შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 9)


6-08-2016, 00:00
ავტორი Kristy
ნანახია 2 104

ადამიანებს, რომლებიც ნაკლებს საუბრობენ და ნაკლებად ჩანან საზოგადოების სხვადასხვა წრეებში, ყოველთვის ბევრად მრავალფეროვანი ცხოვრება აქვთ, ბევრად მეტი აქვთ სათქმელი და როცა მათი ლაპარაკის დრო მოვა, ან სამუდამოდ დაგატყვევებენ საკუთარი ცხოვრებით ან ისე შეგაშინებენ, რომ ვეღარასდროს გაბედო უკან დაბრუნება. მათი გაგება ძნელია, რადგან ამისთვის საჭიროა, ხედავდე იმას, რასაც ისინი ხედავენ, იგივეს განიცდიდე და გიხაროდეს, ეს კი არც ისე ადვილია, რადგან ისინი სამყაროს ერთფეროვნული ყოველდღიურობის მიღმა ცხოვრობენ, მათი თვალსაწიერი ფართოა, გონება კი ბევრად მეტს იტევს.
გოგონა ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად რთულია იყო განსხვავებული და ცდილობდა სამყარო ამ ბიჭის თვალებით დაენახა. დარწმუნებული იყო, რომ არცერთი სიტყვა, რაც დღეს მოისმინა, ტყუილი არ იყო. სჯეროდა, რომ ეს ბიჭი გარემოებების მსხვერპლი აღმოჩნდა, არც კი შეეძლო იმის წარმოდგენა, თუ რამდენად გაუჭირდა, როცა სრულიად მარტო აღმოჩნდა სასტიკი განაჩენის პირისპირ და ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ, ის ისევ დარჩა ადამიანად, მთელი თავისი სიკეთითა და მგრძნობიარე ბუნებით. თუმცა ეს არაფერს ცვლიდა, ისინი ერთად ვერ იქნებოდნენ. ცნობისმოყვარე მეზობელი ამჯერად სახლში არ დახვდა, ამიტომ პირდაპირ თავის ოთახში ავიდა და მაშინვე ჩაეძინა.
ორშაბათი დილა ჩვეული ფაცი-ფუცით გათენდა. ლიზი უნივერსიტეტში მიიჩქაროდა. ყველაფერი თითქოს ძველებურად იყო: როგორც ყოველთვის, სწრაფად მოწესრიგდა, თავისი ნივთები მოაგროვა და სახლიდან გავიდა. როცა თავის ნაცნობ ყვავილებიან სახლს ჩაუარა, სინდისის ქეჯნა იგრძნო, თვალწინ დაუდგა ბიჭის საცოდავი სახე, როცა ასე სასტიკად აქცია ზურგი და თითქოს ისევ ჩაესმა მისი უკანასკნელი სიტყვები. გოგონა ხვდებოდა, რომ წასვლით გული ძალიან ატკინა, მაგრამ არ იცოდა სხვა რა უნდა გაეკეთებინა, ეს იყო სიყვარული, რომელსაც გაგრძელება არ ეწერა; სიყვარული, რომელიც უნდა დაევიწყებინა.
ლუკა ლექციებზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ აქ იყვნენ ანა და მარი, რომლებსაც უამრავი კითხვა ჰქონდათ მეგობრის პირველი რომანტიული თავგადასავლის შესახებ. ანას წვეულებიდან ადრეწასული მეგობრისთვის ყველაფერი მოეყოლა და და ახლა ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ გოგონასთვის რამე დაეცდინათ იდუმალი შეყვარებულის შესახებ.
- კარგი რა ლიზი, მოგვიყევი როგორ დაახლოვდით ასე მოულოდნელად. - ამბობდა მარი და საინტერესო ამბის მოლოდინში თვალებს ინტერესით აცეცებდა.
- კარგი, შეეშვი, რამის თქმა რომ უნდოდეს, იტყოდა კიდეც. – მეგობრის გაჩუმება სცადა ანამ.
- არა, ასე ვერ გამოძვრება. მიდი, მოყევი. - არ ჩუმდებოდა გოგონა. - ნუ დარდობ, შეყვარებულს არ წაგართმევ.
- არ არის ჩემი შეყვარებული. - უკმეხად თქვა ლიზიმ.
- რაო, რაო? - თვალები დაჭყიტა ანამ. - გავიგონე როგორ თქვა, რომ უყვარხარ.
- შეიძლება ვუყვარვარ, მაგრამ შეყვარებულები არ ვართ.
- არ ვიცი, არ ვიცი. აივანზე ისე საყვარლად გეძინათ ერთად...
- შეწყვიტე ანა! ეს შეცდომა იყო, რომელიც აღარ განმეორდება!
- კარგი, მაგრამ რა დაგემართათ?
- არაფერი! - თქვა ლიზიმ და ოთახიდან გავიდა.
- ეტყობა იჩხუბეს. - ტუჩი აიბზუა მარიმ. - ეგ არაფერი, გადაუვლით.
ლიზი მთელი დღე უხასიათოდ იყო, ლექციებზე ვერ აქტიურობდა, სათანადო ყურადღებას ვერაფერს უთმობდა. როგორც იქნა ლექციები დასრულდა და ლიზიც მაშინვე სახლში წამოვიდა. ერთი სული ჰქონდა მერისთვის ყველაფერი მოეყოლა და მოესმინა, რას ეტყოდა ქალი მოსმენილის შესახებ, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ეს არ მოეწონებოდა. როცა ლიზიმ სახლის კარები შეაღო, საჭმლის გემრიელმა სუნმა ყველაფერი დაავიწყა, მთელი დღე ლუკმა არ გადასცდენია და ძალიან შიოდა.
- მერიკო, რა კარგი მყავხარ. - გადაეხვია მეზობელს და მაგიდას მიუჯდა.
- ჩემო გოგო, აბა როგორ ხარ? - ჰკითხა ქალმა და თან კერძები გადმოალაგა.
- მერიკო, ცუდად, საშინლად დაბნეული ვარ.
- რატომ? ისევ იმ ბიჭის გამო?
- ჰო. გუშინ ყველაფერი მომიყვა თავისი წარსულის შესახებ და არ ვიცი ახლა როგორ მოვიქცე.
- შეჭამე და ყველაფერი მომიყევი. - თავზე აკოცა ქალმა და ჰოლში გავიდა. - ჩემმა გიჟებმა დღეს კინაღამ სახლის გარეშე დაგვტოვეს.
- რა მოხდა?
- ხო იცი, ისტორიას ვერ იტანს უფროსი, წიგნის დაწვა სცადა და ლამის სახლსაც წაუკიდა ცეცხლი. - გოგონა უსმენდა მეზობლის გაუჩერებელ ტიტინს, თუ როგორ გადაურჩნენ ხანძარს და თან გემრიელად ილუკმებოდა. სადილობას მორჩა და ჰოლში მეზობელს შეუერთდა.
- ისე აქ ჯდომა რატომ გიყვარს? - იკითხა სხვათაშორის ლიზიმ.
- არ ვიცი, მომწონს ეს ოთახი. სასიამოვნო ატმოსფეროა. მიდი, მომიყევი, რაც სათქმელი გქონდა.
გოგონამ დეტალებში მოუთხრო ქალს ამ იდუმალი ბიჭის ისტორია, ზუსტად ისე, როგორც მან უამბო. მერი ინტერესით უსმენდა გოგონას და დროდადრო თავს აკანტურებდა. ლიზიმ მოყოლა დაასრულა და მოლოდინით სავსე თვალებით შეხედა ქალს.
- ახლა რა გავაკეთო, მერიკო?
- რაღა უნდა გააკეთო გოგო, რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გაგიკეთებია.
- ანუ სწორად მოვიქეცი?
- აბა რა, ახლა მაგის პრობლემებიღა გაკლია. ხომ არ გაგიჟდი?!
- მაგრამ არ მინდა მისი გაშვება.
- გოგო, ნუ გამაგიჟე, სწორად მოქცეულხარ, ახლა ნუ გააფუჭებ ყველაფერს. - გოგონა გაჩუმდა. - რაო? რაღაცის თქმა გინდა.
- მეშინია მერიკო, - ჩუმად თქვა ლიზიმ. - საკუთარი ოცნებების მეშინია, რადგან ვიცი, რომ არასოდეს ახდება. მეშინია, რომ სიყვარული არ არსებობს, რომ ის მხოლოდ წიგნებშია და თუ არსებობს, მეშინია, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეიყვარო!
- შენს ასაკში ამის არავის სჯერა, მაგრამ მენდე, ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ შეგიყვარდება.
- იქნებ ის სიყვარული, ასეთი აღარ იქნება?! იქნებ ის უბრალოდ იმ ცარიელ ადგილს შეავსებს, რაც წინა გრძნობამ დატოვა და ამით ამოიწურება... იქნებ ის რუტინაა, რომელსაც შეუძლია თავი ბედნიერად გაგრძნობინოს?
- მერე რა არის მაგაში ცუდი?
- ის, რომ რუტინა სიყვარული არ არის, მერიკო! ის ვალდებულებაა, როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდე თავს მისით.
- გაჩუმდი გოგო, ნუ სულელობ, თუ კომფორტულად და კარგად ხარ, მეტი რაღა უნდა ინატრო. შვილები გეყოლება, კარგი ქმარი, რომელიც არაფერს მოგაკლებს...
- და რომლისთვისაც არასდროს ვიქნები მისი ქალბატონი.
- რა? - გაუკვირდა ქალს.
- არაფერი, მერიკო, არაფერი. - ჩაიბურტყუნა გოგონამ და სასაუბრო თემა მაშინვე შეცვალა. - ამ ზაფხულს რას აპირებ, მიგყავს ბავშვები ბათუმში?
- ჩემს ქმარს კითხე, გააჩნია რამდენს მაძლევს წელს. - ამოიოხრა ქალმა.
- წელს მე გპატიჟებ!
- ბათუმში აპირებ წასვლას?
- ჰო, რა მოხდა, მეც წავალ ერთხელ ზღვაზე... მერე რა, რომ ვერ ვიტან! - ქალმა იფიქრა, ამას უხასიათობის გამო ამბობს, თორემ ლიზი და ზღვა ერთად ვერ წარმოედგინა, გოგონას ძლიერად მოეხვია და თქვა:
- წავედი მე, შენ კი ძლიერად იდექი, მალე გაგივლის.
გოგონამ დაიჯერა, რომ ეს უხასიათობა მალე გადაუვლიდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, დროსთან ერთად მისი მარტოობა კიდევ უფრო ღრმავდებოდა და ფესვებს იდგამდა. ლუკას გარეშე, სამყარო ცარიელი და მყიფე ეჩვენებოდა: ქუჩებს მოსწყინდათ მათ გარეშე, სახლები ბოროტ გოლიათებს გავდნენ, ირგვლივ ყველაფერმა დაკარგა ჩვეული ხალისი და თითქოს გრძნობდა, როგორ ემსხვრეოდა თავზე ქალაქის თითოეული ნაწილი.
ერთი კვირა გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა: მას ისევ ისე ძლიერად ენატრებოდა ბიჭი და თავს დამნაშავედ გრძნობდა, თან ისიც აფიქრებდა, რომ ამ ხნის მანძილზე არსად უნახავს; აინტერესებდა, ისევ აქ იყო თუ არა ან საერთოდ როგორ გრძნობდა თავს, მასაც ასე ძლიერ უნდოდა გოგონას ნახვა თუ წლების მანძილზე გამომუშავებული იმუნიტეტი დაეხმარა მის სწრაფად დავიწყებაში. ამ ფიქრებში იყო გართული, როცა კარებზე ზარი დარეკეს, გოგონამ სწრაფად გააღო კარები და ქალბატონი თამარი და მისი მომვლელი დაინახა.
- ქალბატონო თამარ, ნანა, გამარჯობა.
- გაგიმარჯოს შვილო, შეიძლება?
- რა თქმა უნდა, შემოდით. - მიიპატიჟა გოგონამ. - რამეს დალევთ?
- არა, შვილო, მაგრამ დასაწყისისთვის რაღაც კი მინდა გთხოვო, ქალბატონს ნუღარ მეძახი.
- კარგი, როგორც იტყვით.
- ვიცი, არ არის ჩემი საქმე, - დაიწყო ქალმა. - მაგრამ ვხედავ, რომ იჩხუბეთ რაღაცაზე შენ და ლუკამ. ჩემი ბიჭი ისეთი ყურებჩამოყრილია, თითქმის არც საუბრობს. ბრმა კი ვარ, მაგრამ ასეთი რამის შემჩნევას, დიდი თვალხილულობა არ სჭირდება.
- ჩვენ არ გვიჩხუბია, ჩვენ...
- არ გინდა შვილო, ნურაფერს ამიხსნი, აქ ამისთვის არ ვარ. - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა და თავისი სათქმელი განაგრძო. - ლუკა კარგი ბიჭია, გულისხმიერი და მგრძნობიარე, ყველაფერს ძალიან განიცდის ხოლმე და ახლაც ასეა, ვგრძნობ, რომ დარდობს რაღაცაზე. არ ვიცი, რა მოხდა თქვენს შორის შვილო, მაგრამ ჩემს ბიჭს უყვარხარ, ის სხვისი გრძნობებით არასდროს თამაშობს, უნდა მოგესმინა როგორი აღტაცებით საუბრობდა შენზე და როგორც იქნა, ბედნიერი იყო...
- მან რამე გითხრათ?
- არა, ის ისეთი გულჩათხრობილია, არასდროს საუბრობს იმაზე, რაც აწუხებს და მეც ამით ვხვდები ხოლმე, როცა რაღაც ისე ვერ არის. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ მან ბევრი გამოიარა, ბევრი ტკივილი და უსამართლობა შეხვდა ცხოვრებაში და მინდა, რომ ისევ იგივე არ განმეორდეს. აქ ამიტომ ვარ.
- ვიცი, ლუკამ ყველაფერი მიამბო.
- ახლა გასაგებია რაც მოხდა. - დანანებით თქვა ქალმა. - მესმის, რომ ამ ყველაფრის მიღება არ არის ადვილი, მაგრამ თუ ერთი წამით მაინც წარმოიდგენ თავს მის ადგილას, მიხვდები თუ როგორ ძალიან სჭირდები მას ახლა.
- ჰო, მაგრამ ყველაფერი რთულადაა.
- მარტივად არავის არაფერი ეძლევა შვილო. - თქვა ქალმა და რამდენიმე წამი ყოყმანის შემდეგ იკითხა: - გჯერა მისი?
- რა თქმა უნდა.
- იცი, რომ უყვარხარ?
- კი, მითხრა.
- შენ თუ გიყვარს შვილო?
- კი. - დაიმორცხვა გოგონამ.
- ხედავ? სულ ეს არის, რისი ცოდნაც გჭირდება. დაუჯერე იმას, ვისაც ცოტა არ უცხოვრია ამ ცოდვილ ქვეყანაზე, თუ მართლა გიყვარს, მას ვერ ჩაანაცვლებ. ვიცი, ფიქრობ ახალგაზრდა ვარ, მთელი ცხოვრება წინ მაქვსო და ასეც არის, კიდევ ბევრს შეხვდები, შეგიყვარდება კიდეც, მაგრამ მას ვერ შეცვლის.
- ისე საუბრობთ, თითქოს გამოცდილი გაქვთ.
- აქ სწორედ ამიტომ მოვედი შვილო, ვცდილობ შენც და ჩემი ბიჭიც იმ შეცდომის დაშვებისგან დაგიცვათ, რომელიც ერთ დროს მე დავუშვი. - ქალი რაღაცაზე ჩაფიქრდა, მერე ისევ განაგრძო. - ის არასდროს გთხოვს დაბრუნებას, თავისი წარსულის გამო თავი შენს ღირსად არ მიაჩნია და თუ წასვლას გადაწყვეტ, გაგიშვებს ეს რადაც არ უნდა დაუჯდეს.
- თითქმის ასეთი რაღაც მითხრა თვითონაც.
- მას კარგად ვიცნობ, მე გავზარდე. არც ის მოეწონება ახლა აქ რომ ვარ და ამ თემაზე ვსაუბრობთ.
- არ იცის?
- ხუმრობ? რომ სცოდნოდა რას ვაპირებდი, კარებს ჩამიკეტავდა და გასაღებს გადააგდებდა, - ჩაიხითხითა ქალმა. - მაგრამ მისი ასე ყურება არ შემიძლია. შენმა გამოჩენამ გამოაცოცხლა და არ მინდა ისევ ძველ ყოფას დაუბრუნდეს.
- ეს არც მე მინდა.
- მეც ვიყავი თქვენხელა შვილო და მეც მიყვარდა. დედაჩემმა იმდენი მიჩიჩინა, სხვა მთხოვნელიც გამოჩნდება უკეთესი ეკონომიკით და მომავლით, თავს რატომ იუბედურებ ახალგაზრდა გოგო ამ კაცზე გათხოვებითო, დავუჯერე. ჰოდა, შევცდი კიდეც! გამოჩნდა ის სხვა, უფრო მდიდარი და გავლენიანი, ვუყვარდი კიდეც, თავს მევლებოდა და მეც შემიყვარდა, ჩემი ქმრის გამო კაცს მოვკლავდი... მაგრამ ის, ის არასდროს ყოფილა, ვინც ოდესღაც გავუშვი.
- დღემდე გახსოვთ ის?
- მახსოვს თუ არა? - ჩაიღიმა ქალმა. - მე ის დღემდე მიყვარს შვილო. დამიჯერე, თუ ეს ნამდვილი გრძნობაა, არასდროს მოკვდება. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგ ან ცუდ ვარიანტად ჩანს შენთვის, მასზე უკეთესს ვერასდროს იპოვნი, არა იმიტომ, რომ არ არსებობს, ქვეყანაზე უამრავი ბიჭია, ერთმანეთზე უკეთესები, უბრალოდ შენ ის გიყვარს და მორჩა.
- არა, ფულის გამო არ წავსულვარ. - თავი იმართლა გოგონამ.
- ჰო, ეგ ნამდვილად არ აკლია, ფული ამიტომ არ მიხსენებია. მთავარი მიზეზი არ არის, მთავარია, რომ წახვედი. არ იფიქრო, რომ გსაყვედურობ ან რამეს ვითხოვ შენგან, მხოლოდ დახმარებას ვცდილობ.
- მესმის და თქვენი მადლობელი ვარ.
- კარგი, მგონი ყველაფერი ვთქვი, - თქვა ქალმა და წამოდგა. - ახლა წავალ, შენ კი იფიქრე შვილო და თავად მიხვდები, რა გინდა სინამდვილეში.
- მადლობა, რომ მოხვედით.
- გაიხარე გენაცვალე. ნანა, ჩემო კარგო, წავედით.
ლიზი ქალის სტუმრობამ ძალიან გააკვირვა, თან გამოჩენილი ყურადღება ესიამოვნა კიდეც. აშკარა იყო, რომ ლუკამ გოგონას დავიწყება ვერ მოახერხა; ლიზი დარწმუნებული იყო, რომ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ და ქალის სიტყვებზე დაფიქრდა. საერთო ჯამში, მასაც ხომ სწორედ ამის ეშინოდა, ისიც თვლიდა, რომ ნამდვილი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია და ვერანაირი პრაგმატული მსჯელობა მის თავში ამ აზრს ვერ აქარწყლბდა, მოულოდნელმა სტუმარმა კი ეს აზრი კიდევ უფრო გაუმყარა. ლიზი დაატყვევა ქალის სიტყვებმა, რომ ის კაცი დღემდე უყვარს: რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, ალბათ ორივე დაქორწინდა, შვილებიც ორივეს ჰყავს და ალბათ შვილიშვილებიც, დაშორების შემდეგ შესაძლოა არც უნახავთ ერთმანეთი, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ტკივილი და სიხარული გამოსცადეს და ეს ქალი, რომელიც ადრე დაქვრივდა და ერთადერთი შვილიც დაკარგა, თავის ძველ სიყვარულს დღემდე ღიმილით იხსენებს. რამდენად ძლიერი უნდა იყოს გრძნობა, რომ ამდენხანს გაძლოს და ასე უცვლელად შემოინახოს.
- ლიზი. - მოისმა მერის ხმა და ლიზი ფიქრებიდან გამოარკვია.
- ჰო მერიკო, აქ ვარ.
- ეს იმ ლუკას ბებია იყო?
- კი.
- რაო, ლუკამ შესარიგებლად გამოგზავნა?
- ლუკამ არ იცის, რომ აქ იყო.
- კარგი, რა მაგის მართლა გჯერა ლიზი?
- მერიკო, რატომ ვერ იტან ლუკას?
- ვინ თქვა, რომ ვერ ვიტან? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალმა და ოთახიდან გავიდა. - თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს?! შენ მგონი უკვე ყველაფერი გადაწყვიტე.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia shearige es ori
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Magda

ბებო რა მაგარი ქალია. გააგრძელეე გაააგრძეეელეეე მალეეეე

 


№3 სტუმარი Ketis

Ai vicodi bicodi ro bebo ver moutbenda sa isic vici ro gogo gadadgavs nabijs!!! Au ici ra magijebs zogadad roca kacebs tu bijebs bevri ram aqvt manaxi gamocdili da ician raa cxovreba da aseshemdeg mainc rato ipaseben ase tu ise sheidzleba am sitkvis gamokeneba da rato kris parxmals rato mikveba dinebas da rato tmobs sakvarel kal?!?? Tan mgonia ro am bijs gogos dis sikvdils ambavtan pirdapiri shexeba akvs dabralebit tu shemtxvevit da isic mgonia ro icis eg ambavi da mainc tmobs!! Eseigi dzlieri skesi mainc qalebi gogoebi vart xo? Isev qali ckvets kvelapers

Au male dade ra gtxov sheni pikrebi gadmocemuli emtxveva chemsasac da ravici ra kvia da maiteresebs movlenebs rogor ganavitareb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent