შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 2)


13-03-2017, 01:11
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 727

არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ასე გაუნძრევლად იანვრის სუსხიან ამინდში ჭუჭყიან, წყლით სავსე ორმოში. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც სიცივეს, ვერც ადამიანების მზერას, ვერც ტკივილს. თვალები დახუჭული მქონდა და ვცდილობდი წარმომედგინა ჩემი სამყარო, ჩემი ფერადი სამყარო, სადაც ვპოულობ ჩემს ადგილს, ჩემს თავს. თუმცა არა, ჩემს სამყაროში მე უბრალოდ მაყურებელი ვარ, იქაც უჩინარი ვარ. მხოლოდ სითბოს ვგრძნობ. ვხუჭავ თვალებს და თავით ვეშვები ჩემს სამყაროში.

მთვარეული გოგო
გოგო, რომელიც ხატავს...

ის ცხოვრობს ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია – მწვანე. ჰო, მწვანე, უბრალოდ მწვანე, რადგან ამ ქალაქში ყველაფერი მწვანეა. ქალაქი ტყეშია ჩაფლული, ტყეს კი ირგვლივ მწვანე ზღვა აკრავს. თითქოს ბუნებაც იცავს ამ ქალაქს.
ქალაქში შენობები ფერადია: ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, მწვანე, იისფერი… მწვანე მდელოებს და ტყეს, ფერადი ყვავილები შესევიან. ისინი ყველგან არიან… თბილი ნიავი იქვე, პატარებს ეალერსება, ისინიც იცინიან, დარბიან, ნიავს დასდევენ, დამალობანას ეთამაშბიან, ყვავილები ბავშვების სამალავს თამაშობენ, ბავშვების სიცილი ყველგან ისმის, ნიავი ყვავილებს ააშრიალებს და დაინახავს წითელთმიან გოგონას, რომელიც მასში შემალულა პატარა ხოჭოსავით. წითელთმიანი გარბის, იცინის, მზე მის თმას ააკაშკაშებს, ნიავი კი მის კულულებს აათამაშებს… სიმწვანეში გოგონას წითელი აშრიალებული თმა, ახალ, უცხო ყვავილს ჰგავს… ასეთი ყვავილები მხოლოდ ამ ქალაქში ხარობს. გოგონა კისკისით დარბის ფერად შენობებს შორის და მისი თმა კიდევ უფრო კაშკაშა, უჩვეულოდ დიდი და ლამაზი ხდება, ის ცოცხალია, სუნთქავს, ისიც კისკისებს და ქალაქის მცირე მაცხოვრებელს ცეკვისკენ მოუწოდებს.
ყვითელი შენობიდან, ცისფერკაბიანი გოგონა გამოვარდა სიცილით, კისკისით და მისი გიშერივით შავი თმა შეუერთდა წითელ კულულებს, ნიავი მასაც ეთამაშება, გოგონები გარბიან, იცინიან……. ვარდისფერი შენობიდან, თეთრთმიანი ბიჭი გამოხტა ხელში ფერადი ლენტებით, ხელები ჰაერში ააპყრო და ნიავს ახალი სათამაშო აჩვენა, ლენტები აშრიალდნენ, აიხლართნენ წითელ და შავ ხაზებს შორის, ისინი გარბიან, ქალაქს წრეს ურტყამენ, ქალაქის ყველა მაცხოვრებელი უერთდება მათ და ნიავს დამალობანას ეთამაშება….
-გოგონა, რა გაცინებს? სასწრაფოდ ამოდი წყლიდან ბაბუ, გაცივდები. ხომ კარგად ხარ? გაკვირვებული მიყურებს ჭაღარა, მოხუცი ბაბუა და თან ორივე ხელით მაჯებზე მექაჩება რომ წამომაყენოს.

თეთრთმიანი ბიჭუნა ვარდისფერ შენობაში შედის, უკუსვლით… ლენტებით ხელში, ყვითელ შენობაში ცისფერკაბიანი გოგონა ბრუნდება, წითელთმიანი გოგო უკუსვლით გარბის, გარბის და ყვავილებში იმალება………
დაბნელდა………………………

***

თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიკული ტირილი დავიწყე. არ ვიცი რას ვტიროდი, იმას რომ მარტო ვარ რეალურ სამყაროში თუ იმას რომ ბაბუამ გამომაფხიზლა?! ალბათ, ორივეს ერთად.
დღე დაეწია ჩემს სამყაროს და აქაც ჩამობნელდა. ბაბუა უამრავ კითხვას მისვამს, მაგრამ მე კვლავ ერთ წერტილს მივშტერებივარ და საერთოდ არ მესმის არავის ხმა. ასე მჩვევია ხოლმე, ისტერიკული ტირილის შემდეგ თვალი მიშტერდება, სადღაც ვიკარგები და როცა ვფხიზლდები, მიჭირს გამორკვევა, სად ვარ... ახლაც, როცა გონს მოვედი, ირგვლივ უამრავი ადამიანი შემომხვეოდა და ბჭობდნენ რა სჭირდა ამ საწყალ გოგოს. ისე იყვნენ ჩემზე ლაპარაკში გართული, რომ იქედან გაპარული ვერც კი შემამჩნიეს.
ტაქსი გავაჩერე, მძღოლმა გულგრილად ცელოფანი გადმომიგდო უკან: ამაზე დაჯექი, სავარძელი არ დამისვაროო. როგორი ზიზღი ვიგრძენი იმ წამს მის თვალებში, არ მიყვარს ადამიანების თვალები. მათში თავიანთი სული ისე მკაფიოდ ჩანს... უცნაურია, ყველაში ჩემს მიმართ გულგრილობას ვხედავ, ვხედავ რომ ისინი ჩემს სულს ვერ ხედავენ. საკმარისია მათ თვალებში ჩავიხედო და ვგრძნობ რა მარტო ვარ ამ ვეებერთელა ლურჯ ბურთზე.

სახლში შევედი, ყველაფერი გავიხადე, თბილ პლედში გავეხვიე და ლოგინზე დავესვენე. მინდა დავიძინო, მაგრამ არ გამომდის. ვერაფერს ვგრძნობ...

ტკივილი! სად ხარ ჩემო მწველო გრძნობავ? ნუთუ შენც მარტო დამტოვე? მოდი ჩემთან, მოდი გამანადგურე! მე შენი ვარ, მხოლოდ შენ გეკუთვნი! მოდი, ჩემთან მოდი ტკივილო, ჩამარჭე შენი ბასრი კლანჭები, შიგ გულში ჩამარჭე, შენ მაინც შემიყვარე, ხოლო თუ ვერ შემიყვარებ - არ მიმატოვო... ცივმა სიმხურვალემ დამიარა მთელს ტანში, კანკალმა ამიტანა - მცივა, სულ ვკანკალებ. სიცივე ცეცხლად იქცევა და მგონია რომ ოხშივარი ამდის მთელს სხეულზე, არა არ მგონია - ვხედავ... ვხედავ ცხელ ორთქლს როგორ ადის ჩემი სხეულიდან - მეღიმება... რა მშვენიერია, მომწონს რომ მტკივა. მოხვედი არა? არ მიმატოვე ტკივილო... შენ გიყვარხარ მხოლოდ. მხოლოდ შენ გიყვარვარ, ხმა ამიკანკალდა, წყლის ბურთები ერთმანეთს ასწრებენ ჩემი თვალებიდან გათავისუფლებას. მორბიან, ლოყის გავლით ნიკაპიდან ვარდებიან და სიხარულით თავისუფლდებიან ჩემგან. თავისუფლდებიან ჩემი მახინჯი სხეულისგან, ჩემი ნატანჯი სულისგან. ხელებს სახეზე ვიფარებ და ისტერიკული ტირილი კივილში გადამდის, მინდა სახე დავიკაწრო: „გამოდიიიიიი! გამოდი ჩემგან შე ლაჩარო! გამოდი, გამათავისუფლე, ნუღა მტანჯავ, გთხოვ გამოდი, გამოდი გევედრები.......“
სუნთქვა მიჭირს, ჰაერი არ მყოფნის, ლოგინზე წამოვჯექი, ვგრძნობ ისტერიკა მეწყება, წყლის ბურთები არ ჩერდებიან, ერთი მეორეზე სწრაფად გამორბიან, თითქოს ეშინიათ შიგნით არ დარჩნენ, იმდენად იშვიათად ვტირი, რომ ალბათ ამ დღეს სულმოუთქმელად ელოდნენ... მუხლებით დავეგდე, იატაკს თავი დავადე და დავიწყე ჩურჩული: „ჩემო პატარა, რატომ წახვედი ჩემგან. რატომ ჩამაგდე ტკივილის კლანჭებში? ახლა ის მიყვარს, კი ის მიყვარს. ტკივილი სიყვარულად გადამექცა.“

არ მახსოვს ასე რამდენ ხანს ვიჯექი, მაგრამ როცა გონს მოვედი და საათს დავხედე, უკვე შუაღამე იყო. ავდექი და შიშველ მუხლებს დავხედე - სისხისფერი და დასერილი უყო, თუმცა მომეწონა. გამიჭირდა ნაბიჯების გადადგმა, ერთი ორჯერ შევბარბაცდი, აბანოში შევედი ცხელ წყალს მივეცი უფლება ჩემს სხეულს შეხებოდა, ალბათ მადლობა უნდა გადავუხადო რომ შემეხო. ჩავჯექი და ისევ თვალი გამიშტერდა, დავიკარგე...

ზაფხულის შხაპუნა წვიმაა, ჩემი წითელი და გრძელი თმა სველია, ჩემი ჭრელი, კოჭებამდე კაბა სულ შემომეწება ტანზე - გავრბივარ... წვიმა სახეზე მეთამაშება, შენელებული კადრია - ჩემი წითელი და გრძელი თმა სივრცეში ჰორიზონტალურად გაიჯგიმება და შემდეგ წელზე შემომარტყმება. გავრბივარ... სიხარულისგან ვუმატებ სიჩქარეს, მთელი სხხეული მიდუღს, ჟრუანტელი მივლის და ენა მივარდება როცა 100 ნაბიჯის მოშორებით მას ვხედავ. ვჩერდები... რა ახლოსაა, გული საგულედან ამომივარდება. ჩემია! ნუთუ ის ჩემია. 100 ნაბიჯიც და შევიგრძნობ, ის ადგილიდან არ იძვრის, ნერვიულად ტანსაცმელს ისწორებს, მაგრამ რა აზრი აქვს, სულ სველია.... თმა სახეზე შემომეკრო, მინდა მისი თვალები შორიდან გავარჩიო, მისი სისხლიანი თვალები. წამწამები ისეთი ქერა აქვს რომ საერთოდ შეუმჩნეველია, თვალები თაფლისფერი, მაგრამ გუგა სულ სისხლიანი აქვს - თითქოს სულ გადაღლილია, თითქოს სულ სევდიანია, თითქოს მის თვალებს იმდენი ტკივილი აქვს ნანახი, რომ გასისხლისფერდნენ. მხოლოდ მის თვალებს ვარჩევ, სახეს ვერ ვხედავ. „სულ ერთია, ის ხომ ჩემია, სულ რაღაც 50 ნაბიჯი და ჩაებღაუჭები, აღარასდროს გაუშვებ, მიდი ემი, გაბედულად!“ კადრი შენელდა, თვალები დავხუჭე და გავრბივარ, ხელები ჰაერში ავმართე, მისკენ მივრბივარ: „სულ რამდენიმე ნაბიჯი და შენი ვარ ჩემო სიყვარულო.“

აბაზანის დუში თავში მომხვდა! და როცა გამოვერკვიე, ისევ გავაცნობიერე რომ სრულიად მარტო ვარ ამ სამყაროში. აბაზანის დაორთქლილ სარკესთან მივედი, ხელით გულგრილად გადავწმინდე, სარკეში ვხედავ ჭორფლიან სახეს, თვალებში ჩახედვა არ მინდა, თავი დავხარე და იქვე ჩემი ჟანეტის დატოვებულ წითელ პომადას დავსტაცე ხელი. მარჯვენა ხელი სარკესთან მივიტანე და რაღაცის ჯღაბნა დავიწყე, მოვრჩი წერას და შიშით ავხედე.

ნახევრად დაორთქლილ აბაზანის სარკეზე, წითელი პომადით აწერია:
„ვაკვირდები სახეებს და ვიცი ამ სახეებში შენს სახეს ვერასოდეს დავინახავ. შენს დახრილ, სისხლიან, სევდიან თვალებს, რომელშიც უამრავი საიდუმლოა. ამ თვალებით შენ ჩემს სულს შეხედე, მე ეს თვალები მჭირდება, რომელშიც ვერასოდეს ჩავიხედავ, მე ეს თვალები მჭირდება რომ ვისუნთქო!“

ვუყურებ წარწერას და წარწერებს შორის ვარჩევ თვალებს - ემის თვალებს, რომლიდანაც ვიღაც სხვა უყურებს. პირველად შემეშინდა საკუთარი მზერის, რადგან იქედან სხვა მიყურებდა - ეს მე არ ვიყავი. გამოვვარდი აბაზანიდან და შეშინებული გავეხვიე საბანში...



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
დამადუმე. არც კი ვიცი რა ვთქვა... ისე ჰგავს ჩემ საკუთარ განცდებს, თან ისე ცოტაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად არის ჩემში... ვიცი, შენც ამას გრძნობ, დარწმუნებული ვარ.
შენც კირჩხიბი ხარ, არა ? მე და შენ ნიკზე გვეტყობა ეს...
მთვარე... მთვარე ჩემი მაცოცხლებელი წყაროა, ემოციური ჟაგბადია...
იმდენად დიდ ტკივილს ვგრძნობ ამ ისტორიაში, რომ ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ძალაუნებურად საკუთარ თავს აღწერ... ისიც ვიცი, რა რთულია საკუთარ თავზე საუბარი. ბრავო, სიტყვები არ მაქვს, ნამდვილად შემომეძარცვა.
ვინც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა გერქვას და რასაც არ უნდა გრძნობდე ახლა ამ კომენტარის წაკითხვისას, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ მე შენი მესმის, და მე შენ გგრძნობ ანნ-დან ჰაე-მდე. თითოეული ასო შევისრუტე, გული გამიჩერე, გამაშიშვლე.... როგორ არ მიყვარს ეს შეგრძნება, როგორ ვერ ვიტან უსუსურობის განცდას.... შენც ვერ იტან ჰო ? ვიცი, ვერ იტან... მაგრამ არ შემიძლია მოვწყდე... არ შემიძლია... რაც უფრო მეტად ვგრძნობ ტკივილს, მით უფრო მეტად მინდება შევიგრძნო გაორმაგებული დოზა. მაზოხიზმის ხარისხი ჩემში ძალიან დიდია, მოსიარულე მაზოხიზმი ვარ, ადამიანი, რომელიც სიამოვნებას ღებულობს ტკივილისგან. კი, წუწუნებს იმის შესახებ, რომ უნდა გათავისუფლება. მაგრამ არა ! არ სურს თავი დააღწიოს ტკივილის კლანჭებს და იცი რატომ ? იცი.... ტკივილი ერთადერთია, რომელსაც ჭეშმარიტად შეუძლია შეიგვიყვაროს მე და შენ....

დუმილით შევხვდები შენს სიტყვებს და მგონია რომ მიხვდები ამ დუმილში რამდენ ემოციას ვდებ. უბრალოდ, მადლობა მინდა გითხრა ამ სიტყვებისთვის ძალიან დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent