სიბრმავის ფერები (სრულად)
* * * თქვენ გინახავთ ადამიანები შორიდან? ჩაფიქრებულები, ქაოსში გახვეულები. ისინი ცხოვრობენ ბანალურად, თითქმის ერთი და იგივე უაზრო არსებობით. ადამიანებმა იმდენს მიაღწიეს, ახლა მათზე უფრო ითქმის, რომ საუკუნის მოღვაწეობა უბრალო არსებობაა, მიზნების გზა. * * * მოსვენებული სული გინახავთ?! რა თქმა უნდა, არა. მას უნახავს. მერიმ იცის, რომელია მოსვენებული სული და რომელი - მოუსვენარი. მისთვის სიბნელე ისეთივე სინათლეა, როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივი. იგი ახლაც, ზის ბნელი ოთახის კუთხეში, ღიმილით დაჰყურებს თეთრ კანზე გაჩენილ ცისფერ ვენებს და არ იცის, საიდან დაიწყოს. მისი ცხოვრება წიგნის შუა გვერდიდან იწყება. მისი დღიურები არსებობას შუა ფურცლებიდან იწყებენ და საერთოდ, მერის დასაწყისი არა აქვს. -ყველა დასაწყისს თავისი დასასრული მოსდევს -ნაღვლიანად ჩაილაპარაკებს ხოლმე და საწოლში ბრუნდება. მერამდენე წელმა გაიარა უაზროდ. მას კალენდარი აქვს, თუმცა არ იყენებს. კედლებზე ჯოხებით ითვლის პატარა ოთახში ყოფნის დღეებს, თვეებს, წლებს. მნახველების რაოდენობა მუდამ ერთია. ლილი - შუა ფურცლის პირველი პერსონაჟი და ლილი - ამოუწურავი იმედი. დედამ რახანია მიატოვა. მისმა დიაგნოზმა ყველა დააფრთხო, მათ შორის დედამისიც. ქალი, რომელიც მერის სიყვარულით ცხოვრობდა. დღემდე არავინ იცის თუ როგორ შეეძლო მისი დათმობა, მერის გარდა. -ადამიანები სუსტი არსებები არიან. რამდენადაც ძლიერი ფსიქოლოგია აქვთ, რამდენის ატანაც შეუძლიათ, იმდენად, ან უფრო მეტად სტკივათ. მე არ ვადანაშაულებ მას, რადგან იდეალურ ცხოვრებაში, ალბათ შევძლებდით დასაწყისიდან დასასრულამდე ერთმანეთის გვერდით დგომას. ცხოვრება სიყალბეა, გაცვეთილი გაკვეთილია. დიდი ნაგავია, სადაც სიმყრალეში ხრჩობა გვიწერია ყველას. ცხოვრებაში ათასი სასწაულის მომსწრენიც რომ გავხდეთ, უზრუნველყოფის ასი გზაც რომ დაგვისახონ, მაინც იმ ერთს გავეკიდებით, იმ ერთზე ვიფიქრებთ და იქითკენ წავალთ, რასაც ბოლოს იმედგაცრუებასთან მივყავართ. ადამიანი სუსტია. დედაჩემი სუსტია -უემოციოდ აცხადებს მერი და ისევ საწოლზე ბრუნდება. ჩვეულ პოზას იბრუნებს - ფეხებს აიკეცავს, მუხლებზე ხელებს მოიხვევს და თავს ჩარგავს. მერე, ზის უაზროდ ასე. შეუძლია მთელი დღე გაატაროს. მისი სული არ ისვენებს. * * * -შენი საყვარელი ფერი? -ეკითხება ექიმი. -წითელი -ღიმილით პასუხობს. თვალებზე გადაკრული ნისლი აღიზიანებს, მაგრამ არაუშავსო ამბობს და შეგუებას ცდილობს. -რატომ წითელი, მერი? -ყველა ფერისგან განსხვავებით, კარგად ჩანს. -მე რომ საგნები გაჩვენო, დაასახელებ მათ ფერებს? -მერი თავს უქნევს. რა არის ადამიანი, არა? დაბრმავებამდე, კიდევ აქვს იმედი, რომ ფერებს გაარჩევს. ექიმი თხელ ფირფიტებს ალაგებს. ზოგი ცისფერია, ზოგი - სხვა. -მერი, რა ფერისაა ეს ბურთი? -ცრუობს, რადგან მას ცისფერი ფირფიტა უჭირავს. მერის ეღიმება -მგონი, თქვენი თვალების ფერია. მწვანე?! -კარგი, შემდეგი -ექიმს ხმა ეცვლება. იღებს მწვანე ფირფიტას და კიდევ უსვამს კითხვას. მერის პასუხები მცდარია. თავის საყვარელ ფერსაც კი ვეღარ ცნობს. დაიკარგა. -მერი, ეს ფირფიტა რა ფერისაა? -სასოწარკვეთილი გოგონა სულგამოცლილივით ყვირის -თეთრი! -ექიმს თვალები უბრწყინდება, თუმცა სულ ტყუილად. -მართალია მხოლოდ ერთი გამოიცანი, თუმცა... -არა! თეთრია. ყველაფერი თეთრია -აკანკალებულ, გაწითლებულ თითებს სახეზე ისვამს, ამოწმებს, იქნებ კიდევ არის რაღაც იმედი? იქნებ კიდევ შეუძლია ფერების ცნობა. არა, არ შეიძლება ყველაფერი ასე სრულდებოდეს. როგორ შეიძლება, საკუთარი მარცხი ფეხებთან გაგიგორდეს?! -სადღაც სამართალი ხომ არსებობს? -ყვირის ის. ექიმს ძალა არ აქვს. იქვე მიგდებულ ღილაკს ხელს აჭერს და ცისფერ პერანგებში გამოწყობილი ექიმების ჯგუფს იძახებს. ის გადის, მაგრამ სამწუხაროდ, ფერებთან ერთად, სითეთრე ვერ მიაქვს. * * * -მე მერი ვარ და მე დავბრმავდი -უსასრულობას უყურებს და სუსტ ბგერებს ჰაერში ფანტავს. იცის, რომ ახლა წრეზე შეკრებილი ბრმები უსმენენ, თუ ვერ ხედავენ, ესმით მაინც. მერი ფიქრობს, რომ ხედვაზე უკეთესი სმენაა. თუ შეგიძლია ბგერებს სიღრმეში გაჰყვე, ესე იგი, სულების გაშიშვლებაც შეგძლებია. -მოგესალმებით მერი! -ერთხმათ ცოცხლდება დარბაზი. გულში რაღაც ჩასწყდა, თითქოს თვითონაც მათ რიგებს შეერია, წარსულს რომ ვერ ივიწყებენ. არადა, რა კარგად დამალა ის სილამაზე. ისიც კი ისწავლა, არაფერში ყველაფერი როგორ დაენახა. სუსტია ადამიანი. -მე ორი წლის წინ დავკარგე მხედველობა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, არაფერს ვგრძნობ, საერთოდ. -გრძნობს დანარჩენებს როგორ იპყრობთ სევდა. ვერ ხედავს, გრძნობს! ისიც კი იგრძნო, ერთ-ერთს როგორ უნდოდა დარდი კვნესას ამოეყოლებინა, თუმცა ვერც მან გაბედა. ისიც თეთრებში იყო გახვეული. -პანიკა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი სისუსტე არ იყო. სიბრმავე მე არ გამომიგონებია, ის ჩემი მიზეზით არ გაჩნდა, ამიტომ სახიდან ხელები მოვიშორე, ძველებურად განვაგრძე სუნთქვა. მე არ მისწავლია დამხმარე ჯოხით სიარული, მე არც იმის გამოცდილება მაქვს, თუ როგორ უნდა ვიპოვო მოლაპარაკე ადამიანის თვალი, ცხვირი ან პირი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა რაღაცას მივაღწიეთ. აქ იმიტომ ხართ, რომ ერთმანეთს მიღწეულ შედეგებზე მოუყვეთ. დროში გაჩერება არავის გიცდიათ -გულნატკენმა ჩაილაპარაკა და წამოდგა. ხელებს არ აცეცებდა, არც ჯოხი ჰქონდა და არც ვინმე გამოუყოლებია დამხმარედ, რომ ოცსაფეხურიან კიბეზე ასულიყო. წელში გამართული, რაღაცას შეგუებული და იმედით სავსე, რომ არ გამოიჩენდა სისუსტეს და არ დაეცემოდა, კიბისკენ დაიძრა. გრძნობდა როგორ ახლოს იყო პირველი საფეხური. წარმატებით დადგა ფეხი. "ცხრამეტი, თვრამეტი, არ დაეცე! ზურგიდან ბრმები გაკვირდებიან, არ დაეცე, მერი!" * * * რთულია, ადამიანმა ისე იცოცხლო, რომ არ მოკვდე. მერის რაც შეეხება, იმედით ცოცხლობს. მან იცის, რომ ლოდინი და სხვა გრძნობები, ან თვისებები, ადამიანებს ძალას აცლის. იმედი კი ერთადერთია, რომელიც არ გაქრება -თუნდაც ათასჯერ გაგიცრუვდეს იმედი, მაინც გაჩნდება. იმედი, რომ ხვალ გათენდება, რომ გაიღვიძებ, გარეთ გახვალ, ვიღაც მოგესალმება, მერე საქმეს მოაგვარებ, სახლში დაბრუნდები და დაიძინებ. მართალია მოსაწყენი რეჟიმია, მაგრამ იმედი აქაც მონაწილეობს, ისევე როგორც ადამიანის არსებობის ყოველ ეტაპზე, იმედი უკვდავი, ამოუწურავი რესურსია. -ის ლაპარაკობს და ისევ ჯდება საწოლზე. გრძნობს, რომ საწოლიც თეთრია, კედლებიც. იმაზე დარდობს, რომ დროს ვეღარ ითვლის. ახლა ნამდვილად დასჭირდება კალენდარი და ეს უბრალოდ, საცოდაობაა. * * * ხშირად ფიქრობს სიკვდილზე. ნუთუ ის შავია? რადგან უკვე მობეზრდა თეთრები. ფერები ხომ მნიშვნელოვანია? ისინი განსაზღვრავენ ყველაფერს. გრძნობს, რომ თეთრი ტანსაცმელი აცვია და გიჟდება. დილით ექიმთან წაიყვანეს. -მერი, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა სიბრმავე დროებითია. -ექიმის ღიმილს გრძნობს. მერე და ვის რაში გამოადგებაო, ფიქრობს და მოდის. უსიტყვოდ, ულაპარაკოდ. მხოლოდ ის უტრიალებს თავში, ამდენ ცვლილებას ადამიანი როგორ უნდა შეეგუოს იმ პატარა დროში, რასაც სიცოცხლე ჰქვია. მერი უიმედოა. * * * რახანია ლილის წერილებს აგროვებს. მან არ იცის, რომ მერი დაბრმავდა, თორემ აუცილებლად ჩამოვიდოდა და მოინახულებდა. მერიც ითამაშებდა, ვითომ ყველაფერს ხედავდა, ვითომ ისევ ძალიან მოსწონს დის თმა, ახალი ტანსაცმელი. ეს მაშინაც მოჩვენებითი იყო და ახლაც მზადაა, რომ განაგრძოს. გგონიათ არ იცოდა ლილიმ? იცოდა, რომ არც ერთი არ მოსწონდა მერის. იცოდა, რომ მასზე ახალი ტანსაცმელი არ მოქმედებდა. უბრალოდ უნდოდა, რომ დისგან საქებარი სიტყვები მოესმინა. ცდილობდა მერი სამყაროსთვის მოერგო, რომ მერე იმაზე ფიქრს არ გაეგიჟებინა, ჩემი და ჭკუიდან გადასულიაო. მერის მთელი ცხოვრება წაშლილი იყო. იგი არავის გაეცნობოდა გვარით, არასდროს გაიხსენებდა წარსულის ადამიანებს (რომლებიც მრავლად ჰყავდა) და არ იტყოდა -"ნეტავ იმ დროში დამაბრუნაო". მერიმ მოკლა ყველა სიკეთე წარსულთან, გადაჭრა თოკი, ჩაწყვიტა გაბმული ძაფები და შუა ფურცლიდან დაიწყო. იქ არავინ იცნობდა, იქ აღარავინ ჰყავდა. შუა ფურცელს არ სცდებოდა. დროში გაიჭედა საკუთარ თავთან. დაბრმავდა, მოკვდა, მერე გაცოცხლდა. * * * -მერი, შევამჩნიე, რომ დღიურებს მხოლოდ შუა ფურცლებში ავსებდი. მერე ახალს ითხოვდი. საინტერესოა. -წინ ჩამოუჯდა ფსიქიატრი. როგორ დაიღალა ამ კითხვებით. -წარსულს ჩაბარდა -ხელი ჩაიქნია და საკუთარი თავის გაიკვირვა, როდის დაიწყო მოუსვენარი ბავშვივით წარსულის წვალება. -დროებით უსინათლო მდგომარეობა არ განსაზღვრავს შენს აპათიურ დამოკიდებულებას, მერი! -გაბრაზდა. საერთოდ, ვინ იყო, რომ მასთან ტონს უწევდა. რა როლი ჰქონდა, რომ მერის ცხოვრებას განიხილავდა. -ვფიქრობ, თქვენ არავინ გეკითხებათ. -მშვიდად მიუგო, არადა დამიჯერეთ, მასში ქაოსი დატრიალდა. გრიგალივით აიშალა მისი შინაგანი სამყარო და დალაგებას იმდენივე სჭირდებოდა, რამდენიც მის თვალის ახელას - უსასრულობა. -მე შენი დახმარება მსურს. უფლება მაქვს, რომ ვიკითხო ეს დღიურები და უფლება მაქვს ვიცოდე, რაზე ფიქრობ. -მერი გაჩუმდა. ცარიელ თვალებში, ცარიელ გუგებში მლაშე სითხე დაუგროვდა. გაბრაზდა. სიმწრის ცრემლები იყო. უნდოდა დაეჯერებინა, რომ მისი იმედი ცოტა ხნით მიიმალა, საკუთარ უსუსურობას თავიდან ფეხებამდე გრძნობდა. -მერი, ადამიანები ბევრ რამეს ვკარგავთ. შესაძლოა მეც დავკარგე, შენც... -მიუხედავად იმისა, რომ არსად ეგულებოდა დასაყრდენი, წამოხტა, სივრცეში თვალების ცეცებით, ძლივს გასაგონად ამოაყოლა სუნთქვას -სად ხედავთ იმის ნიშანს, რომ მე რაიმე დავკარგე?! მე ყველაფერს გავუფრთხილდი, რაც კი გამაჩნდა. ეს ყველაფერი ჩემთვის შეუმჩნეველი, დამპალი რეალობაა და თქვენც მისი ნაწილი ხართ. ადამიანებმა დანაკარგის ფასი არ იცით. სწორედ ამიტომ კარგავთ ყველაფერს გაუაზრებლად. -იმ დღეს მერისთან არავინ შესულა. ორივე ხელი თმაში ჩაებღუჯა, მუხლებზე იდაყვები შემოეწყო და იმ ადგილისკენ აპარებდა უსინათლო მზერას, სადაც ახლა, ამ წამს დაგდებული მორიგი წერილი ეგულებოდა ლილისგან. * * * მორიგ შეხვედრაზე ხმა არ ამოუღია. სხვების საუბარს უსმენდა. როცა მას შესთავაზეს, უხასიათობა მოიმიზეზა. ბოლო დროს საუბარზე თქვა უარი. უსმენდა როგორ იცოდებდნენ საკუთარ თავებს, როგორ ეცოდებოდათ ადამიანები, რომლებიც ახლა გარეთ უცდიდნენ და მერე მთელი დღე თავს ევლებოდნენ. ყველა წარსულს იხსენებდა, ყოველი სიტყვა მოგონებაზე და მერის გული ეკაწრებოდა. ზოგს კითხვა ენატრებოდა, ზოგს ხატვა, ზოგიერთი შვილების სახეებს მისტიროდა და ყველა ერთად - სინათლეს. მხოლოდ მერი არ წუწუნებდა. მხოლოდ ის რთავდა სიბრმავეს ნებას, მასში ბოლომდე გაშლილიყო და ფესვები გაედგა. ერთადერთი რისი თქმაც უნდოდა, თავისი წითელი კაბა ენატრებოდა. წითელი საღებავით მოხატული კედელი და თვითონ წითელი. როგორ ათბობდა, როგორ უვსებდა გულს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ვიღაც შესაძლოა აფასებდეს ყველაფერს. -ნამდვილი დანაკარგი წვრილმანების ხელიდან გაშვებაა, რადგან სწორედ წვრილმანებშია ბედნიერება -იტყოდა ერთ წინადადებას და მთელი დღით ჩუმდებოდა. ლილის წერილები მოდიოდა, მოდიოდა და იკავებდნენ ადგილს ოთახის თაროზე. ვინც იცის, რამდენ მათგანს დაედო მტვერი, როგორ ელოდნენ, რომ მერი მათ გახსნიდა. იქნებ უჭირდა ლილის? იქნებ ამ ყველაფერს იმიტომ სწერდა, რომ მერის დახმარებას ელოდა? არც ეს უნდოდა გაეგო. მთელი ცხოვრება ცდილობდა ლილისთვის ესწავლებინა, რომ ყოველი მტკივეული დაცემის შემდეგ, ადგომა შესაძლებელია და ეს იმედია. * * * ცამეტი დღის განმავლობაში, მერის სიტყვა არ უთქვამს. ის აცდენდა შეხვედრებს, არ მიდიოდა ექიმთან, არ უშვებდა ფსიქიატრს. მეტიც, პირადი სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და მოითხოვა ყველა მასალის წამოღება, რაც კი ექიმს გააჩნდა მერიზე. თვითონ ასე ახსნა -ეს პროტესია. უცხო არაფერი, უბრალოდ პროტესტი. -მერე შემოიწყო მუხლებზე ხელები და ფანჯრიდან ყურება დაიწყო. ისევ თეთრი იყო ყველაფერი, ოღონდ ამჯერად ჩამქრალი თეთრი. ესე იგი, წვიმდა. მერე აცნობეს, რომ მას ვიღაც ქალი აკითხავდა სანახავად. ადრე უბრალოდ მის ამბავს კითხულობდა ,ახლა კი მოითხოვდა მერი ენახა. წარბიც არ შეურხევია, მაგრამ ბოლოს გატყდა. -იმ ქალს ყელზე ლალისფერი ქვა ჰკიდია? -ეკითხება დაცვას. ის მის იმედებს ამართლებს. მერიმ ნერვიულად მოისუნთქა, კვნესა ამოაყოლა და თან დარდი, რომელსაც წლები განმავლობაში იტევდა. უსინათლო თვალები დახუჭა, მაინც არ გაქრა სითეთრე. მერის უარს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან პაციენტი მნახველს სცნობდა, მაინც შეუშვებდნენ. იჯდა სულგანაბული, აზრებს ალაგებდა. არ აპირებდა რამე ეთქვა, მაგრამ ცდილობდა ქაოსსში გაბატონებულიყო. ნაბიჯების ხმაზე შეკრული დრო თითქოს განთავისუფლდა. მაგრად ჩასჭიდა ხელი, რომ არ დასხლტომოდა. იგრძნო, ვიღაც მის წინ დაჯდა. თეთრ სკამზე. ხმაურზე ხვდებოდა, ქალი ჩანთას სკამის კიდეზე კიდებდა და კომფორტულად ჯდებოდა. ერთ წუთში ხელზე შეხება იგრძნო. ძლივს დალაგებული აზრები ისევ აერია. დაბერებულა, შესაძლოა დარდისგან.ხელებზე ეტყობოდა. -მერი, ჩემო საბრალო -გული გაუსკდა და სისხლი მწარე სითხესავით ჩაეღვარა სხეულში. ოღონნდ ეს არა, ოღონდ მისი სიბრალული არა. როგორი უმწეო იყო, როცა საქმე სიბრალულს მიადგებოდა და როგორ სძულდა, როცა ეცოდებოდათ. აქამდე თუ სიტყვის თქმას აპირებდა, ახლა ენა გადაყლაპა. შიგნით რაღაც დუღდა, მაგრამ ორი ტკივილი ერთმანეთს უშველიდა, ამის სჯეროდა. -ეს რა დაგმართეს. ის მერი აღარ ხარ. როგორ შეიცვალე, როგორ დაგტანჯეს. ჩემო საბრალო, ოღონდ ეს არ დაგმართნოდა -ტირილით უსვამდა ხელებს თმაზე, ხელებზე. მერი იჯდა და ყელში ამოსული ბურთის უკან გაბრუნებას ცდილობდა, ახლა რომ ახრჩობდა. ქალი არ წყვეტდა. -მაპატიე ჩემი სისუსტე, მაპატიე რომ ეს დაგემართა. მე რომ ვყოფილიყავი, ახლა კარგად იქნებოდი -ვინ იცის, ვინ დაითვლის, რამდეჯერ მოკვდა მერი იმ წამს. "ღმერთო, გთხოვ, უბრალოდ ადგეს და წავიდეს!" ღმერთთან მიმართვამ რომ ვერ უშველა, იმ კავშირს სთხოვა, ქალთან რომ აერთიანებდა "წადი. ოღონდ ახლა წადი და როცა შევძლებ, მე თვითონ გნახავ. ოღონდ ახლა ნუ შეგეცოდები, ახლა არა!" არაფერი მოქმედებდა. ეს ტრიუმფი იყო. მერიმ ვეღარ გაუძლო მის სითეთრეში შემოპარულ სიცივეს და ქალი მოიშორა. -მიპატიებია -ხელები ისევ მუხლებზე შემოიწყო და გამარჯვება იზეიმა. ქაოსი გაქრა. ახლა ჩუმი ოთახი, ათრთოლებული სუნთქვა, სასოწარკვეთილი ფიქრები და იმედისა და უიმედობის უსასრულო ერთიანობა გამეფებულიყო. -მერი, თქვი რომ ისევ შეგვიძლია დავაბრუნოთ ძველი დღეები -ემუდარებოდა ქალი. არ ვიცი, ალბათ ერთი საათი, ნახევარი ან ორი საათი მაინც საუბრობდა ქალი. მერის სული ნელ-ნელა მშვიდდებოდა და ეს უფრო აწუხებდა, ვიდრე ის, რომ აჩქარებდნენ. ბოლოს ყელში ამოუვიდა და თავი ხელებში ჩარგო. "ეს არასწორია. რაღაც ხდება, რაღაც მემართება" გრძნობდა, თითქოს დასასრულს გრძნობდა. * * * ქალი მეტჯერ აღარ უნახავს. როცა ის მოდიოდა, მერი გამოკვლევებზე გასვლას ითხოვდა. მიუხედავას იმისა, რომ აღარ ადარდებდა შედეგები, მაინც კმაყოფილი იყო, რომ ქალს მოშორდებოდა. იმას კი ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. გრძნობდა, თითქოს ძალიან მალე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გაქრებოდა. ძლივს დამკვიდრებული სიმშვიდეც გაიფანტებოდა და რაღაც მტკივნეულად დაიმსხვრეოდა მასში. * * * -მერი, ექიმი გიბარებთ -მის ფეხებთან მიაგორეს ეტლი. გაუკვირდა, დღეს უკვე იყო ექიმთან. -რა საკითხზე ? -არ ვიცი. -იცრუა. იცოდა და მერე როგორ. მერიც დაჰყვა მის ნებას. ეტლით გააგორეს, სუნით გრძნობდა, სხვა ოთახში შეიყვანეს. პანიკა არ უგრძვნია,როცა მაგიდაზე დააწვინეს და ვენაში რაღაც მილი გაუკეთეს. არც კითხვები გასჩენია, ისედაც იცოდა, რომ ასეთ რაღაცებს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა იმედი ჰქონდათ ან პირიქით, ზედმეტად უიმედოები იყვნენ. -მერი, თქვენს სახელზე წამალი შემოაგზავნეს, რომელიც ვენაში უნდა შევუშვათ. სავარაუდოდ, ეს დედათქვენის გამოგზავნილია. -თვალები დახუჭა. მერე რა, რომ ვერ ხედავდა, მაინც ეშინოდა ნემსის. მერე რა, რომ დედამ იმედი წაართვა, მაინც სჯეროდა ფერების. * * * არავის უკითხავს როგორ იყო. ყველამ იცოდა, მერის დასასრული იმ დღიურის შუა ფურცელი იყო, რომელიც მის მაგიდაზე ისევ გადაშლილი იდო და შიგნით არაფერი ეწერა. მერიმ იცოდა, რომ მოკვდებოდა. ამიტომ დარბაზს სურვილის ასრულებას დაჰპირდა. ლამაზად ჩაცმული, წითელ კაბაში გამოწყობილი მივიდა შეხვედრაზე. -მე მერი ვარ, მე ბრმა ვარ. -ამჯერად ერთხმად არავინ მისალმებია. -სიბრმავე სამედიცინო ტერმინია და მე მისი "უსინათლოს" ნაცვლად გამოყენება გულს არ მტკენს, რადგან დიახ, ჩვენ ბრმები ვართ. ჩვენთვის არ არსებობს ოპერაცია ან წამალი, რომელიც თვალს აგვიხელს. მაგრამ მე უსინათლოც ვარ, რადგან ვეღარ ვგრძნობ იმ სილაღეს, რომელიც ნათელ ფერებს მოჰქონდათ. მე ვიცი როდის წვიმს, როდის თოვს ან როდის გამოდის მზე, ამიტომ არასდროს ჩამითვლია საკუთარი თავი შეზღუდულ პიროვნებად. ყველაფრის მიუხედავად, მე სურვილები, მიზნები მქონდა და ფიქრის უნარი შემწევდა. ათი წლის წინ, ანუ ასაკში, როცა ვცდილობთ რაღაც დავამტკიცოთ, დავწერე წერილი, რომელშიც განვიხილავდი ჩემს მომავალს და როგორც ჩანს, ვიწინასწარმეტყველე კიდეც. თუ ნებას დამრთავთ, მინდა წაგიკითხოთ -დარბაზშიც გააჩერა დრო მერიმ. ჩაეცინა. მას შეეძლო საკუთარი წერილი წაეკითხა, რადგან იქ დაწერილ სიტყვებს გრძნობდა. აბსურდული შეთავაზების მიუხედავად, დარბაზი დაეთანხმა. -"ადამიანები სიცოცხლეში ათას სისულელეს ვიგონებთ. ვიყენებთ ბანალურ ფრაზებს, რადგან ძვირფასი სიტყვების შეკოწიწება მეტად რთული საქმეა. ჩვენ ვანგრევთ და ვაშენებთ იმასაც კი, რაც გვინდა რომ სხვებს დავაბრალოთ. მე ვარ ეგოისტი. იმდენად, რომ არასდროს მოვისურვებ ჩემი წილი ოცნებები სხვას გავუნაწილო. მე მწამს, რადგან რწმენაში ვხედავ არსებობის აუცილებლობას. მე იმედიანი ვარ, ან ვცდილობ რომ ვიყო, რადგან ყველაზე მეტად იმედის პოვნა და იმის გაანალიზება გამიჭირდა, თუ რამდენად ძვირფასია იგი. შესაძლოა დავბრმავდე, ვეღარ შევძლო საყვარელი ადამიანების დანახვა, ამიტომ ვცდილობ შევეგუო, რომ ყველაფერი წარმავალია. გამქრალ გრძნობებს, ემოციებსა და მოგონებებს წარსული იტევს, ამიტომ უარს ვამბობ დავუბრუნდე მას და მახსოვდეს,როგორც გამოცდა. მე ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები მიმატოვებენ, ისევე როგორც შენ, მას და სხვებს დატოვებენ. ადამიანები იმისთვის არ იბადებიან, რომ ერთმანეთი მთელი ცხოვრება საკუთარი ნაწილივით ატარონ. ამისთვის საკმარისად მაგარი ზურგი არავის აქვს. შესაძლოა წავიდნენ, სხვაგან იცხოვრონ, ან ფიქრებიდან გამოგაგდონ, ისე ვითომ არც კი ყოფილხარ. ისე, გაგიმხელთ, რომ ადამიანი იმენად უმწეოა, ყველაფერს ეგუება. ხვდებით? შესაძლოა წაგართვან ყველაფერი და შეგუებულმა გაიღვიძო. ასე შევეგუებით სიბრმავეს, უმოქმედობას და ასე ვეგუებით, როცა მიგვატოვებენ. წარსული მწარეა. იმდენად მწარე, რომ მასთან დაბრუნებულს ძვლებში გადაგტეხავს ყოველი წამი. თუ ახლა ამას კითხულობთ, ან კიდევ უარესი, ვდგავარ/ვზივარ და მე გიკითხავთ, ესე იგი გავაანალიზე, რომ ჩემი წილი წვლილი შევიტანე, ჩემი ტვირთი ვატარე და ახლა ემოციებისგან დაცლას ვცდილობ , რომ უსინათლობას(უიმედობას) შეგუებული მშვიდად ვიყო. მე არ ვითვლი სიკვდილის დღეებს, რადგან ადამიანები ხშირად ვკვდებით, საბოლოო სიკვდილი კი არამგონია ვინმეს აშინებდეს. მთავარია ისე გვაცხოვრონ, რომ იარები ადვილად შეხორცდეს. ალბათ დედაჩემი სადღაც აქ ზის. სხვანაირად არ იქნება, რადგან არამგონია ოდესმე მიმატოვოს. თუ მიმატოვა, მე მაინც მაქვს იმედი,რომ ჩუმად ზის კუთხეში და მაინც იმ პატარა გოგონას ხედავს, რომელიც მან გაზარდა. არ ვიცი, ათი წლის შემდეგ ალბათ ბევრი მტკივნეული დაცემა და იარა მექნება. მინდა ვგრძნობდე, რომ ისინი შეხორცდებიან და ძალიან არ მეტკინება, მაგრამ რატომღაც საპირისპიროს ვგრძნობ. თითქოს ვიცი,რომ განსაკუთრებულად დავსუსტდები. ისე იცხოვრეთ, ისე იმოქმედეთ და თუ საჭიროა, ისე მიატოვეთ, რომ წამში სამოცჯერ არ მოკლათ, მთელი სიცოცხლე არსებობად არ უქციოთ და უიმედობა არ აგრძნობინოთ. უიმედო ადამიანი მშვიდია, ეგუება, მისი სული არ ჩქარობს. არ ვიცი, ასე ვარ ახლა?" -ისმის ნერვიული სუნთქვა. მერი გრძნობს, რომ ვიღაც უსმენს. ვიღაც, ვისაც ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. მერიმ იცის,რომ ახლა ყველა ბრმა ტირის. ცრემლებს იქიდან იმშრალებენ,საიდანაც ყველაფერი მოდის სინათლის გარდა. იღიმის, წერილს ინახავს და დგება. იცის, რომ წინ ოცსაფეხურიანი კიბე უნდა აიაროს, მაგრამ საკუთარ თავში არაა დარწმუნებული, რომ ნაბიჯს სწორად გადადგამს. იქვე, დაცვას დახმარებას სთხოვს და ახლა ზურგს სწვავს ბრმების მზერა, რომელიღაც ერთისაც, რომელსაც დანახვა შეუძლია და მთელ სხეულში აქვს გამჯდარი იმედი, რომ ის დედამისია. კიბის ბოლოს, მერი ტრიალდება, რადგან საკმაოდ გასაგებად ესმის ტირილი, რომელიც ეცნობა. -მიპატიებია სისუსტე, გაქცევა, უმოქმედობა. მიპატიებია მიტოვება, იმასაც კი გაპატიებ, რომ შეგეცოდე. გაბედე და სიბრალული იგრძენი. მიპატიებია შენი ხელით გამოგზავნილი სასიკვდილო დოზა, რომლითაც იმ ტკივილის შემსუბუქებას ცდილობდი, რომელიც რეალურად არ მიგრძვნია. მიპატიებია, რომ იმდენად ცუდად მიცნობდი, გეგონა შენი სისუსტე მაწყენდა. ყველა ის წამი მიპატიებია, რომელიც უშენოდ გავატარე, მაგრამ შენ ნურაფერს მაპატიებ. არც ის მაპატიო, რომ ჩემში მხოლოდ ერთხელ მოკვდი. მე გაპატიებ, რომ წარსული ხარ, შენ არ მაპატიო. * * * ხედავს. მონატრებულ წითელს ხედავს ლურჯი ვენებიდან, თეთრ კანზე რომ იშლება. თავი კედელს მიაყრდნო, ბედნიერებას გრძნობდა. იმედს გრძნობდა და ფერებს. თბილ სითხეს, წითელ სითხეს, მთელს სხეულზე რომ იშლება. "მე არ ვითვლი სიკვდილის დღეებს, რადგან ადამიანები ხშირად ვკვდებით, საბოლოო სიკვდილი კი არამგონია ვინმეს აშინებდეს. მთავარია ისე გვაცხოვრონ, რომ იარები ადვილად შეხორცდეს. " |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.