ჩემი წამიერი პაემანი (დასასრული)
ეს ბოლო დღეები იმაზე ვფიქრობდი რამდენად მარტო ვარ. შევეცადე ამის რიცხვითი მნიშვნელობა დამედგინა, თუმცა შესამჩნევი ნოსტალგიური შემოტევის დროს, შევჩერდი. მაშინ ჯერ ისევ მუქად შეღებილი თმა მქონდა, სიგარეტის გემოც არ ვიცოდი და რაც მთავარია დიდი სიამაყით დავატარებდი ჩემი ზომის ყურსასმენს,რომელსაც მუდამ გავიხსენებ,ჩვენი შეხვედრის მთავარ სიმბოლოდ. და ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ყველა ჩემ აღწერილ ყველა დასაწყის სტრიქონში, ყველა შესაძლო შემთხვევაში, თუმცა ისე ვერ დავასრულებ,როგორც ძირითადად მთავრდება ხოლმე, წამიერი პაემნების მთავარი იდეა. მგონია რომ ყველაფერი იმ საბოლოო ბილიკისკენ მიდის,რასაც ჩვენ დავიწყებას ვეძახით და რასაც აუცილებლად გავიხსენებთ. ხელჩასაჭიდი, მთავარი სათქმელი, რეგენერაცია... გადავწყვიტე იმ დღეს ჩემი ბურუსიანი,სიმბოლური ხასიათი დამევიწყებინა და ისე გამევლო გზა,როგორც ჩამავალი მზე გადის, სანამ ახლიდან ამოსვლას დაიწყებს. თვალები დავხუჭე და გავიაზრე რომ სიცოცხლის მთავარი მნიშვნელობა,ის აუცილებელი მომენტებია,რომელიც მხოლოდ წამიერად შეიძლება თავს დაგატყდეს და შენთან ერთად შეუკვეთოს ამერიკანო, სადაც აუცილებლად სამ კოვზ შაქარს ჩაყრის. მეტაფორა აუცილებელია სიმყუდროვის და სიმსუბუქის გავლენისთვის, ამიტომ თუ რომელიმე ჩემი შედარება ოდნავ უხეშად მოხვდება თქვენს სმენის ორგანოს, უბრალოდ დაიკიდეთ... ვამბობდი იმას რომ იმ დღეს, ყველაფერი სილამაზესთან ერთად, ჰაერითა და იმედით იყო გავსებული. ჩემი ყველა შესაძლო, ვინ იცის, იქნებ აბსურდული ცუდი მდგომარეობა-გავიქრე და გადავწყვიტე რომ იმ დღეს, სრულიად უსაფუძვლოდ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი,რადგან არსებობს განსაზღვრებები რომლებიც აუცილებლად ცხვირწინ დაგილაგებს ყველა შესაძლო ცუდად ყოფნის ვარიანტს. ეს იყო დღე როცა ჩემი სული და სხეული,მთლიანად სიცარიელეს მივანდე და ეს სიცარიელე,უარაფრობისგან გამოწვეული ეიფორიით გაიჟღინთა. აღტკინებული, ცნობიერად და არაცნობიერად მივსდევდი უნივერსიტეტიდან გამომავალ გზას და ბიბლიოთეკაში შევლა მინდოდა,რომელიც რატომღაც მუდამ ბოლო პლანზე დგებოდა ხოლმე და უფრო უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან მაგრად მეზარებოდა... ისიც მახსოვს რა მეცვა და ალბათ იმასაც დეტალურად გავიხსენებ მას რა ეცვა,როცა დავინახე.მიუხედავად ჩემი საშინელი მეხსიერებისა, სინათლის სხივის სიჩქარესავით მივიღე ყველა დეტალი და ჩემ წარმოსახვაში ჩავბეჭდე. და მას ეცვა ძალიან ნაზად. ფერადი იყო და გაუსაძლისი, უშინაარსო სიხარულით სავსე. როცა ჩავიარე იმ გზაზე, სადაც მერე ისევ უკან დავბრუნდი და რასაც ცოტა ქვემოთ დავწერ... შევხედე და ვიფიქრე, აი ის ტიპი, იმ სასაცილო ქუდით ძალიან გავს ადამიანს,რომლის გაცნობასაც ვისურვებდი. ეს სურვილი ალბათ გამოხედვაში ჩამრჩა რადგან მისგანაც იგივე მზერა მივიღე. ღიმილნარევი და თბილი მზერა იყო, თითქოს სხეულის კონტაქტის ყველა ლექციას დავესწარი და ახლა ის იდგა ჩემ წინ, ამ საოცრად გაბრწყინებული,მწვანე თვალებით... და ალბათ ეს იყო საწყისი წამი,როცა ან მე, ან თავად ის, უნდა მივსულიყავით ერთმანეთთან და ერთი, უაზრო სიტყვა გვეთქვა. თუნდაც სრულიად არაფერი... უბრალოდ რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულებს, ეს მოულოდნელი ემოცია დაგვეფიქსირებინა და მერე უბრალოდ დავშლილიყავით... ჩემში დადებითი იმპულსები იმდენად აშკარა იყო, ისე ვიყავი აცდენილი მოცემული რეალობის შედეგებს რომ... ვიგრძენი ის სიმხურვალე, ან ალბათ ვიტყოდი, დენის გავლა-რომელიც გამიჩნდა როცა ერთმანეთის საპირისპიროდ გავიარეთ გზა. იმ დროის მონაკვეთში ვიფიქრე რომ უკვე დიდი,ილუზიური კავშირი დამყარდა,რომელიც მთელი დღე გამყვებოდა და სულ გამიჩენდა ღიმილის სურვილს. როცა ჩავიარე, უკვე გააზრებული მქონდა რომ ეს წამიერი გაელვება, მართლაც წამიერი იყო და მორჩა, მე მას ვეღარ დავინახავ, ისიც ვეღარ შეძლებს იმის გაცემას-რაც უკვე გასცა... და ეს იყო ის შევსებული მელანქოლია,რომელსაც მუდამ თან დავატარებდი ხოლმე. დიდი შესავალი გამომივიდა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ვცდილობ ყოველი წამის ზუსტი ასლი შევქმნა და თქვენამდე მოვიტანო. მარტივია უბრალოდ დასქროლო რაღაც, წინადადებებით არ დაინტერესდე,რომელზეც ალბათ ავტორს საკმაოდ ბევრი აქვს ნაფიქრი და ეს ცოტა საწყენიც კია, მიუხედავად იმ უამრავი წაუკითხავი გვერდის, რაც წიგნებთან მაკავშირებს... მაინც მგონია რომ რაც არ უნდა აქროლვადი იყოს ფიქრი, ის მაინც შინაარსის გამოსხივებაა და პატივისცემას იმსახურებს. ბიბლიოთეკის გზას ძლივს მივაგენი, რომ არა ,,მეპი“ მობილურზე ალბათ უსასრულოდ წრეზე ვივლიდი და როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს. დაღლილი ვიყავი, გულწრფელად დაღლილი და როცა ბიბლიოთეკის დაცვამ - ჩემ შესაძლო დაგვიანებაზე გაამახვილა ყურადღება, წამით გავსკდი, უცებ დამიბნელდა თვალთ და ხასიათიც უარესობისკენ შემეცვალა. ზიზღით ავუარე გვერდი და წყენით სავსე ბუტბუტით ( ან იქნებ გინებითაც) გზა გავაგრძელე. როცა რაღაც მანძილს გადიხარ, არ აქვს მნიშვნელობა დაშორებას, ყოველთვის კონკრეტული გზა გაქვს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ გზიდან ვიღაცამ ხელისკვრით მომიშორა და უარმყო. ყურსასმენები კისერზე ჩამოვაქვეითე და მუსიკის გარეშე, იმ გზას დავუბრუნდი,რომლითაც მოვედი. როცა რაღაც მანძილი გავიარე სინათლე ვიგრძენი. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, ან იქნებ სხვას მივამსგავსეთქო ვიფიქრე მაგრამ ბევრს არ აქვს მსგავსი ქუდი დედამიწაზე... როცა მივუახლოვდი რატომღაც მზერა ავარიდე, ისე აღარ შემიხედავს როგორც პირველად და თან მჯეროდა რომ მსგავსი ორმხრივი შთაბეჭდილება,შეიძლება სულაც ცალმხრივი იყოს და ამიტომ ისე გავიარე ის გზა,თითქოს ზედმეტი იყო უკვე მეორე იმედგაცრუება. უცებ (ჩემდა გასაკვირად), ჩემგან უყურადღებოდ დატოვებულმა ობიექტმა გზა გადამიკეტა და გაშლილი ხელებით შეეცადა შევეჩერებინე. -მეორედ ვეღარ გაგიშვებდი.-თქვა სიცილით- აი ერთხელ ხომ გაიარე, მანდაც დავზადნე მეთქი არ შევაშინო... მაგრამ ახლა ვეღარ გაგიშვებ. -ლამაზი ქუდია-დავიბენი- ძალიან მომეწონა. უცებ ეს ფერადი ქუდი ჩემ თავზე აღმოჩნდა და მეც ვეღარ შევიკავე სიცილი. -მიხდება? -ალბათ... ეგოისტი ვარ ჩემი ნივთების მიმართ. -მეც. აი მაგალითად თუ ისეთი რამ მაცვია რაც სხვასაც შეიძლება ეცვას ან წავაწყდები სადმე, მაშინვე ზიზღის გრძნობა მიჩნდება და მეორედ აღარ ვიცვამ. ,, რა შუაში იყო ახლა ეს? „- ჩემ ფიქრებში საკუთარი თავი მძულდა- ,,ასეთ იდიოტობას მხოლოდ ასეთ სიტუაციებში რატომ ვამბობ?“ -სოციალურ ქსელში პოპულარობით გამოირჩევი? -ეს...ეს საიდან? დასკვნა ანუ-ენა ამებლანდა-მაქსიმუმ ოცდაათი ლაიქი... -მოხარული ვარ. მე საერთოდ არ ვიყენებ სოციალურ ქსელს... და შენი თითები - მითხრა ღიმილით და შემდეგ წამიერად მზერა გამისწორა- რომ იცოდე,რა ლამაზი ხარ. -ამას იმიტომ მეუბნები რომ აქვე დავდნე თუ უცნაური გემოვნება გაქვს? -აი რამდენიმე წამია რაც გხედავ და უკვე სამი დადებითი თვისება აღმოვაჩინე. - ორი დადებითი თვისება ესაა ხო?- ჩემ მაისურს დავხედე და ჩემივე ხუმრობით უკმაყოფილო, შესამჩნევად გავწითლდი. გადაიხარხარა და ახლა თვითონ შემხედა ცოტა ქვემოთ -რომ არ გეთქვა ვერც შევამჩნევდი. -ეგ კომპლიმენტი არ არის!- ვუთხარი სიცილით და მერეღა შევამჩნიე რომ საუბრის განმავლობაში ჩემი ხელი ეჭირა. დაბნეულმა მაშინვე მოვაცილე და ღიმილით ავხსენი ჩემი საქციელი. -შემიძლია სკოლიდან გამოგიყვანო ხოლმე-შემომთავაზა - პირველ კურსელი ვარ...-ვუთხარი წყენით- ასე არ მეტყობა ასაკი? -მაშინ უნივერსიტეტიდან გამოგიყვან. -თუ მანდედან გამომიყვან, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. ორივემ სიცილით გავუყევით ქუჩებს და შემდეგ ისე თითქოს იმ წამს ვენახე და საუბარი არც გაგვიბამს,იკითხა -ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა და იქნებ საერთოდ სიყვარულის არ მჯერა... არ ვიცი. მაგრამ რომ დაგინახე... შეიძლება იფიქრო რომ გიჟი ვარ, გეთანხმები, ეს ნამდვილად არის ჩემში... უბრალოდ რომ დაგინახე ვიფიქრე რომ ციცინათელას გავხარ. მოდიხარ,ანათებ... შემდეგ ისევ ქრები. აი მაგალითად ხელი რომ გამაშვებინე ვიფიქრე რომ ჩაქრი,მაგრამ როცა იღიმი თითქოს თავიდან ბრწყინდები... და ამ წყენამაც გამიარა. ახლა შენ გვერდით რომ მოვდივარ, ისევ ნაწყენი ვარ რადგან შეიძლება ჩემგან თავის დაღწევა გინდა, შენ კი ვერ წარმოიდგენ ზოგჯერ როგორ სირთულეს წარმოადგენს სრულიად უცნობ ციცინათელასთან გამოლაპარაკება. აი შემდეგ კი ვიფიქრე... იქნებ გიცნობ კიდეც? აუცილებელი არ არის შეთანხმებულად ვიცოდეთ ერთმანეთზე ინფორმაცია მაგრამ მგონია რომ მინახიხარ ადრეც. სხვანაირად არ ვიცი, როგორ გავბედე მოსვლა... - ეგ არც ისეთი რთულია როგორც ამბობ. მთავარია სურვილი. -ვინმეს გამოტყდომიხარ რომ მოგწონს?... -არა. - და შენ მესაუბრები სირთულეზე პატარა? -გულწრფელად გაუკვირდა- - პატარა?!- -კარგი, მითხარი რა დაგიძახო. -გვანცა... -აი, შენი სახელიც გავიგე. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით, ცას ავხედე. უკვე ღამდებოდა მაგრამ სითბო მაინც დასდევდა ქუჩის ყოველ წერტილს. მზე გაჩერებული კომპასივით ესვენა ერთ ადგილზე და ნელნელა ფერს იცვლიდა.ჩემ მოძრაობას დააკვირდა და მისი თითები-ჩემ თითებს შემოაპარა. -ბუნება შესანიშნავი რამეა. ის საშუალებას მაძლევს ხელი ჩაგკიდო. და მეც აღარ გამიშვია. ცოტა ხანი მდუმარედ მივდიოდით, არც არაფერი გვქონდა სათქმელი. ჩვენ ხომ უცხოები ვიყავით, ერთი მარსიდან, მეორე პლუტონიდან და თითქოს პატარა ვარსკვლავმა თავი დაივალდებულა ჩვენ შორის დროებითი ხიდი ჩამდგარიყო,რომელიც ერთმანეთის შეხების და საუბრის საშუალებას მოგვცემდა. ამაზე ვფიქრობდი როცა მივდიოდით და ასევე ყველა შესაძლო სიტყვაზე... -მინდა შენი ნახვა ისევ. აი უბრალოდ, მინდა რა... ისეთი კარგი ხარ რომ მინდა. ცოტა ხანს ჩემ რეაქციებს აკვირდებოდა -და თან ვიცი რომ ჩემთან არ იქნები. სხვაზე ხარ შეყვარებული,ასე არ არის? თუ ეგ არა, ურთიერთობა მაინც გექნება. კოცნა,ამბები... კაი რამეა. შიშით ვხედავ ამ ყველაფერს და მითუმეტეს ახლა მეშინია როცა შეიძლება დამიდასტურო. არა, ნუ აქნევ თავს ნუ! მიატოვე ეგ ვიღაც ! ჩემთან ერთად წამოდი შრი-ლანკაზე და ჯვარი დავიწეროთ. მღვდელი ბობ მარლისავით გაიზმანება და ჩვენც, დაბოლილი, სულელი ჰიპებივით ვირბენთ კოცონის გარშემო. აი მაშინ შეგიყვარდები,ახლა თუ არ გიყვარვარ. მიატოვე ეგ ვიღაც და ერთად გავიქცეთ. ლამის მოსასულიერებელი გავხდი ისე გამეცინა და ისიც ამყვა. -მართლა მაინტერესებს... აი გაიქრე ის ფიქრები თითქოს ახლა გავიცანით ერთმანეთი და წამიერად წარმოიდგინე რომ გიყვარვარ. წახვიდოდი ჩემთან ერთად? მიატოვებდი ყველას და ყველაფერს? -ალბათ ვერ... აქ ზედმეტად ბევრი რამეა,რისი მიტოვებაც არ შემიძლია. -არც სიყვარულის გამო? -არც სიყვარულის... -გამიტყდა.- -მაგრამ შეგვიძლია ჩაი დავლიოთ. ვუთხარი როცა ოპერასთან, ჩაიხანას ჩავუარეთ. -ამას იმიტომ აკეთებ რომ შეგეჩვიო და მერე რომ წახვალ სასოწარკვეთამ შემიპყროს. თვითშეფასებას იმაღლებ თუ რას შვები? -არა,უბრალოდ ჩაიზე გპატიჟებ. -არ მჭირდება. მე დაგპატიჟებ თუ კარგია... ისე გამოვა თითქოს მე მინდა თავი მოგანატრო,როცა წახვალ. - როცა წახვალ,როცა წახვალ-გამოვაჯავრე-არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო ეგ და ეს წამები გაიზიარო ჩემთან ერთად? -კოცნის გაზიარებაზე რა აზრის ხარ?- შემომაპარა და სახე ახლოს მოწია. მხარი ვკარი და თითქმის იძულებით შევიყვანე ჩაიხანაში. -იცი სულ ვფიქრობდი რომ ადამიანები ფიფქებივით არიან. მალევე დნებიან მაგრამ მაინც სილამაზედ აღიქვამენ. შენ ყველაზე დიდი ფიფქი ხარ,ვინც მინახავს. - ეს ზეწოლაა. მეტაფორებით ვერ დამაკავებ,ხომ იცი? უბრალოდ შენზე მომიყევი. მინდა წარმოვიდგინო. -რა გინდა წარმოიდგინო?- -ყველაფერი,რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც არ იქნება. - სულ ასე უფუჭებ ადამიანებს ხასიათს? - კარგი რა... - გამეცინა და ჩაი მოვსვი- ,,დრაკონის ფრენა“-შევუკვეთეთ და შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი ვესაუბრებოდით მიმტანს რომელმაც გვითხრა რომ ამ დასახელების ჩაი,ძალიან ცოტას შეუკვეთავს. მე ვიფიქრე რომ მათ უბრალოდ შეეშინდათ რომ ჩაის ნაცვლად,დრაკონი შემოფრინდებოდა და იქაურობას მტვერად აქცევდა. თუმცა ჩაი, ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო. როცა მიმტანი გავისტუმრეთ და პირისპირ მარტო დავრჩით, არ ვიცი რას ეძახიან... მქონდა იმის განცდა რომ უსასრულოდ ჩამეხუტებოდა, ამის უფლება რომ მიმეცა. ის კი მაბრუებდა. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, მხოლოდ ჩემ თითებს ვერ მოწყდა. შემდეგ ნელა მიიტანა ტუჩებთან და აკოცა. საათს დავხედე-უკვე გვიანი იყო. მანამდე ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიგე მასზე და მან ჩემზე... მაგრამ ძალაუნებურად ორივეს ნოსტალგიური შეგრძნება გაგვიჩნდა როცა დავფიქრდით რომ განცალკევების მერე, ამას არანაირი აზრი აღარ ექნებოდა,რომ უბრალოდ დეტალები ადგენს იმ ფერთა გამას,რაშიც შემდეგ ვცხოვრობთ,წამები კი მარადიულად აშენებენ შენობებს და ამატებენ აგურებს,როცა მისი ზედა ფასადი ირღვევა... -არც მე არ ვარ მარტო- თქვა დუმილის შემდეგ- მყავს გოგო... ეს ცუდად ჟღერს არა? უბრალოდ ეს სიყვარული არ არის და არც ის გავს ციცინათელას... თუმცა ვფიქრობ რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს,რომელიც ორივესთვის მხოლოდ დადებითის მომცველია. -ცუდ საქმეს ვაკეთებთ ახლა-ვუთხარი- უბრალოდ ზოგჯერ მგონია რომ ამ პატარა სამყაროში, ჩემ გარდა არავინ არ სუნთქავს. - და ის შენი ბიჭი რას შვება ამ დროს?-თქვა წყენით -მე მას ვერ ვხედავ... ჩემ განზომილებაში ვარ ჩაძირული და ღობის იქით ველოდები იმას,ვის შემოშვებასაც შევძლებ. -და ვის შემოშვებას შეძლებ? -ვინც მიყვარს...-ვთქვი ყოყმანით- როცა გული ამომძახებს ,,ეი შენ,მანდ მარტო ყოფნა არ მოგწყინდა?“-აი მაშინ. -და ჩვენ მაინც უნდა გავცალკევდეთ, მიუხედავად იმ შესაძლო შემთხვევისა. რა თქვი? რაღაც ღობეზე... გადავიკისკისე. -ყოველთვის შემეძლო ღობეებზე გადაძვრომა. აი ვცდიდი,მართლა. -ეს დღეს დამთავრდება. მე ამას ვგრძნობ... -შენი გრძნობები არ მომწონს,ძალიან ცუდი გრძნობებია. -და შენი გოგო რას გრძნობს ამ დროს? -შენ იცი რას გეტყვი?!- იმასაც სიცილი აუტყდა და შემდეგ, ძალიან სწრაფად მომხვია მკლავები. როცა ჩამეხუტა, საათის ისრები აჩვენებდნენ იმ დროს როცა ეს ჩახუტება დაიწყო და არ აჩვენებდნენ იმ დროს,როცა ის დასრულდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უბრალოდ უკან დავიწიე. ჩანთა ავიღე და ვუთხარი რომ მიუხედავად მისი ულამაზესი ქუდისა, უნდა წავსულიყავი. როცა ჩაიხანიდან გამოვდიოდით მიმტანმა გვითხრა რომ ისევ მივსულიყავით რადგან სხვანაირად ,,დრაკონის ფრენა“ ვერ გაიყიდებოდა. ,,ისევ მივსულიყავით“-ამის გაგონებაზე ორივეს ტკივილნარევი ოხვრა აღმოგვხდა. და ისევ გარეთ გავედით... მეტრომდე მიმაცილა. -უფლებას გაძლევ მაკოცო-თქვა ყოყმანით. წამიერად თვალები დავხუჭე და ყველაფერი, მოძრავი ან უძრავი საგანი გაქრა ჩემ ირგვლივ. ყველა და ყველაფერმა მხოლოდ სიცარიელისა და უშინაარსობის ფორმა მიიღო. სინდისმა, ქვეცნობიერმა და საკუთარმა ეგომ,თითქოს ყველაფრის უფლება მომცეს და მეც თითის წვერებზე ავიწიე და ნაზად ვაკოცე ჯერ ზემოთა ბაგეზე და შემდეგ ქვემოთ... მან კი თმაზე ხელი მომკიდა და უფრო ვნებიანი კოცნით მიპასუხა. -this is the end-წაიღიღინა დორსების სიმღერა და ღიმილით სავსე თვალები გამომაყოლა. << ეს არ იყო ტკივილისა და მელანქოლიის განცდა, ჩვენ უბრალოდ ქიმიურად შევთანხმდით იმაზე,რაც უნდა მომხდარიყო,მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას რომ დაგვავიწყდებოდა ის-რაც მოხდა... და ახლაც ამაზე ვფიქრობ. როგორ შეიძლება, მე ის დამავიწყდეს... ვაგონში ვიდექი, ვიღაცა მეყრდნობოდა და თან ,,წამიერ პაემნებზე“-ვფიქრობდი. ეს იდეა, სწორედ მისმა გამოჩენამ, მისმა გაელვებამ და იმ ყველაფერმა გამოიწვია, რაზეც ამდენი ვწერე და ალბათ ისევ ამდენს დავწერ. მინდოდა ყველასგან მომესმინა, ყველას ვეკითხებოდი თუ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევები... მინდოდა მოეყოლათ, გულწრფელად დაღვრილიყვნენ ჩემთან, თუმცა ის ეიფორიის განცდა ვერც ერთმა ამბავმა ვერ დაჩრდილა-რაც ჩემში იყო. რამდენიმე ,,წამიერი პაემანი“ თავად მოვიგონე, თუმცა მასში... ყველა პერსონაჟი და ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი , ვარ მე. როცა ვწერდი,ვერავის წარმოვიდგენდი ჩემი თავის გარდა და ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი უკვე უშუალოდ ჩემზე რომ შემძლებოდა რამის თქმა და საბოლოოდ ამ ისტორიის დასრულებაც. ღიმილნარევი,ცრემლიანი,ოდნავ ეგოისტური და ალბათ ზედმეტად ფაქიზი არის ის-რაც ჩემი თითებით, ამ ლეპტოპის კლავიშებზე შეიქმნა. მთავარი სათქმელი არ გამაჩნია. ან იგრძნობთ, ან არ იგრძნობთ. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.