შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე – ღმერთი (სრულად)


8-08-2016, 17:02
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 797

„თქვენა ხართ ღმერთები,
ყველანი უზენაესის
ძეები ხართ.“
ფსალმუნი 81:6



გამარჯობა...

მე გესალმები პირადად შენ, და არა რომელიმე სხვა მკითხველს. ამჯერად სხვები არც არსებობენ. ვარსებობთ მხოლოდ მე, და შენ. შენ ამას გრძნობ?! გრძნობ, როგორი შემაძრწუნებელია მარტოობის შეგრძნება?! გესმის, ადამიანებისგან მოწყვეტილი სივრცის გამაგიჟებელი ხმაური?! ახლა ხომ მზეც მშვენიერია, რომ აღარაფერი ვთქვა ღამეზე. ახლა ირმის ნახტომი ისე ჩანს, როგორც უნდა ჩანდეს. მერე კიდე წვიმისგან დასველებულ ასფალტს შეხედე, მასზე მთვარის ბრწყინვალე შუქი რომ ელავს. ხეები?! შენ პლანეტაზე, ხეებმა დაიწყეს განავარდება. ტყეებში ჭეშმარიტი სიცოცხლე სუფევს. და აი, მხოლოდ ახლა აღარ არსებობს აღარც ბერძენი და აღარც მონა; აღარც ძლიერი და აღარც სუსტი; აღარც იუდეველი და აღარც ბუდისტი, რადგან აღარავინ აღარ არსებობს ამ უზენაეს სიჩუმეში; მხოლოდ მე და შენ. ხოდა, გეუბნები, ვინც გინდა, ის იყავი: დამლაგებელი თუ ყოველმხრივ წარმატებული ბიზნესმენი, კრიმინალი თუ კრიმინალთან მებრძოლი, აჩრდილი თუ ქრისტიანული ეკლესიის მსახური, ღატაკი თუ პრეზიდენტი; არჩევანი შენზეა. დედამიწა შენ გეკუთვნის. შენია ის ღამე, რომელმაც ამ ბოლო ხანებში ჭკუიდან შემშალა. და მთვარე, მთვარეც შენ განკარგულებაშია, მაშასადამე, მის ზედაპირზე მწუხარების გამომხატველი სახე გამოჩნდება, თუ რა თქმა უნდა შენი სახე იქნება მწუხარე. სამყარო ყველაფერში აგყვება, რამეთუ ამჟამად ის თავად ხარ და ეს რეალობა რეალობა იმიტომაა, რომ მე მსურს ასე. დიახ, მე მოვისურვე ყოველი ცოცხალი ორგანიზმის გაუჩინარება და ამასთან, არათუ მხოლოდ გაგაღმერთე, არამედ ბოლო მოვუღე ქაოსს, რომელიც ასე მიზან მიმართულად ქმნიდა იდეალურ შიზოფრენიკებს. ქაოსი ქმნიდა ენით უთქმელ მწუხარებას და აჰა, იძინე რამდენი ხანიც მოგესურვება, იბედნიერე, სურვილისამებრ ზღვის ნაპირს გაუყევი იქამდე, სანამ ფეხები არ აგტკივდება, იფრინე, იხოხე, რაც გინდა ის ქენი, რადგან ყოველი ჭირი, რაც კი ოდესმე შექმნილა, უკვე აღარ არსებობს. ქაოსი აღარ არსებობს–მეთქი, გესმის რასაც ვამბობ?! ხოდა დატკბი ამ ჰარმონიით და უსმინე, უსმინე სივრცე რასაც ამბობს. შეიგრძენი დედამიწა და საერთოდ სამყარო, ამასობაში კი, უეჭველად ვიცი, მიგრძნობ მეც. დიახ. დიახ–მეთქი, უშუალოდ ღმერთთან დაამყარე კონტაკტი.
ზღვები მშვიდად ღელავს, დედამიწა აღარ მიილტვის ღერძის გადაღმა, ტყეებში შემაძრწუნებელი სიჩუმე სუფევს, ყველა მდინარე მისტიურად გამოიყურება, უდაბნოებში სასიამოვნო სიო ქრის, ვიწრო ქუჩები ხელოვნების თვალსაზრისით საყოველთაოდ მშვენდება, თვითმფრინავები უპილოტოდ ფრენენ ჰაერში და იფრენენ საწვავის გამოლევამდე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დაეშვნენ თავიანთ მშობლიურ მიწაზე, ავტომობილებს და ასფალტს დაუპირისპირდნენ მცენარეები, კომფორტულ თუ არაკომფორტულ ოთახებში ნათურები ხურდება, მოჩვენებები ერთხელ და სამუდამოდ პოულობენ თავიანთ ადგილს, კინოთეატრებში საინტერესო ფილმები გადის, მაგრამ მაყურებლები, აღარ არსებობენ, სადარბაზოები აღარ ივსება ადამიანთა ნერწყვით, რამდენიმე კონტინენტი ოქროსფერი ქვიშით იფარება, ღამე წყნარია, მე კი ყოველივე ამის ფონზე, ჩემ მოკლე ისტორიას გიამბობ, ვინაიდან შენი ცოცხლად დატოვების ერთ–ერთი მიზეზი, ეს არის. ასეა, ჩემო მეგობარო, ღმერთსაც სურს როგორმე საკუთარი გრძნობები სხვას გაუზიაროს.
თავიდან ვიყავით ორნი, – მე და არაფერი. დამერწმუნე, სულ ვარსებობდი, ან უბრალოდ გაურკვეველი მიზეზის გამო არ მახსოვს ჩემი დაბადება. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რანაირად დავიბადე მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მთელი კაცობრიობა თავს იმტვრევდა. ხოდა, ვიყავით მე და არაფერი–მეთქი და ამ გაუსაძლისმა მარტოობამ, შემშალა. იდეალურ შიზოფრენიკად ჩამოვყალიბდი, ამან კი ჩემი მეორე მე შექმნა, რომელსაც ჩემმა დედამიწაზე მცხოვრებმა მეგობრება „სული წმინდა“ შეარქვეს. რეალურად მას სეითი ერქვა. მე და სეითს ხშირად მოგვდიოდა უთანხმოება. ერთმანეთის გარდა არავინ გვყვავდა, სანამ მე არ განვრისხდი და ამ განრისხებამ წარმომათქმევინა სიტყვები: „დაე იქმნას ნათელი“. ნათელი იქმნა დიდი აფეთქების სახით და ამან მე და სეითი არათუ მხოლოდ აგვაღფრთოვანა, არამედ შეგვაწრწუნა კიდეც. სიმართლეს გეუბნები, იქმნა დიდი აფეთქება სადღაც სიშორეზე და იქმნა უამრავი ბაროკოს სტილის მუსიკა, რომლებსაც მერე და მერე სიზმარში ვასმენინებდით იმ კომპოზიტორებს, რომლებიც საუკეთესოდ გრძნობდნენ სამყაროს. ასე რომ, ბევრი კლასიკური მუსიკა ეკუთვის არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ დიდ აფეთქებას. ხოდა, გეუბნებოდი, იქმნა ნათელი–მეთქი და ამ ნათელმა შექმნა სივრცე, რომელმაც უსასრულოდ დაიწყო გაფართოვება, არადა მანამდე უსასრულო სიმკვრივე თავად მე ვიყავი. თავადაც მიხვდებოდი, მერე და მერე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიქმნა შეუცნობელი სამყარო. დიახ, რაღაც მხრივ სამყარო ჩემთვისაც შეუცნობელია. და მალევე დადგა დრო, როცა მე და სეითმა დავიწყეთ მოგზაურობა. აღფრთოვანებულები ვრჩებოდით უსასრულობით და მილიარდობით კოსმიური სხეულით. მალევე აღმოვაჩინე, თურმე ეს ყველაფერი ჩემში იყო, როგორც შენში, მაგალითად ბაქტერიები, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, შენ შენი შინაგანი სამყაროს მართვა არ შეგიძლია. ანუ,ლოგიკურია თუ სხვა სამყარო არსებობს, სადაც თავად ვარ ბაქტერია. მაშასადამე, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არა მე, არამედ უსასრულობაა. უსასრულობა და საიდუმლოება მართავს ყველაფერს, რაც კი ოდესმე შექმნილა. ახლა ხომ ხვდები, ის ღმერთი, რომელზეც მთელ იმედებს ამყარებდი როგორი უსუსურიცაა? თქვენ, ადამიანები, ფიქრობდით, რომ ღმერთი გიშველიდათ მაშინ, როცა ის არის ყველაზე დიდ გასაჭირში, როცა მას აქვს ყველაზე მეტი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა. საკუთარი თავის შველა, ნებისმიერ სიტუაციაში თავადაც შეგეძლოთ, მაგრამ ყოველჯერზე მე მიხმობდით, მე კი ასე დარდიანად შემოქცეროდით ხან საიდან და ხან საიდან. და მე ყველაზე ხშირად თვითმკვლელებთან ვიყავი. ვერა და ვერ ვუქმნიდი მათ სამოთხეს და აჰა, ღმერთმაც კი განიცადა ეს მიწიერი დეპრესია. არა, არა, არა და არა, არც ახლა და არც არასოდეს არ ვყოფილვარ ყოვლისშემძლე. და იცით მე რატომ მიწოდებდით ყოვლისშემძლეს?! იმდენად სუსტები იყავით, რომ საკვებივით გესაჭიროებოდათ თქვენზე ძლიერი არსების არსებობა. თქვენი სისუსტის ნიადაგზე, შეხედე, შეხედე რამდენი ღმერთი შექმენით და ყველა ეს ღმერთი, გაჭრილი ვაშლივით მგავდა. თუმცა, ჩემი ბრალიცააა, მევე ვიყავი რამდენიმე ღმერთი და ეს ყველაფერი, უფრორე შიზოფრენიას მაგონებს, ვიდრე რამე სხვას.
და ბოლოს, როცა მე და სეითი დავიღალეთ უსასრულობაში მოგზაურობით, დასვენება გადავწყვიტეთ ერთ მშვენიერი გალაკტიკაში, რომელსაც თქვენ „ირმის ნახტომი“ უწოდეთ. მე პლანეტა დედამიწაზე შევჩერდი, სადაც თავისით შექმნილი ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთით იკვებებოდნენ, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ მცენარეებით კმაყოფილდებოდნენ. სეითმა ძილი გადაწყვიტა, ანუ დროებით შიზოფრენიამ დამტოვა და დედამიწის ყველაზე ლამაზ ადგილზე გავაშენე ბაღი, რომლესაც ვუწოდე „ედემის ბაღი“. იმ დროს მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი დედამიწით. მომწონდა წვიმის ქაოსური ხმები, რომელსაც ყოველთვის ჰარმონიად ვქმნიდი. მომწონდა ზღვების მღელვარება და გრავიტაცია მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადანაცვლებას, ყოველთვის მირთულებდა. კიდევ, ყველაფერი მომწონდა, დღის ნებისმიერი პერიოდი თუ სასიამოვნო სიო, სიცივე თუ სითბო, სუსტი ქარი თუ ექსტრემალური გრიგალი, მთვარის მკრთალი ნათება თუ... არა! ყველაზე მეტად მთვარე მომწონდა, რომელიც ჩემ ბაღს მკრთალად ანათებდა. შენ არ იცი, თუ რას ვგრძნობდი ედემში. შენ არ იცი იქაურობა როგორი მშვენიერი იყო ღამით. მეგობარო, შენ არასოდეს გინახავს ედემის ბაღში ჩანჩქერზე მოელვარე სუსტი ნათება, მაშასადამე, არც ის იცი, თუ რა არის მშვენიერება. მე მარტო ვიყავი და რაღაც სასწაულით, მაინც ვბედნიერდებოდი. გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლი, გეტყვი, მაბედნიერებდა ბუნებრივი ემბიენტი. ხო, ასეა! გესმის რასაც ვწერ?! ჩემი გონება, ანუ სამყარო, ქმნიდა შორეულ ხმებს, ემბიენტს, და ეს ჩემში ისეთ გრძნობებს იწვევდა, რომლის სათანადოდ გააზრებაც, დაგღუპავს ამის პირდაპირი მნიშვნელობით. ხოდა გიამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც შენი გონება იაზრებს და გიმეორებ, დედამიწაზე თავიდან ყველაფერი მშვენივრად მეჩვენა–მეთქი. და დაღამება იყო განსაკუთრებულად სუნთქვის შემკვრელი. დაღამებას, დაღამება უდაბნოში ჰქვია, როცა შენ ხელებ გაშლილი წევხარ ქვიშაზე, უსმენ სამყაროსგან შექმნილ შორეულ ხმებს და უყურებ კოსმოსს. აი, ეს არს დაღამება, ჩემო მეგობარო. ასევე დაღამებას დაღამება ერქვა ჩემთან, ედემში, როცა სრულყოფილად მწვანე ფოთლებს ამბრწყინებდა სრულყოფილად თეთრი მთვარე. შენ ბევრი რამე არ იცი. შენ ბევრ რამეს ვერ ხვდები. ნეტავი იმას გრძნობდე, რასაც მე მეგრძნობინებს ჩემი მოგონებები და აწმყო: უსათუოდ შეიშლებოდი და შვებას, არ არსებობაში დაინახავდი... ან, იქნებ ვცდები და შენ უკვე გინდა, რომ არ არსებობდე?! ო, თუ ეს ასეა, კარგი დღე არ გაგთენებია, არც დაღამება გქონია სახარბიელო და არც დაბადებულა ამ დაავადების მკურნალი. ჩვენ მგონი ავად ვართ, მეგობარო.
რა საკვირველია ედემშიც დამიდგა დრო, როცა გამაგიჟებლად მეჩვენა ჩემი სიმარტოვე და რაღაც პერიოდი, სასოწარკვეთას მივეცი, ამან კი დედამიწაზე საშინელი ამინდები გამოიწვია. სიცივე მიტევდა, სეითი აღარ ჩანდა და... ახლა კი გამოიცანი, თუ რა შემაქმნევინა სიმარტოვემ. ხო, ადამიანი, ოღონდ არა ადამი. პირველად დედამიწაზე გაჩნდა ქალი, და არა კაცი. მე მას ვუწოდე ევა. ევამ ჩემი გონება, ჩემი ყოველი საფიქრალი დაიპყრო და ამით ენით აღუწერელი ბედნიერება მაჩუქა. ის იყო მაღალი და კანი ჰქონდა ავადმყოფურად თეთრი. მის გრძელ, შავ და მბზინავ თმას, ყოველთვის ხელოვნების თვალსაზრისით ვუყურებდი, განსაკუთრებით კი მაშინც, როცა ნელი სიო ჰქროდა ედემში. მის თვალებში ყოველთვის ლამაზად იხატებოდა სრულყოფილად შავი უსასრულობა, მაგრამ ამ სიშავეშიც ვამჩნევდი მრავალი ფერის განავარდებას, სადღაც შორს, სიღრმეებში და ტუჩები... მისი ტუჩების ჩაღრმავებული ხაზები, ირმის ნახტომის რუქა იყო. და ასე გავიცანი ევა. გარე–მიდამოთი აღფრთოვანებულმა, მკითხა, არსებობა მშვენიერიაო?!
თავად გადაწყვეტ, რა არის მშვენიერი და რა არა–მეთქი.
მე შევიბრალე ევა და მას ვაჩუქე ზედაპირული აზროვნება, რისი მეშვეობითაც ის არ ცდებოდა მშვენიერების განსაზღვრულ მიჯნას და ყოველჯერზე, როცა დააინტერესებდა სამყაროს აგებულება, პასუხს ქმნიდა იმჟამინდელი გარემოება, ანუ მისი ცნობიერება არავითარ შემთხვევაში გაცდებოდა დედამიწის სარტყელს. ხოდა, ევა იყო ბავშვური და მისი ცნობიერების რაღაც ნაწილი, ჩემზე უკეთ აღიქვამდა ხელოვნებას, მაშასადამე, ევასთვის ზღვა, მხოლოდ ზღვა არ ყოფილა. და ყველაზე მეტად მასში შეშლილობა მომწონდა, თუ სწორედ ვამბობ. უყვარდა ზღვის წინ ხელებ გაშლილი დგომა. მშვიდ, თუ აბობოქრებულ ტალღებთანაც უყვარდა თამაში, მე კი ამ ყველაფერს ნაპირიდან დიდი სიამოვნებით ვადევნებდი თვალს. მომწონდა სიმშვიდე, დედამიწის მუსიკა და ევას სირბილი. ხო, მან არ იცოდა, რომ ღმერთი მე ვიყავი და ჩემთან ამიტომაც იქცეოდა ადამიანივით. მან არაფერი იცოდა, ის მხოლოდ ხედავდა. და ყოველთვის, ყოველთვის, მთვარე ისეთი იყო, როგორსაც ევა მოისურვებდა. დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი მას ეკუთვნოდა. ყველაფერი, რაც მე მეკუთვნოდა – ჩემი თავის ჩათვლით, – ეკუთვნოდა ევასაც.
ო, რა მშვენიერი იყო... მშვენიერი იყო სიცოცხლის ხის ყველაზე მყარ ტოტზე ჩამოჯდომა და იქიდან ზღვასთან ურთიერთობა. მშვენიერი იყო მშვიდი ტალღების ყურება, რომლებსაც ყოველჯერზე მთვარის მკრთალი განათება ეტრფოდა. და ზეციდან, როცა ჩვენ ხეზე ასე მდუმარედ ვისხედით, ირმის ნახტომი გრანდიოზულ მუსიკას გვიძღვნიდა. ეს იყო რაღაც როიალის ტირილის მსგავსი; მარტოობის მგლოვიარობის მსგავსი; მშვენიერების აღზევების მსგავსი; უზენაესი სინაზის მსგავსი; ეს იყო ხმა, რომელზეც რამდენიც არ უნდა ვწერო, სათანადოდ ვერ ავღწერ. ხოდა ვამბობ, მშვენიერი იყო ტოტზე ჩამოჯდომა და იქიდან სამყაროს ყურება, სამყაროს მოსმენა–მეთქი, მეგობარო, და თვალები დახუჭე, ისე წარმოსახე ჩემი ნაამბობი, რომ მიახლოებით მაინც მიხვდე, თუ რას ვგულისხმობ მშვენიერებაში. შეიგრძენი სამყარო ღამით, მთელი უსასრულობა, თუ გინდა, რომ მიხვდე რას გრძნობს ღმერთი, როცა ის მოგონებების ჭაობში იძირება.
კიდევ, ბევრი რამე იყო მე და ევას ცხოვრებაში, ბევრი რამე. ჩვენ ვისწავლეთ ცურვა და დედამიწაზე არსებული ყველა ოკეანე გადავცურეთ. ვისწავლეთ ფრენა და მთვარე სრულყოფილად შევისწავლეთ. ვისწავლეთ ხოხვა და ქვეწარმავლების მეშვეობით გავიგეთ, რომ იმდენივე სამყარო არსებობს, რამდენი სიცოცხლეცაა მთლიან უსასრულობაში. ვისწავლეთ ღიმილი და ამაზე სასიამოვნო თვით სამყაროს შეგრძნებაც კი არ ყოფილა. როცა მშვიდად ვისხედით ედემში და როცა სასიამოვნო სიო ტალღებივით ჰქროდა, ჩვენ ასე, მდუმარების თანმხლებით, გაგვეღიმებოდა ხოლმე. შენ, ჩემო მეგობარო, შენც იცი რა არის გულწრფელი ღიმილი? ღიმილი, რაზეც მე ასე აღფრთოვანებული ვწერ, როგორც წესი გვეწვევა მაშინ, როცა შევხედავთ ჩვენთვის უსათუოდ უმშვენიერეს არსებას (ჩემთვის კი, ასეთ არსებას ევა ჰქვია), როცა შევხედავთ მეცხრე ტალღას, რომელიც აღზევებული იქნება კაცობრიობის განადგურებისთვის, როცა შევხედავთ ირმის ნახტომს, რომელიც რაღაც გრანდიოზულ მუსიკას ქმნის. და ყველაზე მეტად ღიმილს მდუმარება უხდება. როგორი ქაოსური ხმებიც არ უნდა გესმოდეს, დამიჯერე, რეალურად სამყარო დუმს, ხოდა სწორედ ეს დუმილია, მეგობარო, რასაც კი ყველაზე დიდი ხმაურის შექმნა ძალუძს. გესმის რასაც გეუბნები?! გრძნობ ჭეშმარიტ ხელოვნებას?! მოუსმინე, ზღვას მოუსმინე!
და იმ დღეს, როცა დაღამებას მელანქოლიურად შევხვდი, რაღაც მოუსვენრობამ შემიპყრო და რატომღაც მომინდა ევასთვის სიმართლე მეთქვა. ხოდა, ჯადოსნური ედემიდან, ჯადოსნურ, თითქოსდა მკრთალად მანათობელ ზღვას დავუწყეთ ყურება. საუბარი, თავადაც მიხვდებოდი, მეგობარო, რომ მე დავიწყე:
– შენ იცი, ევა, ჩვენ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს.
მართლაცდა, მე ღმერთი ვიყავი და ის... ის რაღაც ჩემზე უფრო გრანდიოზული.
– როგორ არა, ვგავართ ერთმანეთს. – და მან ამის დასამტკიცებლად ხელი ხელზე მომადო, რომ შედარება გამეკეთებინა ჩვენ სხეულებს შორის.
– შინაგანი სამყაროები... ჩვენი შინაგანი სამყაროები სხვა და სხვანაირია.
– არც კი ვიცი რაზე მელაპარაკები.
– შენში სამყაროა, ამას გეუბნები. შენში მრავალი ფერებით განავარდებული სამყაროა, ჩემში კი პირიქით, ბნელით მოცული.
– სიბნელე ცუდია. სიბნელე ცუდია. სი – ბნე – ლე. – ჩაილაპარაკა ევამ და უეცრად ბავშვს დაემსგავსა, რომელმაც არაფერი იცის სიტყვების გამეორების მეტი. – არ მოიწყინო, – განაგრძო მშვიდი ხმით – გავცვალოთ სამყაროები, ოღონდ მე გხედავდე ისეთს, როგორსაც მე მხედავ შენ.
– ეს შეუძლებელია.
– როგორც ვარსკვლავების მოწყვეტა?
– როგორც ვარსკვლავების მოწყვეტა.
– ნეტავი თუ არსებობს ისეთი ვიღაც, ვისაც ყველაფერი შეუძლია.
– ვინ არის ის, ვისაც ყველაფერი შეუძლია?!
– ის, ვინც შეგვქმნა.
– და არსებობს ის, ვინც შეგვქმნა?!
– კი! არსებობს!
– საიდან იცი?!
და მან მკითხა:
– არსებობს წვიმა?
– არსებობს.
– და რომ არა ღრუბელი, არც წვიმა იარსებებდა.
ასეა თუ ისე, რაღაც პერიოდი თავი ათეისტი მეგონა.
– და რომ არა მე, შენც ვერ იარსებებდი. – ვუთხარი ევას და დრო გავაჩერე. ყველაფერი გაჩერდა. მარტოობამ ვერაფერი დამაკლო, ვინაიდან მანამდეც მარტო ვგრძნობდი თავს. ხოდა მივხვდი, ჩემნაირი ღმერთი მჭირდებოდა, ქალი იქნებოდა ის თუ კაცი.
შემდეგ დღეებში გადავწყვიტე ევასთვის საჩუქარი გამეკეთებინა და შევუქმენი კაცი, რომელსაც დავარქვი ადამი და რომელიც დავაჯილდოვე ევასნაირი შინაგანი სამყაროთი. დაე არ დამდგარიყო დღე, როცა ევა თავს მარტოდ იგრძნობდა.
თავიდან ევას ადამის შეეშინდა, ადამს კი არსებობის და ის ცნობიერით არ არსებობასთან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ვანუგეშე მე ის და არსებობის საუკეთესო მხარეები დავანახე. და მან, ასე ვთქვათ, სამყაროს საუკეთესო რაკურსით შეხედა. ის ადამიანი იყო და ადამიანზე მეტად ღვთის ქმნილება. მას მოეწონა ევა. ევასაც მოეწონა ადამი. ეს მშვენიერი იყო საყურებლად და მე თითქოსდა მოვიწყინე. არ დავუტოვებივარ მარტოობას, მე კი დავტოვე ადამი და ევა. დავტოვე ადამი და ევა ედემის ბაღში, რამეთუ ვისურვე ვინმეს მაინც განეცადა ბედნიერება ამ უსასრულო სივრცეში, რომელიც სიდიდით არ აღემატება ატომს. ხოდა, წავედი.
გავემგზავრე უსასრულობაში და კვლავინდებურად, იყო გარდაუვალი წამები, როცა მე ჩემივე მძიმე მწუხარებით ვტკბებოდი. მითხარი, მეგობარო, სამყაროს ფონზე, მწუხარე ღმერთზე დიდი მშვენიერება არის რაიმე?! შენ ვერც კი იაზრებ თუ რას ვწერ, არც ის იცი, თუ რა ვნახე უსასრულობაში და გეტყვი, არსებობს ადგილები, – ჭეშმარიტად არსებობს, – რომელსაც შენი გონება ვერ აღიქვამს და მე სწორედ იქ ვიყავი, – არაფერში. ვუსმენდი ბაროკოს სტილის მუსიკებს და ვფიქრობდი, არსებობს თუ არა ჩემთვის მოსვენება, არსებობს თუ არა ღმერთი და ჩემმა სისუსტემ გადამაწყვეტინა, რომ არსებობს ჩემზე ძლიერი არსება, არსებობს ის, ვინც ერთ დროს შემქმნა. ეს იყო იმედი, რომელმაც მწუხარება სულ ოდნავ შემიმსუბუქა. მე, ღმერთმა, ჩემში ღმერთს დავუწყე ძებნა, მაგრამ მიხვდებოდი, ეს ისეთივე ამაო იყო, როგორც პირველყოფილი ადამიანის მცდელობა გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაზე. მიხვდებოდი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმედი და საკუთარი თავის ტანჯვა. ამას ყოველდღიურად აკეთებდა ადამიანი, ათეისტი იქნებოდა ის თუ თეისტი. და ამის გარდა, ვფიქრობდი სხვა უამრავ თემაზე. ვერთობოდი უაზროდ, მაგალითად შევდიოდი შავ ხვრელში და იქიდან როგორღაც ვუყურებდი დროის სწრაფ სვლას; ვანარცხებდი ერთმანეთს უზარმაზარ პლანეტებს და მიმდინარე პროცესისგან მიღებული დიდებული გრძნობა მახსენებდა, რომ რაღაც კონკრეტული ადგილის ღმერთი ვარ; ღია კოსმოსში ვქმნიდი გრავიტაციას; ატომებს ვშლიდი და ვაწყობდი; ყველაზე დამთრგუნველ ადგილებს, ვქმნიდი არაფრად. და, მოკლედ, მილიონობით სისულელის კეთებაში, საუკუნეებმა განვლო.
სეითი ითი, ანუ სული წმინდა, საუკუნეების მანძილზე არ გამოჩენილა, როცა მე სიგიჟეს თავიდან მივებარე და ეს იმაზე მეტად გამიკვირდა, ვიდრე შენ გგონია, მეგობარო.
ზღვა მომენატრა. განვლო საუკუნეებმა და უსაზღვროდ მომენატრა ზღვა, ამ მონატრებამ კი გამახსენა ევა. სწორედ ევას გახსენებამ განაპირობა ჩემი პლანეტა ტაირუზე დასახლება. ტაირუ ძალიან ჰგავდა დედამიწას და ზედაპირი, მწვანე მოლით დავფარე. ლაჟვარდები ცისფერი იყო და გრავიტაცია, – სუსტი. მე გადავწყვიტე, რომ პლანეტაზე არ ეარსება მზეს, და გარე–მიდამო, – ალბათ მიხვდებოდი, – გავანათე მკრთალი სინათლით, რომელსაც რა იწვევდა, დღემდე ვერ გამიგია. ხოდა, ასე დაუფიქრებლად, მარტოობის მორევში გადავარდნილმა, შევქმენი... დასწყევლოს ჩემმა თავმა, მშვენიერება! ხო, მშვენიერება შევქმენი და ამ მშვენიერებამ რაღაც მოკლე პერიოდი ევა გადამავიწყა. მას ვუწოდე ეა. ეა. ო, რა მშვენიერი იყო ეა. მისმა ლურჯმა თმებმა ჭკუიდან გადამიყვანა. ის ღმერთის ქმნილებაზე მეტად, ღმერთის შემქმნელი იყო და თვალთან ახლოს ნაიარევი, უფრო და უფრო ამშვენებდა. ევასავით, ავადმყოფურად თეთრი კანით და სიგამხდრით მშვენდებოდა. ის ბრწყინავდა ტაირუზე ვით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ღია კოსმოსში.
და ვუთხარი:
– შენ ხარ ეა! ყველაფერს რასაც ხედავ, შენ გეკუთვნის. ყველაფერი, რასაც ვერ ხედავ, შენია. სამყარო უსასრულოა და დაე გემორჩილებოდეს ეს უსასრულობა შენ.
მე ეას ვეტრფოდი იქამდე, სანამ ბოროტმოქმედად არ იქცა. ჩემი ძალა მას მივეცი და ის მშვენიერებას მხოლოდ და მხოლოდ განადგურებაში ხედავდა. და ბოლოს, მე კვლავ დედამიწამ მომიხმო თავისთან თავისი სუნთქვის შემკვრელი მუსიკის მეშვეობით.
დავბრუნდი უკან. მეტეორივით შევიჭერი ატმოსფეროში და მიწაზე, ასევე მეტეორივით დავენარცხე. ამჯერად ადამიანად მოვევლინე დედამიწას. დიახ, სწორედ ედემის ბაღს ვესტუმრე პირველად და მშვენიერების ხილვის მოლოდინში, ერთი არაფრით გამორჩეული, უდაბური ადგილი ვიხილე. ამან შემაძრწუნა და ერთ საათს ფიქრმა შემიპყრო, შემთხვევით სხვა პლანეტაზე ხომ არ მოვხვდი–მეთქი. ასე გზააბნეულმა სიარული განვაგრძე და დედამიწაზე მშვენიერებას თითქმის ვეღარ ვხედავდი. და ბოლოს, ვიხილე ადამიანები, რომლებიც არათუ ღმერთს, არამედ ზღაპრის გმირებს სცემდნენ თაყვანს. და რომ ეცათ თაყვანი მათ ჩემთვის, მაინც არ ვიქნებოდი კმაყოფილი, ვინაიდან ეს მე არასოდეს დამჭირვებია. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა: ადამი და ევას შექმნილი კაცობრიობა ყოველდღიურად იმაზე ომობდა, რისი გაყოფაც გაცილებით მარტივი იქნებოდა. როგორც ზარატუსტრა იტყოდა, ადამიანები უფრო მაიმუნები იყვნენ, ვიდრე ადამიანები და ამის გამოვლინებად სისხლიანი საბრძოლო იარაღები ჩავთვალე. ფიზიკური სიძლიერით განისაზღვრებოდა სიძლიერე და ამიტომაც, სამარადისოდ დაიმარხა თანასწორობა. და თანასწორობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნება, რომელსაც შეეძლო კაცობრიობის ყოველგვარი ძალადობისგან ხსნა.
და ვთქვი:
– ადამ, ევა, თქვენ იყავით ღმერთები და აჰათ, ოხრათ დაგრჩეთ ეს თქვენი სისხლიანი მსოფლიო. რეალურად კი, მიწა იყავით და მიწად იქეცით.
ხოდა, ახლა ვგონებ საუკეთესო ოთახში ვზივარ და ელექტრონულ ემბიენტის თანმხლებით ვუსმენ საათის წიკწიკს. მე ამაზე რა თქმა უნდა მახსენდება დრო და ვფიქრობ:
დრო გადის...
თავდაპირველად იყო არაფერი, შემდეგ კი მოხდა დიდი აფეთქება. დიდმა აფეთქებამ გამოიწვია უსასრულო სივრცის შექმნა და ამ უსასრულობაში, სადღაც გადაკარგულში, შეიქმნა დედამიწა, დედამიწაზე კი ცოცხალი ორგანიზმები. ყოველივე ეს იმდენად იყო მშვენიერი, რამდენადაც ბაროკოს სტილის ოპერა.
დრო გადის...
სავარაუდოდ, პირველ კაცს და ქალს, ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. მათ ღმერთმა აჩუქა მსოფლიო და ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეეძლოთ მშვენიერებით ტკბობა. მათმა შვილებმა არ მოისურვეს ყოველივე ეს.
დრო გადის...
და ადამიანი, როგორც მშვენიერება, პირუტყვად და სიმახინჯედ იქმნა. იქმნა ადამიანი ცხოველად, ვინაიდან თვითონ მოისურვა ეს ასე.
დრო გადის...
და მე ვზივარ სადღაც ოთახში და ვუსმენ საათის წიკწიკს.
ხო, დედამიწაზე დავრჩი, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. დავრჩი დედამიწაზე და მივხვდი, ეს სისასტიკე ეას დამსახურება იყო. ის იყო ეშმაკი და მისი სხივები წვდებოდა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სულს. ხოდა, ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ:
ბუდა
იესო
ჩემი გაბოროტების ჟამს, მუჰამედიც კი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ალბერტ აინშტაინი
ნიკოლას ტესლა
ბახი
გოეთე
ნიცშე
ედგარ პო
ანტონიო ვივალდი და ა.შ. და ა.შ.
და ახლა, ისევ მარტოხელა ღმერთი ვარ.
ბოლოს, პლანეტა ტაირუზე დავბრუნდი და იქაც კი არ დამიტოვებია ადამიანის სხეული მიუხედავად იმისა, რომ გულის ფეთქვა ყოველთვის არაკომფორტულობას განმაცდევინებდა. მოვიწყინე, და დამიჯერე, მეგობარო, მარტოხელა ღმერთი მოწყენა, ყველა ადამიანის გამოგონილ ჯოჯოხეთზე ბევრად უარესია. ეს ტანჯვა ენით აღუწერელია და ტაირუზე ფიქრმა გამიელვა, ჩემი თავის ჩათვლით, ყველაფერს ბოლო ხომ არ მოვუღო–მეთქი. ეს იდეა, რატომღაც ყველაფერზე მეტად მომეწონა და დავაპირე თუ არა სიტყვების, დაე იქმნას სიბნელის თქმა, სეითი გამოჩნდა, მანამდე კი ჩემივე მელანქოლიით ვტკბებოდი და ვუსმენდი რომელიღაცა, უსახელო კლასიკურ მუსიკას. დედამიწის დროით რამდენიმე წუთი, რა თქმა უნდა, ჩემივე მწუხარებითაც დავტკბი. გული მერეოდა არსებობაზე. ხოდა, აფეთქების საწინააღმდეგო რაღაც უნდა მომხდარიყო, „ჩაფეთქება“, ან რაიმე სხვა ამის მაგვარი, სეითმა რომ მითხრა:
– არ გადახტე!
მაღალი შენობის სახურავიდან თითქმის არ ჩანდნენ ადამიანები, სამაგიეროდ ვხედავდი მზის უკანასკნელი სხივებისგან გაწითლებულ ღრუბლებს.
– აღარ შემიძლია, სეით, არსებობა, აღარ შემიძლია
– მაშ, რა ღმერთი შენ ხარ, თუ შეგიძლია ყველაფრის მართვა შენი სულიერი სამყაროს გარდა?!
– არ ვიცი, ალბათ არც არასოდეს ვყოფილვარ ღმერთი. აშკარაა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. მოსვენება არ მაქვს. სამყაროს ვერცერთ ნაწილში, თავს მოსვენებულად ვერ ვგრძნობ. არავინ და არაფერი შემეფერება. მშვენიერებას თუ ვხედავ, ეგეც მწუხარებაში და ეს ენით აღუწერლად დამთრგუნველია. შენ შეიძლება არ იცი, თუ რას ვლაპარაკობ მე.
– ვიცი! – დაჟინებით მითხრა სეითმა და მის სიჯიუტეზე, ევა გამახსენდა. – ვიცი–მეთქი! მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები, რას ერჩი სამყაროს, როცა პრობლემა შენშია. რატომ უნდა გინდოდეს არ არსებობა, როცა შეგიძლია არსებობისგან სიამოვნების მიღება?!
– მე განსაკუთრებული ვარ სეით, ნუთუ ამას ჯერაც ვერ მიმხვდარხარ?! თავად ვარ მწუხარება. მე ქაოსი ვარ. ხოდა, სახურავიდან გადახტომის ნება მომეცი, რომ ვიგემო ჭეშმარიტი ჰარმონიის გემო.
– არა–მეთქი!
– უკვე ძლიერ დავიღალე. ჩემ სულს აღარაფერი შეუძლია.
– არა–მეთქი!
– შენ რომ იმას გრძნობდე, რასაც მე, უსათუოდ შეიშლებოდი, და ეს შეშლილობა, თვითმკვლელობამდე მიგიყვანდა.
– არა–მეთქი! გამორთე მოცარტის „რექუიემი“, დასწყევლოს ეშმაკმა.
– ენერგია აღარ მაქვს.
– გამორთე! გამორთე ეს დემონური მუსიკა!
– მთვარეზე გამუდმებით მწუხარე სახეს ვლანდავ და ვხვდები, ეს იმიტომ ხდება, რომ რეალურად მე ვარ მწუხარე.
– შენ ხარ ღმერთი! ჭეშმარიტი ღმერთი შენ ხარ და ყველაფერი ისეა, როგორც გინდა. დაინახე მშვენიერება მშვენიერებაში. თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის. ნებისმიერი თვითმკვლელი თავს სიცოცხლის წყურვილის ნიადაგზე იკლავს. რეალურად ყველას, ვისაც კი სიკვდილი უნდა, უნდა სიცოცხლე. შეხედე ყველაფერს! ჰარმონია არსებობს. ქაოსი – ეს შინაგანი მდგომარეობაა და ამის გაქარწ....ბა თავადვე შეგიძლია.
– ვიცი, ვიცი რომ სიმართლეს ლაპარაკობ, მაგრამ მასწავლებელი არ მყავს. მარტო ვარ.
– მე შენთან ვარ. – მითხრა მისთვის უჩვეულო ხმის ტონით და მისი ეს სიტყვები, იმედის მომცემი მუსიკასავით ჩამესმა.
– შენ ჩემთან ხარ, არ ცრუობ, მაგრამ უნებლიედ, რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო, მე ვერ ვარ შენთან. მე ვერ გერგები შენ, ისევე როგორც ვერ ვერგები სამყაროს. ამიტომაც არის ჩემი მარტოობა ასეთი მტანჯველი: მე მინდა მოვერგო ყველაფერს, მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ვახერხებ.
– იქნებ არსებობს შენი მშველელი?! იქნებ არაპროფესიონალ ფსიქოლოგსაც კი შეუძლია შენი შველა?! იქნებ შენვე ართულებ ყველაფერს?!
– არაფერი არ ვიცი, სეით, ისევე როგორც შენ, და გევედრები, მომეცი სიკვდილის ნება.
– არა–მეთქი! შეეშვი მოცარტს! მე მისმინე! მოცარტი არაფერია მწუხარების მეტი.
– შეხედე ჩემ სახეს! შეხედე ჩემ დამწვარ სახეს! ჩამხედე თვალებში და იგრძენი ის, რასაც მე ვგრძნობ. დაინახე ენით აღუწერელი ტანჯვა!
რამდენიმე წამიანი დუმმილის შემდეგ, სეითი დამემშვიდობა.
– მშვიდობით, ჩემო ეგოვ. – ვუთხარი მე.
დიახ, მეგობარო, სწორედ მიხვდი, მე გადავხტი და მოხდა აფეთქების საპირისპირო რაღაც, ანუ ყველაფერი უსასრულოდ შეიკუმშა და მე ამ ყველაფერში ჩავიპრესე. ვუყურებდი ავტომობილებს და შევიგრძნობდი გრავიტაციის სიძლიერეს. ეს იყო ჩემი არსებობის უკანასკნელი წამები.
ახლა კი, მეგობარო, დატკბი სიმარტოვით. ღმერთ ერთ დროს მოკვდა და სწორედ ამიტომ, ის შენ ხარ. და საერთოდაც ყველაზე საინტერესო მე ის მგონია, დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ არსებობ


მოუსმინე! არ არსებობაში, რა ლამაზია
მუსიკა



№1  offline წევრი sophiaa

ძალიან, ძალიან მაგარია. დიდი ხანია ასე არაფერი მომწონებია. უნიჭიერესი ადამიანი ხარ. წარმატებებს გისურვებ!
--------------------
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.

 


№2 სტუმარი ................

.madloba..

 


№3  offline წევრი si-xa

დასაწყის რომ ვკითხულობდი, მანამ სანამ უშუალოდ ისტორიის თხრობას დაიწყებდი წამით მართლაც დავკარგე თავი და გამოგყევი იმ სამყაროში სადაც დააბიჯებდი, მაგრამ როგორც კი ისტორიაზე გადახვედი ვერაფრით გავაგრძელე კითხვა. მიზეზი ჩემშია ეხლაც არ ვიცი ვისი მწამს და რა დოზით. ერთადერთი რაც მწამს ნამდვილად ეს ბუნება და ადამიანია. იმის იქით არ ვიცი რა ხდება და არც მაინტერესებს.უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან კარგად წერ. ჩამთრევი იყო. რომ არა ჩემი უაზრო დამოკიდებულება. წარმატებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent