როიალები (3)
*** ოთახი ჩაბნელებულიყო. მახარაძე თეთრ დარბაზში იჯდა, ხელები შემოეწყო როიალის შავ, პრიალა ზედაპირზე და თვალები დაეხუჭა. ოდნავ ამოძრავებდა გუგებს, ქუთუთოები ნელა, დინჯად უკრთოდა. მარჯვნივ, მტევანთან ახლოს, ვისკით ნახევრად სავსე ჭიქა ედგა, მის გვერდით - ვისკის ბოთლი. ღრმად სუნთქავდა, შიგნიდან ერთიანად კრთოდა, კანკალებდა, სხეულში მოძრავი მუხტი გველის სრიალს ჰგავდა, თითქოს მასში მოეყარა თავი სამყაროს ყველა საშინელებას, თითქოს იმ დროს წვიმდა მასში და ყველაფერი ერეცხებოდა, დაუნდობელი ელვა უვლიდა თხემით ტერფამდე. ქუთუთოები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, ზიზღით სავსემ დახედა თეთრი პერანგის სისხლიან ბოლოებს, კისერზე წვეთები შეხმობოდა. თავი გადააქნია, ამოიოხრა, თვალები დახუჭა და ხელები გადაასრიალა, სულისშემძვრელი მუსიკა გაამეფა დარბაზში. სამყარო იშლებოდა, ნიკო კი უკრავდა. დარბაზს ფანჯრები არ ჰქონდა, თუმცა გარკვევით ისმოდა რა ხდებოდა კედლებს იქით. საოცარი ღამე იყო, საშიში ფერები დაჰყვებოდა მხოლოდ. აქა-იქ საზიზღარი ხმაურით იკლაკნებოდა ელვა ცაზე, ამოვარდნილი ქარი ხეებს ტოტებს სტეხდა, აფრიალებდა. ქარი ყველაფერს ჩვილი ბავშვივით არწევდა, ცამდე აჰქონდა და ზუზუნით ძირს ახეთქებდა. ერთადერთი იავნანა, რომელიც სამყაროში ისმოდა, ნიკოს მუსიკა იყო. დამანგრეველი, უცხო. იმ ღამეს როიალიც გაგიჟებულიყო, ყველაფერთან ერთად წლების ნაგროვებ ზიზღსა და ბოღმას ბგერებად შლიდა, კედლებს ახეთქებდა, ანგრევდა და მისსავე ნანგრევებში ახრჩობდა. ნიკოლა მახარაძე არავიზე ფიქრობდა. არ ადარდებდა, რომ მძიმე იყო. რექვიემს აჟღერებდა, შიგნიდან ზიზღით ამოვსებულს ყელში მყესები დასჭიმვოდა, იქვე გაჭედილი, ვერ გადაგორებული ნაღველი უტრიალებდა, ჰაერს არ ატარებდა, მხოლოდ ბიძგს აძლევდა, რომ გამომშრალი, ფერმკრთალი ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა, პირი გაეღო და ნაგროვები ტკივილი ამოეხველებინა, საბოლოოდ ამოერეცხა ნაწილებად დაშლილი გულიდან. ნიკო არ ჩერდებოდა. არ გაჩერდებოდა. ყოველ წამს უმატებდა, ბუნების დამანგრეველ სასწაულს თავის შექმნილს უმატებდა, ერთად ქმნიდნენ იდეალურ დასასრულს, იდეალურ განადგურებას. ნიკოლა შლიდა დარჩენილს, დაუნდობლად ანაწევრებდა, ხელისგულზე იყრიდა და სულს უბერავდა. მუსიკა სრულდებოდა, ერთად მოგროვებული დამწვარი მოგონებები გროვდებოდა, სამზადისი იწყებოდა, რომ იქიდან წამომდგარს, კვლავ თავზე ჩამოჰყროდა, ისევ დაფარულიყო ნაგლეჯებით, ამომწვარი მოგონებებით. დასრულდა. დარბაზი ერთიანად დამშვიდდა, მხოლოდ ექოდ შემორჩენილი ნოტებიღა დარჩენილიყო. ისინიც ეხეთქებოდნენ კედლებს და საბოლოოდ, ამოიწურებოდნენ. ნიკოლამ ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა, ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია, თავი უკან გადააგდო და ამოისუნთქა. -ბრავო. -ტაშის ხმაზე ნიკოლამ ზანტად გაახილა თვალები, ოდნავ გვერდზე გადასწია თავი და ქვემოდან ახედა ბნელი დარბაზის კუთხეში აყუდებულ მათეს. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, სისხლიანი ხელები სახეზე ჩამოისვა და გასწორდა, ვისკი მოიყუდა. მათე მიუახლოვდა, როიალს დაეყრდნო, წარბშეკრულმა გადახედა ნიკოს. -დაასრულე გლოვა? იქნებ, კიდევ ცოტაც დაგრჩა? არ არის პრობლემა, აქვე დავდგები და დაგელოდები. -ნიკომ თვალები ფართოდ გაახილა, უნდობლად შეხედა მათეს, ზიზღის ტალღამ სახეზე გადაურბინა. -მერე? -მათე შეყოვნდა, თუმცა დანებებას არ აპირებდა. გასწორდა, წარბებს შორის ნაოჭი გამოეკვეთა. -მერე? მერე ძალიან გაგიჭირდება, როცა საკუთარი დანაკარგის ფასს გაიგებ. არ ვიცი რა გინდა, რას ელოდები. გინდა, რომ გაგიგონ? არა! არ გინდა ნიკო. არ იცი რა გინდა და ამიტომ. ბრაზდები, რადგან არაფერი იცი. ამინდივით იცვლი ხასიათს. ბედს ემდურები მხოლოდ. ბედთან დამდურება გუშინაც შეიძლებოდა, ხვალაც შეძლებ, რადგან ეს ტკივილია. სანამ აქ ზიხარ გამო*ლევებული და ცდილობ გუშინდელი ამოირეცხო, არ უყურებ საკუთარ ხელებს. ადამიანის სისხლში ამოვლებულ გენიალურ ხელებს. -მათეს ღრიალი წუთების წინანდელ მუსიკაზე უარესი იყო. იქაურობა ექოდ გამოსცემდა გამწარებული მამაკაცის ხმას. მხოლოდ ნიკო უყურებდა აუღელვებლად, ოდნავი დარდით. მოშვებული, რადგან ზიზღი და ბრაზი სახიდან გადასცლოდა. მათეც უყურებდა, ყვირილისგან დაღლილს მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ერთმანეთს უყურებდნენ მეგობრები და კარგად ხედავდნენ, როგორ ირეცხებოდა შიგნეულობა, როგორ მტკივნეულად იწიწკნებოდა და იწელებოდა ყველაფერი კარგი. -იმიტომ რომ სული შიგნითაა მათე. -პირველად, მახარაძეს ხმა გაებზარა, წარმოთქმულ სიტყვებს ბზარი უჩნდებოდათ და ხმამაღლა იმსხვრეოდნენ, ამოსუნთქვაში ტყდებოდნენ და მთავრდებოდნენ. -შიგნითაა და როცა ეხები, ეხები ბოლომდე. დასასრული არ არსებობს მანამდე, სანამ განიცდი. -მათემ გამშრალი ტუჩები ენით დაისველა, თავი დახარა, სწრაფად ასწია და გააქნია. დაძარღვული ხელი ასწია, თითებით მაგრად დააწვა ქუთუთოებს, ამოიოხრა. -ყველაფერი დამთავრდება. -ამოილაპარაკა დაღლილმა ბოლოს. -მხოლოდ სიმშვიდეშია საქმე. არასდროს მოდის, სანამ იცი,რომ საკადრისი პასუხი ვერ გაეცი. -თვალი გააპარა ნიკოს სისხლიანი პერანგისკენ. საკუთარ ხელებს დააცქერდა ნიკო. -ცუდი იყო? -იკითხა გულუბრყვილოდ. მათეს გაეცინა. იდაყვებს დაეყრდნო და თვალი გაუსწორა როიალის შავ ზედაპირს. -არა. -თავი გააქნია. -ყველაზე ლამაზი, ხმაურიანი და სისხლიანი მუსიკა იყო, რაც კი ოდესმე მსმენია. სისხლისფერი, სისხლის გემოთი გაჟღენთილი, ბოროტი, მაგრამ სევდიანი. მუსიკას კი არა, საკუთარ თავს უკრავდი. -ნიკოს გაეღიმა. თეთრი სკამი ხმაურით გაასრიალა, წამოდგა. -არ იცი, რა დაემართა? -იმ წამსვე დაასრულა სიცოცხლე, როცა წამოხვედი. -მათემ ნიკოს გახედა. შესამჩნევი იყო, როგორ გაეხსნა წარბებს შორის ნაოჭი და სახეზე კმაყოფილება გამოესახა. ვითომ არაფერიო, ისე ჩატეხა ტუჩის კუთხეები, მშვიდად გაიღიმა და მხრები აიჩეჩა. -ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. წავიდეთ, გამოვიცვლი და ქალაქში გავისეირნოთ. ამ დროს, აქაურობა მშვიდია. -მათე გასწორდა. -სერიოზულად? ქარიშხალია გარეთ. წვიმა და ქარი ერთმანეთში ისე არიან ახლართულები, როგორც შენი აზრები. -მტევანი დაატრიალა მათემ და საფეთქელთან რაღაცის ნიშნად მიიდო. ორივეს ღიმილი შეეპარათ. -სეირნობის რა გითხრა, მაგრამ ქალაქის ბოლოში ერთი კაფე ვიცი, ჩემთვის ყავა აქვთ, შენთვის - ვისკი. -მაჯაზე ჩამოკიდებულ საათს დახედა. -თანაც, ის დროა, თავისუფალი იქნება და კლასიკური მუსიკაც დაამშვენებს. -მოიცა, კლასიკური მუსიკის მნიშვნელობა ამ ქალაქმაც იცის? -ახარხარდა მახარაძე. მათემ იდაყვი გაიქნია და მტკივნეულად მოარტყა მხარში. -ჩემს მუსიკას უკრავენ. -დაიმორცხვა მამაკაცმა. -აჰ, ამიტომ დახედე საათს? რომ არ გეთქვა, ისედაც მივხვდებოდი რომელ საათზე იწყება ყველაზე მოსაწყენი მუსიკა. -თვითკმაყოფილმა მახარაძემ მათეს გადაუსწრო, რომელიღაც დერეფანში შეუხვია და კარს უკან გაუჩინარდა. *** კაფის შესასვლელი სველი იყო. ატალახებულ საფეხურებს ზიზღით დახედა ნიკომ და კმაყოფილ მათეს გადახედა. ერთად შევიდნენ, მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ. ნიკომ სველი პიჯაკი გაიხადა, სკამზე გადაკიდა. კაფე თითქმის ცარიელი იყო. მათ გარდა ერთი გოგონა იჯდა, ზურგით. ეტყობოდა, უნივერსიტეტის სტუდენტი იქნებოდა. ალბათ, საშინელმა ამინდმა შემოიყვანა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ კაფეში, სადაც მათე და ნიკოლა გემრიელად შეექცეოდნენ ყავას. -ერთი გამაგებინე, რა ჯანდაბას აკეთებდი? -დასერიოზულდა მათე. ნიკომ ხელები გადააჯვარედინა, თვალები გადაატრიალა და თვალი გაუსწორა წარბშეკრულ მეგობარს. -დარბაზში შევედი, ახალი მუსიკის დაწერა მინდოდა. რომ შევედი, ვიღაც ტიპი დამხვდა. აზრზე არ ვარ იქ როგორ შემოვიდა. რაღაცას მეუბნებოდა, ეტყობოდა, რომ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ლევანის მოგზავნილი იყო. ეჭვი არ მეპარებოდა. დანა ამოაძვრინა ჯიბიდან და ჩემი მიმართულებით მოიქნია. დავუსხლტი, ხელიდან გამოვგლიჯე და... -და მას გაუყარე, გასაგებია. -პირდაპირ არტერიაში. -ნიკოლამ ღიმილით მომუშტა ხელი, შეკრული მუშტი ყელისკენ წაიღო და არტერიაზე მაგრად მიიჭირა. მათემ თვალები გადაატრიალა, სახეზე ხელი ჩამოისვა. -ესე იგი, ლევანი ამისთვის ჩამოვიდა. შენი მოშორება უნდა. -მოგესალმებით დედამიწაზე, მარსიდან დაბრუნებულო. -წარბები ასწია მახარაძემ და ყავა მოსვა. ისეთი უშფოთველი იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მათემ თავი ხელებში ჩარგო. *** ცხრამეტი წლის ნიკოლა მუსიკალური შენობის ბაღში იჯდა. ამინდები გამოსულიყო, შესვენების საათებში შენობაში აღარ რჩებოდა. მზე სასიამოვნოდ ათბობდა, მის წინ შადრევანი იდგა, ანგელოზის ფორმის. -შეიძლება? -ნიკოლამ თავი ასწია. ოდნავ მოჭუტული თვალებით დასცქეროდა ზემოდან თათა. ნიკოლამ გაუღიმა, თავი დაუქნია და ჩანთა მუხლებზე დაიდო. -ახალი ამბავი გაიგე? -ისეთი ხმით იკითხა გოგონამ, მახარაძემ შეშფოთებული მზერით გახედა. -რა ამბავი? -ნიკოლას კითხვამ თითქოს გოგონა გაანაწყენაო, ტუჩზე იკბინა და თავი გადააქნია, სახე შეეცვალა, ქერა თმა, რომელიც მზეზე ოქროსფრად უბწყინავდა, სახეზე ჩამოეშალა და დიდი ლოყები დაუფარა. -შენთვის ახალი კონცერტი დაწერეს. -დუმილის შემდეგ თითქმის ჩურჩულით დაიწყო თათამ და ნიკოლას გახედა. -მაგრამ თქვეს, საკმაოდ შრომატევადია და მარტო ვერ გაუმკლავდებაო. დაბალკურსელებიდან შეგვარჩიეს. -შეგარჩიეს? -გაღიზიანება დაეტყო ნიკოლას. -მე რატომ არაფერი მკითხეს? -იცოდნენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევდი. შენზე ამბობენ, ისედაც ყველაფერს მიაღწევს, ამ ასაკში კი საჭიროა, პატივის სხვებისთვის გაზიარება ისწავლოსო. -დამნაშავესავით აიწურა მხრები გოგონამ და შიშით გააპარა თვალი განრისხებული ნიკოლასკენ. მახარაძეს ზიზღი დაუგროვდა, ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ ჩასვეს მასთან, ვისთან უნდა „ესწავლა“ პატივისა და დიდების განაწილება. -და ვინ არის ის, ვინც ჩემთან შეცილებას გაბედავს? -გოგონამ სწრაფად ახედა. ღია ყავისფერი თვალები თითქოს შეეცვლა, წამწამებთან ცრემლები დაუგროვდა და გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. -არავინ ცდილობ შეცილებას! -წამოიყვირა და წამოდგა. ნიკოლა გაოცებული მიაშტერდა, ყველაზე ნაკლებად სურდა, მისი კონკურენტი თათა ყოფილიყო. გოგონა, რომელიც ერთი დანახვით ჩაუვარდა გულში და რომლის გამოც კვირეების განმავლობაში უარს ამბობდა ნორმალურ მეცადინეობაზე, რომელიც მიზეზი გახდა, რომ ხმები დავარდა, მახარაძე შეყვარებულია და მისი გენიალურობაც ფეხქვეშ გაითელებაო. ნიკოლა წამოდგა, ხელი მოჰკიდა გოგონას თხელ, ნაზ მაჯას. თათამ ნაბიჯი გადადგა, თუმცა ნიკოლას ხელი არ გაუშვია. -შენ? -თათამ თავი დაუქნია. -მე. თუმცა საერთოდ არ მიფიქრია, რომ ლებოდი. არც ის მინდა, ვინმემ საკუთარი შრომით მოპოვებული პატივი გამიზიაროს. მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ქალბატონმა ტაისიამ ასე მთხოვა. -ნუ მიხსნი, თათა. უბრალოდ, არ ველოდი, რომ შენ იქნებოდი. -თათამ საკუთარი ხელი გამოსტაცა და უკან დაიხია. -რა მნიშვნელობა აქვს მე, თუ სხვა? თუ ხვდები, რომ ეგოისტური ქმედებებით გამოირჩევი? უნდა გიხაროდეს, რომ შენთვის მუსიკას წერენ. თუ შენთან ერთად დაუკრავენ, კონცერტის ბოლოს მაინც შენი სახელი აფრიალდება, მაინც შენ მოგაყრიან ყვავილებს და შენ შეგაქებენ. ყველაფერი, რასაც შენთვის გეგმავენ, შენი იდეალური მომავლისთვის ხდება. მაგრამ უნდა ისწავლო, რომ ყველაფერი წარმავალია. ბედნიერება, რომელსაც დღის ბოლოს მიიღებ, დილით მძაფრი აღარ იქნება. ერთადერთი, რაც სამუდამოდ გაგყვება, სხვების გაბედნიერება და მათთვის საკუთარის განაწილებაა. -თათა, არ მინდოდა, რომ გწყენოდა. მხოლოდ იმაზე გავბრაზდი, რომ ჩემს შესაძლებლობებს უჩემოდ აფასებენ. -ასეც უნდა იყოს! სხვები უნდა ხედავდნენ შენს განსაკუთრებულობას. მარტო დარჩები. ეგოისტი გენიოსები ყოველთვის მარტო რჩებიან. -იმ დღეს თათა რომ წავიდა, ნიკოლა სრულიად გამოფიტული დაბრუნდა დარბაზში. ბევრი უყვირეს მასწავლებლებმა, ბევრი რამ მოისმინა საკუთარ თავზე, რასაც აქამდე მასში კარგს ხედავდნენ, იმ დღეს გააფუჭა. გაანაწყენა ყველა, ვისაც მისი იმედი ჰქონდა და მასში ხედავდა მომავალს. და მაინც, მართალი იყო თათა. ნიკოლას ეგოისტური სურვილი კლავდა, რომ ყველაფერი, რაც მისთვის გაკეთდებოდა, მისთვის დარჩენილიყო. მუსიკის გარეთ, ყველაფერს გაიღებდა, ყველაფერს გასცემდა და დათმობდა, ყველასთვის ერთგული იქნებოდა, მაგრამ ვერ შეძლებდა, რომ დარბაზშიც იგივე ყოფილიყო. თათა იმიტომ კი არ გადაარწმუნა, რომ არ შეეძლო, არამედ იცოდა, გულის სიღრმეში არც მას თვლიდა იმის ღირსად, პატივი მიეცა და გაენაწილებინა. *** კაფის ერთ-ერთ კედელზე აყუდებული საათი თერთმეტს უჩვენებდა. მათ წინა მაგიდასთან მჯდომმა გოგონამ ნივთები შეაგროვა, ჩანთაში ჩააწყო და მთელი ტანით მობრუნდა. მამაკაცებს თვალი გაუსწორა თუ არა, ოდნავ შეშფოთდა, შეყოვნდა. ნიკოლას სახეზე ირონიამ გადაურბინა, ძლივსშესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ხელი აათამაშა. მათემ თავი დაუქნია, ალბათ მიესალმა. ის-ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, კაფის პერსონალი სირბილით გამოიქცა მისკენ, დაახლოებით ერთი ასაკისანი იქნებოდნენ, ერთი-ორი წლის განსხვავებით. -ახლა ვერ წახვალ, შეხედე, გარეთ როგორ წვიმს. -გოგონამ ძლივს მოაშორა თვალი ნიკოლას და მის წინ ანერვიულებულ გოგოს გადახედა. -დილამდე არ გადაიღებს, ლეა. მე კი პროექტი მაქვს დასაწერი. -აქ დაწერე. ვერ გაგიშვებ. -შეევედრა ლეა და გოგონას მხრებში ჩააფრინდა, უკან დასწია და სკამზე ჩამოსვა. -ლეა, ძალიან დაღლილი ვარ. -ნიკოლამ იფიქრა მომეჩვენაო, თუმცა ნაწყენი და ნაღვლიანი ისე ჰგავდა თათას, ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დაუარა სხეულში. ადგა, საპირფარეშოსკენ გაუხვია. შესასვლელში, საერთო ნიჟარას დაეყრდნო, წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა. სარკეში აათვალიერა საკუთარი ანარეკლი. ეჩვენებოდა. გოგონა თითქმის არაფრით ჰგავდა თათას, თუმცა მანერები იმდენად ერთნაირი ჰქონდათ, ლამის დაეჭვდა, ცოცხალია და ჩემს გარშემოაო. -უკაცრავად -ძლივს გასაგონად მოესმა და თვალები დახუჭა. გაღიზიანდა. მთელი ტანით შებრუნდა, მხრებში ჩააფრინდა და კედელს მიახეთქა. -რა ჯანდაბა გინდა, ჰმ? სადაც წავალ, შენ როგორ მხვდები? შენც ლევანის მოგზავნილი ხარ? გამაგებინე, ყოველ კუთხეში როგორ უნდა იყო, როგორ გავატარო ერთი დღე ისე, რომ შენი სახე არ დავინახო? -გოგონამ ამოიხავლა, ცრემლით სავსე თვალები სწრაფად დაახამხამა და ხელების გათავისუფლება სცადა. -მტკივა. -ნიკოლამ ახლაღა დახედა საკუთარ ხელებს. გოგონას მხრებზე ისე უჭერდა, ცოტაც და ძვლები ხელებში ჩაატყდებოდა. ხელი შეუშვა, ისევ ჩამოეყრდნო ნიჟარას და ღრმად ამოისუნთქა. -მაპატიე. არ ვიცი რას ვაკეთებ. -არც მე ვიცი რას აკეთებთ, მაგრამ ის კი ვიცი, ადამიანური ფორმები რომ არ გაგაჩნიათ. -შენი ბრალი არ არის. დღეს უბრალოდ, ცუდი დღეა. -ამოიოხრა მახარაძემ და დაღლილ სახეზე ხელი ჩამოისვა, ოდნავ ამოსვლოდა წვერი, უხეშად მოედო ხელისგულებზე. -დავუძახო ვინმეს? -ვის უნდა დაუძახო, მათეს? -ნიკოლას გაეღიმა. -თუნდაც. -ძალიან გიყვარს დაძახებები. -დასახმარებლად რომ მოდიან, ცუდი სულაც არ არის. მე გამიხარდებოდა. -მის გვერდით დადგა გოგონა და ნიკოლას გაუღიმა. -მართალია, ცუდი არ არის. -მაგრამ თქვენ, მათე სულაც არ გჭირდებათ. -ეჭვით გახედა გოგონამ. -დაახლოებით, უცხო ადამიანი გჭირდებათ, ვისაც მოუყვებით და იმედი გექნებათ, რომ როცა წავა, თქვენს დარდს გაიყოლებს. -ყველას სჭირდება ვიღაც. -ვიღაც ძალიან ახლობელი, როცა უჭირს და ლაპარაკობს, მაგრამ ვიღაც ძალიან უცხო, როცა ლაპარაკი უჭირს, რადგან ვეღარ უძლებს. -შენ რომელი ხარ? -თითქოს შეტევაზე გადავიდაო. გოგონა დაფიქრდა, ქვემოდან ახედა ნიკოლას. -ვიღაც... ძალიან უცხო. -იმედია, სამმა შეხვედრამ ახლობლებად არ გვაქცია. -რა თქმა უნდა, არა. თქვენს გაცნობას არასდროს მოვისურვებდი. -სიცილით გაისწორა ქერა თმა. ნიკოლამ ღიმილით შეავლო მის ლოყაზე გაჩენილ პაწაწინა ჩაღრმავებულ ადგილს თვალი და თავი გაასწორა. გოგონა კარისკენ დაიძრა. -ევა! -სიტყვა დააწია ნიკოლამ. გოგონა გაოცებული შემობრუნდა. -ეს გრჩება. -ხელში ვარდისფერი შარფი შეათამაშა მახარაძემ, გოგონასკენ დაიძრა და გრძელი თითები მის თმებში ახლართა, შარფის ბოლო შეუცურა, ნაზად გამოასრიალა და ლამაზად შემოახვია თეთრ ყელზე. ევას საოცრად რბილ თმაში ორივე ხელი შეაცურა, ნაზად, მომთხოვნად წამოაწევინა თავი, დაიხარა, ცხვირის წვერით შეეხო გოგონას ნაზ კანს, ყურის ქვემოთ, ძლიერად შეისუნთქა მისი სურნელი და ტუჩებით უკოცნელად შეეხო მის ყელს. იგრძნო,როგორ განაწილდა მათ შორის მუხტი, როგორ დაიბნა და შეშინდა მის ხელებში მომწყვდეული სხეული. ნიკოლამ თვალები დახუჭა. ტუჩები ყურთან მიუტანა. -იმედია, აღარასდროს შეგხვდები, ევვა! -სწრაფად მოშორდა, იქაურობას გაეცალა. მაგიდასთან მისულს გაოცებული მათე შეხვდა, სკამზე გადაკიდებული პიჯაკი ნახევრად გამშრალიყო, მხარზე წამოიგდო, ჯიბიდან კუპიურები ამოიღო და დაუთვლელად დაყარა. -წავედით. -მიაძახა კარში გასულმა მისი საქციელით გაკვირვებულ მამაკაცს. მათემ პალტო მკლავზე გადაიკიდა და ხმაურით დატოვეს ქუჩა. *** -ერთი გამაგებინე,რა დაგემართა? -ის გოგო... -ბოლთას სცემდა განერვიულებული მახარაძე. -ღმერთს გეფიცები, რაღაც არაამქვეყნიური მოვლენაა. -თმაში ხელი შეიცურა და ძლიერად მოქაჩა, წამოიღმუვლა, მხეცივით ეხეთქებოდა ყველაფერს. მათე გაოცებული უყურებდა, თუმცა მაინც აუღელვებლად ურევდა ყავას. ეტყობოდა, ნიკოლას ასეთ მდგომარეობას მიჩვეულიც კი იყო. -კარგი ერთი, ასე ძალიან არ ჰგავს თათას. -გაეცინა მათეს. ერთი ფინჯანი ნიკოლას მაგიდაზე დადგა, იმ იმედით, რომ არაფერს დაუშავებდა და მეორე ხელებში მოიქცია, სავარძელში ჩაესვენა და მორბენალ მახარაძეს მობეზრებულად მიაშტერდა. -არ ჰგავს! საერთოდ არ ჰგავს. მხოლოდ სულელური თვალებით. მაგრამ ეს რა შუაშია? რომ ჰგავდეს, უკეთესიც იქნებოდა. თავისებურია. იმდენად თავისებური, თათაც რომ არ იყო. გახსოვს, როგორი აუტანელი თვისებები ჰქონდა? ზოგჯერ, მოთმინებას ვკარგავდი, მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა, მიმეტოვებინა და წავსულიყავი. ეს კიდევ უარესია, მათე. -ასეც მოიქეცი. -წარბები ასწია მეტრეველმა და ყავა უდარდელად მოსვა. -რას გულისხმობ? -შეყოვნდა მახარაძე. -ყველაფერი მიახალე, მიატოვე და წახვედი. -მხრები აიჩეჩა მათემ. ანერვიულებული ნიკო იქვე ჩამოჯდა, გახშირებული სუნთქვა ოდნავ ჩაუწყნარდა და სახეზე ხელები ჩამოისვა. -მაგაზე ფიქრი მტანჯავს. -მხოლოდ იმიტომ თუ ნანობ, რომ თათას სიკვდილის მიზეზი ეს გახდა, მაშინ სულელი ყოფილხარ, მე კი ყავას დავლევ და წავალ. -სწორედ ეს იყო მიზეზი, მათე. -არ ყოფილა. -დასერიოზულდა მეტრეველი და ფინჯანი იქით გადადო, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს. -თქვენ წლების განმავლობაში ერთად იყავით. გიყვარდა, მის ამაზრზენ გამოხტომებს იტანდი და მის ერთგულად დარჩი. შენი ბრალი არ არის, რომ ერთ დღეს გაიღვიძე და მიხვდი, აღარ შეგეძლო. ის რომ ნორმალური ყოფილიყო, ქალურ ნებისყოფას გამოიჩენდა და გაგიშვებდა. მან კი შეგაშინა. საკუთარი სიცოცხლით დაგემუქრა, დაგპირდა, რომ... -რომ თავს მოიკლავდა და რასაც დატოვებდა, ჩემს გასამწარებლად საკმარისი იქნებოდა. ასე იყო, მათე. და ასეც მოიქცა. რაც დატოვა, პრობლემებია. მისი ძმა, მისი არეული ცხოვრება, მისი ცოდვები ერთიანად მე დამაწვა. თითოეულმა მათგანმა სიმართლე რომ იცოდეს, ამდენი ადამიანის სისხლით არ დავიბანდი ხელებს. -გიყვარს? -ნიკოლამ თავი ასწია. ჩაფიქრდა, ფარდებგადაწეული ფანჯრიდან ჩანდა, როგორ ანგრევდა წვიმა და ქარი ყველაფერს. უკვე შუაღამე იყო, სამი საათი. -მიყვარს თვრამეტი წლის თათა, რომელიც დარბაზში დავინახე. მიყვარს სახელი, რომელიც შემთხვევით მოვისმინე და წარმოდგენა არ მქონდა ვის ეკუთვნოდა, მიყვარს ჩვენი საუბრები სასწავლებლის კიბეზე, მიყვარს აპრილი და ბაღი, სადაც პირველად ვიჩხუბეთ, სადაც ეგოისტს მეძახდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ ძლივს იგლეჯდა სიტყვებს. მიყვარს თათა, რომელიც ყველა ჩემს კონცერტს წყენის მიუხედავად ესწრებოდა, ფეხზე იდგა და გაბწყინებული თვალებით ელოდა დასასრულს, რომ ყველასთვის დაესწრო ჩემთან მორბენა, უბრალოდ თქმა, რომ შესანიშნავი იყო. მიყვარს თათა,რომელიც იცინოდა, რომელსაც ასაკის მიუხედავად ბავშვურად უყვარდა სირბილი, ყვავილების გვირგვინების კეთება, შაბათ-კვირას მინდორში გასვლა და მდინარეზე კენჭების შეგროვება. მიყვარს თათა, რომლისთვისაც მუსიკას ვწერდი. მიყვარს თათა, რომლის ერთი ნაწილი ანგელოზად წავიდა, მაგრამ მეზიზღება. ყველაზე მეტადაც მძულს, სიყვარულსა და სიძულვილს შორის გადებულ ერთნაბიჯიან ხიდზე გავიარე, მათე, გესმის? მეზიზღება, რომ მისი სული ბოლომდე წმინდა არ იყო, მძულს, რომ იძულებულს მხდიდა, რომ ნერვიული და ჩემზე მეტად ეგოისტი იყო. მძულს, რომ ეჭვიანობდა, რომ უნდოდა მის გარეშე არც კი მესუნთქა. მძულს, იმიტომ რომ იძულებული გამხადა ყველაფერზე უარი მეთქვა, მძულს, რომ ვალდებული გამხადა შევხებოდი, ბოლომდე ჩემად მექცია და ამით მანიპულირება მოეხდინა. მძულს, რადგან მეცოდებოდა. არ შემეძლო სისუსტეში დამეტოვებინა. და ვერც ძლიერი გავხადე. მისი გახსენება არ მინდა, რადგან არჩევნის წინაშე დამაყენა, ხოლო ისტერიკულმა შიშმა იქამდე მიიყვანა, კონცერტზე წასული მისი ცხოვრებიდან გამქრალი ვეგონე. და სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, მისი სული არ ისვენებს, რომ სახლში დაბრუნებულს დამთავრებული დამხვდა. -ნიკოლამ ფინჯჯანს ხელი გაჰკრა, ისიც გადავარდა, ხმაურით დაილეწა და თათას მსგავსად დამთავრდა. მათე ჩაფიქრებული უსმენდა. გასწორდა, გაციებული ყავის ფინჯანი მაგიდაზე გადადო, წამოდგა. -ვისკი? -ვისკი. -თავი დაუქნია მახარაძემ. ის-ის იყო წუთის წინ მომხდარი დავიწყებას უნდა მისცემოდა, კარზე გაუჩერებელი ხმაური ატყდა. ნიკოლა სწრაფად წამოდგა, კარს მივარდა და გამოაღო. -ნიკო! -ამოიხავლა სისხლში მოსვრილმა ბელამ. თვალები მილულა და მთელი სხეულით ხელებში ჩაუვარდა მახარაძეს. -მათე! -იღრიალა ნიკოლამ. გააფთრებული მიშტერებოდა ბელას სისხლით დაფარულ სხეულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.