შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,კინკლაობა,, (ნაწილი 6)


14-02-2017, 19:17
ნანახია 1 524

დიდ დასვენებაზე თავისი რგოლის რამოდენიმე წევრით განცალკავებულ სანდროს რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახლოს გაუარა და გაჩერდა. მოჩურჩულე ბიჭები გაჩუმდნენ და ავი თვალი მიაპყრეს გამოპრანჭულ ნიკოს.
-აბა, ერთი აქ მობრძანდი, ბუნტისთავო!
ბიჭები არ შეტოკებულან.
-შენ გეუბნებიან გამხმარო!
-მე? მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი იტაკა მკერდში აყლაყუდა ვახტანგმა.
-ბუჩუკურთელი მოვიდეს ჩემთან.
სანდრომ მისკენ გამოვარდნილ ბურთს ფეხი მიარტყა, მოთამაშეებსვე გადაუგდო და არც კი მიუხედავს, ისე უპასუხა გამომძახებელს:
-შენ არ გეკადრება ახლოს მოსვლა?
-უფროსი რომ გელაპარაკება, უნდა შეასრულო, მოიღუშა ნიკო.
დარტყმული ბურთი პატარა ბექობს მოხვდა და კვლავ ბიჭებისკენ გადმოვარდა. სანდრომ კიდევ დაარტყა და ისევ უკან დააბრუნა.
-რაო, უფროსიო? ბატონიშვილს ვახლავართ! დახე, კიდევ რომ არ იშლის უფროსობას! ხომ ხედავ, შენ ახლა მოდაში აღარა ხარ? წადი, ძმაო, ახლა მაინც დაგვანებე თავი.
ნიკოს ცეცხლი მოეკიდა.
დიდი ხანია არ მოსწონს ეს თავისნათქვამა ბიჭი, რომელიც აქამდე არაფერს უგონებდა, ახლა კი მთელი სკოლის წინაშე აპამპულებს მეათეკლასელსა და თავმომწონე ფეხბურთელს.
ბავშვებმა თამაში მიატოვეს და მოკამათეთ გარს მოეჯარნენ.
-იქნებ მე მიბრძანოს რამე თქვენმა კეთილშობილებამ, წინ გამოვიდა გოგია.
-შენ, ეფრემას ბიჭო, გირჩევნია, საკუთარ ტყავს გაუფრთხილდე და სხვის საქმეში არ ჩაეჩარო.
-ან იქნებ ჩემთან იკადროთ საუბარი, მძიმედ დაუკრა თავი ბერძენაშვილმა.
-მე შევასრულებდი თქვენს ბრძანებას, ქუდი მოიძრო სნაიპერმა.
ბავშვები იჭაჭებოდნენ სიცილისაგან.
ნიკომ რაკი დაატყო, შეთქმულებთან ჰქონდა საქმე, გაბრუნდა უკან, მაგრამ მაშინვე აილეწა და სახე მწიფე საზამთროს ნაჭერივით მოექცა, ტანაყრილმა, შავწინსაფრიანმა მშვენიერმა გოგომ წინ გაუარა და სალამი მისცა. ნიკო მობრუნდა და ბუჩუკურთელი გაბურღა თვალებით.
-მოგივლი ჩემებურად, უთხრა და გაბრუნდა.
იმ ადგილას თავმოყრილმა რგოლმა სიცილით გააცილა ბრძოლის ველიდან გაქცეული.
ეფრემას ბიჭმა ამაყად გადახედა იქ მყოფთ.
-ნახე, რა დაემართა, ექიმის ქალმა რომ შეასწრო თვალი იმ ყოფნაში?
-გაგიჟდა.
-გადაირია.
-რაღაც სხვანაირად ეპრანჭება.
-ეს კი ძაღლადაც არ აგდებს, ჭკვიანი გოგო ჩანს.
-ან რა ჩასაგდებია? დადის ყინჩად, მამლაყინწობს. ახლა რაღა უნდა, რაზმის ხელმძღვანელი ხომ აღარ არის? ღვარძლიანად თქვა შაშვიაშვილმა.
-ჩვენთან აქვს დიდი გული. რაღაც თვალში ვეცოტავებიტ სანდრო შებრუნდა კლასისაკენ და ბავშვებიც თან გაიყოლა.
სანდრო გაბრაზებულია და წერაქვს უშნოდ იქნევს: დღეს სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს აქა და ახლა უფროსკლასელებთან ერთად იმ გორაკს ასწორებს, რომელიც ფრენბურთის თამაშს ხელს უშლის. შინ კი საქმე ჰქონდა და ადრე უნდოდა წასვლა. უშნოდ იქნევს წერაქვს. უხალისოდ მუშაობენ ბიჭებიც მიიზლაზნებიან საათებად ქცეული წუთები.
სანდრო გრძნობს, რომ ვიღაცა დასდგომია თავზე და მის მუშაობას უთვალთვალებს. ითმენს ბიჭი, თავს არ იღებს, შემდეგ ბრაზდება და ბოლოს ალმაცერად ახედავს.
აჰ, ეს ხომ პრანჭია ნიკოა! ალბათ, რამე მიზეზი უნდა იპოვოს და იმიტომ მოსულა. ხელში თოხი უჭირავს. ჰმ! თვითონ არ მუშაობს და აქ სანდროს უწევს კონტროლს. სანდრო უკმეხად ახედავს და ზიზღით ეუბნება:
-შენ აქ რა სულთამხუთავივიტ დამდგომიხარ თავზე. შენი საქმე არ იცი?
ნიკო იბერება.
-დიახ, ვიცი და ამიტომაც მოვედი.
-მოხვედი, თორემ შენც სუვოროვი ან ბაგრატიონი მოხვედი. აქ რა გინდა? ორიოდე შამფური და ერთი ზედადგარი უნდა გქონდეს მხარზე გადებული და სოფელ-სოფელ დადიოდე გასაყიდად.
ნიკო ბრაზისაგან სტაფილოსფერი ხდება.
-შენ იმუშავე, როგორც წესია, თორემ გასწავლი ჭკუას! აბა, ეგ ქვა რად გინდა, განზე რომ არ აგდებ?
-პურს უნდა შევატანო.
ნიკო ენთება.
-მოიცა, ბუჩუკურტელო! სკოლაში რომ ვართ, იმიტომ მედიდგულები, არა? ცოტა დამაცადე და მე შენ გიჩვენებ სეირს!
ნიკოს ვიღაც ექაჩება. მოიხედავს გოგიაა.
-შენ რაღა გინდა, ეფრემას ბიჭო? ღვარძლიანად ეკითხება ნიკო.
-შენი ნაცვამი ბუცები.
-ფეხი არ ჩაგივა.
-ძალით ჩავტენი.
უფროსკლასელები ხარხარს ვერ იკავაბენ.
ნიკო ირგვლივ იყურება: გოგიას უკან ფიცხი ხარატიშვილი, ბეჭგანიერი თუჯიშვილი და ცქვიტი ლუკას ბიჭი დგანან. მარცხნივ ზაზანაშვილი ლეო, ბერძენაშვილი ვანო და თვალიაშვილი იღიმებიან ცბიერად. მარჯვნივ ბაჩიაშვილი ლუარსაბი, აყლაყუდა ვახტანგი და ენუქიშვილი იღრუბლებიან, ხოლო წინ პირქუში სანდრო დგას და... ეს ვიღა არის, ვინ მოსდგომია გვერდით წარბშეჭმუხვნილი? აა! ეს გარეჯელია, შარიანი და ჩხუბისთავი.
ნიკო უკან იხევს, რადგან ამ ქაჯის ნაგლეჯებთან კინკლაობა ხეირს არ დააყრის. სანდროსთან დავას თავს ანებებს და ცნობისმოყვარეთა და რგოლის წრეს არღვევს.
-ადგილზე გაგისწორდები, ყარამანო.
ბიჭები ხითხითებენ და ეჯღანებიან.
-შენ ექიმის გოგოს მოუარე!
ნიკო გააფთრებული მობრუნდება.
სანდრო რჩევაზე გადადის.
-წადი, ძმაო, რას შემომტრიალებ, თვალში ხომ არ გეცოტავები? ხომ იცი, სადამდისაც ხელს მოგაწვდენ, ხეირს არ დაგაყრი?
-ნიკოს მისი მეგობარი ბახსოლიანი და თანაკლასელები იჭერენ.
-გამიშვით.
სანდრო წერაქვს აგდებს და წინ გამოდის.
-გაუშვით, ბიჭებო, ერთი ქლიავივით გავულურჯო ეგ ცხვირი.
რგოლის ხელმძღვანელს დალესილი წევრები მიჰყვებიან, მაგრამ დირექტორის გამოჩენა ყველას აწყნარებს.
სანდრო წერაქვს უბრუნდება. დირექტორი მშვიდად ჩაუვლის ,,მუშებს'' და მოღუშულ სანდროს გამხმარ ბეჭებზე ხელს უტყაპუნებს.
-ჰა, ყარამანო, როგორა ხარ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent