მკვდარი ოცნებები 12
8 8 8 არც კი ვიცი როგორი სიტყვებით აღვწერო ის ლამაზი დღეები, რომელიც ჩვენ, სრულიად მარტოებმა იმ აგაკარზე გავატარეთ. ყოველი დილა ჩემთვის მისით იწყებოდა და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რაც კი ოდესმე განმეცადა. ლეოსგან ყოველ წამს დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი, ცხოვრება მის გამო მიხაროდა და თქვენ წარმოიდგინეთ არც იმაზე ვფიქრობდი, რომ ოდესმე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ იგი ჩემთან იყო, ღამღამობით მის სუნთქვას ვუსმენდი და შემეძლო ნებისმიერ წამს მოვფერებოდი. მომწონდა მისი გამოხედვა, როცა მე მიყურებდა, მომწონდა მისი თვალები და გასაგიჟებლად სასიამოვნო სურნელი. ლეო ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო, ის სიყვარული, რომელზეც ყოველთვის ვვოცნებობდი, ის ადამიანი, როგორსაც ყოველთვის ვნატრულობდი ჩემს გვერდით და რომელსაც ვერანაირი ნაკლი ვერ აღმოვუჩინე. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, თუ რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება, მაგრამ პასუხს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივხვდი. ბევრჯერ, როცა ჩემს გვერდით ჩაძინებულს ვაკვირდებოდი და წელზე მისი ხელი მქონდა შემოხვეული, ვეფერებოდი ახვლედიანის ნაკვთებს, ჩურჩულით ვუყვებოდი ჩემზე მთელ სიმართლეს და წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი უსიტყვოდ მაპატია. შემდეგ მის ხელს ჩემსაში ვხლართავდი და ვიძინებდი. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ჩვენს ურთიერთობას მომავალი არც ჰქონოდა, მაინც ბედნიერი ვიყავი. მიხაროდა, რადგან ახლა, ამწუთას იგი ჩემს გვერდით იყო და ვუყვარდი. მაგრამ რა იქნებოდა შემდეგ? ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ მქონდა. არც მინდოდა, რომ მქონოდა. ასე ბევრად უფრო ადვილი იყო. ზედმეტი რომ აღარ ვილაპარაკო იმ დღეებიდან უამრავი სასიამოვნო მოგონება დამიგროვდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ხდებოდა ისე, რომ თავს სრულყოფილად ვგრძნობდი, ეს კი ახვლედიანის დამსახურება იყო . . . სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ რა ძალიან მინდოდა ასე კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ ყველაფერი ხომ ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა? ზოგჯერ სირთულეებთანაც გვიწევს შეჯახება და ეს ჩემზე კარგად არავინ იცის. ამჯერადაც ასე მოხდა. უკვე აგარაკზე ყოფნის მეთერთმეტე დღე იყო, როდესაც ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ლეო ამ დროს მანქანით პროდუქტების საყიდლად იყო წასული, მე სახლში დავრჩი, რატომღაც გაყოლა შემეზარა და დრო ტელევიზორის ყურებაში გამყავდა. მართალია ნომერი არ მეცნო, მაგრამ ყურმილი მაინც ავიღე და დისტანციური პულტით ტელევიზორს ხმა გამოვურთე. -გისმენთ -ანდრო ხელაძე თქვენი ნათესავია? -ჩამესმა ქალის ბოხი ხმა და ნერწყვი კინაღამ გადამცდა. მაშინვე ყველაზე საშინელი წარმოვიდგინე -ჩემი მეგობარია. რა სჭირს? -ძლივს დავიმორჩილე ხმა, რათა ეს მეკითხა -დღეს დილით საავადმყოფოში დაჭრილი მოიყვანეს, მშობლებს ვერ ვუკავშირდებით, რათა ეს ამბავი გავაგებინოთ და გადავწყვიტეთ მისი ტელეფონის წიგნაკიდან სხვა ვინმე ამოგვეძებნა. შეგიძლიათ მოხვიდეთ? პაციენტს გევრდით არავინ ჰყავს მეტი არაფერი გამიგონია, ტელეფონი გავთიშე, ფეხზე წამოვხტი და ეზოში გიჟივით გავვარდი. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მანქანა ლეოს ჰყავდა, აქედან ფეხით წასვლა კი ყველაზე დიდი უაზრობა იყო, ყველაზე დიდ უაზრობათა შორის. პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა მექნა. ვხვდებოდი, რომ მისი საავადმყოფოში მოხვედრა ელენეს ამბავთან იყო დაკავშირებული და ამით დანაშაულის გრძნობა მიორმაგდებოდა. იმდენად გადავერთე საკუთარ პირადზე, რომ ანდრო საერთოდ გადამავიწყდა. მოვალე ვიყავი ამასთან დაკავშირებით რაიმე მეღონა, მაგრამ არაფერი გავაკეთე. საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ ასეთი უყურადღებობა გამოვიჩინე ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ. ვგრძნობდი, რომ შინაგანად განადგურებული ვიყავი და იმის გაფიქრებაც კი არანორმალურ ტკივილს მაყენებდა, რომ შეიძლებოდა ანდროს რაიმე დამართნოდა. ნერვიულობისგან უკვე გიჟს ვგავდი და სასოწარკვეთაში ვიყავი, რომ მოულოდნელად მანქანის ხმა გავიგონე და მივხვდი ლეო მოდიოდა. რამდენიმე წამში ავტომობილი ეზოში შემოვიდა და იქედან გადმოსული ახვლედიანი პირდაპირ ჩემთან მოვარდა. -ბაბი რა გჭირს? -მკლავებში ხელი ჩამავლო და შემანჯღრია, რათა აზრზე მოვეყვანე -ლეო სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნდეთ -ვიგრძენი, რომ ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა -რა მოხდა? ასე რატომ განერვიულდი? -არაფერი მკითხო გთხოვ -მისი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე და მანქანისკენ სირბილით გავიქეცი. მალე ისიც ჩაჯდა, გასაღები გადაატრიალა და ავტომობილი ბოლო სიჩქარით მოსწყვიტა ადგილს. დაახლოებით ნახევარი საათი ისე ვიარეთ არც მე და არც მას ხმა ერთხელაც არ ამოგვიღია. ვგრძნობდი, რომ უთქმელი კითხვები ყელში ეჩხირებოდა, მაგრამ ახლა ლაპარაკი არ შემეძლო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა მდგომარეობაში დამხვდებოდა ანდრო და გული ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სწრაფად მიცემდა. ოღონდ მას არაფერი დაემართოს -ვფიქრობდი გონებაში და ცრემლთა ნაკადი კვლავაც არ მიჩერდებოდა. რატომღაც ველოდი, რომ ჩვენი მგზავრობა ისევე უსიტყვოდ დასრულდებოდა, როგორც დაიწყო, მაგრამ შევცდი. ახვლედიანმა ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც ალაპარაკდა. -ბაბი გთხოვ მითხარი რა ხდება? -ჩემი მეგობარ დაჭრეს ლეო -გადავწყვიტე ბოლოს და ბოლოს სიმართლე მეთქვა -რა? -გაოცებული სახით გამომხედა -ჰო, შენ რომ პროდუქტებზე იყავი წასული საავადმყოფოდან დამირეკეს. არ ვიცი როგორაა, ამის კითხვაც კი შემეშინდა -ამჯერად ხმამაღლა ავტირდი ახვლედიანმა მოულოდნელად ჩემი თითები თავისაში მოიქცია და თანაგრძნობით სავსე მზერა მესროლა. -ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზე ნუ ფიქრობ ბაბი -ამ სიტყვებით ჩემი ხელი თავის ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა. მთელი დარჩენილი გზა მის მკლავზე ვიყავი მიყრდნობილი და ჩუმად ვტიროდი. ლეო აღარ ლაპარკობდა. ხვდებოდა, რომ ახლა უსიტყვო თანაგრძნობა უფრო მჭირდებოდა ვიდრე სიტყვიერი გამხნევება. საკუთარ ემოციებში ჩაძირულმა ვერც კი გავიგე, თუ როგორ შევედით თბილისში და აქედან რამდენიმე წუთის შემდეგ როგორ გაჩერდა ახვლედიანის მანქანა რესპუბიკური საავადმყოფოს წინ. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ძლიერი დამუხრუჭება ვიგრძენი და სასწრაფოდ ღვედის შეხსნა დავიწყე. -მეც შენთან ერთად წამოვალ -ხმა დამაწია უკვე შესასვლელისკენ გაქცეულს ლეომ და უკან ამედევნა. არ გამიპროტესტებია. მიმღებში მისვლის და ანდროს ამბავის კითხვის შემდეგ ორივე ერთად გავუყევით გზას კლინიკის მეორე სართულისკენ, სადაც ის გვეგულებოდა. მოსაცდელში ერთმანეთზე ჩახუტებული ანდროს მშობლები ისხდნენ და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე მთელი ის პრობლემა რის წინაშეც მაშინ ვიდექი. ისინი ლეოს სახეზე იცნობდნენ და აუცილებლად გაუჩნდებოდათ კითხვა თუ რას ვაკეთებდი ჩემი დის მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად. მაშინ ანდროზე იმდენად ვნერვიულობდი, რომ ეს ფაქტი არ გამითვალისწინებია, მაგრამ ახლა წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეღონა. წამით ვიფიქრე, რომ ლეოს უკან დაბრუნებას ვთხოვდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იგი ასეთ მდგომარეობაში არაფრის დიდებით არ დამტოვებდა. დღეს აუცილებლად გაირკვეოდა, რომ მე ელენეს და ვიყავი და ამას ვერსად გავექცეოდი. არა ეს არ უნდა დამეშვა. "ლეოს წავიყვან და აქედან წავალ, ანდროს ამბავს კი ტელეფონით გავიგებ" -გავიფიქრე გონებაში და ეს უნდა შემესრულებინა კიდეც, რომ უეცრად მათ შემამჩნიეს. ერთხანს გაკვირვებული მიყურებდნენ, ალბათ არ მოელოდნენ ამდენი ხნის მერე ისევ ჩემს დანახვას, შემდეგ ორივე ერთდროულად წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. სწორედ მაშინ შევნიშნე მათი მტრული მზერა ლეოს მიმართ და სასოწარკვეთილმა თვალები მაგრად დავხუჭე. -ნინი როდის დაბრუნდი? -მკლავზე ხელი დამადო ირინამ და ახვლედიანს გაბრაზებულმა გახედა, რომლის გაკვირვებული მზერაც მხრებს მიწვავდა -ანდრო როგორაა? -მაშინვე სხვა თემაზე გადავუტანე -ანდრო კარგად იქნება, ახლა ოპერაციას უკეთებენ -საუბარში ჩაერთო ძია ლევანი -შენ ის გვითხარი, აქ შენი დის მკვლელთან ერთად რას აკეთებ? -აშკარად თავს ძლივს იკავებდა, რომ ახვლედიანისთვის არ გაერტყა -ლეო გთხოვ მათთან მარტო მინდა საუბარი -მივუბრუნდი და როცა მის გაოცებულ თვალებს შევეჩეხე, მივხვდი, რომ რაღაცას უკვე ხვდებოდა. -არსადაც არ წავა -კბილებში გამოცრა ლევანმა და საყელოში ხელი ჩაავლო -რა გინდა მისგან? ახლა ისიც უნდა შეაცდინო და მისი დისავით იმქვეყნად გაისტუმრო? ეს გინდა? -არაადამიანური ხმით იღრიალა -ბაბი ამიხსენი აქ რა ხდება? -მისგან თავი გაითავისუფლა ლეომ და მკლავში ხელი ჩამავლო. შევნიშნე თვალებში ბრაზის ნაპერწკალმა გაუელვა. "ბაბი ვინღაა? "ეს ბიჭი ასე რატომ მოგმართავს ნინი? "მასთან ერთად როგორ ჩნდები იმის მერე რაც შენს ოჯახს დამართა? " -ჩამესმოდა ყურში ათასი კითხვა და მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა ყველანი გაჩუმდით მეთქი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩემგან ყველა პასუხს მოელოდა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად წარმოდგენა არ მქონდა რა მეთქვა. ბოლოს ერთი რამ მოვიფიქრე-იქვე სკამზე მიგდებულ ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და უკანმოუხედავად გავიქეცი. ვიგრძენი, რომ ლეოც გამომეკიდა და სირბილს ერთიორად ვუმატე. მაინც არაფერი გამომივიდა, გასასვლელთან დამეწია, მკლავებში ხელი ჩამავლო და თვალის დახამხამებაში კიდელზე ამაკრა. -არსადაც არ წახვალ, სანამ ყველაფერს არ მეტყვი -ვამჩნევდი, რომ სიბრაზისგან ხმას ძლივს იმორჩილებდა და მაქსიმალურად ცდილობდა ჩემთვის რამე არ ეტკინა -შენ და ელენე . . . -აღარ დაასრულა და მარჯვენა ხელი სიბრაზისგან მომუშტა -ჰო, ელენე ჩემი და იყო -თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და თავი ჩავხარე -და ნინი ვინღაა? -მწარედ ჩაეცინა და თვალებში ჩამაშტერდა -ნინი ჩემი ნამდვილი სახელია, ბაბი კი ის, რომლითაც შენ გაგეცანი -მაგრამ რატომ? ეს ყველაფერი რაში დაგჭირდა? -აშკარა იყო ვერაფერს ხვდებოდა მორჩა, დრო იყო სიმართლე მეთქვა. ახლა ამას უკვე ვეღარ გავექცეოდი. დადგა ის დღე, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დამდგარიყო და ამჯერად თავს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიძვრენდი. ერთი ღრმად ამოვისუნთქე, მერე კვლავ ჩავისუნთქე, კიდევ ერთხელ ჩავხედე ახვლედიანს კითხვით სავსე თვალებში და ავლაპარაკდი -შენზე შურისძიება მინდოდა. მეგონა ჩემი და შენ მოკალი, სახელი და გვარიც ამიტომ შევიცვალე -შურისძიება? -სუნთქვა გაუხშირდა -ამიტომ დამიახლოვდი? -ჰო -თავი ჩავხარე და ცრემლები გადმომცვივდა -და რა სახის შურისძიებაზეა ლაპარაკი? -აშკარა იყო, რომ რაღაცას მიხვდა -იმ ყველაფერს, რაც შენ ჰალუცინაციები გეგონა მე გიწყობდი. უფრო სწორად ჩემს მიერ დაქირავებული ადამიანი, რომელსაც ამისთვის ფული გადავუხადე ვიგრძენი როგორ ამოიგმინა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ და თვალები აუწყლიანდა. ასეთი სევდანი ლეო არასდროს მენახა, თითქოს შინაგანად სრულიად განადგურებული იყო და ეს მის მზერაშიც ნათლად იგრძნობოდა. იმ წამს სიკვდილი მინდოდა. ამას ვნატრულობდი კიდეც, რადგან ჩემთვის საყვარელ ადამიანს ამხელა ტკივილი მივაყენე და ჩემ გამო იტანჯებოდა. ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა-იმედგაცრუებას, ბრაზს, იმ ადამიანის ღალატის სიმწარეს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და ეს ყველაფერი გულს მიკლავდა. -ესეიგი ეს ყველაფერი შენი მოწყობილია არა? -მკლავები ოდნავ შემიშვა და ხმა ძლივს დაიმორჩილა რათა ეს ეკითხა -ჰო -ცრემლები უკვე ღაპაღუპით მდიოდა ლეომ თვალები დახუჭა. დავინახე როგორ დაებერა კისრის ძარღვები და როგორ მომშორდა მთელი ტანით. იმწუთას აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა და ამას წინ ვერ აღვუდგებოდი, როგორ ძალიანაც არ უნდა მდომოდა ეს. -ლეო მომისმინე გთხოვ, ყველაფერი შეიცვალა, როცა . . . -არ მინდა შენი მოსმენა. მშვენივრად მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი აფსურდის თეატრი იყო, სადაც შენი როლი საკმაოდ კარგად ითამაშე -მწარედ ჩაეცინა და თვალებში მრისხანების ნაპერწკალი აუკიაფდა -ჩემი ბრალია, გულთან ასე ახლოს არ უნდა მომეშვი. ალბათ ხვდები, რომ ეს დასასრულია -ამ სიტყვებით ახვლედიანი კლინიკიდან გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და იგი ბოლო სიჩქარით მოსწყვიტა ადგილს. მისი წასვლის შემდეგ იქვე, კედელთან ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. სულ არ მადარდებდა ჩემს ირგვლივ შეკრებილი ხალხი და მათი გაუთავებელი კითხვები იმის შესახებ თუ რა მჭირდა ან რაიმე დახმარება ხომ არ მესაჭიროებოდა. გული საშინელი ტკივილისაგან მეწვოდა და არ ვიცოდი ამ გრძნობისთვის რა მომეხერხებინა. ვიცოდი, რომ ოდესმე ეს მოხდებოდა და წესით ფსიქოლოგიურად მზადაც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე მეტად ლეოს რეაქცია მეტკინა. მეგონა ჩხუბს დამიწყებდა, აყალმაყალს მომიწყობდა და ასე შემდეგ, მაგრამ არა. ათასჯერ მერჩივნა ასე ყოფილიყო და ჩემზე დაგროვილი ბრაზი ამოენთხია, ვიდრე ისე მომხდარიყო, როგორც რეალურად მოხდა. დანაშაულის გრძნობა მახრჩობდა იმის გამო, რომ ასეთ კარგ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება და საბოლოოდ გავაუბედურე. მძულდა ჩემი თავი, საშინლად მძულდა და გული მწყდებოდა, რომ იმ დღეს ჩემს თვითმკვლელობას ხელი შეუშალეს. მაშინ ხომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა? "მორჩა რაც არის არის" -ვუთხარი ჩემს თავს გონებაში და ბევრი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე. მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ გარშემო ყველა შემომცლოდა, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გამომხედავდა ვინმე ჩემთვის უცნობი ადამიანი სიბრალულით სავსე მზერით და თავს ნაღვლიანად გადააქნევდა . . . გადავწყვიტე კვლავ ანდროსთან დავბრუნებულიყავი. წელი ძლივსძლივობით ავითრიე და ფეხზე წამოვდექი. მისი მშობლები ისევ მოსაცდელში იჯდნენ და ამჯერად სახეები იმდენად აფორიაქებული აღარ ჰქონდათ. ამან იმედი მომცა, რომ მას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და პირდაპირ იქითკენ გავემართე. -როგორ არის? -გვერდით მივუჯექი ანდროს მამას და მხარზე ხელი დავადე -ოპერაცია უკვე გაუკეთეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გვითხრეს ორი დღის განმავლობაში გაიღვიძებსო -ხმაში აშკარად შვება ეტყობოდა -ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა -გამეღიმა -ის ძლიერია და არ მიგატოვებთ -შენთან სალაპარაკო გვაქვს -საუბარში ჩაერთო ირინა დეიდა -ნინი ჩვენ შენს მეორე მშობლებად ვითვლებით. არ ვიცით ამდეხანს სად იყავი და რას აკეთებდი, მაგრამ გვიხარია, რომ დაბრუნდი. თუმცა ვერ ვხვდებით რა გესაქმება . . . -მას ჩემი და არ მოუკლავს -გავაწყვეტინე -ეს გრძელი ამბავია და ამაზე აქ ლაპარაკი არ ღირს -სწორედ მაგას გეუბნებოდი. ამაღამ ჩვენთან დარჩი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. შვილო ვიცი ამ ცხოვრებამ ძალიან დაგტანჯა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო -სახეზე ხელი მზრუნველად ჩამომისვა -ვიცი, რომ ანდროს დაჭრაც ელენეს საქმესთანაა დაკავშირებული. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ყველაფერზე პასუხი შენგან უნდა მივიღო -მაგრამ მე . . . -არანაირი მაგრამ. აქედან პირდაპირ ჩვენთან მოდიხარ და შეწინააღმდეგება არ გამაგონო გამეღიმა. ირინა დეიდა კვლავ ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა. მკაცრი, მოსიყვარულე და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჩემთვის უპრობლემოდ მოეკეტინებინა. ამჯერადაც ვერ ამოვიღე ხმა და თავი მსუბუქად დავუქნიე. საავადმყოფოში კიდევ საათ ნახევარი გავჩერდით. იმედი გვქონდა, რომ ანდრო საცაა გონს მოვიდოდა, მაგრამ ექიმმა გვითხრა, რომ ასეთი რთული ოპერაციის გადატანის შემდეგ, პაციენტი იმდღესვე გამოფხიზლებას ვერ შეძლებდა და გვირჩია ცოტა ხნით დაგვესვენა. გადაწყდა, მასთან ლევანი დარჩენილიყო, ხოლო მე და ირინა კლინიკიდან ერთად გამოვედით და იქვე მდგარ პირველივე ტაქსიში ჩავჯექით. არ ვიცოდი იქ მისვლის მერე საუბარი რით დამეწყო ან ღირდა თუ არა საერთოდ რამის ოყოლა, მაგრამ ფაქტი იყო წინააღმდეგობას არ ვუწევდი. გზაში უზარმაზარ საცობში მოვყევით. დაახლოებით საათ ნახევარი მანქანების გაბმული სიგნალების გარდა არაფერი ისმოდა. არც ირინა დეიდა იღებდა ხმას. ალბათ ყველაფრის გამოკითხვას სახლში მისვლის შემდეგ აპირებდა და მეც თითქოს ამისთვის მზად ვიყავი. თითქმის ცხრის ნახევარი იყო, როდესაც ჩემთვის ერთ დროს ყველაზე საყვარელი და ნაცნობი სახლის კარი შევაღეთ და შიგნით შევედით. იქაურობა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა. საერთოდ არაფერი შეცვლილიყო. რატომღაც ამის გაცნობიერებამ სახეზე ღიმილი მომგვარა და ჩანთა იქვე, კარებთან ახლოს მდგარ საკიდზე ჩამოვკიდე. -ჩაის ხომ დალევ? -სამზარეულოსკენ გამიძღვა ირინა -მომენატა შენი გაკეთებული ჩაი -უკან პატარა ბავშვივით ავედევნე. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი, თუ რა საოცრად მომნატრებოდა ეს სახლი, ანდრო, მისი მშობლები და ყველაფერი რაც მათთან გატარებულ დღეებს უკავშირდებოდა. ირინამ კედელზე მიმაგრებული ხის კარადიდან ორი ფინჯანი გამოიღო და გაზქურაზე წყალი შემოდგა. ამ დროს მე იქვე, მაგიდასთან მდგარ ერთ-ერთ სკმაზე ჩამოვჯექი და მიმდინარე მოვლენებს თვალს ყურადღებით ვადევნებდი. რატომღაც ამ ყველაფერმა ლეო გამახსენა, ის დღე როცა ჩვენი გაცნობის შემდეგ მის სახლში პირველად ვიყავი და ჩემთვის ვახშამს ამზადებდა. თვალწინ დამდგარმა მოგონებებმა სახეზე სევდიანი ღიმილი მომგვარა. ვგრძნობდი, რომ ლეო უკვე საშინლად მენატრებოდა და არ მინდოდა იმის წარმოდგენა როგორი იქნებოდა შემდეგი დღეები. ცხადია ჩემი ცუდი გუნება ირინამაც შენინა და როგორც კი ცხელი სითხით სავსე ფინჯნები მაგიდაზე შემოდგა მხარზე ხელი მზრუნველად მომხვია. -არ მეტყვი რა ხდება შენს თავს ამ ბოლო დროს? -კარგი არაფერი -ამოვიოხრე -სად იყავი მთელი ეს დრო? ნეტავ გენახა რა დღეში იყვნენ შენი მშობლები. თითქოს ელენეს სიკვდილი არ ეყოფოდათ სადარდებლად შენც დაემატე -საყვედურის კილოთი მითხრა -მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. თბილისში ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავბრუნდებოდი -თვალები ამიცრემლიანდა -მაგრამ არ გითქვამს სად იყავი -კვლავ ჯიუტად იმეორებდა თავისას და აშკარა იყო სანამ პასუხს არ გავცემდი არ მომეშვებოდა -ბათუმში ვცხოვრობდი. დიდი დრო არაა, რაც კვლავ აქ დავბრუნდი ირინამ ჩაი მოსვა და ეჭვის თვალით გამომხედა. -იმასთან რა გესაქმებოდა? მაშინვე მივხვდი, რომ საუბარ ლეოზე იყო და თვალებში ჩავხედე. -მას ელენეს ამბავთან საერთო არაფერი აქვს როცა მის კითხვით სავსე თვალებს წავაწყდი, რომელიც ამ ამბის გაგრძელებას მთხოვდა ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მოყოლა დავიწყე. ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ერთი პატარა მონაკვეთიც კი არ გამომრჩენია. ბოლოს ანონომური ზარები და ანდროსთან იმღამინდელ ვიზიტზიც ვახსენე, რათა თვითონაც გაეგო რატომ მოხვდა მისი შვილი საავადმყოფოში. მთელი ეს დრო ირინას გაოცებული მზერა არ მშორდებოდა. თავადაც ასე მეგონა, რომ ბრაზილიური სერიალის შინაარსს ვუყვებოდი, მაგრამ ვაი, რომ ეს ჩემი დაწყევლილი ცხოვრება იყო და არა სცენარისტის მოიერ მოფიქრებული "სატელევიზიო სპექტკლი". როდესაც თხრობა მოვრჩი შვებით ამოვისუნთქე, თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომშორდაო. არ მეგონა ეს ასეთ სასიამოვნო შეგრძნებას თუ გამოიწვევდა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო-თავს ბევრად უკეთე ვგრძნობდი. -ესეიგი ანდრო ელენეს საქმეში ქექვის გამო დაჭრეს? -როგორც იქნა ხმა ამოიღო და პირველი კითხვა დასვა -ჰო ასეა. მგონი უკვე ვინცაა ის ტიპი, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ სახელი ვიცი და მეტი არაფერი -იცოდე ლევანს ამის შესახებ არაფერი უთხრა, თორემ აუცილებლად ინფაქტი დაემართება -ნუ ღელავ არაფერს ვეტყვი -ხელზე ხელი მოვკიდე -იმ ღამეს, როცა ანდროსთან ვიყავი ვთხოვე ამ საქმეს ჩამოცილებოდა და ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ ხომ იცი შენი შვილი რა ჯიუტია? თუ რაიმე დაისახა მიზნად ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაათქმევინებს -ვიცი და ეს ძალიან მაწუხებს. მე იმის უფრო მეშინია, რომ ფეხზე წამოდგება თუ არა ისევ იმ საქმეს მიუბრუნდება -ეს არ უნდა დავუშვა -ისე ჩავილაპარაკე თითქოს იქ ჩემს გარდა არავინ ყოფილიყო -რამე მოიფიქრე? -მის თვალებში იმედის ნაპერწკალი აკიაფდა -ჰო მოვიფიქრე -თუ ასეა მითხარი -მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა -ვეტყვი, რომ ის ტიპი ახლა მე მირეკავს და მემუქრება, თუ იგი კვლავ ამ საქმეში გააგრძელებს ქექვას. ანდროს კარგად ვიცნობ, საკუთარ თავს გაწირავს, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში -კარგი აზრია -ირინასაც მოეწონა და ეს მის მზერაშიც ნათლად წავიკითხე -ოღონდ ძალიან დამაჯერებელი უნდა იყო. ჩემი შვილი ტყუილების საოცარი დეტექტორია და სიფრთხილე უნდა გამოიჩინო -ნუ ღელავ ამაში ბადალი არ მყავს -მწარედ ჩამეცინა და დავინახე, რომ ჩემი ფინჯანი უკვე ცარიელი იყო -შენ სხვა რამეც გჭირს -ამჯერად ღიმილით გამომხედა -ვამჩნევ, რომ ის ბიჭი შეგიყვარდა და ახლა აღარ იცი როგორ გამოისყიდო შენი დანაშაული. პასუხად თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე და თვალებზე მომდგარი ცრემლები გაჭირვებით გავაბრუნე უკან. -შვილო მე არ განგსჯი და არ გეტყვი, რომ რაც შენ გააკეთე ცუდი საქციელია, რადგან დაბნეული იყავი და ელენეს სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ვერ აპატიე იმ ადამიანს, ვინც მისი მკვლელი გეგონა, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრა, რომ ამის დავიწყება მისთვის ძალიან რთული იქნება. -ვიცი -ამჯერად ტირილი ვეღარ შევიკავე და ცრემლთა ნაკადმაც ერთიანად ამოხეთქა. მიცდიდა სანამ ემოციებისგან არ დავიცლებოდი და ამ დროის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. მხოლოდ ჩემს მარჯვენაზე ჰქონდა მოჭერილი თავისი თბილი ხელი და სიბრალულით სავსე მზერით მიყურებდა. დიდხანს ვერ მოვახერხე დამშვიდება. საკმარისი იყო ლეო წუთით მაინც გამხსენებოდა, რომ მთელ სხეულში ყრუ ტკივილები მივლიდა. ახლაც ასე მოხდა, თუმცა ამჯერად თავის ხელში აყვანა ვეღარ მოვახერხე და ტირილამდე მივედი. მივხვდი, რომ როცა საქმე ახვლედიანს ეხებოდა სუსტზე სუსტი ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი ამისთვის რა მომეხერხებინა. ბოლოს როგორც იქნა დავმშვიდდი, ცრემლები მოვიწმინდე და ფანჯრიდან მონაქროლი ნიავისთვის სახის შესაგებებლად თავი ზემოთ ავწიე. -უკეთ ხარ? -ჰო -თავი დავუქნიე -ამაღამ აქ დარჩი, ასეთ მდგომარეობაში ვერსად გაგიშვებ -არა არ ღირს, ჯობია სახლში დავბრუნდე -შევეწინააღმდეგე -ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ მიხვდე რა ჯობია და რა არა -მზრუნველად გამიღიმა -ჯობია ისევ მე დამჯერო -კარგი -ამჯერადაც დავმორჩილდი და თავი ჩავხარე იმ ღამეს ირინას ოთახში, მის გვერდით მეძინა. გვიანობამდე ვლაპარაკობდით და ჩემი და ანდროს ბავშვობის დროინდელ ამბებს ვიხსენდებდით. იმას, თუ როგორ მოვყვებოდი სახლში საკონტროლოზე ცუდი ნიშნის მიღების შემთხვევაში, რათა მშობლებს მისთვის არ ესაყვედურათ, როგორ ვათენდებდით ღამეებს სხვადასხვა ფილმების ყურებაში ტელევიზორთან მოკლათებულები და როგორ ვიტანჯებოდი, როცა ანდროს ფიზიკაში ნიუოტონის კანონებს ვუხსნიდი, ხოლო მის გონებაში სრულიად არაფერი შედიოდა. წარსულის ეს მოგონებები სახეზე ღიმილს მგვრიდა. მენატრებოდა ის დრო და ანდროც მენატრებოდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი, თუ როგორ მაკლდა ეს ადამიანი. პიროვნება, რომელიც მუდამ ჩემს საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა, რომელთანაც ყველაზე გულახდილი ვიყავი და არასდროს არაფერს ვუმალავდი. მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იმ ადამიანებს გავქცეოდი, ვისთანაც წარსულში მქონდა ურთიერთობა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი უწინდელი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა და სურვილი მიპყრობდა ყველაფერი შემეცვალა. კარგად, რომ ვუფიქრდებოდი ვხვდებოდი, რომ გვერდში ახლობელი ადამიანების ყოლის შემთხვევაში ამ ყოველივეს უფრო ადვილად გადავიტანდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რადგან მათ ხელი მე ვკარი და ახლოს მოსვლის საშუალება არ მივეცი. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩემს ცხოვრებას სრულიად შევცვლიდი და რაც მთავარია ლეოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებდი. შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ თავიდან ხელს მკრავდა და ვერ გამიგებდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ადრე თუ გვიან მომხდარს დაივიწყებდა და ჩვენი უერთმანეთობაც დასრულდებოდა. ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც . . . 8 8 8 მეორე დილით, როგორც კი ვისაუზმეთ და სახლი შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ მაშინვე საავადმყოში, ანდროს მოსანახულებლად გავემართეთ. ირინამ ლევანისთვის სუპერმარკეტში ცოტაოდენი საჭმელი იყიდა- იქ მყოფს ვახშმობა სულ არ გაახსენდებოდაო. შემდეგ ქუჩაში მდგარი პირველივე ტაქსი გავაჩერეთ და მისამართის თქმის შემდეგ მანქანა ჩქარი სვლით დაიძრა დანიშნულების ადგილისკენ. მეჩვენებოდა, რომ მიუხედავად სპიდომეტრზე ნაჩვენები მაღალი სიჩქარისა გზა მაინც უსასრულოდ მიიწელებოდა. თავში ათასი ფიქრი მერეოდა. ერთი მხრიდან ანდრო და მისი ამბავი, მეორე მხრიდან კი ლეო. არა ნამდვილად უბედურ ვარსკვლავზე ვიყავი დაბადებული. გზატკეცილს კვლავ სევდიანად გავხედე და წამით თვალები დავხუჭე. მინდოდა ყველაფერი მალე დასრულებულიყო და კვლავ ისეთი ბედნიერი ვყოფილიყავი, როგორც რამოდენიმე დღის წინ. მომწონდა, როცა ეს გრძნობა ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა და არ მინდოდა მას ასე მარტივად შევლეოდი... კლინიკაში დაახლოებით ათ წუთში მივედით. სანამ შიგნით შევიდოდით ირინას ლევანმა დაურეკა და საზეიმოდ აცნობა, რომ ანდრო უკვე გონს მოსულიყო. ამ ამბავმა იმდენად გაგვახარა, რომ მეორე სართულზე თვალის დახამხამებაში ავვარდით და როგორც კი მოსაცდელში მისი პალატიდან გამომავალი ექთანი შევნიშნეთ მაშინვე მისკენ გავემართეთ. მინდოდა მეკითხა როგორ არის მეთქი, მაგრამ ირინამ დამასწრო და პასუხის მოლოდინში ორივე თეთრ ხალათში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგოს მივაშტერდით. -გონს ახლახანს მოვიდა და თავს მშვენივრად გრძნობს. ამწუთას მასთან მამამისია. რიგრიგობით შედით და ეცადეთ არ გადაღალოთ, საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა -ეს, რომ თქვა თავის წიგნაკში, ცისფერი მსხვილი კალმით რაღაც ჩანიშვნები გააკეთა და შემდეგი პალატისკენ გაემართა. "ალბათ შემოვლაზეა" -გავიფიქრე გულში და მოსმენილისგან გახარებულ ირინას მხარზე ხელი მოვხვიე -აი ხომ ხედავ? ყველაფერი კარგად დასრულდა, ვიცოდი, რომ ანდრო არ მიგვატოვებდა -შემდეგი მასთან შენ შედი -ღიმილით მითხრა -ვიცი, რომ შენი ნახვა ყველაზე მეტად გაუხარდება -მაგრამ მერე შენ? -ამაზე ნუ ფიქრობ. ჩემს შვილს ახლა შენ უფრო სჭირდები. იცი როგორ ენატრებოდი მთელი ამ დროის მანძილზე? გამოგიტყდები ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ ამქვეყნად ვეაფერი დაგაშორებდათ, მაგრამ ასე არ მოხდა -თავი სინანულით გადააქნია -როცა წახვედი თითქოს მისი მეორე ნახევარიც თან წაიღე. ის მეგობარი წაართვი ვინც მის ყოველდღიურობას წარმოადგენდა და ვისთანაც ყველაზე გულახდილი იყო. არა არ იფიქრო, რომ რამეში გადანშაულებ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. -ვიცი, რომ ასეა -თავი დავხარე -მაგრამ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება. მომბეზრდა მარტოობა და იმ ხალხისგან გაქცევა ვისაც მართლა ვუყვარვარ და ჩემი ბედი აღელვებს -მერწმუნე ასე ჯობია -მკლავზე ხელი თბილად დამისვა ირინამ და იქვე, მოსაცდელის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა, მე კი დერეფანში წინ და უკან დავიწყე სიარული. ერთი სული მქონდა პალატაში როდის შევიდოდი და იმ "შერლოკ ჰოლმსს" როდის ვნახავდი. ცოტა ვბრაზობდი კიდეც, რომ არ დამიჯერა და მაინც თავისი განაგრძო, მაგრამ ამჟამად მოფიქრებული გეგმა საშუალებას მომცემდა მისი ტვინი ისე მომემართა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და ჩემს ნებას დაჰყოლოდა. ამ ფიქრებში ვიყავი და კვლავ ბოლთას ვცემდი, რომ უეცრად პალატის კარი გაიღო და იქედან გახარებული ლევანი გამოვიდა. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით საქმე მართლაც ძალიან კარგად უნდა ყოფილიყო. -შეიძლება ვნახო? -მაშინვე მასთან მივვარდი და პასუხის მოლოდინში თვალები კარისკენ გავაპარე -რა თქმა უნდა. არ იცის, რომ აქ ხარ და შენი ნახვა ძალიან გაუხარდება მეტი აღარაფერი მითქვამს, ირინას მადლიერი მზერით გავხედე, რომ მასთან შესასვლელად თავისი რიგი დამითმო და სახელური დაბლა ჩამოვწიე. შიგნით, რომ შევედი დავინახე ხელზე წვეთოვანს ისწორებდა და აშკარა იყო ძალიან წვალობდა. ნაბიჯების ხმის გაგონებისსთანავე ჩემკენ გამოიხედა და შეწუხებული სახე მოულოდნელად იდუმალმა ღიმილმა შეუცვალა. -შენზე გაბრაზებული ვარ -როგორც კი მივუახლოვდი მაშინვე პირში მივახალე და გულხელდაკრეფილი მივაშტერდი -გამარჯობა, მეც მიხარია შენი დანახვა -ირონიულად გამომხედა -რა სულელი ხარ -თავი გადავაქნიე -შენი დანახვა მეც მიხარია, მაგრამ არა აქ და არა ამ მდგომარეობაში -ანუ აქ შენი ფეხით მოხვედი? სიმართლე გითხრა გამაკვირვე -მოვედი, რომ შენი სიჯიუტისთვის ერთი კარგად შეგალამაზო -დავებღვირე -შელამაზება არც ახლა მაკლია -გაეცინა -ასე, რომ შეგიძლია თავი არ შეიწუხო -როცა აქ მოხვდი მორიგე ექიმმა შენი მობილურის კონტაქტებში ამომძებნა და ჩემთან დარეკა. ნომერი საიდან იცოდი? -ეს გრძელი ამბავია. დარეკვასაც ვაპირებდი, მაგრამ მართლა აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა -გახსოვს ვინ გესროლა? დარწმუნებული ვარ ეს ელენეს ამბის გამო მოხდა -კვლავ განვაგრძობდი მის დაკითხვას -არა არ მახსოვს -ნირი წაუხდა. ალბათ არ ესიამოვნა საუბარი, რომ ამ კუთხით წარიმართა -კარგი ამას თავი დავანებოთ. შენთვის კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი -მაინც რა? -ინტერესით მომაჩერდა -ის ტიპი მემუქრება. არ ვიცი საიდან, მაგრამ გაიგო, რომ გადარჩი და ბოლო რამდენიმე დღეა მირეკავს. ამბობს, რომ თუ ამ საქმეში ქექვას არ შეწყვეტ მაშინ ჩემთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება. ანდრო მეშინია მისი -საწყლად გავხედე და მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრის გონებაში სერიოზული ძვრები მოხდა ძველ გეგმებთან დაკავშირებით -მოიცა რა თქვი? -ფეხზე წამოწევა სცადა და რომ არაფერი გამოუვიდა ლოგინზე მუშტი გაბრაზებულმა დასცხო -ის რა ახლა შენც გადმოგწვდა? მაგრამ შენ რა შუაში ხარ? -თანდათან ხმას უწევდა, ამიტომ იძულებული გავხვდი მისთვის პირზე ხელი ამეფარებინა -მოკეტე ანდრო და კარგად მომისმინე -ვცდილობდი მკაცრი და შეუვალი სახე მქონოდა, თან მის პირზე აფარებული ხელი კვლავაც არ ჩამომეღო ძირს -აღარ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს, თან ამას ისიც დაუმატე, რომ ის ვიღაც ახლა ჩემს საიქიოში გასტუმრებასაც გეგმავს, თუ იმას არ გააკეთებ რასაც ითხოვს -მზერით გავბურღე -ეს ერთადერთი მიზეზი არაა ანდრო. არ მინდა, რომ დაგკარგო, არ მინდა ჩემი ბავშვობის მეგობარი საზიზღარ ვიწრო კუბოში წარმოვიდგინო, საიდნაც ამოსვლას ვერასოდეს შეძლებს. ეს ბოლოს მომიღებს გაიგე? -უკვე ცრემლები მომდიოდა -კარგი კარგი ოღონდ ძალიან გთხოვ ნუ ტირი -მის თვალებში უკვე იმდენი სევდა და ტკივილი იკითხებოდა, რომ ძალიან შემეცოდა, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ვცდილობდი მკაცრი და შეუვალი სახე მქონოდა. ვგრძნობდი, რომ ანდროს სიჯიუტე საგრძნობლას შევარყიე და არამარტო შევარყიე, საბოლოოდ ამოვძირკვე კიდეც. -მენატრებოდი -ამოვთქვი ბოლოს და ისე მოვიხვიე, რომ ჭრილობაზე არ შევხებოდი -მეც მენატრებოდი თოჯინა -ჩემთვის შერქმეული ამ ზედმეტსახელის ხსენებამ სახეზე ღიმილი მომგვარა და მოულოდნელად ბავშვობის მოგონებებში გადამაგდო. იმ მოგონებებში, სადაც მე და ანდრო განუყრელ მეგობრებად ვითვლებოდით და ერთმანეთთან ყველაზე პირადულ და სიღრმისეულ თემებზე შეგვეძლო საუბარი. იმწუთას, სწორედ საავადმყოფოს ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც კარზე ნუმერაციის აღმნიშველ ციფრად ჩვიდმეტი ჰქონდა მიკრული, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, თუ როგორ მაკლდა ეს ადამიანი მთელი ამ დროის მანძილზე და ხელზე ხელი მაგრად ჩავჭიდე. ეს ჩვენებურად ურთიერთობის გაგრძელებას ნიშნავდა. იმ ურთიერთობის, რომელიც ერთი ხელის მოსმით დავანგრიე, მაგრამ როგორც ჩანს ეს სამუდამო არ აღმოჩნდა. ასეც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებად ვითვლებოდით? საავადმყოფოდან დაახლოებით ორი საათისთვის წამოვედი. ცოტა ხნით სახლში შევლა და წყლის გადავლება მინდოდა, თანაც საშინლად მშიოდა და თავში მხოლოდ გემრიელი კერძები მიტრიალებდა. გაჩერებაზე უამრავი ტაქსი ჩამწრივებულიყო, მზე საშინლად აჭერდა და მომეჩვენა რომ ასფალტს ორთქლიც კი ასდიოდა. იმ თითქმის უსასრულო რიგიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე, შიგნით ჩავჯექი და საქარე მინა დაბლა ჩამოვწიე, რათა სიცხეს არ შევეწუხებინე. მანქანა სწრაფი სვლით დაიძრა და ფანჯარაში შემოჭრილმა ქარის უხვმა ნაკადმა თმები ამიფრიალა. უეცრად ახვლედიანი გამახსენდა. საშინლად მომინდა მისი ხმის გაგონება და მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი არ მქონდა მიპასუხებდა მისი ნომერი მაინც ავკრიბე. პასუხად სტანდარტული "მობილური ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურეობის ზონიდან" შემომეგება და ამაზე ნერვებმოშლილმა მობილური კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე. არა ბაბი, მოგიწევს ცოტა ხნით მოითმინო, აცალო დამშვიდდეს, ყველაფერი გადახარშოს და მერე დაელაპარაკო. გასაკვირი ის იქნებოდა მომხდარი ასე მალე რომ ეპატიებინა. ახლა სიმშვიდე გმართებს, სხვაგვარად არაფერი გამოვა -ჩამძახოდა ჩემი შინაგანი ხმა და მას მეც ასი პროცენტით ვეთანხმებოდი. ამ ფიქრებში დრო ისე შეუმჩნევლად გავიდა, ვერც კი გავიგე როგორ გაჩერდა მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ. მხოლოდ მაშინ მოვფხიზლდი, როცა ჩემს პირდაპირ მდგარი მანქანიდან მოჩხუბარი ცოლ-ქმარი გადმოვიდა, მძღოლს ფული სასწრაფოდ გადავუხადე და კიბეებს სირბილით ავუყევი, რადგან ლიფტში ჩასაგდებად ხურდა ფული არ აღმომაჩნდა. სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელები იქვე, გასასვლელში მივყარე, ტანზე გავიხადე, შორტებსა და უმკლავო მაისურში გამოვეწყვე, შემდეგ კი წასახემსებლად სამზარეულოში შევვარდი. ბევრი არაფერი აღმომაჩნდა, პროდუქტების საყიდლად მარკეტში ჩასვლა ყოველთვის მეზარებოდა და მუდმივად სანდროს ვაგზავნიდი ხოლმე, მაგრამ ახლა იგი აქ აღარ იყო და მომიწევდა ეს ყოველდღიური პრობლემა თავად მომეგვარებინა. ჩემდა საბედნიეროდ რაღაც მაინც მოიძებნა ისეთი, რაც ამ შიმშილის გრძნობას დამიკმაყოფილებდა და მეც ამით გახარებული მადიანად შევუდექი სადილს. უკვე რამდენიმე ლუკმაღა მქონდა დარჩენილი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა და ანაზდად სკამზე შევხტი. თვითონაც ვერ მივხვდი ასე რამ შემაშინა, მაგრამ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, თეფში მაშინვე კედელზე მიმაგრებულ კარადაში შევმალე, სარკეში ჩავიხედე, რათა დავრწმუნებულიყავი ყველაფერი წესრიგში მქონდა თუ არა, შემდეგ კი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი სტუმრის სახლში შემოსაშვებად გავემართე. სანამ ჰოლიდან გრძელი კორიდორისკენ მივაბიჯებდი, რომელიც სახლიდან გასასველისკენ მიდიოდა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი -თუ ვინ უნდა ყოფილიყო კარის მეორე მხარეს? როგორც კი დანიშნულების ადგილას მივედი და საკეტი გადავატრიალე ჩემმა გულმა ლამის ფეთქვა შეწყვიტა. ზღურბლთან ლეო იდგა და ამღვრეული თვალებით მიყურებდა . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.