შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -5-


14-10-2016, 14:45
ავტორი sopiko
ნანახია 1 911

[თავი 5]
-სათამაშო რომ არაფერი მაქვს? არა უშავს, დეიდა. ხვალ ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი თავის ადგილას დაგხვდება. ჩემი ბუშტი გოგო.-მოწყენილი ბავშვის გამხიარულებას ვცდილობ და გაბუშტულ ლოყებს ვუწელავ.
ლეა მიბღვერს. საკუთარი თავი მახსენდება. ვერც მე ვიტანდი მამას მეგობრები რომ მოდიოდნენ, ჩემკენ ხელებს გამოიწვდიდნენ, რა საყვარელი ხარო და ლოყაზე მჩქმეტდნენ. დისშვილთან პარალელების გავლებაზე მეცინება და ნიცას ავყურებ. ის მაგიდას მისჯდომია და ყავას ისე გაკრეჭილი მიირთმევს, გეგონება ამ ქვეყანაზე სადარდებელი არაფერი ჰქონდეს.
-რა?-მაშინვე იშორებს სახიდან ღიმილს.
-რა და რატომ ჰგავს დისშვილი ასე დეიდას?-ვხარხარებ და ლეასკენ უფრო მეტად ვჩოჩდები.
-დეიდა?-ეხამუშება ეს ახალი სიტყვა პატარას.
-ხო, დედი. აი, რომ გეუბნებოდი, ჩვენგან შორს, მაგრამ შენს გულში ერთი ძალიან კეთილი ქალი არსებობს, რომელმაც შენი არსებობის შესახებ რომ იცოდეს, უბედნიერესი იქნებოდა_მეთქი, გახსოვს?-ახსენებს დედამისი და ამის გაგონებაზე საამოდ მაჟრჟოლებს.
-მართლა ასე გეუბნებოდა, ლეა?-ვეჩურჩულები ხუთი წლის გოგონას.
-ხო, გამახსენდა.-საუბარში მაინც ვერ ვიყოლიებ მას.
-რა სჭირს? რატომ არ მელაპარაკება?-გულდაწყვეტილი ვუბრუნდები ნიცას.
-უცხოობს. შენ რა... ასე არ იყავი? ჯერ პატარაა და ვერ ეგუება ახალ ნაცნობებს. შენ კი ნაცნობზე ბევრად მეტი ხარ.-მაწყნარებს და.
''ნეტავ, კიდევ ვინმესთვის თუ ვარ ნაცნობზე ბევრად მეტი? არა... არა მგონია.''-ვფიქრობ ამ სიტყვებზე და ვღონდები. ვინმე, რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ადამიანია, რომლის სახელის ხსენებაც გონებაშიც კი არ მინდა. არ მსურს, რომ შიო თინეიჯერი გოგოსავით მომწონდეს, რადგან ეს თან არასერიოზული იქნება და თან ჩემი ქალური თავშეკავებაც სადღაც ჰაერში აორთქლდება. მგონი სასაცილოა, ასე რომ ვფიქრობ მამაკაცზე, რომელთანაც სულ მალე ხელს მოვაწერ და სულაც არ ვშიშობ იმას, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლება. როცა ფიქრებში ვირჩევ ღილაკს ''შიო'', მხოლოდ მის თვალებს ვხედავ, მხოლოდ მის მზერაზე ვერთვები და მეტად ვენთები.
-ლეა, რამე გეწყინა?-თვალების წინ ხელს მიტარებს ნიცა გამოსაფხიზლებლად.
-ნიცა, არავინ მოგწონს?-მის კითხვას ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვეკითხები.
მისი თვალები წერტილებს ემსგავსება, იმდენად ოცდება. კითხვას უხერხულობს და მოსაცმელს მკერდთან ისწორებს.
-რას ნიშნავს, ვინმე მომწონს?-ღერღავს ბოლოს და ბოლოს.
-შენ კობა არ გყვარებია, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ამ დროის განმავლობაში მოწონებითაც კი არავინ მოგწონებია. მიპასუხე, ვინ მოგწონს?-კობას ხსენება იმდენად აღარ მიჭირს. თვალს თვალში ვური, ვერაფერი რომ ვერ გამომაპაროს.
-მოსაწონებლად დიდი ხანია არ მცხელა, ლეა.-მოკლედ მიჭრის ჩემი და.
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ რთულია მისთვის გაუბედურებულ, გადამწვარ წარსულზე საუბარი. იმ დროს, როცა სტუდენტობის წლებით უნდა გაეხარა, თაყვანისმცემლები თან მოეგერიებინა და თან უფრო მიეზიდა, მეგობრებთან ერთად გართობისთვის დაეთმო საღამოს საათები, ლექციებიდან გამოპარულიყო და იპოდრომზე წასულიყო, კობას გვერდეით უწევდა ცხოვრება. მისი საყვედურების, ჩხუბის ატანა. ვიღაცას შეიძლებოდა ამისთვის ჭკუის სწავლება დაერქმია, მაგრამ მას მე ნამდვილად ვერ გავწირავ. შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა ძვირად დაუჯდა. რაც დათესა, ის მოიმკო. რაც გააკეთა, იმის მწარე შედეგი იწვნია. ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ერთხელ შესაძლებელია მეც ჩამაწვეთოს ეშმაკმა ბოროტება და მეც ვერ შევძლო მისთვის წინაამღდეგობის გაწევა. ახლა სხვანაირად რომ მოვიქცე, მეტკინება, უფრო მეტად მეტკინება... ის, რომ და დავკარგე და ამავე დროს კიდევ ის, რომ იგივე ჩავიუდინე, რის გამოც დავკარგე.
-ნიცა, მე გაპატიე. არ არის საჭირო ჩვენ შორის სამუდამოდ დატოვო კობა. ის წავიდა. გაქრა. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო შენი წარსულის გარეშე ისევე, როგორც მე.
-ლეა ჩემი წარსული არ არის.-მშობლიური გაგულისება ეტყობა მას, რისი გაგებაც უკვე შემიძლია. ალბათ იგივე დამემართებოდა, იგივე რამ რომ ეთქვათ ჩემთვის, ოღონდ ლეას ადგილზე თათა ყოფილიყო.
-ლეა სადმე ვახსენე? ეს შენი აწმყოა და მომავალიც იქნება. უბრალოდ კობა უნდა ამოშალო შენი ცხოვრებიდან, როგორც მამაკაცი და როგორც ყოფილი ქმარი. მესმის, ის ბავშვის მამაა, მაგრამ არა შენი ქმარი, ხომ ასეა? ხოდა უკვე შეგიძლია საკუთარ თავზეც იფიქრო.-ვუხსნი და მოს უკან წაღებულ ხელებს ისევ მაგიდაზე ვაბრუნებ.
-მე ისიც სანანებლად მაქვს, რომ ერთრ დროს შენზე არ ვიფიქრე. შეიძლება ისევ დამრიოს ეგოიზმმა ხელი, ისევ ვერ გავუძალიანდე ეშმაკს და მერე ლეა? ჩემი ცხოვრება ლეას უნდა მივუძღვნა. ჩემს ცოდვებით დამძიმებულ წარსულს ვერ გამოვასწორებ, მაგრამ აწმყო მაინც მექნება ნათელი.
-კარგი, ნიცა. ამჯერად დაგითმობ, მაგრამ მალე მიხვდები, რომ მართალს გეუბნები. შენ მაშინ ის ამბავი პატარა ასაკისა და ჩემი დიდი სიყვარულის გამო მოგივიდა. მე მჯერა შენი. ლეასაც.-ვამატებ მაშინვე და ამის თქმისას ნიცას ასლს მეგობრულად ვუღიმი.

საღამოს ის-ისაა შხაპის მიღებას ვაპირებ, რომ ჩემი მობილური ჩანთაში იწყებს ბჟუილს. სასწრაფოდ ვქექავ სამივე განყოფილებას და ერთ-ერთში მომღერალ ნივთსაც ვპოულობ. ნომრის დანახვაზე მეღიმება. დილით სახელის დარქმევა მოვასწარი. ''ირემმა შეცდომა დაუშვა''-ს ვპასუხობ და სახეს ვასერიოზულებ, სიცილი რომ არ წამსკდეს. მოიცა, მოიცა, რა მაცინებს? რა არის აქ სასაცილო? ეჰ, ესეც შენი სერიოზულობა. ახლა ამაზე მეცინება.
-მარჯანიშვილზე იტალიური კაფე რომაა, იქ შევხვდეთ.-მოვალეობის მოხდითი მისალმების შემდეგ მიცხადებს მამაკაცი.
