შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე ბილიკი (სრულად)


12-10-2016, 18:53
ავტორი MariamG
ნანახია 5 518

* * *
თოვს.
ცაზე სულ ორი ვარსკვლავი ციმციმებს. უცნაურია, თუმცა რას გაუგებ ამინდებს. გრძელ, ულამაზო მდინარეზე გადებული შავი ხიდი ნელ-ნელა თეთრდება და ქალაქი ძილის ბურუსში ეხვევა.
გარეთ არავინაა.
თოვს, ცივა, ქარი ქრის და ...
ხიდზე ჩნდება სილუეტი, მეცამეტე ბილიკიდან.

* * *
ბარბაცით, არეული ნაბიჯებით მოიწევს და სიბნელეშიც გასარჩევია ნახევრამდე დაცლილი ბოთლი. ჩერდება, დიდ შლაპას იწევს და თითქოს ერთობაო, ორთქლს უშვებს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე, თითქოს ძალა ეცლება, სწრაფად მიიწევს ხიდის მოაჯირისკენ, ეყრდნობა, ბოთლი მის ფეხებთან გორდება და სამწუხაროდ, წვეთიც არ იღვრება - ბოთლის სახურავი ვიღაცას ისე მოუჭერია, ალბათ ისიც ვერ გაუძალიანდება ახლა. ცივ, თოვლიან ასფალტზე ჯდება, ისევ ღრმად სუნთქავს, ცალი ხელით მოაჯირს ისე ეკიდება, თითქოს უკანასკნელი იმედიაო. ის-ისაა თვალები უნდა დახუჭოს და დანებდეს სიკვდილს, რომ მასთან ვიღაც მირბის, მაჯას უმოწმებს, ნაყიდი ნივთებიდან რაღაცას არჩევს, შემდეგ იღებს ბოთლს, სითხით ხელს ისველებს და ოფლიან შუბლზე ადებს. ერთი სიტყვით, იმ ხელით ნამდვილად ეკიდებოდა უკანასკნელ იმედს. იმედს, რომელმაც გადაარჩინა.

*
-სახელი?!
-მაქსიმე.
-რას ეხებოდა წინა ვიზიტი? -უდარდელად ავსებს ქალბატონი ფურცლებს, თუმცა მაქსიმეს ახსენდება რაღაც და თავს ხრის. ერთი წუთით წითლდება კიდეც, მას შემდეგ არ უნახავს და სირცხვილის გრძნობა კლავს, მადლობის თქმაც ვერ მოახერხა. ქალი მეორედ უმეორებს შეკითხვას, იქიდან არეული მოდის. როგორც ყოველთვის, შავი პალტოს მაღალ საყელოებში აქვს ნახევარი სახე ჩარგული, დიდი შლაპა თვალებს უფარავს. ქალაქში, სადაც ყველა ცდილობს გაფერადებას, მაქსიმე ჩნდება და ყველაფერს წყალში ყრის.

ზიზღით გადახედა ხიდს. ახსოვს ის ადგილი, სადაც დამარცხდა, მერე ვიღაცის ნაზი თითები ახსოვს და ბოლოს საავადმყოფო, შემდეგ რეაბილიტაციის გრძელი კურსი. ექვსი თვეა ამ ხიდს და ბილიკს თავს არიდებს, თუმცა რას გაუგებ ადამიანს, მხრები აიჩეჩა და ხიდზე გადავიდა. შუაში გაჩერდა, მდინარეს გადახედა. ისევ უტყვი, მკვდარი არსებასავით უძრავად იდგა და მისგან სიკეთეს არავინ ელოდა.
ჩაფიქრებული გადაჰყურებდა არემარეს, მერე იგრძნო, თითქოს ვიღაცამ ჩაუარა და ისე სწრაფად მობრუნდა, თავბრუსხვევაც კი იგრძნო. სუსტი, მაღალი ქალი მიაბიჯებდა ხიდზე. თეთრი პალტოს საყელოზე ვარდისფერი, თხელი შარფი მოეხვია და ისე მიდიოდა, თითქოს თან ეჩქარებოდა, თან - არა. არ იცოდა საიდან ახსოვდა, ისიც კი ვერ გაიაზრა, რამ გამოიწვია მისი გრძნობების აფეთქება, თუმცა კავშირი იგრძნო. კავშირი, რომლისაც ყოველთვის სწამდა. იქამდე უყურებდა ქალის ზურგს,სანამ ხიდიდან არ გადავიდა და სხვა ბილიკს არ მიეფარა.
მერე ვიღაც დაეჯახა, რეალობაში დააბრუნა. მაინც და მაინც, არ ესიამოვნა გაურკვევლობა, თუმცა არც ეს იყო პრობლემა. მისი ცხოვრებაც გაუგებარი იყო, ყველასთვის კი არა, მისთვისაც. ხიდიდან გადავიდა, დიდ ხანს უყურა სახლისკენ მიმავალ ბილიკს და როგორც იქნა, შეუხვია.

*
სახლში არავინ ელოდა. ორსართულიანი სახლი და დიდი, მოუვლელი ეზო ისე საცოდავად გადაჰყურებდა მუდამ ცარიელ სივრცეს, ადამიანში ათასი გრძნობიდან ერთს გააღვიძებდა მხოლოდ - იმედგაცრუებას.
საქმეც იმაში იყო, რომ ქალაქის ბილიკებს არაჩვეულებრივ ადგილებში მიჰყავდათ ადამიანები, მეცამეტე შესახვევი კი მცდარი გადაწყვეტილება იყო, რადგან აქ მხოლოდ მაქსიმე ცხოვრობდა. ულამაზო სახლით, მოუვლელი ბაღებით და რაც მთავარია - კლდეზე, რომლის იქით ოკეანე იყო. ოკეანე, რომელსაც ნაპირი არა იქვე, არამედ ათასი კილომეტრის მოშორებით, უცხო მხარეში ჰქონდა.

მაქსიმემ წლების შეუღებავი, მოჭრიალე რკინის ჭიშკარი გააღო და ნესტის სუნით აყროლებულ ეზოში შეაბიჯა. ფერდაკარგულ სახელურს ულამაზო გასაღები მოარგო, ჯერ ერთხელ გადაატრიალა, მერე მეორედ, მერე კიდევ სხვა მხარეს დაუწყო წვალება ისე, თითქოს საგანძურს ინახავდა და ისე, თითქოს რამე გააჩნდა, რომ მისგან წაეღოთ.
კარი გააღო, შევიდა და მაშინვე ჩამოკიდა პალტო ქუდთან ერთად. ფეხსაცმელს არ იხდიდა, მაინც არავინ მისცემდა შენიშვნას. უზარმაზარი ჰოლიდან მეორე სართულზე დიდი ხნის გასაწმენდი თეთრი, მარმარილოს კიბე ადიოდა. ზედ ხალიჩის ნაფლეთები ეყარა, ეტყობოდა, ოდესღაც ვიღაცას დაუფენია. მაქსიმე რახანია ზედაც არ უყურებს ამ კიბეს, ან სართულს. უდარდელად შეაბიჯა სამზარეულოში, გადაღლილმა წყლის დალევა მოახერხა და მისაღებ ოთახში ჭიქასთან ერთად გავიდა. ლამაზ, თუმცა მტვრიან შუშის კარადებში მიყოლებით ჩაეწყოთ სასმლის ბოთლები. აუცილებლად მოიშორებდა მათ, თუმცა ჯერ მზად არ იყო. რეაბილიტაციის მიუხედავად, მაინც იტოვებდა, რადგან მისი მკურნალიც იყო და ზიანის მიმყენებელიც. ცოტა ხანს უყურებდა წყალს, მერე გადახედავდა ვისკის ბოთლს და შიგნიდან ყველაფერი აწყდებოდა და ეგლიჯებოდა, რომ მისვლა, დაგემოვნება და ცოტა ხნით გათიშვა არ შეეძლო.
ნერვებმოშლილმა ხელი აჰკრა ჭიქას და ისიც მძიმედ გაიშალა იატაკზე. თითქოს ნამსხვრევებიც ხმამაღლა შეეწირა მსხვრევას, ისე გახედა.
იცოდა, რომ კონტროლს ვერ შეძლებდა. იცოდა, რომ დიდი ხნის წინ დაკარგა საკუთარი თავი.

საძინებელში შესულმა კომოდის უჯრა გამოაღო, ხელით წერილები გამოაძვრინა და მათ საკითხავად ძლივს გამონახული დრო დაენანა. უფრო სწორად, მაქსიმეს ყოველთვის ჰქონდა დრო, თუმცა საყვედურებისა და სხვისი პრობლემების კითხვას თავს არიდებდა. ზოგი ამბობდა გულქვააო, ზოგი ჭორებს უგონებდა და წერილებშივე ეკითხებოდა, მართალიაო? ზოგიერთი აღმერთებდა, მოჩვენებითად, რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი ისეთი დამღლელი იყო მისთვის, უბრალოდ თვლიდა, რომ დაკავებული იყო.

ბოლოს, რაც არის არისო და პირველ წერილს დახედა. უგულოდ ჩაიკითხა. მორიგი საჭორაოდ განწირული თემა იყო, რომელსაც ბოლომდე არასდროს წაიკითხავდა. მერე შეხვდა გაჭირვებული ადამიანების თხოვნებიც, შეშინებული ახალგაზრდებიც მრავლად სწერდნენ, თუმცა საინტერესო მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
წერილის წარწერაც უცნაური იყო, რადგან მაქსიმე ყოველთვის „დებილებად“ მოიხსენიებდა იქაურებს.
„წერილი მაქსიმეს“ -იწყებოდა წერილი. ეუცნაურა ასეთი შინაურული წარწერა.
„მოვითხოვ გახსნათ, პატივისცემით მ.მ“ -ჩაეცინა. არც სახელი, არც გვარი. უბრალოდ ორი ასო და სასაცილო ტექსტი. პირდაპირ ამოიკითხა იმ ქალის (დარწმუნებული იყო მის სქესში) ემოცია, როცა ამას წერდა. დიდ ხანს ატრიალა წერილი ხელში და ბოლოს გახსნა.
„ვეძებ სამსახურს. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ წერილს თქვენ გწერთ, მაქსიმე. თუ რაიმე გაქვთ ჩემთვის, შემხვდით. ამჟამად, ქალაქის ცენტრში, კაფე „lever du soleil-ში“.
მაქსიმემ წერილი დაკეცა, საწოლზე გადადო და სხვა წერილები ქვემოთ ჩაიტანა, დაწვას უპირებდა. თავიდან იფიქრა, მას არ გავაყოლებო, მერე როცა უყურებდა როგორ იწვოდა იაფფასიანი ქაღალდები, გულში უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა და ის წერილიც ჩამოიტანა, მოჩვენებითი სითავხედით რომ იყო დაწერილი, დაახლოებით ისეთი ადამიანის მიერ, რომელიც საუბრის დროსაც წითლდება და მისთვის ალბათ ამ ყოველივეს დაწერა, მსოფლიოს გადასატრიალებლად გამართული ომი იყო. წერილი კი დაწვა, თუმცა მაინც კარგად ახსოვდა მასში დაწერილი ყოველი სიტყვა. წერის მანერაც მოეწონა, გაკრული, ლამაზი ხელნაწერი. ნაჩქარევად დაწერილი კი არა, დიდ ხანს ნაფიქრი, ნელი მოძრაობით მოხაზული მრგვალი ასოები.
საფიქრალი მაინც არაფერი ჰქონდა. პალტო მოიცვა და სახლიდან გავიდა. მიყრუებული არემარე ყველაზე მეტად ელამაზებოდა. ბილიკი არ ჩანდა, თუმცა მაინც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო აკრული აბრები „მეცამეტე ბილიკი“ ან „მეცამეტე ქალაქი“. იარა, იარა და კლდის წვერთან მივიდა. შორს გაშვერილ ნაწილზე ჩამოჯდა, ქვემოთ წყალი იყო. არავინ იცის რა სიღრმის, თუმცა იქ ჩავარდნილი უკან არავინ ამოსულა. მეტიც, ამოყვინთვაც ვერ მოუსწრია. გაკაწრა მოგონებების ცხელმა, უჰაერო ტალღებმა. გვერდით პატარა გვირილა ამოსულიყო, ერთ წამს უყურა, მერე შუაში მოკიდა ხელი და ისე უმოწყალოდ გადაწყვიტა, თითქოს ქვედა ნაწილი არც ჰქონიაო, დახედა თეთრ, მარტოსულ, მგლოვიარე ყვავილს და ოკეანეში გადაუძახა. წერილზე ფიქრობდა. როგორ არა, ბევრი სთხოვდა დახმარებას, მაგრამ იმ ერთმა რომ დააფიქრა, ამაზე ფიქრობდა. თითქოს მისთვის სულერთი არ ყოფილიყოს, ისე გადაეშვა ფიქრებში. წამოსვლის წინ, იმ ნაწილს გახედა, ყვავილის ღეროსგან რომ დატოვა და შემორჩენილ ადამიანობას მოუხმო, ბოლომდე, ძირიანად ამოიღო, იქნებ გაუმართლოს და სხვა ამოვიდესო.

* * *
ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როცა გამოეღვიძა, დანაკლისი იგრძნო, ჩაიცვა და სახლიდან გამოვიდა. მეცამეტედან გადაუხვია და ქალაქში გავიდა. ზიზღით გადახედა ხიდს, არც კი იცოდა რატომ სძულდა, უხალისოდ გადაიარა და ქალაქის ხმაურს შეერია. ვერ იტყვით, თვალს არ აყოლებდნენო. მერე რა, რომ თითქმის არ ჩანდა და ზედმეტსახელიც შესაბამისი ჰქონდა - „ღამისფერი“. სწორედ ეს გამოარჩევდა იმ ფერადი ადამიანებისგან, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი ენახათ ტკივილის ან სიხარულის მეტი. ჩაიცინებდა ხოლმე მაქსიმე, რადგან მან ტკივილზე მწარეც იცოდა და სიხარულზე ტკბილიც. ალბათ ამიტომ იყო ყველასგან გამორჩეულ და ამიტომ სძულდათ ყველაზე მეტად.
ჩურჩული, რომელიც სამარცხვინო აზრის გასაჟღერებლად გამოიყენება, მაინც შეუძლია ყურამდე მიღწევა და სწორედ ეს იყო, რაც მაქსიმეს გულს ურევდა. მათი ზიზღი და ნახევარი დროის შემდეგ, მათივე ხვეწნა-მუდარა. რა შეეძლო მაქსიმეს? ვინ იყო? არავინ. იმის გარდა, რომ გაურკვეველი ადგილიდან გაურკვეველი მიზეზით მოდიოდა ყველაფერი. ჩაიარა და თვალი იმ კაფეს მოკრა, წერილში რომ იყო მითითებული - „lever du soleil“ ისეთი უღიმღამო შესახედაობისა იყო, გულში გვარიანად დასცინა მის მფლობელს და არც კი გაჰკვირვებია, რომ დახმარება იქიდან სთხოვეს.
ბედი სცადა, კაფეში შევიდა. დააკვირდა მოლარეს, დამლაგებელიც კი თმის ღერიდან ფეხებამდე შეისწავლა, მაგრამ რა ექნა, რომ ვერავინ მიამსგავსა წერილის ავტორს. ერთი უცნაური გრძნობა კი უტრიალებდა გონებასა და გულში, მაგრამ ვერ ხვდებოდა. უფრო სწორად, იმდენად აღარ სჯეროდა, აღარც უნდოდა გააზრება.
წამით თითქოს სურნელი იგრძნო და ვარდისფერ შარფს მოკრა თვალი, მაგრამ გაიხედა იმ ადგილისკენ და ვერავინ დაინახა. უშედეგოდ იჯდა და ელოდა, ეჩვენებოდნენ ნაცნობი უცნობები და მაშინვე ქრებოდნენ. ბოლოს გადაწყვიტა, მორიგი სულელური აკვიატებააო და სახლში წავიდა.

_
ერთი თვე ქალაქის შესწავლას დაუთმო. ხან სად მიდიოდა და ხან სად. იმედი ჰქონდა, რომ სადმე მაინც შეხვდებოდა წერილის ავტორი, თუმდა უშედეგოდ.
უკვე ქალაქის ბოლოდან ბრუნდებოდა, შემთხვევით, იმ კაფეში რომ მოჰკრა თვალი თეთრ პალტოს და ვარდისფერ შარფს. თვალებს არ დაუჯერა, კაფისკენ დაიძრა, კარი ლამის შეანგრია და ქალის ზურგს ამოეფარა. იცოდა, რომ ქალი მობრუნდებოდა, შეეშინდებოდა და ასეთივე მზერით დიდ ხანს უყურებდა, თუმცა სურნელსაც მასთან მიჰყავდა და რა ექნა, მისი შეშინებაც სწორ გადაწყვეტილებად ეჩვენებოდა.
შემობრუნდა,
შეეშინდა, მაგრამ ვერ დაუსხლტა.
-გამიშვით -იდაყვი გაიქნია. უშედეგოდ. -ვიყვირებ!
-ხუთი წუთია ერთად ვდგავართ და არ გიყვირიათ -მხრები აიჩეჩა მაქსიმემ და ქალს ხელი შეუშვა, როცა დარწმუნდა, რომ არ გაიქცეოდა.
-წერილი რატომ მომწერეთ, თუ არ აპირებდით თავის დროზე შეხვედრას.
-არ ვიცი რას გულისხმობთ -თავი გაისულელა ქალმა. იცოდა და ელოდა კიდეც ამას, ამიტომ ჯიბიდან წერილი ამოაძვრინა. ერთხანს უყურა ქალმა შეუდრეკელი მზერით, მერე თვალები ცრემლებით აევსო და ამოიკვნესა.
-კარგით, მაგრამ შუა ქუჩაში არ ვაპირებ ლაპარაკს -მაქსიმეს გაეცინა. წერილი კი არა, უბრალო ქაღალდი აჩვენა. ქალის წერილი ხომ დიდი ხნის დამწვარი იყო ბუხარში ისე, რომ ნამცეცის არ დარჩა მისგან. იმავე კაფის ყველაზე მიმალულ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი. მიმტანი მაქსიმეს დანახვამ გააქვავა, თუმცა არაფერი თქვა, მოიტანა ორი ფინჯანი ჩაი და გაეცალა.
-ერთი თვის წინ უსამართლო ამბავს შეეწირა ჩემი ოჯახი. ჩემს მეუღლეს ვგულისხმობ. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ჩვენი ქალაქის უსამართლო კანონებმა და წესებმა ყველაფერი წამართვა, რაც კი ყველაზე მეტად მიყვარდა. საქმის გამოძიებას ფული სჭირდება, ფულს კი სამსახური. დროებითი საცხოვრებელი მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ახლა ამაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახის შენარჩუნებაა. დასახმარებლად მოგმართეთ, რადგან ბოლო იმედი ხართ, მაქსიმე. -კაცს არც კი მოუსმენია ქალის ნაამბობი იმ ნაწილამდე, დახმარების თხოვნა სანამ არ ახსენა. არ აინტერესებდა და ამიტომ. სანამ ჩაი არ დალია, ჯიუტად არ ამოიღო ხმა.
-მე ღმერთი არ ვარ რომ სასწაული მოვახდინო შენთვის -ისე დაიწყო, არც კი იცოდა რაზე ესაუბრებოდა. -რადგან ბოლო იმედად მთვლი, ასე იყოს. მე წავალ, დავფიქრდები და ერთი კვირის განმავლობაში აქ მოვალ. -ფული გადაიხადა, ხურდას არ დაელოდა, რადგან იცოდა, მიმტანი ქალს დაუტოვებდა და ასე უფრო გულდამშვიდებული წავიდა მეცამეტე ბილიკზე.

_
მთელი კვირა არ უფიქრია. მეტიც, მეორე კვირა რომ დაიწყო, მაშინ გაახსენდა ქალიც და დანაპირებიც. ჩაიცვა, ზანტად გასწია კაფისკენ და იქვე შეჩერდა. თითქოს მოგონებები წინ წამოვიდნენო. დაინახა, ის ქალი როგორ იდგა მუხლებზე და ვიღაცას წყალს ასხამდა სახეზე. თვალებს არ დაუჯერა, რომ შესაძლებელი იყო. მერე, სანამ იქ იდგა, მიხვდა, რომ მისი ბოლო იმედი კი არ იყო, არამედ სამაგიერო, რომელსაც დახმარების სანაცვლოდ მოითხოვდა. ცოტა არ იყოს, გაბრაზებული მიუახლოვდა და მის ხელებს დახედა. წაბარბაცდა, შეხებაც კი გაახსენდა, თითქოს ახლახანს კიდევ ერთხელ შეეხოო, ისეთი გრძნობა ჰქონდა.
ხმა არ ამოიღო, სანამ ქალი ექიმის მოსვლამდე უპატრონოს პატრონობდა. მერე რომ შეამჩნია, კაფისკენ მიუთითა და იგივე მაგიდა მოითხოვა. არც კი იცოდა რისთვის უნდა დაესაქმებინა, მაგრამ ის კი იცოდა და დარწმუნებული იყო ადამიანების სიყალბეში, როცა ერთში გარწმუნებენ და მეორეს გულისხმობენ.
-დამხმარე, ან მოსამსახურე, რაც გინდა ის უწოდე. -ქალი შეკრთა. საუბრის ასე დაწყებას არ ელოდა, თანაც ისე, თითქოს ვიღაც მდაბიო იყო,პირდაპირ მოსამსახურეობისთვის დაბადებული. მისი გაოცებული სახის დანახვამ კიდევ უფრო გააბრაზა მაქსიმე.
-თუ არ გინდა, შენი გადასაწყვეტია.
-ვის სჭირდება, ან სად? სამსახური ასე ერთი წინადადებით არ მოდის, მაქსიმე.
-ხომ ხედავ, მოვიდა -გამოსცრა გაბრაზებულმა და უცებ ისე მოუნდა სასმელი, ლამის სულიც და გულიც ერთიანად დაეცალა.
-ხვდებით, რომ ეს... -ქალს თვალები ცრემლებით აევსო
-დამამცირებელია? რატომ? განა ქუჩაში უმოწყალოდ დაცემულებს არ ეხმარებით?
-ეს სხვადასხვაა -დაიბნა ქალი.
-ერთი და იგივეა. რა მნიშვნელობა აქვს, წყალს მომიტანთ თუ სახეზე შემასხავთ?! რა თქმა უნდა, თუ ეს ჰუმანურობის გამოხატულებები, შემდგომი სარგებლის სანახავი საქციელი არაა.
-თქვენზე ამბობენ, საზიზღარი, პირქუში, ბოროტი ადამიანიაო. ერთი-ორი იმასაც ამბობდა, ბევრი ცუდი ახსოვს და ამიტომო, მე კი არ ვიცი რა ვიფიქრო, რადგან ჩემს წინ უსულგულო არსება ზის -ის ცრემლები გადმოაფრქვია, მაქსიმეს იმ წამს ყველაზე ყალბი რომ ეჩვენა.
-ის იფიქრეთ, რაც ღამით დაძინებაში ხელს არ შეგიშლით.
-ანუ, ამაზე მეტი არ შეგიძლიათ ჩემთვის? იმ მიტოვებული ადამიანის და სახლის მონა უნდა გავხდე, რომელიც ყველაზე ავადსახსენებელია?
-ასე გამოდის.
-იცით რომ ამას არც ერთი კაცი არ ისურვებს ქალისთვის? თქვენს ცოლს უსურვებდით ამ ყველაფერს? -მაქსიმე დაიძაბა. ყელში მყესები დაწყვეტამდე დაეჭიმა და ნერწყვი ისე გადაუშვა, თითქოს საუკუნის სიმწარეს ყლაპავდა. ხმა არ ამოუღია. იჯდა და უყურებდა როგორ ტიროდა ქალი, მერე როგორც იქნა ცრემლები შეიშრო, დამშვიდდა და სუსტად გააჟღერა :
-თანახმა ვარ.

*
მაქსიმე ოთახში იჯდა. არ ჰქონდა იმ ყველაფრის ატანის ძალა, რაც ახლა მის სახლში ხდებოდა. მეგი ყველაფერს ალაგებდა. ახლა იმ კიბეს ასუფთავებდა, მაქსიმეს ყველაზე მეტად რომ სძულდა. რა უყვარდა საერთოდ, თვითონაც არ იცოდა. ის რამდენიმე საათი, მისთვის საუკუნედ იქცა, მერე კარზე ფრთხილი დაკაკუნება და მეგის შემოსვლა ერთი იყო, მისი სამყარო ისევ რომ აირია.
-რაღაც მინდა გკითხოთ -დასტური არ მიუღია, ისე შევიდა ოთახში და დასვრილი ხელები ზურგსუკან წაიღო. -ვხვდები რომ ამ ადგილს ბევრი რამ აკავშირებს თქვენთან. ეს სახლის მდგომარეობითაც აიხსნება, ამიტომ გეკითხებით, მეორე სართული დავალაგო? -მაქსიმე გაღიზიანდა.
-სულერთია.
-მაინც, თანხმობა მჭირდება.
-როგორც გინდა.
-კი მაგრამ, იქნებ
-სულერთია.

*
მთელი კვირა, სანამ იცოდა, რომ მეგი ალაგებდა, ოთახიდან არ გასულა. მხოლოდ ერთხელ ისადილა ოთახში და მერე კარი ჩაკეტა. აღარც ის უნდოდა მეგი შესულიყო. მალე ერთი წელი შესრულდებოდა იმ დღის შემდეგ, როცა სავარაუდოდ, მეგი დაეხმარა ხიდზე მომაკვდავს და ახლა საკუთარ თავთან ერთად, მთელი არსებით სძულდა მეგი. ესმოდა ხმები, ხან რა დაეცემოდა და ხან რა. ქვემოთ სასმელი ეგულებოდა და ვენები ასკდებოდა, ისე უნდოდა ერთი მაინც ჰქონოდა ახლოს.
მერე მეგიმ დასვენების დღე მოითხოვა. ამაზეც უპასუხა, სულერთიაო და თავიდან მოიშორა. ისიც არ იცოდა ფულს რაში ყრიდა, სანამ ოთახიდან არ გავიდა. თეთრ კედლებზე ნახატები ჩამოკიდებული კი არა, დაკიდებული იყო. იატაკიდან მტვრის გროვა აუწმენდიათ, სიარულის დროს კვალი აღარ რჩებოდა. უზარმაზარი, თეთრი ჭაღის ნათურები შეუცვლია და ისე ანათებდა სახლს, თითქოს ახლახანს რომელიღაც მეფის სასახლეში იყო. კიბეს გახედა, წაბარბაცდა. ისევ თეთრი, პრიალა მარმარილოს დანახვაზე თვალწინ დაუდგა წარსულის სცენა. ღმერთო, არავინ იცის როგორ უნდოდა ისევ დასვრილი, ულამაზო ყოფილიყო. ავეჯიც ისე მოუწყვია, თითქოს არასდროს გატეხილაო. ეტყობოდა, რომ ოდესღაც ქალი იყო აქ. აი, რაც შეეხება ქალს, ის სძულდა.
დიდ ხანს ცდილობდა „ახალ“ სახლში კომფორტულად მოწყობას, თუმცა ვერ შეძლო და გარეთ გავიდა. ეზოც კი დაულაგებია, ზიზღისგან ტანში გასცრა. ერთადერთი რასაც მეგი ვერაფერს შეუცვლიდა, ბობოქარი ოკეანე იყო, რომელიც ყველას და ყველაფერს ითრევდა სიღრმეში და ის კლდე, რომელზეც მაქსიმე ცხოვრობდა თავისი არეული ცხოვრებით.

მეგის დაბრუნებისთანავე ჩაიკეტა მაქსიმე ოთახში და გადაწყვიტა, თვითონ ეცადა დალაგება. ჯერ ყუთები გახსნა, წიგნები ეგულებოდა. თაროები რომ გადაწმინდა და წიგნების შემოწყობა დაიწყო, ის გაახსენდა, ბუხრის წინ რომ ჯდებოდა და ღამეში თითოს ამთავრებდა. მაინც, რა სათუთია მოგონებები, არა?
საწოლის გატეხილი ფეხი შეაკეთა, კარადის მონგრეული ნაწილებიც და დახეული ფარდები ჩამოხსნა. მისი ოთახში ჩაშენებულ პატარა ოთახში ეგულებოდა ძველი ფარდები, სავარაუდოდ გასარეცხი, თუმცა დაკეცილი და ახალი. გადმოიღო, ჩამოკიდა და კმაყოფილმა გადაავლო თვალი. ცოტა ხანში სიხარული და კმაყოფილება ბრაზმა შეცვალა, ყველაფერი, რაც დაალაგა, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა და დაამსხვრია. ბრაზი სიძულვილმა, სიძულვილი კი დარდმა და ტკივილმა ჩაუნაცვლა. ჩამოჯდა იქვე და ორივე ხელი თავზე მოიკიდა. როგორი უსამართლო იყო ცხოვრება ზოგადად და როგორი ჯოჯოხეთური, როცა საქმე მაქსიმეს ეხებოდა.

_
ბოლო დროს, ოთახიდან გავიდა. მეგის ადევნებდა თვალს. ღიღინით ალაგებდა და ამზადებდა ყველაფერს. რასაც ხელს მოჰკიდებდა, წამში ეცვლებოდა ფერიც, სუნიც. მოსწონდა მისი ფუსფუსი. უკვე დრო იყო, ბუხარი დაენთოთ. წავიდა, დაჩეხა ხეები, მაგრამ სახლამდე არ მიუტანია. თვითონ სიცივე არ აწუხებდა. მეგი მობუზული იჯდა დივანზე. არ იცოდა რატომ არ მიდიოდა სახლში, რადგან ათ საათამდე არასდროს დარჩენილა.
-იცი, ეგ ტანსაცმელი კვირაზე მეტია გაცვია -აღნიშნა ქალმა. მაქსიმემ ტანზე დაიხედა.
-მერე შენ რა, გაწუხებს?
-მე არა, შენ კი.
-ნიჭი გქონია.
-რა ნიჭი?
-აზრების კითხვის.
-არა, არ მაქვს.
-მეც მაგას ვამბობ. -ჩაიქირქილა და კედელს მიაშტერდა. გვერდიდან მაინც ხედავდა, როგორ სწევდა თხელი, გრძელსახელოებიანი მაისურის ბოლოებს და მაინც ვერ თბებოდა.
-სახლში წასვლას არ აპირებ? -ქალი დაიბნა. იატაკს მიაჩერდა. -მანდ არ ვარ -თვითონაც იატაკს ესროლა მზერა. მეგი ნიკაპით ხელის გულს დაეყრდნო და თვალები აახამხამა. მერე მაქსიმეს მიაჩერდა, ჩაახველა.
-გამომაგდეს. -წარბი არ შერხევია, ხვდებოდა კიდეც , რადგან ეგ რომ არა, მეგი სიხარულით დაასრულებდა სამუშაო საათებს და აქედან წავიდოდა. ყველას სძულდა ქალაქის ეს ნაწილი, მეგის კი - განსაკუთრებულად.
-მეორე სართული დაალაგე? -ჩაფიქრებული საუბრობდა, არ უყურებდა.
-კი.
-ოთახები ნახე?
-კი.
-ერთ-ერთი აირჩიე.
-მადლობ.
-სულერთია.

*
-მაქსიმე, მოგშივდებოდა -კარში შეეგება წინსაფარაფარებული მეგი. კაცმა ზიზღით გახედა, არ მოსწონდა ასეთი ფორმის ქალები. ფიქრობდა, რომ მათ ცხოვრებაში დიასახლისის როლის გარდა, არსებობდა რაღაცებიც. არ მოსწონდა, ქალები რომ ბედს ეგუებოდნენ. არ იცოდა რატომ გააღიზიანა მეგის ფუსფუსმა.
-შეგიძლია გამოიცვალო? -ვერ დამალა, მიახალა. მეგი გაშტერდა, დაიხედა. ჩვეულებრივად ეცვა.
-რა არ მოგწონს?
-არ მომწონს, თითქოს პროვინციელი ქალი ხარ. -მხრები აიჩეჩა.
-ხვდები რომ გამაღიზიანებელი ხარ?
-კი. -ოთახში შევიდა და დიდ ხანს არ გამოსულა. იჯდა, ფიქრობდა, კითხულობდა.

უკვე ნოემბრის ბოლო რიცხვები იყო. ისე აცივდა, მაქსიმემ დაჭრილი შეშა შემოიტანა და ბუხარი დაანთო. ბედნიერი მეგი იჯდა, თავის წიგნებს კითხულობდა და ზოგჯერ, ტელევიზორს გახედავდა. საერთო ის ჰქონდათ, რომ არც ერთს არ უყვარდა ტელევიზორის ხმის მოსმენა. უყურებდნენ, ოღონდ უხმოდ. მაქსიმემ თავს უფლება მისცა, მეგი ან შეზიზღებოდა, ან პირიქით. ბუხართან იდგა, ცეცხლს აკვირდებოდა.
-რა გადაგხდა, მაქსიმე. -მოესმა უკნიდან. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ მიბრუნებულიყო. მძიმედ ჩაეშვა ჰაერი ფილტვებში და თვალებში ის ცეცხლი აერეკლა, ბუხარში რომ ენთო. წავიდა, ვისკი ჩამოასხა და ისევ ბუხართან მიბრუნდა.
-მე ვიცი, რომ კარგი ადამიანი ხარ და ვიცი, რომ შენი ჩემდამი ზიზღისა და ცუდი საქციელის მიღმა, ჩვეულებრივი კაცი დგას. ისიც ვიცი, რომ ხალხი შენზე აბსურდულ ჭორებს იგონებს. რას არ გაბრალებენ, შენზე კი არაფერი იციან. ხვდები? როგორ უსამართლოდ გექცევიან.
-უსამართლობა ყველგანაა მეგი.
-რა გადაგხდა. -წიგნი დახურა ქალმა. მაქსიმე ცეცხლში ეძებდა პასუხებს, ებრძოდა ორ ბუნებას და მერე, დაახლოებით ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ დანებდა.
-ერთ თოვლიან ღამეს, იანვრის ცამეტ რიცხვში, შევხვდი ქალს. შემიყვარდა, დავქორწინდი და როგორც ყველა ამბავი, ესეც დასრულდა.
-არ დასრულდებოდა, მჯერა.
-თავიდან ისიც ნორმალური იყო. ერთმანეთი გიჟურად გვიყვარდა. ბოლოს ჩემი მზრუნველობით და სიყვარულით, მასში შიზოფრენია გამოვიწვიე. ორსულმა თვითმკვლელობა სცადა, მერე რამდენიმე წუთით გონს რომ მოეგებოდა, შვილის სიკვდილს იბრალებდა. ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. -ბოლომდე დაცალა ჭიქა. ერთიანად აეწვა ყველაფერი. მეგიმ შიშისგან გულზე ხელი მიიდო.
-და ეს ვერ გადაიტანე და გახდი ისეთი, როგორიც გახდი.
-მე ასეთი ვიყავი.
-ადამიანი, რომელსაც სიყვარული შეუძლია, უგულო, უსისხლო არსება ვერ იქნება.
-საინტერესო ბოდვაა. -პირველს მეორე ჭიქა მიაყოლა. თვალწინ ედგა მისი სახე, თითქოს ცეცხლი კი არა, ის გიზგიზებდა ბუხარში.
-და სიკვდილზე რას ფიქრობ,აპატიე?
-რა უნდა მეპატიებინა, შიზოფრენია? -გაეცინა.
-სიკვდილი.
-ყველაფერი ვაპატიე.
-რატომ? შიში, სიმხდალე აპატიე?
-მან პიროვნება დაკარგა, მსხვერპლი იყო.
-ამას მართლა ფიქრობ თუ გინდა, რომ ფიქრობდე? -სიტუაციას ამწვავებდა მეგი. მაქსიმე დაიძაბა.
-გითხარი, მსხვერპლი იყო-მეთქი!
-სიკვდილი აპატიე, მხდალი ხარ.
-დავპირდი რომ ყველაფერს ვაპატიებდი, სიკვდილი ვაპატიე, ახლა ჩემგან წასვლას ვპატიობ.
-არ უნდა აპატიო, სუსტი ნუ იქნები. -დაწვა მეგის სიტყვებმა. თითქოს ყველაზე მეტად ახლა ის სძულდა. ახლაც კი, უნდოდა დაეჯერებინა, რომ თვითონ იყო მართალი, არადა მისი გაბრაზების უკან სიმართლე იდგა. მეგის სიმართლე, ცხოვრების სიმართლე, მწარე სიმართლე, რომელიც ქვეცნობიერად ყოველთვის ჰქონდა გააზრებული.
-შენს ოთახში წადი.

*
მას შემდეგ, მეგი მაქსიმეზე ზრუნვას ცდილობდა. იცოდა, რომ იმ ღამეს სწორად მოიქცა. მაქსიმე, მეგის წასვლის შემდეგ მიყოლებით ყრიდა ცეცხლში სასმლის ბოთლებს. ეგონა, რომ ბრაზს ახშობდა, სინამდვილეში საკუთარ თავს შველოდა. მეგიმ დაიჯერა, რომ ეს მაქსიმეს საბოლოო სიმთვრალე იყო, საბოლოო სისუსტე.
ორივე მათგანში გადატრიალება მოხდა.
თოვდა, როცა მეგიმ ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიუხმო მაქსიმეს. ბედის ირონიაა, რომ დათანხმდა. ვახშმის დროს ისაუბრეს კიდეც, რაც მაქსიმესაც აოცებდა. ახალ წელსაც ისეთი მხიარულებით შეხვდნენ, ფაქტი იყო, ორივე იცვლებოდა.
მერე, სიტყვების გარეშე გახდა ნათელი მათ შორის გაჩენილი გრძნობები. რაც მეტად იხსნებოდა მაქსიმე, მეტად იკეტებოდა მეგი. ამჩნევდა, თუმცა თავს არწმუნებდა, რომ ქალური სისუსტე იყო. მეგი გაუფერულდა, ბოლო დროს თითქოს დარდმა შეჭამაო.
მაქსიმემ დაიჯერა, რომ ბედნიერება ზოგჯერ ბრუნდება.
-ჩვენი გაცნობის მეთორმეტე თვეს გილოცავ -სისხლისფერი ვარდების თაიგული გაუწოდა ქალს. მეგის გაეღიმა, მადლობა გადაუხადა და დაღლილობა მოიმიზეზა.
შეიძინა თუ არა ყველაფერმა ფერი, თითქოს მაშინვე დაიწყო გაუფერულება. გრძნობდა მაქსიმე და არ უნდოდა დაეჯერებინა. თოვდა. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ხომ იყო სასწაული? ხალხში ხმები დადიოდა, მაქსიმე თავაწეული დადის, ხალხს უღიმის და დახმარებაზე უარს აღარავის ეუბნებაო.
ხიდს ისე უდარდელად გადაივლიდა, ყველა გაოცებული მიაშტერდებოდა ხოლმე. თუ ვინმე თვალს გააყოლებდა, მაქსიმეს ეღიმებოდა. მეგისთან ყოველთვის ეჩქარებოდა.
და, მეცამეტე თვეს, იანვრის ცამეტ რიცხვში, უბრალოდ,
თოვდა.
მაქსიმე სახლში შევიდა თუ არა, ყველაფერი, რაღაცნაირად ცივი და უფერული ეჩვენა. თითქოს ყველაფერი დაძველებულიყო, ნესტის სუნი ჩამოდგა. დამპალი ბედნიერების, გახრწნას რომ იწყებს, დაახლოებით.
-მეგი! -ღრიალებდა მაქსიმე, თუმცა პასუხი არსაიდან ისმოდა. მეგი აღარ იყო. გავიდა, არა, არ შეიძლებოდა, რომ ოკეანეს ჩაეყლაპა. იქნებ წავიდა? მაქსიმე იქვე დაემხო, თავზე ხელები მოიკიდა და პირველი საუბარი გაახსენდა. რას ამბობდა? მგონი ოჯახზე საუბრობდა. ნუთუ მეგის ის წაართვა, რის დაბრუნებასაც ჰპირდებოდა? არა, იქნებ უბრალოდ ისიც მაქსიმეს სიყვარულმა ჩამოაბერა, ან იქნებ ისიც შიზოფრენი გახდა. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მიტოვება არა, ხომ ასეა? ასე უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ვარდისფერი შარფი ფრიალებდა, იმასაც თოვლი ედებოდა, სანამ მაქსიმე არ ჩამოხსნიდა.

*
თოვს.
ცაზე სულ ორი ვარსკვლავი ციმციმებს. უცნაურია, თუმცა რას გაუგებ ამინდებს. გრძელ, ულამაზო მდინარეზე გადებული შავი ხიდი ნელ-ნელა თეთრდება და ქალაქი ძილის ბურუსში ეხვევა.
გარეთ არავინაა.
თოვს, ცივა, ქარი ქრის და ...
ხიდზე ჩნდება სილუეტი, მეცამეტე ბილიკიდან.

ბილიკიდან, რომლის იქით უბრალოდ სიგიჟე ცხოვრობს. ადგილი, სადაც მეგი გაქრა. მეცამეტე ბილიკი გრძნობების სასაფლაოა, სადაც მაქსიმე ყოველდღე მიდის.
თოვს, არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ, რადგან ცაზე ისევ ორი ვარსკვლავი ციმციმებს და ხიდზე ისევ მობარბაცებს სილუეტი
მეცამეტე ბილიკიდან.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მომკალი, დამწვი და დამდაგე...
ღირსი ვარ რადგან აქამდე არაფერი წამიკითხავს შენი. კი შეგპირდი აგრაფინას წავიკითხავთქო, მაგრამ ვერ მოვახერხე. წავიკიტხავ აუცილებლად.
კარგი გოგო ხარ. საოცარი.
გამართულად და დახვეწილად წერ. წარმატებები.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

საოცარიიი იყოო და თან ძალიან ემოციურიიი ...კარგი ხარ მომეწონაა ♡♡ბოლოს მოკალი მეგიიც :(((((

 


№3  offline წევრი sarachka

ვაიმე რამაგარი იყოო .. ძაან მაგარი ხარ!! scream scream

 


№4 სტუმარი Guest თამარა

ვაიმე,ბოლოს ისე ველოდი რომ მეგი მაქსიმეს დაეხმარებოდა...მეც მომკლა მეგიმ მაქსთან ერთად.საოცარი იყო,ვტირიიი:( ძალიან მაგრად წერ!!

 


№5 სტუმარი Guest mariamG

საოცარი იყო მარიამ ძალიან მომეწონა.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ის ნაწყვეტი რომ ვნახე ფეისბუქზე, რაღაც სხვას ველოდი, მაგრამ ეს რაც იყო, იყო საოცრად რეალურიც და არარეალურიც. იმდენი შეკითხვა გამიჩინა...
როგორ დალაგებულად წერ... იცი რაცაა და რაზეცაა შენი ამბები. მოზომილი, ხისტი და თან ემოციურია. მარტივად იკითხება ასეთი მძიმე ამბავიც კი.
თავიდანვე არ ველოდი ვარდისფერ დასასრულს, თუმცა ვარდისფერმა შარფმა კი გაიელვა ძალიან დამთრგუნველად.
მეგი გაელვება იყო მაქსიმეს ცხოვრებაში. მეგიმ აჩვენა მაქსიმეს, რომ ც ვ ლ ი ლ ე ბ ე ბ ი რეალურია, რომ ყველაფერი იცვლება. რომ ადამიანებს ადამიანების შ ე ც ვ ლ ა შეუძლიათ და როცა ეს სიკეთისკენ ხდება, არც ისე ცუდია.

 


№7  offline წევრი Timea25

არ ვიცი რა დავწერო, როგორ მეგონა...


კარგი გოგო ხარ შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent