ჰილეგი (3)
*** თავბრუდამხვევი სიმშვიდე ტრიალებდა ოთახში. სიჩუმეს მხოლოდ ბუხარში, ცეცხლის ტკაცუნი არღვევდა. ქეთი გაოცებული მიშტერებოდა ფოტოზე გამოსახულ საკუთარ თავს და ხელის გაშვერას ვერ ბედავდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, იქნებ ეჩვენებოდა? შეუძლებელი იყო. ქეთი და მეგი ერთმანეთს იმ დღეს შეხვდნენ, როცა ქალმა შეკვრა ხელში მიაჩეჩა, ესე იგი, მაშინ ვერ მოახერხებდა. ნუთუ, ქალს ქეთი სხვა დროსაც ენახა?! ხელის ზურგით მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და უემოციოდ მდგომ მამაკაცს ახედა. -ეს რა არის? საიდან ჰქონდა? -კაცმა ფოტო დაუშვა, წამით შეათვალიერა და ბუხარში შეუძახა. ქეთიმ წამოიკივლა, ერთიანად გაკაწრა იმედგაცრუებამ. -ხომ გითხარი, აკვიატება ხარ-მეთქი? -კიდევ ერთი ჭიქა შეივსო და წამში გამოცალა. მის ნაცვლად მოაწვა გულის რევის შეგრძნება ქეთის. სად იტევდა ახალგაზრდა კაცი ამდენ მწარე სითხეს? ტუჩი ზემოთ ასწია, იქვე ჩამოჯდა და ქეთისაც სავარძლისკენ მიუთითა. -თუ უბრალოდ აკვიატება ვიყავი, მაშინ გამიშვით! შემეშვით! ხომ მკვდარია? -ამოიხავლა ქეთიმ და ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო. სისუსტე არ უნდა გამოეჩინა და სწორედ ამას აკეთებდა. ემოციებს აშიშვლებდა ახალგაზრდა კაცის წინაშე, რომელსაც ცარიელ მზერაშიც კი ეტყობოდა როგორ სწავლობდა მას. მის ყოველ მოძრაობას იმახსოვრებდა, ქეთი გრძნობდა როგორ იწერებოდა კაცის გონებაში მისი თითოეული ქმედება და გააკანკალა. მართალია ეშინოდა, უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა და იცოდა, ბოლომდე ვერ მიჰყვებოდა, მაინც ვალდებული იყო გაეძლო. დაცემის დრო არ ჰქონდა. -მეგიზე რა იცი? -უეცრად გაიჟღერა კაცის ხმამ და ქეთიმ თავი მძიმედ ასწია. სუნთქვა უჭირდა, ნაღველსა და ზიზღს ერთიანად გამოეშრო მისი ყელი. -ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურში ვიყავი. უეცრად მაღალი, წითური ქალი შემოვარდა. ნერვიულობდა, ისე ჩანდა თითქოს დიდ მანძილზე დარბოდა, ამათვალიერა, ჩანთა გახსნა, შეკვრა მომაჩეჩა და მითხრა არავისთვის მიმეცა. -ქეთიმ ნერვიულ საუბარს აკანკალებული სუნთქვა ამოაყოლა. ოთახის კუთხეში, კომოდზე შემოდებულ წყლის ჭიქას მიაშტერდა და ინატრა, ნეტავ ახლოს ჰქონოდა. -მაშინვე გაიხურა კარი და სანამ თვალის შევლებას მოვასწრებდი, მანამ გაუჩინარდა. მას შემდეგ დიდ ხანს ვეძებე, ეს ნივთებით ჩანთით დამქონდა, გაუხსნელად. იმ დღეს კი, როცა მისი ძებნა შევწყვიტე, იმ დაწყევლილ დღეს შევხვდი მეტროში! -კბილებში გამოსცრა ქეთიმ და კვლავ უემოციოდ გაშტერებულ მამაკაცს ახედა. ათიოდე წუთი ასე, მის ყურებაში გაატარა. ახალგაზრდა კაცის მზერა სადღაც შორს ეცემოდა, არც კი შეუხედავს ქეთისთვის. თითქოს, მისი არსებობა დაავიწყდაო. საერთოდ, ეჩვენებოდა, რომ ეს კაცი სამყაროს ეთიშებოდა და სადღაც დაფრინავდა. იჯდა, უყურებდა წყალს და გამშრალ ყელს მცირე ჩახველებით აცოცხლებდა. ახალგაზრდა კაცი წამოდგა, ოთახის ბოლოში, მაგიდაზე დადებული ჭიქისკენ დაიხარა და ქეთის გაუწოდა. გოგომ გაოცებული, დაბნეული მზერით ახედა. რა თამაშს თამაშობდა ეს კაცი? ჯერ ბოროტი გმირი იყო, შემდეგ მზრუნველი, გულისხმიერი სახლის პატრონი. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს რაც გამოიარეს არაფრიდან მოდიოდა და არაფრისკენ მიჰყავდათ. ქეთიმ ჭიქა დაუფიქრებლად გამოართვა, ერთი მოყუდებით ჩაცალა და არ გაჰკვირვებბია, კაცმა რომ არ შეხედა. მცირე ხმაურით დაენარცხა ჭიქის ბოლო მაგიდის ზედაპირს, ქეთიმ ამოისუნთქა,, მხოლოდ გარეგნულად, თორემ შიგნიდან ისე კანკალებდა, მალე შოკირებული სხეული მწყობრიდან გამოვიდოდა და ალბათ, ფართხალს დაიწყებდა. რამდენიმე წუთი კიდევ სიჩუმეში, არაფრისმომტან და არაფრისმთქმელ წამებაში დაჰყვეს. მერე კაცმა კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა, კიდევ ერთხელ მოსვა და ცეცხლს მიშტერებულმა, საოცარი ჰარმონიით გაჟღენთილოი ხმა გააჟღერა. -მეგი შიზოფრენიით დაავადდა, რამდენიმე წლის წინ. -ქეთის ძლივს დარეგულირებული სუნთქვა ისევ გაუწყდა, გამშრალი თვალებით გახედა კაცს, რომელიც ისე საუბრობდა, ვითომ აქ არაფერი და ჭორს ვყვებიო. სხეულში შემოჭრილი სიცივე იგრძნო. იმ წამს გაიაზრა რასთან ბრძოლა მოუხდა ქალს, იმ წამს მიხვდა რატომ ატარებდა „უმნიშვნელო“ შეკვრა მნიშვნელობას, რატომ კრთოდა ქალი. რაც კი ოდესმე სევდა ჰქონდა, ერთიანად დაატყდა. დრო არ იყო, მაგრამ დაუკითხავად იჭრებოდა მის გონებაში სინდისის ქენჯნა და ყოველი სიტყვა, რომელიც მეგის სიკვდილის შესახებ წამოსცდა, დანასავით ჭრიდა. -ალბათ იცი, რომ დიდი წვლილი გენეტიკას მიუძღვის. სწორედ ეს გახდა პრობლემა. არავის ჰქონდა მსგავსი რამ, არავინ არასდროს დაავადებულა, მითუმეტეს შიზოფრენიით. ერთი სიტყვით, მეგი აღმოჩენა იყო. მსუბუქი ფორმა პარანოიდულ ფორმაში გადაიზარდა. სწორედ მაშინ შეშინდნენ, როცა პარანოიდული აკვიატებები გაუჩნდა. სიმბოლური, თითქოს ღრმა მაგრამ ამავდროულად, საშიში. მეგის აკვიატებას მე მივყევი, მან კი შენამდე მოიყვანა. არ ვიცი სადმე გნახა თუ უბრალოდ რაიმე იცოდა, მაგრამ შენი აჩრდილი მუდამ ზურგსუკან ედგა, შენი სახე ეჩვენებოდა, თან უყვარდი, თან ეზიზღებოდი. -კაცმა საჩვენებელ თითზე წამოცმული ბეჭედი შეათამაშა, ვეფხვის თავი გამოსახვოდა. -ფოტო-რობოტი შევადგინეთ, იმდენად ზუსტი აღმოჩნდი, ეჭვები გაგვიმართლდა და ჩაგისაფრდით. როდესაც მეგიმ გაიგო, რომ „საფრთხე“ დაგემუქრა, საშინლად გაუსწორდა ყველას, შენთან გამოიქცა და ეს სულელური შეკვრა მოგაჩეჩა. -ვისკი გამოცალა, ქეთის ახედა. ერთიანად დასველებოდა ცრემლებით ლოყები, კანკალებდა, ხელებს ისე ძლიერად უჭერდა, ძვლებზე კანი გადათეთრებოდა და ერთიანად დაძაბული, გაყინული მისჩერებოდა ახალგაზრდა კაცს. -იმდენად ჩაითრიე შენს პატარა, გულისამრევად მოსაწყენ სამყაროში, იმდენად შეპყრობილი გახდა, თავი მოიკლა! -წაისისინა კაცმა და აქამდე უემოციო სახე და თვალები, ბრაზითა და ზიზღით გაუნათდა. ქეთის ტალღებად აუდ-ჩაუდიოდა კაცის სიტყვები, ჯერ ნათქვამს ვერ იჯერებდა, მის მართლაც რომ მოსაწყენ რეალობას, ასეთი არაფერი სმენოდა. იცოდა სიმსივნეზე, იცოდა ფსიქიკურად გაუწონასწორებლებზე, მაგრამ არასდროს უფიქრია იმ უფსკრულში ჩაძირულებზე, რომლებიც შიზოფრენიას ებრძოდნენ. ამასთან ერთად, ამ ბრძოლაში ქეთიმ წააგებინა. ალბათ, საკმარისად კარგი არ იყო, რომ ქალისთვის კიბე მიეწოდებინა და საფეხურ-საფეხურ, ნელ-ნელა ზემოთ აეყვანა, ცხოვრების აზრი და მიზეზი მიეცა. შეიძლება, ატყუებდნენ. არაფერს გამორიცხავდა, ქეთი ბევრჯერ მოატყუეს, მნიშვნელოვანი მოვლენები უმნიშვნელოდ ჩაათვლევინეს, ხოლო უმნიშვნელოს გამო, სიცოცხლე გაუმწარეს. მუხლებში ისეთი სისუსტე იგრძნო, სავარძელში მჯდომმაც კი მოახერხა ცალი მუხლი ჩამოეგდო, მეორეთიც დანარცხებოდა იატაკს და ერთადერთი ადამიანური რეფლექსი, ხელების სახეზე აფარებაღა იყო, რაც შეძლო. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ის მომენტი, როცა მიხვდა რომ მეტროში მდგომი ქალი ის წითური იყო, მეგი იყო. როგორ იმედოვნებდა, რომ მატარებელი მოვიდოდა, მასთან ლაპარაკს შეძლებდა. თურმე ყველაფერზე სწრაფი მკვლელი თვითონ იყო. -ჰაერი! -ამოიხავლა თვალებჩაწითლებულმა და ცალი ხელით სავარძლის კიდეს დაეყრდნო. სიტყვები შუაში უწყდებოდა, ცალი ხელი ყელზე მიიჭირა და პირი გააღო, დარჩენილ ჰაერს ხარბად უშვებდა ფილტვებში. კაცი არც კი განძრეულა, უაზრო მზერით მიშტერებოდა მის წინ გამართულ სცენას და ზიზღი, რომელიც წამის წინ სახეზე გამოეხატა, ისევ უდარდელ, არაფრისმთქმელ გამოხედვას შეეცვალა. მერე წამოდგა, ქეთის მკლავებში მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. ცალ მკლავზე უსულო საგანივით გადაიკიდა, მეორე ხელით თმა გადაუწია და სახე ახლოს მიუტანა. -არასდროს მისცე ემოციებს უფლება, გმართოს. -აღმოხდა კაცს და ქეთის ჩამოგდებული კიდევ ერთი თმის ღერი გადაუწია. საოცრად ცივი ხელები ჰქონდა მამაკაცს, სიცივით გაჟღენთილ სხეულზე უარესად ედებოდა მისი ხელები, ვეღარ აიტანდა, უნდა გაეშვა. -გამიშვით. -სუსტად ხარ -ხელს ისევ მის თმაში ასრიალებდა, ცივი ხმითა და ხელებით ყინავდა ქეთის. -დედაჩემს სახლში უნდა დავხვდე. დედაჩემს ვერ დავხვდები. -თვალები ეხუჭებოდა, აუტანელ სისუსტეს ქუთუთოებიც დაემძიმებინა, მხოლოდ ახალგაზრდა კაცის ძლიერი მკლავი აკავებდა, ის იყო საზღვარი ქეთის სხეულსა და იატაკს შორის. თმაზე ნაზმა მოფერებამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, ეს არ იყო ძილი, არ იყო დაღლილობა. *** თვალები რომ გაახილა, თავი ჯერ კიდევ საკუთარ სახლში ეგონა. უნდოდა ჩაეთვალა, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და როგორც იქნა, გამომეღვიძაო. ქეთიმ ხელი გადაასრიალა, რაღაცის ნაზი, საოცრად ძვირფასი ქსოვილი ედებოდა ხელისგულის ქვეშ. აბრეშუმი. ქეთიმ თავი წამოსწია, საწოლში იწვა. როგორც ჩანს, პატრონს შინდისფერი ჰყვარებია. აბრეშუმის შინდისფერი გადასაფარებელი გადაჰფარვოდა თეთრ, ქათქათა, ნაზ საბანს. კადრებად წარუდგა თვალწინ სახლის გარე ფასადი, ოთახები, გაახსენდა. მაგრამ ქეთი იმ ოთახში აღარ იყო, სადაც პატრონს შეხვდა, სადაც საუბრობდნენ და სადაც შეიტყო, რომ მეგი შიზოფრენიის მსხვერპლი, უფრო სწორად კი, ქეთის მსხვერპლი გახდა. მარჯვენა ხელის გული შუბლზე მიიდო, ცხელი ეჩვენა საკუთარი თავი. გაჭირვებით მოავლო თვალი უზარმაზარ ოთახს და მისი შესწავლა დაიწყო. საწოლი შუაგულში იდგა, დიდ ფანჯრებზე მუქი ფარდები ჩამოეფარებინათ, გადაეწიათ და სინათლის არც ერთ სხივს შიგნით არ უშვებდნენ. სხვა ოთახებისგან განსხვავებით, აქ დიდი, გრანდიოზული ჭაღი არ ეკიდა, საწოლს თავზე დაჰყურებდა პატარა, რძისფრად მოელვარე ნათურების გუნდი. კარი მუხის ხის იყო, მუქად შეღებილი, ასევე იატაკიც. იატაკზე, საწოლის გვერდით ძვირფასი, ხელით დამუშავებული თეთრი ხალიჩა დაეფინათ. ოთახის კუთხეში, სადაც ორი სავარძელი იდგა, შედარებით პატარა ბუხარი ენთო, ოღონდ ცეცხლით კი არა, დეკორაციულად, გათბობის მიზნით არაფრად ვარგოდა. ერთადერთი, ჩაბნელებულ ოთახს ლურჯ შუქს სცემდა და ტყუილად დაყრილ ჯოხებზე, ნავთის გავლენით გიზგიზებდა. ქეთიმ სავარძელზე გადაკიდებულ პერანგს ჰკიდა თვალი. მამაკაცის იყო. მაგრამ რატომ იწვა ის მის საწოლში? -უკვე ვნერვიულობდი -გაურკვეველი მიმართულებით გაისმა ოთახში ხმა და ქეთიმ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, არც ერთი კარიდან, მათ შორის, არც იქიდან, რომელიც სავარაუდოდ სააბაზანოსკენ გადიოდა, არ მოდიოდა ხმა. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა, ახალგაზრდა კაცი საწოლის უკანა ხედიდან გამოჩნდა. ქეთი მთელი ტანით შემობრუნდა და ოთახის უკანა ნაწილს გაოცებულმა მოავლო თვალი. საწოლის უკან, დიდი კარი აღმართულიყო, მის გვერდით კი მრგვალი მაგიდა და სავარძელი ჩაედგათ. როგორც ჩანს, მამაკაცი ან იქ იჯდა, ან მესამე კარიდან შემოვიდა. -გონება დაკარგე, ექიმმა გაგსინჯა. ძლიერი სტრესი. სხვა არაფერი -საწოლის კიდეზე ჩამოჯდა კაცი და ქეთის გაფითრებულ სახეს თვალი შეავლო. ტუჩის კუთხე ძალდაუტანებლად ჩაუტყდა, თუმცა სახეზე არაფერი ეტყობოდა. ზიზღს ჰგვირდა მისი ფარისევლობა, ახალგაზრდა კაცის ნიღაბი. -ძლიერი სტრესი. ამ ყველაფრის შემდეგ საერთოდ რომ არ გავგიჟდი, ესეც მიკვირს, საკმარისია. -საბანი გადასწია და მზერა ფეხებზე გადაიტანა. ტრუსის ამარა იწვა, ჯერ საკუთარი თავი კარგად აათვალიერა, ბრაზმორეულმა მამაკაცს ახედა, რომელიც ისევ უაზრო მზერით მიშტერებოდა და ის-ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, კაცმა დაასწრო. -მეტი საქმე არ მქონდა გათიშული ქალისთვის ტანსაცმელი გამეძრო. -რა პატიოსნებაა. -თავი გადააქნია ქეთიმ და მზერა უკმაყოფილო მამაკაცს გაუსწორა. -ძალიან კი გინდოდა, მე გამეძრო, მაგრამ სამწუხაროდ, შენნაირებს არ ვუყურებ. -საბნის ბოლოს ხელი მოჰკიდა და ისევ გადააფარა ქეთის. -თქვენ მე ვინ გგონივართ? -და შენ ვინ გგონივარ მე? -წამში შეეცვალა კაცს მზერა. წარბებს შორის ისევ გამოეკვეთა ნაოჭი და ისევ ისეთივე არაფრისმთქმელი გახდა, როგორც უწინ. ქეთიმ თვალები გადაატრიალა, კედელზე საათს ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა. -საათი მჭირდება. -ათის ნახევარია. -მაჯაზე ჩამოკიდებულ საათს დახედა კაცმა. ქეთის თვალები გაუფართოვდა. ასე არასდროს იგვიანებდა, ალბათ დედამისი ნერვიულობდა, შესაძლოა უკვე ფეხით დადიოდა მის მოსაძებნად. საბნის ბოლოს ჩაეჭიდა, მაგრამ გადაწევა ვეღარ გაბედა, მისი ტანსაცმელი არსად ჩანდა. ტირანთან, რომელიც პირდაპირ მის წინ იჯდა, კიდევ ერთი საუბარი არ უნდოდა, თუმცა ვერსად გაექცეოდა. ამღვრეული თვალებით მიაშტერდა და ყელი ჩაიწმინდა. -გამიშვებთ? -და ვინ გაკავებს? -ქეთი გაკვირვებული მისჩერებოდა. არ ესმოდა, ეს კაცი ნამდვილად ასე ფიქრობდა, თუ მართლა ამდენად სულელი იყო, ყველაფერი სპექტაკლივით დაედგა და პროფესიონალურად ეთამაშა. -მაგრამ სად მიდიხარ? -ჩაეკითხა კაცი. -სახლში. დედაჩემი ინერვიულებს, ის არაა მიჩვეული ჩემგან უპასუხისმგებლობას. და მან არაფერი იცის. -დედის გახსენებაზე ხმა გაებზარა ქეთის. კაცმა ხელში მოგდებული ნივთი შეათამაშა, ერთ ხანს უყურა და მერე ისევ ქეთის გაუსწორა მზერა. -ყოველთვის მაინტერესებდა, სულელებად იბადებიან, თუ იზრდებიან. -რას გულისხმობთ? -იმას, რომ გულუბრყვილო ხარ. და მაინტერესებს, ასეთად დაიბადე, თუ დედაშენმა გაგზარდა? -ვიდრე ჩემს აღზრდაზე დაიწყებდეთ საუბარს, იქნებ საკუთარს გადახედოთ? -კბილებში გამოსცრა ქეთიმ და მხეცივით, თავდაცვის ინსტიქტი გაუძლიერდა. ყოველთვის, ყოველთვის აუტანელ ტკივილს გრძნობდა, როცა შეცდომას უშვებდა და ამის გამო მისი ერთადერთი, ყველაზე ძვირფასი და საყვარელი დედა ცუდად მოიხსენიებოდა. ყველაზე მეტად მაშინ თვლიდა თავს ცუდ შვილად, როცა მიუთითებდნენ, ან დედისკენ იშვერდნენ თითს. ემოციები ყოველ ჯერზე ღალატობდნენ. ახლაც, ახალგაზრდა კაცის წინ, რომელსაც სახეზე მხოლოდ ირონია და ზიზღი ეცვლებოდა, ლოყები უსველდებოდა, ხმა უტყდებოდა, თრთოდა, სამარცხივნო სისუსტეს ამჟღავნებდა. -სახლში არავინ გელოდება. -გაიჟღერა კაცის ხმამ. ქეთიმ თვალები ოდნავ დაავიწროვა, ჯერ ერთი, კაცის ნათქვამი ფრაზების მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმოდა, მაგრამ რა იცოდა, ვინ ელოდა? იქნებ, იქნებ დედამისსაც შეეხო? იქნებ იფიქრა, ქეთის ბოლომდე ვერ დატანჯავდა, თუ არ დაემუქრებოდა? -რა გაუკეთეთ დედაჩემს? -წამოვარდა, კაცს თეთრი პერანგის საყელოებში სწვდა და რაც ძალა ჰქონდა შემორჩენილი, მუშტებით ცემა დაუწყო. კაცმა თავი უკან გადასწია, მკერდში მოხვედრილი ყველა დარტყმა დააიგნორა და ქეთის ხელები დაუკავა. მაჯებზე ისე ძლიერად უჭირდა, ქეთის მოეჩვენა, სისხლი გამომიშრაო. ბრაზისგან ტუჩი უთრთოდა, წარბებს შორის ნაოჭი ისევ გასჩენოდა, თვალებიდან უსაზღვრო რისხვას ასხივებდა. -გულუბრყვილო, სულელი, ემოციური, უკონტროლო გოგო! -ხელები შეუშვა და სამაგიეროდ, მხრებში ჩააფრინდა. -სახლში არავინ გელოდება, იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ ხარ აქ, დედაშენია! -იღრიალა კაცმა და ქეთი უფრო ახლოს მიიზიდა, უფრო მეტად დააჭირა ძლიერი ხელები, ქეთის ტკივილისგან კვნესა აღმოხდა, მის ნათქვამს ვერ იაზრებდა, უფრო სწორად, კარგად ვერც გაიგო. -დედაჩემი... -ბოდვასავით აღმოხდა, კაცის სახე ნელ-ნელა უხილავი გახდა, ცრემლებით ამღვრეული თვალები ტბას დაემსგავსა, ჭაობიან, ბინძურ ტბას. -დედაშენი! მან გაგწირა, ჩემამდე მოგიყვანა, მეგისთან მოგიყვანა. -ხელები შეუშვა და ხმამაღალი ლაპარაკით საწოლის უკან გაუჩინარდა, იქიდან ხელში დახვავებული საბუთებით გამოვიდა, ქეთის სახეში მიაყარა. იცოდა, ახლა უნდა აეკრიფა, სასწრაფოდ წაეკითხა თითოეული და მერე, პასუხები მოეთხოვა, ვინმე უნდა შესძულებოდა, ვინმე დამნაშავედ უნდა გამოეყვანა, მაგრამ არ შეეძლო. საამისოდ ძალა არ ჰქონდა, მოთმინება არ ჰყოფნიდა, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ღალატობდა. თავი ბალიშზე დადო, უხმოდ სდიოდა ცრემლები. მუხლებსა და მუცელზე მიყრილი საბუთები ხელის ერთი მოსმით გადაყარა და ჭერს მიაშტერდა. ნაბიჯებისა და კარის ხმით მიხვდა, რომ კაცი გავიდა. ერთი, ორი, სამი ან ოთხი საათი ასე იწვა, ფიქრობდა. იცოდა, დედამ ასწავლა, რომ როცა რაღაც ძალიან ეტკინებოდა, თუკი ტირილი მოუნდებოდა, აუცილებლად უნდა ეტირა. გულში იმის დატოვება, რაც ძალიან გტკენს, არ შეიძლება. იცოდა, რომ ტირილი დანაშაული არ იყო, რომ ემოციები ადამიანად აქცევდა, მიანიშნებდა ღრმა გრძნობებსა და განცდებზე. საკუთარი ემოციურობა სისუსტედ არასდროს ჩაუთვლია. ფიქრობდა ერთი თვის წინ მომხდარზე და ცდილობდა დაეკავშირებინა. ესე იგი, მეგი შიზოფრენიით დაავადდა, შემდეგ, ქეთი საკუთარ აკვიატებად აქცია და საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა, თუმცა აქამდე ყველასათვის უცნობი მიზეზი, ახალგაზრდა კაცმა გამოქექა და ბრალი ქეთის დედას დასდო. მაშ, რა გამოდიოდა? ვინ იყო დამნაშავე? ერთბაშად იმდენი კითხვა დაუგროვდა, თავი ასტკივდა და ტირილიც შეწყვიტა. ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა. ემოციურობას, დაუფიქრებლობას, წინდაუხედავობას. ახლა აქ არ იქნებოდა. საკმარისი ჭკუა რომ ჰქონოდა, იმ კაცის საწოლში არ იწვებოდა, არ იფიქრებდა. დაღლილმა თვალები დახუჭა, საბანი ასწია და შიგნით შეძვრა. ჩაეძინა. *** ოთახში სინათლე არსაიდან ჩანდა, მაგრამ როგორც ჩანდა, როგორც ხვდებოდა, უკვე გათენებულიყო. შერცხვა, უცხო კაცის საწოლში გათენების და წამოდგომა დააპირა, მაგრამ უჩვეულოდ მძიმე ეჩვენა საწოლის ერთი მხარე. გვერდზე გადაიწია, გადაიხედა და გაშოტილი, მკლავზე თავმიყრდნობილი მამაკაცის დანახვაზე, ხმამაღლა წამოიყვირა. კაცი ჭერს მიშტერებოდა, ფეხსაცმლიანი ამძვრალიყო საწოლზე და უდარდელად ფიქრობდა. ან, შეეძლო მას ფიქრი? დილას თავისებურად მოეტანა სიახლე. ქეთიმ წინა ღამით, დაძინებამდე გადაწყვიტა, ეს საქმე დიდ ხანს გაიწელებოდა, ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოყოლით, მთელს სიცოცხლეს შესწირავდა უცხო კაცის საწოლში ყოფნას და ძილს, ასე რომ, უნდა გაეგო. როგორც არ უნდა სტკენოდა, როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა ეგრძნო, საამისოდ შინაგან ძალას გრძნობდა და იცოდა, როგორღაც გადააგორებდა. ფიქრობდა როგორ დაეწყო საუბარი, მტკიცე და მომთხოვნი ხმით, თუმცა ახალგაზრდა კაცი თითქოს მის ფიქრებს და აზრებს კითხულობდა. -ოცდაშვიდი წლის წინ, ერთმა ოჯახმა პატარა გოგონა აიყვანა. -მონოლოგს მიჰყვა ახალგაზრდა კაცი. -ქალი უშვილო იყო, ყოველშემთხვევაში, ეგონათ. გოგონა მათ გვარზე გადაიყვანეს,მაგრამ ნამდვილმა დედამ, აღმზრდელი ქალი დედის სახელით არ სცნო, ასე ნამდვილმა მშობელმა ბოლომდე არ მისცა უფლება, საკუთარ შვილად წარედგინათ. -ქეთი იდაყვს დაეყრდნო, მძიმედ გადააგორა ყელში გაჩხერილი მწარე ბურთი, თან სევდას გრძნობდა. მორიგი, კიდევ ერთი იმედგაცრუების ტალღას -ოჯახი გოგონას უსაზღვრო სიყვარულით ზრდიდა. არაფერს აკლებდნენ, რაც კი გააჩნდათ მას აძლევდნენ, იქამდე, სანამ ოთხი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ბავშვი არ დაიბადა. პატარა, ოთხი წლის, წითური გოგო ნამდვილ მშობელს დაუბრუნეს. -ზიზღით წარმოთქმულმა სიტყვებმა ქეთი დააფრთხო. მეგიზე საუბრობდა. -გულიდან ამოიგდეს, ის სიყვარული, რომელიც მისცეს, უკანვე წაართვეს და დაივიწყეს. ეს ყველაფერი, წერილობით აღწერეს ბავშვის მშობლებმა და მერე, გააქრეს. გოგონა შორს გაიზარდა. ცივილიზაციისგან იმდენად მოშორებით, საკუთარ თავში ჩაიკეტა და გათხოვებამდე, ასე იყო. -ქეთიმ თავი წამოსწია. ნამდვილად არ იცოდა, რომ მეგი გათხოვილი იყო. ყველაზე საზიზღარი გრძნობა გაუჩნდა - სიბრალული. წარმოიდგინა, რა დღეში იყო მისი ქმარი, იქნებ შვილიც ჰყავდა? იქნებ ქეთიმ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, ვისაც მეგი უყვარდა. -მოდი ისტორია ერთად განვაგრძოთ -ახალგაზრდა კაცმა მზერა ქეთიზე გადაიტანა და ჩვეული, მშვიდი ტონით დაიწყო. -ეს გოგონა გაიზარდა, უკვე გათხოვილიც კი იყო, როცა შემთხვევით ყური მოჰკრა ამ ამბავს. შენ რომ ყოფილიყავი, რას გააკეთებდი ? -ქეთი დაბნეული მისჩერებოდა. რაში სჭირდებოდა კაცს მისი ტანჯვა, რატომ უნდა შეეთხზა ქეთის სავარაუდო ისტორია, რომელიც ბოლოს დასრულდებოდა ფრაზით - „წითურმა, ტანჯულმა ქალმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“ კაცი მომთხოვნი მზერით უყურებდა. ქეთიმ მძიმედ გადააგორა ნერწყვი, ჩაახველა. -აუცილებლად გამოვიძიებდი ამ საქმეს. მომინდებოდა იმ ოჯახის ნახვა, რომელმაც ეგოისტური მიზნებისთვის გამწირა, გამაგდო, დამივიწყა. -კაცს კმაყოფილება დაეტყო, თავი დააქნია და ისევ ჭერს ახედა. -ზუსტადაც. ისიც ასე მოიქცა. ამ დროისთვის მისი დაავადება მსუბუქ ფორმებში იყო და ნელ-ნელა პროგრესირდებოდა. წარმოიდგინე, ყოველი ახალი ამბავი, ყოველი სიახლე, რომელსაც ის იგებდა, მის ტვინში გადატრიალებას ახდენდა, დაავადებას უმწვავებდა და ცხოვრებას ურთულებდა. რა მოხდებოდა, როცა საქმე ბომბად იქცეოდა და მალე გასკდომამდე მივიდოდა, როგორ ფიქრობ?! -მის ფსიქიკას შეარყევდა, გაანადგურებდა. -ხარბად გადმოცვენილი ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა ქეთიმ და გაბზარული ხმის ჩასახშობად, ქვედა ტუჩს ძლიერად დააჭირა კბილები. -ასე იყო. ამის გამო მან ყველას სიყვარული დაკარგა, გარშემო აღარავინ დარჩა, ვინც მოუთმენდა, წამოაყენებდა და შეაჩერებდა. ის აუტანელი ავადმყოფი იყო. -ქეთის მტკივნეულად წიწკნიდა კაცის უგულოდ ნათქვამი სიტყვები. ავადმყოფი მისი ნებით არ ყოფილა, ეს უბრალოდ უსამართლობა იყო, რომელი უდროო დროს დაატყდა თავს. დაუმსახურებელი განაჩენი! მეგი არ იმსახურებდა „ავადმყოფად“ მოხსენიებას. მისი სულისთვის, სახელისთვის და იმ ტანჯვისთვის უნდა მიეგოთ პატივი, რაც ჰქონდა, გააჩნდა. -შესაბამისად... რა ხდება მაშინ, როდესაც შენი სამყარო წონასწორობას კარგავს, შენ კი არც გამოცდილება გაქვს, არც ცოდნა და არც მოხერხება, რომ ცენტრი იპოვო და წონასწორობა შეინარჩუნო? ერთადერთი, რაც შეგიძლია, წაგებული ბრძოლის მიღებაა, უნდა გაჩერდე და კედლების ჩამოქცევას, შენი ცხოვრების ფერფლად ქცევას თვალი ადევნო, მოთმინებით უყურო და აიტანო. -მონოლოგი დაასრულა ახალგაზრდა კაცმა. მკაცრი ხმა აღარ ისმოდა. ოთახში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. კაცმა შემოვლით, კიდევ ერთხელ დასდო ბრალი მეგის სიკვდილში. -და კიდევ, იმ შემთხვევისთვის, თუკი გაინტერესებს ვინ იყო ოჯახი, რომელმაც მეგი გულიდან ამოირეცხა, რომელმაც ახალდაბადებული გოგონას გამო, ბავშვი სანაგვეზე მოისროლა, საკუთარ სახლს მიადექი და პასუხი, საკუთარი დედისგან მოისმინე. -ქეთი აუტანელ ტკივილს გრძნობდა. სხეული უკანკალებდა, ისიც კარგავდა იმ წონასწორობას, რომელიც ძლივს ჰქონდა შენარჩუნებული.როგორ ვერ მიხვდა, მართლაც როგორი გულუბრყვილო და სულელი იყო. რა თქმა უნდა. კაცი ამას არ მოუყვებოდა, თუ წვლილი მასაც არ მიუძღვებოდა. მამაკაცი წამოდგა, რაღაც მოკრიფა და საწოლზე დააწყო. ქეთიმ საკუთარი ტანსაცმელი იცნო. -თუ ამის შემდეგ, სახლში წასვლა გინდა, ჩაიცვი. -ქეთის მზერა გაშტერებოდა. სუნთქვა უჭირდა, ძალიან, ძალიან წვავდა შიგნიდან რაღაც. ერთიანად ჭამდა, ღრღნიდა. თავი სამყაროს ცენტრად არასდროს ჩაუთვლია, მაგრამ ახლა გრძნობდა ყველაფრის თავზე ნგრევას. ემოციები ერთად შეაკოწიწა,თავი მოუყარა, ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა და წამოჯდა. მაისურის ბოლოებს ჩაეჭიდა, გადაიცვა, შარვალი ამოიცვა და წამოდგა. ყურადღება უნდა გადაეტანა, სიჩუმით. საწოლზე დაფენილი აბრეშუმის გადასაფარებელი ქვემოთ გადასწია, საბანი ასწია და ზეწრის გასწორება დაიწყო. გრძნობდა დაჟინებულ მზერას, როგორ აკვირდებოდა ახალგაზრდა კაცი, მაგრამ აღარ ადარდებდა. პირი რომ გაეღო, სიტყვის თქმა რომ გაებედა, კონტროლს დაკარგავდა და ალბათ, სცენას მოაწყობდა, ან ცხოვრების ამაოებაში დარწმუნებული, ხმამაღლა მოთქვამდა. ქეთის არ სურდა. საბანი ლამაზად გადაასწორა, ზემოდან აბრეშუმი ააფრიალა და კოხტად შეუკეცა ბოლოები. ბალიშებიც გაანაწილა, მერე მამაკაცისკენ შებრუნდა. იცოდა, ყველაფერი სახეზე ეწერა. გადალესილ თვალებში ეტყობოდა ნაღველი. -მსახურები დაალაგებდნენ -ხელი გაიშვირა კაცმა საწოლისკენ. -გარეთ გადი, მცველებს უთხხარი სამზარეულომდედ მიგიყვანონ. ისაუზმე. -არ მშია. -კაცმა ამოიოხრა. იქვე, უაზროდ დანთებული ბუხრის წინ მდგომ სავარძელში ჩაესვენა, ცალი მხარე მკლავს მიაყრდნო და ქეთის გახედა. -მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უაზროა, ჩვენს არსებობას ისეთივე აზრი აქვს, როგორიც ყველა გრძნობას, რომელსაც ვაწყდებით. -კვლავ დაიწყო მამაკაცმა დინჯი, აუღელვებელი საუბარი. ხმის ისეთი ტემბრი ჰქონდა, ქეთის აიძულებდა მოესმინა. ისეთ ტონალობაში საუბრობდა, ნაღველს ჰგვრიდა. მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ უაზრო - არასდროს. -ყველაზე საშინელი შეგრძნებაა, როცა წინასწარ არასდროს იცი, მომდევნო წუთს რას დაიჯერებ. არა? -ქეთიმ თვალები დახუჭა. იმ სამყაროში შეაბიჯა, სადაც ახალგაზრდა კაცი ტრიალებდა. იქ მიდიოდა, სადაც მამაკაცი აიძულებდა. საკუთარ სინდისთან, ანუ გრძნობასთან, რომელიც აღიარებინებდა, მეგის სიკვდილში დამნაშავე ის იყო. მამაკაცს უნდოდა, ქეთი ასე დაეტანჯა. სახეში შეეყარა ყველა მწარე, მტკივნეული სიმართლის მარცვალი, რომელიც ერთ მთლიანობაში, საზღვარს ქმნიდა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. -დრო გავიდა, დედაჩემი ის აღარაა, ვინც ოცდაშვიდი წლის წინ იყო. -ანუ, შენ ასე გულუბრყვილოდ გჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან? არავინ იცვლება, ყველა იმ ჭაობში იძირება საიდანაც არასდროს ეცდება ამოყვინთვას. ვერასდროს გახდები მეტად კარგი, მეტად ცუდი, მეტად ცოდვილი ან უცოდველი. ადამიანებს ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ, საკუთარი თავის გარდა და ცხოვრებასაც ამაოდ ხარჯავ იმაზე ფიქრში, რომ ცვლილებები დასაშვებია. -ახალგაზრდა კაცი წამოდგა. კარისკენ დაიძრა. მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა, ფართო, ძლიერი მხრები აუდ-ჩაუდიოდა, მომნუსხველი მოძრაობები ჰქონდა. ქეთიმ წინ ნაბიჯი გადადგა. -თქვენ თქვით, რომ მეგი გათხოვდა. სადაა მისი ოჯახი, სადაა მისი ქმარი? ის აქ არ არის. მეგის სიკვდილის სიჩუმეში გატარება, ღალატია. მეგის სიკვდილთან შეგუება ღალატია, მისი დავიწყება ღალატია! სიყვარულის გადათელვაც ღალატია! -ქეთის სახეზე ჩამოგორებული ცრემლი მოშიშვლებულ ყელზე დაეცა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. კაცი გაჩერდა. გახშირებულ სუნთქვას მისი დინჯი მოძრაობები აეჩქარებინა. თავი მოაბრუნა, მის პროფილს ცეცხლის დაბალი ჩრდილი ეცემოდა. -ვითომ იმის ღალატი, რასაც შენად ვეღარ აღიქვამ, - ღალატია? -გამოეპასუხა ახალგაზრდა კაცი. ქეთი დაიძაბა. -სადაა მისი ქმარი? -ყელს მტკივნეულად მოსწყდა სიტყვები, ხელებს ისე ძლიერად უჭერდა, ფრჩხილებით ხელისგულებს ისერავდა. -მეგის ქმარი მე ვიყავი. -შებრუნდა და მუხის მძიმე კარი ხმაურით გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.