-უნდა შევხვედრილიყავით და დამავიწყდა?-მაცდურად ვეკითხები.
-ნუ მეთამაშები, ძალიან გთხოვ. ხომ იცი, რა თემაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა და თუ პროფესიონალი მსახიობი არ ხარ და თათას სხვა მიზეზების გამო არ ყვარობ, წესით შენც ასე უნდა გადარდებდეს.-მკვახედ მეუბნება ის.
-გასაგებია შენი პოზიცია. დახურული წიგნი ხარ. შენამდე ალბათ ვერასდროს მოვაღწევ და ვერც გადაგშლი.-ვბრაზდები მოულოდნელად და აღარც სიცილის ხასიათზე ვარ.
-რაში გაინტერესებს რა წერია ამ წიგნში?-ვერაგულად მიბრუნებს ჩემს ნათქვამს.
-გასაგებად ვთქვი უკვე, რისი თქმაც მინდოდა.-თავის არიდებას ვცდილობ.
-მაგრამ არა ამომწურავად.
-რამე ახალია თათასთან დაკავშირებით?-სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი.
-ნუ გავიწყდება, რომ მომავალი ცოლ-ქმარი ვართ.
-სამწუხაროდ არ მავიწყდება.
ცოტა ხნით სიჩუმე იბუდებს. ორივე რაღაცას ვხარშავთ. არ მინდა მიხვდეს, რომ ჩემთვის ეს ქორწინება მხოლოდ ერთ საბუთს არ ნიშნავს. არ ვარ ის ადამიანი, მთელი დღე ერთ რაღაცაზე რომ ვფიქრობდე, მაგრამ თავიდან არ მომშორებია ის და მისი სახელი იმ დროის განმავლობაში, რაც ნიცას ველაპარაკებოდი და მას შემდეგაც.
-ჭირვეული პატარძალივით მეკინკლავები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე არ ვარ მზრუნველი და სულგრძელი ნეფე.-შედარებას ახდენს მამაკაცი.
-ქართულში რა ნიშანი გყავდა, შიო? მე ხუთიანს არ დაგიწერდი. თუ ათიანები იყო უკვე შენს დროში?-დამცინავ კითხვას ვაგებებ.
-რატომ მიგდებ სიტყვას ბანზე? ხვალ ხელს ვაწერთ.-ისე მოურიდებლად მეუბნება, აშკარად არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ინფარქტი დამემართოს.
-ასე მალე? შენ რა სრულ ჭკუაზე ხარ?-ხმას ვუწევ და საწოლიდან ვდგები.
-ტკბილი ძილი, ლეა. ხვალ თორმეტზე.-მოსალოდნელი ომისგან თავს იცავს, საჩქაროდ მემშვიდობება და თუ ამ მომაბეზრებელი ზუმერის ატანა არ მინდა, მობილური ყურიდან უნდა მოვიშორო და თითით გათიშვის ღილაკს მაგრად დავაწვე.
ასეც ვიქცევი.
მისი მითითების შესრულება კი ნამდვილად არაა ადვილი. აბა, როგორია მასთან საუბრის შემდეგ მშვიდად დაიძინო და მით უმეტეს ტკბილად? ეს ჩემს ძალებს აღემატება. იმდენად მოთენთილი და ლიმონივით გამოწურული ვარ, რომ შხაპის მიღებას ხვალისთვის ვდებ, ტანისამოსს ერთიანად ვიხდი და მათ დაკეცვაზე არ ვნაღვლობ. ლოგინში ტრუსების ამარა ვწვები და თავს ბალიშზე რომ ვდებ, მაშინღა მახსენდება მის ქვეშ საღამურები რომ მეგულება. იქნებ ტკბილი სიზმრები არ მეღირსოს, მაგრამ მთელი ღამე შიო რომ მდევს მშფოთვარე ზმანებებში, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ.

^^^
შუადღე მშვიდობის!
გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, პატარა ლეა და მე ეს კუდრაჭა გოგო ძალიან მიყვარს.
ველი თქვენს შეფასებებს.
თავების ზომა შემდეგი ნაწილიდან შედარებით გაიზრდება.
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. გილოცავთ სვეტიცხოვლობას!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ძალიან მომწონს საინტერესო ცოტა სევდიანი კიჩანს მაგრამ მაინც მიხარია ლეამ შეძლო პატარა ლეას მიღება თან სხვისი შვილი უნდა გაზარდოს. კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent