შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულის გაზაფხული (სრულად)


3-02-2017, 16:48
ავტორი Mariamo1
ნანახია 43 992

ნელა, მაგრამ მტკიცედ მძერწა განგებამ. მძიმედ, მაგრამ სრულყოფილად გამომაქანდაკა გამოცდილებამ. ძალიან ფუმფულა ხასიათი მაქვს _ ბუმბულივით მსუბუქი და ზღარბივით ეკლიანი. გოლფსტრიმის დინებასავით ვარ, ზოგს ვათბობ, ზოგს არა, გააჩნია, ვის გაუმართლებს. 26 წლის გავხდი და იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, ხანდახან მიკვირს, როგორ გავუძელი, თუმცა წინ უარესი მელოდება. ჩემნაირი გარეგნობის გოგოს ალბათ არ უნდა გაუჭირდეს თავის დამკვიდრება და კარიერის აწყობა, მაგრამ, როგორც ჩანს, იღბალი გამებუტა. მიუხედავად ამისა, გაჩერების უფლება არ მაქვს. მერე რა, თუ ვეცემი, მაინც უნდა წამოვდგე. რაც უფრო ძლიერად დაეცემი, მით უფრო სწრაფად უნდა ადგე. ამ მხრივ მინდა მზეს ვემსგავსო. ის ყოველდღე კვდება, ყოველ საღამოს ჩაესვენება ჰორიზონტზე, მაგრამ მერე ხელახლა იბადება. საღამოს გარდაიცვლება და დილით მკვდრეთით აღდგება. ასეთია მისი რომანტიკული გზა უკვდავებისკენ.

ცხოვრება ან ერთი დიდი თავგადასავალია, ან სრული არარაობა. ვისთვის როგორ. ჩემთვის ერთიც არის და მეორეც. ტვირთი მაკისრია ასეთი. ბოლო წლების ამბებმა მთლიანად გამომფიტა. ჯერ იყო და, ერთიმეორის მიყოლებით დამეღუპა მშობლები. თავდაპირველად თითქოს ბურანში ვიყავი, მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს. მშობლების გარდა მხოლოდ ბებია დამრჩა, მამაჩემის დედა და ისიც სკლეროზიანი. ძნელი აღმოჩნდა ბებიას მოვლა მაშინ, როცა არაფერი გამაჩნდა. მართალია, ეკონომიური დავამთავრე და კიდევ უამრავი სერთიფიკატი ავიღე მენეჯმენტის თუ მარკეტინგის თუ ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი «ენტის» და «ინგის», მაგრამ ამან სამსახურის შოვნა ვერ გამიადვილა. არადა, ჰაერივით მჭირდება სამუშაო. ხშირად შევუძახებ ხოლმე ჩემს თავს: «ანიკა, თავი მაღლა! მოდუნების უფლება არ გაქვს!» და მეც ვცდილობ, ფარ-ხმალი არ დავყარო, ჯერ ხომ არ დავმარცხებულვარ!

ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… მერე ვიღლები ამ ჩემი მრუმე ფიქრებისგან და მსუბუქად შევუბერავ სულს, რომ გავფანტო. ბაბუაწვერასავით რომ გაიშლებიან ჰაერში და მიმოიბნევიან, მაშინღა ვმშვიდდები. ცუდია, ბედნიერება შავ სიაში რომ გადავიტანე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა ცხოვრებამ. ახლა მიდგას პერიოდი _ «ბრძოლა არსებობისთვის». დამცინა განგებამ. არადა, როგორც დიუმამ თქვა, დაცინვა ყველაფერს კლავს, სილამაზესაც კი. სილამაზის რა გითხრათ, ჯერ არ ვუჩივი მის «მოშლა-არმოშლის» საკითხს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, მასაც მოელის გარდაცვალება.

მგონი, ისევ მერევა ძილი. ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, შუალედურს რომ ეძახიან _ ძილსა და ღვიძილს შორის. სასწრაფოდ უნდა წამოვხტე, რომ გასაუბრებაზე არ დავაგვიანო. დილაა, ანიკა, სუსხიანი, მაგრამ ნათელი დილა!

ამწუთას ავდგები, ჯერ ერთ ფინჯან სუფთა ჰაერს დავლევ, მერე კი ყავას. გამოვაღებ ფანჯარას, შევისრუტავ ნაზამთრალი თებერვლის დღის ნოტიო სურნელებას და თან ყავას მივაყოლებ. პარალელურად ჩემი სარკმლის წინ მოქანავე ბროწეულის ხეს მივესალმები და ვკითხავ: «როდის დადგება შენი გაზაფხული?»

ძალიან კი მეზარებოდა თბილი ლოგინიდან გამოძრომა, მაგრამ დრო არ ითმენდა. ძლივს რაღაც ვაკანსია გამოჩნდა, მართალია, დროებითი, მაგრამ ჩემთვის სუნთქვასავით აუცილებელი. ეჰ, მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ გაგიჟდებოდა. არაფრით არ მომცემდა იქ წასვლის ნებას. შენ და მდივანი? მე ამისთვის არ გამიზრდია შვილიო… ადრე ასე იყო, ახლა სხვანაირადაა. თავის დაფასების დრო წავიდა, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. რა უჭირს მერე, მდივანი თუ ვიქნები? სულ ასე ხომ არ გაგრძელდება? იქნებ ერთხელაც ვიღაცამ დაინახოს ჩემში კარგი ორგანიზატორის თვისებები, ან კარგი მენეჯერის, ან მარკეტოლოგის… ყველაფერი ხდება. რაც მთავარია, ნორმალური ხელფასი მექნება და მე და ბებო ცოტას ამოვისუთქავთ. თავის რჩენა ხომ გვინდა. ბებოს პენსია რას გვეყოფა? აქამდე კიდევ ვუძლებდი, რადგან ყველაფერი გავყიდე, რაც სახლში ღირებული გვქონდა. როცა შინ გასაყიდი არაფერი დარჩა, ბინაც მივაყიდე და საბურთალოდან დიდ დიღომში გადავსახლდი. თავიდან თვალს ვარიდებდი ბათქაშჩამოყრილ კედლებსა და სააბაზანოში გვალვიან მიწასავით დახეთქილ-დაბზარულ კაფელს, მერე კი ნელ-ნელა ამასაც შევეჩვიე. სამაგიეროდ, ვერგამეტებულმა ანტიკვარულმა ავეჯმა ცოტათი გამოაკეთა აქაურობა. შევეგუე. ამას კი შევეგუე, მაგრამ ბებია დამრჩა მოუნელებელ დარდად. ის წილკანში ცხოვრობს და არაფრით არ გამომყვა თბილისში, «ყუთში» გამოკეტილი ვერ ვიცხოვრებო. მეც მთელი კვირა გზაზე ვარ გადებული _ წილკანი-თბილისი, თბილისი-წილკანი. კიდევ კარგი, ახლოსაა და დიდხანს მგზავრობა არ მიწევს. ისე, ამანაც მიშველა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი _ გადატანილ უბედურებაზე დაფიქრების დრო ნაკლებად მრჩებოდა. თუმცა, ხომ გაგიგონიათ, გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო. ბებიას სკლეროზი თანდათან უფრო რთულ ფორმაში გადაუვიდა. ხან ყველაფერი ახსოვს, ხან უეცრად ელემენტარულიც კი ავიწყდება. გარდა ამისა, სახლიდან დაიწყო გაპარვა და რომ არა მეზობლის ვენერა, ვინ იცის, რა მეშველებოდა. აბა, წარმოიდგინეთ, სად უნდა ეძებო მარტომ მეხსიერებადაკარგული მოხუცი?

ვენერა ოქრო ქალია. მთელი დღე ყურადღებას აქცევს ნინუცა ბებოს. როცა «გაქრება», ეგრევე მირეკავს და დავრბივარ მერე თოხარიკი ცხენივით წილკანის შემოგარენში ან სულაც თბილისში. ერთხელ სასაფლაოზე ვიპოვე, დამხობოდა მამაჩემის და დედაჩემის საფლავს და მწარედ მოთქვამდა. გული დამეთუთქა.



და აი, კომპანიის მენეჯერის წინ ვზივარ. კითხვებს მისვამს, მეც ვპასუხობ. ყოჩაღად ვარ. მე ხომ დილით ერთი ფინჯარი ჰაერი და ყავა მივირთვი…

გასაუბრებამ არცთუ ურიგოდ ჩაიარა. ის ქალი სულ თავს აქნევდა მოწონების ნიშნად და რა ვიცი, იქნებ გამიმართლოს. სულ სამნი ვიყავით. არც ის ორი გოგო ჩანდა ურიგო, ცოცხალი თვალები ჰქონდათ. მგონი, ჩემზე უმცროსებიც კი იყვნენ. გააჩნია, რა კუთხით ირჩევს კომპანიის ხელმძღვანელი, მირზა მირზაშვილი თავის მდივნებს _ ასაკის, გარეგნობის თუ ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით.

მირზა მირზაშვილი… ყოველთვის მაღიზიანებდა გვარ-სახელის ერთი ფუძე. რა უბედურებაა, გვარი და სახელი ერთმანეთს ჰგავდეს? ასე მგონია, ასეთ შემთხვევებში მშობლებს ფანტაზია არ ჰყოფნით. ერთი მეგობარი მყავს, ლოლა ლოლაძე და ის ხუმრობს ხოლმე, დედაჩემს დამახსოვრების უნარი არ ჰქონია და ამიტომ გაუადვილა მამაჩემმა საქმეო.

მირზა… პოეტური სახელი კი არის, ვერაფერს იტყვი. ისეთი სახელია, სიძველის სუნი რომ უდის, თითქოს შორეული საუკუნეებიდან მონაბერი ნიავი გელამუნება სახეზე. ამირ-ზადე, მირზა ბატონიშვილი… საუფლისწულო სახელია. მერე კიდევ მირზა გელოვანი… ახლოსაა ეს სახელი რომანტიკასთან. თვითონ როგორი ტიპია ნეტავ? თუ ამართლებს თავის სახელს? ვნახოთ. თუ ამიყვანს მდივნად, გამოჩნდება.

დაგირეკავთო, გაპრანჭულმა მენეჯერმა მითხრა და მეც გამოვემშვიდობე.

ძლივს მივლასლასებდი სახლისკენ, აღარაფრის იმედი არ მქონდა. ამხელა კომპანიის შეფი ალბათ ან უფრო გამოცდილს აიყვანს, ან უფრო სექსუალურს. აი, ის გოგო რომ იყო, თათა, თვალებს რომ აბრიალებდა და ხუთი ზომის მკერდს რომ ათანთალებდა ღრმა დეკოლტეში.

ერთი სიტყვით, ჩემი ბინის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, საბოლოოდ ვიყავი დარწმუნებული, რომ არავითარი შანსი არ მქონდა. დივანზე მივეგდე და თვალები ჭერს მივაშტერე. მექანიკურად ღიღინიც კი წამოვიწყე: «ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდებაააა»…

უეცრად მობილურმა დაიწკრიალა. ვიფიქრე, მორიგი სიურპრიზია, ალბათ ბებო ისევ გაიპარა-მეთქი და ფეხის თითებით მოვწიე ჩემკენ დივნის კუთხეში მიგდებული ხელჩანთა, რომ მობილური ამომეღო.

ჩემდა გასაოცრად, მეზობლის ვენერას მაგივრად, მამაკაცის ხმა გაისმა.

_ ალო, გისმენთ! _ შეცბუნებულმა ვუპასუხე.

_ ანიკა ახვლედიანი ხართ?

_ დიახ. _ რაღაცნაირად დავიძაბე.

_ მირზა მირზაშვილი გირეკავთ. _ გამეცნო მამაკაცი და კინაღამ მეტყველების უნარი დავკარგე.

ჩემი მომავალი უფროსი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

_ შეგიძლიათ პარასკევს, სამის ნახევარზე ჩვენთან მოხვიდეთ?

_ რა თქმა უნდა. _ რაც შემეძლო, მშვიდად ვუპასუხე.

_ გმადლობთ, გელოდებით. _ და ეგრევე გამითიშა.

ვაუ! რა უცნაურია, როდის იყო, უფროსები თვითონ ურეკავდნენ შერჩეულ კანდიდატებს? რაღაცაშია საქმე. ან მთლად წყალწაღებულია ეს სამშენებლო კომპანია, ან კიდევ… ან კიდევ, არ ვიცი. ვნახოთ, ვნახოთ…



პარასკევს საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე _ ჩემი საუკეთესო ლიმონისფერი პიჯაკი ჩავიცვი, შავი შარვალი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და როცა «მინიტაუნს» მივუახლოვდი, შევეცადე, საქმიანი ქალის გამომეტყველება მიმეღო, თუმცა ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. მისაღებში ოცდაათიოდე წლის სიმპათიური, ორსული ქალი იჯდა. ალბათ ის, რომელიც მე უნდა შემეცვალა.

_ გამარჯობათ. მე ანიკა ვარ, ახვლედიანი. _ თავაზიანი ღიმილით მივესალმე მდივანს.

_ სასიამოვნოა. ბატონი მირზა გელოდებათ. _ ფეხმძიმე ქალი წამოდგა და უფროსის კაბინეტის კარი შეაღო. _ ახალი მდივანი მოვიდა, ბატონო მირზა! _ გავიგონე მისი ნათქვამი.

დირექტორის პასუხი ვერ მოვისმინე, რადგან ნერვიულობისგან თვალებზე ბინდი გადამეკრა და სმენა დამეხშო, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, კარის ზღურბლზე რომ აღმოვჩნდი.

_ მობრძანდით… აგერ დაბრძანდით. _ რბილი ტონით მიმიპატიჟა მამაკაცმა და სავარძლიდან წამოიწია.

ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. მაღალი, ახოვანი, ძალიან სიმპათიური და მწვანეთვალება. ასეთი გარეგნობის კაცებს, ჩვეულებრივ, ქალებისთვის ღვთის წყალობად წარმოუდგენიათ თავი.

კომპანიის ხელმძღვანელმა ყურადღებით შემათვალიერა.

_ ახალგაზრდა ყოფილხართ. _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და საზურგეზე ნებივრად გადაწვა.

ეს რა, დანაშაულია? აქამდე არ იცოდა? როცა ჩემს მონაცემებს გაეცნო, ხომ ნახა, რომ 26 წლის ვარ?

_ და ძალიან კარგი სპეციალისტი. _ თითქოს ჯიბრზე დავამთავრე მისი ფრაზა. ნამდვილად არ მქონდა თავმდაბლობის დრო. თავს თუ არ წარმოვაჩენდი, როგორც თავდაჯერებული და საქმიანი ქალი, წასული იყო ჩემი საქმე.

_ ამას შემდეგი დღეები გვიჩვენებს. _ თვითონაც ჯიბრიანად მომიგო, თან

თვალს არ მაშორებდა.

_ რით დაგაინტერესათ ამ სამუშაომ? _ მედიდურად მკითხა.

ერთი ამას უყურეთ! შენმა მზემ, შენც ისეთ თანამდებობას მთავაზობ, შურით გასკდებიან უმუშევრები! რას გადამეკიდა, თუ მიღება უნდა, მიმიღოს და მორჩა! _ ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ მეკიდებოდა ბრაზი.

_ დაინტერესების რა გითხრათ… უბრალოდ, ძალიან მჭირდება სამუშაო.

_ ანუ?

_ ანუ… _ ცოტათი დავიბენი, ემანდ კარში არ გამისროლოს-მეთქი. _ მდივნობა სულაც არ არის ჩემი მოწოდება და არც ისეთი თანამდებობაა, დავხარბდე, მაგრამ ჩემი პროფილით ძნელია სამსახურის შოვნა, ამიტომ დროებით ამასაც დავჯერდები.

აი, თავხედობის დონე. თითქოს მე კი არა, ჩემი პირით სხვა ლაპარაკობდა. სულაც არ მინდოდა, მის თვალში ამპარტავანი და მედიდური გამოვჩენილიყავი. არ ვიცი, საიდან მომადგა ენაზე ეს სიტყვები. უცებ, რატომღაც, თავის გამოჩენის სურვილი დამეუფლა.

ჩაიცინა და თავი ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გააქნია.

_ მშობლები გყავთ?

ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი. რა შუაშია მშობლები ჩემს სამსახურთან? მეგონა, მკითხავდა, რა პროფეიის ხარო. ჭარხალივით გავწითლდი, გაჭირვებით გადავაგორე ნერწყვი და მიმქრალი ხმით მივუგე:

_ არა, ობოლი ვარ.

_ არც ქმარი?

ქმარიო… მეუღლე მაინც ეთქვა. ნამდვილი გორსალაა, ზრდილობა ვერავინ ასწავლა ნეტავ? ან ის არ აინტერესებს, ობოლი რატომ ვარ?

_ არც მეუღლე. _ ხაზგასმით ვუპასუხე.

_ აჰა… იმედია, დამატებითი საათების გამო პრობლემები არ შეგექმნებათ…

გული ლამის ამომივარდა საგულიდან. გამოდის, არც ისე ცუდადაა საქმე.

_ არა, არ შემექმნება. ზედმეტი დრო ზედმეტად მაქვს. _ წავიოხუნჯე.

ერთხანს მიყურა, თვალს არ მაცილებდა, თითქოს ყოყმანობსო. მერე კი, როგორც იქნა, ბოლო შეკითხვაც დამისვა:

_ როდის შეუდგებით მუშაობას, იქნებ ორშაბათიდან?

_ იყოს ორშაბათიდან. _ თავი დავხარე, სიხარული რომ დამემალა.

მირზაშვილმა კიდევ ერთხელ დაჟინებული მზერა მესროლა, თმის ძირიდან ფეხსაცმლის ჭვინტამდე ჩამათვალიერა, მერე მომხიბვლელად გამიღიმა და თქვა:

_ მაშინ ორშაბათამდე…

მისაღებში გამოსულმა ვიგრძენი, როგორ დამცვაროდა მთელი სხეული ოფლით. როგორც იქნა, ვეღირსე სტაბილურ სამსახურს. ქუჩა-ქუჩა აღარ მომიწევს წანწალი. რა მაგარია!

_ თქვენ რა გქვიათ? _ ყოფილ მდივანს შევეკითხე და წინ ჩამოვუჯექი.

_ ირა.

_ პირველია? _ თვალით ბურთივით მუცელზე ვანიშნე.

_ დიახ, პირველი… ბიჭია, _ «მახარა».

_ გილოცავთ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ.

_ მადლობა, ანიკა. _ გამიშინაურდა ქალი.

_ იცით, რა მაინტერესებს, ირა? _ მოულოდნელად დამებადა კითხვა და თავი მისკენ ისე მივწიე, თითქოს დიდ საიდუმლოს ვუმჟღავნებდი, _ გუშინწინ თვითონ დამირეკა და დამიბარა და… ყოველთვის ასე იქცევა? ცოტა გამიკვირდა. როდის იყო, დირექტორები თვითონ ურეკავდნენ თანამშრომლებს…

_ ა, ეს ახასიათებს, _ გაეცინა ირას. _ მისთვის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს და აქცენტს. ხმა თუ არ მოეწონა, ან კუთხური აქცენტი თუ აქვს გოგოს, ასეთს მდივნად არ აიყვანს.

_ ააა, აი, თურმე რა ყოფილა. _ მეც გამეცინა.

_ როგორც ჩანს, თქვენი ხმა მოეწონა. თან გაპრანჭულადაც არ საუბრობთ, არც აქცენტი გაქვთ. მე რომ ამიყვანა, მაშინ ერთი გოგონა იყო სამეგრელოდან, ისე არბილებდა ლ-ს, კინაღამ გაგიჟდა, მეორედ ასეთები კანდიდატთა სიაში არ ჩამისვათო. ერთი კიდევ ძალიან «სვეცკობდა», ისე წელავდა სიტყვებს. იმაზეც იგივე რეაქცია ჰქონდა. უბრალო კაცია და უბრალო ადამიანები მოსწონს.

_ უბრალო კაცია? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, სულაც არ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება.

_ მართლა კარგი ადამიანია, თვითონაც ნახავთ. მოგეწონებათ. ისეთი გულისხმიერი ადამიანია, არ ვიცი. სულ მეხმარებოდა ეს თვეები, შეღავათს მიკეთებდა. ფულითაც დამეხმარა, რა ვიცი… _ უხერხულად გაიღიმა ირამ.

_ ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგო. _ დავემშვიდობე ყოფილ მდივანს და ფრთაშესხმულივით წამოვედი.



თებერვალი ბოლო დღეებს ითვლიდა. გაუთავებლად წვიმდა. დღეს კი გადაიღო წვიმამ, მაგრამ ისე აცივდა, აშკარა იყო, მოთოვდა.

ღამით ცუდად მეძინა და დილით ნაცემივით დავლასლასებდი ოთახიდან სამზარეულოში. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი, რომ სამუშაო ვიშოვე _ ხუმრობა ხომ არ იყო მირზაშვილის მდივან-თანაშემწეობა? მაგრამ ასე რამ მომიშხამა გუნება? რაღაც არ მაკმაყოფილებდა. უაზროდ დავბორიალებდი აქეთ-იქით. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, აღარც ბებია გაქცეულა ეს ერთი ხანია, არსად, მაგრამ რაღაც მაინც ვერ იყო რიგზე.

«მინიტაუნში», როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს. ზოგჯერ სამუშაო თავზე საყრელი მქონდა, მაგრამ ეს მომწონდა კიდევაც. ჩემს მოვალეობას მშვენივრად გავართვი თავი, ყველა კმაყოფილი იყო. უეცრად გონება გამინათდა. სამსახურში ყველა ანიკას მეძახდა, ის კი, პატივცემული შეფი, ქალბატონო ანიკაო, ასე მომმართავდა. ჰმ… როდის გახდა მირზა მირზაშვილი ჩემთვის «ის», უკვე აღარ მახსოვს. თავდაპირველად მთლიანად სამუშაოში ვიყავი ჩაფლული. ძალას არ ვიშურებდი, რომ შენიშვნა არ დამემსახურებინა.

ერთ დღესაც, საქმიანი ციებ-ცხელება რომ მქონდა, სატელეფონო ზარმა გამომაფხიზლა.

_ მირზას სთხოვეთ, თუ შეიძლება, ანა ვარ. _ უცერემონიოდ ითხოვა ვიღაცამ და… იმ დღიდან დაიწყო: ლელა, მარი, შორენა… ქალების მთელი კალეიდოსკოპი გაიჩითა.

არა, ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო! ეს მე არ მეხება!

გემრიელად ვიბანავე და წასვლისას საკუთარ თავს სარკეში შევავლე თვალი. კმაყოფილი დავრჩი, მადლობა სარკეს!

მირზაშვილი ჯერ არ მობრძანებულიყო, ამიტომ ოფისის სრულ ბატონ-პატრონად ვიგრძენი თავი. ისედაც არ არის კომპანია თანამშრომლებით გაბევრებული. სულ ცხრა ადამიანი ვმუშაობთ, არც მეტი, არც ნაკლები.

სასიამოვნო იდილია ტელეფონის ზარმა დამირღვია.

_ მირზას სთხოვეთ, _ გაისმა ქალის ნერვიული ხმა, _ ქეთი ვარ. ანიკა, შენ ხარ, საყვარელო?

_ დიახ. _ ღიმილი მომერია. მომწონდა ეს ქეთი, ხშირად მოსულა აქ თავის მეუღლესთან ერთად. _ ბატონი მირზა ჯერ არ მოსულა. თუ გნებავთ, გადავცემ, რომ დარეკეთ.

უცებ ქეთის პასუხმა სისხლი გამიყინა ძარღვებში.

_ არა, არა ნურაფერს ეტყვი! თაზომ არ გაიგოს, რომ დავრეკე, თორემ მომკლავს. ისედაც ჭკუაზე არ არის. _ ეს თქვა და გამითიშა.

გაქვავებულივით ვიდექი. გამართლდა ჩემი ეჭვი. სხვათა შორის, ქეთის ქმარი, თაზო ბედიანაშვილი მირზას ძმაკაცია. ნუთუ მეგობრის ცოლებსაც არ ინდობს? გამომიჩნდა ესეც კაზანოვა! შევეცადე, თავიდან ამომეგდო ეს აზრი. რა ჩემი საქმეა, ვის ცოლს ჩაიწვენს ლოგინში მირზა მირზაშვილი? ფუ! ნამდვილი ურჩხულია!

ამ დროს კარმა გაიჭრიალა და ისიც გამოჩნდა.

_ რა არის ახალი? _ საქმიანად მკითხა.

«დილა მშვიდობისა» სად დატოვა? რა უზრდელია ყველაფერთან ერთად!

_ ქეთიმ დარეკა, ბედიანაშვილმა, მაგრამ არაფერი დაუბარებია.

_ ალბათ კიდევ დარეკავს. _ უდარდელად ჩაილაპარაკა და კაბინეტს მიაშურა.

ერთი ამას დამიხედეთ, რა თავდაჯერებულია! გაგულისებულმა მტრულად გავხედე დახურულ კარს და თავი ქაღალდებში ჩავრგე.



ის იყო, შესვენებიდან დავბრუნდი, რომ შიდა ტელეფონი აწკრიალდა, რომლითაც უფროსი მიკავშირდებოდა.

_ ქალბატონო ანიკა, შემოდით ჩემთან!

ბლოკნოტს წამოვავლე ხელი და შევედი… ნახევარი საათი ვიწერდი შეფის ინსტრუქციებს. უცებ ისევ დარეკა ტელეფონმა. მირზაშვილი ყურმილს დასწვდა.

_ ქეთევან! _ შესძახა და სახე ღიმილმა გაუნათა, _ რა ქარმა გადმოგაგდო ამ ხაზზე? _ გაეხუმრა.

სკამზე უხერხულად ავწრიალდი. წამოვიწიე. «ქარის გადმოგდებულთან» რომ დაასრულებს ჭუკჭუკს, მერე შემოვალ-მეთქი, მაგრამ მირზამ ხელით მანიშნა, დარჩიო.

_ ტყუილად ნერვიულობ, ქეთო! არა მგონია, გაყრა უნდოდეს. გეჩვენება რაღაც.

მართალი ბრძანდება ბატონი შეფი. თაზოს ისე უყვარს თავისი ცოლი, დაშორება აზრადაც არ მოუვა, მაშინაც კი, თუკი ყველაფერს გაიგებს.

საბედნიეროდ, მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა.

_ კარგი, კარგი, დამშვიდდი. როგორმე გამოვნახავ დროს და ხვალ სადმე გავიაროთ. ხო, აბა რა. _ შეჰპირდა ქალს.

ოხ, როგორ მახრჩობდა ბრაზი! ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი და იქვე მიმეხრჩო!..



არა, რა! ვერ ვისწავლე ჭკუა! რა ჩემი საქმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ძმაკაცს რქებს რომ ადგამს? ეს ხომ უკვე მეტისმეტია?

_ მორჩი ისტერიკას, კარგი რა. ხომ იცი, რომ თაზო ვერაფერს ხვდება? _ რაც შეიძლებოდა, რბილად და ტკბილად მელაპარაკებოდა მირზა, _ ოოოჰ, უკვე ნერვებს მიშლი! _ წამოიყვირა უცებ და მოთმინებიდან გამოსულმა ყურმილი ბერკეტზე დაახეთქა.

_ რა არ მოგწონთ, ქალბატონო ანიკა? _ მომიბრუნდა მოულოდნელად.

გავშრი. ყველაფერს ველოდი და ამ შეკითხვას ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი ყელში მქონდა მობჯენილი, შევეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და შეფს «მე ვინ მეკითხებას» მზერით გავხედე.

_ აი, აქ მაქვს თქვენი ამპარტავნება უკვე! _ იფეთქა უეცრად, _ მაინც რა არ მოგწონთ ამჯერად?

ცალი წარბი ამრეზით ავათამაშე, თავი გვერდით გადავხარე და ჯიქურ მივახალე:

_ «ამჯერადამდე» როდის რა არ მომეწონა, უფროსო?

_ ნუ «მებლატავები», თუ შეიძლება! _ მაგიდაზე მუშტი მსუბუქად დაჰკრა, _ და გამეცი კითხვაზე პასუხი!

სხვა გზა არ მქონდა, გულახდილად უნდა მეპასუხა, თორემ შესაძლებელი იყო, სამსახურს გამოვთხოვებოდი.

_ როცა ქეთიმ დარეკა…

_ ქალბატონმა ქეთიმ. _ ირონიულად შემისწორა.

ალეწილმა თვალი თვალში გავუყარე და დაძაბული ხმით გავაგრძელე:

_ როცა ქალბატონმა ქეთიმ დარეკა, მთხოვა, ჩემმა ქმარმა არ უნდა გაიგოსო…

_ რაო, რაო? _ ეტყობა, მირზაშვილმა ის-ის იყო, გააცნობიერა, რას ვგულისხმობდი, _ თქვენ გგონიათ, ქეთინო ჩემი საყვარელია?

_ ეს მე არ მეხება! _ ხმადაბლა ჩავიდუდუნე აჭარხლებულმა.

_ მართალი ბრძანდებით! _ კვლავ აუწია ხმას და წამოდგა. მეც წამოვდექი. _ რას ვაკეთებ, როგორ ვიქცევი და სად დავძვრები, ეს თქვენ სრულიად არ გეხებათ. გასაგებია?

_ თქვენ თვითონ მკითხეთ და მეც გიპასუხეთ. მე რა შუაში ვარ? _ აღვშფოთდი და ერთიანად ავიძაგრე. ვიფიქრე, ახლა ერთს გემრიელად გამოვლანძღავ და აქედან მოვუსვამ-მეთქი.

_ თავად როგორი ხართ, ქალბატონო ანიკა? უმწიკვლო? უნაკლო? უზადო? უხინჯო? კიდევ რა სინონიმები გვაქვს, ერთი შემახსენეთ? ალბათ თქვენს პირად ცხოვრებაში ასეთი რამეები დაუშველებია, არა? ღმერთმა დაგიფაროთ, ხომ? _ არ ცხრებოდა შეფი.

ისე შეურაცხოფილად ვიგრძენი თავი, მზად ვიყავი, მეცრუა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, რომ მამაკაცები კაბის კალთებს მახევდნენ, რომ… რომ… მაგრამ რომ-ის გარდა ერთი სიტყვაც ვერ დავძარი, ენა დამება.

_ რომ… _ საცოდავად ამოვიკნავლე და გავჩუმდი.

_ მე კი ერთი უნიათო გოგო მეგონეთ… კანცელარიის ვირთხა… უფრო სწორად, წრუწუნა!

წრუწუნაო!.. ამას ვინ ჰგონია თავისი თავი? ენა როგორ უბრუნდება ასეთი რამის სათქმელად? არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ქალი არ გადაყლაპავდა მსგავს შეურაცხყოფას.

_ ყოველ შემხვევაში, ჩემნაირი წრუწუნა ვირთხა არასდროს გახდება! აი, ამით წრუწუნა ვირთხას ბევრად სჯობია! _ წავისისინე და კაბინეტიდან ტყვიანაკრავივით გამოვვარდი.

ჩემს მაგიდასთან რომ აღმოვჩნდი, მაშინღა მოვეგე გონს. ხელის კანკალით მივწვდი ლაბადას, სახელოებში ძლივს გავუყარე ხელი, ისე გავიხლართე. ანერვიულებულმა ვინანე, ასე რომ მოვიქეცი. ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე, ერთი საცოდავი მდივანი… რატომ ვაძლევს თავს ამდენის უფლებას?

_ საით თქვენი მგზავრობა? _ მომესმა მოულოდნელად ზურგს უკან შეფის ხმა.

მისკენ შევბრუნდი. მირზაშვილი კარს მიყრდნობოდა და დამცინავად, მაგრამ ინტერესით შემომყურებდა.

_ როგორც მივხვდი, გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. _ ახლა უკვე მეტი სიმტკიცე შემეპარა ხმაში.

_ ამის თაობაზე წინასწარ გაცნობებთ. _ თქვა და თავისი საფირმო ღიმილით დასძინა. _ დღეს კი გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა.

ხელები უღონოდ ჩამოვუშვი. როგორ მინდოდა ხმაურიანად გამეჯახუნებინა კარი და ამით ამომენთხია ამდენი ხნის დაგროვილი ბოღმა, მაგრამ ამის გამკეთებელი არ ვიყავი და ეს ამ ვაჟბატონმაც იცოდა…

ცივი ომი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მუშაობამ ოდნავ გამინელა ბრაზი, მაგრამ შინ რომ დავბრუნდი, კვლავ ავიფოფრე. დაწვრილებით გავიხსენე ყოველი სიტყვა, ყოველი წვრილმანი და შემეშინდა… როგორ გავბედე ამდენის თქმა? რატომ დავაყენე საფრთხის ქვეშ ჩემი და ბებიაჩემის არსებობა? ხომ შეიძლებოდა, ეშმაკურად დამეძვრინა თავი სიტუაციიდან?

ერთი სიტყვით, დასაძინებლად რომ ვწვებოდი, საკუთარ დანაშაულში საბოლოოდ ვიყავი დარწმუნებული. «ხვალ, როგორც კი მივალ, ბოდიშს მოვუხდი. სულაც არ მჭირდება მისი ყურადღება, უღრმესი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეს! ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო და მეტი არაფერი». _ ვუბრძანე ჩემს თავს და დავწექი.



მეორე დღეს დათრგუნვილი მივედი სამსახურში. ფეთიანივით ვეცი ქაღალდებს და მუშაობას შევუდექი. მალე ისიც გამოჩნდა. წამოვდექი და უსიტყვოდ მივაჩერდი. წინა ღამით მოფიქრებული საბოდიშო სიტყვები სადღაც გამიქრა, ხმა ვერ ამოვიღე. მირზამ ყურადღებით, დაჟინებით შემავლო თვალი. ჯერ ჩემი გიშრისფერი თმა შეათვალიერა, მერე კოხტად მორგებულ პიჯაკზე გადაიტანა მზერა და ბოლოს სახე და ტუჩები დამითვალიერა.

მივხვდი, ახლა თუ ვერ ვეტყოდი მირზაშვილს იმას, რაც უნდა მეთქვა, სამუდამოდ დავკარგავდი საკუთარი თავის პატივისცემას.

_ მინდა გუშინდელი საქციელისთვის მოგიბოდიშოთ, _ მონანიე ტონით ამოვთქვი და ვიგრძენი, რომ ამით გული ვერ მოვულბე. იგი ისევ ცივად მიმზერდა.

_ და მიუხედავად ბოდიშისა, ისევ ისე ფიქრობთ, არა? შეხედულება არ შეგცვლიათ ჩემზე. _ გულგრილად მკითხა.

_ დიახ. _ ისე მშვიდად მივუგე, თვითონაც სახტად დავრჩი. _ შეხედულება არ შემიცვლია. უკაცრავად.

წამით თითქოს თვალები შუშის გაუხდა.

_ მაშინ თქვენი ბოდიში ანულირებულია. _ გამომიტანა განაჩენი.

თავი სრულ იდიოტად ვიგრძენი. რა საკუთარი თავის პატივისცემაზე იყო ლაპარაკი? ჩემი ბოდიშიც კი არ მიიღო. თვითონ ქმრიან ქალთან დაძვრება, თანაც ვისთან, ძმაკაცის ცოლთან და ჩემგან ბოდიშსაც კი არ იღებს. ოხ, რა სიამოვნებით ჩავაფეთებდი მაგ მწვანე თვალებში გემრიელ მუშტს, ნეტავ იცოდეს!

ერთი საქაღალდე გამზადებული დოკუმენტაციით მაგიდაზე დავუდე და გამოვბრუნდი.

ამ დროს შეფის ხავერდოვანი ხმა მომესმა:

_ დანარჩენი ხვალისთვის გადადეთ, ანიკა!

რაო? ანიკაო? ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა. ეს პირველი შემთხვევა იყო, ჩემს სახელს წინ ქალბატონო რომ არ წაუმძღვარა. მოზღვავებულმა სიხარულმა ლამის წამლეკა. რას მიქვია გადავდო, უამრავი საქმეა, როგორ შეიძლება გადადება? _ ავწრიალდი, მაგრამ რა ავწრიალდი. ძლივს ადამიანურ მიმართვას ვეღირსე და ახლა მე რაღა გამაჩერებს? მაგრამ სწორედ ამ დროს გამახსენდა, რომ დღეს ქეთისთან ერთად უნდა გაესეირნა. აი, თურმე რატომაა კარგ ხასიათზე.



შესვენებიდან რომ დავბრუნდი და ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი, მირზას ოთახიდან გაცხარებული კამათის ხმა შემომესმა. კარი ოდნავ შეღებული იყო და ყველაფერი გარკვევით ისმოდა.

_ რა თამაში წამოიწყე, ანა? რაღაც ვერ ვხვდები, საით უმიზნებ! _ მკვახედ ეკითხებოდა ვიღაცას მირზაშვილი.

_ რა მოგდის? განსაკუთრებული არაფერი მითქვამს. _ ქალის გაპრანჭული პასუხი მომწვდა.

_ არ გითქვამს! ჩემი თვალის ახვევას ნუ ცდილობ. არ გამოვა ეგ საქმე, თვითონაც კარგად იცი. მე შენ არაფერს შეგპირებივარ.

_ გაგიჟდი? რას ამბობ, მირზა! თავში აზრადაც არ გამივლია მსგავსი არაფერი. უბრალოდ, ქეთის ვუთხარი, აგარაკის ყიდვას აპირებს და მიხარია-მეთქი.

_ აპირებს კი არა, ვაპირებთო, გითქვამს. ასეთი უხეში შანტაჟი ჩემთან არ გაგივა, გასაგებია შენთვის?

_ მე მხოლოდ ის მინდოდა…

_ ვიცი, რაც გინდოდა. _ უხეშად გააწყვეტინა ქალს, რომელსაც ხმა დაუწვრილდა, შეიძლება ატირდა კიდევაც, _ ჩემს გეგმებში შენი ცოლობა არასდროს შედიოდა და შენ ამის შესახებ ჩვენი ურთიერთობის პირველივე დღიდან იცოდი. მგონი, უკმაყოფილო არ დამიტოვებიხარ.

_ როგორ მიბედავ ასეთ ლაპარაკს? _ აწივლდა ქალი. _ ისე მელაპარაკები, როგორც «პრასტიტუტკას»! ვის რა ჭირად უნდა შენი ცოლობა, შე ტილიანო! სიმართლე თუ გინდა იცოდე, ფეხებზე ! _ შემდეგ სკამი გახრიგინდა, ქალის ქუსლების პაკაპუკი გაისმა და კარი გაიღო თუ არა, სახეაჭარხლებული, თვალებდაწილებული მაღალი ქალი გამოვარდა მირზაშვილის კაბინეტიდან. იგი აქამდე არ მენახა. გაოცებული მივაჩერდი და მისასალმებლად მოვემზადე, მაგრამ მას ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე გავარდა მისაღებიდან.

_ ეს ვინღაა? _ სწორედ ამ დროს შეფი კაბინეტის კარის ზღურბლს მოადგა.

შეშინებულმა გავხედე.

_ შენ რა, ყურს გვიგდებდი?

მოულოდნელად ფეხები თითქოს ბამბის გამიხდა, ხოლო სახე ისე მომეღრიცა, რამდენიმე წამით კრინტი ვერ დავძარი, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში და მტკიცედ მივუგე:

_ ძალიან ნუ გახვედით თავს, უფროსო! თქვენი ყურისგდება ჩემს ინტერესებში არ შედის. შესვენებაზე ვიყავი გასული და რომ მოვბრუნდი, ჩემი მოვალეობის შესრულებას შევუდექი. ჩემი ბრალი არაა, თუ თქვენ ქალები კაბინეტში გივარდებიან გამოსალანძღავად!

ცოტა არ იყოს, დაიბნა, ჩემგან ასეთ ტონს არ ელოდა, მერე კი ოდნავ დამშვიდებული ხმით თქვა:

_ და კარი რატომ არ მოხურე?

_ კარი მე არ დამიტოვებია ღია, ასე დამხვდა. მეგონა, სპეციალურად დატოვეთ შეღებული. მე რა ვიცი!

_ ო-ჰო-ჰო… ბრჭყალებიც გამოვაჩინეთ. აი, კიდევ ერთი ჩემი საიდუმლოს «მფლობელი» გახდით. ალბათ აწი თქვენგან უნდა დაველოდო შანტაჟს, არა?

_ თქვენ უბრალოდ… უბრალოდ… _ გაწიწმატებულმა საჭირო სიტყვა უცებ ვერ ვიპოვე, _ ძალიან ულმობელი ხართ!

_ მე ვარ ულმობელი? გოგო, ცოტა დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი! _ დამიღრიალა, _ როცა ისმენ ისეთ რამეს, რაც შენმა ყურებმა არ უნდა მოისმინოს და ამაზე შენიშვნას გაძლევ, მობოდიშების ნაცვლად უნდა დამადანაშაულო და მითხრა, ულმობელი ხარო?

_ ნუ მიყვირით, თუ შეიძლება, _ ძალიან მშვიდად შევეპასუხე, _ მე თქვენი საყვარელი არ ვარ, მე თქვენი მდივანი ვარ და, სხვათა შორის, სანიმუშო მდივანი, ამიტომ თქვენგან ამ შენიშვნას არასდიდებით არ მივიღებ. არ მაკადროთ და არ გაკადრებთ. ჩემი უფროსი რომ ხართ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ.

ჩემდა გასაკვირად, გაჩუმდა, პასუხი არ გაუცია. მერე უცებ გატრიალდა და კაბინეტში შევიდა. ერთიანად ვცახცახებდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გამოვიდა. ხელში თაბახების კონა ეჭირა.

_ ეს ჩემს იურისტთან წაიღე და დაამოწმებინე. დღესვე! ხვალ დილით მაგიდაზე მედოს, ძალიან მჭირდება! _ ამ სიტყვებით ქაღალდები აგდებულად წინ დამიყარა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

ახლა კი უარესად გავბრაზდი, მაგრამ რას გავაწყობდი? წამოვავლე ჩემს ჩანთას ხელი, თაბახები საქაღალდეში ჩავალაგე და იღლიაში ამოვიჩარე. ხოლო გასვლისას ისე გამოვიჯახუნე კარი, ლამის ამოვაგდე ანჯამებიდან.



ის ღამე თეთრად გავათენე. თვალს დავხუჭავდი თუ არა, ვცდილობდი, წარმომედგინა, რას აკეთებდა თავისი ძმაკაცის ცოლთან. ერთ ქალთან ნაჩხუბარი მეორესთან როგორ გაერთობოდა. ბრაზისგან ბალიშსაც კი დავუშინე მუშტები. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ეს ბალიში მირზა მირზაშვილის თავი რომ ყოფილიყო…

დილით ძლივს გავახილე თვალები. სადღაც გამთენიისას წამართვა ძილმა თავი და გავითიშე. გაღვიძებაც გამიჭირდა და ადგომაც. არადა, შეფისთვის უნდა მიმესწრო და დამოწმებული ხელშეკრულებები მაგიდაზე დამეხვედრებინა.

ის იყო, გასვლას ვაპირებდი, რომ ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა. ასე ადრე ბებია თუ დამირეკავდა, სხვა არავინ, მაგრამ ბებია არ აღმოჩნდა. ვენერა იყო, რომელმაც მაუწყა, ბებიაშენი ისევ გაიპარა და ვერსად ვპოულობო.

კისრისტეხით დავეშვი კიბეზე. ისე ულაზათოდ ვადგამდი ფეხებს, თითქოს კაცი ვყოფილიყავი. ტაქსი გავაჩერე და წილკანში გავქანდი. საცაა, თოვას დაიწყებდა. ნეტავ პალტო თუ მაინც აცვია? ამის გაფიქრებაზე შემაჟრჟოლა. იქნებ უკვე დაბრუნდა შინ? ასეთ ამინდში შორს ხომ ვერ წავიდოდა.

ამაოდ ვინუგეშებდი თავს. სოფელში ჩასულს სახლის კარი ღია დამხვდა, მაგრამ ბებია არსად ჩანდა. მოულოდნელად გონება გამინათდა. წინა «გაქცევის» დროს ბებო ჩვენს ძველ სახლში დაბრუნდა, რომელიც გავყიდეთ. კვლავ გავაჩერე ტაქსი და ახლა ჩვენი ყოფილი ბინისკენ გავქანდი.

ჩემი ვარაუდი გამართლდა. სწორედ მაშინ შეაჩერა მძღოლმა მანქანა ტროტუართან, როცა ჩემი ბებო სადარაბაზოში აპირებდა შეცუხცუხებას.

_ ბებიკო! _ დავუძახე.

ჩია მოხუცი შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა.

_ ანიკა, აქ ხარ, შვილო? წეღან გივიკო შემხვდა, ჩვენი ძველი მეზობელი. მოტოციკლი უყიდია და შემპირდა, გაგასეირნებო.

ღმერთო, რა დროს მოტოციკლია, სამსახურში დამაგვიანდა! _ გავიფიქრე, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს ვუთხარი:

_ ჰო, ბებო, გაგასეირნებს, მაგრამ ახლა ჩემთან უნდა წავიდეთ…



პირველი ხდებოდა, სამსახურში რომ მივედი. ფართხაფურთხით ჩავჩურთე ჩანთა მაგიდის უჯრაში და კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გამიხარდა, შეფი ადგილზე რომ არ დამხვდა, მაგრამ სიხარული არ დამცალდა. მოულოდნელად მისაღების კარი გაიღო და მირზა წინ ამესვეტა.

_ რაკი ბრმა ნაწლავის შეტევით საავადმყოფოში არ მოხვდით, იქნებ პატივი დამდოთ და მითხრათ, სად დასეირნობდით? _ მისი სარკასტული ტონი მაგიჟებდა.

_ ოჯახური პრობლემები მქონდა, ბატონო მირზა, მაპატიეთ. _ როგორც იქნა, ამოვღერღე იმ იმედით, რომ იგი ჩემს აწითლებულ სახეს ვერ შეამჩნევდა.

_ ასეთი რა ოჯახური პრობლემები გამოგიჩნდათ? _ არ მეშვებოდა, _ რა, ერთმანეთთან დაშორება გაგიჭირდათ?

ნერვებმა მიღალატა და თავი ვერ შევიკავე:

_ თქვენსავით წესების გარეშე არ ვცხოვრობ! და, თუ შეიძლება, საკუთარი ცხოვრების მიხედვით ნუ მსჯელობთ! _ ჯიქურ მივახალე.

აი, ახლა კი ნამდვილად მიმახრჩობს ჩემი ძვირფასი შეფი. რა მრჯის, ჩემსას რომ არ ვიშლი, რატომ მისწრებს ენა ყოველთვის წინ, რატომ? ამის გაფიქრებისთანავე შევეცადე შეცდომის გამოსწორებას:

_ გვიანობამდე დავრჩები, ყველაფერს გავაკეთებ…

_ კარგადაც მოიქცევით. ყველა ხელშეკრულება დღესვე მჭირდება. იმაზე რა ქენით, გუშინ რომ გადმოგეცით? თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაგიდაზე უნდა დამხვედროდა, მაგრამ დილით რატომღაც, ვერ შევამჩნიე. _ უხეშად შემაწყვეტინა და ნიშნის მოგებით გამიღიმა.

ამქვეყნად არავინ და არაფერი შემძულებია ისე, როგორც იმწუთას მირზაშვილი მძულდა.

_ სამაგიეროდ, ახლა გიდევთ მაგიდაზე. _ ვალში არ დავრჩი და თავხედურად მივუგე.

_ ვნახოთ, ვნახოთ… დღეს მე არ ვიქნები, მალე უნდა გავიდე. _ თქვა და ჩემს ფერად ოთხკუთხა ქაღალდებს, ჩასანიშნად რომ ვიყენებდი ხოლმე, ერთი ცალი მოაძრო, წებოდაკრულ მხარეზე ამოატრიალა, ჯიბიდან მრგვალბურთულიანი რონდო ამოიღო და გაკრული ხელით მისამართი წააწერა. _ ეს ქეთის სახლის მისამართია, გვიანობამდე იქ ვიქნები. როცა ყველაფერს მორჩებით, იმედია, არ დაიზარებთ და მასალებს იქ მომიტანთ.

თავხედობის დონე ნახეთ! ამ თავისი კრეტინული მასალების გამო სადღაც უნდა მაწანწალოს, ვითომ ხვალ დილით ვერ მოასწრებდა დოკუმენტაციის აღებას! სამაგიეროს მიხდის.

უნებურად თვალი ფანჯრისკენ გამექცა. თოვლი წამოსულიყო. მირზამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას. რატომღაც, იღიმოდა.

ისვე მომეძალა სიძულვილი. თანხმობის ნიშნად მორჩილად დავუქნიე თავი და სქელი საქაღალდე წინ დავიდე. გული მერეოდა იმის გახსენებაზე, რომ გვიანობამდე უნდა მემუშავა და მერე საყვარელთანაც უნდა მიმეკითხა მისთვის. ვიფიქრე, ამ ბოლო დავალებას გავაპროტესტებ-მეთქი, მაგრამ შეფის თვალებში გამკრთალმა ეშმაკურმა ნაპერწკალმა იძულებული გამხადა, პროტესტზე უარი მეთქვა.

_ კიდევ რას მიბრძანეთ? _ საქმიანი შეკითხვა დავსვი.

მამაკაცის თვალებში წამით, მხოლოდ წამით გაიელვა რაღაცამ, აღფრთოვანების თუ მოწონების მსგავსმა, რაც ეგრევე დავიჭირე, მაგრამ რადგან არაფერი მითხრა, ვიფიქრე, რომ შევცდი და ეს ყველაფერი მხოლოდ მომეჩვენა.

კაბინეტში შესული დიდხანს არ დარჩენილა, ორიოდე წუთის შემდეგ ჩაცმულ-დახურული გამოვიდა და ჩემს მაგიდასთან კიდევ ერთხელ შედგა. ცოტა ხანს დაჟინებული მზერით შემომცქეროდა, შემდეგ კი, თითქოს სახეზე მათრახი გადამაწნაო, მითხრა:

_ ასე რომ, პაემნის გადადება მოგიწევთ, ბრაზიანო ანიკა. _ და გავიდა.

მზად ვიყავი დამეფიცებინა, რომ გასვლისას მირზა მირზაშვილი უსტვენდა _ ნება-ნება, უდარდელად.

გამალებით შევუდექი მუშაობას, მთელი დღე თავი არ ამიწევია, ყავის დალევაც კი გადამავიწყდა. ცხრა ხელშეკრულება მქონდა შესადგენი, მერე დასაბეჭდი და ბოლოს ამოსაბეჭდი. ქანცი გამწყდა. საღამოს რვა საათისთვის დავამთავრე მუშაობა _ ლიმონივით ვიყავი გამოწურული. მიუხედავად ამისა, გულში ვზეიმობდი, რომ მის ჯინაზე მაინც მოვასწარი. ტრიუმფის გრძნობას მირზას მიმართ დაუძლეველი სიძულვილი ერთვოდა. დეგენერატი მექალთანე! როგორ მძულს, როგორ მძულს ეს კაცი, ნეტავ იცოდეს! ალბათ ახლა თავის ქმრიან საყვარელთან ერთობა. უნამუსო!

გამზადებული დოკუმენტაცია საქაღალდეში ჩავალაგე და ქუჩაში გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. კიდევ კარგი, ტაქსი უცებ გამოჩნდა, თორემ ისე ციოდა, ალბათ ცოტაც და ძვლები გამეყინებოდა. თოვას გადაეღო, მაგრამ ყინავდა. ისე მციოდა, სიცივისგან მაძაგძაგებდა. ბებას დღევანდელმა საქციელმა მთლიანად ამომაგდო კალაპოტიდან. კარგი იქნება, ფილტვების ანთებას თუ არ ავიკიდებ. დილიდან რომ ჩამეჭრა სიცივე, ვერა და ვერ მოვახერხე გათბობა. მთელი დღის უჭმელი შიმშილმაც შემაწუხა. რაღაც რომ არ მეჭამა, გული წამივიდოდა.

როგორც კი მანქანა ქეთის კორპუსს მიუახლოვდა, მძღოლს ეგრევე გაჩერება ვთხოვე, რადგან იქვე კაფეს მოვკარი თვალი. ხტუნვა-ხტუნვით შევვარდი შენობაში და ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე.

დრო თითქოს უსაშველოდ გაიწელა. როგორც იქნა, მაღირსეს, მაგრამ რად გინდა _ ყავაც და ნამცხვარიც საშინელი უგემური გამოდგა. მაინც მივეძალე, ახლა ჭირვეულობის დრო არ იყო. ნაჩქარევად გადავსანსლე ნამცხვარი, ყავაც დავლიე და გამოვედი. რის ვაივაგლახით მივაღწიე ქეთის სადარბაზომდე. კიბეს ავუყევი. ბოლო სართულზე ასულმა და უკვე აქოშინებულმა ზარი დავრეკე. კარი მალევე გაიღო და ზღურბლზე გაოცებული ქეთევანი გამოჩნდა.

ქალი ისე შეცბუნდა ჩემს დანახვაზე, თვალები დააჭყიტა.

_ მობრძანდით, მობრძანდით, _ ჩაილაპარაკა გაოცებულმა და განზე გადგა, რომ გავეტარებინე.

უეცრად ჰოლში მირზა გამოჩნდა. ტანსაცმელი გამოეცვალა, ცისფერი პერანგი და უზადოდ მორგებული შავი პიჯაკი ეცვა. ისიც გაოგნებული შემომაჩერდა.

_ თქვენ აქ რა გინდათ? ხომ მშვიდობაა? _ მკითხა.

ჩვენ სამს შორის ყველაზე გაოცებული მე დავრჩი. მზად ვიყავი, ამ თავხედისთვის თვალები ამომეჩიჩქნა.

_ თავად არ დამიბარეთ? მოგიტანეთ მასალები. დღესვე მჭირდებაო და… _ ძლივს ამოვთქვი ტირილამდე მისულმა.

_ რა იდიოტებთან მაქვს საქმე, _ უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა და ქეთის მიუბრუნდა:

_ შეიძლება კაბინეტში შევიდეთ?

ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. ჩემთვის სულერთი იყო, სად შემიყვანდნენ, სიცივისგან ერთიანად ამიტანა კანკალმა.

_ მთლად გალურჯებულხართ. _ თან თავს აქნევდა, თან წინ მიმიძღოდა.

_ თქვენც გალურჯდებოდით, ასეთ ამინდში ლაბადით რომ გევლოთ.

ისე გამომხედა, თითქოს უდიდესი შეურაცხყოფა მიმეყენებინოს.

_ მერედა, პალტო ვერ ჩაიცვით? თუ არა გაქვთ?

ყელში მქონდა ამოსული მისი დამცინავი ტონი.

_ არ მეგონა, თუ გათოვდებოდა.

_ და დილიდან რომ ექვსი გრადუსი ყინვა იყო, ეგ არაფერი? _ დამტუქსა.

კაბინეტისკენ რომ მივდიოდით, თვალი ჰოლში ჩამოკიდებული სარკისკენ გამექცა და თვალებს არ დავუჯერე _ იქიდან თმაგაწეწილი, ფერდაკარგული და ტუჩებგაფითრებული უბადრუკი არსება შემომცქეროდა.

_ დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი თანაშეწე დედამიწის ზურგზე სხვას არავის ჰყავს. _ გაიხუმრა მირზაშვილმა და პატარა ოთახში შემიძღვა.

შესვლისთანავე ელექტრობუხარი ჩართო და მითხრა:

_ ახლავე მოვალ.

ბუხართან მივიყუჟე, რომ ოდნავ მაინც გამეთბო გაყინული სხეული.

მირზა პირსახოცითა და ხაოიანი ხალათით ხელში დაბრუნდა.

_ ქეთინო სტუმრებს ვერ დატოვებს, ამიტომ მე მოგემსახურებით. იმედია, უარს არ მეტყვით. _ თქვა და მომხიბვლელად გამიღიმა.

_ გმადლობთ, არ ვსაჭიროებ არავის მომსახურებას, მე თვითონაც მოვუვლი ჩემს თავს.

_ ეჭვიც არ მეპარება. _ შემრიგებლური ტონით მომიგო, _ მაგრამ მე ხომ თქვენი უფროსი ვარ, ამიტომ ნუ მომაკლებთ ამ სიამოვნებას. _ ისევ გაიხუმრა, მაგრამ საცოდავად აკანკალებულს რომ შემომხედა, მაშინვე დასერიოზულდა. _ გაიხადეთ ლაბადა და ეს ხალათი ჩაიცვით, მალე გათბებით. მერე კი ცხელი შხაპი მიიღეთ.

ლაბადის ღილებს წავეტანე, მაგრამ ისე მქონდა თითები გაყინული, არაფერი გამომდიოდა.

მიმიხვდა. მომიახლოვდა და თვითონ ჩამიხსნა ღილები, მერე გახდაშიც მომეხმარა.

_ მე თვითონ! _ გავაპროტესტე, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით, რადგან ვიცოდი, რომ ვერც პიჯაკის გახდას შევძლებდი დამოუკიდებლად.

როცა მეხებოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მომწონდა.

_ ვხედავ, არ ხართ შეჩვეული მამაკაცისგან გახდას, ჭირვეულო ანიკა, მაგრამ მე სხვა ვარ, ჩემი არ უნდა მოგერიდოთ. _ ისე ალერსიანად მითხრა, ღიმილი ვერ შევიკავე.

_ ბლუზასაც ხომ არ გაიხდით ბარემ? აჯობებს, წყალი ახლავე გადაივლოთ, ასე უცებ გათბებით. _ და სანამ რამის თქმა მოვასწრებდი, ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამიხსნა ზედატანის ელვაშესაკრავი.

_ კიდევ დაგრჩათ რამე? _ ისე მკითხა, რომ ნამდვილად ბიუსტჰალტერის სამაგრს გულისხმობდა.

უკან გავხტი, უარის ნიშნად თავს უაზროდ ვაქნევდი და რაღაცის თქმას ვცდილობდი. ამჯერად მირზამ შეიწყნარა ჩემი უარი და დამრიგებლურად მომმართა:

_ ნუ ღელავთ, აქ არაფერი გემუქრებათ, მე ხომ სხვა ვარ.

_ აბაზანის მიღებას არ ვაპირებ, ისედაც გავთბები! _ პირქუშად ვუთხარი, გაუნძრევლად ვიდექი და ცრემლმორეული შევყურებდი მწვანეთვალება კაცს.

_ უცნაური გოგო ხართ, ანიკა. _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალებში სითბო გაუკრთა. მერე ხალათი მომაწოდა და ოთახიდან გავიდა.

ფართხაფურთხით გავუყარე უზარმაზარ ხალათში ხელები და თბილად გავეხვიე შიგნით. ელექტრობუხართან ახლოს, ხალიჩაზე ჩავცუცქდი და კარს მიღმა მხიარულ ხორხოცს მივაყურადე. ამ დროს ჩემს ზურგს უკან კარი გაიღო და სტუმრების სიცილ-ხარხარის ხმა ქარიშხალივით შემოიჭრა კაბინეტში. მოვიხედე და ჩემი შეფი დავინახე.

_ აი, ეს დალიეთ, ლიმონიანი ჩაი, ცხელი სითხე მოგიხდებათ. ცოტა გონს მოხვალთ, სანამ ვილაპარაკებთ. _ და ლანგარი მომაწოდა.

_ ვილაპარაკებთ? იმედია, აქაც არ ვიმუშავებთ! _ წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელით მანიშნა, იჯექიო.

_ ვხედავ, ძველებური რიხი დაგბრუნებიათ, _ ალერსიანად შენიშნა და სკამი ჩემკენ გამოაჩოჩა. _ ისადილეთ მაინც დღეს?

_ ამწუთას. კაფეში შევიარე, რომ ცოტა მეჭამა. დღეს ძალიან აირია ამინდი. _ ვთქვი და შევხედე. _ უკვე ჩავთბი.

_ კარგია, დალიეთ ჩაი.

ისევ დაიწყო მბრძანებლობა. ასეთი კი ნამდვილად არ მომწონს. მინდა, რომ მუდამ ალერსიანსა და ყურადღებიანს ვხედავდე. ღმერთო, რა აზრები მომდის თავში, მთლად გავრეკე! როგორც ჩანს, თოვლმა ტვინი გამიყინა.

_ მაპატიეთ, შეგაწუხეთ, დროს ტარებას მოგაცდინეთ. _ დამნაშავესავით წავიჩურჩულე და სურნელოვანი ჩაი მოვსვი. _ მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, მე თქვენს მითითებას ვასრულებდი.

_ რას ვიფიქრებდი, ასე თუ გადადებდით თავს. ბოლოს და ბოლოს, შეგეძლოთ დაგერეკათ. _ ცივად წარმოთქვა.

_ თქვენ არ გითქვამთ, დამირეკეთო… მე ახლავე წავალ. _ გამომწვევად მივუგე.

_ იჯექით, სადაც ზიხართ! არსადაც არ წახვალთ! _ გამოიტანა მირზამ გადაწყვეტილება.

შეკამათების დაუძლეველმა სურვილმა წამომიარა. ჩემი ახალშემთბარი, ყველაფრის უარმყოფელი სული შეფთან საბრძოლველად მოემზადა.

_ კიდევ რას მიბრძანებთ? იქნებ სადმე კუთხეში მივიკუნჭო გათენებამდე? _ ავიფოფრე.

_ უკეთესი ადგილის მონახვაც შეიძლება. _ გამიღიმა. იყო რაღაც მაგიური ამ ღიმილში. _ თუმცა, ცნობისათვის: ამ სახლში ყველა საძინებელი დაკავებულია.

_ როგორ? რა საძინებელი? გგონიათ, ამაღამ აქ ვაპირებ დარჩენას? მე ჩემი სახლი მაქვს. _ რაღაც საფრთხე ვიგრძენი.

_ კი არ აპირებთ, დარჩებით. ამაღამ არსად არ ვაპირებ თქვენს გაშვებას. სულაც არ მინდა, გაცივდეთ და სამსახური გამიცდინოთ. ამიტომ სხვა არჩევანი არ გაქვთ. ნუ მეკამათებით, _ გამაჩერა, როცა შეპასუხება დავაპირე. _ აქ დარჩებით და ჩემს ოთახში დაწვებით. იქ არის მეორე თავისუფალი საწოლი.

_ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია! არავითარ შემთხვევაში! ტაქსის გამოვიძახებ!

_ იმას გააკეთებთ, რასაც გეუბნებით! არ გვინდა ეს ბავშვური ჯიუტობა, კარგი? _ ტონი შეარბილა.

_ მაგრამ ქეთი… ქალბატონი ქეთის მერიდება.

_ ნუ გერიდებათ. მან უკვე იცის.

_ მერე? თანახმაა? _ ჩემდა უნებურად წამომცდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ბრძანებას თუ წინადადებას ვაპროტესტებდი, გულში მიხაროდა, მასთნ ღამის გათევა რომ მომიწევდა. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ჩემს ბინაში მარტო დატოვებული ბებიაჩემი იყო. უნდა დამერეკა.

მირზაშვილმა გამომცდელად შემომხედა და თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგონიაო, გააგრძელა:

_ ქეთინომ გასათბობი ლეიბიც ჩაგირთოთ და ღამის პერანგიც მოგიმზადათ.

აი, სასწაული! მისმა საყვარელმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მირზაშვილი სხვა ქალთან გაატარებს ღამეს. ნეტავ რას ფიქრობს, ამას რომ აკეთებს? ნუთუ ჩემში მეტოქეს საერთოდ ვერ ხედავს? ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, რითი ვარ ნაკლები?

შევთბი თუ არა, დაღლილობამ დამრია ხელი. ფინჯანი ხმაურით დავდგი ლანგარზე და წამოვდექი.

_ თითიც რომ დამაკაროთ ამაღამ, მოგკლავთ! _ რიხით დავემუქრე.

_ ასეთი სურვილი, ღმერთმა ნუ ქნას და, რომც გამიჩნდეს, თქვენ არ შეგაწუხებთ, მე თვითონ მოვიკლავ თავს. _ სიცილით გამომიცხადა.

ამწუთას მძულდა, რომ დამცინოდა. ნერვები მეშლებოდა, არარაობად რომ გამოვყავდი, მაგრამ ვერც ვაპროტესტებდი. ისევ გაჩუმება ვამჯობინე.

_ შეიძლება დავრეკო?

_ ქალაქის ტელეფონზე?

_ დიახ.

_ კი ბატონო, ახლავე შემოგიტანთ. მეგობარი მამაკაცი უნდა გააფრთხილოთ?

_ არა, ოჯახის წევრები. შინ მელოდებიან და არ მინდა, ინერვიულონ.

_ აკი… _ უნდოდა ეთქვა, შენ ხომ მშობლები არ გყავსო, მაგრამ გაჩუმდა, აღარ გააგრძელა. მიხვდა, რომ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდა.

გავიდა და ტელეფონი შემოიტანა.

_ დარეკეთ და მერე შემოვალ.

ბებიას არ ეძინა. ტელევიზორს ვუყურებო. ვთხოვე, ფრთხილად ყოფილიყო, გაზი და ელექტროღუმელი ჩართული არ დარჩენოდა. მეგობართან ვრჩები, სამუშაო მაქვს-მეთქი, მოვატყუე. ხვალამდე როგორმე გაძელი და დილას წილკანში დაგაბრუნებ-მეთქი.

ლაპარაკი დამთავრებული არ მქონდა, რომ მირზა შემოვიდა.

_ მორჩით?

_ დიახ, _ თავი დავუქნიე და ტელეფონი გავთიშე.

დერეფანში მიმავალი მის ფართო მხრებს და გამართულ ზურგს ხარბად ვათვალიერებდი. როგორ მომიხდებოდა ასეთი კაცი, ვფიქრობდი ეშმაკურად.

მირზამ საძინებლის კარი გამოაღო და წინ გამატარა. ორი საწოლი ერთმანეთის პარალელურად იდგა, მათ შუა კი ღამის ლამპა ენთო. ის იყო, ღვარძლიანად უნდა მეკითხა, ჩემი საწოლი რომელია-მეთქი, რომ გვერდი ამიარა და სააბაზანოში შევიდა.

ადგილიდან არ დავძრულვარ, სანამ არ გამოვიდა.

_ შხაპი მიიღეთ და ჩაწექით! _ გასცა მორიგი ბრძანება.

_ დიდი მადლობა, მაგრამ შხაპს არ მივიღებ, არ მინდა! _ აშკარად მღალატობდა მოთმინება.

_ ან შეხვალთ წყლის გადასავლებად, ან ჩემი ხელით შეგიყვანთ. იმედია, თქვენით მოახერხებთ ამას! _ მუქარასავით გაისმა მისი სიტყვები, თან პიჯაკის გახდა დაიწყო. _ არ მინდა თქვენი პნევმონიაც დამედოს სინდისზე ვალად!

_ არ ვიცოდი, სინდისიც თუ გქონდათ! _ ჯიბრით მივუგე და ყოველი შემთხვევისთვის უკან დავიხიე.

მირზაშვილმა პერანგის სახელოები დაიკაპიწა და ჩემკენ დაიძრა.

_ კარგი, გნებდებით. დაბრუნდით სტუმრებთან. მე თვითონ შევალ! _ ვეღარ მოვითმინე და კედლისკენ უფრო მივიწიე.

_ სიტყვას მაძლევთ?

_ სიტყვას გაძლევთ. _ დავნებდი.



როცა სააბაზანოდან გამოვედი, მირზაშვილი ფანჯარასთან იდგა.

_ მართლა შემათრევდით იქ? _ ფრთხილად ვკითხე.

ჩემკენ შემობრუნდა და გაიღიმა.

_ ადამიანისთვის ხასიათის გაფუჭების დიდი ნიჭი გაქვთ. _ მითხრა, პიჯაკს ხელი წამოავლო და გავიდა.

ხასიათის გაფუჭებისო? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი ხელებით ჩემი დაბანის შესაძლებლობა არ მივეცი? დამბანდა კი? ისე, ერთობ საინტერესო პროცესი იქნებოდა. ამის გაფიქრებაზე ღიმილი მომერია.

ქეთის თავი გამოუდია. სააბაზანოში, მამაკაცის ტუალეტის ნივთების გარდა, ძვირფასი სურნელოვანი საპონი და ახალი კბილის ჯაგრისიც დამხვდა ახალი პასტითურთ. ღამის პერანგიც უძვირფასესი იყო და, რაც მთავარია, ძალიან სექსუალური.

შხაპმა მომაღონიერა, გამომაცოცხლა. იმდენად გამომაცოცხლა, რომ ბიკინიც ამოვრეცხე და პირსახოცის ქვეშ, ბატარეაზე მივაფინე გასაშრობად. თუ კომფორტია, კომფორტი იყოს, ფეხებზე მირზაშვილი! _ უდარდელად გავიფიქრე და საწოლზე ნებივრად გავიშოტე. გასათბობ ლეიბს ლოგინი გაეხურებინა. რაც არის, არის, მართალია, საშინელი კაცია, მაგრამ როგორმე ერთ ღამეს გავძლებ მის გვერდით. იმედია, პირუტყვივით არ მეცემა.

მეძინებოდა, მაგრამ თვალს რული მაინც არ ეკარებოდა. ჯერ ერთი, ადგილს ვუცხოობდი. უხერხულად ვგრძნობდი თავს, უცხო ადამიანებთან რომ მიწევდა ღამის გატარება, თანაც ვის, უბრალო მდივანს. მეორეც, მირზას გვერდით დაძინება უჩვეულოდ მიფორიაქებდა სულს.

ერთხანს ველოდი. მეგონა, ქეიფი საცაა, დამთავრდებოდა და ისიც გაემზადებოდა დასაძინებლად, მაგრამ ისე ჩამეძინა, არაფერი გამიგონია… ღრმა, ტკბილმა ძილმა მალევე წამართვა თავი.

როგორც კი გამეღვიძა, მაშინვე მეორე საწოლს გადავხედე. ცარიელი იყო. ახლა ნამდვილად არ მინდოდა შეფთან შეხვედრა. თვალი ოთახს მოვავლე. ჩემი ტანსაცმელი სკამზე აკურატულად გადაეფინა ვიღაცას. იქვე, ტუმბოს გვერდით გამშრალ-გაწმენდილი ჩემი ფეხსაცმელი იდო, ხოლო ტუმბოზე ორი წყვილი ახალი კოლჰოტი შევნიშნე. ალბათ მოსამსახურის ნახელავია ეს ყველაფერი, ქეთინო ასე არ გაირჯებოდა საცოდავი მდივნის გამო, თუმცა მითითებებს, იმედია, თვითონ გასცემდა. მადლობის მეტი რა მეთქმოდა? ისე, ეს ქალი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მირზაშვილთან მის ურთიერთობას ვერა და ვერ ვეგუებოდი.

«ეს შენი საქმე არ არის!». _ კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემს თავს, წამოვხტი და პირველ რიგში ბატარეას ვეცი, სადაც ჩემი ბიკინი მეგულებოდა. ახლა შხაპს მივიღებ და წავალ. ბებია უნდა ჩავიყვანო წილკანში.

ჩაცმა მოვათავე და ის იყო, ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, რომ კარი გაიღო და ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა მირზა. წასასვლელად გამზადებული რომ დამინახა, გაოცდა, თუმცა არ შეიმჩნია და მკითხა:

_ როგორ გრძნობთ თავს?

_ არაჩვეულებრივად. _ ჩავიბურტყუნე და მაშინვე შეფის მკაცრი მზერა დავიმსახურე.

_ მე გკითხეთ, როგორ ხართ-მეთქი? _ გამიმეორა იმ კაცის ტონით, რომელსაც ერთი შეკითხვის დასმა ორჯერ არ უყვარს.

ჩემზე ზრუნავს. რა კეთილშობილი რაინდია, ღმერთო ჩემო! _ გულში დავცინე.

_ როგორ გამოვიყურები? _ უდარდელად ვკითხე და ვაგრძნობინე, არც მე მიყვარს ერთსა და იმავე შეკითხვაზე პასუხის ორჯერ გაცემა-მეთქი.

სულაც არ მჭირდება მისი მზრუნველობა, ურჩევნია, თავაზიანად მომექცეს.

_ ძალიან დახვეწილი ხართ. _ რბილად მომიგო და ყურადღებით შემათვალიერა.

მისი მზერა არ ჰგავდა სხვა მამაკაცების მზერას, თვალებით არ მაშიშვლებდა. არც სიბინძურე იგრძნობოდა ამ მზერაში, ზოგიერთებს რომ ჩვევიათ, ხარბად მოგაჩერდებიან და მთლიან პორნოპროცესს რომ ხედავ მათ პირუტყვულ გამოხედვაში. მირზაშვილი მართალი გამოდგა _ ის ნამდვილად სხვა იყო.

_ როგორც ორქიდეა? _ კეკლუცად შევაგებე კითხვა, დარწმუნებულმა, რომ მისთვის სულერთი იყო ჩემი თითოეული სიტყვა.

მამაკაცი მოიღუშა.

_ კვლავინდებურად ღვარძლიანი გახდით. _ შენიშნა. _ ესე იგი, თავს კარგად გრძნობთ. _ დაასკვნა. _ საუზმეზე რას იტყვით?

ღიმილი ბაგეზე შემეყინა.

_ არა! _ აღმომხდა თავისთავად. ქეთისთან და მასთან ერთად საუზმობა ახლა ნაკლებად მიზიდავდა. _ მადლობა ყურადღებისთვის, ბატონო მირზა, მაგრამ მირჩევნია, წავიდე.

_ ერთად გვეძინა და მაინც «ბატონო მირზა» ვარ? _ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუციმციმდა.

_ ჩვენ მხოლოდ საერთო ოთახით ვისარგებლეთ. ეს სულ სხვა რამეა. _ გავაპროტესტე.

_ ვფიქრობ, ჩვენ იმდენად კარგად გავიცანით ერთმანეთი, რომ უკვე შეგვიძლია მხოლოდ სახელებით მივმართოთ ერთიმეორეს. _ ინიციატივა ხელში ჩაიგდო შეფმა, როცა დაინახა, რომ ხმელეთზე გარიყული თევზივით ვამოძრავებდი ტუჩებს.

_ თუ ასეა… _ ღმერთო ჩემო, რა საშინელი ჩვევა მაქვს, ყველაფერზე ვწითლდები, თანაც ყველაზე შეუფერებელ დროს. წინადადება აღარ დავამთავრე და ჩანთას წამოვავლე ხელი. _ მე წავალ, შინ უნდა მივიდე, მეჩქარება.

_ ასე ძალიან რატომ მიგეჩქარებათ?

_ უნდა გამოვიცვალო. სამსახურში ასე ვერ გავალ.

_ მე წაგიყვანთ…

რა უცნაური კაცია, როგორ შეუძლია ასეთი მშვიდი და აუმღვრეველი იყოს?

_ თქვენ ხომ სტუმრად ხართ, ისედაც ჩაგიშხამეთ საღამო.

_ მე ეს არ მითქვამს!

_ არა, მაგრამ…

_ მომისმინეთ, ანიკა! შინ მე წაგიყვანთ და მერე უკან მოვბრუნდები, არაა პრობლემა.

ისევ მბრძანებლური ტონი _ «გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან!»

_ თქვენს მასპინძლებთან უხერხული იქნება.

_ ყველას სძინავს, ამიტომ ვერავინ გაიგებს.

_ არა, არ არის საჭირო, _ ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე. _ აჯობებს, მარტო წავიდე. თუ მაინცდამაინც ჩემი პატივისცემა გსურთ, სამსახურში წასვლას რომ გადაწყვეტთ, გამომიარეთ და…

წამით ჩაფიქრდა, თან მზერას არ მაშორებდა.

_ კეთილი, მშვენიერი იდეაა. მაშინ დაახლოებით ორ საათში გამოგივლით. _ საათს დახედა. _ ზუსტად თორმეტისთვის.

_ კარგი, შევთანხმდით. _ გამიხარდა, ასე ადვილად რომ დავიყოლიე, ბებიას წილკანში გაშვებას მოვასწრებდი. _ ქალბატონ ქეთის დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან ასეთი მიღებისთვის.

_ აუცილებლად გადავცემ. _ შემპირდა. _ ოღონდ თქვენი მისამართი დამიტოვეთ. _ დააყოლა და როცა მისამართი ვუკარნახე, ხელკავგამოდებულმა გამომაცილა.

ქუჩაში გამოვედით თუ არა, ტაქსი გამიჩერა და მძღოლს ოცლარიანი გაუწოდა.

_ მოემსახურეთ ამ ქალბატონს, ხურდა საჭირო არა არის! _ იმასაც უბრძანა და ჩავჯექი თუ არა მანქანაში, კარი მომიხურა.

ესეც ასე. ოცი ლარი იმასაც ეყოფა, მძღოლმა სახლამდე მიმიყვანოს და იმასაც, რომ ბებია წილკანში გავუშვა. ვენერას დავურეკავ და ვეტყვი, ტაქსის ჭიშკართან დახვდეს, რომ ბებიამ ისევ არ გადაუხვიოს გზიდან. ჩემი გაყოლა სულაც არ იქნება აუცილებელი.

ორ წუთში მოვაგვარე ბებიაჩემის საქმე და როცა იგი ტაქსის მძღოლს ანტიკვარული ნივთივით ჩავაბარე, შვებამოგვრილი ბინაში ავბრუნდი, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და მირზას მოსვლას დავლოდებოდი.

როგორ გაიწელა ორი საათი, თითქოს საუკუნე გავიდა. არადა, ჩემს შეფს წამითაც არ გადაუცილებია დათქმული დროისთვის.

როგორც კი დამირეკა, ჩავირბინე. მირზაშვილის ჯიპი ჩემს ბათქაშჩამოყრილ სადარბაზოსთან იდგა.

_ ფინჯან ყავაზე ხომ არ დამეწვევით? _ თავაზიანობის გულისთვის ვკითხე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უარს მივიღებდი.

_ სიამოვნებით. _ ჩემდა გასაკვირად, იმწამსვე დამთანხმდა…

ელდანაკრავივით შევხედე…

ჩანთიდან გასაღებების აცმა ამოვიღე. სულ ორი გასაღები ეკიდა ზედ _ სახლის და სამსახურის. მან გამომართვა აცმა და სადარბაზოსკენ გაემართა. «როგორ შინაურულად იქცევა?» _ გამაკვირვა მისმა საქციელმა.

_ ეს არის ჩემი ბინა. _ ვთქვი და მანაც ეგრევე მოარგო გასაღები კლიტეს. მისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო, რომელი გააღებდა კარს.

_ მობრძანდით. _ შემოვიპატიჟე სტუმარი.

როცა შიგნით შემოვიდა და მიმოიხედა, გაოცება შეეტყო სახეზე. ალბათ არ ელოდა, ასე კოხტად და ანტიკვარიული ავეჯით თუ მექნებოდა ჩემი ბუნაგი მოწყობილი.

_ დიდი ხანია, მარტო ცხოვრობთ? _ მომიბრუნდა, როცა თვალიერებას მორჩა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს ჩემი სკლეროზიანი ბებიის ამბავი, ცოტა ხნით მაინც. ახლა ნამდვილად არ მაწყობს ეს!

_ არც ისე. _ მივუგე და სამზარეულოსკენ გავიწიე. _ ყავას მოვადუღებ.

ამ დროს მკლავზე ხელი წამავლო:

_ მგონი, რაღაც ისე ვერ ვთქვი, თითქოს მტკივნეულ თემას შევეხე. ჩემმა კითხვამ ხომ არ შეგაწუხათ?

_ ალბათ ცუდად გეძინათ, ბატონო მირზა. _ სიტყვა ბანზე ავუგდე იმ იმედით, რომ აღარაფერს მკითხავდა და გავუღიმე. მივანიშნე, რომ ვხუმრობდი.

ცოტათი შვებამოგვრილი გავედი სამზარეულოში, რადგან მეგონა, ამ გაქცევით თავს ვუშველე-მეთქი და ყავადანი წყლით ავავსე. იმ წამს, როგორც კი ქურაზე შემოვდგი, ზურგს უკან მამაკაცის სუნთქვა ვიგრძენი. უისამოვნოდ შევიშმუშნე, თან ისე დავიძაბე, მუხლები ამიკანკალდა. ეს კაცი თავისას არ იშლის, ხომ არ უნდა, რომ სიფათში მოვდო? თავისი ძმაკაცების ცოლი ხომ არ ვგონივარ? დროზე ადუღდეს ეს წყალი, იქნებ ფინჯანმა ყავამ გადაატანინოს ყურადღება!

_ შაქარი რამდენი ჩაგიყაროთ?

გადასარევად ვიცოდი, რომ უშაქრო ყავას სვამდა, მაგრამ დუმილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მისი სიახლოვე ზურგს მიწვავდა. როგორ არ მინდოდა, ცხვირი ჩამეყო მის ცხოვრებაში, მაგრამ ბიზნესის წარმოების მისეული მეთოდით თუ ვიმსჯელებდით, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა: ის, რასაც უმალავდნენ, მისთვის ორმაგად საინტერესო იყო.

მას პასუხი არ გაუცია და კიდევ ერთხელ ჩამეკითხა:

_ როდის გარდაიცვალნენ შენი მშობლები, ანიკა?

უცნაური რამ მემართებოდა. ადრე ქალბატონო ანიკათი მომმართავდა და ვღიზანდებოდი, ახლა ანიკაო და ამან გამაცოფა.

_ 15 წლის ვიყავი, დედა რომ მომიკვდა, მამა კი… როცა 18-ის გავხდი.

_ და მას შემდეგ მარტო ცხოვრობთ?

აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩემგან დაჟინებით მოითხოვდნენ სიმართლეს.

_ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? _ ცოტა არ იყოს, მკვახედ წამომცდა.

არადა, რა დიდი ფიცი-მტკიცი ამას სჭირდებოდა, განა ძნელი მისახვედრი იყო, რომ მარტო ვცხოვრობდი? მეთქვა «ჰო» და ამით დამთავრდებოდა, მაგრამ არა, როგორც ყოველთვის, ენა წინ მისწრებდა:

_ თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლია გარდერობის ორივე კარი გამოაღოთ და დაათვალიეროთ, კიდია თუ არა შიგ სხვა ადამიანის ტანსაცმელიც.

მირზაშვილმა გაიღიმა. რა საძაგლად იცინის! მისი ადრინდელი მაგიური სიცილი ამწუთას საზიზღრად მეჩვენებოდა.

_ გახსოვთ, ერთხელ გითხარით, სასაცილო გოგო ხართ-მეთქი. გახსოვთ?

შუბლი შევიკარი. ნეტავ რამე ბლაგვი საგანი მომცა ახლა ხელში, რა დიდი სიამოვნებით «გავაცინებდი» ამ ვაჟბატონს, ნეტავ იცოდეს!

_ ნათესავები არ გყავთ? ახლო ნათესავებს ვგულისხმობ. _ თანაგრძნობის ნოტები გაისმა მის ტონში.

_ არა! _ ლამის ვიყვირე და მაშინვე შევარბილე ხმა. _ მყავს, მაგრამ ცალკე ცხოვრობენ… მაპატიეთ.

რას გადამეკიდა, სხვა საქმე არაფერი აქვს? რაში აინტერესებს ჩემი ნათესავები! არ ეყო, რაც გაიგო?

_ გუშინდელმა თავგადასავალმა ერთიანად გამომფიტა… ძალიან დავიღალე, ბოდიშს გიხდით, ცოტა უხეშად გამომივიდა. _ დამნაშავის ტონით ჩავილაპარაკე.

ჩემს გაფითრებულ სახეს დაკვირვებული მზერა შეავლო.

_ ცარიელი თვალებიღა დარჩით… _ ჩაიდუდუნა, მერე კი ხმამაღლა თქვა:

_ ყავა მერე იყოს, წავალ. თქვენ კი, ანიკა, ჩაწექით და გამოშუშდით.

კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება, ჩემთვის მოულოდნელად მკლავებზე წამეტანა და სანამ მუნუსხულივით შევცქეროდი, შუბლზე მაკოცა.

იმდენად არ ველოდი შუბლზე კოცნას, რომ გულგახეთქილი ქურციკივით უკან გავხტი. მეგონა, ტუჩებში მეძგერებოდა.

_ არც ისე ცუდად ვარ, როგორც გგონიათ! _ წამოვიძახე უფრო ჩემს თავზე, ვიდრე მასზე გაბრაზებულმა. რამ დამაფრთხო ველურივით, ხომ არ შემჭამდა? რა უნახავივით ვიქცევი.

მირზაშვილმა ისევ გამიღიმა _ მისებური, მომაჯადოებელი ღიმილით. სიტყვა აღარ უთქვამს, ზურგი შემაქცია და ისე გაიხურა კარი, არ გამიგია, როგორ გავიდა.

სავარძელში ჩავეშვი. კი არ ჩავეშვი, ჩავეხეთქე. ღმერთო, რა მაგარი კაცია, როგორ ადგილზე გამაშეშა. რა გასაკვირია, ქალები ბუზებივით რომ ესევიან!

სამაგიეროდ, მე ვარ კერკეტი კაკალი! აბა რა ეგონა, მკლავებში ჩავუგორდებოდი? ვერ ეღირსება! არადა, რატომ ვიყავი დარწმუნებული, თითქოს ჩემი დათრევა უნდოდა, არ ვიცი. მსგავსი სურვილი არც მის თვალებში წამიკითხავს და არც მის საქციელში. ალბათ ჩემს ქვეცნობიერს სურდა, ასე ყოფილიყო.



დაძინების დრო არ იყო. რადგან სამსახურში აღარ მიწევდა წასვლა, გადავწყვიტე, ბებიასთან ჩავსულიყავი წილკანში და მთელი დღე მასთან გამეტარებინა. ყავა დავლიე და ცოტა მოვღონიერდი. ცუდად სულაც არ ვგრძნობდი თავს. საცხობში გავივილი და ნამცხვრებს გავიყოლებ. პიცასაც, რომელიც ბებოს ძალიან უყვარს. «კოკა-კოლას» არ წავუღებ, არ არის სასარგებლო, ამ ასაკში გაზიანი სასმელი არ შეიძლება. არადა, გიჟდება. ამ დროს მის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს.

ამ ფიქრში ვიყავი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. გავოგნდი. ნუთუ მობრუნდა? ფეხები უკან მრჩებოდა, სანამ ჰოლში გავიდოდი. ჩემი გაოცება ერთიორად გაიზარდა, როცა კარი გავაღე და ზღურბლზე ბებიაჩემი დავინახე.

_ ბებო! აქ საიდან გაჩნდი?

_ იმ კაცმა უკან გამომიყვანა.

_ რატომ, სოფელში არ ჩაგიყვანა?

_ კი, მაგრამ არ გადავედი მანქანიდან. ვიტირე, ჩემს შვილიშვილთან მინდა-მეთქი და ხათრი ვერ გამიტეხა.

_ და ვენერა რომ იქ გელოდება?

_ ვენერაც ვნახეთ. რომ მოვდიოდით, ხელი დაგვიქნია.

უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი.

_ ახლა რომ სამსახურში ვყოფილიყავი, რას იზამდი, რა საინტერესოა! ამ ხნის ქალი ასე წაღმა-უკუღმა რატომ დადიხარ? ამწუთას ვაპირებდი შენთან წამოსვლას.

_ რას ვიზამდი და გარეთ დაგელოდებოდი. შენ მე ბებერი ხომ არ გგონივარ? შენზე უკეთესად ვიცნობ თბილისს. დაბადებულიც არ იყავი, მე რომ თბილისში დავსეირნობდი, უყურე ამას შენ! _ თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა ბებიამ.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ კარგი, მაშინ შენ აგერ დაჯექი, თუ გინდა, წამოწექი, ტელევიზორსაც ჩაგირთავ. მე კი ჩავალ და პიცას ამოგიტან.

_ კოკა-კოლასაც მოაყოლებ! _ მბრძანებლურად დააყოლა.

აღარ შევეკამათე და თავი სიცილით დავუქნიე. ამ მბრძანებლური ტონით ამწუთას ძალიან ჰგავდა ჩემს შეფს.



მალე ნაშუადღევმა მოაწია. ბებია შესანიშნავ გუნებაზე დადგა. პიცას და კოკას გემრიელად მოულხინა და ჭურჭლის დარეცხვაშიც მომეხმარა.

მოულოდნელად ქალაქის ტელეფონმა ატეხა წკრიალი.

_ გისმენთ. _ ნაზად ჩავძახე ყურმილში. ჩემდა უნებურად ასე ხდებოდა, როცა ვინმეს ვპასუხობდი ტელეფონზე, რატომღაც, ეგრევე მინაზდებოდა ხმა.

_ რამდენჯერ დაგირეკეთ და არ მიპასუხეთ. გეძინათ თუ შინ არ იყავით? _ მირზაშვილის ხმამ დენის დარტყმასავით იმოქმედა ჩემზე, მაგრამ არ დავბნეულვარ.

_ დიახ, ცოტა ხნით გასული ვიყავი, პური მქონდა ამოსატანი.

მართლაც ბედის დაცინვა იქნება, ახლა რომ სამსახურში სამუშაოდ მიხმოს.

_ რამე სასწრაფოა? თუ საჭირო ვარ, ახლავე წამოვალ. _ თავი გამოვიდე.

_ ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, მოგიკითხეთ. უკეთ გრძნობთ თავს?

_ გაცილებით, რა შედარებაა.

_ პალტოს ჩაცმა ხომ არ დაგავიწყდათ, სანამ შინიდან გახვიდოდით?

სიცილი ამიტყდა. მესიამოვნა მისი მეგობრული ტონი და შინაურული მომართვა.

სწორედ ამ დროს ბებია კაბის კალთით სკამს გამოედო და ისე წაიფორხილა, კინაღამ იატაკზე მოადინა ზღართანი და მთელი ხმით ვიკივლე:

_ ფრთხილად, არ დაეცე!

_ როგორც ვატყობ, მარტო არ ხართ! _ მომენტალურად გაცივდა მირზაშვილის დამთბარი ხმა.

_ დიახ, მარტო არ ვარ. _ უარყოფას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ როგორმე უნდა დამეძვრინა თავი. არ მინდოდა, ბებიას არსებობის ამბავი გაეგო, ამიტომ ის იყო, უნდა დამემატებინა, სტუმარი მყავსო, რომ…

არ ვიცი, ყურმილი დამიკიდა თუ კავშირი გაწყდა, მაგრამ ფაქტი იყო, სიტყვა პირში შემატოვა და გულიც მომიკლა.

რატომ გამიბრაზდა? ჰგონია, რომ ვერთობი? იქნებ იფიქრა, იმ ვიღაცას რომ ელოდებოდა, იმიტომაც მომიცილა დილით თავისი მკვახე ტონით თავიდანო.

აღარ დავურეკე, სრულიად ზედმეტად ჩავთვალე ამის გაკეთება.



პარასკევს შაბათ-კვირა მოჰყვა და ეს ორი დღე ბებიაჩემისა და ჩემი კურსელის, ბათო გოგინაშვილის გარემოცვაში გავატარე. ბათო, როგორც ყოველთვის, უდროო დროს მოვიდა. სულაც არ ვიყავი მასთან ყბედობის ხასიათზე. სადილობისას ნინუცამ ბათო დათოდ მოიხსენია, თორმე სხვა მხრივ სიტუაციას არა უშავდა.

_ დათო კარგი ბიჭი ჩანს. _ ჩაიჩიფჩიფა, როცა სტუმარი წავიდა.

«კარგი ბიჭი» კი უკვე 26 წლის მუტრუკი გახლდათ.

_ კი, ბებო, კარგი ბიჭია, მაგრამ დათო კი არა, ბათო ჰქვია.

_ როგორიც არის, ისეთი სახელი ჰქვია! _ გაბრაზებულმა მომახალა.

მივხვდი, ბებოს არ მოეწონა ბათო, მაგრამ თავაზიანობის ზღვარს არ გადავიდა. ალბათ იმიტომ შეაქო, რომ ეგონა, მე მომწონდა.

ამ დროს არასდროს არ მომწონდა.

კვირა საღამოს ისევ წილკანში წავიყვანე ნინუცა, მოენატრა თავისი სახლი. ყოველთვის ასე იყო, ორ დღეზე მეტხანს ვერ ძლებდა ჩემთან.



ორშაბათს, დილით, თავის ტკივილმა გამაღვიძა. ციტრამონის ორი აბი გადავყლაპე, მაგრამ არ მიშველა. მერე დამაცემინა და მივხვდი, რომ კარგი არაფერი მელოდა. მაინც დავარწმუნე ჩემი თავი, კარგად ვარ-მეთქი და სამსახურის გზას გავუდექი. უკვე მენატრებოდა ჩემი შეფი, ერთი სული მქონდა, თვალს როდის შევავლებდი და მის ხმას როდის გავიგონებდი.

სამარშრუტო ტაქსი გულის გამაწვრილებლად მიღოღავდა. რა უცნაური ჩვევა აქვთ ამ მძღოლებს. ისე ნელა დაიძვრებიან და მიჩოჩავენ, ერთ საათს უნდებიან ერთი კილომეტრის გავლას. ნეტავ რამდენ წუთს იგებენ ამ ერთ მონაკვეთში? სამს? ხუთს? განა რამდენი ადამიანი უნდა გამოვარდეს ამ დროს ქუჩაში, რომ მაინცდამაინც ამ ტაქსის დაელოდოს და ჩაჯდეს? სასაცილოები არიან ეს მძღოლები!

კიდევ კარგი, დროზე მივასწარი სამსახურში. დაგვიანება არც მინდოდა და არც მიყვარდა. ღიმილით მივესალმე თანამშრომლებს. მირზაც დერეფანში დამხვდა. ცივად დამიქნია თავი.

ახლავე შევუდგები მუშაობას. ამინდიც მშვენიერია, გამოიდარა, ცოტა დათბა, თოვლიც დადნა.

ჩემს მაგიდას მივუჯექი და სწრაფად დავიწყე მუშაობა. კარგა ხანს თავი არ ამიღია.

ვერც შევამჩნიე, როდის შემოვიდა. სწორედ ამ დროს მობილურმაც დარეკა. დავხედე. ვენერა იყო. «ისევ გაიპარა!» გული გადამიქანდა. რომ არ მეპასუხა, არ გამოდიოდა, მირზაშვილი თავზე მადგა და თვალს არ მაშორებდა.

_ ანიკა, შვილო, არსად ჩანს ნინუცა. აქაურობა სულ შემოვიარე, მაგრამ ვერ ვპოულობ. ერთი საათია, დავრბივარ…

მირზა ადგილიდან არ იძროდა. ამწუთას ჩემთვის სულერთი იყო, უნდა მეპასუხა.

_ ისევ ძველ ბინაში იქნება წასული. დიდი მადლობა, ვენერა დეიდა, ახლავე მოვდივარ! _ ჩავძახე ტელეფონში და ჯერ ჩანთას ვეცი, მერე პალტოს წავეტანე.

_ მაპატიეთ, ერთი საათით უნდა გავიდე.

_ როგორც ჩანს, გადაუდებელი საქმე გაქვთ… _ მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.

რაღაც უნდა მეპასუხა, რომ დროზე გავეშვი.

_ დიახ.

_ და ტაქსიც გჭირდებათ, არა?

_ დიახ. _ თუთიყუშივით ვიმეორებდი ამ «დიახს».

_ მე წაგიყვანთ.

_ არა! _ ამის გაგონებაზე პანიკა დამეუფლა.

გაიცინა, თუმცა ამჯერად მის ღიმილს ის ხიბლი აკლდა, ასე რომ მიბნევდა ხოლმე თავგზას _ თითქოს ნიშნის მოგებით.

_ მე წა-გიყვანთ! _ თავისებურად დამარცვლა და დაამატა. _ ჩაიცვით პალტო!

როგორ მძულდა ასეთ მომენტებში მისი მბრძანებლური ტონი. შეპასუხება ვერ გავუბედე, პალტოს სახელოებს ხელები კანკალით გავუყარე და ეზოში ჩავედი.

ამ სიძულვილის შეგრძნებით მოვკალათდი მანქანის სავარძელზე, თან ბებიაზე დარდი არ მასვენებდა.

მანქანა დაიძრა.

_ საით? თქვენთან, შინ? _ თავაზიანად მკითხა.

მისმა ჯენტლმენურმა ტონმა არ უნდა მომატყუოს. სხვის საქმეში ეჩრება და თავი დიდი ვინმე ჰგონია! ამ მბრძანებლურ ტონსაც რომ მიმაჩვია? ხანდახან ისე მეშინია, საცოდავად მოვიკუნტები.

როგორც ჩანს, ერთადერთი, რაც ამოძრავებს, ყველაფრის გაგების სურვილია. ნეტავ ჩემი ცხოვრება აინტერესებს, თუ ყველა თანამშრომელთან ასეთი ცნობისმოყვარეა?

_ არა, შინ არა. _ მივუგე და ჩვენი ძველი ბინის მისამართი ვუკარნახე. სხვა რა დამრჩენოდა, იძულებული გავხდი.

რაღაც მოუმატა ნინუცა ბებიამ გარე-გარე სიარულს. ის ძველი სახლი ეძახის ალბათ, იქაურობა ენატრება, როცა ყველანი ერთად ვიყავით. რა ქნას საწყალმა, იქ ტრიალი უნდა, სადაც ერთ დროს ბედნიერი იყო შვილებთან ერთად. მოხუცს იმ სახლის გარდა აღარაფერი ახსოვს, მხოლოდ ისაა ამოშანთული მის დაბინდულ გონებაში. როგორც ჩანს, წარსული ბედნიერება ძნელად ავიწყდება ადამიანს, თუნდაც სკლეროზიანს. ასეთი წუთები ალბათ მეტი რაოდენობით ილექება მეხსიერებაში.

მთავარია, ვიპოვო და მერე არ დავეძებ, ტაქსით მივიყვან სახლამდე. ოღონდ ჯერ ამ კაცს დავაღწიო თავი.

როგორც კი ძველ ბინას მივუახლოვდით, ვთხოვე, მანქანა გაეჩერებინა.

_ დიდი მადლობა, ბატონო მირზა, რომ მომიყვანეთ. როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე დავბრუნდები ოფისში, დიდხანს არ დავაგვიანებ. _ ვუთხარი შეფს და უკან არც მიმიხედავს, ისე გადავედი სალონიდან.

სადარბაზოსკენ სირბილით გავეშურე, ზურგზე კი მირზა მირზაშვილის თვალებს ვგრძნობდი. მეგონა ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ითვლიდა.

ბოლოს და ბოლოს, წავა თუ არა? ჯერ ეზო უნდა მომეთვალიერებინა. გავედი უკანა მხარეს, თვალი მოვავლე. ბებია არ ჩანდა.

რა უნდა მეღონა? კვლავ მანქანასთან მივბრუნდი, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა და მიმეხვედრებინა, თქვენი მეგზურობა აღარ მჭირდება-მეთქი.

_ ესაა თქვენი გადაუდებელი საქმე? _ ისეთი ტონით მკითხა, რომ შევცბუნდი. _ ჩაჯექით მანქანაში! _ გაღიზიანებულმა მიბრძანა.

სიამოვნებით გავაწნავდი სილას. მონსტრი, ცხრათავიანი გველეშაპი, ვამპირი! გაცოფებას ცოტაღა მაკლდა.

მანქანა კორპუსს გასცილდა. როგორც იქნა, მეტყველების უნარი დამიბრუნდა.

_ მე ჯერ არ დამიმთავრებია საქმე. _ მის გასაგონად ჩავილაპარაკე. _ თქვენ არ შეგაწუხებთ, ტაქსის ავიყვან.

_ ახლა საით? _ თითქოს არც გაუგონია, რა ვუთხარი, კბილებში გამოცრა.

ღრმად ამოვიოხრე. ღმერთო, რა დაგიშავე? რატომ მყავს ასეთი ცნობისმოყვარე უფროსი? ნამდვილი სატანჯველი მომივლინა უფალმა. სამსახური ხომ დავკარგე და დავკარგე, და ეს კაციც ვერ მოვიშორე თავიდან. თუმცა ახლა აღარაფერი მადარდებდა ნინუცას გარდა.

_ იქნებ ეს კვარტალი შემოგვევლო?

_ კვარტალი შემოვიაროთ? ოო, ეს უკვე საინტერესოაააა.

_ იცით რა… თუ არ შეგიძლიათ, მე…

_ რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ. ასეთ რთულ ვითარებაში მარტო როგორ დაგტოვებთ. მე ვალდებული ვარ, ვიზრუნო ჩემს თანამშრომლებზე. _ რბილად, მაგრამ ოდნავ ირონიული ტონით გამომეპასუხა.

ამასობაში ციებ-ცხელებიანივით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით, მაგრამ ამაოდ. ბებია არსად იყო. იძულებული გავხდით ისევ უკან, ძველ სახლთან დავბრუნებულიყავით.

_ კიდევ ერთხელ ხომ არ დავარტყათ წრე? _ იქედნურად მკითხა.

ასე თუ გააგრძელებს, ნერვები მიმტყუნებს და მართლა გავაწნავ სილას, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს.

_ თუ შეიძლება, ჩემს სახლთან მიმიყვანეთ. შეგიძლიათ? და მეტად აღარ შეგაწუხებთ, ოღონდ რაც შეიძლება ნელი სვლით.

მირზაშვილმა გაოცებული მზერა მტყორცნა.

_ რა, მგზავრობას ვერ იტანთ? სიჩქარისას გული ხომ არ გერევათ?

პასუხი არ გამიცია. მირზა ნელა გაუყვა ქუჩას, იმ სამარშრუტო ტაქსივით, ასე რომ მიშლიდა ყოველ დილით ნერვებს.

ჩემს ბინამდე მაინც მალე მივედით.

_ გააჩერეთ, გააჩერეთ! _ შეშლილივით ავტეხე ყვირილი, რადგან შორიახლო ცუხცუხით მიმავალ ბებიას მოვკარი თვალი. _ გააჩერეთ, მირზა, დიდი მადლობა!

დაკარგული ბებიის ძებნამ, ალბათ ტვინი გამომაცალა, თორემ ეს «მირზა» რაღა იყო? _ ვფიქრობდი გამწარებული და ერთი სული მქონდა, სანამ გააჩერებდა.

როგორც კი მუხრუჭებმა დაიღრჭიალა, გადმოვხტი და თავპირსიმტვრევით გავქანდი მოხუცისკენ. ბებია იდგა და ნეტარი სახით დაჰყურებდა ეზოში მდგარ ვიღაცის მოტოციკლეტს.

_ ბები! _ რაც შეიძლებოდა მშვიდად დავუძახე.

_ უი, ანი, შვილო, შემოგევლოს ბებია. _ გაუხარდა ჩემი დანახვა, არც კი გაოცებულა, თითქოს აქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, _ შეხედე, რა მშვენიერია.

_ კი, ბებო, კი, გადასარევია. _ დავეთანხმე სირბილისგან აქოშინებული.

ის იყო, უნდა მეთქვა, მოდი, სახლში ავიდეთ-მეთქი, რომ წინ მირზაშვილი ამესვეტა.

ღმერთო, რით ვერ მოვიცილე ეს კაცი? რა უნდა, რას დამდევს ლანდივით, ვერ დაეტია თავის მანქანაში? რაღა გზა მაქვს, უნდა გავაცნო ბებია.

_ ეს ბებიაჩემია, ქალბატონი ნინუცა… ეს კი ბატონი მირზა მირზაშვილია.

მირზაშვილი გალანტურობის განსახიერება იყო _ ქალს თავაზიანად დაუკრა თავი, ხელი ჩამოართვა და ისე ეამბორა, თითქოს ინგლისის დედოფალი ყოფილიყო.

_ თქვენ ჩემი ანიკას მეგობარი ხართ? _ დაინტერესდა ბებო.

_ ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. _ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა შეფმა.

_ ანუ მისი საყვარელი ხართ? _ პასუხით უკმაყოფილო ნინუცამ ხმა გაიმკაცრა.

ბებიას შეკითხვაზე ყურები ამეწვა.

_ ბები, გაიყინები, წავიდეთ შინ. _ მკლავში ხელი გავუყარე, რომ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან ამერიდებინა..

_ არა! შაბათსაც ასე მეუბნებოდი, მაგრამ არ გავცივებულვარ.

_ შაბათს ანიკა თქვენთან იყო, ქალბატონო? _ შეეკითხა მირზა.

ბრაზისგან გავლურჯდი. როგორ უნდა, რომ ყველაფერი გაიგოს! რა მისი საქმეა, ვისთან ერთად ვიყავი შაბათს?

ბებია არ ცხრებოდა. აშკარად კითხვა-პასუხის რეჟიმი ჰქონდა ჩართული, ამ გუნებაზე იყო.

_ ჩვენ ხშირად ვართ ერთად… იმედია, დროს გამონახავთ, ჩემო ბატონო და გვესტუმრებით! _ მბრძანებლური ტონით მიუტრიალდა მირზაშვილს, _ თან ძალიან მომშივდა, ჩემს ასაკში კი შიმშილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, _ და პასუხსაც არ დალოდებია, დაასკვნა:

_ ანიკა, წავიდეთ შინ.

_ წავიდეთ, ბებო.

_ მე წაგიყვანთ, ქალბატონო.

_ რა თქმა უნდა! და სადილზეც დამეწვევით! _ მედიდურად მიუგო ნინუცამ.

_ აი, ის ჩემი მანქანაა, _ დაანახვა შეფმა მოხუცს თავისი ჯიპი, _ სად ცხოვრობთ?

_ წილკანში.

გადახარხარებას ცოტა მაკლდა. როგორია წილკანში «გასეირნება», როცა ჩემს საყვარელ უფროსს წუთობით აქვს გამოზომილი დრო?

მირზამ ხელკავი გამოსდო ქალს და მანქანისკენ წაიყვანა. კარი გამოაღო და სალონის წინა სავარძელზე დააბრძანა.

_ მირზა, მოტოციკლი თუ გყავთ? _ გაისმა შემდეგი შეკითხვა, თან მხიარულად, როგორც კი მანქანა დაიძრა.

არაო, მამაკაცმა, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი ცხოველი საუბარი გაიბა, ერთი სიტყვის ჩაგდებაც ვერ მოვახერხე.

როგორც იქა, შევედით წილკანში. ჩვენი სახლიც გამოჩნდა. მირზაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და ბებია გალანტურად გადმოიყვანა სალონიდან. როცა ჭიშკრამდე მიაცილა, დაემშვიდობა, მაგრამ ნინუცამ დაჟინებით სთხოვა, სადილი თუ არ გინდათ, ჩაიზე მაინც დამეწვიეთო.

მირზამ ბოდიში მოუხადა, სამსახურის საქმეებზე მეჩქარებაო, მე კი თვალით მანიშნა, ქუჩაში დაგელოდებიო და მანქანაში ჩაჯდა.

როცა ეზოში შევედით, ბებია უეცრად მომიბრუნდა და მომახალა:

_ ანიკა, ის შენი დათო სულ არ შეგეფერება.

მისმა გამოხტომამ გამაოგნა. რა იყო ეს? რატომ გაახსენდა ბათო? ან რატომ აიმრიზა ასე მოულოდნელად მასზე, განზრახ თქვა თუ უბრალოდ, წამოროშა?

_ მის ცოლობას აპირებ? _ ახლა მივხვდი, რომ განზრახ თქვა წეღან ბათოზე.

_ თუ დავაპირებ, არ გამოგაპარებ, ბებო. _ საცოდავად გავუღიმე, მტკივნეულ ადგილას რომ შემეხო.

_ კარგი, ბებო გენაცვალოს. წადი ახლა, მეფესავით კაცი გელოდება. შაბათს ჩამოდი, ხომ? მე არაფერი მიჭირს, ვიქნები ჩემთვის.

_ შემოვალ, გახდაში მოგეხმარები.

_ არა, რად მინდა, დავრდომილი კი არ ვარ. თუ რამე დამჭირდა, ვენერას გავძახებ ეგერ. _ ეს თქვა და მოულოდნელად ისევ ჭიშკრისკენ გაცუხცუხდა, თავი კარში გაყო და მირზაშვილს გასძახა, _ დიდი მადლობა, რომ გაისარჯეთ, ბატონო ჩემო. _ და მაღალი წრის ქალბატონივით დაუკრა თავი.

ამასობაში ვენერამაც მოირბინა _ ალბათ ფანჯრიდან დაგვინახა.

_ სად იყავით, ქალბატონო ნინა? ფეხები დამაწყდა თქვენ ძებნაში! _ უსაყვედურა.

_ მერედა, ვინ გთხოვა, ჩემო ვენერა? ტყუილად გარჯილხარ, ქალო, ტყუილად! მე ჩემს შვილიშვილთან და მის საქმროსთან ერთად ვიყავი.

ამის გაგონებაზე ენა ჩამივარდა. ტირილი მომინდა. ცრემლები რომ არ მომდგომოდა თვალზე, ნინუცა ვენერას შევატოვე ხელში, მოვტრიალდი და მანქანისკენ წავედი. მირზამ კარი გამიღო.

_ მაპატიეთ, უხერხულად გამოვიდა, _ ძლივს ამოვთქვი სუნთქვაშეგუბებულმა, _ როგორი უიღბლო დღეა… ბებია ხანდახან ურევს…

_ ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. _ შემაწყვეტინა მამაკაცმა.

შვებით ამოვისუნთქე, თანდათან დავმშვიდდი. გზაში არ გვილაპარაკია, ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით ჩაფლული.

რა ხანია, თბილისში შემოვედით და შევამჩნიე, რომ მირზაშვილმა ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი სახლამდე, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ სამსახური საბოლოოდ დავკარგე. კი, ასეა _ გათავებულია საქმე!

მირზაშვილმა მანქანა დაამუხრუჭა. ახლა ალბათ ბოდიში უნდა მოვუხადო და გამოვემშვიდობო, მაგრამ ენა რომ არ მემორჩილება?

უსიტყვოდ გადმოვედი ჯიპიდან და ჩანთაში გასაღების ძებნით სადარბაზოსკენ გავემართე. როგორც იქნა, ვიპოვე და უეცრად შევკრთი, რადგან მირზას გამოწვდილი ხელი შევნიშნე.

დაბნეულმა გავუწოდე აცმა. სანამ კაცი კარს აღებდა, ვცდილობდი, გონს მოვსულიყავი. მირზამ კარი კი გააღო, მაგრამ გასაღები არ დაუბრუნებია, მერე განზე გადგა და წინ გამატარა, თითქოს თვითონ ყოფილიყო ამ ბინაში მასპინძელი.

ფეხი არ მომიცვლია. არც ის აპირებდა დათმობას, ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან.

გასაგებია. ფინჯან ყავაზე მამცნობს ალბათ, რომ გათავისუფლებული ვარ. როგორი დახვეწილი მანერები აქვს. ნეტავ ასეთივე თავაზიანია, როცა სხვის ცოლებს ეკურკურება? თუმცა ახლა სცენების გამართვის დრო არ იყო, ატირებას ცოტა მაკლდა.

_ მობრანდით. _ შემიპატიჟა და როცა შევედი, თვითონაც შემომყვა.

მირზაშვილმა კარი მიხურა, მე კი ამასობაში იმაზე ვფიქრობდი, რა მეშველებოდა ხვალ-ზეგ, უმუშევარი რომ დავრჩებოდი. არა, ხვეწნა-მუდარას არ ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში არ დავიმცირებ თავს. მართალია, ფული საკმარისზე ცოტა მაქვს, მაგრამ რას ვიზამ. შეიძლება ამ ყველაფრის მერე რიგიანი რეკომენდაციაც არ მომცეს და საერთოდაც გამიჭირდეს სამსახურის შოვნა.

_ დაბრძანდით. _ ხელით ვანიშნე სავარძელზე. ასეთ სიტუაციებში თავაზიანობის გამოჩენა საჭიროა.

მწვანე, გამჭოლი თვალები ყურადღებით მაკვირდებოდნენ.

_ თქვენც დაბრძანდით, ანიკა!

როგორც ჩანს, ყავა აღარ ახსოვს ძვირფას შეფს და ძვირფას დროს არ კარგავს. ახლავე მომახლის სათქმელს და წავა.

დაჯდა თუ არა, დაკითხვა დაიწყო:

_ გამოდის, ჩვენი გასაუბრება სულ ტყუილზე იყო აგებული?

მიზანში გაარტყა! სხვას არ ველოდი მისგან.

_ არც ერთი ჩემი რეკომენდაცია ყალბი არ ყოფილა. _ მეტი დამაჯერებლობისთვის თამამად შევხედე თვალებში.

_ თქვენ მიზეზად მოიყვანეთ შემდეგი რამ: კომპანია, სადაც ვმუშაობდი, დაიხურა და იძულებული ვიყავი, ახალი სამსახური მეშოვაო.

აზრი არ ჰქონდა არაფრის დამალვას. ბოლოს და ბოლოს, ვალდებულიც კი ვიყავი, მეპასუხა _ ბებია მომაძებნინა კაცმა.

_ ვფიქრობ, არა მარტო იმ კომპანიიდან, არამედ დანარჩენებიდანაც, თუკი სადმე გიმუშავიათ, საქმე თქვენი გათავისუფლებით მთავრდებოდა.

_ რატომ გგონიათ ასე? ვინ გითხრათ, რომ საიდანმე გამათავისუფლეს?

_ ჩემი თვალით ვნახე. თქვენ თუ გამუდმებით ასე დაეძებდით ბებიას, რომელი უფროსი აგიტანდათ?

ფარ-ხმალი დავყარე, უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

_ ყოველთვის არა, _ ვაღიარე, _ ზოგჯერ ჩემი ნებით მოვდიოდი.

_ იმიტომ, რომ იცოდით, მაინაც გაგათავისუფლებდნენ და დასწრებაზე იყავით, არა?

«აჯობებს, საკუთარ თავს მიხედო, დონჟუანო!» _ ჭარხალივით გავწითლდი.

_ ასე არ არის? უმეტესად ხშირი გაცდენებისთვის ან დაგვიანებებისთვის, ან კიდევ უდროო დროს სამუშაოს მიტოვებისთვის გითხოვდნენ.

_ ჰო. _ ჩავილაპარაკე გაგულისებულმა და ვიგრძენი, როგორ განმიახლდა თავის ტკივილი.

_ ბოლოს სადაც მუშაობდით, გავიგე, რომ უფროსი გაგილანძღავთ, უხეშობა გამოგიჩენიათ, რაც არ გამკვირვებია. მეც არაერთხელ გავმხდარვარ თქვენი უხეშობის მსხვერპლი.

_ ვისზე ამბობთ, სამუშიაზე? სამუშია პირუტყვია! ხელების უშნოდ ფათური დამიწყო და სილა გავაწანი. მეტის ღირსი იყო, რამე უნდა ჩამერტყა მაგ მელოტ თავში! _ ვიყვირე გამწარებულმა.

მომეჩვენა, რომ მირზაშვილი თანაგრძნობით მიმზერდა, ოღონდ წამით.

სიჩუმე ჩამოვარდა. მირზა თვალებით მზვერავდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. ბოლოს სიჩუმე გაუსაძლისი გახდა.

_ ვწუხვარ, რომ ამდენი თავსატეხი გაგიჩინეთ… ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვიყავი. ძალიან მჭირდებოდა სამსახური. რაც შეეხება თქვენთან უხეშად მოქცევას…

_ ნათესავებიდან ბებიას გარდა არავინ გყავთ?

_ მყავს, მაგრამ შორეული ნათესავები, დიდი მისვლა-მოსვლა და ახლო ურთიერთობა არ გვაქვს.

_ ბებიას მიზეზით დაიგვიანეთ პარასკევს სამსახურში, არა? ბინა დიდი ხანია, გამოიცვალეთ?

_ დიახ… არც ისე! _ პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.

_ და იმიტომ გაყიდეთ, რომ თავი გერჩინათ.

_ რა საჭიროა ასეთი შეკითხვები? ძალიან ცნობისმოყვარე ხართ! _ დავტუქსე შეფი.

წარბიც არ შეუხრია, ისე გააგრძელა:

_ დათო ვინ არის?

_ დათო?

_ კაცი, რომელიც თურმე სულაც არ შეგეფერებათ. მართლა ცოლად მიჰყვებით?

_ ა, დათო არა, ბათო ჰქვია, ჩემი კურსელია, ვმეგობრობთ. ბებიამ იცის სახელების გადაკეთება. დღეს უნდა შევხვდე ბათოს, სხვათა შორის. _ არ ვიცი, რაში დამჭირდა ამის თქმა, მაგრამ რომ ვთქვი, ხომ ერთი შეცდომა დავუშვი და ნიშნის მოგებით რომ «მივახარე», ამით კიდევ _ მეორე.

_ რამდენ ხანში უნდა შეხვდეთ? _ მირზამ მაჯის საათზე დაიხედა.

_ მალე. _ არ დავაკონკრეტე.

_ მაშინ აჯობებს, დაურეკოთ და შეხვედრა გადადოთ.

ეს უკვე აშკარად მეტისმეტი მოუვიდა. ამას ვენ ეკითხება, მე ვის შევხვდები? ახლა მაინც დათხოვნილი ვარ, სულაც არ ვაპირებ ექსშეფის ბრძანებების შესრულებას.

_ რატომ გგონიათ, რომ გადავდებ? _ მედიდურად ვკითხე და თვალებში ჯიქურ მივაჩერდი.

გამაჟრჟოლა, ისე ცივად მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით.

_ კი არ მგონია, ზუსტად ვიცი, რომ გადადებთ… იმიტომ, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ამის გაგონებაზე გული ლამის ამომივარდა ბუდიდან. ძალიან კი ვცდილობდი სიხარულის დამალვას, მაგრამ თავშეკავებამ მაინც მიღალატა.

_ ვერ გავიგე, მე… მე… ამით რისი თქმა გსურთ? _ სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი, მინდოდა მეკითხა, გათავისუფლებული არ ვარ-მეთქი? მაგრამ ენა ვერ მოვატრიალე.

იმწამსვე ის მომნუსხველი ღიმილი შემომაგება, რომელიც ყველაფერს მავიწყებდა.

_ როგორც კი სამუშაოს მორჩებით, მე თვითონ წამოგიყვანთ, შუაღამისას ფეხით ხომ არ გატარებთ… და დამატებით საათებსაც აგინაზღაურებთ.

_ როგორც კი მოვრჩები? _ ჩავეკითხე. გამოდის, არ მიშვებს სამსახურიდან? არ მათავისუფლებს?

_ ახლა კი წავედით. მხოლოდ ამის სათქმელად მოგიყვანეთ აქ. ოფისში ვერ დავიწყებდი ამის გარკვევას. _ და ხელით კარისკენ მანიშნა, წავედითო.

ფეხარეული გავემართე ჰოლისკენ, შეფიც უკან მომყვა…



სიხარულისგან ვერც დედამიწაზე ვეტეოდი და ვერც მეცხრე ცაზე, სადღაც უფრო შორს ვცდილობდი გაჭრას. რა ბედნიერებაა, სამსახური რომ არ დავკარგე. არადა, მეგონა, გასაუბრებაზე ბებიაჩემის სკლეროზი არავის აინტერესებდა და შესაძლოა, ხელის შემშლელ მიზეზადაც კი ქცეულიყო. ამიერიდან საეჭვო სიტუაციებიდან როგორმე უნდა დავიძვრინო თავი. ძალებს არ დავზოგავ და კეთილსინდისიერად ვიმუშავებ. ნინუცასაც როგორ ჯენტლმენურად ექცეოდა?! მარჯვედ აიყოლია საუბარში და თავიც მოაწონა.



აუ, რა კარგია, როცა არაფერი გაქვს დამალული და ტყუილის თქმა არ გიწევს. ამაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა, თან გამალებით ვმუშაობდი. მირზას კომპანია ერთდროულად სამ ადგილას აშენებდა ობიექტს და უამრავი საბუთი იყო მოსაწესრიგებელი. ტენდერში გამარჯვებულიო, რამდენჯერმე შემხვდა მასალებში. ალბათ მართლა კარგად ართმევს თავს საქმეს, ტენდერებში თუ იმარჯვებს. თუ მასაც სხვებივით ლობირებს ვინმე უმაღლესი ეშელონებიდან?

_ დაამთავრეთ? _ მირზაშვილი თავზე წამომადგა. ფანჯარაში გავიხედე, ბინდი ჩამოწოლილიყო. რა დრო გასულა!

_ ორ წუთში მოვრჩები.

_ დაბლა დაგელოდებით. მართალია, შუაღამე არ არის, მაგრამ რადგან შეგპირდით, წაგიყვანთ, მაინც იქით მაქვს გზა.

უარის თქმა არც მიფიქრია, სიამოვნებით დავთანხმდი.

როცა მანქანასთან მივედი, მოულოდნელად საჩვენებელი თითით მანიშნა, მომიახლოვდიო. გული გამისკდა, ახლა რაღა უნდა-მეთქი.

_ არ გინდათ, თქვენ ატაროთ? _ იმდენად არ ველოდი ამ შეკითხვას, პირი დავაღე.

_ რას გაიოცეთ? ტარება იცით?

_ დ-დიახ…

_ ჰოდა, მიდით, მე ცოტას დავისვენებ, ვითომ ჩემი მძღოლი ხართ, _ შემაგულიანა.

მოჯადოებულივით დავმორჩილდი. კარგა ხანია, საჭესთან არ ვმჯდარვარ, ამიტომ ვცდილობდი, მართვის წესებში არაფერი ამრეოდა და შეფის შენიშვნა არ დამემსახურებინა.

ამ დროს მირზაშვილის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ავილეწე.

როგორც იქნა, ჩემი კორპუსიც გამოჩნდა და როცა მანქანა სადარბაზოსთან მივაჩერე, შვებით ამოვისუნთქე. ახლაღა გავხედე გვერდით მჯდომს. კაცი კვლავ დაჟინებით მომჩერებოდა. გავიტრუნე, მოჯადოებულივით შევცქეროდი ჩემი ოცნების მამაკაცს.

_ ანიკა ახვლედიანო, იცით, რომ ძალიან ლამაზი გოგო ხართ? _ თქვა და ისე უცებ წამავლო მკლავში ხელი, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი.

მამაკაცმა თავისკენ მიმიზიდა. არ შევწინააღმდეგებივარ, მით უმეტეს, რომ მისი ტუჩების შეხებამ ამის სურვილიც წამართვა და უნარიც. იმდენად მოვეშვი, რომ ადვილად შეძლო ჩემი მჭიდროდ მიხუტება…

კოცნა, მგონი, უსასრულო აღმოჩნდა, ასე მეგონა, ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. ძალა არ შემწევდა, გავრხეულიყავი, თუმცა ქვეცნობიერში შემორჩენილი სიფრთხილის ერთი ნაპერწკალი ჯერ კიდევ მაძლევდა ნიშანს, დროზე შევჩერებულიყავი.

მას ამაღელვებელი სურნელი ასდიოდა… ოდეკოლონის და სისუფთავის. პირველად გამიღვიძა ამ სურნელმა აქამდე მთვლემარე ვნებები. მის ვეება მკლავებში ვიყავი შეყუჟული და როცა ამ მკლავებს მხვევდა, მის სიძლიერეს ვგრძნობდი. მერე, როცა მსუბუქი კოცნით ჩემს ყელს და ყურებს დაუარა, თავი ვერ შევიკავე და ჩუმი კვნესა აღმომხდა. თვითონაც არ ველოდი. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მამაკაცის მოკარებამ ასეთი შეგრძნებები გამიჩინა. დიდი ხანია, კაცს ჩემთვის არ უკოცნია…

_ არ გინდა… _ ოდნავ გასაგონად წავიჩურჩულე, როცა მკერდისკენ წაიღო ტუჩები.

_ ასეც ვფიქრობდი. _ ნელა ასწია თავი და შემომხედა. მწვანე თვალები გამუქებოდა და ამღვრეოდა, თითქოს ნისლი შემოებურაო.

ასე მეგონა, ამქვეყნად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და სხვა არავინ. მან ცივი მზერით შეათვალიერა ჩემი შესივებული ტუჩები და გაფართოებული თვალები, _ კიდევ რამდენიმე წელი და შენ საბედისწერო ქალი გახდები, იქამდე კი სასიყვარულო ცელქობებისთვის არ ხარ მომწიფებული.

გავწითლდი. მისი სახის გამომეტყველებიდან ვერ მივხვდი, რას ფიქრობდა _ განმსჯიდა თუ დამცინოდა.

სანამ სავარძელზე გავსწორდებოდი, მან ჩემს გაცხელებულ ლოყას თითი ჩამოუსვა და თქვა:

_ როგორც ვატყობ, შენ ძალიან ბევრ გულს გაუყრი ისარს უმოწყალოდ. ბევრ კაცს მოუკლავ გულს.

_ არავის გულის მოკვლას არ ვაპირებ! _ გაღიზიანებულმა მივუგე. _ ასეთების კატეგორიას არ განვეკუთვნები.

ამწუთას უპირობოდ ვლანძღავდი საკუთარ თავს. არა, მაინც რამ გამომაშტერა? ლამაზი გოგო ხარო… იქნებ ჰგონია, სხვა ქალებივით ადვილი შესაბმელი ვარ? ეგ მიჩვეულია, ქალები აქეთ რომ ახტებიან.

_ შეიცვლები, ანიკა, შეიცვლები. რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. შენც ჩაებმები თამაშში, რომლის მონაწილეთა ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, გამარჯვება ნებისმიერ ფასად. _ ოდნავ შეარხია თავი და შემათვალიერა. ამ დროს თითქოს ტკივილი დავინახე მის მზერაში, _ და ეს საყვარელი სულის სისუფთავე ტკბილი სიზმარივით უცებ გაქრება.

_ ტყუილია! მე არ შევიცვლები!

_ კარგად გიცნობთ ქალებს. შენ არც პირველი ხარ და არაც უკანასკნელი.

­_ ყველა ერთნაირი არ არის და, საერთოდ, ასეთი ურთიერთობა თამაში სულაც არ მგონია.

_ როგორ, როგოოორ? ასეთი ურთიერთობაო? და როგორია ეს «ასეთი ურთიერთობა»?

თითქოს ცხელ ორთქლში მოვხვდიო, ისე შემახურა. კიდევ კარგი, ჩამობნელებული იყო და ვერ შეამჩნევდა ჩემს გაწითლებას.

გავჩუმდი, მივხვდი, რომ დასკვნების გამოტანა ვიჩქარე.

_ სხვათა შორის, პასუხს ველოდები. _ შემახსენა.

_ ასე ნუ მელაპარაკებით, თუ შეიძლება. თქვენ არაფერი არ იცით ჩემ შესახებ.

_ რა საჭიროა რამის ცოდნა? ყველა ქალი ნოზის მოდგმისაა, ოღონდ კი კაცი აცდუნოს.

_ და გგონიათ, მე თქვენს ცდუნებას შევეცადე?

_ არა? _ კითხვა შემომიბრუნა.

გავფითრდი. არასდროს არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ მომწონდა. ნუთუ თვალებმა გამცა?

_ მე რეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ანიკა.

_ რეალურ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თქვენ როგორც ექცევით ქალებს. გსიამოვნებთ, სხვების ნდობით რომ სარგებლობთ, არა? «დაიჭირე წამის» კაცი ხართ, ხომ? ჰოდა, ასეთ წამს მეტად ვერ ეღირსებით პირადად ჩემგან! თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ცხოვრებისეულ პრინციპებამდე დავეშვები, რომლითაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ძალიან შემცდარხართ! _ ვიყვირე, კარი გამოვაღე და სიბნელეს შევერიე, თან ცრემლები მახრჩობდა.

როგორც ჩანს, გამომეკიდა. სადარბაზომდე არმისულს ხელი წამავლო და გამაჩერა. განრისხებულმა შევხედე.

_ ჩემი აზრით, იმ ქალებზე უკეთესი, გარს რომ გახვევიათ, არაფერი დაგიმსახურებიათ. არ მესმის, რა ნახეს თქვენში მიმზიდველი. თქვენნაირი უგულო და ცინიკოსი მეორე არ შემხვედრია.

უეცრად ისეთი გაოცებული გაუხდა სახე, მივხვდი, რომ გადავაჭარბე. ხელი შემიშვა და მეც ვისარგებლე, სირბილით შევვარდი სადარბაზოში…



მეორე დღეს მირზაშვილის ზნეობრიობაზე ფიქრის თავი არ მქონდა _ მაღალი ტემპერატურით და ყელის ტკივილით გამეღვიძა.

ძლივს მივლასლასდი სამსახურში და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მბრუნავ სავარძელში ფეხი ფეხზე გადადებული ბათო იჯდა და ჩემს მაგიდას «წრეებს ურტყამდა».

«ესღა მაკლდა». _ გავიფიქრე უარესად შეწუხებულმა, ჩემს ბედს კიდევ ერთხელ შევუკურთხე გულში და კბილი კბილს დავაჭირე, რომ თანაკურსელი არ გამომელანძღა.

_ შენ აქ საიდან გაჩნდი, უნებართვოდ ვინ შემოგიშვა?

_ ჯერ ერთი, დილა მშვიდობისა. მეორეც, ნება დამრთეს, როცა გაიგეს, რომ შენს სანახავად ვიყავი მოსული. როგორი პოპულარული ყოფილხარ თანამშრომლებში, ეგრევე თავაზიანობად დაიღვარნენ, ყავაც კი მომიდუღეს, _ მითხრა და ნალექით გატენილი ყავის ფინჯანი ცხვირწინ «ამიფრიალა».

_ მაპატიე, მაგრამ ჩემი უფროსი ძალიან მკაცრია. ახლა რომ შემოვიდეს და ჩემს სავარძელში დაგინახოს, სერიოზულად მომხვდება.

_ ოჰ, უკაცრავად, ვდგები, ვდგები, _ დანებების ნიშნად ბათომ ორივე ხელი ასწია და მაშინვე ადგა.

_ სახლში ვერ მოხვიდოდი? ჩემთვის არ არის სასიამოვნო, როცა ვინმე სამსახურში მაკითხავს. სწორად გამიგე.

_ რატომ, ჭორაობა რომ არ დაიწყონ? _ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და დაჟინებით დამიწყო თვალიერება.

_ რა უცებ მიხვდი, _ დავგესლე.

_ მაგრად კი გამოიყურები.

_ ნუთუ… _ ირონიას არ ვეშვებოდი, _ ახლა კი, არ გეწყინოს, მაგრამ შენი წასვლის დროა, რადგან ჩემი სამუშაო საათები დაიწყო.

_ რა თქმა უნდა, წავალ, რა იყო, ასე რამ გაგაცოფა, გიტყდება ჩემი დანახვა?

მისმა სიტყვებმა შემაცბუნა. როგორც ჩანს, გუშინდელის არ იყოს, ისევ გადავამლაშე.

_ არა, რატომ უნდა მიტყდებოდეს, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვარ და ამან ხასიათიც გამიფუჭა. მართლა, რისთვის მოხვედი?

_ მინდოდა, დღეს ერთად გვესადილა. შესვენება ხომ გაქვს? შემოგივლი.

_ არა, არ შემიძლია. თავზე მაყრია საქმე, სასწრაფოდ უნდა მოვასწრო საღამომდე, ამიტომ სამწუხაროდ, უარი უნდა გითხრა.

_ გასაგებიაააა. ცხრაასი ბოდიში, ბატონო. მაშინ სხვა დროს იყოს. იმის უფლება მაინც ხომ მაქვს, წინასწარ დაგირეკო და ისე შეგითანხმდე შეხვედრაზე?

_ კი, როგორ არა, ოღონდ რამდენიმე დღეში, ეს კვირა ძალიან დაკავებული ვარ. _ აგდებულად მივუგე, ვაგრძნობინე, ფეხებზე შენი შეთანხმებები-მეთქი.

როგორც კი ბათო გავიდა, სავარძელში ჩავეშვი და მწარედ ამოვიკვნესე. რა გაუგებარი ვინმეა. ჰგონია, რადგან სიმპათიურია, ყველა ქალი მას მიახტება. საერთოდ არ მომწონს. სწავლის პერიოდი რომ არ მაკავშირებდეს მასთან, არასდროს მოვიკითხავდი. თან არაფერს მეუბნება, თორემ ეგრევე მივახლიდი, შენს შეყვარებას არ ვაპირებ-მეთქი. თქვას მაინც მაგ დალოცვილმა, ან თავს რატომ იტანჯავს, ან მე რატომ მტანჯავს?

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, შიდა ტელეფონმა რომ დარეკა. ყურმილს დავწვდი.

_ ერთი საფთის განმავლობაში არავისთან დამაკავშიროთ! _ გაისმა შეფის ხმა.

ტელეფონის ხაზიდან გამომავალ შიშინა ბგერებსაც კი არ შეეძლო ჩაეხშო ის ჰიპნოზური ძალა, რომელიც მირზას ძლიერი, ღრმა ხმისგან მოდიოდა… იმწამსვე სული ტერფებში გამეპარა. გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი, შეძლებისდაგვარად ჩავიწმინდე ხმა და ვუპასუხე:

_ გასაგებია.

მართლაც, ნახევარი საათის განმავლობაში რამდენიმე ზარი «მოვიგერიე», მაგრამ მორიგ ზარზე რომ ყურმილი ავიღე და ქეთის ხმა გავიგონე, დავიბენი. ახლა რა უნდა მექნა?

_ ქალბატონო ქეთი, ბატონი მირზა დაკავებულია. იქნებ ნახევარ საათში დაურეკოთ? ან… გნებავთ… რა გადავცე?

_ საჩქარო არაფერია, ანიკა, _ ხალისიანად მიპასუხა ქალმა, კარგ გუნებაზე ჩანდა, _ მარტო ვარ და ვიფიქრე, დავურეკავ-მეთქი. მართლა, ხომ არ გაცივდით იმ ღამეს?

_ არა, არა, კარგად ვარ. მადლობაც ვერ გითხარით, ისე გამოვიქეცი, _ ვპასუხობდი და დიდი მონდომებით ვცდილობდი, ხმა არ ჩამხლეჩოდა, _ ძალიან კი შეგაწუხეთ. როგორი ყურადღებიანი ყოფილხართ.

_ არაფრის, ჩემო კარგო, რა სამადლობელი ეგაა. სტუმარი ღვთისაა, _ ისევ იმავე ხალისით მომიგო, ოდნავადაც არ შეეშფოთებინა იმას, რომ მისმა საყვარელმა ღამე სხვასთან ერთად გაატარა, თანაც მისსავე სახლში, _ კარგი საღამო კი გამოგვივიდა. მინდოდა, მომეკითხა მირზა და მეთქვა, ჩემი მეუღლე როგორი კმაყოფილი დარჩა. სულ მირზას ხსენებაშია იმ დღის მერე. _ ქაქანებდა ქალი ისე, თითქოს ქმრის სიყვარულით გული უსკდებოდა.

აბა მირზაშვილისგან რა უნდა? გაოცებული ვიყავი.

_ კარგი, ანიკა, დაგემშვიდობები, საყვარელო, _ კვლავ ჩაიჟღურტულა ქეთიმ და უცებ ყურმილი ხელში გამიშეშდა.

ოი, რა ბატისტვინა ვარ. აფცხი! _ დავაცემინე და ფიქრი გავგარძელე. ესე იგი, რა გამოდის? მირზას ქეთისთან «იმნაირობა» არ აკავშირებს? იმ დღის მერე არც შეუვლია, არც მოუკითხავს?

თავი გამოუსწორებელ დამნაშავედ ვიგრძენი. გავიხსენე მირზას სატელეფონო საუბრებიც. თურმე ყველაფერი ეს მხოლოდ ქაქანი იყო და სხვა არაფერი.

ქეთისთან მირზაშვილის ურთიერთობას გამამართლებელი განაჩენი რომ გამოვუტანე, ახლა ფიქრით სხვა ქალებს გადავწვდი, აკლებული რომ ჰქონდათ ოფისის ტელეფონი. აბა, რომელია მისი საყვარელი? იმ დღეს რომ ეჩხუბა და უნებლიე მოწმე გავხდი, ის ხომ არა? მაგრამ ის ისე დაიფრინა, რომ… ოხ, რა მეშველება! რა გავუწყალე ამ კაცს გული, გავიჩინე ახალი თავსახეტი. რა ჩემი საქმეა, ვინ ვინ არის? _ საკუთარ თავზე გავგულისდი, თან ისე მიჭერდა ცხვირში, სუნთქვა არ შემეძლო და თავიც მისკდებოდა ტკივილისგან. ზედიზედ ცემინებამ ხომ სრულებით მომიღო ბოლო. ისე მაჟრიალებდა ტანში, ლამის იყო, ავკანკალებულიყავი. მამცივნებდა. ასეთ საძაგელ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. აააფცხი! _ ისევ დავაცემინე და მირზაშვილმაც გამოაღო კარი.

სავარძელს მიველურსმნე შეშინებული.

_ ეს რას ნიშნავს, გავცივდით? სიცხეც ხომ არ გვაქვს? _ თბილი ღიმილით მომმართა.

_ ეტყობა, სურდო დამეტაკა, _ საცოდავად ამოვიკნავლე და ცხვირზე წავივლე ხელი, რომ ნესტოებთან მომდგარი ცემინება შემეკავებინა.

_ ეგ სურდო კი არა, ვირუსია. ახლავე შინ წადით! _ ჩვეული ტონით მიბრძანა, ღიმილი კი თავის სითბოიანად გაუქრა სახეზე.

_ არა, რას ამბობთ! ცუდად არ ვარ. არა უშავს, ცოტა ხანში გამივლის, _ თავი ჯიუტად გავაქნიე, ამასობაში დაცემინება თითებშუა «გამისხლტა», _ თან ბევრი საქმე მაქვს.

_ თქვენ გინდათ, მეც მომცელოს ვირუსმა? ხომ იცით, ის ისევე გადამდებია, როგორც თქვენი სითბო, მაგრამ ვირუსის აკიდება ნამდვილად არ მინდა, სითბოზე კი არ ვიტყოდი უარს. _ ხუმრობანარევი ტონით მითხრა, ჩემი პალტო საკიდრიდან ჩამოხსნა და ხელში მოიმარჯვა.

_ აქ მათი სიაა, ვინ ამ დილით დაგირეკათ, _ მივუთითე ბლოკნოტზე და უხალისოდ გავუყარე ხელები პალტოში.

მირზამ პალტოს საყელოდან თმა მზრუნველად ამომიწია და მისი თითები უნებურად ჩემს ყელს შეეხო.

_ ვაიმე, ანიკა, იწვით… ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა წახვიდეთ?

_ არაფერია, უბრალოდ, გაცივებული ვარ, ფილტვების ანთებფ კი არ დამმართია! _ ვიმართლე თავი აჭარხლებულმა.

_ ჰოდა, თუ ახლავე არ მიხედავთ თავს, დაგემართებათ! _ უეცრად აბობოქრდა, _ ერთხელ უკვე გითხარით, სულაც არ მინდა, ჩემ გამო ფილტვების ანთება დაიმართოთ-მეთქი!

თავი დამნაშავედ ვიგრძენი და გადავწყვიტე, მომებოდიშებინა:

_ ბატონო მირზა… _ მაგრამ სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ისევ დამაცემინა, თან ვერც პირზე ხელის აფარება მომივიდა დროულად.

_ ახლავე გასწით შინ და ჩაწექით! _ ისევ მიბრძანა.

_ მივდივარ. _ ჩავილუღლუღე სიცხისგან გათანგულმა და კარს მივაშურე…



მთელი დღის განმავლობაში მეძინა. ერთხელ წავართვი ძილს თავი, ისიც იმიტომ, რომ ბებიამ დამირეკა და რაღაცაზე დიდხანს მელაპარაკა, მაგრამ აღარ მახსოვს, რაზე. შემდეგ ისევ მკვდარივით ჩამეძინა.

მეორე დღეს ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამლებმა მიშველა. საღამოს მირზაშვილმა დამირეკა და მომიკითხა.

_ ექიმი ხომ არ გჭირდებათ, ანიკა? _ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მკითხა.

_ არა, არა, გმადლობთ! _ შევძახე და კინაღამ გული ამომივარდა.

_ საშინელი ხმა კი გაქვთ და…

_ არც გარეგნულად ვარ დიდად კარგი სანახავი.

მირზას არაფერი უთქვამს, არც გამომშვიდობებია, მობილური გათიშა. ცოტა არ იყოს, მეწყინა, მაგრამ რაღას ვიზამდი, ისევ საბანში გავეხვიე.

ხველება მახრჩობდა, რომ არა ეს ხველება, მთელ კვირას ვიძინებდი. მაგრამ ისე მქონდა ყელი ჩახლეჩილი, ნერწყვის ყლაპვა მიჭირდა. წინა ღამეს წარამარა მახველებდა, ბალიშზე არ დამადებინა თავი. არც ახლა მადგა უკეთესი დღე, თან წინ უგრძესი ღამე მელოდა.

ისევ ჩამთვლიმა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. რის ვაივაგლახით გამოვძვერი ლოგინიდან, ხალათი მოვისხი და კარის გასაღებად წავფრატუნდი…

ზღურბლზე მირზაშვილი ამესვეტა.

_ მომატყუეთ! _ გამომიცხადა და ყურადღებით დამიწყო თვალიერება.

ეს იმას ნიშნავს, რომ არცთუ ცუდად გამოვიყურები _ დავასკვენი და ცოტათი დავმშვიდდი.

ჩემი შეფი მიპატიჟებას აღარ დაელოდა, შინაურივით შემოალაჯა ჰოლში და პირდაპირ სასტუმრო ოთახისკენ გაიჭრა.

_ ჩამოჯექით, თორემ წაიქცევით, _ ისვე ბრძანების ტონით მომმართა და ჩანთიდან პაკეტების ამოლაგება დაიწყო, _ წამლები მოგიტანეთ.

გული ისე ამიჩუყდა, ტირილი მომინდა.

_ მთელი საუკუნე გავიდა… _ ჩურჩულით ამოვთქვი და ნერწყვი ძლივს გადავაგორე, რომ არ ავცრემლებულიყავი.

_ როდიდან? _ დაინტერესდა მამაკაცი და დივანზე ჩემ გვერდით ჩამოჯდა, _ მას შემდეგ, როცა ვიღაც თქვენზე ზრუნავდა?

_ დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. მქონდა წამლები, რატომ დაიხარჯეთ.

მოულოდნელად ხარხარი აუტყდა.

_ ჩემს ჯიბეს უფრთხილდებით, ანიკა?

_ თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ, როც ჩემი გულისთვის იხარჯებიან.

_ და ეს ხშირად ხდება?

გავწითლდი.

_ არც მახსოვს, ბოლოს ეგ როდის მოხდა, _ დარცხვენილმა გავიღიმე.

მირზაშვილი რამდენიმე წამს დაჟინებით მიმზერდა, მერე კი გაიხუმრა:

_ მაშინ ამით უნდა ვისარგებლო… თქვენ ხომ ასეთი მკაცრი ხართ ჩემ მიმართ…

_ ბატონო მირზა, უნდა მოგიბოდიშოთ… _ საუბრის თემა შევცვალე და ტრაგიკულად ამოვიხავლე, ხმა სრულებით წამრთმეოდა.

_ ასეთი რა ჩაიდინეთ?

_ ქალბატონ ქეთიზე რომ ვიეჭვიანე. ასე არ უნდა მეფიქრა…

_ ვერაფერს ვიტყვი, დროის შერჩევა გეხერხებათ! _ მითხრა, _ ეს, წამლები რომ მოგიტანეთ, იმის «საფასურია» თუ გულით ინანიებთ? კარგი, კარგი, ვხუმრობ, ნუ იბუსებით ასე. სხვა დროს ერთ-ორ «ტკბილ» სიტყვას გეტყოდით ასეთი «გონივრული ეჭვისთვის», მაგრამ ახლა ცხვირდასივებულს და გასაცოდავებულს რომ გხედავთ, ენა ვერ მიბრუნდება თქვენს დასატუქსად.

_ ღირსი ვიქნები, დავიმსახურე, _ ცოტა არ იყოს, პათეტიკურად გამომივიდა.

_ ფრთხილად, მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ და მლიქვნელობა არ დაიწყოთ ახლა. საჭმელი გაქვთ რამე?

_ მაქვს. მე და ბებიაჩემი ყოველთვის ბლომად ვყიდულობთ პროდუქტს. _ ვთქვი და ისევ ხველა ამიტყდა.

_ მაშინ გამოდის, მხოლოდ ხველების წამალი უნდა მოგიტანოთ… _ დაასკვნა და ეგრევე დაამატა, _ ხშირ-ხშირად.

გამეღიმა.

_ მიიღეთ ეს წამლები და დროზე გამოჯანმრთელდით. აბა, თქვენ იცით, არ მოიწყინოთ. თუ რამე დაგჭირდეთ, არ მომერიდოთ. ჩათვალეთ, რომ დროებით თქვენი პატრონი მე ვარ. _ ამ სიტყვებით ლოყაზე მიჩქმიტა და წავიდა.

მთელი საღამო მასზე ვფიქრობდი. წამლებიც დავლიე და ჩემდა გასაოცრად, მისი მოტანილი ხველების წამალი და მასზე ფიქრიც ისე მომიხდა, რომ იმ ღამეს მკვდარივით დამეძინა და დილამდე ფეხი არ გამინძრევია.



მეორე დილით, თვალი გავახილე თუ არა, მირზაშვილი კვლავ თავზე დამადგა _ კიდევ მომიტანა წამლები. მართლა ასე ხშირ-ხშირად აპირებს ჩემს აბებით მომარაგებას? კინაღამ გამეცინა.

მადლიერებისგან გული გასკდომაზე მქონდა, მაგრამ თავს აშკარად უკეთ ვგრძნობდი.

_ ეს კიდევ მზა კერძებია, რომ სამზარეულოში დიდხანს ტრიალმა არ მოგიწიოთ. ბევრი არაფერი, ხაჭაპური, ლობიანი და პიცაა, დღეს გეყოფათ. _ მითხრა, ყველაფერი სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და წავიდა.

ისე ვიყავი გახარებული მისი მზრუნველობით, ჰაერში აწეული დავდიოდი. ვგრძნობდი, რომ ყველა თანამშრომლის მიმართ როდი იჩენდა ასეთ გადამეტებულ ყურადღებას. რადგან გამომარჩია, ესე იგი, სხვა «რაღაცაშია» საქმე. ყოველ შემთხვევაში, ბოროტი ზრახვების ვერაფერი შევატყვე.



საღამოს ქალაქის ტელეფონმა ატეხა წკრიალი.

_ როგორ არის ჩემი მდივან-თანაშემწე? _ გაისმა მირზას «დაცემა» ხმა.

_ რა კარგია, რომ დარეკეთ, _ წამოვიძახე გახარებულმა.

_ ხმა გამოგკეთებიათ, სამოცდაცხრა წლის ქალივით აღარ «ხრიწინებთ».

ეგ «ხრიწინებთ» ვერ გავიგე, რას ნიშნავდა, მაგრამ რას დავეძებ? მთავარია, ვახსოვვარ.

_ უკეთ ვარ… ბევრად… კარგადაც კი. ორშაბათს სამსახურში გამოვალ.

_ ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად გამოჯანმრთელდებით. ხველებები და წვინტლები არ დამანახვოთ იცოდეთ. _ წამომიყენა შეფმა პირობები.

_ გასაგებია, ექიმო! _ ღიმილით დავეთანხმე.

_ უკვე ექიმიც გავხდი არა? _ გაიცინა, _ იმედია, შაბათ-კვირისთვის რამე ისეთი არ დაგიგეგმავთ.

_ ბებიას მონახულება მინდოდა, მაგრამ ალბათ ვერ გავრისკავ, ვაითუ, ისევ გავცივდე, თუმცა აქეთ ვაპირებ ჩამოყვანას.

_ მეც რომ მოვინახულო, ვითომ რამე დაშავდება?

გაოცებისგან ლამის მეტყველების უნარი დავკარგე, მაგრამ მსწრაფლ მოვუხმე გონებას.

_ კი ბატონო, მობრძანდით.

_ არა, თქვენთან კი არა, წილკანში რომ ჩავიდეთ. ანუ მე რომ წაგიყვანოთ ჩამოსაყვანად.

_ თქვენ როგორ შეგაწუხოთ? _ ამის თქმაღა მოვახერხე.

_ ჯერ ერთი, გავიწყდებათ, რომ ქალბატონმა ნინუცამ ფინჯან ჩაიზე დამპატიჟა, ამიტომ მიწვევაზე უარის თქმა უზრდელობაში ჩამეთვლება. მეორეც, ძლივს დაგაყენეთ ფეხზე და ისევ რომ გამიცივდეთ, თავი მექნება მოსაკლავი. იცით, რამდენი საქმე დაგიგროვდათ ამ სამ დღეში?

მისი ყოველი სიტყვა მალამოსავით მეფინებოდა გულზე. «ფეხზე დაგაყენეთ», «გამიცივდეთ», «თავი მექნება მოსაკლავი»… თითქოს შეყვარებული მელაპარაკებოდა.

შევთანხმდით, რომ კვირას დამირეკავდა და ერთად მოვიფიქრებდით, რომელ საათზე წავსულიყავით.



შაბათ დილით ბებოს დავურეკე. მოხუცი სიხარულით ცას ეწია.

_ შეიძლება ჩემს შეფთან ერთად გესტუმრო ხვალ, ბებიკო, _ «შეფს» რომ წარმოვთქვამდი, ინტონაციას საგანგებოდ გავუსვი ხაზი, რომ ბებიას ისევ არ ეკითხა, ეს კაცი შენი საქმროაო?

ჩემდა გასაოცრად, ქალბატონმა ნინუცამ შესაშური მეხსიერება გამოამჟღავნა:

_ კარგია, ბებო, თუ მოხვალთ. მე კიდევაც დავპატიჟე ამას წინათ.

საოცარი ქალი იყო ბებიაჩემი. ხანდახან ძალზე მნიშვნელოვანი რამეები ავიწყდებოდა, ხანდახან კი ბოლო წვრილმანამდე ახსოვდა ყველაფერი. უცნაური იყო მისი სკლეროზი, ასეთი არასდროს არავისგან გამეგონა.

კვირამდე ძლივს მოვითმინე. დილით, გათენდა თუ არა, ჯერ ბებიას დავურეკე, იქნებ დაავიწყდა და გავახსენებ, რომ ჩასვლისას თავი არ მომჭრას-მეთქი.

_ ბებო, დღეს შეიძლება ჩამოვიდეთ, ხომ გახსოვს, რაც გითხარი ორი დღის წინ?

_ რომ იცოდე, რა დრო ვატარეთ, ანი, გაოცდები, ბებია. სად არ ვიყავით, რა არ მოვიარეთ… ისე დაგვაღამდა მე და შენს ბიჭს, არც გაგვიგია.

წამით ვიფიქრე, ალბათ კვლავ შემოუტია საწყალ ბებიაჩემს სკლეროზმა-მეთქი, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით განაგრძნობდა თხრობას, პირი დავაღე: _ გზად ყავა დავლიეთ, მერე, სეირნობით რომ ვიჯერეთ გული, ვისადილეთ კიდევაც. სხვათა შორის, მასაც არანაკლებ ჰყვარებია მოტოციკლები. ასე რომ, გვარიანად მოვილხინეთ. დამენანა, შენ რომ არ იყავი.

გაოგნებულმა ხმა ვერ ამოვიღე. ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულმა დავკიდე ყურმილი. უჩემოდ რატომ წავიდა? გავეფრთხილებინე მაინც. ვითომ მომიფრთხილდა, რომ ისევ არ ჩავვარდნილიყავი ლოგინად? მერედა, ეთქვა მაგ დალოცვილს. ცუდი ის იყო, რომ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი. უმადურობაში ჩამეთვლებოდა. კაცი მთელი კვირა გადამყვა, ლამის ყოველდღე აქ იყო, წამლები და მთელი ხორაგი მოჰქონდა, მირეკავდა… უფრო დიდი საოცრება ის იყო, რომ მთელი დღე ბებოს გვერდით გაუტარებია და აქეთ-იქით დაჰყავდა თურმე. იქნებ ტყუილია და მოხუცის დაბინდულმა გონებამ სურვილი რეალობად აღიქვა? ვერაფერი გავიგე. რა ტიპი იყო ეს მირზა, ვერ მივხვდი _ თავგზა ამებნა.

სამზარეულოში გავედი და თითქმის მექანიკურად დავიწყე სადილის მომზადება. როგორც ჩანს, ბებიასთან წასვლა გადაიდო. მე პირადად მირზაშვილთან დარეკვას არ ვაპირებ. თუ უნდა, თვითონ დამირეკოს. რამდენჯერმე მაინც მივედი ტელეფონთან, ხომ არ რეკავდა და ვაითუ, ვერ გავიგონე-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. ჩემი გულის გასახეთქად, აპარატი ჯიუტად დუმდა. მობილური შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, თუ დარეკა, ძებნამ არ მომიწიოს-მეთქი. არა, არ დარეკა და ვატყობდი, არც აპირებდა.

ბოლოს მაინც არ მომითმინა გულმა და მე თვითონ დავრეკე… ამაოდ, არავინ მიპასუხა.

ნეტავ ვისთან დასეირნობს ამჯერად ის ვაჟბატონი, რომელ მზეთუნახავთანაა? _ ბოღმისგან გასივებული ვფიქრობდი და წინ და უკან დავდიოდი სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის. ამან რომ არ მიშველა, რეაქტიული სისწრაფით კარტოფილის გათლას შევუდექი.

უეცრად კარზე ზარი დაირეკა. ადგილს მოვწყდი და წამში ჰოლში გავჩნდი. კარი გამოვაღე და სადარბაზოში «ის ვაჟბატონი» დავინახე. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. რომ აღარაფერი ვთქვი, თვითონ ალაპარაკდა.

_ ფეხზე ხართ, ცუდადაც არ გამოიყურებით. _ შენიშნა მან.

_ ეს-ესაა, გირეკავდით…

_ მართლა? _ გამომცდელად ჩამეკითხა და მაშინვე ენა მოვიკვნიტე. ნეტავ რას ვეუბნებოდი, რომ ვურეკავდი. რაში აინტერესებს ახლა ამას, ვურეკავდი თუ არა? ვერ ვისწავლე ჭკუა და ვერც ენა დავიმოკლე…

მირზაშვილმა ჰაერი შეიყნოსა.

_ რაღაც გემრიელი სურნელი მომდის… რამეს ამზადებთ? _ მკითხა და პასუხისთვის არც დაუცდია, ხელით განზე მიმწია და ოთახში შემოაბიჯა.

_ ბებიას ველაპარაკე…

_ მართლა? ძალიან კარგი. სხვათა შორის, ქალბატონ ნინუცას არც ისე ცუდად აქვს მეხსიერების საქმე, _ მითხრა და თავისი ჯადო თვალები შემომანათა, _ თქვენ კი საუცხოოდ გამოიყურებით, დაგიბრუნდათ სილამაზე. არც კი გეტყოდათ, რომ ავადმყოფობდით.

_ დიდი მადლობა, _ ამოვღერღე, _ რატომ არ დამირეკეთ?

_ უნდა დამერეკა? _ ისეთი გაოცებული მომიბრუნდა, თითქოს საოცარი რამ მეკითხოს.

_ ხომ მოვილაპარაკეთ…

_ ააა! ეგ ხო, მოვილაპარაკეთ, მაგრამ მერე გადავიფიქრე. გარეთ ცივა, თქვენ კი ეს-ესაა, მაღალი სიცხით ლოგინში იწექით. ვაი და, გაცივებულიყავით, მერე რა პასუხი უნდა გამეცა ბებია-ბაბუებისთვის? მოვარჩინე და ისევ გავაცივე-მეთქი? არ ინაღვლოთ, მშვენიერი დრო ვატარეთ მე და ქალბატონმა ნინუცამ.

ჩემი გაბრაზება სადღაც გაქრა. მივხვდი, რომ საყვედურს ვეღარ ვეტყოდი.

_ თავი ხომ არ მოგაბეზრათ ბებიამ?

_ რას ამბობთ! დიდად ვისიამოვნეთ. ისეთი ჩაის მომზადება სცოდნია, კიდევ და კიდევ მინდოდა დალევა. ჟას-მიიიინ! _ პათეტიკურად წარმოთქვა საჩვენებელთითგაბზეკილმა, _ მე და ბებიათქვენს, ჩვენში დარჩეს და, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა… ჰოდა… მართლა, სადილად რა გვაქვს? _ მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.

_ კარტოფილს ვწვავ. მაქვს წითელი ტყემლის საწებელი და კიდევ შემწვარი ღორის ხორცი.

უცნაურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ჩემი შეფი იყო, თანაც თავი თვითონვე «დაიპატიჟა», ძალზე უშუალოდ, თავისუფლად იქცეოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით და დიდი მისვლა-მოსვლა გვქონოდეს ერთმანეთთან.

სუფრა გავშალეთ და მაგიდას მივუსხედით. მირზა გემრიელად შეექცეოდა სადილს, კრინტიც არ დაუძრავს სამსახურზე. სამაგიეროდ, ჩემი ოჯახით დაინტერესდა.

_ მამათქვენი მეცნიერი იყო? _ ბებიასთან სტუმრობის «კვალი» დაეტყო.

_ მთლად მეცნიერს ვერ ვიტყოდი… ისე, სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული.

_ ანუ იყო მეცნიერი. აუცილებელი ხომ არ არის, მაინცდამაინც გამოგონებები ჰქონოდა?

_ რბილი და კეთილი კაცი იყო, სულ მუშაობდა და ჩემთვის ვერ იცლიდა.

_ მშობლების სიკვდილის შემდეგ ძალიან გაგჭირვებიათ.

_ მაგრამ გამოვძვერით. საერთოდ, სტაბილურობის მომხრე ვარ, ცოტათი ვკმაყოფილდები. ჩემი ოცნება ფეშენებელური სახლი და მილიონები არასდროს ყოფილა. ვარჩიე, ის ბინა გამეყიდა და შედარებით მოკრძალებულში გადმოვსულიყავი. სამაგიეროდ, მე და ბებიამ იმ წლებში შევძელით თავის გატანა.

_ იმ წლებმა კვალი დაგაჩნიათ. გაუცხოებული ხართ… ცოტა ჩაკეტილი გახდით, არა? გულდახურული…

_ არა, რატომ… _ ავდექი და სუფრის ალაგება დავიწყე, ამით მივანიშნე, რომ ეს თემა ამოწურული იყო, არ მსიამოვნებდა ჩემზე საუბარი.

_ ანიკა, ოდესმე ვინმეს თუ უკოცნია თქვენთვის? _ თითქოს ყრუდ ჩაილაპარაკა.

წარბები ავზიდე, ჩავიცინე და სხარტად მივუგე:

_ თუ მეხსიერება არ გვღალატობს მე ან თქვენ, წინა ორშაბათს შემემთხვა რაღაც მაგდაგვარი. _ იქედნურად შევახსენე.

_ მაგას რა დამავიწყებს… იქამდე?

_ ეს რა, დაკითხვაა?

_ არა, შეკითხვაა.

_ თანაც, ძალიან პირადული.

_ მერე რა? მე მგონი, ვიმსახურებ გულახდილ პასუხს, არა? მე რომ მსგავსი რამ მკითხოთ, ეგრევე გიპასუხებთ, როგორ არა, თანაც ძალიან ბევრჯერ-მეთქი.

ღიმილი ვერ შევიკავე, მაგრამ პასუხი მაინც არ გავეცი.

_ კარგი, სხვა შეკითხვა ვცადოთ, _ მირზაც ადგა და დაჟინებით შემომაჩერდა, _ სურდომ გაგიარათ თუ ისევ ისეთი ვირუსმატარებელი ხართ? _ ამ სიტყვებით თეფშები ამაცალა, მაგიდაზე დააბრუნა და ხელი მომხვია.

სუნთქვა შემეკრა.

_ რა თქმა უნდა, ჯერ ისევ ვირუსმატარებელი ვარ.

_ დარწმუნებული ხართ?

_ წყალი არ გაუვა. _ ხმადაბლა ვთქვი და მისი სიახლოვისგან გული გადამიქანდა.

_ მაინც გავრისკავ… _ ჩურჩულით წარმოთქვა და ტუჩებზე წამეტანა.

ჟრუანტელმა მთელ სხეულში ტალღასავით დამიარა. მინდოდა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს კოცნა, მაგრამ ვინ მაცალა? ყველაფერს აქვს დასასრული.

ერთხანს დაბნეული ვიდექი, არ ვიცოდი, რა მეთქვა, ან როგორ მოვქცეულიყავი. თვალებს ვერაფერი მოვუხერხე, საითაც უნდა გამეხედა, ყველგან მირზას მზერა დამყვებოდა თან. ბოლოს ჩავახველე.

_ თუ ამით იმის თქმა გსურთ, დიდი მადლობა, სადილი გემრიელი იყოო, მაშინ გასაგებია თქვენი თავგამოდება.

_ ნუთუ ასეთი ნაძირალას შთაბეჭდილებას ვტოვებ? _ მაშინვე შემიშვა ხელი და განზე გადგა.

სიცილი ვერ შევიკავე და სიტუაციაც უცებ განიმუხტა.

_ ცუღლუტობ! _ თითი დამიქნია და თვითონაც გაიცინა.

ჭურჭელი მხიარული საუბრის თანხლებით გაირეცხა და როცა მირზაშვილის წასვლის დრო მოვიდა, უეცრად სერიოზული სახით მომაჩერდა.

_ თქვენ მე იდეალურად გამიმასპინძლდით, ქალბატონო თანაშემწევ. ამიტომ მინდა, მეც გცეთ პატივი. ხვალ საღამოს თავისუფალი ხართ?

_ ეს პაემანია? _ ენამ წინ გამისწრო და გულში სულ თავ-ბედი ვიწყევლე.

_ არა, ეს ოფიციალური მიპატიჟებაა ოფიციალურ ვახშამზე.

_ საქმესთან დაკავშირებით?

_ რა თქმა უნდა! _ ნახევრად ხუმრობით მომიგო და ვერ მივხვდი, მართალს მეუბნებოდა თუ მატყუებდა, _ ამიტომ საგანგებოდ გამოიპრანჭეთ, რომ თავი მოვიწონო.

_ ბევრნი იქნებიან?

მუნჯურად გადათვალა თითებით ღიმილმორეულმა _ ერთი, ორი, სამი, ოთხი… სასაცილოდ ხრიდა თითებს. ოთხის შემდეგ ისევ უკან დაუყვა და ორზე შეჩერდა.

_ თითზე ჩამოსათვლელად ცოტანი ვიქნებით.

_ ხვალ სამსახურის შემდეგ?

_ აბა, სამსახურს ხომ არ გააცდენთ? დამთავრდება თუ არა 6 საათი, შინ დაბრუნდებით, კოხტად ჩაიცვამთ და მერე მე გამოგივლით…. დაახლოებით 60 წუთში.

_ ანუ ერთ საათში?

_ როგორი მიხვედრილი მდივანი მყავს, _ ახარხარდა…

როცა მირზაშვილი წავიდა, თავისუფლად ამოვისუნთქე, ყოველ შემთხვევაში, მუხლები აღარ მიკანკალებდა…



ორშაბათს სამსახურში გამოვცხადდი. ყველამ თბილად მომიკითხა. მირზაშვილიც მეგობრულად მომესალმა, ისე შემხვდა, როგორც რიგით თანამშრომელს. მეც იგივე რეაქცია მქონდა. საღამოს კი, როცა კაბინეტში გამომიძახა, თავი იმაში დავიჭირე, რომ დაჟინებით მივჩერებოდი იმ ტუჩებს, ასე ნაზად რომ მკოცნიდა წინა დღეს. როგორც კი შემომხედავდა, მაშინვე თვალს ავარიდებდი, თუმცა შევნიშნე, რომ თვითონაც იმავეთი იყო დაკავებული. პარალელურად, მაგიდაზე დოკუმენტაცია გაეშალა და იმას ჩაჰკირკიტებდა. მერე თავი ასწია და მითხრა:

_ ხუთშაბათს ობიექტზე უნდა გავიდე. დამჭირდებით.

_ მეც უნდა გამოგყვეთ?

_ თქვენ ყველგან უნდა გამომყვეთ, სადაც მოვისურვებ. ასეთია თქვენი თანამდებობა. გასაგებია?

უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მისი მბრძანებლური ტონი მსპობდა და მანადგურებდა.

_ ახლა კი დროა, შინისკენ გასწიოთ, დრო არ იცდის, _ თქვა და მაჯის საათზე დაიხედა, _ ზუსტად შვიდზე თქვენს სადარბაზოსთან ვიქნები დარჭობილი.

კვლავ თავის დაქნევით მივანიშნე, გასაგებია-მეთქი და კაბინეტი დავტოვე….



_ იცი? პირდაპირ გამაოცე, _ მითხრა, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი.

ვიფიქრე, არასწორად გავიგე-მეთქი, ისე ხმადაბლა წარმოთქვა, თან იმწუთას ძრავაც აამუშავა.

_ მაპატიეთ, ვერ გავიგონე, რა მითხარით.

_ პირველ რიგში, მგონი, დროა, მიმართვის ზრდილობიანი ფორმა დავივიწყოთ და გავშინაურდეთ. ხომ მართალი ვარ? ამდენი რამის შემდეგ ცოტა უხერხულიც კი არის, თქვენობით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მეორეც: ვთქვი, გამაოცე-მეთქი. მე კი, თუ სიმართლე გაინტერესებს, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, სარეკლამო ბუკლეტებივით რომ არიგებენ კომპლიმენტებს.

_ ჰო-ო? _ ისე დავიბენი, სიტყვები ვერ ვიპოვე პასუხის გასაცემად, _ დიდი მადლობა.

ეს ერთი «საკუბოვე» კაბა მქონდა, მეორადებში ვიყიდე ერთი წლის წინ, შავი, თეთრ საყელოთი. მოკლე იყო, მუხლამდე და წელში გამოყვანილი. ძალიან მიხდებოდა, ჩემი სხეულის «ყველა სიკეთეს» ერთიანად აჩენდა _ მკერდს, აღნაგობას, ფეხებს…

_ აქამდეც ყოველთვის ლამაზი იყავი, მაგრამ დღეს… უბრალოდ, საოცრად ლამაზი ხარ. _ ამ სიტყვებით ლამის ჩამიძვრა თვალებში, მე კი გავწითლდი.

_ ეს, ალბათ, ტანსაცმლის ბრალია… _ «ვიმართლე» თავი. რა სულელური ფრაზა ვთქვი. შტერი, შტერი, შტერი!

უცებ გაიცინა.

_ ალბათ დაგაბნიე, არა? მაპატიე, შეგნებულად არ გამიკეთებია. შენ, ალბათ, გახსოვს, მე ერთი საშინელი ნაკლი მაქვს _ ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ.

_ ეგ ერთადერთია, რაც არასდროს მავიწყდება, _ მეც გავიცინე.

მივდიოდით და თვალს არ მაშორებდა. გზას იშვიათად გახედავდა, მე კი ხშირ-ხშირად გამომხედავდა. შემდეგ ნელი მოძრაობით გადააქნია თავი:

_ ასეც ვფიქრობდი… ნამდვილი შავი ოქროს საბადო გაქვს თავზე, _ თქვა და მხარზე დაყრილი ჩემი შავი თმა თითზე დაიხვია, _ ასეთი შეფერილობის თმა არასდროს მინახავს. იღებავ?

_ არა, ბუნებრივად ასეთი ფერია.

_ მელნისფერი დაჰკრავს თითქოს, არა?

_ ჰო. ბებიასგან მაქვს.

უეცრად მანქანა დაამუხრუჭა, მაგრამ ძრავი არ გამოურთავს. ნახევრად ჩემკენ შემობრუნდა, თმის ნაწილი მაღლა ასწია და ხელი გაუშვა, თან სიამოვნებით უყურებდა, როგორ დაეფინა იგი მხარზე. ამ დროს ისეთი ჯადოსნური გამომეტყველება ჰქონდა, შემახურა. როგორი ფატალურია მისი მომნუსხველობა. ესეც ალბათ თანდაყოლილი ნიჭია, მაგრამ მე ასე ადვილად ვერ დამიმორჩილებს. ვინ-ვინ და, მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც წარმოადგენს სინამდვილეში. წამიერად თვალწინ ანას სახე ამომიტივტივდა, კაბინეტში რომ ეჩხუბა და მერე მეც მიმალანძღა. ოოო, როგორი საშიში პროვნებაა, დატენილი პისტოლეტივით, მასთან თამაში ძალიან სარისკოა.

_ რა აზრები აიძულებს ამ ლამაზ ტუჩებს, არ გაიღიმოს? _ მკითხა მხიარული ხმით და კვლავ გააგრძელა გზა. მისი კმაყოფილი ღიმილის მიზეზის მიხვედრა არ გამჭირვებია _ ამწუთას მისი ცხოვრების მორიგი ქალი მე ვიყავი, თუმცა მხოლოდ ერთი საღამო. არა, მირზა, ეს ნომერი ჩემთან არ გაგივა!

_ ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ მას შემდეგ თუ შეხვდა ანას-მეთქი… _ მომენტით ვისარგებლე და «ჩავურტყი», თან ანერვიულებულმა მუხლებზე დაწყობილი ხელები მოვმუშტე, გული კი ლამის ამომივარდა ბუდიდან.

_ ანას? _ ჩემკენ მობრუნებულმა მისმა პროფილმა გაოცება გამოხატა, _ და ვინ არის ეს ანა?

_ ის ქალი, კაბინეტში რომ ჩხუბობდით და მე რომ შემთხვევით მოგისმინეთ.

_ ა, ასე ერქვა? _ შუბლი შეიჭმუხნა, თითქოს იხსენებსო, _ არ ვიცი, სად არის… და რა მნიშვნელობა აქვს ამას? მას შემდეგ იმდენმა დრომ გაიარა…

«და იმდენმა ქალმა»… _ დავამატე ფიქრებში.

_ როგორც ვხვდები, _ ჩაიცინა, _ საქმე ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არა?

არ ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.

_ თუ ამაზეა საუბარი, გულწრფელად ვაღიარებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში განდეგილივით არ მიცხოვრია. ჰო, მყავდა ქალები… და შენ? შენ ხვდები ვინმეს სერიოზულად? მაგალითად, ბათოს თუ დათოს?

_ არა. ახლა სერიოზული არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, _ უფრო ჩავიბურტყუნე, ვიდრე ვთქვი, თან არც ჩავუფიქრდი ჩემს ნათქვამს.

_ აჰააა. ანუ ვიღაც მაინც იყო, არა? _ უცერემონიოდ გააგრძელა ჩემი დაკითხვა.

უეცრად მივხვდი, რომ ჩემი პასუხი მისთვის, რატომღაც, მნიშვნელოვანი იყო და საგანგებოდ შევარჩიე სიტყვები:

_ ცოტა ხნით ვხვდებოდი ერთ თანამშრომელს, მაგრამ დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, იმ ურთიერთობას სერიოზულს ვერ დავარქმევდი.

_ გასაგებია. _ მშრალად მომიგო, _ იმედია, შენი რომელიმე განხიბლული თაყვანისმცემლისგან ფიზიონომიის «გალამაზება» არ მემუქრება…

ირიბად გავხედე.

_ ვერ წარმომიდგენია, ვინმეს თქვენი ფიზიონომიის გალამაზების უფლება მისცეთ.

_ თქვენი კი არა, შენი. _ შემისწორა.

_ შენი. _ გავიმეორე.

_ და ეს როგორ გავიგო? შენი ნათქვამი ჩემს სასარგებლოდ ღაღადებს თუ შენს გემოვნებაში მოხულიგნო ტიპები ჭარბობს?

_ მე არ მაქვს განსაზღვრული გემოვნება. _ ვთქვი და გულში ბოროტად დავამატე: «შენგან განსხვავებით».

_ დარწმუნებული ხარ?… და ის… ბათო თუ დათო… იმანაც დაკარგა შენ მიმართ ინტერესი?

_ მთლად არა, _ მივუგე და სახე გამიბრწყინდა, მომეჩვენა, რომ ეჭვიანობდა. კიდევ კარგი, ჩამობნელდა, თორემ აშკარად შემატყობდა, როგორ იწეოდა ჩემი ტუჩები გასაღიმებლად, _ საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ძალიან მაბეზრებს თავს, მაგრამ ამას მალე მოეღება ბოლო.

_ საწყალი… გატეხილი გული ჰქვია ამ მდგომარეობას, არა? გახსოვს, რომ გითხარი, პასუხს აგებ ძალიან ბევრ გატეხილ გულზე-მეთქი… აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

_ მე ის არასდროს მომწონდა! _ ბრაზმა წამომიარა და ავიფოფრე.

_ მაშ ასე, ყველა მაჩვენებლით და ნიშნით ჩანს, რომ ახლა ჩიტივით თავისუფალი ხარ. შეყვარებული არ გყავს და არც არავინ გიყვარს. ჰოდა, სანამ სიყვარულის ქარი დაუბერავდეს, მინდა, შექმნილი სიტუაცია მაქსიმალური შესაძლებლობებით გამოვიყენო.

_ მე არავის ვეპრანჭები, მთავარი ეს არის.

_ აქ ნამყოფი ხარ? _ უეცრად შეცვალა საუბრის თემა და გაბდღვრიალებულ რესტორანს მიაყენა მანქანა. _ პირველი შეხვედრისას ადამიანების აქ მოყვანა მიყვარს.

«ქალებისო, უნდა გეთქვა, ვაჟბატონო!» _ კბილი კბილს დავაჭირე, რომ ხმამაღლა არ წამომცდენოდა.

როგორ მომჭრა ყური ამ ერთმა შეცვლილმა სიტყვამ. არადა, ხომ აშკარა იყო, რომ ქალები უნდა ეთქვა. როგორი შეურაცხმყოფელია, როცა ხვდები, რომ შენ მხოლოდ ერთი რგოლი ხარ უსასრულოდ გრძელ ჯაჭვში.

როცა ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, თავი ამაყად ავწიე. ამას ვუჩვენებ სეირს. ამ საღამოს მაქსიმალურად ვისიამოვნებ და მორჩა, ეგრევე წერტილს დავსვამ.

_ რას არ მივცემდი ახლა იმის გასაგებად, ამწუთას რაზე ფიქრობ.

შევცბი. არ მეგონა, თუ მიყურებდა.

_ მიხარია, რომ ამ შეხვედრაზე დამთანხმდი. _ მითხრა, ხელი გამომიწოდა და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა, მერე ნიკაპზე ამომდო საჩვენებელი თითი, თავი ამიწია და თვალებში მომნუსხველად ჩამხედა, _ ამ საღამოს დიდხანს ველოდი.

_ ნუთუ? _ სარკასტულად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხება მწვავდა. მოულოდნელად ვინანე, რომ წამოვყევი. ვგრძნობდი _ ცეცხლს ვეთამაშებოდი. ცეცხლი კი ულმობლად წვავს ადამიანს. რას უნდა ველოდო მისგან? მე ხომ უბრალო მდივანი ვარ, ის კი _ მდიდარი მამაკაცი, რომლის ფეხქვეშ ქალები სიამოვნებით ეგებიან. სულაც არ მინდა, ერთი რიგითი ქალი ვიყო მის ცხოვრებაში, რომელსაც გადაუვლის, გათელავს და მიაგდებს. სამადლოდ შეიძლება კარგი ხელფასი დამინიშნოს, ან მობეზრების შემდეგ სხვა, მისნაირ «შეფს გადაულოცოს» ჩემი თავი.

_ რა ნუთუ? _ ჩამეკითხა.

_ რაღაც არ მჯერა.

_ ვეცდები, დაგარწმუნო ჩემს გულწრფელობაში, _ თქვა, ხელკავი გამომდო და მარმარილოს კიბეს შევუყევით.

_ ხედავ, როგორ გიყურებენ? მე კი ამაყი ვარ შენნაირი ქალის გვერდით. საწყალი კაცები…

_ და საწყალი ქალები, _ ვალში არ დავრჩი.

ამ დროს შვეიცარი შემოგვეგება და ჩვენს მაგიდასთან მიგვაცილა. გამიკვირდა, როცა მაგიდა ცარიელი დაგვხვდა.

_ სხვები სად არიან? _ ვიკითხე გაოცებულმა.

_ ვინ სხვები?

_ თითზე ჩამოსათვლელნი… ხომ მითხარი, რამდენიმე ვიქნებითო.

_ თითზე ჩამოსათვლელში ჩემი და შენი თავი ვიგულისხმე. როცა სასიამოვნოდ ვაპირებ დროს ტარებას, მოწმეები არ მჭირდება, _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.

ამასობაში ოფიციანტი მოგვიახლოვდა და მენიუ გამოგვიწოდა.

_ თაკო, შენებური კოქტეილი მოგვიტანე ჯერ, ნაპერწკლებს რომ აყრევინებს კაცს თვალებიდან, დანარჩენი კაკიმ იცის, ის მოგვემსახურება.

_ ორი? _ ორი თითი აჩვენა გოგონამ.

_ ორი, რა თქმა უნდა.

თაკო წავიდა თუ არა, მირზას დამცინავი მზერით გავხედე.

_ მოხიბვლის ერთ-ერთი შენეული წესია? _ შევეცადე, ეშმაკური ღიმილი გამომეხატა ამ შეკითხვისას.

ხარხარი აუტყდა. სიცილის დროს თვალების ირგვლივ წვრილ-წვრილი ნაოჭები დააჩნდა, რამაც უფრო მომნუსხველი გახადა.

_ დამიჯერე, ანიკა. ქალი თუ მომინდება, მის «დასათრევად» არც კოქტეილი დამჭირდება და არც სხვა საცდუნებელი რამე-რუმეები.

თითქოს ორთქლის აბანოში შემაგდესო, ისე შემახურა. ვიგრძენი, როგორ დამეწინწკლა შუბლი ოფლის წვეთებით.

ამ დროს ლურჯბანტიანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ორი წითელი ფერის კოქტეილიანი ბოკალი ჩამოდგა მაგიდაზე, თან მხურვალედ მიესალმა მირზას.

_ კაკი, როგორაა საქმეები? _ ჩემმა შეფმა მხარზე დაჰკრა ხელი.

_ კარგად, კარგად.

_ გმადლობთ. რისგანაა ეს კოქტეილი დამზადებული? _ შევეკითხე ოფიციანტს.

_ ოოო, ეს სამხედრო საიდუმლოებაა, ქალბატონო. და თუ საიდუმლო გავეცი, მეთაური დამასამარებს, _ ღიმილით მიპასუხა და «მეთაურს» ორაზროვნად გახედა.

მირზამ ჩაიფხუკუნა და მარტო რომ დავრჩით, კმაყოფილმა მითხრა:

_ დაინახე, როგორ გიყურებდა? შენ ნამდვილი ფურორი მოახდინე აქ.

მის ხმაში ირონიული ნოტები დავიჭირე და ავილეწე…

მინდოდა, რამე მკვახედ მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე და ესღა ამოვთქვი:

_ ის ვალდებულია, კლიენტებთან თავაზიანი იყოს, ეს მისი მოვალეობაა.

_ მაგრამ განა ისე ხშირად უწევს შენნაირი ახალგაზრდა და ლამაზი მანდილოსნების მომსახურება. თვალი აქვს მიჩვეული, აქ ხომ ძირითადად მუდმივი კლიენტები დადიან.

_ როგორც შენ, არა? _ ისე გადავედით შენობითზე, არც კი გაგვიფრთხილებია ერთმანეთი. არც იყო საჭირო, უკვე საკმარისზე მეტად გავშინაურდით.

_ ალბათ, _ დამეთანხმა, მაგრამ იმავე წამს დაამატა, _ რა გჭირს? როგორი უღონო თავდაცვაა შენი მხრიდან? ნუთუ შენთვის ასეთ საშიშროებას წარმოვადგენ? მართლა გეშინია ჩემი?

_ რა თქმა უნდა, არა! _ ზედმეტად სწრაფად და ტემპერამენტიანად მივუგე, თუმცა მართლა მეშინოდა მისი.

ხმადაბლა, მაგრამ გულიანად გაიცინა, წინ გადმოიხარა და იდაყვზე ტუჩებით მსუბუქად შემეხო.

გამაჟრჟოლა. შევეცადე, ჩემი რეაქცია არ შეენიშნა და თვალი ავარიდე.

_ დამშვიდდი, გოგონი, _ მშვიდად მითხრა, _ მინდოდა, სასიამოვნო საღამო მომეწყო შენთვის, მეტი არაფერი. მსურდა, გემრიელად გეგრძნო თავი.

მტრულად გავხედე. ჩემს მზერაზე სიცილი აუტყდა.

_ როგორი საგანგაშო მზერა იყო, _ მხიარულად შესძახა და ცალი წარბი მაღლა აუხტა, _ შენს ცოცხლად შეჭმას არ ვაპირებ, დამიჯერე, ეს ჩემი სტილი არ არის. _ მის ხავერდივით დაბალ ხმაში სიცივე გაისმა, თვალები კი მოულოდნელად უფრო გაუმუქდა.

_ არც მიფიქრია, _ მხნედ მივუგე, _ ეჭვიც არ მეპარება, რომ ამწუთას მაძღარი ხარ ათასნაირი დესერტით, _ სარკასტულად მივუგე და მაშინვე ვინანე, მაგრამ გაქცეულ სიტყვებს უკან ვეღარ დავაბრუნებდი.

მომეჩვენა, თითქოს ცოტათი დაიბნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი და გამჭოლი მზერა მომაპყრო.

_ როგორი შესაშური მეხსიერება გაქვს, პატარავ, _ წაიდუდუნა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, _ ვხედავ, მომავალში მეტი სიფრთხილის გამოჩენა მომიწევს შენთან. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვი, შეიძლება ჩემ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

თვალები დავხარე, მაგრამ ამან არ მიშველა, მის ეკალივით მჩხვლეტავ მზერას მაინც ვგრძნობდი.

_ კოქტეილი კიდევ ხომ არ გინდა? _ ნახევრად თავაზიანი ტონით მკითხა.

_ არა, აჯობებს, არ დავლიო. არ მინდა დავთვრე.

_ ძალიან ჭკვიანურია! _ შეფარული დაცინვა გაკრთა მის თვალებში, _ მაშინ წავიხემსოთ, თორემ შიმშილით სული გამძვრა.

ცოტა სოკო გადავიღე, თან თვალი დარბაზს მოვავლე. არ გამკვირვებია, როცა რამდენიმე ქალის მზერა დავიჭირე. ისინი ჩემს თანამესუფრეს მალულად გამოხედავდნენ ხოლმე. წესით, ასეც უნდა ყოფილიყო. მისნაირი მამაკაცი ყველგან მიიქცევდა ქალების ყურადღებას. თავისი მომნუსხველობით ყოველთვის შეეძლო მიეღო ის, რაც სურდა. ყველგან და ყველასთან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მამაკაცურ მომხიბვლელობასთან ერთად მაგნიტური მიმზიდველობითაც იყო დაჯილდოებული, რაც აშკარად გამოარჩევდა სხვა მამაკაცებისგან, როგორც მგელს ძაღლების ხროვაში.

_ შენს ბათოს აქ არასდროს მოუყვანიხარ? _ მოულოდნელი შეკითხვა დამისვა, რამაც გამაოცა.

_ ბათო რამ გაგახსენა? რატომღაც, ბოლო დროს ხშირად ახსენებ მის სახელს.

_ კარგი სახელი ჰქვია და… _ გაიხუმრა.

პასუხი არ გავეცი. შემეშინდა, ზედმეტი არ მომივიდეს და არ გავანაწყენო-მეთქი. ჭამას უხმოდ შევუდექით და ცოტა ხანში დავმშვიდდი.

ოფიციანტი ისევ მოვიდა. მირზამ კიდევ შეუკვეთა კერძები და დესერტიც მიაყოლა. ვუყურებდი მას და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი _ როგორ მეშინოდა მისი. ეს არ იყო შიში ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. უბრალოდ, ვიგრძენი, რომ მისი სურვილის წინააღმდეგ ვერასდროს წავიდოდი. თუ მოისურვებდა, ნებისმიერ დროს შეძლებდა ჩემს დაუფლებას. ამ მხრივ იგი ჩემს აქამდე ნაცნობ ყველა მამაკაცზე საშიში იყო. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი ძალით რაღაც იდუმალება მიზიდავდა მასში.

_ იცი, რა მაინტერესებს? _ თვალები მივანათე, _ რატომ მოისურვე ჩემთან შეხვედრა და განმარტოება? _ ფრთხილი მზერა მივაპყარი.

_ წმინდა ცნობისმოყვარეობის თვალსაზრისით.

_ ცნობისმოყვარეობის?

_ რატომაც არა? გეგონა, სიყვარულს აგიხსნიდი?

_ აზრადაც არ გამივლია. _ მივახალე, _ ასეთი რამის აღიარება, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებადაა შენგან მოსალოდნელი.

_ როგორც ვხვდები, ჩემზე დიდი წარმოდგენა არ გაქვს, ა?

_ განა ამის საფუძველი არსებობს?

დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში და ჩუმად წარმოთქვა:

_ იცი? ფუტკარს მაგონებ. თან ტკბილი, სასარგებლო პროდუქტის მოცემა შეგიძლია, თან სასტიკად მწარედ იკბინები.

ამ დროს პირთან მიტანილი ლუკმაჩამოცმული ორაგულის მწვადი ხელში გაუშეშდა. მის მზერას თვალი ჩემდა უნებურად გავაყოლე და შევნიშნე ქალი, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა. შემდეგ ქალმა ხელი დაუქნია. მირზა დაიძაბა.

_ შენი ძველი მეგობართაგანია? _ შემპარავად ვკითხე.

_ ჰო. _ მშრალად მომიგო და ჩანგალი თეფშზე დადო. _ არ გინდა, ვიცეკვოთ?

ყველაზე მეტად მასთან ცეკვას გავურბოდი, მაგრამ, ამავდროულად, სიგიჟემდე მინდოდა ერთად გვეცეკვა. ვერ ვხვდებოდი, ასეთი გაორება რატომ მჭირდა.

_ ვიცეკვოთ, _ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.

_ წამო. _ იგი ჩემკენ გადმოიხარა, ხელი გამომიწოდა, ჩემი თითები თავისაში ჩაიხვია და წამომაყენა.

როცა დარბაზის შუაგულისკენ წამიყვანა, მუხლები ამიკანკალდა. ახლა კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ამ წუთებს რა გადაიტანდა.

აუჩქარებელი მოძრაობით მომხვია წელზე ხელები და ისე შეწყობილად გავსრიალდით რბილ იატაკზე, თითქოს მრავალი წელი ერთად გვეცეკვოს. ნელი ვალსის მელოდიამ და მისმა სიახლოვემ ისე დამახვია თავბრუ, შემეშინდა, გული არ წამივიდეს-მეთქი.

_ ჰო, ცდა ამად ღირდა. _ ზედ ყურთან მიჩურჩულა, მაგრამ არ შემოუხედავს, თითქოს სხვას ელაპარაკებაო, სადღაც იცქირებოდა, სივრცეში. _ და ნეტავ ამდენ ხანს რას ვუცდიდი, ხომ არ იცი?

პირი გავაღე, რათა ირონიული პასუხი გამეცა, მაგრამ შევხედე თუ არა თვალებში, დავმუნჯდი. მის მზერას უკვე ვეღარ ვუძლებდი. მოულოდნელად თავი ოდნავ დახარა და ტუჩებზე შემეხო, ოღონდ სულ რამდენიმე წამით. მე კი ამ რამდენიმე წამმაც ჩემი დამმართა. ერთიანად ავიშალე და დავიშალე. ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი და რამდენიმე ილეთი შემეშალა კიდევაც. რას ვაკეთებ! ამ კაცისთვის ქალი მხოლოდ გართობის საშუალებაა, მისთვის მორიგი გასართობი თოჯინა ვარ, რომლითაც ერთი საღამო გაილამაზა. რისი იმედი უნდა მქონდეს? მიუხედავად ამისა, მსიამოვნებდა მის მკლავებში ნებივრობა, ვდნებოდი, მისი გულისცემა რომ მესმოდა, მის სუნთქვას რომ ვგრძნობდი ჩემს ყურთან…

_ მირზა, რავა ხარ, ბიჭო? _ გაისმა ამ დროს ქალის მკვეთრი ხმა.

ეს ის ქალი იყო, წეღან ხელი რომ დაუქნია. მის გვერდით ვიღაც მამაკაცი იდგა.

_ მზიკო, შენ ხარ? გოლა, გამარჯობა! _ მირზამ ცეკვა შეწყვიტა და წყვილს ხელი მძლავრად ჩამოართვა, თან გადაკოცნა. _ როდის ჩამოხვედით?

_ წინა კვირას. შენ რა, არ იცოდი? _ ქალი აგდებულად ელაპარაკებოდა.

_ რატომ უნდა მცოდნოდა? _ მხრები აიჩეჩა მირზამ, გვერდით დამიყენა და მხარზე ხელი გადამხვია. _ გაიცანით, ანიკა, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი.

ორივეს გავუღიმე. არც მათ დაიშურეს ღიმილი.

_ ამას გვიმალავდი? _ ისეთი ცინიზმი გაისმა მზიკოს ხმაში, დავიძაბე.

_ შენ კი უნდა დაგიმალოს კაცმა ასეთი ვინმე, თორემ ხომ მოსდე მთელ ქვეყანას, _ გაიცინა მზიკოს კავალერმა და მირზას თვალი ჩაუკრა.

_ ოხ, როგორი ენამახვილი ხარ! _ დაუბრიალა ქალმა თვალები გოლას. _ უმიზეზოდ მე არასდროს არაფერს ვიძახი. ამ გოგონამ კი უნდა იცოდეს, რომ რუხ მგელთან აქვს საქმე. ფრთხილად იყავით, საყვარელო ანიკა, როგორც ჩანს, მოშივდა ამ ვაჟბატონს და სანადიროდ გამოვიდა.

_ მზიკო, გეყოფა! _ უხეშად წაავლო ხელზე ხელი გოლამ ქალს და მირზას მიუბრუნდა, _ არ მიაქციო ყურადღება, დღეს ვერ არის თავის მოტორზე.

_ არა უშას, მისგან არ მწყინს, _ ცალყბად გაიღიმა ჩემმა შეფმა და მზიკოს ლოყაზე უჩქმიტა, _ ვიცი, რატომაც ბრაზობს და მესმის მისი.

იმდენად არ მომეწონა მათი საუბარი, რომ მირზას ხელისგან თავი გავითავისუფლე და მაგიდასთან დავბრუნდი. ისინი კარგა ხანს ლაპარაკობდნენ რაღაცაზე, ხან გაიცინებდნენ, ხან სერიოზულ სახეებს მიიღებდნენ. მერე მირზა ორივეს დაემშვიდობა და დაბრუნდა.

_ მაპატიე, მარტო რომ დაგტოვე. არ ვიცოდი, საქორწინო მოგზაურობიდან თუ იყვნენ დაბრუნებულნი.

_ საქორწინო მოგზაურობიდან? _ გავიოცე, _ რა საქორწინო მოგზაურობიდან?

_ ნუ, არის ასეთი ტრადიცია, თან ცოტა უცნაური, რომელსაც ჩვენ, ჰომო საპიენსის განსაკუთრებული «სახეობის» წარმომადგენლები, მტკიცედ ვიცავთ გარკვეული ცერემონიალის შემდეგ. _ გაიხუმრა.

_ გადასარევად ვიცი, რასაც ნიშნავს საქორწინო მოგზაურობა, _ უხეშად მივუგე, _ უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: ამ კაცს რატომ მისთხოვდა, როცა შენ უყვარხარ?

გაოცებულმა დამხედა.

_ საიდან მოიტანე, რომ მე ვუყვარვარ?

_ ასეთი ტონით მხოლოდ განაწყენებული ქალები საუბრობენ, სიყვარულში გულგატეხილნი.

მირზამ ამოიხვნეშა და დაჯდა. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი ხმადაბლა დაიწყო:

_ გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ მე ღირსების ჩემეული კოდექსი მაქვს, რომელსაც მკაცრად ვიცავ. მას მე კი არ ვუყვარვარ, თავის დაქალს იცავს, რომელთანაც შორეულ წარსულში რაღაც დონეზე ურთიერთობა მქონდა და შემდეგ გავწყვიტე. უმიზეზოდ არ მომხდარა ეს, მაგრამ ქალებს ხომ გიჭირთ სიმართლის აღიარება, გსურთ, რომ ყოველთვის თქვენ იყოთ ყველაფერში მართალი.

ჩამეცინა.

_ ვხედავ, არ გჯერა ჩემი.

_ მე ეს არ მითქვამს.

_ შენ რაში გჭირდება რამის თქმა? _ შეფიქრიანებული თვალებით შემომხედა, _ იცი, რა მაინტერესებს? ჩემდამი ხარ ასე უარყოფითად განწყობილი თუ ყველა მამაკაცი ამ დღეში გყავს? მიკვირს, ბათო როგორ გიძლებს.

_ ბათოს თავი დაანებე, თუ შეიძლება! _ ხმას ავუწიე.

_ დიდი სიამოვნებით.

_ მე საწყენად არ მითქვამს…

_ ფრთხილად, ანიკა! ადამიანურ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემი ცხოვრების წესზე, ამიტომ მორალს ნუ მიკითხავ.

_ რაც ვიცი, ისიც საკმარისია იმისთვის, რომ თამამად ვთქვა, ამაზრზენი ადამიანი ხარ-მეთქი. _ უკვე ვეღარ ვთოკავდი თავს, მისი თავდაჯერებულობა მაცოფებდა.

_ განებივრებული ბავშვივით იქცევი, _ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

_ მაგას რატომ მეუბნები? იმიტომ, რომ სხვა შენი ქალებივით ყელზე არ გეკიდები?

იდუმალი გამომეტყველებით მომაჩერდა.

_ ჯერ ერთი, შენ არ მიეკუთვნები ჩემი ქალების რიცხვს. ზრდილობის გულისთვის მაინც უნდა დაგეცადა, სანამ ასეთ რამეს შემოგთავაზებდი.

მისმა სიტყვებმა საშინლად გამაწითლა და მინდოდა, პროტესტი გამომეთქვა, მაგრამ არ მაცალა:

_ ძალიან ცუდი წარმოდგენა შეგექმნა ჩემზე და ეს არ მომწონს.

_ აუტანლად საზიზღარი პიროვნება ხარ. მიჭირს ამის თქმა, რადგან ჩემი უფროსი ბრძანდები, მაგრამ ვერ ვითმენ.

_ სიძულვილი, შიში… ახლა ზიზღიც დაემატა… როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერ გრძნობებს ვნერგავ შენში. მე კი მინდოდა, თბილი საღამო გამოგვსვლოდა… _ სინანულით სავსე ხმით ამოიხვნეშა. _ აი, დესერტიც მოგვიტანეს… მოდი, აღარ ვიჩხუბოთ, როგორმე მშვიდობიანად დავასრულოთ ეს საღამო, კარგი?

_ თუ შეიძლება, წავიდეთ, აღარ მინდა დესერტი! _ გაღიზიანებული წამოვდექი და ჩანთა მხარზე მოვიგდე.

ერთი კი ამომხედა გაოცებით, მაგრამ არაფერი უთქვამს. ოფიციანტს სთხოვა, ანგარიში მომიტანეო და როცა ფული გადაიხადა, უსიტყვოდ გაეშურა გასასვლელისკენ. მეც უკან მივყევი.



უკანა გზაზე არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. ვერა და ვერ შევძელი დამშვიდება. რაღაც მაფორიაქებდა. მანქანის სალონი ზედმეტად ინტიმური იყო, მირზა კი ასე ახლოს იჯდა ჩემთან. მისი სხეულის ოდნავ შესაგრძნობი სურნელი, მისი მამაკაცური სურნელი თავგზას მიბნევდა. ვგიჟდებოდი ამ კაცზე, უკვე დატყვევებული ვიყავი მისით და სწორედ ეს მაშინებდა.

როცა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან შეაჩერა, არ დავუცადე და ეგრევე გადმოვხტი.

_ დიდი მადლობა. სასიამოვნო დრო გავატარე, _ თავი დავხარე და ჩამოწეული სარკმლიდან შევძახე.

_ როგორი მატყუარა გოგო ხარ, რომ იცოდე. _ ამ სიტყვებით თვითონაც გადმოვიდა ავტომობილიდან და წინ გადამიდგა.

სუნთქვა შემეკრა. ერთიანად დამეჭიმა სხეული. აი, ახლა მაკოცებს და მორჩა, მოლეკულებად დავიშლები. მერე ჩემს თავზე ნამდვილად არ ვაგებ პასუხს.

მართლაც, გადმოიხარა ჩემკენ და… ლოყაზე მაკოცა.

სულ ეს იყო? მეტი არაფერი? საოცარმა იმედგაცრუებამ შემიპყრო. თურმე როგორ გამინაწყენებია… კოცნაც კი აღარ გაიმეტა ჩემთვის…

_ ღამე მშვიდობისა, ანიკა! _ ჩაიჩურჩულა.

_ მშვიდობიან ღამეს გისურვებ. _ მეც ჩავიჩურჩულე და რომ არ ავტირებულიყავი, სასწრაფოდ შევვარდი სადარბაზოში…



მეორე დღეს ისე ცივად მომესალმა, ნირი წამიხდა. მთელი დღე არ დაურეკავს ზარი, არ გამოვუძახებივარ, არც საქმე მოუცია. ვიჯექი ჩემს მაგიდასთან და ველოდებოდი, როდის დამიძახებდა. არ დააყენა საშველი. სადილადაც კი არ გავედი, იქნებ ზუსტად მაგ დროს დავჭირდე-მეთქი. უცნაური ის იყო, რომ თვითონაც არ გამოდიოდა კაბინეტიდან. ექვსი საათი რომ გახდა, კარი გაიღო და ჩემს ოთახში გამოსული ისევე ცივად დამემშვიდობა, როგორც დილით მომესალმა. გასვლისას უცებ შემომიბრუნდა და გულგრილი ტონით დამიბარა:

_ ხვალ და ზეგ არ ვიქნები, ხუთშაბათისთვის კი მოემზადე, ობიექტზე უნდა გავიდეთ.

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და გავწითლდი.

ორი დღე მართლაც არ გამოჩენილა. საშინლად გაიწელა ის ორი დღე, მეგონა, ორი თვე გავიდა, რაც არ მენახა. როგორ განვიცდიდი. ვნანობდი თითოეულ სიტყვას, რომელიც რესტორანში მივახალე. ისევ არამკითხე მოამბის როლში გამოვედი. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ასეთ მდივანს სამსახურიდან უყოყმანოდ დავითხოვდი. მან კი, ვინ იცის, მერამდენედ დამინდო. რატომ?



ხუთშაბათიც დადგა. მანქანაში ორივე ვდუმდით _ მირზაშვილი, ეტყობა, თავისას ფიქრობდა. ნეტავ რას? იმას, თუ რომელ მორიგ ლამაზმანს შეხვედროდა საღამოს? ასთი რამეების გაფიქრებაზე გული უსიამოვნოდ მეკუმშებოდა. აშკარად ვეჭვიანობდი.

საღამო ხანი იყო, როცა საქმე მოვითავეთ. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ნიკა ლომოურმა მანქანამდე მიგვაცილა.

_ ანიკა, ცოლს ვშორდები, იცი? ორი კვირა და მორჩა, თავისუფალი კაცი ვიქნები, _ რატომღაც, ამის თქმაზე ხმას დაუდაბლა, _ იქნებ…

_ მგონი, დროა, გზას გავუდგეთ! _ უეცრად მირზაშვილის მკაცრი ხმა გაისმა.

_ ნახვამდის, ნიკა. _ ამის თქმაღა მოვასწარი და წინა სავარძელზე მოვკალათდი.

_ რას გეჩურჩულებოდა ლომოური? _ უფრო ჩაიბუზღუნა, ვიდრე მკითხა.

_ ცოლთან გაყრის პროცესზე მელაპარაკებოდა. _ ცივად მივუგე. ამწუთას თითქოს სრულებით გულგრილი ვიყავი ამ კაცის მიმართ და როცა მან ერთად წახემსება შემომთავაზა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე _ მერჩივნა, შიმშილით მოვმკვდავრიყავი, ვიდრე მასთან ერთად მევახშმა.

_ მერე ძალიან დამიგვიანდება. აჯობებს, დრო არ დავკარგო… ამაღამ უამრავი საქმე მაქვს.

_ ძალიან კარგი! _ თითქოს მემუქრებაო, ისე ჩაილაპარაკა და სისწრაფეს მოუმატა.

ჩემს კორპუსთან ჩვეულებრივად გადმოვიდა, ბინის გასაღები გამომართვა და სადარბაზოს მიაშურა. ისე ჩქარობდა კარის გაღებას, თითში ხიწვიც კი შეერჭო. რა ჯანდაბა დაემართა? აქამდე ზედაც არ მიყურებდა და ასე მოულოდნელად რა მოეპრიანა?

შემეცოდა, ისე განიცადა ხიწვის შერჭობა. ალბათ ძალიან ეტკინა, ასეთი ემოცია რომ გამოხატა. ჩემდა უნებურად მივწვდი მის ხელს.

_ დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, არა? _ ქარაფშუტულად ვიკითხე.

_ მეხუმრები? _ გაუტყდა.

რა დროს ხუმრობა იყო, საცაა, ერთმანეთს დავჭამდით.

_ შემოდი, ამოგიღებ მაგ ხიწვს, თორემ სახლამდე ვერ მიაღწევ, ვატყობ, _ სიცილი ვერ შევიკავე.

უხმოდ შემოაბიჯა ოთახში და სავარძელში ჩაჯდა. ჩემი კოსმეტიკის ჩანთა გავხსენი და პინცეტი მოვძებნე.

_ თუ წყნარად იქნები, არ გატკენ.

_ თუ არ ვიტირებ, კანფეტსაც მომცემ? _ ოდნავ მოშვებული ხმით მკითხა.

ღიმილი მომერია, ხასიათი გამომიკეთდა. ცოტა კი ვეწვალე, მაგრამ მაინც ამოვიღე ხიწვი და დავანახვე.

_ აი, ასეთმა პაწაწუნელა რაღაცამ როგორი ტკივილი მოგაყენა, _ გავეხუმრე.

_ ჰო. _ ნირწამხდარმა მომიგო.

ამწუთას ისეთი უმწეო გამომიეტყველება ჰქონდა, გული ამიჩუყდა. ღმერთო, როგორ მიყვარს, ნეტავ იცოდეს. უნებლიეთ მისკენ გადავიხარე და ოდნავ შევეხე. ჟრუანტელმა მთელ სხეულში ელექტრონივით დამიარა. ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. მირზამ დრო იხელთა და მკლავებში მომიქცია. ნაზი, მაგრამ მომთხოვნი ხელები ჩემს ზურგზე ამოძრავდნენ. სიამოვნებისაგან კანი ამეხორკლა, ერთიანად დამბურძგლა. ვერ მოვითმინე და პიჯაკის შიგნით შევუცურე თითები ერთადერთი სურვილით _ რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მასთან, მჭიდრო მივკვროდი და მთლიანად შემეგრძნო. მირზას სხეულის სითბომ, მისი თხელი პერანგიდანაც რომ ადვილად აღწევდა, სული შემიგუბა და თავბრუ დამახვია. ვერ წარმოვიდგენდი, ასე იოლად თუ დავემორჩილებოდი მის ძლიერ მკლავებს. მასაც იგივე სურვილი კლავდა. ვნებაატანილი მეალერსებოდა მკერდზე, ზედატანის ღილები ჩამიხსნა და თითები ურცხვად ჩამიცურა უბეში. მერე თავდავიწყებით მკოცნიდა ყელში. თითქოს მთლიანად გავლღვი და ის იყო, უნდა მივნებებოდი ამ წამლეკავ ტალღას, რომ უეცრად აღმომხდა:

_ გამიშვი, მირზა… გამიშვი, გამიშვი…

მან ხელი მაშინვე შემიშვა და გაოცებული მომაჩერდა. განზე გავიწიე და შვებით ამოვისუნთქე, რაკი დავრწმუნდი, რომ ძალას არ მატანდა.

_ დღეს ეს გეგმაში ნამდვილად არ მქონია. _ ჩურჩულით მითხრა.

მომეჩვენა, რომ ნანობდა მომხდარს.

ფერწასული ვიჯექი. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. ისიც ვიცოდი, რომ, როცა მარტო დავრჩებოდი, როცა მირზა წავიდოდა, მისი სიყვარული და მასზე ფიქრი ტანჯვად მექცეოდა.

_ ჰო, ეს მართლაც არ გვქონია დაგეგმილი, _ მექანიკურად დავეთანხმე და თავი ისე გავიქნიე, თითქო მოძალებული სურვილის მოცილება მსურდა.

მირზა წამოდგა. მისკენ არ გამიხედავს _ მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა. კარის გაჯახუნებაც გავიგონე…

ამიერიდან მოსვენება სამუდამოდ მქონდა დაკარგული…



მეორე დილით, თვალი გავახილე თუ არა, ეგრევე მირზა დამიდგა თვალწინ. გამახსენდა წინა საღამო და საბოლოოდ მივხვდი, რომ მის მიმართ ჩემი სიყვარული სულაც არ იყო წარმოსახვის ნაყოფი _ ეს კაცი თავდავიწყებით მიყვარდა.

ადგომა მეზარებოდა. ოთახში ციოდა და თბილი ლოგინიდან გამოძრომა მესიკვდილებოდა, მაგრამ სამსახურში უნდა წავსულიყავი, დაგვიანება კი ნამდვილად არ წაადგებოდა ჩემს მდგომარეობას _ შეფი იფიქრებდა, რომ მისმა კოცნამ გამათამამა.

ჩემი ოთახი სიჩუმით იყო სავსე, მე _ მარტოობით. არ მქონდა იმის იმედი, რომ მირზასთან სერიოზული ურთიერთობა გამომივიდოდა. გამოუსწორებელ მექალთანეს მდივან-თანაშემწე «სწორ» გზაზე ვერ დააყენებდა. ამის გაფიქრებაზე სევდა შემომაწვა. მაშინვე წამოვხტი და სააბაზანოს მივაშურე…

შხაპის ქვეშ ვიდექი და ვინ იცის, მერამდენედ ვაღიარებდი, რომ იგი პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდა. თუმცა იმას კი ვერ ვხდებოდი, რატომ. ვიცოდი, ამ გამოცანის ამოსახსნელ გასაღებს, სულ რომ თავი მემტვრია ფიქრით, ვერ მივაგნებდი. სიყვარული და ეჭვიანობა ორად მგლეჯდა. მისი ქალების რიცხვი არა და არ ილეოდა და რაღა მაინცდამაინც მე შემომხედავდა «მოწყალე» თვალით? თუნდაც მისი საყვარელი გავმხდარიყავი, ერთ დღეს მეც ისევე მომისროდა, როგორც სხვები მოუსროლია. მინახავს, როგორ აკეთებდა ამას.

გულდამძიმებულმა ჩავიცვი და ფანჯარაში გავიხედე. წვიმა ყირაზე გადადიოდა. ისეთი წკაპაწკუპი გაჰქონდა ფანჯრის რაფაზე, თითქოს კენჭებს უშენენ მინებსო.

როგორ გინდა ამ თავსხმაში გარეთ გახვიდე? ტაქსის გამოძახება მომიწევს…

ასეც მოვიქეცი და სამსახურში ტაქსით მივბრძანდი.

ის იყო, ჩანთა და პალტო დავაბინავე, რომ შეფის კაბინეტის კარი გაიღო და ზღურბლზე ვიღაც აშოლტილ ქალთან ერთად გამოჩნდა.

_ მოკლედ, ექვზე გელოდები და არ დააგვიანო, კარგი? _ კეკლუცობდა ქალი.

_ როდის დამიგვიანებია, რო? ექვსზე შენთან დავერჭობი. _ იყო პასუხი.

ფერი წამივიდა. კიდევ კარგი, ვიჯექი, თორემ ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი, იატაკზე. საშინლად იმოქმედა ჩემზე ამ დიალოგმა.

ამ დროს უფროსმა, როგორც იყო, მეც შემამჩნია.

_ მოხვედი, ანიკა? _ აჰა, უკვე არავის აღარ ერიდება, ისე გამიშინაურდა. სხვების თანდასწრებითაც შენობით მელაპარაკება.

_ რა თქმა უნდა. _ აგრესიულად მივუგე.

_ წავედი, საღამომდე. _ ქალმა ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

_ აბა ჰე, ნინი, დამელოდე. _ მირზამ კარამდე მიაცილა ქალი და შემობრუნდა.

არა, ამას თავს როგორ გავაწამებინებ! ვინმეს უნდა დავაპატიჟებინო თავი პაემანზე. კაცების მეტი რა ყრია? სიყვარულისგან განკურნების საუკეთესო წამალი სხვა სიყვარულია. ოღონდ ბათო არა. მაგას ნაღდად ვერ შევიყვარებ. აი, ლეკოს არა უშავს, ჩვენს ფინანსისტს. კი მიჟუჟუნებს თვალებს ყოველ დანახვაზე და…

ბოღმა მახრჩობდა. მირზამ არც კი შემომხედა, ისე მიაშურა თავის კაბინეტს. ამან საბოლოოდ გამაცეცხლა. სიმწრისგან რომ არ ავტირებულიყავი, ვესტიბიულში გავვარდი. უეცრად წინ, თითქოს დაბარებულივით, ლეკო ამესვეტა. რატომღაც მომეჩვენა, რომ ჩასაფრებული იყო და ჩემს გამოსვლას ელოდებოდა.

_ ანი, როგორ ხარ? გამარჯობა! _ ხალისიანად მომესალმა, _ მაგრად გამოიყურები, დაცემა ქალი ხარ, რა.

_ მადლობა, ლეკო, _ გავწითლდი და დამორცხვებულმა თვალები დავხარე.

_ იცი? რაღაც მინდა გთხოვო და არ ვიცი, ღირს თუ არა… ცუდად არ გამიგო.

_ ასეთი რა არის? _ ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.

_ შესაშინებელი არაფერი. დიდი ხანია, ამის თქმა მინდოდა და… მომენტი არ ჩამივარდა ხელში. ხომ შეიძლება, ერთმანეთს შევხვდეთ სადმე და ვისადილოთ? იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. ოღონდ წმინდა მეგობრული თვალსაზრისით, არაფერი ცუდი არ იფიქრო.

გამეღიმა. აი, ზუსტად ამას ველოდი და ვნატრობდი. მაგარია! სხვა დროს აუცილებლად ვეტყოდი, დაკავებული ვარ და ვერ წამოვალ-მეთქი, მაგრამ ჩემი წეღანდელი გადაწყვეტილება არ დამვიწყებია, ამიტომ უყოყმანოდ დავეთანხმე.

_ კარგი, ვისადილოთ… _ უღიმღამოდ დავუქნიე თავი, _ ოღონდ შაბათამდე ვერა.

_ ჰო, აბა რა, სხვა დღეებში ხომ მეც ვმუშაობ. _ თვალები გაუბრწყინდა ლეკოს, ალბათ ასე უცებ არ მოელოდა, თუ დავთანხმდებოდი.

მაგრამ საღამოს, კორპუსის კიბეზე ამავალი, უკვე ვნანობდი ჩემს საქციელს. კახპასავით ვიქცევი, ასე როგორ შეიძლება? მირზამ რომ გაიგოს, რას იფიქრებს? აი, დარდი! რაც უნდა ის იფიქროს! თვითონ ხომ დაეთრევა ქალებში? ჰოდა, დარწმუნდეს, რომ მასზე ნაკლები არაფრით ვარ, მეც მყავს თაყვანისმცემლები და მაქვს უფლება, პაემანზე ვიარო.



დილით ისე ვიყავი აფორიაქებული, რომ ავდექი თუ არა, გიჟივით შევუდექი სახლის დალაგებას. ისეთი გაშმაგებული ვალაგებდი, თითქოს საცაა, სტუმრების არმია უნდა დამდგომოდა თავზე. ვიცოდი, ლეკო აუცილებლად დარეკავდა და ვნერვიულობდი, რადგან უარის თქმა უკვე აღარ გამოდიოდა.

მართლაც, შუადღისას დარეკა, მომიკითხა და შემახსენა, ჩემი წინადადება ძალაშია და შენი პასუხი როგორი იქნებაო. მე უკვე მომზადებული მქონდა პასუხი. ვთხოვე, დღეს ვერ ვახერხებ და იქნებ ხვალ შევხვდეთ, სამ საათზე-მეთქი. შეგნებულად ავირჩიე დღისით შეხვედრა, რომ საღამოს ინტიმურ ატმოსფეროს გავქცეოდი. ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ კარგიო, მითხრა, სამ საათზე რესტორანთან დაგელოდებიო. ამწუთას სულაც არ მერესტორნებოდა, მაგრამ სხვა გზა მქონდა?

მთელი დღე უგუნებოდ დავაღამე. ვნანობდი, ზედმეტი თავსახეტი რომ გამოვჩხრიკე. რა ჯანდაბად მინდოდა ეს სრულიად ზედმეტი პაემანი?



როგორც იქნა, დაღამდა. თეთრეული გამოვცვალე, ვიბანავე და ლოგინში ჩავწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვსაქმიანობდი, არა და არ დამეძინა. ვიფიქრე, წიგნს წავიკითხავ და იქნებ მიმეძინოს-მეთქი. იძულების წესით ჩავრგე თავი რომანში. არაფერი გამომივიდა. ვერც კითხვას დავუდე გული არც რული გამეკარა. ფიქრები წარამარა მირზასკენ გამირბოდა.

უეცრად საოცრება მოხდა და კარზე ზარი დაირეკა. კედლის საათს შევხედე _ თორმეტი ხდებოდა. ამ დროს ვინ უნდა იყოს? ბებოს ხომ არაფერი დაემართა? გული გადამიქანდა.

ხალათი მოვისხი და კარის გასაღებად გავემართე.

რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა სადარბაზოში მირზაშვილი დავინახე. კედელს მიყრდნობოდა ხელით და თავი ჩაექინდრა. ადგილზე გავშეშდი. კიდევ კარგი, პირველი თვითონ ალაპარკდა, თორემ არ ვიცი, რა დამემართებოდა.

_ თავი ლამისაა, გამისკდეს, _ ამიხსნა მოსვლის მიზეზი, _ ვიფიქრე, სახლამდე ვერ მივაღწევ-მეთქი.

ხომ არ იჩხუბა თავის ნინისთან და ახლა ნავსაყუდელს ჩემთან ხომ არ ეძებს? _ გამკრა გულში, მაგრამ რომ დავაკვირდი, მართლაც გასაცოდავებული გამომეტყველება ჰქონდა.

_ მთლად მწვანე ხარ, _ ჩავილაპარაკე, თან ვცდილობდი, აფორიაქება დამემალა, _ შემოდი, რაღას უცდი?

_ ცოტა ხნით რომ დავრჩე, ხომ არ შეგაწუხებ? _ მკითხა და ამათვალიერა. ახლაღა შეამჩნია, რომ თურმე საწოლიდან წამომაგდო. _ უდროო დროს მოვედი, ძილი დაგიფრთხე.

_ არ მეძინა, თუმცა კი ვიწექი… წნევა გაიზომე?

_ არა.

_ წამალიც არ დაგილევია?

_ წამლებს ჯიბით არ დავატარებ, _ უღონოდ გაიღიმა.

_ ჯერ წნევა ვნახოთ, _ სტაჟიანი ექიმივით ვთქვი და კამოდიდან აპარატი გამოვიღე.

წნევა ნორმალური ჰქონდა. ესე იგი, ჩვეულებრივი თავის ტკივილია, რომელსაც გამაყუჩებელი უშველის. რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელიც მქონდა და დავალევინე.

_ ხშირად გაწუხებს თავის ტკივილი?

_ ისე რა…

_ ბევრი ხომ არ დალიე?

_ არა, მხოლოდ ერთი ჭიქა, მაგრამ რაღაც საზიზღრობა.

_ შეიძლება სასმლით ხარ მოწამლული. მე შენ გეტყვი და, იშვიათია დღეს. სიცხეც ხომ არ გაქვს?

_ არა მგონია, ტემპერატურა რომ ამიწევს, მაშინვე ვგრძნობ ხოლმე… შინ წასვლა ვცადე, მაგრამ მივხვდი, სახლამდე ვეღარ მივაღწევდი, ისე დამეხვა თავბრუ. ყველაზე ახლოს შენ მეგულებოდი, ამიტომ აქეთ გადმოვუხვიე. _ მობოდიშებასავით გაისმა მისი ნათქვამი.

_ ზედმეტი ლაპარაკი გავნებს, _ ბრძანების კილოთი ვუთხარი. მიხაროდა, რომ ახლა მე შემეძლო მისთვის მებრძანებინა, ის კი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა ჩემს ბრძანებას, _ აჯობებს, წამოწვე. აი, იმ ოთახში, ბებიას ოთახია ეგ… აბა, წამოდექი… იქით, იქით… _ ხელი წავაშველე, რადგან წაბარბაცდა.

როგორც იქნა, საწოლამდე მივიყვანე და წამოვაწვინე. მერე ფეხსაცმელი და წინდები გავხადე. ბოლოს პიჯაკსაც მივწვდი. მისი თავი მკერდზე მივიყრდენი, რა დროსაც ხალათი გადამეღეღა. ისე მოხდა, რომ ძალაუნებურად მირზამ ჩემს მოშიშვლებულ მკერდში ჩარგო თავი.

_ იმედი მაქვს, არ დამცინი… _ ძლივძლივობით ჩაილაპარაკა.

გამეღიმა. შეფი საკუთარ თავს არ ღალატობდა. ახლაც, როცა ეს ჭკვიანი თავი უსკდებოდა, ისეთივე ენამწარე იყო, როგორიც ყოველთვის.

სიყვარული და სიბრალული ერთდროულად მომეძალა და თავზე ვაკოცე. როგორც იქნა, პიჯაკიც გავხადე, მაგრამ პერანგზე ძალა არ მეყო. უფრო სწორად, თვითონ ვერ დამყვა, მართლა ძალიან სუსტად იყო.

_ საკმარისია, ასე დაწექი! _ ვუბრძანე და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ შარვლის ქამარი შევუხსენი, რათა ოდნავი შვება მაინც ეგრძნო. მერე თბილი საბანი დავახურე და ზედ პლედიც დავამატე.

_ რა იყო, ციმბირში ვარ? _ გაიოცა, როცა ამდენი დავაფარე.

_ ცივა აქ, გათბობა არ მაქვს, ელექტროღუმელს ღამით ჩართულს არ ვტოვებ, მეშინია.

_ გასაგებია, მაგრამ არა მგონია, ისე შემცივდეს, საბანმა ვერ გამათბოს.

_ იყოს. თუ დაგცხა, პლედს გადაიძრობ. ახლა შუქს ჩავაქრობ და შეეცადე, წაუძინო.

_ მაკოცებ? _ მოულოდნელი შეკითხვა გაისმა.

_ უნდა გაკოცო? _ ჩემი პასუხიც მოულოდნელი აღმოჩნდა.

_ გამიხარდებოდა… _ თითქოს მთხოვდა, ისეთი ინტონაციით წარმოთქვა.

_ ისეთი ხმა გაქვს, თითქოს კვდებოდე, _ გამეცინა, _ კარგი, გაკოცებ, მაგრამ პირობას მაძლევ, რომ სხვას არაფერს მომთხოვ? _ ეშმაკურად მოვწკურე თვალები.

_ ვგავარ ახლა მე რამის მომთხოვნს? _ თვითონაც გაეცინა.

_ თუ ასეა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. _ ვუთხარი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.

_ მადლობა. _ ჩურჩულით ამოთქვა და თავი ბალიშზე დაასვენა. _ არაერთხელ შეუსრულებიათ ჩემი თხოვნა და სიამოვნებაც მოუნიჭებიათ, მაგრამ ასეთი _ არასოდეს. _ შეეცადა, ხუმრობაში გაეტარებინა ჩემი საქციელი.

_ სიამოვნების რა მოგახსენო, ეს ერთი უბრალო კოცნაა და მეტი არაფერი, _ თავს ძალა დავატანე, რომ ხმა არ ამკანკალებოდა, _ რამეს ხომ არ დალევ? ცხელ ჩაის ან ყავას?

_ არა, დიდი მადლობა, ახლა არაფერი არ მინდა.

_ მაშინ ღამე მშვიდობისა, _ თვალის ჩაკვრით დავემშვიდობე და ავდექი.

_ ღამე მშვიდობისა, ანიკა. _ ჩაიდუდუნა და თვალები მილულა…

კარგა ხანს თვალი არ მომიხუჭავს. რამდენჯერმე წამოვხტი და დავხედე საყვარელ «პაციენტს». ბოლოს, როგორც იქნა, მეც მომერია ძილი…



გაღვიძებისთანავე პირველი, რაც თვალში მომხვდა, ბებაჩემის ხალათში გახვეული ჩემი «პაციენტი» იყო, რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა.

გული გადამიქანდა, გამოჯანმრთელებულმა კოცნის გაგრძელება არ მომთხოვოს-მეთქი. არც გამიკვირდებოდა. ის ხომ მირზა იყო, მირზაშვილი _ ცივი, უგულო, ქალებთან დაუნდობელი მირზა, რომელიც ყველაფერს იღებს, რასაც მოისურვებს, შემდეგ კი ისე მიდის, რომ უკან არ იხედება. მისი მომნუსხველობა ყოველთვის აუცდენლად ხვდებოდა მიზანს, მაგრამ მე ხომ ზეპირად მქონდა შესწავლილი მისი «ილეთები», ამიტომ ასე ადვილად არ გავებმებოდი მის დაგებულ ხაფანგში.

უფრო შეცბუნების, ვიდრე თავაზიანობის გამო ვკითხე:

_ თავს როგორ გრძნობ?

_ უკეთესი არ შეიძლება! _ მითხრა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილი მესროლა, _ ორი ამბავი მაქვს შენთვის _ კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? _ ჩემს საწოლთან შეჩერდა და ზურგზე ხელებდაწყობილი დამაშტერდა.

გულმა ბაგაბუგი ამიტეხა. ის იდგა, ლამის შიშველი, მე ვიწექი, ასევე ლამის შიშველი… ერთი «მრუდე» მზერა იყო საკმარისი და…

_ კარგით დაიწყე და ცუდით დაამთავრე, _ მიკნავებული ხმით მივუგე.

_ ვიცოდი, გაგამხიარულებდი და ეს ხალათი იმიტომ ჩავიცვი. სასაცილოდ გამოვიყურები, არა? ძლივს ჩავატიე მხრები. ეს კარგი ამბავი… ახლა ცუდი: მგონი, საქმე გაგიფუჭე.

_ რატომ? _ საწოლზე წამოვიწიე და ლეიბს იდაყვებით დავეყრდენი. ვერაფრით მივხვდი, რა უნდა ეთქვა.

_ რატომ და ის იყო მოსული… ბათო თუ დათო, _ დამნაშავის ღიმილი გადაიფინა ტუჩებზე, _ მე კიდევ კარი გავუღე.

ელდა მეცა. ბათოს ჩვევად ჰქონდა _ დილაობით შემოირბენდა ხოლმე და ყავას მომადუღებინებდა, სანამ სამსახურში წავიდოდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ გამოჩენილა და რას ვიფიქრებდი, მაინცდამაინც ამ დილით თუ დამადგებოდა?

_ და შენც ამ ფორმაში გაუღე კარი, არა?

_ რა უნდა მექნა, კინაღამ ჩამოიღო და… _ ყასიდად იმართლებდა მირზა თავს, თან ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა. აშკარად ეტყობოდა, ეს სიტუაცია ძალიან ახალისებდა.

_ წარმომიდგენია, რას იფიქრებდა. _ ნირწამხდარმა ჩავილაპარაკე დ კიდევ ერთხელ შევავლე მამაკაცს თვალი _ მას შარვალ-პერანგი გაეხადა და ხალათი შიშველ სხეულზე შემოეცვა. ალბათ წუხელვე გაიხადა, რომ არ დაჭმუჭნოდა.

მირზამ დიდხანს დაჟინებით მიყურა, მერე კი ირონიით და თითქმის დამარცვლით მკითხა:

_ ალბათ ბათოს ფიქრების დასტურად და შენი რეაბილიტაციისთვის ახლა ცოლად მომიწევს შენი შერთვა.

ამის გაგონებაზე გავშრი. ვიგრძენი, ნელ-ნელა როგორ ვცოფდებოდი. ცოლად უნდა შეგირთოო… ცოლად… თავხედი! გავყვები კი? ერთი მკითხოს, ვიქნები თანახმა? დროა, მიბრძანდეს, საიდანაც მოსულა!

_ როგორც ჩანს, მართლა გამოკეთებულხარ. ახლა კი აჯობებს, წახვიდე!

_ რა გეწყინა? მე მხოლოდ ვიხუმრე.

_ ვიცი… მაგრამ მაინც უნდა წახვიდე.

_ ისე, რომ საუზმეზეც არ მეპატიჟები?

_ საუზმე ჯერ უნდა მომზადდეს! _ შინაგანად ვბობოქრობდი, ამიტომ ხმა გავიმკაცრე, თუმცა თავის შეკავებას მაქსიმალურად ვცდილობდი.

ხმის ამოუღებლად გატრიალდა «თავისი» ოთახისკენ. ამასობაში დრო ვიხელთე, წამოვხტი და სწრაფად ჩავიცვი.

რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონაც ჩაცმულ-დახურული გამოვიდა და შედგა. კარგა ხანს თვალს არ მაშორებდა, მერე უსიტყვოდ დაიძრა კარისკენ.

ერთ ადგილას გაქვავებული მზერით ვაცილებდი. მისგან დაუჯერებელი სასიცოცხლო ძალა მოდიოდა, ის ამპარტავნება, რომელიც ძლიერად მოქმედებდა ჩემზე, მის ყოველ ნაბიჯში იგრძნობოდა, მხრების, ხელების თითოეული მოძრაობაში. უსიამოვნო შეგრძნებამ ამიტაცა, სხეული ერთიანად დამეჭიმა და უეცრად ღრმად ამოვისუნთქე _ თურმე რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვა მქონია შეკავებული.

ალბათ ძნელი იქნება მირზას დარწმუნება, რომ მის მიმართ მცირე ინტერესიც კი არ მაქვს და რომ მასთან სხვა ურთიერთობის გაბმას არ ვაპირებ. არადა, მართლა მომიწევს ამის გაკეთება. აშკარად შეურაცხყოფილი დარჩა ჩემი საქციელით და ამას არასდროს მაპატიებს. ამის გაფიქრებაზე მოულოდნელად შემაცახცახა _ მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იქნებოდა.

კართან მისული მოულოდნელად შემობრუნდა და დაუფარავი ირონიით მომახალა:

_ ქალბატონო ანიკა, უნდა გითხრა, რომ ერთობ მიმზიდველი და ზედ დასვენებას რომ მოგანდომებს, ისეთი ძუძუები გაქვს.

მისმა პირდაპირობამ საბოლოოდ გამომიყვანა მოთმინებიდან. ამის ატანა შეუძლებელი იყო. ეტყობა, მართლა ამ მიზნით მომადგა კარს შუაღამით… იდიოტი, დეგენერატი… მაგის შეფობა უკვე ფეხზე !

დოინჯი შემოვიყარე და ამაყად ყელმოღერებულმა წარმოვთქვი:

_ ბატონო მირზა, დამდეთ პატივი და მიბრძანდით ჩემი ბინიდან!

მან კარი გააღო და გავიდა. ახლა უკვე ექოდ მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა.

გაბრაზებულმა კარი ფეხით მივაჯახუნე და საკეტი გადავტრიალე.

ბებიას ოთახში გავედი _ შეფს საწოლი კოხტად დაელაგებინა და ისე დაეტოვებინა. უცნაურია, მაგრამ მაშინვე გამიქრა სიბრაზე. გამეღიმა. ახლა ისევ მიყვარდა…



ორშაბათს, სამსახურში რომ მივედი, მირზაშვილი შესანიშნავ გუნებაზე დამხვდა.

_ როგორ ბრძანდება დღეს ჩემი მომხიბვლელი თანაშემწე? _ მხიარულად მკითხა, როცა ფოსტა და დილის გაზეთები შევუტანე.

_ გმადლობ, კარგად. _ მედიდურად მივუგე, _ თავად როგორ გიკითხოთ?

_ შენ ისე მომიარე, ცუდად როგორ ვიქნები, _ თავაზიანობად დაიღვარა, _ ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ.

მივხვდი, რომელ «სიკეთესაც» გულისხმობდა და შეფარული აგრესიაც ვიგრძენი. ამის გარეშეც ვიცოდი, რომ ჩემს საქციელს არ დაივიწყებდა. ამიტომ სამაგიეროს გადახდას უნდა დავლოდებოდი.

ამის მეტი არაფერი უთქვამს. დღემ ისე ჩაიარა, თავის ტკივილის ამბები არ გაუხსენებია. აშკარად მომაჯადოვა თავისი კორექტულობით. სამაგიეროდ მე მთელი დღე დამძიმებული დავდიოდი, თითქოს გამებერა გული, ისეთი შეგრძნება მქონდა.

ის იყო, სამუშაო საათები მთავრდებოდა, რომ გამომიძახა. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა, მის მომნუსხველ მზერას შევეფეთე. კინაღამ ჩავიკეცე, მუხლებში ისეთი სისუსტე ვიგრძენი.

_ აი, ეს მასალები… _ წამოვიწყე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ შევატყვე, ამწუთას მასალები არ აინტერესებდა.

_ როგორც ჩანს, დიდად არ დამიზარალებიხარ, არა? _ შეპარვით მკითხა.

ნირი არ შემიცვლია.

_ მე ასე ვერ ვიტყოდი… _ წარბები ავქაჩე.

_ რატომ, შემოგწყრა შენი ბათო თუ დათო? რა ჰქვია?

მისმა სარკასტულმა ტონმა გამაღიზიანა.

_ გასაწყრომი რა ჰქონდა? _ არ შევეპუე.

_ აჰა… ალბათ შეხვდით ერთმანეთს და ყველაფერი გაარკვიეთ ჩემი წამოსვლის შემდეგ, ხომ?

_ სიმართლე თუ გინდა, ვცდილობ, ის დღე საერთოდ დავივიწყო…

მირზა უკან დახევას არ აპირებდა:

_ და ვის დავიწყებას უფრო ცდილობ, ჩემსას თუ ბათო-დათოსას?

_ საბედნიეროდ, არც შენ და არც ის არაფერ შუაში ხართ. გუშინ ლეკოსთან მქონდა პაემანი. _ წამოვაყრანტალე უცებ.

შეცბუნებულმა თვალები დავაჭყიტე. «რა სულელი ვარ, ეს რა წამომცდა! _ გამიელვა წამიერად, _ ახლა შეიძლება გამგლიჯოს!»

_ მომეცი აქ ეგ საბუთები! _ მიყვირა მოულოდნელად და ისე გაიფხორა, ინდაურს დაემსგავსა.

რაღაცნაირად მომეფონა გულზე, ასე რომ გავაბრაზე. ისეთი კმაყოფილება ვიგრძენი, როგორიც არასდროს. მრავლისმეტყველი მზერით გავუწოდე მასალები და შეფარვით გავიღიმე.

შეფს ის დღე ჩაშხამდა, არც თავის ნინისთან სატელეფონო საუბარს გაუხალისებია და არც ახალი ხელშეკრულების დადებას, რომელიც დიდ წარმატებას უქადდა ჩვენს ფირმას.

ძალიანაც კარგი, ვზეიმობდი გულში, ასე მოუხდება!

მაგრამ ასეთი განწყობა მხოლოდ სახლამდე მიმყვა _ ერთი საათის შემდეგ ისევ მასთან ყოფნას ვნატრობდი.

საღამოს ბებიაჩემმა დამირეკა _ შაბათ-კვირას ნუ ჩამომაკითხავ, ვენერას დაბადების დღე აქვს და იქ ვიქნები, უნდა მივეხმაროო. მისი ხალისი გადმომედო. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო ემსგავსებოდა პატარა ბავშვს, დამოუკიდებლობას რომ ჩემობს.

მეორე დღეს ფრთაშესხმულივით მივდიოდი სამსახურში, თვითონაც არ ვიცოდი, რა მიხაროდა. გუშინდელი ბანალური შურისძიება? ნუთუ ასე უხარიათ, როცა ვინმეს სამაგიეროს გადაუხდიან? როცა რაღაც გიხარია, ესე იგი, ბედნიერი ხარ. არის კი შურისძიება ბედნიერების ნაწილი? ალბათ არა. შენ კი მოიოხე გული, სხვას სამაგიერო რომ გადაუხადე და ეს გიხარია, მაგრამ მას? მას ხომ ატკინე გული? რომელ ბედნიერებაზეა საუბარი? საბოლოოდ დავასკვენი, რომ ეგოისტი ვარ და… გამიტყდა.

ჩემდა გასაოცრად, მირზა ძველებურად თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამხვდა. როგორ გამიკვირდა. მეგონა, უკმეხად მიმიღებდა, მაგრამ არა. ამან ცოტა შემაფიქრიანა. ღმერთს ვევედრებოდი, დიდხანს გაგრძელებულიყო ასე. იდილია შუადღისას დამერღვა, როცა ბებიას მეზობელმა, ვენერამ დამირეკა _ ნინუცა მორიგ «მოგზაურობაში» წასულა. ფერწასულმა ყურმილი დავკიდე და სწორედ ამ დროს კაბინეტიდან მირზა გამოვიდა. გაფითრებული რომ დამინახა, მაშინვე მკითხა:

_ რა მოხდა, ანიკა?

_ ბებია…

_ ისევ დაიკარგა, _ დაასრულა ჩემ მაგივრად, _ ჩემი მანქანით წადი… სასწრაფოდ.

_ არა, უხერხულია… _ ნირწამხდარმა უარი ვუთხარი, _ თან ბევრი საქმე მაქვს.

_ არა უშავს, მოასწრებ. ვიცი, რომ მალე იპოვი. მობრუნდები და საქმეს მერე გააგრძელებ.

_ არა, მარტო ვერ წავალ მანქანით, დიდი ხანია, საჭესთან მარტო არ ვმჯდარვარ.

_ ნელა იარე და არაფერი მოგივა, _ გამამხნევა შეფმა და გასაღებების ასხმა ხელში მომაჩეჩა.



ღმერთო, რამდენი ვეძებე! ყველა ადგილი შემოვატყავე, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვერ მივაგენი. ბოლოს, როცა გავსავათდი, შინ შევიარე, ცოტა სულს მოვითქვამ-მეთქი და იქ არ აღმოვაჩინე? დივანზე წამოწოლილიყო და ტელევიზორში ინდურ სერიალს უყურებდა.

ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა.

_ ანიკა, შვილო, ასე ადრე მოხვედი სამსახურიდან? არ მუშაობ დღეს?

_ შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, ბებო?

_ მე-ე? ვიფიქრე, შაბათ-კვირას ვერ ვნახავ და დღეს ვესტუმრები-მეთქი.

_ და მე რომ სამსახურში ვიქნებოდი, არ გაგხსენებია?

_ როგორ არა, მაგრამ საღამოს ხომ მოხვიდოდი? _ ისე გულუბრყვილოდ მიპასუხა, საყვედური ვეღარ ვუთხარი.

_ და მერე როგორ გაბრუნდებოდი უკან გვიან?

_ ტაქსით, შვილო, რა იყო, ჯერ არ მივლია ტაქსით, თუ რა? შენზე ადრე ვცხოვრობდი თბილისში, რა გგონია? უყურე ერთი ამას შენ! _ განაწყენდა ნინუცა.

ვენერა დეიდას დავურეკე, აქაა და არ ინერვიულოთ-მეთქი, მერე ბებო ვასადილე და ისევ სამსახურში გავქანდი.

მისაღებში შესულმა პირდაპირ მისი კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. მობრძანდითო, გამომძახა. კარი შევაღე და შევედი.

_ როგორაა საქმე?

_ ვიპოვე, ჩემთან იყო, ბინაში.

_ კიდევ კარგი, _ თავი გადააქნია, _ რაღაც უნდა მოვუხერხოთ ქალბატონ ნინუცას, ასე არ შეიძლება, _ დამრიგებლური ტონით მითხრა, _ ერთხელაც შეიძლება ვეღარ ვიპოვოთ და…

ამის გაგონებაზე ტანში ჟრუნატელმა დამიარა. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამ მოხდეს, თორემ გულიც გამისკდება.

_ დიდი მადლობა დახმარებისთვის, ბენზინი ჩავასხი, ასე რომ…

_ რა თქვი? _ მოულოდნელად კუშტი გამომეტყველება მიიღო.

_ ბენზინი… ცოტა… _ ენა დამება.

_ ანიკა, ასე რატომ იქცევი?

_ როგორ ასსსე? _ კვლავ დამება ენა.

_ რა ბენზინი, რის ბენზინი! ვინ გთხოვა, ჩაასხიო? ამით შეურაცხყოფას რომ მაყენებ, მაგას თუ ხვდები? იმის არ იყოს, ლეკოსთან ვიყავი პაემანზეო… _ გამიხსენა «ძველი ცოდვები», _ მე კაცი ვარ, გესმის? ეს თავმოყვარეობის ამბავია… ასეთი რამეების შეხსენება არ უნდა მიწევდეს. თუ მაინცდამაინც უნდა დაგიმტკიცო, რომ კაცი ვარ? _ მრავალმნიშვნელოვნად შემეკითხა.

მოულოდნელად, მეც არ ვიცი, რა დამემართა. თავი ამაყად ავწიე და მზერა ჯიქურ გავუსწორე.

_ აჯობებს, ხშირად მაგრძნობინო, რომ ქალი ვარ!

უეცრად გაფითრდა. ქვედა ყბა აუკანკალდა. ალბათ ამაზე შეურაცხმყოფელი ის სიტყვებიც არ ყოფილა, თავისი ყოფილები რომ ამკობდნენ ხშირ-ხშირად. ხმა არ ამოუღია, ერთხანს გაქვავებულივით მიყურა, თვალიც კი არ დაუხამხამებია. მივხვდი, რომ საშინელება წამომცდა და სიტუაციის განმუხტვას შევეცადე:

_ მაპატიე… მე კარგი გოგო ვარ, უბრალოდ, ხანდახან ჩემს ხასიათს სჩვევია ნერვიულობა.

_ გასაგებია, _ შეცვლილი ხმით მომიგო, _ იცი? მე შემიძლია პატიება, მაგრამ გირჩევ, ამით არ ისარგებლო ხოლმე.

_ გავითვალისწინებ, უფროსო, _ ხმადაბლა ამოვთქვი და თვალები დავხარე, მის მზერას ვეღარ გავუძელი.

_ არ გიფიქრია იმაზე, რომ ასეთი რამე შეიძლება სხვისი თანდასწრებითაც წამოგცდეს?

გავწითლდი. ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ღმერთო, რა დეგენერატი ვარ. ჩემნაირია ხასიათის ადამიანი ვერასდროს გახდება ბედნიერი. ეს, ალბათ, ჩემმა უბედურმა ცხოვრებამ განაპირობა. რამ გამხადა ასეთი პრეტენზიული? რას მოვითხოვ ამ კაცისგან? განა ოდესმე რამეს შემპირდა? ვისაც შეჰპირდა, იმას აქცია ზურგი და მე ვინ ვარ?

_ რაზე ჩაფიქრდი, ანიკა? _ ჩამესმა მოულოდნელად.

_ არაფერი, ისე… _ სახე ჩამომიგრძელდა.

_ ალბათ ფიქრობ, რომ ძალიან უბედური ხარ, არა?

_ დაახლოებით, _ დავეთანხმე.

_ იცი, რას გეტყვი? თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, ფიქრებში წარსულის ქექვას თავი დაანებე. რაც იყო, იმას ვერ დააბრუნებ. და ნუ ხარ არეული.

_ არეული რატომ ვარ? _ შუბლი შევიკარი.

_ რატომ და თვითონაც არ იცი, რას მიედ-მოედები. იქ ბათო-დათოო, აქ ლეკოო… ნიადაგის მოსინჯვაზე ხარ? რას ეძებ? ვის ეძებ? რას ვერ პოულობ? ან ვის? ქალს ერთი მამაკაცი უნდა ჰყავდეს, სხვა დანარჩენი კი… ნუ, სხვებიც უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთები, რომლებიც იმ ერთი მამაკაცის ადგილას ინატრებდნენ ყოფნას.

გამეცინა.

_ რა გაცინებს?

_ ჰოდა, იმ ერთ მამაკაცს ვეძებ. ამიტომაც მივედ-მოვედები.

_ მართლა? და ვერ პოულობ? თვალები სად გაქვს?

ყურები ვცქვიტე. დავიჯერო, საკუთარ თავს გულისხმობს?

პასუხი ვერ გავეცი. ხომ არ ვეტყოდი, შენ რომ გაეჭვიანო, იმიტომ ვიქცევი ასე-მეთქი. სამაგიეროდ, როგორც ყოველთვის, სხვა რამე მომადგა ენაზე და მივახალე:

_ სხვათა შორის, კაცსაც ერთი ქალი უნდა ჰყავდეს, სხვა დანარჩენი კი…

_ მე არ მჭირდება ასეთი ქალი, _ გამაწყვეტინა, მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი თითქოს შემკრთალმა თუ შეცბუნებულმა დაამატა, _ ჯერჯერობით.

_ ვითომ რატომ? _ უკან არ დავიხიე.

_ იმიტომ, რომ ქალები ეგოისტები ხართ, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, თქვენ იყოთ კარგად და მორჩა. საკმარისია, ყურადღება გამოიჩინო და ეგრევე პრეტენზიები უჩნდებათ. იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე ეკუთვნით. ბოლოს საქმე იქამდე მიდის, რომ ქალი ვერაფერს უხერხებს საკუთარ ეგოიზმს და ისტერიკებს მოუწყობს კაცს, რასაც თავმოყვარეობით და სიამაყით გაამართლებს. ეს კი ჭკუაზე მშლის. ვერ ვიტან ისტერიკებს.

პასუხი არ გამიცია. ცივად გავუღიმე და კარისკენ დავიძარი.

_ ანიკა! _ მისმა მბრძანებლურმა ტონმა ადგილზე მიმალურსმნა.

შემოვტრიალდი.

_ რატომ არ შემეპასუხე? გამოდის, მართალი ვარ?

_ არა, მართალი არ ხარ. უბრალოდ, შენ ჩემი უფროსი ხარ, ამიტომ არ შეგეპასუხე, _ ცივად მივუგე.

_ მაინტერესებს, რას მიპასუხებდი. ჩათვალე, რომ ამწუთას არ ვარ შენი უფროსი.

ჩავიცინე. მივხვდი, რომ მცდიდა. აინტერესებდა, როგორ გამოვთქვამდი პროტესტს, რა ხრიკებით დავიცავდი ქალებს მისი აგრესიისგან, მე კი სრულიად მშვიდად წარმოვთქვი:

_ თუ ზღაპარი არ დგება შენს ცხოვრებაში, ჯადოქარი უნდა შეცვალო! _ და კვლავ კარისკენ გავემართე.

_ ასე ვერ წახვალ! _ დაიყვირა უცებ.

ამჯერად მშვიდად შემოვბრუნდი და ასევე მშვიდად ვკითხე:

_ რა გინდა ჩემგან, მირზა?

_ ყველაფერი!

_ ეს ძალიან ბევრია, შეფ!

_ შენ? შენ რა გინდა ჩემგან?

_ მე-ე? _ თვალები გამიფართოვდა. გამოდის, ხვდება, რომ მიყვარს.

_ ჰო, შენ. მიპასუხე, ისე ამ კაბინეტიდან ვერ გახვალ.

ამოვიოხრე, მსუბუქად, მშვიდად. მხრები ავიჩეჩე და ძალიან ხმადაბლა მივუგე:

_ არ ვიცი… რაღაც.

_ ეს ძალიან ცოტაა.

_ არა უშავს, მე ვიმყოფინებ. _ გავუღიმე და მის პასუხს აღარ დაველოდე, კარს მივუახლოვდი.

ამჯერად აღარ შევუჩერებივარ. ისე გამოვედი კაბინეტიდან, სიტყვა აღარ დაუდევნებია…

საღამომდე თავაუღებლად ვიმუშავე. არც მირზა გამოსულა კაბინეტიდან. ალბათ ისიც მუშაობდა. რამდენჯერმე დაურეკეს, დაელაპარაკა. ზარები მხოლოდ საქმიანი იყო, ქალებს არ შეუწუხებიათ. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი, მის სიტყვებზე. მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს, მე კი ვერ ვიგებდი, რა უნდოდა ბოლოს და ბოლოს ჩემგან.

საღამოს, გვიან, დაახლოებით რვა საათი იქნებოდა, როცა გამოვიდა.

_ შენ კიდევ აქ ხარ? _ გაოცებული მომაჩერდა.

_ დიახ. ერთი ეგზემპლარი დამრჩა ამოსაბეჭდი და მოვრჩები, _ საბუთების დასტაზე მივუთითე.

_ მაინც მოასწარი, არა?

_ დიახ. თქვენ ხომ ხვალ გჭირდებათ, _ ჩემდა უნებურად, თქვენობით მივმართე.

_ ჰო, მართალია, ხვალ მჭირდება. ორშაბათს გერმანიაში მივფრინავ.

ამ ცნობამ თავზარი დამცა. მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა.

_ დიდი ხნით?

_ ორი კვირით.

_ აჰა, მოვრჩი, ყველაფერი წესრიგშია, _ სახეალანძულმა მივუგე და საქაღალდეში ჩადებული მასალები მივაწოდე, _ ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.

ორაზროვანი ღიმილი მესროლა, საქაღალდე ჩამომართვა და გავიდა. არც კი შემომთავაზა, სახლამდე მიგიყვანო. არადა, უკვე შეღამებული იყო.

მეწყინა, მეტკინა… რაღაც ჩამწყდა გულში. ნირი წამიხდა. სპეციალურად მოვიტოვე ერთი ეგზემპლარი ბოლოსთვის ამოსაბეჭდად, მის კაბინეტიდან გამოსვლას ველოდებოდი იმ იმედით, რომ ასე გვიან შინ მარტო არ გამიშვებდა და წამიყვანდა. თურმე ტყუილად ვიმედოვნებდი. ნაძირალასავით მოიქცა… იაფფასიანი ქალივით მომექცა…

ეს კაცი ვერასდროს გაიგებს, როგორ მიმძიმს მასთან განშორება. ვერც იმას გაიგებს ვერასდროს, როგორ მიყვარს… შეიძლება ასეც ჯობია. ჩემი მოწყენილი აწმყოს გამამხიარულებელი ეგ ვერასდროს გახდება. ალბათ ის არ არის, ვისაც ვეძებ. ან მე არ ვარ მისთვის ის, ვისაც ის ეძებს… ცრემლმორეულმა თვალები დავხუჭე, რომ არ მეტირა… პალტო ჩავიცვი და ქუჩაში გავედი.

ცას ავხედე. მთვარე ვეებერთელა მეჩვენა… სავსე მთვარე… ისეთი დიდი იყო, სიბნელეში ვერ ეტეოდა.

მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია…. ხანდახან უარი უნდა თქვა ადამიანებზე, იმიტომ კი არა, რომ შენთვის სულერთია, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხდები მათთვის სულერთი…



შაბათმა უღიმღამოდ ჩაიარა. კვირადღის პირველი ნახევარი თითქოს ბურანში გავატარე. სახლის დალაგებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერს კრიალი გაუდიოდა. დიდხანს ვიბორიალე უთავბოლოდ. ერთი მეგობარი არ მყავდა ისეთი, ვინმესთან გავსულიყავი და გული მომეოხებინა. ვისთანაც ახლოს ვიყავი, ყველა საზღვარგარეთ იყო გაკრეფილი სამუშაოდ და ფულის საშოვნელად. იმდენად ვუფრთხილდებოდი თითოეულ თეთრს, რომ ინტერნეტიც არ მყავდა შემოყვანილი, რათა ფეისბუკი მაინც გამეხსნა და ნაცნობებს შევხმიანებოდი. არ მიზიდავდა ასეთი რაღაცები. ფული არ მემეტებოდა ამისთვის. ბებია რომ არა, ალბათ მეც გავიქცეოდი აქედან, რომელიმე ქვეყანას შევაფარებდი თავს და ვინმე ბებიასნაირს ან უარესს მოვუვლიდი, მაგრამ ნინუცას ვერ ვტოვებდი. ჩემ გარდა არავინ იყო მისი პატრონი. ვენერა კი მოუვლიდა, როგორ არ მოუვლიდა, მაგრამ ისე ხშირად იპარებოდა სახლიდან, ნამდვილად ვერ დავავალდებულებდი მეზობელს, ადექი და მე რომ არ ვიქნები, შენ მოძებნე ბებიაჩემი-მეთქი. ეს იყო ერთადერთი, რაც საქართველოში მაკავებდა… აქამდე. ახლა კი ამ პრობლემას მირზაც დაემატა. ახლა ბებია რომც არ ყოფილიყო, ნამდვილად არ წავიდოდი, რადგან სულ მირზას სიახლოვეს მინდოდა ვყოფილიყავი.

შინ მაინც არ დავრჩი. საყიდლები მოვიმიზეზე და სახლიდან გავედი. ვერ გეტყვით, რამდენი ვიარე. ყველაზე ცოტა, ცამეტი მაღაზია მაინც შემოვიარე. რა თქმა უნდა, არაფერიც არ მიყიდია, ისე, უბრალოდ, «გავერთე». არა, როგორ არა, ყველი ვიყიდე და კვერცხი, რომ ცოტა რაღაც მაინც მქონოდა წასახემსებელი.

ექვსი საათი იქნებოდა, შინ რომ დავბრუნდი. თითქოს ჩემს დაბრუნებას ელოდაო, შევდგი თუ არა ბინაში ფეხი, ტელეფონმაც დაიწკრიალა.

_ გისმენთ, _ წარმოვთქვი უხალისოდ და მოულოდნელობისგან შევხტი, როცა მირზაშვილის ხმა გავიგონე.

_ იმედია, ხელი არ შეგიშალე, _ მოისმა ყურმილში.

ნეტავ რას გულისხმობს ხელის შეშლაში? ჰგონია, მეც ისევე დავშლიგინებ კაცებში, როგორც თვითონ ქალებში?

_ არა, არ შემიშალე. _ აუღელვებლად მივუგე.

_ ისევ მარტო ხარ?

_ მე ყოველთვის მარტო ვარ, _ ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ რატომ, ეს შენი ცხოვრების სტილია?

_ ეს სულის მდგომარეობაა და არა ცხოვრების სტილი, _ ჯიბრიანად მივუგე. _ რატომ დამირეკე?

_ რატომ და… _ პაუზა გააკეთა, _ ვიფიქრე, თუ გოგო გირეკავს, ესე იგი, მოენატრე და თუ არ გირეკავს, ესე იგი, ელოდება, შენ როდის მოგენატრება-მეთქი და აი…

_ რა სისულელეა, _ ისე გავწითლდი, ალმური წამეკიდა. კიდევ კარგი, ამწუთას ვერ მხედავდა.

ყურმილში გულიანი ხარხარი გაისმა.

_ გეხუმრე, რა იყო? საქმე მაქვს და იმიტომ გირეკავ.

_ გისმენ, _ უნიათოდ წარმოვთქვი, განხიბლულს ტონი მაშინვე საქმიანი გამიხდა.

_ თუ არ დამზარდები, გამოდი ჩემთან, სახლში, ამ საბუთებში კიდევ არის რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, ცოტა რაღაც უნდა შევცვალო და შენ გარეშე ვერ ვიზამ.

დეტალებიო? პარასკევს ყველაფერი არ ჩავუწიკწიკე? რაღაცას მიქარავს!

_ ტელეფონით ვერ მიკარნახებ? _ ისევ ჩემებურად გამისწრო ენამ წინ და წამოვაყრანტალე.

რა სულელი ვარ, კიო, რომ მითხრას, ხომ ვიქნები მოსაკლავი? მისი ნახვის შანსის ხელიდან გაშვება იქნება? რა თავმოუბმელი იდიოტი ვარ, რა მეშველება! _ უსიტყვოდ ვასკდებოდი გულს.

_ მე ვარ შენი უფროსი თუ შენ ხარ ჩემი უფროსი? _ ისევ გაიცინა, _ რომ გიბარებ, ესე იგი, მჭირდები. ტელეფონით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, პირდაპირ გეტყოდი, მოიმარჯვე კალამი და ფურცელი და ჩაიწერე-მეთქი. დროზე გამოდი, დღეს უნდა მოვაწესრიგო ეს ხელშეკრულება, დრო არ ითმენს. ზედმეტ სამუშაო საათებს აგინაზღაურებ, თუ ეს გაწუხებს და სადილითაც გაგიმასპინძლდები. _ შეფარული ირონია ვიგრძენი.

ისევ ჩამწყდა გულში რაღაც. ვერ ვხვდებოდი, დამცინოდა ეს კაცი თუ, უბრალოდ, ბუნებით იყო ასეთი და მისი სიტყვები საწყენად არასდროს უნდა მიგეღო.

_ როგორ, სადილებიც გეხერხება? _ იქედნურად ვიკითხე და ამჯერად მე გავიცინე.

არა, არა, ენა ნამდვილად წასაჭრელი მაქვს, თანაც ძირში. ჩემი გამოსწორება არ იქნება. წასაჭრელი კი არა, ამოსაგლეჯი… და იმით შეშინებულმა, არ ეყვირა, სასწრაფოდ მივაყარე:

_ მისამართი მიკარნახე!

ფაცხაფუცხით ჩავიცვი… როგორ მიხდება ეს წითელი კაბა, მაკიაჟიც და თვალების დახატვაც.

საკუთარ თავს სარკეში თვალი შევავლე. მომეწონა არეკლილი გამოსახულება: თმა მიბზინავდა, თვალებიდან თითქოს ნაპერწკლებს ვყრიდი. ნეტავ ეს სიყვარულის ბრალია თუ ზოგადად ასეთი თვალები მაქვს? აღარ მახსოვდა, როგორი თვალები მქონდა მირზას გაცნობამდე, იმდენად უფერული იყო ჩემი ცხოვრება.

ახლა უნდა ვიჩქარო… თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ქუჩაში, ტაქსი გავაჩერე და ნახევარ საათში უკვე მირზაშვილის ბინის კართან ვიდექი სუნთქვაშეკრული.

კარი გაიღო და ზღურბლზე მასპინძელი აღიმართა. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს კაცი! _ ამის გაფიქრებით შევაბიჯე ჰოლში.

_ სადილი მზადაა, _ «მაცნობა» მირზამ, _ რა ვქნა, მხოლოდ დღეს გამახსენდა, რომ პარასკევს რაღაც-რაღაცების მოგვარება დაგვავიწყდა.

_ მე არაფერი დამვიწყებია. რაც მითხარი, ყველაფერი გავაკეთე.

_ ჰო, მაგაშიც მართალი ხარ, ჩემი ბრალია. იმედია, მაპატიებ.

თავაზიანად ჩამომართვა პალტო და თვალი ჩემი წითელი კაბისკენ გაექცა.

_ ეს კაბა არასდროს გცმია სამსახურში.

_ დავიჯერო, ასეთი რამეებიც გაინტერესებს? ყველა თანამშრომლის ჩაცმულობას აკვირდები? _ გამეღიმა.

_ ასეთ რამეებს ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. _ არ დამიკონკრეტა.

დამპალი! ის კი არ მითხრა, მხოლოდ შენ გაქცევ ყურადღებასო, ზოგადად ვაქცევო. რა აუტანელია!

_ ვაიმე, ბლოკნოტი არ წამომიღია, რომ შენიშვნები ჩამეწერა.

_ არა უშავს, არც მიფიქრია, რომ წამოიღებდი, _ რბილად მითხრა, ისევ იმ მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა, თავგზას რომ მიბნევდა ყოველთვის, და ზოგჯერ მაცოფებდა კიდეც, მერე ხელი მკლავში წამავლო და ტახტისკენ წამიყვანა…



საჟურნალე მაგიდაზე ქაღალდების გორა ეყენა და ტელეფონი იდო. ოთახს თვალი მოვავლე. მშვენიერი გემოვნება ჰქონია შეფს _ ავეჯი კედლების ფერს საუცხოოდ ეხამებოდა. ზედმეტ ნივთს ვერსად იპოვიდით, თვალს არაფერი არ ღლიდა. პირიქით, ამშვიდებდა. ეს პასტელის ფერებს სჩვევია. ერთადერთი, რამაც ღიმილი მომგვარა, უზარმაზარ კუთხის დივანზე მიმობნეული პატარა ფერადი ბალიშები და პლუშის დათუნიები იყო.

_ დათუნიები გყვარებია… _ გავხედე.

_ ძალიან. ბავშვობაში მსუქანი ვყოფილვარ და ყველა დათუნიას მეძახდა თურმე. ლოყაზე მჩქმეტდნენ ზედმეტი სიყვარულით. ეს ჩამრჩა მეხსიერებაში. ახლა მსუქანი არ ვარ და არც დათუნიას ვგავარ, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი დათუნია მყავს.

_ ექვსი.

_ ჰო, ექვსი, _ გაიცინა და დააყოლა, _ აქ დავსხდეთ, მგონი, კაბინეტს აქაურობა სჯობს.

_ ჩემთვის სულერთია, როგორც იტყვი, _ მხრების აჩეჩვით დავეთანხმე.

_ საქმის არსს ახლავე მოგახსენებთ, ძვირფასო თანაშემწევ, კითხვები კი სადილის პერიოდში დამისვით, კარგი? _ გამეხუმრა.

_ კარგი. _ თავი ღიმილით დავუქნიე და დივანზე მოვკალათდი. მირზაც გვერდით მომიჯდა.

ხელი საქაღალდისკენ წავიღე და ჩემი თითები შემთხვევით მისას შეეხო. ელექტროდენივით დამიარა მისმა შეხებამ _ სწრაფად გამოვწიე ხელი უკან და ლამის მოვიკრუნჩხე. მირზას ეს არ გამოჰპარვია.

_ შენ კანკალებ, ანიკა, _ ხაზგასმით შენიშნა.

_ ცოტა შემცივდა, _ თავის დაძვრენა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა _ საკუთარმა ხმამ გამცა. მიუხედავად იმისა, რომ თავგამოდებით ვცდილობდი, საქმიანი იერი მიმეღო, დამშვიდებას მაინც ვერ ვახერხებდი. სულ მეგონა, რომ ახლა, აქ, ამ სახლში, რაღაც უჩვეულო მოხდებოდა. მოხდებოდა ის, რასაც ქვეცნობიერად ყოველდღე ველოდი.

_ მგონი, შევცდი.

_ რაში? _ არ შემიხედავს, ისე ვკითხე, შემეშინდა, თვალებმაც არ გამცეს-მეთქი.

_ ეტყობა, აქ მუშაობის იდეა არც ისე გამართლებულია. მეგონა, თბილ ბინაში ვცხოვრობდი და აი, შედეგი!.. თურმე უფრო თბილი უნდა დამეხვედრებინა. ხომ ხედავ, შეგცივდა ჩემთან.

მისი ორაზროვანი ნათქვამი პირდაპირ გულში მომხვდა და კვლავ შემაკანკალა.

_ განგებ ცდილობ ჩემს შეცბუნებას, არა?

გულიანად გაიცინა.

_ რა მაგარი სიტყვაა შეცბუნება, დიდი ხანია, არავისგან მომისმენია. საუბარში, მგონი, არც ვიყენებთ ამ სიტყვას, მხოლოდ წიგნებში წერენ. ასე არ არის?

_ არ ვიცი, _ ცივად მივუგე და ამოვიოხრე.

_ რა მძაფრად აღიქვამ ყველაფერს, _ ალერსიანად მითხრა, _ მსგავსი არაფერი მიფიქრია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ მიზიდავ, მაგრამ ვცდილობ, სიტუაცია გავაკონტროლო.

რა უნდა მეპასუხა? ვერაფერსაც ვერ ვეტყოდი. რა, მადლობა უნდა გადამეხადა იმისთვის, რომ არ მეცა და ტანსაცმელი არ შემომახია? სიბრაზისგან საფეთქლებამდე გავწითლდი.

ავდგები და წავალ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ დეგენერატს თავისი საქმეებით და ჩასასწორებელი დეტალებით.

_ გასაკონტროლებელი არაფერია, მე შინ მივდივარ! _ მაინც ვერ ვძლიე თავს, ავფეთქდი და წამოვხტი, მაგრამ უეცრად ფეხი მის ფეხს დავადგი. ისე შევკრთი, მდუღარეგადასხმულივით განზე გავხტი.

რა საძაგელი კაცია! ორი კვირით მიდის, ორი მტანჯველი კვირით და ასეთ დღეში მაგდებს! ღმერთო, რა გაძლებს ორი კვირა მის უნახავად.

_ არ წახვიდე, დარჩი, _ მუდარა გაისმა მის ხმაში.

_ რისთვის მომიყვანე? მეგონა, მართლა საქმე გქონდა. ამ სიცივეში ცოტათი მაინც არ შეგეცოდე, სახლიდან რომ გამომიყვანე?

_ სამაგიეროდ, გაგათბობ, _ ორაზროვნება ისევ გაისმა მის ხმაში.

ისე გავბრაზადი, მრისხანებას ვერ ვიოკებდი.

_ უკვე გავთბი, ასე რომ, არ ღირს შეწუხებად!

_ კარგი, კარგი, მაპატიე, სულაც არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. მოიცადე, მანქანით გაგიყვან.

_ არა! _ თითქოს ქმარი ყოფილიყო ჩემი, ისე მბრძანებლურად ვუყვირე და იმწამსვე ვინანე, რომ ნერვების მოთოკვა ვერ შევძელი.

_ როგორც გინდა, ოღონდ ნუ მეჩხუბები. ვიფიქრე, ამდენი ხნით მივდივარ, დიდხანს ვერ ვნახავ… ამიტომ გამგზავრებამდე ერთად ვისადილებთ-მეთქი. შენ კი ისე ახტი და დახტი, ყველაფრის სურვილი დამეკარგა.

კოპებშეკრული მივჩერებოდი, ვერა და ვერ მოვერიე თავს. სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი, რომ რამე მეთქვა, თუნდაც უკმეხად.

მირზამ თავი გააქნია და ღრმად ამოიხვნეშა. მერე შუბლი საჩვენებელი თითით მოიფხანა და გვერდულად გამომხედა:

_ გამომშვიდობების წინ არ შევრიგდეთ და ერთმანეთი არ გადავკოცნოთ? ასეთ ხასიათზე ნუ გამიშვებ იმ გადაკარგულში, _ შემრიგებლური ღიმილი შემომაფრქვია.

კიდევ რა უნდა? გამონახა გზა, რომ ისევ მაკოცოს. ჩალიჩობს კაცი! ამაზე უკეთესი რა უნდა მოეფიქრებინა? გამოსამშვიდობებელი კოცნა! ჰმ…

მოულოდნელად მირზამ ხელი მომხვია, ტუჩები ყურთან მომიტანა და წამჩურჩულა:

_ ძალიან მომენატრები, ანიკა…

მინდოდა, მეთქვა, რომ მეც ძალიან, ძალიან მომენატრებოდა, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა მხოლოდ გულში გაიჟღერა. მირზამ ჩემი სიჩუმით ისარგებლა და ტუჩებზე დამაცხრა. რომ მდომებოდა რამის თქმა, არ დამაცლიდა, მისი კოცნა ჩაახშობდა ჩემს სათქმელს…

ჯერ ნაზად მკოცნიდა, ნება-ნება, მერე თითქოს რიტმს მოუმატაო _ უფრო ვნებიანად, თან აჟიტირებული მძლავრად მიკრავდა მკერდზე. მამაკაცის ცხელი სუნთქვა სახეს მიწვავდა. წამით არ აჩერებდა ხელებს, მთელ სხეულზე მეალერსებოდა. შემდეგ მარჯვედ, ნაცადი მოძრაობებით დამიწყო კაბის გახდა.

_ რა ლამაზი ხარ, გოგო, რა ლამაზი და სასურველი, _ სუნთქვაშეგუბებული იმეორებდა.

არ ვიცი, მე რას ვაკეთებდი იმ მომენტში. მგონი, რეტდასხმულივით ვეგდე დივანზე, რადგან წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შემრჩენოდა. მინდოდა კი წინააღმდეგობის გაწევა? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თავგადასავლები ზეპირად ვიცოდი, ვიცოდი, როგორც ექცეოდა ქალებს, მაინც ვნებდებოდი. ვნებდებოდი, რადგან მის გარეშე აღარ შემეძლო… მომთენთავმა, თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. მირზას პერანგის ღილები ჩავუხსენი და მის დაკუნთულ მკერდს დაბინდული მზერა შევავლე…

_ კიდევ მაკოცე, _ წავიჩურჩულე და მთელი სხეულით შევისრუტე კაცის სხეულის სურნელი და სითბო. უფრო და უფრო მომეძალა სურვილი _ ეს მირზამაც იგრძნო. ახალი არსება დაიბადა ჩემში _ ვნებიანი ქალი, რომელიც თავდავიწყებით ილტვოდა მამაკაცისკენ და მისი სიახლოვე ნეტარებით ავსებდა.

ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სადღაც შორიდან, ტელეფონის ზარის ხმა ჩამესმა.

_ ეს ჩვენ არ გვეხება, _ ჩამჩურჩულა მირზამ და «საქმე» გააგრძელა.

მთელი სხეულით ავეკარი მის მკერდს, ისე ძლიერად ჩავეხუტე, თითქოს მის კანში შეძრომას ვლამობდი. მამაკაცის გაცხელებულ და გახელებულ ტუჩებს ჩემი დავუხვედრე…

ტელეფონი არ ჩერდებოდა. ჩემდა უნებურად წავიღე ხელი ყურმილისკენ. რაღა საჟურნალე მაგიდაზე შემოასკუპეს ეს ტელეფონი?

სიტყვა არ დამიძრავს, ისე მივიდე ყურთან ყურმილი. გაისმა მამაკაცის ჩახრინწული ხმა:

_ მირზა, გეყო შენს მდივანთან კოტრიალი, დამელაპარაკე!

თითქოს ცივი წყალი გადამასხეს… გონება ელვის უსწრაფესად დამეწმინდა და ამიმუშავდა. იმწუთასვე მოვწყდი მირზას და გველნაკბენივით წამოვხტი.

ხომ ვიცოდი, რომ არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, რატომ მოვიქეცი ასე? მირზაშვილი ხომ შეჩვეულია ქალების შებმას და ეს მისმა ყველა მეგობარმა იცის. როგორც ჩანს, ისიც იციან, რომ ახლა, ამწუთას მე ვარ მასთან და… ალბათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და ძმაკაცებთანაც მოასწრო თავის მოწონება, ამაღამ მორიგ მდივანს ჩავიწვენ ლოგინშიო…

ანგარიშმიუცემლად ვმოძრაობდი. აცახცახებულმა წამოვკრიფე ჩემი ტანსაცმელი და დაბნეული შევუდექი ჩაცმას.

_ რა მოხდა? _ მკითხა გაოგნებულმა მირზამ, მაგრამ პასუხი არ გამიცია, სანამ იგი გონს მოვიდოდა, მე ოთახში აღარ ვიყავი…

ჰოლში გავვარდი და პალტოს მივწვდი. ამ დროს მხარზე მისი ხელი ვიგრძენი.

_ ანიკა, მომისმინე…

_ ხელი არ მახლო! _ ვიყვირე და კარი გავაღე, მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი _ ჩემ წინ ნინი იდგა, მისი «ახალი» ქალი.

_ ნინი? _ აღმოხდა გაოცებულ მირზას.

გონება დამიბნელდა, წინ ასვეტილ სტუმარს ხელი ვკარი და კიბეზე დავეშვი. ბედად, სადარბაზოსთან ტაქსი იდგა, კარი გამოვაღე და უკანა სავარძელზე დავეხეთქე. ვიღაცამ ფანჯრის მინაზე დამიკაკუნა _ ეს მირზა იყო, პერანგისამარა, გაღეღილი, სიცივეში იდგა და მინის ჩაწევას მთხოვდა.

_ წავიდეთ! _ ვუყვირე ტაქსის მძღოლს და სავარძელზე მივესვენე. გული გამალებით მიცემდა. როგორც ჩანს, ჩემი ადგილი ნინიმ დაიკავა. ნეტავ ვინ არის, რას წარმოადგენს და რა გვარია? რითი მჯობია? ალბათ იმით, რომ ჩემსავით მდივანი არ არის!

რა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე, რომ ჩემთან ერჩივნა? რისი იმედი მქონდა? თავქარიანი ვარ, ქარაფშუტა და მიამიტი! ახია ჩემზე! არასდროს ვუფიქრდები, რას ვაკეთებ! სასაცილო არ იქნება, რომ მივუტრიალდე და ვუთხრა, როგორ გამიბედე-მეთქი? როგორც მოვიქეცი, ისე გამიბედა!..

არ მახსოვს, შინ როგორ მივედი. ჩემი მობილური მთელი გზა რეკავდა, მაგრამ არც მიცდია ჩანთიდან მისი ამოღება. როცა უკვე მოსაბეზრებელი გახდა «ბითლზის» მელოდიის მოსმენა, ხელი ჩავყავი ჩანთის ჯიბეში და ტელეფონი გამოვრთე.

ის იყო, ბინაში ფეხი შევდგი, რომ ახლა სახლის ტელეფონმა ატეხა რეკვა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეპასუხა.

_ გისმენთ! _ ჩავყვირე ყურმილში.

ხმას არავინ იღებდა. მივხვდი, რომ ის იყო. როგორც ყოველთვის, ვერც ახლა შევიკავე თავი და მთელი ხმით ვიყვირე:

_ სადილით შეგიძლია მაგ ქალბატონს გაუმასპინძლდე, მერე კი შენს ძმაკაცებთან მოიწონო თავი!

კვლავ არავინ გამცა ხმა. უფრო მეტიც, წამიც არ გასულა და ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა…



დილით ადრიანად კი ავდექი, მაგრამ სამსახურში წასვლა ჭირის დღესავით დამეზარა. მერჩივნა, შინ დავრჩენილიყავი. როგორ უნდა შემეხედა თვალებში მირზასთვის, ვერ წარმომედგინა, ან მას რა უნდა ეთქვა ჩემთვის.

მაინც ჩავიცვი, უგემურად ვისაუზმე, სულ ორიოდე ლუკმა ჩავიდე პირში, რომ გული არ წამსვლოდა და ის იყო, შინიდან გასვლას ვაპირებდი, რომ ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა.

_ გისმენთ, _ როგორც მჩვეოდა, გავინაზე.

_ ანიკა! _ გავიგონე მირზაშვილის ხმა და ყურმილი კინაღამ გამივარდა ხელიდან. _ ასე ადრე იმიტომ დაგირეკე, რომ სხვანაირად ვერ მოგიხელთე. მობილური გამორთული გაქვს. მინდოდა, დაგლაპარაკებოდი, სანამ სამსახურში გამასწრებდი, _ მამცნო შეფმა.

მირზას მშვიდი ხმა ჰქონდა, არც აღელვება ეტყობოდა. მე კიდევ ძლივს გადავიტანე ეს ღამე. წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი, კოშმარივით მედგა თვალწინ წუხანდელი სცენა.

როგორც ჩანს, თვითონ კარგა გემრიელად გამოუძინია. დამპალი!

რა უსამართლობაა! თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

_ მე სამსახურში აღარ მოვალ! _ წამომცდა ჩემდა უნებურად, _ და კარგად დაიმახსოვრე ეს!

_ აღარ მოხვალ? _ თითქოს არ დაიჯერა.

ღმერთო, რა ჩერჩეტი ვარ, ზედმეტი აღელვებისგან რა წამოვროშე. თუმცა, მგონი, არც თვითონაა ნაკლებ დღეში. ნეტავ ოდნავ მაინც თუ განერვიულდა?

_ არა! _ რადგან გადაწყვეტილება მივიღე, უკან დახევა არ გამოდიოდა, _ სამსახურიდან მივდივარ, _ ამწუთას სიამაყე და მრისხანება ერთად მალაპარაკებდა, _ და ფეხს აღარ მოვადგამ შენთან არასდროს. _ განაცხადა ჩემმა სიამაყემ. მე კი, მისმა პატრონმა, ვიცოდი, რომ ახალი სამსახურის შოვნა შეიძლებოდა ვეღარც მომეხერხებინა.

მირზამ სიტყვის გაგრძელება აღარ დამაცალა:

_ მაპატიეთ, ქალბატონო ანიკა, თქვენ კი არ მიდიხართ, მე გათავისუფლებთ!

ამის გაგონებაზე ფერი მეცვალა. იმ წამს ვერ გავიაზრე, რა მითხრა, მაგრამ როგორც კი ჩემს გონებას განგაშის სიგნალი მიეწოდა, ენა ჩამივარდა.

ასე მომიხდება! რა მეგონა? რომ ხვეწნას დამიწყებდა, შენი ჭირიმე, არ დამღუპო და არ წახვიდეო? რატომ ვარ ასეთი ფეთქებადი? რატომ ვერ ვახერხებ საკუთარი ემოციების გაკონტროლებას?

_ მათავისუფლებთ თუ მაგდებთ? _ დაკონკრეტება მოვითხოვე.

_ როგორც გაგიხარდეთ, ისე ჩათვალეთ!

_ ესე იგი, მაგდებთ! _ აღმომხდა აღშფოთებით, ვერც კი შევამჩნიე, რომ ისევ თავაზიან ფორმაზე გადავედით ორივენი, _ კი მაგრამ, რა მოტივით?

ერთი გაბედოს და გუშინდელი საღამო მიხსენოს!

_ გახსოვთ, გასაუბრებაზე რომ იცრუეთ?

_ ვიცრუე? რა ვიცრუე?

_ რატომ წამოხვედით ძველი სამსახურიდან.

_ ღმერთო, რა უსინდისო ადამიანი ხარ! _ ამოვიკვნესე.

_ ზედიზედ რომ აგვიანებდით სამსახურში, ესეც გემახსოვრებათ და ვერც ამას უარყოფთ, _ განაგრძობდა მირზა ჩემს განადგურებას ისე, თითქოს არც გაუგონია ჩემი სალანძღავი სიტყვები.

_ ერთადერთხელ დავაგვიანე.

_ აღარაფერს ვამბობ თქვენს გაუთავებელ აქეთ-იქით სიარულზე სამუშაო საათების დროს. იმედია, თქვენც ბლომად გახსოვთ ასეთი მომენტები.

_ მე გაცდენილ საათებს ყოველთვის ვანაზღაურებდი, _ ცრემლი ყელში მომებჯინა, გაწბილებული სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს, _ ლამის შუაღამემდე ვმუშაობდი და საქმე არასდროს გამიფუჭებია. ეს არაფერს ნიშნავს?

მირზა მართლა არ მისმენდა, თავისთვის აგრძელებდა:

_ აბა, რას იტყვი, ანიკა, ხომ არ გადაიფიქრე სამსახურის მიტოვება? _ ისეთი დამცინავი მომეჩვენა მისი ტონი, რომ ჩემი მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი ჩავარდა და.. ამომასხა.

_ ჯანდაბამდე გზა ჰქონია შენს ოფისს და შენც! _ შეშლილივით გავყვიროდი, _ შიმშილით რომ ამომძვრეს სული, სამჯერ მეტი ხელფასი რომ გადამიხადო, შენკენ არასდროს გამოვიხედავ!

ჩვენ შორის პირველმა რომელმა დაახეთქა ყურმილი, ძნელი სათქმელია…

მომდვნო ხუთ წუთს იმაზე ვბობოქრობდი, რომ ჩემს ექსშეფს ვერ ვუთხარი ის, რაც მისნაირ ნაძირალას ეკუთვნოდა.

თანდათან გონს მოვეგე. ცოტა ხანში გავაცნობიერე, რომ ულუკმაპუროდ დავრჩი _ აღარც საქმე მქონდა და აღარც ხელფასი. ეს მინდოდა ახლა? რით ვერ გავაჩერე ჩემი დამპალი ენა? რა დროს სიამაყე და თავმოყვარეობა იყო, როცა ოჯახი მყავდა სარჩენი? ბებიას რა ეშველება?

მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვიყავი, რომ სათქმელი, ბოლოს და ბოლოს, მაინც ვთქვი. განა თვითონ არ დამირეკა? და რისთვის დამირეკა, თუ იცით? სამსახურიდან გათავისუფლებო.

არა უშავს, როგორმე მოევლება ამ საქმეს, ახლა დაბნევის დრო არ არის. დღესვე დავიწყებ ახალ სამსახურზე ზრუნვას. მართალია, ჯახირი მომიწევს, მაგრამ რაღაცას მაინც ვიპოვი. გადავრეკავ, გადმოვრეკავ…

მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა და ყველაფერი დავივიწყე. არავისთან მივდიოდი, არც აქეთ მაკითხავდა ვინმე. ერთადერთი, ბათო თუ შემომივლიდა ხანდახან, ეგ იყო და ეგ. იმ დღის მერე კი, როცა მირზა ჩემთან დარჩა და ბათომ იგი ბებიაჩემის ხალათში იხილა, ფეხი ამოიკვეთა.

ერთადერთი გზაღა დამრჩენია _ უნდა დავივიწყო, რაც აქამდე იყო და, საერთოდ, ამიერიდან ცხოვრების მხოლოდ საუკეთესო მხარე უნდა დავინახო.

გამწარებული სარკეს მივუახლოვდი და ჩავიხედე. იქიდან გასაცოდავებული და გაავებული სახე შემომცქეროდა, რომელშიც ჩემი თავი ვერ შევიცანი. ნუთუ ასე შემცვალა მირზასთან ჩხუბმა? რა საწყალი ხარ, ანიკა, რა უცებ ყრი ფარ-ხმალს. ასე არ შეიძლება!

თავი ამაყად ავწიე და ჩემს ორეულს დაჟინებით მივაცქერდი. მერე ჯერ მარჯვნივ გადავწიე თავი, შემდეგ მარცხნივ და პროფილში შევათვალიერე ჩემი «ომგადატანილი» სახე. ბოლოს გავიღიმე, თვალი ჩავუკარი ჩემსავე გაღიმებულ ტუჩებს და მტკიცე ხმით წარმოვთქვი:

_ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ანიკა! სიცოცხლე ერთხელ გეძლევა ადამიანს და ის შენია! არავის არ უნდა უსმინო. მაათ არაფერი იციან შენ შესახებ, შენს ემოციებსა და დარდებზე… შენს წყენაზე, სიყვარულზე, განშორებაზე… არ იციან, რა გაქვს სულში, გულში… რით და როგორ გაგათბონ… ვინ გჭირდება, ვინ ძვირფასია, ვინ _ საყვარელი… ვინ არის შენთვის სიგიჟემდე საჭირო… არ იციან შენი სიზმრები, ვერ ხედავენ შენს ტკივილს და ვერასდროს აღმოჩნდებიან შენს ადგილას, ვერ შეასრულებენ შენს როლს ამ ცხოვრებაში!.. შენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია გადაწყვიტო, აიღო, დაინახო, თქვა, დარეკო, იყვირო, იტანჯო და ელოდო… გძულდეს და გენატრებოდეს, ხელი მძლავრად ჩასჭიდო და მასთან ერთად იარო, თვალებში შეხედო და მოეფერო, იცინო, იტირო და იოცნებო! არ შეგეშინდეს და გიყვარდეს… მხოლოდ მაშინ მიხვდები, რას ნიშნავს, იცხოვრო!

ესეც ასე. მონოლოგი შესანიშნავი გამომივიდა. ახლა ბებიას დავურეკოთ, გულზე მომეფონება მისი ტკბილი ხმა.

ასეც მოვიქეცი.

_ ბებო, როგორ ხარ? _ შევეცადე, რაც შეიძლება ხალისიანი ვყოფილიყავი, _ შაბათს ხომ წამოხვალ ჩემთან? ძალიან მინდა შაბათ-კვირა ერთად გავატაროთ.

_ ანიკა, ჩემო საყვარელო, შენ ხარ? რა კარგი გოგო ხარ, რომ დამირეკე. მე კარგად ვარ, ბებო, მშვენივრად ვერთობი ვენერასთან ერთად. მაგრამ შაბათს არ ჩამოხვიდე, შვილო, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და შინ არ ვიქნები.

ბებიასაც კი აქვს საქმე, _ უნებურად გამეცინა.

_ რა საქმე გაქვს, ბებო? სასეირნოდ ხომ არ გეპატიჟება რომელიმე კავალერი? _ გავეხუმრე.

_ ხომ გითხარი, საქმე მაქვს-მეთქი, ესე იგი, საქმე მაქვს! _ ხმა გაიმკაცრა ნინუცამ, _ და ნუ იცი შენ უშნოდ ღლაბუცი, თორემ მოგცემ ყურის ძირში კავალერს! _ და გაბრაზებულმა ყურმილი დამიკიდა.

ნერვიული სიცილი ამიტყდა. საიდუმლო შეხვედრებს მართავს მგონი, ბებიაჩემი და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. მაგარია!

არა, ახლავე უნდა გავიკითხო ნაცნობ-მეგობრებში, იქნებ რაიმე სამუშაო გამომიჩნდეს. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიშოვო რამე, რომ დღეები არ გამიცდეს, თორემ დამერხევა. მე ხომ ფულის დაგროვება არ მეხერხება, ამიტომ არასდროს მაქვს ხოლმე დანაზოგი გადანახული. რადგან ბებიას მეტი სარჩენი არავინ მყავს, ამიტომ ზედმეტის ხარჯვას არ ვერიდები.

სანამ დასარეკად ყურმილს ხელახლა დავწვდებოდი, ტელეფონი ისევ აზრიალდა _ ოღონდ ამჯერად გრძელი იყო ზარი რატომღაც…

ცოტა დავაყოვნე, მეუცხოვა ასეთი გაბმული რეკვა, თითქოს უცხოეთიდან მიკავშირდებოდა ვიღაც, მერე კი ვუპასუხე, ალო-მეთქი.

_ გამარჯობა, ანიკა! _ მომესმა მირზას ხმა.

როგორ ცივად მომესალმა… თუმცა, რა გასაკვირია, მე ხომ უკვე დამითხოვა სამსახურიდან. მაინც ჩემი დამემართა, მისი ხმის გაგონებაზე ხელ-ფეხი გამიცივდა.

_ არ გეჩვენება, რომ ორივე ავჩქარდით? _ დაიწყო ჩემმა ექსშეფმა, _ მგონი, სიტყვას სიტყვა მოჰყვა, გინებას გინება… გავცხარდით.

_ მე შენთვის არ შემიგინებია.

_ არც მე. _ გაიცინა.

_ აბა, საიდან მოიტანე?

_ ეგეც სიტყვას მოჰყვა, _ ისევ გაიცინა.

გული ამოვარდნაზე მქონდა. რას ამბობს? რაში სჭირდება ასე ლაპარაკი? ნეტავ საით უმიზნებს? მესმოდა მისი ხმა და გულზე სალბუნივით მედებოდა. მთელი არსებით ვებრძოდი უცებ მოვარდნილ სიყვარულის ტალღას, მაგრამ ვგრძნობდი, მზად ვიყავი, ყველაფერზე დავთანხმებულიყავი. მისი ერთი შემოძახილი და ეგრევე მასთან გავჩნდებოდი.

_ შენ შეიძლება აჩქარდი, მაგრამ მე არა! _ მაინც ჯიუტად წამოვაყრანტალე და თმაზე ვიტაცე ხელი, რომ ძლიერად მომექაჩა და ჩემი თავი მევე დამესაჯა.

_ კარგი, საკმარისია, რაც ვებრძოლეთ ერთმანეთს. ჩათვალე, რომ ეს დუელი მე წავაგე. შენ ახლა სამსახური ჰაერივით გჭირდება, ამიტომ მოდი, დავივიწყოთ რაც იყო და დაუბრუნდი შენს საქმეს. _ ისე ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა, ყურმილი არ დამეკიდა და სანამ ამას გავაკეთებდი, სათქმელი მოესწრო.

_ ჩემს გადარწმუნებას ცდილობ, არა? _ ისევ ვიკბინებოდი, რადგან მივხვდი, სამსახურში დაბრუნებას ჩემი სიბრალულის გამო მთავაზობდა და არა სიყვარულის. ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. როგორ მიბედავს ამის თქმას?

_ რა შტერი გოგო ხარ! _ საყვედური გაურია ხმაში.

_ დიახაც! ეს ჩემი ცხოვრებაა და როცა მომინდება, მაშინ ვიქნები შტერი! ჩემი უმუშევრობა კი შენ არ გეხება! შენი საქმე არ არის, რა მჭირდება და რა არა, _ ღვარძლიანად ჩავძახე ყურმილს და ისე გავაგდე ხელიდან, თითქოს შხამიანი გველი მჭეროდა…

ამბობენ, შენი ბედის მჭედელი შენ თვითონ ხარო. მაშინ ვინმემ წამართვას ეს სამჭედლო, რადგან აშკარად რაღაც საშინელებას ვჭედავ. სკოლის მოსწავლე გოგონები არ იქცევიან ისე, როგორც მე ვიქცევი. ან იქნებ სწორადაც ვიქცევი? იქნებ ასე ჯობია ჩემი ხვალინდელი დღისთვის? მასთან ურთიერთობის გაგრძელებით ვერაფერს მოვიგებ, დიდი-დიდი, ცოტა ხნით პატივი დამდოს და მისი საყვარლის ამპლუა მომარგოს და მერე? რატომ ვალაპარაკო ნაცნობები, თავის უფროსს დაუწვაო? არ მხიბლავს ასეთი იარლიყი, არც არასდროს მხიბლავდა. ვისაც ხიბლავს, იმან შეირგოს.

აქამდე სულ ვამხნევებდი ჩემს თავს, შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული-მეთქი, ახლა კი დავფიქრდი _ იქნებ მე სულ სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ?

საწოლზე მივეგდე და ავქვითინდი…



შაბათიც მოახლოვდა. დილით ერთ ფირმას ჰქონდა ვაკანსია გამოცხადებული და იქ ვიყავი, ტესტირება გავიარე და დავბრუნდი. უკეთეს ხასიათზე დავდექი. წინა დღეები არ ვიცი, როგორ გადავიტანე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ყველაფერი ვცადე, რომ მირზაზე არ მეფიქრა, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე. რასაც ხელს მოვკიდებდი, თითქოს მის სახელს ყვიროდა.

ბებიასთან ხომ არ წავიდე? გულს ცოტა ხნით მაინც გადავაყოლებ, მაგრამ რომ გამაფრთხილა, არ ჩამოხვიდეო? გეგმები მაქვსო? იქნებ შეეცვალოს «გეგმები» და გამიმართლოს? აი, ტორტს ვიყიდი. მართალია, ახლა უკვე მენანება ფულის დახარჯვა, მაგრამ არა უშავს, ათ ლარს როგორმე აიტანს ჩემი ჯიბე. ბოლოს და ბოლოს, რომც გამიჭირდეს, ათი ლარი ვერაფერს მიშველის.

ცოტათი დავმშვიდდი. ისედაც, ორი დღეა, უკეთ ვარ, ძველებურად აღარ ვშფოთავ. ალბათ იმის დამსახურებაა, რომ იმ ვაჟბატონს მერე აღარ დაურეკავს. მგონი, კარგი ვქენი, ასე რომ ველაპარაკე. ამაში ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ. რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ნეტავ თუ გაფრინდა იმ თავის გერმანიაში თუ სად ჯანდაბაშიც მიდიოდა? ისევ მომეწურა გული და ამეშალა სევდა… ვერა, ვერ ვივიწყებდი…

წავედი ბებიასთან… თბილი ამინდი იყო, აპრილი დღეებს ითვლიდა. საცაა, მაისი შემოვა, ალბათ დიდი ზარ-ზეიმით, წვიმით და ჭექა-ქუხილით, მაგრამ მერე რა? გაზაფხულია და სჩვევია ასე. სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, რომ მალე მიილევა? მარტი უბედურის ერთია, პირველივე დღიდან იწყებს ჭირვეულობას ტოქსიკოზიანი ორსულივით. სამაგიეროდ, ყველაფერი მწვანდება, წილკანიც გალამაზდა, ნუშის ყვავილებით გადაიპენტა იქაურობა. მალე ბროწეულის ყვავილები აენთება. თან როგორ მიყვარს ბროწეულის ყვავილები, სახლების ღობეებსა თუ გალავნებზე რომ გადმოეწყობა აელვარებული ტოტებით…



სამარშრუტო ტაქსიდან ცოტა ადრე ჩამოვედი, რადგან ვიღაცები ჩამოვიდნენ და ორი ნაბიჯის გულისთვის აღარ ღირდა მანქანით გზის გაგრძელება. ფეხით დავუყევი ასფალტს. აი, ბებიაჩემის სახლიც გამოჩნდა. იმ იმედით შევაღე ჭიშკარი, რომ ბებია კარგ ხასიათზე დამიხვდებოდა, ტორტზე დამეწვეოდა და საღამოს თბილისშიც გამომყვებოდა. მარტო ყოფნა ბოლო დღეებში აუტანელი გახდა, ამიტომ მინდოდა, რამდენიმე დღე მაინც ჩემთან დარჩენილიყო და ხმის გამცემი მყოლოდა. თუნდაც ნერვები მოეშალა, ოღონდ ერთად ვყოფილიყავით. წილკანში ვერ გავჩერდებოდი, რადგან სამსახურის საქმე სასწრაფოდ უნდა მომეგვარებინა.

ამ ფიქრებში ვიყავი, სახლის კარს რომ მივადექი, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში _ დაკეტილი დამხვდა. გამოდის, ნინუცას მართლა ჰქონია სხვა «გეგმები»…

ვენერასთან გადავალ, იქნებ იმან იცოდეს, საით აიღო გეზი ამ ქალმა. ის ხომ ბებოს მეთვალყურე და დამხმარეა. კიდევ კარგი, ვენერა არსებობს, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. ასეთი გულისხმიერი მეზობელი მეორე არ მეგულება.

მეზობლის ჭიშკარს მივადექი და ნატოს დავუძახე, შვილიშვილს. ბავშვი მაშინვე გამოვარდა გარეთ და სირბილით გამოიქცა, კარი გამიღო.

_ ვენერა ბებო სახლშია, ნატო?

_ კი, _ მოკლედ მიპასუხა ყურებამდე გაღიმებულმა.

_ მე ტორტი მოვიტანე. ხომ გიყვარს ტორტი? _ მუყაოს ყუთი მაღლა ავწიე და დავანახვე.

_ კი, _ ისევ ისე, ლაკონიური და ბავშვური პასუხი გამცა.

ამასობაში ვენერაც მოადგა ჭიშკარს.

_ შენ გენაცვალე, ჩემო დახატულო, მოგვაკითხე ბებრებს, არა? _ ხელები გაშალა ქალმა და ისე ხმაურიანად გადამკოცნა, თითქოს წლების უნახავი ვყავდი, თან გულში მიკრავდა თავისი დიდი ძუძუებით.

_ როგორ ხართ, ვენერა დეიდა? ისეთი დავალებული ვარ თქვენგან, რომ ერთხელ ვერ გეცით პატივი, როგორც მე მინდა ისე, _ მოვუბოდიშე.

_ რას ამბობ, შვილო, რა პატივი, განა რას ვაკეთებ ამისთანას. ეჰ, ნეტავ ყველამ მივაღწიოთ ნინუცას ასაკამდე. არავინ იცის, ჩვენ როგორი სიბერე გვექნება. მთლად პატარა არც მე ვარ, მაგრამ რა ვქნა, კაცო, არ ვგრძნობ თავს დაბერებულად და რა გავაკეთო? _ ატეხა სიცილი ვენერამ.

_ აი, ეს ტორტი… ნატოს მოვუტანე, გაუხარდება-მეთქი. რამოდენა გოგო გაზრდილა, კარგა ხანია, არ მინახავს.

_ აბა, ეგა თქვი, ისე უცებ გავარდა სიმაღლეში, კლასელები ვეღარ ეწევიან… ეს რად გინდოდა, ანიკა, გენაცვალე, ტორტის გარეშე ვერ მიგიღებდი, თუ რა? შემოდი, შვილო, შემოდი, სანამ ბებიაშენი მოვა, დარჩი ჩემთან, თუმცა გასაღები კი დამიტოვა ყოველი შემთხვევისთვის.

_ სად წავიდა, ხომ არ იცით?

_ რავა არ ვიცი, გენაცვალე! ისეთი გაშანშალებული მანქანით მოაკითხა იმ მირზაშვილის მძღოლმა, ნინუცა ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, ვიფიქრებდი, პაემანი დაუნიშნა-მეთქი, _ ჩაბჟირდა ვენერა, თან ხელკავი გამომდო და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დავუყევით, მაგრამ მირზას გვარის ხსენებამ ადგილზე გამაქვავა.

რაო, რა გვარი ახსენა? ხომ არ მომეჩვენა?

_ ვინ მოაკითხა, ვენერა დეიდა?

_ მირზა მირზაშვილის მძღოლმა, დედიკო. სადილად დაპატიჟა. ასე დამიბარა, სტუმრად მივდივარ მირზაშვილებთანო. გეცოდინება ალბათ შენ, ვინცაა.

გაოცებისგან პირი დავაღე, ლამის გული შემიღონდა.

ღმერთო, სადილად მირზა მირზაშვილთანო… თვალწინ ყველაფერი ატრიალდა, თითქოს ჰაერში გამოვეკიდე, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. აი, ეგღა აკლდა ჩემს სრულ ბედნიერებას! საიდან, როგორ?

_ ცუდად ხომ არ ხარ, შვილო? _ სახელოზე დამქაჩა ვენერამ.

_ არა, არაფერია… _ საცოდავად გვუღიმე მეზობლის ქალს.

_ წამო, კარგი ჩაი უნდა დაგალევინო, გურიიდან ჩამომიტანა ჩემმა ბიჭმა ამას წინათ.

_ დიდი მადლობა, ვენერა დეიდა, მაგრამ ვერ შემოვალ, თბილისში უნდა გავბრუნდე. მინდოდა, ბებია თან წამეყვანა, იმიტომ უფრო ჩამოვედი, გასაჩერებლად არ მცალია.

ჩემი უარი შორს დაიჭირა ვენერამ, მაგრამ მაინც არ დავრჩი. ტორტი ხელში შევაჩეჩე მოქაქანე ქალს და გაჩერებისკენ წავლასლასდი.

სადილად მიიწვიესო… გონება დავძაბე, ვცდილობდი, გამეხსენებინა _ ერთხელ მაინც თუ მითქვამს ბებიაჩემისთვის, სად ცხოვრობს მირზა? არა, არ მითქვამს, თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? თუ მძღოლმა მოაკითხა, ესე იგი, ის მიიყვანდა იქამდეც. მძღოლიო… არასდროს მინახავს მძღოლთან ერთად, სულ მარტო დაატარებს თავის მანქანას და ახლა საიდან გამოაცხო მძღოლი?

არ მახსოვს, როგორ ჩამოვაღწიე თბილისამდე. ერთი სული მქონდა, მის სახლამდე როდის მივაღწევდი, ამიტომ ტაქსი გავაჩერე. უკვე აღარ მედარდებოდა, ფული ასე უაზროდ რომ მელეოდა უმუშევრად დარჩენილს.

გეზი პირდაპირ მირზას სახლისკენ ავიღე. როგორც ვიცი, ახლა გერმანიაში უნდა იყოს. ნეტავ ვინ უმასპინძლა ნინუცას მის მაგივრად? რას ვიცინებ, ის ნინო რომ დამხვდეს ახლა ბებიასთან ერთად სუფრასთან გამოჭიმული…

ნეტავ წათრეული იქნებოდეს… არ შემიძლია მისი ირონიული ღიმილის დანახვა. არა, გამორიცხულია, არ გაფრენილიყო. ბებიას გამო საქმეს არ გადადებდა. ბილეთს ხომ არ გააუქმებდა? იქნებ წინა დღეებში დაპატიჟა და ბებოს აერია? მაგის სკლეროზის გადამკიდე, გასაკვირი არაფერია. ვაითუ სადმე აქვე დაბორიალებს გზააბნეული… ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა და შიშნარევი მზერა მოვავლე იქაურობას, როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ძნელი დასაჯერებელია, მირზასთან სახლში ვინმე დამხვდეს…

სადარბაზოში შევედი და სულმოუთქმელად შევვარდი ლიფტში. მეექვსე სართულის ღილაკს თითი მივაჭირე და გამოვედი თუ არა კაბინიდან, აკანკალებული თითი ახლა ზარის ღილაკს დავაჭირე. სულ რამდენიმე წამი და კარიც გაიღო…

ზღურბლზე მირზაშვილი აისვეტა! ამას აქ რა უნდა? ახლა გერმანიაში არ უნდა იყოს?

_ ბებიაჩემი აქაა? გამარჯობა, _ გამშრალი ტუჩებით ძლივს ამოვღერღე და უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე აღელვებულმა.

ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

ერთხანს უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს. ბოლოს მზერა ავარიდე, ვეღარ ვუძლებდი მის გამოხედვას.

_ შემოდი, რას დგახარ? გაგიმარჯოს, _ შემიპატიჟა და მომესალმა.

დამნაშავესავით შევაბიჯე თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ყოფილი შეფის ბინაში. ჰოლი გავიარე და სასტუმრო ოთახში ამოვყავი თავი. ფხიზლად უნდა ვიყო, რამე მახეს არ მიგებდეს… მაინც რამდენი დივანი დგას ამ ოთახში… არა, დივანზე ფიქრი არ გამომადგება…

_ ბებიაჩემი ისევ… _ მირზას მოვხედე და წამოვიწყე, მაგრამ ფრაზის დამთავრება არ დამცალდა, რადგან შევნიშნე _ კარი საიმედოდ ჩარაზა. ზუსტად სამჯერ გადაატრიალა გასაღები და მომიბრუნდა.

_ დაჯექი, ანიკა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ ბებია…

_ ბებიაშენი საუცხოოდ გრძნობს თავს, _ დამამშვიდა.

_ შენ რა იცი? მართლა აქ იყო? _ ლაპარაკი მიჭირდა, ძალა ერთიანად გამომეცალა, _ ასე მგონია, სიზმარში ვარ.

შეფი ღიმმორეული შემომცქეროდა, თითქოს დაჟინებითაც. ამჯერად ირონია არა იგრძნობოდა მის ღიმილში.

წამები საუკუნედ მომეჩვენა. ანერვიულებული ჩანთის სახელურს ვაწვალებდი თითებით.

_ ბებიაშენი მამაჩემთან ერთად ისადილებს და მერე მოტოციკლის ერთი ახალი მოდელის დასათვალიერებლად წავლენ. ქალბატონი ნინუცა ძალიან გახარებულია. სიმართლე გითხრა, გაოცებული ვარ. ამ ხნის ქალს ასე რომ უყვარდეს მოტოციკლი, დაუჯერებელია.

მირზას მამა!.. ესღა მაკლდა! ეტყობა, ბებია მაშინ მოვიდა აქ, როცა მამამისიც იყო. ნეტავ სად სადილობენ?

_ მაპატიე… ძალიან ვწუხვარ… ხომ იცი, როგორი გულმავიწყია, რაღაცებს ურევს ხოლმე… ზოგჯერ თავის მობეზრებაც იცის, _ ვლუღლუღებდი და იმასღა ვნატრობდი, როგორმე დროზე გამეღწია აქედან.

_ ერთ-ორ საათში დაბრუნდებიან, _ დამაიმედა მამაკაცმა, _ ტყუილად ნერვიულობ, დაანებე მაგ ჩანთას თავი, თორემ ხელში შემოგეხევა.

_ უკვე ვეღარ ვაზროვნებ. თვითონაც არ ვიცი, რას ვაკეთებ, ძალიან ვინერვიულე, _ ვითომ ბებიაჩემის საქციელმა გამანერვიულა, _ წავალ მაშინ მე და ორ საათში გამოვივლი… ან… თუ უხერხული არ იქნება, დავრეკავ.

_ არა, მაგის უფლებას ვრ მოგცემ, ანიკა. აქედან შენ არსად არ წახვალ. ამ სახლს იქით სივრცე ძალიან დიდი და პრიმიტიულია, დაიბნევი.

მართლა დავიბენი, ვერ მივხვდი, რისი მინიშნება უნდოდა. გაოცებულმა გავხედე და ერთ ადგილზე გავშეშდი.

_ ვერ გავიგე… _ ენა დამება, ლამის ავცახცახდი, _ შენ… შენ… რა, გარეთ ლოდინსაც მიკრძალავ? _ გამომწვევად ვკითხე.

_ ჰო, გიკრძალავ… ეს ყველაფერი მხოლოდ გავითამაშე… მინდოდა, რომ მე და შენ…

რაო? გავითამაშეო? ლამისაა, გული შემიღონდეს, ეს კრეტინი კი თურმე სპექტაკლებს აწყობს! არა, დამცინის, მასხრად მიგდებს, მნახა უპატრონო, რაღა!

_ განმარტოებით გვესაუბრა, _ დაამთავრა დაწყებული ფრაზა.

_ გვესაუბრა? _ კითხვით ფორმაში გადავიყვანე მისი ნათქვამი და შევეცადე, გონებაში რამე მაინც გამეაზრებინა.

_ ჰო. მე და შენ და შენ და მე მოსალაპარაკებელი გვაქვს, უნდა გადავწყვიტოთ…

_ შენ ხომ ახლა გერმანიაში უნდა იყო? განა ერთ კვირაში თუ ორში, აღარც მახსოვს, არ უნდა ჩამოსულიყავი?

_ ერთ კვირაში თუ ორში, აღარც მე მახსოვს, უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ არ წავსულვარ. მინდოდა, წასვლამდე მენახე… უნდა მენახე.

ისე ვიყავი შოკირებული, დარწმუნებით ვერ გეტყოდით, ყბა თავის ადგილას მქონდა თუ არა, აშკარად ვგრძნობდი, როგორ მომეღრიცა.

_ ჩემი ნახვა გინდოდა? _ უაზროდ შევძახე და გონება ერთბაშად გამინათდა. ინტუიციით მივხვდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული ექსშეფს. საინტერესოა, ამჯერად რა სიურპრიზს მომართმევს. თუმცა საეჭვოა, რამე გამოუვიდეს, უკვე კარგად ვიცნობ მის უდიდებულესობას!

_ ტყუილად გადაგიდია ფრენა… ამაოდ დაგიკარგავს ძვირფასი დრო! არ მაინტერესებს, რისი თქმა გინდოდა, რატომ გადაწყვიტე ჩემთან დალაპარაკება და, საერთოდ… უნამუსობაა მოხუცი ქალის იმ სიშორიდან სპექტაკლში სათამაშოდ ჩამოყვანა და შენს ბუნდოვან საქმეებში გამოყენება.

_ მომისმინე, ანიკა! გაჩუმდი, ერთი წუთით მეც მათქმევინე რაღაც, ხომ ხედავ, სიტყვა ვერ ჩავაგდე! _ მოულოდნელად ხმას აუმაღლა, _ შენი ხასიათის გადამკიდე ვერასოდეს ვილაპარაკებთ ნორმალურად. ბებიაშენს დააგვიანდება, ამიტომ აჯობებს, ჩამოვსხდეთ და ვისაუბროთ. თუ გინდა, მე ვილაპარაკებ, შენ მხოლოდ მომისმინე, სხვა არაფერი გევალება. ბევრი მაქვს შენთვის ასახსნელი.

ღმერთო, რა უნდა ამიხსნას? რაღაა ასახსნელი _ იმ დღეს ბეწვზე გადავრჩი… ორივე თითქმის შიშვლები ვიყავით. ტელეფონს რომ არ დაერეკა, ისე გამჟიმავდა, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებდი. ვაიმე, რა საშინელი სიტყვაა ეს გაჟიმვა, ნეტავ ვინ მოიგონა?

ისევ დათმობა ვამჯობინე. უფრო რომ დამეძაბა სიტუაცია, შეიძლებოდა ძალაც კი ეხმარა. მე შენ გეტყვი, მოვერეოდი თუ რა? ახლა კი მართლა დამაწყებინა ცახცახი, კბილს კბილზე ვაცემინებდი, ისე შემეშინდა. რა ჯანდაბამ მომიყვანა აქ?

ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაზე ახლოს რომელი დივანიც იდგა, იმაზე ჩამოვჯექი.

ამ პატარა გამარჯვებით ფრთაშესხმულმა მირზამ სკამს წააავლო ხელი და გვერდით მომიჯდა.

_ ბებიაშენი მე თვითონ ჩამოვიყვანე.

_ შე-ენ? აბა, მძღოლიო?

_ მეზობელს ასე ვუთხარით, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ აეტეხა.

_ დილით გირეკავდი, მაგრამ პასუხი არ მაღირსე. ვიფიქრე, ქალბატონ ნინუცასთან გავივლი, ცოტა ხნით მოვიტაცებ და ამ ამბავს ანიკა რომ გაიგებს, ჩემთან გამოიქცევა-მეთქი.

_ შინ არ ვიყავი, საქმეები მქონდა…

_ ვიცი.

კი მაგრამ, რა იცის? რა ყველაფერი იცის ამ კაცმა!

_ რა იცი?

_ ის, რომ სამსახურის საძებნელად იყავი გავარდნილი.

გავწითლდი.

_ ვინ გითხრა?

_ არავინ, ჩემით მივხვდი. ჩემგან რომ წახვედი, ახალი ხომ უნდა გეპოვა რამე. ამიტომაც ვიფიქრე, ალბათ დარბის აღმა-დაღმა-მეთქი.

ოხ, როგორ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.

_ არსადაც არ დავრბოდი. დაქალმა მითხრა, ჩვენთანაა ვაკანსიაა და გამოდიო.

_ ეგ სად?

_ არის ერთი ფირმა, _ აღარ დავაკონკრეტე.

_ ისევ მატყუებ… რატომ მატყუებ? ყოველთვის ასეთი მატყუარა იყავი?

თვალები დავხუჭე, რომ არ შემეხედა.

_ ა, ანიკა! მიპასუხე, რომ გეკითხები.

_ მატყუარა არ ვარ.

_ კი ხარ, პატარა მატყუარა ხარ. მაშინ მითხარი, რომელ ფირმაში იყავი.

ისე ამოვიოხრე, კვნესა უფრო გამომივიდა.

_ აი, ხომ ხედავ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. კარგი, ნუ ნერვიულობ, არ ვიკბინები… და არც არაფერს ვაპირებ, მხეცი არ ვარ.

_ ეგ არ მიფიქრია.

_ გიფიქრია. შუბლზე გაწერია, რომ გეშინია, აქვე არ მიმაგდოს და არ მიხმაროსო. მაგის გამკეთებელი არ ვარ. ძალად დათრეული არც ქალი მინდა და არც არაფერი. ეგრე ჯერ არ დავცემულვარ. დამშვიდდი და მომისმინე. წილკანში რომ ჩავედი, მეგონა, შენც იქ დამხვდებოდი, სულაც არ მიფიქრია, რომ სამსახურის საძებნელად იქნებოდი გავარდნილი. ეს ისე ვთქვი, სხვათა შორის, და მოვარტყი. ბებიაშენი მელოდა, რადგან ერთი კვირით ადრე გავაფრთხილე, შაბათს გამოგივლი და ჩემთან სტუმრად წაგიყვან-მეთქი. შენგან განსხვავებით, სულაც არ შეშინებია, პირიქით, გაუხარდა.

რა უსინდისო კაცია! ბოდიში ხომ არ მოვუხადო, ამდენი რომ მატარა წინ და უკან?

_ გინდა მოგიბოდიშო? _ ყოველი შემთხვევისთვის, იქედნურად შევაგებე კითხვა.

მოულოდნელად შუბლი შეჭმუხნა და ისე გამომხედა. კარგა ხანს დაჟინებით მაცქერდებოდა, შემდეგ კი, თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო, ხმადაბლა დაიწყო:

_ პატარა მატყუარა ანიკა. გოგონა, რომელსაც ჩემი არც ერთი სიტყვის არ სჯერა და ამის გამო ნებისმიერ სიცრუეზეა წამსვლელი, ოღონდ კი თავი დაიძვრინოს.

გაოცებისგან, ვიგრძენი, ნელ-ნელა როგორ მეღრიცებოდა ყბა. ის კი აგრძელებდა მონოლოგს:

_ იმ წუთიდან, როცა მე და შენ ერთმანეთს პირველად შევხვდით, სულ მოლოდინის რეჟიმში ხარ. ელოდები, როდის დაგაკარგვინებ თავს და დაგეუფლები. ამ ყველაფერს ახლა ლექსიკონიდან ამოკრეფილი ლიტერატურული სიტყვებით გიხსნი, რომ არ შეგაშინოს ისეთმა გამოთქმებმა, როგორიცაა: «გიხმარ», «», «გესექსავები»… იმიტომ, რომ ვიცი, შენი კომპლექსების გამო წამოხტები და გაიქცევი. გაგიგია გამოთქმა _ მიეცი მამაკაცს თავისუფლება და ის თავისით მოიტეხს კისერსო? _ აი, ამ დღეში ვარ მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი. ყოველთვის, როცა ოდნავ მაინც შეგეხები, თავში ისეთი აზრები მიტრიალებს, ისეთი, რომ… მინდა, ერთხელაც შოკში ჩაგაგდო.

წარბები ირონიულად ავზიდე.

_ თუ იმ საღამოს დასრულება გაქვს მხედველობაში და ჩემთან «გესექსავება», როგორც წეღან ახსენე, იმედი უნდა გაგიცრუო. ამას არ დავუშვებ. _ ამაყად წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.

ვაიმე და ვაიმე! როგორ მიყვარს ეს კაცი! აქამდე თითქოს ჟონავდა მისი სიყვარული ჩემს გულში, ახლა კი გაარღვია ოთხივე საკანი და თქრიალით გადმოსკდა გულის კედლებიდან. ვგრძნობდი, ამ სიყვარულით როგორ სწრაფად ივსებოდა ჩემი სხეული, ყველა კიდური, ყველა ნაკვთი, ყველა უჯრედი. ეს სიყვარულის წყალდიდობა იყო, რომელმაც ჩამითრია და სულს ისე მიხუთავდა, აუცილებლად დამახრჩობდა.

რა იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არა, ამას ვერ გავუძლებ. აღარ შემიძლია, უნდა გავიქცე. აქ დარჩენა კარგს არაფერს მიქადის. ალბათ იმიტომაც მოაწყო ეს ყველაფერი, რომ მასთან მარტო დავრჩენილიყავი. საკუთარ სახლში საწადელის მიღწევა უფრო გაუადვილდება.

_ ის საღამო ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, _ ცოტა არ იყოს, უკმეხად მომიგო, _ სხვანაირად რომ მდომებოდა, როგორმე მოვახერხებდი.

_ რა სასაცილო ხარ, _ დავცინე.

_ არა, სასაცილო არ ვარ, უბრალოდ, პატიოსანი ვარ. შენ ხომ გიყვარს პატიოსნება?

_ მე კი მიყვარს, მაგრამ თავად წარმოდგენაც არა გაქვს, რას ნიშნავს ეს! _ უარესად გავღიზიანდი.

_ ისევ გამოუშვი ბრჭყალები, არა? _ მან ჩემი ხელი აიღო, რომელიც მუხლებზე მეწყო, თითებით ჩემი თითები ჩაიჭირა და ტუჩებთან მიიტანა.

ცხელი ტუჩები ჰქონდა, თითქოს ალი მომედო, ისე გამიხურდა ხელი, როცა შემეხო.

თან ნაზად ეამბორებოდა ჩემს თითებს, თან თვალს არ მაცილებდა.

რატომ არ ვუწევ წინააღმდეგობას? ხომ ვთქვი, უნდა გავიქცე-მეთქი, რას ვუზივარ? მინდოდა წამოდგომა და რაღაც ძალა უკან მეწეოდა, ვერა და ვერ დავიძარი ადგილიდან.

ჟრუანტელმა ძალიან ცუდ დროს დამიარა სხეულში, რაც მის მზერას არ გამოჰპარვია. მან კმაყოფილებით ჩაიღიმა და ჩემი ხელი ძველ ადგილას, მუხლზე დააბრუნა. _ აი, ხომ ხედავ, როგორი პატიოსანი ბიჭი ვარ.

ეს უკვე მეტისმეტი იყო, ვეღარ მოვითმინე და ავფეთქდი.

_ შენ, უბრალოდ…

_ აუტანელი ვარ… ვიცი, ვიცი.

გავჩუმდი. მიძნელდებოდა ლაპარაკი, როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან, ხმაც კი კანკალს იწყებდა.

_ აქ რისთვის მომიყვანე?

_ სალაპარაკო მაქვს.

_ თუ ისევ სამსახურში დაბრუნებას მთავაზობ, ტყუილად გაირჯები, დაბრუნებას არ ვაპირებ. შენი შესაცოდი არაფერი მჭირს.

_ და ვინ გითხრა, რომ მეცოდები? შენ ხომ არასდროს წუწუნებ. ასეთი ნაზი ხარ და თან კაჟივით მაგარი. _ დააყოლა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით კიდევ ერთხელ მომაჯადოვა.

_ დამცინი?

_ ოხხ, მოკლედ, რა. ყოველი სიტყვა და ყოველი ინტონაცია უნდ ავწონ-დავწონო, რომ შენ რამეში ეჭვი არ შეგეპაროს. რამ დაგაკომპლექსა ასე? დამშვიდდი და მომისმინე, თორემ თუ გავბრაზდი…

გამეცინა. პატარა ბავშვივით მაშინებდა.

_ რაც გინდა, ის ქენი, _ მხრები უდარდელად ავიჩეჩე, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანად მქონდა სხეული დაჭიმული.

_ აჯობებს, ასე არ ილაპარაკო. რაც მინდა, ის რომ გავაკეთო, მაშინ უნდა გაკოცო, თანაც მაგრად, ძალიან მაგრად. როგორც უნდა კოცნიდე ქალს, რომელმაც უამრავი თავსატეხი გაგიჩინა.

ისეთი გამგმირავი მზერა ვესროლე, სიცილი აუტყდა:

_ როგორი ბრაზიანი ხდები ხანდახან… ვინ გასწავლა ასე გამოხედვა?

_ თვითნასწავლი ვარ.

_ თუ სხვითნასწავლი? შენს ხასიათში არ ჯდება ასეთი გამოხედვა.

_ შენ მე არ მიცნობ.

_ გიცნობ, გიცნობ. ძალიან თბილი ხარ, მაგრამ ენა ყოველთვის წინ გისწრებს გონებაზე და მერე გაფრენილ სიტყვებს უკან ვეღარ აბრუნებ. ეს არის შენი ნაკლი.

_ ბევრი სხვა ნაკლიც მაქვს და უარესად ეკლიანი, _ ჯიბრიანად მივუგე.

ხმამაღლა გაიცინა და ხელისგული მუხლზე დაიტყაპუნა.

_ როგორც ჩანს, თქვენთან ადამიანი არ მოიწყენს, ქალბატონო ანიკა. შენში ბევრად უფრო საინტერესო რამეების შემჩნევა შეიძლება, ვიდრე ეგ ლამაზი სახეა, _ ირონია გაურია ტონში და მეც არ დავახანე, მის ირონიას ირონია დავუხვედრე:

_ მე კი არ ვიჩქარებ დასკვნების გამოტანას და დავფიქრდები, შემიძლია თუ არა იგივე შენზე ვთქვა.

ისევ გაიცინა. ამჯერად უფრო ხალისიანად, მაგრამ მალევე დასერიოზულდა და საქმიანი ტონით გააგრძელა:

_ მოდი, აჯობებს, საქმეზე ვისაუბროთ. ხვალ მჭირდები და ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე. მაცალე, არ შემაწყვეტინო. ეს იქნება უკანასკნელი, რასაც გთხოვ. მორჩა. ჩათვალე, რომ ეს შენი ბოლო დავალებაა. რაც უნდა იყოს, ჯერ შენი გათავისუფლების ბრძანება არ არის დაწერილი, არც შემცვლელი მიპოვია, ამიტომ ვალდებული ხარ, ერთი დღე მაინც მემსახურო, როგორც წესი და რიგია. გასაგებია?

ვერაფერი ვუთხარი. იძულებული ვხდებოდი, დავთანხმებულიყავი. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე არაფერს წყვეტდა.

_ ხვალ დილით გამოგივლი და საქმიან ფორმაში დამხვდი, როგორც გჩვევია _ კოხტად და ლამაზად ჩაცმული. მნიშვნელოვანი გარიგება გვაქვს დასადები.

_ მაგრამ გერმანია?

_ გერმანია მოიცდის, რაღაცები შეიცვალა. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

თავი დავუქნიე და წამოვდექი.

_ რაო, უკვე წასვლას აპირებ?

_ აბა, რა უნდა ვქნა?

_ ბებიას არ დაელოდები?

თვალები ეშმაკურად მოვწკურე და ისე მივაჩერდი.

_ ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოს, _ დამცინავად შევღიმე.

ჩაიცინა.

_ ძალიან უხეში ნათქვამი კია, ისე, მაგრამ სრულიად მართებული.

_ რას ვიზამთ, მე ხომ ენა გონებაზე წინ მისწრებს, _ მოვუჭერი.

_ კარგი, კარგი, გეყოფა ამდენი ირონია. დარჩი, ვისადილოთ და მერე მე გაგიყვან.

_ არა, დიდი მადლობა, უნდა წავიდე.

წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვითონაც წამოდგა და კარისკენ გამიძღვა.

კართან მისულმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და კედელს მიეყრდნო. თავი უხერხულად ვიგრძენი, როგორ დავმშვიდობებოდი?

ჩავახველე და თავი ავწიე, ოღონდ თვალებში არ შემიხედავს, პირდაპირ მის ტუჩებს «მივუშვირე» მზერა:

_ ნახვამდის.

_ ხვალ დილამდე გემშვიდობები, თანაშემწევ, _ მხედრული სალამი ამიწია და კარი გამოაღო.

ქუჩაში გამოსულმა შვებით ამოვისუნთქე. თითქოს შევმსუბუქდი, რომ კიდევ ერთხელ გადავურჩი ცდუნებას…



საღამოს ბებიას დავურეკე და მოვიკითხე. მირზას მამას მიუბრძანებია შინ, ერთობ კმაყოფილი ჩანდა. კარგა ხანს მელაქლაქა ლაპარაკის იშტაზე მოსული.

როგორც იქნა, დაღამდა და სასწრაფოდ ლოგინს მივაშურე. მინდოდა, დროზე დამეძინა, მაგრამ იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. ჯერაც ვგრძნობდი თითებზე მირზას ტუჩების შეხებას და ელეთმელეთი მემართებოდა.

გვიან, ძალიან გვიან ჩამეძინა და დილით ადგომა დამიგვიანდა. ფაციფუცით შევვარდი საბაზანოში, თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი. არადა, ყოველთვის წინა ღამით ვილაგებდი სამოსს სკამზე, რაც მეორე დღეს უნდა ჩამეცვა. წუხელ კი ისე ვიყავი აღგზნებული, მაგის თავი არ მქონდა, ეგრევე ლოგინში შევწექი და მირზაზე ფიქრით დავიტვირთე.

რა ჩავიცვა, რა ჩავიცვა? მინდოდა, საქმიანადაც მცმოდა და ლამაზადაც. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ ხალხი დამხვდებოდა _ მდიდრები, ფულიანები და ბიზნესში ჩაფლულები. რადგან მირზას მივყავდი, ესე იგი, ფურორი უნდა მომეხდინა. ჩემი თანხლება მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ კოზირი სჭეროდა ხელში _ ლამაზი ქალის დანახვისას კაცები გმირობის ხასიათზე დგებიან _ ის ვიღაცა უკან არ დაიხევდა, ხელგაშლილობას გამოიჩენდა და კონტრაქტზე უარს არ იტყოდა. აი, სულ ეს იყო. მე ლამაზი ქალის როლი უნდა შემესრულებინა, რაც სულაც არ იყო ძნელი. ვიცოდი, ასეთ დროს თავი როგორ უნდა დამეჭირა, როდის უნდა «გამესროლა» მომაკვდინებელი ღიმილი, რომ პოტენციური პარტნიორი «საქმიანად» დამეტყვევებინა.

ბოლოს არჩევანი თეთრ პერანგსა და შავ, მოკლე ქვედაბოლოზე შევაჩერე. მაინც შანელისეული სტილი აჯობებს, საქმიანი და სექსუალური. თუ ამ «დუეტს» მაღალქუსლიან შუზს შევუხამებ, სრულ ჰარმონიას შევქმნი. გარედან კი ტყავის მოკლე ქურთუკს მოვიცვამ, გრძელ შავ შარფს და მორჩა, ეგაა.



მირზამ ზუსტად ცხრა საათზე მომაკითხა. ქუსლების კაკუნით ჩავუყევი სადარბაზოს კიბეს. გარეთ გავედი თუ არა, თვალებით მის მანქანას დავუწყე ძებნა. მირზამ დამისიგნალა, კორპუსის გვერდით გაჩერებულიყო. მარდად გადმოხტა სალონიდან და კარი გამიღო. არასდროს დამაავიწყდება მისი მზერა, გაოცებული, აღტაცებული და კმაყოფილი ერთდროულად. როგორც ჩანს, მოვეწონე. ალბათ სწორედ ისე მეცვა, როგორც მას სურდა.

_ თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ, _ მითხრა, როგორც კი დავიძარით,

_ იქ ვინმეს უნდა გაეპრანჭო?

_ სხვანაირად კონტრაქტის გაფორმება შეიძლება გაჭიანურდეს.

გულიანად გადაიხარხარა.

_ ესე იგი, ჩემი თილისმა ხარ?

_ არა. შენი სავიზიტო ბარათი, _ ტოლი არ დავუდე შედარებებში.

სიცილი უეცრად შეწყვიტა და უცნაური მზერით მომხედა. პასუხი არ გაუცია, მაგრამ თითქოს საფიქრალი გაუჩინა ჩემმა ნათქვამმა.

რაღაცნაირი, გულისგამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ძრავის ხმა ისმოდა. შევეცადე, დამერღვია ეს სიჩუმე და ისე, უბრალოდ, ვიკითხე:

_ საით მივდივართ?

_ საითაც საჭიროა, _ მომეჩვენა, თითქოს პირქუშად მიპასუხა.

დავიზაფრე. მგონი, ეწყინა, ჩემი თავი მის სავიზიტო ბარათად რომ «გავასაღე». რაღაც უნდა ვიღონო, რომ გავამხიარულო.

_ გადასარევია! _ შევძახე, _ ჩემი საყვარელი მიმართულებაა ეგ!

თავი ვერ შეიკავა და მოგუდულად გაიცინა. ესეც ასე, პირველი ჯებირი გადალახულია.

მიუხედავად ამისა, საუბარი ვერა და ვერ აეწყო. არც ის იღებდა ხმას და არც მე. ამასობაში თბილისს გავცდით… მერე მცხეთას… ნეტავ სად მივდივართ? საგურამოსკენ გადაუხვია. აი, თურმე სად! მაგრამ არა, საგურამოც გავიარეთ. ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. ნუთუ სახლში აკითხავს იმ ვიღაცას? ასეთი დიდი კაცია? და სად ცხოვრობს, მოუსავლეთში? საგურამოს იქით არასდროს ვყოფილვარ, წარმოდგენაც არ მქონდა, იქით «რა ქვეყანა» არსებობდა.

ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზები დაიწყო, ოღროჩოღრო, რომელიც უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, მთებში იყო გაჭრილი.

_ ანიკა, ამქვეყნად ვინმეს ენდობი? _ მკითხა მოულოდნელად.

იმდენად არ ველოდი ამ შეკითხვას, რომ დავიბენი.

_ არ ვიცი, _ მხრები ავიწურე.

_ რას ნიშნავს, არ იცი? ენდობი თუ არ ენდობი? აი, არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომლის მხრებსაც შეგიძლია დაეყრდნო, ვინმეს იმედი გაქვს? _ «გამიშიფრა».

ისე ამოვიოხრე, კვნესად გაისმა. იქნებ სურს, ვუთხრა, შენ გენდობი-მეთქი? ეს ყველაზე დიდი სიცრუე იქნებოდა და არც დამიჯერებდა. მაგრამ ვინ უნდა დამესახელებინა? ასეთი არავინ მყავდა. მართლა არავინ მეგულებოდა ჩემს სანაცნობოსა თუ სანათესაობში, ვისი იმედიც შეიძლებოდა მქონოდა.

_ ამქვეყნად მხოლოდ ორი მხარი ვიცი, რომელსაც შემიძლია მტკიცედ დავეყრდნო და ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ორივე მხარი ჩემი საკუთარია.

_ ვიცოდი, რომ რაღაც ამდაგვარს იტყოდი. მაგრამ ახლა, როცა სამუშაო არ გაქვს, რა უნდა აკეთო? მგონი, ასეთ შემთხვევაში შენი ლამაზი, დაქანებული მხრები ვერაფერს გიშველის.

ისევ ირონია, ისევ ცინიზმი. მოკლედ, ერთი წინადადების თქმა არ შეუძლია დაცინვის გარეშე.

_ არა უშავს, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე, _ მე კიდევ ბევრჯერ დავეცემი, კიდევ, კიდევ… მაგრამ აი, როცა მე წამოვდგები, სხვები დაეცემიან.

_ არა მხოლოდ სხვები, არამედ ყველანი, _ ჩემდა გასაოცრად, დამეთანხმა. ამჯერად აღარ დამცინა, _ მეგობრებიც არ გყავს?

_ ყველაზე ახლო მეგობრები უცხოეთში გაიხიზნენ, იქ მუშაობენ. აქ ისეთი არავინ მყავს, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს.

_ შენ რატომ არ გაჰყევი მათ კვალს?

_ აბა, როგორ? მერედა, ბებია?

_ ჰოო, ეგ არ გამახსენდა… ცუდია, ასე მარტოსულად რომ გრძნობ თავს.

_ ეგ არაფერი, უფრო მაძლიერებს მარტოობა. ჩემი გონება სხვანაირად აზროვნებს, სხვებს არ ვგავარ. თანაც, ცხოვრება ისეა მოწყობილი, ხანდახან შეიძლება მეგობარმა გაქციოს ზურგი და მტერი დაგეხმაროს.

_ გეთანხმები. საკუთარ თავზე გამომიცდია… აი, შეყვარებული უნდა გყავდეს, კაცი, რომელსაც თვალდახუჭული მიენდობი. საინტერესოა, აქამდე როგორ არავინ არ შეგიყვარდა?

_ რა ხეირი მერე, რომ შემიყვარდა? _ ისევ გამისწრო წინ ენამ და კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი. ისე გავწითლდი, შემრცხვა. მირზას გავხედე. მან სვლა შეანელა და ქვემოდან გამომხედა. გამომხედა ღრმა, მაგრამ აგრესიული მზერით.

«თავის თავზე მიიღო», _ გავიფიქრე და ლოყებაღაჟღაჟებულმა ძლივს გავუღიმე.

უეცრად მასაც მოედო ალმური. როგორც ჩანს, ჩემი ღაწვების სიწითლის ნაწილი მას ვუწილადე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩემი შეცდომაჩადენილი ადამიანის მდგომარეობას გამოხატავდა, მისი კი შეურაცხყოფილისას.

_ და ვინ არის ის ბედნიერი? _ როგორც იქნა, გაბედა და მკითხა, ოღონდ ძალიან გაჭიანურებული პაუზის შემდეგ.

რა ვქნა, ისევ მოვატყუო? მერედა, კარგია ვითომ ეს? რა უჭირს? ცოტა იეჭვიანოს იქნებ. გულში გავუღიმე ჩემს ნააზრევს და ვთქვი:

_ იყო და აღარ არის.

_ უკაცრავად, არანაირი სურვილი არ მაქვს, შენი წარსული გადავჩხრიკო, უბრალოდ, ისე, ზედაპირულად მაინტერესებს, მოკლედ და კონკრეტულად _ ამიტომ, რატომ-მეთქი, მხოლოდ ამას გეკითხები.

_ იმიტომ, რომ ბევრი რამის პატიება შეიძლება, მაგრამ არა ყველაფრის. წარმოიდგინე, რომ ქალსა და კაცს ერთმანეთისგან თვრამეტი ნაბიჯი აშორებთ, _ გავილექსე, _ შენ შენი ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგა და გაჩერდე. თუ ის იმ ადგილას არ შეგხვდა, სადაც შენი მეცხრე ნაბიჯია, მეათე არ უნდა გადადგა, რადგან მერე მეთერთმეტის, მეთორმეტის და უფრო მეტის გადადგმა მოგიწევს… და ასე, მთელი ცხოვრება. ყველამ თავისი ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას.

უცებ ხმადაბლა გაიცინა, მერე უფრო ხმამაღლა, მერე კიდევ უფრო ხმამაღლა და ბოლოს ახარხარდა. ვერ მივხვდი, სასაცილო რა ვთქვი.

მან კი გააგრძელა სიცილი, სანამ გული არ იჯერა, ბოლოს მგელივით დაიყმუვლა და თავი არ მოუბრუნებია, ისე მითხრა:

_ როგორი იმათემატიკოსე, ა?

ნირი წამიხდა. მის ირონიას საზღვარი არ უჩანდა. ჩემს ყოველ აზრს ირონიას უხვედრებდა. ეს კი მაღიზიანებდა, რადგან მეგონა, ჩემი დაცინვით თავის უპირატესობას უსვამდა ხაზს. ნუთუ სულელი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ? ხასიათი გამიფუჭდა.

_ იცი რა? ძალიან მინდა, ბედნიერი იყო, _ თქვა უცებ და იქვე დასძინა, _ შენ?

_ რა მე? მე თუ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო? თუ შენ იყო?

_ მე მგონი, შენზე ვსაუბრობთ და არა ჩემზე.

_ ესე იგი, დღეს პროგრამაში ვარ? _ ვუკბინე.

_ ჯერ ჩემს შეკითხვას უპასუხე.

_ ეს ყველას უნდა. _ გულწრფელად მივუგე, მაგრამ გაოცებულმა, არ ვიცოდი, რატომ დამისვა ასეთი შეკითხვა.

_ და, შენი აზრით, რა არის ბედნიერება?

დავფიქრდი. კითხვა, რა თქმა უნდა, ბანალური იყო, მაგრამ პასუხი არ მსურდა ბანალური, ამიტომ მცირე პაუზა გავაკეთე, რომ რამე «ისეთი» დამეხეთქებინა. სიტყვები თითქოს თავისით ამოლაგდნენ ხორხიდან:

_ ბედნიერება ალბათ ის მომენტია, როცა ბედისწერა ოცნებას ხვდება.

მოულოდნელად მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, თავი საჭეს დააყრდნო და არასდროს რომ არ შემოუხედავს, ისეთი სევდიანი მზერა მომაპყრო. მისი თვალების მომაჯადოებელი მომნუსხველობა სადღაც გამქრალიყო.

_ მითხარი მაშინ, ვინ არის შენი ოცნება.

თითქოს წითელი საღებავი შემასხეს, ისე ავფორეჯდი. როგორ უნდა, ჩემი პირით მათქმევინოს, რომ მიყვარს. მაგას ვერ ეღირსები, მირზაშვილო!

_ ის წარსულში დარჩა, _ ყრუდ ვთქვი, რომ სიყალბე არ შეემჩნია ჩემს ნათქვამში.

_ და დღემდე წარსულის ნაღვლიანი მოგონებით ცხოვრობ? _ კვლავ დაძრა მანქანა, სევდაც ჩამოშორდა მის თვალებს და ტონიც გაულგრილი გაუხდა.

_ არა, წარსულს არასდროს ვუბრუნდები. ის ჩემს ძვირფას დროს ანადგურებს. ისტორია არ მეორდება, ადამიანები არ იცვლებიან. დიდი ხანია, აღარავის ველოდები, არც არასდროს ველოდებოდი, არ მიყვარს ერთ ადგილზე ტკეპნა და ლოდინი. მე ჩემს გზას ვაგრძელებ, მართალია, ტაატით მივდივარ და ნაბიჯს ჯერ ვერ ვუჩქარებ, მაგრამ ასე ჯობია, ნაკლებად ვიღლები. მივდივარ მხოლოდ წინ, უკან არ ვიხედები. თუ ვინმეს ვჭირდები, ისედაც დამეწევა… ამბის დასასრული, _ ღიმილით დავაყოლე ბოლოს.

_ ასეთი გულახდილი საუბარი აქამდე არასდროს გვქონია, ანიკა, _ მირზას ხმა დაუთბა, _ ხომ ვამბობდი, შენში უფრო ბევრი რამეა საინტერესო, ვიდრე ეგ ლამაზი სახე-მეთქი. თურმე არ ვცდებოდი. საინტერესო გოგო ხარ შენ.

შექება მესიამოვნა. ჯერ სად ხარ, კიდევ ბევრჯერ გაგაოცებ-მეთქი, გავიფიქრე.

_ აი, ამასობაში მოვედით კიდევაც! _ თქვა და მანქანა უზარმაზარ ქონგურებიან ალაყაფს მიაყენა, რომლის მიღმა ულამაზესი ორსართულიანი სახლი მოჩანდა.

სახლი წითელი აგურით იყო ნაშენები და შიგადაშიგ თეთრი, უსწორმასწორო ქვით გაწყობილი. თვალი ვერ მოვწყვიტე, როცა ეზოში შევედით.

_ რა სილამაზეა! _ აღტაცებისგან ოხვრა აღმომხდა, _ ასეთ სახლში რა მოგაწყენს ადამიანს!

_ არცაა მოწყენილი, _ ორაზროვანი ღიმილით გადმომხედა მირზამ.

მუხის კარი, შავი ლაქით რომ იყო შეღებული და ოქროსფერი სახელური ჰქონდა, ისეთი ჭრიალით გაიღო, ჩემი სოფლის ბეღელი გამახსენდა.

_ ხედავ, როგორ ჭრიალებს? ეს გახსენებს იმას, რომ სოფელში ხარ.

_ ანუ სპეციალურადაა ასე მოწყობილი?

_ რა თქმა უნდა.

_ ჭკვიანური მოფიქრებაა, _ ვთქვი და გაოცებულმა შევხედე მირზას, რომელმაც დაუკაკუნებლად შეაბიჯა სხვის სახლში.

_ რა სიჩუმეა… _ ჩავიჩურჩულე, _ არავინაა აქ? _ წამით გული შემიტოკდა, აქაც ხომ არ შემომიტყუა-მეთქი.

მან ხელი ჩამკიდა და უზარმაზარ ჰოლში შემიძღვა. ის იყო, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა, რომ ჩემ წინ მეორე მუხის კარი გაიღო, ისიც ჭრიალით და ხანდაზმული, თმაშევერცხლილი ქალი გამოჩნდა, მხრებში ზომაზე მეტად მოხრილი.

_ მოხვედით, მირზა? მგონი, ამ ბოლო დროს ყურთ დამაკლდა, მანქანის ხმა კი არ გამიგია, შვილო.

შვილოო? მეგონა, მომესმა. ნუთუ დედამისია? ასეთი მოხუცი? მირზას ხელი გავაშვებინე და შევეცადე, თვალებში შემეხედა, მაგრამ აშკარად თვალს მარიდებდა.

_ მობრძანდით, საყვარელო, ამისგან ნურაფერი გიკვირთ, სიურპრიზების დიდოსტატია, _ თითქოს მიმიხვდა ქალი და თვალით მირზაზე მანიშნა.

ამ დროს გაისმა საშინელი მჭახე ხმა და სახლში უზარმაზარი გერმანული ნაგაზი ყეფით შემოიჭრა, ჯერ მირზას მიახტა, თათები მკერდზე შეაწყო, ახტა, დახტა და ბოლოს ჩემკენ დაიძრა. ყრუდ შევკივლე.

_ ჯესი! დაჯე! _ უბრძანა ჩემმა შეფმა და ძაღლიც უმალ უკანა თათებზე ჩაჯდა.

_ ნუ გეშინია, არ იკბინება. უბრალოდ, სიხარულს ასე გამოხატავს.

ამასობაში ფერი წამივიდა. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, რომ შემეშინდა.

_ სად ვართ? _ მიკნავლებული ხმით ამოვთქვი.

_ ჩემს სახლში, _ დამნაშავის ღიმილით მომიგო მირზამ, _ ეს კი დეიდა მართაა, ამ ოჯახის სული და გული. ცამეტი წელია, ერთად მოვდივართ.

_ სასიამოვნოა, _ ენის ბორძიკით ჩავილაპარაკე გაოგნებულმა.

_ ახლავე გაგიშლით მაგიდას, შვილო, თქვენ მოისვენეთ იქამდე, ნამგზავრები ხართ. იქით გადით, სასტუმრო ოთახში, აქ ცივა.

_ ესე იგი, საკუთარ სახლში მალულად მომიყვანე და არაფერი მითხარი? აბა, საქმიანი შეხვედრაო? მომატყუე, არა?

_ მოგატყუე. ვაღიარებ. _ თავი დამიქნია.

_ სულ ეს არის, რაც გინდოდა გეთქვა? _ წარბები შევყარე.

_ დამნაშავე ვარ… ვინანიებ… საკმარისია?

ამოვიოხრე და თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე. არა იმიტომ, რომ აქ ყოფნა არ მსიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მომატყუა.

ვიყურებოდი ირგვლივ და გაოცება უფრო და უფრო მემატებოდა. მთელი ოთახი ხალიჩებით იყო მოფენილ-შეფენილი. იატაკზე, კედლებზე… კედლის ხალიჩებზე კი ხმლები, დამბაჩები, დათვის და ვეფხვის ტყავები ეკიდა, მგლისაც კი… ჯიხვის რქები და რა ვიცი, ათასნაირ სამუზეუმო ექსპონატს იხილავდით.

_ რატომ არ მითხარი, აქ თუ მოგყავდი? _ გაბრაზებულმა ვკითხე, როცა ტყავის ქურთუკი ჩამომართვა და საკიდრისკენ გაემართა.

_ რომ მეთქვა, გამომყვებოდი?

_ შეიძლება გამოგყოლოდი კიდევაც.

_ რაღაც ეჭვი მეპარება. ჩემს ბინაში ცხრა წუთი დარჩი ზუსტად, არც მეტი, არც ნაკლები. ამსიშორეს კიდევ… პატარა მატყუარა ხარ-მეთქი, რომ გეუბნები, არ გჯერა ჩემი, _ გაიცინა.

_ შენ კიდევ დიდი მატყუარა ხარ! _ მივახალე, მაგრამ რბილი ტონით, გაუღიზიანებლად.

_ ჰოდა, ბარიბარში ვართ. _ ხმამაღლა გაიცინა და ტაში ორჯერ შემოჰკრა.

მისი ტაშის ხმაზე კარი გაიღო და ახლა ორი ძაღლი ერთად შემოვარდა ოთახში.

კვლავ დავიძაბე და სავარძელში ფრთხილად ჩავეშვი, ძაღლები არ მეცნენ-მეთქი. ჯესი დიდი ხნის ნაცნობივით მოვიდა და ცივი დრუნჩი ხელზე მომადო.

_ ახლა რა ვქნა? _ შეშინებულმა ვკითხე მირზას, მაგრამ მისთვის არ შემიხედავს, ჯესის არ ვაცილებდი მზერას.

_ არაფერი, ხელი გადაუსვი და მოეფერე.

ჯესი მუგუზალივით შავი იყო, შავი და ძალიან ლამაზი. მეორე კი ჩვეულებრივი ყავისფერი შეფერილობის. ხელი გადავუსვი ზურგზე. რეაქცია არ გაინტერესებთ? ძაღლი მაშინვე ჩემს ფეხებთან გაწვა და გაიტრუნა.

_ ჩემი გაწვრთნილია, _ ეშმაკური ღიმილით შენიშნა მირზამ, მერე კვლავ ტაში შემოჰკრა, ამჯერად სამჯერ და ორივე ძაღლი კარისკენ გაიქცა.

_ ეს რაა, ნიშანი მიეცი?

_ ჰო. ორი ტაშის შემოკვრა ჩემთან მოსვლას ნიშნავს, სამი _ გარეთ გასვლას.

_ კარგად დაგიგეშავს… შენი ქალებივით, _ ვუკბინე.

_ ჰო, ქალების და ძაღლების დაგეშვა გამომდის, _ ნიშნის მოგებით მომიგო.

_ აქ მარტო ცხოვრობ? _ აღარ განვავრცე მისი ნათქვამი, თორემ ისევ დავხოცავდით ერთმანეთს.

_ ჰო, თუ არ ჩავთვლით ჰარამხანას მეორე სართულზე.

_ რა-ას? _ ჩავეკითხე და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ხუმრობდა. ეს ჩემი კბენის საპასუხო დარტყმა იყო.

ბოლოს ოდნავ ჩაიღიმა და თქვა:

_ მაპატიე. დაახლოებით ეგეთ შეკითხვას ველოდი. ჰო, მარტო ვცხოვრობთ მე და ჩემი ძაღლები. დეიდა მართაც თითქმის მთელი დღე აქაა, ჩვენ გვერდით აქვს სახლი. მისი მეუღლეც ხშირად გვსტუმრობს, ეზოს და საქონელს ის უვლის.

_ საქონელიც გყავს?

_ რატომ არ უნდა მყავდეს? აბა, სოფელში სახლი რისთვის მინდა?

_ და რა… რძე, მაწონი, ყველი და რამე?

_ ყველაფერი.

_ მერე? ყიდი?

აი, სიცილი ახლა უნდა გენახათ, კინაღამ ჩაბჟირდა. იმდენ ხანს იცინოდა, სანამ მეც არ გამაღიმა. კიდევ კარგი, მართა შემოვიდა დატვირთული ლანგრით, თორემ მირზა ალბათ აღარ გაჩერდებოდა.

ერთმანეთზე დაწყობილი თეფშები სავსე იყო ხაჭაპურებით, შემწვარი ქათმის ხორცით, ყველით, მწნილით…

_ მართა დეიდა, რა ამბავია, უნდა გაგვასუქო? _ ალერსიანად დატუქსა მამაკაცმა.

_ შენ ხომ ყოველდღე არ მოგყავს აქ ახალგაზრდა მანდილოსნები, შვილო. ძლივს ქალის ნახვას ვეღირსე ამ სახლში და… _ მართამ თეფშები და კერძები მაგიდაზე დაალაგა და გავიდა.

_ შვილივით გიყურებს, არა? _ მირზას გადავხედე.

_ ჰო, ცხრამეტი წლის ბიჭი ჰყავთ დაღუპული, სხვა აღარავინ ჰყავთ ქვეყანაზე.

_ ხელფასს უხდი?

მირზამ შებლი შეიჭმუხნა.

_ არა, რას ამბობ! დედაჩემის დეიდაა, ხელფასს როგორ ვაკადრებ, მაგრამ ისე სულ ვეხმარები, ფულითაც და სხვა რამეებითაც. ისეთი ახლობელია ჩემი, რომ ნუ გაგიკვირდება, ასე რომ იქცევა. ჩემი პირადი ცხოვრებაც ისევე აინტერესებს, როგორც თავისი შვილის დააინტერესებდა.

_ ანუ?

_ ჰგონია, რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ.

_ ააა! იმიტომაც დაიზღვია თავი, თითქოს ამ სახლში ქალი პირველად ნახა? ნამუსი მოგწმინდა?

მირზამ კოპები შეიკრა. გამომცდელად შემომხედა თვალებში და ყრუდ ჩაილაპარაკა:

_ ეს ჩემი სახლია, სადაც ცხოვრობდა მამაჩემი, დედაჩემი, ახლა მე… ეს სუფთა კერაა, ჰარამხანა მართლა კი არ მაქვს. _ ისე ხაზგასმით თქვა, რომ შემრცხვა.

_ «იმნაირი» შეხვედრებისთვის სხვა ადგილები არსებობს, ანიკა, შენ მაგაზე ნუ წუხხარ, _ კვლავ მოიშველია თავისი ირონია.

წარბი არ შემიხრია, ვითომ მე არ მეხებოდა მისი იდუმალი მარშრუტების, სამალავებისა და გადაადგილებების ამბავი, თუმცა კი მივხვდი, რომ გადავამლაშე. ეს ეჭვიანობას უფრო ჰგავდა ჩემი მხრიდან.



სადილის შემდეგ დესერტსაც შევექეცით. შოკოლადის ტორტი და ყავაც გემრიელად მივირთვი.

_ ნამცხვარი არ გასუქებს? _ მკითხა მირზამ.

_ არა, რაც უნდა ვჭამო, გრამს არ მოვიმატებ, _ ღიმილით მივუგე.

_ მაგარია. მე კიდევ ვეპარები ხოლმე ტკბილს, რადგან მასუქებს. სამი წლის წინ ისეთი ღიპი მქონდა, ძლივს დავიგდე, სულ ვვარჯიშოდი.

_ შენ და ღიპი? ვერ წარმომიდგენია, _ გავოცდი.

_ შენ წარმოიდგინე, ჰო. ასეთებიც ხდება ჩემს ცხოვრებაში.

_ ქალებს ღიპიანიც მოსწონხარ? _ ისევ გამისწრო ენამ წინ და ტუჩზე ვიკბინე.

_ ქალებს ჩემი ფული უფრო მოსწონთ, ვიდრე მე ან ჩემი ღიპი, _ ერთ წინადადებაში ყველაფერი გამიშიფრა.

_ მაგრამ ხომ შეიძლება, გულწრფელადაც შეუყვარდე? ასეთ რამეს რატომ გამორიცხავ?

_ შეყვარებული ქალის გამოცნობას დიდი ფილოსოფია არ უნდა, ეგეთები არ მეშლება, _ თავდაჯერებული და ოდნავ ცინიკური ტონით მომიგო.

პასუხი არ გამიცია, მაშინვე ავარიდე მზერა, ჩემი შეყვარებული თვალები არ დააფიქსიროს-მეთქი, თუმცა ამას ახლა აზრი არ ჰქონდა. თუ შეყვარებული ქალების გამოცნობის მართლაც ასეთი «დიდოსტატი» იყო, დიდი ხნის წინ ვეყოლებოდი გაშიფრული.



ნაშუადღევს სახლის შემოგარენში გავისეირნეთ. ციოდა, მაგრამ ისე მსიამოვნებდა მის გვერდით გავლა, სიცივე აღარ მადარდებდა. როცა უკან მოვბრუნდით, ეზოს გვერდით უეცრად ბროწეულის ხეების რიგს გადავაწყდი.

_ ვაი! ეს შენი ბროწეულებია?

_ კი, ჩემია. აქაურობა რომ გავარემონტე, იმ წელს დავრგე და აი, რამხელები გაიზარდნენ. შემოდგომაზე დახუნძლულია ხოლმე აქაურობა.

_ რა სასწაულია, ხედავ? აი, ერთს კვირტი აქვს უკვე. ასე ადრიანად აყვავდა?

_ რას გაიგებ, ალბათ შეყვარებულია. ბროწეულებსაც უდგებათ თავიანთი გაზაფხული, როცა ვინმე შეუყვარდებათ.

_ ბროწეულებსა-ც? _ ც-ს მახვილი დავასვი.

_ ბროწეულებსა-ც. _ მოკლედ მომიგო და აღარ განავრცო, ც-ში კიდევ ვინ ან რა იგულისხმა.

_ მიყვარს ბროწეული.

_ ვიცი, რომ გიყვარს, ბებაიშენმა მითხრა, მაგრამ ასე ძალიან რატომ გიყვარს?

_ იმიტომ, რომ ყველაზე საოცარი მცენარეა. ჯერ ხომ უცნაურზე უცნაური ყვავილი აქვს. თითქოს გვირგვინში ზის. გვირგვინი მყარია, ყვავილი კი სიფრიფანაზე სიფრიფანა. მერე როგორი ფორმა აქვს, როგორი ფერი… სურნელი? რაღაცნაირად მძიმე, მაგრამ არომატული. ძლიერ ქალს მაგონებს ბრწეულის ყვავილი.

_ ანუ შენს თავს, არა? შენს თავს ბროწეულის ყვავილს ადარებ, ხომ?

გავწითლდი. მართალს ამბობდა. ჩემს თავს ყოველთვის ამ მცენარის ყვავილს ვადარებდი. მისი შეკითხვა პასუხგაუცემელი დავტოვე.

_ შენი გაზაფხული როდის დგება, ანიკა?

ამის გაგონებაზე ოდნავ შევკრთი. ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა.

_ არ ვიცი… ალბათ თავის დროზე, როცა გაზაფხული იწყება.

_ გაგიკვირდება, ცოტა ადრე რომ დაგიდგეს?

_ როგორც ამ ბროწეულის გამიკვირდა?

_ თუნდაც.

_ არ ვიცი… შეიძლება გამიკვირდეს, შეიძლება არა.

_ ხომ არ შეგცივდა? შეგაკანკალა… _ უცებ მჭიდროდ მიმიკრა მხარზე და თმაზე ხელი გადამისვა. _ ნებას რომ მომცემდე, გაგათბობდი.

_ ეჭვიც არ მეპარება, _ შევეცადე, უდარდელად მეთქვა, მაგრამ როდესაც წინ გადამიდგა და თითით ჩემი ტუჩების კონტური მოხაზა, სახეზე ისეთი გამომეტყველება აღებეჭდა, რომ სუნთქვა შემეკრა.

_ შენი ტუჩები პირდაპირ იხვეწებიან, მაკოცეთო. იცოდი ეს?

მისი დაბალი, მომაჯადოებელი ხმისგან გულმა უფრო გამალებით დამიწყო ძგერა, სისხლმა კი ისეთი შხუილით დაირბინა სხეული, მეგონა, გარედანაც კი შემეტყობოდა. პირი გავაღე, რომ მეპასუხა, მირზა კი ისე დამეძგერა ტუჩებში, თითქოს მათი მოკვნეტა სურსო.

_ ოოო, ძალიან გემრიელია… თაფლივით. შენ რა, ფუტკარი ხარ?

ახლა უკვე აღარ მციოდა.

_ მირზა… _ ძლივს ამოვთქვი და ჩემხელა ნერწყვი გადავაგორე.

_ არა, არა! არაფერი თქვა! არც ერთი სიტყვა! ლაპარაკი ჩვენ სიკეთემდე არ მიგვიყვანს, ზუსტად ვიცი. მე ვიმოქმედებ, შენ კი მომყევი, _ ამ სიტყვებით კვლავ ტუჩებზე დამეწაფა.

ღმერთო, როგორი სიხარბით მკოცნიდა! ღმერთო! როგორ მიყვარდა ეს კაცი!

რაღაც საოცრებებს სჩადიოდა ჩემი ყურის ძირში, ჩემს ყელზე… ეს არ იყო კოცნა, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე კოცნა! ჩემი სხეული ბრმად პასუხობდა, მისი მოფერება საშინელ ხანძარს ანთებდა ჩემს გულში.

ღმერთო, რა სიბრმავეა! რა იდიოტური სიბრმავეა, ღმერთო! რა საგანგაშო! ასეთი კაცის შეყვარება უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასია.

არაფრის დიდებით არ უნდა გაიგოს, რომ მიყვარს. ამ დამცირების გადატანა ისევე გამიჭირდება, როგორც ზამთრის გადატანა მიჭირს ხოლმე. ზამთარს ვრ ვგუობ, სულ მცივა. მე ზაფხულის გოგო ვარ, რაც უნდა ცხელოდეს, მაინც კარგად ვგრძნობ თავს. წესით, აპრილის ბოლოა და ახლა აღარ უნდა მციოდეს, მაგრამ ვერა, ჯერ ვერ გათბა ჩემი სხეული. მცივანა ვარ და რა ჩემი ბრალია?

რა შეცდომა დავუშვი. ეს საშინელი კაცი რამ შემაყვარა? გარდა იმისა, რომ უსაზღვრო ცინიკოსია და ნარცისივით თავის თავზე შეყვარებული, ქალების მთელი ბანაკი დასდევს უკან. ჩვენ შორის რომც გაიბას სერიოზული ურთიერთობა, ამას რა გააჩერებს? მე ვარ მისი დამკავებელი? გამორიცხულია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამამწარებს, წარამარა მიღალატებს და სად ვდიო მერე მის ქალებს? თანაც, ყოველი მათგანი სასიყვარულო საქმეებში გამობრძმედილია, იციან, თავი როგორ მოაწონონ და როგორ დააბან. თუმცა ამას დაბმულის არაფერი ეტყობა, აქამდე ერთმაც კი ვერ გააბა ოჯახურ მახეში.

კოცნა გაჭიანურდა და ვიგრძენი, როგორ გამიმკვრივდა ძუძუები და დამებერა კერტები. ჩემმა მკერდმა პირველმა იგრძნო, რომ პროცესი საშიშ ფაზაში შევიდა.

_ მირზა, გთხოვ… _ მკვეთრად გავერიდე, მაგრამ როგორც კი მისი სხულის სითბო მომცილდა, თითქოს მიტოვებულად ვიგრძენი თავი.

_ ვიცი, ვიცი, ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან, _ ჩურჩულით მითხრა, _ მაგრამ ისეთი ტკბილი ხარ, რომ… ჩემი პატარა ფუტკარი ხარ შენ.

სწორედ ამ ბოლო სიტყვებმა გამაღიზიანა. ალბათ ყველა ქალს ასე ეფერება, ამ ფრაზით, ამ მეტსახელით. აი, როგორ ნუსხავს საპირისპირო სქესს. რა უნდა, მისი საყვარელი გავხდე? არასოდეს! აჯობებს, დროზე გავქრე მისი ცხოვრებიდან, სანამ სისულელე ჩამიდენია. ვგრძნობ, დიდხანს ვერ გავუძლებ ამ მდგომარეობას.



უკანა გზაზე რამდენჯერმე დავიჭირე მისი ყურადღებით სავსე მზერა. ლაპარაკით ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ისე, ზოგად თემებზე, მეც ჩვეულებრივად ვპასუხობდი, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. როცა ჩემს კორპუსს მივუახლოვდით, უკვე მოსაღამოებული იყო. ამოვარდნილ ქარს ღრუბლები გადაერეკა და ცა მოეკრიალებინა, თუმცა მაინც ციოდა. ის იყო, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, რომ მკლავი დამიჭირა.

_ მე რამდენიმე დღეში მივემგზავრები და ალბათ კარგა ხნით ვერ გნახავ.

_ ჩემი ნახვა რა აუცილებელია?

თითქოს არც გაუგონია ჩემი შეკითხვა, ისე გააგრძელა:

_ ვიცი, რომ დაბადების დღე გაქვს ცხრა მაისს, მე კი აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს პატარა საჩუქარი მიიღე ჩემგან, _ მომეჩვენა, რომ დარცხვენით მელაპარაკებოდა.

მან უკანა სავარძლიდან პატარა, ოთხუთხა შეხვეული აიღო და მომაწოდა.

გაკვირვებული მზერა ვესროლე, გამორთმევას ვაჭიანურებდი.

_ გამომართვი, არ გიკბენს, _ ღიმილით შემაგულიანა.

ფრთხილად ჩამოვართვი კოლოფი.

_ და გახსენი. _ თავისი მბრძანებლური ტონი მოიშველია.

გავხსენი და შეშინებულმა მსუბუქად შევკივლე.

_ არა, არა! ამას ვერ ავიღებ! _ მუყაოს წითელ ყუთში ულამაზესი ბროში იყო, ბრილიანტისთვლიანი, რომელსაც ბროწეულის ფორმა ჰქონდა. როგორც ჩანდა, ძალიან ძვირფასი.

_ რატომაა, რომ ჩემს ნაცნობ ქალებს შორის შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ყოველ ჯერზე ხმაურს ტეხს, როცა მინდა პატარა სიურპრიზი გავუკეთო? _ ცივად მკითხა და თავისი შეუცვლელი საფირმო მზერით ლამის გამხვრიტა.

_ შენ ამას პატარა სიურპრიზს ეძახი? ამის საყიდლად ჩემი ერთი წლის ხელფასიც არ მეყოფოდა!

ამით უნდა, რომ მომისყიდოს? პატარა ბავშვი ვარ, კანფეტით რომ მიიტყუებენ? ამის იმედი არ ჰქონდეს!

_ ჩათვალე, რომ ეს ერთი მცირე რეკვიზიტია იმ სპექტაკლში, რომელსაც მე და შენ ვთამაშობთ.

_ მე არაფერს არ ვთამაშობ და თუ შენ თამაშობ, მარტო მოგიწევს გაგრძელება! _ აღშფოთებას ვერ ვმალავდი.

_ რა გემართება? ეს მხოლოდ საჩუქარია შენი დაბადების დღის აღსანიშნავად. გასაგებია? _ ლამის ხელიდან გამომგლიჯა ბროში, ყუთში ჩააბრუნა და ხელში ძალით მომაჩეჩა.

კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებდი ამ საჩუქრის მიღებით, მაგრამ უარის თქმაც ვერ გავბედე. არ მინდოდა მისი დაკარგვა. არ ვიცი, რისი იმედი მქონდა, მაგრამ მაინც ველოდებოდი სასწაულს.

_ როცა სასწაული არ ხდება, შენ თვითონ უნდა მოახდინო იგი, _ თითქოს ჩემს ფიქრს გამოეხმაურაო, უცებ მომიხია, _ როგორც შენ გიყვარს თქმა, თუ ზღაპარი არ ახდება, ჯადოქარი უნდა შეცვალო. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

მისი ქარაგმა გასაგებიც იყო და გაუგებარიც. მაინც ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი.

_ როცა ამას ვყიდულობდი, რას წარმოვიდგენდი, ძალით თუ მექნებოდა შენთვის საჩუქებელი, _ მწარედ ჩაიცინა. _ აბა, მიიბნიე პერანგზე.

მივიბნიე. კმაყოფილს შუბლი გაეხსნა, შეუმჩნევლად ჩაიღიმა, ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა.

_ მაგარია! შენ ხარ ქალი, რომელსაც უნდა კოცნიდე. შენთვის ეს ოდესმე ვინმეს უთქვამს?

ალანძულმა უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ ძალიანაც კარგი… და ნუ მიყურებ ისე, თითქოს შენი ყველა კოშმარული სიზმარი ჩემს სახეშია მოქცეული. მე კარგი ბიჭი ვარ, _ თქვა მან, თვალი ჩამიკრა და ძრავა აამუშავა.

გაბრუებული გადავედი მანქანიდან… ის კი წამში გაქრა… კოშმარულ მოჩვენებასავით…



ორი დღე არ გამოჩენილა. ორი დღე არ დაურეკავს. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ არც მე მიცდია თავის შეხსენება. სიამაყემ მძლია და ჩუმად ვიყავი. მესამე დღეს, როგორც იქნა, შემეხმიანა. მთხოვა, ამაღამ მივემგზავრები და ჩემს ჩამოსვლამდე მინდა, ახალი კორპუსის მშენებლობას შენ მიადევნო თვალიო. ახალი კორპუსი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში შენდებოდა. შემეშინდა. ჯერ ერთი, ბებია არ იყო ადვილი დასატოვებელი, მეორეც _ მარტო მოვერეოდი საქმეს? ან კი რატომ მენდობოდა? რა გარანტია ჰქონდა, რომ ყველაფერს სანიმუშოდ გავუძღვებოდი?

_ ლეკო მოგეხმარება, უბრალოდ, ის აქ უნდა იყოს, თბილისში. ამიტომ სანდო ადამიანი მჭირდება. შენ საქმის კურსში ხარ, შემოსავლებიც შენს ხელშია და გასავლებიც. ერთ სიტყვით, ჩემი მარჯვენა ხელი ხარ. უნდა დამეხმარო.

_ რამდენი ხნით მიდიხარ?

_ ერთი თვით, სხვანაირად არ გამოდის.

_ მაგრამ ბებიაჩემი…

_ ეგ საქმე მოგვარებულია. მომვლელი დავიქირავე, ხვალ დილით ჩავა და მთელი თვე მასთან დარჩება, წამითაც არ მოაცილებს თვალს. გუშინ ჩავიყვანე და გავაცანი ნინუცას. ძალიან მოეწონა, კარგი გოგოაო. ფული გადახდილია. თან მანქანა ჰყავს, ხშირად გაასერნებს ხოლმე.

_ და ეს ყველაფერი ჩემს უკითხავად მოაგვარე?

_ ნუ მსაყვედურობ. ეს საქმე ჩემს ინტერესებში შედიოდა, ამიტომაც გამოვიდე თავი. რომ ჩამოვალ, მაშინ დამტუქსე, ოღონდ ახლა არა, გთხოვ. ახლა დამეხმარე.

ვერაფერი ვუთხარი. მისი გულისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.

_ სასტუმრო დაჯავშნილია, ლეკოს ნახავ და ის გეტყვის, როგორ მოიქცე და როდის წახვიდე. ოღონდ ფრთხილად, მასთან რომანი არ გააბა, თორემ გულს მატკენ… _ აქ ცოტა შეყოვნდა, _ სულ ეს არის. რომ ჩამოვალ, ყველაფერი შეიცვლება. გპირდები. _ ეს მითხრა და გამითიშა.



და აი, ერთი კვირაა ბათუმში ვარ. სასიამოვნო ამინდია. სასტუმრო მყუდროა და კეთილმოწყობილი. მანქანა მემსახურება, ნებისმიერ დროს შემიძლია მშენებლობაზე გავიდე. არც ისე რთულად ყოფილა საქმე, როგორც მეგონა. ეგრევე ავუღე ალღო ყველაფერს. მშენებლები თვალებში შემომციცინებენ, ნებისმიერ წვრილმანს მითანხმებენ. ლეკოც ყოველდღე მირეკავს და მეც საქმის კურსში ვაყენებ. მას მოსწონს ჩემი მუშაობის სტილი, თან მეფლირტავება. აშკარად მოვწონვარ, მაგრამ ფლირტაობაზე შორს წასვლას ვერ ბედავს. ნეტავ რატომ? გამარჯვების იმედი არა აქვს და იმიტომ? თუ მირზამ ისიც გააფრთხილა? მეეჭვება, ასე არ დაიმცირებდა თავს თანამშრომლის წინაშე.

ბებიას დღეში ორჯერ მაინც ვურეკავ. კარგადაა, მზიკო უვლის და კმაყოფილია. მეც მშვიდად ვარ, რომ სახლიდან არ გარბის და მისი მოძებნა არ მიხდება.

მირზას ერთხელაც არ დაურეკავს ჩემთვის. მხოლოდ ლეკოსთან აქვს სატელეფონო კავშირი. საინტერესოა, მე რატომ არ მეკონტაქტება?

რამდენჯერმე მთელი ძალით შევისუნთქე საღამოს ჰაერი და ნერვების დაწყნარებას შევეცადე. არა უშავს, მის ჩამოსვლამდე თავს არ შევირცხვენ, ყველაფერს გავუკეთებ, როგორც მთხოვა და მერე საბოლოოდ გავქრები მისი ცხოვრებიდან.



ამასობაში მაისი ჩამთავრდა და ცხელმა ზაფხულმაც მცხუნვარე მზით შემოაბიჯა. სულ ოცი წუთის მოსული ვიყავი მშენებლობიდან, ერთიანად გაოფლილი მოსვლისთანავე სააბაზანოში შევვარდი წყლის გადასავლებად. ამწუთას თმას ვიშრობდი. ფენის ზუზუნში არც გამიგია, კარი როგორ გაიღო. სართულის დამლაგებელმა ერთი შემომღიმა და განზე გადგა. გამიკვირდა მისი დანახვა. კარი შიგნიდან მქონდა ჩაკეტილი და გაღება მხოლოდ მას შეეძლო თავისი გასაღებით.

უეცრად მის ზურგს უკან ნაცნობი სილუეტი დავლანდე. გული ლამის ამომივარდა ბუდიდან. ოთახში ყურებადე გაღიმებული მირზა შემოიჭრა, დამლაგებელს მადლობა გადაუხადა და კარი ცხვირწინ მიუხურა.

_ ასე თუ ისე, ჩამოვედი, _ იქედნურად ჩაიღიმა, _ გაგიხარდა ჩემი დანახვა?

_ ჰო, _ გულწრფელად მივუგე, ჩავთვალე, რომ ზომიერი დოზით გულწრფელობა სულაც არ იყო ზიანის მომტანი, _ უბრალოდ, არ გელოდი.

_ მოდი ჩემთან.

მისი დანახვით გაოცებული ადგილს მიველურსმნე, ხელში ფენით, რომელიც წამების წინ გამოვრთე.

_ ჩემთან მოდი-მეთქი, გითხარი! _ ისევ მბრძანებლური ტონი, როგორც ყოველთვის.

დაძაბულმა ორიოდე ნაბიჯი გადავდგი. ასეთი უემოციო ჯერ არ ვყოფილვარ.

_ მოკლედ, შენნაირი ქალი მეორე არ შემხვედრია, _ მისაყვედურა, _ ხან ყინულის დედოფალივით ხარ, ხან კიდევ დინამიტით სავსე კასრი.

_ ასე გგონია? _ ძლივს ვთქვი მისი სიახლოვით გაბრუებულმა.

_ კი არ მგონია, ვიცი, _ მითხრა და ხელის ზურგი ნელა ჩამომისვა სახეზე.

მეგონა, მაკოცებდა, ის კი მოულოდნელად გამერიდა და ფანჯარასთან მისულმა ფარდა ხელის ერთი გაქნევით გადასწია. იმედგაცრუების მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი, რომ არ მაკოცა.

_ როგორ მიდის საქმეები? ლეკო ძალიან კი გაქებს და ნეტავ რატომ? მხოლოდ საქმის გამო, თუ…

პასუხი არ გავეცი. მისკენ დავიძარი თავაწეული, ახლოს, ძალიან ახლოს მივედი, თითის წვერებზე ავიწიე და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე.

ამას არ ელოდა. ურწმუნო კაცის მზერით დამხედა. მე გავუღიმე… ორაზროვნად, მაცდურად.

_ ანიკა, რას მიკეთებ? _ წაიჩურჩულა და მკლავებში მომიმწყვდია.

სიამოვნებამოგვრილმა თვალები დავხუჭე. სოაცარი წუთები იყო. მის საპასუხო კოცნაში სასტიკი, მხეცური მგრძნობელობა შეინიშნებოდა, რომელმაც ამათრთოლა, ხელები კი ძალაუნებურად მოვხვიე მხრებზე.

ვიგრძენი, როგორ გამიყოლა საწოლისკენ. თავდაპირველად არ გავუძალიანდი, მაგრამ რბილ საწოლზე რომ დავეცი, მაშინვე დამიბრუნდა გონი. «მირზა, არ გინდა…» _ ძლივს მოვასწარი თქმა, მაგრამ ტუჩებით მსწრაფლ დამიმუწა პირი…



რეალობას მაშინ დავუბრუნდი, როცა შიშველ მდგომარეობაში ვიხილე ჩემი თავი. არ მახსოვს, როდის გამხადა ხალათი, რომლის შიგნით არაფერი მეცვა, რადგან სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი. მოზღვავებული სირცხვილისგან გავწითლდი, სწრაფად წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი.

_ მაპატიე… _ შეცვლილი ხმით წარმოვთქვი და თავი დავხარე, არ მინდოდა ჩემი გაწითლება შეემჩნია. სველმა თმამ სახე დამიმალა, _ ჩემი თავისთვის ამის უფლება არ უნდა მიმეცა… არ ვიცი, რა მეტაკა.

_ შენ კი არა, მე არ უნდა მექნა ეს, _ მის ხმაში ისევ და ისევ ჩვეული ირონია გამოსჭვიოდა, _ სანამ შენამდე მოვაღწევდი, ჩემს თავს ვპირდებოდი, რომ დღეს თითს არ დაგაკარებდი. მინდოდა, უკეთ გაგეცანი და ჩვენი ურთიერთობა ისევ დალაგებულიყო.

_ ისევ? _ თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, _ იყო კი ოდესმე დალაგებული?

_ შეიძლება არც იყო, მაგრამ შენი შეცდენით არა მგონია, გაკეთილშობილდეს. ასე არ არის? შენ ხომ მე საერთოდ არ მენდობი.

_ არა, ასე არ არის…

_ როგორ არა, ასეა. შენ შენი თავი წითელქუდა გგონია, მე კი ბოროტ მგლად მიმიჩნევ. ადრე თუ გვიან მოგიწევს ჩემი ახლოს მოშვება. ამას ვერ ასცდები.

_ რატომ? _ წარბები ავზიდე.

_ იმიტომ.

_ რატომ იმიტომ? _ არ მოვეშვი.

_ იმიტომ და მორჩა! _ ისიც წამოჯდა საწოლზე და ხალათის კიდეები ერთმანეთთან უფრო ახლოს მისწია, რომ ჩემი შიშველი მკერდი დაეფარა, მერე ქამარი შემიხსნა და თავიდან გამინასკვა. მისი თითების მოძრაობა მშვიდი იყო, თავდაჯერებული, სახეზე კი გულგრილი გამომეტყველება აღბეჭდოდა. ზუსტად ისეთი, მორიგ ქალს რომ დაეუფლები და ჟინს მოიკლავ. უარესად გავწითლდი, ახლა უკვე აღშფოთებისგან. კაცი კი არა, ქვაა, უგრძნობი, ცივი…

_ კიდევ ერთი გამარჯვების ქულა ჩაიწერე შენს სიაში, არა? _ ვეღარ მოვითმინე და უხეშად მივახალე. მზად ვიყავი, ყველანაირი საზიზღრობა მეთქვა მისთვის, რაც ენაზე მომადგებოდა. ეს რა დამემართა, ასე უცებ როგორ დავნებდი? გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. და ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, თითქოს ჩემთვის პირველი კი არა, მეცხრე მამაკაცი ყოფილიყო. იმასაც ვერ მივხვდი, სიამოვნება ვიგრძენი თუ ტკივილი.

_ ჩავთვალოთ, რომ მე ეს არ გამიგონია, _ არც შემოუხედავს, ისე ჩაილაპარაკა და წამოდგა, ისევ ისე, გულგრილი სახით. _ ათი წუთი გაქვს, რომ თავი მოიწესრიგო და დაბლა ჩამოხვიდე. ყველაფერი წამოიღე, რაც ამ ერთ თვეში გააკეთე, უნდა გადავხედო. მაინტერესებს, რა გააკეთე ჩემს არყოფნაში, _ ეს ისე ცივად თქვა, თითქოს რიგით თანამშრომელს ესაუბრებოდა, თან კარი გააღო და სანამ გავიდოდა, მომაძახა, _ არ ველოდი, ქალწული თუ იქნებოდი.

შეურაცხყოფისგან სუნთქვა შემეკრა. საოცრად მომინდა, სახეში ძლიერად გამერტყა, მაგრამ გამასწრო. რომ დარჩენილიყო, გასილაქება არ ასცდებოდა.

მოულოდნელად კარი ისევ შემოაღო, თავი შემოჰყო და ოდნავ შერბილებული ხმით მითხრა:

_ არ მალოდინო, ანიკა.

_ მაგას როგორ გავბედავ, _ აფორეჯებულმა თვალები დავაკვესე და მივაყოლე, _ რა, ნინი გალოდინებდა ხოლმე სექსის შემდეგ?

ამის თქმა და… ორი ნახტომით ჩემთან გაჩნდა, მკლავზე ძლიერად წამიჭირა ხელი და შემაჯანჯღარა:

_ შენი თავი რამედ თუ გიღირს, ეს სახელი მეორედ არ ახსენო ჩემთან, გესმის?

შეშინებული მოვიკუნტე.

_ ჰო თუ არა? _ ისევ შემაჯანჯღარა.

_ ჰო, _ ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი ხმა ამოვუშვი. შეშინებული ტუჩებს ვერ ვგრძნობდი.

კარი რომ გაჯახუნდა, მხრები მხოლოდ მაშინ შევატოკე და საწოლზე მივეგდე. ნუთუ ასე უყვარს? როგორი რეაქცია ჰქონდა, ნინი რომ ვუხსენე. ალბათ ვერ აიტანა სხვა ქალისგან მისი სახელის მოსმენა…



ძლივს დავწყნარდი. ზუსტად ათი წუთის შემდეგ ვესტიბიულში ჩავედი. ის ფანჯარასთან მდგარ მაგიდას უჯდა და მელოდა. კოპებშეკრულს ჩემს დანახვაზე გამომეტყველება არ შეცვლია.

მომეცი! _ ხელი გამოიწოდა და საქაღალდე ლამის გამომგლიჯა. მერე მკვეთრი მოძრაობით წამოდგა და თავით მანიშნა, მომყევიო. გარეთ გავედით, სადაც მისი ჯიპი იდგა…

კარგა ხანს მივდიოდით. მანქანა სანაპირო ზოლს მიუყვებოდა. უკვე შეღამებულიყო, მაგრამ პლაჟზე უამრავი დამსვენებელი ირეოდა. ივნისში ბათუმში არასდროს მინახავს ამდენი ხალხი.
_
როგორც იქნა, უკაცრიელი ადგილი შეარჩია და გააჩერა. ვერაფერზე ვფიქრობდი, თავში საშინელი ქაოსი ირეოდა. ირგვლივ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. საღამოს ნიავს ზღვის მარილიანი სურნელი და ტალღების ტლაშუნის ხმა მოჰქონდა.

_ კარგად ხარ? _ შერბილებული ტონით მკითხა.

_ ჰო.

_ მატყუარა… _ თავი გააქნია და დაამატა, _ ასე არ უნდა მეყვირა, მაპატიე, მაგრამ ჩემი თხოვნა ძალაში რჩება. მისი სახელის მოსმენა არ მსურს.

_ გავიგე.

_ ვერაფერიც ვერ გაიგე, მაგრამ არა უშავს. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა სხვა მაქვს სალაპარაკო.

_ ვიცი, საქმეები უნდა განვიხილოთ.

_ არა. ამ საქაღალდეს ამაღამ გადავხედავ. ახლა სხვა რამე მაქვს სათქმელი. _ მირზა ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა, _ მიუხედავად იმისა, რომ ქალებთან ურთიერთობაში გამუდმებით მამხილებ და კაცმა არ იცის, რას მაბრალებ, არის რამდენიმე სიმართლის მარცვალი შენს ბრალდებებში. თუმცა უცოლო კაცის ცხოვრება ბოლო ხანებში ყელში ამომივიდა. ახლა საიმედო ქალი მჭირდება, ოჯახის დიასახლისი, რომელსაც დავენდობი.

_ მორიგი მეგობარი ქალი?

_ სწორედაც. სხვებთან გართობა დიდ დროს მართმევს და ნერვებსაც. მინდა ჩემი ცხოვრება სტაბილური გავხადო. ამიტომ გთავაზობ, ცოლად გამომყვე.

ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მეგონა, რისი მოსმენაც მინდოდა, ის გავიგონე-მეთქი. რატომ გაუჩნდა ასეთი აზრი, ჩემს გონებამდე არ დადიოდა. ალბათ მეთამაშება. რახან ასეა, ვითამაშოთ, რა გაეწყობა.

_ საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ, _ დამცინავად გავიღიმე და თვალი თვალში გავუყარე.

_ რატომ? ნუთუ ასე ცუდია ჩემზე გათხოვება? _ ნახევრად ჩურჩულით მკითხა.

_ მაგრამ ჩვენ ხომ არ გვიყვარს ერთმანეთი? _ უიმედოდ შევნიშნე.

_ საქმე სიყვარულს კი არა, ქორწინებას ეხება, _ იგი ჩემკენ გადმოიხარა და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, _ ვხედავ, რომ საქმეს შესანიშნავად უძღვები. ეს კარგია, კარიერას აიწყობ. მოვა დრო და საკუთარი ფირმა გექნება, სულ ჩემზე ხომ არ იქნები დამოკიდებული. გექნება საკუთარი მანქანა, საბანკო ანგარიში და ასე შემდეგ… მაგრამ ამასთან, მინდა, რომ ერთად ვიყოთ, სექსი გვქონდეს და შენ ჩემი სტუმრები მიიღო ხოლმე, როგორც დიასახლისმა. აბა, რას იტყვი?

_ მირზა, ასობით ქალი ალბათ მხოლოდ ამაზე ოცნებობს. არ მესმის, მე რატომ…

_ ანიკა, ჩვენ ბაზარში არ ვართ. მე ცოლს ვირჩევ და არა ძროხას! მე შენ ყველაფერს მოგცემ, არც საწოლში დაგაკლებ არაფერს, კმაყოფილი დარჩები. თუ ჩვენი თანაცხოვრების სექსუალურ მხარეს მოვაგვარებთ, დარწმუნებული ვარ, სხვა დანარჩენშიც მშვენივრად შევეწყობით ერთმანეთს, მით უფრო, რომ, შენც კარგად იცი, როგორ გინდა ჩემთან.

მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზისგან კბილს კბილზე ვაჭერდი, სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.

_ მაგრამ ოჯახის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის.

_ არის. დაქორწინებულთა უმრავლესობა კარგი სექსით ინარჩუნებს ოჯახს. თუ შენ ჩემი ღალატი გაშფოთებს, პირობას გაძლევ, რომ სხვა ქალისკენ აღარ გავიხედავ და არც შენ მოგანდომებ სხვა მამაკაცს.

ღმერთო ჩემო, მისი ცოლი თუ გავხდები, ისედაც არ გავიხედავ სხვა კაცისკენ. ამან რა იცის, ჩემს გულში რამხელა ხანძარი გიზგიზებს. მაგრამ ცოტა სულელური წინადადება ხომ არ არის? როგორ გავყვე ისეთ კაცს, რომელსაც არ ვუყვარვარ? განა მხოლოდ ჩემი სიყვარული იქნება საკმარისი? გავრისკოთ და ვნახოთ. სხვა თუ არაფერი, ასე ტანჯვას ისე ტანჯვა მირჩევნია.

_ კარგი, მე თანახმა ვარ.

_ რა თქვი? _ როგორც ჩანს, ასეთ პასუხს არ ელოდა, მის კითხვაში განცვიფრება იკითხებოდა.

_ თანახმა ვარ, შენი ცოლი გავხდე, როცა ამას მოისურვებ.

_ რატომ? ანიკა, მიპასუხე, რატომ მთანხმდები ცოლობაზე?

«იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა კარგი ოჯახის შესაქმნელად», _ გავიფიქრე, ხმამაღლა კი ესღა ვუთხარი, _ არ ვიცი.

_ მაგრამ ეს ხომ რაღაც მსუბუქი კავშირი არ არის, ეს სერიოზული ურთიერთობაა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ეს ნამდვილი ქორწინება იქნება ყველა ასპექტში. გესმის მაინც, რაზე მთანხმდები?

_ რა თქმა უნდა, _ მოულოდნელად ზედმეტად აზარტული გამიხდა ტონი.

_ არა მგონია, გესმოდეს. შენ ხომ ჩემამდე კაცთან არ წოლილხარ. ხომ შეიძლება, მალევე მოგბეზრდე?

_ მე ბავშვი არ ვარ, მირზა, ვიცი, რასაც ვამბობ!

_ ჰო, მართალი ხარ, ბავშვი აღარ ხარ. ესე იგი, მზად ხარ, ჩემთან ერთად სარეცელი გაიყო და ჩემი ცოლი გახდე?

მისი ცოლი! მიუხედავად შიშისა, გული სიხარულისგან აბაგუნდა. მე მისი ცოლი გავხდები! გავხდები და ვაიძულებ, შემიყვაროს! მე ეს გამომივა!

_ ჰო, თანახმა ვარ.

ამ დროს მხარზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა.

_ სანამ ჯვარს არ დავიწერთ, ხელს არ გახლებ, _ ჩურჩულით მითხრა და სანამ მის ნათქვამს გავიაზრებდი, მანქანა დაძრა… კიდევ ერთხელ გამაოცა თავისი საქციელით.



ქორწილი მარიამობის დღესასწაულზე დავგეგმეთ. დარჩენილმა კვირებმა სწრაფად გაიარბინა. თან ვმუშაობდი, თან ვემზადებოდი. კაბის შეკერვა მინდოდა, მაგრამ მირზამ არ დამანება, მზა იყიდეო. ლამის ყველა სალონი მოვიარე თბილისში, რომ სასურველი მოდელი შემერჩია. როგორც იქნა, სწორედ ისეთს მივაგენი, როგორზეც ვოცნებობდი. მირზა თან მყვებოდა, მისთვის სიტყვა «არა» არ არსებობდა. ოღონდ მომესურვებინა რამე და უკან არაფერზე იხევდა. თავიდან მიხაროდა, რომ ასე იოლად გვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ქორწილის დღეს საშინლად მოვიწყინე. რამდენად სწორად ვიქცეოდი? შიშმა ისევ დამრია ხელი. ვაითუ ვერ შემიყვაროს, მერე რა ვქნა? მთელი ცხოვრება ტანჯვაში უნდა გავატარო? ამაზე ფიქრი არა და არ მშორდებოდა გონებიდან.

ჯვრისწერის ცერემონიალმაც და ქორწილმაც ისე ჩაიარა, ორჯერ არ გამიღიმია. მირზას ეს არ გამოჰპარვია და თვითონაც მოიწყინა. გვიან ღამით, როცა შინ დავბრუნდით და მარტონი დავრჩით, ცოტათი მომეშვა. როგორც კი შემეხო, გააზრების უნარი დავკარგე. მთელმა სამყარომ ჩემ ირგვლივ ამ ერთ მამაკაცში მოიყარა თავი. მის გარდა ამქვეყნად არაფერი არ არსებობდა.

იგი ეფერებოდა ჩემს შიშველ სხეულს და ერთსა და იმავეს ცხრაასჯერ იმეორებდა: «რა სილამაზეა, როგორი სრულყოფილება»…

_ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, _ სულაც არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როგორც კი ბაგეებს ეს სიტყვები მოსწყდა, შვება ვიგრძენი. ახლა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ეცოდინებოდა თუ არა მას, რას ვგრძნობდი მის მიმართ. ახლა აღარაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ის ჩემ გვერდით იყო, ის ჩემი იყო და მე მთელი ცხოვრება მქონდა წინ, რომ მისთვის თავი შემეყვარებინა.

_ რა მითხარი? _ მის მკლავებში მოქცეული ვცდილობდი, არ მესუნთქა. მან იდაყვებზე წამოიწია და მთვარის შუქზე თვალებში ჩამხედა.

_ რაც გაგიცანი, სულ ჩემ გვერდით იყავი როგორც ჩუმი, ტკბილი ტკივილი, რომელიც არა და არ ნელდება. და აი, მე შენი ვარ.

_ იცი, რომ მეც მიყვარხარ? როგორც კი დაგინახე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი უნდა გამხდარიყავი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ შემიყვარდი, ამას მოგვიანებით მივხვდი, მაგრამ სხვა ქალებივით მხოლოდ გასართობად რომ არ მიზიდავდი, ამას ვხვდებოდი.

_ მე კი მეგონა, შენთვის მორიგი გატაცება ვიყავი.

_ არა, არა და არა. ის ქალები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. მთელი ეს წლები დავეძებდი, დავეძებდი, თვითონაც არ ვიცი, ვის. და როცა შენი დაკარგვის საფრთხე შევიგრძენი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვიპოვე. ყველაფერი ის, რაც მე მჭირდება, შენში ერთადაა თავმოყრილი.

_ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, _ გავიმეორე.

მან ნახევრად სიბნელეში ჩემი თვალები ისევ მოძებნა და ჩამაშტერდა. მზერა სიყვარულით ჰქონდა გადავსებული.

_ ვიცდი, რომ გიყვარდი, ვგრძნობდი ამას, მაგრამ ვერა და ვერ გაღქმევინე. ძალიან დიდხანს კი მალოდინე, მაწვალე და მახვეწნინე, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ ამისთვის ახლა დაგსჯი, _ ღიმილით მითხრა.

_ მე მთლიანად შენი ვარ და ეს მუდამ ასე იქნება, მირზა.

_ თან მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, ხომ ასეა? მოიცა, ახლა რომელი საათია? ოოო, სამი დაწყებულა, შუაღამის სამი საათი. აი, შენი გაზაფხულიც დაიწყო, ანიკა! ბროწეულის გაზაფხული! _ ყურთან მიჩურჩულა და მძლავრად მიმიკრა შიშველ მკერდზე.

სიამოვნებისგან აძიგძიგებულმა მკლავები მოვხვიე და მისი მოფერებით გახურებული საბოლოოდ მივხვდი, რომ ის მე მეკუთვნოდა _ მთლიანად და ბოლომდე…

ჩემმა გაზაფხულმა წუთების ათვლა დაიწყო…

დასასრული

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ისტორია ეკუთვნის, სვეტა კვარაცხელიას, ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი ისტორიაა მისი ისტორიებიდან.
შეიძლება ბევრს არ გქონდეთ წაკითხული და გირჩვთ წაიკითხოთ, ძალიან ისიამოვნებთ.
სვეტა კვარაცხელია



№1 სტუმარი Guest ქეთი

მართლაც რომ უნიჭიერესი ადამიანია სვეტა ....წაკითხული მაქვს და მართლაც საოცარი ისტორიაა და ეხლა კიდევ წავიკითხავ ვისიამოვნებ ამ ისტორიით კიდევ ერთხელ

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

ცუდი არ იყო,მაგრამ მშრალი იყოო ძალიან...

 


№3 სტუმარი გიული თაფლიაშვილი

ისეთი სასიამოვნო საკითხავია, კითხვას თავს რომ ვერ დაანებებ და სულმოუთქმელად ჩაამთავრებ ბოლომდე. აღფრთოვანებული ვარ. მადლობა ავტორს.????????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent