სესილია აჰერნის "არ მჯერა. იმედი არ მაქვს. მიყვარს" (ნაწილი II)
-პატივცემულო მისტერ ბერნ! ხვალ, 8 აპრილს ალექსი ვერ მოვა სკოლაში, კბილის ექიმთან არის ჩაწერილი. სანდრა სტიუარტი. -პატივცემულო მისის ქვინ, ხვალ, 8 აპრილს, როზი ვერ მოვა სკოლაში, ექიმთან არის ჩაწერილი. ელის დიუინი. -როზი! შესახვევთან შევხვდეთ დილის 8:30-ზე. არ დაგავიწყდეს გამოსაცვლელი ტანსაცმლის წამოღება. ფორმით ხომ არ ვიხეტიალებთ ქალაქში. მენდე, როზი დიუინ, ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო დაბადების დღე იქნება! ვერ ვიჯერებ, რომ საქმე ასე მარტივად წავმართეთ! ალექსი. P.S. 16 წელი, გამოქლიავდება ადამიანი! -წმინდა ჯეიმსის საავადმოფო, 10 აპრილი. მისტერ და მისის დიუინ, გიგზავნით 8 აპრილის ქვითარს, როზი დიუინის კუჭის გამორეცხვისა. ექიმი მონტგომერი. -როზი! დედაშენი ცოფიანი ძაღლივით დარაჯობს კარს, რაღაცა ეჭვი მეპარება, რომ უახლოეს 10 წელიწადში მოვახერხოთ ერთმანეთის ნახვა. მაგრამ შენი შესანიშნავი უფროსი და, რომელიც ასე გიყვარს, ჰე-ჰე, დამთანხმდა ამ წერილის შენთვის გადმოცემაზე. მის წინაშე ვალში ხარ. ცუდია, ყველაფერი ასე რომ გამოვიდა. მგონი, მართალი იყავი. მგონი, გინესი და ტეკილა მართლა არ მოუხდა ერთმანეთს. არადა, შთამბეჭდავ იდეად მომეჩვენა. საცოდავ ბარმენს გაათავისუფლებენ, ალბათ, იმის გამო, რომ გვემსახურებოდა. გეუბნებოდი, საბუთებს, რომლებიც ჩემმა მეგობარმა გააკეთა მარტივად გავასაღებდით. კარგი ვქენით, 31 თებერვალი რომ ჩავწერეთ შენი დაბადების თარიღში!! ჰა-ჰა. საინტერესოა, გახსოვს მაინც რაიმე? მომწერე. ენდე შენს დას, აუცილებლად მოგაწვდის ამ წერილს. როგორც მივხვდი, გაბრაზებულია დედაზე, რადგანაც უფლება არ მისცა კოლეჯი მიეტოვებინა. ფილმა და მარგარეტმა ახლახანს გამოაცხადეს, რომ კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან, ამიტომ მეორედ გავხდები ბიძა. ამ ახალი ამბის გამო ოდნავ მომაკლეს ყურადღება, კიდევ კარგი. ფილს ძალიან ეცინება ჩვენს საქციელზე. გამოჯანმრთელდი, ლოთო! სულ მწვანე ფერის იყავი. ადრე მეგონა, რომ ასეთი ფერი მხოლოდ მკვდრებს ადევთ. ალექსი. -ალექს! ჩემო უნამუსო მეგობარი! როგორ ცუდად ვარ. თავი მტკივა. ასეთი თავის ტკივილები არასდროს არ მქონია, არასდროს მიგრძვნია თავი ასე საშინლად. დედა და მამა ბოლომდე მფარავენ. სიმართლე გითხრა, არა მგონია გაუხარდეთ შენი აქ ნახვა. ალბათ, 30 წელი ასე ვეყოლები გამოკეტილი. შენი ნახვა აკრძალული მაქვს, რადგან "ჩემზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენ". რა მნიშვნელობა აქვს, რაები გამოიგონეს. ხვალ ხომ მაინც გნახავ სკოლაში. თუკი, რა თქმა უნდა, არ ჩათვალეს, რომ იქ სიარულიც უნდა ამიკრძალონ, რაც გამიხარდება. არ მჯერა, რომ ორშაბათს დილით ორი მათემატიკა გვაქვს. მირჩევნია, კიდევ ერთხელ გამომირეცხონ კუჭი. თუნდაც, კიდევ ხუთჯერ. კარგი, ორშაბათს შევხვდებით. ჰო, მართლა, საერთოდ არაფერი არ მახსოვს, გარდა ხმამაღალი მუსიკისა, ნათებებისა და მანქანებისა... და კიდევ მახსოვს ის, რომ სახით ვიწექი იატაკზე იმ ბინძურ ბარში, შემდეგ კი გული მერეოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი საინტერესო აღარაფერი ყოფილა. თუ ვცდები? როზი. -როზი! მიხარია იმის გაგება, რომ ყველაფერი ისევ ისე გაქვს. ჩემებმაც აიწყვიტეს, წარმოგიდგენია - ერთი სული მაქვს, როდის მოვა ორშაბათი. ყოველ შემთხვევაში, სკოლაში მაინც არავინ წაგვიღებს ტვინს. ალექსი. -პატივცემულო მისტერ და მისის დიუინ! თქვენი ქალიშვილი როზის საქციელის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. უნდა განვიხილოთ მისი საქციელი და მკაცრად დავსაჯოთ. თქვენ, ეჭვის გარეშე, თავად ხვდებით ამის აუცილებლობას. ალექს სტიუარტის მშობლებიც იქნებიან. გელოდებით კვირას, 9:00 საათზე. პატივისცემით, მისტერ ბოგარტი, დირექტორი. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: გამოგვიშვეს! ფუი ეშმაკს! არ მეგონა, რომ ეს ბებერი საფრთხობელა გადაწყვეტდა სკოლიდან დროებით გამოვეშვით! ისე საუბრობდა, თითქოს მე და შენ ვინმე მოხუცი ნაჯახით აგვეკუწოს! ყველაზე მაგარი დასჯაა, რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა: მთელი კვირა საწოლში ვინებივრებ, სანამ ნაბახუსევი არ გამივლის, იმის მაგივრად, რომ სკოლაში ვიარო! -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა: ჯოჯოხეთში ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვს. მე კი ამ წერილს უსაზიზღრესი ადგილიდან - ოფისიდან გწერ. მარკებს ვლოკავ და მთლიან მსოფლიოს ვწყევლი. მამამ თქვა, რომ აქ მთელი კვირა მომიწევს დარჩენა. ღმერთის წინაშე ვიფიცები, რომ არასდროს ვიმუშავებ ოფისში! ეს დამპლები ფულსაც არ მიხდიან. ყოველმხრივ ტვინწაღებული ალექსი. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: ყოველმხრივ ტვინწაღებულ ალექსს. ჰა-ჰა-ჰა! ჰმ... რისი დაწერა მინდოდა, დამავიწყდა... ა, ჰო... ჰა-ჰა-ჰა! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ბედნიერი და კმაყოფილი როზი, თბილი და კომფორტულად მოწყობილი ოთახიდან. -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა: ზარმაცული. კარგი. ამ ოფისში ერთი ძალიან საყვარელი გოგო მუშაობს. ცოლად მოვიყვან. აბა, ახლა მითხარი ვინ იცინის ბოლო? -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: დონ ჟუანი. ვინ არის? (ლესბოსელი არ ვარ, ამიტომ არც მიფიქრია შემშურებოდა.) -ვისგან: ალექს. ვის: როზი. თემა: არალესბოსელს. რადგანაც მოგწონს, ასე დაგიძახებ, მაგრამ არ იქნებოდა ცუდი ამის მტკიცებულების ქონა. ბეთანი უილიამე ჰქვია, 17 წლის არის (ზრდასრული ქალია!), ქერაა, დიდი მკერდი და გრძელი ფეხები აქვს. სექსუალური გიგანტია. -ვისგან: როზი. ვის: ალექს. თემა: სექსუალური გიგანტი (გულისამრევია!) აღწერილობით ჟირაფს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, რომ გასაოცარი ადამიანია (ჰე-ჰე). რამდენიმე სიტყვით გამოელაპარაკეთ თუ შენმა მომავალმა მეუღლემ არც კი იცის შენი არსებობის შესახებ (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ქსეროკოპირებისთვის მოაქვს საბუთები)? -თქვენ გაქვთ ერთი შემოსული წერილი: ალექს. ალექსი: გამარჯობა, როზი, შენთვის ახალი ამბები მაქვს. როზი: გთხოვ, თავი დამანებე, ვცდილობ კონცენტრირება მოვახდინო მისტერ სიმპსონის ნათქვამზე. ალექსი: ჰმმმ, როდის აქეთ... ალბათ, მისი ცისფერი თვალების გამო, რომლებზეც ყველა გოგო საუბრობს? როზი: არა, უბრალოდ დაინტერესებული ვართ ექ-ელის პროგრამით. გასართობია. მთელი დასვენებიის დღეებს კომპიუტერთან გავატარებდი. ალექსი: როგორი "შკოლნიკი" გახდი. როზი: ვხუმრობ, იდიოტო! მძულს მთლიანი ეს ნეხვი, ლამისაა თავი ამიფეთქდეს მისი საუბრებისგან. მაგრამ მაინც თავი დამანებე. ალექსი: არ გაინტერესებს რა მოხდა? როზი: არა. ალექსი: კარგი, მაგრამ მაინც გეტყვი. როზი: კარგი, მომიყევი, აბა. ალექსი: სჯობს, ენა გადაყლაპო, მეგობარო, რადგან ვიღაცა ვაჟიშვილი აღარ არის. ალექსი: ჰეი! ალექსი: აქ ხარ? ალექსი: როზი, ნუ სულელობ, მომწერე! როზი: ბოდიში, მგონი, კომაში ჩავვარდი. ცუდი სიზმარი დამესიზმრა, ვითომ მეუბნებოდი, ვაჟიშვილი აღარ ვარო. ალექსი: ეს სიზმარი არ ყოფილა. როზი: ეს ნიშნავს, რომ აღარ ატარებ საცვლებს? ალექსი: ჰო, საცვლები საერთოდ აღარ მჭირდება. როზი: ფუ! ვინ არის ეგ უბედური? ოღონდ ახლა არ მითხრა, ბეთანიო, ოღონდ ახლა არ მითხრა, ბეთანიო... ალექსი: ეშმაკმა დალახვროს, ბეთანია. ალექსი: ჰეი! ალექსი: როზი? როზი: რა? ალექსი: რას მეტყვი? როზი: რა რას? ალექსი: რაიმე მაინც მითხარი. როზი: არ ვიცი ჩემგან რისი მოსმენა გსურს, ალექს. ვფიქრობ, რომ ძმაკაცები უნდა შეიძინო, რადგან სულ არ ვაპირებ მხარზე ხელი გითათუნო და დაკითხვები მოგიწყო სისხლიანი მოვლენის შესახებ. ალექსი: უბრალოდ მითხარი, რას ფიქრობ ამაზე. როზი: სიმართლე გითხრა, იმის მიხედვით რაც მასზე მაქვს გაგონილი, ერთი უბრალო კახპაა. ალექსი: გეყოფა, არც კი იცნობ, არასდროს გინახავს. შენთვის ყველა, ვისაც ვინმესთან ძინავს, - კახპაა. როზი: თვალი მომიკრავს მისთვის და, ჰმ, ალექს, თუკი ვაზვიადებ, მხოლოდ ოდნავ. თუკი ქალი ყოველდღიურად იცვლის პარტნიორს, კახპად ვთვლი. ალექსი: ეხა გამაგიჟებ, მორჩი, მშვენივრად იცი, რომ ეს ტყუილია. როზი: დღემდე უშვებ იგივე შეცდომას. "ახლა" და არა "ეხა". ალექსი: არ მოგბეზრდა მთელი ათი წელი ამაზე აკიდება? როზი: იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან მომისმენ. ალექსი: დაივიწყე, ჩათვალე, არაფერი მითქვამს. როზი: ალექს, მე უბრალოდ ვღელავ შენზე. ვიცი, რომ მოგწონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც ერთი მამაკაცი არ არის საკმარისი. ალექსი: ასე თუ ისე, ახლა ეგ ეგრეა. როზი: თქვენ რა, შეყვარებულები ხართ?! ალექსი: კი. როზი: ჰოო????? ალექსი: გაკვირვებული ჩანხარ. როზი: არ მეგონა, რომ ბეთანის შეყვარებულის როლის დაკავებაც შეეძლო. ყოველთვის მეგონა, რომ მხოლოდ მათთან ღამის გატარება ძალუძდა. როზი: ალექს? როზი: კარგი, კარგი, ბოდიში. ალექსი: როზი, უნდა მორჩე ამ ყველაფერს. როზი: ახლავე. ალექსი: ძალიან სასაცილოა. -მისტერ სიმპსონი: ახალგაზრდებო, ახლავე ჩადით დირექტორის კაბინეტში. როზი: რა? სერ, ბოდიშით, არ არის საჭირო, გისმენთ! მისტერ სიმპსონი: როზი, ბოლო 15 წუთის განმავლობაში ხმა არ ამომიღია. მთელი ეს დრო დავალებისთვის უნდა დაგეთმო. როზი: უი... ჩემი ბრალი არ არის. ალექსი ჩემზე ცუდ გავლენას ახდენს. არ მაძლევს უფლებას სწავლაზე გავამახვილო ყურადღება. ალექსი: მისთვის უბრალოდ რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა, არ შემეძლო მომეცადა. მისტერ სიმპსონი: კი, კი, ალექს, გილოცავ. ალექს: ს... საიდან იცით, რაზეა საუბარი? მისტერ სიმპსონი: ჩემთვის ზოგჯერ ყური რომ დაგეგდოთ, რაიმე სასარგებლოს მაინც ისწავლიდით. მაგალითად, როგორ უნდა მოვაწყოთ ისე, რომ თქვენი მიმოწერის ნახვა მთელმა კლასმა ვერ შეძლოს. ალექსი: გინდა თქვათ, რომ ამ ყველაფერს კლასი კითხულობდა? მისტერ სიმპსონი: სწორია. ალექსი: ღმერთო ჩემო! როზი: ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა! მისტერ სიმპსონი: როზი! როზი: ჰა-ჰა-ჰა-ჰა! მისტერ სიმპსონი: როზი!!! როზი: დიახ, სერ. მისტერ სიმპსონი: ახლა გადი კლასიდან. ალექსი: ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა! მისტერ სიმპსონი: შენც მიყევი, ალექს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.