შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (11 თავი)


5-09-2016, 22:47
ავტორი murachashvili
ნანახია 3 759

მეთერთმეტე თავი
- გამოიქეცი?!...
- ასე გამოდის. იქნებ მხდალ ადამიანადაც ჩამთვალო, უბრალოდ დავიღალე, მივხვდი, რომ მშვიდი ცხოვრება არ მეღირსებოდა, ჩემს ოჯახს უკვე პრობლემებს ვუქმნიდი, ადრე თუ გვიან, მათაც მოსწყინდებოდათ მუდმივად ჩემი დაცვა. გმირობა არ მინდოდა, არც ბოროტებასთან ვაპირებდი რქებით შერკინებას, მშვიდსა და წყნარ ცხოვრებას ვეძებდი, ეგ იყო და ეგ...
- სიმშვიდეს მეტროში ეძებდი?! - ირონიულად მეკითხება ის.
- არა, სიმშვიდეს ანიტასა და კაკისთან ვეძებდი, მაგრამ, რoგორც ყოველთვის, არ გამიმართლა. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავრეკე, მობილურები გამორთული ჰქონდათ, სავიზიტო ბარათზე მითითებულ ქალაქის ტელეფონზე როცა დავრეკე, ვიღაც ქალმა მიპასუხა, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს გარშემო ტურნე ჰქონდათ დანიშნული და კაკი და ანიტა სულ მცირე ექვსი თვე თბილისში არ იქნებოდნენ.
დავრჩი ასე ჰაერში, უბინაოდ, უსახლკაროდ, უმუშევარი. თავიდან იმ მცირედ დანაზოგს ვხარჯავდი რაც სახლიდან წამოვიღე, მაგრამ ხუთასი ლარი რამდენ ხანს მეყოფოდა?! ვცდილობდი რომელიმე სასტუმროში ოთახი დამექირავებინა. არასრულწლოვანი, თან კასტილითა და ჯოხით ხელდამშვენებული არავინ მიმიღო.
საბოლოოდ ნახალოვკაში, კერძო, ბარაკების ტიპის ბინაში ერთი პატარა, ნესტიანი ოთახი ძლივს ვიქირავე. უხმაუროდ შევიპარებოდი ჩემს საცხოვრებელ სოროში და გამოვიპარებოდი.
ვეძებდი სამსახურს, დავდიოდი კარდაკარ. სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ჩემი მუდარა, შიდა მოსამსახურედ მაინც ავეყვანე. ოღონდ ქუჩაში არ დავრჩენილიყავი იმაზეც კი ვეთანხმებოდი, უსასყიდლოდ, მხოლოდ საკვებისა და ღამის გასათევის სანაცვლოდ მემუშავა, მაგრამ უცხოს, სახვევებში შეფუთულს ეჭვით შემათვალიერებდნენ, ცხადია არავინ მენდობოდა, ზედაც კი არ მიყურებდნენ, ათას უხამს რეპლიკას მესროდნენ, ან ირონიული ღიმილით ცხვირთან უცერემონიოდ მიხურავდნენ კარებს.
ჩემი ბიუჯეტიც სასურველზე სწრაფად მცირდებოდა. საბოლოოდ, როცა ვეღარც ქირის გადახდა შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლების ღვარღვარით ვპირდებოდი, მუშაობას დავიწყებდი თუ არა, არსებულ დავალიანებას გადავფარავდი, ჩემი მოსმენაც კი არ მოინდომეს. მხოლოდ ორი კვირა დამაცადეს (ალბათ, ამის იმედიც არ უნდა მქონოდა), შემდეგ კი გამომიცხადეს, რომ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი არ ჰქონდათ ჩემი ბარგი დავალიანებაში გამომიქვითეს და ცარიელ-ტარიელი ბინიდანაც გამომაგდეს.
ასე აღმოვჩნდი უფულოდ და უტანსაცმლოდ ქუჩაში გამოგდებული. მშიერ-მწყურვალი მეტრომ შემიფარა.
მახსოვს, როგორ მივიღე პირველად მოწყალების სახით გადმოგდებული ხურდები. გაყინული წონასწორობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ სვეტს ვეყუდებოდი, როცა შემთხვევითმა გამვლელმა, ალბათ ჩემივე ასაკის გოგონამ თაბაშირიან გაშვერილ ხელში პირველი ოცი თეთრი ჩამიგდო და სწრაფი ნაბიჯით მომშორდა, თითქოს მას ელოდნენო, მის მაგალითს რამოდენიმე ბიჭმაც მიბაძა, მივხვდი მათხოვრად ჩამთვალეს და მწარედ გამეცინა, ერთი კი ვიფიქრე, ამ თანხას უკან მივუყრი მეთქი, მაგრამ როცა რამოდენიმე დღის უჭმელმა რკინის მონეტებით სავსე მუჭას დავხედე, ცდუნებას ვეღარ გავუძელი, საკუთარი თავმოყვარეობა დავივიწყე, მეტროდან გამოვედი და მაშინვე საცხობისკენ წავედი. იმ დღიდან მოყოლებული მეტროში მათხოვრობა დავიწყე. უნდა ვაღიარო ეს საქმიანობა სულაც არ ყოფილა მარტივი, მათხოვრები რამოდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ, არასრულწლოვნები, მარტოხელა დედები, ხეიბრები, ქვრივები, უპატრონო მოხუცები, ლოთები. თითოეულ ჯგუფს მისი ხელმძღვანელი ჰყავდა, ადამიანები ვინც ქუჩის მაწანწალებს მათი პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდნენ. არ ვიცი ეს პირები რა კრიტერიუმებით ჰყავდათ შერჩეული, განათლებითა და დიპლომატიით კი ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ, იქნებ - შიში, იქნებ - რიდი?!...
თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ყოველ საღამოს შებინდდებოდა თუ არა, ტროსტის მსგავსი ხელჯოხით შეიარაღებული ძონძებში ჩაცმული მამაკაცები, რომელთაც ძველი ბოშური ფილმების ზეგავლენით, ატამანები დავარქვი, ჩვეულებისამებრ ერთ ადგილზე ჩერდებოდნენ, ათ წუთიანი შუალედით მათთან ნელ-ნელა მიდიოდნენ მათხოვრები და მთელი დღის წვალების შედეგად მიღებულ შემოსავლის ნახევარზე მეტს მაინც გადასცემდნენ.
ვგრძნობდი მათ ცნობისმოყვარე მზერას, მტრულ განწყობას. თუმცა მეტ-ნეკლებად მერიდებოდნენ. ჩემსდაუნებურად ვიღაცის კონკურენტად ვიქეცი. ზუსტად არ ვიცი რას ფიქრობდნენ, იქნებ შეგზავნილი აგენტიც კი ვეგონე. ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი თვე. ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან მიხვდებოდნენ ერთი უგზო-უკვლო, უთვისტომო ადამიანი რომ ვიყავი და ალბათ გარკვეულ პრეტენზიებსაც წამომიყენებდნენ.
ვხედავდი, როგორ გამეტებით უტყავდნენ მათზე სუსტებს, ართმევდნენ უკანასკნელ კაპიკებს, ამცირებდნენ, დასცინოდნენ. ვხედავდი, მცირეწლოვანი ბავშვები საკვების ნაცვლად ალკოჰოლს როგორ იღებდნენ, წებოს ნარჩენებით ბრუვდებოდნენ. არ ვიცი ამ ცხოვრებას რა ერქვა, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის?! მე მათი ნაწილი არ ვიყავი და ვერც გავხდებოდი, დღემდე მახსოვს, ალბათ ასე შვიდ წლამდე პატარა ბიჭუნა მეტროში წანწალის დროს როგორ მომიჯდა. ერთი კი გავხედე, გვერდით მჯდომს, მაგრამ რადგან არ მიყურებდა ზედმეტი ინიციატივა აღარც მე არ გამომიჩენია. გამხდარ მკლავებზე ლურჯად ეტყობოდა ძარღვები. ბინძური მაისური დაუდევრად ჩაეტნია მუხლებამდე გადაჭრილ ჯინსის შორტებში, აკანკალებულ ხელებში მაცხოვრის მცირე ზომის ხატი ეჭირა და გულში ძლიერად იკრავდა.
- ბიძიებო, დეიდებო, დამეხმარეთ!... - მთელი მონდომებით გაჰკიოდა, რამოდენიმეჯერ წამოიწია, თითქოს ადგომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბავშვი ადგილზე შებარბაცდა და მე რომ არა, მოწყვეტით დავარდებოდა.
- არა გრცხვენია? ის არ გყოფნის, რომ სამათხოვროდ იყენებ, ბავშვს საჭმელი მაინც აჭამე!.. - ვიღაც გაკაპასებული ქალი მე დამეტაკა. მისთვის პასუხი არც კი დამიბრუნებია, მატარებელი გაჩერდა თუ არა, ხელში ატატებული პატარა მეტროს სადგურში გამოვიყვანე. ზედ არავინ მიყურებდა, მგზავრები, შორიდან გვივლიდნენ გვერდს, ეგ კი არა, თითქოს განზრახ, პატრულიც კი არ გამოჩნდა.
ალბათ, უნდა შემშინებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, ხელებს ვუსრესდი, ძონძებში გამოკრული პლასტმასის ბოთლიდან წყალს ვასხავდი. გაფითრებულ სახეზე ნელ-ნელა ფერი დაუბრუნდა, როგორც იქნა თვალები გაახილა. ჩასისხლიანებული, ჩაწითლებული თვალებით გამომხედა და ადგილზე გავხევდი, ასეთი მზერა ვახოს ჰქონდა, როცა ზედმეტ წამალს იღებდა.
- ჰეი, როგორ ხარ?! - ვეცადე მხიარულად მიმემართა.
ოდნავ შესამჩნევად სცადა გაეღიმა, მაგრამ არ გამოუვიდა.
კალთაში გამოკრული პატარა ფუნთუშის ნაგლეჯი მივაწოდე. უნდობლად გამომხედა, მაგრამ ტკბილეული მაინც გამომართვა.
- უნდა წავიდე - მიუხედავად იმისა, რომ შებარბაცდა, მაინც წასასვლელად წამოიწია.
- მოიცადე, მდგომარეობიდან გამოხვალ და შემდეგ....
- არა, ერთ საათში ოც ლარს თუ არ მივიტან, უფროსი მცემს...
- ოც ლარის გამო?!
- ბრძანების არ შესრულების გამო! - მკაცრად გამომიცხადა მან. შემცბარი, დაბნეული ვუმზერდი შვიდი წლის ბავშვისთვის ზედმეტად, ალაგ-ალაგ დალილავებულ გაზრდილ სახეს.
- დაისვენე, ცოტა აზრზე მოდი და მაგ ოც ლარს მე გიშოვი.. ერთ საათში ისევ ამ ადგილზე მოვალ დაუფიქრებლად დავპირდი და სადგურში ჩამომდგარ მატარებელს გავყევი.
პირობა პირობა იყო, ერთ საათში ოცი ლარის ნაცვლად ოცდაათით დავბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბავშვი ისევ იქვე დამხვდა. ფული მივაწოდე, სრულად, ჩემთვის ერთი თეთრიც კი არ დამიტოვებია.
- შენ მოხვედი?! - თვალები ცრემლებით აევსო მას - ტყუილია რასაც შენზე ამბობენ, კეთილი ხარ, ძალიან კეთილი!... - მოულოდნელად ჩამეხუტა ის.
მისი სიხარული მეც მიხაროდა, ძლიერად ვიხუტებდი გამხდარ არსებას.
- შენზე ამბობენ წესებს არ იცავსო, დაშტირვას გიპირებენ! - მოულოდნელად მითხრა ბავშვმა.
- რას მიპირებენ? ეგ წესები ვინ დაადგინა?.. - დავიბენი მე.
- უფროსები?!
- მეტს ვერაფერს გეტყვი, ისინი ამბობენ, რომ არ უნდა დაგელაპარაკოთ, შენთან კონტაქტი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ... - ბავშვი მადლიერი თვალებით მიმზერდა, უსიტყვოდ დამემშვიდობა და წავიდა.
ვუმზერდი სუსტ, გაჩხინკულ არსებას და შიშისგან ვკანკალებდი. ასე დიდხანს ვერ გავძლებდი, ადრე თუ გვიან, მეც მომიწევდა, რომელიმე მათგანის უპირატესობის აღიარება ან არადა...
მაგრამ ჩემი ნებით დამორჩილებას არ ვაპირებდი, ატამანების მსგავსად ყოველ საღამოს მეც ერთსა და იმავე ადგილზე ვჯდებოდი, აზრადაც არ მომსვლია დამალვა. ერთმანეთს შორიდან ვზვერავდით. თავხედურად, პირველად კონტაქტზე გამოსვლას მათგან ველოდი.
საღამოს მეტროსადგური იცლებოდა, მიდიოდნენ მგზავრები, მათხოვრები, ქუჩის მუსიკოსები, გარემოვაჭრეები, იკეტებოდა ყველაფერი. მე მეტროს გვირაბში ვიმალებოდი, ან ღამის გასათევად იქვე ვრჩებოდი, იძინებდა ქალაქი და ვიძინებდი მეც.
- არ ვიცოდი მათხოვრებს ასეთი ორგანიზებული სისტემა თუ ჰქონდათ... ბოლოს როგორ მორიგდით?!... - ცნობისმოყვარედ მეკითხება სანდრო.
- ისევ შემთხვევითობა დამეხმარა. იმ ღამით მეტროსადგურ „დიდუბე“-ში, გადასასვლელი ხიდის ქვეშ, ერთ ბნელ კუთხეში ვიყავი მოკალათებული, ამ ადგილის არსებობა თუ არ იცოდი, ვერც კი მიხვდებოდი, იქ თუ ვინმე იმალებოდა. ეს ადგილი მეც შემთხვევით აღმოვაჩინე და საკმაოდ ხშირად ვიყენებდი ღამის გასათევად. მისი არსებობა არავინ იცოდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. აქ ვერავინ მხედავდა, სამაგიეროდ მთელი სადგური ხელის გულივით ჩანდა. ალბათ ჩამთვლიმა. სწორედ ამ დროს ჩამესმა ძილში ქალის განწირული კივილი. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შეშინებული ადგილიდან წამოვვარდი. შორიდანვე შევნიშნე, ლიანდაგებზე ბეჭებში მოხრილი საკმაოდ მაღალი მამაკაცი მორბოდა, იღლიაში ქალის მოზრდილი ჩანთა ჰქონდა ამოჩრილი, ჩანთა ალბათ ხიდზე მომკივან მანდილოსანს ეკუთვნოდა, რომელიც ხელების ქნევით უკვე მასთან მისულ პატრულის თანამშრომელს მთელი მონდომებით უყვებოდა მომხდარი თავდასხის შესახებ.
მამაკაცი კი მორბოდა, მორბოდა და რაოდენ უცნაურის არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ჩემი სამალავისკენ მოიწევდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე შემოვარდა ჩემ „სოროში“.
თავი სამშვიდობოს ეგონა, ელვა შესაკრავის გახსნა არც კი უფიქრია, ერთი ხელის მოსმით გაბრდღვნა საკმაოდ ძვირფასი ჩანთა და მაშინვე საფულეს ეტაკა. ღირებული ვერაფერი ნახა, შეიკურთხა და ზიზღით მოისროლა. მისი ცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია, ერთ-ერთი ატამანთაგანი იყო, იქნებ ისიც კი დაშტირვას რომ მიპირებდა.
- არ შეგეცოდა?! - თავი ვეღარ შევიკავე, შიში არც კი გამხსენებია ისე ვკითხე თავდამსხმელს.
დავინახე, ჩემი ხმის გაგონებისთანავე დამფრთხალმა როგორ იშიშვლა ბებუთი და აშკარად თავდასხმისთვის მოემზადა. რათქმა უნდა თვითონაც მიცნო, რამოდენიმე წუთიანი დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ერთმანეთის ძალებს ვაფასებდით, მტრული მზერით ერთიმეორეს თვალს არ ვაშორებდით. პოლიციელების ფეხის ნაბიჯების ხმა საკმაოდ ახლოს ისმოდა, ხელის ფანრით გზას ინათებდნენ, თავდამსხმელს მონდომებით ეძენდნენ, თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექეს, მაგრამ უშედეგოდ...
სასაცილო იყო, თითქმის ერთი ნაბიჯი გვაშორებდა სამართალდამცავებთან, რა იცოდნენ თუ იქვე ვიდექით. წინ შეიარაღებული კრიმინალი მედგა, მე კი კივილი აზრადაც არ მომსვლია. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იარაღს არ გამოიყენებდა. გულგრილად, უემოციოდ ისევ იქვე დაგდებულ პატარა ზომის ლინოლიუმის ნაგლეჯზე მოვთავსდი. თითქოს ისიც ამას ელოდაო, იქვე ჩამოჯდა, ბოლომდე მაინც არ მენდობოდა, დანა ხელში ისევ გაშლილი ეჭირა.
ვიჯექით ასე გვერდი-გვერდ მე და კრიმინალი, უსიტყვოდ ვუმზერდით პოლიციელებს, რომლებიც ნელ-ნელა გვშორდებოდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ფანრის ციალით თუ მიხვდებოდი სად იყვნენ ყაჩაღზე მონადირე სამართალდამცავები.
- რატომ არ იკივლე?! - როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა, დუმილი დაარღვია ატამანმა.
- არ ვიცი...
- ჩემი არ გეშინია?!
მხრები ავიჩეჩე, ალბათ მთლად ნორმალური არ ვეგონე, რამოდენიმე წუთით ისევ თვალებში მიმზერდა, თითქოს იქ სურდა დასმული კითხვის პასუხის გაგება.
- იცი ვინ ვარ?! - ხმაში გაოცება გაერია მას.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ხშირად მინახავს როგორ უმოწყალოდ ურტყავდა მათხოვრებს, თუ სასურველზე ნაკლებ თანხას მიუტანდნენ.
- მაინც არ გეშინია?! - კითხვა გამიმეორა მან, რაღაც მომენტში თითქოს თავი შეურაცყოფილადაც კი იგრძნო, ისეთმა იმედგაცრულებულმა შემომხედა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გეწყინა, რომ არ ვიყვირე?!... - ირონიულად გამეცინა მე - თქვენ თავისუფლება გჭირდებათ, მე კი სიმშვიდე. პოლიციასთან ურთიერთობა არც მე მაწყობს და ალბათ, არც თქვენ... - ვცდილობდი თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს ჩემი თითოეული ნაბიჯი კარგად მქონდა გააზრებული, თუმცა ნელ-ნელა სითამამეს ვკარგავდი და შიშიც მეპარებოდა.
- პოლიციას შენც ემალები?! - გაოცებულმა შემომხედა მამაკაცმა.
- მთლად ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა ზედმეტი პრობლემები მაინც არ მჭირდება!... - მოგონილი უდარდელობით გამეცინა მე.
ეჭვით გამომხედა: - არ ვიცი რა მიზნები გქონდა, მაგრამ ფაქტია, სიკეთე გამიკეთე. - შეძლებისდაგვარად თბილად გამიღიმა ატამანმა - უმადური ადამიანი არ ვარ, არც ვინმესთან ვრჩები ვალში, ამ ამბავს არ დაგივიწყებ...
იმ წუთში მისი სიტყვები უბრალო მადლიერების გამოხატულებად ჩავთვალე და დიდი მნიშვნელობა არც მიმინიჭებია, ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ აპირებდა ვალის გასტუმრებას.
თუმცა მეორე დღეს, როგორც კი სამათხოვროდ გავედი ვიგრძენი, ჩემს გარშემო რაღაც შეცვლილიყო, თითქოს მათხოვრები აღარ მიბღვერდნენ, ატამანმა ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი, თითქოს ეს იყო ნიშანი, პატარა მათხოვრები, თბილად შემომეხვიენ. მათ ნაწილად მიმიღეს. ჩემთვის წილი აღარავის მოუთხოვია და არც დაშტირვით დამმუქრებიან.
- ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა?
- სადღაც ოთხი-ხუთი თვე. ზუსტად არ მახსოვს!
- ყოფილ მასწავლებლებთან დაკავშირება აღარ სცადე?!
- სავიზიტო ბარათი ჩემს ბარგთან ერთად ნაქირავებ ოთახში დამრჩა, რამოდენიმეჯერ მივედი, ვთხოვე, უფლება მოეცათ მომეძებნა, მაგრამ ირონიულად გამომიცხადეს, რომ ჩემი იაფფასიანი ძონძები არაფერში სჭირდებოდათ და ნაგავში გადაყარეს.
- აბა, ვალებში გამომიქვითესო?!
- ნახეს სახეირო არაფერი რომ არ მქონდა და მოიშორეს... - ირონიულად გამეღიმა.
- შენებს აღარ შეხმიანებიხარ?! - მორიგ კითხვას მისვამს სანდრო.
- არა! - უცებ შიში მიპყრობს არ მთხოვოს სახლში დაბრუნება - არ შემიძლია!...
- როგორ ფიქრობ, სახლში დაბრუნების შანსი გაქვს?!
- ამ შანსს ვახოს დაკავება ჰქვია, რაც არა მგონია ოდესმე მოხდეს...
- ოდესმე ყველაფერი ხდება, ყველაზე წარმოუდგენელი ოცებებიც კი... - თბილად მიღიმის ის.
- ალბათ! - იმედიანად ვამბობ და უნებურად მეც მეღიმება.
- ალბათ! - სიცილით მეთანხმება სანდროც - მოკლედ, ისედაც ბევრი დრო წაგართვი, დღეს უნდა დაგესვენა, მე კი განერვიულე... - მემშვიდობება და მე კი წასასვლელად ეგოისტურად არ მემეტება.
- იქნებ კიდევ დარჩე?! სულ ცოტა ხნით... გპირდები სევდიან ამბებს აღარ გავიხსენებ, ამჯერად შენ მოგისმენ! - თითქმის ვემუდარები მას.
ანცი, ეშმაკური თვალებით მიმზერს, ზედმეტადაც კი ახალისებს ჩემი სიტყვები:
- არა, დღეისთვის საკმარისია, წარმატებებს გისურვებ ახალ სამსახურში, რამეში დახმარება თუ დაგჭირდეს, მეც აქ ვარ!... - სამხედრო სალამს მაძლევს ის.
- არის, სერ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- ჭკვიანი გოგო ხარ! - შუბლზე მკოცნის და სწრაფად მიდის.
ტრიალ-ტრიალით ლოგინტან მივდივარ და რბილ მატრასზე მოწყვეტით ვეცემი, იმ დღევანდელ მოვლენებს ვაჯამებ და სულელივით ვიღიმები, სანდრო მართალი ყოფილა, ემოციებისგან დაღლილს ქუთუთოები ნელ-ნელა მიმძიმდება და მეძინება.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უჰ რა კარგი იუო.
არ ველი რომ ამის შემდეგ გზა ია-ვარდიტ ექნება მოფენილი, მაგრამ გტხოვ სულ ნუ გაწირავ რა?

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

იმედია ჩვენი სამარტლიანი სანდრო დაეხმარება ამის დიდი იმედი მაქვსსს heart_eyes კარგი იყო დზალიან ავტორრ შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვისს heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლორელაი
უჰ რა კარგი იუო.
არ ველი რომ ამის შემდეგ გზა ია-ვარდიტ ექნება მოფენილი, მაგრამ გტხოვ სულ ნუ გაწირავ რა?

ია-ვარდის რა გითხრა, და ვნახოთ "ადამიანი პრობლემა" "ადამიან პოზიტივად" თუ გარდაიქმნება smile

ნარჩიტა
იმედია ჩვენი სამარტლიანი სანდრო დაეხმარება ამის დიდი იმედი მაქვსსს heart_eyes კარგი იყო დზალიან ავტორრ შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვისს heart_eyes


heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი ლილიანა

როფორ გამიხარდა ახალი თავის ნახვა,მომწონხარ ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

murachashvili
ლორელაი
უჰ რა კარგი იუო.
არ ველი რომ ამის შემდეგ გზა ია-ვარდიტ ექნება მოფენილი, მაგრამ გტხოვ სულ ნუ გაწირავ რა?

ია-ვარდის რა გითხრა, და ვნახოთ "ადამიანი პრობლემა" "ადამიან პოზიტივად" თუ გარდაიქმნება smile

ნარჩიტა
იმედია ჩვენი სამარტლიანი სანდრო დაეხმარება ამის დიდი იმედი მაქვსსს heart_eyes კარგი იყო დზალიან ავტორრ შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვისს heart_eyes


heart_eyes heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი Mariami

აუუ რა კაი იყოო რონორ ველოდი იმედი მაქ კარგად წაუვა საქმეები ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent