ტანგო ჰორიზონტზე -2-
[თავი 2] ყველაფერი კი ასე მოხდა. ის, რომ ნათია საყვარელთან, თაზოსთან ერთად წვეულებაზე მიდიოდა, ახალი და გასაკვირი ფაქტი არ იყო, მაგრამ თალალას რომ გადასცა მოსაწვევი, ამ მოვლენამ ყბა ჩამოუგდო დაბლა თავად მოსაწვევის ადრესატს. ჯერ მიზეზით დაინტერესდა, თუ რატომ მოაფიქრდა მაინც და მაინც იმ დღეს თაზოს საყვარელთან ერთად მისი მეგობრის წაყვანაც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ''ფართიზე'', მაგრამ ნათიამ რაღაცების მიკიბვ-მოკიბვა რომ დაიწყო, პირდაპირ უარზე დადგა. მიუხედავად ამისა წყვილის წინადადებაზე პასუხი მაინც დადებითი აღმოჩნდა, რადგან იმდენად დაჟინებით ცდილობდა ნათია დაქალის დაყოლიებას, რომ თალალა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, ძველი, კრემისფერი კაბა ჩაიცვა და მსუბუქი მაკიაჟით ბოლო დონეზე გამოპრანჭულ ქალსა და მამაკაცს გაყვა თან. რასაც ელოდა, ის დახვდა... განათებული, გაბრწყინებული სადარბაზო ოთახი, გაღრიალებული აივნის კარები, საძინებლის შიგნიდან ჩაკეტილი კარებები, კოქტეილები, მხტუნვარე ახალგაზრდები და ღიპიანი ბიზნესმენები. თალალამ ამის დანახვაზე ნერწყვი ყელში ვერ გადააგორა, თვალის გუგები აატრიალ-ამოატრიალა, წყვილს განგებ ჩამორჩა და შედარებით ჩაბნელებულ კუთხეში დადგა. ჭერზე ჩამოკიდებული ბურთი ტრიალებდა და მასზე მოხვედრილი სხვადასხვა ფერის განათებები ლამაზად ირეკლებოდა ირგვლივ. მუსიკის ხმამ ყურის ბარაბნები ლამის გაუხეთქა სიმშვიდის მოყვარულ თალალას. მიმალვამაც არ უშველა. ვიღაც გზაარეული მის გვერდით ჩამოდგა და ათასი სისულელით მოაბეზრა თვი. ვინაიდან ხმაური იყო, ბოლო ხმაზე ყვიროდა და ფართოდ გაღებული პირიდან სასმლის გულისამრევ სუნს აფრქვევდა. ეს ვეღარ მოითმინა თალალამ, ხელი კრა მამაკაცს და სცენის მიმართულებით გავარდა. იქ მყოფებმა სცენაზე ასული განრისხებული, თვალებანთებული მანდილოსანი რომ დაინახეს, ნელ-ნელა მოძრაობა შეანელეს. ვიღაცას აზრად მოუვიდა და მუსიკა გამორთო. სიჩუმე რომ ჩამოვარდა და ხალხიც მას მიაჩერდა, თალალა დაიბნა. სათქმელი აერ-დაერია. ენაზე მომდგარი ყველა სიტყვა უკან წაუვიდა და დარჩა ასე. პატარა თაგუნიასავით ვერ დაიწრიპინებდა და ვერ გაიქცეოდა. სხვა გამოსავალი არ იყო. რაღაც მაინც უნდა ეთქვა. ავი თუ კარგი, ეს ანგარიშგასაწევი უკვე აღარ იყო. -დიდი მადლობა, რომ ყურადღება მომაქციეთ და ეს ნაგავი მუსიკაც გათიშეთ! ისე, მაინტერესებს, როგორ არ გბეზრდებათ ყოველ კვირას ასეთი წვეულებების მოწყობა, როცა ქვეყანაში უამრავი ადამიანი კვდება ავადმყოფობით, შიმშილით, ტკივილით, სიცივით? თითოეული ხომ მოგვარებადია? თქვენ კი დგახართ, ცეკვავთ, ხელებს იქნევთ, კაცებს იაფფასიანი მეთოდებით აბამთ, რას არ აკეთებთ, ოღონდაც კი რაღაც უმნიშვნელო ფულის ნაწილი გამოცინცლოთ და რისთვის? იმისთვის ხომ არა, რომ ბოლო მოდელის მობილურებით მოიწონოთ თავი და ვერცხლისფერი, ძვირფასი ქსოვილის კაბა იყიდოთ? თქვენ ვერ ხვდებით, რა არის ბედნიერების რაობა! რას ნიშნავს, როცა გიყვარს და არა როცა ფულის გამო წვები ვიღაცასთან! რა გზით არ შოულობთ ფულს! თაღლითობით, ტყუილებით, სხვისი უბედურების ხარჯზე... აფერისტობთ, ყალბად იცინით... მე თქვენი ბოროტული სიცილის ხმაც კი მესმის! ნუთუ საერთოდ არ გრცხვენიათ? ეს არ არის სიტუაცია, რომელშიც უნდა იცინოდეთ და კმაყოფილები იყოთ!-დაასრულა ტირადა და სცენიდან ჩამოსვლა დააპირა, ვიღაც ყველაზე ადრე რომ გამოფხიზლდა და მხარში ეცა. -შენ... თავი ვინ გგონია? ერთი უსუსური, პატარა ქალბატონი ხარ, რომლის მიწაზე დაცემაც ძალიან ადვილია! მგონი არ იცი, ვინ არის თემურ ნადირაძე! არ ვიცი, ის, რაც თქვი, რჩევა იყო თუ განმკიცხავი განცხადება, მაგრამ რომ არ მომეწონა, ეს ნათელია...-ჩაიჩურჩულა საძაგლად კაცმა და თავისკენ მიიზიდა თალალა. -ხელი გაუშვი, თემო.-ხელის აწევით თქვა თაზომ და სცენას მოუახლოვდა.-ბოლოს და ბოლოს მე მახლავს თან. ჩვენი სტუმარია. თანაც... პატიოსანი გოგოა, ვეღარ გათხოვდება. მის ნათქვამს მსმენელთა სიცილ-ხარხარი მოყვა. თალალას სიბრაზისგან გააძაგძაგა. ხელი გააქნია და ყურებამდე გაკრეჭილის თავხედი თითები მოიშორა. -ჩემს პატიოსნებას თქვენნაირები ვერასდროს გაზომავენ! შენ კი, ბატონო თემურ, მინდა იცოდე, რომ ამას ასე არ დავტოვებ!-დაიმუქრა დაუფიქრებლად და სადაც გასასვლელი დაინახა, იქითკენ გაეშურა. ცივი გონებით მსჯელობა რომ შეძლო, უკვე გარეთ იყო და მირბოდა. აქოშინებული გაჩერდა ერთ ხესთან და იმის გააზრება სინჯა, რაც ჩაიდინა. მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებდა. მსგავსი რამ კიდევ რომ განმეორებულიყო, იგივეს გააკეთებდა... თუნდაც ერთი დღის, კვირის, თვის თუ წლის მერე. -გამარჯობა, თალალა.-მიესალმა შესვლისთანავე მშვენიერი მარია და მობილურიანი ხელი დაუქნია. -სალამი.-საპასუხოდ გაუღიმა და რამდენიმესაფეხურიანი კიბე დაპროგრამებულივით ჩაიარა. ისე ჰქონდა აქაურობა დაზეპირებული, სულ რომ ამნეზია დამართნოდა, თუნდაც ამ კიბის თითოეულ წერტილს მაინც იცნობდა. -ვინმე ხომ არ მოსულა?-ამოსძახა მარიას ქვემოდან. -არა. როგორც ყოველთვის, შენ ვერავინ გასწრებს.-ხალისიანად უპასუხა გოგომ და თალალამაც კომპლიმენტით ნასიამოვნებმა შეაღო კარი. ნაცნობ გარემოში აღმოჩნდა თუ არა, კიდურები აუცეკვდა. ხელებს გაშლა და ფეხებს განარნარება მოუნდათ. რამდენჯერმე დატრიალდა და მერე აღიღინდა კიდეც. საყვარელი ადგილი იყო მისთვის საცეკვაო სტუდია. სანამ მოსწავლეები მოვიდოდნენ, გატაცებით ცეკვავდა ხოლმე. საუკეთესო განტვირთვა იყო მისთვის. მსგავს რამეს რომელიმე დამწყებში თუ აღმოაჩენდა, მაშინვე გამოარჩევდა გულში და ყოველ მის მიერ შესრულებულ მოძრაობას აკვირდებოდა. განსაკუთრებით არავის აქებდა. ყველას თანასწორად ექცეოდა და ასე უფრო უღვივებდა თითოეულს ცეკვის სიყვარულს. სულაც არ უნდოდა თავიდან ქორეოგრაფობა. ჯერ მასწავლებელი გამოვალო, იძახდა, მერე მსახიობობაც მოინდომა და ბოლოს ამაზე შეჩერდა. ათი წლის განმავლობაში ცეკვაზე სიარულიც უწყობდა ხელს. მერე კიდევ რაღაც კურსები გაიარა და ქორეოგრაფის სტატუსიც დაიმსახურა. აქ ორი წლის წინ დამკვიდრდა და სხვაგან გადასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. საკმაოდ პრესტიჟული ცენტრი იყო. სხვადასხვა განყოფილებები არჩევანის დიდ არეალს ქმნიდა. როგორც ჩანს, თანამედროვე თაობას ცეკვის დიდი ინტერესი ჰქონდა, რაც თალალას წისქვილზე ასხამდა წყალს. კარზე ვიღაცამ რომ დააკაკუნა, გამოერკვა, ცოტა დაიმორცხვა კიდეც და ამასობაში დარბაზში ნინიმაც შემოაბიჯა. -გამარჯობა, მას. როგორ გიკითხოთ?-ჩვეული სიხალისით შეეკითხა გაბუჩქულთმიანი გოგო და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. -მე კარგად, ნინი, თავად?-თბილად შეეგება მოსწავლეს და საათს ახედა.-წინა დღეს შესწავლილი მოძრაობები გავიმეოროთ, სანამ სხვები მოვლენ. გამეორება რომ დაიწყეს, სხვებიც შემოუერთდნენ. თალალამ ცეკვის გაკვეთილი განაგრძო და დროც ისე გავიდა, რომ დაღლა საერთოდ არ უგრძვნია. მანტოს ღილები შეიკრა და დარბაზის კარი გამოიხურა და ჩაფიქრებული მიუახლოვდა მარიას. ამ უკანასკნელმა მის უკან რომ გააპარა თვალები და ისიც დაინტერესდა მარიას მზერის ობიექტით. მცირედი კუთხით შეტრიალდა უკან და მაშინვე შავკაშნეანი მამაკაცი მოხვდა მხედველობის არეში. ჯერ მარჯვნიდან შეათვალიერა, მერე მარცხნიდან და რომ მიხვდა, ვერაფერს დაადგენდა, ქვეყნის ამბების მცოდნე ქალბატონს დაეკითხა: -მარია, ვინ არის ეს კაცი?-დაეჭვებულმა გაუსვა ტუჩები ერთმანეთს და ფარულად კიდევ ერთხელ გახედა ცენტრის დირექტორთან მოსაუბრე უცნობს. -ეს კაცი? ხო, მართლაც რომ ძალიან შეიცვალა... არ მიკვირს, რომ ვერ იცანი.-თავდაპირველი გაკვირვება უცებ გაუქრა გოგოს. -კი, მაგრამ ვინ არის, რომ უნდა მეცნო, თუ არ შეიცვლებოდა?-ახლა უფრო ჩაუკვირდა ამ ამბავს თალალა. -გახსოვს აქ როგორ მოხვედი?-სხვა თემაზე გადავიდა უცებ ის. -ხო, მახსოვს. ჩემამდე ვიღაც კაცი ყოფილა და მოცეკვავეების საზღვარგარეთ წასვლის წინ კონცერტის გამო მოულოდნელად რომ დატოვა სამსახური. მე და ბატონი ნოდარი შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და... აი, ასე.-სხაპა-სხუპით ჩამოაყალიბა და წარსულს გახსენებაზე გაიბადრა. -ხოდა სწორედ ეს კაცი მუშაობდა შენამდე. კი გითხრეს, ახალგაზრდა იყოო, მაგრამ ახლა მართლა მობერებულა.-სიბრალულით მიაჩერდა კაცს. თალალას მისი მზერა ეუცნაურა, მაგრამ ჯერ სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა და ამაზე აღარაფერი თქვა. -ეს კი, მაგრამ მე საიდან უნდა მეცნო კაცი, რომელიც არასდროს მინახავს იმიტომ, რომ ჩემამდე მუშაობდა?-ხელები გაშალა და კედელს აეყუდა, უკეთესად რომ დაკვირდებოდა ყოფილ ცეკვის მასწავლებელს. -გამაგიჟებ ახლა მე შენ. მოცეკვავე უტა ახალაძე არ გაგიგია? საინფორმაციოებს ორი წლის წინ საერთოდ არ უყურებდი? როცა გეცლება, გუგლში ჩაწერე და ყველაფერს იქ ამოიკითხავ.-მოუჭრა მარიამ, რადგან დირექტორი მისკენ მოემართებოდა. თალალასაც აღარ ჰქონდა ბევრი დრო. უკან-უკან გადადგმული ნაბიჯებით მიაღწია გასასვლელს და როგორც იქნა, თვალი მოწყვიტა მამაკაცს, რომელსაც მისი გონება მოეცვა. როგორც კი მის მოწყენილ, ჩამქრალ სახე შენიშნა, მაშინვე გაავლო პარალელი მარიას შემაბრალებელ გამოხედვასთან. ნეტავ, რა უნდა მომხდარიყო უტა ახალაძის ცხოვრებაში ისეთი, რომ საყვარელი საქმიანობა მიეტოვებინა, წარმატებებზე უარი ეთქვა და ახლა კი ორი წლის შემდეგ ანაზდად გამოჩენილიყო? თუმცა ეს უკვე თალალას აღარ აინტერესებდა. უფრო სწორად კი უნდოდა, რომ არ დაინტერესებულიყო. ^^^ ესეც მეორე თავი. მგონი ძალიან არ დამიგვიანია ^__^ ჰოომდა, იმედია მოგეწონებათ... ველი შეფასებებს! უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.