მარტო (თავი 3)
მეორე დილით შეშლილი სახით გავიღვიძე, სარკეში ჩახედვა არ მინდა, მეშინია საკუთარი თვალების. მგონია რომ ჩემს სხეულს სხვა დაეპატრონა და სარკის მეორე მხრიდან მეკონტაქტება. „არა, ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო.“ ასე არასოდეს შემშინებია... სახლში ვარ! ჩემს ციხესიმაგრეში ვარ! აქ ყველაზე დაცულად ვგრძნობდი თავს იქამდე, სანამ საკუთარი თვალების შემეშინდებოდა. გადავწყვიტე ყველა სარკე, რაც სახლში მქონდა, თავიდან მომეშორებინა... ჩემი წითელი, უხეში და ურჩი თმა შევიკარი. უშველებელი ნაცრისფერი სვიტერი, რომელშიც ფაქტობრივად არც კი ვჩანდი, მაჯებზე ავიწიე, დოინჯი შემოვირტყი და ბოროტად გავხედე ჩემს წინ მდგომ სარკეს, რათქმაუნდა ისე რომ თვალებში არ ჩამიხედავს. მთელს სახლში ისტერიკულად დავრბივარ, ვეძებ ზეწრებს, მუქი ფერის ზეწრებს, რომ სარკეებს ავაფარო! ვყრი ყველაფერს, სრული ქაოსია... როგორც იქნა შალის საღამოსფერი პლედები ვიპოვე, დედაჩემის ნაქონი. სირბილით გამოვექანე ბოროტი სარკეებისკენ, ამ ქაოსში ფეხი პლედს წამოვდე და პირდაპირ სახით დავეცი იატაკზე. ისე ძლიერად დავენარცხე, რამოდენიმე წამი ამოსუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ მესიამოვნა ტკივილი შიგნიდან. ყველანაირი გრძნობა მსიამოვნებს ჰარმონიის გარდა. არ მომწონს ამქვეყნიური, ადამიანური ჰარმონია - მომაბეზრებელია. მე მომწონს იმ სახის "ჰარმონია", რასაც ჩემს აბსტრაქტულ, გამოგონილ სამყაროში ვქმნი. ადამიანი დედამიწაზე ვერასოდეს მიაღწევს ისეთ მდგომარეობას, რომლითაც მთელი ცხოვრება დატკბება და არასოდეს მობეზრდება. წამოვდექი, ავღმართე ჩემი საბრძოლო იარაღი და გადავაფარე ერთ სარკეს, მერე სააბაზანოს სარკეს. ისე მესიამოვნა ეს პროცესი, გული დამწყდა რომ სახლში სხვა სარკე არ მქონდა. მოვრჩი! შემოვირტყი დოინჯი და ჩემს სახეზე ჩამოვარდნილ რიჟა ძაფებს სული შევუბერე, თან თვალები ავადევნე, დავრწმუნდი რომ ისევ თავზეა. კმაყოფილად გავუსვი ხელები ერთმანეთს და სამზარეულოსკენ წავედი. გაზქურაზე ყავისთვის წყალი დავადგი და თან ჟალუზიდან გავიჭყიტე - ჟანეტი! „ჩემი ჟანეტი მოდის.“ მართალია ცასა და მიწასავით განვსხვავდებით და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს რატომ მოგვწონს ერთმანეთთან ყოფნა ან საუბარი, მაგრამ ის ჩემი ნაწილია. ძალიან იმპულსური, ზოგჯერ ზედაპირულიც, არასდროს მისმენს, სულ მის პრობლემებზე მესაუბრება, მაგრამ მე მაინც სიცოცხლეს მირჩევნია მისი ტიტინი. ჩაიდნის წივილი და ჩემმა ტიტინა ჟანეტმაც შემოანათა თავისი ზღვისნაპირისფერი თვალებით. -რას გიგავს თვალები?! -მისაყვედურა. - ისევ არ გეძინა? -გამოცდისთვის ვემზადებოდი. -ძლივს ამოვილუღლუღე. -მოკლედ, საბოლოოდ დავშორდით მე და გიგა. -ძალიან კატეგორიულად მომახალა და თან ყავის ჭიქა გამომტაცა ხელიდან. - შაქარი ჩაყარე? -კი ორი კოვზი, როგორც ყოველთვის. -ვერ გამიგია უშაქროს რა გასმევს, სუნიც კი საშინელი აქვს. - ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხე ასწია და უკმაყოფილოდ მიყურებს. მე მხრები ავიჩეჩე და გემრიალად მოვსვი ჩემი ცხელი ყავა. ყოველი მოსმის შემდეგ, ენით ტუჩების ალოკვა მჩვევია, ყველაზე გემრიელი გემო აქვს ტუჩებზე დანატოვარ ყავის არომატს. -ხოდა დავშორდი, დამღალა. -აგრძელებს ჟანეტი. -რამ დაგღალა? -მისმა პრობლემებმა. ასე თუ გაგრძელდა, ყველაფერს ჩამოვრჩები და დავრჩები მისნაირი უუნარო. -ხომ უყვარხარ? ეცადე გაუგო. -ვის რაში სჭირდება მაგისი სიყვარული? დღე და ღამე ძმაკაცებთანაა, სულ ვიღაცის პრობლემებს აგვარებს, როცა საკუთარი ვერ დაულაგებია. არც კი გაბედო მისი დაცვა! - ისეთი თვალებით შემომხედა, უცაბედად ყავის ცხელი მოზრდილი ყლუპი გადავუშვი ყელში. ისე ჩამწვა, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა და რამოდენიმე წამი ვერ ამოვისუნთქე. კიდევ დიდხანს ილაპარაკა უთავბოლოდ გიგაზე - ლანძღა, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა, მაგრამ ხომ ვიცოდი, მე ხომ ვიცოდი რომ გიგას ერთი ზარი და ჟანეტი მასთან გაიქცეოდა, ამოანთხევდა ბრაზს და ბოლოს ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს. ამ ფიქრებში ვარ და ტელეფონის წკრიალმა შემომაფხიზლა, დავხედე: ჟანეტი: „შევრიგდით, საღამოს ამოვალთ.“ მესიჯით გავაცნობიერე რომ დიდხანს წავუღივარ ფიქრებს და ვერც კი გაგიგე ჟანეტი როდის გავიდა... „საღამოს ამოვალთ“ - როგორ არ მინდა რომ ამოვიდნენ. ვერ ვიტან იმ ქედმაღალ ტიპს, „ადიდასის“ ბოტასები ლამის ცხვირთან მოაქვს ხოლმე რომ აღტაცებულმა შევყვირო: „ვაიმე, გიგა რა მაგარი ბოტასები გაცვია, „ნაღდი“ ადიდასია?“ ამ დროს ისეთ გაკვირვებულ სახეს მიიღებს ხოლმე, გეგონება ყურადღებას საერთოდ არ აქცევდეს მსგავს დეტალებს და სრულიად გაოცებულია რომ „შევამჩნიე“. თუმცა საყვარელი მეგობრის გამო რას არ მოითმენს ადამიანი. ყავის ჭიქები ნიჟარაში ჩავაწყე, თბილ პლედში გავეხვიე და ფანჯრის რაფაზე მოვკალათდი. ამ ფანჯრიდან გაშლილი ხედი ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას - სრულიად შიშველი მინდორი, აქა-იქ ღრმად ამოთხრილი. მგონი, რაღაცის აშენებას აპირებენ. ძალიან მომწონს ამ ხედის ყურება შებინდებისას, საათობით მივშტერებივარ და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს რაზე ვფიქრობ ამ დროს, ან რატომ უნდა სიამოვნებდეს ადამიანს ცარიელი, ორმოებიანი და სამშენებლოდ მომზადებული ხედის ყურება. ფეხებთან დავიხედე: მერი შელი “ფრანკენშტაინი“, ფანქრით გაფერადებული სახაზავით ჩანიშნული მქონდა ერთი გვერდი. გადავშალე და მკვეთრად, ფანქრის მყარად და ძლიერად სმისგან ლამის ამოჭრილი მქონდა ერთი წინადადება: „ამაყად შევდგები ჩემს დასაწვავ კოცონზე და სიხარულის ყიჟინით მივეცემი ხარბ ცეცხლს.“ თავი უკან გადავწიე, კედელმა შემაჩერა - მესიამოვნა. წარმოუდგენლად, მტანჯველად, არაამქვეყნიურად მესიამოვნა, როდესაც ეს წინადადება წავიკითხე. ყველგან დავიწერდი! მთელს სხეულზე დავიწერდი ამ წინადადებას, ხმამაღლა ვიყვირებდი: „სიხარულის ყიჟინით მივეცემი ხარბ ცეცხლს.“ რა იქნება ამაზე უფრო მტანჯველი? თუ კი რამე არსებობს ამაზე უფრო მძაფრი - მე მისი ვარ! სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და ქვედა ტუჩს ვკბენ... ფანჯარასთან დაგდებულ ზურგჩანთას ფეხის თითი წამოვდე და ამოვქაჩე, ამოვიღე თამბაქო, გავუკიდე და გავეხვიე მომწამვლელ კვამლში. თავბრუ დამეხვა, ფეხებიდან დაიწყო გაჟრუება და ტვინამდე ამოაღწია. თვალები დავხუჭე, ფიქრებსაც დაეხვათ თავბრუ - რა მშვენიერია... გამახსენდა რომ ხვალ გამოცდის საკითხებისთვი უნივერსიტეტში უნდა მივიდე. ჩემს არცერთ კურსელს არ ვიცნობ, ისედაც იშვიათად დავდივარ ლექციებზე, მაგრამ მაშინაც, როცა მივდივარ ზედაც არავის ვუყურებ. წარმოდგენაც არ მაქვს ვინ როგორია და არც მინდა ვიცოდე. ვსწავლობ ისტორიის ფაკულტეტზე და არც კი ვიცი იქ რას ვაკეთებ, რაში მჭირდება ისტორიის ცოდნა?! არ მაინტერესებს, ვერ ვიტან ფაქტებს, რაც უკვე მოხდა და რისი შეცვლაც არ შემიძლია... ზამთარია... სიცივეს ვერ ვიტან! მეზიზღება! მძულს გზა, რომელიც უნდა გავიარო, მძულს ფიქრები, რომლებიც გზაში მომდის თავში… მძულს რომ მცივა, მთელს ტანში მაყრის - ფეხებიდან იწყებს, ამოდის ზევით და მუცელთან რომ ამოვა, ცივად გაივლის… ვერ ვიტან ამ შეგრძნებას! განსაკუთრებით სუსხიან ღამეს! თბილი სახლიდან რომ გამოხვალ და არსად სინათლე არ არის, მხოლოდ უკუნითი სიბნელეა, მე სახეს დავმანჭავ, ვიტყვი „ო როგორ მეზიზღება“ და ნაბიჯს ავუჩქარებ, წვიმიანი ცივი ქარი პირდაპირ სახეში გამაწნის სილას და გზას ჩამიხერგავს, მე დაჟინებით გავაგრძელებ გზას, უცებ მთელს ტანში ამაზრზენად დამივლის სიცივე, სუსხი, ქარი, წვიმა და ის საშინელი ფიქრები, რომელსაც ვერ ავხსნი.. ის საშინელი განცდა, რომელიც ქვეცნობიერშია მიძინებული და მხოლოდ ამ ამინდში იღვიძებს… თუ რამდენჯერმე იბადება ადამიანი, მაშინ მე წინა ცხოვრებაში აუცილებლად ამ ამინდში მოვკვდი, ან რაღაც ისეთი საშინელება მომივიდა, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერში დაილექა... ეს შეგრძნება ბავშვობიდან მაქვს - ამ ამინდში... საშინელი განწყობა მაქვს… დილით უნდა ავდგე, მოვემზადო, გავიარო ის წყეული გზა, რომელიც არ მიყვარს! რეალობის გზა! რეალობა არ მიყვარს, არც მას ვუყვარვარ, რადგან მე მის მტერთან, ოცნებასთან ვმეგობრობ! ამის გამო ამითვალწუნა, არც კი ცდილობს რომ ჩემი გული მოიგოს. ასე თავაწეული, ცხვირს მიბზუებს და თითქოს მემუქრება! ბოლომდე თავს ვერცერთს ვანებებ, რადგან ოცნება მიყვარს, რეალობა კი მჭირდება. უმადური უნდა ვიყო რომ მასაც არ დავუფასო, სწორედ რეალობაშია ჩემი პიროვნების საწყისი… თუმცა, მე რეალობაში ისეთივე უჩინარი ვარ, როგორიც ჩემი ფიქრები… ახლა კი ვზივარ და ჩემი არასრულფასოვნებით დაღლილს უზომოდ მწყურია მოწყალება, საკუთარი თავის - საკუთარი თავის მიმართ… ისევ ფიქრებმა გამიტაცა, ვცდილობ ჩემი სულის ყველაზე ბნელ და მიუწვდომელ კუნჭულებში ვიხეტიალო, რომ რამე საინტერესოს, ხელმოსაჭიდს გადავეყარო, მაგრამ ეს ვერ უშველის იმ ფაქტს რომ დილით უნივერსიტეტში უნდა წავიდე, ის საშინელი გზა გავიარო და ადამიანებს გამოველაპარაკო. ო, როგორ არ მიყვარს ეს პროცესი - როგორ მიყვარს ადამიანები და როგორ არ მიყვარს მათთან გამოლაპარაკება, მითუფრო რამის თხოვნა. ასეთ დროს ასში ერთი თუ გაგიღიმებს და სიამოვნებით გაგიწევს სამსახურს, ჩვეულებრივ ყველას სახე ჩამოსტირის, თითქოს ყველა მათი უბედურების მიზეზი მე ვიყო. მათ განწყობას მათსავე სახეზე ვკითხულობ, საკმარისია დავინახო და თითქოს მაგნიტი ვიყო, ჩემსკენ მორბიან, მესევიან და მთელს სხეულზე მეწებებიან… ხვალ ალბათ მაღვიძარას ბევრჯერ გადავწევ დილით, თან უამრავ მიზეზს მოვიფიქრებ, რის გამოც შეიძლება ხვალიდნელი წასვლა გადავდო… მოსაღამოვდა... კარზე ზარია - ვაღებ. წინ ჟანეტი შემორბის, უკან გიგა მოჰყვება, მომღიმარი და თავდაჯერებული მესალმება, „ნეტავ იცოდე ამ დროს რა ამაზრზენად გამოიყურები!“ პირდაპირ სახეში ვუყურებ საპასუხო ღიმილით და თან ამაზე ვფიქრობ. კარის დახურვას ვაპირებ, როცა ვიღაც ჩემზე ორი თავით მაღალი ტიპი სიგარას პირდაპირ სახეში მაბოლებს და შემოდის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.