ვჭამოთ, შიმშილით ვკვდები, შენი უგემრიელესი წვნიანის სუნი კი უფრო და უფრო მაშიებს. - კითხვებისგან თავის არიდება ისე კარგად გამოგდის, ფსიქოლოგი კი არა, პოლიტიკოსობას უნდა სწავლობდე. - პოლიტოლოგიას, მერიკო. - მე შენ გიჩვენებ პოლიტოლოგიას, ოღონდ შეჭამე ჯერ. მეზობლის ბაღის სანახავად ლიზი განსაკუთრებულად მოემზადა. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ იქ მხოლოდ იმ უცნაური სახლის სანახავად მიდიოდა, რომელიც ყოველთვის ასე აინტერესებდა, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუება ზედმეტად რთული გამოდგა. დღეს მას ის სახლი საერთოდ არ ადარდებდა, ერთადერთი რაზეც ბოლო დროს ფიქრობდა ის უცნაური ჯგუფელი იყო, რომლემაც როგორც იქნა, ხმა ამოიღო და იმდენად მოხიბლა გოგონა, რომ მთელი სამყარო გადაავიწყა. ამ მომენტისთვის იმდენი ხანი ემზადებოდა, თითქმის წასვლაც კი გადაიფიქრა, მაგრამ ბიჭის უკეთ გაცნობის შანსის ხელიდან გაშვება დაენანა, გამბედაობა მოიკრიბა და სულ რაღაც ხუთიოდე წუთში უკვე იმ იდუმალი სახლის კარებზე აკაკუნებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.