შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 8


16-03-2017, 00:12
ავტორი Lex
ნანახია 1 542

8.
ეზოს მკრთალად ანათებდა სახლის ფანჯრებიდან გამოსული შუქი. მიმიმ ძლივს გააკვლია გზა მხატვრის სახლამდე. იცოდა კარი ბოლომდე ისედაც არ იკეტებოდა, ერთი მიწოლაც საკმარისი იყო მის გასაღებად. მისვლისთანავე რაღაც მძაფრი სუნი ეცა, ოთახი კვამლით იყო სავსე, სუნთქვა ჭირდა. კარი ბოლომდე შეაღო.
- ცოტა სუფთა ჰაერი არ გაწყენდა...
სავარძელში თავგადაკიდებულმა მხატვარმა წარბები ასწია, შეეცადა თვალები უკეთ დაეჭყიტა... მიმის გაუღიმა და თავისი ხელით შეკეთებული სიგარეტი გაუწოდა:
- გამომართვი, მოგიხდება.
მიმიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. მხატვარმა კვლავ შესთავა:
- აჰა, მოგიხდება, მეთქი...
- არა, არ მინდა... სიგარეტსაც კი დავანებე თავი რა ხანია...
- სიგარეტი ჩვევაა... „дурная привычка“ ... ეს კი ცოტა აზრზე მოგიყვანს.
მიმიმ მხრები აიჩეჩა:
- მშვენივრად ვგრძნობ თავს.
- ჰოოო?.. ვითომ?.. მაშინ ამ დროს აქ არ მოხვიდოდი...
მხატვარმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და ისევ გაუწოდა მიმის:
- ყველასგან და ყველაფრისგან გამოქცეულო... იგემე შხამი ბუნებისა და განიწმინდე დარდებისგან...
ორივეს გაეცინა, მიმიმ მისკენ გამოწვდილი ხელნაკეთი სიგარეტი ჩამოართვა და სავარძელში მოკალათდა...
ორიოდ ღრმა ნაფაზის მერე სახე გაებადრა, მთელი ტანით მოეშვა... გრძნობდა როგორ გამოდიოდა მისი სხეულის ყოველი უჯრედიდან უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები და ჰაერში ორთქლდებოდა... დაძაბულობაც ამ ჰაერს შეუერთდა... სადღაც გაქრა...
„ფიფო ალბათ ახლა სკდება რეკვით... ტელეფონი ჩანთაში მაქვს... ჩანთა მანქანაში.... მანქანა კი ქუჩაში...“ - ეღიმებოდა მიმის.
„დიახაც რაღაცას მივაგენი... და სწორადაც მივხვდი... როგორ არ უნდოდა ფიფოს დამარცხება ეგრძნო... ჰმ, როგორ ეწყინა ბიჭს... გული მოუვიდა... იმის მაგივრად რომ გახარებოდა... ეწყინა... ეწყინა! ეწყინა! დიახაც ეწყინა!.. თან შეშურდა... ჯიუტი... მაინც თავის სიტყვაზე იდგა!.. იდგა და იდგეს!..“
გონებაში აირია რაღაც სასიამოვნო და ამღვრეული ნისლივით გაიფანტა... მალე ამას დაემატა კიდევ რაღაც ახალი შეგრძნება.. თითქოს ნაცნობიც... თითქოს... საშინელი შიმშილის გრძნობა ისე დაეუფლა მთელს სხეულს, რომ ლამის კუჭი ამოაწვა ყელში და რაღაც გაჩხერილი ბურთივით ჩასუნთქვის ნებას არ აძლევდა...
ამ დროს თითქოს მის სულში იჯდაო მხატვრის წყნარი ხმა მოესმა:
- არ გშია?..
სანამ მიმი მხატვართან ერთად გემრიელად შეექცეოდა შუაღამით შემწვარ კარტოფილს, ფიფო დამწყვდეული ლომივით გადი-გამოდიოდა კაბინეტში... არადა როგორი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ამ საქმეს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ახლა კი ყველაფერი უკუღმა ამოყირავდა...
„თუ ამ სახეების მოსვრა მართლაც რაიმეს ნიშნავს... მაშინ ყველგან ერთი ხელწერა... და ქალაქში სერიული მკვლელი...“
მიმის წყალობით ყველაფერი თავიდან უნდა გადაესინჯა და განეხილა... ხელჩასაჭიდიც დიდი ვერაფერი ჰქონდა...
მიმი.. ძალიან მოუნდა მისი ხმის გაგონება. დიდ ხანს არც უფიქრია, ტელეფონს დასწვდა... მიმი არ პასუხობდა.
„ალბათ სძინავს... ან გაიბუტა...“ - ფიფოს გაეღიმა...
შინ მიმავალმა შორი გზიდან მოვლა არჩია, ასე მიმის სახლსაც ჩაუვლიდა. მანქანაზე თავისი ხელით, პატარა ბარათზე დახატულ ნიღაბს დაუმაგრებდა... დილით ეს რომ დახვდებოდა, მიმის უეჭველი გაეღიმებოდა და განაწყენებულ გოგოსაც შემოირიგებდა.
საშინლად აღელდა, როცა მიმის მანქანა ეზოში არ დახვდა. ახლა უფრო გამალებით დაუწყო რეკვა... მიმი კვლავ არ პასუხობდა.
„გამაგიჟებს ეს გოგო!.. სად დადის ამ შუაღამისას!“...
წამოწვიმა.
გარეთ იქეთ-იქეთ სიარულს, ისევ მანქანაში დალოდება ამჯობინა.
„სად წამივა... ბოლოს და ბოლოს ხომ მოვა სახლში...“
გაგულისებულმა სიგარეტის ცარიელი კოლოფი ფანჯრიდან მოისროლა.
გვიან ღამით მიმის მანქანის შემონათებამ ჩაძინებული ფიფო გააღვიძა. სანამ გამოფხიზლდა მიმი უკვე სახლში იყო ასული.
ფიფო ისევ ტელეფონს ეცა...
მიმიმ კვლავაც არ უპასუხა...

LEX·2016 წლის 29 აპრილი, პარასკევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent