იყალთოელი ბიჭები ,,თხილქვეშ"" (ნაწილი 5)
დილით ოფოფმა სამჯერ დაიძახა ბაღიდან. სანდრო სწრაფად წამოხტა, ჩაიცვა, მოძებნა რვეულ-ფანქარი და ბრაგაბრუგით გავარდა ოთახიდან. თხილებთან დედაბრიშვილი გოგია ჩამომჯდარიყო, რეზინის შურდული იქვე დაედო და მოკლულ შაშვს დიდი სიამაყით აცლიდა ბუმბულს. სანდრომ თვალები ჭყიტა. -ბიჭო! სად ინადირე? გოგიას არც ადრიმდელი გამომეტყველება შეუცვლია და არც კითხვაზე უპასუხია.ფრთხილად აცლიდა ბუმბულს, თან ისე ეჭირა თავი, გეგონებოდათ, ირემს ატყავებს და ეშინია არ გაეჭრასო. სანდრო ჩაცუცქდა და ხელი წაატანა. -უჰ! შიგ გულში არ მოგირტყამს?! სად მოჰკალი? გოგიას არც კი შეუხედავს, ისე უპასუხა: -აქვე, თხილზე. -მერე, როდის მოასწარი? გოგია გაიჯგიმა და მოკლედ მოჭრა: -რა მოსწრება უნდა? ვესროლე და ჩამოვაგდე. სანდრომ მეგობარს ბეჭებზე ხელი დაჰკრა, რადგან შაშვი იშვიათ ,,ნადირს'' წარმოადგენდა და მსუქანიც ჩანდა. -მარჯვე ხელი გაქვს, შე ღმერთგამწყრალო. შევწვათ? -როგორც გინდა. ჩაცუცქული სანდრო წამოხტა და შინ გაქცევას აპირებდა, რომ გოგიამ ხელი სტაცა. -მოიცა, სად მიხვალ, რა დროს შაშვია. საქმეზე მოვედი. -რომელ საქმეზე? გოგიამ მიიზედ-მოიხედა. ნიკო მოხსნეს ჩვენი რაზმის პიონერხელმძღვანელობიდან. -ჰა, რაო! რა თქვი?! გაიმეორე, რა თქვი?! -ნიკო მოუსნიათ ჩვენი რაზმის პიონერხელმძღვანელობიდან! -არა, ხუმრობ? -მართალს გეუბნები. -საიდან გაიგე? -ახლახან შენთან რომ მოვდიოდი, ჯახუნაშვილი ლილი შემხვდა წყაროზე. -გოგოებს სოტყვა დაეჯერებათ? მოგატყუებდა. -არ მოვუტყუებივარ. უფროს პიონერხელმძღვანელს უთქვამს. სანდრომ თხილის ძირში დამალული პაპიროსის კოლოფი ამოიღო, გახსნა, ერთი ცალი მეგობარს მიაწოდა, ერთი შიგვე ჩატოვა და ისევ თხრილის(მიწა ნათხარი) ძირში მიიმალა. -მოსწიე და ,,სოროკი,, დამიტოვე. -აქ რაღაა დასატოვებელი? ის ერთი ცალი შენ მოსწიე, -გოგოამ მოქაჩა პაპიროსი და დაგრაგნილი ბოლი გაბურდულ ფოთლებში გაუშვა. სანდრომ ტუჩები ააწკლაპუნა, ნერწყვი გადაყლაპა და ხელი წაიტანა. -მოიტა, კარგი, სულ შენ ხომ არ მოსწევ. გოგიამ თავი გვერძე გადასწია და წაწვდილი ხელი მარცხენით აიცილა. -ჯერ ორი ნაფაზიც არ დამირტყამს. მოდი, ის ერთი ცალი შენ მოსწიე, კიდევ ვიშოვით, თუ არადა, მამაჩემს იმდენი თამბაქოს ფოთოლი აქვს გამხმარი, რომ გაზაფხულამდე თამამად გვეყოფა. -მაგარიაა? -მაგარიაო? ისეთი მაგარია, რომ ერთი ნაჯახი გატეხა იმის დაჭრაზე. ორივეს გაეცინა. -თუ ეგ ამბავი მართალია, პირველი სადღეგრძელო იმისი უნდა დავლიოთ, ვინც ეგ გამოაპანღურა იქიდან. წავიდეთ, ნანადირევიც გვაქვს! - მაგრამ უცებ შეჩერდა და დაფიქრდა, -ჰო, მაგრამ, რაზმს უპატრონოდ ხომ არ დააგდებდნენ? ვერ გაიგე, მაგ მაიმუნის ადგილზე ვინ დაუნიშნავთ? -და ვინ? -ვარდუნაანთ გივი. სანდრომ მცირე ხნის შემდეგ ხელი ჩაიქნია. -ეგეც ფეხბურთელია... გინდა პანტა ყოფილა, გინდა მაჟალო... მაინც ვის დაუსახელებია? -თვითონ მოუთხოვია ადრევე. ახლა კომკავშირიც დათანხმებია. -თვითონ? -თვითონ. -მაშ, გაგვწურავს! -სანდრომ შაშვი გვერძე გადადო და მონადირეს ჰკითხა: -რა ჰქენი, სანთელი იშოვე? -მაღაზიაშია, რამდენიც გინდა. ბიჭებმა ხუთ-ხუთი დაიტაცეს. -იმ საქმისა რა ჰქენით? -ჯერ არაფერი. ლუკას კარგად არ ახსენდება გასაღების მოყვანილობა. მე გადავწყვიტე, სანერგე პანტა-მაჟალო მოვუტანოთ ტყიდან. ჩემთან კარგად არის გროზნა, მყნობას მასწავლიდა. გაუხარდება და მაშინ, მე მგონია, გადახატვასა და გაზომვაც მოვასწრებთ. -ეჰ, ზარმაცები ხართ, ზარმაცები, აქამდე ვერ გაიგეთ? -ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყავო. ძნელია ძმაო, სიზარმაცე რა შუაშია? პატარა გაუფრთხილებლობა და, მერე - მშვიდობით. სანდრომ კარგად იცოდა, სიფრთხილე იყო საჭირო. ზარმაცობა რომ დასწამა მეგობარს, თვითონონაც არ მოეწონა და სიტყვა გადაუსხვაფერა. -ზარმაცები ვართ, მაშ რა არის, ჩემზე ზარმაცი კაცი არ იქნება. -რას ამბობ, კაცო, ჩვენ სადაური ზარმაცები ვართ, დღე და ღამე მოსვენება არ გვაქვს. აი, დღეს კვირაა და ლექსები კი უნდა ვწეროთ. -მაშ, არა ვზარმაცობთ? -საიდან? -აბა მითხარ, გეოგრაფიაში რა მიიღე იმ დღეს? -ორი. -რუსულში? -ორი. -ჰოდა, მეტი რა გინდა, ძმაო? განა მე კი თავს ვიმართლებ, სამიანები მაქვს არითმეტიკასა და რუსულში, მაშასადამე, ზარმაცები ვართ. სუვოროვი კი სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, სულ დაუსვენარი იყო... თუმცა, ის რუსი იყო და რუსულის სწავლა არ დასჭირდებოდა. -ეჰ, შენც იტყვი რაღა, რუსი იყოო. შენ რომ ქართველი ხარ, ქართულის სწავლა არ გინდა? სანდრო გაყუჩდა. -ძველი საბძლისკენ ხომ არ გაგივლია? -წუხელ საღამოს ვიყავი. გამახსენდა, ვაშლი ნაწვიმარზე რომ დავკრიფეთ, სველი იყო და ნამჯის გადაწევა დასჭირდებოდა გასაშრობად. მთელ ღამეს ჰაერზე იყო და გათენებისას ისევ წავაფარე ზედ. სანდროს მოეწონა მეგობრის განჭრიახობა და ბეჭებზე მოუთათუნა ხელი. -ყოჩაღი ბიჭი ხარ, გოგი. -ვიყოჩაღეთ, მაგრამ თუ სკოლაში გაგვიგეს, რომ ეგ ვაშლი ჩვენ მოვიპარეთ, რგოლის ხელმძღვანელობასაც გამოემშვიდობე და მადლობაც ვუთხრათ, თუ სკოლიდანაც არ გაგვრიცხეს. -გაგვიგონ? საიდან უნდა გაგვიგონ? არა მგონია, ახალმიღებულებმა გაგვცენ, და ძველ ბიჭებს სატეხით რომ მიადგნენ, ვერ გასტეხენ. -გინდა ვერ გაგვიგონ, მე მგონია, რომ ჩვენ დაგვაბრალებენ და გარიცხვაც არ აგვცდება. -არა მგონია, გაგვრიცხონ, გოგი, ჩვენ ხომ მისათვისებლად არ მოგვიპარავს? და თუ გაგვრიცხეს, -ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა სანდრო, და თუ გაგვრიცხეს, დავსხდეთ და ლექსები ვწეროთ. -რას ამბობ, სანდრო, შეხტა ეფრემას ბიჭი ბიჭი, ჩვენებს რაღა პასუხი გავცე? უსწავლელი ვის რად უნდა, მამაჩემი ხომ სახლში არ გამაჩერებს? სანდრო, დაიბნა, უცნაური თვალით ახედა მეგობარს. კარგა ხანს უცქირა მდუმარესა და თვალებდაჭყეტილს, მერე მრისხანედ შეპყარა წარბები და მტკიცედ განაცხადა: -თუ ამგვარი რამ მოხდა, გოგი, მე გინდა გამაჩერონ, სახლში მაინც არ დავდგები და შენ არ მიგატოვებ გასაჭირში. ბიჭები კარგა ხანს ისხდნენ მდუმარედ, მერე ისევ ახალი ამბავი გაიხსენეს. -კი მაგრამ, რა მიზეზი დაუდეს ნიკოს მოხსნას? -რა ვიცი, რაც რაზმის ხელმძღვანელად დავაყენეთ, ყოყოჩობა დაიწყოო, არასწორად ესმის პიონერებთან მუშაობა. სწავლას მოუკლო და უსაქმოდ ხეტიალს მოუხშირაო, პატარებს აბუჩად იგდებსო, რაზმის შეკრებას არ ატარებსო, კედლის გაზეთს ყურადღებას არ აქცევსო, ფეხბურთს გადაჰყვაო და რა ვიცი... შენ ყველაფერი ეს ცოტა რამე ხომ არ გგონია? კომკავშირელი კია! -ერთი ჩვენ ვიყოთ კომკავშირელები! არა, სანდრო? -ეჰ, ზღაპარია, გოგი, ჩვენ ვინ მიგვიღებს კომკავშირში ჯერ? -ზალიკოს? ის ხომ ხუთი თვით არის ჩვენზე დიდი? -არც ზალიკოს. კომკავშირს მშიშრები და მაბეზღრები არ უყვარს. კომკავშირს უშიშარი და პირდაპირი ხალხი უნდა. აი, ჩვენ ზედგამოჭრილები ვიქნებოდით, მაგრამ ჯერ არ მიგვიღებენ. -თუ ჩვენ არ მიგვიღებენ, ზალიკოს სულ არ მიიღებენ. მართლა, ხომ დამპირდი დღეისათვის, ,,ყარამანიანს,, მოგიყვებიო, მოყევი. -დღეს ლექსები უნდა დავწეროთ, დავალებული მაქვს სკოლის კედლის გაზეთისათვის. შენ კი რაზმის კედლის გაზეთის რედკოლეგიის წევრი ხარ და არაფერს აკეთებ. -მოდი რა, ჯერ ,,ყარამანიანი,, მომიყევი და მერე დავწეროთ ლექსები. და სანდროს რაკი მეგობარიცა და წაკითხულის მოყოლაც ძლიერ უყვარდა, პირდაპირ დაიწყო. -ყარამანის ამბავი ხომ მოვათავეთ, ნარიმანისაც იმისი შვილისა, ახლა ქუჩუკ-ყარამანის ამბებია მოსაყოლი. -ქუჩუკ-ყარამანი ვინღა იყო? -როგორ არ გახსოვს? ნარიმანის შვილი ქუჩუკი ყარამანის შვილიშვილი იყო, აი, ჰაზარექ-დასტი რომ მოკლა ათასერთხელიანი დევი. -ჰო, მახსოვს, მახსოვს მერე? -მერე ჰაზარექ დასტს ბნელეთის ქვეყანაში ერთი ნათესავი ჰყავდა, რომელსაც ზარბაქ დევი ერქვა. ძალიან ღონიერი დევი იყო. ახლა იმასთან წავიდა ქუჩუკი საომრად... და დაიწყო ამბები ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ-დევის ომისა. გოგია ისე იყო გატვრენილი, ისე გაფაციცებით უგდებდა ყურს, რომ აზრადაც არ მოსვლია ჯიბიდან შურდულის ამოღება, როდესაც ზედ მის თავზე, თხილის ტოტზე, კიდევ ერთი შაშვი შემოსკუპტა ჭახჭახით. აშკარა ლუკმა გაუშვეს ხელიდან ბიჭებმა. ბოლოს დამთავრდა მეათე კარი ,,ყარამანიანისა,, ხოლო გოგია კიდევ დიდხანს იჯდა გარინდებული. -დღეს ეგ გვეყოფა, დანარჩენი შემდეგისთვის იყოს. გოგიამ თავი ზევით ასწია და კარგა ხანს უყურებდა თხილის ფოთლებში მოჭიატე ცის ლურჯ ნაჭერს. -მაშ, ქუჩუკი უფრო ღონიერი ყოფილა, ვიდრე იმისა პაპა ყარამანი. -ახლა მაგისი დრო არ არის, სულელო, მე ჯერ პური არც კი მიჭამია. -არც მე, გამოტყდა გოგიაც. -ჰოდა, დროით მოვათავოთ ლექსების წერა, რომ მადიანად მივაძღეთ საჭმელს, კაი მსუქანი შაშვიცა გვაქვს! ბიჭები პირქვე დაემხვნენ. ხან სადღაც იყურებოდნენ, ფანქრის ბოლოს მოიგდებდნენ კბილებში და აწვალებდნენ, ხან რაღაცას ბუტბუტებდნენ თავიანთვის და სალექსო სტრიქონები ეწყობოდა რვეულის კრიალა ფურცლებზე. დიდხანს აწვალეს ფანქრები, დიდხანს იცოდვილეს და ბოლოს წამოსხდნენ. -აბა, წამიკითხე, როგორი ლექსი დაწერე? -არა, ჯერ სენ წამიკითხე. რაო? აბა, მაჩვენე, ხა ხა ხა ხა! მე მეგონა, გაზეთისთვის დაწერე. ხა ხა ხა ხა! ,,ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ დევის ბრძოლა,,. წამიკითხე, თუ ძმა ხარ, ხა, ხა, ხა!... გოგია მოიღუშა, ცერად გადახედა მეგობარს, მაგრამ მაინც გატაცებით წაიკითხა: -ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ-დევის ბრძოლა. ქუჩუკი ღონიერია, ფეხს გადააწვდენს ველებსა, ისე დასცემდა ზარბაქ-დევს, ვეღარ ანძრევდა ხელებსა. -ბიჭოს! კარგია, განაგრძე. ქუჩუკმა და ზარბაქ-დევმა, ერთად დაუკრეს ტაშია, ქუჩუკმა გადაითხოვა, გინდა, გამოდი ხმალშია. -კარგია, მერე? ქუჩუკმა და ზარბაქ-დევმა, ომი დაიწყეს ძლიერი, ვერ გააშველებს ვერავინ, გინდ იყოს მილიციელი! -ეე! შენ და შენი მილიციელი! ან იქ რა უნდოდა მილიციელს და ან რა იმათი გამშველებელია? ეგ რაღაც ვერ გამოგსვლია კარგად, მაგრამ არა უშავს რა, მერე გაასწორე. ახლა კი წავიდეთ, თორემ ძალიან მომშივდა. -ეგრე იყოს. მაგრამ, იცი რა, სანდრო? მოდი, ოფოფივით ნუღარ დავიძახებ, თორემ მიგვიხვდებიან, რაღადროს ახლა ოფოფებიაო? მელასავით დავიჩხავლებ. -ჰოო, ეგღა აკლია მამაჩემს. თოფი გატენილი აქვს და მაშინვე ფეხებს გაგაჭიმვინებს თხილებში. ხომ იცი, როგორ მარჯვედ ისვრის? ბუზს, რომელ თვალშიაც ეტყვი, იმაში გაარტყამს. -მაშ, რა ვუყოთ? -შაშვივით აჭახჭახდი. -კარგი. შაშვივით ავჭახჭახდები. -ეგრე. -მაშ, გავწიოთ ახლა ქეიფი? -დავცხოთ! ბიჭებმა ხტუნვითა და ღრიანცელით წაიღეს შაშვი გამოსანაწლავებლად(შესაწვავად). |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.