კიტი/ცხოვრება სიხარულს მიღმა (თავი 2)
თავი 2 ამბობენ ადამიანი თავის ცხოვრებას თვითონ ქმნის. მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ცხოვრებას ის ადამიანები ქმნიან რომლებიც ცხოვრების გზაზე გვხვდებიან. როგორი იქნებოდა კიტის ცხოვრება, ქეთის ცხოვრების გზაზე ჯერ ლუკა, შემდეგ კი მამუკა, რომ არ გამოჩენილიყო. თუმცა ახლა ამის კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ დავუბრუნდეთ იმ ცხოვრების გზას რომელიც ბედმა არგუნა კიტის და ვნახოთ სად მიიყვანს და ვის შეახვედრებს მას. კიტიმ თვალები გაახილა, გაიზმორა და საკუჭნაოდან გამოძვრა. მამუკას ჯერ ისევ ეძინა, მისი ყურისწამღები ხვრინვა სამზარეულოშიც კი აღწევდა. კიტიმ ფრთხილად ამოკრიფა თავისი ჯიბან ხურდები და სამზარეულოს მაგიდაზე მდგარ სამურაბეში ჩაყარა. ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან და კიბეზე სირბილით დაეშვა. გარეთ მშვენიერი ამინდი იდგა, მზე ის-ის იყო ამოსულიყო, დილის სუსხზე ოდნავ შეაჟრჟოლა, მკლავებზე ხელები გაისვა და ხტუნვა ხტუნვით წავიდა შუაგულ ეზოში აღმართული ონკანისკენ. ხელები შეუშვირა ცივ წყალს და ჩქარ-ჩქარა დაიწყო მათი დაბანვა. თვითონაც არ იცოდა ასე რატომ მოიქცა, ადრე ხელების დაბანვა აზრადაც არ მოსდიოდა, ახლა კი რატომღაც ონკანი რომ დაინახა მექანიკურად წავიდა მისკენ. დაბანილ ხელებს კმაყოფილმა დახედა და პარკისკენ მოუსვა. ახლა იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნებოდა სავარჯიშოდ გამოსული, მართალია ფული ბევრს არ დააქვს თან, მაგრამ დილის ექვს საათზე ქუჩაში სხვა არავინაა. კიტის უყვარდა პარკში სიარული, ყველაზე ძალიან აყვავებული ვარდების ცქერა ხიბლავდა. საათობით იჯდებოდა გაზონთან, მაგრამ ამის დრო არ ქონდა. ფულს თუ ვერ შეაგროვებდა საღამოს მიბეგვას ვერ გადარჩებოდა. ნაყინის ჯიხურს ჩაურბინა და ცოტა ხანს გაჩერდა, ის ბიჭი გაახსენდა ნაყინი რომ უყიდა. ,, დღესაც მოვა?“- გაიფიქრა. ,, ალბათ არა“- უპასუხა თავისივე შეკითხვას და გზა გააგრძელა. ქალაქის მეორე ბოლოში კი, ფანჯრის რაფაზე მშვიდად ეძინა ბიჭს, რომლის მყუდროებაც მალევე დაარღვია ძახილმა. - კრისტოფორე.- ეძახდა ბებია. ბიჭი შეიშმუშნა და დაბუჟებული ფეხების გაშლა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა და ფანჯრის რაფადან გადმოვარდა. ბრაგუნზე ბებია შემოიჭრა ოთახში და იატაკზე გაშხლართული კროსტოფორეს დანახვაზე შეშფოთებული მიიჭრა მასთან. - რა დაგემართა? კრისტოფორე იატაკზე რატომ წევხარ? - არაფერია ბებია, ფეხი დამიბუჟდა, გამივლის ახლავე და ავდგები. ბებიამ ოთახი მოათვალიერა და შეამჩნია რომ საწოლი ისევ ისე იყო გაშლილი როგორც გუშინ დატოვა. - კრისტოფორე ისევ ფანჯარაზე გეძინა ხომ? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო რომ ეს სახიფათოა. მძინარე შეიძლება გადმოვარდე და დაიშავო რამე. - ხომ ხედავ კარგად ვარ.- წამოხტა ბიჭი ზეზე, ბებიას ღიმილით მოეხვია და ლოყაზე აკოცა. -მიყვარხარ ჩემო საყვარელო ბები. - გაიქეცი ახლა სამზარეულოში.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ბებომ და ბედნიერი მზერით გააცილა ოთახიდან გამავალი კრისტოფორე. - ოოო, კიტის გაუმარჯოს. დღეს საით აპირებ გასეირნებას?- მიესალმა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათებული მამა, ბიჭს დაეჭვებულმა შეხედა და ჰკითხა.- ხელპირი დაიბანე? - არა, დამავიწყდა.- წამოიძახა კიტიმ და მხიარულად გავარდა სააბაზანოსკენ. უკან ჩაფიქრებული დაბრუნდა. - მამა, დღეს პარკში მინდა წავიდე, შეიძლება? - რა თქმაუნდა, წადი. გინდა გამოგყვე? - არა. მინდა ზოგადსაკაცობრიობო საკითხებზე ვიფიქრო, ასეთ დროს კი მარტო ყოფნაა საჭირო, აზრები რომ არ გამეფანტოს.- სერიოზული სახით და დიდი ენთუზიაზმით გამოაცხადა კრისტოფორემ. - ჰა, ჰა, ჰა. როგორც გნებავთ დიადო ზოგადსაკაცობრიობო მოაზროვნევ. ჰა ჰა ჰა.- გულიანად გაეცინა ბიჭის სიტყვებზე მამას. კრისტოფორემ სწრაფად ისაუზმა და გარეთ გაქცევას აპირებდა ბებიამ რომ ხელი ჩაავლო და მკაცრი სახით ტანსაცმლის გამოცვლა მოსთხოვა. ბიჭი დაემორჩილა მის ნებას და გამოიცვალა, ქუდს ხელი დაავლო და ქუჩაში გაქუსლა. მხიარული სტვენა- სტვენით გაეშურა პარკისკენ. **** - ლამაზია არა?!- მოესმა კიტის ნაცნობი ხმა, თუმცა ვერ მიხვდა საიდან ეცნობოდა, მიბრუნდა და ბიჭი დაინახა. - გამარჯობა. - მიესალმა ბიჭი და ხელი გაუწოდა.- კრისტოფორე. მე კრისტოფორე მქვია, მაგრამ კიტის მეძახიან. შეგიძლია შენც ასე დამიძახო. ახლა ხელი უნდა ჩამომართვა და შენი სახელი მითხრა. კიტიმ გამოწვდილ ხელს დახედა, შემდეგ ბიჭს შეხედა, უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და შებრუნდა, წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, მობრუნდა, ბიჭს ხელი ჩამოართვა. - კიტი, ასე მეძახიან. ალბათ ასე მქვია და იმიტომ. ბიჭმა გაუღიმა. - ვარდები გიყვარს? კიტიმ თავი დაუქნია. - მე არ მიყვარს, იმიტომ რო ბიჭი ვარ, ბიჭებს კი ყვავილების სიყვარული არაფერში სჭირდებათ.- ამაყად გამოუცდა კრისტოფორემ.- რამდენი წლის ხარ? მე თორმეტის. კიტი დაბნეული შესცქეროდა ბიჭს არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. - რატო არ მეუბნები, შენ რა, არ იცი რამდეი წლის ხარ?- ბიჭი ინტერესით ათვალიერებდა გოგონას დაბნულ სახეს. - არ ვიცი. - როგორ არ იცი? შენთვის...- კრისტოფორეს უნდოა ეთქვა დედას არ უთქვამს რამდენი წლის ხარო, მაგრამ გუშინდელი კიტის ნათქვამი ,, მე დედა არ მყავს“ გაახსენდა და გაჩუმდა. - კითხვა იცი?- შეეკითხა ბოლოს. - არა.- უპასუხა კიტიმ და თავი ჩაღუნა. - გინდა გასწავლო? კიტიმ მხრები აიჩეჩა არ ვიციო. - ხვალ აქ იქნები? წიგნს მოვიტან და ასოებს გასწავლი. - რატომ?- შეეკითხა კიტი. - ძმა გყავს?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ბიჭმა. - არა. - კარგია. დღეიდან მე ვიქნები შენი ძმა და მე გასწავლი კითხვასაც და დათვლასაც. და კიდევ სახლში ვინმე გყავს? კიტიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - კითხე რამდენი წლის ვარო. ყველა ადამიანმა უნრა იცოდეს რამდენი წლისაა. დღეს რას აკეთებ? - ფულს ვაგროვებ. - გინდა მოგეხმარო? - არა.- კიტი წამოხტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პარკიდან. გაახსენდა რომ ამ დროს ხალხი უკვე გამოვიდოდა ქუჩაში და ფული უნდა ეთხოვა მათთვის. კრისტოფორე კი იჯდა პარკში შადრევანის გვერდით, უყურებდა წყალს და კიტიზე ფიქრობდა. თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ გული მისკენ ეწეოდა, რატომღაც მასში რაღაც ახლობელს გრძნობდა. არაფრით არ გამოდიოდა მისი გონებიდან კიტის ნათქვამი ,, მე დედა არ მყავს“. დედა კრისტოფორესაც არ ყავდა და მშვენივრად ესმოდა ის სიმწარე რომელსაც კიტი განიცდიდა ამ სიტყვების წარმოთქმის დროს. ისევ და ისევ იხსენებდა წინა დღის შეხვედრას და სწორედ ამ მომენტში გადაწყვიტა მტკიცედ და ურყევად კიტის დახმარებოდა, მისი უფროსი ძმა გამხდარიყო და კიტი დაეცვა. იმ დღიდან ყოველ დილით ორი კიტი ერთმანეთს პარკში ხვდებოდა და კრისტოფორე ასწავლიდა ანბანის კითხვას ეკტერინეს, ეს უკანასკნელი კი ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, ყველაფერს სწრაფად სწავლობდა. მათი მეგობრობა კი თანდათან სულ უფრო მტკიცე და ურყევი ხდებოდა. მაგრამ არაფერია ამ ქვეყნად მარადიული და უწყვეტი. ერთ დღესაც, ქალაქს ერთბაშად თავს დაატყდა შემოდგომის სიცივე, წვიმა და ქარი. კიტი ყოველ დილით ძველებურად დგებოდა დილით ადრე და მიდიოდა პარკში მაგრამ კრისტოფორე არ მოდიოდა. იჯდა ასე კიტი ვარდების გაზონთან და ერთგულად ელოდა თავის ერთადერთ მეგობარს, თუმცა ამაოდ, საბრალო ბავშვი გაცივდა და ერთ დღესაც ხველება აუვარდა. თუმცა თავის ავადმყოფობას ყურადღებას არ აქცევდა, საოცარი დაჟინებით განაგრძობდა დილით ადრე ადგომასა და პარკში თავისი ერთადერთი ახლობელი ადამიანის საათობით ლოდინს. წვიმის წვეთები სახეში სცემდა და თვალებში ჩასდიოდა, გზას კარგად ვერ ხედავდა, მაღალი სიცხე ჰქონდა და ფეხებს ძლივს მიათრევდა, საშინლად ახველებდა. კიტი კედელს მიეყრდნო. არაქათი გამოეცალა, გრძნობდა რომ მეტ ნაბიჯს ვეღარ გადადგამდა, ჩაიმუხლა და გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა და თვალები გაახილა თეთრი ჭერი დაინახა, წამოჯდა და გაკვირვებულმა მოათვალიერა ოთახი. ,, სად ვარ?“ - გაიფიქრა და უცებ საწოლის გვერდით მჯდარი ვიღაც შენიშნა, თითქოს ეცნო. ხელები საწოლზე ედო, თავი ხელებში ჩერგო და არ ინძრეოდა, კიტიმ თმებზე შეახო ხელი, ბიჭმა თავი ასწია და ნამძინარევი თვალებით ამოხედა, გაუღიმა. კიტი გაოცებული უყურებდა მის წინ მჯდომ კრისტოფორეს. - მთელი დღე გეძებდი. რომ დაგინახე შემეშინდა, მეგონა მოკვდი. - სად იყავი? პარკში არ მოხვედი.- შეეკითხა გაოცებული კიტი. - ბებია ცუდ ამინდში გარეთ არ მიშვებს. გუშინ გავექეცი. ვიცოდი რომ უნდა მენახე. ვიცოდი.- თვალები აუწყლიანდა ბიჭს. - მამამ თქვა რომ გამოკეთდები. კიტის ტუჩები აუთამაშდა, გული აუჩუყდა კრისტოფორეს დანახვაზე და თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა ცხლად ჩამოურბინეს ლოყაზე. - ნუ ტირი.- თბილად უთხრა კრისტოფორემ და ხელით ნაზად მოაცილა კიტის ლოყაზე ჩამომალი ცრემლის ნაკადული. - აღარ იტირო. მამამ თქვა რომ კარგად იქნები. აღარ იტირო მეტი. კარგი?- კრისტოფორე ცდილობდა მშვიდად ეთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. - ცხელი შოკოლადი გინდა? წავალ მოგიტან.- წამოხტა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა რომ კიტისთვის თავი მშვიდად მოეჩვენებინა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. კარები მიხურა, რამდენიმე ნაბიჟი გადადგა და მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო. დაჯდა, ხელები მუხლებზე მოიხვია, თავი მკლავებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა. სულ რაღაც სამიოდე თვე გავიდა რაც კიტი გაიცნო, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ეს პატარა, ჭუჭყიანი და საცოდავი გოგო მისთვის ყველაზე საყვარელ და ახლობელ მეგობრად იქცა. ბევრი ემუდარა ბებიას და მამას ჩვენთან დავტოვოთ ქუჩაში ნუ გაუშვებთო, მაგრამ ბებიას არავითარი სურვილი არ ჰქონდა თავის სახლში ეს, მისი თქმით ,,მდაბიო“ არსება შემოეშვა, მეტიც კრისტოფორეს სასტიკად აუკრძალეს ამ ,,უმდაბლესი“ ფენის წარმომადგენელთან შეხვედრა და მოსთხოვეს რომ როგორც კი გონს მოვიდოდა მაშინვე მიებრძანებინა მათი სახლიდან. ტიროდა კრისტოფორე, დიდხანს და უხმოდ ტიროდა. უნდოდა ეყვირა, მთელი სახლი თავზე დაემხო, მაგრამ ახსოვდა, რომ იქვე კარებს მიღმა კიტი ელოდა და ეშინოდა ტირილის ხმა არ გაეგო. ამიტომ უხმოდ, ჩუმად ტიროდა. გრძნობდა რომ მეტის მოთმენას ვეღარ შეძლებდა და სადაც იყო აყვირდებოდა, გამწარებულმა საკუთარ მკლავს დაუწყო კბენა, მთელი ძალით უჭერდა კბილებს და ტკივილს ვერც გრძნობდა. იმ წუთას ყველა და ყველაფერი სძულდა, მისთვის არაფერი კარგი აღარ არსებობდა ამ სამყაროში, ყველაფერი ბნელი და ბოროტი იყო. დიდხანს იყო ამ ყოფაში ჩვენი საწყალი კრისტოფორე, რომელსაც უზომოდ უნდოდა მეგობრის დაცვა და დახმარება, როგორ მწარდებოდა საკუთარ უსუსურ ყოფაზე. ,, დამაცადე კიტი გავიზრდები და მერე ვეღარ დამიშლიან, დამაცადე გავიზრდები და მერე დაგიცავ...დამაცადე გავიზარდო, დამაცადე...“ - იქრობა და ცრემლებს იწმენდდა. ცოტა დამშვიდდა და გაახსენდა რომ კიტის ცხელ შოკოლადს დაპირდა. წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. გზად სასტუმრო ოთახი უნდა გაევლო, ოთახში კი ბებია იყო, სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ბიჭი კედელს აეკრო და ფეხაკრებით წავიდა სამზარეულოს კარისკენ, ბებია ზურგით იჯდა მისკენ და დიდი ალბათობა იყო რომ კრისტოფორე შეუმჩნევლად შეპარულიყო თავისი დანიშნულების ადგილზე. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა როდესაც სამზარეულოს კარში მშვიდობიანად შეიძურწა. - ნანი თუ შეიძლება ორი ჭიქა ცხელი შოკოლადი და ორი ფუნთუშა გამიმზადე. ძალიან გთხოვ.- მიმართა გაზქურასთან მოფუსფუსე კეთილი სახის ქალბატონს. - შენი სტუმრისთვის გინდა?- გაუღიმა ქალმა. ბიჭმა თავი დაუქნია. -ორონდ არავის უთხრა. კარგი?- დაიჩურჩულა კრისტოფორემ იდუმალი გამომეტყველებით. ნანი მისი ძიძა და დიდი მესაიდუმლე იყო. - კარგი. - დაპირდა ქალი კეტილად მომღიმარი სახით და ნეკა თიღი გაუწოდა. ბიჭმა გამოწვდილ თითს თავისი ნეკი გამოსდო, ერთმანეთს ცერა თითებიც მიადეს და ხელი დაიქნიეს ( ეს მათი პირობის დადების ტრადიციული როტუალი იყო), კმაყოფილი კრისტოფორე ცხელი შოკოლადის მოლოდინში მაგიდას მიუჯდა. - აი ცხელი შოკოლადიც მოვიდა. - ოთახში შევიდა კრისტოფორე და სიტყვები ბაგეზე შეაშრა. კიტი საწოლში აღარ იყო. სკამს გახედა, სადაც მისი ტანსაცმელი ეწყო. იქაც სიცარიელე დახვდა. - კიტი.-აღმოხდა სასოწარკვეთილი ხმით და სინი ხელიდან გაუვარდა, გაისმა ჩიქების ტკაცანი და ცხელი შოკოლადი ფეხებზე დაეღვარა, ყურადღება არ მიუქცევია. ფანჯარას მივარდა და გარეთ გაიხედა, ეზოში მიმავალი კიტი დაინახა, ფანჯარა გამოაღო და მთელი ხმით დაიყვირა. - კიიტიიი. გოგონა გაჩერდა ამოხედა და ხელი დაუქნია. - დამელოდე.- ჩასძახა კრისტოფორემ ეზოში მდგარ კიტის და ოთახიდან გავარდა. სახლის კარები გააღოდა გოგონასკენ გაქცევას აპირებდა, რომ უცებ ვიღაც სწვდა მკლავებში და გააჩერა, მოიხედა და მამა დაინახა. - გამიშვი.- შეევედრა მამას.- გამიშვი. მთელი ძალით იწევდა კიტისკენ, როგორც შეეძლო იბრძოდა. მაგრამ მამამ მკლავები მოხვია და არ უშვებდა. კიტის ბებო სახლიდან გამოვიდა კიტის ხელი აუქნია და ამპარტავნულად ცხვირაბზეკილმა წადიო განუცხადა. გოგონამ თავიდან დააპირა კრისტოფორესთან მისულიყო და რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა მისკენ, მაგრამ კრისტოფორეს ბებომ ისეთი განრისხებით უღრიალა აქედან მოშორდიო რომ საბრალო ბავშვმა ერთი მოხედა საწყალი თვალებით მეგობარს, მერე შებრუნდა და ფეხათრევით წავიდა ქუჩისკენ. - მამა გამიშვი.- ყვიროდა კროსტოფორე, მიწას ფეხებს ურტყავდა, ხტუნავდა, ყველანაირად ცდილობდა მამისთვის თავის დაღწევას.- კიიტი, კიიტი არ წახვიდე... მამა გამიშვი... მამა არ გინდა, გთხოვ გამიშვი... ბიჭი ყვიროდა, იბრძოდა, უყურებდა საცოდავად მობუზულ მიმავლ კიტის, რომელიც სულ უფროდაუფრო შორდებოდა და გული ტკივილისგან ეკუმშებოდა. იცოდა, ბებია და მამა ყველაფერს იღონებდნენ რომ ის აღარასდროს ენახა, იცოდა ეს და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს გულს გლეჯდნენ მკერდიდან. მთელი ძალით ებრძოდა მარწუხებივით შემოჭდობილ მამის მკლავებს. ფეხი გაუცურდა და ჩაიმუხლა, მაინც არ ნებდებოდა. ჩამუხლულიც მთელი ძალით, ხელებ გაწვდილი კიტისკენ იწევდა. გაგლიჯა მამის მკლავები და შურდულივით გავარდა კიტისკენ. - კიტიი.- ყვიროდა და გოგოსკენ მირბოდა. კიტიმ ხმა რომ ახლოდან გაიგონა გაჩერდა, მობრუნდა, სწორედ ამ დროს კრისტოფორეც დაეწია. ხელები გაშალა და გოგონა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. როგორ უნდოდათ ეს წუთი უსასრულოდ გაგრძელებულიყო. - არასოდეს დამივიწყო... გესმის, არასოდეს!- თვალებში ჩასცქეროდა თავის კიტის და ცრემლები ახრჩობდა. - არასოდეს.- ჩაიჩურჩულა და კიტი ისევ გულში ჩაიკრა.- გთხოვ ნუ დამივიწყებ. მამა დაეწია, ხელი მოკიდა და სახლისკენ წაათრია. - კიტი მიყვარხარ, გესმის. მიყვარხარ.- ყვიროდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა.- გთხოვ უბრალოდ არასდროს დამივიწყო. დამპირდი რომ არ დამივიწყებ. კიტი დამპირდი. სახლის კართან უღონოდ მოეშვა მამის მკლავებში, თავი ჩაღუნა და ბედს დანებდა. - გპირდები.- მოესმა უცებ გოგონას ჩუმი გაუბედავი ხმა, თავი ასწია, თვალებში სიხარულის ცეცხლმა გაუელვა. გულში იმედი და რწმენა ჩაესახა, იმედი რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნებოდა, რწმენა რომ ამ ქვეყნად იქნებოდა ადამიანი რომელსაც ყოველთვის ემახსოვრებოდა, ეყვარებოდა და დაელოდებოდა. - ყოველთვის მოგძებნი, გესმის, მე შენ გიპოვი. კიტი, აუცილებლად გიპოვი.- წარმოსთქვა მისმა ბაგემ. აღარ იბრძოდა, იდგა და უყურებდა კიტის სილუეტს რომელიც გაღებულ კარში ჩანდა. კარი კი ნელა იხურებოდა, ცოტაც და ყველაფერი დამთავრდა. დახურულ კარს ხელი შეახო, შუბლით მიეყრდნო და ადგილიდან არ იძროდა. საოცრად მშვიდი, არაფრის მთქმელი სახე ჰქონდა. - კრისტოფორე.- მხარზე ხელი დაადო ბებიამ. უსიცოცხლო, სულიერად განადგურებული ადამიანის თვალებით შეხედა. შებრუნდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. კიბესთან მისული მობრუნდა. - გადავწყვიტე. ლონდონში წავალ.- შებრუნდა, კიბე აირბინა და თავის ოთახში გაუჩინარდა. მამა დიდი ხანია ეხვეწებოდა ლონდონში გაგიშვებ სკოლაში სასწავლებლად, შენი მომავლისთვის ასე ჯობიაო, მაგრამ ვერ ითანხმებდა, კრისტოფორეს არ უნდოდა მშობლიური სახლიდან წასვლა. ახლა კი ამ სახლის დანახვა აღარ უნდოდა. ყველაფერი სძულდა რასაც ხედავდა. და თან თავის გონებაში გეგმა შეადგინა, გადაწყვიტა წასულიყო, ესწავლა, ,,დიდი კაცი“ გამხდარიყო და შემდეგ კიტის იპოვიდა. იპოვიდა და აღარასდროს დაკარგავდა. ********************* ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ველი თქვენს კრიტიკასა და შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.