შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ღამეული ექსპედიცია (ნაწილი 7)


2-03-2017, 21:01
ნანახია 1 650

მთვარეს ღრუბლები წამოჰფარებოდა და აღარც ვარსკვლავები ჭიატობდნენ ცაზე. პირღია ვეშაპს ჰგავდა შავ ღამეში ბუჩუკურთელების სახლის მაღალი სხვენი. იქ კურდღლის ძილით ეძინა სანდროს. წარამარა წამოხტებოდა ლოგინიდან, თვალებს ფართოდ აჭყეტდა და ყურდაცქვეტილი მისჩერებოდა ჩაბნელებულ ბაღს, საიდანაც ბუს გულსაკლავი ხმა ისმოდა.
-მთელ საათს ვიჯდე ჭინჭარში ტიტველი, თუ ეფრემას ბიჭს ხვალ გვერდები არ დავუზილო! ვინ იცის, გაჭიმა ფეხები და აღარც გაიღვიძოს ხვალ შუადღემდე! ღამე ხელსაყრეკია. რა ეშმაკი დაემართა, აკი გავაფრთხილე? წაიბურტყუნებდა ძილგამკრთალი ბიჭი და ისევ მიწვებოდა.
ამ ვაი-ვაგლახში ძლივს ჩაეძინა, რომ უეცრად შაშვის ჭახჭახი ჩაესმა.
ბიჭი წამოვარდა ფეხზე და ტანსაცმელს სტაცა ხელი.
სასწრაფოდ ჩაიცვა და ქამარში დამბაჩაგაყრილი გავიდა კრამიტებზე, კატასავით გაცოცდა ზედ გადმოშვერილ ჭერმის ტოტზე, ჩაჰყვა ხის ტანს და ძირს ჩახტა. აქ ერთი თვითონაც წაიჭახჭახა და ლეღვის ტოტებქვევიდან გამოსულ აჩრდილს მიუახლოვდა.
-სადა ხარ აქამდის? გაწყრა დამბაჩიანი.
-ყველაფერი მზად არის, სანდრო, ბიჭები ძველ საბძელში იცდიან.
-თოკი იშოვე?
-თოკიც ვიშოვე.
-მაშ, წინ გამიძეხ.
რგოლის მეთაური ,,მარჯვენა ხელით'' მალე საბძელში დაბანაკებულთ შეუერთდა. სანდრომ ჯიბის ფარანი აანთო და ბიჭებს მორთულობა მოუწონა. იარაღიც შესაფერისი ჰქონდათ: ლუკას ბიჭის ნაკეთები, საფანტით გატენილი თოფები, რომელთაც ლულის ბოლოს პატარა ნახვრეტთან ანთებული ასანთის მიტანაღა აკლდათ, რათა ერთბაშად დაექუხათ: ,,ხმლები''რომელთაც წრის მეტი ყველაფერი შეეძლოთ, სადღაც ნაპოვნი, ჟანგისაგან შეჭმული სამღარიანი ხანჯალი: დიდრონი კომბლები; ორიოდე შურდული და ერთიც გრძელი შამფური, რომელზედაც ჩუმად კარგა ხანს ქირქილებდნენ, სანამ მომტანი არ გაბრაზდა და არ აიმრიზა, მეთაურმა აღრენილი თუჯიშვილი დაამშვიდა და რგოლს უბრძანა, ღვთაების მონასტრისკენ დაძრულიყო. ფეხაკრებით მიდიოდა ღამეში თოფიარაღმომარჯვებული ათეული და დროდადრო ჩერდებოდა მზვერავების გამაფრთხილებელ ნიშანზე. მაშინ ჩუმად გასცემდა ბრძანებას ათისთავი და ათეულიც გაქრებოდა გზიდან, ხოლო გზის პირზე ამოსულ ბარდებში გაეჩრებოდა გზისკენ მოღერებული თოფის ან დამბაჩის ლულა. გაიწკრიალებდა გაუფრთხილებლად ქვას წამოკრული შამფური და მკვდრული სიჩუმე ჩამოწვებოდა ირგვლივ.
ათეულმა გაიარა ხრამი და ჩიჩქანის ვიწრო, მაყვლით გაბარდულ ხევს შეუყვა. შორს, გორაზე, უკვე აილანდა რძის საყდარი, საიდანაც თავქვე ეშვებოდა გზა მონასტრისაკენ. ლეგენდები ამბობდნენ ამ საყდარზე, რომ რძეში აზელილი კირით იყო ნაშენი სიმაგრისათვის. მაგრამ საუკუნეებს მისთვის ჩამოექცია დასავლეთის კედელი და თვალუწვდენელი კლდიდან იყალთოს ხევის ძირში გადაეჩეხა.
ბიჭებმა ის იყო აივაკეს, რომ გაისმა ჭოტის კივილი და მთელი ათეული მიწას გაართხო. დაზვერვიდან ფორთხვით უკან შემობრუნებული სნაიპერი მეთაურს მიუახლოვდა და მოახსენა, რომ საყრის გვერდით რაღაც ლანდი დადიოდა უცნაური ფშვინვითა და ზმუილით. ამის გაგონებაზე უშიშარ ბიჭებს ტანში გასცრა.
-ნუგზარი იქ დავტოვე სათვალთვალოდ, მე კი წამოვედი რჩევისთვის: პირდაპირ მივიტანოთ იერიში თუ გვერდი ავუაროთ და კიკაბაურებზე გადავლით მივუახლოვდეთ ღვთაებას და აკაფემიას?
სანდრო წამოჯდა, გარშემო გაწოლილი ბიჭები მოათვალიერა და მერე ისევ ვახტანგს მიაჩერდა.
-რა უნდა იყოს, შენი აზრით>
-არც ისე ახლოს მივსულვარ, რომ კარგად გამერჩია, ისე კი... ბნელა.
რაზმის მეთაური ჩაფიქრდა და მტკიცედ განაცხადა;
-პირდაპირ მივალთ იერიშზე, მომიახლოვდით!.. ეგრე!... გაწექით!... ენუქიშვილებს ლადო წაიყვანს და მარჯვენა მხრიდან მოუვლის რძის საყდარს. კლდეს უფრთხილდით, ხევი ღრმაა და სული არ ჩაგყვებათ.
-ხელისგულივით ვიცნობ მაგ კლდეს, დღისით ჩავსულვარ კიდეც ძირამდის.
-თვალიაშვილსა და ლუარსაბს ბერძენაშვილი წაიყვანს. ჩიჩქანას აჰყვება მარცხნიდან და დეკანოზიანთ კაკლებს ისაფრებს.
-უკაცრაული პასუხია, საყდრამდე არ მივიდეთ?
-ჩემს ნიშანს დაელოდეთ.
-ეგრე.
-ზაზანაშვილს, თუჯიშვილსა და დედაბრიშვილს წაიყვანს სნაიპერი გასცდება დეკანოზიანთ კაკლებს და ზურგიდან მოუვლის საყდარს.
-არავინაც არ მინდა, მარტო გოგია მომეცი, დანარჩენი შენთან დაიტოვე.
,,მეთაური გაწყრა:
-როგორ ბედავ სიტყვის შებრუნებას? წაიყვანე ვინც გითხარ!
ლუკას ბიჭი აიმრიზა.
-ხახაბოს მაინც ვერ წავიყვან, სად უნდა დაწვეს და იხოხოს ამ სიგრძემ?
,,მეთაურს'' გაეღიიმა და მოლბა.
-კარგი, ვახტანგი ჩემთან დარჩება, გოგიასა და ნუგზარს კი ვერავის გავატან. აბა, მიხედეთ თქვენ-თქვენ საქმეს! ფრთხილად გაბედულად! ვაჟკაცები უყვარდა სუვოროვს!
,,მოერიშე რაზმები'' ღამეს შეერივნენ და ,,მეთაურის;; თვალთაგან გაუჩინარდნენ, ხოლო თვითონ ,,მეთაურმა;; დანარჩენი მეომრები გაიყოლია და რბილ ბალახზე ფორთხვით გასწია იმ მხარეს, სადაც, მისი აზრითა და მრელაშვილის თქმით, ნუგზარ გარეჯელი უთვალთვალებდა ძველ, ნანგრევ საყდართან მორიალე ლანდს.
მზვერავი ნახნავის კვალში ისე შეხამებულიყო, რომ ვერასგზით ვერ იპოვა სანდრომ. თვითონ წამოვიდა ფორთხვით ნუგზარი ,,რაზმისაკენ,, და მოსვლისთანავე ხელით ანიშნა ბნელში აზიდული ნანგრევი. მეთაურმა კარგა ხანს იცქირა ხელის მიმართულებით და შეამჩნია ლანდი, რომელიც ოდნავ იძვროდა ჩასაფრებულებისკენ და თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
-რა უნდა იყოს, ნუგზარ?
შემკრთალი ნუგზარი აჩურჩულდა:
-არ ვიცი, ძმაო, მგელია, დათვია თუ რა ნადირია.
-ვერც მე გამირჩევია. რა უნდა იყოს. გოგი?
-არვიცი. მოდი, მივიდეთ ახლოს. თუ მგელია, წავიკივლოთ და გაიქცევა, თუ დათვია...
-ნუ სულელობ ერთი! რა უნდა ჩვენს ტყეში დათვს?
-მაგას რად ამბობ, სანდრო? არ დაეთანხმა ხახაბო. წინათ ისეთი გაუვალი მუხიანი ყოფილა აქ, რომ პაპაჩემს მოუკლავს ერთი დიდი დათვი, რომ მივუახლოვდი, არც კი შეშინდაო. შვინდზე ასულიყო კრეფდა და უბეში იყრიდაო.
რაზმი კინაღამ სიცილით გაიგუდა.
-პაპაშენი მარტო მონადირეობას კი არა, იმასაც იკვეხნიდა: ჩემისთანა სირბილი არავინ იცოდა იყალთოშიო. ხითხითებდა გოგია. სანდრო, გაიგე, სანდრო?! ნიშანში დასმულ ქვას ვესროლე თოფი და მერე გასაგებად გავიქეცი, მოხვდა თუ არაო. მივედი და რასა ვხედავ! ზედ არაფერი ამჩნევია ნატყვიარის მსგავსიო, ჩემს სიცოცხლეში არაფრისათვის არ ამიცდენია და გამიკვირდაო. ის იყო თითით დავიწყე სინჯვა ქვაზე სადმე აციცქნილი ხომ არ არისო, რომ რაღაცამ მიიღო უცებ ტყლაშანი ზედ და კინაღამ თითი არ წამაწყვიტაო. თურმე რომ ვისროლე და გამოვიქეცი, გამომისწრია ტყვიისათვის და ტყვია კინაღამ შიგ თავში არ მეტაკაო.
ბიჭები ნახნავის კვალში გორაობდნენ შეკავებული ხითხით-ფრუტუნით და მოღუშულ აყლაყუდას გულზე ხეთქავდნენ.
-დაიცათ, ბიჭებო, სიფრთხილე სულ დაგავიწყდათ. ვინ იცის, რა არის, უნდა გავიგოთ, თორემ აკადემიასთან ვერ მივალთ, თუ ზურგს უკან ეს რაღაც ნადირია თუ ეშმაკი დავტოვეთ.
-დიდი არაფერი შვილი უნდა იყოს, ტყე ახლოა და მგლებიც არიან შიგ. ალბათ, მგელია. გახსოვს, ლაცაბიძიანთ ფარნაოზმა რომ მოკლა აქ ერთი?
-ჰო, ის ამ ტყის პირას მოხდა. ლეში ეგდო მისატყუარად. ფარნაოზი კი ჩასაფრებული იყო. ეს კი ნადირი არა ჩანს... თუმცა სიფრთხილეს თავი არა სტკივა.
ბიჭები გულადები იყვნენ, მაგრამ მაინც შიშნარევად ჩაწვნენ ბალახებში და სცადეს, ხოხვით მიახლოებოდნენ.
ლანდმა მოძრაობა შეწყვიტა და მისკენ მხოხავ აჩრდილებს დააკვირდა. მერე უცებ თავი ზევით აიქნია, საშინლად დაიფშვინა, მკვეთრად შემოტრიალდა და ტყის პირისაკენ გაქანდა.
ბალახში გაწოლილი მეთაური წამოდგა და ჯაგებს იქიდან გამოსულ ლადოს ანიშნა, ახლოს მისულიყო. მერე იქვე ჩამოჯდა და ხითხითი ატეხა.
-ფუი, ძროხა ყოფილა! მეცა ვთქვი, რაღაც სავაჟკაცო რამეს გადავეყარეთ-მეთქი.
-ჩვენც ვიცანით, გამოტყდა ხარატიშვილი, მაგრამ შენს ნიშანს ველოდებოდით.
-რა ეშმაკი უნდოდა ამ შუაღამისას? ახლოს მიუჯდა მეთაურს სერგო.
-ალბათ, ნახირს ჩამორჩა და მენახირემაც ცერ შეამჩნია. ადგა ეგეც და, რაკი მსუყე ბალახი დაიგულა, თავი აღარ გაანება.
-მერე, პატრონი რას ფიქრობს, არ ეშინია, რომ მგლებმა შეუჭამონ?
-არც ისე ძალიან ვიდარდებ! ჯობია სნაიპერსა და ვანოს ნიშანი მივცეთ და დროით ჩავიდეთ აკადემიასთან, თორემ ღამის ორი საათი იქნება, დრო კი არ იცდის. აფსუს! სად არის ახლა ჩემი საათი!
ბიჭეს გაახსენდათ გეოგრაფიის გაკვეთილი, საათით ჯიბეგაბერილი გოგია, და სიცილი ატეხეს.
გოგია მოიღუშა და სანდროს მიუბრუნდა.
-ამათ რა ყურს უგდებ? დაცალე დამბაჩა, ბიჭები მოვიდნენ. სანდრომ ლულა ზევით უყო, ჩახმახი ფეხზე შეაყენა დასხლიტა. დამბაჩის ჩახმახში გაჩხირული ტალი დაეცა ლულის ბოლოსთან ამართულ ფოლადის ნაჭერს, გაყარა ნაპერწკლები, მაგრამ არ გავარდა. სანდროს გაუკვირდა და, ცოთა არ იყოს, შერცხვენილმა ძირს დაუშვა იარაღი.
-რა ეშმაკი დაემართა ახლა მიწის საჭმელს?! ბიჭები გარშემო შემოისხა, ჯიბის ფარანი მიანათა და ჩუმად ჩაიხითხითა. ხოხვა-ბღორტვაში საფალიე გახსნილა, წამალი დაბნეულა და რაღა ეშმაკი უნდა აფეთქებულიყო? თუმცა, კარგი კი ქნა,რომ არ გავარდა, თოფის ხმა გაგვცემდა. გადი, გოგი. სამჯერ დაიჩხავლე მელასავით, მოვიდნენ ვანო და სნაიპერი.
გოგია გავიდა ნანგრევს იქით.
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, მანამ სანდრომ ისევ დააყარა ფალიას თოფისწამალი.
პირველი ბერძენაშვილი მოვიდა თავისი რაზმით.
-ხომ არაფერი დაგინახავს, ვანო?
-რაღაცამ გაგვიარა ფუნდრულით, მგონი, ძროხა იყო. არა, ბიჭებო?
-ძროხა იყო, კაკლის ფესვს ვიყავ ამოფარებული, ახლოს გამირბინა.
-სნაიპერი ხომ არ დაგინახავს?
-არა, კაკლებთან დამცილდა და ტყის პირს გაუყვა.
ბიჭებს გაჯავრებული სნაიპერი მოუახლოვდა.
-რას აჩხავლებ ამ საცოდავს მელასავით? კინაღამ ფეხი არ გავაჭიმინე. კიდევ კარგიი, მინდორზე იდგა და ვიცანი, რომ ადამიანი იყო.
-კარგი, დაჯექ, ვახტანგ, ხომ არაფერი შეგიმჩნევია?
-არაფერი, მარტო ძროხამ ამოიფუნდრუკა და ჩვენს იქით, ტყის პირას დაუწყო ბალახს წიწკნა.
-მაშ, ძროხა ყოფილა, საბოლოოდ დაასკვნეს ბიჭებმა და თავქვე დაიძრნენ დიდი სიფრთხილით.
უზარმაზარ კაკლებს ვეება ტოტები გაეფართხათ და უფრო აბნელებდნენ აკადემიისა და მონასტრის გალავანთან მისასვლელს.
წინ მიმავალი სნაიპერი უცებ შეჩერდა, ბიჭებს ანიშნა, წყალს მივადექითო. მგზავრებმა ჩაბნელებული, მაყვლით ჩაბურდული ხევი გაიარეს და შამბნართან შეჩერდნენ.
აქედან იწყებოდა სასაფლაო.
დიდი სიფრთხილით უნდა ევლით გალავნამდე.
აქა-იქ ხვდებოდათ საფლავის ქვები და მიწაყრილები. შამბი და ჭინჭარი არეულიყო ერთმანეთში. დაბურულ კაკლებს კრიკინა და უსურვაზა შემოხვეოდა. ადგილ-ადგილ ზევით ატყორცნილი კვიპაროსებიც ცას ხევდნენ წვეროებით.
სასაფლაოს მდუმარების მიღმა, სადღაც შორს უკიოდნენ ბუები ერთმანეთს:
-თევდორე!..
-უუუ!
-იპოვე?!
-ვერა, ვერაა!
ბიჭები შეჩერდნენ. ყველას ჟრუანტელი უვლიდა ამ გაუტეხელ სიჩუმესა და ბუს შორეულ, გულსაკლავ კივილში, თითქოს უფრო აცივდა, უფრო დაბნელდა და კვიპაროსების, ლანდებიც უფრო წაგრძელდნენ.
სანდრო მიუბრუნდა გვერდით მდგომ სნაიპერს და ბიჭების გასაგონად მხიარული ჩურჩულით უთხრა:
-აყუდებულის მთაშიც ასე იძახოდნენ ბუები, როცა მამაჩემმა პირველად წამიყვანა. მე არ ვიცოდი, თუ ფრინველი ასე დაიძახებდა. მთიბავებმა მითხრას: სანამ შენ ამოხვიდოდი, თავისმა მამამ სცემა ფარნაოზს, შინ გააგდო, მაგრამ, ეტყობა, არ წასულა, ჩვენს ბინასაც ვეღარ ნიშნულობს და გვეძახისო. მეც დამენანა ის ღმერთგამწყრალი და მოვრთე ყვირილი:
-ჰაი, ფარნაოზ! აქეთ წამოდი, ბიჭო, აქეთ.
მთიბავები ხითხითებდნენ და თან მეუბნებოდნენ.
-ეგრე რომ ყვირი აქედან, ხომ ხედავ, ვერ აგონებ? გადი ცოტა იქით, გასძახე ვინა ხარ, სხვა არ ეგონო ვინმეო.
მეც ავდექი და ზედ ტყის პირამდე გავიარე სათიბი , იქიდან ავტეხე ყვირილი:
-აქეთ წამოდი, ფარნაოზ, აქეთ! სანდრო ვარ, სანდრო კოჟაანთ გიგას ბიჭი-მეთქი. აბა, ნახე სიცილი! მთელი სათიბი ირყეოდა იმათი ხარხარისაგან. ბოლოს ცონდარას ბიჭმა გიორგიმ მითხრა, გატყუებენო, და მეც უკან გამოვბრუნდი შერცხვენილი და გაბრაზებული.
ბიჭები ნაამბობმა გაართო და გაამხიარულა. შეიშმუშნენ, საღაც გაქრა ჟრჟოლა-სიცივე და ხალხში დარჩენილი თქმულებაც გაახსენდათ, თუ როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზე. ორ-სამს წაკუთხულიც კი ჰქონდა ეს ზღაპარი. გული უფრო დაურხეინდათ და გზა განაგრძეს.
-მართლა, როგორ ამსგავსებენ ადამიანის ძახილს ეს საშურდულეები. აბა ყური კარგად დაუგდე, სანდრო.
-არა, არც იმდენად, მაგრამ თუ დაჰკვირვებილხარ ჩვენი სკოლის ზარს, როდესაც რეკავენ, იმ რეკვაში ,,წადიც, წადიც!;; ისმის და ,,მოდი, მოდიც! გააჩნია, როგორ განწყობილებაზე ხარ: წასვლისა თუ მოსვლისა. ეგეც ასეა, რაკი ხალხშია დარჩენილი, რომ ბუები ეგრე იძახიანო, შენც ეგრე გესმის.
-დაიცათ ბიჭებო! ეს, მგონი, ვარდუაანთ გივის ბებიის საფლავია, აი, ბალი არ არის?
ბიჭები შეჩერდნენ და მერე ფრთხილად მიუახლოვდნენ რკინის მოაჯირს, რომელიც გარშემო შემორტყმოდა საფლავსა და დიდრონ ბალს.
-აბა, გოგი, გაფრინდი შენი რაზმით და ჯაგებში დამალული კიბე მოიტანე.
გოგია გაფრინდა.
-რაზე დავჯღლარდეთ ეს კიბე, არა ჯობდა, ეს ბალი მოგვეჭრა, გადაგვეგდო გალავნის შიგნით და ისე ჩავყოლოდით? ქარ-წვიმაში გახვედით ალვის ხით და აქ გაგვიჭირდებოდა?
-შენ ხომ არ გადაირიე, სნაიპერო? ხალხი აქ ისე ჩუმად მოვსულვართ, ერთი საცოდავი ძროხის მეტს არავის დაუნახივართ და შენ გინდა, ამოდენა ნიშანი დავტოვოთ ჩვენი აქ ყოფნისა? გარდა მაგისა, ეს განგებ არის აქ დარგული, ალამაზებს სასაფლაოს და კაი ტკბილი ბალიც იცის. ცოდოა ამის მოჭრა.
-როგორ, ალვის ხე ცოდო არ იყო? რატომ მოჭერი?
-ჰო, ეგ მართალია, დაფიქრდა სანდრო, არ უნდა მომეჭრა... მაგრამ საჭირო იყო და მოვჭერი. ახლა კი არც საჭიროა და მშვენიერი კიბეც გვაქვს. აი, აჰა, შეხედე! მოიტა აქეთ, გოგი! ხედავ რამსიგრძეა?
ბიჭებმა რგოლის ხელმძღვანელის ფეხებთან გაჭიმეს შვინდის წნელისაგან დაჭნული, ათიოდე მეტრის სიგრძის კიბე. როგორც გოგია ირწმუნებოდა, ერთ კაცს არხეინად გაუძლებდა, რა სიმძიმისაც უნდა ყოფილიყო.
-აბა, გოგიმ შენ და სნაიპერი ადით ამ ბალზე და ტოტს გაჰყევით. ეგ ტოტი გალავანზე ეშვება. ეცადეთ, გალავნის თავზე დააწვდინოთ ფეხი და ზედ გამაგრდეთ. ტოტი მაგარია, მოტეხისა ნუ შეგეშინდებათ.
-ვიცით!
-დაათვალიერეთ, გალავნის შიგნით ხომ არავინ დაეხეტება. მერე ვანო ამოიტანს კიბის ერთ თავს და თქვენ ის გალავნის შიგნით ჩაუჩვით, ჩადით და გაამაგრეთ, რომ დანარჩენებიც ჩამოვიდეთ.
სნაიპერი და ეფრემას ბიჭი ხვლიკებივით გაცოცდნენ ბლის ტოტზე და მალე გალავნის თავიდან მოისმა ფრთხილი ხმა:
-გალავნის იქით სულიერი არ ჭაჭანებს.
დაბლა დარჩენილებმა ბლის ძირში საიმედოდ მიაბეს კიბის თავი. ხოლო ბერძენაშვილმა გამოიბა ქამარზე, აცოცდა ბალზე, გაუყვა გაშვერილ ტოტს, ფრთხილად დაეშვა გალავნის თავზე და გოგიასთან ერთად გალავნის შიგნით ჩაუშვა კიბე.
სნაიპერმა სცადა, კბილებში დაეჭირა ხანალი, როგორც ეს კინოებში ენახა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჟანგიანი იყო. მარჯვენა ხელშიი ჩაბღუჭა ტარი, უყოყმანოდ ჩაჰყვა კიბეს და მშვიდობით მიაღწია მიწამდე.
-მშვენიერია! ნეტავ ისევ მაღლა ვიყო, სიამოვნებით ჩამოვიდოდი ხელმეორედ.
გოგიამ გაიცინა, ჩასძახა რაზმს: ამოდითო, მერე თვითონაც დაეშვა ძირს და მრელაშვილს მიეშველა კიბის დამაგრებაში.
ბიჭები დიდი სიამაყით, ვაჟკაცური სახით ადიოდნენ კიბეზე და გალავნის შიგნით გროვდებოდნენ.
სულ ბოლოს რგოლის მეთაური ავიდა.
-ბიჭებო! თავი მოუყარა რგოლის ხელმძღვანელმა (რგოლის ხელმძღვანელი და მეთაური გახლდათ ,,სანდრო ბუჩუკურთელი'') ახლა იწყება ნამდვილი სავაჟკაცო საქმე: გვირაბში უნდა ჩავიდეთ. ვისაც გული ეთანაღრება, ის ზევით დარჩეს, აქაც საჭიროა გუშაგები, ვინც ჩემთან ერთად გვირაბში კი არა, ავსტრალიაშიც არ დაიზარებს წამოსვლას, ის აქეთ დადგეს.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ნელ-ნელა იწყეს გადასვლა სანდროსაკენ, რომელსაც უკვე გვერდში ამოსდგომოდნენ დედავრიშვილი და მრელაშვილი.
მეთაურს გუნებაში ეამა, რომ უშიშარი ბიჭები ეგნენ გარშემო, და განზე გადგა.
-ყველა ვერ ჩავალთ, ბიჭებო, გვირაბში. ავთანდილი და სოსო უკანვე ავლენ, გალავანზე დადგებიან და კიბის გუშაგებად და გვირაბის თავთან დარჩენილს მისცემენ ნიშანს, თუ რამე მოხდა ან საშიში თუ რამ შეამჩნიეს. დანარჩენები გვირაბში ცავალთ. ხარატიშვილი და თვალიაშვილი წინასწარვე დაზვერავენ გროზნას სადგომსა და გაიგებენ; სძინავს თუ ხვრინავს. ბა, ადგილებზე! ნუღარ დავიცდით.
ბალახმა გაიშრიალა დდა ორი აჩრდილი სიბნელეში დაიკარგა, ხოლო კიბის გუშაგთა თავები ბლის ტოტებამდე აიმართა გალაბანზე.
დაზვერვამ სასიამოვნო ცნობა მოიტანა:
-გროზნას, როგორც ეტყობა, კარგად უხუხნია, მკვდარივით გდია და იმოდენას ხრიალებს, რომ ძლივს მივუახლოვდით, შეგვეშინდა, ხომ არავის ახრჩობსო. წევს და გამოცლილი ხელადა გვერდით უდგამს.
ბიჭებმა გაიხარეს და გეზი ფერისცვალების საყდრისკენ აიღეს. მოწიწებით გაუარეს გვერდზე ძველი საუკუნეების ძვირფას ძეგლს იყალთოს აკადემიას, უზარმაზარი ცაცხვი მოიტოვეს უკან, გასცდნენ ბზების ხეივანს და უძველესი შენობის კარქვეშ გვირაბის დაკეტილ ჩასასვლელს მიადგნენ.
-აბა, სნაიპერო, ახლა გამოჩნდება შენი ოსტატობა. გაიძრე მგლის კბილი!
სნაიპერმა ძლივს ამოათრია ჯიბიდან ვეება გასაღები და დაკეტილი სახურავის კლიტეში გაუყარა. გაუყარა, მაგრამ, აი, უბედურება, ვერაფრით ვერ გადაატრიალა.
რაზმი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-მე რა ვქნა ძმაო. როგორიც ნახატი მოიტანეს, ისეთი გასაღები გავაკეთე, თუმცა, დაიცათ!...
მრელაშვილმა ჯიბე მოიქექა და ქლიბი ამოიღო.
-აბა, მომანათეთ.
სანთლები აანთეს.
ვახტანგმა კარგა-ხანს ქლიბა ოღროჩოღროდ ნაჭედი გასაღები და შემდეგ მოუთმენლად მაცქერალ ბიჭებს მიუბრუნდა:
-უკვე მზად არის.
ბიჭმა ხელმეორედ გაუყარა კლიტეს თავისი ნაოსტატარი, აწვალა, აბრუნა წაღმა-უკუღმა, მაგრამ საქმეში ხარ?! გაჯიუტდა კლიტე და გასაღებიც გაიჭედა შიგნით.
თითქმის ყველამ სათითაოდ სცადა გაღება, მაგრამ ამაოდ, გაკერპდა კიდეც კლიტე. მაშინ ნუგზარმა, როგორც იყო, გამოაძრო ნაუცბადევად ნახელავი და ,,მჭედელს'' მიაწოდა.
-აჰა, ვახტანდ, წაიღე და მეორე ბოლოც გაუჩვრიტრ, შეიძლება ლაგმად ივარგოს.
ის იყო ვახტანგს უგემური რაღაც მოუგორდა ენის წვერზე, რომ ბლის მხრიდან მოისმა აწრიალებული და შეშინებული ჭოტის კივილი.
ბიჭები შეკრთნენ, დაიბნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ.
კიდევ დაიკივლა ჭოტმა. ახლა ორი ერთად კიოდა.
ბიჭები უცებ დაიძრნენ და გარეთ გამოცვივდნენ. მხოლოდ გალავანთან მოაგონდათ, რომ გზაში ჩაქრობას გადარჩენილი ზოგიერთი სანთელიც უნდა ჩაექროთ.
გალავანზე მარტო სოსო იდგა, ავთანდილი გაწოლილიყო და ტყისკენ იცქირებოდა.
გოგია მივარდა და კიბე დაიჭირა.
-ავიდეთ, ბიჭებო!
ბიჭები მისცვივდნენ და ალახ-მალახ გადავიდნენ გალავანზე.
სანდრომ კიბე ძირს ჩააგდო, ავთანდილს კავიანი შამფური გამოართვა, ბლის ტოტი მოიწოდა და მერე ფრთხილად გაჰყვა ზედ ჩამოკიდებული. მალე ბიჭებს შეუერთდა და სოსო მოძებნა.
-რა იყი, სოსო?
-რა იყო კი არა, ტყის პირიდან.. შენც ხომ გაიგონე, ავთო?... დაიცათ!.. აი!.. ყური უგდეთ, ბიჭებო!.. აი, ხომ გესმით!..
ყურებდაცქვეტილ ბიჭებს უცებ ბრაგაბრუგი და საცოდავი ბღავილი მოესმათ. მალე ხმაური და ბღავილი შეწყდა და ტირილისმაგვარი ყმუილი გაისმა.
-რა უნდა იყოს, ბიჭებო? აწრიალდა სნაიპერი.
-ძროხის ხმასა ჰგავდა, ვახტანგ.
-ძროხის ბღავილი კი არა, მგლის ყმუილი იყო.
სანდრომ სიბნელეს თვალი მოსწყვიტა, ბიჭების ჩაღამებულ სახეებს დააშტერდა და დამბაჩა იძრო ქამრიდან.
-ერთის ხმაც იყო, ბიჭებო, და მეორისაც. გახსოვთ, ძროხა რომ შემოგვხვდა რძის საყდართან და ჩვენს დანახვაზე ტყის პირისაკენ გაფრთხა? ალბათ, მგლლები დაეცნენ და რაკი ბღავილი აღარ ისმის, უკვე წააქციეს და მიირთმევენ. უნდა ვუშველოთ, ბიჭებო! ვინ იცის, ჯერ კიდევ ცოცხალია თუ არა. მგელს სინათლისა ეშინია. თუ დაგვჭირდა, სანთლებს ავანთებთ. თანაც ფარანი მაქვს და თოფებიც დატენელი. მარჯვედ, ბიჭებო! თორმეტი ვართ და ერთ-ორ მგელს კუდით ქვას ვასროლინებთ. მივალთ თუ არა, დავკივლოთ, დავახალოთ თოფები და მერე კი კომბლებითა და ხანჯლებით დაცერიოთ. მგელი რა არის? გარეული ძაღლია, სხვა არაფერი, მომყეთ, ბიჭებო!
ბიჭები ადგილიდან არ დაძრულან, ნელა იტკეპნებოდნენ, დუმდნენ და ერთმანეთ თვალს არიდებდნენ.
უცებ სანდრომ გოგიას ხელი წაავლო და გაიტაცა.
-წავიდეთ, გოგი! დარჩნენ ეს ლაყეები.
წასულებს სნაიპერი და ბერძენაშვილი მიჰყვნენ, ხოლო მათ მალე დანარჩენებიც შეუერთდნენ და სირბილში თითქოს გულიც გაახალისეს. ბიჭები გასცდნენ ჯაგნარს და, რაკი იქაურობას ხუთი თითივით იცნობდნენ, ტყის პირას გაუყვნენ. მაგრამ უმალვე გეზე იცვალეს, რადგან ყმუილი ახლა რძის საყდრის ფერდობიდან მოისმა.
მთვარს ერთგან ყომრალი ღრუბლების კალთა გამოერღვია და ტყის პირი და მინდორი გაენათებინა.
ბიჭები მოტრიალდნენ.
ფერდობზე მდგარ ერთადერთ უზარმაზარ მუხას, რომლისთვისაც მეხს მთელი ტანი შუაზე გაჩეხა და გამოეწვა, კუდით მიჰყუდებოდა ძროხა და წინ წაწვდილი წამახული რქებით იგერიებდა გააფთრებულ მგელს. დროდადრო ხან ძროხა შეზმუვლებდა, როდესაც მგელი სადმე კბილს გაჰკრავდა, ხან მგელი, როდესაც ძროხა რქებს ამოჰკრავდა და განზე ისროდა.
-დაწექით, ბიჭებო, დაწექით! ხედავთ, რას შვრება ძროხა?
ბიჭები მიწას გაერთხნენ.
-მოდი, დავაცადოთ, სანდრო, და თუ ძროხა წაიქცა, მაშინ მივეშველოთ. კაი საყურებელია, ჩემმა მზემ. ჰაი, დედასა!
-უკაცრაული პასუხია, ორივე დაღლილი ჩანს. მგელი მაინც ძლივსღა დგას ფეხზე, ეტყობა, რქებით დაულეწეს გვერდები. ყოჩაღ, ძროხავ!
-კაი, საყურებელია, ჩემმა მზემ. აი, სატრაბახო და დასაკვეხნი. კინოშიაც ვერ ვნახავდით ამგვარ რამეს.
-ბიჭებო! ცოდოა ძროხა. მგელი ძლივსღა დგას ფეხზე, მაგრამ მაინც მგელი და არ ეშვება. არ გააფუჭოს ძროხა, უნდა მივეშველოთ.
ბიჭებს გულიდან ყოველგვარი შიში გადაეყარათ და ახლა სილაღეც კი მოედოთ.
-გავაფრთხოთ?
-რით გავაფრთხოთ, თუჯიშვილი! მაგ მგელს ახლა კუდით დავიჭერ.
სანდროს ისევ დაუბრუნდა ადრინდელი რიხი.
-ფრთხილად, სნაიპერო! მაინც მგელია. დაჭერა კი არა და, თუ ცოცხალი გადაგვირჩა, სირცხვილისაგან ვერსად გამოვყოფთ თავს... ძროხა ძლივსღა დგას ფეხზე, ბიჭებო, აბა, დრო არის! ოთხივე მხრიდან შევკრავთ გზებს. ყველა თავ-თავის რაზმთან! გოგია და ვანო აქეთ-იქიდან! სნაიპერი ისევ შემოუვლის, აბა, ჩუმად და სწრაფად!
,,რაზმები'' გაიფანტნენ..
ჭკვიანი პირუტყვი უკვე გრძნობდა თავისი სიცოცხლის დასასრულს, მაგრამ არ უნდოდა, ადვილად ჩავარდნოდა მგელს ხელში, და უკანასკნელ ძალასაც ხარჯავდა. ნადირიც გრძნობდა ამას, თავისი მგლური სიფრთხილე დავიწყებოდა და ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა გემრიელი ლუკმა.
უცებ იერიში შეწყვიტა და ანთEბული თვალები ირგვლივ მოატარა. მას ნადირის ალღომ არ უმტყუნა, პირი ტყისკენ ქნა, მაგრამ ღელემდეც არ იყო მისული, რომ ჩასაფრებულმა სანდრომ დამბაჩა დაახალა და უკანვე გააბრუნა. გამხნევებული ბიჭები ძლივს მოძუნძულე მგელს დაედევნენ.
-მგონი, მოხვდა, ბიჭებო! აბა, არ გაუშვათ, მიჰყეთ, არ გაუშვათ!
შიშნაჭამმა მგელმა რალი ტყეში ვერ შერგო თავი, ჯაგებისკენ მოუსვა, მაგრამ იქიდან გოგია გამოტყვრა თავისი ბიჭებით. დაცალა თოფი და საქციელწამხდარ ნადირს დაედევნა.
-აბა, ბიჭებო! დაჰკათ, არ გაუშვათ! დაჰკათ!
-ვუუ!
-ეეე!...
-დასცხეე!..
-დაჰკაა!
-მიდიიი!...
გაოგნებული მგელი შებრუნდა და გეზი კიკაბაურებისკენ აიღო. მაგრამ იქაც წააწყდა ჩასაფრებულებს. თოფის ხმაზე და ყიჟინზე გატრიალდა და საყდრისკენ მოუსვა.
-დავიღუპეთ, ბიჭებო, ყვიროდა მეთაური. სნაიპერი ჯერ ასულიც არ იქნება, მიდით, დაეწიეთ, მიდით, დაეწიეთ!
მგელი ძლივს არბოდა აღმართზე. უკვე აღარ ეჭვობდა, რომ გადარჩა. ცოტაც და გადაივაკებდა, დაეშვებოდა თავქვე და ჩიჩქანის ხევში მაყვლის ბარდებში შემძვრალს ვეღარ იპოვიდნენ. ის იყო მიაღწია ნანგრევს, რომ იქიდან აქოშინებული მრელაშვილი გამოხტა და ვეება კომბალი ისე ღონივრად სთხლიშა, ნადირის თავის ქალამ ჭახანი მოიღო.
მგელი გაგორდა, მაგრამ მალევე წამოხტა და ისევ თავქვე დაეშვა. აქ უკან ჩამორჩენილი თუჯიშვილი დახვდა და ბარკალში ატაკა თავისი შამფური, მგელმა შეჰღმუვლა, მისწვდა ავთანდილის შარვლის ტოტს, ბიჭს მიწაზე ზღართანი მოადენინა, თვითონ წელი აითრია და ისევ კიკაბაურებისკენ გაუტია.
აქ ბერძენაშვილი ამოძვრა მიწიდან.
-უკაცრაული პასუხია, სად მიხვალ?
მგელმა ერთი ამოიგმინა კომბლის დარტყმაზე და ერთხელ კიდევ გაგორდა მიწაზე. მერე გაფოფხდა, აიცდინა მეორედ მოქნეული, მაგრამ სანდრომ მოუსწრო და მენჯის ძვალზე ხანჯალს ჭახანი მოადებინა. უცებ ზაზანაშვილი დაახტა ზედ და ყელში სტაცა ხელი. მას თვალიაშვილი მიეშველა. შემდეგ ენუქიშვილები მოცვივდნენ, შემდეგ ხარატიშვილი და ბოლოს ხახაბოს უზარმაზარი ლანდი დააწვათ თავზე. გაიმართა ზედახორა.
მალე მოცვივდნენ სხვებიც ყიჟინითა და ქოთქოთით. ყველას უნდოდა მგლის დახრჩობაში დაედო წილი, მაგრამ ბიჭების გროვის მეტი არა ჩანდა რა და მხიარული ჭყლოპინის მეტი არა ისმოდა რა. ბოლოს სნაიპერმა საცოდავი მსხვერპლის უკანა ფეხს მიაგნო და გოგიას ანიშნა. დაუწყეს ორივემ ქაჩვა თათს, მაგრამ სანდროს ყვირილზე თავი მიანებეს.
ნელ-ნელა აიკრიფნენ ბიჭები მიწიდან.
ბუზღუნით წამოდგა სულ ბოლოს ლეო.
-ვირები ხართ, თქვენი რჯულიც არ იყოს! კინაღამ მეც მგელს არ მიმაყოლეთ. ძლივს არ წავახრჩვე?!
ყველა იჩემებდა პირველობას ნანადირევში, მაგრამ სნაიპერის ხმამ შეწყვიტა მათი ყაყანი.
-დაგვწყევლოს ეშმაკმა, როგორი მარჯვე ბიჭები ვყოფილვართ. აბა, აუწით კუდი და საყდრის ნანგრევში ავიტანოთ. აქ თუ დავუწყეთ ტყავება, შუქი გამოჩნდება.
ვანო იღრიჯებოდა.
-უკაცრაული პასუხია, აბა, პატივი ეცით? დანარჩენებმა კი ძროხა ვნახოთ, ხომ არ მოკვდა.
ძროხა იმავე საბრძოლო მდგომარეობაში დახვდათ ბიჭებს, გაოგნებული და აკანკალებული. დაინახა თუ არა მისკენ მომავალნი, ეცადა გამაგრებულიყო და რქები მოიმარჯვა, მაგრამ როცა უფრო ახლოს მივიდნენ და ადამიანები იცნო, ალერსიან ძახილზე თავი მაღლა აიღო, შვებით ამოისუნთქა და იქვე ჩაიკეცა.
-არიქა, დავკლათ, სანდრო! უსულადო არ მოკვდეს.
-დაანებე თავი, სოსო, ეტყობა, დაღლილია, არ მოკვდება.
ბიჭები ჩაცუცქდნენ. ზოგი მუხლის თავებზე დადგა და ალერსით დაუწყეს ჩურჩული და ხელის სმა.
-ერიჰაა! წამოიყვირა რწყილამ, ეს მელანა ბებოს წაბლა არ არის?
-მართლა? აბა, მეცა ვნახო!
მოცვივდნენ დანარჩენნიც.
საბრალო პირუტყვმა ასწია ჩაქინდრული თავი, დიდრონი თვალები მოავლო თავის მხსნელლებს და და დაკბენილ-დაკაწრულმა მადლობის ნიშნად ხელების ლოკვა დაუწყო ახლოს ჩაცუცქულ ხარატიშვილს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent