სევდისფერი ცისარტყელა თავი 5
შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ირაკლი საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში დაბრუნდა. მეც იმავე საღამოს მიმიწვიეს მაყაშვილებმა თავისთან სავახშმოდ. სუფრასთან უამრავი სტუმარი დამხვდა _ ირაკლის სანახავად მოსული მეგობრები და რამდენიმე ნათესავი. მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ყველა მე მომჩერებოდა, თუმცა საღამომ მშვიდად ჩაიარა, აღელვების მიზეზი არ მქონია. მოგვიანებით, როცა სტუმრები დაიშალნენ და მისი დედ-მამაც მცხეთაში გაემგზავრა, მარტონი დავრჩით. მაგიდა ავალაგე, თეფშები დავრეცხე, ოთახი გამოვგავ-გამოვწმინდე და დივანზე მიწოლილ ირაკლისთან ჩამოვჯექი. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში უდიდესი ნეტარებით ადევნებდა თვალს ჩემს საქმიანობას. _ რა ლამაზი სახლია და როგორი ძვირფასი ნივთები. ამდენი ანტიკვარიატი ერთად არასდროს მინახავს, _ აღტაცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. _ ეს ყველაფერი ჩემი ბებიების და ბაბუების დანატოვარია. _ ჰო, ყველგან იგრძნობა თავადურობის კვალი. ეს ტილოები ორიგინალებია? _ ყველა არა. მაგრამ რამდენიმე ორიგინალია და თან ძალიან ძვირად ღირებულიც. _ ვიცი, ეგენი არ მეშლება, ნახატის ფასეულობა კარგად მესმის, თავადაც ხომ ვხატავ. შენც ხომ არ ხატავ შემთხვევით? _ არა, მე მხოლოდ შემფასებელი ვარ. რაც მომეწონება, ვყიდულობ და მერე კედელზე ვკიდებ, რომ თვალსაწიერი გავილამაზო. _ ეს ჰგავს ორიგინალს, ასეა? _ პიკასოს ერთი ნახატისკენ გავიშვირე ხელი. _ ასეა. _ მაგარია. რამდენი მიეცი ამაში? _ რა მნიშვნელობა აქვს. კარგი ტილოსთვის ფული არ მენანება. _ ბევრი გაქვს ფული? _ ნუ… იმდენი, რომ ზოგს შეიძლება არც დაესიზმროს, _ გაიცინა. _ მაინც, მაინც? ძალიან ბევრი თუ არც მაინცდამაინც ბევრი? _ ნახევრად ხუმრობით ვკითხე. _ რაში გაინტერესებთ, ქალბატონო? თქვენ მე გიყვარვართ თუ ჩემი ფული? თუ «ორივენიცა»? მიუხედავდა იმისა, რომ მეხუმრებოდა, იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, თვალები ამენთო და აღშფოთებულმა შევყვირე: _ შენთან იმიტომ ვარ, რომ მიყვარხარ, ფული რა შუაშია? ეტყობა, არ ელოდა ასეთ რეაქციას, მზერაშეშინებულმა დამიყვავა: _ ჩუუ, კარგი, რა მოგივიდა? გეხუმრე, ვერ მიხვდი? _ სულაც არ მეხუმრება, _ გაბუტული წამოვდექი და ამოვიოხრე. _ ვიცი, რომ გიყვარვარ, ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება, _ თბილად მითხრა და ხელზე მაკოცა. ცოტათი მოვლბი. აი, ეს შესანიშნავი დასაწყისია. სწორედ ახლა მოვუყვები ყველაფერს, როგორმე უნდა გადავლახო ეს დაბრკოლება, თუკი მინდა, რომ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო. ის იყო, პირი გავაღე, რომ სიტყვები ყელში გამეჩხირა. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა იგი ჩემს «აღიარებით ჩვენებას». ვაითუ ტყუილი არ მაპატიოს! ეს ხომ წარმოუდგენელი საშინელება იქნება. მის დაკარგვას ვერ გადავიტან, ვერა, ვერა! თითქოს დამბლა დამეცა, ვერ ვინძრეოდი. ასეთ საზიზღარ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ თავს ვებრძოდი. ბოლოს გადავწყვიტე, არაფერი მომეყოლა და სათქმელი შემდეგი შეხვედრისთვის გადამედო, როცა საკუთარ თავთან უკეთ გავერკვეოდი. _ შენს ნათესავებს არ გამაცნობ? _ მისმა შეკითხვამ რეალობაში დამაბრუნა. _ ბევრი არავინ მყავს. ყველაზე ახლობელი ვინც მყავს, ყველა უცხოეთში ცხოვრობს. _ სიმწრით გავიღიმე. _ ბებია და შენი და, არა? _ ჰო, _ ერთიანად დამძაბა ნინას ხსენებამ. _ ისიც შენნაირი ლამაზია? _ ვინ? _ შემაკანკალა. _ ნინა, სხვა ვინ, შენს დაზე გეკითხები. _ ის ჩემზე უფრო ლამაზია, _ სახე მომიბრიცა ძალად გაღიმებამ. _ მართლა? ხომ არ ვინატრო, ნეტავ ის გამეცნო-მეთქი? ძალიან ლამაზი ქალები ხომ ჩემი სისუსტეა, _ გაიხუმრა. _ ცუდი ხუმრობაა ეგ, _ დავნაღვლიანდი. _ კარგი, რა გემართება? ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი, თორემ შენი და სულაც არ მაინტერესებს, თან ასაკითაც შენზე უფროსია. შენ კი ახალგაზრდა მყავხარ და გონიერი. მატყუარა ნინა! ხედავთ, რა უთქვამს? უფროსი და მყავსო. არც კი უხსენებია, რომ ტყუპისცალი ვიყავი. ცოტაც და, ტირილი წამსკდებოდა. ვერ ვინელებდი ნინას საქციელს. ერთიმეორეზე უარეს რამეებს ვიგებდი და ვერაფრით ამეხსნა, რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი. ნუთუ ასე შურს ჩემი ღვიძლ დას? რატომაა ასეთი? ან კი რა მაქვს მე ისეთი განსაკუთრებული, რომ ჩემს ადგილას ყოფნას ნატრობს? ისე გამიფუჭდა ხასიათი, ავიტეხე, შინ უნდა წავიდე-მეთქი. სასწრაფოდ მოვიძიე ჩემი ჩანთა, ლაბადა ჩავიცვი და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი ირაკლის სახლიდან… კიდევ ორი დღე გავიდა, მე კი ალაპარაკებას არ ვაპირებდი. საკუთარ უსუსურობას ვერაფერი მოვუხერხე. გონება მკარნახობდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და სიჩუმე დღეს თუ არა, ხვალ საბედისწერო შეიძლებოდა გამხდარიყო. მაგრამ გონება ვერაფერს გახდება, როცა გული ბობოქრობს, როცა ამ ორთაბრძოლაში გრძნობები ერევა. ოთხშაბათიც მოსაღამოვდა. შვიდ საათზე ირაკლი და მისი მშობლები მომადგნენ შინ, ქორწილის თაობაზე მოვილაპარაკოთო. ქალბატონ თამარს უნდოდა, შვილის ქორწილი ზღაპრულ დღესასწაულად ექცია და სტუმრების სიის ჩამოწერა დაეწყო. _ ნიცა, გენაცვალე, თქვენი მხრიდან რამდენი კაცი იქნება? უნდა ვიცოდე, ხომ იცი, რესტორანში როგორც ხდება, ყველა ადგილი გათვლილია. _ დიახ, მესმის. _ უაზრო გამომეტყველებით მივაშტერდი სადედამთილოს, ერთხანს შევყოყმანდი, მერე კი ვუთხარი: _ ჩემი ორი მეგობარი მოვა მხოლოდ, სხვა არავინ. იცით ალბათ, რომ მშობლები არ მყავს. ბებია ჰოლანდიაში ცხოვრობს, ჩემი და იტალიაშია… სხვა არავინ მყავს ისეთი ახლობელი, რომ… _ რა მოხდა მერე, შვილო, რა პრობლემაა. თუ გინდა, კიდევ დაპატიჟე მეგობრები. _ არა, ორი საკმარისია. მეგობრებსაც დიდი სიფრთხილით ვარჩევ ხოლმე, _ სევდიანად გავიღიმე. _ როგორც გინდა, გენაცვალე. შენს დას ხომ შეატყობინებ? იმედია, მოახერხებს ჩამოსვლას. _ ვერა, ვერ მოახერხებს, სულ ორი კვირაა, რაც წავიდა. არ გამოუშვებენ. _ სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს, როცა ჩამოვა, მაშინ გავიცნობთ. ირაკლიმ შემატყო, რომ ჩემს ოჯახზე საუბარი მიჭირდა და შეეცადა, სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი. ამან უფრო შემაშინა. კიდევ ერთხელ ვკარგავდი სიმართლის თქმის შესაძლებლობას. იქნებ ესეც ღვთის ნებაა? იქნებ ასეთია ჩემი ბედისწერა და მან არ უნდა გაიგოს, სინამდვილეში რაც მოხდა? იქნებ მისთვისაც ასე ჯობია? სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, ირაკლიმ დედა და მამა ტაქსამდე მიაცილა და მობრუნდა, რათა ცოტა ხანს მარტონი დავრჩენილიყავით. რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა უჩემოდ ყოფნა, ამიტომაც ჩქარობდა დაქორწინებას. _ ნიცაცო, ჩემი პატარა, საბრალო გოგო… მოდი, კალთაში ჩამიჯექი, გთხოვ, _ ხელი მუხლზე დაიტყაპუნა და მანიშნა, მასთან მივსულიყავი. _ ნუ მიბრალებ, ირაკლი, სასტიკად გიკრძალავ! _ წამოვიყვირე აღელვებულმა და თვალზე ცრემლი მომადგა. მესმოდა, რომ ჩემი აღელვების მიზეზი საკუთარი უსუსურობა იყო და არა შებრალება, მაგრამ თავს ვეღარ ვერეოდი. ბოლო დროს თავადაც მიკვირდა ჩემი თავის, ისე ადვილად ვკარგავდი წონასწორობას. _ აბა რას ამბობ, შესაბრალებელი რა გჭირს? თუმცა, მეცოდება პატარა გოგო, მარტოსულად რომ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ბებია და და ჰყავს. _ შენ როგორი ბავშვობა გქონდა? _ შევეცადე, თავი დამეძვრინა წარსულის მოგონებებისგან, _ მომიყევი შენს ბავშვობაზე. _ მოჩვენებითად გავმხიარულდი. _ რა პრობლემაა. დავიბადე კამოზე, მეორე სამშობიაროში, დილის თერთმეტ საათზე, _ ღიმილით დაიწყო. იმდენად მსიამოვნებდა მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრი, რომ თვალები მივლულე, რათა უკეთ შემეგრძნო სიამოვნება. უეცრად მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე. თავი ავწიე, ირაკლის თვალი თვალში გავუყარე და დახშული ხმით ვუთხარი: _ ირაკლი, რაღაც მინდა გითხრა… რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი… _ და მივხვდი, რომ გული გამიჩერდა… ირაკლი ყურადღებით მომაჩერდა, მაგრამ როგორც კი თვალი გავუსწორე, იმწუთასვე გადავიფიქრე სიმართლის თქმა. ამას ვერ შევძლებდი. მისი დაკარგვა ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ამიტომ ბევრი აღარ მიყოყმანია, ხმადაბლა ჩავილაპარაკე: _ იქნებ არ გვეჩქარა დაქორწინება? _ რატომ, საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული? რა გაბრკოლებს? იქნებ არის ისეთი მიზეზი, რომლის შესახებაც მე არ ვიცი? _ არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ… _ ენა დამება, _ უბრალოდ, მინდა ჯერ მუშაობა დავიწყო, ფეხზე დავდგე… _ მუშაობა დაიწყო? რაში გჭირდება? ფინანსურად არ მიჭირს, ეს შენც კარგად იცი და თუ მაინცდამაინც სამსახური გინდა, მერე ვიზრუნოთ ამაზე… ერთად. სათქმელი აღარაფერი მქონდა, ვეღარ შევედავებოდი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. როცა შინ დავბრუნდი, მხოლოდ მაშინ ამიმხედრდა სინდისი. ეს საკითხი მოსვენებას არ მაძლევდა. იმ ღამეს ძილიც გამიკრთა და მთელი მეორე დღეც გამიმწარდა. საღამოს სარკის წინ ვტრიალებდი და ირაკლისთან შესახვედრად ვემზადებოდი, თან გული უფრო და უფრო მიმძიმდებოდა. უკვე გააზრებული მქონდა, რომ როცა ირაკლის ცოლობაზე დავთანხმდი, საბოლოოდ მოვიჭერი უკან დასახევი გზა. დაჟინებით ვუყურებდი სარკეში ჩემს მეორე მე-ს, რომელსაც ბედნიერი სახე ნამდვილად არ ჰქონდა. _ ნუთუ არაფერს მოუყვები? _ მაცდუნებდა ჩემი ორეული, მე კი პასუხი საკუთარ თვალებში ამოვიკითხე. არა, არ ვეტყვი. ამას ვერ ვიზამ. მთელი ჩემი ცხოვრება მოლოდინი იყო, იმის მოლოდინი, რისი სიტყვებით გადმოცემა და ახსნა შეუძლებელია და მე დავიმსახურე ეს მოლოდინი _ ეს იყო ჩემი სიყვარული ირაკლი მაყაშვილისადმი. ასეთი ბედნიერების დაკარგვის სურვილი კი არ მქონდა. გავუმკლავდები ნებისმიერ სიძნელეს, ოღონდ მასთან ნუ დამაშორებს განგება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ გადავიტან. არადა, სწორედ იმაში ვხედავ რეალურ საფრთხეს, თუკი გავბედავ და ნინაზე სიმართლეს მოვუყვები. მეორე მხრივ, დამალვაც საშინელებაა. ხომ მოვა დრო, როცა ირაკლი და ნინა ერთმანეთს შეხვდებიან. მაშინ რით ვიმართლო თავი? კარგი, დავუშვათ, ირაკლი ვერაფერს მიხვდება, მაგრამ ნინა? ისედაც ამრეზილია ჩემზე და ამას მაპატიებს? შემინახავს საიდუმლოს? რეალურად, ისედაც წამართვა ყველაფერი _ სახელი, პროფესია… ეს იმის ნიშანია, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, შურს ჩემი. და როცა გაიგებს, ერთ დროს მისი რჩეული მამამკაცი მივისაკუთრე, ბოღმისგან არ გასკდება? ღმერთო, რანაირი დები ვართ, ტყუპისცალები მაინც არ ვიყოთ. ახლა მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ ნინა შორსაა, იქნებ აღარც დაბრუნდეს საქართველოში და… რა მიამიტი ვარ. რომც არ დაბრუნდეს, განა ვერ გაიგებს სიმართლეს? რომ მკითხავს, ვინ არის შენი ქმარიო, სხვა სახელსა და გვარს ხომ არ ვეტყვი? ღმერთო, შენ მიშველე! მაპოვნინე გამოსავალი, მიმანიშნე, როგორ ჯობია. რისკზე მივდიოდი, მაგრამ ჩემს თავს დაჟინებით ვარწმუნებდი, რომ რისკი ამად ღირდა. კარზე ზარი დაირეკა და ფიქრებიდან გამოვერკვიე. უკანასკნელად შევავლე თვალი საკუთარ თავს და უცნაურად გავუღიმე ჩემს ანარეკლს, მერე კი კარის გასაღებად გავემართე. შემოსასვლელში ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი ირაკლი იდგა. მან შემომხედა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა: _ მგონი, ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ, _ წაიჩურჩულა და ყურის ძირში მაკოცა. _ რა? _ მოულოდნელი შეკითხვისგან შევცბი. _ მყუდროდ ვივახშმოთ ჩემთან, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, სხვა არავინ. იმედია, წინააღმდეგი არ ხარ… მან ისედაც იცოდა, რას ვუპასუხებდი, მაგრამ მაინც ჩემს რეაქციას დაელოდა. _ აბა რა ვიცი… _ არეულად ვუპასუხე. თხუთმეტ წუთში უკვე მის სახლთან ვიყავით. გარეთ დაველოდე, სანამ ირაკლი მანქანას ავტოფარეხში დააყენებდა. აღარაფერი მახსოვდა. თითქოს ბინდი გადამეკრა თვალებზე. გული უცნაურ ღელვას მოეცვა. თითქოს სიზმარში ვიყავი, ბუნდოვნად ვხედავდი ლამაზად გაწყობილ მაგიდას, სანთლების ციმციმს… ის ჩემ გვერდით იყო, მისი სურნელი მატკბობდა და სიახლოვე მათბობდა. ასე სავსე არასდროს ვყოფილვარ სიყვარულით. ალბათ ამ შეგრძნებას ჰქვია, სიყვარულით არის მთვრალიო. ის მელაპარაკებოდა, მე კი არაფერი მესმოდა. _ ერთი სიტყვაც არ გაგიგია, რაც გითხარი, _ გამიღიმა და იდაყვზე მომიჭირა ხელი, _ რა გემართება? _ რა? _ შეგეკითხე, ერთი სიტყვა მაინც თუ გაიგე-მეთქი, _ გამიმეორა. _ რა თქმა უნდა, ყველაფერი გავიგე, _ თავის დაქნევით დავუდასტურე, მან კი გაკვირვებული სახით შემომხედა: _ აბა, რა გახსოვს? გამიმეორე, რა გითხარი. _ წარმოდგენა არა მაქვს, _ ისე გულღიად წამოვიძახე, რომ სიცილი ვერ შეიკავა. _ ასეც ვიფიქრე, _ ირონიულად შენიშნა, _ თევზი მოგეწონა? გაოცებული მივაშტერდი. _ თევზი? რომელი თევზი? _ თეფშს დავხედე და მივხვდი, რაც ჰქონდა მხედველობაში, _ ჰო, აბა რა, ძალიან გემრიელია. გაეღიმა. _ პატარა მატყუარა! ეს თევზი კი არა, მწვადია. გემოთი მაინც ვერ მიხვდი, რა შეჭამე? რა მოგივიდა? გათხოვების გეშინია თუ ჩემი? მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ მის სახეს არ ვაცილებდი თვალს და მოულოდნელად, სხაპასხუპით მივაყარე: _ ძალიან მინდა შემპირდე, რომ არასდროს დაგავიწყდება, როგორ მიყვარხარ. და როგორ გიყვარვარ? _ საშინლად. ღიმილმა გაუნათა სახე. _ და რა ხდება, სადმე მიდიხარ? _ მკითხა და პასუხის მოლოდინში სხეული დაეჭიმა. _ საიდან მოიტანე, რომ სადმე მივდივარ? _ ისე მელაპარაკები, თითქოს მემშვიდობები, თითქოს ჩემი მიტოვება გინდა. _ მშვიდად მომიგო, მაგრამ სახე ისე დაეძაბა, მივხვდი, როგორ ერეოდა ბრაზი. მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია. წამოვიწიე და ხელზე შევეხე. _ არასოდეს, არასოდეს მიგატოვებ, თუ თვითონ არ მოისურვებ ჩემს მიტოვებას. ჩემმა ნათქვამმა თითქოს შვება მოჰგვარა, სახე მოურბილდა და ჩემი ხელი მუჭში მოიმწყვდია. _ ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება, ნიცა. ვიცი, რომ გიყვარვარ და ამას არასდროს დავივიწყებ. _ მპირდები? _ გპირდები. შეუმჩნევლად ამოვიოხრე, უხმოდ, ფრთხილად. _ გიჟის შთაბეჭდილებას ვტოვებ, არა? _ გაღიმება ვცადე. _ ჰო, ყველაზე ჭკვიანი გიჟის შთაბეჭდილებას, _ დამიდასტურა და გააგრძელა, _ შენ ყველაზე საოცარი გიჟი ხარ, ვისაც კი ვიცნობ და სამ დღეში, როცა დავქორწინდებით, ყველაზე საოცარი გიჟის ყველაზე ბედნიერი ქმარი გავხდები. მის ხმაში ისეთი სითბო იგრძნობოდა, რომ გული მღელვარე ტალღებით გამევსო. _ და მე ყველაზე ბედნიერი გიჟი, _ ჩავიჩურჩულე. მან უფრო ძლიერად მომიჭირა ხელზე თითები და ვნებიანად მითხრა: _ მოდი, ვიცეკვოთ. სიამოვნებისგან გავიტრუნე, როცა მის მკლავებში აღმოვჩნდი. ნელა ვმოძრაობდით, ყოველგვარი მელოდიის გარეშე და შევიგრძენი, რომ ჩემი ოცნება ასრულდა. იგი სწორედ ამ უმელოდიო ცეკვას ჰგავდა _ რიტმული მოძრაობით, დახვეწილი ილეთებით, მაგრამ მუსიკის გარეშე… ამწუთას ჩემმა ბედნიერებამ «რაფაელოს» ფორმა მიიღო _ რბილი და ჰაეროვანი იყო ეს ბედნიერება. თვალები დავხუჭე. მისი ხელები ჩემს სხეულს ეფერებოდა, მისი ცხელი ტუჩები მდაგავდა და გონებას მიმღვრევდა. მიხვდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი და უფრო ძალუმად მიმიკრა მკერდზე. დაბინდული თვალებით ავხედე და დავინახე, როგორ მორეოდა ვნება. რაღაც უჩვეულოს მოლოდინში ავკანკალდი. სურდოიანივით შემამცივნა, პირი გამიშრა, ხმას ვერ ვიღებდი, მთლიანად მივენდე ჩემს გრძნობებს და მისი ალერსით გახელებულმა ვეღარ მოვთოკე ემოციები… როცა ჩემს ფერებას მორჩა, მუხლები ლამის მომეკვეთა. სურვილით ვიტანჯებოდი, მძიმედ ვსუნთქავდი და ვცდილობდი, ჩემი გახშირებული და ხმამაღალი სუნთქვის ხმა დამემალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალი არ მომიცილებია მისთვის. მოულოდნელად ხელში ამიტაცა. აი, მაშინ კი მოვეგე გონს: _ მოიცა, არ გინდა, გთხოვ… შენ… შენ ახლახან გამოგწერეს კლინიკიდან. გულიანად გაიცინა, ჩემი სიტყვები არად ჩააგდო და საწოლი ოთახისკენ აიღო გეზი. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მოისროლა პიჯაკი სადღაც და როგორ დაეფინა იატაკს ჩემი კაბა… _ რომ მცოდნოდა, ასეთი ტკბილი იყავი, უფრო ადრე ვეცდებოდი შენს ცდუნებას, _ მითხრა მოგვიანებით, როცა ვნებები დაცხრა და მკლავი თავქვეშ ამომდო. მიხაროდა ამის მოსმენა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მას ნინასთან სექსი არ ჰქონია. _ მოთმინება ყოველთვის ჯილდოვდება, _ ფილოსოფიურად ჩავიბურტყუნე და შიშველ მკერდზე თითები ნაზად ჩამოვუსვი. _ მართალია… შენ საოცარი ჯილდო ხარ, გიჟი ჯილდო. სიბნელეს გავუღიმე. _ იცი? ხვალ ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. _ უეცრად საქმიანი ტონით ალაპარაკდა. _ სად? _ დავინტერესდი. _ იქ, სადაც ნამიანი ცისარტყელები ბუდობენ. _ ეგ რას ნიშნავს? _ ვერაფერი გავიგე. _ განახვებ და მიხვდები, რასაც ნიშნავს, _ ჩემკენ გადმობრუნდა, მკლავები მომხვია და ტუჩებზე მოწყურებულად დამაცხრა… მეორე დილით, კარგად არც იყო გათენებული, რომ გამაღვიძა, წასვლის დროაო. მსუბუქად ვისაუზმეთ და გზას გავუდექით. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, სად მივდიოდით და რა უნდა ენახვებინა ჩემთვის. ვიცოდი, რაღაც ძალიან ლამაზი და ძალიან პირადული უნდა ყოფილიყო, ისეთი, რაც სხვისთვის არასდროს უჩვენებია. არ შევმცდარვარ. ლისის ტბას გავცდით და პატარა ბექობზე შეაყენა მანქანა. როცა გადმოვედი, ხელი ჩამკიდა და ფეხით გავაგრძელეთ გზა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გავიარეთ, თვალწინ საოცარი ხედი გადაიშალა. დაბლა, ხევში, უზარმაზარი ცისარტყელა გაწოლილიყო და ისე ბრწყინავდა, გეგონებოდათ, წვიმის წვეთებითაა დაწინწკლულიო. ასე ახლოს პირველად ვხედავდი ცისარტყელას, თანაც ასეთს. ხედავ, როგორი ნამიანია? _ ჰო, _ წავიჩურჩულე, მოჯადოებული ვიყავი ნანახით. _ გაზაფხულის დადგომისთანავე, როგორც კი წვიმა გადაიღებს, აქ ასეთი ცისარტყელა ჩნდება. მხოლოდ აქ და სხვაგან არსად. ყოველ შემთხვევაში, მე სხვაგან არსად მინახავს მსგავსი. _ საოცრებაა, _ სიტყვებს ვერ ვპოულობდი. _ რამდენჯერ ამოვსულვარ აქ ამის სანახავად… _ მეოცნებე ხმით წარმოთქვა. _ სიამოვნებით დავხატავდი. _ მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე, მაგრამ დღეს ეს ამბავი არ გამოვა. სხვა დროს ამოვიდეთ და მეც გიყურებ, როგორ მოუსვამ შენს ჯადოსნურ ფუნჯს, _ მხარზე გადამხვია მკლავი და მიმიხუტა, _ ოღონდ დილით უნდა მოვიდეთ, ამ დროს, წვიმიანი დღეების მერე, გამოდარებულზე. _ ვიცი. _ ის თუ იცი, რომ დღეს ცხრა მარტია და ზეგ ვქორწინდებით? _ ეგეც ვიცი, _ ავხედე მის მკერდში შეყუჟულმა და წელზე შემოვეხვიე. _ ყველაფერი იცის ჩემმა პატარამ, _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ისე მომიჭირა მკლავები, სუნთქვა შემეკრა… _ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? _ მკითხა სესილმა, როცა ჩემს ბინაში მარტონი დავრჩით. ჯვრისწერისთვის ვემზადებოდი და მეხმარებოდა. _ მე ის მიყვარს, სესილ, _ მივუგე და მაკიაჟის გაკეთებას შევუდექი. _ სიმართლე რომ გაიგოს… _ წინადადების დამთავრება არ ვაცალე, მკვეთრად მოვტრიალდი: _ ვერ გაიგებს, _ ცოტა მკვახედ გამომივიდა. _ მე მგონი, შეცდომას უშვებ, ცუდად არ მოგიტრიალდეს ეს ყველაფერი, _ არ მომეშვა, მაგრამ მას ყურს აღარ ვუგდებდი. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა დღევანდელი ცერემონია და როდის გავუდგებოდით უკვე ცოლ-ქმარი ვენეციისკენ მიმავალ გზას. თაფლობის თვე იქ უნდა გაგვეტარებინა. _ გული ცუდს არ მიგრძნობს, სესილიკო და რა ვქნა. რაც იქნება, იქნება. თუ გაიგო, რაც მოხდა, იმედია, მაპატიებს, რადგან ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ. აწი აღარაფერი შეიცვლება, ჩემი აზრით. მოდი, მომეხვიე და წარმატებები მისურვე, _ ხელები გავუწოდე მეგობარს. _ ბედნიერებას გისურვებ, ჩემო დახატულო, _ მითხრა სესილმა და გულში ჩამიკრა. ამ დროს გაგა შემოვარდა ოთახში. _ აღარ გამოდიხართ? დავიღალე ლოდინით, _ გვისაყვედურა. _ აბა, როგორ ფორმაში ვარ, გაგა? მოგწონვარ? _ მის წინ დავტრიალდი. _ მაგარი ლამაზი ხარ, ნიცა, ადრე ასეთი არ იყავი, _ ბავშვური გულუბრყვილობით წამოიძახა ბიჭმა და ფეხებზე მომეხვია. _ იმედია, ირაკლიც ამ ჭკუაზე იქნება და აზრს არასდროს შეიცვლის, _ უპასუხა დედამ და ბავშვი გარეთ გაიყვანა. უკანასკნელად მოვავლე თვალი ჩემს ბინას. აქ თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი, მაგრამ დღეიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. დღეიდან ყველაფერი მნიშვნელოვანი მხოლოდ ირაკლისთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ მის გამო გადავდე გამოფენის მოწყობაც, ახლა ამისთვის არ მეცალა. მაკა ისეთი ნაწყენი დამრჩა ამის გამო, რომ გამებუტა და ქორწილში მოსვლაზე უარი გამომიცხადა. მისმა საქციელმა გული დამწყვიტა. ვეხვეწე, აუცილებლად მოდი, ამ დღეს ნუ ჩამამწარებ-მეთქი, მაგრამ ვერ გადავათქმევინე. ახლა ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა, რათა სადარდებელს კიდევ სადარდებელი არ მიმატებოდა. ისედაც დამძიმებული მქონდა გული. ერთი მხრივ, მიხაროდა, ნინას მისამართი რომ არ ვიცოდი. ეს ერთგვარი კოზირი იყო ჩემთვის, გამამართლებელი მიზეზი იმისა, ღვიძლი და ჩემს ქორწილს რატომ ვერ ესწრებოდა. არც ჩემს ნათესაობას შევატყობინე. ყველას ვეუბნებოდი, ვიწრო წრეში ვიხდით, ჩემს საქმროს ხმაურიანი თავყრილობები არ იზიდავს-მეთქი. განა არ მყავდა ნათესავები, მაგრამ არ მინდოდა, მათ ირაკლის შესახებ მეტი სცოდნოდათ. თავს ვიზღვევდი, შემთხვევით რომელიმეს ნინასთვის არ მიეწვდინა ხმა… თავს არ შეგაწყენთ ჯვრისწერის და ქეიფის ამბებით. ულამაზესი პატარძალი ვიყავი, ეს ყველამ ერთხმად აღნიშნა. ყველაფერმა მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. სიძე-პატარძლის ცეკვამ სტუმრები აღაფრთოვანა. უამრავი ფოტო გადაგვიღეს, რაც, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ავტვირთე ფეისბუკზე თვეების განმავლობაში. ის კი არა, შიშით აღარ შევდიოდი, ვაითუ, ნინა გამომეხმაუროს-მეთქი. თუ რამეა, ვიტყოდი, პაროლი დამავიწყდა და ახალი აღარ გავხსენი-მეთქი. რას აღარ მოვიგონებდი, ოღონდ ნინას წინაშე თავი მემართლებინა… გვიან ღამით, როცა თვითმფრინავის ტრაპზე ავდიოდით, ირაკლიმ მკითხა: _ შენი აზრით, ეს არის ბედნიერება? _ ჰო, სწორედ ეს არის, _ კმაყოფილი ღიმილით მივუგე და მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ საქორწინო ბეჭედს თვალებგაბრწინებულმა დავხედე. «მორჩა, დღეს თერთმეტი მარტია და მე გათხოვილი ქალი ვარ. ამიერიდან უკან აღარასდროს მოვიხედავ, წინ მხოლოდ მომავალია!» _ მტკიცედ შევუძახე ჩემს თავს და თაფლობის თვისთვის შევემზადე მსიამოვნებდა ჩემი ქმრის თვალთვალი, თავის ოთახში რომ ტრიალებდა, მე კი სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი. არა, არაფრით არ შემეძლო ამ კაცის გარეშე ცხოვრება. _ წამიერად ნინა გამახსენდა და მოვიღუშე, _ ნეტავ სად არის? რას საქმიანობს? კარგად მაინც თუა? უსიამოვნო ფიქრებისგან ირაკლის სასიამოვნო ხმამ გამომაფხიზლა. _ ნიიც! გავდივარ და არ მოიწყინო, კარგი? შეხვედრა რომ არ მქონდეს, ვიცი, როგორც მოგეფერებოდი, მაგრამ ამჯერად უძლური ვარ, _ ხმაურიანად მაკოცა ტუჩებში და კარი გაიხურა. მარტო დავრჩი. ტელევიზორი ჩავრთე, თუმცა ეკრანს არც ვუყურებდი, კვლავ ფიქრები მომეძალა. ჩემს ქმარს რომ ვუყვარვარ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის არასდროს ინანებს ჩემზე დაქორწინებას. უკვე რვა თვეა, ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, არც კი წავკინკლავებულვართ. ამ საღამოს კი არ იცის, როგორ სიურპრიზს ვუმზადებ. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენს ერთად ყოფნას აღარაფერი ემუქრება. სააბაზანოში შევედი წყლის გადასავლებად. ათ საათზე ვიყავი ექიმთან დაბარებული და დაგვიანება არ მინდოდა. სარკესთან კიმონო გავიხადე და საკუთარი სხეული შევათვალიერე, განსაკუთრებით მუცელს დავაკვირდი, ხელით ფრთხილად შევეხე, მინდოდა, იქ ჩასახულ ახალ სიცოცხლეს მოვფერებოდი… როცა უხილავი პატარას ალერსით გული ვიჯერე, ავჩქარდი. თავი მოვიწესრიგე და წასასვლელად გავემზადე… ჩაწერილი კი ვიყავი ექოსკოპიაზე, მაგრამ მაინც მომიწია ლოდინმა, ვიღაც გოგო მოიყვანეს, რვა თვის ორსული, რომელსაც მოულოდნელად ასტკივებოდა მუცელი… ჩემი ორსულობა საბოლოოდ დადასტურდა. შინ სულ ღიღინ-ღიღინით დავბრუნდი, მოსამსახურეს ნამცხვრები ამოვატანინე საცხობიდან და დავითხოვე, დღეს აღარ მჭირდები-მეთქი. მინდოდა, ვახშამი მე თვითონ მომემზადებინა ჩემი ქმრისთვის, საზეიმო სუფრა გამეშალა და ისე დავლოდებოდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი, თან განვლილ რვა თვეზე ვფიქრობდი. ირაკლის ოჯახმა სათანადოდ მიმიღო და შემიყვარა, მისი მეგობრებიც თბილად მექცეოდნენ, მათაც მოვწონდი. ჩემი ნახატები გერმანიაში გავგზავნე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად და დადებითი პასუხი მომივიდა. ძალიან მალე ცოლ-ქმარი ერთად ვაპირებდით გამგზავრებას. ახლა ეს სიხარულიც დამემატა _ ჩემს სხეულში ჩაბუდებული პაწაწკინტელა არსება. ექიმმა მითხრა, ყველაფერი კარგადაა, შეგიძლია გაემგზავრო, ეს შენს ორსულობას საფრთხეს არ შეუქმნისო. _ აი, ეს არის ის, რაზეც ვოცნებობდი, _ ჩემდა უნებურად, ხმამაღლა წამოვიძახე. ირაკლის საყვარელი პიცა გამოვაცხვე, მაგიდას თეთრი სუფრა გადავაფარე, მერე ხილით და ნამცხვრებით გავალამაზე და ქმარს დაველოდე. არც ჩემი თავი დამვიწყებია. ირაკლის საყვარელი ლურჯი კაბა ჩავიცვი, ვენეციაში რომ მიყიდა და სუნამოც დავიპკურე. როგორც კი მისი მანქანის ხმა გავიგონე, ჰაერღუმლიდან პიცა გამოვიღე და თეფშით სუფრასთან მივიტანე. ირაკლი ჰოლში შემოვიდა და თავიდან ვერც კი შეამჩნია, ხელში ორი ჭიქა კოქტეილი რომ მეჭირა. _ რა უფრო გირჩევნია, ცივი კოქტეილი თუ ცხელი კოცნა? _ გავეხუმრე და კეკლუცად გადავხარე გვერდზე თავი. _ ორივე, _ მითხრა და მომეხვია. სასმლით სავსე ჭიქებიანი ხელები განზე გავშალე, რომ კოქტეილი არ დამღვროდა. _ დალევა მინდა, თორემ ცუდად ვარ, _ ყურთან ვუჩურჩულე. _ შეგვიძლია ეს კოქტეილი საწოლში წავიღოთ, _ მრავალმნიშვნელოვნად გამომეპასუხა. რომ არა ჩემი წინასწარ შემუშავებული გეგმა, ამ მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ ავყვებოდი. ახლა კი მხოლოდ თავი გავაქნიე უარის ნიშნად, თვალით ვანიშნე, მომყევი-მეთქი და სასადილო ოთახისკენ გავემართე. ირაკლიმ დაინახა საზეიმოდ გაწყობილი სუფრა, შეამჩნია თავისი საყვარელი კაბაც, ანთებული სანთლებიც და გაოცებული მომიბრუნდა: _ რას აღვნიშნავთ? _ რას და ჩვენი დაქორწინების რვა თვისთავს. არასაკმარისი მიზეზია? _ კეკლუცობას არ ვეშვებოდი. _ ხოოო, რვა თვე მთელი საუკუნეა. _ მთლად უკეთესი, _ მივუგე და კოქტეილი გავუწოდე. _ ერთ წუთს დამიცადე, ახლავე მოვალ, _ მითხრა მან, ჭიქა ჩამომართვა, მაგიდაზე დადგა და გავიდა. ვიფიქრე, შხაპის მისაღებად გავიდა-მეთქი. თურმე ტანსაცმელი გამოუცვლია _ გამოსასვლელი პიჯაკი და შარვალი ჩაეცვა და ჰალსტუხიც არ დავიწყებოდა. საქმიანი იერით დაბრუნდა, მაცივართან მივიდა, მარტინი გამოიღო, გახსნა, ჩამოასხა და საზეიმო ხმით წარმოთქვა: _ ეს გაუმარჯოს მსოფლიოში საუკეთესო ცოლს! მან ბოლომდე დალია, მე კი ოდნავ მოვსვი. მერე სუფრას მივუსხედით და კარგად რომ დავნაყრდით, სხვათა შორის ვთქვი: _ იცი? მღებავი დაგვჭირდება. ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა. _ რატომ, რა მოხდა? მეგონა, მოგწონდა რემონტი. _ ჰო, მაგრამ ახლა პატარა საძინებლის ფერი არ მომწონს. გაოცებით გამომხედა. _ კი მაგრამ, შენ თვითონ არ შეარჩიე ვარდისფერი? _ მე თვითონ შევარჩიე, მაგრამ ახლა ბაცი იასამნისფერი მირჩევნია. _ იასამნისფერი? არ ჯობდა, ამაზე ადრე გეფიქრა? ეშმაკურად შევღიმე. _ აბა წინასწარ საიდან მეცოდინება, ვინ იქნებოდა? ამიტომ ნეიტრალური ფერი აჯობებს. _ არ იცი, ვინ იქნება? _ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერაფრით მიხვდა, რის თქმას ვცდილობდი. _ ჰო, ჯერ არ იციან, გოგო იქნება თუ ბიჭი. ახლა კი გაუნათდა გონებაც და სახეც. უხერხულად მოიფშვნიტა ხელები და მორიდებული ხმით მკითხა: _ შვილი გვეყოლება, ნიცაცო? ჩემი ყურებამდე გაღიმებული სახე საუკეთესო პასუხი იყო… ირაკლი სიხარულისგან გაოგნებული მომჩერებოდა. ავდექი, მაგიდას შემოვუარე და მუხლებზე დავუსკუპდი. _ აქამდე რატომ არ მითხარი? _ ხელები მომხვია. _ როგორ აგიხსნა… ჩვენ ბავშვებზე არასდროს გვისაუბრია. არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდი ამ ამბავს, თან ბოლომდე არც ვიყავი დარწმუნებული ორსულობაში. _ გეგონა, არ გამიხარდებოდა? რა სისულელეა, მაგარია, ძალიან მაგარი! ჩვენ შვილი გვეყოლება. ეს… ეს… ნამდვილად იცი, რომ ეს ყველაფერი მართალია? _ ჰო, დღეს ვიყავი ექიმთან და ექოსკოპია გადამიღეს. ორსულობა კარგად მიდის, გართულებების გარეშე. _ მერე თავი მხარზე დავადე და ვუჩურჩულე, _ დიზაინერზე რომ გითხარი, გეხუმრე, ოთახს მე თვითონ მივხედავ. _ რატომ შენ? მე აქ რისთვის ვარ? ერთად მოვაწყოთ. ახლა კი, რადგან საქმე ასე შეტრიალდა, შენი გადაღლა არ შეიძლება. მაგიდას მე ავალაგებ, შენ კი დაისვენე. _ ამ სიტყვებით ხელში ამიყვანა და დივანზე ისე გადამაწვინა, თითქოს ახალი მოლოგინებული ვყოფილიყავი, თვითონ კი ჭურჭლის ალაგებას შეუდგა.,,, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.