შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა დასასრული


5-09-2016, 15:07
ავტორი tatia27
ნანახია 4 602

ეს დღეც დადგა. აპრილის ერთ მშვენიერ საღამოს მოვხიკე ჩემი ბარგი-ბარხანა, დავემშვიდობე თვალცრემლიან ოლღას და ჩემი ქვეყნისკენ გამოვეშურე.
აეროპორტში სესილი და გაგა დამხვდნენ. გაგა უკვე დავაჟკაცებული ბიჭი იყო. მათთან სულ მქონდა კავშირი სკაიპით და ფეისბუკით, ხარბად ვათვალიერებდი ხოლმე მათ ფოტოებს. ასე ვთქვათ, ბიჭი ჩემ თვალწინ იზრდებოდა და კაცდებოდა. ის ახლა უკვე სტუდენტი იყო, წვერიც წამოზრდოდა და ხმაც დაბოხებოდა. ისე თამამად ვეღარ შემხვდა, როგორც ცხრა წლის წინ მხვდებოდა, გაწითლდა კიდევაც, როცა გადავეხვიე და ვუთხარი, რა «ფირმა» ბიჭი დამდგარხარ-მეთქი.
სესილთან ერთი ღამე დავრჩი. ბევრი ვილაპარაკეთ, უამრავი რამ გავიხსენეთ, მათ შორის ჩემი წარსული. ირაკლიზე ლაპარაკი დღესაც ისეთივე ტკივილს მაყენებდა, როგორც ადრე. ისევ ისე მიყვარდა, ერთი წამითაც არ გამნელებია მისადმი გრძნობა. არ ვიცი, ამ წლების განმავლობაში, რატომღაც, გამუდმებით რაღაც სასწაულის ლოდინში ვიყავი. ჩასაფრებული გადავდიოდი ფეისბუკის ერთი გვერდიდან მეორეზე, ვეძებდი ირაკლის მოგვარსახელეს ჩემი მეგობრების და მათი მეგობრების ნუსხაში და ცალკეც, მაგრამ ვერა. აშკარა იყო, იგი სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა, ან სხვა სახელით იყო დარეგისტრირებული.
_ ახლა მაინც არ მეტყვი, რა უნდა გეთქვა, ასე რომ დამაინტრიგე? _ ვკითხე სესილს, როცა ერთმანეთის მოკითხვით გული ვიჯერეთ.
ამის გაგონებაზე ჩემს მეგობარს სახე შეეცვალა, ტუჩები მოკუმა, წამწამები დაბნეულად აახამხამა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კი ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:
_ არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონი, შენი შვილი ცოცხალია…
იმ წუთების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. გაოგნებულს ენა ჩამივარდა, სუნთქვა გამიჩერდა და გულმაც შეწყვიტა ცემა. თითქოს აგონიაში ჩავვარდი. ვერ ვიჯერებდი იმას, რაც სესილმა გამანდო. ნუთუ ჩემი შვილი ცოცხალია? მაგრამ თუ ასეა, რატომ მომატყუა ირაკლიმ? რაში დასჭირდა ასეთი გაუგონარი სიცრუის მოფიქრება? რა მოიგო ამით? თუ უნდოდა, ისედაც ხომ შეეძლო ჩემი თავიდან მოშორება? ბავშვის გამო? ნუთუ იფიქრა, რომ ჩვენი დაშორების შემთხვევაში მისი ნახვის უფლებას არ მივცემდი?
ფიქრი ფიქრს ცვლიდა. ვერაფრით ვუძებნიდი ახსნას მის საქციელს. მინდოდა, მომეკლა, მიმეხრჩო, ნაკუწებად მექცია. წამების განმავლობაში გამიქრა მის მიმართ ყველანაირი გრძნობა, სიძულვილის გარდა. არა, არასდროს არავინ შემძულებია ცხოვრებაში, ეს ერთადერთი გრძნობა იყო, რომელიც არ განმიცდია. ახლა კი…
ღმერთო, როგორი ხველა ამიტყდა. სესილს ისე შეეშინდა, კინაღამ კივილი მორთო. იქით დავუწყე დაწყნარება. სასწრაფოს გამოძახება უნდოდა და არ დავანებე. არადა, ძალიან ცუდად გავხდი. ხელების ცახცახს ვერაფერს ვუხერხებდი. პირი გამიშრა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ტემპერატურამ ერთბაშად ოცდაცხრამეტამდე ამიწია.
როგორც იქნა, ნელ-ნელა დავწყნარდი. სესილი წარამარა წყლიან ჭიქას მაწვდიდა, რომ მომესვა. ვმშვიდდებოდი და თანდათან ვაანალიზებდი სიტუაციას.
როგორც სესილისგან გავიგე, ჩემი გამგზავრებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ირაკლის მეორე ცოლი შეურთავს, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში გაშორებიან ერთმანეთს. ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა. სესილის ვარაუდით, მასაც უმალავდნენ ალბათ ბავშვის არსებობას და როცა ეს საიდუმლო გამჟღავნდა, ცოლმა არ აპატია ქმარს ტყუილი. ამაზე მეცინებოდა. გამოდის, ერთხელ ირაკლისაც დასჭირდა ახლობელი ადამიანის მოტყუება. თუ მართლა დაუმალა მეორე ცოლს ბავშვის ამბავი, რა გამოდის? განა მისი ტყუილი რითიმე ნაკლები იყო ჩემს ტყუილზე, რომელსაც სამუდამოდ გადააყოლა ჩემი სიყვარული?
ამას დამატებული ისიც, რომ მეც მომატყუა და ახალდაბადებული ჩვილი მკერდიდან მომწყვიტა. აი, რა არის უპატიებელი! მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ ასე სასტიკად დავესაჯე, მან კი… საკმარისია, ვუჩივლო, რომ ციხეში ამოყოფს თავს. მაგრამ ვაი, რომ ასეთი რამეები არ შემიძლია. სხვისი გაუბედურების მცდელობაც კი შორს არის ჩემგან. მაგრამ იმას, რაც ჩაიდინა, არასდროს ვაპატიებ. და, რაც მთავარია, აუცილებლად დავიბრუნებ ჩემს გოგონას!
_ ვინ იყო მის ცოლი?
_ იცი, ვინ იყო? _ სესილი წამით ჩაფიქრდა, _ გეცოდინება აუცილებლად, მაშა დოლიძე, ძალიან ლამაზი მოდელი იყო თავის დროზე, მერე ავარიაში მოყვა და მოდელობას თავი დაანება. საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს. არც ისე პატარა ასაკისაა, შეიძლება ცოტათი უფროსიც კი იყოს შენს ქმარზე.
_ ვერაფრით ვერ ვიხსენებ. _ თავი გადავაქნიე.
_ იცი, როგორი ტიპის ქალია? აი, ცვალებადი ასაკისანი რომ არიან, დღისით ორმოცი წლისას რომ ჰგავს და საღამოს ოცდაათისას, _ თავისსავე ნათქვამზე გაეცინა სესილს.
_ წარმოგიდგენია? ჩემი შვილი ცხრა წლის ხდება და ამის შესახებ მე მხოლოდ ახლა ვიგებ. საშინელება არ არის?
_ ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დანამდვილებით არ ვიცი, მართალია თუ არა ეს. ბავშვი თვალით არ მყავს ნანახი, უბრალოდ, ჭორის დონეზე ვიცი. ამბობენ, კარგა ხანს გადამალული ჰყავდათო. არ ვიცი, სად ზრდიდნენ. მერე მოულოდნელად გამოაჩინეს. შენი დედამთილი გაიძახის თურმე, ჩვენი ნათესავის ბავშვია, უპატრონოდ დარჩა და სამადლოდ ჩვენ ვზრდითო.
_ ხომ არ იცი, რომელ სკოლაში სწავლობს?
_ წარმოდგენა არ მაქვს, _ შეწუხებული სახით მომიგო სესილმა.
_ ირაკლი უნდა ვნახო, მაგრამ იქამდე უნდა გავარკვიო, ბავშვის ნახვა სად შეიძლება. იქნებ სულაც არ არის ჩემი შვილი და ტყუილად ხომ არ ავტეხავ ამბავს?
_ ჰო, ეგეც მართალია, _ დაიბნა სესილი, _ ხომ არ ვიჩქარე, რომ გითხარი? მაპატიე, უბრალოდ, მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს. ყველა ამბობს, რომ ის შენი შვილია, ძალიან გგავს, ამიტომაც გითხარი, ნიცა.
_ კარგია, რომ მითხარი, თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდი ამ ამბავს. არა აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ არა გავრცელებული ჭორი. ამის დადგენას ბევრი არაფერი უნდა. ხვალვე გავარკვევ სიმართლეს. შენ მხოლოდ ერთ რამეში დამეხმარე… _ და სესილს ჩემი გეგმა გავაცანი, რომელიც იმწუთას დავსახე გონებაში…
დილიდან გადაუღებლად წვიმდა. ეს ჩემს ჩანაფიქრს ხელს საგრძნობლად უშლიდა. წვიმაში ძნელი იყო, ჩავსაფრებოდი ირაკლის თავის სამსახურთან. სესილმა გადარეკა თავის მეგობრებში და გაიგო, ირაკლი ამჟამად სადაც მუშაობდა. როგორც გავიგე, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაუწყია მუშაობა. ვერაფრით წარმომედგინა იგი ლექტორის ამპლუაში. როგორმე უნდა მომეხელთებინა სალაპარაკოდ. მაინტერესებდა, როცა პირში მივახლიდი ყველაფერს, რაც ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა.
სესილმა თავისი მანქანა მათხოვა, რათა ტაქსით არ მებოდიალა წვიმიან ამინდში. «ვეფხისა და მოყმის» ქანდაკებას რომ ჩავუარე, წვიმამ მოულოდნელად გადაიღო. სვლა შევანელე, აღმართი ავიარე და საბურთალოსკენ გავუხვიე. ერთი წამით შევჩერდი გზის პირას, ჩანთიდან წინასწარ მომზადებული თავშალი ამოვიღე და თავზე ისე დავიხურე, სამოციანელებში რომ იხურავდნენ მოდას აყოლილი ქალები, ამით თმა მთლიანად დამეფარა. ვიცოდი, გაშლილი თმით ის უცებ მიცნობდა. შემდეგ ტუჩებზე ხასხასა წითელი ფერის პომადა წავისვი, შავი სათვალე გავიკეთე, სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილმა მანქანა დავძარი. ახლა სულაც არ ვგავდი იმ გოგოს, თერთმეტი წლის წინ ირაკლის რომ უყვარდა.
მანქანა ტროტუარზე ავიყვანე და იქვე, ტექნიკურის გვერდით, ღია კაფეში, მაგიდას მივუჯექი, თან ნაყინი მოვითხოვე. უნივერსიტეტის ამ კორპუსის შესასვლელი ჩემგან სულ ორიოდე ნაბიჯში იყო, ამიტომ გარკვევით ვხედავდი, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. არც შემიმჩნევია, როდის მომიტანეს ნაყინი, რკინის ალაყაფს მივჩერებოდი და ფიქრებით წარსულში დავფრინავდი. იქნებ დღეს გაირკვეს ყველაფერი და გაიხსნას ის საიდუმლო, რომელიც თურმე ამდენი წელია, არსებობს. თვითონ როგორ უყვარდა ხოლმე თქმა? საიდუმლო არ არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფერი საიდუმლოაო. ჰმ…
ნეტავ როგორია ჩემი გოგონა? მართლა მგავს? არის თუ არა ბედნიერი? როგორ ექცევიან? რას ეუბნებიან, დედაშენს რა დაემართაო?
ფიქრებმა დამტანჯა. არ ვიცი, რამდენ ხანს დავყავი ასე. როცა გამოვერკვიე, ნაყინი მთლად დამდნარიყო, ამიტომ მიმტანს ვთხოვე, ვაფლისჭიქიანი ალუბლის ნაყინი მოეტანა და ის იყო, ჭამას შევუდექი, რომ კვლავ გაწვიმდა. სხვა გზა არ მქონდა, ისეთი თავსხმა იყო, მაგიდას გადაფარებული უზარმაზარი ქოლგაც ვერ მიშველიდა, ამიტომ მანქანისკენ გავიქეცი. თხელი სვიტერი წამიერად დამისველდა და სხეულზე მომეკრო.
