გმირის აჩრდილი (ნაწილი 3)
ნუგოსგან ისევ არაფერი ისმოდა, არც ჩემს ზარებს პასუხობდა ვინმე და არც თავად დამკავშირებია, მე კი მისთვის კარგი ამბავი უნდა მეცნობებინა, სასამართლო დავის დაწყების და შესაბამისად, კუთვნილი დაფინანსების მიღების საფუძველი გვქონდა. გადავწყვიტე კიდევ ერთი დღე მომეცადა, შემდეგ კი იმ მისამართზე მომეძებნა, რომელიც პირველ შეხვედრაზე დატოვა. ვშიშობდი, რომ რაღაც შეემთხვა და ყოველი შემთხვევისთვის მისი მისამართი მოვიძიე; ‘ვარდისუბნის #13’ კითხულობდნენ ჩემი თვალები. გადაწყვეტილება მივიღე, რაღაც უნდა გამეკეთებინა, მეც ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ სწრაფად წავედი, ვგრძნობდი როგორ მაცილებდა მეგობრის კმაყოფილი მზერა. ადგილი საერთოდ არ აღმოჩნდა ადვილი საპოვნელი, თუმცა საბოლოოდ მაინც მივაგენი. აგურის ორსართულიანი სახლი იყო, მაგრამ მაინც საოცრად პატარა ჩანდა, წარმოუდგენლად ჩანდა თითო სართულზე ორ-სამ ოთახზე მეტი დატეულიყო. ძველ ნაშენებ სახლს ეტყობოდა, რომ გასული საუკუნის შემდეგ აღარავის უცდია მისი შელამაზება: პაწაწინა ეზო გახუნებულიყო, კედლებს სიძველისგან ფერი შეეცვალათ, ღობე დაჟანგებოდა; მიტოვებულ, დაბღვერილ ქვრივს გავდა, საკუთარ თავში დაკარგული ყველას რომ თავიდან იშორებს და უსაშველო მარტოობას უმეგობრდება. ეზოს დაჟანგებული კარგი გავაღე და სახლს შემოვუარე, ირგვლივ არავინ ჩანდა, ამიტომ თამამად შევამოწმე ყველა კარი და ფანჯარა, ყველგან შევიხედე, სადაც შემეძლო და უკვე მზად ვიყავი იმ აზრს დავნებებოდი, რომ სახლი ცარიელი იყო, როცა ზურგს უკან გამყინავი ხმა მომესმა: - შემიძლია დაგეხმაროთ? - თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, შევკრთი და მისკენ შევბრუნდი. გული ისე გამალებით მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ხმა ჩემ წინ მდგარ ბიჭსაც ესმოდა. - დიახ, გამარჯობა. - წრაფად მოვედი გონს. - გიორგი, არა? - შემიძლია დაგეხმაროთ? - რა თქმა უნდა, ჩემს კლიენტს ვეძებ, წესით აქ უნდა ცხოვრობდეს, ნუგო ლომთაძე. - კლიენტს? - დიახ, მე ადვოკატი ვარ. - ხელი გავუწოდე. მომიახლოვდა და ისეთი ინტერესით დამათვალიერა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მერე დინჯად ჩამომართვა ხელი და ჩვეული ტონით განაგრძო: - სახლი, რომელსაც ასე გულმოდგინედ სწავლობთ, ჩემია ადვოკატო მარიამ. - მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით. - ეჭვი რომ არ აეღო, ჩემი საქციელის ახსნა ვცადე. - ჩემი კლიენტი შეხვედრაზე არ მოვიდა, ტელეფონის ნომერზე კი, რომელიც დატოვა, არავინ პასუხობს... მოკლედ, მის პოვნას ვცდილობ. - და ამას როგორ აპირებდით? - უკაცრავად, - დავიბენი და ყველა დალაგებული წინადადება ერთბაშად შემომემსხვრა ბაგეზე. - ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. - არ დაგიკაკუნებიათ, თუმცა ყველა ფანჯარაში შეიხედეთ. - იჭვნეულად, თუმცა ზრდილობიანად გამიღიმა მან. - დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მისამართი იყო... ბოდიშს ვიხდი, სანამ დავაკაკუნებდი, მინდოდა გამეგო, წინ რა მელოდა. - ჯობია მისამართი გადაამოწმოთ ხოლმე, ქალბატონო ადვოკატო. - მის ტონში ურცხვი თავხედობა იგრძნობოდა. - უკაცრავად, ჩემი ბრალია... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ მყუდროება დაგირღვიეთ. - რთული საქმეები გიზიდავთ? - თემა ისე შეცვალა, თითქოს ჩემი ბოდიში არც მოუსმენია. - რატომ მეკითხებით? - ჩვენთან იშვიათია იურისტი, რომელიც გამომძიებლის საქმეს ითავსებს. - მივხვდი, რომ ინტერესი გავუღვივე და საკუთარი თავისთვის ზედმეტი პრობლემები რომ არ შემექმნა, ვცადე ჩემი ისტორია უფრო დამაჯერებელი გამეხადა. - არჩევის ფუფუნება არ მაქვს, წაგება კი ნამდვილად არ მიყვარს. - სეირნობა გიყვართ? - უკაცრავად?! - ხშირად იყენებთ ამ სიტყვას, დაბნეულობის ნიშანია თუ ჩვევა? - ვფიქრობ, ჩვევა. - მივხვდი, რომ დაკითხვაზე ვიყავი, რომელიც მალე გამომააშკარავებდა და სწრაფად დავემშვიდობე. - ნუგო ლომთაძე? ყოფილი ჯარისკაცი? - მომაძახა მან. - ჰო, ფეხის ტრამვა აქვს. - შემოვბრუნდი მე. გაოცებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ გიორგი მას იცნობდა, მაგრამ ცოტა მომეშვა კიდეც, ახლა ნამდვილად დაიჯერებდა, რომ აქ მის დასაზვერად არ მოვსულვარ. - ნუგო ზედა ქუჩაზე ცხოვრობს, - ქუჩა ხელით მაჩვენა. - რვა ნომერში და არა ცამეტში. „ამ ბიჭის დარწმუნება საერთოდ არ არის მარტივი“-თქო გავიფიქრე და თავაზიანად გავუღიმე: - დიდი მადლობა. - ისეთი რა სჭირს, რომ ადვოკატი დასჭირდა? - მაპატიეთ, უცხოებთან ჩემს კლიენტებზე არ ვსაუბრობ. - ყველანაირად ვეცადე არ მეუხეშა. - იქნებ თავად ჰკითხოთ?! - ჰმ, რა თქმა უნდა, - ჩაიცინა მან. - თუმცა რთულია ჩვენ „უცხოები“ დაგვერქვას. - უკაცრავად? - აშკარად შეყვარებული ხართ ამ სიტყვაზე. - თქვენ კი ის აშკარად გაღიზიანებთ. - წარმატებული დღე, ადვოკატო! - ისევ გამიღიმა და სახლში შევიდა. „თავხედი“, ვბრაზობდი მე, „ის რა, არავის გაუზრდია?“ უკან მობრუნება ცუდი აზრი იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მოსაუბრე სახლიდან მითვალთვალებდა, თან ნუგოს ნახვა ნამდვილად მინდოდა, ამიტომ ქუჩას ავუყევი ზემოთ ნახსენები რვა ნომერი სახლის მოსაძებნად. ფაქტი იყო, რომ თვალთვალის ობიექტთან მოულოდნელმა გასაუბრებამ საკმაოდ შემაშინა და საგონებელშიც კი ჩამაგდო, მისი უცნაური ტონი ისევ მოუსვენრად ჩურჩულებდა ჩემს ყურებში, უაზროდ მივაბიჯებდი და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. ქუჩა ქოშინით ავიარე, არა იმდენად დაღლილობის გამო, რამდენადაც ნერვიულობის და რვა ნომერ სახლს მივადექი. სინამდვილე იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი: სახლს ორსართულიანი ნაკლებად ეთქმოდა, საცოდავ ნახევარსარდაფზე ხის ქოხი იყო დაშენებული, ცელოფნებით ამოქოლილი რამდენიმე ფანჯარა და გაცვეთილი, ლამის ჩამოვარდნამდე მისული ხის კარები ხედს უფრო საცოდავს ხდიდა. რამდენიმესაფეხურიანი დაჟანგული კიბე ავიარე და კარებზე დავაკაკუნე. - ვინ ხართ? - გამომხედა ათიოდე წლის ბიჭუნამ და ოდნავშეღებულ კარებს ისე ამოეფარა, როგორც ჯარისკაცი ეფარება სანგარს. - გამარჯობა, მე მარიამი ვარ. უფროსები სახლში არიან? - არა. - ისე გამომეპასუხა, საფარიდან არ გამოსულა. - როდის დაბრუნდებიან? - არ ვიცი. - გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა. ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლება ამ ასაკის ბავშვი სახლში მარტო დატოვო და არ უთხრა, როდის დაბრუნდები. - იცი სად არიან? - არა. - შენი დები სად არიან? - აქ. - ბიჭუნას აშკარად არ სიამოვნებდა ჩემთან საუბარი. - კარგი, შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო? მამას გადაეცი, რომ მისი ადვოკატი იყო მოსული. უთხარი, რომ შემეხმიანოს. - კარგი. - თქვა ბიჭმა და სწრაფად მიხურა კარები. - არ არიანო, არა? - შევხტი, მოულოდნელმა ხმამ ჩემს ზურგს უკან შემაშინა. - კარგად ხართ ადვოკატო? - შენ რა, გამომყევი? - ჩემს წინ გიორგი იდგა. - ჰო. - ურცხვად მიპასუხა და ისე შემომხედა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ გამოვლანძღავდი. არც ცდებოდა, ეს ძალიან მინდოდა, მაგრამ დროულად გამახსენდა, რომ ლედი უნდა ვყოფილიყავი. - ჰმ, უცნაურია? - ის რომ უკან დამყვებით, ბატონო გიორგი? - გაეცინა, მაგრამ ჩემი დაბნეული და გაბრაზებული სახის დანახვაზე სიცილის მიზეზის ახსნა სცადა. - არ გეწყინოთ, უბრალოდ ასე პირველად მომმართეს. რაც შეეხება თვალთვალს, ვფიქრობ გავბათილდით. - სასიამოვნო დღეს გისურვებთ. - ჩემმა წარმოთქმულმა ფრაზამ ისე უცნაურად გაიჟღერა, მომინდა დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა. მოვტრიალდი და უცხო ქუჩას სწრაფი ნაბიჯით ჩავუყევი. სამუშაო საათები ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ პირდაპირ სახლში წავედი. ეს რამდენიმე წუთი ემოციურად იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფეხებს ძლივს მივათრევდი და მე თვითონ არ მესმოდა, რა მოხდა ასეთი: ერთ თავხედ ბიჭს შევხვდი, რომელმაც მისი სახლის დათვალიერებისთვის სამაგიერო უკან გამოყოლით გადამიხადა და კიდევ ჩემი კლიენტის შვილს, რომელმაც არ მითხრა სად იყვნენ მისი მშობლები, ამაზე რთული დღეებიც მქონია, მაგრამ მე ახლა ვცახცახებდი მთელი სხეულით, ახლა მეწვოდა რაღაც შიგნიდან და არა იმ დღეებში. სახლში მივედი, ცივი შხაპი მივიღე და საწოლზე ჩამოვჯექი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს მდგომარეობა გადატანილი სტრესის კი არა, იმ მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერების შედეგი იყო, თუ რა მოხდებოდა იმ ბიჭს ტყუილში რომ გამოვეჭირე; ალტერ ეგო არ მეთანხმებოდა და თავგამოდებით ცდილობდა ჩემთვის რაღაც აეხსნა, მაგრამ არ მაინტერესებდა, მე ასე მსურდა მეფიქრა. - მარიამ, მარიამ. - გავიზმორე და თვალები ზანტად გავახილე. - რა მოხდა თაკო? - ტელეფონს არ პასუხობდი, არც უკან დაბრუნდი. შემეშინდა! - რეკავდი? რავი, ჩამძინებია. - ტელეფონი ავიღე და შეტყობინებები შევამოწმე. - როგორც ჩანს, ერთადერთი არ იყავი. - შენი ძვირფასი საქრო? - დაიმანჭა თაკო. - საიდან მიხვდი? - სერიოზულად გამიკვირდა. - სახეზე გაწერია მარიამ, უკვე ვცნობ მაგ გამომეტყველებას. - ჰო? და როგორია ის? - ვინმემ მიხსენითო გაჰკივის, მაგრამ არავინ უსმენს. - კამათის ხასიათზე არ ვიყავი, მითუმეტეს არც მორალის კითხვა მაინტერესებდა, ამიტომ თაკოს რეპლიკა უსიტყვოდ გავატარე, რითაც მეგობარი საგრძნობლად გავაკვირვე. - შეხვედრა უნდა. - მერე? - კისერი გაწელა და ისეთი საცოდავი სახე მიიღო, იფიქრებდით მისთვის გილიოტინა გაუმზადებიათ და ბოლო სიტყვას სთხოვენო. - არა, დღეს არა! - მტკიცედ ვთქვი მე. - დღეს არანაირი ალეკო! - ეს უნდა აღვნიშნოთ! - გაოცებას ვერ მალავდა თაკო. - ვინ იცის გოგონი, იქნებ იღვიძებ. რაო, პრინცმა ამბორი გიძღვნა და ზამთრის ძილისგან მოგაბრუნა? - ზამთრის ძილი არ იყო ეგ თაკო. - ვის რაში ადარდებს რა ძილი იყო, მთავარია გაიღვიძო! მიდი, მოყევი რა მოხდა. - არაფერი. - მტკიცედ ვთქვი მე. - რა? ხუმრობ? მოყევი! - არაფერი მომხდარა თაკო, არ მინახავს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი! - არ გინდა იმაზე ლაპარაკი, რომ არ გინახავს? საკუთარი სიტყვები გყიდის ადვოკატო! - ვიცი. - ვთქვი მე და გულწრფელად გამეცინა. - კარგი, ნუ მომიყვები. ჯერჯერობით! - ჯერჯერობით, კარგი. - მომწონხარ მარიამ, ახლა ძველებურად მომწონხარ. - თქვა მან და ისე ძლიერად მომეხვია, სუნთქვა შემეკრა. - გირეკავენ. - ვიყვირე მე და აბზრიალებული ტელეფონი მივაწოდე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომეშორებინა თავიდან. - ღმერთო, ეს იაკოა. - თვალები გაუბრწყინდა თაკოს და ოთახიდან გავარდა. უკან გაყოლა მინდოდა, მაგრამ დათქმულივით ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა, ისევ ალეკო რეკავდა. - გისმენ ალეკო. - სად იყავი? გირეკავდი. - შეშფოთებული ხმა ჰქონდა. - ჰო, ვიცი, ვნახე შეტყობინებები. - მერე? დარეკვას არ აპირებდი? - მისმა მოთხოვნამ გამაბრაზა. - ვაპირებდი ალეკო, რა თქმა უნდა ვაპირებდი. როგორ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინე?! - რა ცინიზმია მარიამ, კარგად ხარ? - რა გინდა ალეკო? - სწრაფად მოვუჭერი სიტყვა, რომ საუბარი დიდხანს არ გაგვგრძელებოდა. - თავი იდიოტი მგონია მარიამ, მართლა გინდა ჩემი ცოლობა? - დავიბენი და ხმა არ გამიცია. - ზოგჯერ მგონია, რომ ვერ მიტან. - ასე არ არის, მე იმას ვერ ვიტან, რომ ჩემი კონტროლი გინდა! - კონტროლია, მაინტერესებდეს ჩემი საცოლე სად და როგორაა? - შენი ქცევაა ასეთი ალეკო. სამსახური მაქვს, მეგობრები, ყოველთვის შენთან ვერ ვისაუბრებ ტელეფონით. ამას უნდა ხვდებოდე, არა? - სამსახურში არ იყავი. - შენ რა, სამსახურშიც დარეკე? - ახლა კი თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. - არ გაბრაზდე მარიამ, მინდოდა გამეგო... - ტელეფონი გავთშე, კიდევ რამდენიმე სიტყვაც რომ მომესმინა, ვეღარ მოვითმენდი და საშინელი სიტყვებით გამოვლანძღავდი. - იდიოტი. - მომესმა ზურგს უკან. - არ ვიცი თაკო, რაც დრო გადის სულ უფრო მიშლის ნერვებს. - საბოლოოდ ვაღიარე რასაც ვგრძნობდი. - ნიშნობის შემდეგ კი სულ გაგიჟდა, დღეში ხუთჯერ რეკავს. უკვე მისი ხმაც კი თმას ყალყზე მიყენებს. - და გიორგი? კარგი რა, გამოტყდი, ხომ ნახე დღეს? - ჰო, ვნახე. - ვთქვი მე და სასწრაფოდ შევცვალე თემა. - ვინ რეკავდა? - იაკო. - ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უნდა მცოდნოდა, ვინ იყო. - ვინაა რო? - თაკოს სახეზე იმედგაცრუება დაეტყო. - მარიამ, კარგი რა, მართლა? გიორგის მეგობარი, გახსოვს სახლამდე რო გამოგვაცილა? - იაკო? - გამეცინა. - მოიცა, ასე ეძახიან? - მე ვეძახი ასე - ცხვირი აიბზუა თაკომ. - და არ დამიწყო ახლა! - კარგი, რაო? რა უნდოდა? - საღამოს ბიჭები ბარში მიდიან, დამპატიჟა. - თქვენ რა, უკვე ერთად ხართ თუ როგორ? - გავიკვირვე მე. - ჰო. ნეტა იცოდე რა საყვარელია მარიამ. - რა? რამდენი ხანია, რაც იცნობ საერთოდ? ერთი კვირა? - თითქმის. - გამომწვევად გამიღიმა თაკომ და ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან, მერე ისევ შემოყო თავი კარებში და დაამატა: - გიუნაც იქ იქნება! დიდი ხანი ვფიქრობდი გავყოლოდი თუ არა თაკოს, მაგრამ გიორგის კიდევ ერთხელ ნახვის ცდუნება დიდი იყო და საბოლოოდ წასვლა გადავწყვიტე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მომწონდა ამ ბიჭში ასე ძალიან, ამიტომ მისი ნახვა ისევ მინდოდა, რათა საბოლოოდ გამერკვია, ვინ იყო სინამდვილეში. დახვეწილი იყო, თამამად საუბრობდა, ქუჩაში გაზრდილ ტიპებს არ გავდა თავში რომ არაფერი აქვთ, მისი სითავხედედ ქცეული თავდაჯერება ერთდოულად მომხიბვლელიც იყო და გამაღიზიანებელიც და რაც ყველაზე მთავარია, რაღაც ძალა წარმოუდგენლად მიზიდავდა მისკენ. - უკვე ჩაიცვი? - შემომძახა თაკომ. - მზად ვარ! - ისე სწრაფად გავეცი პასუხი, თითქოს წამიც რომ დამეგვიანა, წასვლის შანსს დავკარგავდი. - შემართება მომწონს! - გადაიკისკისა მან. - ნუ გადამაფიქრებინებ იცოდე! მოუთმენლობისგან ვცმუკავდით. ისიც კი არ ვიცოდით სად მივდიოდით, თაკოს ახალ მეგობარს უნდა გამოევლო და წავეყვანეთ. მის ლოდინში რამდენიმე კაბა გამოვიცვალე, სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი მოვირგე, ბოლოს კი ტყავის ქურთუკითა და ჯინსებით გამოვცხადდი თაკოს სამსჯავროზე. თავიდან ოდნავ შეკრთა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიხდებოდა და მეც მშვიდად ჩავეშვი სავარძელში. რამდენიმე წუთში კარებზე ზარი დარეკეს, თაკომ ბიჭი შემოიპატიჟა, მაგრამ უარი მიიღო და მე გამომძახა, წავედითო. იაკობი თავაზიანად მომესალმა და მანქანისკენ გაგვიძღვა. - აბა, სად მივდივართ? - იკითხა თაკომ. - იცოდე, ორივე ადვოკატები ვართ, ჩვენი უფლებები ვიცით. - ნებით მოდიხართ ქალბატონებო და თუ ასე არაა, ახლავე ვაჩერებ მანქანას. - გაიცინა ბიჭმა და თითქოს გაჩერებას მართლა აპირებსო, სვლა შესამჩნევად შეანელა. - კარგი რა, ასე რთულია თქვა? - არა, რთული არაა, მაგრამ მაინც არ გეცოდინებათ. კლუბს ვეძახით, უბნის ბარია. თითქმის სახლივითაა, ხომ გესმით?! - აჰა, რომ არ მომეწონოს? - გამომცდელად გადახედა თაკომ. - მაშინ იქ წაგიყვან, სადაც შენ მოგწონს. - მალე მივალთ? - მოუთმენლობა ვერ დავმალე მე. - ათ წუთში. - ბიჭი ჯენლტმენობას ინარჩუნებდა და ჩვენს დაკითხვას ღიმილით უმკლავდებოდა. იაკობი არ იტყუებოდა. ზუსტად ათ წუთში პატარა დაწესებულებასთან ვიყავით, რომელსაც კარებზე ციმციმა ასოებით ეწერა: „Club“. მასპინძელმა კარები გააღო და შიგნით შეგვიპატიჟა: ერთი დიდი ოთახი იყო, ყველგან მაგიდები იდგა, ერთ კუთხეში კი მთელი კედლის სიგრძეზე ბარი იყო გაკეთებული; საკმაოდ უბრალო, თუმცა მიმზიდველმა გარემომ მაშინვე მოგვხიბლა. ოთახი გადავსებული იყო, მხოლოდ რამდენიმე მაგიდაღა შემორჩენოდათ ცარიელი, ბართან კი ისეთი ჭ....ტა იყო, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. - ჰეი, ბიჭებო, ჩვენც მოვედით. - ხელი დაუქნია მეგობრებს იაკობმა. - იო, სად დაიკარგე ძმა? მოდით! - თქვა და გვერდით მჯდარ ბიჭებს რაღაც უთხრა, ისინიც უსიტყვოდ ადგნენ და იქაურობას გაეცალნენ. - ესეც თქვენი ადგილები. - მაგრამ აქ ხომ ისინი იჯდნენ? - მისმა საქციელმა ოდნავ დამაბნია და უკმაყოფილება გამოვთქვი. - ეგ არაფერი, გადაიტანენ. - გამეპასუხა უცნობი. კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ თაკომ მიჩურჩულა, ‘მორალისტი ნუ გამოხვალ, არ გაპატიებ’ო და მეც გავჩუმდი. - ეს დიდი კაცი ირაკლია, თოკო, დათო და პაკო, ამ ვაჟბატონს კი თუ შემოტრიალებას იკადრებს, მიხვდებით, რომ უკვე იცნობთ. - გაგვაცნო მეგობრები იაკობმა. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი კლუბში. - ალმაცერად გამოგვხედა გიორგიმ და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა. - მამო, რა ჯანდაბა გჭირს? - იწყინა იაკობმა. - არაფერი. მშვენივრად ვარ. - მართლა ბიჭო, ისეთი სახე გაქვს, გეგონება მოჩვენება დაინახაო. - გაეცინა პაკოს. - ალბათ იმიტომ, რომ სტუმრებს არ ველოდი. - ეტყობა დღეს მარცხენა ფეხზე ადგა. დაიკიდეთ. - დაგვამშვიდა თორნიკემ. პაკომ გიორგის რაღაც უჩურჩულა, მან კი საპასუხოდ ხელი აიქნია. ვმარჩიელობდი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამის გამოცნობა არც ისე მარტივი იყო. - რას დალევთ გოგონებო? - იკითხა დათომ. - სიამოვნებით დავლევ ლუდს. - თქვა სწრაფად თაკომ და მე გადმომხედა. - და რა გაქვთ? - თითქოს დიდი ინტერესით ვიკითხე. - შამპანიურს ან ვისკის აქ ვერ იპოვნით ადვოკატო. - სიტყვა მომაგება გიორგიმ. - დიდებულია, ორი სახელი გცოდნია. - არ დავაყოვნე მეც. - სამაგიეროდ ტეკილა გვაქვს! - დაძაბული მომენტის განმუხტვა სცადა იაკობმა. - გაგისინჯავს? - კი, გამისინჯავს და ახლაც სიამოვნებით დავლევ. - პირი არ დაგწვას პრინცესა! - ისევ გამკრა კბილი გიორგიმ. საშინლად გავბრაზდი და თუ აქამდე იმ მიზეზს ვეძებდი, რაც ამ ადგილიდან დამიხსნიდა, ახლა ჯიბირით ყველა აზრს ვეჭიდებოდი, რომელიც აქ დარჩენას მიკარნახებდა. - აბა გოგონებო, რას საქმიანობთ? - იკითხა ირაკლიმ, რომელიც მტელი ეს დრო ჩუმად იჯდა და შორიდან გვაკვირდებოდა. - იურისტები ვართ. - სწრაფად აჰყვა საუბარში თაკო, რომ დაძაბული ატმოსფერო როგორმე შეენიღბა. - ადამიანებს ვეხმარებით კანონთან გამკლავებაში. - საჭირო საქმეა! კლიენტები ვინ არიან ძირითადად? - ისინი, ვინც გვაკითხავს. - დამნაშავეებიც? - კრიმინალებზე კარგი ალღო გვაქვს! - თავდაჯერებულად განაცხადა თაკომ, მოსაუბრემ თავი დაუქნია, ბიჭებს გაეცინათ. - რა ვთქვი სასაცილო? - გაიკვირვა თაკომ. - არაფერი, ესენი სულ ასე არიან. - ჩაერია საუბარში იაკობი. - მოდი, დავლიოთ! თქვენი გაცნობის იყოს გოგონებო! ჭიქები ავწიეთ და მოურიდებლად გადავკარით. არაფერი მადარდებდა, გარდა იმისა, როგორ გამემწარებინა გიორგისთვის საღამო, რადგან თვითონაც იგივე გამიკეთა, შურისძიება მწყუროდა და ამისთვის ძალას ალკოჰოლში ვეძებდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ვერც კი მივხვდით, როგორ გამოვთვერით. გიორგის ზედაც არ ვუყურებდი, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მადევნებდა თვალს შორიდან, ზურგს უკან მისი მზერის დაფიქსირება გულს მიჩქარებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი და შეუპოვრად ვაგრძელებდი მის დაიგნორებას. უცებ უცხოური ქანთრი კლასიკურმა მუსიკამ შეცვალა და ეს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ადგილი მუსიკის მშვიდმა ჰანგებმა აავსო. - ცეკვა მინდა. - ვუთხარი თაკოს და ხელი ჩავკიდე. - რა? აქ? - მიუხედავად სიმთვრალისა, ჩემზე უკეთ აზროვნებდა. - ჰო! შენ ხომ გიყვარს ცეკვა? ჰოდა, ვიცეკვოთ. მე მინდა! - მარიამ, მთვრალი ხარ. - მზრუნველი თონით მითხრა თაკომ და ბარისკენ მიმაჩოჩა. - კარგი, ნუ იცეკვებ. - ვთქვი მე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. - ვის უნდა ცეკვა? - ცეკვა გინდა?- მეზობელი მაგიდიდან შავგრემანი ბიჭი წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. - მე გაცეკვებ, ლამაზო! - ჯანდაბა! - ზურგს უკან გიორგის ბრაზიანი ხმა მომესმა. - კარგი, კარგი, ქალბატონმა ზედმეტი დალია, - პაკო წამებში ჩვენს შორის აღმოჩნდა. - დროა სახლში წავიდეს. - არ მინდა სახლში! - ვთქვი მტკიცედ. - ქალბატონს არ უნდა სახლი. - გაიმეორა მოხალისემ. - ედიკა, გააჯვი აქედან! - წამოდგა გიორგი. - ჩვენი დიდი კაციც წამოდგა. - ზიზღნარევი ირონია ვერ დაიტია ედიკამ. - თუ ასეთი მაგარი ტიპი ხარ, შენი ქალი სხვას არ უნდა ეძებდეს. - მისი ქალი არ ვარ! - თავი შეურაცხყოფილად მოვაჩვენე. - გინდა ჩემი იყო? - უცნაურად წარმოთქვა და ენით ტუჩები გაილოკა. გიორგიმ ედიკას ზურგი შეაქცია, მერე ძლიერად ჩაბღუჯა ჩემი იდაყვი და გვერდზე გამწია: - სახლში მიმყავხარ! - მითხრა მბრძანებლური ტონით. - ზურგს ნუ მაქცევ. - ისევ ალაპარაკდა მოხალისე. - გითხარი, დაიკარგე თქო! - სეუღრინა გიორგიმ. - დღეს ეს ძუკნა ჩემია! - არ ცხრებოდა ის. თუ გიორგი აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ახლა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი, მისკენ შეტრიალდა, თავხედ ბიჭს ხელი კრა და იქვე მდგარ მაგიდებს მიანარცხა, წაქცეულს რამდენიმე მათგანი თავზე ჩამოემხო, გადმოღვრილმა საჭმელ-სასმელმა ტანსაცმელზე ფერადი ლაქები დაუტოვა. გიორგი მიუახლოვდა, ხელით კარისკენ ანიშნა და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად უთხრა: - სახლში წადი ედიკა! გაცხარებული და ღირსებაშელახული მოხალისე მეგობრებმა გაიყვანეს, მე კი დარცხვენილი ვიდექი იმ აურზაურის შუაგულში, რომელიც თავადვე შევქმენი და არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. გიორგიმ ჯერ ისევ გაცეცხლებული თვალები მოავლო იქაურობას, ბარის მეპატრონეს მიყენებული ზარალისთვის გადაუხადა და იქიდან ისე გამიყვანა, აზრი არავისთვის უკითხავს. იმდენად გაბრაზებული იყო, მეგონა დამარტყამდა ან მინიმუმ გამომლანძღავდა მაინც, მაგრამ ხმა არ გაუღია, ჩუმად ჩამსვა მანქანაში და ისე სწრაფად მოწყდა ადგილს, მეგონა საკუთარ ჩრდილს გავურბოდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.