შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (4)


9-02-2017, 22:43
ავტორი MariamG
ნანახია 2 384

***

ახალგაზრდა კაცი გავიდა თუ არა, კარი დაბალმა კაცმა შემოგლიჯა და ქეთის პატრონის ბრძანებით, მისაღებში წასვლა აიძულა. ემოციებისგან დაცლილმა, ვერც კი შეავლო თვალი იქაურობას. ბრძანებას დაჰყვა და უზარმაზარ ოთახში, ბუხრის წინ სრულიად მარტო დარჩა. მგონი, პატრონის ოთახის შემდეგ, ერთადერთი ადგილი იყო სახლში, სადაც არავინ დადიოდა. რბილ დივანზე ჩამოჯდა, გაშლილ თმაში ხელი შეიცურა და მაჯაზე თმის სამაგრი შეიმოწმა, თმის მასა ცალ ხელში მოიგროვა, ზემოთ ასწია, სამაგრში გააძვრინა და კოხტად შეიკრა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ძალიან უნდოდა საკუთარ სახლში ყოფილიყო, დედისთვის ჩაის გაკეთება ეთხოვა, ფეხები აეკეცა, სასიამოვნო წიგნი წაეკითხა, თუმცა მისი ბორბალი პირიქით ბრუნავდა. სხვის სახლში იმყოფებოდა, დედაზე ათასი საზიზღრობა მოასმენინეს, აიძულეს დაეჯერებინა და ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა. დაფიქრდა. ამის შემდეგ, როცა მამაკაცს საბოლოოდ მოაყოლებდა ყველაფერს, როცა შესაძლებლობა ექნებოდა აქედან გასულიყო და სახლში დაბრუნებულიყო, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო, ექნებოდა შანსი ეპატიებინა? იქნებ, ამდენად ადამიანურიც არ იყო და ამდენიც არ შეეძლო? იქნებ, უბრალოდ ძალიან დამღლელია საკუთარ თავში სინათლის ძიება და გირჩევნია, სიბნელეს მისცე თავი?! ქეთიმ თითები საფეთქლებზე ძლიერად მიიჭირა. ესე იგი, მეგი მისი და იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ოთხი წელი უშვილობით იტანჯებოდა, მეგი მათი პირველი შვილი იყო, რომელიც სიყვარულით გაზარდეს, რომელსაც პირველი ნაბიჯები სწორედ დედამისმა გადაადგმევინა. როცა ის დაეცემოდა, ქეთის დედა მიეშველებოდა, როცა იტირებდა, ცრემლებს შეუშრობდა, როცა შეეშინდებოდა, ჩაიხუტებდა. საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება და სწორედ, ამას გრძნობდა ქეთიც. მერე, საერთოდ არეულობაში შეაბიჯა. მეგის ქმარი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც წარბებს შორის ნაოჭი არასდროს სცილებოდა, რომელიც არასდროს იღიმოდა, რომელსაც პირდაპირ სახეზე ეწერა, რომ მშვიდი ცხოვრება ნანახი არ ჰქონდა. რომელსაც არ შეეძლო სიყვარული, რომელიც ცოლს ავადმყოფად მოიხსენიებდა და რომელსაც არ ეყო გამბედაობა, ერთგული დარჩენილიყო. „ვითომ იმის ღალატი, რასაც შენად ვეღარ აღიქვამ, - ღალატია?“ გაახსენდა და მძიმე ფიქრებმა უფრო მეტად აატკივა თავი. ვერაფრით ხვდებოდა ვისთან ჰქონდა საქმე. ოთახის პრიალა იატაკზე ნაბიჯების ხმა ყრუდ ისმოდა. ქეთის თავი არ აუწევია, თვალები დახუჭა და სიმშვიდის ბოლო წუთებით ტკბობას მიეცა. მის გვერდით, რბილმა ქსოვილმა დაიწია. პატრონის სახლში ამას ვერავინ გაბედავდა, ესე იგი, თვითონ ის იყო. მხოლოდ სუნთქვის ხმა ესმოდა, ისიც იმ წამის მეასედებში, როდესაც ბუხარში დანთებული შეშა არ ტკაცუნობდა. ქეთის ძილი მოერია. თვალები აეწვა. ოთახში მყოფი ორი ადამიანიდან, ორივე ძლიერად იკავებდა სუნთქვას, ჩამოწოლილი იდეალური სიჩუმის დარღვევა, არც ერთისთვის იყო სახარბიელო.
-ღალატია. -თავი ასწია ქეთიმ და ბგერებიც სუსტად გაიფანტა სივრცეში. მამაკაცისთვის არ შეუხედავს, თუმცა მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. გაწბილებულს. -თქვით, რომ რასაც შენად ვეღარ აღიქვამ,იმის ღალატი მაინცდამაინც, ღალატს არ ჰგავს. არადა, პირიქითაა. ის რაღაც, ოდესღაც ხომ ატარებდა მნიშვნელობას, ხომ ჰქონდა ფასი? ერთმანეთთან შეიძლება არ ვიყოთ მართალი, თუმცა როცა მარტო რჩები, საკუთარი ანარეკლის არ უნდა გრცხვენოდეს. ღალატია. მწარე, მტკივნეული ღალატი, როცა წარსულის ჩრდილს ფეხით თელავ და ზემოდან აფურთხებ. რას მეტყვით, მოღალატე ხართ, თუ მართალი არ ხართ საკუთარ თავთან? -ახალგაზრდა კაცს თვალებში ჩააშტერდა. წამით, თითქოს მოეჩვენა, მისი თვალები ღრმა იყო, ოღონდ მხოლოდ წამით, გაელვებით. კაცი იჯდა, უყურებდა, ქეთის დაღლილ მზერას სწავლობდა. ახლა სიჩუმესაც შეეძლო გამეფება. სათქმელი დიდი ხნის წინ ითქვა.

