სამი გზა (თავი 8)
თეკლე აფორიაქებული ჩანდა. თავისი პატარა საცხოვრებელი ოთახის საწოლზე იჯდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს. როგორ არ ეცადა რამით დაკავებულიყო. ხან წიგნის კითხვა დაიწყო, ხან ფილმი ჩართო, ხან საჭმლის გაკეთება სცადა, ხანაც ინტერნეტ თამაშებს მიუჯდა, მაგრამ არაფერი არ ამშვიდებდა. რაღაც აკლდა... რაღაც, ან ვიღაც. გიორგის თბილი მზერა აკლდა, რომელშიც იკარგებოდა გოგონა. სურდა გამოეკვლია ეს ადამიანი, ბიჭის შიგთავსს გაცნობოდა. სურდა მის შესახებ ყველაფერი გაეგო... გაუთავებლად ესაუბრა მასთან სხვადასხვა თემებზე და ალბათ, ცხოვრებაში პირველად ის იქნებოდა მსმენელის როლში და არა მოსაუბრის ან მრჩეველის. პირიქით, ამჯერად ის მოისმენდა გიორგისგან რჩევებს, დიდი სიამოვნებით მოისმენდა. მასთან პირველი შეხვედრა ახსენდებოდა, როგორი მოურიდებელი და უტაქტო ეჩვენა მაშინ?! შემდეგ კი სულ სხვა დახვდა კლუბში. როგორ შეეძლო ამ ადამიანს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოეხდინა? ეს ხომ თეკლეს არასოდეს დამართნია?! ერთი შემოხედვითაც კი ხვდებოდა გოგონა თუ რა უნდოდათ ადამიანებს მისგან, თუმცა ამ ბიჭისგან ვერც პირველ შეხვედრაზე გაარკვია ეს და ახლა მითუმეტეს. იქნებ, საერთოდ არ აღიქვამდა იგი მას, როგორც ქალს?! გული დაუწვრილდა გოგონას და მასზე ხელი იტაცა. შემდეგ კი წამოდგა, უკვე ჩაცმული იყო. სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და ოთახიდან გავიდა. მიუყვებოდა ნაცნობი კლუბისკენ მიმავალ გზას თეკლე და თან ფეხები უკან რჩებოდა. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა კლუბში. რას იფიქრებდა გიორგი მასზე?! აშკარად ეგონებოდა, რომ გოგონა მის გამო მიდიოდა იქ. არა, ეს არ უნდოდა მას. უცებ შედგა და მარჯვენა ფეხის კენკვა დაიწყო, მარჯვენა ლოყა კბილებში მოექცია გოგონას და ნერვიულად იკვნეტდა. მერე გიორგის სიტყვები გაახსენდა, რომ შეცდომის დაშვების უფლება უნდა მიეცა სხვებისთვის. თუ სხვები უშვებდნენ შეცდომებს, იქნებ მასაც დაეშვა ერთი პატარა შეცდომა?! შესულიყო იმ კლუბში და შეხვედროდა გიორგის, მიუხედავად იმისა, თუ რას იფიქრებდა ის მასზე. ეს აზრი მტკიცედ გაუჯდა გონებაში გოგონას და სწრაფად დაიძრა ადგილიდან, არ სურდა გადაეფიქრა, ამიტომ თითქმის სირბილით მივარდა კლუბთან, ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შევიდა. ბართან ისევ სხვა ბარმენი დახვდა. მშვიდად მიუახლოვდა გოგონა ბარს და ჩამოჯდა. ფრთხილად ათვალიერებდა იქაურობას, თვალებით გიორგის ეძებდა და თან გული სწრაფად უცემდა. -გამარჯობა. რას დალევ? -ღიმილით შეეკითხა ბარმენი. -ჯერ წყალს, მერე მოვიფიქრებ. -გაუაზრებლად წამოიძახა გოგონამ და ისევ თვალების ცეცება დაიწყო. რამდენიმე წამში მის წინ წყლით სავსე ჭიქა აღმოჩნდა და ხარბად დაეწაფა. ნერვიულად ათამაშებდა ფეხებს და თვალებს ვერ აჩერებდა. -ვინმეს ელოდები? -ბარმენის კითხვამ გამოარკვია. -მე? არა, არავის არ ველოდები. დღეს გიორგი არ არის? -შეეცადა კითხვა სხვათაშორის დაესვა და მგონი გამოუვიდა კიდეც. -ბარმენი გიორგი ჩვენთან აღარ მუშაობს. -მშვიდად მიუგო ბიჭმა. თეკლე ნერვიულმა სიმხურვალემ აიტანა, ნუთუ ვერასდროს ნახავდა გიორგის? ანი. უცებ ანი ამოუტივტივდა თავში და შვებით ამოისუნთქა, ანისთან შეძლებდა მის ნახვას. -რატომ? -ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ჰკითხა ბარმენს გოგონამ. -არ ვიცი. მიზეზი არ უთქვამს. -მხრების ჩეჩვით უპასუხა ბიჭმა და თან სველი ჩვარი გადაუსვა ბარის დაფას. თეკლე ბარიდან გამოვიდა. გული შეკუმშვოდა, უფრო ძლიერად მოუნდა გიორგის ნახვა. რატომ წავიდა ბარიდან? უამრავი აზრი ტრიალებდა გოგონას გონებაში, თუმცა ერთი ყველაზე მეტად ესობოდა გულზე ეკალივით. გიორგი მაშინაც მიხვდა, რომ იქ მის გამო მივიდა თეკლე. იქნებ, აღარ სურდა მას მისი ნახვა? თუმცა ამის გამო სამსახურის დატოვება სისულელე იყო, თეკლე არ ღირდა მისთვის იმდენად, რომ მის გამო ან წასულიყო ან დარჩენილიყო. რაც უფრო მეტად უხურდა სხეული ნერვიულობისგან, უფრო მეტად სურდა გაერკვია. ყველაფრის გარკვევა სურდა გოგონას, რადგან გაურკვევლობა აღშოთებდა, სულს უფორიაქებდა და ასუსტებდა თითქოს. სისუსტეს ვერ იტანდა, ვერ იტანდა იმდენად, რამდენადაც ძლიერი იყო და გოგონა საკუთარ სიძლიერეში ფრიად დარწმუნებული გახლდათ. ტელეფონი ამოიღო და ანას ნომერზე დააწკაპუნა. ორი ზარის შემდეგ ხმა გაიგო. -თეკლეეე... როგორ ხარ? -მოესმა მეორე მხრიდან გახარებული ხმა. -კარგად ანა, შენ როგორ ხარ? -მშვიდად მიუგო გოგონამ. -მეც კარგად. სად ხარ? გამო ჩემთან. -ჰო, მაგიტომ დაგირეკე. მარტო იქნები თუ ისინიც იქნებიან? -ცნობისმოყვარედ ჰკითხა თეკლემ. -არა არა, მარტო ვიქნები. ისინი რომც გამოვიდნენ, გიორგი არ იქნება, დამშვიდდი. -დარწმუნებით თქვა გოგონამ. თეკლე სულ უფრო მოიცვა გაურკვევლობამ. -რატომ არ იქნება? -სწრაფად იკითხა მან. -რამდენი ხანია უკვე აღარ მოდის. შენს მერე ერთხელ იყო ცოტა ხნით, მის მერე აღარ გამოსულა. თეკლე ადგილს შეეყინა. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოეფიქრებინა. სურვილი გიორგის ნახვის, სულ უფრო მეტად აწვებოდა გოგონას ტვინს და უეცრად, ნათელმა აზრმა გაიელვა მასში. -ანა, მგონი გიორგი ჩემი მეგობრის ახლობელია. რაღაც საჭირო ნივთი დარჩენია მასთან და ვეღარ უკავშირდება. მისამართი ხომ არ იცი, რომ ავიდეს და გამოართვას? -მისამართი? მოიცა ნინის გადავურეკავ, იმას ეცოდინება. დამელოდე, ორ წუთში მოგწერ. თეკლემ ტელეფონი გათიშა და თვალი უმისამართოდ გაუშტერდა. რატომ სურდა მას გიორგის ნახვა ასე დაჟინებით? ან რა მოხდებოდა, როცა მისამართს გაიგებდა? ნუთუ ამდენად გათამამდებოდა გოგონა და მას სახლში ააკითხავდა? ეს ხომ წარმოუდგენელი სითამამე იქნებოდა თეკლეს მხრიდან?! სულელური, ტატასეული საქციელი. ნუთუ ამის უფლებას მისცემდა საკუთარ თავს? არა, არავითარ შემთხვევაში. მისამართს გაიგებდა თუ არა, მაშინვე გაუქრებოდა ეს სურვილი. ასეა ადამიანი მოწყობილი, როცა ახლოსაა მიზანთან, სწორედ მაშინ ეკარგება სურვილი მისი დაუფლების. სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მასაც ასე მოუვიდოდა. გიორგი უბრალო ნაცნობი იყო, რომელსაც მხოლოდ სამჯერ შეხვდა და ჩვეულებრივი დიალოგი ჰქონდა მასთან. ეს საერთოდაც არაფერს ნიშნავდა და წამით შეზიზღდა გოგონას ამდენად მსუბუქი საქციელის ჩადენის სურვილი რომ დაეუფლა. მესიჯის წკრიალის ხმა შემოესმა თეკლეს და სწრაფად დახედა ეკრანს. ანნა: მილორავას 13. გოგონამ გაუაზრებლად დაუქნის ხელი ტაქსს და ჩაჯდა. -საით? -მოესმა მძღოლის ხმა წინიდან. -მილორავას 13. -აღელვებით შესძახა გოგონამ. ტაქსის მძღოლი უკვე მესამე ჩიხში უხვევდა და ზევით მიიწევდა, შემდეგ კი 13 ნომერ კართან გაჩერდა. გადმოვიდა თეკლე ტაქსიდან და ყავისფერ რკინის კარს მიუახლოვდა ფრთხილი ნაბიჯებით. ვიწრო აღმართზე ძველი, აგურისგან ნაშენები განუცალკავებელი, გრძელი შენობა იდგა სწორ ხაზად ჩაყოლებული, რომელიც ცამეტ კრინის კარად იყო დაყოფილი. სულ ბოლოს ცხოვრობდა გიორგი, სწორედ შენობის ბოლო კარი გახლდათ 13. გოგონა კართან იდგა და ტუჩებს იკვნეტდა, ვერ გადაეწყვიტა დაეკაკუნებინა თუ არა. გული სწრაფად უცემდა ნერვიულობისგან. ალბათ, რა სულელურად გამოიყურებოდა იმ წამს?! სად გაქრა მისი თავდაჯერებულობა? ნუთუ ეს რკინის კარი იყო ზღვარი მასა და სიამაყეს შორის? ნუთუ ამ კარის ზღურბლს ვერ გადაივლიდა მისი ჩვეული სიამაყე და ეს ვიწყო ქუჩა შთანთქავდა მას?! გოგონა უკან გაბრუნდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ შედგა. რა დაემართა?! ნუთუ ჩარჩოებში ყოფნა ამდენად რთულია?! ნუთუ წესები თეკლეს სურვილებზე მაღლა იდგა? კეტრინ ჰეპბერნის ფრაზამ გაიელვა გოგონას თავში: „სჯობს გააკეთო და შემდეგ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და გინდოდეს“. უჩვეულო განცდა დაეუფლა. რამდენჯერაც ამ ფრაზას წაიკითხავდა, ეთანხმებოდა, მაგრამ ახლა... სწორედ ახლა იდგა ის სინანულსა და სურვილს შორის, თავმოყვარეობასა და სურვილს შორის და არჩევანს ვერ აკეთებდა. 13 ნომერი რკინის კარი გადაულახავ ციხესიმაგრედ მოეჩვენა. ფრთხილად შეტრიალდა და კარს მიაპყრო მზერა, თავდაჯერებულობამ გაიღვიძა უეცრად მასში, კეტრინ ჰეპბერნის სიტყვებს მყარად მოეჭიდა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს. ფრთხილად დააკაკუნა და გონება გათიშა. ამ წამს არაფერზე არ სურდა ეფიქრა, სუნთქვაშეკრული შესჩერებოდა კარის სახელურს და ელოდებოდა, როდის შეირხეოდა. თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტად მოეცა გამბედაობა გოგონას და შედარებით ძლიერად დააკაკუნა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. კარის სახელური არ ინძრეოდა. გოგონას სწრაფი სუნთქვა აუტყდა, შემდეგ კი ფთხილად მოშორდა კარს და გზისკენ გაბრუნდა ნელი ნაბიჯებით. უეცრად, მის უკან კარის გაღების ხმა გაისმა და შეტრიალდა. გიორგის სახეს შეაჩეხა მზერა, რომელსაც თვალები შესიებოდა და ოდნავი სილურჯე დაჰკრავდა. ახალგაღვიძებულივით, ოდნავ თვალებმოჭუტული უყურებდა გოგონას და ისეთი სახე მიეღო, თითქოს ვერ იცნო. თეკლე ფრთხილად მიუახლოვდა, ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ბიჭის სახეს, რომელსაც პირისახე თანდათან ეხსნებოდა და ბოლოს ღიმილი გამოეკვეთა. -თეკლე?! -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები გიორგის პირიდან. გოგონა უხერხულად შეიშმუშნა. -ჩემს მეგობართან მივდიოდი, აქ ცხოვრობს სადღაც და ვერ მივაგენი. -სულელური თავის მართლება დაიწყო გოგონამ, არადა ტყუილი საერთოდ არ გამოსდიოდა. -შენც აქ ცხოვრობ? -ნაძალადევი, ანერვიულებული სიცილი აღმოხდა გოგონას და სახე წამსვე დაუსერიოზულდა. ბიჭმა დაეჭვებით და ღიმილით დახედა. -შემოხვალ? -კი. -წამოიძახა უცებ თეკლემ. ბიჭს უფრო მეტად გაებადრა სახე და შესასვლელისკენ ანიშნა გოგონას, ისიც ხელის მიმართულებას გაჰყვა და ჩვეული ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა გიორგის სახლში. სახლში ძველი რემონტისა და სიძველის სუნი ტრიალებდა. შესასვლელში ვიწრო დერეფანი გაჭიმულიყო, რომლის ბოლოშიც სამზარეულო გახლდათ. დერეფნის მარჯვენა მხარეს კი პატარა მისაღებში გადიოდით, იქედან კი საძინებელში. გიორგიმ სამზარეულოსკენ აიღო გეზი, გოგონაც მას გაჰყვა და მაგიდასთან ჩამოჯდა. -აქ „სისხლიან მერის“ ვერ გაგიმზადებ. -ღიმილით გამოხედა ბიჭმა. -არა, ახლა ალკოჰოლი ნამდვილად არ მინდა. –„თუ მინდა?“ პარალელურად გაიფიქრა გოგონამ. -კარგი, მაშინ... ჩაი თუ ყავა? -თვალები აუთამაშა ბიჭმა. -ჩაი მირჩევნია. -მშვიდად უპასუხა თეკლემ. ბიჭი შებრუნდა, წყალი დადგა გაზქურაზე და ისევ თეკლესკენ მიტრიალდა. -აბა? მომიყევი რამე შენზე. -დაიწყო ბიჭმა. სამზარეულოს დაფაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ერთი ღერი ამოიღო, ტუჩებში მოაქცია, შემდეგ კი ანთებული გაზქურისკენ დაიხარა და სიგარეტს გაუკიდა. -რა გაინტერესებს? -შეუბრუნა კითხვა გოგონამ. -ყველაფერი, რის თქმასაც საჭიროდ ჩათვლი. -გიორგი მაგიდას მიუახლოვდა და გოგონას მოპირდაპირედ დაჯდა. -პატარა ქალაქში გავიზარდე დედასთან და ჩემს უმცროს დასთან ერთად, წელს კი აქ გადმოვედი სასწავლებლად და მამასთან ერთად ვცხოვრობ. -მოგწონს? -ნაფაზი მოარტყა ბიჭმა. -კი. თანდათან ვეჩვევი. -მხრები აიჩეჩა გოგონამ. -შენზე რას მეტყვი? -დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა ნარკომანი იყო და ზედმეტი დოზისგან დაიღუპა ხუთი წლის წინ. მას შემდეგ, მარტო ვცხოვრობ. გოგონამ ოდნავ გაიკვირვა. ის კი არა, რომ მამა ნარკომანი ჰყავდა და დედა მის მშობიარობას გადაჰყვა?! არამედ ის, რომ გიორგი ამას ზედმეტად ჩვეულებრივად ამბობდა. თითქოს სულაც არ დარდობდა ამაზე, ან უბრალოდ არ იმჩნევდა. -და ან ძმა არ გყავს? -ჰკითხა თეკლემ. -ძმა. -ბიჭმა ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან და მაშინვე ახალი ნაფაზი მოარტყა. -ცალკე ცხოვრობს? -არ ვიცი, სად ცხოვრობს და რას აკეთებს. ალბათ მამის კვალს გაჰყვება ისიც. -სიმწრის ღიმილი მოეფინა ბიჭს სახეზე და ორ თითს შორის მოქცეულ, ანთებულ სიგარეტზე გააშეშა თვალი. გოგონა აკვირდებოდა ბიჭის რეაქციებს, მასში ვერაფერს კითხულობდა. ეძებდა პასუხებს, მოეჩვენა რომ გიორგის ფსიქოლოგია თავსატეხებით იყო სავსე, რადგან ის ზედაპირზე არ ამჟღავნებდა საკუთარ შინაგან ბუნებას. მასზე ვერ იმსჯელებდა მისი გარეგანი გამოხატულებით, რადგან გარედან ის სულ სხვანაირი ჩანდა. მთელი სიმდიდრე შიგნით, ღრმად ჰქონდა ჩაფლული ბიჭს და იქ არავის ახედებდა. -ბარიდან რატომ წამოხვედი? -შეცვალა თემა თეკლემ, ალბათ უფრო იმიტომ რომ გულში რაღაცამ გაჰკრა. იგრძნო, რომ ბიჭს უჭირდა თავის ოჯახზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ პასუხებს უდარდელად სცემდა. გოგონას კითხვაზე, ბიჭს შესამჩნევად გაეღიმა. -მეგონა, აქ მეგობარის სანახავად იყავი. გოგონას სახე გაუფითრდა, ენა დაება და აზრები გაეფანტა. ბიჭმა მისი დაბნეულობა შეამჩნია და ჩაეცინა. ჩაიდნის კივილმა გადაარჩინა თეკლე. გიორგი წამოდგა და ადუღებული წყალი ჭიქებში გადაანაწილა. შემდეგ კი მაგიდასთან დაჯდა და ჩაის ჭიქა თეკლესკენ მიაჩოჩა. -ტურნირისთვის ვემზადები და მაგიტომ წამოვედი. -რა ტურნირისთვის? -გაოცებით ჰკითხა გოგონამ. -ჭადრაკის ტურნირისთვის. თეკლეს გაეცინა და ბიჭი გაკვირვებით ჩააშტერდა. -რა გაცინებს? -რავი, ვერ წარმოვიდგენდი მოჭადრაკე თუ იქნებოდი. -სიცილით უთხრა მან. -რატომ? -ღიმილით ჰკითხა ბიჭმა. -არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა თეკლემ და უფრო დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს ჩაშავებულ თვალებში. -შენც გაქვს რამე ისეთი, რითაც მსგავსად გამაკვირვებ? -ალმაცერად ჰკითხა ბიჭმა. გოგონას სახე დაუსერიოზულდა და სიამაყე აენთო. -ძლიერი ვარ. სხვა გოგოებს არ ვგავარ. -მტკიცედ უთხრა. -რაში გამოიხატება შენი სიძლიერე? -ნებისმიერ რამეში. სირთულეები არ მაშინებს. საერთოდ ვერავინ და ვერაფერი შემაშინებს. -ყელი მოიღერა გოგონამ. -ბანალური პასუხია. -უთხრა ბიჭმა და ჩაი მოსვა. -ნებისმიერი მოსაზრება ბანალურად ჟღერს, სანამ სისრულეში არ მოიყვან. -უპასუხა გოგონამ. -შენ შეცდომების გეშინია. ეს შენს ნათქვამს სრულიად აბათილებს. -არ მეშინია, უბრალოდ ვცდილობ კარგად გავზომო, სანამ გავჭრი. ამ მხრივ, ხშირად ვრწმუნდები რომ მამაკაცებზე ძლიერიც ვარ. -მხოლოდ შენ, თუ ზოგადად ქალები? -ღიმილი შეეპარა ბიჭს. -ერთიც და მეორეც. მე მხოლოდ დედამ გამზარდა და მისგან ვისწავლე, რომ მამაკაცი საყრდენი არ არის. -ფემინისტი ხარ? -უფრო შესამჩნევად გაეღიმა ბიჭს. -ფემინისტი არ ვარ, თუმცა ბევრ მათ მოსაზრებას ვიზიარებ. ჭადრაკშიც ხომ ყველაზე ძლიერი ფიგურა ლაზიერია? ანუ დედოფალი, ქალი. -ნიშნისმოგებით უთხრა თეკლემ და წარბები აათამაშა. გიორგის გაკვირვებით გაებადრა სახე. -ჰო, მაგრამ მთელი ბრძოლა მეფისთვის იმართება. თუ შამათი ჩაგისვეს, დედოფალი მეფესთან ერთად ქრება. ლაზიერი მხოლოდ მაშინაა ძლიერი, თუკი მეფე მყარად დგას. -იგივე ჟესტი გაიმეორა ბიჭმა და წარბები აათამაშა. კიდევ ორი საათი ისაუბრეს თეკლემ და გიორგიმ, კიდევ ერხელ დალიეს ჩაი. გოგონას ბიჭთან საუბარი ამშვიდებდა, რაც უფრო მეტს იგებდა მასზე, უფრო მეტ საიდუმლოებას ხედავდა ამ ბიჭში და უფრო ღრმად ეფლობოდა ცნობისმოყვარეობის, მისი სურვილის მორევში. წასვლისას, გიორგიმ შესთავაზა რომ ხანდახან სტუმრებოდა მას, რაზეც გოგონა დაუფიქრებლად დათანხმდა და შინისკენ მიმავალ გზაზე, თბილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. *** ოლიკოს ცივ მდინარეში ბანაობისგან და ტანზე სველი ტანსაცმლის შეშრობისგან, სიცხემ მისცა და სამი დღე ლოგინში მწოლიარემ გაატარა. თეკლე ყოველ დღე მიდიოდა მასთან, ერთხელ ტატაც გაჰყვა. ოლიკოსა და ტატას შორის თითქოს ყველაფერი დალაგდა, რადგან ოლიკოს საქმრო ორშაბათს ჩამოდიოდა და გოგონა მხოლოდ ამაზე საუბრობდა. ტატა ზურას ჩამოსვლაზე ხავსმოჭიდებულივით იყო, მისი ბოლო იმედი ოლიკოს საქმროს ჩამოსვლა გახლდათ. ორშაბათი 13:50 გოგონები უნივერსიტეტის ეზოში, შესასვლელთან იდგნენ და საუბრობდნენ. სხვადასხვა სტუდენტებით იყო სავსე იქაურობა, მათში დათაც ტრიალებდა თავის სალომესთან ერთად და დროდადრო ოლიკოს გველურად გაუცინებდა. გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ ახერხებდა ამას, რადგან დათას მზერა წვავდა. ვერ უძლებდა, დათა მისი სისუსტე იყო. ყველაზე დიდი სისუსტე, რაც კი გააჩნდა. უეცრად, სტუდენტების მზერა იქვე გაჩერებულ, თეთი ფერის Merdeces S Class_ზე გაჩერდა. ტატა პირდაღებული შეშტერებოდა მანქანას და ცდილობდა გაერჩია, ვინ იჯდა შიგნით. ოლიკოსა და თეკლეს დიდად ყურადღება არ მიუქცევიათ. -აუ, ეს უნდა ნახოთ. რა ბიჭია, ღმერთო. -წამოიყვირა ტატამ. გოგონება ერთდროულად გაიხედეს, მანქანიდან შავრვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, შავგრემანი, სიმპათიური მამაკაცი გადმოვიდა წითელი ვარდით ხელში და გოგონებისკენ გამოემართა. -ზურა.. -ბედნიერი სიცილი წასკდა ოლიკოს და თავისი საქმროსკენ გაექანა. -კარგი რა. -თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ ტატამ და გაეცინა. ზურამ თბილი ჩახუტება და ვარდი აჩუქა თავის საცოლეს. -მომენატრე და პირდაპირ აქ მოგაკითხე. -თბილად წარმოთქვა მან. ოლიკოს მორცხვად ჩაეღიმა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა თავის საქმროს. ეზოში მიმოფანტული სტუდენტების მზერა მხოლოდ ამ წყვილისკენ იყო მომართული, ზურას ყურადღება არც კი მიუქცევია მათთვის, მხოლოდ თავისი ულამაზესი საცოლის ცქერით ტკბებოდა. დათამ ცივად შეუშვა ხელი სალომეს და თვალები ჩაუწითლდა ბრაზისგან. ძარღვებმა დააყარა მთელს ტანში, როცა დაინახა როგორ ეხუტებოდა ოლიკო სხვა კაცს. თეკლე და ტატა მიუახლოვდნენ მათ და ოლიკომ თავისი მეგობრები გააცნო ზურას. -ეს თეკლეა, ეს კი ტატა. გოგონებო, ეს ზურაა, ჩემი საქმრო. -ტუჩებს თავს ვერ უყრიდა გოგონა სიხარულისგან. თეკლემ სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ტატამ კი ლამის კივილით უთხრა. -მე ტატა ვარ, ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა. ოლიკოს ბეჭედზე გავგიჟი, მაგარი გემოვნება გქონია. -ენას არ აჩერებდა. ზურამ, როგორც ჯენტლმენებს შეშვენით, ხელზე ეამბორა ორივე გოგონას და შემდეგ, ისევ ოლიკოს მიაპყრო მზერა. -თუკი მორჩით ლექციებს, მე გაგიყვანთ სახლებში. -შესთავაზა მან. -კი, უკვე მოვრჩით. -უპასუხეს გოგონებმა ერთხმად. ის-ის იყო მანქანაში სხდებოდნენ, უეცრად ოლიკომ მხარზე მძიმე ხელის დაცემა იგრძნო. „ღმერთო, მიშველე.“ ლოცულობდა გოგონა შინგნით. ზურამ გაკვირვებით შეათვალიერა დათა და შემდეგ თავის საცოლეს გახედა. -გამარჯობააა, მე დათა ჯიშკარიანი ვარ. ოლიკოს ბავშვობის... -ცოტათი პაუზა ჩასვა ბიჭმა. ოლიკოს აკანკალებულ მხრებზე, ოდნავ ჩაეღიმა და გააგრძელა. -მეგობარი. ზურამ საეჭვოდ ჩაიღიმა და დათას გაწვდილ ხელს, თავისი შეაგება. -ზურა დადიანი, ოლიკოს საქმრო. -სიამაყით წარმოსთქვა მამაკაცმა. დათას ნაძალადევად ჩაეცინა. -ჰო ვიცი, ოლიკო ბევრს მიყვებოდა შენზე. -გოგონას გახედა დათამ. ის სახეწაშლილი იდგა, გული ლამის ამოუვარდა, ისე სწრაფად უცემდა. ენა ჩავარდნოდა, ხმას ვერ იღებდა. მხრებზე გადაფენილი დათას ხელი, უსაშველოდ ამძიმებდა. სულზე აწვებოდა. -ჰოო? მაინც რას გიყვებოდა? -ხელები გადააჯვარედინა ზურამ და დაკვირვებით ჩააშტერდა ბიჭს. დათას სიცილი აუვარდა. -ცუდს არაფერს, დამშვიდდი ძმაო. -ხელი მოაშორა ოლიკოს მხარს და აქეთ-იქეთ გაშალა. -აბა, წარმატებები. -ორი თითი შუბლზე აიკენკა ბიჭმა და დამცინავი სიცილით დატოვა იქაურობა. მთელი გზა, ხმა არავის გაუღია. ყველა უხერხულად იშმუშნებოდა, ზურას გარდა. ზურა მყარად იჯდა, მშვიდად, აუღელვებლად სუნთქავდა. ოლიკო კი მთელი ტანით ცახცარებდა. მამაკაცმა გოგონები სახლებში დაარიგა. ოლიკოს თბილად გამოემშვიდობა კორპუსის სადარბაზოსთან. -არ ამოხვალ? -ფრთხილად ჰკითხა ოლიკომ. -ახლა არა, რაღაც აუცილებელი შეხვედრა მაქვს დანიშნული. სახლში გავალ, მოვწესრიგდები, პირდაპირ აეროპორტიდან მოგაკითხე. -ხელი ნაზად მოუსვა გოგონას სახეზე და ნიკაპიდან ჩამოაცურა. -ხვალ ამოვალ და ვნახავ შენებს, მერე სადმე წავიდეთ. მომენატრა ჩემი ქალაქი. -ღმად ჩაისუნთა ბიჭმა ჟანგბადი. როცა ოლიკო სადარბაზოში მიიმალა, ზურამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა. -გამარჯობა, პეტრე. როგორ ხარ? -ვააა, ზურა შენ ხარ? ხმაზე გიცანი, ტო. როგორ ხარ, როდის ჩამოხვედი? -დღეს ჩამოვედი, ამ დღეებში გნახავ. როგორ მიდის საქმეები? -მამაკაცი მანქანისკენ დაიძრა. -ძველებურად, შენკენ რა ხდება? გავიგე ცოლი მოყავსო. -კი, მომყავს. მისმინე, რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან. -რაც გინდა ზურა. ხო იცი, შენ გამო არაფერზე დავიხევ უკან. -მოკლედ, დავით ჯიშკარიანზე გამირკვიე ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს, ყველა დეტალი. -ხო მშვიდობაა? -კი, კი მშვიდობაა, რაღაც საქმისთვის მჭირდება. -არ არის პრობლემა, ყველაფერს გაგირკვევ მალე და გადმოგირეკავ ამ ნომერზე. ზურამ მანქანა დაქოქა და მთავარ გზაზე, მანქანების რიგებს შეუერთდა. *** 18:30 ბატონი დიმიტრი, ქალაქის პრესტიჟული რესტორნის მაგიდასთან იჯდა და ზურა დადიანს, თავისი კომპანიის გადამრჩენელს ელოდებოდა. ზურას ნახევარი საათი შეაგვიანდა, დიმიტრი წამდაუწუმ გაჰყურებდა საათს და ნერვიულად კენკავდა თითებს მაგიდაზე. რესტორანში შარვალ-კოსტიუმიანმა, ახალგაზრდა მამაკაცმა შემოაბიჯა, დიმიტრიმ საჩვენებელი თითით ანიშნა საკუთარ თავზე. მამაკაციც მისკენ დაიძრა და ჰალსტუხის სწორებით დაჯდა დიმიტრის მოპირდაპირე სავარძელზე. -გამარჯობა, ბატონო ზურა. -შვებით აღმოხდა ბატონ დიმიტრის. -ბევრი დრო არ მაქვს. -ოდნავ აღელვება ეტყობოდა ზურას ხმაში. -მოკლედ, ბევრი არ მაინტერესებს შენს კომპანიაზე. ბუღალტერმა ანგარიშები უკვე გადმომიგზავნა, აი აქ 1 000 000$_ის ჩეკია. -თეთრი პატარა ფურცელი დადო მაგიდაზე ზურამ. -ეს ფული საკმარისია შენი კომპანიის ასამუშავებლად, მაგრამ ერთი პორიბით. დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა. -რა პირობა? ნებისმიერ პირობაზე თანახმა ვარ, ბატონო ზურა. ეს კომპანია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მე... -პირში გაეჩხირა სიტყვები ბატონ დიმიტრის, როცა ზურამ შეჩერების ნიშნად, ხელი ასწია. -მოკლედ, საქმე შენს შვილს ეხება, დათას. -მწარედ წარმოსთქვა მამაკაცმა. დიმიტრიმ წარბები შეკრა, ვერ მიხვდა რა შუაში იყო დათა ზურასთან. რა საერთო უნდა ჰქონოდა მის ვაჟს, ამ მამაკაცთან?! -დათა რა შუაშია? -წარბებს არ ხსნიდა ბატონი დიმიტრი. -ჩემს საცოლეს, ახლოს აღარ გაეკაროს. თუ ერთხელ მაინც შევამჩნიე მის სიახლოვეს, შენი კომპანია ჩაიძირება! -მუქარით წარმოთქვა ზურამ. დიმიტრიმ უფრო შესამჩნევად შეკრა წარბები. რაღაც ეჭვმა გაჰკრა გულში და მის გვერდით დადგმული ღვინო მოსვა ნერვიულად. -რა ჰქვია შენს საცოლეს? -ისე ჰკითხა კაცმა, რომ ზურასთვის არც შეუხედავს. -ოლიკო ბოლქვაძე. ამ სახელის გაგონებაზე დიმიტრი ჯიშკარიანს უშველებელი ნერწყვი გაეჩხირა ყელში და ნერვიული ხველება აუტყდა. -რა ხდება? -იჭვანერად ჰკითხა ზურამ. მამაკაცმა ძლივს ამოისუნთქა და ზურას მიაშტერდა. -გასაგებია, დაველაპარაკები. -ძლივს ამოღერღა ბატონმა დიმიტრიმ. -ესე იგი შევთანხმდით. გემრიელად მიირთვით, ბატონო დიმიტრი. -მშვიდად მიუგო ზურამ, ფეხზე წამოდგა და რესტორნის გასასვლელისკენ დაიძრა. დიმიტრის მადა გაუქრა, თვალები ბრაზისგან ჩაუწითლდა, მაგიდის ხელსახოცი მაგრად დაახეთქა და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი. *** 22:35 დათა თავისი ოთახის საწოლზე იწვა და ბოღმა ახრჩობდა, ზურასა და ოლიკოს ჩახუტების სცენა ედგა თვალწინ და მთელი სხეული უდუღდა ბრაზისგან. როგორ შეიძლებოდა ოლიკო სხვას ჩახუტებოდა?! ბრაზი უფრო მოაწვა თვალებში, ფეხზე წამოდგა და საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადებული ჭიქა მთელი ძალით შეახეთქა კედელს. -ამის დედაც მოვ**ან. -დაიღრიალა ბიჭმა და ანერვიულებული დაეხეთქა საწოლზე. ოთახის კარი ლამის შემოგლიჯეს, ბიჭმა მშვიდად ახედა მის თავზე წამომდგარ, ბრაზისგან ალეწილ მამას. -ისევ ოლიკო, ბიჭო? მეგონა ეს გავიარეთ. -დაუღრიალა კაცმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.