იყალთოელი ბიჭები ანგელოზები თუ ეშმაკები (ნაწილი 8)
მელანამ თავის ძროხას უცადა, მაგრამ სოფლის მთელმა ნახირმა ისე ჩაიარა მის კარზე, რომ არც ერთ ფურს ეზოსკენ პირი არ უქნია. ადგა და მენახირესთან წავიდა. მენახირემ გაიკვირვა: -როგორ თუ არ მოსულა? მეორე წელია, რაც მენახირედ ვარ, და ძროხა არ დამკარგვია. -მაშ, ახლა რაღა ეშმაკი და ჩემი გამჩენი გაგიწყრა შე თხის თავო? -არ ვიცი, ბებო, ალბათ, სადმე ვენახში შეუხვია, ანდა ვისიმე ბაღჩაში გადავიდა. რაღა ჩემმა ძროხამ შეუხვია ვენახში შე მიწაგასახეთქო? ადე, აეხირე ახლავე, და მოძებნე სადმე, თორემ ჩემს ჭუკას გეფიცები, წაგავლებ ხელსა, გაგხდი შარვალსა და სულ ჭინჭრით გაგიხურებ ყველაფერსა. მენახირემ იცოდა, რომ მელანა ტყუილუბრალოდ არ დაიფიცებდა თავის გარდაცვლილ ქმარს, ამიტომ პურის ჭამას თავი მიანება და უწადინოდ წამოიზლაზნა. -აბა, რა ვიცი, ბებო, სად იქნება ახლა ის სამგლე? -ადე, ნუ ითრეც წელსა, თორემ მოგეცეს ლხენა, მე შენ ნათქვამი აგისრულო. ბიჭმა გრძელი შოლტი აიღო და ორღობეში ვაჟკაცურად მიმავალ ბებერს უჯან გაჰყვა. დიდხანს ეძებდნენ დაკარგულ ძროხას, ერთად თუ ცალ-ცალკე. დიდხანს ეძახდნენ სასიყვარულო სახელებს. გაბრაზებული პატრონი დაკვლასაც შეჰპირა, თუ არ გამოჩნდებოდა, მაგრამ წაბლა ან მართლა არ იყო სოფელში ჩამოსული, ან თუ იყო, იმდენად უშიშარი ჩანდა, რომ ბებრის მუქარას არაფრად აგდებდა. ბოლოს მელანას დაღლილი ბიჭი დაენანა და შინ გაგზავნა. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ თვითონაც აიღო ხელი ძებნაზე და დასაძინებლად წავიდა. დაწვა, მაგრამ კარგა ხანს ვერ დაიძინა. დაიძინა და სულ თავისი წაბლა ესიზმრებოდა. ხან ვითომ მგლები გლეჯდნენ და ის ვერ ეშველებოდა, ხან თვითონ წაბლა გლეჯდა მგლებს წვეტიანი რქებით, ხოლო ერთხელ კლდეზედაც გადაიჩეხა. მელანამ სასოწარკვეთით შეჰკივლა, მაგრამ კლდის ძირში მაინც ვერაფრით ჩავიდა. გათენებისას კი ვითომ ძროხამ, როგორც იყო, მოაგმო თავის ბინას, ეზოში შემოვიდა და დაიბღავლა. {პ.ს. ამ ეპიზოდისისთვის დიდ ბოდიშს მოგახსენებთ} ბებერმა გაიხარა და საწველებელი ჩაარბენინა მაგრამ, აი, უბედურება, რამდენჯერაც ცურზე ხელი შეავლო, წაბლამ იმდენი დაიბღავლა. მელანამ კარგად დაათვალიერა და ნახა, რომ ცური რძით ქონდა სავსე. მიხვდა მელანა, რომ ძროხას ხელის შევლებისას ცური სტკიოდა, მაგრამ თანაც რძე აწუხებდა და იმიტომაც ბღაოდა. შეწუხდა ბებერი. რა უნდა ქნას? ვერც მოუწველია და ვერც თავი დაუნებებია. ძროხა კი ბღავის... ბოლოს, როგორც იყო, გაიღვიძა და თვალი გაახილა. ფანჯარაში რუხი განთიადი იცქირებოდა. დასწყევლოს ღმერთმა, მელანას ასე არასოდეს დასთენებია. ბებერი ასადგომად აიწია და იქვე გაშეშდა: ეზოდან ძროხის შებღავლა მოისმა. -ღმერთო ჩემო, ეს ხომ წაბლაა! მელანა თითქმის წამოფრინდა საწოლიდან, გადაიცვა კაბა და გარეთ გავარდა. ქლიავის ძირში ღობის მარგილზე გრძელი თოკით გამობმული წაბლა იწვა, საბრალოდ ზმუოდა და დროდადრო თავმობრუნებული უკანა ფეხს ილოკავდა. გახარებულმა პატრონმა თვალები და ყბები დაუკოცნა და შემდეგ ტანზე დაუწყო სინჯვა. თავი და ფერდები დაფხაჭნილი და მთლად სისხლში მოსვრილი ჰქონდა, ხოლო უკანა მარჯვენა ფეხზე ნადირის ნაკბილარები ემჩნეოდა. ვიშვიშებდა ბებერი და მუხლებზე იცემდა ორივე ხელს. მერე, როცა გული მოიჯერა ძროხის სინჯვით, სთხოვა, რომ ფეხზე წამომდგარიყო. ძროხამ ვერ გაიგო. -ადე, წაბლავ, ადე. მაგრამ ძროხას ყურიც არ გაუბღერტია. მაშინ მელანა გაბრაზდა და შეუძახა: -ადე, შე მგლის საჭმელო! რას მენაზები? ახლა, ვითომ ეგრე ხარ დაგლეჯილი, რომ ფეხზე ვრ ადგე? ძროხამ დაიზმუვლა. მელანა კიდევ მოეფერა და წაიდუდუნა. მშიერი იქნება, ეს საცოდავი. ბაღჩაში ნამგლით გავარდა, მესერის ძირში აყრილი ბალახა მოთიბა და მოუტანა. ძროხამ ზოზინით დაუწყო ჭამა, მერე თავი დაანება და დაიზმუვლა. -წყალი ენდომება ამ ჩემი ცოდვით სავსეს. და კასრით კამკამა წყალი დაუდგა. ძროხამ მოსვა წყალი და ისევ დაიზმუვლა. -ალბათ, მარილი უნდა და მე კი სულ გადავყრუვდი ბედდამწვარი. ახლავე მარილს მოვიტან, წაბლავ. მოიტანა მარილი, მაგრამ საბრალო პირუტყვმა მხოლოდ ორიოდეჯერ აუსვა ენა და კიდევ დაიზმუვლა. მელანას კუდი აუწია და სცადა აეყენებინა. ძროხა თვითონაც ცდილობდა წამოდგომას, მაგრამ ვერ შეძლო და ისევ ჩაიკეცა. ახლა კი შეშფოთდა ბებერი და შინ შევარდა. სასწრაფოდ წამოიცვა შიშველ ფეხებზე ჩუსტები და კოლმეურნეობის კანტორისაკენ დაეშვა ვეტექიმის სანახავად. კანტორის ეზო სავსე იყო კოლმეურნეობით, ზოგი მანქანას ელოდებოდა, რომ სიმინდის სამტვრევად წასულიყო, ზოგი რთველში მიდიოდა, ზოგი კანტორაში ადიოდ-ჩამოდიოდა. მელანა იმ ჯგუფს მიუახლოვდა, საიდანაც ჩოჩქოლ-სიცილი ისმოდა, და გაოცებულმა თვალები ჭყიტა. ჯგუფის შუაგულში გროზნა იდგა და თავის ერთადერთ შვილიშვილს ფიცულობდა, წუხელ აკადემიის ეზოში ეშმაკები ვნახეო. -იქნება ანგელოზები იყვნენ, დიმიტრი პაპავ,? ეკითხებოდა ერთი და თან ქირქილებდა. -ვინ იცის, ანგელოზებიც იყვნენ, შვილო. გარშემო ხარხარმა იფეთქა. -გამოტყდი, ძია დიმიტრი, წუხელ რამდენი დალიე, სანამ მაგ სიზმარს ნახავდი. მოხუცმა იწყინდა და ქიდი მიწაზე დაახეთქა. -ეგრე დაემხოს ჩემი სახლ-კარი, თუ სიზმარი ყოფილიყოს. ეგრევე ცხადლივ ვხედავდი, როგორც შენ გხედავ. ხალხში მორიდებულმა სიცილმა ჩაირბინა. მიხვდნენ, რომ ეწყინა გროზნას, რაკი ნათქვამს არ უჯერებდნენ. მოხუცი ნასვამი ჩანდა ამ დილითაც. -კუდები