***

როცა გამოიღვიძა, ნაცნობ საწოლში იწვა, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი საბანი ეფარა და დაღლილობაც სადღაც გამქრალიყო. წარმოდგენა არ ჰქონდა რომელი საათი, რა რიცხვი იდგა ახლა, თუმცა ერთი რამ იცოდა, სამსახურიც დიდი ხნის წინ დაკარგა და იმ ყველაფერსაც ნელ-ნელა უკან აყოლებდა, რაც გააჩნდა. ოთახში მარტო იყო. ამჯერად მამაკაცი უკან აღარ იჯდა და ქეთის გამოღვიძებას არ ელოდა. საბნიდან ფეხები გადმოაწყო, გაუკვირდა როცა მისი ზომის, ვარდისფერი, სახლის ჩუსტები დაინახა. გაუაზრებლად მოირგო და ოთახიდან გავიდა. დარბაზი ეცნობოდა, გუშინ თავისი ფეხით შემოვიდა. დარბაზი დიდ ჰოლში გადიოდა, რომელიც ყველა სხვა ოთახის მსგავსად, ჩაბნელებული იყო. ერთადერთი ჭაღი ეკიდა შუაში და დაახლოებით, ოცი მეტრი სიგრძის დერეფანს ძლივს ანათებდა. ქეთიმ ის კიბე დაინახა, შემოსვლისას მონუსხული რომ უყურებდა. თითქოს, კიბის თავში მდგომმა უფრო მეტი სიმაღლე იგრძნო, თითქოს სახლი ქვემოთ იდგა და თვითონ, კიბით ცას სწვდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ შეეძლოთ ყოველ წამს ამ უშველებელ კიბეზე სირბილი. სამი გზა ჰქონდა. ან ქვევით ჩავიდოდა და სავარაუდოდ, იმ ოთახებს წააწყდებოდა სადაც საინტერესო არაფერი ხდებოდა, ან კიბის ორ უკიდურესობას შორის - მარჯვენა და მარცხენა ნაწილებს დაათვალიერებდა. გადაწყვიტა, ქვევით ჩასულიყო. მარმარილოს თეთრ კიბეს ჩაჰყვა და მარჯვნივ შეუხვია. ოთახები იყო. ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული კარებები. დაბნეულმა წინ გაიკვლია გზა და უჩვეულოდ განათებულ ოთახში შევიდა, უფრო სწორად, სამზარეულოში. ოთახი ქალებით იყო სავსე. ფუსფუსებდნენ, რაღაცაზე საუბრობდნენ, ნივთებს ერთმანეთს აწვდიდნენ და ქოთქოთებდნენ. ქეთის გაეღიმა. მოფუსფუსე დედამისი გაახსენდა და სევდა ჩაუდგა თვალებში.
-გნებავთ რამე, ქალიშვილო? -ოთახის შუაგულიდან პუტკუნა ქალი ღიმილით გამოემართა ქეთისკენ. წამში სიწყნარემ დაისადგურა. ჰაერში აჭრილი კოვზები და ტაფები ერთად დაეშვა ქვევით, ქეთის დაუწყეს თვალიერება. დაიბნა.
-მე. მე სახლს ვათვალიერებდი -თავი დახარა დამნაშავესავით და დაიმორცხვა. ქალის გულწრფელი კისკისი მის ყურს სასიამოვნოდ მისწვდა. ქალმა თეთრი ხელები მტევნებზე შეახო და გაუღიმა.
-ესე იგი, შენ ხარ პატრონის პატივცემული ქალბატონი, არა?
-არა! ეს უბრალოდ, გაუგებრობაა. -თავი იმართლა ქეთიმ და თავადაც ვერ ჩაწვდა აზრს. ქალმა კიდევ ერთხელ გაუღიმა, ოთახის სიღრმეში ოთხკუთხედი, მარმარილოს თეთრი მაგიდისაკენ წაიყვანა და იქვე ჩამოსვა.
-ლალე, სადილი მოუტანე -ქალმა ბრძანება გასცა, ოღონდ, თბილად. ქეთის ასეთ გარემოში ეუცხოვა ქალის მზრუნველი ტონი. სართულზე, სადაც შავ, ყელიან მაისურებში გამოწყობილი სადისტები დადიოდნენ, ვერანაირად იფიქრებდა, თუ ქვევით არსებობდა ნათელი ოთახი, სადაც მშვენიერი, წითელლოყება, პუტკუნა ქალი ღიმილითა და მზრუნველობით გასცემდა ბრძანებებს. ძალაუნებურად ჩაეღიმა. დანარჩენებსაც მოავლო თვალი, ყველა ინტერესით აპარებდა მისკენ მზერას, თუმცა ჩანდა, კითხვის დასმის უფლება არავის ჰქონდა. ლალე მაღალი, ქერა გოგონა იყო. განსაკუთრებული გარეგნობით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა ღიმილი იმდენად მომაჯადოებელი და თვალები ისეთი მეტყველი ჰქონდა, ქეთის უსაზღვრო სითბო ჩაეღვარა გულში და ერთიანად გათბა.
-აბა, ძვირფასო, რა გქვია? -გვერდით მიუსკუპდა ქალი და ინტერესით სავსე მზერით მიაჩერდა.
-ქეთი. -მათ შორის ძლივს დამყარებული დიალოგი ნაბიჯების ხმამ შეწყვიტა. ქეთიმ მზერა გააპარა, მის უკან ტყავის ხელთათმანიანი კაცი იდგა. სწორედ ის, ქეთის რომ განსაკუთრებულ ზიზღს უჩენდა. ისიც არანაკლებად უკმაყოფილოდ მიშტერებოდა.
-რას აკეთებთ ამდენ ხანს. შენ რას წამომჯდარხარ, ქალო? -დაუბღვირა პუტკუნას და ქეთიც წამში გასწორდა, შეტევისთვის ემზადებოდა. -ამას აქ რაღა უნდა? პატრონის მოსვლას როგორ ელოდებით, ყავით და ნამცხვრით? -იღრიალა კაცმა და ქეთის წინ დადებული საუზმე გაურკვეველი მიმართულებით ისროლა. სამზარეულოში ჩამოწოლილი სიჩუმე თეფშის მსხვრევის ხმამ დაარღვია.
-ტონს დაუწევთ, თუ პატრონს ვთხოვოთ, დაგაწევინოთ? -გაჯიუტდა ქეთი. ცალი ხელით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და სკამიდან წამოდგა. კაცს გაუსწორდა და თვალი თვალში გაუყარა. ვერც კი იაზრებდა საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა, ან საერთოდ როდის გახდა ასეთი მეამბოხე. სხვა დროს, კუთხეში ჩაჯდებოდა და იქამდე არ ამოიღებდა ხმას, სანამ ამბავი არ ჩაივლიდა, ახლა კი პირველი უვარდებოდა დამშეულ ლომს ხახაში. კაცმა წარბები ასწია, ცალი ხელიდან ტყავის ხელთათმანი მოიძრო და ქეთის მიაშტერდა.
-სულ ორი დღეა აქ ხარ და პატრონს ისე მოაწონე თავი, ჩემს გაჩუმებას ბედავ?
-გამბედაობა იქიდან არ მოდის, საითაც თქვენ მიუთითებთ. არც შინაგანი კულტურა ისწავლება ერთი მცდელობით. -ქეთიმ მზერა პუტკუნას ესროლა, რომელიც დაბნეული და შეშინებული, თავდახრილი იდგა. წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ჩია კაცის წინ როგორ იხრიდა ქედს ასეთი ქალი, რომელსაც ერთი შეხედვით, საკმაო გავლენა უნდა ჰქონოდა სახლში. თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა ნათელი გახდა. კაცი პატრონისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. როდესაც ის სახლიდან გადიოდა, ეს მოღალატე, ვითომ ერთგული კაცი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდა და მწვერვალების დაპყრობას თავად ცდილობდა. ქეთიმ ინტერესით მოათვალიერა ოთახი. ექვსი სრულდებოდა. წესით, ახალგაზრდა კაცი მალე უნდა მოსულიყო.
-ძვირფასო, შენი ადგილი უნდა ისწავლო. -თავი გვერდზე გადააქნია კაცმა და ხელთათმანი მეორე ხელიდანაც გაიძრო. ქეთიმ ხელები გადააჯვარედინა. ამდენი ხალხის წინაშე ვერ იფიქრებდა, თუ რამეს გაუბედავდა, სითამამე წამში შეემატა.
-ჩემი ადგილი აქ საერთოდ არ არის.
-მართლა? აბა, შენს პატარა ბუნაგში, მოსაწყენ ცხოვრებაშია? შენ ხომ ძალიან მოგწონს ჩვენი პატრონის ყურადღება, მის საწოლში ძილი, მის მისაღებში ჯდომა და მისი ბუხრით გათბობა, არა? -ქეთის გარშემო სვლა დაიწყო კაცმა. ნელა, აუჩქარებლად საუბრობდა, დაგესლილი, შხამიანი სიტყვებით. ყოველ წინადადებაში, ამოსუნთქვაში ეტყობოდა სიყალბე, გაცვეთილობა. ქეთის ზიზღის გრძნობა დაუგროვდა.
-შესაძლოა, მაგრამ იმდენად არ მომწონს ეს კომფორტი, რამდენადაც თქვენ. -ქეთიმ მზერა გაუსწორა კაცს, რომელიც შეჩერდა. ერთ ხანს გაწბილებულმა უყურა ქეთის, მერე ხელთათმანი ერთ ხელში გადაიტანა, სახეზე სულისშემძვრელი სიმშვიდე გამოესახა და ჩაეცინა. უკან დახეულს ჰგავდა, თუმცა არა, მისი ნდობა არ შეიძლებოდა. ბრაზისგან ქეთისაც გასჩენოდა ნაოჭი წარბებს შორის, ახლა ისე ჰგავდა ახალგაზრდა კაცს, ლამის გაეცინა და ეს სიტუაციაც ჩაშალა. რას აპირებდა, რატომ იყო ჩუმად? განა ეს ის კაცი არ იყო, წუთის წინ ღრიალით რომ იკლებდა იქაურობას? მიუხედავად იმისა, თუ როგორ სისულელეს ამჟღავნებდა ზოგჯერ, ან უმეტესწილად, ქეთიმ მაინც იცოდა, რომ ჩუმი ადამიანი ყველაზე საშიშია, რომ ის ნებისმიერ ბომბზე ძლიერად ფეთქება და ნებისმიერ ვულკანზე დამანგრეველია. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ნელა და მიზანდასახულად მოქმედებენ, ხოლო მათი ნამოქმედარი, მტკივნეულია, ის კვალს ტოვებს და პირდაპირ უმიზნებს წერტილს, რომელსაც ადამიანური ღირსება ჰქვია. ქეთი არ შემცდარა, კაცის სახეზე მიმდევრობით იცვლებოდა ნიღბები. სიმშვიდე მრისხანებამ შეცვალა, გააზრებამდე უფრო ადრე აიწია კაცის ხელი ჰაერში და გამყინავი ხმით გაეგლისა ქეთის მარჯვენა ლოყას. სიმწრისგან ხელი რეფლექსურად იტაცა გაწითლებულ ლოყაზე, პირში ბლანტი, რკინის გემოს სითხე ჩაეღვარა და გულისრევის შეგრძნება გაუმძაფრდა. კაცმა ხელში ხელი სტაცა, წამოაყენა და თმაში სწვდა, გრძელი თმა მაჯაზე დაიხვია, ქეთის თავი გადააწევინა, ზემოდან ზიზღით დააცქერდა. ქეთი სახეზე გრძნობდა ცრემლებს, ოღონდ ამჯერად ისინი ყალბი, დროებითი ცრემლები იყო, ფიზიკური ტკივილის გამომხატველი.
-აბა ძვირფასო, ისევ მხიარულად ხარ? -ქეთის ღირსება შეელახა. წელში გასწორდა, ერთხანს უყურა კაცს და მერე, მიაფურთხა. პირდაპირ სახეში, ისე რომ არც კი უნანია. გულისრევის შეგრძნება თითქოს გადააგორა, თითქოს თავი დააღწევინა საკუთარ თავმოყვარეობას და იმ სიმაღლეზე შედგა, საიდანაც ჩამოაგდეს. კაცმა თეთრი ნაჭრით ჩამოიწმინდა სითხე, მის უკან მდგომ შავებში ჩაცმულს რაღაც ანიშნა და ისიც, დაუფიქრებლად დაიძრა ქეთისკენ. პუტკუნამ წამოიყვირა, ქეთიმ თვალი მოჰკრა როგორ იტაცა პირზე ხელი და მერე, ჩუმად, უკან დადებული ტელეფონისკენ გააპარა მზერა. ქალს რაღაც ანიშნა, მერე მკლავში მწარედ ჩააფრინდნენ და ყველას წინ, მუხლებზე დააგდეს,ხელები ზურგსუკან გადაუგრიხეს და ბორკილების მსგავსი ნივთით შეუკრეს. მაჯებზე ისეთი დაწოლა იგრძნო, ალბათ კანი დამისკდაო, ფიქრობდა. უცნობმა ქეთის ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, თავი ააწევინა, ერთხანს უყურა და მერე, ძლიერად მოუქნია ტორი. ქეთიმ შეკრული ხელები ვეღარ მოიშველია, გვერდზე გადავარდა და მტკივნეულად დაარტყა საფეთქელი,თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, ქვედა ტუჩიდან სისხლმა იფეთქა. კიდევ ერთხელ წამოაყენეს და ახლა, მეორე მხრიდან მოხვდა მოღერებული მუშტი. თვალი მოჰკრა როგორი კმაყოფილებით აღვსილი შეჰყურებდა კაცი სცენას და თავის კანტურით ანიშნებდა, კიდევ გაემეორებინათ. მესამე, მეოთხე, მერვე, მეათე დარტყმის შემდეგ ქეთი ღონემიხდილი ეგდო იატაკზე, პირის ღრუში სისხლის გუბე ედგა, გამშრალი და ნაცემი იყო. დასიებული თვალებიდან მხოლოდ ისღა დაინახა, კიდევ ერთხელ როგორ დააქნია თავი კაცმა თანხმობის ნიშნად და მერე, იატაკაზე, ორი ფეხის იქით, კიდევ ორი გამოჩნდა. ვიღაც შემოვიდა. ინტუიციით ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა კაცი იყო.
-ბატონო... -დაიკნავლა თვითმარქვიამ და ქეთის დახედა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? -იღრიალა გამწარებულმა მამაკაცმა და ქეთის ნატკენი სახე კიდევ უფრო დაეჭიმა. მის გამოჩენას თითქოს თავისუფალი ნება მოჰყვაო, ხმამაღლა აქვითინდნენ მსახურები.

***

-საბრალო გოგო. არაფერი მომხდარა შვილო, მშიერი იყო და ვიფიქრეთ, ვისადილებდით. გაგიჟებული გელა შემოვარდა, გოგონას ორი სიტყვის გამო ისეთი დღე აყარა.. შეხედე, რა დღეშია? -ქეთის ნაწყვე-ნაწყვეტ მისწვდა სიტყვები და წამში ამოიცნო პუტკუნას ხმა. როგორც ჩანს, საწოლში იწვა, თბილად დაეფარებინათ და სითბოც ტრიალებდა ოთახში. თვალების გახელის თავი არ ჰქონდა, შუბლზე სველ საფენებს გრძნობდა.
-გადი. -ჩაილაპარაკა ნაცნობმა, ცივმა ხმამ და კარის სუსტმა გაჯახუნებამ ქეთის ანიშნა, რომ პუტკუნა გავიდა. ახლა ოთახში მხოლოდ ისინი იყვნენ. როგორც ყოველთვის, მხოლოდ ორნი რჩებოდნენ. ქეთიმ ცალი ხელი შუბლზე მიიდო, სველი საფენი შუბლიდან მოიძრო და თვალები გაახილა, წამოიწია, ოთახში ჩამოწოლილი სიბნელის გამო, თვალი ადვილად შეაჩვია გარემოს. წამში მასთან გაჩნდა ახალგაზრდა კაცი, ზურგსუკან ბალიში შეუსწორა და ქეთიც მიეყრდნო, ხმამაღლა ამოისუნთქა. ტკივილისგან თვალები კიდევ ერთხელ დახუჭა და მომხდარი კადრებად წარმოიდგინა.
-ესე იგი, გელასთან ბევრი ილაპარაკე.
-ის ვთქვი, რასაც ყველა ნორმალური იტყოდა. ქალს ამცირებდა, უყვიროდა. -ლაპარაკმა ნატკენი, გასიებული ტუჩი უფრო აატკივა, ხელი მიიდო და მწარედ ამოიკვნესა. თვალი შეავლო კაცს, თეთრი პერანგის ორი ღილი შეეხსნა და სახელოებიც აეკეცა, ეტყობოდა, დასცხა.
-შენც დაგამცირა.
-თქვენ ეს რაში გაინტერესებთ, მგონი ის უფრო უნდა გადარდებდეთ, თქვენს ადგილს რომ ეპოტინება.
-ეგ არ მადარდებს.
-ამბიციურია.
-რეალურია.
-სისულელეა. ტახტს მემკვიდრეს ვერ გადასცემთ. არ გეშინიათ, რომ როცა თქვენ მშვიდად გძინავთ, ვინმე გელა გეგმებს აწყობს, ვისი ხელით მოგკლავთ ერთ მშვიდ ღამეს. -კაცს ღიმილის მსგავსი რაღაც გამოესახა სახეზე, აშკარად ირონიული იყო.
-ვხედავ, ჩვენმა ამბავმა ზღაპრების წერაში ხელი გაგივარჯიშა. აქ არავინ არავის კლავს, უფრო სწორად, შეიძლება მოკლა, მაგრამ ყველა ნაბიჯი გამოზომილი უნდა იყოს.
-მე კი მგონია, ასჯერ გაზომილი ხართ და ერთხელ გაჭრა დაგრჩათ. -ჩაიცინა ქეთიმ და გვერდით, პატარა მაგიდაზე შემოწყობილ აბებს შეავლო თვალი. ყველა მათგანი სჭირდებოდა, ჰაერივით. ზოგი სიცხის დამწევი იყო, ზოგიერთი გამაყუჩებელი და რამდენიმე დამამშვიდებელიც დაედოთ, დიდი ჭიქით წყალთან ერთად. მამაკაცი საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, ქეთი აათვალიერა და მერე, მაგიდისკენ დაიხარა. ჯერ ქეთის შუბლზე შეეხო ხელისგულით. გოგონას ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. ალბათ, ცივი ხელის გამო. კაცმა თავი გააქნია და წყლით სავსე ჯამში საფენი დაასველა, გაწურა, კოხტად გადაკეცა ოთხად და შუბლზე დააფინა.
-ასეთი იყავით? -გაიჟღერა ქეთის ხმამ. ახალგაზრდა კაცმა დააიგნორა. -წარმოვიდგინე, რომ ადრე, ძალიან ადრე თქვენში რაღაც ცოცხლობდა. მაგალითად, როცა მეგი ავად გახდებოდა, ასე უვლიდით. -ქეთის სიტყვებმა, წარსულთან მწარედ შეჯახებამ კაცს სახეზე ნაოჭიც არ გაუჩინა. ეტყობოდა, იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული.
-როცა თქვენ იყავით ცუდად? მაშინ რა ხდებოდა? მეგი გივლიდათ? არ გენატრებათ? ზოგჯერ, როცა ამ საწოლში წვებით, მის სურნელს არ ეძებთ ბალიშის კუთხეებში? -კბილებში გამოსცრა ქეთიმ და მოთმინებით დაელოდა მამაკაცის რეაქციას. იგი არ იცვლებოდა. წამლებს უყურებდა და გულმოდგინედ სწავლობდა მათ დანიშულებას. რაღაცნაირი, უფრო სწორად, რაღაცნაირად, სრულიად შემთხვევით - ადამიანური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ურეაქციოდ ხვდებოდა წარსულის ყველა ტალღას, მაინც ჰგავდა ადამიანს და ქეთიც გულის სიღრმეში, სევდიანად კმაყოფილი დარჩა.
მამაკაცმა აბები ერთმანეთის მიყოლებით მიაწოდა, როცა ყველა დალია და პასუხების მოლოდინმაც გაუცრუვა იმედი, ბალიში გაასწორა და თავი დადო, თვალები დახუჭა. არ ეძინებოდა, მაგრამ ცდილობდა.
-მეგი ბიოლოგიურ დედას არ გაუზრდია. აქვე მიაგდო და წავიდა. -დაიწყო კაცმა. ქეთიმ თვალები გაახილა. დაძაბულმა დაიწყო მოსმენა. - შვილის გათხოვებას და ყველა წარმატებას ვირტუალური სამყაროს საშუალებით გაეცნო. ერთი სიტყვით, დღემდე არ იცის მისი ზრდასრული შვილი როგორ გამოიყურებოდა. მე შვიდი წლის წინ, აქ ჩამოვედი და ცოლად სრულიად უცნობი ქალი შევირთე, მშობლების მოთხოვნით. მეგის მიმართ სიმპათიებიც კი არ მქონია, მაგრამ არ გამოვრიცხავდი, ის უკვე ჩემი ცოლი იყო. თავიდანვე ეტყობოდა, სად მივიდოდა. ჩვენი ქორწინების პირველივე წლის დასასრულს, მეგი დაორსულდა. ტყუპებზე იყო ორსულად, როცა პირველი პანიკური შეტევა დაეწყო, ერთი კვირის განმავლობაში ოთახში ჩაკეტილი იჯდა, ტიროდა და ყვიროდა, აბორტი უნდა გავიკეთოო. როცა აბორტი გაიკეთა და სინანულმა შემოუტია, იქამდე დაგროვებული ყველა წარმოდგენა გაქრა და რასაც ვგრძნობდი, მეგის მიმართ სიცარიელე იყო. -მონოლოგის დასასრულს, კაცმა ქეთის ამოხედა. მხოლოდ მოშიშვლებული მხარი ჩანდა, საბნის ზემოდან ამოწეული. ქეთის თმა და აპრეხილი ცხვირი.
-ესე იგი, მეგი არც გყვარებიათ.
-არა. მე სიყვარული არასდროს, არავის მიმართ არ მქონია.
-როგორი იყო მეგი? -იდაყვებს დაეყრდნო ქეთი და კაცს მიაშტერდა.
-გაინტერესებს, გგავდა თუ არა ? არა. შენ და ის სრულიად სხვა ადამიანები ხართ. მეგი, უმეტესწილად, საკუთარმა სურვილებმა დაღუპა. უანგაროდ კეთილი იყო, მაგრამ კონტროლს ვერ ამყარებდა. საზღვარი არ გააჩნდა,ზოგჯერ მისი ეგო მწვერვალს უახლოვდებოდა. ის უბრალოდ, ჩემნაირისთვის შესაფერისი ქალბატონი იყო. სტატუსს ირგებდა. -ქეთიმ უჩვეულო სიცივე იგრძნო სხეულში. ესე იგი, მეგი ქმრისთვის არაფერი იყო, გარდა სტატუსისთვის შესაფერისი, მოვალეობის შემსრულებელი ქალისა. თვალი აარიდა.
-და იქნებ მეც ასეთი ვარ?
-შესაძლოა, უარესი ხარ. ეს არც მადარდებს. აქ ინფორმაციისთვის ხარ, რომელსაც შენივე ბედის საპირისპიროდ, ერთბაშად ვერასდროს გაიგებ. ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა უბრალოდ ანგარიშია, რომელსაც ვიწერდი და ახლა, გაწვდი.
-მეგი საკმარისი არ იყო შესაყვარებლად, არა?
-მეგი არაფერს ხდიდა საკმარისს.
-თქვენ ყველაფერს მეგის აბრალებთ.
-მეგი ჩემთვის არავინ იყო.
-ვალდებული ხართ! -წამოიყვირა ქეთიმ და ინანა. მამაკაცმა მკაცრად ამოხედა, დაძაბული ჩანდა.
-არ გაბედო და არასდროს თქვა,რომ ვალდებული ვარ! -იღრიალა და წამოდგა. სწრაფად დაიძრა კარისკენ. ქეთიმ უღონოდ ჩამოყარა ხელები, თავი გადააქნია.
-მაპატიეთ. -წამოიძახა ბოლოს და ახალგაზრდა კაცს ხელი სახელურზე შეუჩერდა. ნელა მობრუნდა, მის პროფილს ისევ ეცემოდა დაბალი ჩრდილი. მთელი ტანით შემობრუნებას არც ახლა აპირებდა.
-ვცდილობ დავრწმუნდე, რომ მეგისთან არაფერი მაკავშირებს. ეს ყველაფერი იმდენად. -სიტყვა გაუწყდა, დაიღალა, ნაცემი ადგილები აეწვა და თავიც წამოსტკივდა. -მინდა უბრალოდ ჩემს ძველ, მოსაწყენ ცხოვრებას დავუბრუნდე. ახალგაზრდა კაცი მთელი ტანით მობრუნდა მისკენ, საწოლისკენ დაიძრა და იქვე, ლანგარზე დადებულ ვახშამს დახედა. აიტაცა, ქეთის გვერდით მოთავსდა და საწოლზე დადო. გემრიელად გადაყლაპა ლუკმა. ქეთი გაოცებული მიაშტერდა.
-რას აკეთებთ?
-შენს მოწყენილობას ვიზიარებ. ჭამე. -ლანგარი ქეთის მუხლებზე გადაიტანა, წამოდგა, ისევ ისეთი მკაცრი, უემოციო სახით დაიძრა კარისკენ და ამჯერად, დაუფიქრებლად გაიხურა. ქეთის გაეცინა. ვერ მიხვდა რა მოხდა. მოეჩვენა, თუ მეორედ შენიშნა ამ კაცში ადამიანური ნაპერწკალი?! მხრები აიჩეჩა და იმ საღამოს, გემრიელად ივახშმა.

***
უცნაურმა ხმაურმა ქეთი შეაწუხა. წამოდგა, ოთახიდან გავიდა და ახალგაზრდა კაცის პირად მისაღებში, ბუხრის წინ დაჩოქილი მამაკაცი შენიშნა. მუხლებზე იდგა, თავი ქვემოთ დაეხარა და მარჯვენა ხელში ნახევრამდე ჩაცლილი ბოთლი ეჭირა. ქეთიმ მასთან მიირბინა, თავი ფრთხილად ააწევინა და ხელიდან სასმელი გამოჰგლიჯა.
-რაზე ფიქრობდით? -ტონში საყვედური ერია, წარმოდგენა არ ჰქონდა სუსტი სხეულით ამოდენა მამაკაცი როგორ უნდა მიეთრია საწოლამდე, თუმცა მაინც შეძვრა მისი ძლიერი მკლავის ქვეშ. -დამეყრდენით, ბატონო. -ახალგაზრდა კაცმა რაღაც წაიზმუვლა, წამოდგა და არეული ნაბიჯებით მიჰყვა ქეთის. ქეთიმ მძიმე კარი გაჭირვებით შეაღო, იმ მხარეს, სადაც თვითონ იწვა, მამაკაცი ჩააწვინა. პერანგი ოფლისგან დასველებოდა. ზედ რომ შეშრობოდა, აუცილებლად გაცივდებოდა, ქეთი მის გაშიშვლებას არ აპირებდა.
-ასე სად დალიეთ? არა! არ მიპასუხოთ, თვითონაც მივხვდები, რომ მისაღებში! პუტკუნას რა ჰქვია? -გასიებულ ტუჩზე იკბინა და სისხლი წასკდა. ინანა. ხელი აიქნია და ბოდვას მიყოლილ კაცს, ზემოდან დააშტერდა. თვალები დაავიწროვა, არ ეცნობოდა ეს მზერა. სად გაქრა მისი ნაოჭი წარბებს შორის? წამიერად, კაცმა ხელი დაუჭირა, თვალები გაახილა და აზრიანად მიაშტერდა.
-არ გავხარ მეგის. -წამოიზმუვლა. ქეთიმ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, ისე შემოიხია კაცმა პერანგი და იატაკზე ისროლა, შარვლის ღილები შეიხსნა, ქეთი განზე გადგა და სხვა მხარეს გაიხედა. კაცის შარვალი აფრიალდა, საბნის ქვეშ შეძვრა და ზემოდან დაიხეთქა. ქეთიმ თვალები გადაატრიალა. ახალგაზრდა კაცი უაზროდ ბოდვას მიჰყვა. არც კი გასჩენია სურვილი მოესმინა. შებრუნდა, კარისკენ დაიძრა. დილისთვის, ან შუაღამისთვის, მინერალური წყალი მაინც დასჭირდებოდა, სულ მცირე. კართან იდგა, გასასველლად ემზადებოდა, როცა სრულიად შემთხვევით, კაცის ბოდვაში სიტყვები გაარჩია.
-მალე ჩამოვა მეგის დედა, მალე. -მამაკაცმა კიდევ ერთხელ იცვალა გვერდი, სანამ ქეთი გაყინული, გაოცებული და დაბნეული იდგა, კაცმა ჩაძინება მოასწრო და ერთადერთი, რაც მის სახეზე იკითხებოდა, სრული ჭეშმარიტება იყო.

მშვიდი ღამე იდგა. საძინებელში დანთებული დეკორაციული ბუხრიდან გადმოღვრილი ლურჯი შუქი მამაკაცის სახეს ეფინებოდა, მკაცრ ნაკვთებს დაღლა ეტყობოდა.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ყოჩაღ მარ, ძალიან მომეწონა ეს თავი.

 


№2  offline მოდერი chica sol

ოოოჰ, რა კარგი იყო...
გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი, იმ არაკაცზე, გოგოზე რომ ხელი ასწია, მინდა ბატონმა თავისი ადგილი მიუჩინოს...
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ლორელაი
ყოჩაღ მარ, ძალიან მომეწონა ეს თავი.

დიდი მადლობა ევა^^

მარიამ ზაქარაშვილი
ოოოჰ, რა კარგი იყო...
გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი, იმ არაკაცზე, გოგოზე რომ ხელი ასწია, მინდა ბატონმა თავისი ადგილი მიუჩინოს...
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ❤❤

იმედია მიუჩენს, მარ. ვნახოთ რა მოხდება^^ ❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

როგორი ნორმით გაქვს ყველაფერი აღწერილი...
მგონი იმ გელას ცოტა ზედმეტი მოუვიდა ქეთისთან, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსიდან გამომდინარე უფლება ჰქონდა (ალბათ). თუმცა მაინც კმაყოფილი. ძალიან საიბტერესოა და მიკვირს ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს ამ ისტორიას.

 


№5  offline მოდერი sopiko

ძალიან საინტერესო, განსხვავებული და შარმიანი ისტორიაა blush ზუსტად ისეთი, შენგან რომ უნდა ელოდეს ადამიანი!
აი, ძალიან, ძალიან ახლოს მოდის ჩემთან ქეთი თავისი გულუბრყვილობით, შეუვალობით და დაუფიქრებელი მოქმედებებით. ბატონი რაღაცნაირი ადამიანია. ასეთი თუ ისეთი, ვერ იტყვი. ნუ, ჯერჯერობით.
იმ გელამ ნერვები მომიშალა. ყველაზე მეტად გულისამრევი ისაა, კაცი რომ ქალზე ხელს აწევს, თან სხვებს ხელებს დააჭერინებს. სუსტს უკანასკნელ ძალასაც რომ მოუსპობ, ეგ მომენტია.
ასე მგონია ცოტა სწრაფად განვითარდა მოვლენები... მგონია ინტრიგა დავკარგე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ საოცარი რამეები მელოდება!

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
როგორი ნორმით გაქვს ყველაფერი აღწერილი...
მგონი იმ გელას ცოტა ზედმეტი მოუვიდა ქეთისთან, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსიდან გამომდინარე უფლება ჰქონდა (ალბათ). თუმცა მაინც კმაყოფილი. ძალიან საიბტერესოა და მიკვირს ასეთი ცოტა ნახვა რატომ აქვს ამ ისტორიას.

პირველ რიგში, დიდი მადლობა. შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო. კი, გელა საზიზღარი, ამაზრზენი ადამიანია, თუმცა ვნახოთ რა მოხდება.
პ.ს რას ვიზამ, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ თქვენ კითხულობთ.

sopiko
ძალიან საინტერესო, განსხვავებული და შარმიანი ისტორიაა blush ზუსტად ისეთი, შენგან რომ უნდა ელოდეს ადამიანი!
აი, ძალიან, ძალიან ახლოს მოდის ჩემთან ქეთი თავისი გულუბრყვილობით, შეუვალობით და დაუფიქრებელი მოქმედებებით. ბატონი რაღაცნაირი ადამიანია. ასეთი თუ ისეთი, ვერ იტყვი. ნუ, ჯერჯერობით.
იმ გელამ ნერვები მომიშალა. ყველაზე მეტად გულისამრევი ისაა, კაცი რომ ქალზე ხელს აწევს, თან სხვებს ხელებს დააჭერინებს. სუსტს უკანასკნელ ძალასაც რომ მოუსპობ, ეგ მომენტია.
ასე მგონია ცოტა სწრაფად განვითარდა მოვლენები... მგონია ინტრიგა დავკარგე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ საოცარი რამეები მელოდება!

მიხარია რომ ქეთისთან სიახლოვეს გრძნობ.
და ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე მაქებ! გელა კი ამაზრზენია. რა ვიცით, იქნებ გაკვეთილიც მიიღოს ბატონისგან ამისთვის? ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს ინტრიგის შემოგდებას ისევ მოვახერხებ :დ
მადლობა სოფიკო!!

 


№7 სტუმარი ბლაა

აუუ ძაან მომწონს ეგეთებიიიი
მაგარია ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent