შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 11


19-03-2017, 01:25
ავტორი Lex
ნანახია 1 378

11.
ჩვილის „გმირობის“ უცნაურმა ამბავმა მთელი ქალაქი მოიცვა, ყველგან ამაზე წერდნენ და საუბრობდნენ. ალბათ ისევ თავდამსხმელებმა თუ შეუსვეს ბავშვი სახლის პატრონს. ოჯახის წევრების დახოცვა არ სურდათ, მხოლოდ მათი დაშინება უნდოდათ...
ასეთი ქმედება უფრო გაფრთხილებას ჰგავდა, საკმაოდ მკაცრ და სასტიკ გაფრთხილებას. ასეთი იყო საგამომძიებლო ვერსია.
ფიფოს ეს საქმე არ ეხებოდა, მაგრამ მაინც დაინტერესდა.
ნაცნობი ეზო... სადარბაზო... სახეზე ღიმილი მოეფინა... მიმის გაცნობა... დანახვისთანავე მოეწონა. მაშინვე თანამშრომელი სათვალთვალოდ ჩაუსაფრა, მიმიზე რომ ყველაფერი გაეგო... მიმი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა თუ ვინმე ადევნებდა თვალს და სახლამდეც კი მიჰყვა.
„ჯიუტი გოგო!.. უნდა გადავაჩვიო თავნებობას... როცა უნდა წავა, როცა უნდა მოვა - მასე სად არის?..“
ჩვილის უცნაურ საქმეს მისი თანაკურსელი იძიებდა...
- ერთხელ მეც ვიყავი მაგ ეზოში, სულ სხვა საქმეზე - უყვებოდა ფიფო.
- იქნებ ერთი და იმავე საქმეა.. ჰა?...
- არა მგონია. კვალმა სადღაც აქამდე კი გამოგვიყვანა, მაგრამ სულ სხვა ადგილას მივაგენით, რადგან ყველგან გზები შევკარით, აქეთ ისევ ჩვენვე გამოვდევნეთ, თუმცა ზუსტად სად და რა ადგილას დაგვისხლტა ხელიდან სამწუხაროდ გაურკვეველი დარჩა, უბანი კი ნამდვილად ის იყო, მაგრამ ზუსტად რომელი ქუჩა, რომელი სადარბაზო გაურკვეველი დარჩა.
- ჰო, აქ რას გაიგებ, პატარა უბანია და იმდენი ვიწრო ქუჩები და შესახვევები, თანაც ეს სახლი ერთი მთლიანი ნაგებობაა, სადაც სამი ზუსტად ერთნაირი უზარმაზარი ეზოა, ლამის ნახევარი ქუჩა უჭირავს. გარე სადარბაზოებიც სამივე ერთნაირია... ადრე თურმე მარტო ერთ კაცს ეკუთვნოდა ეს ყველაფერი, ახლა კი უამრავი ხალხი ცხოვრობს...
საქმე ბევრი იყო. დასაკითხი მეზობლების უზარმაზარი ნაკადი არ წყდებოდა. უმეტესობა ინტერესის გამო იჩენდა ინიციატივას, ზოგმაც თავი აარიდა, მითუმეტეს თუ მაინც არაფერი იცოდა ან არც იცნობდა დაზარალებულ ოჯახს.
ფიფოს თავისი საქმეები კისერზე აწვა, მაგრამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო. თან უკვე ისევ და ისევ გაბუტული მიმის შემორიგების დრო იყო. მთელი კვირაა არ დაურეკავს, არც მიმი იკლავდა თავს ზარებით...
გაუბრაზდა - რას დამსდევო, თუ ჩემში ეჭვი გეპარება კარგად იყავიო...
ფიფო ახსნას ცდილობდა, მაგრამ მიმიმ წესიერად არც მოუსმინა ისე გაებუტა...
ტელეფონს ისევ არ პასუხობდა. ფიფომ ძლივს მოთოკა ნერვები, კინაღამ ტელეფონი კედელს მიანარცხა...
„დამაცადოს... მოვარჯულებ მე მაგას...“

***
აბაზანიდან გამოსულ მიმის ტელეფონი ზარებითა და მესიჯებით ავსებული დახვდა. „როგორ მეზიზღება ეს ტელეფონი“
უდიერად მიაგდო მაგიდაზე...
არც კი უნახავს ვინ ეხმიანებოდა, არავის გაგონება არ სურდა... თითქოს ძველი მეგობრებიც მობეზრდა... არა კი არ მობეზრდა, უბრალოდ თვითონ შეიცვალა... მათი ინტერესები მისას აღარ ემთხვეოდა... მათთან უკვე ხშირად იწყენდა... ფიფოს ფხუკიანობაც კი ნერვებს უშლიდა, რაც უფრო მეტად უნდოდა ამ ბიჭთან დაახლოვება, მით უფრო მეტად შორდებოდა...
„რა ადვილად იმსხვრევა ოცნებები და ურთიერთობები... დამსხვრევას კი რა უნდა... წამში ხდება...“
ფიქრი დედამ შეაწყვეტინა:
- ფიფო გირეკავდა ქალაქის ტელეფონზე, იმ ჩვილი ბავშვის ამბავი ჩვენს ნაცნობ სახლში მოხდაო, თუ აინტერესებს საღამოს შემოვირბენ და წავიყვანო...
- რა ვიცი დეე რა ვიცი... დავურეკავ მე თვითონ...
- გირეკავდა თურმე... არ იღებდი
- აბაზანაში ვიყავი! როგორ გავიგებდი!..
გაბრაზებულმა მიახალა დედას.
დედამ ხელები უკმაყოფილოდ გაშალა და ოთახიდან გაეცალა. მიმის გული შეეკუმშა, დედა რა შუაში იყო, სულ ტყუილად შეუღრინა...
- დე, გინდა ხვალ სასაფლაოზე ავიდეთ?.. რა ხანია არ ვყოფილვარ... შენ კი, ჩემი მოუცლელობის გამო სულ ავტობუსით გარბენინებ...
- სასაფლაოზე ასასვლელი ავტობუსი შაბათობით უფასოა.
- ფასი რა შუაში?.. განა მე ფულს გახდევინებ? – მხიარული ღიმილით ჩაეხუტა დედას. - რა ვქნა დეე, სულ გადარბენაზე ვარ და აბა დაღამებულზე ხომ არ ავალთ...
მიმიმ ყავა ერთი ყლუპით მოსვა:
- შენზე გემრიელ ყავას არავინ ამზადებს, რომ იცოდე...
და ისევ ტელეფონის ზარი, ამჯერად უპასუხა ბოღმისაგან გამწარებულ ფიფოს და საღამოს დარეკვასაც შეჰპირდა.
სამსახურს, რომ ჩაუარა... არ გააჩერა, გზას ისე მიჰყვა არც იცოდა სად მიდიოდა...
შუქნიშანზე ზომაზე მეტ ხანს გაჩერებული უკნიდან მანქანის გაბმულმა სიგნალმა გამოაფხიზლა. შეყოყმანდა. მარჯვნივ აღმართი იმ ძველი უბნისკენ მიდიოდა...
დაიბნა, აღარ იცოდა წინ წასულიყო თუ გზიდან გადაეხვია, თუმცა ფიქრი ვინ აცალა. მის გამო შეჩერებული მანქანების რიგი ყურისწამღებად უსიგნალებდა. მიმის უკან მომდგარი მანქანიდან გადმოსული მძღოლი გინებით მივარდა და კარი ლამის გამოუგლიჯა, ისედაც ფერმკრთალ მიმის ახლა სულ დაკარგვოდა ელფერი...
მიმის გაფითრებული სახის დანახვაზე კაცი ცოტა შეცბუნდა, უკან დაიხია, თითქოს ეწყინა რომ ქალი შერჩა ხელში, მისთვის უმჯობესი იქნებოდა ვინმე კაცისთვის მაგრად დაემტვრია ცხვირ-პირი. კაცმა თავისიანებს ხელით რაღაც ანიშნა, მერე მიმის შეუღრინა, მძღოლის გვერდით ადგილზე გადასულიყო თვითონ კი მისი ადგილი დაიკავა:
-საით მიდიხარ? მიგიყვან, შენი გულისთვის უნდა დავაგვიანო, მაგრამ...
მიმი აღმართისკენ ხელი გაიშვირა და წაილუღლუღა...
კაცმა ცოტა გაკვირვებით მეც იქეთ მოვდივარო.
ნაცნობ სადარბაზოს რომ ჩაუარეს, კაცმა მანქანა შეანელა და თვალიერება დაუწყო სახლს, მიმის რაღაც უსიამოდ გაჟრჟოლა.
- ეს ქუჩა ჩიხით მთავრდება შენ საით?
- ქუჩის ბოლოში თუ შეიძლება.
როგორც იქნა მიმის ხმაც დაუბრუნდა და ფერიც...
კაცი ისე ჩამოვიდა მანქანიდან და კარიც ისე მიაჯახუნა, უკან არც მოუხედავს. მიმი მხატვრის სახლისკენ წავიდა...
სახელოსნოში შესასვლელი პატარა შუშაბანდით იწყებოდა, რომელიც ერთ მხარეს სამზარეულოს მაგივრობასაც სწევდა, მეორე მხარეს კი აბაზანის და საპირფარეშოს. შუაში კი მთავარ ოთახში შესასვლელი კარი იყო. მიმი ფრთხილად შეაღო, ასე ადრიანად უეჭველი ეძინებოდა, სანამ გაიღვიძებდა ყავაც მზად დახვდებოდა...
მხატვარს ღრმად ეძინა, საბანი ნახევრად გადამძვრალი ჰქონდა... მის გვერდით კი ნამძინარევმა ქალმა თავი წამოჰყო...

LEX·2016 წლის 13 მაისი, პარასკევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent