პეპელა 2კივილის ხმაზე შეშინებულმა თვალები გაახილა და საწოლიდან წამოდგა. სახეაწითლებული ლალოს დანახვაზე ამოისუნთქა და საათს დახედა. _ აქ რა გინდა? _ ყვიროდა ლალო. ღმერთო, ხანდახან მართლა ძალიან აუტანელია. _ მეძინა ლალო და მოგწერე კიდეც, მაგრამ არ გინახავს _ მშვიდად ახედა და კომბინიზონის ჯიბეები მოქექა, თუმცა ტელეფონი ვერ იპოვა. _ უი, სულ არ გამხსენებია დამერეკა _ მაშინვე დაუწია ხმას და თვალები დაუხამხამა. ნინაკამ საწოლს მოავლო თვალი და კუთხეში მიგდებული აიფონი ჩაიდო ჯიბეში. _ ქვემოთ რა ხდება? _ ერთობიან, სვამენ, დროს ატარებენ რა. ის დებილი გოგო კიდე წუწუნებდა ნინაკა გაიპარაო და ყველგან გეძებდა _ სიცილით გააკეთა იუბილარის პაროდია და ორივეს ერთად გაეცინათ. _ რანაირად ვერ მნახა? _ გოგო, აქ იყო და ამ ოთახის გარდა ყველაფერი შემოიარა. მერე მე ამოვედი და გნახე _ გასაგებია, წავიდეთ რა. არ მომწონს აქაურობა _ საღეჭი რეზინი ჩაიგდო პირში და ბუშტი გაბერა. ერთად ჩავიდნენ და უკანა კარის ძებნა დაიწყეს, როგორც კი გააღწიეს საშინელი სახლიდან ლალომ სიმღერა დაიწყო, ნინაკამ ცეკვა და გზა ასე გააგრძელეს. საერთოდ ვერ იტანს ასეთ თავშეყრის ადგილებს და სულ ცდილობს, ნაკლებად მოხვდეს. შეთავაზების შემთხვევაშიც იშვიათად მიდის და ამჯერად მხოლოდ შეეცოდა და... აი შედეგი. _ იცი, ბერლინიდან რა ჩამომიტანე? _ დაფიქრდა ლალო. ნინაკამ თავი გააქნია და ლამპიონებს ახედა. ყოველთვის ოცნებობდა ბევრს, ოღონდ არავის უყვებოდა ამ ოცნებების შესახებ. იყო ისეთი რაღაცეებიც, რაც ელენემაც კი არ იცოდა და ეს ნინაკას საიდუმლოები იყო. ელენეს კი არაფერს უმალავდა, რადგან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ, რაც კი შეიძლება დედა-შვილს ჰქონდეს. ყველაფერი იყო მისთვის დედა, რადგან მის გარდა მაინც არავინ და არაფერი გააჩნდა, რედის და ლოლას თუ არ ჩავთვლით. _ ხოდა, არ დაგავიწყდეს ძაან მაგარი სუნამოც _ ლალოს უკვე დაესრულებინა ჩამონათვალი. _ სუნამო პარიზში რომ ჩავალ, მერე იყოს _ თვალი ჩაუკრა და ფეხსაცმელებს დახედა. _ აუ, ახლა რა აიტანს შენს ტელევოზორში დანახვას ყოველდღე _ წუწუნი დაიწყო და ნინაკამ მხარი გაკრა. _ მადლობა თქვი რა, ასეთი რომ გყავარ _ როგორ მინდა მეც შენთან ვიყო. ყველაზე მაგარი სანახავი სცენაზე ხარ, თითქოს დედამიწაზე აღარ ხარ. თითქოს ფრენა ისწავლე და ფრთები არ გჭირდება _ გაეღიმა და თავი მხარზე ჩამოადო _ მაგ დროს მინდა ვიყვირო რომ მხოლოდ ჩემი ხარ. _ ნუ აზვიადებ _ სიცილით გაკრა მხარი და ვერც მიხვდა, ისე გადაუბრუნდა ფეხი და ძირს დაეცა. ტკივილმა ფეხის თითიდან კოჭებამდე დაუარა და გააცია. _ ლალო, სასწრაფოს დაურეკე. მალე _ ლამის იღრიალა. საფეთქელში სისხლი მოაწვა და ლალოს დაბნეული სახის დანახვამ უარესად გააბრაზა. _ დამჯდარია ტელეფონები _ აკანკალებული ხმით ამოთქვა და სცადა, ჩაერთო. ნინაკამ მისი ჯიბიდან ამოაძვრინა და თავისიც რომ დასატენი დახვდა, გაბრაზებულმა მოუჭირა თითები და ეკრანი გაათეთრა. _ დამშვიდდი, ძალიან გტკივა? წასვლამდე გადაგივლის _ ტირილი დაიწყო ლალომ. ნინაკა ასფალტს დაეყრდნო და წამოდგა. კოჭში წვა იგრძნო და ყელში მოაწვა ცრემლები. _ გავგიჟდები და ეგ იქნება, იცოდე, გავგიჟდები _ ჩურჩულებდა და ლალოს მხარს დაყრნობილი მიდიოდა. ტაქსი გააჩერეს. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ არცერთს. ლალომ იცოდა, რომ ვერაფერს სანუგეშოს ვერ ეტყოდა და ცრემლებს ყლაპავდა. ნინაკა იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ყველაფერზე ფიქრობდა და საშინელი აზრები ჭამდა. ელენესთვის უნდოდა დაერეკა, ახლა მხოლოდ ელენე დაეხმარებოდა. _ მოვედით _ ფრთხილად შეახო ლალომ მხარზე ხელი. ნინაკამ თავი დაუქნია და კარები გააღო. საავადმყოფომდე ისევ დუმდნენ, მერე ნინაკამ თავის პირად ექიმს დაურეკა ექთნის ტელეფონით და რამდენიმე წუთში ფეხებზე ექიმის ცივი ხელები ეხებოდა. _ აქ გტკივა? _ ერთიდაიგივე კითხვას უმეორებდა და სხვადასხვა ადგილას აჭერდა თითებს. _ ფეხი გადამიბრუნდა. დარწმუნებული ვარ, კოჭი მტკივა ძალიან და სიარულის დროს ძვალი მეჭიმება. როგორ აგიხნა რა, გამირთულდება და _ ვეღარ გააგრძელა, ნერვებისგან თვალები დაეხუჭა და ხელები მომუშტა. _ გადაგიხვევ ახლა, შენ სახლში წახვალ და დაწვები. იმ ვარჯიშებს გააკეთებ, მე რასაც გეტყვი და ყველაფერი იქნება ასიანზე. გესმის ჩემი? _ თან ფეხზე ნელა, ფრთხილად უზილავდა კოჭს. ნინაკამ თავი დაუქნია და გაღიმება სცადა. _ სამ დღეში მივდივარ. ერთ კვირაში სცენაზე უნდა ვიდგე, შევიშლები რომ ვერ ვიცეკვო _ იცეკვებ _ წამოიყვირა ლალომ _ დაურეკე ელენეს ახლა და წადით _ მერე კიდევ უამრავი ვარჯიში ასწავლა, გააფრთხილა რომ არ ერბინა, დიდი ხანი არ მდგარიყო ფეხზე და სახლში გაუშვა. ალბათ ნინაკას გარდა სხვა არავინ მიაქცევდა პატარა დაცემას ამხელა ყურადღებას. მისი მსგავსი მოცეკვაავებიც კი, თუმცა შემდეგ სცენაზე დაეცემოდნენ და დაღლას დააბრალებდნენ. იქ მათი კარიერაც დასრულდებოდა და მერე? მერე არაფერი. ნინაკას ამის ეშინოდა ყველაზე მეტად და იტანჯებოდა, იმდენს ფიქრობდა. დამარცხებას ვერ გადაიტანდა... _ დე, დაუსხი რა წყალი შროშანებს _ სამზარეულოდან ესმის ელენეს ხმა და ეღიმება. უფრო მეტად სევდიანად, ვიდრე ოდესმე. _ კაი, დავუსხამ _ წყალს იღებს და აივანზე გადის. შროშანებს ეფერება, მერე აივანზე მდგარ "საქანელა სკამზე" ჯდება და ფეხებს აივნის მოაჯირებზე აწყობს. _ როდემდე? _ ყვირის ისე, რომ ელენემ გაიგოს. _ სამუდამოდ _ ესმის მისი ხმა და იცის, რომ დედამისი ახლა ტირის და მერე ღიმილით იწმენდს ცრემლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.