შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა (თავი 1)


13-08-2016, 16:41
ავტორი tatia27
ნანახია 2 932

ეჰ… გაყვითლდა გარემო. სევდა შეერია შემოდგომას და გაირინდა ზამთრის მოლოდინში. რა სიჩუმეა ირგვლივ. თითქოს იგრძნობა, რომ საცაა, ყინვობისთვე შემოაბიჯებს ამაყად თავაწეული. ეს მე ვეძახი დეკემბერს ყინვობისთვეს, ისევე როგორც იანვარს თოვლობისთვეს და მარტს კვირტობისთვეს. რატომაც არა? ყველას თავისი «ეპითეტური საზომი» აქვს წლების, თვეების, კვირების, დღეების… არც მე ვარ გამონაკლისი.
სიჩუმესაც ჩემებურად აღვიქვამ. თითქოს ხმა მესმის მისი. აი, მიაყურადებ და გრძნობ, რომ ყრუდ დუდუნებს თუ შრიალებს, ან ჩურჩულებს… არაფრის ხმას არ ჰგავს ეს ხმა _ სრულიად განსხვავებულია, იდუმალი და შეუცნობელი, ჟრუანტელს მგვრის, შიშს მიმძაფრებს. ასე მგონია, ამ დროს მოჩვენებები გამოფარფატდებიან აქეთ-იქიდან და გარს შემომეჯარვიან თეთრ საბურველში გახვეულნი. ბრრრ… შემცივდა. ნინას დარდი მკლავს, ჩემი ტყუპისცალის. ძალიან ქარაფშუტა გოგოა, ვერა და ვერ დადინჯდა. ყოველ ჯერზე ისეთ სისულელეს სჩადის, გული მიკვდება. ასე მგონია, ერთ დღეს ძალიან სერიოზულ შარს გადაეყრება. არ ვიცი, რა ვუშველო, როგორ მოვიყვანო ჭკუაზე. ჰოლანდიაში ცხოვრებამ მთლად გააგიჟა. ვერ ვცნობ. სულ სხვა ადამიანი ჩამოვიდა იქიდან. როგორც ჩანს, ბებიამ ვერ შეძლო მისი მოთოკვა… ან კი როგორ შეძლებდა, ბავშვობიდან ასეთი გადარეული იყო, ვერავინ აკავებდა.
ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. მიუხედავად ყველაფრისა, ნინა ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. რაღაცნაირად ყოველთვის ვგრძნობ, როცა უჭირს და ცუდად არის. გული უცნაურად მიფეთქავს ხოლმე. ახლაც, რატომღაც, უსიამოვნოდ ამეკვიატა მასზე ფიქრი. რაც ჩამოვიდა, წესიერად არც მინახავს, სულ გარე-გარე დადის. ასე უცებ სად პოულობს ხოლმე ახალ მეგობრებს, ვერ გამიგია…
სადღაც დაიგრგვინა. ცას ავხედე. წვიმის რამდენიმე წვეთი წკაპაწკუპით დამეცა სახეზე. გაწვიმდა. ესღა აკლდა ჩემს ადარდიანებულ ბედნიერებას. წვიმა არ მიყვარს. არა, ხანდახან მიყვარს, უფრო მაშინ, როცა შინ ვზივარ და არსად მიმეჩქარება, როცა თბილა და სავარძელში შემიძლია კომფორტულად მოვიკალათო, ინტერნეტი ჩავრთო და კარგ მელოდრამას ვუყურო. ძველს, რა თქმა უნდა. ბოლო წლებში კარგს არაფერს იღებენ ჰოლივუდელები. დაარიგებენ ამ ოსკარებს, კვდები ინტერესით, ნახავ ფილმს და… დიდად ვერ აღფრთოვანდები. ის კი არა, გავა ერთი თვე და შეიძლება ამ ოსკაროსანი ფილმის შინაარსიც კი ვერ გაიხსენო. არ ვიცი, იქნებ მე შემეცვალა გემოვნება? იქნებ მე ვარ სამყაროში უკანასკნელი რომანტიკოსი? ვინ იცის…
ამასობაში წვიმამ იმძლავრა. ლაბადის საყელო ავიწიე და მხრებში მობუზული დავუყევი სანაპიროს, რათა კვლავ ავტოსერვისში დავბრუნებულიყავი, სადაც ჩემი მანქანა ეყენა შესაკეთებლად. დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას. ნეტავ რას გადავყურებდი ამ მტკვარს, ვითომ კარგი სანახავია ნაცრისფერი წყალი? სულაც არ მინდა, გავცივდე. გაცივებაც უცნაური ვიცი, ცემინება რომ ამიტყდება, ვეღარ ვჩერდები. ერთხელ დავთვალე და, ერთ ჯერზე ცამეტჯერ დავაცემინე. სასაცილოა, არა?
ფიქრები მობილურის ზარმა გამაწყვეტინა. ნინა მირეკავდა. ისეთი ხმა ჰქონდა, მუხლები მომეკვეთა.
_ საავადმყოფოში ვარ, რეანიმაციაში, მიშველე, ავარიაში მოვყევი, _ გულამოსკვნილი ტიროდა.
_ სად, როდის, რა მოხდა, სად ხარ, მითხარი! _ მთელი ხმით ვიყვირე და ნაბიჯს ავუჩქარე, თან ქუჩას გავყურებდი, რომ ტაქსი გამეჩერებინა. ავტოსერვისში მიბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ერთ საათში იქნებაო მზად, მითხრა ხელოსანმა, ჯერ კი მხოლოდ ნახევარი საათი იყო გასული.
_ ათი წუთში შენთან ვარ, ნუ გეშინია! _ ჩავყვირე ტელეფონში და მოახლოებულ ტაქსის ხელი დავუქნიე…

საავადმყოფოს შემინული კარი ორივე ხელით შევაღე, მისაღებში შევვარდი და რეგისტრატურისკენ გავიქეცი. ჩემი სველი ლაბადა ღამურას ფრთებივით გაიშალა. როგორ დავსველდი. ეს იმის ბრალია, რომ სტადიონთან საცობში მოყვა ჩემი ტაქსი და დროზე ადრე გადმოვედი მანქანიდან, რათა საავადმყოფომდე ფეხით მიმეღწია.
უკვე კოკისპირულად წვიმდა. თმა შუბლსა და საფეთქლებზე მიმეწება. ფუ-მეთქი, ერთი შევუბერე ჩემს წინამოს და უზარმაზარ მინაში გამოჭრილ პატარა სარკმელს მივვარდი.
_ უკაცრავად, დამირეკეს, რომ ჩემი და მოუყვანიათ აქ, ნინა ჭელიძე, _ აქოშინებულმა წარმოვთქვი და უეცრად დავწყნარდი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვიყავი აღელვებული.

რეგისტრატორს არ გამოჰპარვია ჩემი შეშფოთება, მაგრამ არ შეიმჩნია და ცივად მომიგო:
_ თქვენი და რეანიმაციულ განყოფილებაშია, ლიფტით აბრძანდით მეოთხე სართულზე და მარცხნივ, დერეფანში იკითხეთ.
მართლა რეანიმაციაში ყოფილა! მეგონა, მატყუებდა, იცის მაგან მოვლენების გაბუქება. ვიფიქრე, ჩემი შეშინება უნდა-მეთქი. ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე? ლიფტს აღარ დაველოდე და ფეხით ავუყევი კიბეს, მესამე სართულზე დაღლა ვიგრძენი, მაგრამ არ შემისვენია.
როგორც იქნა, ავაღწიე მეოთხემდე. დერეფანში კაციშვილი ვერ დავლანდე. მიყოლებით ყველა კარს ვაღებდი, მაგრამ ნინა არსად ჩანდა. მობილური მოვიმარჯვე და ის იყო, უნდა დამერეკა, რომ დავინახე. ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ჩვეულებრივ პალატაში ბოლთას სცემდა.
_ აკი რეანიმაციაშიაო? _ გავიკვირვე და რადგან საღი და უვნებელი დავინახე, შვებამოგვრილმა ჩავიხუტე, _ მეგონა, რაღაც საშინელება გჭირდა, _ ავსლუკუნდი გულაჩუყებული.
_ შემთხვევით, ძალიან ხომ არ გეწყინა, ნიცა? _ ირონიულად შემეპასუხა.
სასწრაფოდ მოვცილდი და წყრომით შევხედე.
როგორ ვგავართ ერთმანეთს გარეგნულად, რომ იტყვიან, გაჭრილი ვაშლივით. ზუსტად ჩემი სიმაღლისაა, ზედმეტად ლამაზი, არაჩვეულებრივად ქალური. მხოლოდ თმის სიგრძეშია განსხვავება. მას გრძელი თმა აქვს, მე _ მოკლე, ოღონდ ორივეს შავი. ორივეს მარმარილოსავით თეთრი კანი გვაქვს და უსაზღვროდ ლურჯი თვალები, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს გვძენს. ამას სხვები ამბობენ, მე კი არა.
გარდა თმის სიგრძისა, ბუნებითაც საგრძნობლად განვსხვავდებით. ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩემთან საერთო ენას ვერ პოულობს, არ გვაქვს დიდი სიახლოვე, სულ გამირბის. როგორ ვეცადე, დავახლოებოდი, მაგრამ არ მიმიშვა. იქნებ ეს ყველაფერი იმან განაპირობა, რომ წლების განმავლობაში ჩემგან შორს იმყოფებოდა და ერთად არ ვიზრდებოდით? დედა რომ დაიღუპა, ბებიამ, დედაჩემის დედამ, იგი ჰოლანდიაში წაიყვანა თავისთან. ის დიდი ხანია, იქ ცხოვრობს. მე კი მეორე ბებიასთან დავრჩი, მამაჩემის დედასთან. მამაც მალე გარდაიცვალა. დედის სიკვდილის შემდეგ სმა დაიწყო და ისე გალოთდა… აღარ მინდა ამის გახსენება. ციროზმა შეიწირა სრულიად ახალგაზრდა. ბებიამ ვერ გადაიტანა შვილის სიკვდილი და ორ წელიწადში უკან მიჰყვა. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ, სრულიად მარტო. დავამთავრე სამხატვრო აკადემია და… დავრჩი უმუშევარი. აბა, ვის რაში სჭირდება მხატვარი? ხანდახან გამოფენას თუ გავმართავ ხოლმე მეგობრებთან ერთად. ესაა და ეს. ჩემი დაქალი შემპირდა, მალე კულტურის სამინისტროში დაგაწყებინებ მუშაობასო და ველოდები, როდის დადგება ეს «მალე». არადა, უკვე ოცდაექვსი წლის ვარ… მეც და ჩემი დაც. დროა უკვე. დრო… სამსახურის დაწყებისაც და გათხოვებისაც.
უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ დიდად არავინ მომწონს. მე რა ვიცი, რატომ. გულთან ახლოს არავინ მოდის და ჩემი ბრალია? ნინას კი არ ვგავარ, ოღონდ ვიზუალურად მოეწონოს ვინმე, ოღონდ ფულიანი იყოს და შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მისი რწმენით, მამაკაცები გონებით სულაც არ ფიქრობენ და ამიტომ მათი კონტროლი ადვილად შეიძლება, მთავარია, სწორად მიუდგე. მე კი პირიქით ვფიქრობ. ვამჩნევ, რომ ჩემი გარეგნობა ხელს მიშლის არჩევანის გაკეთებაში. რაღაცნაირი შიში მიპყრობს, როცა ვინმე სიყვარულს მიხსნის. ასე მგონია, სილამაზის გამო ცდილობენ ჩემს მოხიბვლას და არა ჩემი ნიჭიერების გამო. არადა, მართლა ნიჭიერი მხატვარი ვარ, ამას ხშირად აღნიშნავდნენ ჩემი ლექტორები.
ნინამ კი განსხვავებული გზა აირჩია. ჰოლანდიაში სამოდელო სკოლა დაამთავრა და პოდიუმზე დაიდო ბინა, თუმცა დიდად ვერ მიაღწია წარმატებას. როგორც ჩანს, მოდელობასაც ნიჭი უნდა, მხოლოდ გარეგნობა არაფერს ნიშნავს. არადა, ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა. ოცნებობდა, როდის გაიზრდებოდა და ჩააბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში.
მიუხედავად ასეთი სხვაობისა, ნინა მაინც სიგიჟემდე მიყვარს და ვიცი, მასაც ვუყვარვარ, უბრალოდ, ხანდახან თავისებურად წამოუვლის ხლმე და ცდილობს, მიკბინოს.
ჰოდა, იმას ვამბობდი, მწყრალად შევხედე-მეთქი.
_ არ გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები? _ თვალები ამიცრემლდა.
_ კარგი, ჰო, გეხუმრე. _ ღიმილით გაიქნია ლამაზთმიანი თავი.
_ რა მოხდა? რა ავარიაში მოყევი? მადლობა ღმერთს, რომ იოლად გადარჩი.
_ რას ჰქვია იოლად! _ წამოიძახა უეცრად გაგულისებულმა, _ ვერ ხედავ, რამხელა ჭრილობა მაქვს ლოყაზე? ალბათ ნაწიბურიც დამრჩება სამუდამოდ. _ ფშლუკუნით მითხრა და ლოყა მომიშვირა.
ექიმებს უკვე დაემუშავებინათ მისი ლოყა, იარა კი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ნაკერიც არ ედო.
კარგად ვიცნობდი ჩემს დას, ამიტომ მის წუწუნს დიდი ყურადღება არ მივაქციე.
_ იქნებ მომიყვე, რა მოხდა? _ ხმა გავიმკაცრე, _ ვისთან ერთად იყავი?
ნინამ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, გააბოლა და ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე კი თეატრალური ხმით დაიწყო:
_ ოჰ, ეს ისეთი საშინელება იყო, ნიცა, გახსენებაც არ მინდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. ვიფიქრე, ვკვდები-მეთქი. იმ რამდენიმე წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვა. რესტორნიდან გამოვედით. იქვე «მარშრუტკა» იდგა. გამოვედით და სწორედ მაშინ დაძრა მძღოლმა მანქანა. მერე არ ვიცი, რა მოხდა. საჭე ვერ დაიმორჩილა თუ მთვრალი იყო, ვერ გეტყვი, მაგრამ დავინახეთ, რომ «მარშრუტკა» პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა, თან ისეთი სისწრაფით, გააზრება ვერ მოვასწარი, რა უნდა მექნა. ირაკლიმ უცებ იაზრა სიტუაცია, ხელი მკრა, გვერდზე მიმაგდო, თვითონ კი ბორბლების ქვეშ აღმოჩნდა. მე ბოძს შევენარცხე და აი, სახეც დავიზიანე, _ ნინამ თითი ლოყაზე მიიდო.

ჩემი დის ეგოიზმმა სულაც არ გამაღიზიანა. ვიცოდი, ის თავის თავზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე მის გადამრჩენზე.
_ ირაკლი ვინაა? მე ვიცნობ? _ ვიკითხე, ცოტა არ იყოს, გაოცებულმა. ახლახან ჩამოვიდა და როგორღა მოასწრო უცხო ადამიანის ისე გაცნობა, რომ რესტორნებში დაჰყვება საქეიფოდ? თანაც ამას მე სრულიად შემთხვევით ვიგებ…
ნინამ ნაფაზი დაარტყა და კვამლს ამოაყოლა:
_ ირაკლი მაყაშვილი.
აბა, მაყაშვილიო და… სუნთქვა შემეკრა.
_ ირაკლი მაყაშვილი? ყოფილი ფეხბურთელი? ახალი სასტუმრო რომ ააშენა ძველ თბილისში? _ დაეჭვებული შევეკითხე.
ნინამ თავი დამიქნია.
რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის ირაკლი მაყაშვილი. მასზე ბევრი რამ მსმენია და გამიგია. კარგი სპორტსმენი იყო, საზღვარგარეთ თამაშობდა, მერე ფეხბურთს თავი დაანება და თბილისში ჩამოსულმა ბიზნესს მიჰყო ხელი. ამბობენ, ბაკურიანსა და ბათუმშიც აქვსო სასტუმროების ქსელი, ოღონდ არ ვიცი, რამდენად მართალია. მასზე ბოლო დროს თბილისში ლეგენდები დადის. რამდენჯერმე მინახავს ეკრანზე და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე _ სულისშემძვრელად სიმპათიური და სექსუალური მამაკაცი! აი, როგორ დავახასიათებდი მას, ოღონდ მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად.
_ სად მოასწარი მისი გაცნობა, ან როგორ მოახერხე? _ კოპები შევიკარი.
_ სად და ჰოლანდიაში. ერთ-ერთ ჩვენებაზე იყო მოსული, ელა ხომ გახსოვს, ჩემი დაქალი? მაგის ქმრის ძმაკაცი ყოფილა და საღამოს ბოლოს, ვახშამი რომ გაიმართა, იქ გამაცნო. იცი, როგორ ვუყვარვარ? _ ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა.
_ ეგ როდისღა მოასწარით?
_ რას ამბობ, მთელი თვე იქ იყო. ყოველდღე მოდიოდა სააგენტოში ჯინოსთან ერთად, ვითომ ელას შინ წასაყვანად. სინამდვილეში კი ჩემი ნახვა უნდოდა. ჯინოც ხელს უწყობდა და… სხვათა შორის, ამ საღამოს ბეჭედი მაჩუქა და მითხრა, უკვე დაგნიშნეო, _ გულგრილი სახით დააყოლა.
_ დაინიშნეთ? _ ამ ამბავმა გამაოგნა. როგორ? დაინიშნა და მე არც კი გამაგებინა? რა უსინდისობაა!
_ რაღაცას მატყუებ, ხომ? რამდენი ხანია, იცნობ? _ არ დავუჯერე.
_ სამი თვეა. რა იყო, რატომ გაგიკვირდა? შენნაირი კი არ ვარ, წლობით რომ გეხვეწებიან. ზუსტად ისეთი ტიპია, მე როგორიც მინდა და მჭირდება. მეც შემიყვარდა, ისე კი არ ვურთიერთობ, გასართობად.

თავი გავაქნიე, ნინას გრძნობების არასდროს მჯეროდა. ის ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებდა მამამკაცებს და მერე, როცა მოჰბეზრდებოდა, უბოდიშოდ მიაგდებდა ხოლმე, თითქოს არც არსებულან. ახლა კი თურმე თხოვდება. ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის, თუმცა იოტისოდენადაც არ შემშურებია.
ნინა მელაპარაკებოდა. მე კი თვალს არ ვაცილებდი და ვცდილობდი, მისი ფიქრები გამომეცნო. არ მაინტერესებდა, სიტყვებით რას გადმოსცემდა. მისი ცრუპენტელობა ახალი ამბავი არ იყო ჩემთვის, ყველაფრის გაზვიადება და გაიდეალება უყვარდა. მაგრამ ახლა აშკარად ეტყობოდა, რომ შექმნილმა ვითარებამ შეაშფოთა. უფრო მეტიც, შეშინებულს ჰგავდა. რა თქმა უნდა, გამიხარდა მისი ამბავი და ჩავეხუტე.

_ თუ ეს მართალია, გულით მიხარია, ნინ, ძალიან მინდა, ბედნიერი იყო. და თვითონ ირაკლი სადაა? როგორ არის?
_ მიდი და შენ თვითონ ნახე, რეანიმაციაშია, _ ჩემმა დამ მოპირდაპირე პალატისკენ მიმითითა, რომელსაც თეთრი ასოებით ეწერა: «ინტენსიური». მერე პირველი გაემართა იქითკენ და კარი შეაღო. მეც უკან მივყევი. ერთადგილიან პალატაში უამრავი მონიტორი და სხვა სამედიცინო აპარატურა იდგა, ხოლო საწოლზე ირაკლი მაყაშვილი იწვა. მხოლოდ მისი შავი თმა და გაფითრებული სახე დავინახე. ასე ახლოს მას პირველად ვხედავდი.

_ მის ახლობლებს გააგებინე? _ ჩურჩულით ვკითხე.

_ არა, რა გავაგებინე, მაგის თავი მქონდა? ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? ახლახან გამოიყვანეს საოპერაციოდან. ხერხემალი აქვსო დაზიანებული, ქირურგმა მითხრა. შესაძლოა, საერთოდ ვერ დადგესო ფეხზე.
_ ანუ, ინვალიდად დარჩებაო?
_ ვიცი, რომ ეს საშინელებაა. ამას ვერ ავიტან, _ ტუჩები დაებრიცა ნინას.
მოვეხვიე, რომ მენუგეშებინა:
_ არა უშავს, ნინ, აქ თუ არაფერი გამოვა, საზღვარგარეთ წაიყვანენ. არაფერს გაუჭირვებენ. ძალიან მალე დააყენებენ ფეხზე, ნუ განიცდი.
_ სულაც არ განვიცდი. ვიცი, რომ ყველაფერს გაუკეთებენ, მაგრამ არა მგონია, რამე ეშველოს. ხერხემალს ეხუმრები? მეცოდება, თუმცა…
არ მომეწონა მისი ეს «თუმცა». მივხვდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და იმასაც ვგრძნობდი, რომ სულაც არ იყო შეყვარებული. შეყვარებულ ქალს ასეთი გულგრილობა არ სჩვევია.
_ რა თუმცა? რას გულისხმობ? _ ჩავეკითხე.
_ ამჯერადაც არ გამიმართლა, ნიცა. არ ყოფილა ჩემი ბედი და ესაა. ვიფიქრე, მდიდარი საქმრო ჩამივარდა ხელში-მეთქი და აგე! როგორ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. _ და ნინამ გაიღიმა.
ეს ღიმილი ისეთი არაბუნებრივი იყო, რომ გამაჟრჟოლა. ორი ფეხის ნაბიჯზე ადამიანი სიკვდილს ებრძოდა, ის კი ღიმილად იღვრებოდა.
_ მე კიდევ მეგონა, მართლა შეგიყვარდა, _ ძლივს ამოვთქვი.
_ რა რომანტიკოსი ხარ, საყვარელო, _ ჩაიცინა, _ მაგ ზღაპრების კიდევ გჯერა? მე ელიტაში მჭირდება თავის დამკვიდრება. მჭირდება ფუფუნებაში ცხოვრება, პოდიუმის მწვერვალების დაპყრობა. თანაც, ხომ იცი, როგორი მოდური გახდა ბოლო დროს სპორტსმენებისა და მოდელების ოჯახური ტანდემი. ირაკლი სწორედ იმ ადამიანად მესახებოდა, რომელიც ჩემს ოცნებებს ფრთებს შეასხამდა. ახლა კი… ინვალიდი და საწოლს მიჯაჭვული ქმარი რად მინდა? სად გამოვაჩინო?

_ ნინა, ცოტა დაფიქრდი ხოლმე, როცა რამეს იტყვი, _ ზიზღით შევხედე, _ ასე უცებ დაგავიწყდა, რომ გადაგარჩინა? როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი? არ შეგრცხვება, ახლა რომ მიატოვო და გაიქცე?

_ რატომ უნდა შემრცხვეს? რა, მთელი საუკუნეა, რაც ერთმანეთს ვყვარობთ თუ რა? თვითონაც ეგრევე დამივიწყებს, რა გგონია? ეგ ისეა ქალებით განებივრებული, შეიძლება ვერც გამიხსენოს წესიერად, გონს როცა მოვა.
_ ნუ ხარ ასეთი სასტიკი, გოგო, რა გემართება! _ გავცეცხლდი, _ ახლა შენ მას ყველაზე მეტად სჭირდები.
_ სამაგიეროდ, მე აღარ მჭირდება, _ მშვიდად აიჩეჩა მხრები და თითიდან ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი წაიძრო, რომელიც ერთხანს ატრიალა ხელში, თითქოს ენანებაო, მერე იქვე, ტუმბოზე დადო და მელოდიური ხმით თქვა:
_ ესეც ასე. ამ საქმესაც მოვრჩი.
ღმერთო ჩემო, ნუთუ ამას ჩემი ერთადერთი და ამბობს? ჩემი ტყუპისცალი? ყურებს არ ვუჯერებდი.
_ შენს საქციელს გამართლება არა აქვს, ნინა! წლების განმავლობაში ვცდილობდი, შენთვის გამეგო, არასდროს გამტყუნებდი, ყოველთვის გამართლებდი, მაგრამ ახლა? ახლა საერთოდ არ მესმის შენი. იქნებ გონს მოხვიდე, ა?
_ იცი, რას გეტყვი, ნიცა? სულ ფეხებზე შენი აზრი, არ მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობ. მამართლებდი იმიტომ, რომ იცოდი, მაინც არ დაგიჯერებდი, გულში კი ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობდი ჩემზე. შენ მთელი ცხოვრება ცაში დაფრინავ, მე კი პრაქტიკული ადამიანის თვალით ვუყურებ მომავალს. დროა, შენც დაეშვა მიწაზე და მიმოიხედო. ისედაც ორი დღე ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, რატომ უნდა გავიმწარო ცხოვრება? მამაკაცურ ოკეანეში უამრავი მსხვილი თევზი დაცურავს, ჩემო კარგო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ისევ წამოეგება ჩემს ანკესზე. შენ კი დაჯექი და იოცნებე. დაიკიდე, რა. ასეთები კიდევ გამოჩნდებიან. ლილიას დავურეკე წეღან იტალიაში. ჩამოდიო, მითხრა. დიდი ხანია, მეპატიჟება. ვერც ქორწილში ჩავედი. მისი ქმარი კინორეჟისორია, იქნებ რამე გამიხერხოს იტალიურ კინოში. რა იცი, რა ხდება. მე და შენ ყველაზე მჭრელი იარაღი გვაქვს _ სილამაზე. შენ არ გინდა მისი სწორად გამოყენება და მე მაინც მაცალე, ვა! თუ კინოში ვერ მოვხვდები, იქნებ დავითრიო ვინმე, ტემპტერამენტიანი იტალიელი მაჩო, მდიდარი და «სიმპატიჩნი».
ამ გოგოს გულის მაგივრად ლოდი უდევს გულში! დავაპირე, კიდევ მეთქვა რამე, შემეგონებინა, მაგრამ ტუჩზე თითი მომადო, კრინტი არ დაძრაო, მერე ლოყაზე მაკოცა და პალატიდან გავიდა. თან ისე გავიდა, ერთხელაც არ გახედა ირაკლის.
გავყურებდი დერეფანში მიმავალს და თავი სიზმარში მეგონა. როგორ შეცვლილა. მთლად ასეთი წყალწაღებული არ იყო ადრე. ვერაფრით წარმომედგინა, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ასე სასტიკი აღმოჩნდებოდა. მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა.

_____
სვეტა კვარაცხელია



№1  offline მოდერი tsn

საინტერესოა.. გააგრძელე აუცილებლად.. დაველოდები შემდეგ თავს.. ♥

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ეს ,,ნამიანი ცისარტყელაა."

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ეს ნამიანი ცისარტყელაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent