შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 8


1-02-2017, 01:27
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 041

რადიოში მუშაობა ყოველთვის მინდოდა. ვთვლი, რომ მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალებას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. ჩემს ბავშვობაში, როდესაც სატელევიზიო გადაცემების მრავალფეროვნებით განებივრებული არ ვიყავით და კომპიუტერი ფუფუნების საგანი იყო, მისი მეშვეობით ვეცნობოდი მსოფლიოს კულტურულ სიახლეებს და კუმირების შემოქმედებას.
ვფიქრობ, რომ ადამიანის შესახებ მისი ტემბრიდან და საუბრის მანერიდან გამომდინარე ძალიან ბევრის გაგება შეიძლება. უსმენდე პიროვნებას ისე, რომ არ გქონდეს მისი მიმიკებისა და ჟესტიკულაციის დანახვის შესაძლებლობა, ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც მეექვსე გრძნობებს გივითარებს. მახსოვს, ხშირად ვფიქრობდი, როგორ გამოიყურებოდნენ საყვარელი პროგრამების წამყვანები, რომლებიც დილის 6 საათზე დგებოდნენ, რათა მსმენელებისთვის განწყობა შეექმნათ. უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ ჩემი წარმოსახვა რეალობისგან არც ისე შორს იყო და არაერთი მათგანი ნამდვილად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც გონებაში ვხატავდი.
დღესაც ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, ინტერნეტის მეშვეობით უკვე წამებშია შესაძლებელი ყველანაირი სიახლის შეტყობა თუ კომპოზიციის გადმოწერა, რადიოს თავისი პოტენციალი არ ამოუწურავს და სწორი წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ეფექტურად გამოყენება.
გასაუბრება არაფორმალურ გარემოში და შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებულად ივლის. თამარის რეკომენდაციის წყალობით ერთადერთი კანდიდატურა ვარ, ამიტომაც მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა და დეტალების დაზუსტება გვიწევს. პროექტის ავტორი, ოცდაათ წლამდე ასაკის, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა გადაცემის სპეციფიკასა და მოვალეობებს მაცნობს და არც ჩემი მოსაზრებების გათვალისწინებაზე ამბობს უარს. საბედნიეროდ, ფორმატი შეზღუდული არაა, თემისა და სტუმრების შერჩევის სრული თავისუფლება მაქვს და კვირაში ორჯერ საშუალება მექნება, ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო პროგრამა შევთავაზო_ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ბოლოს საცდელად რამდენიმე წინადადებას ვწერთ, ვთანხმდებით, რომ მუშაობას მომავალი კვირიდან შევუდგები და ერთმანეთს კმაყოფილები ვემშვიდობებით.
დერეფანში გამოსვლისთანავე გვანცას ვურეკავ და მოკლედ ვეუბნები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. უბრალოდ მილოცავს, მაგრამ მისი ხმა მაგრძნობინებს, რომ ჩემით ძალიან ამაყობს. მპირდება, რომ დღეს ადრე მოვა და საღამოს ერთად გავატარებთ, რაც უკვე ძალიან, ძალიან იშვიათი მოვლენაა.
შენობიდან სასიამოვნო ემოციებით დამუხტული გამოვდივარ. თვალებით ელენეს და სანდროს ვეძებ(გამოიცანით, ვის აქვს ჩემზე გრძელი ენა!), რომლებიც იქვე ახლოს, მანქანასთან მელოდებიან. კმაყოფილების ნიშნად ცერა თითებს ვწევ და ვუღიმი, რითაც ყველაფერი გასაგებია. ორივე მეუბნება, რომ ეჭვიც არ ეპარებოდათ და აღსანიშნავად ახლომდებარე კაფეში მივდივართ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ელენეს ჩვენი მარტო დატოვების გეგმა უვარდება, რადგან თვალით ვანიშნებ, რომ ვერ გადამირჩება. ვიცი, რომ დიდი ხნით ვერ გავექცევი იმ დღეს, როცა მე და ძნელაძეს მოგვიწევს რაღაცების ახსნა, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. არ მინდა, რაიმე გადაწყვეტილება გაუაზრებლად, გაურკვევლობაში მყოფმა მივიღო.
მოულოდნელად დადიანის ზარი მახსენდება და რაკი გიგისგან არაფერი გამიგია, იმედი მაქვს სანდრომ რამე იცის. ოდნავი ფიქრის შემდეგ გაუბედავად ვიწყებ:
_გუშინ ალექსანდრემ დამირეკა და...
_რა?_ელენე გაოცებული მაწყვეტინებს._ახლა რაღა უნდა?
_ახლა?_სანდრო ინტერესით მიყურებს, მე კი მზად ვარ, საუკეთესო მეგობარს ცხელი ყავა თავზე გადავასხა._ადრე რამე უნდოდა?
_არაფერი, ინტერვიუს ჩაწერამდე ველაპარაკე...მოკლედ, რაღაც სამუშაოზე მეუბნებოდა, გიგი დაგირეკავსო._თემა სასწრაფოდ გადამაქვს.
_ჰო?_თვალებიდან ეჭვის ნაპერწკალი არ უქრება._არ ვიცი, დღეს გიგისთან არ მილაპარაკია, დავურეკო?
_იყოს, ნომერი მომეცი და მოგვიანებით შევეხმიანები. _მობილურს ვუწვდი და მთელი ყურადღება ყავაზე გადამაქვს.
ელენე ხვდება, რომ ხსნა მჭირდება და ,,მახსენებს'', ხვალისთვის რამდენი დავალება მაქვს გასაკეთებელი. მეც ,,შეწუხებული'' სახით ვთხოვ ძნელაძეს, სახლში წამიყვანოს და აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად უარს ვერ მეუბნება. ჯერ ელეს ვტოვებთ და ჩემს ბინასთან მისვლამდე სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. საბედნიეროდ, სანდროს იმდენი ტაქტი აქვს, გუშინდელზე არაფერს მეკითხება. ალბათ ხვდება, რომ დრო მჭირდება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, მისი მოთმინება რამდენი ხნით გაძლებს.
გიგისთან დაკავშირების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ სრულდება. საბოლოოდ ვწყვეტ, რომ ალექსანდრე დადიანი კიდევ ერთხელ გამეღადავა და საკუთარ თავზე ვბრაზდები, ამას ასე რომ განვიცდი. ალბათ, მართლა ვერასოდეს მივეჩვევი, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მე მინდა.
***
_დე, მიამბე რა, შენ და ირაკლიმ როგორ გაიცანით ერთმანეთი._გვანცას კალთიდან თავს ვწევ და პიცის მეათე ნაჭერს ვიღებ.
_რა ხდება, რამე გამომეპარა?_გამომცდელი სახით მიყურებს. დიდი ხანია, ამ ამბის მოყოლა აღარ მითხოვია, თუმცა მაინც ზეპირად ვიცი.
_ეგრე მიცნობ გვანცული?_ხელებს ,,შეურაცხყოფის'' ნიშნად სასაცილოდ ვშლი._ჯასთ, მომენატრა.
_ოჰ, რადგან აღიარებ. დღეს მელაპარაკა, ფული ჩავურიცხეო...
_მადლობა, არ სჭირდება–თქო, უთხარი.
_ნუ დამღალეთ რა შუამავლის როლში ყოფნით. ასე ერთმანეთზე ჯიუტები საიდან გაჩნდით.
_გენეტიკა სასწაულებს ახდენს, არ გაგიგია?
_მადლობა განათლებისთვის, რაც გინდა, ის უთხარი.
_რომ შეიგნებს, პატარა ბავშვი აღარ ვარ, აუცილებლად.
_ჰოდა დიდივით მოიქეცი და თვითონ დაელაპარაკე, ან საქციელით დაუმტკიცე და არა ბავშვური გამოხტომებით.
_კარგი, ნუ ვიჩხუბებთ, მიდი მოყევი, რა._ლოყაზე ვკოცნი და მკერდზე თავს ვადებ.
გვანცას მსოფლიოში ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო ხმა აქვს. მამას წასვლამდე მუსიკალური საღამოები ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ყოველთვის, როდესაც სამსახურს შედარებით ადრე ამთავრებდნენ, ნამდვილი დღესასწაული გვქონდა. დედა თავისი სიმღერით გვატკბობდა, ირაკლი აკომპანიმენტს უწევდა, მერე რა, რომ თქვენი მონა–მორჩილი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდა, საერთო ჯამში ყველაფერი იდეალურად იყო(თუკი მეზობლების საჩივრებს არ ჩავთვლით). მათი დამსახურებით კარგი გემოვნება ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც როიალი სამუდამოდ დაიხურა, მამას წასვლის შემდეგ, შვიდწლედის დამთავრების მიუხედავად, მიკარების სურვილიც კი არ გამჩენია. აღარც გვანცას უცდია ხმის ამოღება და საერთოდ, აღარაფერი აღარ იყო ძველებურად.
სამაგიეროდ, ახალი ტრადიციები გაჩნდა_თავისუფალ დროს მთელი დღის ხალათებში გატარება და გულახდილი საუბრები ტკბილეულის თანხლებით(კარგი გენების წყალობით გასუქების შიში არც ერთს გვაქვს). ზოგჯერ ირაკლიც გვიერთდება და რამდენიმე საათის განმავლობაში სამივე ვარწმუნებთ ერთმანეთსა და საკუთარ თავებს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გულის სიღრმეში ვაღიარებთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერების ილუზიაა. არ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომელიც საყვარელ ადამიანთან შეხებით გამოწვეულ სითბოს შეგიცვლის და არ შეიძლება იდეალური ეწოდოს ოჯახს, რომლის წევრებიც მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ახერხებენ შეხვედრას.
_მუცელი გეტკინება!_მორიგ ნაჭერს ხელიდან მგლეჯს და პირისკენ სწრაფად მიაქვს.
_ეე, სოკოთი არ გამისინჯავს_საწყლად ვეუბნები და შურით ვაკვირდები, როგორ ღეჭავს.
_ნეტა ვის დაემგვანე ასეთი ღორმუცელა._,,გაკვირვებული'' ამბობს, მერე კი დგება და მაგიდის ალაგებას იწყებს._მგონი, გირეკავენ._იატაკზე დაგდებულ მობილურს მესვრის.
უკვე ნაცნობი ნომრის დანახვაზე მეღიმება, რაც სრულიად საკმარისი მიზეზია მორიგი დაკითხვისთის.
_ვინ არის?_წარბს წევს და ეჭვიანი სახით მაკვირდება.
_ალექსანდრე._გულწრფელად ვეუბნები და ვფიქრობ, ვუპასუხო თუ არა.
_ის...ფეხბურთელი სანდრო?_მეკითხება რამდენიმეწამიანი დაფიქრების შემდეგ.
_არა, მომღერალი ალექსი._სიცილი მიტყდება._მერე მოგიყვები._სანამ რამის თქმას მოასწრებს, დარჩენილი პიცის ყუთს ვიღებ და ჩემს ოთახში გავრბივარ.
***
უპასუხისმგებლო რომ ვარ, ვიცი, მაგრამ ამ ნაწილის თავიდან დაწერა რომ მომიწია, არაა ჩემი ბრალი :D შესვენებაზე ვწერდი და რა თქმა უნდა, სამსახურის კომპიუტერში არ შემინახავს. კიდევ კარგი, რაღაც მონაკვეთი მაინც აღმომაჩნდა და გავიხსენე იმის მიხედვით.
ფინალურები ფინალისკენ მიდის და ვეცდები, რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდეთ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent