ირმის ნახტომი -5-
[თავი 5] ცოტა ხნით ორივე ჩუმად ვართ. ორივეს ჩვენი ფიქრები გვაწუხებს. როგორც ის არ გვინდა, რომ მეორემ ხელი არ შეგვიშალოს, ისე ერთმანეთს არ ვუშლით ხელს. ჩვენი მდგომარეობა სასაცილოა. ორივე ერთმანეთს რაღაცას ვასწავლით საქციელებით თუ საუბრით, რაღაცას ვუმტკიცებთ და მაინც არაფერი იცვლება. ხო, აი, ასე. იმას ვუხსნით სხვას, რაც ჩვენთვისაც გაუგებარი ხდება მაშინ, როცა გვიყვარდება. არ ვიცი, უნდა მიხაროდეს, თუ მწყინდეს, რომ ქალი ვარ. სიყვარულის დროს გვავიწყდება ჩვენი მეობა. მამაკაცი კი პირიქით, იხსენებს, რათა ქალი უფრო მიეცეს დავიწყებას. საცოდაობაა, მაგრამ მაინც სასაცილო. -შენ ტყუილად არ იქნები აქ. რამე მოხდა? იმ დღეს ხომ არ...-შეშფოთებით იწყებს საუბარს ნინო, მაგრამ მალევე ვაწყვეტინებ. -მთლად იმ დღეზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი კავშირი მაინც არის. იქ გაბო გავიცანი. მან მიმიყვანა ცალწარბასთან. შენ იცნობ? -გაბოს როგორ არ ვიცნობ. საოცარი ადამიანია. ერთ დროს რომანი გვქონდა.-წარსულის მოგონებები თუ ახსენდება მას, სადღაც ეიფორიაში ვარდება. -რა? მოიცა, შენ ხომ იქ თაზომ მიგიყვანა.-გაოგნებული პირზე ვიტაცებ ხელს. მკერდში რაღაც მეწვის. ვეჭვიანობ? არა, რა ვეჭვიანობ... უბრალოდ გაბოსთან განსხვავებული კავშირი ჩამომიყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ შევხვდი. -ხო, მაგრამ თავიდან ჩვენ შორის მხოლოდ საქმიანი კავშირი იყო. მე ფული მჭირდებოდა, ის კი დაჭრილი იყო და ექიმთან ვერ მიდიოდა იმიტომ, რომ ციხე ელოდებოდა. ეტყობა ვიღაცამ უთხრა, რომ ექიმი ვიყავი. ჭრილობა მე გავუკერე და ყველანაირად მოვუარე. ჩემთან იყო ის რამდენიმე დღე. ლიკო დედაჩემთან მყავდა დატოვებული. მერე იქ მიმიყვანა. ის მივიღე, რაც მინდოდა. გაბო რომ გავიცანი, მაშინვე მივხვდი, ის სხვა იყო. იქ მისი ადგილი არ ყოფილა. მასაც მოვეწონე, თუმცა სერიოზულად არ მიყურებდა. საყვარლები რომ გავხდით და რომ ამომიცნო, როგორიც ვიყავი და რაც ვიყავი, შევზიზღდი. ალბათ ყველა თავმოყვარე მამაკაცს ეს გრძნობა გაუჩნდებოდა. გაბო არ მყვარებია, თუმცა მასთან დაშორებამ გამანადგურა. ვიღაცას ვეძებდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ის და ვიპოვე კიდეც. თაზო.-მოკლედ მიყვება ქალი. თვალებში ცრემლები უბრწყინავს. -მერე?-ინტერესი მიღვივდება და უცნაური გრძნობაც, ამ ამბის გაგების შემდეგ რომ დამეუფლა, მიქრება. -მერე არაფერი. გაბოს სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, იმათნაირი გარეწარია, იმ ჰაერს რომ ისუნთქავს, თუმცა იმ სიღრმეზე თუ ჩახვალ, სადაც უკვე შიგნიდან დაინახავ მის შინაგან სამყაროს... არ ვიცი. ნეტავ, იქ საერთოდ რა უნდა? რატომ არ მიდის ცალწარბასგან? საოცარი გული აქვს. იმდენჯერ დამხმარებია... ღმერთო, ლიკოსაც... -იმდენჯერს კიდევ ერთი შემთხვევა მიემატა.-ვფიქრობ, რომ ნინოს ყველაფერი უნდა ვუთხრა. მით უმეტეს იქნებ ახლაც უყვარს გაბოს ის, თუ უყვარდა წარსულში რომ... -ვერ გავიგე?!-კრთება ნინო. -ცალწარბას ბიჭებმა ფული მოგიტანეს? -ხო და თაზოს მივეცი. დავშორდით და ეს ბოლო ხელფასი იყო ჩემგან.-მწარედ იღიმება ის. -ხოდა მე ვიცოდი, რომ ლიკოს ჯანმრთელობისთვის იყო ის ფული აუცილებელი. რომ დაინახა, როგორ ვწუხდი და თან ეტყობა იმასაც მიხვდა, რომ შენზე მქონდა ლაპარაკი, ვიღაცამ გამომგზავნა_მეთქი, რომ ვამბობდი, ფული მალულად მომცა. მე არავისგან მისესხებია და ახლა უნდა დავაბრუნო. ყოველ წამს შეიძლება აღმოაჩინოს ცალწარბამ, რომ საწყობში ფულის რაღაც ნაწილი აღარაა. -რაო? ანუ...-თვალები შუბლზე ასდის ქალს. -ანუ ის, რაც გაიგე. ახლა კი მითხარი, როგორ შევხვდე გაბოს ისე, რომ იმ ადგილას მისვლა აღარ მომიწიოს.-ჩემი მასთან მოსვლის მიზეზს ვუმხელ და მოუთმენლად ველი, თუ რას მიპასუხებს. -ლეა, დაიტოვე ეგ ფული და დაივიწყე ყველაფერი. ასე აჯობებს.-დამფრთხალ ნუკრს ემსგავსება ნინო. ეტყობა გადაწყვეტილი აქვს იმათთან ურთიერთობის გაწყვეტა და არ უნდა კავშირი მათ შორის მე გავხდე. -არა, ნინო. მაპატიე, მაგრამ ასე ვერ მოვიქცევი. შენ კი, ჩემი აზრით, მართლა უნდა დაივიწყო ყველაფერი ლიკოს გამო. -კარგი, თუ ასე მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი...-ხელებს ასავსავებს ის.-ხვალ, საღამოს ექვს საათზე კაფე ''ეიფორიაში'' მიდი. მე გაბოს დავუკავშირდები და ისიც ამ დროს მივა იქ. -მადლობა, ნინო. ახლა წავალ.-სავარძლიდან ვდგები და მისაღებიდან გავდივარ. ნინო მაცილებს. დაბნეული ვარ. დინების საწინაამღდეგოდ ცურვა კარგს რომ არაფერს მომიტანს, ეს ჩემთვის გაუგებარი არ არის, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია. ხვალ კაფე ''ეიფორიაში'' წავალ, გაბოს შევხვდები, მაგრამ ალბათ არა უკანასკნელად. ჩემი მოსაწყენი ყოველდღიურობა თურმე სულაც არ ყოფილა ცუდი. უმეტესად სახლში ვიყავი, ჩემს სავარძელში ვიჯექი, წინ ლეპტოპი მედო, ხელში ფინჯნით ჩაი მეკავა და ვთარგმნიდი უცხოურ რომანებს ქართულ ენაზე სხვადასხვა გამომცემლობებისთვის. ეს იგივე იყო, რომ წიგნი მეკითხა. ზოგჯერ ისე ჩამითრევდა სიუჟეტი, რომ ნახევარ წიგნს ისე ვთარგმნიდი, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი. ზოგჯერ კი ვფიქრობდი, თუ რატომ მაკარგვინებდნენ დროს ასეთ სისულელეებში და ვინ დაინტერესდებოდა შტერი თინეიჯერის პრობლემებით და უამრავი შეცდომით დაცხრილული ცხოვრებით. დღეს კი სახლში ვეღარ ვჩერდები, სავარძელში ვცმუკავ, ჩაის გაკეთება მეზარება, თარგმნასაც გულს ვერ ვუდებ და ვერაფერში ვეღარ ვპოულობ აზრს იმის გარდა, რომ დროზე გახდეს ექვსი საათი და გაბოს შევხვდე. რა გრძნობა დამებადა მის მიმართ, ახლაც ვერ ვხვდები. მისი ფილოსოფიები ახლაც გონებაში მაქვს გამჯდარი. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში თუ მისნაირი მეგობარი გეყოლება, არასდროს არაფერი შეგეშლება. ალბათ ყველაზე სასიამოვნო ახლა ის იქნებოდა, გვერდით რომ მეჯდეს და ჩემი განცდების მისთვის გაზიარება შემეძლოს. მეტყოდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და მეც აუცილებლად დავუჯერებდი მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა. კარზე ვიღაც აკაკუნებს. კიდევ კარგი, თორემ შფოთვა მატულობს და მატულობს. მგონია ზღვაში დავცურავ, ის კი გრგვინავს და ღელავს. ჭუჭრუტანაში ვიხედები, მაგრამ ვერაფერს ვხედავ. იქიდან ხელია აფარებული. დავიჯერო სურპრიზს მიწყობენ? თუ რაიმე ცუდს უნდა ველოდო? როგორც ვიცი, ნინო სახლშია. ვიკივლებ და ეგ იქნება. ურდულს ვწევ და ემოციური შემზადების შემდეგ კარებს ვაღებ. -გამარჯობა, ლეა.-მესალმება ჩემ წინ ჩამომდგარი ოდნავ თმაშეჭაღარავებული მამაკაცი და წაქცევას რომ გადავურჩე, უფრო მაგრად ვუჭერ ხელს სახელურს. -გამარჯობა, კობა.-ხმა მიკანკალებს და ვნანობ, რომ სალამზე სალმით ვუპასუხე. ის მოვიდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ დააკაკუნა ჩემი სახლის კარებზე. ისევ შვიდჯერ. ღმერთო, ამას მაინც რატომ არ მივაქციე ყურადღება? -შემომიშვებ?-სახე დაღონებონებია. ბევრს არ ვფიქრობ. თავს ვაკანტურებ და გვერდით ვდგები, სახლში რომ შემოვიდეს. ისევ ისეთია. ისევ ისეთი მომხიბვლელი და თავბრუდამხვევი. თმის ის ღერები, რომლებიც აპრეხილი აქვს, გაჭაღარავებია, შუბლს შორის ორი ღარი უფრო შესამჩნევი გახდომია, ლურჯ თვალებში კი სიშავე შერევია. აი, მხოლოდ ეს სამი რამ შეცვლილა მასში. წვერი ისევ ისე სუფთად აქვს გაპარსული, როგორც ადრე. მუქი წითელი, სქელი ბაგეები კი კვლავ მაცდუნებლად შემომცქერიან. ქვედა ტუჩზე ხალი აქვს, ეს კარგად მახსოვს. იმ ადგილას გამირბის თვალი. ისევ იქაა. არსად წასულა. რატომ ვფიქრობ ამდენს მაშინ, როცა წარსული არ დამვიწყებია? ცოტა ხნის წინ ნინოს ვარიგებდი და ახლა მე ვარ დასარიგებელი... რადგან შვილი არ მყავს, უფლება მაქვს, სულელი ვიყო? სამზარეულოში რომ შემოდის, სიმაღლის გამო ისევ ვერ ეტევა და თავს ხრის. ასე იცოდა მაშინაც. მეღიმება. რაოდენ რთულია წარსულის ორ ნაწილად გაყოფა. ერთი ისეთი, მისი გახსენება რომ გაღიმებს და გაბედნიერებს და მეორე ისეთი, ცრემლებს რომ გადენს და გულს ნამსხვრევებად გიქცევს. ''მაპატიე, მაგრამ შევცდი. ნიცაში ის თვისებები ვიპოვე, რაც შენ გაქვს და იმაზე მეტიც. ის უფრო ჩემეულია, ლეა, მე კი უფრო სხვისეული ვარ შენთვის.'' აი, რა ეწერა იმ ორი წერილიდან ერთ-ერთში, რომელიც მან და ჩემმა დამ დამიტოვეს წასვლის წინ... ჯერ მისი წავიკითხე. ნეტავ, რატომ? დების სიყვარულზე ძლიერი მისი სიყვარული აღმოჩნდა? დღესაც არ ვიცი მიზეზი, მაგრან ნამდვილად არ წამიკითხავს ალალბედზე... გულმა მიკარნახა და მეც მის კარნახს დავყევი. არაფერი განსხვავებული. ორივე მებოდიშებოდა და ორივე თავს იმით იმართლებდა, რომ სიყვარულს ვერ შეეწინაამღდეგნენ. ერთი ცრემლი არ გადმომიგდია. სუნთქვა შევიგუბე, რომ უჰაერობით მიღებული ტკივილი უფრო ძლიერი ყოფილიყო. ^^^ ჩემო შოკოლადებო, ესეც შემდეგი თავი, თუმცა თქვენსავით შოკოლადი სამწუხაროდ არა... რა ვუყოთ, რთული დრო დაუდგა ლეას და განსაკუთრებით მაინტერესებს ამიტომაც, თუ რას ფიქრობთ ახლახანს განვითარებულ მოვლენებზე. დიდი მადლობა თქვენ! უყვარხართ სოფიკოს! პ.ს. ნამდვილი ''ირმის ნახტომი'' შემდეგი თავიდან იწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.