ძველი პიანინო - 25
25. - ხშირად აღმზრდელებისა თუ მშობლების სისასტიკე აღზრდილის სულზე აისახება და იმდენად ძლიერ კვალს აჩენს, რომ მისი დეფორმირებული სული თანდათან სხეულზე გადადის და სახეც დეფორმირებული უხდება... გამომეტყველება, ქმედება, ქცევა... ამ დეფორმაციას უკვე ბოროტება ჰქვია და სათავეს სწორედ იმ ჩანასახიდან იღებს, როცა მისი სულის წეწვა დაიწყო... - მხატვარმა სიგარეტს დაუწყო ძებნმა, მაგრამ ამაოდ, ყველა კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა. მიმიმ თავისი სიგარეტის კოლოფი გაუწოდა: - ვიცი ასეთს შენ არ ეწევი, მაგრამ.. - არაუშავს... წავა.. მხატვარი თავის სავარძელს დაუბრუნდა, სიგარეტს მოუკიდა თუ არა დაიჯღანა: - ამას მართლა, როგორ ეწევი... - ხანდახან შეიძლება... ამ ბოლო დროს ისევ დავიწყე... - ჰოდა, სად გავჩერდით?... - დეფორმირებული სულიო და... მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა, რამოდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და გააგრძელა: - იყო ერთი ასეთი - იმაე“ (imae) - სულელი სოფლის გიჟი. ისეთივე გიჟი, როგორც სხვა ყველა სოფელს ჰყავს... თითო გიჟი... ჰოდა, მისი ბატონი, კარგად განათლებული და სწავლული კაცი, საკმაოდ მკაცრი და სასტიკი იყო, თავისი დაბალი კლასის, სულელი მსახურის მიმართ, მაგრამ იმაე - პერსონაჟია, თუმცა სინამდვილის წიაღიდან წარმოჩენილი, მაგრამ მაინც პერსონაჟია და არასოდეს არარის ბოროტი, პირიქით უბოროტო და უანგარო მსახურია და სამიზნეა სწავლული ბატონის სიბოროტისა და ღვარძლისა... ეჰ, ერთისთვის კომედიის თამაში, მეორესთვის შეიძლება ტრაგედიაც იყოს... - მხატვარმა ყავის ცარიელ ფინჯანს ჩახედა. მიმი მკვირცხლად წამოხტა: - ახლავე მოვამზადებ. მხატვარს გაეღიმა, სიამოვნებით მიირთმევდა მიმის მომზადებულ ყავას, მით უფრო, რომ წამოდგომის თავიც არ ჰქონდა. მთელი ღამის ნათევს, მერე მთელი დღე ეძინა, და კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა ძილის მიმი რომ არ დადგომოდა თავს... მხატვარმა მოუბოდიშა მხოლოდ ყავის და ერთი კრუასანის მეტი ვერაფერი ვიყიდე, ფული არ მქონდაო, და ენაზე იკბინა კიდევაც, ამით ხომ ფიფო ჩაუშვა, თუმცა უმალ გამოასწორა, მეძინებოდა ვეღარ გავძელიო, ფიფო დარჩა, საქმე გააგრძელაო და მიმიც დამშვიდდა, თუმცა სულაც არ უნერვიულია, მაგრამ მხატვარმა ასე ჩათვალა და მშვიდობის მტრედი აუფრინა წყვილს... „მალე დაღამდება და არც კი დაურეკავს... ვინ იცის იქნებ როგორი დაღლილი მივიდა სახლში... იყოს დაისვენოს, თვითონ დარეკავს რომ გამოიძინებს... და მხატვარი როგორ იცავს... თითქოს მართლა ვეჭვიანობდე...“ სწორედ ამ დროს, როცა მიმი ფიქრებში იყო ფიფო კარს მოადგა და ყავის შეკვეთაც მისცა. „თავის სავარძელში“ მოკალთდა და მხატვარს შეხედა: - აბა რას გვეტყვით ექსპერტო! ორივეს გაეცინათ, მიმი ცხელი ყავა შემოიტანა, ფიფოს მოტანილი ნამცხვრები გაანაწილა. - მართალია კრუასანები დილით ვერ მოგართვი, მაგრამ სამაგიეროდ საღამოს გამოვასწორე.. ხომ გამოვასწორე?.. იმედია ჩამეთვალა. აროხროხდა ფიფო, პაკეტიდან სიგარეტის რამოდენიმე კოლოფი და კონიაკის ბოთლიც ამოაძვრინა. - სახლამდე არ მომაყვანინა თავი გზაში ჩამოვიდა, თორემ გამახსენდებოდა გამოვატანდი, თანამშრომელიც მანქანაში მეჯდა სახლში უნდა გამეყვანა... მიმიმ რაღაცნაირი გამჭოლი მზერა სტყორცნა, ფიფოს არაფერი შეუნიშნავს, მხატვარი შეცბუნდა, ტყუილში დაიჭირეს, მართალია სულ უმნიშვნელო, თითქოს არაფერის მთქმელი, მაგრამ მაინც ტყუილი იყო და რაში დასჭირდა?... „მეგობრად ვთვლი... ფიფოზე მეტად უფრო ვენდობი... რაღაცას უაზროდ რატომ მატყუებს?.. რომ ეთქვა, ნუთუ ვერ გავუგებდი?.. რა იყო ასეთი გაუგებარი და უთქმელი?.. თუ ვინ იყო?..“ და უცებ სპონტანურად, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მიმის ნასროლმა სიტყვებმა ორივე ბიჭი დაადუმა - მოდით, შევთანხმდეთ! ტყუილები ერთმანეთს არასდროს ვუთხრათ! და თავადვე შერცხვა, წამოწითლდა, თითქოს მხატვრის თვალები ეუბნებოდნენ, „ნუთუ პირველი მატყუარა შენ არ ხარ?.. რატომ არ უყვები ფიფოს სადარბაზოში გადამხდარი ამბებსო...“ წამიერი სიჩუმე საშინელი გამოდგა, მეგობრები ერთმანეთს თითქოს მტრებივით, მაგრამ მაინც დარცხვენით შეჰყურებდნენ... პირველად მხატვარი მოეგო გონს: - კარგი, რა?.. რა მოხდა ასეთი?... მხოლოდ ის ვთქვი, რომ დაღლილი ვიყავი და წამოვედი, ფიფო დავტოვეო... ნუ გზაში დავტოვე, რა მოხდა მერე?.. ისეთი დაღლილი ვიყავი და ისე მეძინებოდა დეტალების მოყოლის თავიც კი არ მქონდა... რა? დავაშავე რამე?.. ყველას გაეცინა, სამივემ ამოისუნთქა, თავ-თავის წილი საიდუმლო ყველას ჰქონდა და მისი გამომზეურების არც დრო იყო და არც სურვილი... ყველაზე მეტად კი მიმი წუხდა... ვინ ექაჩებოდა ენაზე?... კიდევ კარგად გამოძვრა სიტუაციიდან... საშინლად ბრაზობდა თავის თავზე... „სინდისზე და ღირსებაზე მიდგა საქმე... აქ კი ყველას ჩასვრილი გვაქვს... ჯერ საკუთარ ცოდვებს უნდა მიხედო, სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ საკუთარ სულში უნდა მოიძიო... ნიღბის ქვეშ ვიმალებით... ოჰ ისევ ეს ნიღაბი... ... ისე რა საყვარელი ბიჭია, ზოგჯერ მგონია, რომ ფიფოზე მეტად მასთან უფრო მიხარია დროს გატარება... ზოგჯერ კი არა უფრო ხშირადაც...“ ბიჭები საუბრობდნენ მიმის არც ესმოდა, მხატვარს ახალი თვალით აკვირდებოდა და თავის ფიქრებში იყო... „რა სიმპათიურიც ყოფილა... ახლა შევამჩნიე...“ LEX·2016 წლის 27 ივნისი, ორშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.