მათხოვარი (18 თავი)
მეთვრამეტე თავი - იქნებ ლუკას არ მოუკლავს? - რატომღაც არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ბავშვობის მეგობარი ასე გაიმეტებდა, თითქოს ხავსს ვეკიდებოდი მე. - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე, როგორ იჯდა ავტომობილის საჭესთან, მისი დადანაშაულება აზრად არ მომსვლია, ვიდრე... - ხმა უკანკალებდა მას. - ვიდრე?! - ინტერესით ჩავეკითხე მე. - ვიდრე კახას წერილი არ წავიკითხე... - წერილი?! - დიახ, კონვერტში, რომელიც ბანკეტის დღეს გადმომცა, მისი წერილი იდო... - იცოდა, რომ მოკლავდნენ?! - გაოცებას ვერ ვმალავ მე. სევდიანად გაეღიმა და ისევ თხრობა გააგრძელა: - ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ჩაივლიდა დასაფლავება. ის დღეები გონებამ ფრაგმენტებად შემოინახა. კახასგან სამახსოვროდ დამრჩა ტკივილი, მონატრება და ერთი დიდი, გაუყუჩებელი, ღიად დარჩენილი იარა. დასაფლავებიდან დაბრუნებული უგონოდ მთვრალი ჩემს ოთახში შევიკეტე, მომხდარში თავს ვიდანაშაულებდი, უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: - იქნებ შემეძლო მისი გადარჩენა? რა იქნებოდა რომ არ დაბრუნებულიყო? გაშტერებული ვცდილობდი გამეანალიზებინა, მივმხვდარიყავი კონკრეტულად სად, რა მომენტში დავუშვი საბედისწერო შეცდომა. თვალი გამექცა კუთხეში მიგდებული სმოკინგისკენ. მახსოვდა, როგორ ზიზღით მოვისროლე ბანკეტიდან დაბრუნებულმა. დიახ, ყველა და ყველაფერი მძულდა, რაც იმ დღესთან მაკავშირებდა. ახლაღა გამახსენდა კახას საჩუქარი, კანკალით დავწვდი სმოკინგს და ჯიბეში ჩაკუჭული კონვერტი ამოვიღე. სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა იმ წუთში ვაღაირებ, გახსნამდე ქაღალდის კონვერტს ვეფერებოდი, არ მემეტებოდა ჩემი ბინძური თითებით დასასვრელად. ბოლოს როგორც იქნა გავბედე, გაოცებული ჩავცქეროდი შიგნით მოთავსებულ ფურცელს, გაუცნობიერებლად მეშინოდა მისი წაკითხვის, თუმცა მაინც ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ სამყარო, ნელ-ნელა კახას თვალით ვხედავდი ყველაფერს, ისევ მტკიოდა, თუმცა გატყუებ, ამას ტკივილი აღარ ერქვა, მე ვიდექი ფსიქოზისა და შერაცხადობის ზღვარს შორის, იმ წუთში შლეგი ვიყავი, ჩვეულებრივი გიჟი. - „ვიცი რომ კითხულობ, ვიცი რომ გტკივა, თუმცა უნდა მეთქვა, უნდა მომეწერა! - ასე იწყებდა წერილს კახა - „ბევრი დაგვიგროვდა, ბევრი დაგვრჩა უთქმელი, გაუზიარებელი. თუმცა ზუსტად ვიცი, რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ამ სიტყვებს ვერ გეტყოდი, გამბედავობა არ მეყოფოდა შენთვის თვალებში შემოსახედად. ალბათ, მხდალი ვარ! არ უარვყოფ, უამრავ ნაკლს შორის ეს კიდევ ერთია, დიახ, შემეშინდა. არ მინდოდა დამენახა შენს ბავშვურ წარმოსახვაში არსებული კახა, როგორ დავემხობოდა, როგორ შემიძულებდი. მაგრამ შემიძულებდი კი?! სადღაც გულის სიღმეში მინდა მჯეროდეს, რომ - არა, ვიცი რომ - არა! ეგოისტი ვარ, მესაკუთრე, ასეთი ვიყავი და ასეთად დავრჩი. იცი, შენს დაბადებამდე პატარა ბავშვებს ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდნენ მჩხავანა, წითელი არსებები, მაგრამ შენ გაჩნდი და... მახსოვს მუთაქასავით შეფუთული როგორ მოგიყვანეს სახლში. ისეთი უსუსური იყავი, ისეთი პატარა, გაოცებული გიმზერდი და ვინ იცის მერამდენე ვკითხულობდი: - მეც ასეთი ვიყავი?! მხედავს? ძირითადად ჭამდი და გეძინა, ერთხელ შენს ოთახში შემოვიპარე, გეღვიძა. ფრთხილად შეგეხე ხელის გულებზე, მოცუცქნული თითებით მომეჭიდე და გამიღიმე. მაშინ ვიწამე სასწაულების, შენით ვისწავლე სიყვარული, შენით ვისწავლე ერთგულება. მშობლები მიხსნიდნენ, რომ ორმოცი დღის განმავლობაში ჩვილს მხედველობა არ აქვს და ვერც სახეებს არჩევს. არ გეწყინოს, სან, მაგრამ მაგარი მტირალა კი იყავი. იმხელა ხმაზე ჩხაოდი, რომ... თუმცა შემოვიდოდი თუ არა, ჩუმდებოდი. დედას გაფიცებ, ხომ მხედავდი?! ჩემი არ სჯეროდათ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მცნობდი. ეჰ, სან, მაგარი დრო იყო! იცი რა მიყვარდა ყველაზე მეტად?! შენს თვალებში დანახული სიხარული, ასე მხოლოდ შენ გიყვარდი, ასე მხოლოდ შენ მხვდებოდი. გულით მინდოდა იდეალური ვყოფილიყავი, ისეთი შენ რომ გაგიხარდებოდა, მინდოდა შენი უფროსი ძმით გეამაყა, თუმცა შენ ხომ ისედაც ამაყობდი?! დედას გეფიცები, მინდოდა შენთვის მისაბაძი ვყოფილიყავი, არ გამომივიდა, ვერ შევძელი! ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მაშინ არც კი ვფიქრობდი, ასე თუ გაგრძელდებოდა, ასე თუ გამიჭირდებოდა ამ ჭაობიდან თავის დაღწევა. ლუკას მშობლებს დიღომში დაკეტილი ერთ ოთახიანი ბინა ჰქონდათ. გასაღებს ვიღებდით და იმ ბინაში ავდიოდით. არ იფიქრო რამე ცუდს ვაკეთებდით, სულაც არა, ვერთობოდით ჩვენებურად, თბილისურად, იყო კარგი მუსიკა, ძირითადად როკი ცოცხალი შესრულებით, ალკოჰოლი, ცოტა მოსაწევი და ბევრი სექსი. ეხლაც მეცინება ამის გახსენებაზე. უდარდელები ვიყავით. შემდეგ?! არც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ თხუთმეტი-თექვსმეტიის, ან იქნებ ჩვიდმეტის?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ერთ დღეს ლუკამ ამპულები მოიტანა, სუფთა მორფი იყო. დღემდე არ ვიცი სად იშოვა, მაშინ ეს კითხვები არ გამჩენია, საერთო ბაიანით ყველამ გავიკეთეთ, თითქოს ასე ვუმტკიცებდით ერთმანეთს ძმობას, ერთ-ერთს, მისი სახელი კარგად არც მახსოვს, შპრიცის ეშინოდა, პანიკურად კანკალებდა, ჩვენ კი დავცინოდით, ისტერიულად ვხარხარებდით, აკანკალებული ხელები ვერაფრით რომ ვერ დაიმორჩილა, საბოლოოდ წამალი ვენაში ლუკამვე გაუკეთა. ნელ-ნელა მოდიოდა სანატრელი გაბრუება, ნელ-ნელა ვეთიშებოდი ამ სამყაროს. იმ წუთში თავს ნარკომანად არ ვთვლიდი. არც ვიყავი, ვის არ გაისუნჯავს? სხვა თუ არაფერი ჩვიდმეტი წლის კაცს ერთხელ ხომ მაინც უნდა მქონოდა გაკეთებული?! ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. მეოთხედ კი ჩემით მოვითხოვე. ლუკას სასაცილოდ არ ეყო ჩემი სიტყვები: - ეეე, შე ჩემა... ამპულებს ხეზე კი არ ისხამს?! ფული უნდა, გაჩითე და... ფიქრი არ დამიწყია, ფულის მეტი რა მქონდა?! უპრობლემოდ ვიხდიდი სასურველ წამალში. მასაც მოჰქონდა და მოჰქონდა. მაგრამ... მახსოვს როგორ მოვპარე მამაჩემს საფულე. უტყვი, უტიფარი თვალებით ვუმტკიცებდი, რომ სადღაც გზაში, სახლში მოსვლამდე დაკარგა. შემდეგ დედაჩემის ნაყიდი ახალი ტყავის ქურთუკი გავყიდე, ნელ-ნელა გაქრა სახლიდან ვიდეო- მაგნიტოფონი, ძვირფასი ჭურჭელი, დედაჩემის სამკაულები. არ ვიცი რატომ, მაგრამ კითხვას არავინ მისვამდა სად მიმქონდა ნივთები, იქნებ ეშინოდათ პასუხის მოსმენის?! ალბათ, ეშინოდათ! ნელ-ნელა შემომეძარცვნენ საყვარელი ადამიანები, ნელ-ნელა ზურგი მაქციეს. შემდეგ გასაყიდი აღარაფერი დამრჩა, თავიდან ვფიქრობდი, რომ წამლის გარეშე არსებობას შევძლებდი, ამის მჯეროდა, მაგრამ გაბრუების სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. არ ჩათვალო, თითქოს თავს ვიმართლებ, არა! მხსნელად ისევ ლუკა მომევლინა, დიახ ჩემი „ერთგული“ მეგობარი. ყველაზე სარფიანი წინადადება შემომთავაზა: - საძმოს წევრი გახდები! -რაშიც სამარცხვინოს მე პირდად ვერაფერს ვხედავდი - და ნარკოტიკების რეალიზაციით დავკავდებოდი, სანაცვლოდ კი უფასოდ მივიღებდი წამალს!. სან, გძულვარ?! მერწმუნე იმაზე მეტად არა ვიდრე მე მძულდა ჩემივე თავი. თუმცა მინდა გითხრა, რომ საკუთარ საქციელს მაინც ვამართლებდი: - რატომღაც მჯეროდა, რომ ჩემისთანა გაჭირვებულებისთვის წამლის მიტანა დახმარება იყო, განა ასე არ იყო?! დავიფიცებ სან, რომ პირველად არავისთვის არ გამისინჯებია, წამალზე არავინ შემისვამს. მე მხოლოდ ლომკაში მყოფებს ვეხმარებოდი, განა ეს სიკეთე არ იყო?! თუმცა სიკეთესაც ყველა მისებურად ხედავს. მახსოვს, მამაშენმა დამიბარა, პირდაპირ მკითხა: - რაც გავიგე მართალია?! - ნეტა რომელს გულისხმობდა, ნარკომანობას თუ ბარიგობას? მოცდა ვავჯობინე, მინდოდა სათქმელი თავად ეთქვა: - კახა, თუ დახმარება გჭირდება, შენ მხოლოდ მითხარი, მხარში დაგიდგები, ოღონდ მაგ ხალხს ჩამოშორდი, ოღონდ!.... - ვინ ხალხს, ვაჟა ბიძია?! - მიამიტი თვალებით მივჩერებოდი. - იცი შენ ვისაც, სანდროს რა მაგალითს აძლევ, ერთ დღეს მასაც მიჰყიდი წამალს? გამაცია, დედას გეფიცები იმ წუთში მოვკვდი: - არა, სანდრო წამალს არც კი გაეკარება, სანდროს რა უნდა ნარკოტიკებთან?! - არა? აბა იმ ბიჭებმა რა დაგიშავეს? გეკითხები რა დაგიშავეს? - მამაშენი ქეჩოში მანჯღრევდა - აზრზე მოდი, ვიდრე გვიანი არაა, აზრზე მოდი!... - ისინი ჩაძირულები არიან, დაღუპულები, ჩემსავით დაღუპულები... - ვინ იცის მერამდენედ ვუმეორებდი. მკაცრი სახით მიმზერდა ვაჟა. ვხვდებოდი, მასაც ვკარგავდი, თუმცა გული აღარ მწყდებოდა, მხოლოდ შიში მქონდა, ერთი რამ რაც ისევ მტკიოდა შენ იყავი, შენი ნახვა რომ აეკრძალა ვერ გადავიტანდი. მოვდიოდი, ისეტერიულად დამყავდი ატრაქციონებზე, შენ იქნებ არც გინდოდა, მაგრამ მე მჭირდებოდა, უნდა მეგრძნო რომ ჯერ კიდევ მქონდა შეგრძნების უნარი, ჯერ კიდევ მყავდა პატარა სიწმინდე. სამი წელი, დაუსრულებელი სამი წელი გავატარე საძმოში. შემდეგ იცი რა მოხდა? ქალაქში გაკეთებული წამალი შემოიტანეს. შენ თავს ვფიცავარ, არ ვიცოდი ისე მივუტანე ბიჭებს. ჩემი მიწოდებული წამლით ჩემივე უბნის ბიჭები დაიღუპნენ, გესმის სანდრო?! მკვლელი გავხდი. საკუთარ სურვილებს აყოლილმა ძმაკაცები დავხოცე. აი, რა სანაქებო ბიძაშვილი გყავდა, ჩამპალი ნარკომანი, კაცის მკვლელი, უპრინციპო, ნაძირალა! იმ ღამით ვაჟამ დამიბარა, სულელი არ ვიყავი, კარგად ვხვდებოდი მისი მოწვევის მიზეზს. არ შემშინებია, უკვე აღარაფრის აღარ მეშინოდა. ჩუმად ვუსმენდი, ბიჭების დაღუპვის შესახებ იცოდა, რათმა უნდა ჩადენილში მადანაშაულებდა. თავის მართლება არც კი მიცდია. იმ დღეს გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამალი უნდა გადამეგდო, საძმოდან უნდა წამოვსულიყავი. იმ საღამოსვე შევხვდი ლუკას, მისგან ახსნას ვითხოვდი, მინდოდა ეთქვა, რომ არ იცოდა, რომ ისიც ჩემსავით მოატყუეს, გააბითურეს, გამოიყენეს. რაც გინდა ეთქვა, შენს თავს ვფიცავარ დავუჯერებდი, ოღონდ ის სიტყვები არა! - მიკვირს შენ რატომ არ გაიკეთე, ცდუნებას როგორ გაუძელი?! - ირონიულად მეკითხებოდა ის. მეგონა მომესმა, ხვდები რა მითხრა?! იმ ნაბიჭვარმა მარტო ბიჭები კი არა, მეც გამწირა! იმ ღამით მეც უნდა მოვმკვდარიყავი. კარგად იცი, როგორ დასრულდა ჩვენი შეხვედრა. მამაჩემთან მისვლას აზრი არ ჰქონდა, დახმარების სათხოვნელად ისევ ვაჟასთან მოვედი. არ დამიმალავს, პირდაპირ ვუთხარი, რომ წამლის გადაგდება მინდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ წუმპისგან განთავისუფლება მსურდა. დამეხმარა, როგორც ყოველთვის ვაჟა დამეხმარა, იცი რატომ? იმიტომ რომ კაცია! მაშინ პირველად მითხრა: - ის ბავშვი, ეხლა მალულად რომ გვისმენს, იცოდე შენი ძმაა, შენი ხასიათი აქვს, შენ თუ ვერ გამოძვრები, ისიც დაიღუპება! გესმის სან, რა მითხრა?! ეეე.. შენ არც კი იცი ეს სიტყვები რას ნიშნავდა ჩემთვის, მოვკვდებოდი და წამალს მაინც აღარ გავიკეთებდი, შენს თავს ვფიცავარ ვერავინ გეტყოდა, რომ შენი ბიძაშვილი, შენი საამაყო კახა, წამალში გაიპარა! ისე ძმაკაცების მკვლელის სახელს წამალში გაპარვა არ სჯობდა?! დამიჯერე, სან, ჯობდა, მაგრამ.... სან, წამალს ხომ არ გაეკარები?! ჩემ თავს გაფიცებ, არ გაეკარო, არ მიიღო! ნებისმიერი ვინც ბაიანს მოგაწოდებს მაშინვე ჩაკალი, ჩააძაღლე, გესმის სან? ხომ გესმის არა?! მაგრამ მე ვინ ვარ რჩევა რომ მოგცე?! წამოვედი, პირობა შევასრულე, არც არავინ ჩამიშვია, არც არავინ გამიცია, მაგრამ ვერ მოისვენეს, ყველაზე სათუთით, შენით მემუქრებოდნენ. ვხვდებოდი, რომ რეალურად ვერც ვერაფერს დაგიშავებდნენ, უბრალოდ ვაჟა არ მისცემდა ამის უფლებას, მაგრამ თავის დაზღვევა გადავწყვიტე. არც ისეთი უვიცი ვიყავი, ლუკას რომ ეგონა, საკმაოდ ბევრი რამ მესმოდა, ბევრი რამ ჩემითაც გავიგე. შენი სიცოცხლის ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, ჩემს მიერ მოგროვებული ინფორმაციის ნაწილი გადავეცი. შედარებით დამშვიდდნენ, ჩაწყნარდნენ. ალბათ, მიხვდნენ, რომ პოლიციაში წამსვლელი მე არ ვიყავი, უშიშროებაში ხომ მითუმეტეს. მაგრამ, გგონია მუქარას ვაპატიებდი?! შეიძლება ნაძირალა ვიყავი და ვარ კიდევაც, შეიძლება უპრინციპოც ვიყავი, მაგრამ სიყვარული შემეძლო. ყველაზე დიდი შეცდომა, მაშინ დაუშვეს შენით როცა დამემუქრნენ. ისიც ზუსტად ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც მომკლავდნენ, ამხელა ინფორმაციის მატარებელს როგორ გგონია ცოცხალს დამტოვებდნენ?!... ცოდვა გამხელილიც სჯობს, ცუდი რამაა სინდისი, გულითაც რომ გინდოდეს ვერ გაექცევი, ვერსად დაემალები. კარგად ვხვდებოდი, რომ ამ დიდ თამაშში ჩემისთანა პეშკები საკმაოდ ბევრნი იყვნენ, არც ლუკას ჰქონდა მაინც და მაინც სახარბიელო პოზიცია. პოტენციურ რეალიზატორების მოძიებით იყო დაკავებული, ჩემისთანა გოიმებს, საკუთარ თავზე შეყვარებულ კრეტინებს პოულობდა, წველიდა, წველიდა, აკოტრებდა და... მაგრამ მხოლოდ ნარკოტიკები რომ ყოფილიყო კიდევ რა უჭირდა, ბავშვებით ვაჭრობდნენ, ტო! საზღვარგარეთ გაჰყავდათ, ვითომ აშვილებდნენ, ვითომ მკურნალობდნენ. ძიება დავიწყე, გესმის სან?! შვიდი წელი ვაგრობევდი ინფორმაციას, შვიდი წელი პატარა დრო ხომ არაა?! დიდიან - პატარიანად, პეშკიან, მბძანებლიანად... შევძელი, სან. გეგონა ვერ შევძლებდი?! ეეე, რას ამბობ, ტო?! შენით მემუქრებოდნენ, ყველაზე წმინდით, ყველაზე თბილით!... ეეეჰჰჰ, სან! რომ იცოდე როგორ მიყვარხარ! ნეტა ჩემით ისევ იამაყებ? ნეტა ამ წერილის შემდეგ ისევ გეყვარები? სან, ამ კონვერტში მეხსიერების ბარათია, სულ რაღაც ერთმა ბარათმა დაიტია მთელი მასალა. თუ ვინიცობა და დაკარგო, ჩემი მოსკოვის ბინის კარადაში მეორე ეგზემპლარიც ინახება, ერთი წლის ქირა წინასწარ მაქვს გადახდილი, ბინაში არავინ შევა, გესმის სან? ამ მასალებს სხვას ვერ ვანდობ, ვერც პოლიციას, ვერც უშიშროებას. ადრე თუ გვიან, შენითვე მიხვდები რატომ...ნახე, და შენით გადაწყვიტე როგორ იმოქმედო. ეს რა ყოფილა წერილის წერა?! წესით უნდა ვასრულებდე არადა ვერ გელევი, იმდენი რამ დამრჩა უთქმელი, იმდენი... გახსოვს ეშმაკის ბორბალზე ჯდომისას შუქი რომ ჩაქრა? სან, ეხლა მაინც აღიარე, შეგეშინდა?! მე - შემეშინდა. კი გეუბნებოდი ვაჟკაცი ხარ, არ შეშინდე მეთქი, მაგრამ მე მეშინოდა, ვკანალებდი და ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი ხარ, სან! მხოლოდ ჩემი, მერე რა რომ ერთი უპრინციპო და ნაძირალა გამოვდექი, მე რა რა, რომ შენთან არ ვიყავი, შენს თავს ვფიცავარ, ყველაზე დიდი ძმა გყავდი, ყველაზე ერთგული და ყველაზე გამტანი. სან, ჩემი უბნელი ლიაკო გახსოვს? ჰო, ჰო, ის შავი, ტყავის ქურთუკით რომ დადიოდა, გაგახსენდა ხომ? ისე მაგ გოგოს შენთვის კამფეტები არ მოუცია, პრინციპში არც წერილები მოუწერია, მაგრამ შენ მაინც ყველასგან გამოარჩევდი. ნეტა როგორ ხვდებოდი? იცი რომ მისთვის არ მითქვამს? ისე წამოვედი, ერთხელაც ვერ ვუთხარი. ზოგჯერ მოინახულებ ხოლმე? არა, ხშირად არ გთხოვ, უბრალოდ, ზოგჯერ, კვირაში ერთხელ?!.. ბევრია? კარგი თვეში ერთხელ?!... ესეც ბევრია?!. ვიცი ბევრია, მაგრამ... თუ გინდა ნუ ნახავ, არ მინდა ეტკინოს. ვიცი, არ იტყვის, არ გაამხელს, მაგრამ ეტკინება. ეჰ, სან... სან!“... ასე სრულდებოდა კახას წერილი, კონვერტში მართლაც იდო მეხსიერების ბარათი, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამივრცელებია. იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ვერავის ვენდობოდი, საბუთები იმ წელს ეკონომიურიდან იურიდიულზე გადავიტანე, გაგეცინება ალბათ, სად ფინანსები და სად იურისპუდენცია, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემებმა გააპროტესტეს, დედაჩემი გადაირია, შვილს პოლიციელად კი არ ვზრდიდიო, მაგრამ მათი აზრი არ მაინტერესებდა, მე მჯეროდა, მოვიდოდა დრო და ჩემითვე მივიყვანდი კახას დაწყებულ საქმეს ბოლომდე. ალბათ, მეტყვი, რომ ისიც დამნაშავე იყო, რომ ისიც ლუკასგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ ჩემი იყო, გესმის გვანცა ჩემი?! - კახასა და ლუკას მტრობის მიზეზს მივხვდი, გავიგე რატომ გძულს და რატომ უნდა შენი განადგურება, მაგრამ ამ ისტორიასთან რა აკავშირებს ვახოს, მათხოვრებს? - ალბათ უსამართლობაა, მაგრამ მეტს ვერაფერს მოგიყვები! კახასა და ლუკას მსგავსები ამ ჯგუფში ბევრნი იყვნენ, არიან და სამწუხაროდ, ალბათ იქნებიან. მე მხოლოდ ლუკას მსგავსების დაჭერა კი არა, მათი ლიდერების განადგურებაც მინდა. იმ ბობოლების მათი მახინჯი წესებით ადამიანების სიცოცხლით ასე რომ თამაშობენ! - რამე რომ დაგიშავონ?! კახას მსგავსად შენც რომ გაგიმეტონ?!- შიშით ხმა მებზარება. - შენ ხომ დამიცავ?! - აშკარად დამცინის სანდრო და დასმულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ტუჩებში მსუბუქად მკოცნის. - სანდრო... - ხმაში ჩვეულებისამებრ ცრემლები მერევა, მაგრამ ყურადღებას აღარ მაქცევს, სათქმელი აღარაფერი აქვს, ზურგს მაქცევს და საძინებელში შედის. ისე იძინებს, თითქოს ქვეყნად დარდი არ აქვს, მე კი თვალს ვერ ვხუჭავ: სივრცე აღარ მყოფნის, ემოციებისგან დაღლილი გარეთ გამოვდივარ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვმშვიდდები, თუმცა არც აქ ყოფნა შემიძლია, ისევ ოთახში ვბრუნდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.