«როგორც ჩანს, ტყუილად ვიცდი, ის ან არ მოსულა დღეს საერთოდ, ან უკვე წავიდა». _ გავიფიქრე და საჭესთან მოკალათებულმა სარკეში ჩავიხედე, რომ შემემოწმებინა, წვიმამ მაკიაჟი ხომ არ გამიფუჭა. მოულოდნელად სარკიდან შევნიშნე, რომ ჩემი მანქანის უკან, სულ რაღაც სანტიმეტრებში, შავი ჯიპი გაჩერდა. მანქანიდან კაცი გადმოვიდა. მას თავი დაეხარა, რათა წვიმისთვის სახე აერიდებინა. მიუხედავად ამისა, ირაკლი მაშინვე ვიცანი. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. სრულებით არ შეცვლილიყო, მხოლოდ ოდნავ შერეოდა ჭაღარა გრუზა თმაში. ბევრად სიმპათიურად გამოიყურებოდა, ვიდრე ცხრა წლის წინ. მისი ყურადღება როგორმე რომ მიმეპყრო, სასწრაფოდ ჩავაგდე ნახევრად შეჭმული ნაყინი ერთჯერად პარკში, რომელშიც შესანიღბავად გამზადებული თავშალი ჩავდე დილით და მანქანა უკუსვლით ისეთი სისწრაფით დავძარი, რომ პირდაპირ ირაკლის ჯიპს დავაჯახე, ოღონდ ისე მსუბუქად, რომ არც ერთი მანქანა არ დაზიანებულიყო. ესეც ასე, ნახევარი საქმე გაკეთებულია-მეთქი, გავიფიქრე და ეგრევე გადმოვხტი მანქანიდან ბოდიშის მოსახდელად. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედება ჩემს გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ უკეთესი ვერაფერი მიკარნახა.
_ ვაიმე, მაპატიეთ, თუ შეიძლება, _ შეწუხებული ხმით წამოვიყვირე, _ მაპატიეთ, არც ვიცი, რა დამემართა, წვიმის გამო ვერ შევამჩნიე თქვენი მანქანა, ალბათ… გავაფუჭე რამე?
ის კი იდგა გახევებული და გაოგნებული მომჩერებოდა. ნუთუ მიცნო? არა მგონია, ამდენი წელია, არ გვინახავს ერთმანეთი… მაგრამ მე ხომ მაშინვე ვიცანი? ჰო, მაგრამ მე საგანგებოდ ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის, თანაც ისე ვარ შეფუთნილი, ასე ადვილად საცნობი ვერ ვიქნები. იქნებ ხმამ გააკვირვა? ხმა ხომ ყველაზე საოცარია რამაა _ ერთხელ თუ მიეჩვია ყური, არასდროს დაგავიწყდება. ირაკლი მანქანის კარს ჩაბღაუჭებოდა და წვიმის თქეშს, რომელიც სახეში სცემდა, ვეღარც ამჩნევდა, ადგილიდან არ იძვროდა და არც თვალს მაშორებდა.
დავიბენი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მეგრძნობინებინა, რომ მეც ვიცანი, თუ ისეთი სახე მიმეღო, ვითომ სრულიად უცხო მამაკაცს ველაპარაკებოდი?
მან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. თანდათან მეყინებოდა ძარღვებში სისხლი. ირაკლი ისეთი დაიჟინებით შემომცქეროდა, თითქოს ჩემი შესწავლა სურსო.
_ ვინ ხარ? _ ძლივს ამოიხრიალა ბოლოს.
_ ბატონო? _ თავი გავისულელე.
მან მექანიკურად თმაზე გადაისვა ხელი, ერთიანად გაილუმპა.
_ ვინ ხართ, რა გქვიათ და აქ რას აკეთებთ! _ ხმა გაუმკაცრდა.
ისევ ისეთი მომთხოვნი კილო ჰქონდა, როგორც ყოველთვის.
_ მომისმინეთ… _ მტკიცე ხმით გავაგრძელე ლაპარაკი, _ ძალიან ვწუხვარ, რომ დაგეჯახეთ, მაგრამ, მგონი, გადავრჩით, არაფერი ჩანს დაზიანებული, _ სხაპასხუპით მივაყარე და მანქანების შეჯახების ადგილას ჩავიკუზე, ვითომ დათვალიერების მიზნით.
_ არ შეგიძლია, უბრალოდ მიპასუხო კითხვაზე? _ გაიმეორა ირაკლიმ და მომიახლოვდა.
ცამ ავად დაიგრუხუნა. წელში გავსწორდი და სწრაფად მოვავლე თვალი იქაურობას. ყველა ნორმალური ადამიანი ან მანქანაში იჯდა, ან შენობების კედლებს იყო შეფარებული. კანტიკუნტად თუ გარბოდა ქუჩაში ვინმე… მხოლოდ მე და ირაკლი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვსველდებოდით.
სხვა გზა არ მრჩებოდა, უნდა გამოვცნაურებოდი. სათვალე მოვიხსენი, თვალი თვალში გავუყარე და ზედმეტად რბილად მივესალმე:
_ გამარჯობა, ირაკლი!
_ შენ? აქ… აქ საიდან?
_ მოუსავლეთიდან, _ ბოროტი ნაპერწკლები გავიჩინე თვალებში და ირიბად გავხედე.
დაიბნა. სიტყვებს ვეღარ პოულობდა. ბოლოს გაიაზრა, რომ ვსველდებოდით და ხელში გასაღებების აცმა ააჩხრიალა:
_ წამოდი, ჩავსხდეთ მანქანაში, იქ ვისაუბროთ.
_ არა, გმადლობ, მირჩევნია დავსველდე! _ გავჯიუტდი.
მოულოდნელად ისე დაიქუხა, რომ კინაღამ შევხტი.
_ ჭექა-ქუხილის გეშინია? _ ირონიულად მკითხა.
_ არა, დიდი და ბრაზიანი კაცების უფრო მეშინია, _ ვუპასუხე და თავით ვანიშნე, თანახმა ვარ-მეთქი.
ირაკლიმ კარი გააღო, საჭესთან დაჯდა და როცა მეც გვერდით მივუჯექი, ჩემკენ შემობრუნდა. ისე მიყურებდა, თითქოს მანამდე ქალი საერთოდ არ ენახა. ისევ ისეთი პირქუში იყო, როგორც წეღან, ღიმილის ნასახი არ გასჩენია ტუჩის კუთხეებში და როდესაც დაილაპარაკა, ხმა ოდნავ უკანკალებდა:
_ ვიღაცას მაგონებ… _ თქვა და მისი ნათქვამი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გაკვირვება ვერ დავმალე.
ნუთუ მართლა ვერ მიცნო, თუ ისიც ისევე თამაშობს, როგორც მე ვთამაშობდი ორიოდე წუთის წინ?
_ შესაძლებელია… _ ავყევი თამაშში, _ მე ნიცა მქვია, ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, სულ ერთი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი, სულ ხუთიოდე წუთია, რაც ნაყინი მივირთვი და კაფედან გამოვედი, დაბოლოს, სულ რაღაც ორი წუთი იქნება, რაც შენს მანქანას დავეჯახე და ხასიათი გაგიფუჭე.
ჩემს ყოველ სიტყვასთან ერთად ირაკლი უფრო და უფრო იღუშებოდა, ხოლო ფიქრებით თითქოს სხვაგან იყო. _ თქვენ კი ირაკლი უნდა იყოთ, არა? იმედია, არ ვცდები.
_ რატომ ჩამოხვედი, ნიცა? _ უმშვიდესი ტონით მკითხა.
სავარძლის ზურგს მივეყრდენი და წამიერად თვალები დავხუჭე, რათა ტირილი შემეკავებინა.
_ როგორც გავიგე, ცხრა წლის გოგონა გყავს, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როცა მე ვიმშობიარე. ეს მართალია? _ ვაჯახე და მისკენ შეტრიალებული სახეში ჯიქურ მივაჩერდი. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა.
_ საიდან გაიგე? მისი დაბადების თვე და რიცხვი არავინ იცოდა, _ უფრო და უფრო გაკვირვებულ სახეს იღებდა ჩემი ყოფილი მეუღლე.
_ გინდოდა გეთქვა, მისი დაბადების ზუსტი თარიღი, არა? საინტერესოა, რა უწერია დაბადების მოწმობაში მაშინ, როცა მამამისი ტყუილებს არ არის მიჩვეული. უფრო მეტიც, ის არავის ჰპატიობს მოტყუებას, _ გესლი დავანთხიე.
_ როგორ გაიგე-მეთქი! _ ხმას აუწია და მუშტი საჭეს მსუბუქად დაჰკრა.
_ სრულიად შემთხვევით, თუკი დაგაკმაყოფილებს ჩემი ბანალური პასუხი, _ მხრები ავიჩეჩე და ამრეზით გადავხედე, შემართული ვიყავი საბრძოლველად.
_ გინდა, რომ ეს სისულელე დავიჯერო? მორჩი თამაშს და საქმეზე გადავიდეთ!
_ შენთან თამაშს არ ვაპირებ, მეყო, რაც მათამაშე!
_ აბა რისთვის მოხვედი? არ მითხრა, რომ შემთხვევით გადამაწყდი აქ! დარწმუნებული ვარ, დილიდან ხარ დარჭობილი ამ ჭიშკართან, რომ მომიხელთო.
_ გამოიცანი… სპეციალურად ჩაგისაფრდი, რომ მენახე, თუმცა უკვე წასვლას ვაპირებდი, რადგან შენი ნახვის იმედი გადამეწურა.
_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა გინდა ჩემგან?
მისმა შეკითხვამ თითქოს ბალახივით უცებ მომცელა. ნუთუ არ აპირებს, სიმართლე მითხრას?
_ ის… ის… მე მგავს? _ ხმადაბლა ვიკითხე და ცრემლები ლოყაზე ღვარად ჩამომედინა. ისე უეცრად წამსკდა ტირილი, ვეღარ ვჩერდებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც ვიღიმოდი. _ მგავს, არა? ამიტომაც უცებ მიცანი, ხომ მართალი ვარ? არადა, ძალიან ვარ შეცვლილი…
მისი სახის გამომეტყველება არ შეცვლილა, ისევ ისე ქედმაღლურად მიყურებდა.
_ ძალიან გულის ამაჩუყებელი სცენაა, ქალბატონო ნიცა! მსახიობი ხომ არ ხართ შემთხვევით? იქნებ საპნის ოპერებიდანაა ეს სცენა?
ეს უკვე მეტისმეტი იყო. სიბრაზე მომაწვა.
_ ჩემს შვილსაც ასეთი ტონით ელაპარაკები? დასცინი მას და არაფრად აგდებ მის გრძნობებს?
_ ის შენი შვილი არ არის! ვინ მოგახსენა, რომ შენი შვილია?
_ აბა ვისგან გყავს?
_ სხვა ქალისგან. გგონია, შენ გარდა სხვა ქალი არ მყოლია?
_ შეიძლება გყოლია სხვა ქალი და ქალების მთელი კოლონა, მაგრამ შვილი რომ ჩემია, ზუსტად ვიცი. ამიტომ იცოდე, რომ ვერავინ მაიძულებს, მასზე უარი ვთქვა. საინტერესო ის არის, რამ მოგაფიქრა მსგავსი სცენარის გათამაშება? რატომ მომატყუე, ბავშვი დაიღუპაო? მოისყიდე ექიმები, არა? გიჩივლებ, იცოდე! გიჩივლებ და ამ საქმეს ასე არ დავტოვებ! დნმ-ის ანალიზის ჩატარებას მოვითხოვ და როცა სიმართლეს დავამტკიცებ, შენს მოსყიდულ მედპერსონალიანად ციხეში ამოგაყოფინებ თავს! _ მთელი ხმით გავყვიროდი, ისტერიკაში ჩავვარდი.
მასზე ჩემს სიტყვებს არ უმოქმედია. თითქოს არც ესმოდა, რას ვეუბნებოდი.
_ მოეშვი კომედიას. გითხარი, შენი შვილი არ არის-მეთქი. ტყუილების ოსტატი შენ ხარ და არა მე. როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაინც ვერაფერს დაამტკიცებ. ბავშვი სხვა ქალისგან მყავს, თუ გინდა, მოგცემ მისამართს და ესტუმრე, რათა სიმართლე გაარკვიო.
ნერვიულად გავიცინე. იქნებ მართალს ამბობს და ტყუილად ვფაფხურობ? ამიტომაც ჯობდა, ჯერ ბავშვი მენახა და ირაკლის შემდეგ დავლაპარაკებოდი. მივხვდი, რომ ვიჩქარე.
_ მე მაინც ვეცდები ჩემსას, _ უკან არ დავიხიე და თვალი თვალში გავუყარე.
ერთხანს ასე ვუყურებდით ერთმანეთს, მდუმარედ, ჯიბრით, თითქოს ნაძლევი გვქონდა დადებული, ვინ მეტხანს გაუძლებდა მეორის მზერას.
ბოლოს, როგორც იქნა, გატყდა, თვალი ამარიდა, წინ გაიხედა და შეცვლილი ხმით თქვა:
_ კარგი, ეგრე იყოს. ჰო, მოგატყუე, ბავშვი შენი გაჩენილია, მაგრამ შენი შვილი არ არის. ის ახლა მხოლოდ ჩემი შვილია და არც იფიქრო წართმევა, არც დააპირო. ამას არ დავუშვებ. დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ბავშვი ჩემთან დარჩენილიყო. ბოლოს ეს მოვიფიქრე. მედპერსონალი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. იმედია, მოვრიგდებით ერთმანეთში. თუ ფული გჭირდება, არ შეგიქმნი პრობლემას. თანხა დამისახელე და ამით დავამთავროთ. მე იმდენის მოცემა შემიძლია, რომ თავისუფლად შეძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას.
ღმერთო, როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი სიტყვები, თითქოს მეძავს ურიგდებოდა, თითქოს ქუჩის ქალი ვყოფილიყავი და არა მისი ცოლი, რომელიც უმნიშვნელო მიზეზის გამო, სრულიად უწყინარი ტყუილის გამო მოისროლა ქუჩაში.
_ შენს სითავხედეს საზღვარი არა აქვს, საერთოდ არ შეცვლილხარ. რა უცნაურია, რომ ამდენი წლის შემდეგაც ვერაფერი გისწავლია ცხოვრებისგან, _ ზიზღით გამოვთქვამდი თითოეულ სიტყვას, _ შენ საერთოდ არ მაინტერესებ, თუ გინდა იცოდე, მაგრამ შვილზე უარს ვერ მათქმევინებ. შენი ფული მშვიდობაში მოიხმარე, არაფერში მჭირდება. თუ გინდა, იქით გადაგიხდი თანხას და თვითონ მომყიდე ჩემი შვილი. ამაზე რას იტყვი?
მოულოდნელად სიფითრემ გადაჰკრა სახეზე, შუბლი ოფლით დაეცვარა.
_ გარიგებას მთავაზობ?
_ როგორც შენ, _ მშვიდად ავიჩეჩე მხრები, _ ხვდები ალბათ, რომ უპირატესობა ჩემს მხარეზეა. ძალიან ბევრი ბერკეტი გამაჩნია საიმისოდ, რომ კანონის ჩარევის შემთხვევაში, წაგებული დარჩე. თანაც, წაგებაც არის და წაგებაც, უამრავ ადამიანს გაიყოლებ თან, გლდანის საპატიმროსკენ, _ ბოლო სიტყვები გამოკვეთილად დაცინვით წარმოვთქვი.
ამწუთას აღარ მადარდებდა, რას გრძნობდა ჩემ მიმართ, რადგან მივხვდი, რომ საბოლოოდ გამიცივდა მასზე გული და პატივისცემის ნატამალიც აღარ შემრჩა. ის ახლა მხოლოდ ხიწვი იყო, თითში უსიამოვნოდ შერჭობილი ხიწვი, რომლის ამოღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცედურაა მხოლოდ. ჩემს სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა. თუ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, დარწმუნებული ვიყავი, რომ პროცესს აუცილებლად მოვიგებდი, მაგრამ მინდოდა, უამისოდ მომეგვარებინა ყველაფერი.
_ აი, ახლა ვხვდები, ვისი ხასიათი გამოჰყვა ჩემს შვილს… თანაც ეს თავთუხისფერი თმა და ეგ თვალები… _ მომლბალი ხმით ჩაილაპარაკა.
_ მართლა ასე მგავს? _ ისევ მომერია ცრემლი და წეღანდელი მუქარა დროებით გადამავიწყდა.
_ ძალიან ლამაზი გოგო დადგება, _ დააქნია თავი.
გავწითლდი, სახეზე ალმური ამივიდა.
ირაკლი საჭეს ჩაბღაუჭებოდა და წვიმის ფარდას უაზროდ გაჰყურებდა. ჩანდა, რომ უახლოეს ხანებში გადაღებას არ აპირებდა.
_ რა გინდა ჩემგან? _ მკითხა ბოლოს და ნელა მოაბრუნა თავი.
_ მე… მე… _ სუნთქვა შემეკრა და ჩუმად, უსიცოცხლოდ ვუპასუხე, _ რა მინდა? ბევრი არაფერი. თვითონაც არ ვიცი, ზუსტად რა მინდა… თანაგრძნობა, მხოლოდ თანაგრძნობა და ცოტაოდენი ნდობა. სხვა არაფერი. ეს არის და ეს, _ უაზროდ ვროშავდი. თავიდან არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა მომეთხოვა. მხოლოდ ახლა ვაანალიზებდი მისი შეკითხვის არსს და ვფრთხილობდი, კატეგორიული არ გამოვჩენილიყავი, რათა უარესად არ დამეძაბა ისედაც დაძაბული სიტუაცია.
იგი აშკარად გაოცდა.
_ ნდობას დამსახურება უნდა, ნიცა.
_ დამსახურება? ამას შენ მეუბნები? შენ, რომელმაც მოტყუებით წამართვი შვილი, გარდაცვლილად გაასაღე იგი და სიცოცოხლე მომისპე?
_ რაღაც არ ჰგავხარ სიცოცხლემომსპარს, _ ჩაიცინა. _ მიცვალებულის კვალობაზე ერთობ მკვირცხლად და ენერგიულად გამოიყურები.
_ გგონია, კარგად ვარ? გგონია, ბედნიერად ვგრძნობ თავს? შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ცეცხლი წაუკიდე და ფერფლად აქციე, სრულიად უდანაშულო ქუჩაში დამაგდე ბედის ანაბარა და შვილიც მომპარე. შენი აზრით, ამის მერე კარგად უნდა ვიყო?
თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
_ მოკლედ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხარი, კონკრეტულად რას მოითხოვ ჩემგან.
მისმა შეუვალობამ და გულქვაობამ გამასავათა. სასოწარკვეთილმა ღრმად ამოვიოხრე და ჩახლეჩილი ხმით ამოვთქვი:
_ მინდა, ჩემი შვილი ვნახო. მან უნდა იცოდეს, რომ დედა ცოცხალი და უვნებელი ჰყავს.
_ მან ეს იცის, _ მშვიდად მომიგო.
_ იცის? და მერე?
_ რა მერე?
_ რას ამბობს ამაზე?
_ არაფერს, ის შეეგუა, რომ დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და გაიქცა. რას უნდა ამბობდეს ამაზე?
_ ასე უთხარი? ასე უთხარი ჩემს შვილს? შე მატყუარა, შე არამზადავ! შე… შე… _ ვეღარ გავაგრძელე, ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, თვალთ დამიბნელდა და ვიგრძენი, რომ საცაა, გული წამივიდოდა.
_ დამშვიდდი, ნიცა, რა გემართება? _ ხმამაღალი სიცილით მითხრა, _ რას ნერვიულობ? ავდგები და დღესვე ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის მოვიგონე, გული არ დასწყვეტოდა დედაზე. მარტივი გამოსავალია.
ღმერთო, როგორ მშვიდად ლაპარაკობდა ამ ყველაფერზე. თითქოს შვილი კანონიერი ცოლისგან კი არა, სუროგატი დედისგან ჰყავდა…
აშკარა იყო, ირაკლი ჩემს ნებისყოფას ცდიდა. ვცდილობდი, წონასწორობა არ დამეკარგა.
_ და აქამდე რატომ უმალავდი ჩემს არსებობას? რისი გეშინოდა? _ მაინც ვერ შევიკავე თავი, გავღიზიანდი, _ გეგონა, სახლში მოგივარდებოდი, კარზე დაგიკაკუნებდი და გეტყოდი: გამარჯობა, მე ის ვარ, ვისაც შვილი წაართვი, აქ შემთხვევით აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, შენთან შემომევლო, რათა ჩემი გოგო მოვითხოვო-მეთქი? გგონია, ამას ვიკადრებდი?
_ არ ვიცი, რას იკადრებდი, დიდი ხანია, აღარ გენდობი, _ უხეშად მომიგო და თვალი თვალში გამიყარა.
_ აჰა… _ თავი ჩავხარე და ყრუ ხმით გავაგრძელე, _ არ მენდობი… და ამ უნდობლობის გამო სამაგიერო გადამიხადე, არა? დამსაჯე, ხომ ასეა? იფიქრე, რომ სხვანაირად თავიდან ვერ მომიშორებდი?
_ მომიშორებდი არა…
_ აბა რა?
_ სხვანაირად მე ვერ მოგშორდებოდი… _ ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს საკუთარ ფიქრს გამოელაპარაკაო.
ამის გაგონებაზე თავბრუ დამეხვა და თვალწინ ყველაფერი დატრიალდა. ცრემლები ნიაღვარივით წამსკდა და მწარედ ავტირდი. ავტირდი უხმოდ, უსიტყვოდ, კვნესაც კი არ დამცდენია. ვგრძნობდი, წინ მხოლოდ მარტოობა და უსასოობა მელოდა. მძიმედ ვსუნთქავდი, ხელები მიკანკალებდა. ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ თითების ცეცებით მოვძებნე კარის სახელური და გამოვაღე. ირაკლიმ მხარზე ხელი დამადო, მაგრამ უხეშად მოვიცილე:
_ თავი დამანებე! მეტის ატანა არ შემიძლია!
_ არ გაინტერესებს, რა ჰქვია? ეგ მაინც გეკითხა.
აცრემლებული თვალებით გავხედე, მაგრამ ეს შეკითხვა არ დამისვამს.
_ მას ანა დავარქვი, ვიცოდი, რომ ეს სახელი მოგწონდა.
_ დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამაში მაინც გამიწიე ანგარიში, _ დამცინავად გავიღიმე და ჯიპიდან ჩავხტი.
უკანმოუხედავად შევვარდი ჩემს მანქანაში, საჭეზე დავემხე და ისევ ავქვითინდი, ამჯერად ხმამაღლა, გაბმულად…
კარგა ხანი გავიდა, სანამ გონს მოვედი და ცოტათი დავმშვიდდი. მოულოდნელად მინაზე ვიღაცამ მომიკაკუნა. ირაკლი იყო. მინა ნახევრად ჩამოვწიე.
_ ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენს სახლში მოსვლას, სულ კარგად ბრძანდებოდე! _ ეგრევე მივახალე.
_ არა, საყვარელო, ეგრე იოლად ვერ გაგიშვებ, _ კბილებში გამოცრა, _ პირობა მომეცი, რომ არასდროს მოინდომებ ანასთან შეხვედრას.
_ აზრადაც არ მომსვლია, რომ…
_ პირობა მომეცი-მეთქი! _ გამაწყვეტინა.
ამოვიოხრე.
_ მე არასდროს ვიზამ არაფერს ისეთს, რაც ჩემს შვილს ზიანს მიაყენებს. ამის მეტს ვერაფერს შეგპირდები, _ აგდებით მივაძახე, მანქანა დავქოქე და ის იყო, დაძვრას ვაპირებდი, რომ გაცოფებულმა მანქანის კარი გამოაღო, სახე ახლოს მომიტანა და მუქარანარევი ტონით წარმოთქვა:
_ არ მინდა, რომ აქ, ჩემს სამსახურთან იტრიალო და რომელიმე ჩემმა ნაცნობმა დაგინახოს. მხოლოდ მაშინ ვიქნები წყნარად, როცა აქედან გაქრები და აღარასდროს გამოჩნდები. გესმის, რასაც გეუბნები? _ იგი თავს ვეღარ იკავებდა და თანდათან ყვირილზე გადადიოდა.
_ ღმერთო ჩემო, რა დაგიშავე ასეთი, ასე რომ გამწარდი? _ საკუთარი თავი შემეცოდა, _ ნუთუ ამხელა ტკივილი მოგაყენე? განა შენ არ იტყუები? აბა, დაფიქრდი, ამ ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერ გითქვამს ტყუილი. რაღა შორს წავიდე, პირადად მე შვილის სიცოცხლე დამიმალე, მას კი უთხარი, დედამ მიგატოვაო. როგორ არ გრცხვენია!
მას პასუხი არ გაუცია, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ მე გამეგრძელებინა:
_ კარგი, ასე იყოს, _ ვთქვი ძალაგამოცლილმა, _ აქედან ახლავე წავალ, ოღონდ მოშორდი მანქანას და კარი მომიკეტე, ნუღარ მაჩერებ, თუ არ გინდა, რომ რომელიმე შენმა ნაცნობმა ერთად დაგვინახოს, _ სარკაზმი არ დავიშურე.
ირაკლის სახე გაუქვავდა.
_ ჰოდა, ეგრე! და კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი. არ გაბედო ჩემთან მოკარება და ბავშვთან შეხვედრაზე არც იოცნებო.
მან მანქანის კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. სატერფულს დავაწექი, ნელა დავიძარი და ტროტუარიდან ისე გადავედი გზის სავალ ნაწილზე, ირაკლისკენ არ გამიხედავს…
მიუხედავად მისი მუქარისა, წამითაც არ მიფიქრია უკან დახევა. პირიქით, თითქოს აზარტმა შემიპყრო, ჯიბრში ჩავუდექი. ვნახოთ, ვისი აჯობებს! აბა, ერთი, როგორ დამიშლის ჩემი შვილის ნახვას, მაგასაც ვნახავთ! მთელ ქვეყანას შევძრავ და ჩემს სიმართლეს მაინც გავიტან!
მეორე დღეს საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტისკენ დავიძარი. მანქანა იმავე ადგილას დავაყენე, სადაც გუშინ და ნაცნობ კაფეს მივაშურე. ირაკლის ჯიპი ახლომახლო არ ჩანდა. გარეთ ისე სწრაფად დაეკავებინათ სტუდენტებს მაგიდები, რომ ძლივს გამოვნახე ერთი თავისუფალი ადგილი. ყავა შევუკვეთე და ისევ უნივერსიტეტის ალაყაფს მივაჩერდი. ჩემს მაგიდასთან სამი გოგონა იჯდა, ეტყობოდათ, სტუდენტები იყვნენ. ისინი რაღაცაზე მხიარულად საუბრობდნენ და იცინოდნენ. მათ არ ვუსმენდი, ჩემი საფიქრალი მქონდა, ირაკლისთან შეხვედრას ვიხსენებდი. ვერაფრით ამეხსნა, ასეთი სიძულვილი როგორ დავთესე მასში, ნუთუ კარგი არაფერი ახსენდებოდა ჩემგან?
გული მიკვდებოდა იმის გახსენებაზე, როგორ ბოლომდე გამანადგურა. მტერს არ მოექცევიან ასე. ბოლოს და ბოლოს, ერთი უწყინარი ტყუილი ვუთხარი, ხომ არ ვუღალატე? თუმცა, ესეც ღალატია ნაწილობრივ, ტყუილად ვიმართლებ თავს, დამნაშავე ვარ და უნდა ვაღიარო.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ნაცნობ გვარს მოვკარი ყური, ერთმა გოგონამ ირაკლი ახსენა.
_ ერთს არ გაიღიმებს, სულ მოღუშული დადის. ამბობენ, ცოლმა უღალატა და გაეყარაო.
_ რა სისულელეა, რა უღალატა, გაექცა ის ქალი. ცუდად ექცეოდა თურმე, მაგარი უჟმური რომაა, არ ეტყობა? ისე დაგვყურებს ზემოდან, თითქოს მსოფლიოში ნომერ პირველი ლექტორი იყოს, _ ჩაბჟირდა გოგონა, _ ხასიათზე მხოლოდ მაშინ მოდის, თავის შვილზე რომ დაიწყებს ლაპარაკს.
_ ეგ ბავშვი ნაშვილები ჰყავს თურმე, _ ჩაურთო მეორემ.
_ მართლა? ეგ არ ვიცოდი. ისე, ამბობენ, ადრეც ჰყავდაო ცოლი, მაგარი ლამაზი გოგო ყოფილა და ისიც გაჰქცევია თურმე.
_ მაგას ვინ გაუჩერდება, შენი ჭირიმე, წარმომიდგენია, როგორი ასატანი იქნება მთელი დღე მისი უკმაყოფილო სიფათის ყურება. აი, გამოვიდა, არ გაიხედო, აქეთ იყურება! _ გოგონებმა თავები ჩახარეს.
შიშით მეც ვერ გავიხედე, არ მიცნოს-მეთქი. კიდევ კარგი, გვერდულად ვიჯექი და თავზე კეპი მეხურა. დღეს უკეთ ვიყავი შენიღბული, ამიტომ, წესით, ვერ უნდა ვეცნე.
_ გოგონებო, რომ წავა, მითხარით, რა, _ ჩურჩულით გადავულაპარაკე გოგონებს.
უნდა გენახათ, როგორი გაოცებული მზერა მესროლა სამივემ. იდუმალი მზერა მეც ვესროლე მათ და თვალი ჩავუკარი.
_ ცუდი არაფერი იფიქროთ, კარგი ადამიანია, უბრალოდ, ცოტა უხასიათო ტიპია, თორემ… _ თავი იმართლა იმან, რომელმაც პირველმა გაჭორა.
_ ვიცი როგორიცაა, ზედმეტი მართლა არაფერი გითქვამთ, _ მეგობრულად გავუღიმე, რათა მათი ნდობა მომეპოვებინა.
_ აი, წავიდა, _ თქვა მეორემ და მეც წამოვხტი, რათა უკან დავდევნებოდი.
ვაკისკენ აიღო გეზი. რამდენიმე მეტრში მივყვებოდი ისე, რომ არც ვუახლოვდებოდი და არც ვშორდებოდი. გული მიგრძნობდა, სკოლისკენ მიიჩქაროდა, შუადღემ კარგა ხანია, მოატანა და ალბათ ანა სკოლიდან ჰყავდა გამოსაყვანი. მეც ეგ მინდოდა. უნდა გამეგო, რომელ სკოლაში სწავლობდა ბავშვი, რათა მერე მივსულიყავი და ჩუმად მენახა.
ფალიაშვილზე ჩაუხვია და სკოლის ეზოსთან დაამუხრუჭა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა მანქანაში. ისეთ ადგილას დავდექი, რომ ადვილი შესამჩნევი არ ვყოფილიყავი. რამდენიმე წუთს ასე იდგა, მერე ვიღაცას ელაპარაკა მობილურით და უეცრად დაძრა მანქანა. ვიფიქრე, ალბათ გადაყენება უნდა-მეთქი, მაგრამ შევცდი. მან სიჩქარეს მოუმატა და მალე მოსახვევს მიეფარა. როგორც ჩანს, ადრე მოუვიდა მოსვლა, ან ანა შეყოვნდა სკოლაში. ეს ხელს მაძლევდა. გადავწყვიტე, დავლოდებოდი, რა მოხდებოდა.
ლოდინმა ნახევარ საათზე მეტხანს მომიწია. ავნერვიულდი. პულსი გავისინჯე. გული ისე გამალებით მიცემდა, თითქოს საგულიდან ამოხტომას ლამობდა.
მიუხედავად იმისა, რომ აპრილი იდგა, მაინც ცხელოდა. თმა ავიწიე და კეპის ქვეშ საგულდაგულოდ დავმალე. მუქი სათვალეც სანახევროდ მიმალავდა სახეს.
ნერვები სიმებივით დამეჭიმა. გოგონას მოლოდინში გული მიწუხდა. ნეტავ როგორია, მართლა ძალიან მგავს? სკოლიდან ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ ან ყვიროდნენ. იქვე, სკოლის შენობის გვერდით, საცხობი იყო. ისიც იმიტომ შევნიშნე, რომ მოსწავლეების უმეტესობა სწორედ იქ მიდიოდა სასუსნავის საყიდლად. ვითომ ვიცნობ? როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ვიცანი? უკან გავეკიდო? გავაჩერო და გამოველაპარაკო? ამაზე წარმოდგენა არ მქონდა.
ამ დროს სკოლის ეზოდან გოგონების ჯგუფი გამოვიდა. ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მაღალი, თხელი იყო და თავთუხისფერი თმა მხრებზე ეყარა.
ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ოღონდ აქეთ მოიხედოს, ოღონდ მისი სახე დავინახო, ღმერთო, მიშველე! _ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი გულში.
თითქოს ღმერთმა შეისმინა ჩემი მუდარა, გოგონა შემობრუნდა და რაღაც ისეთი თქვა, რომ მისი მეგობრები სიცილით დაიხოცნენ. ლამის სუნთქვა გამიჩერდა. იგი გაჭრილი ვაშლივით მგავდა, მხოლოდ თვალების ფერი ჰქონდა მამისეული. მას ჯინსის შარვალი და ალისფერი სპორტული ქურთუკი ეცვა.
ახლა უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ანა იყო, ჩემი ქალიშვილი. აი, თურმე როგორია. უკვე აღარ მიკვირდა ირაკლის უხასიათობა. რა საცოდაობაა, ყოველდღე უყურებდე შენს შვილს და მასში დედის სახეს ხედავდე. გამოდის, რომ ანას გარეგნობა მას ყოველ წამს ახსენებს ჩემს თავს.
შიშით გული გამისკდა, როცა ბავშვები პიდაპირ ჩემი მანქანისკენ გამოემართნენ. ასე მეგონა, მომიახლოვდებოდნენ და გამომელაპარაკებოდნენ, მაგრამ ისინი პირდაპირ საცხობს მიადგნენ. ხელები მიცახცახებდა, ისე ავღელდი.
_ რა ვიყიდოთ? მე ღვეზელი მინდა, თქვენ? _ ეს ანას ხმა იყო, წკრიალა, ლამაზი ხმა.
_ ჩვენც, ჩვენც, ოღონდ სოკოსი.
_ არა, მე კარტოფილის მინდა, სოკოს ჭამას მამა მიკრძალავს, _ თავი გაიქნია ანამ და თმა ზურგზე გადაიყარა, _ მე გიყიდით ყველას, მამაჩემმა ამ დილით ხუთი ლარი მაჩუქა.
ბავშვებმა ღვეზელები გაინაწილეს, იქვე მიდგნენ და წამში გადასანსლეს, მერე კი ისევ სკოლის ეზოში შებრუნდნენ.
ალბათ რომელიმე წრეზე დადის, რადგან ჩანთით არ გამოვიდა და უკან მიბრუნდა. ამაოდ ვცდილობდი გულში დატრიალებული ცეცხლის ჩაქრობას. აუტანელმა ტკივილმა ისე მოიცვა ჩემი სხეული, როგორც ცხრა წლის წინ, როცა მასზე ვმშობიარობდი.
მანქანიდან გადმოვედი და ტროტუარს ჩავუყევი, ვიფიქრე, სკოლის ეზოში შევიხედავ-მეთქი. მთვარეულივით ვადგამდი ნაბიჯებს. მოულოდნელად ვიღაცამ მაჯაზე მტაცა ხელი და სევდიანი ფიქრები შემიწყვიტა.
_ ჩემთან ერთად წამოხვალ! _ მკვახედ მითხრა ირაკლიმ, _ არ გაბედო წინააღმდეგობის გაწევა!
შეშინებულმა განწირულად ავხედე. საიდან გაჩნდა ასე შეუმჩნევლად?
_ რა გინდა ჩემგან?
ის უპასუხოდ გაიჭრა წინ და მეც თან გამიყოლა.
არ მინდოდა ჩემს თავს გამოვტყომოდი, რომ მსიამოვნებდა მისი თითების შეხება, მისი სითბო, რომ ძველებურად მომწონდა და მიყვარდა მისი სიძლიერე… ეს უკვე თავის მოტყუება იქნებოდა და სხვა არაფერი.
_ რაღაც მსგავსს ველოდი შენგან, მაგრამ ასეთი «ნაგლი» თუ იქნებოდი, ვერ წარმომედგინა. შენ კი გიკვირს, რატომ არ გენდობი. აი, სწორედ ასეთი გამოხტომების გამო.
კონწიალ-კონწიალით ჩამიყვანა დაბლა ქუჩაზე და გზის მეორე მხარეს მდგარ მის ჯიპს მივუახლოვდით. მაიძულა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი.
_ სად მივდივართ? _ მშვიდად ვიკითხე, _ შენთან?
_ მორჩი ლაქლაქს, _ მბრძანებლურად გამოცრა კბილებში.
_ იქნებ ჩემი მტკვარში გადაგდება განიზრახე?
_ კარგი აზრია, ვიფიქრებ მაგაზე. ახლა კი თბილისიდან გავალთ ცოტა ხნით და ზოგიერთ საკითხს გავარკვევთ. ჩუმად იჯექი, შენთან ლაპარაკის თავი არა მაქვს!
მანქანამ ვაკე გაიარა და გეზი წყნეთისკენ აიღო. მალე წყნეთსაც გავცდით და პატარა რესტორანთან შევჩერდით. რესტორანში მეპატიჟება? იქნებ შერიგებაც მთხოვოს? სასწაულები ხომ ხდება ქვეყანაზე, ვაიმედებდი ჩემს თავს.
მაგიდასთან დავსხედით. ირაკლიმ ყავა და შოკოლადი შეუკვეთა. თვალს არ მაშორებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, თითქოს გაბუტული ყოფილიყო, არ მელაპარაკებოდა.
ბოლოს სიჩუმე აუტანელი გახდა.
უეცრად ჩემკენ გამოიშვირა ხელი, სათვალე მომხსნა და მაგიდაზე ფრთხილად ჩამოდო. ცოტა ხნის შემდეგ კეპიც მომხადა. თმა მხრებზე ჩამომეშალა. მიყურებდა და თვალს ვრ ვუსწორებდი, მკლავდა მისი გამჭოლი მზერა, თითქოს თვალებით მჭამდა.
ნიავმა დაუბერა და მისი ოდეკოლონის სურნელი შევისუნთქე. არ მეცნო, ეს ის სურნელი არ იყო, რომელსაც შეჩვეული ვიყავი. როგორც ჩანს, გემოვნება შეეცვალა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი და ვცდილობდი, ჩემი დაბნეულობა არ შეემჩნია.
_ მე ის უნდა მენახა, ირაკლი, _ ვთქვი, მაგრამ მისთვის არ შემიხედავს.
_ იცი მზის შუქზე შენი თმა როგორ ბრწყინავს? _ ეს ისეთი ხმით თქვა, რომ ალმური წამეკიდა. თავში ყოვლად გიჟურმა აზრმა გამიელვა… მისი კოცნა მომნატრებოდა…
_ ვიცი, რომ გენატრება, _ ჩაცინებით თქვა.
მოულოდნელობისგან ნერწყვი სასულეში გადამცდა და ხველა ამიტყდა. ჩემკენ გადმოიწია და ზურგზე დამიტყაპუნა ხელისგული.
_ ნუ განიცდი ასე, შენს აზრებ ყოველთვის ადვილად ვკითხულობდი, მოხარშულს გიცნობ. _ დამცინავად მომაჩერდა.
_ მართლა? რაღაც ეჭვი მეპარება ამაში. ასე რომ ყოფილიყო, ახლა გარეთ გაგდებული ძაღლივით არ ვიქნებოდი, _ დაუნდობლად მივახალე.
_ და ამიტომ ყველაფერზე მიდიხარ, რომ შენთან დამაბრუნო?
_ ასი წელი არ მჭირდება შენი დაბრუნება.
_ რატომ? დავიჯერო, ეს შენს გეგმებში არ შედის?
_ შენ წარმოიდგინე, არა. მე მხოლოდ ბავშვის ნახვა მინდა, მეტი არაფერი.
_ მომიტევეთ, ქალბატონო, მაგრამ თქვენი სიტყვების ნამდვილად არ მჯერა. კიდევ ერთხელ შევცდი, როცა გენდე და ვიფიქრე, რომ თავს დაგვანებებდი. შენი ნდობა არ შეიძლება, ამაში დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი.
მივხვდი, მასთან ჯიბრით ვერაფერს გავაწყობდი, ამიტომ თეთრი დროშის აფრიალება ვცადე:
_ ირაკლი, რატომ ვჩხუბობთ? ჩვენ ხომ ორივეს გვინდა ანას კარგად ყოფნა? ნუთუ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ?
_ ვერა, ეს არ მოხდება! _ მკაცრად მომიგო, _ ჩემს სახლში არავითარი ქალი არ არსებობს. ანას დედინაცვალს არ მოვუყვან, ტკივილს არ მივაყენებ.
_ მე ვარ დედინაცვალი? _ გაოცებისგან პირი დავაღე.
_ შენ საერთოდ არ მყავხარ სათვალავში.
_ მაგრამ სხვა ქალის მოყვაა ერთხელ ხომ უკვე სცადე.
_ ჰო, ვცადე, მეგონა, შენს დავიწყებაში დამეხმარებოდა სხვა ქალი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როცა ბავშვის შესახებ გაიგო, ისტერიკა დაიმართა. ამიტომაც ეგრევე დავცილდი, ერთი წუთით არ მიყოყმანია. ანაზე წინ არავის დავაყენებ.
_ ცოლებში არ გიმართლებს, _ ლამის გადავიხარხარე, _ ერთი მატყუარა შეგხვდა, მეორეს შენ თვითონ ატყუებდი და ახლა გაიძახი, «ისტერიჩკა» იყოო. რა სამართლიანი ბიჭი ხარ, მოკლედ, შესაშურად სამართლიანი.
_ მომისმინე… _ ხელები მაგიდაზე დაალაგა და ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა, _ ანასთან შეხვედრის ნებას ვერ დაგრთავ, გაიგე ეს. ისედაც სხვანაირი ბავშვია, ეჭვიანი, ჩაკეტილი. უცხო ქალი რომ დამირეკავს, ძალიან განიცდის. თუ მარტოა, თავის ოთახში იკეტება, მუსიკას უსმენს და საერთოდ არ გამოდის იქიდან, თუ ძალით არ გამოვიყვანე.
_ მამას დამსგავსებია, _ გავიცინე, _ შენც ასე იკეტებოდი შენს ოთახში, ოღონდ ჩემ გვერდით არ ყოფილიყავი. იქნებ დაგავიწყდა?
თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი, გააგრძელა:
_ შენთან შეხვედრა მისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, ასეთ ემოციურ სტრესს ვერ გადაიტანს.
მისმა სიტყვებმა ყავის დალევის სურვილი გამიქრო. ფინჯანი გვერდზე გავწიე და ამოვიოხრე.
_ მოდი, შემრიგებლური პოზიცია დავიჭიროთ და ერთად მოვიფიქროთ, რა ჯობია, კარგი? _ მომლბალი ხმით წარმოთქვა, _ ცოტა გავისეირნოთ, გვეყოფა კინკლაობა.
მანაც გვერდზე გასწია თავისი ფინჯანი და წამოდგა. ჯიბიდან საფულე ამოიღო, ოცლარიანი დადო მაგიდაზე, გამიღიმა და თავით მანიშნა, წავიდეთო.
ღიმილმა ერთიანად შეცვალა, უწინდელივით პირქუში აღარ იყო. გამეცინა.
_ რა გაცინებს? _ მკითხა, როცა გვერდით გამომყვა.
დავიხარე და მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე, მან კი ხელიდან გამომტაცა ყვავილი და გადააგდო.
_ რა ვიცი, ვერაფრით გამიგია, სინამდვილეში როგორი ადამიანი ხარ. ხან მგონია, რომ სიამოვნებით მიმასიკვდილებდი, ხან კიდევ ისე დაშაქრულად მელაპარაკები, თითქოს შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი ვიყო.
_ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, _ შეფიქრიანებულმა მიპასუხა, _ ამწუთას ყველაზე მეტად თქვენი მსგავსება მაოცებს. ძალიან გგავს. ვიცი, რომ ბევრი იტანჯე, არ იფიქრო, რომ ეს არ მესმის, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. შენ თვითონ ჩაიყენე თავი ამ მდგომარეობაში. ძალიან ლამაზი ხარ. ეს თმა, ეს თვალები… ალბათ ისევ აგიჟებ კაცებს… ჯანდაბას! მაპატიე, ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი. მაგრამ ისეთი მაცდური ხარ, ყველანაირ წესს და აკრძალვას დაავიწყებ ადამიანს. ასე არ ივარგებს, ნიცა, ორივეს მოგვიწევს, ჩვენი შვილისთვის ბევრი რამის დავიწყება.
_ კიდევ კარგი, ჩვენი შვილისთვისო რომ თქვი და არა ჩემი შვილისთვისო. ამაზეც მადლობა.
_ მაგდენი კი მესმის… _ ჩაიდუდუნა.
უჩვეულო იყო მისი სიტყვები. შემპარავად მელაპარაკებოდა. ამით ჩემი გულის მოგებას ცდილობდა. იცოდა, ჩემთან ჯიბრით ვერაფერს გააწყობდა და ამიტომაც მოლბა ასე.
ხეების ჩრდილში, მდელოზე დავსხედით. ძველი დრო გამახსენდა, როცა ასეთი სიტუაციები უხვად გვქონდა. ირაკლი ზურგზე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ცას ახედა.
_ ანას ძალიან უყვარს ასე წოლა და ღრუბლების ცქერა, _ თბილად წარმოთქვა, ჩემკენ შემობრუნდა და შევამჩნიე, როგორ უცებ შეეცვალა გამომეტყველება, ისევ პირქუში გახდა და თითქოს ლაპარაკიც უჭირდა.
_ დღეს მათემატიკაში საკონტროლო ჰქონდა და ამიტომ გუშინ ეზოში სათამაშოდ არ ჩავუშვი. იცი, რა მითხრა? დედა ასე არ მომექცეოდაო. რამდენიმე თვის წინ ფსიქოლოგთან მყავდა, მაგრამ ხმა ვერ ამოაღებინა. ჩემი მეგობრის ცოლებმაც ვერ მოიგეს მისი გული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ჩაკეტილია.
_ მე კიდევ ძალიან ბედნიერი და მხიარული მეჩვენა. თავის კლასელს ეუბნებოდა სიცილით, მამამ ხუთი ლარი მომცა და მე გეპატიჟებით ღვეზელებზეო.
_ კარგი, გვეყოფა ანაზე საუბარი. აჯობებს, შენი ამბები მომიყვე. მითხარი, როგორ ხარ, როგორ ააწყვე შენი ცხოვრება, ხომ არ გათხოვდი… გავიგე, რომ ეს წლები ჰოლანდიაში იყავი. _ თითქოს ხმა დაეხშო, როცა ჩემზე დაიწყო ლაპარაკი.
გულმა რეჩხი მიყო. რატომ დააინტერესა ჩემმა ცხოვრებამ? იქნებ ჯერ კიდევ არ არის გადაწურული ყველა იმედი?
_ რა ვიცი, რა გითხრა… ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვარ მარტო, არც ქმარი, არც მეგობარი მამაკაცი, ახლა უკვე არც სამსახური, მაგრამ ფული მაქვს, დანაზოგი. თავაუღებლად ვმუშაობდი ჰოლანდიაში, ზედმეტად არაფერში ვხარჯავდი ფულს, ვაგროვებდი, რომ უკან დავბრუნებულიყავი.
_ ანას ამბავი დიდი ხანია, იცი? _ წამოჯდა და ხელები მუხლზე დაიწყო.
_ არა, რომ ჩამოვედი, მაშინ გავიგე. მეგონა, ჭორი იყო, რას ვიფიქრებდი, ასე უმოწყალოდ თუ მომექცეოდი. არ მესმის, რამ მოგაფიქრა ეგეთი საშინელება. დედას შვილი წაართვა, უფრო მეტიც, მკვდრად გაასაღო ახალშობილი… როგორ შეგეძლო… ამისთვის დაისჯები, არ იცი?
მას პასუხი არ გაუცია. ადგა, ხელი გამომიწოდა, მეც ამაყენა და თვალებში ჩამხედა. კარგა ხანს მიყურა ასე, მათვალიერა, მერე კი იდუმალი ხმით წაიჩურჩულა:
_ შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებენ, თმაში კი თითქოს მზე გაქვს ჩაღვრილი…
_ ისევ მახვევ, არა? ჩემში ყველაზე დიდ მტერს ხედავ, ხომ? თბილი სიტყვებით გინდა თავბრუ დამახვიო, რომ მერე ადვილად მომიშორო თავიდან. ვიცი, რაც ჩაიფიქრე. დარწმუნებული ვარ, ანას ხვალვე მოაშორებ თბილისს, გადაკარგავ, რომ მეტჯერ ვეღარ ვნახო. ასეა?
_ არა, _ ისევ იმავე ხმით გაიმეორა და იმდენად ამოუცნობი მზერა მესროლა, დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ჩაიფიქრა.
_ ანა თბილისიდან არსად წავა, შენ კი… შენ კი ალბათ მოგიწევს აქაურობის დატოვება, _ ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა მოულოდნელად თვალებში.
ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა. ხმა ვერ ამოვიღე. დამბლადაცემულივით ვიდექი, ნიკაპი მიკანკალებდა. ყველაფერი გასაგები იყო _ ის თავის ცხოვრებაში არასდროს დამაბრუნებდა. უსიტყვოდ ვაქციე ზურგი და სწრაფი ნაბიჯებით გავშორდი, მისი დანახვაც არ მინდოდა.
გზაზე გასულმა პირველსავე შემხვედრ მანქანას დავუქნიე ხელი, ჩავჯექი და უკან მარტო დავბრუნდი…
მთელი ღამე ვბორგავდი, ვფიქრობდი ჩემს უცნაურ ბედზე _ ამდენი წლის შემდეგ დაკარგული შვილი ვიპოვე და ისევ დავკარგე, სასურველი მამაკაციც ვიპოვე და ისიც დავკარგე. და ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ერთ წამში მოხდა…
მომდევნო რამდენიმე დღე ჩემთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ასე მეგონა, დრო მოკვდა, წუთები საათებს ჩამორჩა. მინდოდა, მეყვირა, მეტირა, მაგრამ წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია. იმის ფიქრიც კი მკლავდა, რომ ქმარ-შვილს სამუდამოდ დავცილდი. უძილობა დამჩემდა, თვალები ამომიღამდა, გავხდი… საათობით ვიჯექი აივანზე, ჩემს თავს ველაპარაკებოდი და არემარეს უაზროდ გავყურებდი. უცხოს რომ შემოეხედა, ფსიქიკურად დაავადებული ვეგონებოდი. ფიქრებით ჩემს ანასთან ვიყავი, მისი სიცილი, მისი ხმის ტემბრი გამუდმებით ჩამესმოდა. ვფიქრობდი შვილზე და… ვფიქრობდი ირაკლიზეც. ამ უკანასკნელმა ჩემს გულში, ჩემს ხანმოკლე სიზმრებში ხელახლა დაიდო ბინა, ჩემი გონება მთლიანად დაიმორჩილა და როცა მისი ხელის შეხებას ვიხსენებდი, თავბრუ მეხვეოდა.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე. გადავწყვიტე, როგორმე შემეღწია სკოლაში და ანა იქ მენახა, გამოვცნაურებოდი და ყველაფერი მეთქვა. ეს ადვილი არ იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ამჯერად ირაკლი ჩემს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებდა. მაინც ვცადე. ჩემი განზრახვის განსახორციელებლად სამშაბათი შევარჩიე. მზიანი დარი დაიჭირა, სასიამოვნოდ აცხუნებდა.
შიშით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით, როცა სკოლას მივაღწიე. ჩემდა საბედნიეროდ, ირაკლი არსად ჩანდა. შენობაში ისე შევედი, არავის გავუჩერებივარ. დარაჯმა, როგორც ჩანს, მშობლად მიმიჩნია. ყოველი შემთხვევისთვის, პასუხი მომზადებული მქონდა, სინამდვილეში ხომ მართლა ვიყავი ანას დედა.
თავჩაღუნული გავუყევი დერეფანს. პირველ სართულზე არავინ შემხვედრია. მეორეზე რომ ავედი, ზარი დაირეკა და საკლასო ოთახებიდან ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ მოსწავლეები და კიბეს ჩაასკდნენ. მოულოდნელად ორ გოგონას შევეჯახე, რადგან წარამარა უკან ვიყურებოდი და ვერ შევამჩნიე.
ბოდიში მოვუხადე ბავშვებს და ის იყო, გზა უნდა გამეგრძელებინა, რომ ერთმა ლოყაზე შემოიდო ხელი და წამოიძახა:
_ ვაი! დეიდა, უკაცრავად, თქვენ… თქვენ… _ და საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა. მეც ვიცანი ისინი, იმ დღეს ანას სწორედ ეს გოგონები ახლდნენ.
ამაკანკალა. გულმა მიგრძნო, რომ გოგონამ ჩემში ანა ამოიცნო. სასწრაფოდ გავეცალე ბავშვებს და გულამოვარდნილმა შენობის მარჯვენა ფლიგელისკენ გადავუხვიე. წამითაც არ დამიშვია აზრი, რომ შეიძლებოდა მის მეგობრებს ვეცნე.
ერთხანს შევიცადე, ოდნავ დავმშვიდდი და უკან გამოვბრუნდი. უეცრად წინ ჩემთვის უკვე ნაცნობი გოგონები და ანა თითქოს იატაკიდან ამოიზარდნენ.
თავზარი დამეცა, თითქოს ენა გადამეყლაპა, კრინტი ვერ დავძარი. ორი გოგონა აღელვებული ჩანდა, ანა _ გაოგნებული.
_ თქვენ მე მგავხართ, _ გაისმა ანას ჩუმი და დაძაბული ხმა.
ცხოვრებაში პირველად საკუთარ შვილს თვალი გავუსწორე.
_ შესაძლოა, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ შენ სხვა ფერის თვალები და უფრო ბაცი ფერის თმა გაქვს. რამე გინდოდათ, ბავშვებო? _ რატომღაც, უკან დავიხიე, როგორც ჩანს, აღიარების შემეშინდა.
_ თქვენ დედაჩემი ხართ? _ არ მომეშვა ანა.
ვიგრძენი, როგორ შემეცვალა სახე, სისხლი საფეთქლებში მომაწვა.
_ არ მესმის, რას ამბობ, გოგონი, ვიღაცაში გეშლები ალბათ, _ ჩემი ხმა სადღაც შორიდან მომესმა, ვცდილობდი, გაოცება გამომეხატა.
_ თქვენ ჩემი დედა ხართ, ხომ მართალია? _ ჯიუტად იმეორებდა ბავშვი თავისას.
გაშეშებული ვიდექი, აზრები ამერია. ბოლოს ერთი ღრმად ამოვიოხრე და ხმადაბლა ამოვთქვი:
_ დედა არ გყავს? ამიტომ მიმამსგავსე? მე არ ვარ დედაშენი, _ ძალა მოვიკრიბე და გავიღიმე, _ ნახვამდის, ბავშვებო.
შევცდი, რომ გავიღიმე. მოულოდნელად გოგონამ წინ გამირბინა, გზა გადამიჭრა და წასვლის საშუალება არ მომცა.
_ არა ხართ? აბა ზუსტად ჩემნაირად რატომ იცინით? წინაც ჩემნაირი ორი ნაფოტა კბილი გაქვთ. მითხარით, მართლა თქვენ ხართ?
გოგონა ტირილს ძლივს იკავებდა. ტუჩები მოებრიცა, ნიკაპი აუკანკალდა, თვალებში კი უსაზღვრო ტკივილი ჩაეღვარა. ამ ტანჯვის ყურება აღარ შემეძლო.
_ ანა… _ ჩავახველე და გაბზარული ხმით დავიწყე.
_ ჩემი სახელიც იცით? საიდან იცით? მამიკო მართალი ყოფილა, რომ მითხრა, დაგტოვა და წავიდაო. ახლაც აღარ გინდათ ჩემი ნახვა. იტყუებით, დედაშენი არ ვარო! არც მე მინდა, გესმით? არც მე მინდა! _ ანა განწირული ხმით ყვიროდა. ირგვლი ბაშვები შეგროვდნენ.
წლების წინ, როცა მითხრეს, ჩვილი გარდაიცვალაო, მეგონა, ამაზე დიდი უბედურება არ არსებობდა ამქვეყნად, რადგან ჩემს შვილს ხელში ვერასდროს ავიყვანდი, მაგრამ შევცდი. ახლა ვუყურებდი უჩემოდ გაზრდილ ჩემს გოგონას და ყველა დედაზე უბედური ვიყავი, იმაზე უბედური, ვიდრე ცხრა წლის წინ.
გაფითრებული ვიდექი, სიმწრის ოფლი მასკდებოდა სახეზე, ხმას ვერ ვიღებდი. ძალა ისე გამომეცალა, რომ მხრით კედელს მივეყრდენი, რათა არ წავქცეულიყავი. უცებ ანას ზურგს უკან რაღაც მოძრაობა შევნიშნე, მზერა დავძაბე და… ირაკლი დავინახე.
მან ალბათ ანას ყოველი სიტყვა გაიგონა. არა, ეს კოშმარული სიზმარია, ასე არ ხდება ცხოვრებაში, ის საიდანღა გაჩნდა აქ?
_ ანა, წამოდი, მამიკო, შინ წავიდეთ, _ მშვიდად მიმართა გოგონას.
_ მამიკო! _ წამოიყვირა ანამ, _ მამიკო! _ და მამაკაცს მუხლებზე შემოხვია ხელები.
_ აქ არ უნდა მოსულიყავი, ხომ გაგაფრთხილე? _ თვალები რისხვით აენთო ირაკლის, ბავშვს მკლავები მოხვია და ხელში აიყვანა.
ანამ პირი დააღო, გაოცებული მიაშტერდა მამამისს.
_ მამიკო, ამ ქალს იცნობ? _ თითი ჩემკენ გამოიშვირა.
_ ჰო, მამიკო, ვიცნობ, რამდენიმე დღის წინ ვნახე და შენი ნახვა ავუკრძალე.
ბავშვმა თავი ჩაღუნა და ჩურჩულით წარმოთქვა:
_ სახლში მინდა.
_ ჰოდა, მივდივართ, _ მიუგო ირაკლიმ, მჭიდროდ მიიხუტა გოგონა მკერდზე და დერეფანს გაუყვა.
ორნი ერთის წინააღმდეგ… აი, როგორ განვითარდა მოვლენები… მე წავაგე, ნიცა ზედმეტია! კვლავ მარტო ვრჩები…
კარგა ხანს ვიდექი გაუნძრევლად. ოციოდე ბავშვი გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. როგორც იქნა, მოვეგე გონს, უხერხულად გავუღიმე ირგვლივ შემოჯარულ მოსწავლეებს და ნელა ჩავუყევი პირველი სართულის კიბეს…
დამბლადაცემულს ვგავდი, სესილი რომ მოვიდა. როგორ არ ეცადა, მაგრამ ხმა ვერ ამომაღებინა.
_ არ მეტყვი, რა გემართება?
_ არაფერიც არ მემართება.
_ შენ რა, ბრმა გგონივარ თუ სულელი? სარკეში მაინც ჩაიხედე, რას დაემსგავსე. მოდი, აივანზე გავიტანოთ პატარა მაგიდა, ყავა დავლიოთ და მომიყევი, რა მოხდა
სესილმა სახელდახელო სუფრა გაშალა. თავისი მოტანილი ნამცხვარი თეფშზე დაალაგა, ყავა მოადუღა და როცა ფუსფუსს მორჩა, ძალით გამიყვანა აივანზე და სკამზე დამსვა.
_ აბა, მიდი, დაიწყე!
გამიჭირდა ლაპარაკის დაწყება. მიჭირდა იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც ჩემი სული მოეცვა. ნელა ვყვებოდი, სვენებ-სვენებით. ირაკლის ნახვის დღიდან დღემდე რაც მოხდა, ყველაფერი გადმოვულაგე მეგობარს.
_ იცი, მე რა მგონია? _ მითხრა სესილმა, როცა მოყოლა დავამთავრე, _ იმ კაცს შენ დღემდე უყვარხარ. მით უმეტეს, ყველაფერ ამის შემდეგ ნამდვილად ვეღარ შეძლებს ძველებურად ცხოვრებას. შენ არსებობ და მას მოუწევს ამასთან შეუგება. ახლა უკვე შვილიც გიცნობს. ის აუცილებლად მოინდომებს შენს ნახვას, როცა დაწყნარდება.
_ არა მგონია… ვერც ერთი ვერ მიტანს, ორივეს ვეზიზღები. არ იცი, როგორი თვალებით მიყურებდნენ, როცა მშორდებოდნენ. ყველაფერი დამთავრდა.
_ არაფერიც არ დამთავრდა. მე თუ მკითხავ, ახლა იწყება ყველაფერი. რა მოგდის? ასეთი ძლიერი გოგო ხარ, აქამდე არაფერს შეუშინდი და ახლა რა დაგემართა? ირაკლიმ დაგაფრთხო? შეყვარებული კაცი სულაც არ არის საშიში, რომ იცოდე. უნდა დაიბრუნო შენი შვილი, იბრძოლე!
_ როგორ დავიბრუნო, წარმოდგენა არ მაქვს. არ იცი, რამდენი ღამე გავათენე თეთრად, გამოსავალს ვერ ვპოულობ, ყველაფერი ვცადე და არაფერი გამომივიდა. აჯობებს, დროზე მოვშორდე აქაურობას, ბებიასთან დავბრუნდები ისევ.
_ გაქცევას აპირებ? ის ხომ შენი შვილია, ნიცა, დაფიქრდი.
_ ვიცი, მაგრამ… _ წინადადება გამიწყდა, ცრემლები წამსკდა და ავქვითინდი.
სესილმა ჭიქით წყალი მომიტანა, მერე გულში ჩამიკრა და დიდხანს მეფერა…
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. თითქოს ცოტათი დავმშვიდდი. გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ შინაგანად საშინლად ვიყავი აფორიაქებული. პრაქტიკულად, გარეთ არ გავდიოდი, შინ ჩავიკეტე და წიგნების კითხვა დავიწყე, მხოლოდ ამაში ვპოულობდი შვებას, დროებით მავიწყებდა ჩემს სატკივარს.
იმ დღესაც, დილით, ძალიან ადრე, დივანზე ვიყავი წამოწოლილი და მძაფრსიუჟეტიან რუსულ დეტექტივს ვკითხულობდი. ამ დროს კარზე ვიღაცამ დააბრახუნა. ასე დილაუთენია არავის ველოდი, ამიტომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ზღურბლთან ირაკლი დავინახე.
მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა, მეგონა, ანას შეემთხვა რაღაც.
_ რა მოხდა? ბავშვს რამე ხომ არ დაემართა? _ ჩურჩულით ვკითხე და მუხლები მომეკვეთა.
ირაკლიმ დროზე შემაშველა ხელი, თორემ ალბათ იატაკზე მოვადენდი ზღართანს.
_ კარგად არის, მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა.
_ აბა რისთვის მოხვედი? მამოწმებ? ნუ გეშინია, აღარ ვაპირებ შენს შეწუხებას, რამდენიმე დღეში საერთოდ გავქრები აქედან.[i][/i]
_ და საით შენი მგზავრობა? _ ხელი შემიშვა და ოთახში შემოვიდა.
_ ჰოლანდიაში, ვფიქრობ, იქ უფრო მშვიდად ვიქნები.
_ ასე გგონია?
_ კიდევაც რომ მეკითხები, _ მწარედ ჩავიცინე, _ ისეთი პასუხი გაგეცი, რომელიც შენ უფრო დაგამშვიდებს, ვიდრე მე.
_ ასე გგონია? _ თუთიყუშივით გაიმეორა.
გაოცებულმა ავხედე. გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_ რა გაცინებს? _ ავიმრიზე.
_ რა ვიცი, მეგონა, მთებს გადადგამდი, ბოლომდე შეეცდებოდი შენსას, შენ კი თურმე გარბიხარ.
_ ალბათ ასე აჯობებს. არ მინდა ბავშვს თავი მოვაბეზრო, აშკარად ვერ მიტანს. შენთვის კი, ისედაც დიდი ხანია, ზედმეტი ვარ. _ ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, თვალებში არ შემეხედა იმ კაცისთვის, რომელმაც ჩემში დიდი ხნის მიძინებული გრძნობები ვულკანივით გამოაღვიძა.
სასტუმრო ოთახში გავედი, ირაკლი უკან გამომყვა.
_ არ იტყვი, რატომ მოხვედი?
_ დაწყნარდი, ნიცა, საომრად არ მოვსულვარ. ვფიქრობ, უნდა ვილაპარაკოთ.
_ შენთან საუბრის სურვილი არ მაქვს. გირჩევნია, წახვიდე.
_ რა თქმა უნდა, წავალ, მაგრამ ჯერ უნდა ვილაპარაკოთ. ოღონდ ტანსაცმელი გამოიცვალე, შორტით რომ გხედავ, გონება მერევა და სურვილი მიპყრობს, ლოგინში ჩაგიგორო.
გამომცდელი მზერა ვესროლე, მეგონა, დამცინოდა. ჩემდა გასაკვირად, სრულიად სერიოზული სახით შემომცქეროდა.
_ აჰა… ქალის მოხიბვლის ახალი მეთოდები შეგისწავლია, _ გავაშაყირე.
_ დაცინვას კაცი არ მოუკლავს. ამგვარ ლაპარაკს აჯობებს, შარვალი ჩაიცვა, გააკეთე, რაც გითხარი.
_ აი, ამაში არ შეცვლილხარ, _ დოინჯი შემოვირტყი და ჯიბრიანად მივაჩერდი, _ ბრძანებების გაცემის ძველებური მანერებით სარგებლობ. რას მეუფროსები ნეტავ? შენს სახლში ხომ არ გგონია თავი? მე შენი ცოლი დიდი ხანია, აღარ ვარ. საუკუნეა, არ გინახავხარ და უცებ მიცხადებ, ლოგინში მინდა ჩაგიგოროო. ეს რა, სიყვარულის ახალი მეთოდია? თუ ერთჯერადი რომანი გინდა გაათამაშო?
ირაკლი ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, მხრებში თითები ჩამჭიდა და კბილებში გამოცრა:
_ თუ მომინდა, გავაკეთებ კიდევაც და სულ ფეხებზე , ამას რას დაარქმევ. გასაგებია?
ცივად მოვიშორე მისი ხელები და უკან დავიხიე.
_ ჩვენ შორის დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრებულია, ამას მე უკვე შევეგუე და იმედია, შენც. არ გინდა ეს ძალად ფლირტი, მაგით ვერაფერს მოიგებ.
_ მე იმისთვის მოვედი, რომ… რომ ბოდიში მოგიხადო და კიდევ… კიდევ ის, რომ ანას შენი ნახვა უნდა.
მეგონა, გული გამიჩერდა. ბოდიშიც გამიკვირდა მისგან, ხოლო ანას რომ ჩემი ნახვა მოუნდა, ამან მთლად დამშოკა. ცოტა არ იყოს, შევშინდი.
_ რატომ?
_ რა რატომ? ბოდიშის მოხდა რატომ მინდა, თუ ანას რატომ უნდა შენი ნახვა?
_ ერთიც და მეორეც.
_ აჰა… ორი «რატომ» დაგიგროვდა, როგორც ჩანს. კარგი, გიპასუხებ. ბოდიში იმიტომ, რომ ტკივილი მოგაყენე, ასე შორს არ უნდა შემეტოპა. არ უნდა დამემალა შენთვის ბავშვის ამბავი. ვიცი, რომ შევცდი.
_ შემთხვევით, ხომ არ შეგაფუცხუნე? ემანდ არ მიჩივლოს ნიცამ და ჩემი ცხოვრება და კარიერა სასწორზე არ შეაგდოსო?
_ ასეთი რამეების არ მეშინია.
_ კიდევ კარგი, _ ჩავიცინე, _ და ბავშვმა რატომ მოინდომა ჩემთან შეხვედრა? იმანაც პასუხი უნდა მომთხოვოს, რომ მივატოვე? _ ისევ დამეღრიჯა სახე.
_ არა, მას დედის ნახვა უნდა, დედის სითბო და სიყვარული სჭირდება. ეს ერთგვარი ინსტინქტია, შინაგანი, რომელსაც ასე ადვილად ვერ ახსნის ადამიანი. მე მას შეძლებისდაგვარად მოვუყევი ყველაფერი და ავუხსენი, რომ შენ ის არ მიგიტოვებია.
თვალები ცრემლებით ამევსო.
_ და დაიჯერა? _ ჩურჩულით ვიკითხე.
_ რა თქმა უნდა. რა იყო ამაში დაუჯერებელი?
დუმილი ჩამოვარდა. კარგა ხანს არც ერთი ხმას არ ვიღებდით, უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
_ მინდა, ერთი რამ იცოდე. შენ დღესაც არ გჯერა, რომ მე მიყვარდი, მაგრამ უნდა დამიჯერო, რომ არასდროს ვთვალთმაქცობდი. მართლა მიყვარდი და სწორედ ამ სიყვარულმა მათქმევინა ის ტყუილი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, _ თვალებში ხელისგულები ამოვისვი, რომ გუგებიდან გადმოგორებული ცრემლი მომეწმინდა.
_ სიმართლე მითხარი, ნიცა, ახლაც გიყვარვარ?
მისმა შეკითხვამ ერთიანად გამანადგურა და ღრმად ჩამალული გრძნობები კიდევ ერთხელ ამომიტივტივა.
_ მაგრამ შენ ხომ არ გინდა, რომ მიყვარდე?
მიტკალივით გაფითრებულმა ჩემ წინ დაიჩოქა.
_ შემომხედე, ნიცაკო, _ მოგუდულად მითხრა, _ ყველაზე ძალიან რაც მინდა ამქვეყნად, ისაა, რომ მსურს, ისევ ისე გიყვარდე, როგორც ოდესღაც. ვაღიარებ, ვერც მე მოვერიე თავს, ვერა და ვერ გავინელე შენი სიყვარული. უბედურება ისაა, რომ არ მინდოდა, შენ ეს გცოდნოდა.
გამომცდელად შევხედე, მის თვალებში სიმართლე იკითხებოდა და შევკრთი. მივხვდი, რომ მას ისევ ვუყვარდი, მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა.
თვალთ დამიბნელდა, ისე განვრისხდი, ძლივს შევიკავე თავი, სილა არ გამეწნა.
_ კი მაგრამ, რატომ, ასე რატომ მომექეცი?
_ იმიტომ, რომ დამესაჯე. ღმერთმანი, არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი, სანამ არ მივხვდი, რომ გკარგავდი. მერე კი უკან დახევა გამიჭირდა. ერთ დღესაც ჩავიხედე სარკეში და დავინახე გაბოროტებული მამაკაცი, რომელიც ცოლის სიყვარულით სარგებლობდა და იცოდა, ის არსად გაექცეოდა. ამიტომ გითხარი უარი ჩემს სიყვარულზე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ მაინც ჩემთან იქნებოდი.
გარინდული ვუსმენდი და ვხვდებოდი, რატომაც აღიარა ეს ყველაფერი. ეს ერთადერთი მშვიდობიანი გზა იყო ჩემს დასაბრუნებლად.
_ სულაც არ ვამაყობ ჩემი საქციელით, პირიქით, ამ გადასახედიდან მრცხვენია კიდევაც. მაპატიე, თუ შეგიძლია.
_ ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვ ჩემგან? მერე იმ დაკარგულ წლებს რა ვუყოთ? იმ ჭრილობებს რა მოაშუშებს?
_ ერთად მოვაშუშებთ, ნიცა. მეტი აღარ შემიძლია. არ იცი, რა ძვირად დამიჯდა ჩემი სიჯიუტე. გახსოვს, რომ მითხარი, მე მიყვარხარ, მაგრამ შენ იტანჯებიო? მართალი მითხარი… მე დიდი ხანია, ვიტანჯები. ვარსებობ და არც ვარსებობ.
_ ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა, _ ხმადაბლა ვთქვი, _ მე იმიტომ მოგატყუე, რომ მიყვარდი და შენი შენარჩუნება მინდოდა, შენ კი იმიტომ, რომ გიყვარდი, მაგრამ არ გინდოდა ჩემი შენარჩუნება. არ ვიცი, რომელი უფრო დიდი დამნაშავეა ჩვენ შორის, თუმცა ერთი რამ ცხადია _ ორივემ ერთნაირად უნდა ვზღოთ.
_ და ამისთვის ერთად უნდა ვიყოთ, არ მეთანხმები? _ ირაკლი მძიმედ სუნთქავდა, მთელი სხეული დაეძაბა.
_ რ ვიცი… _ მხრები ავიჩეჩე და თვალები დავხარე.
_ მოდი ჩემთან… _ ჩამესმა მისი ვნებიანი ჩურჩული.
_ ირაკლი, ჩვენ არ… _ მან სიტყვის დამთავრება არ მაცალა და ტუჩებზე დამაცხრა, _ მომეხვიე, გაგათბობ, _ ამის თქმაღა მოახერხა და ისე მიმიკრა მკერდზე, რომ სუნთქვა შემეკრა.
ისე მოულოდნელად შეიცვალა სიტუაცია, თავი სიზმარში მეგონა. ბედნიერებისგან ფრთაშესხმული თითქოს დავფრინავდი. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
როგორც იქნა, დავოკდით, ვნებები დავიცხრეთ და საღი გონებით გავაანალიზეთ მომხდარი. ირაკლიმ შემომთავაზა, ანა სადმე წამეყვანა და მხოლოდ ჩვენ ორნი განვმარტოებულიყავით, რათა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და გვესაუბრა. ამ წინადადებაზე ეშმაკურმა აზრმა გამიელვა გონებაში.
_ მოდი, იცი, რა ვიზამ? ჩვენ წავალთ ერთ ადგილას, მაგრამ არ გეტყვი, სად და შენ უნდა მოგვძებნო.
_ კი მაგრამ, როგორ მოგძებნოთ, თუ არ მეცოდინება, სად იქნებით? _ სიყვარულით სავსე მზერა მიმოატარა ჩემს სახეზე.
_ უნდა მიხვდე, _ კეკლუცად შევღიმე.
შევთანხმდით. ჩემგან პირდაპირ ირაკლისთან წავედით.
დაუვიწყარი იყო დედამთილ-მამამთილთან შეხვედრა, რომლებიც საგანგებოდ ჩამოეყვანა ჩემს ქმარს მცხეთიდან. თამარა ცხარე ცრემლებით მოთქვამდა და გულში მიხუტებდა, ყველგან მკოცნიდა, სადაც ტუჩები მოუხვდებოდა…
ანა კიბის თავზე გადმომდგარიყო და იქიდან აკვირდებოდა სიტუაციას. ხელი დავუქნიე, ვანიშნე, მოდი-მეთქი და მოხდა სასწაული. ბავშვმა კისრისტეხით ჩამოირბინა საფეხურები, ჩემკენ გამოქანდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ წამაქცია…
_ ხედავ იმ ცისარტყელას? _ ხელი გავიშვირე ხევისკენ, რომლის მთელ სიგანეზე ცისარტყელა გადაჭიმულიყო, ნამიანი ცისარტყელა. ანამ თავი დამიქნია.
_ აბა, როგორი ცისარტყელაა? რას ამჩნევ? _ მინდოდა, ბავშვს თვითონ აღმოეჩინა განსხვავება.
_ რას? _ დაბნეულმა მკითხა და ცნობისმოყვარე მზერა შემომანათა.
_ დანამულია, ვერ დაინახე? წყლის წინწკლები რომ აქვს, არ ჩანს? კარგად დააკვირდი!
_ უი, ხო, ვხედავ, _ თავი დამიკანტურა გოგონამ და ტაში შემოკრა.
_ ეს ცისარტყელა მამიკომ აღმოაჩინა, იცი? ის სხვა ცისარტყელებს არ ჰგავს, სულ სხვანაირია.
_ ხო, _ ბავშვური გულუბრყვილობით დამეთანხმა.
_ აი, თურმე სად ყოფილხართ! _ გაისმა ამ დროს ზურგს უკან ირაკლის ბოხი ხმა.
მისი გამოჩენა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცოდი, რომ ადვილად გამოიცნობდა ჩვენს ადგილსამყოფელს. როცა მე და ირაკლი პირველად ამოვედით აქ, რათა ნამიანი ცისარტყელა გვენახა, წარუშლელი შთაბეჭდილება დამრჩა. მაშინ ორნი ვიყავით, ახლა _ სამნი და სრულიად განსხვავებული, ბევრად ამაღლებული განწყობა გვეუფლებოდა.
ის დღე ქეიფით დაგვირგვინდა. აივანზე გაშლილ სუფრასთან ოციოდე ადამიანი ქეიფობდა. ყველა აღნიშნავდა ჩვენს შერიგებას. მადლობის გადახდას ვერ ავუდიოდი და ყველას ვუღიმოდი.
თვალებით ირაკლის დავუწყე ძებნა, მაგრამ ახლომახლო ვერსად შევნიშნე. ანას ოთახისკენ გავემართე, აბა სხვაგან სად წავიდოდა…
ბავშვს ეძინა, როგორც ჩანს, დაღალა მთელი დღის ემოციებმა. გაშლილი ხელისგული ლოყის ქვეშ ამოედო საყვარლად და თანაბრად სუნთქავდა. ირაკლი მის საწოლზე ჩამომჯდარიყო და მძინარე გოგონას შეფიქრიანებული დაჰყურებდა.
_ ამას შეხედე! _ ირაკლიმ იქვე, ტუმბოზე დადებული სახატავი რვეული აიღო და მომაწოდა.
_ ანაც ხატავს? _ გული ამიჩქროლდა.
_ შენზე უკეთესად, _ გამეხუმრა.
ნახატს დავხედე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მასზე წყლის წვეთებით დაცვარული ცისარტყელა იყო გამოსახული, რომლის ქვეშ სამი ხელჩაკიდებული ადამიანი იდგა _ ქალი, მამაკაცი და პატარა გოგონა _ ანუ ჩვენ, ერთი ოჯახი.
_ მივხვდი, რომ აქ იქნებოდი, _ შევღიმე ირაკლის.
_ მივხვდი, რომ მიხვდი, _ ეშმაკურად მომიგო, თავისკენ დამქაჩა და გვერდით მომისვა, მერე მხარზე გადამხვია ხელი და შუბლზე მეამბორა.
თითები მის თითებში გადავხლართე, რომ ერთ სულ-სხეულად გადავქცეულიყავით. ეს იყო ბედნიერების მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ცხრა წელიწადი მოვანდომე...
დასასრული



№1  offline წევრი tatia27

Mogewonat dasasruli??amartlebt iraklis saqciels???

 


№2 სტუმარი Guest მარიამიი

ღმერთო სასწაული ფინალი ქონდა ამეტირა ბოლოში მაინც ერთად მადლობა ასეთი ბედნიერი დასასრულისათვის. აი ირაკლის რაც შეეხება ვიცოდი რომ სიყვარულისგან დატანჯული დეპრესიული ამაყი ადამიანი იყპ რომელიც ნიცას შეცდომას ვერ პატიობდა შემდეგ კი თავისი შეცდომის აღიარება გაუჭირდა მაგრამ ორაკლი მაინც ძალიან მომწონს...

უნაკლოა მიყვარს ემ მოთხრობა ა ყველაზე მაგარია რაცკი წამიკითხავს

 


№3 სტუმარი kati

ძალიან მომწონს ეს რომანი, მაგრამ "ნამიანი ცისარტყელა"ქვია, "გზა-"ში იბეჭდებოდა.

 


№4 სტუმარი lalka

zalian momewona yochag,bolo gansakutrebulad,.

 


№5 სტუმარი hipo

emociuroba da eseti sikargeeebi momklavs mee vbgavivar exlac da xo bevri bednierebebiaa da me tuara minda ro sul yvelaaa ubednieresebi iyot !

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

ზღაპარიიი rage 9 წელი იტანჯა და ჰოპ ესე ადვილია ნუთუ ყველაფერი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent