შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა (თავი 1)


10-04-2017, 00:02
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 598

ორშაბათი: 08:30
ჩადუნელის ქუჩის აღმართს თუ აუყვებით, ას მეტრში ვიწყო იტალიურ ეზოს წააწყდებით, სადაც პატარა ოთახებია ჩამწკრივებული. სახლებს რკინის შავი ღობე აკრავს და უკვე გაცვეთილი, თითქმის უმოქმედო ასევე შავი რკინის კარით იღება.
ამ დროს, მხოლოდ ერთი ოთახის ფანჯარაში შენიშნავთ მბჟუტავ შუქს. თორმეტი კვადრატული სიდიდის ოთახში ორი პატარა პრუჟუნიანი ლოგინი დგას, რომელთა რკინის თავები ერთმანეთს ეყრდნობა და ოთახში მართ კუთხეს ქმნის შესასვლელიდან მარცხნივ. კარის მარცხენა მხარეს კედელზე მიბჯენილი პატარა მაგიდა დგას, რომელზე ტაფები, ჭურჭელი, ელექტრო ჩაიდანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორიც კი დგას. სულ ცოტა ადგილია დარჩენილი, რომ ჭამა შეძლო. მარჯვენა მხარეს მაღალი და თხელი თეთრი კარადა დგას, პატარა სარკით.
სარკის წინ 170 სმ. სიმაღლის, 19 წლის, თეძოებამდე კუპრივით შავი თმით, საშუალოზე გამხდარი, შოკოლადისფერი გოგონა დგას და ასევე კუპრივით შავი თვალებით ათვალიერებს სარკეში საკუთარ გამოსახულებას. საკმარისზე მეტადაც კი მოსწონს საკუთარი თავი და ფრთხილად, ლასლასით ივარცხნის თავის გიშრის თმებს. ფიქრობს უნივერსიტეტზე, როგორი იქნება მისი პირველი დღეები, როგორ შეეჩვევა ახალ გარემოს, ახალ ქალაქს და მარტო, მამასთან ერთად ცხოვრებას, რომელიც მთელი დღე მუშაობს და მხოლოდ ღამით, დასაძინებლად სტუმრობს პატარა ოთახს, დილით კი მზის ამოსვლასთან ერთად შეუმჩნევლად გადის ოთახიდან. არ იყო შეჩვეული მამასთან ცხოვრებას, წამიერად თავისი პატარა ქალაქი, დედა და ორი წლით უმცროსი დაიკო მოენატრა.
გოგონა მარტოსული იყო შინაგანად, შეყვარებულიც კი არასოდეს ჰყოლია, მაგრამ მაინც ძალიან მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. საზოგადოების მხრიდან აღიარება სჭირდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამას იმსახურებდა. თუმცა, არ უყვარდა გოგონებთან კონტაქტი, ბიჭებთან უფრო მარტივი იყო, რადგან თითქმის არავინ ემეგობრებოდა. ყველა მის ლამაზ მკერდს აკვირდებოდა ჩუმ-ჩუმად და კუდში დაჰყვებოდნენ, ამას ხვდებოდა გოგონა, მაგრამ ეს იმდენად თავდაჯერებულობას ჰმატებდა, რომ არასოდეს არიდებდა თავს მსგავს სიტუაციებს. ფლირტში აჰყვებოდა კიდეც, ეშმაკურად გაუღიმებდა და თავისი ძლიერი, მამაკაცური აზროვნებით, მათი ყოველი გაფიქრება წინასწარ იცოდა, რაც ღიმილს ჰგვრიდა და ერთობ აღტაცებით ავსებდა. ისედაც არ აკლდა თავდაჯერებულობა, ეგო საშუალოზე მაღალი ჰქონდა და სადაც არ უნდა მომხვდარიყო, ვისაც არ უნდა დამეგობრებოდა, ყველასთვის მისი აზრი საკმარისზე მეტად ფასობდა. ამას ხვდებოდა გოგონა და საერთოდაც, ძალიან მიხვედრილი და ჭკვიანი იყო.
ამ დილით ძველ ბრეტელებიან ცისფერ მაისურს, წვრილი მკლავები მოაჭრა და კაბასავით ამოიცვა, ზედატანად ლამაზი ფრიალა და თეძოებამდე დაშვებული თხელი თეთრი მაისური გადაიცვა და შუაში დიდი ქამარი მოირტყა. იცვამდა თამამად, ზოგჯერ გამომწვევადაც, რადგან მისი თავდაჯერებულობა ყოველთვის ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ ის განსაკუთრებულია, ხოლო თუ განსაკუთრებულია, მისი ყველა ქმედება და თუნდაც ძველი მაისურის კაბად ამოცმაც განსაკუთრებული რამ იყო. დაე, მაგალითი აეღოთ მისგან. ფეხზე თხელძირიანი თეთრი ტაპკები ამოიცვა და ტელეფონს დახედა. უკვე 9 საათი სრულდებოდა, მაგრამ პირველი ლექცია 12 საათზე ჰქონდა, ამიტომ არსად ეჩქარებოდა. ნიკაპის წვერებისკენ დახრილი პატარა ტუჩები, რომლის ბუნებრივად დახურვის შემთხვევაში, გოგონას თითქმის მოწყენილ სახეს ჰფენდა, ოდნავ მოიკვნიტა და ლოგინზე ხვნეშით ჩამოჯდა. ყავის დალევა გადაწყვიტა, დიდად არ უყვარდა და არც აფხიზლებდა, როგორც ამას უმეტესობა გაიძახის, მაგრამ სხვა საქმე ვერ იპოვა და ამიტომ ელექტრო ჩაიდანს ხელი ჩამოჰკრა. თვითონ კი იქვე, მაგიდასთან ჩამოჯდა, ნიკაპით მარჯვენა ხელს დაეყრდნო და ჩაიდანში ცისფერ შუქს დააკვირდა, თანდათან როგორ იბერებოდა მასში დაგუბებული წყალი, თითქოს იბრძვისო. ასეთ ახსნებს მოუძებნიდა ხოლმე გოგონა ბუნებრივ მოვლენებს და ამაზე ისტერიკულად ეცინებოდა. უცბად, მისი ბავშვობის მეგობარი, ოლიკო წარმოიდგინა მის გვერდით, რომელთან ერთადაც ახლა ბევრს იცინებდა მსგავს სულელურ წარმოდგენებზე და გული შეეკუმშა მონატრებისგან. სამი წელი არ ენახა თავისი უახლოესი მეგობარი, თუმცა ამ სამი წლის მანძილზე სკაიპი, ფეისბუქის მესენჯერი და ვაიბერი მისთვის განუყრელ მეგობრებად იქცნენ ოლიკოს გამო. „ნეტა როდის ჩამოდის...“ -გაიფიქრა გულშეკუმშულმა და ჩაიდანს ჩააშტერდა. უკვე თუხთუხებდა, იბრძოდა და ღრიალებდა... ისევ გაეღიმა გოგონას და ჩაიდნის ცისფერი შუქი ტკაცუნით ჩაქრა.
ყავა გაიმზადა, ლოგინზე მოკალათდა და ტელეფონი მოიმარჯვა. ონლაინ მეგობრებს ჩამოჰყვა და მწვანე წერტილით დამშვენებულ ოლიკო ბოლქვაძის სახელზე დააწკაპუნა.

თეკლე ბარათელი: ოლი, რაშვები? :*
ოლიკო ბოლქვაძე: გირეკავდი წუხელ, რატომ არ დამელოდე? საქმე მქონდა. საერთოდ არ გიყვარვარ ხო?
თეკლე ბარათელი: გელოდებოდი და ჩამეძინა, დროის სხვაობაც უნდა გაითვალისწინო, ქალბატონო : )) დღეს პირველი დღე მაქ უნიში და მაგრად მეზარება.
ოლიკო ბოლქვაძე: მე ამირჩიე საგნები? სამ დღეში ჩამოვდივარ.
თეკლე ბარათელი: 3 დღეში? რატომ არ მითხარი გოგო? კი აგირჩიე. აეროპორტში დაგხვდები, რომელ საათზე ჩამოდიხარ? მარტო ჩამოდიხარ თუ შენებიც მოდიან?
ოლიკო ბოლქვაძე: გუშინ ვიყიდეთ ბილეთები და შენ დაგეძინა, თორე გუშინვე გეტყოდი. რა მარტო, ჩემი და-ძმა, დედაჩემი და მამაჩემიც ჩამოდიან. კიდე კაი ბებია და ბაბუაც არ მომყვება, თორე ეგ მძიმე არტილერიაა. შპიონთა რაზმი. : |
თეკლე ბარათელი: :დდ გიჟი ხარ გეუბნები. მალე ჩამოეთრიე. ჩვენს უნისთან ძაან “ძერსკი“ კაფე აღმოვაჩინე, იქ დავსხდეთ ხოლმე.
ოლიკო ბოლქვაძე: კაი, გავედი ეხლა ჩავალაგებ რაღაცეებს. რამდენი რამე გიყიდე რო იცოდე. :*
თეკლე ბარათელი: რა მიყიდეე? : )) კაი მიდი და როდის გავა ეს სამი დღე, უკვე ვეღარ ვითმენ.

ოლიკო უკვე აღარ იყო ონლაინზე და პასუხიც ვეღარ მიიღო თეკლემ. ისევ საათს დახედა, ათი სრულდებოდა. ყავა მოსვა და ფეისბუქზე დაიწყო ძრომიალი. მესენჯერმა გაიწკაპუნა და ამჯერად თავისი არც ისე ახლო მეგობრისგან მიიღო შეტყობინება, რომელსაც ხშირად არ ხვდებოდა, მაგრამ ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ ძველი ქალაქიდან და ახალ ქალაქშიც იმ საერთო მეგობრებიდან მხოლოდ თეკლე და ანა იყნენ.

ანნა გელაშვილი: რაშვები ჩიტუნი?
თეკლე ბარათელი: რავი, შენ??
ანნა გელაშვილი: რავი მეც ეგრე, გოგო დღეს საღამოს გამო რა ჩემთან. მისამართს მოგწერ.. ბავშვები ვიკრიბებით და კაი პონტი იქნება. ჩემთვისაც ახლები არიან ჯერ, ჩემი უნივერსიტეტელები არიან და მარტო ნუ დამტოვებ და გთხოვ.
ანნა გელაშვილი: კაიი?
ანნა გელაშვილი: თეეეკ : ((
თეკლე ბარათელი: ვინები არიან? ხო კაი ამოვალ. მომწერე მისმართი და რომელზე ამოვიდე?
ანნა გელაშვილი: აუ მიყვარხაარ... გაიცნობ რა, კაი ტიპები არიან. რავი, როცა გინდა მაშინ ამოდი, კოტე აფხაზის 104 კორპუსია. მეორე სადარბაზოა, მეორე სართული. წითელი კარია. თუ ვერ მოაგნებ, დამირეკე. ხომ გაქვს ჩემი ნომერი?
თეკლე ბარათელი: ჰო ვიცი. დაგირეკავ.
ანნა გელაშვილი: გკოცნიიიიი და გელოდებიიიიი

თეკლემ აღარ უპასუხა, მობეზრებულად ამოიხვნეშა. თუ გოგონების კამპანიაში მოუწევდა ყოფნა, ეს არ იქნებოდა კომფორტული მისთვის და დიდხანსაც არ გაჩერდებოდა, რამეს მოიმიზეზებდა და მალე წამოვიდოდა იქედან. ისევ დახედა საათს: 10:50. უცებ წამოდგა, შავი ტყავის ჩანთა გადაიკიდე მხარზე და გავარდა ოთახიდან. ხის თეთრი კარი მესამე ცდაზე მყარად მოაჯახუნა, გადაკეტა და გასაღები ხალიჩის ქვეშ მოათავსა, რადგან ერთი გასაღები ჰქონდა მას და მამას, შესვენებაზე კი ალბათ მამამისი სახლში გამოივლიდა.
უნივერსიტეტში მისასვლელად ორი ტრანსპორტის გამოცვლა ჭირდებოდა და რადგან ქალაქი საკმაოდ დიდი იყო, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა უნივერსიტეტში მისვლამდე. ნაბიჯს აუჩქარა გოგონამ. იმდენად გამხდარი იყო, შორიდან რომ შეგეხედათ მისი სწრაფად მიმავალი სილუეტისთვის, გეგონებოდათ ბუმბული მიფრინავსო. ჩამვლელები ინტერესით აკვირდებოდნენ, განსაკკუთრებით ბიჭები და ზოგი დაუსტვენდა კიდეც. დიახ, გოგონა საკმაოდ ეშხიანი და მიმზიდველი იყო საწინააღმდეგო სქესისთვის და მათში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თეკლე ზედმეტად მომთხოვნი გახლდათ. ოლიკოს მუდამ უკვირდა, რას უწუნებდა ის ბიჭებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მისი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ რატომღაც არაფერი გამოსდიოდათ. გოგონას დაკვირვებულ თვალს არ ეპარებოდა მათი ფარული ჩანაფიქრები თეკლეს მიმართ.
ყვითელი ავტობუსი ხმაურით გაჩერდა გოგონას ფეხებთან და სწრაფად აფრინდა ავტობუსში. თავისუფალ ადგილად დაჯდა, ყურსასმენები გაიკეთა და ინტერესით ათვალიერებდა მისთვის უცხო ქალაქის ქუჩებს.

10 წუთით დააგვიანა გოგონამ ლექციაზე შესვლა, ეგონა ლექტორი საყვედურს ეტყოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად არც კი შეუხედავს დაგვიანებული სტუდენტისთვის. თეკლემ, როგორც ჩვევია თავაწეული, ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა აუდიტორიაში, არც კი შეუთვალიერებია საზოგადოება ისე მისრიალდა პირველი მერხის თავისუფალ სკამზე და დაჯდა.
ორი საათი ყურადღებით უსმინა ლექტორს, დროდადრო ბლოკნოტში საჭირო ინფორმაციას ინიშნავდა. ლექცია დასრულდა, თეკლე წამოდგა და აუდიტორიის კარისკენ დაიძრა, როცა მოულოდნელად, წინ ქერა ლამაზმანი გადაეღობა სიცილით. თეკლემ მკრთალად შეათვალიერა.
გოგონა სიმაღლით 168 სმ. იქნებოდა, წელამდე ოქროსფერი თმა ამშვენებდა, შუა ლოყამდე დაყრილი წინაჩოლკით, კრემისფერი კანი და ულამაზესი ბარბის ნაკვთები ჰქონდა. ცისფერი, კატისებრი თვალები უბრწყინავდა და ვარდისფერ სავსე ტუჩებს მოუთმენლად აცმაცუნებდა. თეკლეს მარჯვენა ხელი გამოუწოდა და თავისი ოდნავ უსწორმასწორო, მაგრამ თეთრი კბილებით გაუცინა. სიცილის დროს თვალები ოდნავ ეხუჭებოდა და მის ირგვლივ კანი შესამჩნევად ეჭმუჭნებოდა. თეკლეს მოეჩვენა, რომ გოგონას სიცილი ძალიან უხდებოდა და კარგ ხასიათზე აყენებდა. პირველად ცხოვრებაში, უცნობი გოგონას მიმართ დადებითად განეწყო.
-მე ტატა ვარ. ძალიან ლამაზი თმა გაქვს, გავგიჟდი რომ შემოხვედი, ძალიან მოვლილი და თან ასეთი გრძელი, როგორ უვლი? რაიმე ნიღაბს ხმარობ? მეც მასწავლე რა. -გოგონას ღიმილი და გაოცება არ შორდებოდა სახიდან და მარჯვენა გაწვდილი ხელი მოუთმენლად ჩამოუსვა თეკლეს თმის ბოლოებს.
-რავი აბა, არანაირ ნიღაბს არ ვხმარობ. ალბათ გენეტიკურია, დედაჩემს და ჩემს დასაც კარგი ხარისხის თმა აქვთ. -მშვიდად და ჩვეული თავდაჯეებით უპასუხა თეკლემ.
-მართლა? საოცარია, მე კიდე რას არ ვხმარობ, მაგრამ დაყოფილ ბოლოებს ვერაფერს ვშველი. -უკმაყოფილოდ ასწია პატარა ცხვირი ტატამ და შემდეგ ისევ გაუცინა თეკლეს. -ჰო, რა გქვია?
-თეკლე. თეკლე მქვია. -მკრთალად გაუღიმა გოგონამ.
-სასიამოვნოა, წამო ეხლა ყავა დავლიოთ. არ გინდა? ქვევით ლამაზი ბუფეტი გვაქვს. მე დაგპატიჟებ. -პასუხს არ დალოდებია ტატა, ხელკავი გამოსდო თეკლეს და ლასლასით წაიყვანა კარისკენ.
თეკლესაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ყავის დიდი მოყვარული არ იყო და ახალი დანალევი ჰქონდა, მაინც გაჰყვა გოგონას. კურსელი მეგობარი არ აწყენდა, ბევრ რამეში წაადგებოდა. მარტოსულივით ყოფნას ერჩივნა ვინმესთან ემეგობრა, თანაც ტატასნაირი მხიარული და ზედაპირული გოგონა ნამდვილად კარგი თავშესაქცევი იქნებოდა.
მდიდრულ, მარმარილოს კიბეებს ჩაუყვნენ და ცოტა ხანში ფერადი სკამებითა და მაგიდებით გაწყობილ ბუფეტში მოხვდნენ. დაკვირვებული თვალები იგრძნო თეკლემ და მისდა გასაკვირად, მოეჩვენა რომ ბიჭების მზერა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა. ოდნავმა უკმაყოფილებამ გაჰკრა გულში, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ტატა ფრთხილად აათვალიერა, ვარდისფრი, მოკლე სარაფანი ეცვა, გულზე საკმაოდ მოღებული, რომელშიც ორი მიმზიდველი ბურთი კიაფობდნენ. ტატას სწორ, ოდნავ დაკუნთულ ფეხებს ჩააყოლა თვალი გოგონამ და თვლებით გაწყობილ ფეხსაცმელს დახედა. ნამდვილი ლამაზმანი იყო ტატა და არც იყო გასაკვირი, რომ ბუფეტში მყოფი ბიჭების 70% მას უყურებდა და არა თეკლეს.
დახლთან მივიდნენ, ტატა თეკლეს მოუბრუნდა.
-მიდი შენ ადგილი დაიკავე, მე ყავას ვიყიდი და მალე მოვალ.
თეკლეს არაფერი უთქვამს, თავაწეული მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან და დაჯდა. ნერვიულად აკაკუნებდა თითებს კრემისფერი მაგიდის სრიალა ზედაპირზე. რამდენიმე წუთში ტატაც მოვიდა, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-რა კარგია, რომ დავმეგობრდებით. -აღტაცებით შემოჰკრა ტაში გოგონამ და ყავა მიასრიალა თეკლასკენ.
თეკლამ გაუღიმა საპასუხოდ და ფრთხილად მოავლო თვალი ბუფეტს.
-შეყვარებული გყავს? -ალმაცერად ჩაეკითხა ტატა.
თეკლეს ოდნავი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე, რადგან ვერ იტანდა ამდენად დაინტერესებულ ადამიანებს და თანაც არ ხვდებოდა სასიამოვნოდ გულზე ის ფაქტი, რომ არასოდეს ყოლია შეყვარებული. ეგონა ვინმე ამის გამო დასცინებდა, ამიტომ ჩვეული თავდაჯერებით და სიამაყით ამბობდა ხოლმე, რომ არ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა.
-არა და არც ვაპირებ ჯერ. -მოკლედ მოუჭრა თეკლემ.
-არადა, ასეთ ლამაზ გოგოს შეყვარებული რომ არ გყავს ცოტა გასაკვირია. -გაკვირვება აშკარად გულწრფელი იყო ტატას სახესა და ხმაში, ეს დაინახა თეკლემ და ესიამოვნა, რომ ლამაზი უწოდეს.
-რავი მე არ მაწუხებს. ჯერ ვერავინ მიიქცია ჩემი ყურადღება. -მხრები აიჩეჩა თეკლემ და ყავა მოსვა.
ტატამ ღრმად ამოიხვნეშა და სევდიანად დახედა პლასტმასის ყავის ჭიქას.
-ყურადღებაზე გამახსენდა და ერთი ბიჭი მომწონს. მომწონს კი არა ლამის მიყვარს. ყველა მაქცევს ყურადღებას მის გარდა. -უკმაყოფილოდ გადაუსვა ხელი ჭიქის ზედაპირს გოგონამ და ფრილად ახედა თეკლეს.
-ასეთი ვინ არის? რომ შემოვედით ყველა შენ გიყურებდა. -გაუკვირდა თეკლეს.
-ყველა, მის გარდა. -ოდნავ თავი ააქნია თეკლეს ზურგს უკან მიმართულებით ტატამ და გოგონას ენიშნა, რომ ის გულთამპყრობელი მის უკან იჯდა.
-ცოტა ხანში შეუმჩნევლად გავიხედავ. -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა თეკლემ.
ტატამ მკრთალად დაუქნია თავი და თეკლეს ზურგს უკან გაიხედა.
-ნუ უყურებ, ტატა. შეგამჩნევს. -ურჩია გოგონამ, ოდნავ გააღიზიანა ტატას მოუთმენლობამ.
გოგონამ მაშინვე გაუსწორა თვალი თეკლეს. თვალები ოდნავ ჩაუწითლდა.
-მოდი, ადგილი გამიცვალე. -თქვა და პასუხს არ დალოდებია ისე წამოდგა.
ტატა უხმოდ ადგა და ფრთხილად გაცვალეს ადგილები.
-ფანჯარასთან რომ ზის ისაა, უკან შებრუნებული კეპი ახურავს და მწვანე მაისური. -ჩუმად უთხრა ტატამ.
თეკლემ თვალი მოავლო ბუფეტს და როცა ფანჯარასთან მჯდომი ბიჭი დაინახა, ელდა ეცა. გაშეშდა და ოდნავმა ნერვიულობამ აიტანა. ნერვიულად ჩაახველა და ოლიკო დაუდგა თვალწინ, რომელმაც დიდი დეპრესია გადაიტანა ოთხი წლის წინ ამ იდიოტის გამო, თუმცა თეკლე არ იცნობდა პირადად ამ ბიჭს, რადგან ოლიკოს დეპრესიის დროს დაუახლოვდა.

დათა მათზე ერთი წლით უფროსი, ანუ მეორე კურსელი გახლდათ. სწავლობდა უმაღლეს მათემატიკას. 182 სმ. სიმაღლის, მუქი ქერა, საკმაოზე მეტად სიმპათიური მაჩო იყო. ღია შოკოლადისფერი კანი და ასევე ღია ცისფერი თვალები ჰქონდა. იცვამდა თანამედროვედ, სრული ჯინსის შარვლები, ფერადი მაისურები და უკან შეტრიალებული კეპით იწონებდა თავს. იჯდა, ხმამაღლა იცინოდა და მის წინ მჯდომი ლამაზმანის ხელი ხელში ეჭირა.
გაღიზიანება და ბრაზი იგრძნო ერთდროულად თეკლემ. უნდოდა მივარდნოდა, სკამი გამოეწია ამ იდიოტისთვის და იატაკზე გაედინა ზღართანი. უნდოდა დაესაჯა ყველა იმ ცრემლისთვის, რომელიც მისმა უახლოესმა მეგობარმა გადაიტანა.
-რა გჭირს? იცნობ? -დაკვირვებით და იჭვნეულად ჩააშტერდა ტატა.
უცებ გამოერკვია თეკლე ფიქრებიდან.
-არა, უცებ მეცნო თითქოს, მარა ის არ არის. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
ტატამ ისევ ამოიხვნეშა გულდაწყვეტილი დაეყრდნო მარცხენა ხელს, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და უგემურად მოსვა ოდნავ შეციებული ყავა.
ცოტა ხანი უხმოდ ისხდნენ, შემდეგ კი ბუფეტიდან გამავალ მაჩოს გახედეს. ხელი გადაეხვია ლამაზმანისთვის, რომლის ხელიც ეჭირა რამოდენიმე წუთის წინ და ხმამაღალი სიცილით დატოვეს იქაურობა.
ტატაც წამოდგა.
-არ წავიდეთ? -დაღლილი სახით გადმოხედა თეკლეს და ჩანთას დაავლო ხელი.
თეკლეც წამოდგა, საათს დახედა, 10 წუთში მეორე ლექცია ეწყებოდა და სწრაფად გავიდნენ ბუფეტიდან.

როცა ლექციებს მორჩა, უკვე 5 საათი იყო. ანი გაახსენდა და ის, რომ მასთან უნდა ასულიყო. მუცელი უღრიალებდა ისე შიოდა, იქვე მდგომ საცხობში შევიდა და ბურგერი შეჭამა. ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა მის წინ დათამ ჩაიარა. ამჯერად მარტო იყო, გაჩერებაზე მდგომი თეკლე შეათვალიერა, ცალყბა ირონიით გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ბრაზისგან წამოინთო გოგონა და საპასუხოდ, დამცინავად გაუღიმა. შემდეგ კი თვალი აარიდა, მის წინ გაჩერებულ ავტობუსში შეხტა ისე, რომ ბიჭისთვის არც გაუხედავს. გადაწყვიტა, რომ ოლიკოსთვის ყველაფერი ეამბო. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, თანაც ოლიკოს შეყვარებული ჰყავდა და საერთოდაც ფეხებზე ეკიდა ეს გაუთლელი ხეპრე.
კოტე აფხაზის ქუჩას აუყვა გოგონა და 104 ნომერი კორპუსის მეორე სადარბაზოში შევიდა.
ძლივს აათრია დაღლილი ფეხები მეორე სართულამდე და ფთხილად დააკაკუნა წითელ კარზე. კარიდან ხმაური და ხარხარი გამოდიოდა, ხმებში გოგონამ უმეტესად ბოხი, მამაკაცის ხმები გაარჩია და სარკასტულად ჩაიღიმა.
კარი 160სმ. სიმაღლის შავგრემანმა გოგონამ გააღო. მუქი ფერის კანი ჰქონდა და მოკლე, ბიჭურად შეჭრილი თმა. სახის ნაკვთები არც ისე ლამაზი გქონდა და ვერც ლამაზი ტანით მოიწონებდა თავს, სრული, გაფოფხილი ტანსაცმელი ეცვა. თეკლემ ანას ხელოვნურად გაუღიმა და გადაეხვია. ანამ კი ხმამაღლა დაიყვირა:
-თეკლეც მოვიდაააააა...
-კარგი, რა გაყვირებს?! -ღიმილნარევად მოუჭრა გოგონამ და კარში შევიდა. ანამ მის უკან მიკეტა კარი.
მთელი სახლი თამბაქოს კვამლით იყო გაბურული და გოგონამ სამჯერ ჩაახველა, ძლივს გაარჩია გაბურულ ოთახში ადამიანების სილუეტები, რომლებმაც მკრთალად ამოხედეს. ოთახი არც ისე დიდი იყო, ერთ კედელზე გასაშლელი დივანი იდგა, უკვე გაშლილი და მასზე სამი ადამიანი წამოგორებულიყო. ორ ბიჭს შუაში გოგონა მოემწყვდიათ და რაღაცას გამალებით უყურებდნენ ტელეფონში, თან ხმამაღლა იცინოდნენ. დივანის გვერდით კედელთან ჩამჯდარი წითელთმიანი გოგონა იჯდა, რომელმაც ცივად და ამზერით შეათვალიერა ოთახში შესული ახალი პიროვნება, ნაფაზი მოარტყა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა. თეკლე ოდნავ ანერვიულდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და წითელთმიანის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა, ფეხებზე ტყავის ჩანთა დაიდო და ნერვიულად დაიწყო ფეხების ბაკუნი. ანიმ საზოგადოებას თეკლე გააცნო.
-გაიცანით, ეს თეკლეა, ჩემი დაქალი. თეკლე ეს არის ბექა, სოფო, გიო და ნინი.
ყველამ ამოხედა თეკლეს და თეკლემაც მკრთალად გაუღიმა მათ. კედელთან ჩამჯდარმა წითელთმიანმა, აწ გაცნობილმა ნინიმ კიდევ ერთხელ ამოხედა იჭვნეულად თეკლეს და ოდნავ ცხვირიც კი აუბზუა.
ლოგინიდან გამჭოლი მზერა იგრძნო გოგონამ და მარჯვენა მხარე აეწვა. მოვარდნილი მზერისკენ გაიხედა და იდაყვებზე დაყრდნობილ ბიჭს მოავლო თვალი, რომელიც თავით ფეხებამდე ათვალიერებდა და მოფლირტავე ღიმილი გადაკვროდა სახეზე. თეკლემ მაშინვე აარიდა მზერა და ნერვიულად დაიწყო ტუჩების ცმაცუნი. რატომღაც, ამ ბიჭმა აანერვიულა. უცნაურია, რადგან მსგავს მზერას აქამდეც მიჩვეული იყო სხვებისგან, მაგრამ ასე არ ანერვიულებულა. უცხო იყო ეს შეგრძნება მისთვის და თეკლე ვერ იტანდა ოდნავ გაურკვევლობასაც კი. ეს აფრთხობდა, ვერ იტანდა უკონტროლო სიტუაციებს და საქმეში ჩაუხედავობას. ეს შეგრძნებაც უცხო და გაურკვეველი იყო მისთვის და წამით შეზიზღდა ის ადამიანი, ვინც ეს შეგრძნება მოჰგვარა.
მარჯვნიდან დამცინავი სიცილი შემოესმა გოგონას და თვალები დაჭყიტა, მიხვდა რომ ეს მისი მისამართით იყო და სახე წამოენთო. ირონიულად გადახედა იდაყვებით ლოგინზე წამოწეულ გიორგის და იგრძნო როგორ აუკანკალდა სახის კუნთები. ბრაზმა აიტანა, თავი დაუცველად და უკონტროლოდ იგრძნო. წამსვე აარიდა მზერა და გონებაში ფიქრობდა, როგორ გაეღწია აქედან.
დივნის ჭრიალის ხმა მოესმა მარჯვნიდან და ფეხების ხმა, რომელიც მისკენ მოდიოდა. ინსტიქტურად გაიხედა მისკენ თეკლემ. 180 სმ. სიმაღლის, შავგრემანი, დაბალზე შეჭრილი თმით და კუპრივით შავი თვალებით. ოდნავ დაკუნთული სხეული ჰქონდა, შავი მაისური, ასევე შავი მომჯდარი ჯინსი და შავი თეთრში გაწყობილი კედები ეცვა. გოგონამ მზერა აარიდა მის დაკუნთულ ბეჭებს და მის მოპირდაპირებ აღმართულ კარს შეაშტერდა. ბიჭი მოუახლოვდა და ნინისა და თეკლეს შორის ჩაჯდა, თუმცა თეკლე სკამზე იჯდა და მის ფეხებს ქვევიდან უყურებდა გიორგი დაჟინებით. იგრძნო ეს მზერა გოგონამ და ბრაზმორეულმა სიმხურვალემ ფეხები აუწვა.
-რას მოდი ეხლა აქ, რას მომეძუძგე? გაბრაზებული ვარ მე შენზე. -ამოიკრუტუნა ნინიმ.
-ვინ გითხრა, რომ შენთან მოვედი? -ცინიკურად და მშვიდი ხმით უპასუხა გიორგიმ და თეკლემ ისევ იგრძნო ქვევიდან და მარჯვნივ წამოსული მზერა, ამჯერად სახეზე.
-ჰაჰ. -ცინიკურად გაიცინა ნინიმ. -ყველა კაბიანს როგორ დასდევ დასაკერად?
გიორგიმ ხმა არ გასცა და თეკლე ისევ გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას, მაგრამ ამჯერად ორმაგად აენთო სახე გაბრაზებისგან. უნდოდა ეს იაზვა და ცინიკური გოგო კედელზე მიეჭყინტა და გიორგიც ზედ მიეყოლებინა.
ანა თავისი საქმით იყო გართული და ყურადღებას არავის აქცევდა, ოთახის გვერდით სამზარეულოდან კატლეტების სუნი და გახურებული ზეთის ტკაცუნი ისმოდა.
-სიგარეტი არ გინდა? -მოესმა იატაკიდან ხმა თეკლეს. გიორგის ხმა იყო.
-არ ვეწევი. -მოუჭრა გოგონამ ისე, რომ არც გაუხედავს.
-ვაა, კარგია.
-ალბათ.
გიორგი ადგა და ისევ დივანზე მიწვა, მთელი საღამო გოგონა გრძნობდა როგორ აშტერდებოდა ბიჭი, მაგრამ თეკლე ჯიუტად არიდებდა მზერას.
მოიწყინა გოგონამ და თანაც მთელი საღამო დაძაბული იჯდა გიორგის გამო. კუნთებიც კი დასჭიმვოდა იმდენად მოქმედებდა ეს ბიჭი მასზე. საათს დახედა, უკვე საღამოს ათი დაწყებულიყო.
-ანა, მე უნდა წავიდე. -ხელოვნური დანანებით უთხრა თეკლემ და თანაც შვება იგრძნო, რომ როგორც იქნა თავს დააღწევდა გიორგის მზერას.
-აუუუ... დარჩი რა დღეს ჩემთან. გთხოოვ. -შეეხვეწა ანი. ხმაში აშკარა გულწრფელობა იგრძნო გოგონამ, მაგრამ არაფრის დიდებით არ აპირებდა იქ დარჩენას.
-არა, არა უნდა წავიდე. მამაჩემი გაგიჟდება.
სახე ისევ აეწვა გოგონას, როცა გიორგის დაჟინებული მზერა იგრძნო.
-დარჩი რა. -მოულოდნელად წამოიძახა გიორგიმ. -ამ ლოგინზე დავეტევით ყველანი.
-არა, მადლობთ. შენ ალბათ მიჩვეული ხარ სიგარეტით გაკვამლულ ოთახში ხუთ კაცთან ერთად ძილს, მაგრამ მე არა. ასე რომ უნდა წავიდე. -ჭყანვით გაიღიმა გოგონამ და უცებ ინანა, რადგან არამარტო გიორგის, არამედ ყველას წაკბინა ამ ნათქვამით, მათ შორის ანისაც.
გიორგის ოდნავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და გულდასმით აათვალიერა მის წინ მდგარი თეკლე, ბრმაც კი შეამჩნევდა რომ გოგონას თვალებით ჭამდა. ნელი მოძრაობით ენით ტუჩები გაისველა და ყველას გასაგონად წამოიძახა:
-აი ამას, თმას შევჭრიდი მოკლედ. -თეკლეს თვალს არ აშორებდა, პირდაპირ სახეში უყურებდა. -ნუ ყბებამდე რა... -ოდნავ თავი გადააგდო, თვალები მოჭუტა და დაჟინებით დააშტერდა გოგონას სახეზე. -გოგო ვერ გაჯობებდა. -ცალყბად გაუღიმა თეკლეს და მერე მზერა ქვევით ჩააცურა შეპარული ღიმილით.
თეკლე უხერხულად შეიშმუშნა, ფეხები უკანკალებდა ისე ვნებიანად უყურებდა გიორგი. უცებ მოუნდა გამქრალიყო და გიორგის დაჟინებული მზერისგან თავი აერიდებინა. ძლივს აამოძრავა ფეხები და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მანამდე კი ნინის მწარე მზერას მოჰკრა თვალი და სხეული აუდუღდა.
კართან ანი გაჰყვა.
-არ მიაქციო რა ყურადღება, ეგეთი ტიპია. -მშვიდად და უხერხულად უთხრა ანიმ თეკლეს, როცა კარიდან გადიოდა.
-უფ, ძაან მ*იდია. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება. -ხელი აიქნია გოგონამ და ნაძალადევად გაუღიმა ანის.
-ხომ გამოხვალ კიდე? -ხმაში უარის შიში შეატყო თეკლემ.
-კი, გამოვალ ხოლმე. -სხვათაშორის უპასუხა თეკლემ და ანისაც კმაყოფილად გაეღიმა.
მთელი გზა ფიქრობდა თეკლე დათაზე, ოლიკოზე, ტატაზე და ცდილობდა არ ეფიქრა გიორგიზე, რადგან საშინელ გაურკვევლობას და უკონტროლობის შეგრძნებას ანიჭებდა ამ ბიჭზე ფიქრი.
სახლში მისულს, მამა ოთახში დახვდა. ტელევიზორს უყურებდა და თან შემწვარ კვერცს ჭამდა. ოთახში შესულ ქალიშვილს ახედა.
-დაგაგვიანდა. -სხვათაშორის უთხრა მამამ.
-ჰო, ანასთან გავიარე უნივერსიტეტიდან. ჩემი მეგობარია სკოლიდან.
-კაი მე ვწვები ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე. -თქვა შუახნის კაცმა და ზლაზვნით გასწია ლოგინისკენ.
თეკლეს შიმშილის გრძნობა გაუქრა რატომღაც, იმდენად დაღლილი იყო ემოციურად, რომ ძილი მოერია. საღამური ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.
ფეისბუქზე შევიდა, ოლიკოსთვის უნდა მიეწერა, მაგრამ საიტზე არ დახვდა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. ორი მეგობრობის თხოვნა დაუხვდა, გახსნა:
ტატა ხელაძე - დაამატა. ტატას ქვევით მდებარე სახელს დააშტერდა და თვალებს არ დაუჯერა: დათა ჯიშკარიანი. ნუთუ მოელანდა? დათამ დამატება გამოუგზავნა? ცალყბად ჩაეღიმა გოგონას და გაღიზიანება იგრძნო. უცბად, გაახსენდა რომ პროფილზე ოლიკოსთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო ედო და თვითკმაყოფილად ჩაიღიმა, დაამატა დათაც. „ძალიან კარგი, საიტზეა. ეხლა ალბათ ფოტოებს ნახავს და სიურპრიზი დახვდება.“ კმაყოფილებისგან ამოიკრუტუნა გოგონამ და სწრაფად გადაათვალიერა ოლიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები. მესენჯერის წკაპუნი გაისმა და გოგონას კმაყოფილად ჩაეღიმა, როცა დათას შეტყობინება მიიღო.

დათა ჯიშკარიანი: ჰეი
დათა ჯიშკარიანი: ოლიკოს საიდან იცნობ?
თეკლე ბარათელი: შენ საიდან იცნობ?
დათა ჯიშკარიანი: ეეე
დათა ჯიშკარიანი: მიპასუხე რო გეკითხები!
თეკლე ბარათელი: აუფ. კაი ერთი. მე რას ვაკეთებ შენი აზრით? არ გეკითხები?
დათა ჯიშკარიანი: პირველმა მე გკითხე : ))
თეკლე ბარათელი: ჩემი დაქალია. ახლა შენი ჯერია.

თეკლასგან გასაკვირად ბიჭმა დასინა და არაფერი უპასუხა რამოდენიმე წუთი. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ დათას ოლიკო გაახსენდა და ამიტომ დაბნეული შესჩერებოდა ალბათ ეკრანს. ამან ცინიკური სიცილი მოჰგვარა თეკლეს. 15 წუთი არაფერი მოსწერა დათამ. მერე კი...

დათა ჯიშკარიანი: ვაა
დათა ჯიშკარიანი: შენი დაქალი თუა, გეცოდინება ვინც ვარ ; )
თეკლე ბარათელი: დამიჯერე, საკმაოდ დიდი ხანი ძალიან ახლო დაქალები ვართ და ერთხელაც არ უხსენებიხარ.

იცრუა თეკლემ, რადგან კარგად იცოდა რომ ოლიკომ დიდხან ვერ ამოიგდო გულიდან დათა და ერთი წელი მისი სახელი ეკერა მხოლოდ პირზე. ერთ წელში კი ესპანეთში წავიდა მთელი ოჯახი და იქ სადღაც ერთი წლის წინ, ქართველი შეყვარებული გაიჩინა.
სარკასტულად უყურებდა გოგონა გახსნილ ჩატს, როგორ იწყებდა დათა წერას, მერე ჩერდებოდა, მერე ისევ იწყებდა. აშკარად ანერვიულდა და ამან კმაყოფილება მოჰგვარა თეკლეს. ბოლოს ძლივს მოაღწია დათას შეტყობინებამ.

დათა ჯიშკარიანი: ვახ ვახ
დათა ჯიშკარიანი: ჩამოვიდა?
თეკლე ბარათელი: შენ რა იცი?
დათა ჯიშკარიანი: რომ გეკითხები, ესე იგი ვიცი
თეკლე ბარათელი: ჩამოდის რამდენიმე დღეში. ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის.

დათას პასუხი აღარ გაუცია. თეკლეს კმაყოფილი ღიმილი არ მოშორებია სახეზე. ბოლოს კი ჩაეძინა და ტკბილ სიზმრებს მიეცა.



№1  offline წევრი nawka

ველი დასასრულს და მერე წავიკითხავ

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

nawka
ველი დასასრულს და მერე წავიკითხავ

ხვალ დასრულდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent