შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა თავი 7


27-08-2016, 13:16
ავტორი tatia27
ნანახია 2 111

თვალი გავახილე… ცხვირში წამლების სუნი მეცა. თავდაპირველად ვერ გავაცნობიერე, სად ვიყავი, მაგრამ ჩემს თავზე დაკიდებულ წვეთოვანს რომ მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიწექი. გამახსენდა გულის წასვლაც და ძლიერი ტკივილიც, მუცლის არეში რომ დამიარა. თითქოს სიცარიელე ვიგრძენი. შიშმა ამიტანა _ ნუთუ ბავშვი აღარა მყავს? ნუთუ ირაკლისთან ერთად ისიც დავკარგე _ ჩემი ბოლო იმედი? რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს?

აი, თურმე, როგორი ყოფილა ჩემი ბედისწერა! სამაგიეროდ, ირაკლი გათავისუფლდა ჩემგანაც და ბავშვისგანაც.

პალატას თვალი მოვავლე. დაღამებულიყო. ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ირაკლის ეძინა. სახეზე წვერი ამოსვლოდა. იგივე ტანსაცმელი ეცვა, რომელიც იმ დღეს… გამოდის, რამდენიმე დღეა, აქ ვარ, თორემ წვერი ასე არ წამოეზრდებოდა. როგორც ჩანს, გვერდიდან არ მომცილებია. ნუთუ სახლშიც არ წასულა? ტანთ არც გამოუცვლია!

მან თითქოს იგრძნო, რომ ვუყურებდი, შეირხა და თვალები გაახილა.

_ ოხ, რა საშინელი სავარძელია, კისერი მომეგრიხა! როგორ ხარ?

_ ამიტომ საკუთარ სახლში უნდა დაგეძინა, _ მშვიდად ვუთხარი.

_ მართალი ხარ, მაგრამ არ გამოდიოდა. სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. როგორ ხარ-მეთქი… _ კვლავ გამიმეორა შეკითხვა, წამოდგა და ჩემს საწოლზე გადმოჯდა. კედლისკენ ჩავიწიე.

_ კარგად ვარ… ბრწყინვალედ, მეტი რომ არ შეიძლება! წადი, თავს მიხედე, დაისვენე.

_ ნიცა… _ უხერხულად დაიწყო, უსიცოცხლო მაჯაზე ხელი გადამისვა, სწორედ იქ, სადაც წვეთოვანთან შეერთებული ნემსი მქონდა შერჭობილი.

_ ყველაფერი კარგადაა, სანერვიულო არაფერი გაქვს. ვიცი, რომ ბავშვი დავკარგე, _ გულგრილად ვთქვი და ჩაწითლებულ თვალებში ჯიქურ მივაჩერდი. მომეჩვენა, თითქოს ტიროდა. არა, ეს შეუძლებელია!

_ შენ მართალი ხარ, სანერვიულო არაფერი გვაქვს არც შენ და არც მე. ბავშვი შეგინარჩუნეს, _ გაიღიმა და დაღლილი მზერა ჩემს მუცელზე გადაიტანა.

გული ამიჩქროლდა ამის გაგონებაზე.

_ მართლა? არ მატყუებ?

_ არა, არ გატყუებ… როდის მომიტყუებიხარ? მაგრამ მაინც მაპატიე. ჩემი ბრალია ყველაფერი. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. მაპატიე, მაპატიე!

_ «მაპატიე» ყველაზე გახუნებული სიტყვაა ამქვეყნად. _ თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფანჯრისკენ გავიხედე.

_ ვიცი, მაგრამ შემცვლელი ჯერ არაფერი გამოუგონიათ, _ ცივად მომიგო.

_ ესე იგი, საშიში არაფერია? _ წავიჩურჩულე და აცრემლებული თვალები მივლულე.

_ არა, საშიშროებამ გაიარა, მაგრამ წოლითი რეჟიმი დაგინიშნეს. ეს კი არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება.

_ არა აქვს მნიშვნელობა, გავუძლებ. _ შევეცადე, მხნედ მეთქვა.

_ აბა რა, შენ ყოჩაღი გოგო ხარ, გაუძლებ. რა დიდი ამბავია, იწვები და მორჩა, სხვები კი მოგემსახურებიან.

_ ვინ სხვები? _ სიმწრით გამეცინა, _ მოსამსახურეები დამეხვევიან? თუ შენ იმორიგევებ ჩემს საწოლთან 24 საათი?.. ვითომ კარგია, ბავშვი რომ შემინარჩუნეს?

_ ცუდი რატომაა? _ წარბები შეჭმუხნა და გაოცებული დამაშტერდა.

_ რა ვიცი, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გაგვიადვილდებოდა, _ სარკასტულად მივუგე.

მოიღუშა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დახშული ხმით ამოთქვა:

_ შენ ახლა შოკში ხარ და თვითონაც არ იცი, რას ამბობ.

_ აჯობებს, შინ წახვიდე და მარტო დამტოვო. მარტო დარჩენა მინდა. იმედია, გესმის… კარგი?

_ სამაგიეროდ, მე არ მინდა შენი მარტო დატოვება. ორი ღამეა, აქ ვარ და თუ საჭირო გახდება, კიდევ დიდხანს დავრჩები.

_ რატომ? არ მითხრა, რომ ჩემზე გული შეგტკივა.

_ შენზეც… _ ხაზგასმით მითხრა.

_ მადლობა… ესეც დიდი შეღავათია ჩემთვის, _ ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე გამწარებულმა.

_ რაღაც ვერ გატყობ, რომ ბავშვის შენარჩუნება გაგიხარდა. ქალები ასე გულგრილად არ ხვდებიან ამ ამბავს. _ ბრაზი მოერია.

_ ქალები, რომლებსაც ბედნიერი ოჯახი აქვთ… _ იქვე განვავრცე.

_ ყველა იმას იღებს ცხოვრებისგან, რასაც იმსახურებს, _ ხმა გაუმკაცრდა.

_ ჰოდა, დამანებე მაშინ თავი. წადი, სამუდამოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან! არ გამიჭირდება, ჩემს მარტოობას გავუმკლავდე, რამეს მოვიფიქრებ. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ამიერიდან თავისუფალი ხარ და ნურაფერს ინანებ.

_ გგონია, არაფერს ვინანებ, თუკი შენგან გავთავისუფლდები?

_ რა თქმა უნდა, გზა ხსნილი გექნება. ვიცი, რომ შენს შვილს მამობას გაუწევ, თუმცა ეს არ შეგიშლის ხელს, ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა ქალთან.

_ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ერთი რამ იცოდე _ სანამ ბავშვი არ გაჩნდება, ჩემ გვერდით იქნები. ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ ჩემი ნებართვის გარეშე. მერე ვნახოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

_ გამოდის, შენი ტყვე ვარ? _ ზიზღნარევი მზერით გავბურღე.

_ არა, ჩემი შვილის დედა ხარ, ამიტომ ვალდებულებას ვერ გავექცევი. თუ ჩემი გვერდით ყოფნა არ გსიამოვნებს, არაა პრობლემა, წავალ, მაგრამ ისევ დავბრუნდები. დავბრუნდები შენს წასაყვანად და რაიმე სისულელე არ ჩაიდინო იცოდე! კიდევ რომ მატკინო გული, აღარ გაპატიებ!

_ აღარ… _ ჩავილაპარაკე, _ სხვა რა მაპატიე, რო?

_ შენც კარგად იცი, რომ ბევრი გითმინე. ნუღარ ვისაუბრებთ ამ თემაზე მეტს. მე ჩემი გითხარი და მორჩა, დავამთავრე! ახლა ჩემები მოვლენ და ისინი დარჩებიან შენთან. ვნახოთ, ექიმი რას იტყვის, როდის იქნები გასაწერად მზად. _ თქვა და წამოდგა.

კარს რომ მიუახლოვდა, თავი მოაბრუნა და მოულოდნელად მკითხა:

_ შენ ისევ გინდა ჩემთან ცხოვრება?

ამ შეკითხვამ კიდევ ერთხელ გათელა ჩემი თავმოყვარეობა. აღარ მსურდა მეტის ატანა.

თვალი თვალში გავუყარე და ცივი ღიმილით მივუგე:

_ მინდა, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, აღარ მინდა.

_ მაგრამ მაინც მოგიწევს, ოღონდ არა ცოლის ამპლუაში, _ ნიშნის მოგებით მომიგო და წარბები შეათამაშა.

ვიცოდი, რომ ახლა ნებისმიერი რეპლიკა, რაც შეიძლებოდა მისთვის მესროლა, ბანალურ ფრაზად გადაიქცეოდა, ამიტომ დათმობა ვარჩიე.

_ კარგი, _ დავნებდი, რადგან კამათის თავი არ მქონდა. ჩვენი ურთიერთობა ისედაც ხარისა და ტორეადორის ბრძოლას დაემსგავსა. ის მე მაღიზიანებდა. წითელი ნაჭრის მაგივრად თავის საფირმო ღიმილსა და შერბილებურ სიტყვებს იყენებდა, მომიშვებდა თავისთან ახლოს, მერე კი უცებ, როგორც კი ხელსაყრელ მომენტს დაიჭერდა, კიდევ ერთხელ დამკრავდა დაშნას… პირდაპირ სულში…

თვალები დავხუჭე.

ირაკლი იდგა ჩემს საწოლთან და ვგრძნობდი, როგორ დამყურებდა. როგორც ჩანს, გაუკვირდა, ასე უცებ რომ დავყარე ფარ-ხმალი და მამოწმებდა, რამდენად გულწრფელი ვიყავი.



ადრე გამეღვიძა. თავს სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ თავბრუ აღარ მეხვეოდა. სამაგიეროდ, მაჯა მტკიოდა, ნანემსარი ერთიანად ჩამშავებოდა. მიჭირდა ხელის მტევნის ამოძრავება.

საპირფარეშოს სარკეში ჩავიხედე. ვუყურებდი ჩემს ორეულს და ვერ ვცნობდი. თითქოს იქიდან უფრო ჭკვიანი, გადაწყვეტილებამიღებული ქალი მომჩერებოდა _ გაძლიერებული და სულიერად ამაღლებული. ამან ძალა შემმატა. ახლა დანამდვილებით ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. მდუმარედ ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას და ვფიქრობდი, სადმე ისე ადგილას გადავბარგებულიყავი, სადაც ირაკლი ვერ მომაგნებდა. იქ კი, ცხელ გულს რომ გავიგრილებდი, მშვიდად მივიღებდი გადაწყვეტილებას და მარტივ დასკვნასაც გამოვიტანდი. რაც არის, არის. უნდა შევეგუო ჩემს მდგომარეობას. ცხოვრებაში ხომ ყოველთვის ასეა: როცა გულით გინდა, ადამიანი არ დაკარგო, აუცილებლად დაკარგავ მას, მაგრამ თუ ერთი სული გაქვს, როდის წავა იგი შენი ცხოვრებიდან, ძალიან ძნელდება მისი თავიდან მოშორება. ის ადვილად არ მიდის ჩვენგან.

ამ დროს კარი გაიღო და პალატაში ექიმი შემოვიდა.

_ უკვე ადექით? დიდხანს არ დარჩეთ ფეხზე, საშიშია. უმჯობესია, მეტწილად იწვეთ, ხომ იცით, თქვენი მუცელი ახლა ტონუსშია და თავს უნდა გაუფრთხილდეთ. რადგან მოვახერხეთ ბავშვის გადარჩენა, ბარემ ბოლომდე შევინარჩუნოთ იგი. თავს როგორ გრძნობთ? რამე ხომ არ გაწუხებთ? _ ექიმმა საწოლზე წამომაწვინა და მუცელი გამისინჯა.

_ კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს… როდის გამწერენ?

_ ასე გეჩქარებათ აქედან წასვლა? _ გამიღიმა ქალმა, _ თქვენი ქმარი ძალიან კი არის შეშფოთებული თქვენი მდგომარეობით.

ბალიშს მივეყრდენი, ფანჯრისკენ გავიხედე და ხმადაბლა ვუპასუხე:

_ ვიცი, მაგრამ სულ ტყუილად, რა მიჭირს, გადასარევად ვარ.

ექიმმა ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ალბათ იფიქრა, გაგიჟდაო.

_ რატომ შემომხედეთ ასე? არანორმალურს ვგავარ? _ გავიღიმე, _ სიხარულის ვერაფერი შემატყვეთ, არა? უბრალოდ, არ მეხერხება გამოხატვა, სულ ესაა, _ მისი ეჭვის გაფანტვა ვცადე, _ და მაინც, როდის გამწერთ? _ არ მოვეშვი.

_ დღეს თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ხვალ დილით შეძლებთ წასვლას. მთავარია, ტემპერატურამ არ აგიწიოთ, ან სისხლდენა არ დაგეწყოთ. ვფიქრობ, აქამდე არ მივა საქმე, ანალიზები კარგი გაქვთ, არც ტვინის შერყევა აღმოგაჩნდათ, რამაც ყველაზე მეტად გაგვახარა.

_ გმადლობთ, ექიმო.

კვლავ მარტო დავრჩი, თვალები დავხუჭე და იმაზე დავფიქრდი, საავადმყოფოდან სად გავპარულიყავი.

შუადღისას ნინამ მინახულა. მე და ჩემი ქმარი დღეს მივფრინავთ და გამომშვიდობება მინდოდაო. მისი არსებობა სულ გადამავიწყდა. ცივად შევხვდი. მის გამო მჭირდა, რაც მჭირდა. გარდა ამისა, ამდენ ხანს იყო თბილისში და ერთხელაც არ გავხსენებივარ. მხოლოდ მაშინ მომიკითხა, როცა მიდიოდა. ირაკლისგან გაეგო ჩემი ამბავი და საავადმყოფოშიც ამიტომ მომაკითხა.

_ კიდევ კარგი, გადარჩი. ბედი გქონია, _ გამიღიმა და თმაზე გადამისვა ხელი.

თავი განზე გავწიე. არ მსიამოვნებდა მისი შეხება.

_ ბედი რომ მქონოდა, ტყუპისცალებად არ დავიბადებოდით, _ ცივად მოვუჭერი.

_ და ამან რაში შეგიშალა ხელი? ისეთი ქმარი გყავს, მთელი ქვეყნის საქალეთს რომ შეშურდება, ჩემსავით მსუქანი და უცხოელი კი არ არის, _ ვითომ გაიხუმრა.

_ შენი ბრალია ყველაფერი, _ ვეღარ მოვითმინე და ჩავიჩურჩულე.

_ კარგი რა, მე რა ვიცოდი, შენ მასზე ზრუნვას თუ დაიწყებდი? რას დაუჯექი სასთუმალთან, ვინ გთხოვა? მე დროზე დავახვიე აქედან და შენც ეგრე უნდა მოქცეულიყავი, თუ არ გინდოდა მასთან.

_ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.

_ მე რა, შენ თვითონ არ წამოიწყე? არ მესმის, მე რაში მადანაშაულებ? არც კი მითხარი, ირაკლის რომ მიყვებოდი ცოლად, არაფრად ჩამაგდე. გაგეფრთხილებინე მაინც და მეცოდინებოდა, რა უნდა მეთქვა, როცა შევხვდი. ვერც გაიგებდა, რა მოხდა. რაც გჭირს, საკუთარ თავს დააბრალე… ისევ გაბრაზებულია?

_ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ნინა.

_ დამთავრდა და დამთავრდა. მისით არ იწყება ცხოვრება და არც მთავრდება. კაცების მეტი რა არის? შენს ადგილზე, საერთოდ მოვიცილებდი ამ ბავშვს, რად გინდა ზედმეტი ტვირთი?

სიბრაზისგან გული ყელში მომებჯინა. სხვა დროს ალბათ სერიოზული ჩხუბი მომივიდოდა მასთან ამის გამო, მაგრამ ახლა არც ყვირილის თავი მქონდა და არც მინდოდა მისი განაწყენება. ის მიემგზავრბეოდა და კიდევ როდის ვნახავდი, ღმერთმა უწყოდა. გარდა ამისა, ასეთი იყო ნინა, მას ვერაფერი შეცვლიდა, ამიტომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.

როცა პასუხი არ გავეცი, მიხვდა, რომ უნდა წასულიყო. მაკოცა, დამემშვიდობა და ქუსლების პაკუნით დატოვა პალატა. მიკვირდა, ერთადერთი და მშორდებოდა, სადღაც გადაკარგულში მიდიოდა და მე გული არ მწყდებოდა… რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდით დები ერთმანეთს…



ნინა ახალი წასული იყო, პალატაში გაგა და სესილი რომ შემოიჭრნენ. ისეთი ხმაური ატეხეს, გულზე მომეშვა. ეს ადამიანები ყოველთვის მიმსუბუქებდნენ ცხოვრებას.

როცა ერთმანეთის მოფერებით გული ვიჯერეთ, სესილს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან თანაგრძნობით მომისმინა, თვალები ცრემლით აევსო.

_ გინდა, ჩემთან წახვიდე, ფასანაურში? სახლი დაკეტილია, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდივართ იქ. შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც გინდა.

_ მართლა? რა მაგარია! _ სიხარულისგან ტაში შემოვკარი, _ ეს სწორედ ისაა, რაც ახლა მჭირდება.

_ ჰოდა, გამოგწერენ თუ არა, ჩემთან მოდი და ერთად წავიდეთ, გამოგყვები, რომ დაგაბინაო.

შევთანხმდით. ძალიან მიხაროდა, რომ ასე უპრობლემოდ მოვაგვარე ჩემი დროებითი თავშესაფრის ამბავი. ირაკლი ვერასდროს გაიგებდა, სად ვიყავი. რომც ეკითხა სესილისთვის, ის მაინც არ გამცემდა.

ახლა მთავარი საზრუნავი ფული იყო. ცოტა კი მქონდა გადანახული, მაგრამ მაინც უნდა დამეზღვია თავი. გადავწყვიტე, მანქანა გამეყიდა. ამაზეც შევუთანხმდი სესილს. მითხრა, განცხადებასაც გამოგიქვეყნებ და ისედაც გავიკითხავ ჩემთან, უბანში, პროფილაქტიკის ბიჭებს დაველაპარაკებიო.

კარგა ხანს დარჩნენ სესილი და გაგა. ბავშვი გვერდიდან არ მომშორებია, მეხუტებოდა და მკოცნიდა. მთხოვდა, მალე მოდი ჩვენთანო.

წასვლისას სესილს ხილი და მაწონი გავატანე, რომელიც ტყუილუბრალოდ ელაგა კამოდის უჯრაში. სესილს უფრო გამოადგებოდა, ვიდრე მე. ჭამის სურვილი დაკარგული მქონდა.



ფიქრებით აქედან უკვე შორს ვიყავი, როცა ჩემი დედამთილი მოვიდა. თამარმა გულში ჩამიკრა. ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სითბო გულში. მიყვარდა ეს ქალი, რომლისგანაც იოტისოდენა წყენაც არ მახსოვდა.

_ ჩემი კარგი გოგო, ჩემი ოქრო რძალი, ეს რა დაგემართა, საყვარელო. მადლობა ღმერთს, რომ არ გაგვწირა და შენი თავი გვაჩუქა, _ მომეალერსა თამარი და თვალზე ცრემლი მოადგა.

_ მთავარია, ბავშვი გადარჩა, ჯანდაბას ჩემი თავი, _ გავუღიმე.

_ რას ამბობ, დედა, ბავშვი ყოველთვის გეყოლება ქალს, მთავარია, რომ შენ ხარ ცოცხალი, _ შეიცხადა დედამთილმა, _ რომც მოგშლოდა მუცელი, ქვეყანა არ დაიქცეოდა. ჯერ ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი წინაა, მაგაზე არც ვიდარდებდი. შენი გადარჩენაა ახლა ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო, სად ვიშოვიდი მეორე შენნაირ რძალს? _ ჩამეხუტა თამარი და კოცნით ამავსო.

_ ჩემი ბრალია, მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, _ ამოვილუღლუღე გულაჩუყებულმა.

_ არაფერია, შვილო, ასეთი რამ შეიძლება ყველას მოუვიდეს. არავის ბრალი არ არის, თავს ნუ იდანაშაულებ. რაც მთავარია, ყველაფერი კარგადაა.

_ ალბათ… _ მრავალმნიშვნელოვნად ჩავილაპარაკე და ამოვიოხრე, რადგან ვიცოდი, რომ კარგად აღარაფერი აღარ იქნებოდა.

დედამთილმა ლოყაზე მომითათუნა ხელი.

_ ნუღარაფერს ნაღვლობ, საყვარელო, დაისვენე ახლა, გაემზადე და ხვალ ჩვენთან წავიდეთ. ექიმმა, დილით გავწერო.

უღიმღამოდ გავუღიმე.

_ თქვენ ყოველთვის კეთილად მექცეოდით, ქალბატონო თამარ, ამისთვის თქვენი მადლიერი ვარ. მაპატიეთ, რომ დედას არ გეძახით. ცოტა მიძნელდება, მე ხომ დედა არავისთვის დამიძახია, ამიტომ…

_ რა მნიშვნელობა აქვს, დედას დამიძახებ თუ ქალბატონოს? თუ გინდა, თამარა დამიძახე, არ მეწყინება. ამას რა ჭკუა აქვს! შენ ისეთი კეთილი და კარგი ადამიანი ხარ, შენგან არაფერი მეწყინება. ნამდვილად გაუმართლა ჩემს შვილს, შენნაირი გოგო რომ შეხვდა. ჰო, მართლა, თამუნამ მოგიკითხა და ბოდიში დამაბარა შენთან, რომ სანახავად ვერ მოვიდა, გიგასიანები ისევ ჩვენთან არიან და ვერ მიატოვა ისინი.

_ არა უშავს, აქ მოსვლას რა აზრი აქვს, ხვალ ისედაც მწერენ და…

_ აი, რაღაცები მოგიტანე, საჭმელი, სასმელი…

_ არაფერი მინდა, ქალბატონო თამარ, აქაც კარგი კვება აქვთ, რატომ წუხდებით? თანაც, ხვალამდე დიდი დრო არ დარჩა, უკან წაიღეთ, ტყუილად გაფუჭდება აქ.

თამარმა არ დამიჯერა, მაინც ამოალაგა პარკიდან მოხარშული დედალი, შემწვარი კარტოფილი და ნადუღი, ეს დათას დედამ გამოგიზავნაო.

_ შეწუხდა ქალი, ჩემი ბავშვის ძებნაში მოუვიდა ეგ ამბავი, თავს დამნაშავედ ვგრძნობო.

_ დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინ. არ უნდა წავსულიყავი და ეგ იქნებოდა, _ ხელი ავიქნიე.

_ არა უშავს, შვილო, ვინ იფიქრებდა, ასე თუ მოხდებოდა. უკვე ჩავლილია ყველაფერი, აწი ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. წავალ ახლა მე, სტუმრებსაც უნდა მივხედო, ხვალ დილით წავლენ და ცოტას ამოვისუნთქავ მერე. შენც უკეთ მოგხედავ, დედა. დილით გამოვალთ და წაგიყვანთ აქედან. შენ დაისვენე, არაფერზე ინერვიულო და ჭამე რამე, არ მოიკლა თავი შიმშილით. შენი გახდომა არ შეიძლება.

პასუხად გავუღიმე ჩემს თბილ დედამთილს და წავიდა თუ არა, კედლისკენ გადავბრუნდი, რომ დამესვენა. დამღალა ამდენმა მნახველმა…



მეორე დილით თამარი და გოგი იმაზე ადრე მოვიდნენ, ვიდრე ველოდი. გიგა და მის მშობლები გაუცილებიათ და როგორც კი გათავისუფლდნენ, პირდაპირ ჩემკენ გამოეშურნენ თურმე.

როცა ექიმი გამოწერის პროცედურას მორჩა, დანიშნულების წერას შეუდგა, თან რჩევებს მაძლევდა, როდის რა როგორ გამეკეთებინა. კარგი იქნება, ერთი თვე მაინც თუ დაიცავ წოლით რეჟიმსო. ერთი თვის შემდეგ კი აუცილებლად გაესინჯე კიდევ ერთხელ შენს გინეკოლოგსო.

სახლში მივედით თუ არა, ჩემს ოთახში ავედი, სადაც ოდესღაც ირაკლისთან ერთად ბედნიერი წუთები მქონდა გატარებული, ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავყარე და ქვემოთ ჩანთიანად ჩამოვედი.

თამარი სუფრას შლიდა. ჩემს დანახვაზე გაოცება აღებეჭდა სახეზე.

_ მე მივდივარ, _ ისეთი ხმით ვთქვი, რომ ქალი შეშინებული მომაჩერდა.

_ მიდიხარ? _ ენა ჩაუვარდა, _ სად მიდიხარ, შვილო?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე და არ მინდა, ირაკლი უკან გამომეკიდოს.

იქვე მჯდარი ბატონი გოგი მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა და გაშტერებულმა დამიწყო ყურება. ხმას არ იღებდა.

_ რატომ არ გინდა, რომ ირაკლიმ გნახოს? რა ხდება? _ ასეთი დაბნეული დედამთილ-მამამთილი პირველად ვნახე.

ამოვიოხრე. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მათთვის, რაც ხდებოდა.

_ ასე უკეთესი იქნება.

_ გაქცევა არასდროს არის უკეთესი, ნიცა. უმჯობესია, დარჩე და მშვიდად მოაგვარო ყველა პრობლემა, _ მითხრა გოგიმ.

მე თავი გადავაქნიე.

_ მაგრამ არა ახლა, ბატონო გოგი. ახლა უნდა წავიდე, რომ გამოვისყიდო ის დანაშაული, რომელიც ჩავიდინე. მე თქვენ მოგატყუეთ. როცა პირველად შეგხვდით, დაგარწმუნეთ, რომ ირაკლის საცოლე ვიყავი, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. მე და ჩემი და ტყუპისცალები ვართ და ირაკლის ის უყვარდა. მე კი მოვიტყუე.

_ ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის! _ თამარმა ლოყაზე შემოირტყა ხელი, სკამზე მოწყვეტით დაჯდა და პირდაღებული ქმარს მიაშტერდა.

_ მე ირაკლი შემიყვარდა და თავი ჩემს დად გავასაღე.

მერე დაწვრილებით მოვუყევი ორივეს, სინამდვილეში რაც მოხდა. თამარი და გოგი უხმოდ შემომცქეროდნენ და მისმენდნენ. როცა მოყოლა დავამთავრე, ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ჩემმა მამამთილმა დაარღვია:

_ ირაკლიმ როდის გაიგო სიმართლე? _ ისე შემეკითხა, რომ მივხვდი, ის აქამდეც ეჭვობდა რაღაცას.

_ დაახლოებით ათი დღის წინ.

_ ოჰ, ნიცა, ეს რა ქენი! _ ამოიხრა თამარმა და თავი ჩაკიდა.

თვალები ცრემლებმა დამიბინდა.

_ ახლა თქვენ ყველაფერი იცით. უნდა წავიდე, ეს ერთადერთი გამოსავალია. თქვენი შვილი ამას არასდროს მაპატიებს. თუ შეგიძლიათ, თქვენ მაპატიეთ, რომ ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს დანაშაულის გრძნობა, _ დავამთავრე ტირადა, ჩანთას დავწვდი და კარისკენ გავემართე. კართან შევჩერდი და უკან მოვიხედე. ისინი ადგილიდან არ დაძრულან.

_ ირაკლის გადაეცით, რომ საფიქრალი აღარაფერი აქვს, ის თავისუფალია, ტვირთად არასდროს დავაწვები. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილები იყავით ჩემ მიმართ.

გარეთ გასულმა ჩანთა მანქანის საბარგულში ჩავდე, ჭიშკარი ფართოდ გამოვაღე, საჭეს მივუჯექი და მანქანა ისე გავიყვანე ეზოდან, უკან არ მიმიხედავს.

ვიცოდი, ჩემი წამოსვლის შემდეგ თამარი აუცილებლად ტელეფონს ეცემოდა და ირაკლის დაურეკავდა, მაგრამ ამის აღარ მეშინოდა. სანამ ირაკლი თბილისიდან ჩამოვიდოდა, მე უკვე სესილთან ვიქნებოდი, «სამშვიდობოს»…



ასე კარგად თავი კარგა ხანია, არ მიგრძნია. მშვიდი პერიოდი დამიდგა. ვიყავი სრულიად განმარტოებული, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი, ვისუნთქავდი ფასანაურის არაჩვეულებრივ ჰაერს და ოცნებებს ვეძლეოდი. წოლითი რეჟიმი ბეჯითად დავიცავი, _ ხან ეზოში გაკიდულ ჰამაკში ვიწექი, ხანაც იმ ერთადერთ გარემონტებულ ოთახში, სადაც დავბინავდი. ერთი სიტყვით, ვიკურნებოდი მარტოობით. ირაკლი არ ჩანდა. ერთხელ მისულა სესილთან, რომელსაც უთქვამს, წარმოდგენა არ მაქვს, სად არისო. თან მიხაროდა, რომ ვერ მაგნებდა, თან გულს მიმძიმებდა მისი სიშორე. მენატრებოდა. რაც უნდა გამეკეთებინა, თვალწინ გამუდმებით მისი სახე მედგა, ყურებში მისი ხმა ჩამესმოდა.

მუცელი წამომეზარდა. დღითიდღე ვიბერებოდი. ერთი პერიოდი ფეხების დასივება დამჩემდა, მაგრამ მალე გამიარა.

სესილი და გაგა მაკითხავდნენ ხშირად, პროდუქტები ჩამოჰქონდათ და შაბათ-კვირას რჩებოდნენ. მიხაროდა მათთან ყოფნა, წავიდოდნენ თუ არა, ჩემს ფიქრებთან ისევ მარტო ვრჩებოდი.

ამასობაში გავიდა თვეები. გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელი გახდა. ჩამოვედი თბილისში და მივაკითხე ციცინო ექიმს, რომელიც ირაკლიმ გამაცნო და დედამისის დაქალი გახლდათ. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ ქვეცნობიერად მინდოდა, ირაკლის, ბოლოს და ბოლოს, მოეგნო ჩემთვის და რაღაც შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში. ფული ბევრი აღარ მქონდა, მანქანა კი გავყიდე, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხარჯე, სესილის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნებოდი. ყოველ ჩამოსვლაზე ვატანდი გარკვეულ თანხას, რომ შემდეგი კვირისთვის საკვების მარაგი ჩამოეტანა.

ციცინომ გამსინჯა, ანალიზები ამაღებინა. პასუხის მისაღებად ორი დღე მომიწია თბილისში დარჩენამ, სესილთან. სულ რაღაც ერთი თვე დამრჩა მშობიარობამდე. სქესიც გავიგე _ გოგონა მეყოლებოდა. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დამწყდა გული, ბიჭს რომ ვერ ვაჩენდი _ ირაკლის ალბათ გვარის გამგრძელებელი უფრო გაუხარდებოდა. იქნებ ამით მოჰბრუნებოდა ჩემზე გული.

ცნობისმოყვარეობა მკლავდა, დამეძებდა თუ არა, ფიქრობდა თუ არა ჩემზე. ნუთუ არ დარდობდა ჩემს გაუჩინარებას? ალბათ ძალიან. დარწმუნებული ვიყავი, რომ განიცდიდა. ამასთან, სასტიკადაც იქნებოდა გაბრაზებული, მისი სიტყვა რომ არაფრად ჩავაგდე და გავიპარე. აი, ამას უკვე აღარ მაპატიებდა.

როცა ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მშობიარობასღა უნდა დავლოდებოდით, დამშვიდებული დავბრუნდი ფასანაურში, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიპყრობდა შიში, მარტოს როგორ უნდა გამებედა მშობიარობა? წესით, ხომ უნდა შემეტყობინებინა ქმრისთვის, რომ მერე კიდევ არ მოედო შარი, რატომ არაფრად ჩამაგდეო? მიუხედავად ამისა, დარეკვას ვერ ვბედავდი. ვერ გადამეწყვიტა, გადამებიჯებინა თუ არა საკუთარი თავმოყვარეობისთვის. ფულიც მჭირდებოდა. არ ვიცოდი, როგორ ჩაივლიდა მშობიარობა, ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. ნინას დავურეკე იტალიაში, მოკლედ მოვუყევი, რა პრობლემაც მქონდა და ვთხოვე, ხუთასი ევრო მაინც გამოეგზავნა, თუ ჰქონდა საშუალება. დღესვე გადმოგიგზავნიო, მითხრა, თან გამაფრთხილა, ფულის გამო არ გეუბნები, მაგრამ ყოველ მიზეზს გარეშე შეატყობინე ირაკლის, როცა დაწოლა მოგიწევს, მის მშობლებსაც არ მოეწონებათ შენი საქციელიო. გამიკვირდა, ასე რომ დამარიგა ჭკუა. ნინასგან ამას არ მოველოდი. ცხოვრებაში პირველად მირჩია რაღაც ჭკვიანური. დავიჯერო, ქმარმა მოარჯულა? იქნებ წლებმა და გამოცდილებამ?

სესილის სახელზე გადმოვაგზავნინე თანხა, ფულის გამო თბილისში ვერ გავიქცეოდი. ერთ კვირაში მეც მომიწევდა დედაქალაქში ჩასვლა, რა გარანტია მქონდა, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დამეწყებოდა? მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ზუსტ დროს და თარიღს ასახელებენ ექიმები, სიფრთხილის ზომები უნდა დამეცვა _ გაუთვალისწინებელი საფრთხეები უნდა გამეთვალისწინებინა. განა ცოტას მოსვლია, რომ დროზე ადრე დაწყებია სამშობიარო ტკივილები? სანამ ფასანაურიდან თბილისამდე ჩავაღწევდი, არავინ იცის, რა დამემართებოდა. ან კი რითი უნდა წავსულიყავი მარტოხელა ქალი? ავტობუსით ხომ არ ვიჯაყჯაყებდი?



პარასკევი საღამო იყო. შაბათს სესილს ველოდებოდი, თბილისში მას უნდა წავეყვანე. ვიდექი აივანზე და ხარბად ვისუნთქავდი მთის ჰაერს. ეს ჩემი ბოლო საღამო იყო ამ ზღაპრულ მხარეში.

როგორ შეიცვალა ყველაფერი. რა ბედნიერი ვიყავი ერთ დროს და როგორ თანდათან დაპატარავდა ჩემი ბედნიერება, შაგრენის ტყავივით ნელ-ნელა დაილია. ჩემი ცხოვრება ქვიშით მხატვრობას დაემსგავსა. ხელის ერთი მოსმით შლიდა ვიღაც ერთ ნახატს, მერე ხელახლა მიმოაბნევდა ქვიშას და თითებით საგულდაგულოდ გამოჰყავდა ჩემი ხვალინდელი დღის ახალი ეტაპი. ნეტავ შეიძლებოდეს, დროს ვევაჭრო, წლებს დავაკლებინებდი ცოტას _ იმ ერთ წელს მაინც, სანამ ირაკლის შევხვდებოდი. ვეტყოდი, ბატონო დროვ, დამაბრუნეთ ერთი წლით და სამი თვით უკან, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, რადგან თქვენმა ნაჩუქარმა ამ ვადამ სრულიად გაანადგურა ჩემი «მოსავალი». დრო აუცილებლად მომისმენდა და ალბათ უარსაც არ მეტყოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ოთახშივე ვიბანავე, რადგან სააბაზანო ჯერ კიდევ გაუმართავი ჰქონდა სესილს. ხალათი გადავიცვი, პირსახოცი თავზე შაჰივით შემოვიხვიე და სარკეს მივუახლოვდი, რომელიც ერთიანად დაორთქლილიყო. ძველებური სარკე ეკიდა ოთახში, სამკარიანი, აი, ტრილიაჟს რომ ეძახდნენ ჩვენი ბებია-ბაბუები, ისეთი. არ ვიცი, ქართულად როგორ ჰქვია. ვუყურებდი ჩემს გასამებულ გამოსახულებას და ვხედავდი, რომ სამი ერთნაირი, მაგრამ მაინც სხვადასხვა ქალი შემომყურებდა სარკეებიდან _ ერთი სევდიანი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, მეორე იმედიანი, ბავშვის გაჩენის მომლოდინე, მესამე კი შეშინებული, გაურკვეველი მომავლის შემაშფოთებელი ლაბირინთების შემყურე…

ყველაფერს შეიძლება გაექცეს ადამიანი _ წარსულს, ფიქრებს, ოცნებებს, მოგონებებს, მაგრამ ხვალინდელ დღეს ვერსად გაექცევა. ის აუცილებლად გათენდება, ოღონდ არ იცი, როგორი…

ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. ასე გამოსრიალდებიან ხანდახან უსიამოვნო მოგონებები ჩემი გულის ხვრელებიდან და გველებივით შემომეხვევიან სხეულზე. ძალიან მიჭირს ხოლმე მათი მოგერიება, მათი ისევ უკან შეტყუება, რომ მათგანაც ისევე გავთავისუფლდე, როგორც ირაკლისგან… საინტერესოა, რა არის თავისუფლება _ უპასუხისმგებლო ცხოვრება, თუ პირიქით, პასუხისმგებლობით სავსე? ირაკლის გამოჩენისთანავე დავკარგე თავისუფლება და ახლა კვლავ დავიბრუნე. ანუ, როგორ ვცხოვრობ? უპასუხისმგებლოდ თუ პირიქით? ან კი, მადგება რამეში ჩემი იძულებით მოპოვებული თავისუფლება? არ ვიცი, არ ვიცი… ვიცი მხოლოდ ის, რომ იმ ფერად თევზს დავემსგავსე, ოკეანიდან პირდაპირ აკვარიუმში რომ მოისროლეს…

თმა გავიშრე, ტანთ ჩავიცვი და კვლავ აივანზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი და სივრცეს გავხედე. გაწვიმებულიყო. ისედაც ციოდა ხოლმე ღამღამობით, ახლა კი უფრო მეტად აცივებულიყო. ყური მივუგდე წვიმის ხმაურს. მას თითქოს ხმა წართმეოდა, წკაპაწკუპით ეცემოდა ხის ფოთლებს და მოაჯირს, აღარ იყო ისეთი ომახიანი, ჩვეულებრივად რომ იცის ხოლმე, მუქარით რომ აცხრება მიწას, სახურავს, მცენარეებს… უარესად ჩამოაბნელა წვიმამ მიდამო. ქარიც ამოვარდა. უკუნეთმა ჩაყლაპა მდინარე და მხოლოდ მთების შავი კონტურები მოჩანდა შორეთიდან. მციოდა, მაგრამ მაინც არ შევბრუნდი ოთახში, თითქოს ვეჯიბრებოდი ჩემს თავს, გავუძლებდი თუ არა ბუნების მოვლენების აგრესიულ შემოტევას, თითქოს ასე ვცდილობდი ჩემს სულში ჩაბუდებული სიცარიელის ამოვსებას. არაფერი მინდოდა და ვერაფერს ვგრძნობდი ცივი ქარისა და წვიმის გარდა.

_ ასე იყინები ხოლმე? _ უცაბედად ტკივილამდე ნაცნობი ხმა შემომესმა, მკვეთრად მოვტრიალდი და თვალებს არ დავუჯერე.

ვერანდის ბოლოს ერთიანად გაწუწული ირაკლი იდგა. სველი თმა შუბლზე მისწებებოდა.

გულგრილად შევყურებდი ქმარს და თითქოს ვერ ვხედავდი. ჩემკენ გამოემართა.

_ როგორც კი დედაჩემმა დამირეკა, მაშინვე შენი ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად მოგაგენი. რატომ მომექეცი ასე?

_ ისე მოგექეცი, როგორც შენ მექცეოდი, ახლა ბარი-ბარში ვართ. _ მშრალად მივუგე.

მეგონა, მის გამოჩენაზე გული საგულიდან ამომიხტებოდა, სიხარულით ცას ვეწეოდი, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნია. თითქოს ჩემ წინ სრულიად უცხო ადამიანი იდგა. ნეტავ რატომ მოვიდა? ან როგორ მომძებნა? ვინ გამყიდა?

_ ვინ გითხრა, რომ აქ ვიქნებოდი?

_ შენმა დამ დამირეკა, ცოტა ვერ არის თავის ჭკუაზე და მიხედეო. შენს დაქალს აღარ მივადექი, რომ ზუსტი მისამართი მოეცა. ვიცოდი, დაგირეკავდა, გაგაფრთხილებდა და ისევ დამემალებოდი. ჩემს კითხვაზე შენი პასუხი არ ჩაითვალა, ამიტომ მეორეჯერ გეკითხები, რატომ მომექეცი ასე?

_ მე შენ შანსი მოგეცი _ უჩუმრად, უსკანდალოდ წამოვედი. გინდოდა თავისუფლება? მიიღე კიდევაც. ახლა რაღა გინდა?

_ რაღა მინდა? ჩემგან შვილს აჩენ და მეკითხები, რაღა მინდა? სამშობიარო ფულს იტალიაში თხოულობ და მეკითხები, ახლა რაღა მინდა? _ ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო ერეოდა სიფიცხე, აღარ ცდილობდა თავის შეკავებას.

_ ისე როგორ მოხვედი, რომ ვერ გავიგე? არ მითხრა, რომ თბილისიდან რკინის ქალამნებით ჩამოხვედი, _ დავცინე, თუმცა ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ისევ ისე მიყვარდა. სხვას ვერასდროს ვერ შევიყვარებდი ასე, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩვენ ერთად ვეღარასდროს ვიქნებოდით. როგორც ქმარი, იგი სამუდამოდ დაკარგული იყო ჩემთვის.

_ ქურდულ საქციელს შენ მიმაჩვიე, _ სარკასტულად მომიგო, _ სახლს უკანა მხრიდან მოვუარე, რომ ისევ არ გაქცეულიყავი.

_ გაქცევა და წასვლა სხვადასხვა რამეა. მე წამოვედი, არ გამოვქცეულვარ.

_ რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი ხომ ერთი და იგივეა.

_ რატომ მოხვედი?

_ რატომ მოვედი? შენ რა, მართლა იფიქრე, რომ ყველაფერს ასე დავტოვებდი? _ ამჯერად მშვიდად მიპასუხა და მომიახლოვდა. დავინახე მისი დაძაბული სახე და დაღლილი თვალები.

_ არ უნდა მოსულიყავი. რატომ ართულებ ყველაფერს? ვერ ხედავ, როგორი დაღლილი ხარ?

_ მართლა? _ ჩაიცინა, _ გმადლობ მზრუნველობის გამოჩენისთვის, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენი გაშვება კარგი იდეა იყო.

_ რატომაც არა? ახლა თავისუფალი ხარ.

_ ასე რომ ყოფილიყო, ხომ არ გთხოვდი, რომ ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ მიგეღო და კარგად დაფიქრებულიყავი? გახსოვს, რა გითხარი? ამას არ გაპატიებ-მეთქი.

_ კი არ მთხოვე, მომთხოვე, _ ამოვიოხრე, _ ჰოდა, მეც წამოვედი. ჩვენს ურთიერთობაში ხომ აღარაფერი შეიცვლება და აზრი ჰქონდა შენთან დარჩენას? ჩემმა გულგრილობამ და სიცივემ მოთმინება დააკარგვინა. მომმვარდა, მხრებში ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა:

_ გეყოფა! შენ ისეთი რამე გამიკეთე, რომ ვერასდროს გავთავისუფლდები შენგან! _ აღელვებულმა წამოიყვირა და თვალები დააკვესა.

_ დაწყნარდი, ირაკლი, ასე ნუ ნერვიულობ, სანანებელი არაფერი გვაქვს არც შენ და არც მე. ეს ბავშვი გაჩნდება, გაიზრდება და შენც მიიღებ მონაწილეობას მის აღზრდაში, ამას არ დაგიშლი, ეგეთი სულელიც არ ვარ, _ ირონიულად მივუგე.

_ ამ ბავშვს ვერ ეღირსები! _ წამოსცდა უეცრად, _ ც-დ შენ მოგიწევს ყოფნა და არა მე, ეს დაიმახსოვრე!

_ შენი კარგად მესმის, ნუ ჩხუბობ, _ დამცინავად შევღიმე.

_ თავით გესმის და არა გულით, _ დაღლილი ხმით მომიგო, თითქოს ფარ-ხმალი დაყარაო, _ ვერ გაგაგებინე, რისი თქმა მინდა, მაინც შენსას უბერავ! არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგისხნა.

_ არაფრის ახსნა არ არის საჭირო, _ ისევ დამცინავად შევხედე მის გაფითრებულ სახეს. _ ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის.

_ სამაგიეროდ, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და კეთილი ინებე და მომისმინე.

_ კარგი, მოგისმენ, ოღონდ შინ შევიდეთ, ძალიან შემცივდა.

კანკალმა ამიტანა. სიცივისგანაც მაკანკალებდა და შიშისგანაც. რომ არ დავთანხმებულიყავი, მართლა წამართმევდა შვილს, ამიტომ ჭკუა უნდა მეხმარა.

ბუხარში ცეცხლი შევანთე და მივეფიცხე. მხოლოდ ამის შემდეგ გავხედე ირაკლის, რომელიც ისევ ფეხზე იდგა.

_ გაიხადე ეგ ქურთუკი, სკამზე გადავფენ და გაშრება.

_ მაგის დრო არ არის, ჩაალაგე შენი ნივთები და წავიდეთ. _ თავი გადააქნია.
_ სად წავიდეთ? _ შუბლი შევიკარი.

_ ჩემთან. დღე-დღეზე მშობიარობა გიწევს, საშიშია აქ დარჩენა, თანაც სულ მარტო, უპატრონოსავით ხარ მიგდებული.

_ მე ხვალ მივდივარ, სესილი უნდა ჩამოვიდეს.

_ სესილს დაურეკე და უთხარი, რომ მე წაგიყვანე. ყველაფერს ნუ გააპრობლემებ ხოლმე. _ წარბები შეჭმუხნა და მუქარით სავსე მზერით გამომხედა.

ადგილიდან არ დავძრულვარ.

_ მიდი, გაინძერი, დრო არ იცდის, ფუჭდება ამინდი. იმშობიარებ და მერე გზა ხსნილი გაქვს, სადაც გაგიხარდება, იქ წადი.

_ ამ ბავშვს ვერავინ წამართმევს! _ გაფითრებულმა დავიჩურჩულე და სიმწრისგან ხელები მოვმუშტე.
_ არავინ გართმევს. რადგან გსურს, მარტო იცხოვრო, იცხოვრე, არ დაგიშლი. მე გარედან მოგხედავთ. მიდი, ჩაიცვი, მე მანქანას მოვაყენებ ჭიშკართან.

ნერწყვი გადავაგორე და თავი მორჩილად დავუქნიე. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, გაქცევას სამშობიაროდანაც მოვასწრებდი, როცა გაწერის დრო მოვიდოდა. ახლა კი უნდა გავყოლოდი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
_ კარგი, წამოვალ, _ ისე ხმადაბლა ამოვთქვი, რომ მგონი, ვერც გაიგონა.
_ ოღონდ პირობა მომეცი, რომ ამ თავსხმა წვიმაში დამალობანას არ წამეთამაშები. გასაგებია?
_ არ წაგეთამაშები, მოვდივარ, _ ამჯერად ხმამაღლა წარმოვთქვი, რომ გაეგონა.
_ ჰოდა, ეგრე! ასე არ ჯობია? _ გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ სწრაფად ამარიდა მზერა და ოთახიდან გავიდა.
სანამ მანქანას მოაყენებდა და უკან შემობრუნდებოდა, სკამზე გადაფენილი ტანსაცმელი ჩავალაგე. ისედაც მომზადებული ვიყავი, ხვალ მაინც ვაპირებდი გამგზავრებას, ამიტომ დიდი დრო არ დამჭირვებია. ცეცხლი ჩავაქრე, გახურებულ ნაცარს წყალი მივასხი თავის დაზვევის მიზნით და როცა ირაკლი შემოვიდა, ჩანთით ხელში გამზადებული დავხვდი.
_ სულ ეს არის? _ ჩემს ჩანთას შეავლო თვალი.
_ ჰო, სულ ეს არის.
_ მომეცი, წამოვიღო. შენ კი ქოლგას შეეფარე, არ დასველდე.
გარეთ გამოსულმა კარი ჩავკეტე, გასაღები კარის ზემოთ, პატარა სამალავში შევდე, ქოლგა გავშალე და ეზოში ჩავედი. სანამ ჭიშკარს ჩავკეტავდი, კიდევ ერთხელ მოვავლე უკვე ჩაბნელებულ სახლს თვალი და ფიქრებში დავემშვიდობე….



№1  offline წევრი bethelimit

Sascrafod velodebi shemdeg tavs!!!!!

 


№2  offline წევრი pitito

მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent