ბედნიერების რეცეპტი (მერვე თავი)
სტუმრები გვიან საღამომდე დარჩნენ თავშესაფარში. თავადაც ჩაერთვნენ ბავშვების თამაშში. იცინეს, ირბინეს, თითქოს მათი ჭკუისანი იყვნენ თავადაც. სასაცილო სანახავი იყო პატარებს შორის თვალებ ახვეული, მორბენალი ვასიკო. ჩაფიქრებული უმზერდა მამა ნიკოლოზი ახალი სათამაშოთი გართულ თორნიკეს. ელენიკო ისევ დედოფალას უტრიალებდა. ალბათ, მეათასედ მაინც ჩააცვა, გახადა. გაუშალა თმები, შემდეგ ისევ ჩაუწნა. დიდი პრობლემა გასჩენოდა, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა რომელი ქვედაბოლო უფრო უხდებოდა თოჯინას. პატარა მეტიჩარამ თეკლეც ჩართო თამაშში. ფერადი ნაჭრებისგან რამდენიმე კაბაც გამოაჭრევინა და გამოპრანჭა მისი თოჯინა. - უფ, უფ, ცოტა ჯიუტია ჩემი შვილი, ისევ დათხვრილა! - ანცი ჭინკები უხტოდა თვალებში. - ნეტა, ვის ჰგავს ასეთი ცელქი? - ღიმილს ვერ იკავებდა თეკლე. - ბებიკოს! - მეტიჩარა ხმით გამოუცხადა ელენემ. - ბებიკოს? ბებიკოც ჰყავს?! - რა თქმა უნდა, მე დედა ვარ, შენ კი ბებიკო... - საკუთარი აღმოჩენით თავადავე დარჩა კმაყოფილი. - ანუ, შენი შვილი მე მგავს? მე ასეთი ფეთხუმი ვარ?! - ელენესგან საგანგებოდ დასვრილ თოჯინის წინსაფარს, თითქოს ნაწყენმა დახედა თეკლემ. - არა, შენ ლამაზი ხარ, ძალია ლამაზი და კეთილი! - ყურებამდე გაეკრიჭა ელე. - როგორი თბილი ხარ! - ემოციები ვერ შეიკავა, გოგონა გულში ჩაიკრა. - ჩემს თოჯინას თეკლეს დავარქმევ, რომ მომენატრები მასთან ვითამაშებ! - მე?.. მე მოგენატრები?! - ცრემლები მოაწვა ქალს. პატარამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - ამას ვინც კი ეფერება, ყველა ენატრება! - უცებ გაკენწლა იქვე ავტომობილით მორბენალმა თორნიკემ. - შენ? შენ არავინ გენატრება? - ამჯერად პატარა ხევსურს ჩაეკითხა თეკლე. - მე?! არა! - კოპებშეკრულმა, ქვემოდან გამოხედა ბიჭმა. თუმცა თეკლეს დაკვირვებული მზერა იგრძნო თუ არა, თვალი აარიდა. - თორნიკე, აბა დააჭირე! - თითისწვერებზე აიწია და დისტანციური მართვის პულტის ღილაკს ვაჟის ნაცვლად თავად დააჭირა ხელი ელემ. კმაყოფილი აკისკისდა, როცა წითელი ფერის ნივა მასზე მოთავსებული დედოფალასთან ერთად ეზოში გაქანდა. თბილად უმზერდა ავტომობილს დადევნებულ პატარებს ქალი. - აკა და ვასიკო არაბულების ყოფილი სახლისკენ წავიდნენ. დაგიბარეს, თუ ჩამოსვლა მოუნდეს, ნიკოლოზთან ერთად წამოვიდესო!- ღიმილით მიუახალოვდა დედა თამარი. - ყოფილი სახლი?!... - ხმა გაებზარა თეკლეს - იცით, დედაო, ჩვენი პირველი სტუმრობის დროს, აქ, მამა ნიკოლოზის სახლში ვისვენებდით. პაპამისიც მაშინ გავიცანით, ბერდია. აი, იმ, მაღაზიასთან იდგა ხოლმე ჯოხზე დაყრდნობილი, თეთრწვერა მოხუცი. - თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა - მახსოვს, პირველად მინდია რომ ვნახე, გაოცებული მივჩერებოდი, როგორ შეძლო თბილისიდან აქ გადმოსვლა. გიჟდებოდა ხევსურეთზე, საკუთარ კუთხეზე აბოდებდა. მაშინ იმდენი პრობლემა გვქონდა, არადა თურმე, რა ბედნიერები ვყოფილვართ... - ეჰ!... კარგი ბიჭი იყო საცოდავი, კარგი!... - დანანების ნიშნად ხელი ჩაიქნია დედა თამარმა. - თეკლე, თეკლე! - ბავშვებში მორბენალმა ელენემ შორიდანვე შესცინა, ხელი დაუქნია და ისევ ბავშვებთან გაიქცა. - ხომ არ დაგღალეს?! - არა, მათთან დაღლას ვერ ვგრძნობ, არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთ! - ემოციებს ვერ მალავდა თეკლე და თავადაც ხელს უქნევდა ბავშვებს. - განსაკუთრებით ის პატარა მეტიჩარა! - ისევ აკისკისებულ ელენეს გახედა დედაომ. - განსაკუთრებით ის... - სევდა გაერია ხმაში - ვეთამაშებოდი და ვფირობდი, რა იქნებოდა მეც მყოლოდა შვილი, ხომ შეიძლებოდა ამ ბავშვებში ერთი ჩემიც ყოფილიყო, თუნდაც ეს გოგონა. - ალბათ, ესეც ღვთის ნებაა, იმედს ნუ კარგავ!... - დავიღალე, ასე აღარ შემიძლია. ვატყობ, აკასაც უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევთ, დღემდე ვერ მოვინელეთ, ვერ დავივიწყეთ. ერთ თვემდეც არ იყო ჩემი გოგონა, სულ ციცქნა, უსუსური. დღემდე ვერ დასვეს ზუსტი დიაგნოზი, ვერ დაადგინეს რა დაემართა. ვერ დავივიწყე ის ტკივილი და ალბათ, ვერც დავივიწყებ. ჩემი ხელით ჩავაწვინე სარწეველაში, დავაძინე და... - ხელებს ისე დახედა, თითქოს ისევ იქ ჰყავდა მისი გოგონა. - აკა? აკა რას ფიქრობს? - ცრემლები ვერ შეიკავა თამარმა. - ხმას არ იღებს, ამ საკითხზე საუბარს ორივე ვარიდებთ თავს, მაგრამ ისედაც ხომ ვხედავ? ბავშვს აღარც კი ახსენებს, მაგრამ.... ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ ვბედავდით, ძლივს გადავლახეთ შიში. - ვერ მიგიხვდი, დაბრუნებას რატომ ვერ ბედავდით? - რატომღაც ვფიქრობდი, გერმანიაში რომ ვყოფილიყავი, იქ რომ გამეჩინა, ახლა ჩემი შვილი ცოცხალი მეყოლებოდა. - ფიქრობ, ექიმებმა დააკლეს მცდელობა? - არა, ალბათ არა, მაგრამ ხომ იცი გამწარებული ადამიანი? ხან რას ვაბრალებდი და ხან რას, მთავარი მიზეზის აღიარება კი არ მინდოდა, ცოტა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, იქნებ გამეგო კიდეც, იქნებ მიმესწრო და მეორე დილას ჩემი შვილი ცოცხალიც მენახა... - თავს იტანჯავ თეკლე, შენი მასთან ყოფნით არაფერი შეიცვლებოდა, ეგ შენც ხომ იცი?! ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა. ისიც კი არ ეგონათ, თუ ცოცხალი დაიბადებოდა, ერთი თვე სიცოცხლეზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. - თავზე წამოადგა მოსაუბრე ქალებს მამა ნიკოლოზი. - გგონია ექიმებმა ყველაფერი იციან? მათთვის რომ მესმინა, ბავშვი საერთოდ არ უნდა გამეჩინა, შვილზე ჩემითვე უნდა მეთქვა უარი. თანდაყოლილი ნაკლი! - ტკივილით გაიმეორა მისი სიტყვები - თანდაყოლილი, მერე ვისგან დაჰყვა, ვისგან?! რაღა მას? მიზეზი ხომ უნდა ყოფილიყო? - ისე ცხარობდა ქალი, თითქოს ნიკოლოზის ბრალი იყო მისი უბედურება. - თავს იტანჯავ თეკლე და სხვასაც აწამებ. შენი განწყობა აკაზეც ხომ მოქმედებს?! ის მაინც შეიცოდე. იმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება! - მის დამშვიდებას ცდილობდა მამაო. - აღარ შემიძლია, ამდენი ექიმებში სიარულიც აღარ შემიძლია. - უსუსრად იქნევდა ქალი ხელებს - თითქოს პირი შეკრეს, ერთხმად იმეორებენ, რომ არაფერი გვჭირს, რომ შვილოსნობისთვის ჩემი ორგანიზმი მზადაა. მაგრამ ფაქტია, რომ არც ორსულად ვრჩები. თითქოს ჩიხში ვართ, გამოსავალს ვეღარ ვხედავ... - ჩაიციკლე, ბავშვის ყოლა აჩემებად გექცა. უბრალოდ აღარ უნდა იფიქრო. - აღარ? განა შეიძლება შვილზე არ ფიქრობდე? - ხმა აუკანკალდა, ცოტაც და ატირდებოდა, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო. - ღმერთი იმაზე მეტს არ მოგივლენს!... - თბილად ჩაიკრა აცახცახებული მეგობარი გულში. - უკვე მომივლინა, ნიკოლოზ, უკვე მომივლინა!... -ასე ჩახუტებულს გული უფრო მეტად აუჩუყდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. - არ მოგივლენს, არა... - თავზე კოცნიდა გოგონას მამაო - ძლიერი ხარ თეკლე, ყოჩაღი, ბევრისთვის სამაგალითო. უფლება არ გაქვს დანებდე. აკას გამო მაინც... - არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი... აკამ ბავშვის აყვანაც კი შემომთავაზა. ცივი უარი ვთქვი, თუმცა შენი პატარების შემხედვარე, ვფიქრობ, ცუდი აზრი არ უნდა იყოს. - თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა თეკლემ. - იქნებ მართლაც გეფიქრათ მაგ საკითხზე? მეტი მადლი რა გინდა? ამ ბავშვებისთვის მშობლის სითბო ყველაზე დიდი საჩუქარია. - ნიკოლოზს აჰყვა დედა თამარიც. - არ ვიცი, მეშინია. რომ ვერ შევძლო? რომ ვერ შემიყვაროს? მე ხომ საკუთარ შვილსაც ვერ მივხედე, ვერ მოვუფრთხილდი... - თავს ნუ იტანჯავ. წარსულზე ფიქრს თუ არ მოეშვები, ცხოვრებას გაიმწარებ. წამოდი ბავშვებთან, აშკარად ბევრად ხალისიანი იყავი მათთან თამაშის დროს! - ისევ პატარებისკენ უბიძგა მამაომ. თორნიკეს ავტომობილი ამოებრუნებინა და ყურადღებით, ისევ შუბლშეკრული აკვირდებოდა. - ასე თქვა, ამ მანქანით აღარ ვითამაშებო! - უცებ ჩაურაკრაკა იქვე მდგომმა ელენემ. - რატომ, გაფუჭდა? - ავტომობილი ხელიდან გამოართვა და დაათვალიერა მამაო, თუმცა ხარვეზი ვერ შენიშნა. - არა, ხეს დაეჯახა და... - ხმა უთრთოდა ბიჭს. - და?!.. - ყურადღებით ჩაეკითხა თეკლე. ბავშვი რამდენიმე წუთს თვალებში უმზერდა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, თვალები ცრემლებით აევსო. ნიკაპი აუკანკალდა, ავტომობილი მამაოს ხელიდან გამოგლიჯა და შენობისკენ გაიქცა. - თორნიკე, თორნიკე! - უკან მიჰყვა ნიკოლოზიც თავშესაფარში შევარდნილ ბავშვს. - ისევ იტილებს! - თავადაც ცრემლებით აევსო თვალები ელეს - ისევ დედიკო მოენატლება... - შეუძლებელია, ის დღე ახსოვს?! - ტანში გასცრა თეკლეს მკვლელობის გახსენებაზე. - არ ვიცი, როგორ არ ვეცადეთ, როგორ არ მივუდექი, მაგრამ მაგ საკითხზე არ საუბრობს. საკმაოდ რთული ბავშვია. თუმცა მისი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, მგონი მართლა ახსოვს. - სულ რაღაც ორი წლის იყო!.. - ყურებს არ უჯერებდა თეკლე. - ჩვენც გვიკვირს, თუმცა ფაქტია, გარკვეული ფრაგმენტები მაინც შემოინახა გონებამ. - ვერაფრით დავაწყნარე. - შეწუხებული გამოვიდა მამა ნიკოლოზი. - არაუშავს, ცოტას იტირებს და დამშვიდდება! - დედა თამარისგან ეს სიტყვები ცოტა არ იყოს ზედმეტად ცივად, სასტიკადაც კი ჟღერდა. თუმცა დიდხანს ფიქრი არც დასცალდა, ეზოში აკა და ვასიკო შემოვიდნენ. - რამე მოხდა? - თორნიკე ისევ დედიკო და მამიკო გაახსენდა! - უცებ ჩამოარაკრაკა ელენიკომ. - იქნებ ვცადოთ ბავშვის დამშვიდება?! - მათ პასუხს აღარც დაელოდა, თავადაც შენობაში შევიდა. თავშესაფარი რამდენიმე მცირე ზომის საძინებლისგან შედგებოდა. თითოეულში სამ-სამი ორსართულიანი რკინის ლოგინი დაედგათ. იქვე ედგათ პატარებს სამეცადინო მაგიდებიც. მისაღები ოთახი სასადილოდ გადაეკეთებინათ. ცარიელ შენობაში ექოდ ისმოდა თორნიკეს სლუკუნი. ბავშვის ხმას მიჰყვა თეკლე. მისი ოთახის კუთხეში ჩამჯდარს, თავი მუხლებში ჩაემალა, სუსტი მხრები უცახცახებდა ტირილისგან. გული შეეკუმშა თეკლეს ბავშვის დანახვაზე. მასთან ჩაიმუხლა. - თორნიკე! - არ უნდოდა, მაგრამ მღელვარებისგან ხმა მაინც გაებზარა. ხუჭუჭა თმებზე ოდნავ შეეხო. ბიჭუნა კიდევ უფრო მოიბუზა, კუთხეში მოიკუნტა. - ჩემი არ მოგერიდოს, თუ ტირილი გინდა - იტირე, თუ ყვირილი გინდა - იყვირე. უბრალოდ, შენთან ვიქნები, არ შეგაწუხებ, უბრალოდ ვიქნები... - ხმა უთრთოდა თეკლესაც. - მე, მე... - ცრემლები მუშტებით მოიწმინდა ბავშვმა - კაცები არ ტირიან, ბიჭებმა არ უნდა იტირონ!... - კბილების კრაჭუნით, გაბრაზებულმა გამოუცხადა თეკლეს. - მომისმინე, თორნიკე. იქნებ ზუსტად ვერც გითხრა, იქნებ ვერც გამიგო, იქნებ გამიბრაზდე კიდეც, მაგრამ მეც მენატრება ჩემი შვილი, მეც ვტირი ხოლმე ჩუმად ჩემს ოთახში ისე, რომ აკა ბიძიამ არ გაიგოს, თუმცა ის მაინც ხვდება, ისევე როგორ მამა ნიკოლოზი ხვდება შენს ტკივილს. ჩვენ ყველას გვენატრება შენი დედიკო და მამიკო, ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა ისინი... - შენც გენატრება? ჩემი დედიკო შენც გენატრება? - ბავშვის სევდიანი თვალები თითქოს წამიერად იმედის სხივით განათდა, თითქოს მისი ტკივილის მოზიარე ნახა თეკლეს სახით. - ჩემო პატარავ, ნეტაც იცოდე, როგორ ძლიერად უყვარდი მათ, ნეტავ იცოდე, როგორ გელოდნენ, როგორ გელოდით ჩვენც! - გრძნობებს თავადაც გასაქანი მისცა ქალმა. - მაშინ რატომ დამტოვეს? რატომ წავიდნენ? - მათ არ დაგტოვეს. უბრალოდ... - აირია თეკლე, ვერ მიხვდა, როგორ აეხსნა გარდაცვალების მიზეზი ბავშვისთვის. - ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ეწყობა ჩვენ რომ გვინდა. ზოგჯერ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს წასვლაც უწევთ. - მხსნელად აკა მოევლინა ქალს - მამაშენი ცაში წავიდა ანგელოზებთან, იქიდან გიმზერს და შენთვის ლოცულობს, რომ ძლიერი და სასახელო ბიჭი გაიზარდო... - რომ არ წასულიყო არ შეეძლო? - ამჯერად მამა ნიკოლოზს მიმართა მან. - სამწუხაროდ, არა. - ბავშვის მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა მამაომ. - მომისმინე თოკო, ადრე თუ გვიან, ჩვენ ყველანი შევხვდებით მათ, ისევ ვნახავთ, ისევ ერთად ვიქნებით, მაგრამ მაგ ეტაპამდე დიდი დროა. დედიკო და მამიკო ზემოდან გიყურებენ, დაგიცავენ. აქ კი - ჩვენ ვიქნებით შენთან. - არ დამტოვებთ? - ჩვენ?! რომც მოვინდომებთ, ვერ დაგტოვებთ! - თბილად უღიმოდა თეკლე. - ჩემ დედიკოსაც ცისფერი თვალები ჰქონდა! - მოულოდნელად ადგილიდან მოწყდა და თეკლეს ყელზე მოეხვია თორნიკე - არ დამტოვო, აღარ დამტოვო! - ისევ სლუკუნებდა ბავშვი. თორნიკესგან ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდნენ. ისე ძლიერად ეხუტებოდა თეკლეს, თითქოს ეშინოდა ისიც არ დაეკარგა. - არ მიგატოვებ, ვერ მიგატოვებ, გულითაც რომ მოვინდომო, ვეღარ მიგატოვებ, უკვე ვეღარ!... - ხელები უცახცახებდა ქალს. გაოცებული უმზერდა ნიკოლოზი თეკლესთან ჩახუტებულ ბავშვს. დღემდე სასტიკი წინააღმდეგი იყო, თორნიკეს გაშვილების, მაგრამ მათი შემხედვარე ზუსტად ხვდებოდა, რომ ვის, ვის და თეკლეს უარს ნამდვილად ვეღარ ეტყოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.