ჰილეგი (6)
*** ქეთი იჯდა, წყლის ჭიქა ხელში ეჭირა და გაჭირვებით სუნთქავდა. ერთიანად აკანკალებულ სხეულს ძლივს იმორჩილებდა. ვერ იჯერებდა, რომ დაემუქრა. დედის სიკვდილს ჰპირდებოდა, თუ ტყუილს არ იტყოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა გამჯდარი, თითქოს მართლაც გააკეთებდა, ზუსტად ასე მოიქცეოდა, ასე მწარედ აზღვევინებდა. ახალგაზრდა კაცი მის წინ იჯდა, სავარძელში და მშვიდად სწავლობდა იქაურობას. -რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს თამაში? -გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და კაცს გაუსწორა მზერა. მის სახეზე დალაგებულიყო სიმშვიდე, სიცივე, სიმკაცრე. -რამდენ ხანსაც დარჩება. შესაძლოა, სამი დღე, შესაძლოა, სამი თვე. -და ყოველდღე მეგისთან იქნება? -მე რა ვიცი? რატომ ხარ ასეთი -კაცს თითქოს გაორება სჭირდა, ისევ იგივე ფრაზა და იგივე დაბოლოება „გადაყლაპა.“ ქეთიმ წარმოიდგინა რამდენი სახის დაბოლოება ექნებოდა, მწარედ ჩაეცინა, წამოდგა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. მხრებში გასწორდა. -საიდან უნდა ვიცოდე, რომ დედაჩემი უსაფრთხოდ იქნება? -შენ რა, მკვლელს მამსგავსებ? უმიზეზოდ ხელს არ გავისვრი. -გამსგავსებთ და მერე როგორ! -გამოსცრა ქეთიმ და სახეზე ხელები აიფარა. წარმოუდგენელი იყო, ცრემლები აღარ ეკარებოდა, ერთიანად გაქვავებული იდგა და სწორედ იმის ეშინოდა, რაც რამდენიმე დღის წინ დედამისს უთხრა, პარანოია ნელ-ნელა მასაც იპყრობდა. -დამეხმარე და გპირდები, უსაფრთხოდ იქნები. -თქვენი დაპირებები თქვენთვის დაიტოვეთ! ვინ მოგცათ ჩემს ცხოვრებაში ბინძური ხელებით ჩარევის უფლება? მეგის დედას დავენახვები, მერე ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ტყუილის თქმაში ბადალი არ გყავთ, რამეს მოიფიქრებთ და შემეშვებით! -ოთახისკენ დაიძრა ქეთი. გრძნობდა, ნერვები აღარ ჰყოფნიდა, მალე საკუთარი სხეულიდან გამოვარდებოდა, კანს გადააგლეჯდნენ და სულს გაუშიშვლებდნენ. ადამიანური შიში თხემით ტერფამდე ჰქონდა გამჯდარი. სახლის, ახალგაზრდა კაცის ან მეგის დედის კი არა, საკუთარი ემოციების, საკუთარი დედის, სიყვარულის, თანაგრძნობის დაკარგვის ეშინოდა. კარადის ზემოდან ჩანთა გადმოაძვრინა, ტანსაცმელს თავი მოუყარა და დაუკეცავად დაიწყო ჩაყრა. -შენი ძონძები არ დაგჭირდება, მეგი ასე არ იცვამდა. -კარში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. ქეთიმ ძლივს გადააგორა ყელში ბურთად გაჩხერილი ბოღმა და კაცს მიუბრუნდა. -იდეალური ქმარი! -ირონიულად წამოიყვირა, ხელები ასწია -საოცნებო ქმარი, რომელმაც კარგად იცის რა უყვარდა მის ცოლს. ღმერთო ჩემო, ახლა იმასაც ხომ არ ინატრებთ, მეგის სახე მივიღო? -ქეთი იქვე ჩამოჯდა. მისი ემოციური მდგომარეობა პიკს აღწევდა. ხელები მუხლებზე ჩამოდო და დაეყრდნო. -გაეთრიეთ! -დაიღმუვლა. -გაეთრიეთ. -ერთ წამში, იატაკიდან შავი ფეხსაცმლის კვალი გაქრა, ახალგაზრდა კაცი მის სიტყვას დაემორჩილა. -დამშვიდდი და ათ წუთში ჩამოდი -ცივად მიაძახა და მერე, კარიც ხმაურით გაიხურა. ქეთიმ ამოიკვნესა, აკანკალებულ სუნთქვას ამოაყოლა დაღლა. პოლიციასაც კი ვერ მიმართავდა, მამაკაცს მთელი სისტემა საკუთარ ხელის გულზე ჰქონდა შემოდებული. ერთადერთი, ვინც დაეხმარებოდა, საკუთარი თავი იყო. ტანში გასცრა იმ გზის გახსენებაზე, რასაც ბატონის სახლამდე მიჰყავდა. იმ გზაზე მესამედ მიდიოდა, იმ სახლს მეორედ სტუმრობდა. ოღონდ, ახლა მეგი უნდა ყოფილიყო, მეგის ცხოვრებაში უნდა შეჭრილიყო. ქეთის ვერ წარმოედგინა, როგორ მივიდოდა სახლში, როგორ დააჯერებდა ყველას რომ მეგი იყო. ეს ყოველივე, ასეთი არაადამიანური მოპყრობა აგიჟებდა. ცოცხალი მეგი გაანადგურეს, ახლა მკვდარსაც აღარ ასვენებდნენ. მოუნდებოდა მეგის დედის ნახვა? როგორი რეაქცია ექნებოდა? საერთოდ, მეგი როგორი იყო? ქეთი იატაკზე ჩამოჯდა, თავი მუხლებზე დადო და ჩაფიქრდა. ახალგაზრდა კაცისგან წესიერ პასუხს არ ელოდა. ის იმას ეტყოდა, რაც აწყობდა. შესაძლოა, მეგის ჰქონდა რაიმე თვისება, რაც მის საქმეს არ წაადგებოდა, ამიტომ დამალავდა. მაშ, ვინ ეტყოდა სიმართლეს? რუსიკო! ქეთის გონება გაუნათდა. მიუხედავად იმისა, როგორ ეტყობოდა ქალს მამაკაცის სიყვარული, ის არ იყო მატყუარა. ერთი წუთით, საკუთარ თავს გარედან შეხედა. წარმოიდგინა როგორ გამოეწყობოდა მეგის ტანსაცმელში, როგორ მოუწევდა „მეგის“ დაძახებაზე გახედვა, როგორ გაითავისებდა მის ნივთებს. გულისრევის შეგრძნება გაუმძაფრდა. არ იმსახურებდა მეგი ამ დამცირებას, ის არ იყო ღირსი ფეხით გადაეთელათ მისი ნივთები, მისი ცხოვრება, მაგრამ ნაპირის მეორე მხარეს, ქეთის მშობელი დედა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ალბათ ძალიან გვიან აპატიებდა, ვერასდროს გაიმეტებდა. მეგის ცხოვრების მითვისებით, საკუთარ თავს კლავდა. საათს ახედა. ათი წუთი გასულიყო. წამოდგა, მოსაცმელი აიღო და ჩალაგებული ნივთები იქვე დატოვა. მართალი იყო, მეგი და ის სხვადასხვა ადამიანები იყვნენ და მას არ სურდა, მეგი საკუთარ ტანსაცმელში გაეცოცხლებინა. ქვევით მანქანა იდგა, მუქი მინებით. მძღოლმა ქეთის კარი გაუღო, ახალგაზრდა კაცის გვერდით მოთავსდა და მთელი გზის განმავლობაში, თავი არ აუწევია, მინაზე მიყრდნობილმა იმგზავრა. ცდილობდა, ახალგაზრდა კაცისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. ფიქრებისგან დაღლილს, ჩაეძინა. *** -ქეთი, ძვირფასო. -ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო მხრებზე. აფხიზლებდნენ. თვალები ზანტად გაახილა. თვალებს ვერ დაუჯერა, როცა ახალგაზრდა კაცის ოთახი ეცნო. სწრაფად წამოჯდა, მის გვერდით მომლოდინე რუსიკოს გახედა და დამშვიდდა. კიდევ კარგი, პირდაპირ მისი დანახვა არ მოუწია, თორემ ალბათ, გაგიჟდებოდა. -რუსიკო. -ამოიკნავლა ბოლოს და ოთახი მოათვალიერა, ძალიან სწყუროდა. -წყალი გინდა? -ფიქრებს მიუხვდა პუტკუნა და მის უკან მდგომი მაგიდიდან, სავსე ჭიქა ქეთის მიაწოდა. გოგონამ ხარბად მოსვა, ბალიშს მიეყრდნო და დაღლილი თვალებით გადახედა მოწყენილ ქალს. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, ისე იდგა. -რუსიკო, მითხარი რა გაწუხებს. -ეს ამბავი რომ გავიგე -დაიმორცხვა და ქეთის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. მისი ხელები აიღო და მშობელი დედასავით მიეფერა. -მეგი. მისი ამ კედლებში გაცოცხლება, საშინელებაა. შენ არაფერზე ინერვიულო, სახლიდან ყველა ძველი მსახური გავუშვი და ახლები მივიღეთ, მათ არაფერი იციან, ისინიც ისე გაგიცნობენ, როგორც ამ სახლის ქალბატონს. -რუსიკო, სახლში მინდა. ეს, ეს არაადამიანი დედის მოკვლით დამემუქრა! -ქალს თვალები აემღვრა, ცრემლები ჩამოიწმინდა და ქეთის უფრო ძლიერად ჩაჰკიდა ხელი. -მესმის, ჩემო გოგონავ. -თითქოს სიტყვებს თავს უყრიდა და ემოციებს ბოჭავდა, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა და საქმე არ ჩაეშალაო, არადა ქეთიმ იცოდა, როგორ ემოციურად უდგებოდა ამ საკითხს რუსიკო. -თუ დასვენება გჭირდება, დაისვენე. ქალბატონი მალე აქ იქნება და მას, მას მეგი უნდა დახვდეს. -რუსიკო შეშინებულივით გაიქცა ოთახიდან. ქეთიმ თავი კედელს მიაყრდნო. საკუთარი თავის კი არა, სხვისი ტკივილის მიზეზიც ხდებოდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ამ ოთახში შესაძლოა, მეგისაც ეძინა. დასვენების სურვილი გაუქრა და საბანი გადასწია, წამოდგა, საწოლი კოხტად გაასწორა და დარბაზში გავიდა. იქ, ბუხართან, სასმლით ხელში ახალგაზრდა კაცი იჯდა. ჩაფიქრებული მისჩერებოდა ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს. -რუსიკოსთან ჩადი, ისადილე, ის აგიხსნის რა უნდა გააკეთო და ამოდი. სალაპარაკო გვაქვს. დედამისი საღამოს აქ იქნება. -ქეთის ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში. სწრაფად გაიქცა სამზარეულოსკენ, ერთი კი შეამჩნია, დაცვა მართლაც განახლებულიყო, სამზარეულოს შესასვლელთან გაჩერდა და მხოლოდ მაშინ გააანალიზა, რომ ამ სახლში არც ერთ კუთხეს არ იცნობდა. სამზარეულოში მართლაც დაუხვდა რუსიკო, სხვადასხვა სახეებთან ერთად. ერთადერთი, ვინც არ გაუგდიათ, ლალე იყო. ის ქერა გოგონა, ქეთის რომ საუზმე მიართვა, მეტყველი თვალებით და თბილი ღიმილით. გოგონა თვალცრემლიანი იდგა, მზერას ქეთისკენ აპარებდა და ხელები ერთ მუჭად შეეკრა. -ქალბატონო -წამოიკივლა საშუალო სიმაღლის, დაახლოებით ოცი წლის გოგონამ და ქეთის მივარდა. თავიდან გაუკვირდა, მერე ნელ-ნელა გაანალიზა, რომ მათთვის ქეთი კი არა, სახლის დიასახლისი, ქალბატონი მეგი იყო და მარცხნივ, ტკივილი იგრძნო. თვალები აემღვრა, გოგონას ნელა გახედა და პირი დააღო რაღაცის სათქმელად. -რაიმე ხომ არ გნებავთ? -აკანკალებული ეკითხებოდა გოგონა, რომელსაც ღია ცისფერ პერანგზე, მარცხენა კუთხეში „ნოა“ ეწერა. ისეთი შიში გამოხატვოდა, ქეთის გულწრფელად შეებრალა. ვინ იცის, ამ სახლში რა ტრიალებდა, ასე დამფრთხალი გოგონები რომ დარბოდნენ. -გოგონებო, გადით! -ხმადაბლა დაიძახა რუსიკომ და ისინიც, წამში გაიკრიფნენ უკანა კარიდან. ლალე ისევ ისე იდგა, რუსიკომ ქეთის მაგიდისკენ მიუთითა და ისიც მორჩილად მიჰყვა. -ლალე, შვილო, ქალბატონს ყავა მოუტანე. -ქეთის უსიამოვნოდ მოხვდა ყურში „ქალბატონი“ და თავი ისე გასწია, თითქოს სილა გააწნეს. -ქეთი. მე ქეთი მქვია. -პროტესტის ნიშნად ერთ წერტილს მიშტერებულმა თქვა და ხელები მაგიდაზე შემოაწყო. -ლალე მეგისთან ყველაზე ახლოს იყო. მას ევალებოდა მეგისთან საუზმის, სადილის, ვახშმის, ყავის ან ჩაის მიტანა. ლალე ეხმარებოდა ჩაცმაში, მოწესრიგებასა და ყველა პირად საკითხში. -რუსიკო თავდახრილი საუბრობდა. ეტყობოდა როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა. -შეგვეძლო სხვა მოგვეყვანა, მაგრამ მეგის ლალე ძალიან უყვარდა. ისინი ახლოს იყვნენ. მეგი სხვას არ ენდობოდა და შენც ასე მოგიწევს, შვილო. -რუსიკომ ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა. ქეთი მის წინ დადებულ ფინჯანს მიაშტერდა. ყურებს არ უჯერებდა. ისე ექცეოდნენ, როგორც მეგის. ყველაზე აუტანელი, დამამცირებელი მდგომარეობა ჰქონდა. -როგორი იყო მეგი? -უეცრად დასვა კითხვა. ლალეს დაბნეულ მზერას გადააწყდა და გულწრფელად დასწყდა გული, რომ ლალესთვის მეგობარი გარდაიცვალა და ახლა, მის წინ, შორიდან მოსული აჩრდილი იჯდა. -უანგარო, კეთილი, ჭკვიანი და თავშეკავებული. არ უყვარდა,როცა გვამცირებდნენ. ძალიან მოსწონდა წესრიგი, პატივისცემით ეპყრობოდა ყველას. -ტკივილნარევი ხმა აღმოხდა რუსიკოს. ქეთის თვალები ცრემლებით გაევსო, საშინელ ტკივილს გრძნობდა გულში, ყელში მყესები დასჭიმვოდა და ვერაფერს უხერხებდა მწარედ გაჩხერილ ბურთს. იფიქრა, ნეტავ ერთი თავმომწონე, პრეტენზიული ქალი ყოფილიყო, რომ აღარ დასჭირვებოდა ტკივილით წარმოთქმული სიტყვების მოსმენა, ამ ტვირთს აღარ ატარებდა ზურგით, რადგან, თვითონ უკვე ცივდებოდა, ვეღარ ინარჩუნებდა ძველ პიროვნებას, რომელიც მეგის მსგავსად, უანგაროდ არიგებდა ღიმილსა და სითბოს. -ის საღამოობით -წამოიწყო ლალემ. -საღამოობით სამზარეულოში შემოდიოდა, დაღლილ მოახლეებთან ერთად ჯდებოდა, იცინოდა, გვეკითხებოდა დღეს ძალიან ხომ არ დავიღალეთ, დაცვამ რაიმე ხომ არ გვაკადრა. მერე, ერთად ვაწყობდით მომდევნო დღის გეგმებს. კითხულობდა რომელი სადილი აჯობებდა, რომელი მოეწონებოდა ბატონს. -ქეთი წამოენთო. საშინელი გრძნობა გაუჩნდა. ესე იგი, მეგის მართლა უყვარდა ახალგაზრდა კაცი, თანაც იმდენად, სხვების აზრსაც იზიარებდა, როგორ ასიამოვნებდა ქმარს. -ქალბატონი მეგი მაშინაც ასეთად დარჩა, როცა დაავადდა. როცა მისი ფსიქოლოგია მიწასთან გასწორდა და ცხოვრება გაურთულდა. ის ცდილობდა, ძალიან ცდილობდა პიროვნებად დარჩენილიყო. დატანჯული, ოფლში მცურავი, საღამოს დამიძახებდა, ახლოს დამისვამდა და ისევ მელაპარაკებოდა. ყველა ვხედავდით როგორ უჭირდა, როგორ ცდილობდა ნორმალურად დარჩენილიყო, მაგრამ გატყდა. ყველაფერი, რაც მის გარშემო ტრიალებდა, მის მცდელობებზე ძლიერი იყო. ბოლო დროს, ოთახიდან აღარ გამოდიოდა, არავის უღიმოდა, ცოტას ჭამდა. იჯდა, საკუთარ თავთან საუბრობდა. თავის დღიურებს კითხულობდა და როცა შეეძლო, ერთი-ორი წინადადებით ავსებდა. -ქეთი უსმენდა, აუხსნელი ტკივილით ჩამოსდიოდა ცრემლები და ცდილობდა, როგორმე შეეჩერებინა. ესე იგი, მეგის დღიურები ჰქონდა. სადაც მაშინაც კი წერდა, როცა ძალიან ცუდად იყო. მეგის მიმართ საოცარი პატივისცემა გაუჩნდა. იმ წამს მიხვდა, როგორ უღალატა საკუთარ თავსაც და მეგისაც, როცა მამაკაცს დასთანხმდა მეგის როლის თამაშზე. მან მეგის გამბედაობა, მისი მოთმინება, უშედეგო მცდელობები გააუფასურა. ქეთიმ სამხარეულოს საათს გახედა. ხუთი საათი იყო. დრო მოსულიყო. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორი რეაქცია ექნებოდა მეგის. -იცის მეგის დედამ, რომ შიზოფრენიით დაავადდა? -არა. მან მხოლოდ ის გაიგო, რომ მეგის არც ისე მყარი ფსიქიკა ჰქონდა. ესეც ჩვენი ბატონის დამსახურებაა, რომ არაფერი იცის. ჩამოვა, ნახავს შვილს და წავა, ალბათ მეორედ აღარასდროს მოაკითხავს. აქ დასრულდება, ქეთი. -აუხსნა რუსიკომ და ქეთიმაც, თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ისევ ასე ისხდნენ, დამშვიდდნენ და მერე, ლალემ, მოსამზადებლად წაიყვანა. *** ქეთიმ დარბაზში ლალესთან ერთად შეაბიჯა. მამაკაცი ისევ ისე იჯდა, გაუნძრევლად. -ამას აქ რა ჯანდაბა უნდა? გაეთრიე! -შეუღინა ლალეს და ისიც, კარს უკან გაუჩინარდა. -მეგის ოთახი სადაა? -აქ არა. ის გოგო წაგიყვანს. -ქეთიმ თავი დაუქნია, გასვლას აპირებდა, კაცის სიტყვა რომ დაეწია. -ახალი ტანსაცმელი საწოლზე დევს, თუკი მისი არ გჭირდება. -ქეთის მიღებული სტრესის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ესიამოვნა სიახლე. მეგის ტანსაცმლის ჩაცმა არ მოუწევდა და ეს უდიდესი შვება იყო მისთვის. მის სურნელს არ ატარებდა, მის ცხოვრებაში ასე ღრმად აღარ შეძვრებოდა. სწრაფად დატოვა ოთახი და იქვე ატუზულ ლალეს მიჰყვა. უზარმაზარ ოთახში შეაბიჯეს. სხვა ყველა ოთახისგან განსხვავებით, ეს ერთადდერთი ოთახი იყო, სადაც კედლები თეთრად შეეღებათ, სინათლე იპარებოდა. -მეგის სინათლე უყვარდა, არ მოსწონდა სიბნელე. -ქეთიმ თავი დაუქნია. -მისი ქმარი? ანუ, მათ ერთად ეძინათ? -თავიდან კი. ძალიან ადრე, როცა ახლად შექმნილი ოჯახი ჰქონდათ. ამ საძინებელში ეძინათ. -როდის გადავიდა ბატონი მარტო? -სამი, ოთხი წლის წინ. ხშირად ჩხუბობდნენ, მთელს სახლში მათი ყვირილის ხმა ისმოდა. ბატონმა ვეღარ აიტანა მეგი და ცალკე გადავიდა. იშვიათად ხვდებოდა ცოლს, მასთან ერთად აღარც ვახშმობდა. მეგიც ისეთი ადამიანი იყო, თუ სიცივეს აგრძნობინებდნენ, დამფრთხალი კუთხეში ჩაჯდებოდა და აღარც კი სუნთქავდა. ბატონს ის თავისუფლება მისცა, რომელსაც ასე ნატრობდა. -დაუფარავი ზიზღით აღმოხდა ლალეს. ესე იგი, მხოლოდ ქეთი არ ფიქრობდა, რომ მეგის სიკვდილში დამნაშავე ახალგაზრდა კაცი იყო. ამასთან, ერთი საერთოც კი აღმოაჩინა მეგისთან. როცა თავს ცუდად იგრძნობდა, ისიც ერიდებოდა ყველას და ყველაფერს და მარტო რჩებოდა, თუნდაც კუთხეში. დიდი სარკის წინ, სამფეხა სკამი იდგა, მძვირფასი მაგიდის ზედაპირზე სამკაულებით სავსე ზარდახშა იდგა. იქვე იდო სავარცხელი, შედარებით პატარა სარკე და დღიური. ქეთიმ ინტერესით შეავლო თვალი. ლალემ შენიშნა და მიუახლოვდა. -მეგი არაფერს მალავდა. ამ დღიურს მეც მაკითხებდა, ზოგჯერ. ასე რომ, თუ მის გასაცნობად წაკითხვა გჭირდებათ, დამიჯერეთ, ამით მეგის არ შეურაცხყოფთ. -ქეთის ესიამოვნა ლალეს სიტყვები. თითქოს იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო. რუსიკოც ჰყავდა, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდა კაცისკენ იყო, შვილივით უყვარდა, ეს ყოველ გამოხედვაზე ეტყობოდა, როცა მის მხარეს იჭერდა და ერთი ცუდიც კი არ დასცდებოდა. აი, ლალე, მეგის მეგობარი იყო. მისი ესმოდა, იცოდა რა სტკიოდა, რა აწუხებდა მეგის და უფრო ზუსტად, ლალე შეესწრო მეგის ბოლო, ტანჯვის წამებს. -ისედაც ვპარავ ცხოვრებას. -სწრაფად მოშორდა დღიურს და ნაბიჯი გადადგა უკან. -ცხოვრება ყველას მოგვპარეს. -დანანებით წარმოთქვა ლალემ და დღიურს ხელი გადაუსვა, თხელ ფენად დადებული მტვერი მოაშორა. -მეგის მხოლოდ ერთი დღიური არ ჰქონია. ის მუდმივად წერდა, თუმცა -ლალე დაეჭვებული წავიდა კარადისკენ, ძლიერად მიაწვა და გამოსწია. -აი, აქ ინახავდა ერთ ცალს, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობდა და რომელსაც საიდუმლოსავით ინახავდა. -კარადის უკან, კედელში ამოჭრილი ნაწილი გამოსწია, სეიფი იყო. ქეთის თვალები გაუფართოვდა. -არ ვიცი აქ რას წერდა, მაგრამ სავარაუდოდ, ელოდებოდა როდის ჩავარდებოდა საჭირო ადამიანის ხელში. არ ვიცი, იქნებ ვცდები და ახლა მეგი იქიდან მწყევლის, მაგრამ მგონი, ეს უკვე თქვენი საკუთრებაა. -ხელი გაიშვირა ჩარაზული, დაცული სეიფისკენ და განზე გადგა. ქეთი მიუახლოვდა, ხელის შეხებას აპირებდა და ისევ უკან გადახტა. შორიდან ნაბიჯების ხმა ისმოდა, შეშინებულებმა ერთად მიაცურეს კარადა და ვითომ აქ არაფერიო, ტანსაცმლის არჩევას შეუდგნენ. კარი დაუკითხავად შემოგლიჯა დაცვამ, ქეთის გული შეუფრთხიალდა -დაკაკუნება არ გასწავლეს? -შეუბღვირა შუბშეკრულ ახალბედას და ისიც,წამში დადნა. -მაპატიეთ, ქალბატონო. დედათქვენი ერთ საათში აქ იქნება. -კარი უსიტყვოდ დახურა კაცმა და გაუჩინარდა. ქეთიმ და ლალემ ერთმანეთს გადახედეს, სწრაფად შეუდგნენ საქმეს. მეგის განსხვავებული გემოვნება ჰქონდა. რაღაცნაირი, შემოქმედებითი ადამიანი იყო. არ ჰყვარებია მუქი ტანსაცმელი, რაც ახალ არჩევანშიც ჩანდა. ქეთიმ თითქოს შეამჩნია, რომ ეს ტანსაცმელი ბატონის ნაყიდი იყო და ყველაფრის მიუხედავად, მეგის ისიც იცნობდა. საბოლოოდ, ჯერი მუქ, ბორდოსფერ კაბაზე შეაჩერეს. ქეთის ჩაეცინა. ირგვლივ ყველაფერი ისეთი ერთფეროვანი იყო. -მეგი როგორ შეხვდებოდა დედამისს? -იკითხა გულუბრყვილოდ. ლალე იქვე ჩამოჯდა, ხელები ახლართა. -მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ კეთილი იყო, მას მაინც ჰქონდა ეგოისტური ნაწილი, რომელიც ალბათ, ვერ აპატიებდა დედას. იმას ვამბობ, რომ შესაძლოა ეპატიებინა, შეეყვარებინა, მაგრამ მას არ დაანახვებდა. პირიქით, მის წინაშე ყინულის მთად იქცეოდა. ქეთის კაბის ჩაცმაში ლალე დაეხმარა. მუხლამდე, ვიწრო კაბა იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დანახვამ თვალები გაუფართოვა ქეთის. ფიქრობდა, ასე გაპრანჭვის დრო არ ჰქონდა, არც ხალისი, მითუმეტეს. გრძელი, მუქი თმის დახვევაშიც ლალე დაეხმარა, მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთა. -ქალბატონო, ნუ გაქვთ ასეთი სახე. -ოფიციალურობას დაუბრუნდა ლალე. -ლალე, მეგის როგორ მიმართავდი? -სახელით. -დაიმორცხვა გოგონამ. -თუ ძალიან არ გაგიჭირდება... -ქეთიმ ტუჩზე იკბინა. -პირიქით, დამამშვიდებს ამ სახელის ცოცხლად თქმა -თვალებში უსაზღვრო ნაღველი გამოეხატა ლალეს. ქეთი იჯდა, სარკეში საკუთარ თავს, უფრო სწორად, მეგის ათვალიერებდა და ნელ-ნელა, ემშვიდობებოდა ქეთის. თითქოს, დაკარგა ყველაფერი რაც მას მეგისგან განასხვავებდა. ქვედა უჯრა გამოაღო და იქიდან ფოტო ამოაძვრინა. ფოტოზე მეგი იყო გამოსახული. გრძელი, წითური თმა ჰქონდა, იღიმოდა, როგორც ჩანდა, სახლის ეზოში, ბალახზე იჯდა. -ეს ფოტო ყველაზე მეტად უყვარდა. ბატონმა გადაიღო. -ლალე, ქმარი უყვარდა? -ძალიან. საერთოდ არასდროს ამბობდა ხმამაღლა, მაგრამ როცა მას უყურებდა, ყველაფერი თვალებში იკითხებოდა. მასზე იმდენად იყო შეყვარებული, რომ თავისუფლება აჩუქა. ერთხელ ისიც თქვა, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო. -არ ეყოთ. -დანანებით წამოიძახა ქეთიმ. ლალემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, საწოლი კიდევ ერთხელ გადაასწორა. -ქეთი, დღეს სად დაიძინებთ? -ქეთიმ ამოხედა. ამ კითხვას არ ელოდა. საკუთარი თავისთვისაც კი არ ჰქონდა დასმული. საქმე იმაში კი არ იყო, რომ მეგის დედას განცალკევებული ცოლ-ქმარი არ მოეწონებოდა, არამედ ქეთის ემოციურ მდგომარეობაში. ვერ დაიძინებდა იმ ოთახში, სადაც ყველაფერი მეგის ეკუთვნოდა, სადაც ყოველი ნივთი მეგისი იყო. ვერ დადებდა იმ ბალიშზე თავს, რომელსაც ჯერ კიდევ, მეგის ჰაერით გაჟღენთილი ზედაპირი ჰქონდა. ეს ყველაფერი მოკლავდა. ერთ ღამესაც ვერ გაათენებდა. მისი „ქმრის“ საძინებელში დაძინებას კი ცოცხალი თავით არ აპირებდა. -სად დავიძინებ. -გაიმეორა ქეთიმ და ის-ის იყო, ლალესთვის უნდა ეკითხა რაღაც, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -დაიმახსოვრეთ, ქალბატონი ხართ! -წაუჩურჩულა ლალემ. ქეთის გაუხარდა. კიდევ კარგი შეახსენა, თორემ საერთოდ გადაავიწყდა, რომ მეგის სხეულში დაუკითხავად იჯდა და იქიდან, განკარგულებებს გასცემდა. იმდენად გულუბრყვილო იყო, ქეთის როლში გავიდოდა აქედან და ყველაფერს წყალში ჩაყრიდა, უფრო სწორად, დედამისს წაართმევდა შანსს. -შემოდით! -ყელი ჩაიწმინდა, სკამზე გასწორდა, მხრებში გაიმართა. კარი დაახლოებით ლალეს ასაკის გოგონამ შემოაღო, ისეთი სახე ჰქონდა, დიდად არ სიამოვნებდა მსახურობა. -ბატონი გეძახით. -ლალემ და ქეთიმ ერთმანეთს გადახედეს. ქეთი წამოდგა, სიკვდილივით სძულდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. -კარგი. -მიაძახა. გოგონამ კარი გაიხურა. -ლალე, დარწმუნებული ხარ რომ ამ სახლში ყველას მეგი ვგონივარ? -დაბნეული მიაჩერდა მის უკან მდგომ, ფერწასულ გოგონას. მან თავი დაუქნია. -გუშინ რუსიკომ ყველა გაათავისუფლა. მამაკაცებიც და ქალებიც. მხოლოდ მე და ერთი-ორი, ბატონის უახლოესი დაცვის წევრები დავრჩით. აქ ყველას მეგი ჰგონიხართ. -ქეთის ჟრუანტლმა დაუარა. წარმოიდგინა როგორ ეძახდნენ „მეგის“ და პასუხად, ქეთი უყურებდა. ოთახიდან ლალესთან ერთად გავიდა და ბატონის დარბაზთან მივიდა, კარზე დააკაკუნა, ოფიციალურობის მიზეზით, თორემ მასზე ისე იყო გაცოფებული, სიამოვნებით შეუმტვრევდა კარს. გვერდით მდგომმა მცველმა კარი გაუღო, ქეთი შეატარა. ლალე გარეთ დარჩა, ქეთი ფეხის ხმით მიხვდა, რომ წავიდა. ახალგაზრდა კაცი ზურგშექცევით იჯდა. ბუხარს მიშტერებოდა. -მეგი. -დაიძახა წუთის სიჩუმის შემდეგ. ქეთიმ დაფეთებულმა ამოხედა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა. ყველას წარმოთქმული აბნევდა, მაგრამ ეს მამაკაცი, განსაკუთრებულად ამბობდა სახელებს. ჯერ იყო და „ქეთი“ ისეთი გრძნობით დაუძახა, ლამის ბრაზი გადაავიწყა, ახლა კი ცოლს ეძახდა. ნეტავ, თვითონ თუ შეეგუა მეგის „გაცოცხლებას?“ -მე ქეთი მქვია. -აზრებს თავი მოუყარა ქეთიმ და ბუხრის მიმართულებით წავიდა. ახალგაზრდა კაცი შემობრუნდა, ხელში ვისკის სავსე ჭიქა ეჭირა და საკმაოდ შორ მანძილზე იგრძნობოდა სასმლის სუნი. ქეთიმ ცხვირი შეჭმუხნა. -ოცდაათ წუთში აქ იქნება. უკვე მოიფიქრე როგორ შეხვდები დედიკოს? -ისე, როგორც მეგი შეხვდებოდა. უემოციოდ -მოკლედ მოუჭრა ქეთიმ და სხვა მხარეს გაიხედა. ახალგაზრდა კაცმა ხელი მკლავში სტაცა და ახლოს მიიზიდა, ქეთიმ წამოიყვირა. -არ გაბედო შენი გამოხტომებით ჩემი საქმის ჩაშლა, თორემ დედაშენს არც ეს დააზღვევს. აქ მხოლოდ მეგის სტატუსისთვის კი არა, ჩემთვის ხარ. -წაისისნა კაცმა და აყროლებული სასმელის სუნით კანი აუწვა ქეთის. ხარბად ათვალიერებდა სხვანაირ ქალს. ის აღარ იყო ჯინსსა და მაისურში გამოწყობილი, ისტერიული ქეთი, ის მოხდენილ. ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი დახვეწილი ქალი, ბატონის ცოლი იყო. -და როცა ოცდაშვიდი წლის შემდეგ, მეგი დედას ნახავს, როგორ ფიქრობთ, მაშინვე ჩაეხუტება და შეიყვარებს? -ქეთის გაეცინა. -აი, მართლაც ძალიან გულუბრყვილო ყოფილხართ, არადა, მსახიობი მეგონეთ. რაც არ უნდა გჭირდებოდეთ იმ ქალისგან, მეგის სიყვარული ამაში ვერ დაგეხმარებათ. -მართლა? აბა რას მთავაზობს ჩემი ცოლი? -ცხოველური ჟინით აღმოხდა მამაკაცს და მისკენ დაიძრა, ქეთიმ ნაბიჯი გადადგა უკან და ხელით კედელს მიეყრდნო. -შეთანხმებულად ვიმოქმედოთ. -ახალგაზრდა კაცის სასარგებლოდ წაიყვანა საუბარი და ისიც, მოთვინიერებული ცხოველივით შეჩერდა. -მეგიზე რაღაცები გავარკვიე. მითხრეს, რომ რაც არ უნდა ეგრძნო, ხმამაღლა არასდროს იტყოდა. ეს თქვენთვის გასაღებია. მეგის დედა უფრო მეტად ეცდება ჩემი გული მოიგოს, ეს პროცესი გაიწელება, ის ყველაფერს გაიღებს ამისთვის, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ყველაფერს. -რაც პირველად მოაფიქრდა, ის წამოიძახა ქეთიმ. გაოცდა,როცა მამაკაცის სახეზე კმაყოფილება დაინახა. -აი, შენნაირი რომ ყოფილიყო მეგი, ღმერთმა იცის, ალბათ არ მომბეზრდებოდა. ამდენი ჭკუა არ ჰქონდა. -საჩვენებელი თითი აიქნია, ტუჩი გადმოაბრუნა. საოცარი სანახავი იყო მთვრალი. სულელურად გულღია. -არ ჰქონდა, იმიტომ რომ უყვარდით. რა თქმა უნდა, ვისაც ფეხებზე , თქვენი ცხოვრება და საქმე, ის სწორად ფიქრობს. -ხელები გადააჯვარედინა ქეთიმ და საათს ახედა. ახალგაზრდა კაცის მორჯულებაში უკვე ხუთი წუთი გასულიყო. ხელი ჩაჰკიდა და ოთახისკენ წათრევა დაუპირა, თუმცა იმდენად მძიმე იყო მამაკაცის ძლიერი სხეული, ძვრაც ვერ უყო. -უნდა მოწესრიგდეთ, საერთოდ რას ჰგავხართ. -წამოიზმუვლა, მერე დაჰყვა ქეთის ნებას და ოთახში შეჰყვა. ქეთი პირველად იყო მამაკაცის ოთახის სააბაზანოში. თეთრი კედლები, თეთრი კაბინა, ყველაფერი თეთრი იყო. სანატორიუმს ჰგავდა. ცივი წყალი მოუშვა და ტანსაცმლიანი შეაგდო კაბინაში. ალბათ თვითონ გაიხდიდა. ქეთი კი გამოვიდა, მის კარადაში დაიწყო ქექვა. თეთრი პერანგი და შავი შარვალი გადმოიღო, საწოლზე გადაფინა. სანამ მამაკაცი შხაპს იღებდა, უნდოდა ენახა ოთახში არსებული მესამე კარის იქით რა იყო. მისკენ დაიძრა, თან თვალს სააბაზანოსკენ აპარებდა. ის-ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია, რომ უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. ახალგაზრდა კაცი პირსახოცმოხვეული იდგა და აკვირდებოდა. მის იდეალურ სხეულზე წყლის წვეთები მიმზიდველად დასრიალებდნენ. ქეთიმ თვალებზე ხელი აიფარა, თავი დახარა და კარის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით გავიდა. სანამ გავიდოდა, მამაკაცის სიტყვები გაარჩია. -ამ გოგოს ძალიან უნდა შიშველი მნახოს. -ქეთი წამოენთო, გაბრაზებულმა კარი ძლიერად გაიჯახუნა და დარბაზში, მის კუთვნილ სავარძელში ჩამოჯდა. *** ახალგაზრდა კაცი ოთახიდან ჩაცმული გამოვიდა. ქეთის მოეწონა,რომ მისი არჩეული ეცვა, თუმცა მას ყოველთვის თეთრი პერანგი ეცვა და განსხვავება არც არსებობდა. მამაკაცმა საკუთარ სავარძელში გაჭიმული ქეთი რომ დაინახა, ნაკვთები დაეჭიმა. -ეგ ჩემია. -ხელი გაიშვირა სავარძლისკენ. ქეთიმ ფეხებზე დაიხედა. -რაიმე ხომ არ წაგართვით? -სავარძელი. -რაც თქვენია, ის ჩემია. -ირონიულად გაუღიმა ქეთიმ და კაცს სიტყვის თქმაც არ დასცალდა, კარზე კაკუნი გაისმა. თავი შემოჰყო ბატონის ერთგულმა დაცვის წევრმა, შავი, საყელოიანი მაისური ეცვა. -ქალბატონის ნათესავი მოვიდა. -ქეთი დაიძაბა. ავტომატურად აიხედა ერთიანად დაჭიმული მამაკაცისკენ და წამოდგა. ხელები ერთმანეთში გადახლართა. -დაიმახსოვრე, მეგის ვუყვარდი. მაგ კუდიანს უნდა ვაჩვენო, რომ არც ჩემთვისაა სულერთი. რაც არ უნდა მოხდეს, შენ მე დამეკითხები, გვერდიდან არ მომშორდები და მასთან არაფერზე ისაუბრებ. უბრალოდ თავს აარიდებ. -ქეთიმ თავი დაუქნია. მგონი, მამაკაცი პირველად უქმნიდა ისეთ სიტუაციას, სადაც ქეთი ნაკლებ უხერხულობაში ვარდებოდა. მამაკაცმა ქეთი განზე გასწია, კუთვნილ სავარძელში ჩაჯდა და ქეთის მაჯაზე ჩაეჭიდა, გოგონა ზურგსუკან დაიყენა, ცალი ხელი მხარზე დაადებინა. მეორე ხელით ქეთი ცალ ლოყაზე ეფერებოდა. მისკენ დახრილიყო. ვერ ხვდებოდა ეს ოჯახური, მოჩვენებითი იდილია რა საჭირო იყო. ხუთი წუთის შემდეგ, ნაბიჯების ხმა გარკვევით გაისმა სართულზე. ქეთის კანკალი ახალგაზრდა კაცმაც იგრძნო და მისსავე მხარზე დადებულ მტევანზე, მაგრად მოუჭირა. გაუაზრებლად, ქეთი დამშვიდდა. ახლა მხოლოდ თვითონ კი არ თამაშობდა, ახალგაზრდა კაცსაც უწევდა საკუთარი ცოლი გაეცოცხლებინა და შეეყვარებინა. კარზე კაკუნი გაისმა, თავი ისევ შემოჰყო დაცვამ და ბატონი გააფრთხილა, თქვენთან არიანო. ხმა არც ერთს ამოუღია. ოთახის პრიალა იატაკზე, ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმამ ქეთი დააფრთხო, თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. -თქვენთან არიან, ქალბატონო. -ქეთის ლალეს ხმა რომ მისწვდა, დამშვიდდა, მოეშვა. რადგან ლალე იქ იყო, ანიშნებდა მაინც რამეს. მაგრამ რომ გაეგდოთ? არა! ის ხომ მეგის როლს თამაშობდა, მეგი კი ლალეს არასდროს იშორებდა გვერდიდან. ქეთი სახეზე გამოსახული სიცივით, მთელი ტანით შემობრუნდა. მის მოძრაობას მიჰყვა ახალგაზრდა კაცი და ფეხზე წამოდგა. ქეთისთან ისე ახლოს იდგა, გოგონას მხარი მის მკლავს მჭიდროდ ეხებოდა. -დაგვტოვეთ -გაისმა ქეთის ხმა. ლალემ თვალებით ათასი კითხვა მაინც დაუსვა, რაზეც, სამწუხაროდ, ქეთის პასუხი არ გააჩნდა. ხედავდა მაღალ, ლამაზ ქალს. ქალი იმხელა ქურქში იყო გამოწყობილი, ოთახში გამეფებული სიცხე ალბათ მალე ცეცხლს წაუკიდებდა. ქალმა სათვალე მოიშორა. ქეთის გააკანკალა. მეგი მისი ასლი იყო. ოღონდ, ნამდვილი მეგი. ქალს ისეთივე თვალები და ნაკვთები ჰქონდა, როგორიც ფოტოებზე გამოსახულ, მშვიდ ქალს. ოთახიდან გაიკრიფნენ. -ლალე, აქვე იყავი, რომ დაგიძახებ, შემოდი -მიაძახა ქეთიმ და გულდამშვიდებული ლალეც სიხარულით დაეთანხმა. ახლა მათი დაშორება არაფრით ივარგებდა. -დავსხდეთ -ჩვეული, მკაცრი ტონით მიმართა ახალგაზრდა კაცმა. სავარძელში ჩაესვენა, ქეთი ისევ მის უკან დადგა, ხელი მხარზე დაადო. ქალი სწრაფად გაემართა მის წინ მდგომი სავარძლისკენ, ქურქი გაიახადა, ჩანთა იქვე დადო, თავი გაითავისუფლა სრულიად გამოუსადეგარი აქსესუარებისგან და მხოლოდ ახლაღა შეხედა წყვილს. -მეგი. -წამოიძახა ქალმა. ქეთის მუხლები მოეკვეთა, ძლიერად დააჭირა მამაკაცის მხარს ხელი და წონასწორობა მხოლოდ მაშინ აღიდგინა, როცა საპასუხოდ მამაკაცმაც ძლიერად მოუჭირა ხელზე ხელი. -ანეტა. -გულისამრევი თვითკმაყოფილებით თქვა ახალგაზრდა კაცმა და სახე ღიმილმა გაუნათა. -შეიძლება ჩემს შვილთან მარტო დავრჩე? -თხოვნით მიმართა ქალმა. ეტყობოდა, ბევრი აღარაფერი დარჩენოდა და რაც სურდა, ქალიშვილის ნახვა იყო. გულწრფელად შეებრალა ქეთის. იცოდა, რომ სიბრალული ყველაზე საზიზღარი გრძნობაა, რომ ის არავის მიმართ არ უნდა გაგიჩნდეს, რადგან ამით ადამიანის არსებობას ამტვრევ, ნაწილებად შლი. მაგრამ ეს ქალი, ანეტა, ეცოდებოდა. ჯერ შვილი ორჯერ მიატოვა, ახლა კი ქალიშვილთან მარტო დარჩენა უნდოდა. ალბათ ხელზე ხელს მოჰკიდებდა, მის თმას შეიგრძნობდა, სურნელს, მოეფერებოდა და ჩაეხუტებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის უფლებას მეგი არ მისცემდა და არც ქეთი. -უკაცრავად, ჩვენ რაიმე საერთო გვაქვს? -ძლივს მოსულიერებულმა ქეთიმ ამოილაპარაკა და ქალის იმედგაცრუებულმა მზერამ რაღაცნაირი, არაადამიანური ნიშნისმოგების სასიამოვნო გრძნობა გაუჩინა. შერცხვა. აღარ ეკუთვნოდა საკუთარ თავს, მითუმეტეს მეგის სხეულში. -ვხედავ, აგიმხედრებია. შენნაირ მონსტრად გიქცევია -ზიზღით გახედა ქალმა ახალგაზრდა კაცს. ქეთი დაიბნა. ესე იგი, ქალი მას კარგად იცნობდა. ვერ დაუშვებდა, რომ მათ შორის გამეფებული ზიზღის გამო ეს საქმე კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო და ქეთისაც, დიდ ხანს დასჭირვებოდა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. ისინი უნდა შეერიგებინა, ანეტასთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მისი ქმარი ფრთაშესხმული ანგელოზი იყო, ოღონდ კი მას დაეღწია თავი. გადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებდა მხოლოდ. -ქალბატონო ანეტა, -მშვიდად, საოცარი სიდიადით დაიწყო ქეთიმ. -იქნებ, მეტი პატივისცემა გამოგეჩინათ ჩემი მეუღლის მიმართ? -ქალს ლამის თვალები გადმოსცვივდა. შეკრთა. როგორც ჩანს, არ ელოდა. რა წარმოდგენა ჰქონდა, როცა აქ მოდიოდა? მეგი როგორ დახვდებოდა, რას ეტყოდა? ალბათ ეგონა, ქმრის საშინელებებზე დაუწყებდა საუბარს. იქნებ, მისი ჩამოსვლა მეგის ნახვას კი არა, ახალგაზრდა კაცთან შეჯიბრს ემსახურებოდა? ქეთის მოეჩვენა, რომ ეს ორი ერთმანეთს რაღაცაში ეჯიბრებოდნენ, რომ რომელიღაც აუცილებლად გამოვიდოდა აქედან მართალი. გულს ურევდა ეს სიბინძურე, სადაც ყელამდე ჩაძირულიყო. კაცი წამოფრინდა, ნაკვთები დასჭიმვოდა. -ეგოისტი, უღირსი ქალი, რომელიც ჩემს სახლში, ჩემს საკუთრებაში ბედავს ხმის ამოღებას! -ქალი გაშრა. -ჩემსა და შენს შორის მაინც დიდი ბარიერია, რომელსაც შენ ვერ გადაახტები. -ხმას აუწია ქალმა. ქეთიმ სიტუაციის დაძაბულობა იგრძნო. ნელ-ნელა უკან დაიწია, ისინი ყვიროდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, რაღაცას არჩევდნენ, არგუმენტებს იშველიებდნენ, ქეთის კი არაფერი ესმოდა. -გაჩერდით! -დაიყვირა რამდენჯერმე. თუ ახლა მეგის „ემოციურ აშლილობას“ გამოიყენებდა, სავარაუდოდ ისინი გაჩუმდებოდნენ. ამ ყველაფერს ცუდისკენ მიჰყავდათ. -შენ მიატოვე შენი შვილი! ორჯერ! ის ჩემი ცოლია, შენ კი მასზე არანაირი უფლება არ გაქვს. შენ ის ოცდაშვიდი წლის წინ დაკარგე. -ღრიალებდა მამაკაცი. ქეთის ვერაფერი გაეგო, საერთოდ, რა საკუთრებაზე საუბრობდნენ? ქეთი რაღაცას მიეჯახა, დაეცა, ხმაურით გადმოვარდა ძვირფასი ლარნაკი და იატაკზე ნაწილებად გაიშალა. ვერ გაიგო ქალმა რა უპასუხა, თუმცა ახალგაზრდა კაცს ხელი ჰაერში აეწია და მთელი სხეულით დაჭიმულიყო, გარტყმას უპირებდა. ქეთი ძლივს წამოდგა, ხელის გულში გაჭედილი ნამტვრევი ძლიერად გამოიძრო, მამაკაცის ძლიერი ხელი ჰაერში აწეულიყო, იქიდან სწრაფად ეშვებოდა. ქეთი ვერ მოასწრებდა, ნამდვილად ვეღარ მიუსწრებდა. -მაქსიმე! -იყვირა დაუფიქრებლად. ახალგაზრდა კაცმა ხელი დაუშვა, გაწბილებული და გაოცებული ჩანდა. საიდან იცოდა ქეთიმ მისი სახელი? თვითონ კაცს არ უთქვამს, არც მსახურები ეტყოდნენ. ფაქტი ფაქტად რჩებოდა, მაქსიმე ქეთის ნებას დაჰყვა, ხელი დაუშვა, მხრებში გასწორდა და სუნთქვა დაირეგულირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.