ძველი პიანინო - 12
12. მიმის კინაღამ ლანგარი გაუვარდა ხელიდან. ქალი ისე წამოდგა, არც უცდია შიშველი სხეული დაეფარა: - ვა რა მაგარი გოგო ხარ, საშინლად მინდოდა ყავა... ქაფქაფა ყავა დიდი ყლუპით მოსვა და მიმის მადლიერი ღიმილით გადახედა: - უფ, გემრიელიაა.. მერე ხალათს დასწვდა და აბაზანისკენ წავიდა. ერთხანს მიმი გაოგნებული იდგა, აღარ იცოდა წასულიყო თუ დარჩენილიყო... მხატვრის სახელოსნოში ათამდე მაინც დიდი ზომის ამ ქალის გრაფიკული ნახატი იყო, ინტერესით დაუწყო თვალიერება... ქალი ძალიან ლამაზი იყო... - ვაიმე, ვაგვიანებ... და უკვე მერამდენედ... მომკლავენ! არც უცდია წესიერად ტანის შემშრალება, სწრაფად იცვამდა სველ ტანზე და თან მიმის ეცნობოდა... სტუმარი ქალი, იქვე ძველ უბანში. პატარა თეატრის მსახიობი იყო... რეპეტიციაზე აგვიანდებოდა, საღამოს სპექტაკლზეც მიიპატიჟა... მაგიდაზე საფერფლის ქვეშ მოყოლებული ფული აიღო, არც გადათვალა ისე გააქანა ჯიბისკენ. - ყავისთვის გმადლობ, სულზე მომისწარი... მიმიმ საპასუხო ღიმილი შეაგება. მოიხიბლა. ძალიან ლამაზი და ზედმეტად თავისუფალი... თავისუფალი და არა ვულგარული ქალით... კართან მისული მიმის მოუბრუნდა: - საღამოს თეატრში შევხვდებით... არც უცდია პასუხს დალოდებოდა სირბილით გადაჭრა ეზო. მხატვარს ისევ ეძინა. არაფერი გაუგია. მიმი სავარძელში ჩაესვენა, თვალები მილულა... „მართლა რას ვაკეთებ აქ?.. რას ვეძებ?.. ისე კონკრეტულად არაფერს... უბრალოდ ვისვენე?.. დიახ, ვისვენებ... ჰმ... რაღაც საოცარია ეს ყველაფერი... შეიძლება სხვის ცხოვრებაში შემოიჭრა და უბრალოდ დაისვენო... განიტვირთო შენი პრობლემებისგან... თანაც ისე რომ სხვა არ დატვირთო და არ შეაწუხო...“ ფიქრებმა კვლავ ძველ სადარბაზოში მიიყვანა... „რა ლამაზია აქაურობა, ამ სიძველის სილამაზე შეუდარებელია... ახლა კი აავსეს ქალაქი ახლ-ახალი უგემოვნო „შედევრებით“... ზოგჯერ ასე მგონია, რომ ყველაზე მახინჯ ქალაქში ვცხოვრობ... რა სამწუხაროა...“ გონებაში ზევით კიბეებზე არბოდა, და თან დანჭყრეული პიანინოს ხმაც, უფრო და უფრო ზევით ეწეოდა.. სახურავიდან ჩამომავალმა კაშკაშა სხივმა თვალი მოსჭრა, ჯერ ვერაფერს ხედავდა... მერე უცებ პიანინო შეწყდა... გამოკვეთილი კაშკაშა სილაპლაპე ეს თეთრი ემალის ქვაბი იყო, რომელიც კარებში მდგარ ქალს ეჭირა... - ქვაბი არ დამიწვათ!.. ქვაბი ორივე ხელით ოდნავ წამოსწია, ალბათ მიმის, რომ კარგად დაენახა, რომელ ქვაბზე იყო საუბარი და სამზარეულოში გაიტანა. მიმი გაოგნებული წამოდგა. ეს ქალიც მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა წინა ქალისგან ბევრად დახვეწილი მანერითა და ჩაცმის სტილით საკმაოდ განსხვავდებოდა. ქალმა საწერი მაგიდის უჯრიდან ამოღებული ფული ჯერ გადათვალა და ისე ჩაიდო ჯიბეში. მერე გაოგნებულ მიმის მიუბრუნდა და ხელით მიანიშნა - ყავა გაგიცივდებოდათ! ერთი კარგად აათვალიერა დაბნეული სტუმარი და გავიდა. მიმის ახლაღა გაახსენდა მისი ყავა... სულ გაყინულიყო, თუმცა მაინც ეგემრიელა. კვლავ სავარძელში ჩაესვენა... „ნეტავ კიდევ ვინმე მოვა?..“ გაფიქრებაც ვერ მოასწრო ახლა კარებში თინეიჯერი გოგონა იდგა, ერთ მხარეს ჩამოშლილი ფერად ზოლებად შეღებილი თმები მეორე მხარეს ძალიან მოკლედ შეეკრიჭა, აპარსვამდე სულ ცოტაღა აკლდა. ხელებზე იდაყვებამდე სხვადასხვა სტილის სამაჯურები აესხა, ძაფებამდე მისულ, დაქექილ ჯინსის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო. - აუუ კიდევ სძინავს რააა... მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს უკმაყოფილოდ შეავლო ხელი, უჯრებიც გამოაღო, მაგრამ ვერაფერი ნახა... „ალბათ ამასაც ფული უნდა“... მიმიმ გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ გოგონამ საკმაოდ უტიფრად. მაგრამ რაღაცნაირი მაცდური თბილი სახით მიმართა: - აუ ფული გაქვს, რომ მასესხო?... მიმიმ მხრები აიჩეჩა და ჩანთას დასწვდა: - გააჩნია რამდენი გჭირდება? - ტაქსის ფული მინდა, სკოლაში მაგვიანდება და... ახალ უფრო თბილად და სიყვარულით გაუღიმა... მიმის გაეცინა და ფული გაუწოდა. გოგონა რამდენად უტიფარი იყო, იმდენად საყვარელი ჩანდა. მიმის სასწრაფო ააცალა ფული და უკვე გარეთ იყო დიდი მადლობაო რომ დაუძახა. „ალბათ უკვე მესამე გაკვეთილს თუ მიუსწრებს... ან იქნებ არც მიდის სკოლაში... იქნებ ამდენი ფულიც არ უნდა მიმეცა...“ ამ ფიქრებში იყო, როცა ზურგიდან ხმა მოესმა: - შარვალი მომაწოდე რა... მხატვარს შეღვიძებოდა და ხელი გამოეშვირა შარვლისკენ. მიმიმ ღიმილით გადაუგდო საღამური პიჟამოს შარვალი და თვალი აარიდა.... სანამ მხატვარი შხაპის მიღებით იყო დაკავებული მიმიმ ისევ ყავა მოამზადა. - მიმი იცი, იმ სახლში რა მოხდა? აბაზანიდან გამოსულმა მხატვარმა, მისი სტუმრის მომზადებული ყავა მოსვა და სველი თმების დიდი პირსახოცით გაშრობა დაიწყო. - სწორედ მაგიტომ მოვედი. - ჰა... დავლაშქროთ?.. აპარატი ხომ თან გაქვს?.. მიმიმ ღიმილით დაუქნია თავი. მანქანა სახელოსნოსთან დატოვა. მხატვართან ერთად ფეხით ჩაუყვა დაღმართს. იქნებ ახლა მაინც რაღაც გაერკვია... „ისე, რა უცნაური სახლია... “ ეზოში შესვლისთანავე სახლის პატრონს გადაეყარნენ, მანაც ახალი მსმენელები გამოიჭირა და სახლის ისტორიის ამბის მოყოლა ისე დაუწყო, რომ არც უკითხავს რა საქმეზე იყვნენ მოსული. - ეს სახლი პაპაჩემის მამამ ააშენა. წინათ სულ ჩვენი იყო, ახლა მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი დამრჩა... მიმი გულისყურით უსმენდა. ძალიან გაუხარდა როცა ოთახების დათვალიერების საშუალება მიეცა, პატრონსაც მეტი რა საქმე ჰქონდა, სიხარულით მოატარა აივნები, ზოგან შეუშვეს, ზოგან სახლში არ იყვნენ. მიმის ყველაზე მეტად სადარბაზო და ის მიმალული ლაბირინთები უფრო აინტერესებდა, მაგრამ სახლის პატრონი ამაზე დუმდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ეზოს მხარე ათვალიერებინა. მხატვარი ათას კითხავს უსვამდა, პატრონი კი არ ჩერდებოდა, ეტყობოდა, რომ დიდი საუბრის მოყვარული იყო. რაც შეეხებოდა გარე სადარბაზოებს, ის მხარე ავარიული იყო, არც სარგებლობდნენ და პატრონმა არც შეახედა იქეთ. - გამოძიების ახალი ვერსიის თანახმად!.. ნაცნობმა ხმაზე მიმი შემობრუნდა. ფიფო უღიმოდა. - დამასწარი მოსვლა?.. აკი დაგირეკავო?... მიმი ცოტა შეყოყმანდა, ან რა უნდა ეთქვა, პასუხიც არ ჰქონდა. თუმცა პასუხი ვინ აცალა, ფიფოს უკან თანამშრომელები ყაყანით მოადგნენ, დაღლილები და დამშეულები, ზოგი სახინკლეში ზოგიც რესტორანში ექაჩებოდა. ყველაზე მეტ ინიციატივას, დილით მიმი, რომ მიაცილა სახელოსნომდე ის იჩენდა. ცალყბად გაუღიმა: - სახინკლეს ისევ რესტორანი სჯობია და თან ახალ ამბებშიც გაგარკვევთ. მხატვარმა თავი უხერხულად იგრძნო და გარიდება ამჯობინა, თუმცა ვინ გაუშვა, ფიფო ეპატიჟებოდა, უფრო იმიტომ, რომ კარგად გაერკვია მიმის გვერდით ვინ ბრძანდებოდა, მიმიც არანაკლებ უხერხულ სიტუაციაში იყო... უხერხულობაზე მეტად ყველაზე უფრო საშინელ დღეში ახალი მდგმური აღმოჩნდა, რომელიც შემოსვლისთანავე პირდაპირ პოლიციელთა ხახაში აღმოჩნდა... მუხლები ეკეცებოდა, ადამიანის ფერი აღარ ედო... ფიფომ ერთი გახედა, მაგრამ რეაქციის გარეშე დატოვა, რა დროს ვიღაც იქაური მობინადრე იყო, როცა მისი რჩეული ვიღაც უცხო, უნიათოდ ჩამული კაცის გვერდით ნახა. ფიფოს მსგავსად არც სხვა დანარჩენ თანამშრომლებს მიუქცევიათ მისთვის ყურადღება, პირიქით, გზაც კი დაუთმეს და თავისუფლად გაატარეს... სახლის კარი, რომ მოიკეტა, მხოლოდ მერე ამოისუნთქა შვებით... ახლა მისთვის ყველაფერი ნათელი იყო, სახეზე არავინ იცნობდა, და ვერც იმას იფიქრებდნენ თუ აქ, ამ სახლში, მათივე გამოდევნილ უბანში დაიდებდა ბინას, ის ვისაც ამდენი ხანი ეძებდნენ... LEX·2016 წლის 15 მაისი, კვირა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.