შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (სრულად)


15-03-2017, 21:25
ავტორი DarkRoses
ნანახია 3 477

წვიმის წვეთები ჩემს მუხლებზე დადებული ფურცლის დასველებას ნელ-ნელა იწყენებ, თუმცა მისი ხატვით ისეთი დაკავებული და გართული ვარ, რომ ამას პირველად ვერც ვამჩნევ. პალიტრაზე წითელი ფერი დომინანტობს, მის ტუჩებს მონდომებით ვაძლევ ფერს და ვცდილობ კონტურს არ ავცდე და შემთხვევით კანიც არ გავაფერადო. შემდეგ მის თვალებს სხვანაირ ფორმას ვაძლევ და წითლის მაგივრად უკვე მუქი მწვანეს გამოყენებას ვიწყებ. ყველაზე მეტად მომწონს მისი თვალები, ისეთი იდუმალი და ამოუცნობია, ალბათ მთელი დღეები რომ ვიჯდე და მხოლოდ მას ვუყურებდე მაინც ვერ მივხვდები, თუ რას ამბობენ და გულისხმობენ. ნორმალურად მისთვის არასდროს შემიხედავს, სულ წამიერად ვცდილობდი მისი სახის და სხეულის შესწავლას, არც კი ვიცი როგორი იქნება თვალი რომ გავუსწორო, არ მინდა ჩემს ნახატებშიც ზუსტად იდენტური ელიზაბეტის გამოყვანა, ალბათ ვერც შევძლებ ამის გაკეთებას, როგორც არ უნდა მოვინდომო. ვხვდები რომ ისეთი არ გამოვა, როგორიც მას ეკუთვნის, ვერავინ დახატავს მას ისეთს როგორიც ის სინამდვილეში არის, ყოველ შემთხვევაში მე ვერა.
სხვისი თვალით რომ შეხედოთ დიდად არაფრით განსხვავავდება სხვებისგან, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილად განსაკუთრებულია. მისი ღიმილი, სიცილი და მოწყენილი სახეც კი მომწონს, როდესაც მას ვხატავ სულ სხვა გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემს მაგივრად სულ სხვა ადამიანი ამოძრავებდებს ხელებს და მის სახეს უბრალო, თეთრ ან სიძველისგან უკვე გაყვითლებულ და დაკუჭულ ფურცელზე გამოსახავდეს.
მის ხატვას ვასრულებ, რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებ, შემდეგ კი სწრაფად ვხევ უკვე დასველებულ ფურცელს და იქვე, გრძელი სკამის გვერდზე მოთავსებულ ნაგავში ვყრი ნაწილებს. არასდროს გამოვა ისეთი, როგორიც მინდა, მისი სილამაზე ყოველთვის დაიკარგება ფურცელზე გადმოტანისას. არ ვიცი რა არის საჭირო იმისთვის რომ მისი პორტრეტი საბოლოოდ დავასრულო და უკვე სხვა რაღაც დავხატო, ისეთი რამ, რაც სხვებსსაც მოხიბილავს, ისევე როგორც მე. ის ჩემს გონებაში ცხოვრობს, უნებურად სულ მასზე ვფიქრობ, სხვანაირად არ შემიძლია. მისი მუქი, წაბლისფერი თმა, თხელი და ლამაზი ლავიწის ძვალი და ის საშინელი თვალები, რომლებიც რეალურად არც კი ვიცი ახლოდან როგორ გამოიყურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესია.
ახლაც ვუყურებ როგორ გამოდის დაწესებულებიდან, უბრალო, მოშვებული კაბა და მაღლები აცვია. თმები შეკრული და ზემოთ აწეული აქვს. მზერას სწრაფად ვაშორებ, სანამ აქეთ გამოიხედავს და თავს ხელებში ვრგავ. რატომ არის ასეთი განსაკუთრებული?
უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა ეს კითხვა მაწუხებს, რა არის მასში ისეთი რაც ასე იქცევს ჩემს ყურადღებას და რატომ მინდა მხოლოდ მისი ხატვა?
როდესაც თავს ოდნავ ზემოთ ვწევ ვხედავ თუ როგორ უახლოვდება ამ ტერიტორიას, ვფორიაქდებდი, ცივი ოფლი მასხამს. იმ სკამისგან, რომელზეც მე ვზივარ, ზუსტად რამდენიმე მეტრში ასეთივე გრძელი, უაზრო ფერის სკამი დგას და ზუსტად იქ ჯდება. წინ წიგნს იდებს და კითხვას ინტერესიანი სახით იწყებს, მონდომებით ჩასცქერის და წიგნის გარდა ყურადღებს არაფერს აქცევს. გაოგნებული ვუყურებ, წვიმს, არც ისე ძლიერად, მაგრამ მაინც დისკომფორტს მიქმნის, ის კი მიუხედავად ამისა წიგნს კითხულობს. დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები, მისი სახე ისევ არ ჩანს, უბრალოდ მისი სხეული და გრძელი თმა, რომელიც, როცა წელში სწორდება მკერდამდე მაინც აქვს. მომწონს მისი დაშლილი კულულები, მისი სახის დანახვაც არ არის საჭირო, იმისთვის, რომ მიხვდეთ, თუ როგორი საყვარელია.
დიდი ხანი ვბჭობ, არ ვიცი, ღირს თუ არა მისვლა, ალბათ ასე უცბად ვიღაც უცნობი რომ თავზე დაადგება იფიქრებს რომ გიჟი ვარ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. მას მთელი დღეები ვერ ვიგდებ თავიდან, მე ის ადამიანი მჭირდება, რომელსაც არც კი ვაინტერესებ, რომელმაც რეალურად ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცის.
ნელა ვუახლოვდები, მინდა, სანამ მასთან მივალ მაქამდე მაინც არ მივიქციო ყურადღება, მაგრამ გეგმა მეშლება, რადგან ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე ცხნობისმოყვარე მზერით ათვალიერებს არე-მარეს და ბოლოს მე მაშტერდება. პირველად ვუყურებ პირისპირ და ხმის ამოღების არანაირი სურვილი მიჩნდება, შემიძლია სულ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩუმად ვიჯდე და მას ვუყურო. მწვანე თვალები ახლოდან უფრო მუქი ყოფილა. ცხვირი იმაზე უფრო დიდი აქვს ვიდრე შორიდან ჩანდა, ტუჩები კი მართლაც ისეთი დაბერილი როგორც ყოველთვის. მინდა გავიღიმო, ყველაფერზე მეტად მინდა გაღიმება, მაგრამ ვერ ვიღიმი, რადგან ვიცი ასე სიტუაცის უფრო გავართულებ, რაც ნამდვილად არ მჭირდება. მათვალიერებს შემდეგ კი ისევ წიგნის კითხვას აგრძელებს. თავს ვხრი და შეუმჩნევლად მაინც ვიღიმი. სვლას ვაგრძელებ, ბოლოს კი მის გვერდით ვიკავებ ადგილს.
- ამ წვიმაში წიგნს რატომ კითხულობ? - ვეკითხები ისე თითქოს მხოლოდ ამის გასარკვევად მივუახლოვდი და ვცდილობ თავი სერიოზულ ადამიანად მოვაჩვენო.
უაზროდ იღიმება, ყველაზე მეტად მეზიზღება ასეთი უმიზეზო ღიმილი, მაგრამ მის სახეს ესეც ისე უხდება, რომ ვცდილობ ეს აზრები თავიდან მოვიშორო. გულრწფელ სახეს მალევე ეშმაკური ცვლის. ისევ ღიმილის სურვილი მიჩნდება, ისევ და ისევ.
- წვიმა მიყვარს, - ამბობს რამდენიმე წამში, - რა მნიშვნელობა აქვს სხვას? წიგნი დასველდება, მაგრამ არ გაფუჭდება, მისი გადაკითხვა ისევ შესაძლებელი იქნება, ამიტომ ვცდილობ სიამოვნება ბოლომდე მივიღო.
ისევ წიგნს უყურებს, არ ვიცი მართლა კითხულობს თუ უბრალოდ ერთ სიტყვაზე აქვს თვალი გაშეშებული, ამიტომ, როდესაც ვგრძნობ რომ ზედმეტი ვარ ვდგები, რადგან სავარაუდოდ საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებს. ღია, ცისფერი ჯინსის უკანა ნაწილს ხელით ვიფერთხავ და თმებს ვიჩეჩავ, შემდეგ კი ისევ იმ სკამისკენ მივიწევ, სადაც პირველად ვიჯექი.
- დარჩი, მაინც მარტო ყოფნა მომაბეზრებელია. - გაწონასწორებული ხმა მესმის უკნიდან, გაოგნებული ვტრიალდები მისკენ, ისევ ისეთი ღიმილით იყურება წინ და ამავდროულად მარჯვენა ფეხს ჰაერში აქანავებს.
- უცხოებთან ყოფნის არ გეშინია? თან კითხვა სიმარტოვეში, სიწყნარეში უკეთესია. - ვეუბნები და თვალს ვუკრავ. იცინის, საშინლად მომწონს მისი სიცილი, ხმამაღალი და საყვარელი.
- უცხოები ყოველთვის ადამიანის მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე საინტერესოები არიან, რადგან მათ შესახებ არაფერი იცი და შენი ცნობისმოყვარეობაც ამ დროს იჩენს თვას. შენ კი ნორმალურ ბიჭს ჰგავხარ და სიამოვნებით გაგიცნობდი, თან აქამდე არავინ უკითხავს არაფერი ჩემს უცანურ ჩვევაზე, ალბათ ზედმეტი ყურადღება გამაღიზიანებელი იქნებოდა, მაგრამ არავის შეუმჩნევივარ და ეს რაღაც მომეტში საწყენიც არის, - ღრმად ისუნთქავს ჰაერს და აგრძელებს, - რაც შეეხება წიგნს, უკვე მეხუთედ ვკითხულობ, ამიტომ ცოტა ხნით შეჩერება პრობლემას არ წარმოადგენს.
გულრწფელად მიღიმის და ხელს ისევ სკამზე დებს, მანიშნებს რომ უნდა დავჯდე, ჩემს აზრს კი არც კითხულობს. მის ნებას მივყვები, ადგილს ვუბრუნდები და გვერდულად ვუყურებ. არაფერს ამბობს, უბრალოდ გვერდზე მიზის, ესეც კი საკმარისია, ესეც კი იმდენის მომცემია ჩემთვის რომ ყველაფერს მივცემ ეს ხვალაც, ზეგაც და სულ რომ განმეორდეს, ან უბრალოდ დრო რომ გაჩერდეს და სამუდამოდ აქ რომ გავიჭედოთ, ამ უაზრო, მაგრამ მაინც ლამაზ ბაღში.
საოცარი იდეები მომდის, საშინლად მინდება, რომ ახლა სადმე ცარიელი ფურცელი ან ტილო გაჩნდეს, რომელზეც მის დახატვას ისე შევძლებ როგორც მინდა, მისი სახე ისეთი იქნება, როგორიც რეალობაში, მაგრამ ნახატის მნახველი და შემფასებელი სავარაუდოდ მაინც ვერ მიხვდება თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება გამოსახული ადამიანი.
- რას კითხულობ? - ვეკითხები შემდეგ, რადგან ვერ ვხვდები მასთან სხვაზე რაზე უნდა ვილაპარაკო, მიუხედავად იმისა რომ ამის სურვილი მაქვს.
- წიგნს, - მპასუხობს დაუფიქრებლად და ჩემს თვალიერებას განაგრძობს, სანამ ვალდებული არ ვხვდები თავი ჩავღუნო და ჩავიცინო. ჩემს სიცილზე მისი სიცილის ხმაც მესმის და კმაყოფილს ისეთი რაღაცის გაკეთების სურვილი მიჩნდება, რაც მართლაც შემარცხვენს. თავს ვწევ და ახლა მე ვიწყებ მის თვალიერებას. ფეხი ფეხზე გადაუდია, წიგნი კი ჩანთაში შეუნახავს, როდის მოასწრო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია წიგნი მუხლებზე აღარ უდევს.
- შენი სახელი მაინც მითხარი. - სიმართლე რომ ვთქვა მისი სახელი ვიცი, ისეთი დიდებული და ძველი სახელი ჰქვია, რომ ერთხელ გაგონების შემდეგ შეუძლებელია დაგავიწყდეს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ისიც იფიქრებს რომ ერთმანეთს პირველად ვხედავთ ცხოვრებაში.
ხმას არ იღებს, უბრალოდ აქეთ-იქით აცეცებს მის დიდ თვალებს და საბოლოოდ გაჩერებაზე შეჩერებულ ავტორბუსზე აჩერებს. ფანჯრებზე გაკრული რეკლამის კითხვას ხმადაბლა იწყებს, თუმცა მაინც მესმის მისი ოდნავ ირონიული ხმა. საბოლოოდ მისკენ უფრო ახლოს ვიწევი, მანძილი ჩვენს შორის უფრო და უფრო მცირდება.
- ჩემი სახელის ცოდნა რაში გჭირდება?
- ხომ უნდა ვიცოდე ვის ველაპარაკები.
- მაინც ვეღარ მნახავ, არ ჯობია უცნობებად დავრჩეთ? ასე ჩვენი საუბარი უფრო საინტერესო იქნება, მე არ ვიცი შენს შესახებ არაფერი, შენ არ იცი მე ვინ ვარ, რას წარმოვადგენ ან რას ვსაქმიანობ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, შემეძლება გელაპარაკო ისეთ რამეებზე, რასაც ჩემს მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც კი ვერ ვეუბნები, რადგან შენ არ უნდა გაინტერესებდეს ჩემი ისტორიები, შენ უბრალოდ პატივისცემის ნიშნად უნდა მისმენდე, - წყნარად ამბობს ის, ისევ არ მიყურებს. ავტობუსი უკვე წასულია, მაგრამ ის მაინც იმ ადგილს აკვირდება.
- არამგონია ასეთი საიდუმლოების განდომა უცნობებისთვის შეიძლებოდეს.
- უცნობსაც გააჩნია, - სახეზე ღიმილი ეპარება. - თან ხანდახან უნდა გარისკო რომ ბედნიერი გახდე, რისკების არ მეშინია, პირიქით, თუნდაც ცუდი შედეგი გამოიღოს მაინც სასიამოვნო გრძნობას მიტოვებს. ადრენალინი, შიში იმის რომ რაღაც ცუდად წავა საოცრად სასიამოვნოა, განსაკუთრებით ჩემთვის, ბევრ რამეში მეხმარება.
- მაგალითად?
- შთაგონებაა, შთაგონების წყაროა, ის მომენტი, როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება.
- ესე იგი ხელოვანი ხარ. - კმაყოფილი ისევ ვიღიმი.
- საიდან მოიტანე? - ოდნავ უკან იწევა, მაგრამ ჩვენს შორის მანძილი მაინც ცოტაა. მიკვირს რატომ არ გარბის და სხვაგან რატომ არ მიდის, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, მაგრამ ის მაინც აქ არის, ჩემს წინ, უცნაური სახით ზის და ისიც ისევე ცდილობს ჩემს ამოცნობას, როგორც მე.
- ინსპირაცია ყველაზე მეტად ჩვენ, ხელოვანებს გვჭირდება და რადგან მის მოლოდინში ხარ ხოლმე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ.
ისევ ჩუმად ზის, როგორც ჩანს ჩემთვის ისეთი არაფრის მოყოლას აპირებს, რასაც სხვებს ვერ უზიარებს, მგონი ზედმეტი ვილაპარაკე, მაგრამ მის გვერდით სიტყვები მაშინვე სწყდება ჩემს ბაგეებს. არასდროს მდომებია გოგო ასე ძალიან, მასში არის ის რაღაც, რაც ჯერ მეთვითონვე არ ვიცი რა არის და რას ნიშნავს, რა დანიშნულება აქვს. ეს მხიბლავს, მასში ეს ძალა მომწონს, ეს უცნაური ძალა, რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებ, მივატოვებ იმასაც რაც სინამდვილეში არ მაქვს და არც არასდროს მქონია.
- როგორი მიხვედრილები ყოფილხართ მხატვრები, - ისევ ირონიით ამბობს. იმ სკამს უყურებს, სადაც ცოტა ხნის წინ მე მარტო ვიჯექი, ვხვდები, რომ იქ პალიტრა დამრჩა. თავს ვაქნევ და სკამის საზურგეს ვეყუდები, პალიტრის აღებაზე არც კი ვფიქრობ, არ მინდა ასეთი კარგი მომენტი ჩემი წასვლით გავაფუჭო, ამის შემდეგ თავმოყვარეობის გამო ვეღარ დავუბრუნდები ჩემს ადგილს, რომელიც ჩემი არც არის. დარჩენილი დრო, სანამ დაურეკავენ და მარტო დამტოვებს ჩუმად ვსხედვართ, არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ ხანდახან ერთმანეთს ვუყურებთ და შეუმჩნევლად ვიღიმით.

***
ისევ იმ ბაღში ვარ, ისევ იმ სკამზე ვზივარ და ისევ მას ველოდები. მინდა გამოჩნდეს, მინდა კიდევ ერთხელ დავინახო მისი უნაკლო სახე, ის სახე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, მინდა ვხატო და ვხატო, არასდროს გავჩერდე და მთელი ცხოვრება მის ხატვას შევალიო. რა უჩვეულოა ეს ყველაფერი, არც კი ვიცი ასეთი ფიქრები თავში რატომ მიტრიალებს. არავის ჰგავს, რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს რაც მიზიდავს და მასთან ყოფნის სურვილს მიჩენს.
ახლა ყველაფერი თითქმის იგივენაირადაა, როგორც გუშინ. უკვე ნახევარ საათზე მეტია წიგნს შეუჩერებლად კითხულობს, არავის ლაპარაკს, ჩურჩულს, ხმაურს ყურადღებას არ აქცევს და კითხვას არ წყვეტს. ხან მას ვუყურებ, ხან ჩემს ხელებში მოქცეულ ტელეფონს, რომელშიც ნომერი ალბათ ზუსტად იმდენი ხნის წინ ავკრიფე რამდენი ხნის წინაც ის გამოჩნდა და იმ დაწესებულებიდან გამოვიდა. ყოველთვის დავცინოდი ჩემს მეგობრებს, როდესაც გოგოებთან გამოლაპარაკებას ვერ ბედავდნენ ახლა კი ზუსტად მე ვარ ასეთ სიტუაციაში და ჩემივე თავის მრცხვენია, ალბათ უფრო უარის მეშინია, იმ აგრესიის, რისი გამოწვევაც ამ ყველაფერს შეუძლია. ბოლოს ნახევრად ჩამქრალ ახალ ტელეფონს ცერა თითს ვუსვამ და ეკრანს ისევ იმ თვალისმომჭრელ ფერს ვუბრუნებ.
"არ გინდა უცნობს კიდევ ერთხელ გამოელაპარაკო?" დაუფიქრებლად ვგზავნი და მზერას მას ვაპყრობ. ახლა, როდესაც მისი მობილურის ბზუილი მეც კი მესმის წიგნიდან თავს ჰყოფს და ჯერ რამდენიმე წამი უყურებს, შემდეგ კი შეტყობინების წაკითხვას იწყებს, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ამას აკეთებს.
მის სახეზე ღიმილს ვხედავ, მაშინვე ჩემკენ იხედება და თითქოს თვალებით მანიშნებს რომ უნდა მივუახლოვდე და ისევ გვერდზე მივუჯდე. აღარ ვფიქრობ, მისკენ მივდივარ და დაუკითხავად ვიღებ ცოტა ხნის წინ გადადებულ წიგნს და იმ ადგილზე ვჯდები, მის გვერდზე, სავარაუდოდ იმაზე უფრო ახლოს ვიდრე შეიძლებოდა. არ იწევა, მე კი იმის მოლოდინში, რომ ისევ ისე ვიქნებით როგორც გუშინ ვცდილობ მასთან ლაპარაკი წამოვიწყო, ვაპირებ, მაგრამ არ გამომდის, ეს კი დიდად გაოცებას ჩემში არ იწვევს.
- მეგონა უნდა გვესაუბრა, - ამბობს წყნარად, მისი გაგონების შემდეგ მინდა გავიაზრო ეს მართლა თქვა თუ მე მომეჩვენა,- უცნობებთან ჯდომა არ მაკმაყოფილებს.
თავს ნელა ვუქნევ, თითქოს კითხვა დამისვა მე კი მხოლოდ ამითაც შემიძლია მისი ცნობისმოყვარეობა ჩავახშო.
- რაზე უნდა გელაპარაკო? იცი, შენზე საკმაოდ ბევრს ვფიქრობდი, არ მეგონა უცნობი ასე თუ დამაინტერესებდა, მაგრამ როგორც ჩანს არასწორი ავღმოჩნდი.
- ჰო, მე საკმაოდ ბევრს ვაინტერესებ. - მეუბნება დაუფიქრებლად, მის ხმაში სიამაყე, თუმცა ამავდროულად ირონიაც იგრძნობა.
უცნაური გრძნობა მეუფლება, ამ პატარა დიალოგმაც კი მომცა იმის შესაძლებლობა რომ ელიზაბეტის სხვა მხარეც დამენახა, რომელიც ფურცელზე ალბათ ნამდვილად სასტიკი და თავისი ცხოვრებით ამაყი გამოჩნდებოდა. ამის შემდეგ მის სახეზე გულრწფელ ღიმილს ვხედავ და ვხვდები რომ ეს სერიოზულად არ უთქვამს. მისი ჭაობისფერი თვალები ჩემსას აშტერდება, არ ვიცი ზუსტად რას აკეთებს, შეიძლება უბრალოდ ფიქრობდეს და თვალებში მიყურებდეს, შეიძლება უბრალოდ ჩემი თვალის ფერი მოსწონდეს ან სხვა ადამიანის თვალის აგებულება აინტერესებდეს, ასეთ ადამიანებს ვერასდროს ვერაფერს გაუგებ.
ისეთი უცნაურები არიან არავინ იცის რა დროს რაზე ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ ან ცხოვრებაში რა სურთ, რისი მიღწევა უნდათ, რომ სიკვდილის წინ თავი კმაყოფილად იგრძნონ.
- ნუ გგონია რომ გკითხავ ჩემი ნომერი საიდან გაქვს, ეს ყველაზე სულელური კითხვაა, რომლის დასმაც აქ საერთოდ არ არის საჭირო. - ხელებს მუხლებზე ილაგებს, თან მის ლამაზ, გრძელ თითებს აკვირდება.
- ნომრის გაგება ყველაზე ადვილი რამ არის ასეთ დროს. - ვეუბნები და ვცდილობ ისე გავიღიმო, როგორც თინეიჯერი გოგონებისთვის შექმნილ ჟურნალებში იღიმიან ჩემხელა ან ჩემზე პატარა ბიჭები რომ გოგონების გულები დაიპყრონ. ვხვდები არ გამომდის, რადგან როგორც კი ჩემკენ იხედება ხმამაღლა იწყებს სიცილს, მეც ვყვები, მიუხედავად იმისა რომ ახლა საერთოდ არ მაქვს ამის თავი. მისი სიცილის ხმა პირველად მესმის, ამის აღბეჭვდა ფურცელზე შესაძლებელი რომ იყოს ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ისევ აუტანელი სიჩუმე ამის შემდეგ, რომელსაც ისევ ის არღვევს.
- ბოლოს რა მოხდება?
- რა უნდა მოხდეს? - ჩანაფიქრს ვერ ვხვდები და უაზრო კითხვების დასმას ვაგრძელებ.
- აი, რა მოხდება იმ დღეს, რომელიც ჩვენი არსებობის ბოლო დღე იქნება? - ისევ იმ ადგილს უყურებს სადაც გუშინ ყვითელი, რეკლამებით სავსე ავტობუსი
იდგა. იმ არაფერს აშტერდება, რომელიც არარსებულია. მის მზერას კიდევ ერთხელ ვაყოლებ თვალს, ვითომ კიდევ ერთხელ ვცდილობ იქ მართლა დავინახო რამე.
- რატომ უნდა იფიქრო ბოლო დღეზე, როდესაც ჯერ კიდევ ასეთი ახალგაზრდა ხარ? თან იქამდე იმდენი დროა, - უტაქტო იქნებოდა რომ მეთქვა იმ დღეს ალბათ ვერც მოესწრები-თქო, ამიტომ ენას კბილს ვაჭერ და დიდ იმედს ვიტოვებ იმისას რომ ჩემი სიტყვებიდან აზრი გამოიტანა და მიმიხვდა რაც ვიგულიხმე.
ხმას აღარ იღებს, ისევ მარჯვენა ფეხის ჰაერში თამაშს და ქნევას იწყებს. ოდნავ გამაღიზიანებელ საქციელზე თვალებს ვხუჭავ და მზერა მის სახეზე გადამაქვს.
- ადრე თუ გვიან ბოლო დღე მაინც დადგება, შეიძლება ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდეს, შეიძლება ყველა შეშინებული ელოდებოდეს, ბოლოჯერ ჩაისუნთქავდეს ალბათ იმ დროისთვის უკვე საშინლად დაბინძურებულ ჰაერს და ყოველ წუთს ქონდეს იმის მოლოდინი, რომ გარდაიცვლება და ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, - უკმაყოფილ სახეს იღებს, - იმ ოცნებების ახდენას ვეღარ შეძლებს, რომლებიც ყველა ბავშვს აქვს პატარაობისას. რა სისასტიკეა, ბევრ ადამიანს ისე უმართლეს ცხოვრებაში, ბევრი კი ისე იტანჯება, როგორც არავინ სხვა. ღმერთი სავარაუდოდ მხოლოდ ამაში შეცდა, იმ ბოლო დღეს ყველა დაიღუპება, არავინ არ იქნება გამონაკლისი, არც ეროვნებას, არც კულტურას თუ განათლებას მიექცევა ყურადღება, არც ყველა კეთილ და უსუსურ არსებებს შეინდობენ, ზოგი ამას დაიმსახურებს, ზოგიც ამას უბრალოდ შეეწირება, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია და სხვა ვარიანტი არ არსებობს. ცხოვრებაში, ზუსტად იმ დროს სანამ ეს დრო დადგება შეგიძლია უკან დახევა, შეგიძლია არჩევნის გაკეთება, აი, იმ მომენტში კი ვერაფერს მოიმოქმედებ, რადგან უძლური იქნები, ისეთი როგორიც ის პატარა არსებები არიან, რომლებიც ახლა მიწაზე დაცოცავენ. ალბათ სისულელეს ვამბობ, შეიძლება, მაგრამ შენთვითონ თქვი რომ ხელოვანი ვარ, ხელოვნები კი არასდროს ყოფილან ნორმალურები, სულ განსხვავებულები იყვნენ, გიჟები, საშინელი ოჯახის შვილები, ნარკომანები. ყველა არა, მაგრამ ბევრი იყო, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ უნდა ვგავდე, არა, არანაირად, მაგრამ მგონი მაინც არის რაღაც რითაც ჩემ თავს წარსულის მოღვაწეებთან ვაკავშირებ. როგორი პირდაპირი ნათქვამია, რამხელა გამბედაობა სჭირდება სხვისთვის, მაგრამ სინმადვილეში უბრალო სიტყვებია, რომელიც დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც ყველას უთქვამს თავისი თავისთვის. ხანდახან ჩემი თავი მართლა გიჟი მგონია, ვითომ ეგეთი დავიბადე გიჟი და გამოუსწორებელი, ისეთი ადამიანი, რომლის მკურნალობაც უბრალოდ შეუძლებელია. ბევრჯერ შემცოდებია ჩემი თავი, იმიტომ რომ მეთვითონვე ვამჩნევ რომ არასდროს ვგავდი სხვებს, არც ახლა ვგავარ. ბევრს მოსწონს განსხვავებულობა, პირიქით ახლა ყველას უნდა რომ სხვისგან გამორჩეული იყოს, მაგრამ მე სინამდვილეში ყოველთვის მინდოდა რომ მეც ერთი უბრალო ვყოფილიყავი. ისეთი რომ ჩემი სხვებისგან გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. - ცოტა ხანი უბრალოდ მიყურებს, ვერც კი ავღწერ თუ როგორი სახე აქვს, გამორიცხულია, ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. - შენთან საუბარი სასიამოვნოა, საუბარი რა, მხოლოდ მე ვლაპარაკობ, მაგრამ იმის ცოდნა რომ ეს ვიღაცას გავუზიარე უკეთესად მხდის. ამის გულში ჩატოვება დიდი შეცდომა იქნებოდა ჩემი მხრიდან. უბრალოდ ვლაპარაკობ, მხოლოდ ვლაპარაკობ, რომ ხანდახან თავი კარგად ვიგრძნო, ყველა მიჩვეულია, ყველამ იცის უკვე რომ სხვანაირად არ შემიძლია. ამის წინ უძლური ვარ, ისე როგორც ცხოვრების ბოლო დრის წინ. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ძლივს დახურა პირი და შემომხედა ვცდილობ ყველაფერი გავიაზრო, დამრთგუნველი... მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში...
თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო ელიზაბეტი, რომელსაც სულ უკეთესი და უკეთესი უნდა, რომელსაც არ მოსწონს უსამართლობა, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით ცხოვრებაში. ის გრძნობა რომ შენ კარგად ხარ შენთვის თბილ სახლში მოკალათებული სხვები კი საშინელ სიცივეს ებრძზვიან და პურისთვის სულ რამდენიმე თეთრს ითხოვენ.
მიუხედავად იმისა რომ მისი მონაყოლიდან ყველაფერი ისედაც კარგად ვიცი და დიდი ხანია უკვე გააზრებული მაქვს ყოველივე ის მაინც უფრო ამაღლდა, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა ჩემთვის, თუ ადრე უბრალოდ შთაგონების წყარო იყო, ახლა ის ადამიანიც გახდა, რომლის აზრიც ალბათ ყოველთვის დამაინტერესებს.
- ხმის ამოღება აკრძალული არ არის, - თავისთვის ჩურჩულებს, - მოდი გამოვიცნო, ახლა ფიქრობ რომ შეშლილი ვარ, ხომ ასეა? - თან იცინის თან თავს აქეთ-იქით აქნევს, ისე თითქოს იმედგაცრუებულმა იცის რომ გამოიცნო.
- ასე არ არის, არ ხარ შეშლილი, არც გიჟი, - ყველანიარდ ვცდილობ დამაჯერებელი ხმა მქონდეს, - მაგრამ სხვებისგან მაინც გამოირჩევი, თუნდაც გარეგნობას რომ თავი დავანებოთ სულ სხვანაირი სახე გაქვს, სულ თავის თავში დარწმუნებული გამომეტყველებით მოძრაობ. - სახიდან თმებს ვუწევ, თან ვცდილობ ჩემი საქციელით დიდად არ შევაწუხო და ფრთხილი ვიყო. - არასდროს არ იცინი მეგობრებთან ერთად, იმდენჯერ მინახიხართ, ისინი ხუმრობდნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ, შენ კი სულ სხვაგან დაფრინავდი, სულ სხვა ფიქრები გაწუხებდა.
- ვიცი, დამალვა კარგად არ შეგიძლია, ხშირად დამინახიხარ, - თან იცინის, - სულ იმ სკამზე იჯექი და ხატავდი, ხან ცოტა ხნით, რამდენიმე წამით შემომხედავდი, შემდეგ კი მზერას ზუსტ დროს მარიდებდი, შენს საქციელ ბევრჯერ გავუცინებივარ სახლში.
- და თუ უბრალოდ უცნობები ვართ გუშინ რატომ არ მითხარი?
- რა საჭირო იყო? - ისევ ჩემ თვალებს უყურებს.
- ჰო, საჭირო არ არის, ჩვენ ხომ უბრალოდ უცნობები ვართ. - თხელი ქურთუკის ჯიბის ელვა-შესაკრავზე მიმაგრებული პატარა სიმბოლოს თამაშს ვიწყებ, კურტკის ჯიბე
იხსნება, იკეტება, იხსნება და კიდევე ერთხელ იკეტება.
- შეგიძლია გააჩერო? - დაუკითხავად იწევა ჩემკენ და იმ ხელს, რომლითაც ქურთუკს წამში ორ მოქმედებას ვასრულებინებდი თავისას ადებს. მისი ცივი ხელი
უსიამოვნო კონტაქტს ამყარებს ჩემთან. მისი კანი საოცრად ფაფუკი და ნაზია, ისეთია გეგონება გოგონას კი არა ჯერ კიდევ პატარა ბავშვს ვეხებოდე, რომელსაც ვერანაირად ანებებ თავს და სულ ეფერები, - საღამოს დაგირეკავ, ყოველთვის საინტერესო უცნობები მხვდებიან, შენი ნომერი ტელეფონში დაფიქსირებულია, ვნახოთ რა გამოვა. - წიგნს, რომელსაც მგონი გუშინაც კითხულობდა მის შავ ჩანთაში აბრუნებს და უკან მოუხედავად მიდის სადღაც, როდესაც თვალს ეფარება აქეთ-იქით ყურებას ვიწყებ და ყველაფერს ვიაზრებ, ბოლოს ვხვდები რომ სკამის ბოლოში დადებული შავი ქუდი ელიზაბეტს ეკუთვნის, ქუდს ხელებში ვიქცევ და სახლში ქუდით მივდივარ.
ცივა, მაგრამ შიგნიდან მაინც რაღაც მათბობს.

***
- რატომ დაიგვიანე? - ლილიანის ხმა მესმის, როდესაც სამზარეულოში შევდივარ და დაბარებული პროდუქტების ამოლაგებას ვიწყებ. მისი ხის გაგონებისას მეღიმება, ტკბილი, ძალიან საყვარელი ხმა აქვს, ისეთი რომც გაბრაზდეს მისი ხმის მიხედვით ამას მაინც ვერასდროს მიხვდებით. მისკენ მივდივარ და გულში ვიკრავ. ყველაზე მეტად მიყვარს, თან რაც არ უნდა ცუდი საქციელი იყოს მისი შეცოდება ძალიან მეცოდება იმიტომ რომ ცხოვრებაში ისედაც ბევრის გადატანა მოუწია.
- რაღაც საქმეები მქონდა, - ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი, - ანი სახლშია? - ჩემ დაზე ვეკითხები და მის გვერდზე სავარძელში ვჯდები. დაღლილი სახე აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს არ მაგრძნობინოს.
- არა, მეგობრებთან ერთად წავიდა სასეირნოდ, - მიღიმის და მოტანილ შოკოლადს პირში პატარა ბავშვივით იტენის, ხმამაღლა დავცინი, ის კი სავარძელში დადებულ ბალიშს მე მიმიზნებს და ზუსტად თავში მარტყავს. მიუხედავად დაღლილობისა დღეს დედა საოცრად კარგ ხასიათზეა, ან უბრალოდ ცდილობს რომ ეს დამაჯეროს. ცოტა ხანი მას ვესაუბრები, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევდივარ და ქურთუკის ჯიბეში ჩატენილ ქუდს ვიღებ. ჩემდა გასაკვირად ქუდს პარფიუმერიის სურნელი აქვს, პირველად ვარ იმით ბედნიერი რომ ქალები სუნამოს ყველგან და ყოველთვის ისხამენ. სავარაუდოდ რომელიმე ძვირიანი სუნამოს სურნელია, ისეთის ფულზე და ასეთ ნივთებზე დახამებული გოგონები მაშინვე რომ ამოიცნობენ.
"შანელია?" ვკრიფავ სწრაფად და ვუგზავნი, არ მაინტერესებს, ალბათ ახლა ამას ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მინდა რომ მომწეროს, მინდა რომ კიდევ მითხრას და გამიზიაროს მისი აზრები. შეტყობინება აღარ მომდის, ბოლოს უკვე იმედი მიცრუვდება. აბაზაში შევდივარ და ცივი წყლის ქვემოთ ვდგები. ორ წაში უკვე თითქმის სრულიად სველი ვარ, წვეთები ზემოდან ქვემოთ შეუჩერებლად მიიწევენ და სხეულზე უცნაურ შეგრძნებას მიტოვებენ. ვიყენები, მაგრამ ხელის აწევაც კი მეზარება იმისთვის რომ ცივი წყალი თბილით შევანაცვლო და ნორმალური ადამიანივით მივიღო შხაპი. ბოლოს პირსახოც მოხვეული გამოვდივარ აბაზანიდან, მისაღებში შეკრებილ ანის მეგობრებს ყურადღებას არ ვაქცევ და პირდაპირ ჩემ ოთახში შევდივარ.
"არა, როდრიგესია" ვკითხულობ როგორც კი თავს ვიწესრიგებ და საწოლში ვწვები. ვიცოდი რომ მიხვდებოდა და სხვა გოგონებივით თავს არ გაისუსულებდა, ზუსტად ეს მომწონს და მხიბლავს მასში. ის რომ ჩემი სხვა, ძველი გოგონებისგან და უკვე მართლა ჩამოყალიბებული ქალებისგან რადიკალურად განსხვავდება.
"მოგწონს? ჩემმა ძველმა შეყვარებულმა მაჩუქა, ის არა, მაგრამ თვითონ სუნამო ძალიან მომწონს, დიდად სხვებისგან არ განსხვავდება, მაგრამ მაინც აქვს ის რაღაც, რაც ერთფეროვნებას არღვევს. სასაცილოა, მინდა სუნამოს ვგავდე და სხვადასხვა სურნელი მქონდეს, ხომ ვთქვი გიჟი ვარ-თქო"
უნებურად ისევ ვიღიმი, ამჯერად მის სისულელეზე მეღიმება. როდესაც პირდაპირ სახეში უყურებ ისეთი სერიოზული, ამავროულად კი საყვარელი ჩანს რომ ვერც კი ვიჯერებ რომ ახლა ამას მწერს.
"ხო, ნამდვილად გიჟი ხარ." ვწერ სიცილით, ვიცი.
"კარგია რომ აღიარებ, მიყვარს, როდესაც სხვებიც ანალიზებენ იმას რომ მართალი ვარ" კომენტარს თან კმაყოფილ სმაილს ურთავს.
"კარგია გრძნობაა, ხო?"
"უბრალოდ კარგი არა, საოცარი."
"კიდევ რა გიყვარს?" ვცდილობ უფრო მეტი ვათქმევინო და ასე უბრალოდ ხელიდან არ გავუშვა მასთან დალაპარაკების კიდევ ერთი შანსი. გვიანია, მაგრამ არამგონია ეძინებოდეს.
"რა აზრი აქვს რამის სიყვარულს?" ახლად მოსული შეტყობინება მაბნებს, რამდენიმე წუთი პასუხის დაწერას ვაყოვნებ.
"სიამოვნების მიღება, ალბათ."
"ჰო, შეიძლება მართალიც ხარ, ახლა, როდესაც ყველაფერი ასეთი განვითარებულია ათასი ფილმი და სერიალი მაქვს ნანახი და ვიცი რომ სიყვარული გულის წყენის და ტკივილის გარეშე არ არსებობს, მე კი არ მინდა გული მატკინონ, ამის არც თავი და არც დრო მაქვს" ტექსტის გვერდზე ოდნავ დიდი ზომის მოთავსებულ სმაილს ვაკვირდები. ერთი თვალი ჩაკრული აქვს, პირიდან ენა გამოყოფილი, ლოყები კი ოდნავ შეფარკლული. მგონი ეს სმაილი მის შეტყობინებას აზრს უკარგავს.
"როგორი ფრთხილი ხარ, ამიტომ ვართ ჯერ კიდევ უცნობები?"
"მეტის მოლოდინი გაქვს?" ისევ მაბნევს, წესით ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, მე უნდა ვწერდე ამას და მე უნდა ვაბნევდე მას და არა ის მე, მაგრამ ვხვდები რომ ამაზე რამდენიც არ უნდა ვიწუწუნო მაინც ვერაფერს შევცვლი.
ის არის იდუმალი, ის არის განსხვავებული და არა - მე.
"შეიძლება, ელიზაბეტ." ახლა, როდესაც მის სახელს ვახსენებ, მაინტერესებს
როგორი რეაქცია ექნება, რას მომწერს ან საერთოდ მომწერს თუ არა.
იგვიანებს ძალიან იგვანებს. მისი შეტყობინება მხოლოდ ოცი წუთის შემდეგ მომდის.
"ველოდებოდი ჩემს სახელს როდის იტყოდი, მაინტერესებს როგორ ჟღერს შენი
წარმოთქმული ელიზაბეტი."
"ვფიქრობ, მოგეწონება, ყოველთვის მიქებდნენ აქცენტს."
"ვნახოთ, გაბრიელ, აუცილებლად ვნახავთ."
ტელეფონს ტუმბოზე ვდებ, კმაყოფილი თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ შემდეგ ვხვდები რომ მან ჩემი სახელი იცის. მეცინება თუ მეღიმება ამას მეთვითონვე ვერ ვარკვევ, მგონი ორივე ერთად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.
"ვერ ვიძინებ. ჩემი საწოლი ფანჯარასთან დგას, ვარსკვლავებს ვუყურებ და ვითვლი, ასე თუ გავაგრძელებ ვერასდროს მოვრჩები. რა არის ისეთი რამ რაც შეგიძლია მთელი ცხოვრება აკეთო?"
როდესაც ტელეფონი კიდევ ერთხელ გამოსცემს ხმას, პირველ რიგში ვცდილობ გავარკვიო მართლა მომწერეს თუ არა, შემდეგ ხელს ვწევ და ცოტა ხნით ვცდილობ შუქს შევეგუო. ტექსტის აკრეფვას სწრაფად ვიწყებ.
"შემიძლია მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი ვხატო, ამოჩემება ძალიან ცუდი ჩვევაა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. პეიზაჟები საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩემი გრძნობები ფურცელზე გამოვხატო."
"პეიზაჟები საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩემი გრძნობები გამოვხატო."
ტექსტის ნაწილი ისევ უკან მომდის, ვხვდები, რომ ჩემ ნათქვამს აციტირებს.
"იმაზე უფრო საინტერესო ხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, გაბრიელ"
ჩვენი მიმოწერა ამით სრულდება, არ ვაპირებ სულელურად დამშვიდობებას, ეს ზედმეტი იქნება ჩვენთვის.

***

დილა ყველაზე ნაკლებად მიყვარს, არა იმიტომ რომ ადრე გაღვიძება მიჭირს ან საწოლზე დაცემული მზის სხივები მაღიზიანებს, არამედ იმიტომ რომ დღის ეს მონაკვეთი უბრალოდ არ მომწონს, ამ დროს სახლში ყოველთვის გაბრუებული გადავაადგილდები და მხოლოდ ცხელი ამერიკანოს დალევის შემდეგ ვახერხებ გამოფხიზლებას. დღის უმეტესი ნაწილი ნახატზე დაკვირვებით გამყავს, ვცდილობ კარგად გავიგო რა არის შესაცვლელი, რა კი გასაუმჯობესებელი, შემდეგ, საღამოს კი ინსპირაციის საპოვნელად უბრალოდ ქუჩებში სიარულს ვიწყებ.
ამჯერად ჩემს გვერდზე ჩემი ძველი კლასელი, სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა დგას და ჩემთან ერთად სეირნობს. ბარბარე დარასელი ყოველთვის ის გოგონა იყო, რომლის მიღებაც აბსოლიტურად ყველა ბიჭს სურდა, ჩემი ჩათვლის. ლამაზი თვალები ჰქონდა, სწორი, პატარა ცხვირი, მარწყვივით ვარდისფერი ტუჩები და სწორი ლავიწის ძვალი. შორიდან რომ შეხედავდით დედოფალი გეგონებოდათ, ქართული სილამაზის ნაპერწკალიც არ ჰქონდა, დედისგან რუსული სილამაზე ერგო, რუსეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილივით საოცრად სწორი ქერა თმა ჰქონდა, ჩვეულებრივზე უფრო დიდი ტუჩები და ღიაზე უფრო ღია ცისფერი თვალები. ერთი შეხედვით უზადო გოგონაა, რომელიც მომენტებში იმაზე უფრო გამაღიზიანებელი იყო ვიდრე ნორმალურ, საინტერესო ადამიანს შეეფერება.
ახლაც ერთ ხელს ჩემკენ ნელა აცურებს და ხელს მკიდებს. მთელი ძალით ვცდილობ ჩვენს შეერთებულ ხელებს ადამიანური გამომეტყველებით დავხედო. ძალიან მაინტერესებს თუ რამ გამოიწვია ჩემდამი ამხელა ინტერესი ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც სკოლაში ზედაც არ მიყურებდა, საერთოდ არ ვაინტერესებდი, ყოველთვის მის შეყვარებულს დაყვებოდა უკან და ზოგჯერ საწყენ და გამაბრაზებელ კომენტარებს აკეთებდა. მახსოვს თუ რამხელა აჟიოტაჟი შეიქმნა იმის შემდეგ რაც გაირკვა რომ მეცხრე კლასელი ბარბარე დარასელი მეთორმეტე კლასელს ხვდებოდა. არასდროს მესმოდა ნაადრევი ურთიერთობების, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ მესმის. მე და ბარბარე ზუსტად იმ ბაღისკენ მივდივართ, სადაც ელიზაბეტს უკვე ორჯერ შევხდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს თვითონ ბარბარეს თხოვნით ხდება და არა ჩემი დაჟინებით, ნელა მივსეირნობთ სანამ არ ვამჩნევ რომ ელიზაბეტი ისევ იქ ზის და ისევ იმ წიგნს კითხულობს. მეღიმება, დღეს განსხვავებულად აცვია მოკლე შავი კაბა და არც ისე მაღალი ქუსლებით არის გარეთ გამოსული, ერთ ფეხს ზემოდან კომფორტულად აზის მეორე კი მიწაზე უდევს. წიგნი ხელში აქვს აღმართული და ისე კითხულობს, მისი სახის დანახვა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დაინტერესებული თვალებით უყურებს წიგნს, რომლის კითხვაც მგონი დღეს კიდევ ერთხელ ახლიდან დაიწყო.
- რა საშინელი ჰაერია ქალაქში, ნორმალურად ვეღარ ვსუნთქავ, ამდენი მანქანა ამ პატარა ქალაქში არ უნდა დადიოდეს, - ბარბარეს გაკვირვებული ვუყურებ და ვუღიმი.
მისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ ასეთი შენიშვნის გაკეთებას არანაირად. გოგონას, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე მეტად ბიჭები და მოდა აინტერესებდა ახლა დაბინძურებულ ჰაერზე მესაუბრება და თავის უკმაყოფილებას გამოხატავს.
- გეთანხმები, - რადგან საუბრის გაგრძელების პერსპექტივა დიდად აღარ მხიბლავს უბრალო დათანხმებით ვიფარგლები, მასთან სიარული და სეირნობა საუბარზე გაცილებით სასიამოვნოა. წინ ჩამოყრილ თმებს უკან იწევს, ზუსტად ისე როგორც ამას დედოფლები აკეთებდნენ და წელში ამაყად სწორდება. გამუდმებით აქეთ-იქით იყურება და მეც ვეღარ ვხვდები ზუსტად რას უყურებს ან რას ეძებს. სიარულს არ ვწყვეტთ, ელიზაბეტს ნელ-ნელა ვუახლოვდებით, ის კი ყურადღებას არ გვაქცევს, რაც არც მიკვირს. მხოლოდ იმ დროს იხედება ზემოთ, როდესაც ბარბარე ხმამაღლა უმიზეზოდ იწყებს ლაპარაკს, ჯერ ბარბარეს აკვირდება მერე კი მე მიყურებს და საყვარლად მიღიმის, თან წიგნს ავტომატურად სხვა გვერდზე შლის.
მისი ღიმილი დღეს უფრო გულრწფელია ვიდრე გუშინ, ან თუნდაც გუშინწინ. ყველაფერზე მეტად ვნანობ იმას რომ აქ ბარბარესთან ერთად წამოვედით, რაზე ვფიქრობდი ახლაც კი ვერ ხვდები, ახლა მასთან გამოლაპარაკების შანსი აღარ მაქვს, ბარბარეს აქ მარტო ვერ დავტოვებ, ჩემი მხრიდან ყველაზე უკულტურო საქციელი იქნება, რომლის ჩადენაც ნადვილად არ მსურს. ელიზაბეტი წიგნს უბრუნდება და კიდევ ერთხელ სხვა გვერდზე შლის, იქვე დადებულ ფანქარს ხელში იღებს და წიგნში რაღაცას ხაზავს, კარგად ვერ ხვედავ რას. გვერდს რამდენიმე წამში ვუვლით და უკან ვიტოვებთ. უკან დაბრუნება რომშემეძლოს და ახლა ბარბარე გვერდზე არ მედგას აუცილებლად მივბრუნდებოდი და ადგილს მის გვერდზე დავიკავებდი, დაველაპარაკებოდი და ქუდს დავუბრუნებდი. ვორჭოფობ, მისი ქუდი ჯერ კიდევ მე მაქვს, უნდა მივცე თუ ჯერ თავი შევიკავო და მერე დავუბრუნო?
საბოლოოდ მაინც უკან მიბრუნებას ვარჩევ, ბარბარეს დალოდებას ვთხოვ და მისკენ მივდივარ, ყველაფერი დეტალურად სხვებმა რომ არ დაინახონ შეუმჩნევლად ვჯდები და ჯიბიდან ოდნავ დაკუჭული და ფორმადაკარგული ქუდი ამომაქვს. ჯერ ქუდს უყურებს, მერე მე და საბოლოოდ ბარბარასკენ იხედება.
ქუდს ხელში იქცევს და წიგნს ზემოდან ადებს.
- მადლობა, - ჩახლეჩილი ხმით მეუბნება, მისი ხმა საოცრად წყნარი და საოცრად სასიამოვნო მოსასმენია.
აღარაფერს ვეუბნები, უხმაუროდ და ყველანაირი დამშვიდობების გარეშე მივიწევ ბარბარესკენ და ელიზაბეტს უკან ვიტოვებ.

***


- შთამბეჭდავია, - დაუმალავად იღიმება, - შენი ნახატია?
- ხო, ზუსტად ერთი კვირა დავუთმე, მაგრამ მგონი ამად ღირდა, - მხრებს ვიჩეჩავ და მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი.
ეს ნახატი ჩემი ფავორიტია, ალბათ ამიტომაც მიდევს ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ჩემს ოთახში შემოსული ყველა ადამიანი შეძლებს მის დანახვას და გულში მის გარჩევას. შექმნილი უტოპია, რომლის აზრსაც ძალაინ ბევრი ვერ მიხვდება, რამდენი ხანიც არ უნდა აკვირდებოდეს და თავისთვის ფიქრობდეს, ის აზრი, რომელიც სინამდვილეში მასში დევს ბევრისთვის, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი ამოუცნობია, არა მხოლოდ ფერები და ფორმები არამედ ის მთავარია აზრი, რომელსაც ის ატარებს.
- არაჩვეულებრივია, ამის დახატვის სურვილი რატომ გაგიჩნდა? - თითებით ნახატზე გამოსახულ მეფის გვერდზე მდგარ დედოფალს თითს უმიზეზოდ უსმევს და თვალებს ოდნავ ჭუტავს. გვირგვინს გრძელ თითს ადებს და უგვირგვინოდ დარჩენილ დედოფალს აკვირდება.
- ყველას უნდა ჰქონდეს თავისი იდეალური სამყარო, ასე არ არის? მომწონს, ასეთ ადგილას დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მოვისურვებდი, მე ისევ ისეთი ქალაქელი ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ, უბრალოდ უსამართლობას მოვაშორებდი სამყაროს.
- რატომ მონარქია? - მხრებს ვიჩეჩავ, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ მეც კი არ ვიცი, როდესაც ხატვა დავიწყე ეს აზრი თვითონ მოვიდა, რომლის განხორციელების იდეამ ბოლო მომიღო. სხვანაირად არ შეიძლებოდა, აუცილებლად ის უნდა ყოფილიყო გამოსახული რაც პირველად წარმოვიდგინე უტოპიის შექმნის მომენტში.
- კარგად ხატავ, მეტიც ძალიან კარგად, - აქეთ-იქით სიარულს წყვეტს და ცოტა ხნით უბრალოდ მიყურებს, ნელ-ნელა მოახლოებას იწყებს, თან მეკითხება: - მე დამხატავ?
ზუსტად ჩემ პირდაპირ დგება, მისი სუნთქვა უკვე სახეზე მეხაბა და მიღუტუნებს, ოდნავ გაკვირვებული ვუყურებ, თუმცა მალევე ვხვდები რომ ეს ის არ არის რისი დანახვა ან მოსმენა მას სურს ამიტომ გამომეტყველებას მაშინვე ვცვლი და ხელები მისი მხრებისკენ მიმაქვს. მუქ, ლურჯ პიჯაკს ხმის ამოუღებლად ვხვდი, მის ოდნავ ზემოთ აჩაჩულ, დაკუჭულ სადა მაისურს კი ქვემოთ ვქაჩავ.
- ასე ჯობია, - სპეციალურად ხმადაბლა ვამბობ მის ყურთან, ჩემს ხელს მისას ვადებ და ტილოს პირდაპირ მოთავსებულ სკამამდე სანამ მივალთ მაქამდე არ ვუშვებ, როგორც კი ჯდება ფეხს ფეხზე იდებს, წელში სწორდება და ხელებს მუხლებზე იწყობს. ჩუმად ზის თავისთვის, ოდნავ ფეხს აქანავებს და მიმზიდველად რამდენიმე წამში ერთხელ კუჩს იკვნეტს. ყველანაირად ვცდილობ მის გრძელ ფეხებს თვალი ავარიდო, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის, ჩემს მზერას თვალს აყოლებს და ხმადაბლა თავისთვის სიცილს იწყებს. მის სიცილზე მეღიმება და მომხდარზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ.
- უფრო საინტერესო გავხადოთ, შეგიძლია ფანჯარას გახედო? ოღონდ ისე, თითქოს რამე საინტერესოს უმზერ. - ფუნჯს კბილებ შუა ვიდებ და უჯრიდან ცარიელ პალიტრას ვიღებ რომ ახალი საღებავები ზედ დავასხა.
- მაშინ არ ჯობია შენ შემოგხედო? - მისი სიტყვები თავ-გზას საბოლოოდ მირევს, ახლად აღებულ ცისფერ საღებავს ისევ უკან, მაგიდაზე ვაბრუნებ და მისკენ ვიხედები. სრულიად სერიოზული სახე აქვს, აღარც იღიმის და აღარც ტუჩს იკვნეტს სისტემატურად, უბრალოდ თავისთვის ზის და კარგად მაკვირდება, სიმორცხვის გარეშე მათვალიერებს, ისე თითქოს აქამდე ნანახი არ ვყავდე და ისიც ჩემით ისე ყოფილიყო დაინტერესებული, როგორც მე მისით. წამებში ვერსიებს ვქმნი, თუ რისი თქმა შეიძლება ახლა, ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის რომ გადაწყვეტილება მივიღო.
- შენი პროფილი მინდა გამოვაჩინო, მაგრამ ჩემი ყურება ასე ძალიან თუ მოგწონს შეგიძლია მიყურო, - ხის ქვეჩარჩოს ვჭიმავ, ახალი ტილოს ზედაპირს გრუნტით ვფარავ და რამდენიმე წუთი ველოდები თუ როდის გაშრება. როგორც კი ვხვდები რომ გრუნტი უკვე გაშრა პალიტრას ჩემ გვერდზე, პატარა მაგიდაზე ვიდებ, სკამზე კომფორტულად ვთავსდები და სახის მოხაზვას ვიწყებ. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, მთელი სხეული მეწვის ამის გამო, თუ ადრე მხოლოდ შთაგონების წყარო იყო, ახლა ამაზე გაცილებით მეტია, მასთან მისვლის სურვილი მკლავს.
- მელაპარაკე, ასე უბრალოდ სკამზე ჯდომა ძალიან მომაბეზრებელი იქნება, მეც ხომ უნდა ვიყო ხასიათზე, რომ ჩემი დახატვის უფლება მოგცე, - ხმადაბლა საუბრობს, ისე რომ მისი ხმის გაგონება მიჭირს კიდეც.
- რაზე გელაპარაკო?
- სხვებთან რაზე საუბრობ?
- შენ სხვა არ ხარ. - ისევ იცინის.
- მართალი ხარ, სხვა არც შენ ხარ. - სიტყვებს გონებაში სამუდამოდ ვიბეჭდავ და მის ხატვას ვაგრძელებ. ხმას ისევ არ ვიღებთ, რის გამოც მელანქოლია იმაზე უფრო სწრაფად და ადვილად მეძალება, ვიდრე ეს ზოგადად ამ პროცესის დროს ხდება ხოლმე. მისი თვალები როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემს გარდა არაფერს უყურებენ, არც კი ვიცი ასე ერთ ადგილს, ან ადამიანს როგორ უნდა უყურო ამდენი ხნის განმავლობაში.
ნახატი ნელ-ნელა იხვეწება, მგონი პირველად გამოდის ასეთი კარგი ელიზაბეტის მონაწილეობით, დასახევად მენანება, ალბათ სამუდამოდ შევინახავ ისეთ უჯრაში, რომელსაც არავინ აღებს, რომელიც არავის აინტერესებს, ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი უნდა იყოს და სხვისი არავის. მიკვირს, ამდენი ხანია უკვე ჩემს წინ ზის, მაგრამ დაღლილობა ან მობეზრება საერთოდ არ ეტყობა, ან მართლაც ასეა, ან უბრალოდ კარგი მსახიობია და მისი ნამდვილი გრძნობების დამალვა ძალიან კარგად ეხერხება.
სიჩუმე მხოლოდ იმ დროს ირღვევა, როდესაც ოთახში ლილიანი დაუკაკუნებლად შემოდის, ხმამაღლა ლაპარაკობს და მისი მეზობლის უაზრო, უჟმურ საქციელს ურცხვად განიხილავს, თვალებს ვძაბავ და ყველანაირად ვცდილობ ვანიშნო რომ საგადასახადო ქვითრებიდან თავი უნდა ამოწიოს და ჩემი ოთახი მოათვალიეროს, რომ მიხვდეს მარტო არ ვარ და საკმაოდ კარგ მომენტს მისი უაზრო საუბრით მიფუჭებს.
- გამარჯობა, - სამხატვრო ტილოს წინ, სკამზე მოთავსებული გოგონა გულრწფელად უღიმის ლილიანს. ლილიანი თავს მაშინვე სწევს, რეფლექსური რეაქციით თვალის ქვეშ კუნთი ოდნავ შესამჩნევად უთამაშებს, ჯერ ელიზაბეტს უყურებს, შემდეგ ჩემს ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნახატს, ბოლოს კი მე მაშტერდება. ელიზაბეტს დაუფიქრებლად უღიმის და კარისკენ მიიწევს.
- დიდი ბოდიში, განაგრძეთ, ძალიან კარგი გამოგდის, საყვარელო. - მარჯვენა ხელზე გაკეთებული სამაჯურის წვალებას იწყებს და ამის შემდეგ უხმოდ გადის ოთახიდან. კარებს თვალს ვაცილებ და თავის აქეთ-იქით ქნევით ისევ ელიზაბეტს ვუბრუნდები.
- მგონი ჯობია წავიდე, - ფეხზე დგება და იქვე, საწოლზე დადებული პიჯაკისკენ მიიწევს.
- დარჩენას არ დაგაძალებ, - მკრთალად ვუღიმი და მეც ფეხზე ვდგები.
პიჯაკს სწრაფად იცვამს და ისევ ზუსტად ჩემს პირდაპირ დგება, ორივე მხარზე ხელს მხვევს და ოდნავ ზემოთ იწევა. მგონია რომ ლოყაზე უნდა მაკოცოს, თუმცა ამის მაგივრად აწეულ თავს ისევ ოდნავ ქვემოთ ხრის და ყელზე ძალიან ნაზ კოცნას მიტოვებს, რამდენიმე წამი მომხდარის გააზრებას ვცდილობ, თუმცა, როდესაც უკვე გაწევას აპირებს ჩემკენ ვქაჩავ და ვიხუტებ. ისეთი ჯადოსნური მომენტია, ყველასგან განსხვავებულია, ისეთი, როგორიც ალბათ ცხოვრებაში ჯერ არ მახსოვს, არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, რა საჭიროა? წესით ეს ადამიანი არ უნდა მაინტერესებდეს, ყოველთვის მქონდა წარმოდგენილი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შეყვარებული, ის გოგო, რომელიც მომეწონებოდა, რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ კი შემიყვარდებოდა, ელიზაბეტი თითქმის არც ერთ პუნქტს არ აკმაყოფილებს, სულ სხვანაირია, ისეთი ახსნასაც რომ ვერ მოუძებნი. მაგრამ ის მაინც მომწონს, სავარაუდოდ იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის განსხვავებულისკენ გვიბიძგებს ისევე როგორც გული ასევე გონებაც, რომელიც ზუსტად ყველაზე ცუდ მომენტში გვეთიშება ხოლმე და საღად აზროვნების საშუალებას არ გვაძლევს.
ჩემგან განსხვავებით დაბნეულობა საერთოდ არ ეტყობა, ისიც ძალიან მალე მხვევს ხელებს და იმ უცნობს ეხუტება, რომელსაც არ იცნობს, საინტერესოა, ჩემ გარდა ასე კიდევ ვისთან მოქცეულა? დარწმუნებული ვარ ასეთი ძალიან ბევრია, ალბათ დაუთვლელიც კი. ნელა მცილდება, ჩანთას ხელს კიდებს და გამოუმშვიდობლებად მტოვებს მარტო ოთახში. კარის დახურვის ხმა აქაც კი მესმის, ასევე ნაბიჯების ხმებიც, რომელიც დარწმუნებული ვარ ლილიანს ეკუთვნის.
იმ მრგვალ მაგიდაზე დადებულ ფუნჯს ისევ ხელში ვიქცევ და მოლბერტზე დადებული ტილოს პირდაპირ ხელს ჰაერში გაშეშებულს ვტოვებ. ახლა, როდესაც ბაღის მაგივრად სახლში ვზივარ, თან მარტო, ელიზაბეტის გარეშე, მისი სახის წარმოდგენა უკვე პრობლემას წარმოადგენს, თითქოს რამდენიმე წამი მის გახსენებას ვახერხებ, თუმცა მისი გამოსახულება მაინც მალევე მეკარგება, ისე როგორც ქვიშაზე გაკეთებული წარწერა, რომელსაც წყალი რამდენიმე წამში ანადგურებს. მისი თვალები ხან მწვანედ მეჩვენება, ხან ოდნავ ცისფერში გადასულში, არადა მახსოვს, რომ საოცრად მწვანე თვალები აქვს, რომლის ცისფერში გადასვლა შეუძლებელია, უბრალოდ ამის წარმოდგენა ძალიან მიძნელდება. სახისთვის შეფერილობის მიცემას მაინც ვეღარ ვახერხებ, ფერები ერთმანეთში მერევა, თავი მტკივდება და დაწყნარებას ვცდილობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამომდის.
საწოლზე დაგდებულ მობილურს ვიღებ და ჩემი და ელიზაბეტის მიმოწერებს ახლიდან ვკითხულობ, ტექსტს ვკრიფავ და უკვე გაგზავნასაც ვაპირებ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილებას ვცვლი და ელიზაბეტის მაგივრად შეტყობინებას ბარბარეს ვუგზავნი, რომლისგან დადებითი პასუხი სულ რაღაც სამ წუთში მომდის.

***

იმის გარკვევის შემდეგ, რომ ცამეტი წლისას დეპრესია მქონდა დედამ მაიძულა სპეციალურ გუნდში მეც გავწევრიანებულიყავი, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებელი ყველაფრის მოყოლას გვაიძულებდა, ვითომ სრულიად უცნობი ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი ისტორიების მოსმენა იმაზე თუ რა სისულელეზე ვდარდობდით, ან რატომ გვქონდა პანიკური შეტევები. იქაურობა სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც ლილიანი მოელოდა, თუმცა მიუხედავად არც ისე კარგი პირობებისა, ჩაბნელებული ადგილისა და ნახევრად დანგრეული ხის სკამებისა იქ სიარული მაინც დამაწყებინა. სისტემატურად იქ ყოფნამ ალბათ რაღაც მხრივ მაინც მიშველა, თუმცა ამასთან არანაირ კავშირში სავარის ადამიანებთან საუბარი, ამ ადგილმა ერთადერთი კარგი რამ რაც მომიტანა ახალი, ერთგული მეგობრის - ნიკას შეძენა იყო. სიმართლე რომ ითქვას იმ წრეზე მხოლოდ მის სანახავად დავდიოდი, რომ თავი მარტოსულად არ მეგრძნო, არადა მეც კი ვხვდებოდი რომ ჩემზე მარტოსული ადამიანი იმ მომენტში არ არსებობდა. სულ მარტო ვიყავი, სკოლაშიც, დამატებით წრეებზეც, რომლებზეც სკოლის შემდეგ დავდიოდი და ეზოში ყოფნისასაც, როდესაც სხვები თამაშობდნენ მე კი კედელთან ატუზული ვიდექი მარტო. დასაწყისში ამაზე სულ ვდარდობდი, ამიტომ ვიყავი სულ ცუდ გუნებაზე, მაგრამ, როდესაც შეგუება დავიწყე ზუსტად მაგ დროს გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი მიმიღეს როგორიც ვარ.
- შენი აზრით ეს ნორმალურია? ფრთხილად იყავი, ეს ურთიერთობა კარგამდე სავარაუდოდ არ მიგიყვანს. - მეუბნება ნიკა და ლუდის ბოთლს ხმაურიანად ხსნის. ჩემს გვერდზე დივანზე ზის და ტელევიზორს შეჰყურებს, მიუხედავად იმისა რომ არც ერთი არ ვუყურებთ ხოლმე ამ სულელურ გადაცემას ახლა დაინტერესებული სახით ათვალიერებს სერიალის მთავარ პერსონაჟს და მის სილამაზეს და სექსუალურობას აღნიშნავს.
მის საქციელზე ჩუმად ვიცინი და ლუდის ბოთლს უხეშად ვაცლი, მის მაგივრად მე ვამთავრებ მის დალევას და იქვე დადებულ პატარა მაგიდაზე ვდებ, რომელზეც ბავშვობაში სულ პატარა, არარსებულ არსებებს ვხატავდი, გაფუჭებული მაგიდა ჯერ კიდევ აქ რატომ დგას არ ვიცი.
- ვიზე რას ამბობ, თვითონ არ გადაგაგდეს ცოტა ხნის წინ? - მის გასაღიზიანებლად მხარს ვკრავ და სიცილს ვაგრძელებ.
ისეთი სახით მიყურებს, ლამის მეც ვიჯერებ, რომ ამ სიტყვებით ვაწყენინე, თუმცა რამდენიმე წამში ისიც სიცილს იწყებს.
- რა მაქვს ცუდი? ჩემი ბრალი არ არის ის რომ მის მშობლებს არ მოვწონვარ, ის ადამიანი, რომელიც მისი შეყვარებული ხდება ავტომატურად მათი ოჯახის მტერიც არის, რადგან მამამისი ვერ აიტანს რომ მის ერთადერთ ქალიშვილს ატკინონ, როგორ ეტკინება თუ მასთან მისვლის უფლებასაც კი არ მაძლევს?
- მერე ელენეს დაელაპარაკე, პატარა ბავშვი არ არის ხმის ამოღება რომ არ შეეძლოს, ეს მამამისის კი არა მისი ბრალი უფროა.
თავს უკან ვწევ და ჭერს იქამდე ვუყურებ სანამ ის მუსიკა არ მესმის, რომელიც ძირითადად ამ სერიალის დასრულების დროს ჟღერდება ხოლმე. მხოლოდ შემდეგ ვხვდები რომ ნიკა ისევ ჩემს გვერდზე აღარ ზის და სხვა ოთახშია გასული, ტელეფონს შეუმჩნევლად ვიღებ და შეტყობინების წერას ვიწყებ.
„რას აკეთებ, განსხვავებულო?“ ერთადერთი კარგი რაც ელფოსტას აქვს, ანუ არა ვირტუალურად არამედ რეალურად წერილების, შეტყობინებების გაგზავნას, არის ის რომ სანამ მას მართლა დანიშნულ ადგილამდე მიიტანენ ყველა შესაძლებლობის გამოყენება და წერილის უკან დაბრუნება შეგიძლია. აი, ახლა კი, როდესაც ყველაფერი ასეთი დახვეწილია ერთადერთი რაც მაკლია ის ღილაკია, რომელსაც სულელურ შეტყობინებებს არ გავაგზავნინებ, ან გაგზავნის შემთხვევაში წავაშლევინებ იქამდე სანამ ის, თვითონ მიმღები წაიკითხავს.
„ბუნებით ადამიანები ერთმანეთს გვანან, მაგრამ ქმედებებით ძალიან განსხვავებულნი არიან.“ თქმა კონფუციუსმა ყველანი განსხვავებულები ვართ, არამგონია ეს სიტყვა მხოლოდ მე მეხებოდეს.“
„არა, შენ მაინც სხვა ხარ და ამაშინ კონფუციუსიც კი ვერ შემეკამათებოდა.“ ჯანდაბა! მორიგი სისულელე, რატომ არასდროს ვკითხულობ ტექსტს და ვამოწმებ რა ვიბოდიალე მანამ სანამ გავგზავნი?
„სამწუხაროა, რომ აზრს ვერ ვკითხავთ.“ ისევ ის ენა გამოყოფილი სმაილი, თავისი შეფარკლული ლოყებით და ერთი დახუჭული თვალით.
„დღეს გცალია?“
„თავისუფალი დრო სულ მაქვს, ჩემი საქმის კეთება ყველგან შემიძლია.“
„მაშინ შემხვდი, კიდევ ერთხელ ვიყოთ უცნობები, არანაირი ელიზაბეტი და გაბრიელი, მხოლოდ უცნობები, რომლებიც იმაზე ისაუბრობენ რასაც სხვებს ვერ ეუბნებიან.“
„საინტერესო შემოთავაზებაა, ბაღში მოდი და მერე სხვა ადგილას წავიდეთ, როგორც უცნობები.“ დადებით პასუხზე უცნაურად ბედნიერი ვხდები და მომზადებას ვიწყებ.


ბაღიდან იქ მივდივართ, სადაც არასდროს მეგონა რომ მასთან ერთად წავიდოდი. ახლა ძველ სტამბაში ვართ, კედელზე ცალი ფეხი აქვს მიდებული და ცოტა ხნის წინ ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტს ეწევა, რომლის კვამლიც თვალს უნებურად მიწვავს და რამდენიმეჯერ ზედიზედ დახამხამებას მაიძულებს.
როდესაც ამ საშინელებას მეტისმეტად ღრმად ჩაისუნთქავს და ხველებას იწყებს ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს აქრობს და იქვე სადღაც უმისამართოდ ისვრის. დანგრეულ ქვებს შორის ჩავარდნილ სიგარეტს თვალს ვერ ვაშორებ. ელიზაბეტი ჩემს გვერდზე ჯდება და ტელეფონს თიშავს, რომელიც ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ალბათ ათჯერ ან უფრო მეტჯერაც კი აინთო მოსული შეტყობინებების გამო.
- კარგი ადგილია დაფიქრებისთვის, - მისი ხმა როგორც ყოველთვის წყნარი და გაწონასწორებულია, აუცილებელი არ არის ყველაფერი იდეალური იყოს, იმისთვის რომ გარემო მოგეწონოს, პოზიტივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მაქვს და გარშემო ის ადამიანია საჭირო, რომელთანაც თავს კარგად გრძნობ, რომელთანაც საუბარი სიამოვნებას განიჭებს. მე ასეთ ადამიანთან ვარ, ამიტომ სხვა არაფერი არ მაწუხებს, ადამიანზე უკეთესი ქმნილება ხომ არაფერი არის.
ამ სიტყვებით აღფრთოვანებული ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მასაც ეღიმება და თვალს მისწორებს. მისი თვალები ახლა ნახევრად განადგურებული სტამბაში, რომელშიც შუქი ამოღებული ადგილიდან შემოდის, სადაც წესით ფანჯრები უნდა იყოს ჩასმული უფრო მუქად მეჩვენენა, პირველად რომ ვხედავდე აუცილებლად ვიფიქრებდი რომ კუპრივით შავი თვალები და მუქ წითლად შეფერილი ტუჩები აქვს.
მზერას ისევ მის ტუჩებზე ვაჩერებ, დაბერილი და სუსხისგან ოდნავ დახეთქილი აქვს. მისკენ ნელა ვიწევი, არ მინდა შევაშინო და ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ეს შეუძლებელია, როდესაც საქმე ელიზაბეტთან გაქვს.
მის ტუჩებზე ფიქრს ვერ ვეშვები, მაგრამ საბოლოოდ ვხვდები რომ ამის გაკეთება და ჩემი სურვილების დაკმაყოფილება არ ღირს, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა, ახლა არა, როდესაც ჩვენ ისევ ის უცნობები ვართ, საინტერესოა, ყველა უცნობს ასე ექცევა? ასეთი ბევრი ჰყავს? გაღიზიანებული სხვა მხარეს ვიყურები, ამოღებული ადგილიდან მაღაზია „კანფეტების ბუშტს“ ვხედავ, პათეტიკური სახელის გამო ლამის იქვე სიცილს ვიწყებ და საშინელ კომენტარებს ვაკეთებ საბავშვო მაღაზიაზე.
ბოლოს, როდესაც უკვე იქ ჯდომისგან საჯდომი მტკივდება და თან ჩვენს შორის სიტუაცია უფრო იძაბება, როგორც ეს ხდება ხოლმე ისე ვდგები, თითქოს გავლა მინდა, ყველანაირად ვცდილობ არც ისე შესამჩნევი ტკივილი დავფარო ან საერთოდ გავაქრო. უკან დაჯდომას იქვე დგომას ვამჯობინებ და კედელს მყარად ვეყრდნობი.
- ჩემი რატომ გეშინია? - სრულიად სხვა თემასთან დაკავშირებით ამბობს, ისიც დგება და სიცილით იწყებს მოახლოვებას. ხელებს ჩემს გარშემო უკვე ღიმილით ალაგებს და ოდნავ თითებზე იწევა რომ სიმაღლეში გამიწონასწორდეს, ახლა უკვე თავიდან ბოლომდე მათვალიერებს და ოდნავ თვალმოწკურული მიყურებს.
მისი მოქმედება გამბედაობას მმატებს.
- ჯერ კიდევ პასუხს ველოდები, - ელიზაბეტი სწრაფად მცილდება, ისე რომ ვერაფრის გააზრებასაც კი ვერ ვახერხებ.
მისი სიახლოვე ისეთი სასიამოვნო იყო, მის გარეშე რამდენიმე წამი ყოფნაც კი არ მსიამოვნებს. ყველანაირი ფიქრის გარეშე ვაჩერებ, მის მოსაბრუნებლად ცოტაოდენ ძალას ვიყენებ და მის სხეულს ვაიძულებ ჩემსას მოეკროს. მის თმებს ჩვეული ლავანდის სურნელი ასდის, შერეული მის პარფუმერიასთან, როდესაც თავს ოდნავ დაბლა ვწევ ქოქოსის ლოსიონის სურნელსაც ვისუნთქავ. ამდენი განსხვავებული სურნელის ერთად ჩასუნთქვა უბრალოდ საოცრებაა, არ ვიცი სხვა სიტყვის ხმარება საერთოდ შეიძლება, თუ არა.
ვკოცნი, იმაზე უფრო უხეშად ვიდრე წესით ეს უნდა გამეკეთებინა, როდესაც ამას ვანალიზებ გაწევასაც ვაპირებ, თუმცა მისი ბაგეები ჩემსას კიდევე ერთხელ ეხება, ესეც უკვე მისი სურვილით, მხოლოდ მაგ დროს ვახერხებ გამოფხიზლებას, ხელებს წელზე მომენტალურად ვხვევ და უფრო ახლოს ვიკრავ, შესაძლებელი რომ იყოს კიდევ უფრო ახლოსაც მივიკრავდი და ჩვენს შორის არსებულ მანძილს სამუდამოდ გავაქრობდი.
მის ტუჩებს ალუბლის გემო აქვს, ალბათ რომელიმე ტუჩსაცხის ჯადოსნური არომატია, რომლის გემოსაც თუ ერთხელ შეიგრძნობ მასზე დამოკიდებული სამუდამოდ, ცხოვრების ბოლომდე დარჩები. ზუსტად ასე ვარ მე ახლა მასზე დამოკიდებული, მის ტუჩებს ვერა და ვერ ვცილდები, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე არ ხდება როგორ მე მოვისურვებდი.
კოცნა როგორ სპონტანურადაც იწყება, ასევე სპონტანურად სრულდება, ერთმანეთს ვცდილდებით და კიდევ ერთხელ, თუმცა ტყუილად ვცდილობ დაფიქრებას, მაგრამ მხოლოდ ამ დროს ვაქცევ ყურადღებას ტუჩს, რომლიდანაც სისხლი შეუჩერებლად მომდის. მის საქციელზე უნებურად მეღიმება, ისე როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე.
- ახლა ჩემი აღარ გეშინია, ხომ? - საყვარელი ხმით მეკითხება, მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იღიმება და ეშმაკური თვალებით იყურება. მისი გახშირებული სუნთქვა მაინც მესმის, მიუხედავად იმისა რომ ამის დაფარვას ყველანაირად ცდილობს, ახლაც კი.
ხმის ამოღება არ მინდა, ამიტომ უბრალოდ თავს ვუქნევ, იმედი მაქვს რომ ამით დაკმაყოფილდება და ბევრს არ მალაპარაკებს, ასეც ხდება, ხმას ორივე აღარ ვიღებთ, უბრალოდ ჩახუტებულები ვდგავართ ამ საშინელ ადგილას, სადაც საკმაოდ კარგად და გამოკვეთილად ისმის ვიღაცის გინება და მანქანის სიგნალიზაციის ხმა. სტამბის გვერდზე გახსნილი მაღაზიიდან პატარა ბავშვი გამორბის, თან წითელი ფორმის ბუშტი უჭირავს და დედას ხელზე ებღაუჭება.
ვდგავართ გაუნძრევლად, არ ვიცი რაზე ფიქრობს, არ ვიცი ესიამოვნა თუ არა საერთოდ ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, არც ის ვიცი ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ აწმყოთი საოცრად კმაყოფილი ვარ, მგონი ისე როგორც არასდროს.

***

მისი თხოვნით, უკვე რამდენიმე საათში ქალაქს ვშორდებით და სადღაც სხვაგან მივდივართ, იმ ადგილის პოვნა გვინდა, რომელიც არც კი ვიცით სინამდვილეში არსებობს თუ არა, იმ საწყნარის შეგრძნება, რომელიც ასეთ ადგილებში სუფევს ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ არც ერთს არ გვაქვს არც პროდუქტები და არც სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც ადამიანები ზოგადად ქალაქის დატოვებისას იყენებენ ამაზე ფიქრში დროს არ ვხარჯავ. ვხვდები, რომ მასთან ერთად სადმე წასვლის შესაძლებლობა არც ისე ბევრჯერ მექნება და მინდა ყველანაირად გამოვიყონო ჩემი შანსები. მგზავრობის უმეტესი ნაწილი ფანჯრიდან იყურება და უბრალოდ ყველაფერს აკვირდება, შემდეგ რამდენიმე წუთი სძინავს, მაგრამ მალევე იღვიძებს და მარტო მოწყენის საშუალებას არ მაძლევს. ამ არც ისე დიდ გზასაც კი საკმაოდ დიდი შედეგი მოაქვს, გავნიხილავთ და ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომლებზეც არასდროს მეგონა რომ მასთან ვისაუბრებდი. ცნობილ მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე და მხატვრებზე, განვიხილავთ მათ ნამუშევრებს და ძალიან ცოტათი პირად ინფორმაციებსაც ვეხებით.
მისი დარიგებების მიხედვით სრულიად უცხო ადგილას ვჩერდებით, მანქანიდან მაშინვე გადადის და უჩინარდება, შორიდან ვიღაცის სილუეტს ვამჩნევ, რომელიც შეუჩერებლად წინ მიიწევს და მირბის. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში ვიყოთ, დაბნეული მეც უკან მივსდევ, მაგრამ მაინც ვერ ვეწევი, რადგან ანტიდეპრესანტების გამო ძალიან მალე ვიღლები და თავს ვერანაირად ვერ ვაძალებ მის უკან სირბილის გაგრძელებას. იქვე ტროტუარზე ვჯდები, იმის იმედით რომ ახლა თუ არა რამდენიმე წუთის შემდეგ მაინც დაბრუნდება და მეც გავახსენდები, მაგრამ ის მაინც არ ბრუნდება. მეც სირბილს ვიწყებ, შურდულივით სწრაფად მივქრივარ, იქ სადაც ცოტა ხნის წინ ის მირბოდა. ცხოვრებაში პირველად მომწონს სწრაფად სირბილი, ენერგია, რომელიც ამდენი ხნიანი დასვენების შემდეგ გამიჩნდა ძალიან მალე იცლება, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნების გამო გაჩერებას მაინც არ ვაპირებ. ემოციებს თავიდან ვიცილებ, ისევ ის, სრულიად ცარიელი არსება ვხვდები, რომელიც ვეღარ გრძნობს, რომელსაც არაფერი ადარდებს. ჩემი მაისური ოფლისგან სველი ხდება, დახეული შარვალი კი ფეხების მაღლა აწევის გამო რამდენიმე წამში უფრო იხევა. ვეღარ ვჩერდები, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ვახერხებ შინაგანად დამშვიდებას და ეს გრძნობა ისეთი კარგია მას ვერანაირად ველევი. ყველაფერი ერთად ხდება, სამყაროსაც რაღაც მომენტში სხვა თვალით ვუყურებ, არარსებულ ნივთებს და არარსებულ ადამიანებს თვალს ვუსწორებ, ყველაფერი ისეთი ბუნებრივი ჩანს, რამდენიმე წამი თავს მართლა ვარწმუნებ, რომ ეს რეალობაა.
ხელები სირბილისგან აქეთ-იქით აღარ მოძრაობს, თავი მიწას ძლიერად ეხეთქება, მუხლიდან სისხლი იწყებს წამოსვლას, პატარა ბავშვივით ვიკუნტები და მუხლებს ხელებს ვხვევ. როგორც კი თითი მუხლს ეხება მაშინვე წვას ვგრძნობ, მაგრამ თავს მაინც ვაიძულებ წამოდგომას. რამდენიმე წამი ისევ ვცდილობ რეალობას და წარმოდგენებს შორის გარკვევას, მაგრამ ისევ ტრიალებს, გამოსახულებებს ვეღარ ვარჩევ, ვიღაც მოდის ჩემსკენ, ხელს მხვევს, მის სურნელს ვგრძნობ და დამშვიდებული მივყვები, მისი ხმა არ მესმის, მაგრამ ვიცი რომ აქ არის, ვიცი რომ ჩემს გვერდით დგას და ჩემი სადღაც წათრევა უნდა, სად არ ვიცი, მაგრამ მაინც მივყვები. მისი ხელები, როდესაც უფრო ვსუსტდები უფრო ძლიერად მეხვევა, ამისგან ნასიამოვნებს კი საერთოდ არ მინდა გაძლიერება და დაკარგულს ჩემი თავის ახლიდან პოვნა. ყველაფერი წამებში ხდება, ან უბრალოდ მე მეჩვენება და მგონია ეგრე. მალევე ვხვდები რომ სადღაც მაწვენს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას ვიღებ: ჯობია დავიძინო.

როდესაც ვიღვიძებ პირველი რასაც ვამჩნევ აგიზგიზებული ბუხარია, შეშის ტკაცუნის და ვიღაცის სუნთქვის ხმას მთელი ოთახი აქვს მოცული. მარჯვენა ფეხს ოდნავ მაღლა ვწევ და, როცა ვერაფერს ვამჩნევ მუხლზე ვხვდები, რომ ყველაფერი რაც მოხდა ან დამესიზმრა ან მომეჩვენა, არც კი მახსოვს დღეს დილით წამლები მივიღე თუ არა, თავის დარწმუნება იმაში რომ ეს გავაკეთე უფრო ადვილია, ვიდრე იმის დამახსოვრება ეს მართლა გავაკეთე თუ არა. ჩემს გვერდზე წამოწოლილ ელიზაბეტს ვუყურებ, დივანზე ორივენი ძლივს ვეტევით, ზუსტად ჩემს გვერდზე წევს, ხელი თავქვეშ აქვს ამოდებული და გაწონასწორებულად სუნთქავს. მომწონს მისი ყურება, მისი სახელის ხსენებაზე, მისი სახის წარმოდგენაზე სულ განსხვავებულია, ახლა კი უბრალოდ ადამიანია, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. თვალებს მაშინვე ახელს, როგორც კი ლოყაზე ვეხები, და საყვარლად მიღიმის. იგივე მეორდება, მის ღიმილზე მეც ვიღიმი და კიდევ უფრო ახლოს ვიწევი, მანძილს ჩვენს შორის კიდევ უფრო ვამცირებ. თვალებს მომენტალურად ხუჭავს და კიდევ დიდი ხანი აღარ ახელს. თვალის უპეები უძილობისგან ჩაშავებული აქვს, ცხვირის ნესტოები ოდნავ დაბერილი, ამდენი ხნის შემდეგ კი პირველად ვამჩნევ ხალს, რომელსაც ძალიან პატარა ადგილი უჭირავს მისი ტუჩის ზემოთ. თვითონაც იმაზე უფრო ახლოს იწევა, ვიდრე ველოდები.
- მოდი, ჩამეხუტე, სულელო, - ჩემს მოქმედებას არც ელოდება, ისე მხვევს ხელებს წელზე და მთელი სხეულით მეკრობა. მისი სურნელის ისევ ჩასუნთქვისას კიდევ უფრო გაბრუებული ვხდები, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავი, - ხანდახან, როდესაც ადამიანს ვეხუტები სულ მინდება ხელები არასდროს გავუშვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თავი საბოლოოდ არ მოვაბეზრო ბოლოს მაინც ვნებდები ხოლმე და მათ ვშორდები, შენ არასდროს მოგშორდები, სულელო. ყოველ შემთხვევაში ვეცდები, - მეღიმება, ეს ჩახუტება არაფერს ჰგავს, ნებისმიერ კოცნას სჯობია, ნებისმიერ გოგონას, ნებისმიერ რამეს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.
სრულიად უცხო, მაგრამ ამავდროულად ნაცნობი. ამ გრძნობის ახსნა ყველაფერზე ძნელია, სიტყვები ხომ არ ეყოფა ამ ყველაფერს, რომ გადმოვცე. რაღაც ახალი უნდა იყოს გამოგონილი, ისეთი, რაც მეტის შესაძლებლობას მოგცემს, ისეთი, რომლითაც ყველაფრის თქმას მოვახერხებთ.
ამის დასრულება არ მინდა, არასდროს მიყვარდა ჩახუტებები, მაგრამ, როდესაც ელიზაბეტს ეხუტები წესით ეს არც უნდა გახსოვდეს. ხელებს მიჭერს, მაისურზე მებღაუჭება და თავს ყელში მიყობს. ნასიამოვნებს თვალები მეხუჭება, ყველაფერი ისევ ტრიალს იწყებს ისევ არარელურს ემსგავსება, მაგრამ არ მინდა რომ ეს დამთავრდეს, თუნდაც არ იყოს რეალობა მაინც კარგია, მაინც სასიამოვნოა ამის შეგრძენა, მაინც სასურველია ეს მომენტი.
- სულ ჩუმად რატომ ხარ?
- ზოგჯერ გაჩუმება სჯობს, ასე მომენტები უფრო ადვილად მამახსოვრდება. ამისთვის ხომ არაფრის მთქმელი სიტყვები საჭირო არ არის, - თან ვლაპარაკობ, თან კი თმაზე ვეფერები.
- ოჰ, ყოველთვის შეგიძლია გამაოცო, - ვერ ვხვდები ამას გულრწფელად ამბობს თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევ. ისევ ისე იღიმის, როგორც იცის ხოლმე, არაფერი ახალი აღარ ხდება. - რა გინდა რომ სიკვდილამდე გააკეთო?
- ყოველთვის სიკვდილს რატომ ვეხებით?
- იმიტომ რომ ეს გარდაუვალია, გინდა თუ არა მაინც მოკვდები, ხომ უნდა მოასწრო იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდა გაგეკეთებინა. მე ასეთი ბევრი ოცნება მაქვს, რა შენ არა?
- არა, არასდროს არ ვფიქრობ, სიკვდილზე. - მისი თმებით თამაშს ვწყვეტ და ჭერს ვაშტერდები.
- შეიძლება ეს კარგიცაა, სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის ცუდ განწყობაზე მაყენებს, ხან ეს მომწონს, ხან არა. ამ დროს არაფრის გაკეთება არ შემიძლია, როგორც კი მუსიკას ვრთავ თავს ყველაზე მარტუსულ ადამიანად ვგრძნობ, თითქოს კილომეტრებით ვიყო სხვებისგან დაშორებული, როდესაც სრული სიჩუმეა კიდევ უფრო ცუდად ვარ, მგონია რომ მეც დავმუნჯდი და ხმის ამოღება აღარ შემეძლება, არც ჩემი, ან სხვისი ნათქვამის გაგონება. არასდროს არ მოგსვლია ასე? - ცოტა ხანი მის ნათქვამს ვიაზრებ, ვხდები, რომ ასეთი რაღაცეები არასდროს მჭირს, არასდროს არ ვიწუხებ უკვე თავს ამაზე ფიქრით, მაგრამ მაინც ავტომატურად თავს ვუქნევ. - მაგრამ მაინც... სიკვდილის არ მეშინია, ვიცი, მაინც იმ დროს მოვკდები, როცა ღმერთი ამას საჭიროდ ჩათვლის, მე კი მის განაჩენს წინააღმდეგობას ვერ გავუწევ.
- თუ ბრძოლა მოგცემს ცოტა ხნით სიცოცხლის გაგრძელებას?
- რა აზრი აქვს ცოტა ხნით სიცოცხლის გაგრძელებას, მგონი არანაირი, სულ ცოტახანი შენი მეგობრებისთვის, შენი ოჯახისთვის, არადა ეს უფრო მტკინვეული პერიოდია, იცი, რომ მაინც მოკვდები, მაგრამ დროს წელავ, ამის გამო კი ყველა გაფაციცებული ელოდება, როდის დადგება ის დიდებული მომენტი, რომ იტირონ, ილაპარაკონ შენზე, გაქონ და საუკეთესოდ შეგრაცხონ. ზუსტად შენი სიკვდილის დროს ყველას ისე ეცოდები რომ ყველაფერ ცუდს ივიწყებენ, ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.
ვდუმდები, ისედაც გაბრუებული თავით ვერაფრის გაგებას ვერ ვახერხებ, ამიტომ ცოტა ხნით ისევ თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ სადღაც სხვაგან ავღმოჩნდე, სულ რამდენიმე წუთით მაინც, მაგრამ ელიზაბეტი არ ისვენებს და ხმამაღლა აგრძელებს: - ვიცი, რომ მოგწყინდა ამაზე საუბარი, არავის არ მოსწონს სიკვდილზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ რომ ყველას ეშინია მისი, მე კი პირიქით, მზად ვარ ამისთვის.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილისთვის მზად იყოს და მას უშიშრად ელოდებოდეს, მაგრამ მაინც გაჩუმებას ვარჩევ და ხმას აღარ ვიღებ. მისი თავი დივანზე დადებული რბილი ბალიშიდან ჩემს მხარზე ინაცვლებს და მეც ყველანაირად ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას რომ ამით მას ხელი არ შევუშალო.
- მაგრამ სიკვდილზე უკეთესი მაინც გაუჩინარებაა... - მესმის მაინც მისი ხმა. - შეგეძლება ყველაფერს გაექცე, ყველა დატოვო უკან და შენ წახვიდე წინ უკანმოუხედავად.
- საკუთარ თავს მაინც გაექცევი, როგორც არ უნდა მოინდომო, ეს შეუძლებელია. - ისევ ვეწინააღმდეგები.
- ჰო, საკუთარ თავთან სიცოხლის ბოლომდე უნდა იცხოვრო, მაგრამ ეს იმის შესაძლებლობას გაძლევს რომ უკეთესი ადამიანი გახდე, შენი თავისთვის მაინც. მთელ პროცესს ხედავ, როგორ გეცვლება ფიქრები, როგორ დარდობდი ერთ დღეს რაღაც სისულელეზე, მეორე დღეს კი ეს აღარ გაწუხებდა, როგორ იზრდებოდი და დღითიდღე იხვეწებოდი, როგორ ხდებოდი ერთი პატარა ბიჭიდან ზრდასრული ადამიანი, როგორ გადახვედი მანქანების ხატვიდან ჩემ ხატვაზე და როგორ დაიწყე დაკუჭული ნახატების საწოლის ქვეშ შეგდება, რადგან ისინი არ მოგწონდა. - ვგრძნობ რომ იღიმის, საშინელი გრძნობა მეუფლება, ვგრძნობ როგორ ვიძაბები და როგორ ცუდად ვხვდები. გაუაზრებლად ვიწევი ზემოთ და დივანზე ვჯდები, ელიზაბეტი ისევ იმ ადგილას წევს, ჩემს უკან, მისი სუნთქვა ზუსტად ზურგზე მეხეთქება. მხარზე შეხებას ვგრძნობ, ოდნავ მიჭერს და ხმით ვხვდები რომ ისიც ზემოთ იწევა და ჩემს უკან ძლივს თავსდება.
- კარგი რა, რატომ უნდა ყოფილიყო ეს საიდუმლო? დიდი ხანია ვიცი, რომ ჩემი ხატვით ხარ დაკავებული, როგორ შეიძლება ის ბიჭი ვერ შეამჩნიო, რომელიც დასაწყვისში, როდესაც გხედავს რამდენიმე წამი შეუჩერებლად გიყურებს მერე კი სულ თვალს გარიდებს. ნახატები კი იმ დღეს შევნიშნე, შენთან ერთად რომ წამოვედი შენს სახლში, მგონი საკმაოდ ბევრი იყო, მათი შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელია. - იცინის და ნიკაპს მარჯვენა მხარზე მადებს.
- და ის ფაქტი, რომ ვიღაც შეუჩერებლად გხატავდა და ახლაც გხატავს ხოლმე მოგწონს?
- რატომ არ უნდა მომწონდეს, რა თქმა უნდა, მომწონს. - ისევ იცინის.
- ესე იგი, არაფერი შემიშლის შენი ხატვის გაგრძელებაში ხელს, მაგრამ მაინც ყველა ნახატი დაიკუჭება, ზოგი კი შემდეგ ნაგავში აღმოჩნდება.
- ცუდია, რომ შენს თავს არ აფასებ, მართლა კარგად ხატავ, ყოველ შემთხვევაში ის, რაც მე ვნახე ძალიან შთამბეჭდავი იყო, თან ჯერ ასეთი ახალგაზრდა ხარ, მომავალში უკეთესს შექმნი.
- ალბათ.
- ალბათ არა, ეს ასე იქნება, რაღაცას ხომ უნდა ჩაეჭიდო, ასე უაზროდ ცხოვრების გაფლანგვა სწორი არჩევანი ნამდვილად არ არის. ასე ცხოვრება არც შენ არ უნდა მოგწონდეს, მერწმუნე, უაზრო ცხოვრებას საერთოდ არ დაბადება სჯობს. - დივნიდან დგება და სხვაგან მიდის.
- შენ რითი საქმიანობ? - ჩემზე ლაპარაკით დაღლილი ვეკითხები და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს დაინტერესებული თვალებით ვუყურებ.
- მეგონა მიხვედრილი მხატვარი იყავი, - თვალს მიკრავს და მაცივრიდან ახლად გამოღებული ორი ლუდის ბოთლით ჩემკენ მოიწევს.
- და რომ შევცდე?
- მერე რა, ყველა ცდება.
- რომ მივხვდე?
- არც ამ შემთხვევაში მოხდება რამე განსაკუთრებული, მაშინ მთელი დღეები ჩემი პროფესიის ან ინტერესების გამოცნობაში არ გავა და დროს დაზოგავ, - ლუდს მაწვიდს, მეც მაშინვე ვართმევ და მწარე ლუდს გემოს ვუსინჯავ, - თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ ფიქრობ ან გაინტერესებს ეს ყველაფერი.
- შენ გაინტერესებდა ჩემი პროფესია?
- მეტისმეტად ბევრ კითხვას ვსვამთ, შენი პროფესიის მიხვედრას კი არაფერი დასჭირვებია, - მიღიმის და ისევ ჩემს გვერდზე ჯდება.
- უცნობებით არასდროს დავინტერესებულვარ, ერთადერთი ხარ, რომელიც მომეწონა და ამოვიჩემე, - ვაღიარებ.
- მე კი უცნობები ყოველთვის მაინტერესებდა, ისინი სხვანაირები არიან, ვერაფერს ვერ მიხვდები და ამოიცნობ მათში. თუ არ გეტყვიან და დაგელაპარაკებიან, ისევ იდუმალებად რჩებიან, ამოუცნობ არსებებად. უცნობით რომ დაინტერესდე მეტისმეტად ცნობისმოყვარე უნდა იყო და დროც ძალიან ბევრი უნდა გქონდეს, ზედმეტიც კი, უსაქმურობისგან არ უნდა იცოდე რა უნდა აკეთო.
- ამის გაგონების შემდეგ, შემიძლია ვიფიქრო რომ ბევრი დრო გაქვს? - პატარა ბოთლს იქვე, დივნის პირდაპირ დადებულ დაბალ მაგიდაზე ვათავსებ.
- რას იფიქრებ ეგ უკვე შენი საქმეა, - თავს სხვა მხარეს აბრუნებს, - მოგწონს აქაურობა? ბებიაჩემის ძველი სახლია, ჩემს გარდა მგონი ამ სახლში ფეხი აღარავის შემოუდგამს მისი გარდაცვალების შემდეგ. მიყვარდა აქ ყოფნა, არაჩვეულებრივი გარემო და განწყობაა.
- ნამდვილად. კარგი ადგილია ფიქრისთვის და განმარტოვებისთვის, ეს შენი სიტყვებია. აი, ზუსტად ასეთ სახლში ვიცხოვრებ, რომ დავბერდები. ალბათ ძალიან ბევრ კარგ ნამუშევარს შევქნი.
- როგორი ბანალური ნათქვამია, - ისევ იცინის, - რატომ უნდა იცხოვრო მარტო?
- ურთიერთობაში ყოფნა კარგია, სასიამოვნოა შეყვარებულის ყოლა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენ ჩემ დაბერებულ თავს ვიღაცასთან, მგონია რომ მარტო დავასრულებ ცხოვრებას, სრულიად მარტო, - ამას პირველად ვამბობ ცოცხალ ადამიანთან და ჩემი აზრების, ფიქრების გაზიარება ისე მსიამოვნებს, რომ თუ საუბარს კიდევ გავაგრძელებთ, სავარაუდოდ, ყველა ჩემს საიდუმლოს თუ ჩვევას ერთ წუთში გავთქვამ.
- მაგაში ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ მე ჩემს დაბერებულ თავსაც კი ვერ წარმოვიდგენ, არ ვიცი, ასეთი შეგრძენება რატომ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ დაბერებას ვერ მოვასწრებ.

***
როდესაც ორშაბათ დილას თავის ტკივილით ვიღვიძებ, პირველად ტელეფონს ვამოწმებ, ისე თითქოს ველოდები ვიღაცის მნიშვნელოვან შეტყობინებას, შემდეგ კი, როდესაც ვანალიზებ, რომ არავის არაფერი საინტერესო არ მოუწერია იმედგაცრუებული თავს ისევ ბალიშზე ვდებ და პირველად ძილის გაგრძელებას ვცდილობ, მაგრამ შემდეგ ფიქრს და ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენებას ვიწყებ. საწოლიდან ადგომას, მაინც ყველანაირად ვწელავ. მთელს სახლში ანის ოთახიდან გამოსული მუსიკა არის გამეფებული, რომელიც ისე მაღიზიანებს რომ რამდენიმეჯერ უკვე მასთან გასვლას და ბოლო ხმაზე ღრიალს ვაპირებ, მაგრამ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე ვაწყნარებ, ალბათ ცოტაც და მეტჯერ ვეღარ მოვითმენდი. ბოლოს, როდესაც უკვე ვხვდები სინამდვილეში რა მაწუხებს ტელეფონს ვიღებ, რომ ელიზაბეტს მივწერო, მაგრამ, როგორც კი შეტყობინების აკრეფვას ვიწყებ ბარბარესგან ზარი შემომდის, ოდნავ გაღიზიანებული ვუთიშავ და იმის იმედით რომ აღარ დამირეკავს და შეტყობინების წერაში ხელს არ შემიშლის ბეჭდვას სწრაფად ვიწყებ.
„შეგიძლია ისევ იმ ბაღში შემხვდე?“ ვაგზავნი და თვალებდახუჭული ველოდები, როდის მომწერს პასუხს. აშკარად აგვიანებს, მაგრამ ამას მაინც არ ვიმჩნევ.
„ისედაც ვაპირებდი მოწერას, უნდა დავილაპარაკოთ, კიდევ ერთი საიდუმლოს მოსასმენად მზად ხარ?“
„რა თქმა უნდა, რამდენ ხანში?“ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერც ერთ საიდუმლოს ვერ ვიხსენებ, რომელიც მან გამანდო დაუფიქრებლად ვწერ და ისევ მოსალოდნელ შეტყობინებას ვუწყებ ლოდინს.
„მე ისედაც ბაღში ვარ, როცა შეძლებ მაგ დროს.“ პასუხის მიღების თანავე ვდგები და ჩაცმას ვიწყებ, სახლიდან უთქმელად გავდივარ და ბაღისკენ რაც შეიძლება სწრაფად მივქრივარ. დაღლას ყურადღებას არ ვაქცევ, ყველანაირად მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიდე დანიშნულ ადგილას, ისე თითქოს ამჯერად იქ ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ყველაფერი მეორდება, ისევ ისე ზის იმ გრძელ, ფერდაკარგულ სკამზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისე ის წიგნი აქვს გადაშლილი და ფანქრით ისევ რაღაცეებს ინიშნავს, ჩემს იქ მისვლას, როგორც ყოველთვის პირველად ყურადღებას არ აქცევს, ზოგჯერ მგონია რომ დადგმულ სპექტაკლს მეასეჯერ ვთამაშობ ელიზაბეტის მონაწილეობით მისი გამეორებული ქცევების გამო, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ეს რეალობაა ზოგჯერ ღიმილსაც კი მგვრის და გულს უმიზეზოდ სიამაყით მივსებს.
- რა მალე მოხვედი, - წიგნიდან თავამოუღებლად მეუბნება, - ალბათ ჩქარობდი.
- საიდუმლო ახსენე და თავი ვერ შევიკავე, - ყველაზე სულელურ რაღაცას ვამბობ, რაც კი შეიძლება ადამიანმა ამ სიტუაციაში თქვას და ჩემი თავით დაღლილი თავს ვღუნავ.
მისი სიცილის გაგონების შემდეგ კი ტუჩს მთელი ძალით, უხეშად ვიკვნეტ.
- და მაინც, რა საიდუმლო უნდა გამანდო? - ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და რამენაირად მაინც დავავიწყო ისევე როგორც მას ასევე ჩემ თავსაც მომხდარი. გამომდის, მზერას მაცილებს და ხალხს აკვირდება.
- აუცილებლად საიდუმლო უნდა გაგანდო, რომ მესაუბრო? - თვალებს ატრიალებს, - მინდა რაღაც მოგცე, რაღაც რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რაც ჩემს პროფესიასაც ადვილად მიგახვედრებს და ჩემს აზრებსაც რამდენიმე წამში გაგაგებინებს. ოღონდ უნდა გაუფრთხილდე, ასეთი მხოლოდ ერთი არსებობს, ჩემს ხელში მგონი ისედაც დაზიანდა.
ხმამაღლა სიცილს იწყებს და სახეზე ჩამოვარდნილ თმას უკან იწევს. ვერანაირად ვერ ვხვდები რა უნდა მომცეს, მაგრამ ისეთი საყვარელია ამ მომენტის სამუდამოდ თავში დამახსოვრება მინდება.
- და მაინც, რა არის ეგ ნივთი? - თვალს არ ვაცილებ და მის სახეს ვაკვირდები. ორ წამში ღიმილსაც და დასევდიანებულ სახესაც ვხედავ, იჯღანება და მერე სიცილს აგრძელებს.
- ეს ნივთი... არის სრული სიტყვის მნიშვნელობით ჩემი, - როდესაც ხვდება რა სისულელე თქვა თავს ღუნავს და აწითლებულ ლოყებს ფარავს, - ჩემს გარდა არავის გადაუფურცლავს ეს წიგნი და არავის წაუკითხავს ის, რაც შიგნით წერია, ამით დიდად არც არავინ დაინტერესენულა. ჩემს ფიქრებს ატარებს, ჩემი ემოციებია გადმოცემული, ის რასაც ვერავის ვეუბნები, უბრალო უცნობებსაც კი. ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ, იმიტომ რომ იმას ამბობს, რისიც ყველას ეშინია, იმას ამბობს რისი გაგონებაც არავის უნდა. მხოლოდ ასეთი ერთი ცალი ზუსტად მაგიტომ არსებობს, ვიცი არავის მოუნდებოდა მისი წაკითხვა, მაგრამ მინდა რომ შენ წაიღო.
ამდენი ხნის განმავლობაში უკუღმა დადებულ წიგნს აბრუნებს და პირველად მაძლევს მისი ყდის დანახვის საშუალებას. წიგნის ყრდა ორ ნაწილად არის გაყოფილი, ქვემოთა მხარეს ცოცხალ ქალქს ვამჩნევ, ავტობუსებით და მანქანებით გაჭედილ ქუჩებს, მაღალ შენობებს და მოსიარულე ხალხს, ზემოთა მხარეს კი ღამურასავით ჩამოკიდებულ დიდ, ცისფერთვალება გოგონას ვხედავ, რომელიც გაოცებული სახით იყურება და დამკვირვებლის ყურადღებას მაშინვე იქცევს, ხუჭუჭა თმები სულ გაწეწელი აქვს, სათვალე ნახევრად ჩამოვარდნილი. ჩვეულებრივი მოქალაქესავით აცვია, უბრალო წითელი სვიტრი და დახეული ჯინსები, რომლის ჯიბეებშიც ორი ხელი აქვს ჩაცურებული. რამდენიმე წამი უბრალოდ წიგნის ყრდას ვაკვირდები ბოლოს კი წიგნის ქვემოთ, დიდ ავტობუსზე დაწერილ, „ელიზაბეტ სირაძეს“ ვაქცევ ყურადღებას. მიუხედავად რამდენიმე თვიანი ურთიერთობისა მაინც არასდროს მიკითხვას და დავინტერესებულვარ მისი გვარით და ახლა, როდესაც ვანალიზებ. რომ წიგნი რომ არა მის გვარს ალბათ ჩემი სურვილით ვერც ვერასდროს გავიგებდი სირცხვილი მიპყრობს. მყარ ნივთზე თითების თამაშს იწყებს, ჯერ შუა თითს არტყამს ყრდას ორჯერ, შემდეგ საჩვენებელს, ბოლოს კი ცერას გარდა ყველა თითი ამ მოქმედებას ასრულებს.
- „სხვა პლანეტაზე“? - თითს ისე ვუსმევ ზუსტად შუაში გაკეთებულ წარწერას თითქოს ამით რამის შეგრძენება შემეძლოს.
- გადატანითი მნიშნელობით, რა თქმა უნდა, თუ ამ არც ისე დიდი ხნიანი ურთიერთობის შემდეგ ცოტათი მაინც შემიცნე უნდა ხვდებოდე რას ვგულისხმობ. - წიგნი მისი კალთიდან ჩემს კალთაზე ინაცვლებს.
- და როდის უნდა დაგიბრუნო? - წიგნს ვშლი და უაზროდ ვფურცლავ.
- არ დამიბრუნებ, შენი იქნება.
- თუ ასე ძალიან გიყვარს, მგონი აჯობებს დაიტოვო. - წიგნს ხმამაღლა ვხურავ და მთელი ყურადღებას მასზე გადამაქვს.
- მას იმიტომ გაძლევ რომ თვითონ უნდა დავშორდე, ისევე როგორც შენ. - ჩუმდება და მხოლოდ ახლა ვხვდები თუ რას გულისხმობს, ემოციები ერთმანეთში ირევა, სუნთქვა მიხშირდება,- იცი, ძალიან ბევრ უცნობთან გამიბავს ურთიერთობა, მაგრამ ისინი ყოველთვის უცნობებად რჩებოდნენ, მათი სახელიც კი არ ვიცოდი, შენთან კი რაღაც განსაკუთრებული შევნიშვე, შენში არის რაღაც განსხვავებული, რაც მომწონს. ასეთ ადამიანთან დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელს ცხოვრებას, საიდუმლოებით და ინტრიგით მოცული ცხოვრება მექნებოდა და დროსაც ტყუილა უბრალოდ არ დავხარჯავდი, ყოველი წამი, წუთი თუ საათი მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ჩემი ღირსი არ ხარ, გაბრიელ.
ისევ ხმამაღლა სიცილს და თავის აქეთ-იქით ქნევას იწყებს.
- გახსოვს, რომ გითხარი არასდროს გაგიშვებ ხელებს-თქო? ეს ტყუილი აღმოჩნდა, მე ეს ბევრთან გამიკეთებია, ამის გამეორება დაზეპირებული სცენარის კიდევ ერთხელ თქმას ჰგავს და უბრალოდ სხვადასხვა მსახიობებთან მუშაობას, ყველას სხვანაირი რეაქცია აქვს, ვერ ვხვდები რატომ ელოდებიან რომ იმაზე მეტს მიიღებენ ვიდრე მე მათთვის მიცემას ვაპირებდი. იმედების დამყარება ჩვენი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, შემდეგ იმედგაცრუებას ხომ ვერ ვუძლებთ, - ხმას იწმინდავს, - მე და შენ, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეში ვგავართ, მაგრამ ასევე ბევრით განვსხვავდებით, ისეთი ფიქრები და ის პრობლემები, რომლებიც მე მაწუხებს შენ არასდროს გიქმნის დისკომფორტს.
- ჩემი რეაქციაც ალბათ შენს არაჩვეულებრივ მოგონებებს მიემატება, არა? არ მჭირდება წიგნი, დაიტოვე, - რაც შეიძლება სწრაფად ვდგები და ცოტა ხნის წინ ჩემს კალთაში მოთავსებულ წიგნს უხეშად ვაგდებ მისკენ. უკვე ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ, როდესაც ხელს მხარზე მკიდებს. უხეშად ვიშორებ, თუმცა მაინც არ მეშვება და უკან სკამზე მაბრუნებს.
- კარგია, რომ ბრაზდები და არ გსიამოვნებს, რობოტთან ურთიერთობა სასურველი არ არის, - სულელივით მიღიმის, - ეს წიგნი სინამდვილეში რამდენიმე წლის წინ დავაბეჭვდვინე მამაჩემს, როგორც უკვე გითხარი, ასეთი მხოლოდ ერთი არსებობს და ყველაფერი ჩემი შექმნილია. არც ვიღაცის მიერ არის დარედაქტირებული და ჩასწორებული და ილუსტრაციაც მე მეკუთვნის, ამ წიგნში ყველაფერი ჩემია, ამიტომაც მიყვარს, აქ სხვისი ხელი არ ურევია. შენი დახმარებით რაღაცეების შეცვლა მოვახერხე, მომენტები სულ სხვანაირი გავხადე, რაღაცეები კი ფანქრით მივამატე. ჩანიშნულია, შესაბამისად ასეთი ადგილების პოვნას ადვილად შეძლებ.
- შემიძლია წავიდე?
- არა, ჯერ არა.
- შენი აზრი უკვე ნაკლებად მაინტერესებს.
- მაშინ რატომ მეკითები? იცი, წასვლა რომ ძალიან, ძალიან გინდოდეს მე არც მომისმენდი, არ შეჩერდებოდი და მაშინვე გაიქცეოდი აქედან. შენ თავს შეხედე, ჯერ კიდევ აქ ზიხარ, ჩემს გვერდით.
- შენი აზრით ყოველ ჯერზე, როდესაც ხმას ამოიღებ შეძლებ ადამიანი გააოცო? თუ მართლა ასე ფიქრობ მინდა იცოდე, რომ ძალიან ცდები. ყველაფერმა ჩაიარა, ელიზაბეტ! რაღაც მომენტში მართლა განსაკუთრებული ხარ, მაგრამ ახლა გიყურებ და ვხვდები და ვნანობ, რომ სხვა გოგონებს არ გამსგავსებდი. ასეთ პათეთიკურ სიტუაციაში უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, დიდი მადლობა ამის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცი, - დღეს უკვე მეორეჯერ ვდგები ამ ძველი სკამიდან და უკვე მართლა წასვლას ვაპირებ, მაგრამ მისი ბუტბუტი ისევ მაჩერებს.
თავისთვის გაუგებარ სიტყვებს ამბობს და თითების თამაშს არ წყვეტს. მისკენ რომ ვიხედები, მზერას მაშინვე მაშორებს.
- შენ არ გესმის, აი, რატომაც აღარ შეიძლება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, სულ გაუგებრობაში იქნები ჩემს გევრდით. დარწმუნებული ვარ უკვე ათასი კითხვა გაგიჩნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მეკითხები, რატომ ეგეც ძალიან კარგად ვიცი. იქამდე უნდა დავამთავროთ ყველაფერი, სანამ ჩვენს ურთიერთობაში სიყვარული გაჩნდება. არ მინდა მიყვარდეს და ბოლოს, თუნდაც აზრი შემეცვალოს შეყვარებას მაინც ვერ შევძლებ, - ხელებს მკერდთან იჯვარედინებს და უფრო ამაყად მიყურებს, ვიდრე ამას რამდენიმე წამის წინ აკეთებდა, გაშეშებული უბრალოდ ვაკვირდები და ნერწყვს ხმამაღლა ვყლაპავ, თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს მანაც კი გაიგონა და დარცხვენილი თავს ისევ პატარა ბავშვივით ვხრი და ჩემს გაჭუჭუყიანებულ ფეხსაცმელს ვაშტერდები.
- და თუ უკვე მიყვარხარ? - ჩემი ხმა მერყეობს, გაფაციცებული ველოდები როდის და რას მიპასუხებს, მაგრამ დროს საგრძნობლად წელავს და თმის თითების თამაშიდან თმების თამაშს იწყებს.
- ვიცი, რომ არ გიყვარვარ, ამის ამოკითხვა მზერაშიც კი შეიძლება, შეყვარებულის მზერა არ გაქვს, არც გამოსულელებული ხარ, სიყვარულის დროს ხომ ყველა აზროვნების უნარს კარგავს, - სიცილით მეუბნება, მისი სიცილის ამ უხერხულ და საოცრად ცუდ მომენტში დანახვა უფრო მამშვიდებს და გამბედაობას მმატებს, თავს ვწევ და მის სახეს კიდევ ერთხელ შევისწავლი.
- ამდენი რაღაც იცი, მაგრამ მაინც ძალიან არასწორი შთაბეჭდილებები გაქვს შექმილი, ელიზაბეტ. დავიჯერო არც შენს წიგნში არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც მთავარ გმირს საბოლოოდ არწმუნებს სიყვარულის არსებობაში და რეარულ სასმყაროს ანახებს? - ნერწყვს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვყლაპავ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, - დღეს შენგან ბევრი ახალი რამ მოვისმინე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეში იყავი მართალი. არ იტყუები, შენს ნაწერს მგონი მართლა არავინ წაიკითხავდა თუ სერიოზულად ასეთი ურწმუნო პერსონაჟები გყავს გამოყვანილი, ურწმუნო ადამიანი ისეთი უინტერესოა, როგორც იმ მილიონერის ცხოვრება, რომელსაც ყველაფერი აქვს რასაც მოისურვებს, ამ შემთხვევაში ხომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, არაფერი ახალი არ ხდება. - მის მშვიდ სახეზე ნერვები უფრო მეშლება და ბოლო ხმაზე ყვირილი მინდება. ტუჩის კვნეტას ვიწყებ.
- დიდი მადლობა გულახდილობისთვის, ამას ვაფასებ, მაგრამ ადამიანები ყოველ წუთას სიტყვებს ისე ისვრიან, თითქოს მათ მნიშვნელობა საერთოდ არ გააჩნდეთ. ახლა, როდესაც ჩვენ უბრალოდ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ ვიღაც ვიღაცას სიყვარულს უხსნის, მაგრამ მთავარი კითხვა იმაშია იმ ადამიანს მართლა უყვარს თუ არა მეორე და პასუხი ხშირ შემთვხვევაში, რა თქმა უნდა, უარყოფითია. აი, ასე გამოჩნდა კიდევ ერთი შეცდომა, არ უნდა გვქონდეს ასე ადვილად იმის თქმის უფლება, რასაც სინამდვილეში არ ვგულისხმობთ, როდესაც ვიტყუებით, ვღალატობთ ან უბრალოდ ცუდ საქციელს ჩავდივართ კიდევ ერთი ნაბიჯით ჩვენი ადამიანობის მკვლელობას ვუახლოვდებით, ბოლოს კი საბოლოოდ ვხვდებით ის არასასურველი ნივთი, რადგან ვკარგავთ ყველა ჩვენთვის ძვირფას ადამიანს და სიცოცხლის ბოლომდე მარტო ვრჩებით. მე კი უკვე ასეთი ვარ და საყვარელი, ძვირფასი ადამიანის დაკარგვა არ მსურს, მაგას ჯობია საერთოდ არ მყავდეს. მგონი ძალიან ორიგინალური დამშვიდობებაა.
როგორც კი ჩუმდება საშინელ წუილის ხმას ვიგებ, აუხსნელ და ამაზრზენ ხმას, რომლის მოშორებისთვის ალბათ ყველაფერს მივცემდი. ვჩუმდებით დაა ისევ ისე ვხედვართ გვერდიგვერდ, როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს, არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ თავს მაინც სხვა საუკუნეში ვგრძნობ, თითქოს ერთმანეთი რამდენიმე თვის კი არა წლების წინ გავიცანით. სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, რომ ვუპასუხო, შევეკამათო და რაღაც ახალი შევაგნებინო, ხმის ამოღება მინდა, ლაპარაკი და თუნდაც ჩხუბი მსურს, მაგრამ არაფერი გამომდის.
ჩემს მაგივრად ამჯერად ის დგება, წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ ისევ კალთაზე დავუგდე უკან მიდებს და მოსაცმელის გასწორებას იწყებს. უკვე გატრიალებულია, როდესაც ვხვდები, რომ ეს სიტუაცია და ეს მომენტი არ მაკმაყოფილებს. არც კი ვიცი ამას ბოლოჯერ ვაკეთებ თუ არა, მაგრამ ძალიან, ძალიან მაგრად ვკოცნი. თითებს ისე ვუჭერ სახეზე როგორც არასდროს, მისი ტუჩების უცნაურ, ეგზოტიკურ გემოს კიდევ ერთხელ შევიგრძნობ და უსაზღვრო სიამოვნებას ვიღებ. ისიც მკოცნის, არ მეწინააღმდეგება და უბრალოდ მაძლევს იმის გაკეთების უფლებას, რაც სინამდვილეში ორივეს მოგვწონს.

***
მოლბერტზე ის ტილო დევს, რომელზეც მისი გამომეტყველება რამდენიმე თვის წინ გამოისახა, ზუსტად ჩემი საწოლის გვერდით დგას, ისე რომ გაღვიძებისას მისი დანახვა შემეძლოს, მაგრამ ამას მაინც არასდროს ვაკეთებ. ყოველთვის თვალს ვარიდებ და ყურადღებას სხვა რამეს ვაქცევ, პირველი ნამუშევარია, რომელიც დავიტოვე, მიუხედავად იმისა რომ სინამდვილეში არ მომწონს. საწოლის მეორე მხარეს ტუმბოზე წიგნი დევს, რომელსაც ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ მიეკარება ჩემი ნებართვის გარეშე. ალბათ უკვე ხუთჯერ წაკითხული წიგნი, რომელსაც თითქმის ყველგან დავატარებ ჩემს ხელში უფრო გაუბედურდა ვიდრე მის კოხტა ხელებში, მაგრამ მთავარი ხომ სიტყვებია, რომელსაც ის იტევს და აზრი, რომელსაც ის ატარებს. წვიმაში გიჟივით კითხვის გამო ფურცლები საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ახლიდან წაკითხვა ყოველთვის შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრს რამეში არ ვეთანხმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები მან ყოველთვის იცოდა რა სად უნდა ეთქვა, იცოდა როგორ შეეძლო შენი ერთ წამში გაჩუმება, იცოდა, რომ ყველაფერი ცუდი, რასაც ის აკეთებდა სარგებელს საბოლოო ჯამში არ მოუტანდა, მაგრამ ამას მაინც აკეთებდა, როდესაც ვამბობდი, რომ განსაკუთრებული იყო არ ვიტყუებოდი. იყო და ყოველთვის იქნება, შეიძლება უბრალო ქუჩაში გამვლელისთვის არა, მაგრამ ჩემთვის სამუდამოდ. იდუმალი არსებები სულ უფრო საინტერესოები არიან, ინახავენ იმ ამოცანებს, რომლების ამოხსნასაც შემდეგ ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ბოლოს მათ გულამდეც მივაღწიოთ. ეს პროცესი ყველაზე კარგი და განსხვავებულია. უყურებ და ხვდები როგორ იცვლება ნელ-ნელა თქვენი ურთიერთობა.
მასთან ის მაკავშირებს, რაც ალბათ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნება, მისი დავიწყება ვიცი, რომც მომინდეს არ გამომივა. შეიძლება უეცრად გამოჩნდეს, შემდეგ ისევ დაიკარგოს, ერთ დღეს რაღაც სერიოზული მასწავლოს, მეორე დღეს კი სრული სისულელე მითხრას.
ასეთია ელიზაბეტი, მისი შეცვლა კი ნამდვილად არ მსურს, ჩემი ინსპირაცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, მისი სხვა ადამიანად, თუნდაც უკეთესად გარდაქმნა არც მე და არც სხვა ნებისმიერს უნდა შეეძლოს.
თვალებს ვხუჭავ და მას წარმოვიდგენ, გონებაში კიდევ ერთხელ იხატება მისი პორტრეტი, ალბათ შექმნილზე გაცილებით უკეთესი.
ელიზაბეტი ისევ ისეთი განსაკუთრებულია.
ელიზაბეტი ისევ ისეთი განსხვავებულია.

დასასრული

პირველად ვტვირთავ ისტორიას სრულად, არც კი ვიცი რატომ, უბრალოდ მომინდა, რომ სრული ვერსიაც ყოფილიყო. წერის დროს ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი, ახლა, როდესაც გადავიკითხე საბოლოო ჯამში დიდად არ მომწონებია, მაგრამ თქვენი აზრი ძალაინ მაინტერესებს. ათასი შეცდომაა დაშვებული, ბევრი რაღაც ისე არ მექნება დაწერილი, როგორც ალბათ საჭირო იყო.
ყოველი შემთხვევისთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ აქამდე მოაღწიეთ, რა თქმა უნდა. ;დდ



№1 სტუმარი xuioznaet

551590301:(

 


№2 სტუმარი მარიამ. ევგენ.

არაა მე მომეწონა არ გავს სხვა ისტორიებს არც ქუჩის ბიჭებზეა და არც ყველაზე ლამაზ და პოპულარულ გოგოებზე
საინტერესო წასაკითხი იყო, ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდები მაგრამ არაუშავს მაინც კარგი გამოვიდა❤️

 


№3  offline წევრი DarkRoses

მარიამ. ევგენ.
არაა მე მომეწონა არ გავს სხვა ისტორიებს არც ქუჩის ბიჭებზეა და არც ყველაზე ლამაზ და პოპულარულ გოგოებზე
საინტერესო წასაკითხი იყო, ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდები მაგრამ არაუშავს მაინც კარგი გამოვიდა❤️

ალბათ ისე არ მთავრდება, როგორც მკითხველი მოისურვებდა, თუმცა პირადად მე სხვანაირი დასასრული ამ ისტორიისთვის არც კი წარმომიდგენია.
მიხარია, რომ მოგეწონა! heart_eyes

 


№4  offline წევრი MaikoB

ადვილად რომ იკითხება, ისეთი სიტყვებითაც რომ არ არის გამოჭედილი, რომ აზრი ვერ გაიგო და გამოიტანო ისეთი ისტორიაა. პირველია, რომელიც სრულად წავიკითხე(აქამდე არც მიცდია) და მართლა მომეწონა, მითუმეტეს თუ ჯერ მხოლოდ მეორე მოთხრობაა.
სხვა მოთხრობებსაც ველოდები <3

 


№5  offline წევრი DarkRoses

MaikoB
ადვილად რომ იკითხება, ისეთი სიტყვებითაც რომ არ არის გამოჭედილი, რომ აზრი ვერ გაიგო და გამოიტანო ისეთი ისტორიაა. პირველია, რომელიც სრულად წავიკითხე(აქამდე არც მიცდია) და მართლა მომეწონა, მითუმეტეს თუ ჯერ მხოლოდ მეორე მოთხრობაა.
სხვა მოთხრობებსაც ველოდები <3

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes
დიდი მადლობა აზრის გამოხატვისთვის heart_eyes

 


№6  offline წევრი ანა ბალზაკი

შენ აუცილებლად უნდა წერო ბევრი <3

 


№7  offline წევრი DarkRoses

ანა ბალზაკი
შენ აუცილებლად უნდა წერო ბევრი <3

მიხარია, თუ მართლა ასე ფიქრობ❤️
მადლობა კომენტარისთვის^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent