გაყინული თითები 1
გეგა გვიან ბრუნდება სახლში, ფეხსაცმელს იხდის და დივანთან ყრის, იცის რომ კატო ვერ იტანს მოუწესრიგებლობას და თავის ქურთუკსაც იქვე აგდებს. შარვალს იხდის, მაისურთან ერთად იქნევს კუთხისკენ და სააბაზანოში შედის. აბაზანის ფარდას ნახევრად სწევს, მერე წყალს ანელებს და უშვებს. ბანაობს, ყველაფერს იხეხავს საგულდგულოდ და თან კარგად ხედავს რომ წყლის დიდი ნაწილი ძირს იღვრება, ყველაფერს ედება და ასველებს. ონკანს კეტავს, პირსახოცს იღებს და გამოდის. სხეულზე დარჩენილი წვეთები იატაკზე ხმაურით ეწვეთება, საძინებელთან მისვლამდე გზას ასველებს და კარებთან მისულს საკუთარი საზიზღარი არსება შიგნეულობას უწვავს. _ სად იყავი? _ ესმის კატოს ხმა. კარებს ხურავს, ცოლს არაფერს პასუხობს,არც კი უყურებს. არ უნდა დაინახოს, როგორი სუფთა და სიყვარულით სავსე თვალები აქვს კატოს. აუჩქარებლად იღებს კარადიდან პიჟამას შარვალს. _ სად იყავი გეგა? _ მშვიდად ეკითხება კატო და დაჟინებით უყურებს, ცდილობს მისი მზერა დაიჭიროს. კარგად იცის პასუხი, ისიც კარგად იცის, სად იყო ამ დრომდე და მაინც ეკითხება, მისგან უნდა გაიგოს. _ გინდა ჩაი დაგიდგა? დღეს არ დაგილევია _ ჩუსტებს იცვამს და სკამზე მიკიდებულ ხალათში უყრის ხელებს, აუღელვებლად უყურებს ქმარს, კარგად ცნობს მასში დამალულ ყველა სიტყვას. კარგად იცნობს მას, იმაზე კარგად იცნობს, ვიდრე წარმოიდგენს და გეგაც იცნობს იდეალურ ცოლს. სამზარეულოში გადის და ჩაიდანში წყალს ასხამს, გაზზე დგამს და თვითონაც იქვე, მაგიდასთან ჯდება. _ სააბაზანოში იატაკი მოსაწმენდია _ მაგიდასთან ჯდება გეგაც და ფურცელს დებს, ფანქარიც მოაქვს და რაღაცის ხაზვას იწყებს. _ მოვწმენდ... _ ჩურჩულებს ისევ კატო, გეგას შლის მისი სიმშვიდე. ქალი ისევ ქმარს უყურებს და ისევ მისი მზერის დაჭერას ცდილობს, მაგრამ გეგა მაინც არ შეხედავს მას. ადუღებულ წყალს ჭიქაში ასხას, მწვანე ჩაის ფერს დებს და მაგიდაზე უდგამს. უკან ბრუნდება და სააბაზანოსკენ მიდის. _ შაქარი სად არის? _ ყვირის გეგა. აწეული ხმის ტონით ცდილობს აგდებულად გამოუვიდეს, მაგრამ კატო არც კი ცდილობს აყვეს და გაებას. _ შენ უშაქრო გიყვარს _ ამჯერადაც დაარცხდა გეგა, კიდევ ერთხელ დამარცხდა და კიდევ ერთხელ დაეცა. _ მაინც უნდა მოგეტანა, ცოლი ხარ ბოლოსდაბოლოს _ ცინიკურად აღნიშნავს ფაქტს, რაზეც კატოს გულიანად ეცინება. იმაზე მეტად ხვდება რას ნიშნავს ცოლი, ვიდრე გეგა ხვდება რას ნიშნავს ქმარი და კატო იდეალურია. თავიდან ბოლომდე იდეალურია, არადა გეგა უნდა ყოფილიყო უშეცდომო. _ კარგი გეგა, მოგიტან _ ამბობს და გეგას ისევ ერთიანად უვლის ტანში ჟრუანტელი. კატოს დაძახებული “გეგა” ისევ ისეთია, ისევ სავსე სიყვარულით, სინაზით, გაგებით, სითბოთი, პატივისცემით... _ სახელს ნუ მეძახი _ ხმას უწევს და უნებურად ცდება პირს სიტყვები. თავისივე საცოდავობაზე ლამის გული აერიოს, ხვდება რომ მეტი ვერაფერი რომ ვერ იპოვა, სახელის დაძახება აუკრძალა. _ როგორც გინდა _ პასუხობს თინა. მერამდენედ მარცხდება გეგა უკვე. _ აღარ მინდა შაქარი. არც ჩაი _ უემოციოდ დგება და მიდის. საძინებლის კარს იხურავს, კატოს ესმის კარის გადაკეტვის ხმა. რამდენიმე წუთს იცდის, ბოლოს ყველაფერს ალაგებს, სააბაზანოს წმენდს და სინათლეებს აქრობს ყველგან. დივანზე წვება, ბალიშის მაგივრად ხელისგულებს იწყობს თავქვეშ და სიცივე უყინავს მთელს სხეულს. ცრემლები სდის, ცახცახებს და კარისკენ იყურება, არ უნდა გეგამ გააღოს და ასეთი დაინახოს. ხვდება რომ გეგას ერთადერთი შანსია კატო და რომ დაიღალოს, რომ ვერ გაუძლოს, საბოლოოდ დაშლის და გაანადგურებს. ხვდება რომ ახლა არ აქვს წასვლის უფლება. გეგა წევს, ჭერში დაკიდებულ ნათურას უშტერებს თვალს და ცდილობს არ იფიქროს კატოზე, რომელსაც ალბათ სცივა. არარაობაა, მოსიარულე არარაობა და ერთი სული აქვს, კატო გაექცეს. უნდა კატო წავიდეს, რომ მისი იდეალურობაც გაქრეს და დაირღვეს და ქალი ჯიუტად მაინც არ მიდის. პირველი შეხვედრა ახსენდება და ზუსტად იცის, რომ კატოც, დივანზე ორად მოკეცილი და შემცივნული, ახლა ამაზე ფიქრობს. “ ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ “ _ არა დედა, როდემდე შეიძლება მაკონტროლო? _ ტელეფონში ყვირის კატო და მთელი სახე აჭარხლებული აქვს. ყველაფერზე ერთროულად ფიქრობს და ნერვები ეშლება, როცა სანაყინეში ბედნიერი წყვილი შემოდის, სიცილით და ზუსტად მის მოპირდაპირედ ჯდებიან. _ მისმენ კატო? _ აფხიზლებს ისევ ნანას აღელვებული ხმა. ისევ წყვილს უყურებს, უყურებს და გოგოს თვალებში უფრო დიდ ბედნიერებას ხედავს, ვიდრე ბიჭისაში. ის სულაც არ უყურებს სიყვარულით. _ გისმენ დე, ძალიან გთხოვ შეიგნე რომ გავიზარდე და ამაზე სახლში ვისაუბროთ _ ტონს უწევს და პასუხს ელოდება. გოგონა ნაყინს უკვეთს, ბიჭი არც ისე მხიარული სახით უარს ამბობს და ისევ სადღაც შორს იყურება. _ კარგი დე, ბოდიში _ არაუშავს _ ტელეფონს მაგიდაზე დებს, თავის შოკოლადის ნაყინის უკანასკნელ ბურთულას არჭობს კოვზს და დგება. წყვილის მაგიდისკენ მიდის, არადა შესანიშნავად ესმის რომ არ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეში. მაინც ეკვეხება იქ, სადაც წესით არ არის მისი ადგილი. ვერ უძლებს გოგონას ბედნიერ, სიყვარულით სავსე სახეს და ბიჭის უხასიათობას. როგორ შეიძლება, ორიდან ერთი უფრო ბედნიერი იყოს? როგორ შეიძლება ორიდან ერთს უფრო მეტად უყვარდეს მეორე? კატოს არ სწამს ცალმხრივი სიყვარულის, ეზიზღება ურთიერთობები ამ სიყვარულზე რომ არის დაფუძნებული და ზუსტად იცის, რომ არასდროს არ იქნება ისეთ მამაკაცთან, რომელიც უფრო მეტად ეყვარება ან რომელსაც უფრო მეტად ეყვარება. _ გამარჯობა _ უკითხავად სწევს სკამს და ღიმილით ჯდება. წყვილი გაოგნებული უყურებს, ბიჭი უფრო გაღიზიანებული _ შეიძლება? _ მოვალეობის მოხდის მიზნით კითხულობს და მენიუს იღებს. _ არა _ ეუბნება ბიჭი, სიტყვას ისე ცივად ამბობს, კატო კრთება. _ სასიამოვნოა, მიყვარს სტუმართმოყვარე ხალხი _ მხრებს იჩეჩს და ამჯერად გოგოს უყურებს, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობს. _ უკაცრავად _ ახველებს და კატოს უღიმის _ მე ია მქვია, ეს გეგაა _ თავით ბიჭისკენ ანიშნებს, რომელსაც სახე ჯერაც არ გაუსწორებია და ისევ სადღაც იყურება. _ მე კატო _ ყურებამდე გაღიმებული უყურებს იას, მერე სახეს ასერიოზულებს და თვალებს ჭუტავს _ ეს ლაპარაკობს? _ მზერით ბურღავს გეგას. _ დაგვტოვე _ კბილებში ცრის გეგა და კატოს მიმართულებით მკაცრად იყურება. _ ზუსტად ეგეთი ხმით მეუბნებოდა მათემატიკის მასწავლებელი გაკვეთილზე სიცილს რომ ვიწყებდი _ პირზე ხელს იფარებს და სიცილი უტყდება კატოს, არადა საერთოდ არ ეცინება, პირიქით, საშინლად ბრაზდება გეგაზე. ია ღიად იცინის და არც ცდილობს დამალოს, თან ნაყინს შეექცევა და მხიარულად უყურებს კატოს. _ ია, წავედით _ მაგიდიდან დგება გეგა და კიდევ ერთხელ უცრუებს იმედებს კატოს, რომელიც გეგასთან ერთად დგება ფეხზე. _ აი შენნაირი უგულოები... _ თვალებს რამდენჯერმე ახამხამებს და ჯერ გაოგნებულ იას უყურებს, მერე გულგრილ გეგას _ რა გინდა? _ უემოციოდ უყურებს და გეგა კატოს გაბრაზებაში საკუთარ თავს ხედავს, კატოს თვალებში კი ზიზღს. ეცინება და კატო უარესად ბრაზდება. _ მე მინდა ასეთი აღარ იყო _ წარბებს კრავს გოგონა, უკვე ზუსტად იცის როგორი ადამიანები არ უნდა შეუყვარდეს. ინდეფერენტულები. _ მისმინე კატო, გეგას არ იცნობ... _ იწყებს ია ღიმილით და ბიჭს უღრენს. _ არც შენ _ თავს აქნევს კატო. გეგას ისევ ისე ეცინება და ისევ აბრაზებს კატოს. _ გეგა კარგი ბიჭია, მართლა _ გოგონა მხარზე ეხუტება შეყვარებულს და კატოს საფეთქელში სისხლი აწვება. იმასაც ფიქრობს, რომ ღირსია ია და საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო მათ საქმეში. _ საერთოდ არ არის კარგი ბიჭი, არ უყვარხარ _ მერე რა, არც მე მიყვარს ისე, შენ რომ გგონია _ ია წავედით _ გეგა ზედაც არ უყურებს კატოს, სიცილით ბრუნდება და გასასვლელისკენ მიდის. _ სიყვარული ისწავლეთ _ მაინც ყვირის კატო. გეგა არ ჩერდება, მაგრამ ესმის მისი სიტყვები და რამდენჯერმე იმეორებს გონებაში. დიდი ხანი ახსოვდა გეგას კატო, არც მისი სიძულვირით და ზიზღით სავსე თვალები არ დავიწყებია. კატო არ ფიქრობდა გეგაზე ბევრს, იმიტომ რომ ბევრი ენახა გეგასნაირი. თუნდაც იმ სანაყინეში, უამრავი ბიჭი იყო ცივი და ინდეფერენტული, მუდამ იმეორებდა კატო რომ სიყვარულს თუ ვერ ისწავლიდნენ, გამოსავალი აღარ დარჩენილიყო და მაინც ვერავის ასწავლა სიყვარული. ისეთი ვერავის, როგორიც თავად იცის, მაგრამ სიყვარულსაც ხომ შეუძლია ცუდის მოტანა? კატო სწორედ გეგასადმი სიყვარულმა დატანჯა. არ იტანჯებოდა, მაგრამ მამაკაცი თვლიდა რომ ტანჯავდა და რომ სცოდნოდა, როგორ უყვარდა კატოს, ალბათ დაუბრუნდებოდა. სახეზე აკანკალებული თითები აიფარა და ატირდა. გული ათას ნაწილად ეშლებოდა, როცა ძველ დროს იხსენებდა და ახლა იწვა სულ მარტო, სციოდა და არც სხვა ოთახში გადიოდა დასაძინებლად. არ უნდა სხვაგან, ერჩივნა დივანზე დაეძინა. გეგამ ვერაფრით მოისვენა საწოლში მარტო, არადა ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა კატოს გარეშე წოლას, მაგრამ იცის რომ მასთან ახლოსაა და მშვიდადაა. წამოდგა და კარადასთან მივიდა. თავისი კუთხე არ გამოუხსნია, კატოს უჯრა გამოსწია და დაუფიქრებლად აიღო ხელში ერთად შეკრული ფურცლების დასტა. უჯრის კუთხიდან ხელნაკეთი ბლოკნოტიც გამოაძვრინა და საწოლზე დადო ფურცლებთან ერთად. უჯრა მიხურა, მერე დიდი ხანი უყურებდა და მაინც ვერ მისცა თავს უფლება, წაეკითხა. ახლა ხომ საკუთარ თავთან იყო, ახლა ხომ არ თამაშობდა და ვერ გადააბიჯებდა კატოს. ყველაფერი დააბრუნა, ისევ დაწვა და მთელი ღამე უყურებდა ჭერს, ფიქრობდა ბევრს და მაინც არ გრძნობდა არც სინანულს, არც დარდს, არც სინდისი აწუხებდა და არც ნამუსი. მაინც იდეალური იყო გეგა, შეცდომებითაც კი იდეალური იყო და ესეც კარგად იცოდა კატომ. ელებოდა, მოთმინებით ელოდებოდა დროს, ბევრად უჯდებოდა ლოდინი, მაგრამ მაინც. ეს ცხოვრება იყო, კატოსნაირ და გეგასნაირ იდეალისტებს კი, დანებება და გაქცევა არ ახასიათებთ. გვიან გაიღვიძა გეგამ. კვირას არ ჰქონდა სამუშაო, ამიტომ თერთმეტ საათამდე არ გაახილა თვალები. კატო კი ადრე ადგა, როგორც ყოველთვის და გეგას საყვარელი სპაგეტი მოამზადა. ფანჯრები გახსნა და ფარდებიც გადასწია. მზის სხივებმა ისე გაანათეს ბინა, კატოს ამდენი ხნის მანძილზე პირველად გაეღიმა გულწრფელად. გაახსენდა და გაეღიმა. “ _ ცოლად გამომყვები, კატო? _ გეგა აივანს ეყრდნობოდა ხელებით, სახე გოგონასკენ მოაბრუნა და გაუღიმა. _ გეგა... _ კატოს თვალები მაშინ ვარსკვალებს გავდა. ისე კაშკაშებდა, გეგას სახე გაუნათდა და მოთმინებით დაიწყო ლოდინი. _ მე არ გპირდები ბედნიერებას, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში იყოს ცუდი დღეებიც. მე არც სიხარულს გპირდები, შეიძლება ტირილით გათენებული ღამეებიც უამრავი გქონდეს, კატო. როგორ დაგპირდე რომ უდარდელი და ასეთი ლაღი იქნები მუდამ, როცა ვიცი რომ ერთხელ გათენდება დილა, როცა შენი ნაღვლიანი თვალების დანახვა მომიწევს. მე ვერაფერს გპირდები კატო, გარდა იმისა, რომ სულ შენს გვერდით ვიქნები. სიყვარულს არ დავკარგავთ, გპირდები უკანასკნელ წუთამდე მეყვარები და არც არასდროს დაგტოვებ. მხოლოდ ამ ორს გპირდები, მეტი არაფერი შემიძლია. სიყვარული ვისწავლეთ კატო და შენგან მხოლოდ თანხმობა მჭირდება ახლა, დილას ერთად რომ გავიღვიძოთ... შენ ფარდებს გადასწევ და მზის სხივები შემოიჭრებიან ჩვენს ოთახში, ამ დროს გაგახსენდება ეს დღე, მე ვიცი რომ გაგახსენდება _ ღიმილით საუბრობდა გეგა და კატოს თვალებში ჩამდგარ ცრემლებს უყურებდა. _ მე სიყვარულს გპირდები, სამუდამოდ _ მაინც აეტირა კატოს, ხმა გაუტყდა და ღიმილი შეეპარა _ თანახმა ვარ გეგა, რომ ერთად გავიღვიძოთ და მე ფარდები გადავწიო, რომ მზის სხივები შემოვიდნენ და გამახსენდეს ეს დღე... _ თვალები დახუჭა და გულში ჩაეკრა გეგას. გეგამ ზურგზე ხელები მოხვია და კატოს ცხელი სხეული აიკრა, მაშინ გადაწყვიტა რომ კატო იდეალური იყო თუ შეცდომებით სავსე, ძალიან ეყვარებოდა, ყოველთვის ეყვარებოდა და მათი ურთიერთობა ლურჯი იყო. ლურჯი ხომ ყველაზე თბილი და ემოციებით სავსე ფერია. “ _ წვენი არ გვაქვს? _ გეგას ხმამ გამოაფხიზლა. მთელს სხეულზე დააყარა ჟრუანტელის პაწაწინა ნამცეცებმა, თვალებიდან წყვილად ჩამოეღვენთა ცრემლები და უკან შებრუნდა. გეგამ სცადა მზერა აერიდებინა კატოს ცრემლებისთვის, მაგრამ წამიერად მაინც მოკრა თვალი და ისევ ის გრძნობა... _ გეგა _ მაინც სახელით მიმართა კატომ, რამდენიმე ნაბიჯში წინ დაუდგა კაცს და სანამ გეგა შებრუნდებოდა, იქამდე მოხვია ხელები და თავი მის ყელში ჩარგო. მერე ტიროდა, ძალიან ბევრს, მოგონებებს ტიროდა და ბედნიერი იყო, მაშინ წუთითაც არ უგრძვნია ტკივილი. გეგამ ვერ გაბედა კატოს მოშორება, ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი და სანამ გააზრებას მოასწრებდა, ხელი თმებში შეუცურა. კატოს გულისცემა დაუმშვიდდა, თვალებიც მიეხუჭა უნებურად და აღარც ტიროდა. იგრძნო გეგამ, ყველაფერი იგრძნო ერთდროულად და კატოს მაგივრად ეტკინა. მისი ტკივილიც და კატოს ტკივილიც, სული გაუბზარა ისე ეტკინა და დაელოდა. კატო უსმენდა გეგას გულისცემას, მშვენივრად იცოდა რომ მეორედ ასე ვეღარ მოიქცეოდა და დეტალებს იმახსოვრებდა. გეგას გული არათანაბრად ძგერდა. _ გეგა, არასდროს რომ არ ამოვიდეს მზე და მე არასდროს რომ აღარ გავხსნა ფარდები... მაინც მეყვარები _ მის ყურთან ჩურჩულებდა და აკანკალებული ხმა ვერ დაიმორჩილა. _ კატო... _ ვერ გაბედა. მაინც ვერ გაბედა, ქალის სხეული მოიშორა და უკან აღარც მოუხედავს, ისე დატოვა კატო მარტო. მაგრამ ბედნიერი იყო, იმიტომ რომ კატოსნაირი ქალები ყოველთვის ხედავენ ყველა წვრილმანში, ყველა სიტყვაში იმას, რასაც უნდა ხედავდნენ და არ უნანია. არაფერი არ უნანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.