ჰქონდათ? დაინტერესდა ზაზანაშვილის მამა. -რა ვიცი, ბნელოდა და სანთლის შუქზე რა უნდა დამენახა? ახლა კი გული მოიბრუნა სმენელებზე გროზნამ. -სანთელი რაღად გინდოდა, დიმიტრი პაპავ? ხომ დაგინახავდნენ ხელში სანთელს? კითხულობდა ახალგაზრდა მერგოლური. -კაცო, სანთელი მე კი არ მეჭირა, სანთლები იმათ ეჭირათ. -ოჰო! სანთლები იმათ ეჭირათ? -მაშა, იმათ ეჭირათ. -აბა, ანგელოზები იქნებოდნენ, დაასკვნა მეღორეობის ფერმის მწყემსმა და თვალი ჩაუკრა მერგოლურს. -ნამდვილად ანგელოზები იყვნენ, გაიხარა მოხუცმა, ერთ აყლაყუდას კელაპტარი ეჭირა ხელში. -მთავარანგელოზი ის იქნებოდა. -შეიძლება თვითონ მიქელ-გაბრიელიც იყო. ჯგუფი კვლავ ახარხარდა. მელანამ უფრო ახლოს მიიწია. -რაო, ხომ არაფერი გითხრა მიქელ-გაბრიელმა, დიმიტრი პაპავ? გროზნა შეშფოთდა: -ჩემთვის რა უნდა ეთქვა? -რა ვიცი, აბა, როდის გიპირებ წაყვანასო? ახალგაზრდები ხარხარებდნენ. ხნიერები შეუწყნარდნენ მერგოლურს. -მე მგონია, დროზე მოუკითხებია, გროზნავ შენთვის ჩამქრალი ჩიბუხი ხელისგულზე წამობღერტა ვარდუნაანთ გივის პაპამ. -შენა, ბებერო, შენც მაგას ამბობ? თუ წასვლაზე მიდგა საქმე, ჯერ შენ უნდა წახვიდე. -დაიცა, დიმიტრი პაპავ, ბევრნი იყვნენ? -არ დამითვლია, შვილო, მაგრამ ათი-თორმეტი მაინც იქნებოდა. -საიდან შემოვიდნენ გალავანში? -გალავანში კი არ შემოვიდნენ, ბიჭო, ფერისცვალების საყდრიდან გამოცვივდნენ გიჟებივით და გალავანს იქით ქაქრნენ. ოჰო! გააგრძელა ზაზანაშვილის მამამ, თუ გიჟებივით გამოცვივდნენ, მაშ, ეშმაკები იქნებოდნენ. -მართალია, იკრიჭებოდა კოლმეურნეობის თავჯდომარის შოფერი, ანგელოზები უფრო ჭკვიანი და დარბაისელი ხალხია. გროზნა იღუშებოდა. -მაშ, არა გჯერათ, ხალხნო?! -გამოტყდი, დიმიტრი პაპავ, რამდენი გქონდა დალეული. -ჩემს ლენას გეფიცებით, ხელადაზე მეტი არ დამილევია. ხალხში ხითხითმა ჩაირბინა. -ერთი ხელადა, ჩემო გროზნავ, კამეჩებსაც კი მზეთუნახავად მოგაჩვენებს. შენ სიზმარი გინახავს და ეგ არის, ირწმუნებოდა ვარდუაშვილის პაპა. -არა, ღმერთმანი, სიზმარი არ იყო, ფიცულობდა გროზნა, სწორედ ამ დროს კიკაბაურების მხრიდან ბღავილი და მგლის ღმუილიც შემომესმა და იმ ანგელოზებისა თუ ეშმაკების ყვირილიც გავიგონე: ,,არიქა მივეშველოთო!'' ახლა უკვე მორიდებულებიც ვეღარ იჭერდნენ სიცილს, საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ რაკი ძროხის მისაშველებლად გამოცვივდნენ საყდრიდან, ანგელოზები უნდა ყოფილიყვნენ. მელანამ ყური ცქვიტა, ჯგუფი გაარღვია და პირდაპირ გროზნას დაუდგა წინ. -რაო, გროზნავ, ძროხა ბღაოდა და მგელი ყმუოდაო? იქ მყოფებმა მიიწ-მოიწიეს და ახმაურდნენ. -აი, მელანა ძალო, ფერიცვალების საყდარში ანგელოზები დაბუდებულან თურმე. -იქნება წმინდა შიოს კლდის გამოქვაბულიდან მოვიდნენ ეშმაკები? -არა, პირდაპირ კლდიდან არა, გვირაბში გამოვიდოდნენ. -მერე, საყდარში როგორ ამოვიდნენ, დიმიტრი სახირავი გაუკეთა და ზედ კლიტე დაადო. -ეშმაკი რის ეშმაკია, ყველგან შეძვრება და გაძვრება, -დაიცათ, კაცო, ბოლოს ხომ ნახეთ, რომ ანგელოზები გამოდგნენ? ჰო, რაო, დიმიტრი პაპავ, მერე იმ ძროხას უშველეს? -ეე, რეები ხართ ეს ახალგაზრები! რომ აღარ მაცლით? აი, მელან, ჩემი თვალით დავინახე, აეგრევე, როგორხ ახლა შენა გხედავ. -რაო, ღვინის წურბელავ, რა დაინახე? ახლა მელანაც დაინტერესდა. -ისა, რომა გალავნიდან კიკაბაურებისკენ გაცვივდნენ ერთი ყვირილითა და ძახილით. მერე თოფების სროლაც მოისმა. ეგეთი ბათქაბუთქი აუყენეს, რომა, ყურო, ნუ გაიგონებ. ახლა კი იქაურობა აზანზარდა ხარხარისაგან. ზოგმა ფერდებზე იტაცა ხელები, ზოგმა გულზე, ზოგი ორად მოკაკულიყო და მუცელი ხელით ეჭირა. -ხა-ხა-ხა-ხა! ხალხო, გაიგეთ? იჭაჭებოდა მერგოლური, ანგელოზებს თოფები ჰქონიათ. -ვე-ჰე-ჰე-ჰე! ბანს აძლევდა მეღორეობის ფერმის მწყემსი, წინათ ხმლები და შუბები ეჭირათ. -რას იზამ, ხითხითებდა ზაზანაშვილის მამა, ტექნიკა წინ მიდის და ანგელოზები რად ჩამორჩებოდნენ? -არ შეგიმჩნევია, დიმიტრი პაპავ, რომელიმეს წელზე ატომური ბომბი ეკიდა თუ არა? -არიქათ წყალი, თირემ მოვკვი! კანტორის ეზოს მესერს ჩასჭიდებოდა სიცილისაგან მისუსტებული ლაცაბიძიანთ ფარნაოზი. გაცეცებული იდგა ნასვამი გროზნა. შემცბარი მელანა ხან მოამბეებს უცქეროდა და ხან მსმენელებს. ბოლოს ისევ გროზნას ჰკითხა. -ძროხის ბღავილიც გაიგონე და მგლის ღმუილიც? -გავიგონე, მაშ. -ხალხო, წუხელ ძროხა დამეკარგა და ვერ ვიპოვე. დილას კი, გარეთ რომ გამოვედი, თოკით ეზოს ღობის მარგილზე გამობმული დამხვდა სულ დაკაწრული და დაკბენილია. იქ მყოფებმა უცებ მოსხიპეს სიცილი. -რაო, რაო, მელანა ძალო? -ძროხა დაგლეჯილი მოგივიდა, ბებო? -უკანა ფეხი აქვს დაკბენილი და ახლა ვეტექიმის წასაყვანად მოვედი, ძალიან უგუნებოდ არი. გროზნა სიხარულით გაიბადრა. -ანდე, ხომ გეუბნებოდით? ნიშნის მოგებით გადახედა იქ მყოფთ. ძროხა იყო-მეთქი, და არ დაიჯერეთ, ამისი იქნებოდა. -ალბათ, ჩემი ძროხა იყო. დაეთანხმა მელანა, ნახირს ჩამორჩენია და მგელს დაუგლეჯია. აქ არ არის ვეტექიმი? -ალაზნის პირას წავიდა ფერმაში. ბებო, საღამომდის არ მოვა თქვა თავჯდომარის შოფერმა, პობედის კარი გააღო, საჭესთან იჯდა და ბებერიც თავისთან მიიწვია. ჩაჯექ, ბებო, ახლა ჩვენც იქ მივდივართ და შენც წაგიყვანთ. მაგრამ მელანას ისევ თავისი ,,ავადმყოფი'' ძროხა გაახსენდა, საჩქაროდ გაიარა კანტორის ეზო და სახლისკენ წაცუხცუხდა. ეზოში კი ნასვამი, გახარებული გროზნა და გაოცებული კოლმეურნენი დატოვა. საღამოთი პირდაპირ შინ მიუხტა ბებერი ხარატიანთ სიმონს და შეუტია: -სად ეშმაკებში ეხირე აქამდის, ბიჭო, რა გინდოდა ალაზანზე. -ოო, ძალუაჩემს გაუმარჯოს! მობრძანდი, მელანა ძალო, რა გაგჭირვებია, რაზე გარჯილხარ. -დამჭირდი და მოვედი. კიბის საფეხურზე ჩამოჯდა მელანა. სად იყავი აქამდის? -ფერმას დავხედე, ძალო, და ცოტაც წავითევზავე. ბებერმა მოიხედა აივანზე პატარა ლასტზე დახვავებული თევზი რომ დაინახა, გაოცდა: -სად იყო ამდენი თევზი, ბიჭო? -ალაზანში, ძალო. -მერე, როგორ დაიჭირე ამდენი? -კოღოთის ბოლოზე ბალახზე გამოსულიყვნენ საძოვრას, გზა შევუკარით ბიჭებმა და წყლისაკენ არ გავუშვით. საქმიანად წამოდგა მელანა და ვეტექიმს შეუწყრა: -როდემდის უნდა იყო, ბიჭო, კვიმატი? ახლავე დაანებე მაგ თევზებს თავი და წამომყე, ჩემო ძროხა დაუგლეჯნია ნადირსა და მარჯვენა ფეხს ვეღარ ადგამს. ვეტექიმს კინაღამ დანა და თევზი ერთად გაუვარდა ხელიდან. მცირეხანს გაოცებით უცქირა ბებერს, მერე გაიღიმა და უთხრა: -ნუ გეშინია, მელანა ძალო, ძაღლი კოჭლობოთ არ მოკვდება. მობრუნდა და ოთახში გასძახა: მოიტა, ბიჭო, სკამი გამოუტანე ბებიაშენს! დაჯექი, ძალო, თევზი მივირთვათ და მერე ისეთ წამალს დავადებ შენს ძროხას, ორ-სამ დღეში ხბოსავით აკუნტრუშდეს. როდის დაუგლეჯნია მგელს. -წუხელ, უკანა ფეხზე აქვს ნაკბენი და თავ ტანი სულ დაკაწრულ-დაღადრული. მასპინძელი კიდევ შეცბუნდა და დაეჭვებით დაუწყო მზერა სტუმარს. -თუ სხვის ვენახში ან ბაღჩაში გადაიპარა და ძაღლი დაუქსიეს, მოუხდება. გაგიხარიან, წეღან ქამრით ავუჭრელე კანჭები ჩემს ბიჭს. წუხელ იმასაც სადღაც უტანტალია, დილით კი თავის დედას გაუღვიძნია და რას ხედავს. დაკაწრულ-დაღადრულ ბიჭს მკვდარივით სძინავს, საწოლთან კი, იატაკზე, დახეული ხალათი და ნახევრად ლანჩაავარდნილი ხალი ფეხსაცმელი გდია. გულგახეთქილი ქალი აღვიძებს და ეკითხება: -ეს რა გიქნია, ბიჭო, როდის დაიკაწრე ეგრე? ის კიდევ პასუხობს: -წუხელ, დედი. -სადა, შვილო, სადა? -სადა და.. სიზმარში. -მერედა, რა, დაგკაწრა ეგრე, სვილო? -რამ დამკრაწრა დაა... მელანა ბებოს ძროხა მგელს უნდა შეეჭამა და მე დავახრჩვე ხელითო... უეცრად მელანა ფეხზე წამოვარდა. -რა ვქნა, პირი ხპმ არ შეჰყარით მთელმა სოფელმა დღესა? -რა იყო, ძალო? გაიღიმა ექიმმა. -რა იყო და, დღეს დილას კანტორაში მებაღიანთ გროზნა ხალხს აჯერებდა: წუხელ ეშმაკები გამოცვიცდნენ ანთებული სანთლებით და კიკაბაურებისკენ გაიქცნენ ძროხის მისაშველებლად, რომელსაც მგელი სჭამდაო. ექიმი გაშტერდა. -ალბათ, ჩემმა ბიჭმა რაღაცა იცის მაგ ამბავზე, ლადო! ბიჭოო, ლადო! სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ექიმმა დანა გააგდო, შინ შევიდა და მალე ისევ გამოჩნდა. დაოცების ნიშნად ხელები განზე გაშალა, წარბები ზევით აზიდა. -ვერა გამიგია რა, ძალო, ქაჯია, ეშმაკია თუ რა ჯანდაბაა. დასასჯელად მეორე ოთახში ჩავკეტე, მაგრამ ფანჯარა გაუღია, ძირს გადამხტარა და წასულა. სად წავიდოდა ახლა ის გარეწარი? -ჯანდაბას იმისი თავი და შენიცა, გაწყრა ბებერი, ძროხა მიკვდება და შენ აქ ზღაპრებს მიყვები? ექიმი დაფაცურდა. ლასტი მაღლა ბოძის თავზე შედგა, რომ კატა არ მისწვდენოდა, ხელები გადაიბანა და ოთახის კარი გამოხურა. -აბა, წავიდეთ, ძალო! -წამლები მოგაქვს, ბიჭო? -ნუ გეშინია, მომაქვს. სტუმარ-მასპინძელმა ხარატაანთ უბანი გაიარეს და მრელაანთ უბნისკენ გაუყვნენ ორღობეს. -მაშ, მელანას ძროხა მე გადავარჩინეო? დაიწყო ბებერმა. -ეშმაკმა იცის იმისი თავ-ტანი, რას არ მოიგონებს. გაბრაზდა ვეტექიმი. იმ დღეს ცხენი წაუყვანია მინდორში ბალხზე და საღამომდის არ მოვიდა. მოვედი შინ და ველოდები. არ მოდის. ავდექი და ხევისკენ გავედი. ცოტა ხანს ვუცადე და ბოლოს ფლოქვების ცემაც მომესმა რიყეზე. გავიხედე, მობლაკუნობს ცხენი და ზედ თავჩაქინდრული ბიჭი ზის. ისე გამიარა გვერძე, ხმა არ გამცა. გავყევი მხარდამხარ და ვეკითხები: სად იყავ, ბიჭო, აქამდე?! აბა! საქმეში ხარ? ხმას არ მცემს. ბოლოს, რომ არ მოვეშვი, აიღო თავი და შემომიტია: დამანებე თავი, ხომ ხედავ, მძინავოს. რამ დაგაძინა ცხენზე ამ საღამოს, მთელი ღამე ჭიტივითა ხარ-მეთქი, ის კი, ის ქაჯი, მეუბნება: გიორგი სააკაძემ და სუვოროვმა ეგრე იცოდნენ, ცხენზე ეძინათ ხოლმეო.. გაგიხარიან, მე ის ჩამოვსვი და წკეპლა გავახურე... მალე მელანას ეზოც გამოჩნდა და ღობის მარგილზე გამობმული ძროხაც. ექიმმა გარშემო შემოუარა ,,პაციენტს'', ნაკბენ-დაკაწრული ადგილები გაუსინჯა და პატრონს მიუბრუნდა: -არაფერია, ძალო, ერთ კვირაში ფეხზე დადგება. -ჰო, უკეთესობა, ეტყობა, შვილო: მთელი ბღუჯა ბალახი შეჭამა სა წყალიც კარგად სვა. -ეს თოკი რაღას წაგიბამს ყელზე, გაქცევისა ხომ არ გეშინოდა? მოხსენი, ცოდოა საწყალი. ბებერმა მუხლებზე დაირტყა ხელი. -მე თავმკვდარს სულ დამავიწყდა დღეს თოკის მოხსნა. ექიმმა თან წამოღბული ჩანთა გახსნა და იქიდან წამლებიმ ბამბა და ბინტი ამოალაგა. ამოალაგა და ის იყო დაკბენილი ფეხის ხსნარით მობანვა დაიწყო, რომ ბამბა ნაკბენზევე შეაჩერა: გაშტერებული ბებერი ხელში დასაკეცად გამზადებულ თოკს შემცბარი დასცქეროდა. -რა იყო, ძალო? შეეკითხა ექიმი. -რა იყო კი არა, ეს ხომ ის თოკია, ამ ერთი კვირის წინ რომ დავკარგე ვენახში? დასწყევლოს ღმერთმა, საიდან გაჩნდა ეს ბაწარი თქვენი ძროხის კისერზე? ექიმმა მცირე ხანს უცქირა თოკსა და ბებერს და მერე მხრები აიჩეჩა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.