შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული რეანიმაციაში


21-04-2017, 21:47
ავტორი meri89
ნანახია 2 481

ნიას ბედი არ სწყალობდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებული იყო საკუთარ უიღბლობაში. თითქოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მისი ცხოვრება ცისარტყელას ფერებით ყოფილიყო სავსე, მაგრამ ერთბაშად უბედურება დაატყდა თავს – სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსზე იყო, მოულოდნელად მამა რომ გარდაეცვალა. დედამ, რომელიც გაანადგურა ქმრის სიკვდილმა და მთავარი საყრდენი გამოაცალა, მისი სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო... გოგონა იძულებული გახდა, ექთნად დაეწყო მუშაობა და, რომ არა მისი მომხიბლავი გარეგნობა, ამ სამსახურსაც ვერ ეღირსებოდა. მთავარმა კურატორმა, დიდხანს რომ ცდილობდა გოგოს გულის მოგებას და ლოგინში შეტყუებას, თავი გამოიდო – „ქვეყანა შეაწუხა“ და ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო კლინიკაში საოპერაციო მედდად მოაწყო. საოპერაციოს ექთნის სტატუსი იმით იყო უკეთესი, რომ, დანარჩენი ექთნებისგან განსხვავებით, მისი კომპეტენციისა თუ მოვალეობების ზღვარი საოპერაციოს ზღურბლზე გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოსტოპერაციულ პაციენტებზე ზრუნვა არ ევალებოდა. ამაში, შეიძლება ითქვას, გაუმართლა: მისი საქმე საპასუხისმგებლო იყო, მაგრამ მძიმეს და ჭუჭყიანს ვერ დაარქმევდი. თუმცა, ექიმის კაბინეტზე მეოცნებე გოგონასთვის მაინც მძიმე დარტყმა იყო, სადღაც „შუაში გაჭედვა“. თავის მდგომარეობას სერიოზულად განიცდიდა. კურატორთან რომ არ დაწვებოდა, ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ, დასაშვებად მიიჩნევდა რომანს კარიერული წინსვლისთვის... ამიტომ, სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კლინიკის ერთ-ერთ მფლობელს, საკმაოდ სახელოვან ექიმს, პროფესორსა და შესანიშნავ ქირურგს, ბატონ დავითს დაადგა თვალი. სიტუაცია უიმედოდ არ ეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმა ჯერ ვერ შენიშნა ახალი საოპერაციო მედდის მომრგვალებული, მაცდუნებელი ფორმები. ნია დარწმუნებული იყო, რომ თავისას მიაღწევდა. განსაკუთრებით მას შემდეგ დარწმუნდა თავისი არჩევნის სისწორეში, რაც ბატონი დავითის ოჯახური მდგომარეობის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია: პროფესორს ცოლი ხუთი წლის წინ გარდაეცვალა. ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდა და ქმართან ერთად პრაღაში ცხოვრობდა – ქორწინებიდან სამ თვეში მისი ახალგაზრდა, პერსპექტიული, დიპლომატი მეუღლე ელჩად დაამტკიცეს და წყვილი უკვე მეოთხე წელი იყო, მამასთან სტუმრად მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდიოდა, ან ბატონი დავითი ჩადიოდა მათთან – კონფერენციებზე და საქმიანი ვიზიტებით ევროპაში წასული, აუცილებლად შეუვლიდა ხოლმე. შვილისა და სიძის ხშირად მონახულების სურვილი განსაკუთრებით მაშინ გაუმძაფრდა, როცა ანას ტყუპი გოგონა შეეძინა... ნიამ ეს ყველაფერი ექთნებისგან შეიტყო – მის თანამშრომლებს ჭორაობა „დამხმარე საქმიანობად“ ჰქონდათ და განტვირთვისთვის აქტიურად იყენებდნენ. ნიას თავიდან ტუჩი აუბზუეს – შეიძლება, მისი გარეგნობა იყო ამის მიზეზი და, ისიც, რომ გოგოს, მათგან განსხვავებით, სამედიცინო უნივერსიტეტში სამი კურსი ჰქონდა ნასწავლი. მერე თიკო დაუმეგობრდა – საოპერაციოს მთავარი ექთანი, ოცდაათი წლის შეუხედავი, ოჯახსა და შვილებზე მეოცნებე ქალი... ყინული გალღვა. საამისოდ ნიასაც არ დაუკლია ცდა. სახლიდან დედამისის გამომცხვარი ტკბილეული და ღვეზელები მოჰქონდა მთელი ბრიგადისთვის. „კულინარიულმა კომუნიკაციამ“ შედეგი გამოიღო – ნიაკო კოლექტივის სრულფასოვანი წევრი გახდა.
ბატონი დავითი უფრო ახლოს საახალწლო ივენთზე გაიცნო... თანამშრომლები თავდავიწყებით მხიარულობდნენ, მხოლოდ ბატონი დავითი იჯდა განცალკევებით, კოქტეილს წრუპავდა და სიგარეტს დაფიქრებული ეწეოდა. ნიამ ჯერ შორიდან გაუღიმა რამდენჯერმე. სასურველი ყურადღება რომ ვერ დაიმსახურა, თავის ჭიქას ხელი მოჰკიდა და თამამი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
– ასეთი მოწყენილი რატომ ხართ? – ჰკითხა უშუალო, ბავშვური გულწრფელობით და ახლოს მდგარ სავარძელზე ანიშნა, – შეიძლება, დავჯდე?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – დაფაცურდა ბატონი დავითი, – უკაცრავად, მე თქვენი სახელი არ ვიცი.
– ნია მქვია და თითქმის ყოველდღე მხედავთ საოპერაციოში, – ნაწყენი კილოთი მიუგო გოგომ.
დავითი შეწუხდა:
– უნდა მაპატიოთ, სახელებს ცუდად ვიმახსოვრებ. იქ, საოპერაციოში კი მხოლოდ თვალები გიჩანთ. აი, პირბადე რომ გეკეთოთ და ქუდიც გეხუროთ, აუცილებლად გიცნობდით.
– კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ბატონო დავით, – გაუღიმა ნიამ და თავის სადღესასწაულო კაბაზე დაიხედა, – თუმცა, ვხედავ, ტყუილუბრალოდ ვიწვალე ამდენი.
– რატომ? თვალისმომჭრელად გამოიყურებით, ძალიან ლამაზი ხართ.
– მართლა? მაშინ გაპატიებთ, რომ ვერ მიცანით. წვეულებები არ გიყვართ? – გაათამამა ნია კომპლიმენტმა და დარწმუნდა, რომ სასურველ მიზანთან მიახლოება არც ისე ძნელი იქნებოდა – ეს კაცი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა მკაცრი და შეუვალი.
– უნდა გამოვტყდე, რომ არა. თანაც, ახლა ჩემს დღევანდელ პაციენტზე ვფიქრობ – როგორი იქნება მისი მდგომარეობა...
– საკმაოდ სტაბილური იყო, მე ასე ვიცი. თან, მარტო ხომ არ დაგიტოვებიათ, მორიგეები არიან კლინიკაში. შემიძლია, დავრეკო და ვიკითხო მისი ამბავი.
– არა, არა, მაგას არ ვგულისხმობდი. წამოსვლისას შევუარე და ვინახულე. იმას ვფიქრობ, სიარულს შეძლებს თუ არა... რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ, სერიოზული დაზიანებები ჰქონდა... ძალიან ახალგაზრდაა...
– თქვენ ყველა პაციენტზე ასე ნერვიულობთ? – ნიამ კოქტეილი მოსვა, თვალები მოწკურა და ბატონ დავითს გაუცინა.
– გაინტერესებთ, ექთნებისგან განსხვავებით, პაციენტები მამახსოვრდებიან თუ არა? ზოგიერთი მათგანი – კი... უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე...
– გიყურებდით, როგორ მუშაობდით საოპერაციოში. შეუდარებელი იყავით, – წამოიძახა ნიამ. მისი სიტყვები ისეთი გულწრფელი იყო, რომ დავითმა დიდი ხნის მეგობარივით, ალერსით მოუთათუნა მხარზე ხელი:
– კარგი გოგო ხარ...
– ბატონო დავით... – ნიას ძალიან არ უნდოდა კაცს პატარა გოგონად აღექვა, ამიტომ, გადაწყვიტა, აშკარა იერიშზე გადასულიყო, – ხომ არ ვიცეკვოთ?
– რატომაც არა, – გაიღიმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ და ხალისიანად დაუქნია თავი, – ოღონდ, გაფრთხილებ: დიდი ხანია, არ მიცეკვია და, შეიძლება, ფეხზე დაგაბიჯო.
ნიამ გადაიკისკისა და თავისი თხელი, ნატიფი თითები კაცის ძლიერ ხელისგულში ჩადო.
***
უზარმაზარი სარკის წინ ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცი იდგა. უზადოდ მორგებული კოსტიუმი ეცვა და ძვირფას პერანგზე კარგად შეხამებულ ჰალსტუხს ირგებდა. ოთახში ქალი შევიდა. კაცმა სარკეში ზურგს უკან მდგარი ცოლი დაინახა და გაუღიმა:
– რაო, ანუშკა, ძიძები მოვიდნენ?
– ჰო, სწორედ სულზე მომისწრეს. ყველაფერი ერთდროულად უნდათ. მაგიჟებენ, – პრეტენზიული ხმით ჩაილაპარაკა ანამ და ქმარს მხრიდან უხილავი მტვერი ჩამოუბერტყა.
– ძალიან საყვარლები არიან. ყოველდღიურად იცვლებიან და მათთან ყოფნა სულ უფრო საინტერესო ხდება.
– მეც ასე ვფიქრობ, როცა ვეთამაშები... მაგრამ, თუ ორივეს შია ან ეძინება, სიქას მაცლიან... შემომხედე, რას დავემსგავსე – სულ დაღლილი და გამოუძინებელი სახე მაქვს...
კაცი ცოლისკენ შებრუნდა და მოეხვია:
– მე კი მგონია, ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ დღეს სტუმრად მივდივართ? საღამოს მძღოლი მოგაკითხავს.
ქალმა ქმარს შესცინა:
– მძღოლი რად მინდა? ჩვენი მანქანით მოვალ.
– არა. როცა მეცოდინება, რომ მძღოლს მოჰყავხარ, გაცილებით მშვიდად ვიქნები. იცი, რა ვიფიქრე? ერთი ძიძა ღამისთვისაც აგვეყვანა – გამოძინებას შეძლებდი.
– აჰა, ესე იგი, მართალი ვიყავი: ცუდად გამოვიყურები... – აწუწუნდა ქალი, – არ წამოვალ წვეულებაზე.
– ანუშკა, საყვარელო, წვეულებაზე აუცილებლად წამოხვალ. ჯერ ერთი, ეს პროტოკოლის ნაწილია; მეორეც – არაჩვეულებრივად გამოიყურები და ტყუილად წუწუნებ. არ მალოდინო საღამოს... ჰო, მართლა, მამაშენთან ხომ არ დაგირეკავს?
– არა და არც დავურეკავ, ძალიან ვარ გაბრაზებული. ჯერ კიდევ არ გამიარა, – წყრომით ჩაილაპარაკა ანამ და შუბლზე ჩამოშლილი ჯიუტი კულული შეისწორა.
– ისეთი საყვარელი ხარ, როცა იბუტები... – გაიცინა კაცმა, – მაგრამ მამაშენს მაინც დაურეკე.
– თვითონ დამირეკოს...
– ანუშკა, გეყოფა! მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ თავისი პროფესია უყვარს. არა უშავს, ახლა თუ არ ჩამოვიდა, ესე იგი, ვერ შეძლო და მერე ჩამოვა.
– როდის მერე? ახალი წელი მერე კიდევ იქნება? ეგ სულ ასე იყო. დედას სიცოცხლეშიც ასე იქცეოდა. არასდროს არ იყო ჩვენ გვერდით და მერე ბოდიშებს იხდიდა. ერთხელ დედამ უთხრა, ჯობდა, შენს ქირურგიაზე დაქორწინებულიყავიო...
– მამაშენი დიდ საქმეს აკეთებს, ძალიან დიდს – ადამიანებს სიკვდილის საშუალებას არ აძლევს. ანა, ეს უნდა გესმოდეს... ის პროფესიონალია.
– მამაჩემმა თავისი პროფესიონალიზმით მხოლოდ ის მოახერხა, რომ ექიმები და მედიცინა სამუდამოდ შემაძულა. სპეციალურად არ ჩავაბარე სამედიცინოზე და არც ექიმს გავყევი ცოლად.
– კიდევ კარგი, თორემ, მე რა მეშველებოდა, – კაცმა ცოლს კისერზე აკოცა და სავარძლიდან ქეისი აიღო, – წავედი მე... საღამომდე, საყვარელო...
***
დავითმა მის შიშველ მკერდზე მშვიდად მძინარე გოგოს დახედა და მოიღუშა – წუხანდელი ღამე ბუნდოვნად ახსოვდა. ღამე არ დავიწყებია, მხოლოდ იმას ვერ იხსენებდა, ასეთ ავანტიურაზე როგორ დათანხმდა. ოდნავ წამოიწია და გოგოს მკვრივ, ლამაზ სხეულს დააშტერდა. ნიამ თითქოს იგრძნო მისი დაჟინებული მზერა. შეიშმუშნა და თვალები გაახილა:
– დილა მშვიდობისა...
– დილა მშვიდობისა, – უთხრა კაცმა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი, – ნია, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა.
– რატომ? არ მოგეწონა?
– როგორ არ მომეწონა... ძალიან მომეწონა და პრობლემაც მაგაშია... როგორ მივეცი თავს ამის უფლება? ნია, უნდა მაპატიო...
– გაპატიო? – ნია საწოლში წამოჯდა და ზეწარი შიშველ მკერდზე აიფარა, მერე დიდი, ლამაზი თვალებით მიაჩერდა კაცს და ტუჩები აუთრთოლდა:
– ნანობ?
– არა, არა, – შეწუხდა დავითი და გოგო ჩაიხუტა. ქალის ცხელმა სხეულმა თავბრუ დაახვია, მორეულ ვნებას ვეღარ გაუძლო, ნიას გამოწვდილ ტუჩებს ტუჩები შეაწება და ისევ სიამოვნების მორევში ჩაიძირა...
***
ორი დღის შემდეგ საოპერაციოს შესასვლელში გადაეყარნენ ერთმანეთს. კაცი დაიბნა, გაწითლდა და მზერა მოარიდა... ნია შეაშფოთა მისმა საქციელმა. ისედაც დაძაბული იყო, დავითმა ორი დღის განმავლობაში რომ არ დაურეკა. იმ ღამის მერე, რომელიც ერთად გაატარეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფეშენებელურ ნომერში, გოგოს გულში იმედი ჩაესახა და ახლა ეს იმედი თოვლივით ადნებოდა ხელში.
– დღეს თიკო დამეხმარება – პატარა ოპერაციაა და გაართმევს თავს, – უთხრა დავითმა ისე, რომ მისთვის სახეში არ შეუხედავს.
ნიას შეამცივნა – ყოველთვის ასე ემართებოდა, როგორც კი ნერვიულობას იწყებდა.
– ბატონ დავითს რა სჭირს? – ჰკითხა მეორე საოპერაციოს ხანში შესულ ექთანს, მაგიდასთან რომ იჯდა და თავდახრილი კერავდა ოპერაციისთვის განკუთვნილ, დაჭრილ დოლბანდებს. ქალმა მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხა. ნიამ საოპერაციო ხალათი გაიხადა და კლინიკის კაფეში ჩავიდა ყავის დასალევად. დავითი აშკარად არ ჰგავდა შეყვარებულ მამაკაცს. ყოველ შემთხვევაში, შეყვარებულივით ნამდვილად არ იქცეოდა. მერე რა, რომ დავითი მისი პირველი მამაკაცი არ ყოფილა, სამაგიეროდ, ბატონ პროფესორზე სამჯერ უმცროსი იყო და, თან, ძალიან ლამაზიც.
– შეიძლება, თქვენს მაგიდასთან დავჯდე? – ჩაესმა ფიქრში წასულს ვიღაცის ხმა და გამოერკვა, – უკაცრავად, შეიძლება, აქ დავჯდე? – გაუმეორა ლანგრით ხელში მის მაგიდასთან მდგარმა ბიჭმა და მხრები აიჩეჩა, აქაოდა, რა სჭირს ამ გოგოს, თითქოს ყრუს არ ჰგავსო.
– რა ვიცი, თუ სხვა მაგიდასთან ადგილი არ არის... – უხალისოდ გამოეპასუხა ნია და გაცივებული ყავა მოსვა.
– არ არის, თორემ არ შეგაწუხებდით... – თავაზიანობად დაიღვარა ბიჭი. ნიამ თავი ასწია და ბიჭს შეხედა. „დიდი არაფერიაო“, – გაიფიქრა თავისთვის, თუმცა მაშინვე ისიც აღიარა, რომ უცნობის მუქი მწვანე თვალები ყურადღებას ნამდვილად იქცევდა.
– თქვენ საოპერაციოს მედდა ხართ, ხომ? და ნია გქვიათ... – ეს უთხრა უცებ ბიჭმა და მისი უკმაყოფილო, ცოტათი განცვიფრებული მზერა რომ შენიშნა, მაშინვე დაამატა: – მე სწრაფად შევჭამ და ავდგები.
– იყავით, ყავა უკვე დავლიე, – ნიამ ცარიელი ფინჯანი ლამბაქთან ერთად აიღო და გაიფიქრა: „იდიოტი, ნეტავი რას ჩამაცივდა...”
ბიჭმა ღიმილიანი სახით გააცილა გოგო.
***
დავითმა კაბინეტში გამოიცვალა და სახლში წასვლამდე რამდენიმე დღის წინ ნაოპერაციები პაციენტის მონახულება გადაწყვიტა. მისი სახე ისე ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი მეხსიერებაში, პალატაში შესულს იმის განცდა გაუჩნდა, რომ დიდი ხნის ნაცნობთან მივიდა.
– როგორ ხართ? – ჰკითხა და იქვე, საწოლზე ჩამოუჯდა. ქალიშვილი მართლა ძალიან ლამაზი იყო, არ მოსჩვენებია: შავი თმა ტალღებად ეყარა შიშველ მხრებზე. მსხვილი ტუჩები ჰქონდა და თაფლისფერი თვალები. მის გარეგნობაში იყო რაღაც ისეთი, რაც მამაკაცს გულგრილს ვერ დატოვებდა.
– თქვენ გამიკეთეთ ოპერაცია? – ჰკითხა დავითს და ისე შეხედა, რომ კაცს მთელ სხეულში ჟრუანტელად დაუარა ცხელმა ტალღებმა. ეს უჩვეულო მდგომარეობა ნიასთან გატარებულ ღამეს დააბრალა და საკუთარი თავი გაკიცხა ამ სისუსტისთვის.
– მითხრეს, რომ თქვენ უნდა გიმადლოდეთ, ცოცხალი რომ ვარ, – განაგრძო ქალიშვილმა.
– განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემი პროფესიული ვალი მოვიხადე, – თქვა დავითმა და გაუკვირდა, ასეთი სისულელე რამ მათქმევინაო, – ფეხის თითებს ამოძრავებთ, ხომ ასეა?
– მგონი, კი, – გაეღიმა ქალიშვილს, – იცით, ჯერ კიდევ შოკში ვარ ამ ავარიის შემდეგ.
– შოკში არ ხართ. სტრესის ზემოქმედებიდან გამოდიხართ და ეს ნორმალურია, – დავითმა ფეხებზე საბანი გადახადა და დააკვირდა.
– აბა, სცადეთ... მშვენიერია, ძალიან კარგია, ყოჩაღ. თუ ასე გააგრძელებ, სახლში მალე წახვალ.
– ანუ, სიარულს შევძლებ?
– სირბილსაც, – დაჰპირდა დავითი. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ პალატის კარი გაიღო და ნიამ მორიდებით იკითხა:
– ბატონო დავით, შეიძლება? ერთი წუთით, რაღაც მინდა გითხრათ.
დავითი მძიმედ წამოდგა და კარისკენ გაემართა...


იმედგაცრუება მწარეა და მტკივნეული, განსაკუთრებით მაშინ, როცა თითქმის დარწმუნებული ხარ საკუთარ გამარჯვებაში. იმედგაცრუებამ შეიძლება წელში გაგტეხოს, სულით დაგცეს და გაგანადგუროს, გული კი ღვარძლით აგივსოს და შურისძიებაზე ჩაგაფიქროს...
ნია პასუხის მოლოდინში სუნთქვაშეკრული იდგა და ტუჩებს იკვნეტდა. დავითი დუმდა და ეს სიჩუმე ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა...
– არც კი ვიცი, რა უნდა გითხრა, – ამოიოხრა ბოლოს კაცმა და გოგოს თვალი აარიდა.
– ძალიან ცუდ დღეში მაგდებთ, ბატონო დავით. ვერ ვხვდები, რა დავაშავე: ზედ არ მიყურებთ... ცდილობთ, საოპერაციოში არ შემოვიდე... ისე იქცევით, თითქოს... თითქოს... – გოგოს ხმა აუთრთოლდა.
– ნია, ძალიან გთხოვ, ოღონდ აქ არა... მერე დავილაპარაკოთ, კარგი? ხომ ხვდები, რომ ეს ძალიან შეუფერებელი ადგილია საუბრისთვის? – შეიძლება, ვიღაცამ დაგვინახოს.
– ბატონო დავით, მე არ მინდა, რომ ვიღაცამ დაგვინახოს! – დამარცვლით გაიმეორა გოგომ და მკერდზე ხელი დაიდო, – მაგრამ თავს მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ...
– კარგი, სამსახურის დამთავრების შემდეგ ჩემს მანქანასთან დაგელოდები, ახლა კი წადი.
– კარგი, ბატონო დავით, – ნია შებრუნდა და დერეფანს თავდახრილი გაუყვა. კაცმა ამოიოხრა. მიხვდა, რომ მარტივი არ იქნებოდა ნიასთან ურთიერთობის დალაგება. საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი – როგორ დავუშვი, რომ ეს მომხდარიყოო.
– ბატონო დავით...
კაცი შემობრუნდა. მის წინ სიმპათიური მამაკაცი და ელეგანტური ქალბატონი იდგნენ და მომლოდინე მზერით შესცქეროდნენ.
– გისმენთ.
– ჩვენ ცისიას მშობლები ვართ.
დავითი ერთბაშად ვერ მიხვდა, ვინ იყო ცისია და რა უნდოდათ მისგან ამ ადამიანებს. ის ნიაზე ფიქრობდა და სულ უფრო იპყრობდა მოუსვენრობა.
– იმ პაციენტის, ავარიაში რომ მოყვა... ახლა გამოხვედით მისი პალატიდან... როგორ არის? ძალიან შეგვაშინა.
– აა, ჩემი ლამაზი პაციენტი... ესე იგი, თქვენ მშობლები ხართ, – დავითი გამოერკვა და ორივეს ხელი ჩამოართვა, – უნდა მოგილოცოთ, სასწაულით არის გადარჩენილი. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან შემაშინა, მაგრამ, დაინვალიდების საფრთხე აღარ არსებობს.
– ეგ რას ნიშნავს? – შეშფოთებით ჩაეკითხა ქალი, – შეიძლება, მაინც დაინვალიდდეს?
– დიდი იმადი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, ყველფერი გავაკეთე ამისთვის. სამწუხაროდ, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის. მიღწევაა ის, რომ დღეს უკვე ფეხის თითები აამოძრავა, მაგრამ, სანამ ფეხზე არ დადგება და დამოუკიდებლად არ გაივლის... – ბატონმა დავითმა ხელები გაშალა.
ქალმა ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი მოიწმინდა, მერე კი ქმარს მიუბრუნდა.
– შენი ბრალია! რატომ უყიდე ის ოხერი მანქანა, რატომ? ჩემი შვილი ინვალიდის ეტლში? არა, არა, ამას ვერც მე გადავიტან და ვერც ცისია...
– ქალბატონო, დამშვიდდით. ვინ ლაპარაკობს ინვალიდის სავარძელზე? მე იმის თქმა მინდოდა, რომ, შეიძლება, გამოჯანმრთელების პროცესი მარტივი არ იყოს და დროს დასჭირდეს.... არ დავუშვებ, რომ ასეთი ლამაზი გოგო თავის პრობლემასთან მარტო დარჩეს...
მამაკაცმა, რომელიც ცოლის დამშვიდებას ცდილობდა და მხარზე ალერსით უსვამდა ხელს, უნდობლად შეხედა და დამნაშავესავით, გაუბედავად გაიღიმა.
– ჩემი ცოლი მართალია, არ უნდა მეყიდა მისთვის მანქანა, თანაც, სპორტული მოდელი. კარგად რომ არ გახდეს, თავს ვერ ვაპატიებ... მაგრამ, უნივერსიტეტი დაამთავრა და საჩუქრის გაკეთება მინდოდა. ღმერთო... მანქანა რომ ვნახე, ვიფიქრე, ექიმები მატყუებენ და ცისია ცოცხალი აღარ მყავს-მეთქი!
– ირაკლი, თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი! – შეჰყვირა ქალმა, – ბატონო დავით, გვითხარი, რისი გაკეთებაა საჭირო... უცხოეთში ხომ არ წავიყვანოთ? ჩვენ არ გვაქვს ამის პრობლემა...
– ასე ნუ ნერვიულობთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გაუკეთდა და გამოჯანმრთელების პროცესიც სწორად მიდის. მერწმუნეთ, თუ რამე ისეთი იქნება საჭირო, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, აუცილებლად გეტყვით. რაც შეეხება მანქანას, თავს ტყუილად იდანაშაულებთ – ყოველდღე უამრავი ადამიანი ყვება ავარიაში და ხვდება საოპერაციოში სხვა მძღოლის მიზეზით.
– შეიძლება, ვნახოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ახლავე ვთხოვ ექთანს, ხალათები მოგიტანოთ. ოღონდ, ძალიან ნუ გადაღლით და ნურც იტირებთ. ნუ ნერვიულობთ, მაგარი გოგო ჩანს, გაუძლებს...
– თქვენზე იმდენი მსმენია... – სითამამე მოემატა ცისიას მამას, – მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის ამ კლინიკის გახსნაში, ახლა კი ვალში ვარ თქვენთან...
დავითი კაცს დააკვირდა:
– ბატონო ირაკლი! უნდა მაპატიოთ, ვერ გიცანით... ჩვენი მინისტრის მოადგილე... ეს როგორ დამემართა!
– ყოფილი მოადგილე, ყოფილი... – მეგობრულად გაუღიმა კაცმა და ცოლს გადახედა: – დალი, მზად ხარ შვილთან შესახვედრად? ხალათებიც მოგვიტანეს... ბატონ დავითს დაუჯერე და არ იტირო, მით უფრო, რომ სატირლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე... ასე არ არის, ბატონო დავით?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, სწორედ ეს მინდოდა მეთქვა! შებრძანდით შვილთან და ბუნებრივად მოიქეცით. უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კარგად არის.
– თქვენც ხომ არ შემობრძანდებით? – ჰკითხა ქალმა.
– არა, მე უკვე ვიყავი მასთან, მოგვიანებით კიდევ შევუვლი. თანაც, უმჯობესია, თუკი თქვენ მარტონი მოინახულებთ.
დავითმა მძიმე ნაბიჯებით გაიარა დერეფანი და თანამშრომელთათვის განკუთვნილ ავტოსადგომზე ლიფტით ჩავიდა. იმედი იმისა, რომ ნია იქ არ დახვდებოდა, მაშინვე გაუქრა, როგორც კი ავტომობილს მიუახლოვდა – ნია იქვე იდგა, მანქანის ბამპერს მიყრდნობილი და ელოდა. საავადმყოფოს ფორმა გაეხადა. მოკლე შორტებში, თხელ მაისურსა და უბრალო კედებში კიდევ უფრო ბავშვურად გამოიყურებოდა და დავითსაც კიდევ ერთხელ მოეშალა საკუთარ თავზე ნერვები.
– ტანსაცმელი არ გამოგიცვლიათ? – შესძახა იმედგაცრუებით კაცის დანახვისას და ტუჩები წყენით გაბუსხა, – მეგონა, სადმე წავიდოდით.
– ვერსად ვერ წავალთ, ისევ განყოფილებაში უნდა დავბრუნდე. ის გოგო, ხერხემალზე ოპერაცია რომ გავუკეთე, მინისტრის მოადგილის შვილი ყოფილა, მე კი ვერ ვიცანი.
– ის გოგო ვერ იცანით? მერე რა, – გულგრილად ჩაილაპარაკა ნიამ და მხრები აიჩეჩა.
– როგორ თუ მერე რა? მე მამამისზე გელაპარაკები – ვერ ვიცანი, არადა, ვიცნობ და, იცი, ეს რატომ მოხდა? იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ, ნია, შენზე და იმ ღამეზე – გონებიდან არ მშორდება.
გოგოს გაეღიმა.
– ესე იგი, ჩემზე ფიქრობთ? – წამოიძახა სიხარულით.
– რა თქმა უნდა, ვფიქრობ. შენ მე ვინ გგონივარ? უპასუხისმგებლო და გარყვნილი ადამიანი? ან, იქნებ, ფიქრობ, ნორჩი ექთნების საწოლში შეტყუება ჩვევად მაქვს?
– არა, ასე არ მგონია...
– ძალიან კარგი. ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ვარ... ამხელა კაცი როგორ ავმჩატდი...
– იმედია, მე არ მაბრალებთ, – ასლუკუნდა გოგო და სახეზე ხელები აიფარა.
კაცმა უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო თავი და უნებლიეთ ნიასკენ გადადგა ნაბიჯი. გოგომაც იგრძნო მისი განწყობა, მკერდზე მიეკრა და კისერზე ხელები შემოხვია. დავითმა მისი სხეულის სითბო იგრძნო, მიხვდა, რომ ისევ ვერ გაუმკლავდებოდა მოზღვავებულ გრძნობას და სწრაფად გაითავისუფლა მისგან თავი.
– ნია, ასე არ შეიძლება, – უთხრა ფერწასულმა, ჩამწყდარი ხმით.
– რატომ, რატომ არ შეიძლება? – ხმაში წყენა გამოურია გოგომ.
– იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მამად გერგები. თან, შენი უფროსი ვარ. ამ ამბავს ხალხი ისეთ კუდს გამოაბამს... მე კი ჩემი რეპუტაცია ძალიან ძვირად მიღირს.
– ბატონო დავით, გპირდები, ვერავინ გაიგებს ამას, ძალიან ფრთხილად ვიქნები...
– საყვარელო, ჩემი არცთუ პატარა გამოცდილებიდან ვიცი, რომ შეუძლებელს მპირდები... ასაკს ეს უპირატესობა აქვს – ბევრ რამეს ხვდები წინასწარ, თან, უკვე პრაქტიკაში გამოცდილს...
– მე ხომ არაფერს ვითხოვ თქვენგან, უბრალოდ, მომწონხართ და გთხოვთ, თქვენთან სიახლოვის საშუალება მომცეთ... რატომ არ გჯერათ ჩემი?
– ნია, შენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, ვერ გავრისკავ... ხვდები, რას ვგულისხმობ?
– შეგეშინდათ, – გოგოს თაფლისფერ თვალებში ირონია გაკრთა და დავითი მიხვდა, რომ ნია მის ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხო.
– არასდროს ვყოფილვარ სამსახურებრივი რომანების მომხრე, – თქვა უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად.
ნია სახეში ჩააშტერდა:
– ბატონო დავით, შემომხედეთ: თქვენ წინ ვდგავარ ახალგაზრდა, ლამაზი და ჩემთან ყოფნას, ჩემს თავს გთავაზობთ, სამაგიეროდ კი არაფერს გთხოვთ. კიდევ რამდენ წელიწადს იცოცხლებთ? ორივე თითქმის ყოველდღე ვუყურებთ მომაკვდავ ადამიანებს, რომელთათვისაც უკვე ყველაფერი სულერთია... ვინ იცის, კიდევ რამდენი დღე გვაქვს ნაჩუქარი? რატომ არ უნდა მივიღოთ სიამოვნება, თუკი ამისთვის არავინ დაგვსჯის? თქვენც თავისუფალი ხართ, მეც და არავის წინაშე არ ვართ ვალდებულები...
– ნია, ჩემსა და შენ შორის ის განსხვავებაა, რომ ვალდებულებები სხვადასხვანაირად გვესმის. შეიძლება, დღეს დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი, მაგრამ, აუცილებლად დადგება დღე, როცა ამ ყველაფერს ინანებ.
– სულელი გგონივართ... – ნიას ტუჩები აუთრთოლდა.
– ძალიან გთხოვ, ასე ნუ იქცევი, აღარ შემიძლია საკუთარ თავთან ბრძოლა, – აღმოხდა კაცს და გოგოს, რომელიც მომლოდინე თვალებით ისე შესცქეროდა, თითქოს ალერსს სთხოვდა, თვალი მოარიდა.
– საჭირო არ არის საკუთარ თავთან ბრძოლა – ამას გეუბნებით. გინდათ, ხელწერილს დაგიწერთ, რომ არასოდეს არაფერს მოგთხოვთ?
– ასეთი ნაძირალა გგონივარ? – დავითი გრძნობდა, რომ გოგო მას ყველა გზას უჭრიდა.
– არა, არ მგონიხართ, – თავი გააქნია ნიამ, – პირიქით, ძალიან მაღალი წარმოდგენის ვარ თქვენზე. ნუ გამიცრუებთ იმედს, ბატონო დავით; დიდი ხანია, საკუთარი თავის პატრონი თავად ვარ. მე ვწყვეტ, რა მჭირდება და როდის, ახლა კი თქვენ მჭირდებით... ძალიან, ძალიან მჭირდებით... – ნია კაცს მიუახლოვდა, ტუჩებზე ლამაზი, თხელი თითები შეახო და ნელა, ძალიან ნელა შემოხაზა კონტური. მერე თვალებისკენ გააცურა ხელი და შუბლზეც მოეფერა. კაცს ესიამოვნა და გაიტრუნა. მთელი არგუმენტები, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ ჰქონდა „მომარაგებული“, გადაავიწყდა, ნიას ხელი მოხვია, მკერდზე მაგრად მიიკრა და შეშლილივით დაუწყო კოცნა.
***
თიკომ თავი ასწია და მის წინ მდგარ მოღიმარ ბიჭს შეუბღვირა:
– აქ რას აკეთებ? დღეს სტუდენტებისთვის საინტერესო არაფერი ხდება ამ საოპერაციოში და არც არავის გავუფრთხილებივარ.
ბიჭმა არაფრად ჩააგდო უკმეხი ტონი.
– ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ, არავის უთქვამს?
– შეიძლება, უთქვამთ კიდეც, – თიკოს აშკარად ესიამოვნა უცნობი ბიჭის კომპლიმენტი, თუმცა, არ შეიმჩნია და არც ტონი შეუცვლია, – მაგრამ ეს არაფერ კავშირშია იმასთან, რომ აქ არ უნდა იყო.
– სულ დამავიწყდა, გაგცნობოდი: ანდრო მქვია და ახალი რეზიდენტი ვარ. ასე რომ, საოპერაციოში ყოფნის უფლება მაქვს.
– საოპერაციოში შეიძლება, მაგრამ, ეს ექთნების ოთახია, ჩვენ აქ ვისვენებთ. ასე რომ, მიბრძანდით და კარიც გაიხურეთ, – უკან არ დაიხია ქალმა და ახალი რეზიდენტი ყურადღებით შეათვალიერა. საკმაოდ სიმპათიური რომ იყო და ღიმილიც მომხიბვლელი, შეიძლება ითქვას, მაცდუნებელი ჰქონდა, ამაშიც დარწმუნდა, – ვერ გაიგონე, რა გითხარი? გადი და კარი გაიხურე!
– როგორი მკაცრი ყოფილხარ! მე კი მეგონა, ყავას დამალევინებდი.
– ყავა კაფეტერიაში დალიე, – ისევ უკმეხად მიუგო თიკომ.
– მინდოდა, მაგრამ დაუკეტავთ, მე კი ძალიან დავიღალე. შენ მარტო ის მითხარი, სად დევს ყავა და მე თავად მოვამზადებ. შენც მოგიდუღებ, არ მეზარება.
თიკო მიხვდა, რომ ამ უტიფარს ასე ადვილად ვერ მოიშორებდა თავიდან და ფარ-ხმალი დაყარა:
– კარგი, დაგალევინებ ყავას, ოღონდ, მერე უნდა წახვიდე.
– შევთანხმდით, – ღიმილით დაეთანხმა ბიჭი და იქვე, დივანზე მოკალათდა.
– დღეს ოპერაცია აღარ იქნება?
– დაგეგმილი არაფერია, თუმცა, გამორიცხული არ არის. შეიძლება, უცებ შემოიყვანონ ვინმე ხერხემალდაზიანებული, – გულგრილად წარმოთქვა თიკომ და კარადიდან მადუღარა გამოიღო.
– ანუ, უნდა ვინატრო, რომ ვიღაც ავარიაში მოყვეს?
– ჰო, ასე გამოდის...
– საშინელებაა, – ისევ გაეცინა ბიჭს. თიკომ მხრები აიჩეჩა.
– ავარიები ყოველთვის ხდება და კიდევ მოხდება, სულერთია, ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ თუ არა. თუმცა, რეზიდენტებს უხარიათ ხოლმე, როცა პაციენტები მძიმე დაზიანებებით მოჰყავთ.
– ერთი სული მაქვს, როდის აღმოვჩნდები საოპერაციოში ბატონ დავითთან ერთად. ერთია, როცა მხოლოდ მაყურებლის როლში ხარ და, მეორე – როცა მონაწილეობასაც იღებ.
თიკოს გაეცინა.
– რა გაცინებს? – გაუკვირდა ანდროს და ცხელ ყავას სული შეუბერა.
– ასე ადვილი გგონია ბატონ დავითთან ერთად ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობის მიღება? რეზიდენტებზე არ გიჟდება...
– მე განსაკუთრებული რეზიდენტი ვარ და აუცილებლად მოვეწონები.
– თუ შენი განსაკუთრებულობა მხოლოდ თავდაჯერებულობაში გამოიხატება, ვერაფერი შვილი არგუმენტი გქონია ბატონი დავითის აზრის შესაცვლელად – დასცინა ექთანმა.
– მაგასაც ვნახავ... – დაქადნებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ყავა მოსვა.

როცა დავითი ტკბილი ბურანიდან გამოერკვა და მომხდარი გააცნობიერა, ისევ გაუჩნდა შემაწუხებელი განცდა. აქამდე დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო საკუთარი თავისა და ემოციების მართვა და ამაყობდა კიდეც იმით, რომ არასოდეს უხელმძღვანელებია გრძნობებისა და ვნებების კარნახით; ირონიითაც კი უყურებდა კოლეგებს, რომლებიც პატარა, რეზიდენტ გოგონებთან აბამდნენ რომანებს და შემდეგ მათ ჭკუაზე დადიოდნენ, ნერვიულობდნენ, წუწუნებდნენ და თავბედს იწყევლიდნენ.
ნიამ პერანგის ღილები შეიკრა. თმა ორივე ხელით უკან გადაიყარა და კაცს გაუღიმა. დავითს უარესად გაუფუჭდა გუნება. მთელი სიამოვნება ჩაშხამდა და, უკვე ერთი სული ჰქონდა, იქაურობას მოშორებოდა. ერთბაშად რაღაც გაახსენდა და შეძრწუნებულმა წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ეს როგორ დამავიწყდა!
– რა მოხდა? – ნია მხარზე მიეხუტა და ლოყაზე აკოცა.
– კამერები!
– რა კამერები? – ვერ მიხვდა გოგო და მხრები აიჩეჩა.
– ავტოსადგომზე დამონტაჟებული კამერები... ეს როგორ ვერ გავითვალისწინეთ?!
– არ მიფიქრია მაგაზე.
– პრობლემაც ისაა, რომ არ გვიფიქრია! – გაღიზიანდა კაცი და ერთიანად გაწითლდა.
– მე მაბრალებთ რამეს? – წყენით გაბუშტა ტუჩები გოგომ და კაცი მიახვედრა, რომ მისმა სიტყვებმა გულის სიღრმემდე შეურაცხყო.
დავითი შეცბა:
– შენი წყენინება არც მიფიქრია, უბრალოდ, ძალიან გაუფრთხილებლად მოვიქეცით. თუ ეს კამერები ჩართული იყო... – დავითმა ამოიოხრა.
– მეეჭვება, ვინმე ათვალიერებდეს ამ ჩანაწერებს, – სცადა კაცის დამშვიდება ნიამ, – თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
– გააჩნია, გაუთვალისწინებელში რა იგულისხმება.
– ნუ, თუ ვინმეს მანქანა არ დააზიანეს ან ქურდობა და ჩხუბი არ მოხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
– რა კარგად დამამშვიდე?! ნია, სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი. სიფრთხილეს ვერ ვიჩენთ და ესაა ის, რაც ყველაფერ იმას შეიწირავს, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვწვალობდი! ვერ დავუშვებ ამას და, ძალიან მინდა, ეს გაიგო...
– ვერ გავიგებ... პირადი ცხოვრება – პირადი ცხოვრებაა. რას დააშავებთ იმით, თუ ჩემთან იქნებით?
– დავაშავებ, ნია. ხალხი ამას ვერ გაიგებს, ყველა იტყვის, რომ ბოროტად გამოვიყენე პატარა, გულუბრყვილო, ლამაზი ექთნის ნდობა.
– თქვენი ნათქვამიდან მარტო ერთი სიტყვაა ისეთი, რომელიც არ მანერვიულებს – „ლამაზი“; დანარჩენი კი, უბრალოდ, მანადგურებს. რატომ უნდა მოვუსმინოთ შურიან, დაბოღმილ ხალხს? ვის აინტერესებს მათი აზრი?
– მე მაინტერესებს, იმიტომ რომ, გვინდა თუ არა, ჩვენც ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ და საზოგადოების აზრი ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას.
– ვერ ვხვდები, ამდენს რატომ მელაპარაკებით, რისი თქმა გინდათ?
– აღარ უნდა გავაკეთოთ ეს... შეცდომაა.
– სანამ გავაკეთებდით, მანამდეც ასე ამბობდით... – ერთგვარი ნიშნის მოგებით თქვა გოგომ.
– იმიტომ, რომ შეცდომაა. მე შენზე უფროსი შვილი მყავს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ქმარიც, რა თქმა უნდა.
– ამ ყველაფერთან მე რა კავშირი მაქვს?
– ნია, თუ ამ ჩვენს, ერთი შეხედვით, სპონტანურ შეხვედრებს გავაგრძელებთ, შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდები, რაც პრობლემას იმ ადამიანებს შეუქმნის, რომლებიც ძალიან მიყვარს.
– ასეთი ეგოისტი შვილი გყავს? – უნებლიეთ შენობით მიმართა ნიამ და ირონიულად ჩაიცინა.
– ასე ნუ ლაპარაკობ! – წარბი შეიკრა დავითმა, – დედა მოუკვდა, მეღა ვყავარ. მენდობა, ვუყვარვარ და, არ მინდა, იმედი გავუცრუო...
– ჰო?! კარგია, ასე რომ ფიქრობთ. აი, მე კი გამიცრუა იმედი მამაჩემმა, როცა მოკვდა და შუა გზაზე მიმატოვა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საკუთარი თავი მეცოდება ან მინდა, რომ ვიღაცას შევეცოდო – ასეთი რამ არ მახასიათებს; უბრალოდ, ცოტა მშურს თქვენი შვილისნაირების – ისინი უყვართ, მათზე ზრუნავენ. მხოლოდ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თუ მიხვდება, ეს რამხელა ფუფუნებაა.
გოგოს სიტყვებმა დავითს გული აუჩვილა და შეწუხებულმა თავზე გადაუსვა ხელი, მერე კი მხარზე მოხვია და მკერდზე მიიკრა.
– შენ კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ, ძალიან ლამაზიც... ჩემნაირი ბერიკაცი რაში გჭირდება?
– როცა კაცი ასე იწყებს ლაპარაკს, იმას ნიშნავს, რომ ქალის თავიდან მოშორება უნდა, – სევდიანად ჩაილაპარაკა ნიამ.
დავითი გაწითლდა.
– არა, ასე არ არის, – თქვა მაშინვე, – მე მინდა შენთან ყოფნა... რა სისულელეა! ვინ, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყოდა უარს ამისთანა საჩუქარზე, მაგრამ, ვალდებული ვარ, მარტო ჩემსაზე კი არა, შენს რეპუტაციაზეც ვიზრუნო... ნია, ამ კამერების ჩანაწერები რომ ნახოს დაცვამ, წარმოგიდგენია, ამას რა ამბავი მოჰყვება?
ნია სახეში ჩააშტერდა მამაკაცს.
– მე ამდენს არ ვიდარდებდი... თანაც, ნუ ნერვიულობთ, არავინ ნახავს.
– მოიცა, რას გულისხმობ? – დაიბნა კაცი.
– ვიცი, როგორ უნდა წავშალო ჩანაწერი. დღეს ღამის მორიგეობაზე დავრჩები და, როგორც კი დაცვა სავახშმოდ გავა, წავშლი.
დავითმა ყურებს არ დაუჯერა, გოგოს ორივე ხელი დაუჭირა და მსუბუქად შეანჯღრია:
– ნია, გონს მოდი! ეს დანაშაულია, იცი?
– ბატონო დავით, რა გაღელვებთ, ვერ ვხვდები, ეს ხომ თქვენი კლინიკაა?
– ნაწილობრივ... ინვესტორიც არსებობს.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, დირექტორი ხომ თქვენ ხართ?
– ჰო, მე ვარ.
– ჰოდა, პრობლემაც არ არსებობს. ჩანაწერს კი ნამდვილად წავლში, გპირდებით.
დავითი დაფიქრდა, თან ნიას აკვირდებოდა.
– უცნაური გოგო ხარ, – თქვა ბოლოს, – ვერ ვხვდები, მართლა ასეთი ხარ თუ თამაშობ.
– როგორი ასეთი? – ნაძალადევად გაიცინა ნიამ.
– გულწრფელი და, ამავე დროს – იდუმალი. როცა გიყურებ, მგონია, რომ ძალიან პატარა და დაუცველი ხარ, მაგრამ, ვხვდები, რომ შენში სერიოზული ძალა იმალება.
– თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ კარგად. ბევრი რამე შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ისეთი, რითაც გაგაოცებთ. ამიტომ, ნუ იჩქარებთ ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტას, მით უმეტეს, რომ არაფერს გთხოვთ...
დავითს გაეცინა:
– არც ჩანაწერების წაშლაში მომთხოვ არაფერს?
ნიამ თვალები მოწკურა:
– ო, მაგის რა მოგახსენოთ... მგონი, მშრალად ვერ გამოხვალთ ამ საქმიდან. „დანაშაულის“ სიმძიმე ხომ თანაბრად გვაწევს მხრებზე, ამიტომ, ერთ სურვილს შემისრულებთ.
– რა სურვილია? – დაინტერესდა კაცი.
– ნუ დაიძაბებით, ბატონო დავით, ისეთს არაფერს მოგთხოვთ, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, მაგრამ, ახლა არ გეტყვით. შემოვინახავ... მოკლედ, მე წავედი. დღეს კლინიკაში დავრჩები, ჩანაწერებს უნდა მივხედო. თქვენ კი წადით და არ ინერვიულოთ – მე ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს...
დავითი მთელი გზა ნიაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა. ცოლის გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე წელი ასკეტივით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სახლში მეზობლებივით იყვნენ, საყვარლის გაჩენაზე არ უფიქრია, უფრო სწორად, სურვილი კი ჰქონდა, გვერდით მოსიყვარულე და ვნებიანი ქალი ჰყოლოდა, მაგრამ ყოველთვის გაურბოდა ზედმეტ უსიამოვნებებს. მის სამეგობროში ცოტანი არ იყვნენ საყვარლიანი „მეოჯახეები“ და არცერთს არ ჰქონდა მშვიდი ცხოვრება. დავითს კი დაძაბულ რეჟიმში ყოფნა არ შეეძლო. ფიქრობდა, რომ სრულიად საკმარისი იყო ის სტრესი, რომელსაც სამსახურში იღებდა. რა თქმა უნდა, იყო გამოსავალი – გაშორებოდა ცოლს და მაშინ ვერავინ დაუშლიდა, ეცხოვრა ისე, როგორც მას უნდოდა, მაგრამ, შვილს როგორ ჩავხედო თვალებშიო და, შეაბერდა მეუღლეს ამ დათმობა-მოთმენაში... მერე კი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. დავითი აღიარებდა, რომ ცოლის საყვედურები არ იყო საფუძველს მოკლებული. ურთიერთობის დანგრევა-გაცივებაში ბრალი მასაც მიუძღოდა. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა ერთხელ მეგობრის ცოლმა გული გადაუშალა: შენს ძმაკაცს მობეზრდა ჩემი წუწუნი და საყვედურები, მიმატოვა და ახალგაზრდა, მხიარულ, სიცოცხლით სავსე, ნორჩ ქალზე გამცვალა... ის დაავიწყდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა გაჭირვებით დგებოდა ფეხზე, როცა ჯერ ისევ მუხლებზე დახოხავდა და ხელს ვაშველებდი წამოსაყენებლად, ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა. დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლად მიაღწია დიდების მწვერვალს. აღარ ახსოვს, ფუნთუშის საყიდელი ფული რომ არ ჰქონდა და სახლიდან ვუზიდავდი საჭმელს. საათობით ვიდექი ფეხზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტილოში შეხვეული ქვაბით ხელში, რომ ცხელი სადილი ეჭამა... იმიტომ მძულს მისი საყვარელი, რომ მან „მზა პროდუქტი“ მიიღო, უმაღლესი ხარისხის, მე კი სწორედ მაშინ აღმოვჩნდი „ბორტს მიღმა“, როცა ჩემს ქმართან ერთად უნდა დავმტკბარიყავი იმ ხის ნაყოფით, რომელმაც მხოლოდ ჩემი წვალებისა და დიდი მსხვერპლის გაღების ხარჯზე გაიხარაო... მაშინ დავითმა ბევრი იფიქრა ამ სიტყვებზე და მიხვდა, რომ მის წარმატებაშიც ცოლს ედო ლომის წილი; მიხვდა და ვეღარ მიატოვა. არც უღალატია, თუმცა მის მიმართ ვნება და სიყვარული აღარ დაჰბრუნებია.
...ცარიელი ბინა პირქუშად და ცივად მოეჩვენა. ნიასთან გატარებული ღამის შემდეგ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღიარებდა თუ არა ამას. ფაქტი ფაქტად რჩებოდა და ჩვეულ ნაჭუჭში შეყუჟვაში ხელს უშლიდა.
მანქანის გასაღები შესასვლელში მდგარ მარმარილოსზედაპირიან სარკიან მაგიდაზე მიაგდო და ოთახში შევიდა. მარტოობა იგრძნო. დივანზე ფეხსაცმელებით წამოწვა და ერთბაშად გაეღიმა – ახლა რომ მის ცოლს დაენახა... საწყალი, როგორ იყო გადაყოლილი თითოეულ ნივთზე... ნივთები დარჩა, ისევ ძველებურად ამშვენებდნენ ოთახს, ის კი აღარ იყო. სევდა შემოაწვა. ინანა, რომ ცოლს მეტი შვილი არ გააჩენინა. ქალი უარზე არ იყო. თვითონ გადადო რამდენჯერმე უკეთესი დღეებისთვის: მოიცა, ჯერ რაღაცას მივაღწიო... მოიცა, ჯერ ერთზე ვიზრუნოთ... მოიცა, უფრო მყარად დავდგეთ ფეხზე... ამასობაში კი წლები გავიდა, ანა გაიზარდა, გათხოვდა და ახლა წელიწადში ერთხელ თუ ესტუმრებოდა მამას. ჰო, სტუმრობა ერქვა ხუთ-ექვსდღიან ვიზიტს. ერთმანეთის წესიერად ნახვასაც ვერ ასწრებდნენ. კლინიკაშიც იმიტომ უყვარდა ყოფნა – იქ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. სიმარტოვის აუტანელი განცდაც არ აწუხებდა ასე ძალიან. ამოიოხრა. შიმშილი იგრძნო, მაგრამ ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება გაცილებით სუსტი იყო ადამიანთან ურთიერთობას მოზღვავებულ სურვილთან შედარებით. ჯიბიდან მობილური ამოიღო და შვილს დაურეკა. ტელეფონს დიდხანს არავინ პასუხობდა, მერე ავტომოპასუხე ჩაირთო და თავაზიანად „სთხოვა:“ ახლა ჩემს აბონენტს თქვენთვის არ სცალია და, ან შეტყობინება დაუტოვეთ, ან მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეიწუხეთ თავი და დაურეკეთო.
გაღიზიანებულმა ჯავრი მობილურზე იყარა და იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე მიაგდო. ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. შეეცადა არაფერზე ეფიქრა. არც ანაზე, არც ნიაზე, რომელმაც მისი ერთი შეხედვით დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იფიქრა, იქნებ დავიძინოო, მაგრამ არ გამოუვიდა. ადგა, ცოტა ხანს ოთახში იწრიალა და ისევ მობილურს დასწვდა...
... როცა ნია საქმიანი სახით დაცვის ოთახში შევიდა, მორიგე თანამშრომელი ტელევიზორში ფეხბურთის მატჩს უყურებდა. გოგომ კმაყოფილებით ჩაიცინა – გაუმართლა, მორიგე კოტე იყო, 30 წლის მორცხვი, სერიოზული კაცი, მის დანახვაზე ყოველთვის რომ წითლდებოდა. ნია გრძნობდა, რომ კოტეს მოსწონდა და როცა გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე, მრავალმნიშვნელოვნად უღიმოდა, ის კი მაშინვე თავს ხრიდა...
– დღეს შენც მორიგე ხარ? – ნია დაუპატიჟებლად შევიდა დაცვის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. კოტე გაწითლდა, ტელევიზორს მოსცილდა და გოგოს ისე მიაჩერდა, თითქოს ელოდა, კიდევ რას ეტყოდა ნია, რას მოსთხოვდა, რომ თავქუდმოგლეჯილი გავარდნილიყო მისი ბრძანების შესასრულებლად.
– მომისმინე, არ გინდა, ყავა დავლიოთ? – ჰკითხა ნიამ. ბიჭმა თავი დაუქნია და მაშინვე მოიწყინა:
– რომ არ მაქვს? ბუფეტი კი დაკეტილია.
– სამაგიეროდ, ჩვენი კლინიკის წინ მარკეტია ღია. მოიტანე და დავლიოთ. ჩაიდანი ხომ გაქვს? თუ არ გაქვს, ექთნების ოთახიდან ჩამოვიტანთ. კიდევ, იცი, რა წამომიღე? კექსი. ვგიჟდები კექსზე, ოღონდ, აუცილებლად ქიშმიშიანი უნდა იყოს. აქ მე ვიქნები და არავის შემოვუშვებ.
კოტე მონუსხულივით შესცქეროდა გოგოს და საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ნია ოდესმე შეამჩნევდა. ახლა კი ხელის გაწვდენაზე იჯდა და ისე უღიმოდა, თითქოს რაღაცას ჰპირდებოდა – სანუკვარსა და აკრძალულს.
– მძიმე პაციენტი არ გვყავს. ამიტომ, შემიძლია, აქ ვიყო. შენთან ხომ საკაბელო ტელევიზიაც არის... რამე კარგი ფილმი შევარჩიოთ და ერთად ვუყუროთ. ისე, აქ იმდენი მონიტორია, ვერ მიხვდები, რომელია ტელევიზორი. შენ ყველა მონიტორს ერთად უყურებ ხოლმე? ალბათ, როგორი ძნელია.
– არა, ყველაფერს ერთად არ ვუყურებ, – სიხარულის ბურანიდან გამოერკვა ბიჭი – იცი, რა, მე გავიქეცი და ახლავე მოვალ. შოკოლადსაც წამოვიღებ, კექსსაც, ყავასაც, შენ ოღონდ აქ იყავი და არსად წახვიდე, კარგი?
ნიამ მორჩილად დაუქნია თავი და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ფეხები ბავშვურად ააქანავა.
ნია მონიტორებს მიუჯდა და გაეღიმა – რა ადვილად გამოუვიდა ყველაფერი... გაიფიქრა, სულელ კაცზე დაუცველი და მიამიტი არავინ არისო. დრო საკმარისად ჰქონდა. მარკეტი არც ისე ახლოს იყო. კომპიუტერებსა და პროგრამებში კარგად ერკვეოდა – ეს ნიჭი ბუნებრივად ჰქონდა და სკოლაშიც განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა ახალ ტექნოლოგიებს. რამდენიმე წუთში, ალბათ, იპოვიდა კიდეც ჩანაწერს და წაშლიდა, მაგრამ მობილურის ზარმა შეუშალა ხელი.
– მე ვარ... ჰო, რა თქმა უნდა, გიცანით... ახლა? ახლავე? რაც შეიძლება, სწრაფად? კარგი, კარგი... ტაქსის გამოვიძახებ. რა დრო უნდა ტაქსის გამოძახებას – მაქსიმუმ, ნახევარი საათი. კარგი, ქუჩაში გავალ და პირველივე ტაქსის გავაჩერებ. მალე მოვალ...
– ნიამ ტელეფონი დადო და მხრები აიჩეჩა. მიხვდა, რომ დავითს რაღაც უჭირდა, სხვა შემთხვევაში, ასე ხომ არ გამომიძახებდაო, თუმცა, ერთი წუთითაც არ უყოყმანია. ეს თავის პატარა გამარჯვებად ჩათვალა... ხალათი არც გაუხდია, აღარც ჩანაწერი გახსენებია... ჩანთას ხელი სტაცა, გარეთ გავიდა და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა.
... არასოდეს გაბრაზებულხართ ისე, რომ, გიფიქრიათ, ახლა სული შემეხუთებაო?! სწორედ ასეით განცდა დაეუფლა კოტეს, როცა სამორიგეოში დაბრუნდა და გოგო იქ აღარ დახვდა. ტახტზე ჩამოჯდა, ნავაჭრით სავსე ცელოფანი იატაკზე მიაგდო და თავი ხელებში ჩარგო. ვერ ხვდებოდა, რატომ დასჭირდა ნიას ამის გაკეთება. ერთადერთი, რაც გოგოს საქციელს გაამართლებდა, რომელიმე პაციენტის დამძიმებული მდგომარეობა იქნებოდა. ამიტომ, შიდა ტელეფონით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დარეკა. მორიგემ უპასუხა, რომ მძიმე პაციენტი არ ჰყავდათ და, საერთოდაც, მთელ კლინიკაში სიმშვიდე იყო. კოტემ მადლობა გადაუხადა და სწრაფად დაკიდა ყურმილი – არ უნდოდა, ზედმეტი შეკითხვები დაესვათ მისთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაცვის ოთახში კლინიკის უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა და უცერემონიოდ შეაბიჯა კოტესთან.
– რა ხდება? – ჰკითხა და ცნობისმოყვარედ მიაშტერდა.
– შენ ვინ ხარ? – გაოცდა კოტე.
– ახალი რეზიდენტი. ჯერ არ მიცნობ, მაგრამ, გამიცნობ და მოგეწონები, – ისეთი თავდაჯერებით წარმოთქვა ბიჭმა, რომ კოტემ გაიცინა.
– მერე, რა გინდა, ამით თქვა?
– ზემოთ შენ დარეკე?
– სად ზემოთ? აა, ჰო, მე დავრეკე, არ შეიძლებოდა?
ანდრომ თავი დაუქნია:
– როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ქვემოთ რომელიმე პაციენტის ზეემოციური ოჯახის წევრია-მეთქი და ჩამოვირბინე. აქ კი სრული სიმშვიდეა, თან, სულ მარტო ხარ.
– ჰო, აქ ორ-ორი და სამ-სამი არ ვმორიგეობთ, ერთიც სავსებით საკმარისია. თქვენ კი ხართ ზემოთ მხიარულად.
– ჰო, აბა, რა... განსაკუთრებით, როცა მძიმე ავადმყოფია, მაგრამ დღეს მართლა სიმშვიდეა.
– რა მითხარი? ექიმი ვარო? – ჩაეკითხა კოტე.
– თითქმის. ცოტაღა მაკლია. შენ?
– მე? – კოტემ გაიცინა, – მე ხალათების ფერების მიხედვით ვარჩევ, რომელია ექიმი და რომელი – ექთანი ან სანიტარი.
– ყოჩაღ! – შეაქო ანდრომ, – ესე იგი, სასწრაფოდ გჭირდება ექიმის ფორმა. რას აკეთებ ხოლმე აქ მთელი ღამე?
კოტემ მხრები აიჩეჩა:
– ტელევიზორს ვუყურებ, ხან წიგნს ვკითხულობ და მონიტორებს ვაქცევ ყურადღებას. ყავას დალევ?
– გაქვს? – სახე გაუბრწყინდა ანდროს, – კარგი ბიჭი ხარ შენ... შოკოლადიც რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა.
– ეგეც გვაქვს. მანდ, პარკში უნდა იყოს. მე გავალ, ელექტროჩაიდანს ვიშოვი...
მარტოდ დარჩენილმა ანდრომ ჯერ იმ პარკიდან, რომელზეც კოტემ მიუთითა, ყავა, პატარა ბოთლით კონიაკი, შაქარი და შოკოლადის ფილა ამოიღო. მისი მასპინძელი არ ჩანდა. ნეტავი, სად წავიდაო, – გაიფიქრა და დროის გასაყვანად მონიტორებს მიუბრუნდა. ეკრანზე ბევრი არაფერი ჩანდა, მხოლოდ რამდენიმე მანქანა იდგა ავტოფარეხში... ანდრომ რამდენიმე კლავიშს დააჭირა ხელი და უცებ ერთ-ერთ მონიტორზე რაღაც ისეთი დაინახა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. სკამიდან წამოიწია, სახე ეკრანთან ახლოს მიიტანა და გაფაციცებით მიაშტერდა. ჯერ გაოცება გამოესახა, მერე კი ეშმაკურად გაიღიმა...
***
დავითმა ბინაში წესიერად შესვლაც კი არ აცადა გოგოს, მოუთმენლად სტაცა ხელი და ოთახისკენ გააქანა.
– ბატონო დავით!.. – წინააღმდეგობის გაწევა სცადა ნიამ.
– გაჩუმდი, არაფერი თქვა, – ტუჩებზე გაშლილი ხელისგული ააფარა კაცმა და გახელებით დაუწყო კოცნა, – რა კარგია, რომ მოხვედი. შენ არ იცი, როგორ მჭირდებოდი...
ნიას კმაყოფილებით გაეღიმა და თვალები ნეტარებით მილულა...
***
ანდრომ დერეფანში მომავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ მოშორდა მონიტორებს. მანამდე კი მოასწრო და იმ კლავიშს დააჭირა თითი, რომლითაც გამოსახულება წაიშალა.
– მოვიტანე ჩაიდანი, მესამე სართულზე მომიწია ასვლა. რატომ არ უნდათ ექთნებს, რომ ჩაიდანი გათხოვონ, გაუგებარია.
– ალბათ, უკან აღარ აბრუნებ ხოლმე, იმათ კი ჩამოსვლა ეზარებათ.
– იცი, აქამდე არასოდეს მითხოვია... ყავას იშვიათად ვსვამ, მით უმეტეს, მარტო და ღამით... – წამოსცდა კოტეს.
– ჰო? გამონაკლისი ჩემთვის დაუშვი? ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, რა იცოდი, რომ მოვიდოდი? მაღაზიაში საგანგებოდ წახვედი? რაღაცაშია საქმე, მაგრამ ზედმეტი შეკითხვების დასმას არ ვაპირებ. ყავა დავლიოთ და, ვიტყვი, რომ საღამომ საინტერესოდ, მეტსაც ვიტყვი – სასარგებლოდ ჩაიარა...
***
ნიას არც უცდია, შიშველი სხეული დაეფარა. კმაყოფილი იყო იმით, რომ კაცმა თვითონ გამოიძახა და ახლა გვერდით ეწვა.
– სიგარეტი ხომ არ გაქვთ? – ჰკითხა გულაღმა მწოლიარე დავითს, თვალები ჭერზე რომ ჰქონდა უაზროდ მიშტერებული და თანაბრად სუნთქავდა...
– ეწევი? რომ არ შემიმჩნევია? – უთხრა კაცმა ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
– არ ვეწევი, მაგრამ ახლა მომინდა. ყავაც კარგი იქნებოდა. ხომ მომიდუღებ? მაინც შენს სახლში ვართ. მე კი ისეთი თამამიც არ ვარ, სამზარეულოში შევიდე და კარადებში ქექვა დავიწყო.
– ნია... – ნელა წარმოთქვა დავითმა და ფრთხილად გამოაცალა მკლავი, რომელზეც გოგოს თავი ედო.
– ძალიან გთხოვ, ჭკუის სწავლება არ დამიწყო, – უცებ ძალიან შინაურულად მიმართა გოგომ, – მგონი, თავად მთხოვე, მოვსულიყავი, თანაც, რაც შეიძლება მალე.
– ჰო, მე დაგირეკე, იმიტომ, რომ სიმარტოვემ ლამის გამაგიჟა. სახლში მოვედი და უცებ მივხვდი, რომ სულერთი იყო, სად ვიქნებოდი. ამ გაუგებრობამ და განურჩევლობამ ისე შემაშინა, მაშინვე ტელეფონს ვეცი და დაგირეკე... ეს წუთიერი სისუსტე იყო.
ნიამ ჩაიცინა და თავი გადააქნია.
– ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ავდგე და წავიდე?
– მე ეგ არ მითქვამს. შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი.
– ანუ, არჩევანი უნდა გავაკეთო? მე?
– ჰო, ადამიანის ცხოვრება მუდმივი არჩევანია... არ იცოდი?
– მაშინ მე ყავას ავირჩევდი... შეიძლება?
დავითმა გაიცინა:
– კარგია, ეს უპირატესობა გაქვს ჩემთან შედარებით – შეგიძლია, ყავა აირჩიო... რა გაეწყობა, გამოსავალი არ დამიტოვე... უნდა ავდგე და ყავა მოგიდუღო. ოღონდ, გაფრთხილებ – ამ საქმეში არაფერი გამეგება. ალბათ, ვერ გაგაოცებ.
– აუცილებლად გამაოცებ, თუკი მოინდომებ და ყავა არაფერ შუაშია.
კაცი ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ნიამ, მაგრამ არ შეიმჩნია. ადგა, შარვალი ჩაიცვა და ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში...
ნია ცოტა ხანს კიდევ იწვა და ისე ათვალიერებდა ოთახს, მერე იატაკიდან დავითის პერანგი აიღო. შიშველ ტანზე შემოიცვა და მთელ ბინაში დაიწყო „მოგზაურობა“: ნივთებს ხელით ეხებოდა, ზოგიერთს იღებდა კიდეც და აკვირდებოდა... როიალზე გამოფენილ სურათებთან მივიდა და სათითაოდ დააშტერდა.
დავითმა თავი ასწია და გოგოს შეხედა:
– აქ მოხვედი? ვიფიქრე, ყავას საწოლში მოგიტანდი... – კაცმა ფრთხილად დაასხა ყავა ფინჯნებში.
– არა უშავს, აქაც გემრიელად დავლევ. ლამაზი შვილი გყოლია. სურათები ვნახე... სიძესაც არა უშავს, სიმპათიურია, ეტყობა, ბევრი ფული და კარგი თანამდებობა აქვს...
– ნია...
– ჰო, ასეთი რა ვთქვი?! უბრალოდ, სურათები დავათვალიერე და ჩემი აზრი გამოვთქვი... შენთან არ ცხოვრობს?
– არა, საქართველოში არ ცხოვრობს. ჩემი სიძე დიპლომატია და ევროპაში ცხოვრობენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე, მაგრამ იშვიათად. სულ მენატრება ისიც და ბავშვებიც.
– ბავშვები? – ჩაეკითხა ნია.
– ჩემი შვილიშვილები. ერთი წლის წინ შეეძინათ. სულ ორჯერ ვნახე, ორჯერვე მე ვიყავი ჩასული ევროპაში. ცუდი არ იყო, მაგრამ სახლი ძალიან ცარიელია და ეს ზოგჯერ მაშინებს...
ნიამ ყავა მოსვა. სკამზე ფეხმორთხმით იჯდა. პერანგის შეკვრაზე არც უფიქრია და შიშველი, მაცდუნებელი სხეული თითქმის მთლიანად მოუჩანდა. კაცმა ძლივს მოსწყვიტა მზერა.
– სად იყავი, როცა დაგირეკე? – სცადა საუბრის თემის შეცვლა.
– სადაც დამტოვე და იმას ვაკეთებდი, რასაც დაგპირდი.
დავითმა უნდობლად შეხედა:
– ჩანაწერი წაშალე?
– ჰო. ძნელი არ იყო...
– არ გინდა, დეტალები მომიყვე?
ნიამ თავი გააქნია:
– არა. არაფერია საინტერესო. უბრალოდ, წავშალე – სულ ეს იყო.
დავითმა ყავის ცარიელ ჭიქაში ჩაიხედა:
– არც კი ვიცი, რა ვთქვა...
– მითხარი, რომ გინდა, ამაღამ შენთან დავრჩე, – „უკარნახა“ ნიამ და ისე გაუღიმა, დავითი სრულიად განაიარაღა ამ ღიმილმა. გოგოსთან მივიდა და მისი პატარა, ლამაზი თავი მკერდზე მიიკრა...
***
ანდრო კოტეს დაემშვიდობა და კმაყოფილი ღიღინით ავიდა მესამე სართულზე. სრულ სიჩუმეში მისი ფეხის ხმა დერეფანში ისეთ ექოს გამოსცემდა, რომ მთავარმა ექთანმა სამორიგეოდან გამოიხედა.
– ნუ ხმაურობთ, ახალგაზრდავ, პაციენტებს ნუ აწუხებთ და, საერთოდაც, აქ რას აკეთებთ? ვინ შემოგიშვათ?
– ბოდიშს ვიხდი, ახლავე წავალ... ერთ ადამიანს ვეძებდი და, მგონი, აქ არ არის. კიდევ ერთხელ მაპატიეთ.
– ვის ეძებდი? მითხარი...
– მგონი, თიკო ჰქვია, ექთანია.
– თიკო? ექთანი? ამ განყოფილებაში ასეთი არავინ გვყავს.
ანდრომ ღიმილით დაუქნია თავი:
– როგორც ჩანს, შემეშალა.
– მოიცადე, – ექთანი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და, როცა მიუახლოვდა, ბიჭი თავიდან ფეხებამდე თვალით გაზომა, – ექიმი ხარ?
– არა... თუმცა, კი, რეზიდენტი ვარ. ქირურგიულ განყოფილებაში.
– ერთი სართულით ზევით. დღეს პირველად ხარ?
– არა, მაგრამ, ეტყობა, მაინც ვერ გავერკვიე ჯერ... – ანდრო შეეცადა, ქალზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, ამიტომ, ღიმილად დაიღვარა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ.
– კოტემ რომ ჩაიდანი გამომართვა, ყავაზე შენ უნდა დაეპატიჟე?
– გააჩნია, კოტემ რა გითხრათ.
– ახალ თანამშრშომელს ყავა უნდა დავალევინოო... – ექთანმა ანდროს მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი, – კარგი ბიჭი ჩანხარ. ლალი მქვია და, თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს. თითქმის შენხელა ბიჭი მყავს. ვეხვეწე და სამედიცინოზე არ ჩააბარა. ხატვა ამჯობინა... ასე რომ, ნუ მოგერიდება. ბატონ დავითს უკვე გაეცანი?
– ჯერ არა... მის ოპერაციაზე ვიყავი, მაგრამ არც კი შევუნიშნივარ.
– ჰო, თავისებური ადამიანია, მაგრამ, თუ მოეწონე, გვერდიდან აღარ მოგიცილებს.
– მოვეწონები... – ჩაიცინა ბიჭმა და შემთხვევით ნანახი ჩანაწერი გაახსენდა. მეგობრები ტყუილად არ ეძახდნენ იღბლიანს. კლინიკაში ხომ შემთხვევით დარჩა; შემთხვევით შევიდა სამორიგეო ოთახშიც. გუკას, მის მეგობარს, ვისთან ერთადაც ბინას ქირაობდა, ვიღაც ნაშა რომ არ მოეყვანა სახლში, კლინიკაში არ მივიდოდა... „შემთხვევით არაფერი ხდებაო“, – გაიფიქრა დღის მოვლენებით კმაყოფილმა და ქალს თავაზიანად დაუქნია თავი: – დიდი მადლობა, ქალბატონო ლალი, მიხარია, რომ გაგიცანით...
***
დავითმა მკლავზე მოკიდა ხელი გოგოს და ფრთხილად შეანჯღრია.
– ნია, გაიღვიძე, უნდა ადგე და წახვიდე.
ნიამ უკმაყოფილო კრუსუნით იცვალა გვერდი, თვალის გახელა არც უფიქრია.
– ნია, რვა საათია, ადექი! ტაქსის გამოგიძახებ და სახლში წადი... არ გესმის? უკვე დროა...
გოგომ ამოიოხრა, საწოლში წამოჯდა და კაცს უკმაყოფილოდ მიაჩერდა.
– ასე ნუ მიყურებ, – სთხოვა დავითმა.
– რატომ? მითხარი, რატომ არ შეიძლება, ავდგეთ, ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ კლინიკაში?
– ნია, რამდენჯერ უნდა აგიხსნა? თანაც, ცხრა საათზე ჩემთან დამლაგებელი მოვა... გინდა, გნახოს?
ნიამ ლამაზი, მრგვალი მხრები აიჩეჩა:
– მე პრობლემა არ მაქვს, თანაც, ვინ ჰკითხავს დამლაგებელს?
– არავინ, მაგრამ, მე არ მინდა, რომ აქ გნახოს...
– შენს შვილს დაურეკავს? – თვალები მოწკურა ნიამ და ერთბაშად გაეცინა, – ჰო, კარგი, წავალ, არ მიყვარს შეშინებული კაცები.
გოგოს დავითისთვის არც შეუხედავს, უხმოდ ჩაიცვა, ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა. კაცმა საკეტის გაჩხაკუნების ხმა გაიგო და ამოიოხრა. ვერ გაერკვია, ამ გოგოს მიმართ გრძნობა ჰქონდა თუ არა, თუმცა, დავითის პირად სივრცეში მისი გაბატონების სურვილი აღიზიანებდა და, იმავდროულად, იზიდავდა კიდეც. ცოლის სიკვდილის შემდეგ უფიქრია იმაზე, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ
რა შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ერთხელ უკვე ჩახედე სიკვდილს თვალებში... ცისიამ თვალები გაახილა და საწოლთან ჩამომჯდარ დედას გაუღიმა.
– თქვენ რა, მთელი ღამე აქ იყავით?
– დედიკო, აბა, სახლში ხომ არ წავიდოდით, – თვალები აუცრემლდა ქალს და შვილს ნაზ, წვეთოვანისგან დაჩხვლეტილ ხელზე მოეფერა.
– ახლა, მგონი, აღარ ვარ სატირალი, – გაამხნევა ქალიშვილმა და მამას დამნაშავის მზერა მიაპყრო.
– მაპატიე... ვიცი, რომ ძალიან შეგაშინეთ... მანქანაც დავლეწე... მართლა არ მინდოდა. არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა, თითქოს ძალიან ჩქარა არ მივდიოდი...
– არ გინდა... ნუღარ ვილაპარაკებთ ამდენს. შენთვის ჯერ არ შეიძლება, ისევ სუსტად ხარ. ექიმს ველაპარაკეთ მე და დედაშენმა. ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეიძლებოდაო. თუმცა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოკეთდები, უფრო ცნობილ და კვალიფიციურ კლინიკაში წაგიყვანოთ... ევროპაში... ვიზრუნებ ამაზე... – კაცი ადგა და პალატაში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
– არსადაც არ გადამიყვანთ! – მოულოდნელად გააპროტესტა ქალიშვილმა.
დედამ გაოცებით შეხედა.
– ცისია... რატომ, შვილო... შენი პრობლემა სერიოზულია. რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება და გვინდა, ამაში კვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარონ.
– აქაც ძალიან კარგად მეხმარებიან, – გაჯიუტდა ცისია, – არ მინდა ევროპაში. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა.
– ირაკლი, ყავა მინდა, კაფეტერიაში ჩავიდეთ, – თქვა უცებ დალიმ, – ცისია, ჩვენ მალე ამოვალთ. თუ გინდა, ცოტა კიდევ დაიძინე... მერე ალბათ, შენი ექიმიც შემოგივლის.
– გაგვიმართლა, რომ ბატონი დავითის ხელში აღმოჩნდი. თუმცა, ევროპაში ჩვენს წასვლას ეს ხელს არ უშლის, თვითონვე მითხრა, რომ ეს ცუდი იდეა არ არის.
– მამა, ჩადით და დალიეთ ყავა... რა თქვი? ბატონი დავითი შემომივლის?
ცისიას გაეღიმა.
– ჰო, – ბატონმა ირაკლიმ შვილს თმაზე გადაუსვა ხელი, – მიცნო და ამის მერე ყურადღებას როგორ მოგაკლებს.
ცისია შეიჭმუხნა და უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა:
– საერთოდ არ იცოდა, შენი შვილი რომ ვიყავი, მაგრამ სიკვდილს გადამარჩინა.
– ჰო, ეგ მართალია, – ირაკლიმ ცოლს ხელი მოჰკიდა და პალატიდან გაიყვანა.
როცა დერეფანში აღმოჩნდნენ, კაცი ცოლს მიუბრუნდა.
– რა დაემართა ამ გოგოს?
– რას გულისხმობ, ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდა? – მიუგო ქალმა.
– ევროპაში მკურნალობა არ უნდა. დავითი რომ მოვა, უნდა ვუთხრა, მისი მდგომარეობა კარგად გამოიკვლიონ.
– ფიქრობ, ეს რამე ცუდის ნიშანია?
– ჰო. მაგალითად, თავის სერიოზული ტრავმის.
დალის გაეცინა.
– ირაკლი, ამას სერიოზულად ამბობ? მარტო იმიტომ, რომ ბავშვს ევროპაში მკურნალობა არ უნდა, უნდა დავასკვნათ, რომ თავი აქვს დაზიანებული?.. ვადროვოთ. ჯერ ისევ არასტაბილურია მისი მდგომარეობა. შენ კი რეაბილიტაციაზე ელაპარაკები.
– შენც რაღაცის თქმა გინდოდა. ყავაც ამიტომ მოიმიზეზე.
– ყავა მართლა მინდა, მაგრამ იმის თქმაც მინდოდა, რაც უკვე გითხარი, – ქალმა ამოიოხრა, – რა ბედნიერებაა, რომ გადავრჩით.
– ჰო... გადავრჩით... – კაცმა ცოლს მხარზე მოხვია ხელი და კაფეტერიაში ჩაიყვანა.
***
ანდრომ შესასვლელშივე მიყარა ფეხსაცმელები. ოთახში შევიდა და დივანზე წამოწვა. თვითკმაყოფილი კაცის გამომეტყველება ჰქონდა. თითებს ატკაცუნებდა და ღიღინებდა.
– მოხვედი? – სააბაზანოდან მხარზე პირსახოცგადაკიდებული ბიჭი გამოვიდა.
– ჰო... სად გყავს დამალული შენი „ტურფა“, სააბაზანოში?
– არა. ორი საათის წინ გავუშვი ტაქსით. კარგი ვინმე კი იყო... შეიძლება, კიდევ შევხვდე.
ანდრომ დამცინავად შეხედა მეგობარს.
– ხომ არ შეგიყვარდა, ბიჭო?!
– არა, რა შემიყვარდა, – პირველად კი არ ვიყავი ქალთან... პროსტო, კარგი ნაშაა, უპრობლემო და მხიარული... საწოლშიც გაამართლა მოლოდინები.
– ისე ნუ იზამ, ყოველღამე საავადმყოფოში ვათენებდე, სამორიგეოში, სკამზე ჩამომჯდარი...
– აუ, ეგ ვეღარ გავითვალისწინე... ბოდიში მოგიხადო?
– არა, დრო ცუდად არ გამიტარებია. პირიქით, საკმაოდ ნაყოფიერი ღამე აღმოჩნდა.
– რა? შენც ვინმე დაითრიე? – გუკამ პირსახოცი სავარძელზე ისროლა და ანდროს მხარზე დაარტყა ხელი, – თუმცა, ვიცი... ამბობენ, საავადმყოფოებში ასეთი რაღაცეები არ ჭირსო.
– მხატვრებს ხომ ნაშების დეფიციტი არ აქვთ, თქვენ არ ხატავთ შიშველ-ტიტველ ქალებს?
– ჰო, ვხატავთ... მერე რა?!
ანდრომ მხრები აიჩეჩა:
– არაფერი. ხატეთ და ექიმებს თავი დაგვანებეთ... ჩვენ არ ვწევართ პაციენტებთან.
– ექთნებთან? – თვალები მოჭუტა გუკამ.
– ექთნებთან რომ დაწვე, ექიმი უნდა იყო. მე კი ჯერ მხოლოდ რეზიდენტი ვარ, – თავის დაძვრენას შეეცადა ანდრო.
გუკამ იატაკზე დაგდებული პირსახოცი აიღო და მეგობარს ესროლა.
– თავს ნუ ისაწ....ბ. თუ გინდა, შენც გიპოვი ვინმეს.
– ნუ შეწუხდები, როგომე დავიკმაყოფილებ მოთხოვნილებებს. მაგრამ უნდა გამოვიძინო. სამი საათი მჭირდება... შეეცადე, არ იხმაურო!
– არ გამოვა... – თავი გააქნია გუკამ, – მოლბერტზე ტილო მაქვს გადასაჭიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, ჩაქუჩის ხმა შეგაწუხებს.
– ღმერთო, როდის მექნება იმდენი ფული, რომ ბინა ცალკე დავიქირაო... შეშლილ მხატვართან ცხოვრება, ისეთი სტრესული პროფესიის ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, მეტისმეტია.
– დიდხანს მოგიწევს ლოდინი, – ნიშნისმოგებით ჩაიცინა გუკამ, – მადლობა თქვი, რომ საერთოდ ვარსებობ შენს უბადრუკ ცხოვრებაში, თორემ, საერთოდ, ქუჩაში ამოყოფდი თავს.
ანდრომ ჩაიცინა.
– რა გაცინებს? რაღაც ძალიან მხიარული ხარ და ეს მაეჭვებს.
– მალე ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. რადიკალურად შეიცვლება და მერე ასე ვეღარ დამელაპარაკები.
– ოჰო, რამე გეგმა გაქვს?
– ჯერ არა, მაგრამ ვგრძნობ, ყველაფერი გამომივა, – ანდრომ ხელები თავქვეშ ამოიწყო და სტვენა განაგრძო.
***
დავითი თავის კაბინეტში შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ოპერაციების განრიგს ჩახედა და მობილური შეამოწმა. ეს ანგარიშმიუცემლად გააკეთა. არცერთი ზარი და შეტყობინება... ხმოვან ღილაკს თითი დააჭირა და თიკო გამოიძახა.
– ბატონო დავით, ადრე მოხვედით? დღეს მხოლოდ ერთი ოპერაცია გაქვთ და ისიც პირველ საათზეა ჩანიშნული.
– ვიცი. რამდენიმე პაციენტი უნდა მოვინახულო. მერე შენი დახმარება დამჭირდება. კონსულტაციებზე ჩაწერილი პაციენტების სიას მინდა, გადავხედო. იქნებ ოპერაციების რაღაც ნაწილი ორი კვირით გადავდოთ... მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა. ათი დღით უნდა გავემგზავრო.
ქალმა ყურადღებით შეხედა.
– ხომ მშვიდობაა, ბატონო დავით, – ჰკითხა მორიდებით.
– ჰო, ჩემი შვილები მომენატრნენ. აუცილებლად უნდა გავემგზავრო.
– გავიგე... მოვიფიქრებთ რამეს. შედარებით მძიმე და გადაუდებელ ოპერაციებს გადმოვიტანთ, დანარჩენებს – გადავდებთ... შეგიძლიათ, მშვიდად გაემგზავროთ.
– ჰო, კიდევ ერთი თხოვნა... – დავითი შებრუნდა და ექთანს თვალებში ჩააშტერდა.
– ჰო, მესმის. არავინ უნდა იცოდეს, სად გავემგზავრე და რისთვის. თიკომ თავი უსიტყვოდ დაუქნია. დავითს გაეღიმა და ქალს მხარზე დაადო ხელი.
– რა მეშველებოდა უშენოდ...
– რას ბრძანებთ, ბატონო დავით, – უხერხულად გაიღიმა ქალმა.
– თუ ასეა, ყავა მომიდუღე, შენ რომ იცი, ისეთი – მაგარი და ოდნავ ტკბილი. მერე კი პაციენტებს მოვინახულებ.
– სულ დამავიწყდა, – შეწუხებული ხმით წამოიძახა თიკომ, – თქვენი ნახვა იმ ქალიშვილის მამას უნდოდა, მესამე პალატაში რომ წევს.
– რა მოხდა, როგორ არის?
– მგონი, კარგად. თუ გნებავთ, წავალ და გავიგებ.
– არა. მე თვითონ წავალ, – დავითმა სწრაფად ჩაიცვა ხალათი და კაბინეტიდან გავიდა. თიკო უკან მიჰყვა.
– კი მაგრამ, ყავა?
– დავბრუნდები და დავლევ.
პალატაში შესულმა დავითმა ცისიას შეხედა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა მის სილამაზეში. გოგოს ფერი დაბრუნებოდა, ღაწვებზე უკვე ვარდისფერი გადაჰკრავდა. ტუჩები თითქოს უფრო გამოეკვეთა. ხელები ლამაზად გამობურცულ მკერდზე ჰქონდა დაწყობილი.
– გელოდებოდით... – შესცინა და ქათქათა, მსხვილი კბილები გამოაჩინა.
– როგორ ხარ? მომწონს, როგორც გამოიყურები. აშკარად წინ მივდივართ.
– მეც ეს ვუთხარი მამაჩემს. დღეს მითხრა, რომ ევროპაში აპირებს ჩემს წაყვანას. მე კი არ მინდა. აქაც კარგად ვიქნები. ხომ მართალია?
დავითმა შეხედა მის დიდ, არაბუნებრივად მეტყველ თვალებს და მუხლებში სისუსტე იგრძნო.
– რა თქმა უნდა, კარგად იქნები. თუმცა, ევროპაც არ არის ცუდი იდეა.
– მეც სწორედ ეს ვუთხარი...
დავითი კარისკენ შეტრიალდა და ცისიას მშობლები დაინახა. ირაკლი მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.
– ჩემი ნახვა გინდოდათ? – ჰკითხა დავითმა.
– დიახ. სწორედ ამ თემაზე მინდოდა, დაგლაპარაკებოდით. რეაბილიტაცია ევროპაში აჯობებს, არა?
– ჰო, მაგრამ ჯერ საწოლიდან არც კი ავმდგარვარ, – პრეტენზიული ტონით გამოაცხადა ცისიამ, – ჩემი მგზავრობა არ შეიძლება. ასეა, ექიმო?
დავითმა გაიღიმა.
– ჰო, ჯერ არ შეიძლება, მაგრამ მალე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებთ მგზავრობას.
– მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და არსად წასვლას არ ვაპირებ, მაშინაც კი, როცა გამოვჯანმრთელდები და გამწერთ. სხვათა შორის, ჯერ ავარიის შიშს არ გაუვლია.
– ცისია, მე ვფიქრობ, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. სოსოს ჩავაბარებ შენს თავს და ის მოგხედავს.
ცისიას სახეზე ჩრდილმა გადაუარა.
– სოსო ვინ არის? თქვენ რატომ აღარ იზრუნებთ ჩემზე?
– როგორ არ ვიზრუნებ... სოსო კი ჩემი ასისტენტია. სამწუხაროდ, მე გამგზავრება მიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები და პირველ ნაბიჯებს მე გადაგადგმევინებ.
– მამა, გესმის? პირველ ნაბიჯებს ბატონი დავითი გადამადგმევინებს! – ცისიას თვალები გაუბრწყინდა.
– კარგი. ახლა წავალ და ხვალ შემოგივლით.
– ერთი წუთით, ბატონო დავით... – სთხოვა ირაკლიმ.
– მამა, სულ ტყუილად ნერვიულობ. არც ჩემს ზურგს უკან ჩურჩულია საჭირო... მაინც ყველაფერს ვხვდები, სახეზე გაწერია.
– ცისია, ბატონ დავითს მადლობა უნდა გადავუხადო.
ქალიშვილმა გაიცინა.
– კარგი, დაგიჯერე.
ირაკლიმ კარის სახელურს მოჰკიდა ხელი და ზურგით მიეყრდნო.
– ასეთი წინააღმდეგი რატომ არის უცხოეთში წასვლაზე? – ჰკითხა დავითს?
– მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჯერ ისევ სტრესის ქვეშ არის... უნდა ვაცადოთ, დრო სჭირდება.
– თქვენი ძალიან მადლობელი ვარ, ბატონო დავით, მაგრამ იმედია, გამიგებთ... ჩემი ერთადერთი შვილია. მისთვის საუკეთესო მინდა. თქვენ თავად მითხარით, რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნებაო. არ მინდა, რამე შეცდომა დავუშვათ.
– ნუ გეშინიათ. შეცდომას არ დავუშვებთ. თავად ვიზრუნებ ამაზე.
– მადლობელი ვარ თქვენი. ძალიან მადლობელი... – ირაკლიმ მეგობრულად ჩამოართვა ორივე ხელი.
ოთახში დაბრუნებულმა დავითმა კაბინეტის კარი შიგნიდან ჩაკეტა. მაგიდის უჯრიდან გადამალული სიგარეტი ამოიღო, ფანჯარა გამოაღო და ხარბად გააბოლა.
ცისიამ, მოგვიანებით, მასთან პალატაში შესულ ახალგაზრდა კაცს გაუღიმა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
– თქვენ სოსო ხართ? – ჰკითხა დაუფარავი ინტერესით, – ბატონი დავითის თანაშემწე?
– კარგად ყოფილხართ ინფორმირებული, – გაეცინა სოსოს და საწოლთან ახლოს მივიდა, – თქვენი რეაქციები უნდა შევამოწმო. მოდი, ვნახოთ როგორ გვაქვს საქმე.
ქირურგმა ფეხებზე საბანი გადახადა და პატარა ვერცხლისფერი ჩაქუჩით გოგოს მუხლებს შეეხო.
– კარგია, ძალიან კარგია... მორჩა, რაც მინდოდა, ვნახე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თქვენ როგორ გრძნობთ თავს?
– მგონი, კარგად... შეიძლება, წამოვჯდე? ბეჭები მეტკინა ამდენი წოლით.
– ცოტა წამოჯდომა არაფერს დაგიშავებთ. მოდი, ვცადოთ...
ქირურგმა საწოლის თავი სხვა პოზიციაზე დააყენა. ცისიას იღლიებში ამოსდო ორივე ხელი და ფრთხილად წამოაჯინა.
– მგონი, არაფერს ვაშავებთ, – გაუღიმა მზრუნველად და საბანი შეუსწორა, – კიდევ ხომ არ გინდოდათ რამე?
– მინდა. ჩემთან დარჩით და ბატონი დავითის შესახებ მომიყევით.
– რა? – დაიბნა ქირურგი.
– ჩემი არაჩვეულებრივი ექიმის შესახებ მომიყევით... ყველაფერი მაინტერესებს.
– ვერ მივხვდი... გაინტერესებთ, ოპერაცია როგორ გაგიკეთათ?
– არა. მაინტერესებს, როგორი ადამიანია, რა უყვარს, რით ერთობა, როცა საოპერაციოში სასწაულებს არ სჩადის. გაოცებული ნუ მიყურებთ. მართლა მაინტერესებს. ბატონმა დავითმა მითხრა, შენზე იზრუნებსო. ჰოდა, იზრუნეთ...
ცისია ისეთი ბუნებრივი და საყვარელი იყო, რომ სოსომ უარი ვეღარ უთხრა. საწოლთან ჩამოჯდა და გოგოს თავი დაუქნია.
– კარგი. კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
ნიასთვის საკმარისი აღმოჩნდა დავითის ემოციურ ნიადაგზე დაშვებული შეცდომა, რომ თავდაჯერებულობა შეჰმატებოდა. გადაწყვიტა – მორჩა, კაცი უკვე ყურებით მყავს დაჭერილი, უჩემოდ ვეღარ გაძლებს, ნაბიჯსაც კი არ გადადგამსო და ძალიან გაამაყდა. დერეფანში თავაწეული და სახეზე დამცინავი ღიმილით დადიოდა; დანარჩენ ექთნებთან ყავის დასალევადაც კი არ ჯდებოდა. ერთადერთი, ვისაც ელაპარაკებოდა, თიკო იყო, ისიც იმიტომ, რომ იცოდა დავითის ნდობა ამ ქალის მიმართ. დარწმუნებული იყო იმაში, რომ დავითს უკვე ჩვეულებად ექცეოდა მისი გამოძახება და ძალიან განცვიფრდა, როცა კაცი ერთბაშად გაუჩინარდა – გარდა იმისა, რომ არ დაურეკავს, არც კლინიკაში უნახავს; მის კაბინეტთანაც აღარ ირეოდნენ პაციენტები. ორი დღე ითმინა. არ უცდია კაცთან დარეკვა. ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან და ადგილს ვერ პოულობდა. ბოლოს მოთმინებამ უმტყუნა, ექთნების მოსასვენებელ ოთახში თიკო დაიმარტოხელა და სიტყვა დავითზე ჩამოუგდო. ცდილობდა, ისეთი კითხვები დაესვა, რომ კაცის მიმართ ინტერესი ძალიან არ გამოეხატა.
– რაღაც ძალიან მშვიდად ვართ ბოლო დღეებია... – თქვა და თიკოს გაუღიმა, – მოწყენილობისგან გუნებაც კი გამიფუჭდა. მიყვარს, როცა ოპერაციას ოპერაციაზე ვაკეთებთ და ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს.
თიკომ გაიცინა:
– ახლა მჯერა, რომ ექიმობა შენი მოწოდებაა. მუშაობა არც ექთნებს გვეზარება, მაგრამ ქირურგები, უბრალოდ, მოწამლულები ხართ.
ნიამ სასურველი პასუხი ვერ მიიღო და გაღიზიანდა. „ეს ქალი ან შტერია, ან, უბრალოდ, არ უნდა, მიხვდეს, რას ვგულისხმობ...“
– რა ხდება, ოპერაციები რატომ არ არის? ყველა ერთბაშად გამოჯანმრთელდა?
– ყოველთვის ასეა, როცა ბატონი დავითი კლინიკაში არ არის. თუ ასე მოგენატრა ოპერაცია, ხვალ, მგონი, სოსო აკეთებს და, შეგიძლია, იმას დაეხმარო. მე ვეტყვი...
– მადლობელი დაგრჩები... – ნიამ ნაძალადევად გაუღიმა და მადუღარაში ყავა ჩაყარა, – ხომ დალევ?
– რა თქმა უნდა. სადღაც შოკოლადიც უნდა მქონდეს – პაციენტის ახლობელმა მომიტანა.
– სოსო კარგი ქირურგია? – ისე იკითხა ნიამ, თითქოს ძალიან აინტერესებდა ქირურგის კვალიფიკაცია.
– ნორმალური. ბატონი დავითი გენიაა, ასეთები ერთეულები არიან. ხომ ნახე, როგორია საოპერაციოში. ეს სივრცე მისი ტერიტორიაა. მისი ნამდვილი სახლია, რომლის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
– მაშინ, მით უფრო უცნაურად მეჩვენება დავითის არყოფნა. ქალაქშია? ავად ხომ არ გახდა?
თიკომ თავი გააქნია:
– კარგად არის. უბრალოდ, რაღაც საქმეები აქვს – მხოლოდ ეს ვიცი. თიკომ ყავა მოსვა და თვალები სიამოვნებისგან მილულა.
– შესანიშნავი ყავაა. საიდან მოიტანე?
– მე ვიცი, სადაც უნდა ვიყიდო... კარგი ყავაა...
– მერე, მასწავლე, თორემ, ბატონი დავითის იმედად ვარ ხოლმე.
– ეგ როგორ?! ბატონი დავითი რა შუაშია?
– ჩამოაქვს ხოლმე. როცა უცხოეთში მიემგზავრება თავის ქალიშვილთან, ყოველთვის ჩამოაქვს. იცის, რომ კარგი ყავა მიყვარს... სადღაც „ფრიში“ ყიდულობს ჩემთვის. ერთხელ სუნამოც კი ჩამომიტანა მაგ „ფრიში“ ნაყიდი. იცი, როგორი სუნი ჰქონდა და რამდენ ხანს გამყვებოდა ხოლმე? კარგი კაცია ბატონი დავითი... აი, ნახავ, ახლაც თუ არ ჩამომიტანს სუვენირს და ყავას... – თიკო მიხვდა, ზედმეტი რომ წამოსცდა, მაგრამ ნათქვამს ვეღარაფერს უშველიდა, ამიტომ მხოლოდ გაიღიმა.
– ანუ, უცხოეთშია? შვილთან? – ნიამ უკმაყოფილოდ ასწია წარბი. თუმცა მიხვდა, რომ თიკოსთან ბრაზი და წყენა არ უნდა შეემჩნია. იმ ამბავმა, რომ დავითმა არც კი დაურეკა, ისე ადგა და წავიდა, გოგო მიახვედრა, ნაადრევად რომ იზეიმა გამარჯვება.
– მთხოვა, არავისთვის მეთქვა... მაგრამ შენთან, მგონი, შეიძლება.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ნიამ, – მალე ჩამოვა? ხომ არ უთქვამს? ერთი-ორი დღით დასვენება მინდოდა და, მგონი, ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა. რამე ხომ არ დაშავდება, ორი დღე სამსახურში რომ არ მოვიდე?
– რა უნდა დაშავდეს? – მხრები აიჩეჩა თიკომ, – მარტო სოსოს აქვს ჩანიშნული ოპერაცია. თუ დაგვჭირდები, დაგირეკავ.
– გმადლობ. ბატონ დავითსაც ხომ არ ეტყვი, მის არყოფნაში კლინიკაში რომ არ მოვედი?
– არა, რა თქმა უნდა. დაისვენე.
– კარგი ადამიანი ხარ, თიკო, ძალიან კარგი, – უთხრა ნიამ და გაუღიმა.
– ჰო, კარგი ვარ. უბრალოდ, არავის ვჭირდები, – სევდიანად ჩაილაპარაკა თიკომ და ამოიოხრა.
– სულ მინდოდა მეკითხა, მაგრამ... – ნია შეყოყმანდა.
– რა უნდა გეკითხა?
– რა ვიცი. არ მინდა, გაწყენინო. შეიძლება, იფიქრო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის...
– ნია, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. რა უნდა მეწყინოს?!
– მართლა არავინ გყავს? ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– არა. არ გამომდის ეგ ამბავი. ერთი-ორჯერ თითქოს რაღაც იყო, მაგრამ ურთიერთობა ბოლომდე ვერ მივიდა.
– რატომ?
– რა გითხრა. ეტყობა, კაცებისთვის საკმარისად საინტერესო არ ვარ.
– რა სისულელეა. უბრალოდ, ჯერ არ შეგხვედრია კაცი, რომელიც შენში იმ ღირსებებს დაინახავს, რამაც მე პირველივე შეხვედრისას მომხიბლა... გაგიცანი თუ არა, საკუთარ თავს ვუთხარი: ნია, შენ ამ გოგოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნება-მეთქი.
– იმიტომ, რომ ქალი ხარ და არა კაცი. მათ, უბრალოდ, არ მოვწონვარ.
– აჭარბებ. გეუბნები, აუცილებლად შეუყვარდები ვიღაცას გონების დაკარგვამდე. შენ თვითონ არავინ მოგწონს? მაგალითად, ბატონი დავითი...
– ხუმრობ? – თვალები გაუფართოვდა თიკოს, – ასეთი თავხედიც კი არ ვარ...
ნიამ ჩაიცინა.
– ანუ, მასზე გიფიქრია, ხომ?
– არა, არა, რას ამბობ? ბატონი დავითი... ის ბატონი დავითია და ამით ყველაფერია ნათქვამი...
– მაშინ, სოსო ექიმი... – მაშინვე შესთავაზა ალტერნატივა ნიამ.
თიკომ ტუჩი აიბზუა:
– არ მომწონს. რაღაცნაირი ტიპია... ვერ მიხვდები, რა მოსწონს, რა უნდა... ჯერ ისიც ვერ დავადგინეთ, უცოლოა თუ ცოლი ჰყავს... დიდ დროს რომ გაატარებ მის გვერდით, უკეთესად მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. მოკლედ, სოსო არ მაინტერესებს, ლაწირაკი რეზიდენტები – მით უმეტეს. ამ კლინიკაში სხვა პერსპექტივა არ არის.
– მგონი, მაინც სოსოს ვარიანტია მისაღები... შენც მეტი ყურადღებით დააკვირდი... მეც შევართვალიერებ. გინდა, გაგიგო, ცოლი ჰყავს თუ არა?
– მაგას როგორ მოახერხებ? – ცნობისმოყვარედ მიაჩერდა თიკო და ნია მიხვდა, რომ მიზანში მოახვედრა. თიკო ტყუოდა, როცა ამბობდა, სოსო არ მაინტერესებსო. მისი კომპლექსი და გაუბედავობა აბსოლუტურად გასაგები იყო ნიასთვის. „ასეთი გარეგნობით კაცებს თავი რანაირად უნდა მოაწონოს... მართალია, ნებისმიერ ქალს შეუძლია მიიზიდოს საპირისპირო სქესი, მაგრამ ამას ნიჭი სჭირდება, რაც საერთოდ არა აქვს. რომ დავეხმარო, კიდევ უფრო მომეწებება და ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ“... – ნიამ თიკოს მეგობრულად გაუღიმა, – შენთვის გავაკეთებ ამას. ორი დღე მომეცი და მაგ სოსოს შესახებ ყველაფერი გეცოდინება...
***
... ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა და საწოლის ქვეშიდან საფერფლე გამოიღო.
– რამდენჯერ გითხარი, ლოგინში ნუ ეწევი-მეთქი, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ანდრო, – ერთხელაც იქნება ჩაგეძინება და დაიწვები.
გუკამ ჩაიცინა.
– კარგი რა, როგორ უნდა ჩამეძინოს... მძინარე სიგარეტს ვინ ეწევა. რა სისულელეა.
– მე გაგაფრთხილე! – თითი დაუქნია ანდრომ, – ისედაც ვერ ვიტან, ოთახში ყველაფერი სიგარეტის სუნით რომ არის გაჟღენთილი...
– ისე ლაპარაკობ, თითქოს შენ არ ეწეოდე.
– მე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ვეწევი, ლოგინში კი – არავითარ შემთხვევაში. რომ ჩაგეძინოს, დაიწვები...
– ჩამეძინოს, რა, ოთხმოცდაათი წლის ბებერი კი არ ვარ. შენ ის მითხარი, მორიგე როდის ხარ.
– ოჰო?! ისევ ის გოგო უნდა ამოიყვანო?
– დავუშვათ. შენ რამე პრობლემა გაქვს?
– არავითარი. გარდა იმისა, რომ სახლში ვეღარ მოვდივარ.
– მაგიტომაც გკითხე, მორიგე თუ ხარ-მეთქი.
ანდროს გაეღიმა:
– ჯერ საქმე ისეა, რომ მორიგეობებს თავად ვუწერ საკუთარ თავს, ასე რომ, თუ გინდა, არ მოვალ.
გუკამ ნამწვებით სავსე საფერფლე იატაკზე დადგა და გაიზმორა.
– კარგი ბიჭი ხარ. ცოტა ეგოისტურად კი ვიქცევი, მაგრამ, როგორც კი ვინმეს გაიჩენ, ეგრევე დაგიბრუნებ ვალს.
– კარგი. ვიმახსოვრებ, – ანდრომ საფერფლე აიღო და სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე წუთში გუკამაც მიაკითხა:
– მომისმინე, იქნებ სხვა კლინიკაში გადასულიყავი?
– რატომ?
– იმიტომ, რომ მანდ არაფერს გიხდიან. როდემდე უნდა იწვალო?
– ეგრე მარტივად რომ იყოს ჩემი საქმე... რეზიდენტისთვის ცხოვრება ადვილი არ არის... სად უნდა წავიდე, ექთნად ხომ არ დავიწყებ მუშაობას? ექიმი კი ჯერ არ ვარ. ფული იქით უნდა ვიხადო, რომ საოპერაციოში ყოფნის უფლება მომცენ.
– ცუდი პონტია, გეთანხმები. მეც კი არ მაქვს ჯერ სერიოზული პერსპექტივები, მაგრამ კერძო შეკვეთები მშველის. რაღაც ფული პერიოდულად მაქვს ხოლმე. ახლა ვიწყებ ერთ ტიპთან დიზაინზე მუშაობას. მაგარი ქაჯია, მაგრამ, ფულიანი ქაჯი... ცოტა რომ გადავახდევინო, შეურაცხყოფად მიიღებს. ასე რომ, მომდევნო ორი თვის ქირას მე გადავიხდი.
ანდრო შეიჭმუხნა და თავი გააქნია:
– არა, ასე არ გამოვა... ვერ ვიტან და თავს ცუდად ვგრძნობ ასეთ სიტუაციაში. ქირას ჩვეულებრივად გადავიხდი... მერე რა, რომ ჯერ შემოსავალი არ მაქვს. ჩემი მშობლები მდიდრები არ არიან, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსები მყოფნის, თავი რომ ვირჩინო.
– ნახევარჯერ სახლში არ ხარ, საავადმყოფოში რჩები.
– მერე რა, ეს მაინც ჩემი სახლია...
ანდრომ ჩაიდანი გაზქურაზე დადგა:
– ვისაუზმოთ და წავალ. ამაღამ არ უნდა მოვიდე... ასეა?
გუკამ თავი დაუქნია.
– ჰო, რა... მერე ქალაქიდან აპირებს გასვლას და დიდხანს ვეღარ ვნახავ.
– გახსოვს, მაგ გოგოსთან დაკავშირებით რა გითხარი?
– მახსოვს და ტყუილად ღელავ... რა დროს სიყვარულია, თუ ძმა ხარ...
– რა ვიცი, მე მაინც გაგაფრთხილე.
გუკამ გაიცინა და ანდროს მხარზე დაარტყა ხელი.
– მშვიდად იყავი. იმაზე ჭკვიანი ვარ, ვიდრე ერთი შეხედვით ვჩანვარ. საკუთარ თავს რაც შეიძლება ძვირად გავყიდი.
– რა? – გაეცინა ანდროს.
– რა და, საქმე მარტო ის არ არის, რომ პროფესიონალი უნდა იყო... თუ შენს თავს ვერ გაყიდი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.
ანდრო ჩაფიქრდა. შემთხვევით ნანახი ჩანაწერი გაახსენდა.
– მაგაში კი გეთანხმები. მართალი ხარ...
***
დოინჯშემოყრილი ანა ბუხართან იდგა და თვალებმოჭუტული შესცქეროდა შვილიშვილების ალერსში გართულ მამას. დავითს გოგონები ხელში ჰყავდა აყვანილი და ხან ერთს აკოცებდა, ხან – მეორეს.
– ერთმანეთისგან როგორ ასხვავებ ამათ... გადავირიე, ისე ძალიან ჰგვანან...
– ჰო, ბრაიანსაც უჭირს გარჩევა. მე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომელია. სხვათა შორის, ხასიათით ძალიან განსხვავებულები არიან.
– გაზრდილან, რაც არ მინახავს, – დავითმა ბავშვები მანეჟში ჩასვა და შვილთან მივიდა, – შენ როგორ ხარ? – ჰკითხა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი. ქალმა ქვემოდან ახედა – უკმაყოფილო მზერა ჰქონდა.
– რა იყო, ანა, არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა?
– გამიხარდა, მაგრამ, წინასწარ რატომ არ დაგვირეკე?. ყოველთვის ასე იცი. გუშინ არ გელაპარაკე? ერთი სიტყვა არ დაგცდენია, ჩამოსვლას თუ აპირებდი.
– ჯერ ერთი, გუშინწინ გელაპარაკე. მეორეც უცებ გადავწყვიტე. ჩემი ამბავი ხომ იცი. გადავხედე ოპერაციების გრაფიკს და ვნახე, რომ რამდენიმე დღე „ფანჯარა“ მაქვს. ერთი-ორი ოპერაცია, ნაკლებად საჩქაროები, გადავდე, ავიღე ბილეთი და გამოვფრინდი. გზაში, იცი, რაზე ვფიქრობდი? რომ ექვს თვეზე მეტია, არ მინახავხართ.
– ჰო, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ კლინიკა შენთვის ყველაფერია. არ არის ეს ამბავი ახალი ჩემთვის.
დავითმა ამოიოხრა:
– ანა, შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი და ეს გოგონები. კლინიკა კი საქმეა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვქმნიდი.
– ჰოდა, გიყვარს კიდეც, როგორც იშვიათი ქმნილება, – საყვედურნარევი ტონით ჩაილაპარაკა ანამ.
– ანა, შენთან საჩხუბრად არ ჩამოვსულვარ. ძალიან მომენატრეთ და... არ გჯერა?
– არ ვიცი. ექვსი თქვე გაჩერდი უჩვენოდ..
– ისევ საყვედურები... – შეიჭმუხნა დავითი, – კარგი, საღამომდე დავრჩები, ბრაიანსაც ვნახავ და წავალ.
– ბრაიანი ორი დღე არ იქნება. ვენაშია. საუზმე გაგიმზადო? შეჭამ?
– არ მინდა, სასტუმროში ვისაუზმე...
– სასტუმროში გაჩერდი? ჩვენთან არ დარჩები? – ანამ განცვიფრებით ასწია წარბები.
– აქვეა, ორ ნაბიჯზე... მივალ და მოვალ... რატომ უნდა შეგაწუხოთ.
– აჯობებს, თქვა მარტო ცხოვრებას ისე შეეჩვიე, რომ ახლა ჩემ გვერდით ყოფნა გაგიძნელდება. ან, იქნებ, არც ხარ მარტო...
დავითი შეცბა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა. შეუძლებელი იყო, ანას ნიასთან მისი ურთიერთობის შესახებ რამე სცოდნოდა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა შვილს და ნაძალადევად გაუღიმა...
– აგიხსნა? მამა, შენ ჯერ ისეთი მოხუციც არ ხარ, რომ ამ ტიპის შეკითხვას აღარ გისვამდნენ. არც ის გამიკვირდება, ვიღაც გყავდეს – ქალს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა... – ანამ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და დავითს გამომცდელი მზერა მიაპყრო
ანდრომ გოგოს მეგობრულად გაუღიმა და ხელი შინაურივით დაუქნია. ნიამ განცვიფრებით მიმოიხედა, დერეფანში სხვა რომ ვერავინ დაინახა, ბიჭს მიუახლოვდა და საკმაოდ მკვახე ტონით ჰკითხა:
– ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
– კაფეტერიაში შევხვდით ერთხელ – თქვენს მაგიდასთან დაჯდომა მინდოდა, მაგრამ, ისე შემომიბღვირეთ... არ გაბრაზდეთ, საწყენად არ გეუბნებით. უბრალოდ, გამახსენდა, როგორ შემომხედეთ, ჭამის მადაც კი დავკარგე.
– ანუ, იმის სათქმელად მიქნევდი ხელებს, რომ გეთქვა, ერთხელ მშიერი როგორ დაგტოვე?! ახლა რა ვქნა, კაფეტერიაში სადილზე დაგპატიჟო? იქნებ ვახშამს ამჯობინებ?
– ჯერ მითხარი, რა გქვია. მაგას მოგვიანებით გადავწყვეტ, – ისე მხიარულად მიუგო ბიჭმა, თითქოს გოგოს აგრესიული ტონი არ შეუნიშნავს.
– მომისმინე ახლა შენ! – ნიამ მრისხანე პოზა მიიღო, – რეზიდენტი ხარ, ხომ? ჰოდა, ძალიან კარგი, გაჩუმდი და ისე აკეთე საქმე, რომელსაც დაგავალებენ. აქ მეტიჩარა არამკითხეები არ უყვართ.
– ჰო, მივხვდი, მით უფრო ისეთები, რომლებსაც რაღაც აქვთ დასამალი, – ჩაიცინა ანდრომ და ნიას ირონიული ღიმილით მიაჩერდა.
გოგო შეცბა:
– რაო?! ეგ რა სისულელე თქვი? ვერ ვხვდები, რა გინდა ამით თქვა?
– არაფერი, – მხრები აიჩეჩა ბიჭმა, – ნია გქვია, ხომ? – შეცვალა საუბრის თემა.
– ნია მქვია. ახლა წადი.
– სად? სადილად მეპატიჟები?
– არსადაც არ გეპატიჟები. აქედან წადი-მეთქი. ამ საორდინატოროდან გადი! ახლა გაიგე?
– ოჰ, ოჰ, როგორი მრისხანე ხარ! მე კი დღეს შენი ერთ ადგილას წაყვანა მინდოდა.
გოგო გაჩუმდა და უნდობლად შეხედა. ვერ მიხვდა, ბიჭი ხუმრობდა თუ სიმართლეს ეუბნებოდა. გადაწყვიტა, თავადაც რაღაც ორაზროვანი ეთქვა.
– მარტო უნდა წამიყვანო თუ ვინმესთან ერთად?
– როგორც შენ გინდა. ჩემი მეგობრის ნამუშევრების გამოფენააა. პირველად აწყობს გამოფენას დიდ სივრცეში და ნერვიულობს. მთხოვა, იქნებ დამეხმარო, რომ ბევრი ხალხი მოვიდესო. ასე რომ, შეგიძლია, ვინც გაგახსენდება, ყველა წამოიყვანო.
ნიას გაეცინა:
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! ცარიელი გალერეის შესავსებად მეპატიჟები? კარგი, თიკოს ვეტყვი, განყოფილების მთავარ ექთანს. ერთ ჩამოვლას გავაკეთებთ და ყველა პაციენტს წამოვიყვანთ, ვისაც კი ფეხზე დგომა შეუძლია.
– ჰა, ჰა, ჰა! მიყვარს გოგოები იუმორის გრძნობით. მოკლედ, წამოხვალ?
– ფურშეტი იქნება? კომპენსაცია ხომ მჭირდება! უნიჭო ნაჯღაბნის ნახვის შემდეგ მადა მემატება ხოლმე.
– არ შევმცდარვარ შენში, – ანდრომ დამცინავღიმილიანი გოგო თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, – მაგარი ვინმე ხარ...
– ოჰო! ძალიან სწრაფად ხომ არ გამიშინაურდი?
– რატომაც არა. შეიძლება, ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ, მონათესავე სულები ვართ.
ნიამ თვალები მოჭუტა. ინტუიციით გრძნობდა, რომ ბიჭის ასეთი სითამამე რაღაცით იყო განპირობებული, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ბიჭთან მტრობას, ისევ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჯობდა.
– კარგი, მოვალ გამოფენაზე და თიკოსაც წამოვიყვან.
– გადასარევი. ფურშეტზე ვიზრუნებ, გამოფენაზე თუ არა, გამოფენის შემდეგ მაინც. მობილურის ნომერი მომეცი, საღამოს შეგეხმიანები. გამოფენა რვა საათზე იხსნება. შვიდზე შევხვდეთ, კარგი?
– კარგი. ახლა თიკოს დაველაპარაკები. შენ მანქანა გყავს?
– არა, მაგრამ ტაქსის ფული მაქვს, – ამაყად განუცხადა ანდრომ და ხმამაღლა გაიცინა...
***
თიკომ მხრები აიჩეჩა და დაწყებული საქმე განაგრძო, თითქოს ამით ნია მიახვედრა, შენი შემოთავაზება არ მაინტერესებსო. მაგრამ ნია დანებებას არ აპირებდა.
– ვიცი, რომ საღამოს თავისუფალი ხარ. წავიდეთ, გავერთობით.
– გამოფენაზე? კარგი, რა.. ეგ ანდრო ორ-სამჯერ მყავს ნანახი, ისიც საოპერაციოში. მომეჩვენა, რომ ცოტათი თავხედია. შენ როდის მოასწარი მისი გაცნობა?
– რომ გითხრა, ჩემი მეგობარია-მეთქი, დამიჯერებ? მაგრამ, უარის თქმის საფუძველსაც ვერ ვხედავ. არ მოგბეზრდა ყოველდღე ერთი და იმავე სახეების ყურება? გავერთობით.
– რა ვიცი, რა ვიცი... – თიკომ ყოყმანით გადააქნია თავი.
– კარგი, რა, ბატონი დავითი მაინც არ არის. ცოტას გავერთობით.
– კარგი, წამოვალ, – თქვა ფიქრის შემდეგ თიკომ, – მაგრამ, ჯერ სოსო უნდა გავაფრთხილო.
– რატომ?
– რა ვიცი, უცებ რომ დავჭირდე?
– შენი მობილურის ნომერი იცის და დაგირეკავს. მოკლედ, შვიდ საათზე შევხვდეთ, ან, ტაქსით გამოგივლი.
– მე გამოგივლი, მანქანა მყავს.
– ესე იგი, შევთანხმდით.
– ჰო, წავიდეთ. თუმცა, ვერ ვხვდები, იქ როგორ გავერთობით. ხელოვნება ჩემი სტიქია არ არის, მით უფრო, ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების ნათხიპნი.
ნიამ ხმამაღლა გადაიკისკისა:
– მეც სწორედ ეს ვუთხარი ანდროს, მაგრამ, დამარწმუნა, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ ხელოვნებასთან გვაქვს, თან, ფურშეტსაც დამპირდა.
– ფურშეტმა გადაწონა, – თიკომ ნიას გამომცდელი ღიმილით შეხედა.
– მოგეწონა? – ჰკითხა მრავალმნიშვნელოვნად.
– ვინ? – გაოცებით ჰკითხა ნიამ.
– ეგ რეზიდენტი.
– ანდრო? საიდან მოიტანე? წესიერად არც კი ვიცნობ. დღეს გამომელაპარაკა და გამოფენაზეც დაგვპატიჟა.
– მეც თუ, მარტო შენ?
– თიკო, რა დაგემართა, ამდენ შეკითხვას რატომ მისვამ? უბრალოდ, წავიდეთ.
– არა, შენ ვერ გამიგე. შეიძლება, მაგ ბიჭს სერიოზული ინტერესი აქვს შენ მიმართ და, ხელი რატომ უნდა შეგიშალოთ?
– სისულელეა, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ჩვეულებრივი ბიჭია და ჩვეულებრივად დამპატიჟა გამოფენაზე.
თიკომ გაიცინა:
– ვიცი, რასაც ნიშნავს ასეთი ჩვეულებრივი მიპატიჟებები, თუმცა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, წამოვალ. ჩემი მანქანით გამოგივლი და შევხვდეთ იმ შენს ანდროს. ისე, სულელს ნამდვილად არ ჰგავს.
– ჰო, არ ჰგავს სულელს, – დაეთანხმა ნიაც.
***
სასადილო ოთახში მხოლოდ დანა-ჩანგლის წკარუნი ისმოდა, ყრუ ხმა, რომელიც უფრო ძაბავდა ისედაც უარყოფითად დამუხტულ ატმოსფეროს. დავითი ნელა ჭამდა და მოღუშულ შვილს თვალს არ აშორებდა. ანა თავდახრილი იჯდა, ჩანგლით ნელა იღებდა მომცრო ლუკმებს და პირთან მიჰქონდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს მისთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი და მთელი ყურადღებაც თეფშზე ჰქონდა გადატანილი. დავითს ნერვებმა უმტყუნა:
– ანა, ვახშმის შემდეგ წავალ. დილით ბილეთს გადავცვლი და სახლში დავბრუნდები. მთავარია, რომ გნახეთ და კარგად ხართ... ანა, გესმის ჩემი?
– მესმის, – მოკლედ მიუგო შვილმა.
– მერე?
– მერე?! თავად მასწავლიდი, რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. ყოველთვის დამჯერი ბავშვი ვიყავი.
– ასე რატომ მელაპარაკები? არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა?
– გამიხარდა. არ გელოდებოდი და მოულოდნელობის ეფექტმა ემოციები გამიქრო. დარჩი, სასტუმროში რატომ უნდა წახვიდე? სახლი დიდია. ბავშვებთანაც მეტ დროს გაატარებ.
– შენს შეკითხვას არ ვუპასუხე. იმიტომ არა, რომ პასუხი არ მაქვს, უბრალოდ, გამიკვირდა, რომ საერთოდ გაგიჩნდა ეს შეკითხვა.
ანამ გაოცებით ასწია წარბი:
– ჰო? არ უნდა მეკითხა? მგონი, სრულიად ბუნებრივია, რომ შვილი მამის პირადი ცხოვრებით ინტერესდება.
– ჩემი პირადი ცხოვრება თქვენ ხართ და, კიდევ – ჩემი საქმე, მეტი არაფერი მჭირდება.
– მაინც ვფიქრობ, რომ მარტო ცხოვრება ადვილი არ არის, მით უმეტეს, კაცისთვის, რომელიც ყოველთვის ყველა ქალს მოსწონდა. შენ მუდამ მათი ყურადღების ცენტრში იყავი და, ვერ დავიჯერებ, რომ...
– ანა, რაც დედაშენი გარდაიცვალა, მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია.
– ანუ, ქალები გყავდა, ოღონდ, არც ისე სერიოზული იყო ეს ყველაფერი? – გაღიზიანდა ანა და თვალები ცრემლებით აევსო. დავითი შეწუხდა, ადგა, შვილთან მივიდა და მოეხვია:
– საყვარელო, რისთვის იშლი ნერვებს და, საერთოდ, რატომ წამოიწყე ეს საუბარი? ხომ იცი, რომ შენზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არავინ მყავს?
– ეს მხოლოდ სიტყვებია. ჩემთვის არასდროს გცალია. ახლაც, ჩამოხვედი და საკუთარ თავს ვეკითხები, ნეტავი, რა მოხდა, გულმა აქეთ რომ გამოუწია-მეთქი. უცნაურია, არა?! შვილი მამის დანახვაზე ასე რატომ უნდა ფიქრობდეს? მაგრამ, კომპლექსი მაქვს, კომპლექსი, რომელიც შენ გამიჩინე.
– კარგი, მე წავალ, – დავითმა ამოიოხრა, – რატომ გვიჭირს ბოლო დროს ურთიერთობა?
– იმიტომ, რომ გულწრფელი არ ხარ. ბოლო ორი კვირაა, ჩემს ზარებს საერთოდ არ პასუხებდი და, უცებ, მოულოდნელად დამადექი თავზე. გინდა, რომ ეს ნორმალურად აღვიქვა?
– ბევრი საქმე მქონდა – რამდენიმე რთული ოპერაცია გავაკეთე, ფაქტობრივად, საავადმყოფოში ვცხოვრობდი.
– მამა, ამ ყველაფერს გაცილებით აჯობებდა, ცოლი მოგეყვანა, – თქვა უცებ ანამ და კაცს სერიოზულად შეხედა.
დავითი შეცბა:
– ცოლი მოვიყვანო? ანუშკი, ხუმრობ?
– არ ვიცი. იქნებ უკეთესი იყოს-მეთქი. ის მაინც ზუსტად მეცოდინება, სად ხარ და ვისთან ხარ.
– კარგი. თუ ეს დაგამშვიდებს, შევირთავ ცოლს, მაგრამ, ჯერ შესაფერის კანდიდატურას მოვძებნი, ცოტა დრო მომეცი.
ანას გაეცინა. დავითმაც შვება იგრძნო, შვილს თმაზე გადაუსვა ხელი, მერე ოთახში ბანცალ-ბანცალით და ჟრიამულით შემოსული შვილიშვილებისკენ გაიხედა, უკან ძიძა რომ მოსდევდა დაღლილი სახით.
– მოდი, გოგონებთან ერთად სადმე გავისეირნოთ. მინდა, საჩუქრებიც ვუყიდო და, შენ უფრო იცი, რა უყვართ.
– კარგი, – მხრები აიჩეჩა ანამ, – სავაჭრო ცენტრში წავიდეთ, იქ გასართობებიც არის. ფულის დახარჯვა კარგი თერაპიაა, ამაზე უარს არასოდეს ვამბობ. მიფრთხილდი, დანდობა არ იქნება.
დავითმა ხმამაღლა გაიცინა. ერთბაშად ბედნიერება იგრძნო და გაიფიქრა, რომ ნიას უსამართლოდ მოექცა, როცა უცერემონიოდ გაუჩინარდა. „რამეს ვუყიდი და ჩავუტან“, – მისცა საკუთარ თავს პირობა და გულზე მოეშვა.
***
თიკომ საგამოფენო დარბაზში შესვლისთანავე შეამჩნია მაღალი, გრძელთმიანი, დაუდევრად, თუმცა გემოვნებით ჩაცმული ბიჭი, ძალიან ლამაზი თვალებით და, ლაღი, ძალდაუტანებელი ღიმილით.
– ის ვინ არის? – ჰკითხა ნიას და სახელოზე მოჰქაჩა.
– ვინ? – ნიამ შამპანურიანი ბოკალი აიღო, მოსვა და დარბაზი მოათვალიერა.
– აი, ის, მაღალი, მოღიმარი თვალებით...
– ეგაა მასპინძელი, ამ ყველაფრის შემოქმედი. ისე, ცუდი ნამუშევრები არ არის, ხომ?
– მართალი გითხრა, კარგად ვერ გავიგე, ეს რანაირი ნახატებია, რა არის მათზე გამოსახული. მარტო ბინებს ხატავს? მოსაწყენია...
– ეს ნახატები არ არის, თიკო; გუკა ინტერიერის დიზაინერია და ამ დარბაზშიც ინტერიერის თანამედროვე, საკმაოდ თამამი და ორიგინალური ნამუშევრებია წარმოდგენილი. მე მომწონს.
– მე კი მაგ ნამუშევრების ავტორი მომეწონა... უფრო ახლოს ვერ გავიცნობთ?
ნიას ჩაეცინა. თიკოს ეწყინა მისი რეაქცია.
– რა გაცინებს? ფიქრობ, რომ ჩემთვის ზედმეტად ახალგაზრდა და სიმპათიურია?
– არა, ეგ რა შუაშია. უბრალოდ, ჩვენი პროფესიის ადამიანები შემოქმედებით ნატურებს ძნელად უგებენ ან საერთოდ ვერ უგებენ.
– კარგი, რა, სერიოზულად კი არ ვიფიქრე. უბრალოდ, მომეწონა.
– ჰო, მივხვდი. მეც იმიტომ გითხარი, რომ შემდგომშიც არ იფიქრო სერიოზულად. ისევ სოსოზე ჩამოყალიბდი, შენთვის უკეთესი ვარიანტია.
– მე არ მითხოვია შენთვის, ვარიანტები შემირჩიე-მეთქი, – განაწყენდა თიკო და წყრომის დაფარვა არც უცდია.
– მოიცა, ნუ ბრაზობ. ნახე, სოსოც აქ არის. წამოდი, მივიდეთ.
– რომ გეკითხა, ოპერაცია ჰქონდა... – ჩაილაპარაკა თიკომ და უხალისოდ გაჰყვა ნიას, რომელიც უწყინარი ღიმილითა და ავაზასავით შემპარავი ნაბიჯებით გაემართა ახალგაზრდა ექიმისკენ. სოსო ანდროს გვერდით იდგა და დაუფარავი ინტერესით ათვალიერებდა უსაშველოდ მოკლეკაბიან, გრძელფეხება გოგოს.
– სადაც ჩემი კოლეგები არიან, ჩვენც გულმა იქით გამოგვიწია, – სიცილით თქვა ნიამ, – კოქტეილით გაგვიმასპინძლდებით?
– სოსო, გაიცანი – ეს ნიაა, საოპერაციოს ახალი ექთანი. თიკოს იცნობ.
სოსომ ნია შეათვლიერა.
– ჩვენ ერთმანეთი საოპერაციოში გვინახავს? – ჰკითხა და გაეღიმა, – ეს ნიღბები მღუპავს. თვალებზე თუ არ დავაკვირდი, ისე ვერავის ვცნობ. თიკო კი „ძველი გვარდიაა”, ჩემი მარჯვენა ხელი. შენი აქ ნახვა სასიამოვნო სიურპრიზია. არ ვიცოდი, თანამედროვე ინტერიერებით თუ იყავი დაინტერესებული.
– დამპატიჟეს და... ვიფიქრე, გარემოს შეცვლა კარგი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ არც ბატონი დავითია აქ და, შემიძლია, საკუთარ თავს ამ ფუფუნების უფლება მივცე.
– ჰო, მართლა, მეც შევამჩნიე, რომ კლინიკაში უჩვეულო სიმშვიდეა, – საუბარში ჩაერია ანდრო, – ესე იგი, ბატონი დავითი ისვენებს.
– არ, არ ისვენებს. ქალაქში არ არის. კონფერენციაზე გაემგზავრა, – სწრაფად თქვა თიკომ და ნიას გამაფრთხილებლად გახედა, ზედმეტი არაფერი წამოგცდესო.
– არ იცი, როდის დაბრუნდება? – შეწუხებული ხმით ჰკითხა სოსომ თიკოს და შამპანურით სავსე ჭიქა გაუწოდა, – კარგად გამოიყურები. მგონი, პირველად გხედავ კაბაში.
– საახალწლო საღამოზეც კაბა მეცვა.
– ჰო, მაგრამ, მე ხომ არ ვიყავი. გავიგე, კარგად გიმხიარულიათ. მინდოდა მოსვლა, მაგრამ, ბატონი დავითის ახალნაოპერაციევი პაციენტი ვერ დავტოვე. სხვათა შორის, ის გოგო განსაკუთრებული პაციენტია და ახლაც მე მყავს ჩაბარებული. ყოველდღე საათობით მელაპარაკება ბატონ დავითზე, დამღალა.
– რომელი გოგო, ავარიაში რომ მოყვა? – ვითომ სხვათა ორის იკითხა ნიამ და გული შეუქანდა...
ნია რომ პალატაში შევიდა, ცისიას ეძინა. გრძელი წამწამები ფერმკრთალ ღაწვებზე დაფენოდა. მსხვილი ტუჩები გაბუტულივით ჰქონდა წინ წამოწეული და თხელი, ნატიფი თითები მკერდზე ეწყო... თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს სოსოს, მაგრამ ნიას ეჭვიანმა ბუნებამ რაღაც იგრძნო. მტრულად მიიღო. ვეღარ მოისვენა. ძლივს გაათენა ღამე... დავითიც ისე მოიქცა, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა...
საწოლთან ახლოს მივიდა და გოგოს ჩააშტერდა. ნამდვილად ლამაზი იყო... მაგრამ რატომ უნდა გადარეულიყო დავითი მასზე?! რა ჰქონდა განსაკუთრებული? რა ჰქონდა ისეთი, რაც ნიას არ გააჩნდა. მერე საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი. არაფერი უთქვამს სოსოს ისეთი, რომ ეჭვების საფუძველი გამჩენოდაო. დავუშვათ, ცისიამ მართლაც გამოიჩინა მკურნალი ექიმის მიმართ ინტერესი, რატომ უნდა ენერვიულა ამაზე? პაციენტები ხომ ხშირად ინტერესდებიან იმ ექიმებით, რომლებმაც მათ სიცოცხლე აჩუქეს. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. უნდა დამშვიდებულიყო: ბატონი დავითიც დაბრუნდებოდა. დიდხანს არ დატოვებდა კლინიკას და ყველაფერი გაირკვეოდა... – ფიქრებში წასულმა ნიამ ვერც კი შენიშნა ცისიას გაღვიძება. გოგომ გაუღიმა და ბავშვური, გულწრფელობით სავსე თვალები მიანათა.
– თქვენ ხომ ბატონი დავითის ექთანი ხართ? – ჰკითხა მჟღერი ხმით. ნია შეკრთა და გამოერკვა.
– გაიღვიძეთ? დიახ, მისი ექთანი ვარ. შემოგიარეთ, რომ გავიგო, როგორ ხართ.
– კარგად ვარ. თანაც, სოსო ექიმი დღეში რამდენჯერმე შემოდის.
– ვიცი, რომ ბატონ დავითს უყურადღებოდ არ დაუტოვებიხართ, მაგრამ მეც ჩემი მოვალეობა შევასრულე, – ნაძალადევი თავაზიანობით გაუღიმა ნიამ.
– დიახ... საწყენად არ მითქვამს. ბატონი დავითი მართლაც არაჩვეულებრივია. ასე არ არის?
– რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია, – დაეთანხმა ნია.
– გამიმართლა, მის ხელში რომ აღმოვჩნდი. მეუბნება, რომ მალე ავდგები და ჩვეულებრივად ვიმოძრავებ. ძალიან მიხარია. ჩემს მშობლებს უნდათ, რომ რეაბილიტაციის კურსი რომელიმე ევროპულ კლინიკაში გავიარო. ცდილობენ, დამითანხმონ ამაზე. მე კი არ მინდა.
– რატომ არ გინდათ? ძალიან გონივრული და თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. ამაზე უარი არ უნდა თქვათ.
– მე მჯერა, რომ ბატონი დავითიც შეძლებს ჩემს ფეხზე დაყენებას, – ისე გადაჭრით თქვა ცისიამ, რომ ნია გააღიზიანა მისმა კატეგორიულმა თავდაჯერებულობამ.
– ბატონი დავითი ქირურგია. მან უკვე გააკეთა თავისი საქმე. რეაბილიტაციას კი სხვა დარგის პროფესიონალი სჭირდება, – შეეცადა, მშვიდად აეხსნა და მისდამი კეთილგანწყობა გამოეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო დანახვისთანავე საშინლად არ მოეწონა.
– „თქვენობით“ ნუ მელაპარაკები. ჩვენ ხომ თითქმის თანატოლები ვართ. გინდა, ვიმეგობროთ?
ნიამ თვალებაციმციმებულ გოგოს შეხედა და ამოიოხრა. „ეს ან ძალიან მიამიტი ვინმეა ან თავს ისულელებს და ჰგონია, რომ ჩემთან ეს მარტივად გაუვა“, – გაიფიქრა და გადაწყვიტა რაღაც უხეშად ეთქვა მისთვის, მაგრამ ერთბაშად მიხვდა, გაცილებით სასარგებლო ცისიასთან „მეგობრობა“ იქნებოდა და გაუღიმა.
– რა ვიცი... გამოვა ჩვენი მეგობრობა? გაეწერები და შეიძლება, ერთმანეთი აღარასდროს ვნახოთ.
– რატომ აღარ უნდა ვნახოთ? მე ხშირად მოვალ ხოლმე... ბატონ დავითს ასე ადვილად ვერ შეველევი.
ნიას გული შეუქანდა. მაგრამ მაშინვე მოახერხა თავის ხელში აყვანა და დამშვიდება. „გადარჩენილი პაციენტის სინდრომს“ დააბრალა ცისიას ასეთი დამოკიდებულება დავითის მიმართ.
– კარგი. ახლა წავალ და კიდევ შემოგივლი.
– ასე გეჩქარება? ბატონი დავითი ხომ აქ არ არის. იმდენი საქმეც არ გექნება. ცოტა ხანს კიდევ იყავი. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, – სთხოვა ცისიამ.
– ჰო, მესმის. ძნელია მთელი დღე საწოლში გაუნძრევლად წოლა, – თავი თანაგრძნობით დაუქნია ნიამ, – წიგნსაც ვერ წაიკითხავ ასეთ პოზიციაზე მწოლი. თუ გინდა, სოსო ექიმს ვკითხავ, შეიძლება თუ არა შენთვის პოზიციის შეცვლა. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობ. ტელევიზორსაც უყურებ და გაერთობი. ახლავე დავბრუნდები.
ნიამ სოსოს საორდინატოროში მიაგნო. ღია ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გოგო მუშტრის თვალით შეათვალიერა და ჩაიცინა.
– როგორც ვხედავ, ბევრი დავკარგე, საახალწლო წვეულებაზე მოსვლა რომ ვერ მოვახერხე. შესაძლებლობა მექნებოდა, უკეთ გამეცნე.
ნიამ არ შეიმჩნია ექიმის ორაზროვანი სიტყვები. საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება მიიღო და სიგარეტზე ანიშნა.
– კლინიკის მთელ ტერიტორიაზე მოწევა არ შეიძლება. მგონი, უჩემოდაც უნდა იცოდეთ ამის შესახებ.
– ვაიმე, როგორი მკაცრი ყოფილხარ?! გამოფენაზე სხვანაირი იყავი – მხიარული, ღიმილიანი და თავისუფალი... თუ მომეჩვენა?
– მოგეჩვენათ! საქმე მაქვს თქვენთან. მესამე პალატაში პაციენტისთვის პოზიციის შეცვლა შეიძლება? იმ გოგოზე გეკითხებით, ავარიის შედეგად დაზიანებულ ხერხემალზე ოპერაცია რომ ჩაუტარდა.
– ა, ბატონი დავითის განსაკუთრებული პაციენტით დაინტერესდი? საინტერესოა, რატომ... თუმცა, ამ კლინიკაში ხმები სწრაფად ვრცელდება და არ მიკვირს, შენც მისი გულის მოგებას რომ ცდილობ.
– ჯერ ერთი, მე მისი გულის მოგებას არ ვცდილობ. ჩემი თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და ადამიანურად შემეცოდა. მეორეც – რატომ უნდა ვცდილობდე ერთი ჩვეულებრივი გოგოს გულის მოგებას?
– იმიტომ, რომ ეგ ერთი ჩვეულებრივი გოგო, როგორც შენ უწოდე, ძალიან ცნობილი და გავლენიანი მამის შვილია... – სოსომ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან ისროლა, ნიასთან მივიდა და ცხვირის წვერზე ალერსით წაჰკრა თითი. გოგომ შეუბღვირა.
– მეტყვით თუ არა პაციენტის პოზიციის შეცვლაზე რამეს?
– მოდი, რამე უფრო საინტერესო თემა შევარჩიოთ საუბრისთვის, – თავისას არ იშლიდა კაცი, – მაგალითად, მომიყევი, ასეთი ლამაზი გოგო საოპერაციოს ექთნის როლში როგორ აღმოჩნდი. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში მეტის მიღწევის ამბიცია გექნებოდა.
– ბატონო სოსო, თქვენთან ფლირტს ან ჩემს სამომავლო გეგმებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არ მივეკუთვნები ექთნების იმ კატეგორიას, ექიმებთან თავის შექცევა სიამოვნებას რომ ანიჭებთ. იმასაც მივხვდი, რომ ჩემს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვთ. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებთ, – ირონიულად მიახალა ნიამ და კარისკენ გაემართა. მაგრამ კაცმა გზა გადაუღობა. მაჯაზე მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.
– მომისმინე, პატარა გოგო... არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვინმე ვარ, როგორც ერთი შეხედვით ვჩანვარ. რაღაც-რაღაცეები მეც შემიძლია, ამიტომ დაფიქრდი, იქნებ ჩემთან მეგობრობა გერჩივნოს.
– აუცილელბლად დავფიქრდები, – გამოსცრა ნიამ, – ახლა კი გამიშვით...
***
თვითმფრინავში მჯდარი დავითი თვალდახუჭული აანალიზებდა მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. შვილთან გატარებულმა რამდენიმე დღემ კიდევ უფრო დააბნია. ვერ მიხვდა, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ანას, თუ მამის გვერდით ქალი გამოჩნდებოდა. ფაქტი ის იყო, რომ გულგრილი არ დარჩებოდა. თუმცა, გაახარებდა დავითის პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები თუ პირიქით, ეს ვერ გაარკვია. რა თქმა უნდა, ნიაზე სერიოზულად არ ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისგან საკმაოდ დიდ სიამოვნებას იღებდა, ვერ წარმოედგინა თავისი ცოლის როლში. ზედმეტად თამამი, მომთხოვნი ქალები არასოდეს მოსწონდა. ისიც კარგად ესმოდა, როგორი სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მათი კავშირი – უკვე ხანდაზმული სახელოვანი ექიმი და ლამაზი ექთანი, ასაკით თითქმის შვილად რომ შეეფერებოდა... ამოიოხრა და სავარძელზე აწრიალდა.
– თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ, ბატონო? – მაშინვე მასთან გაჩნდა სტიუარდესა და ხელი მზრუნველად მოჰკიდა მაჯაზე.
– რამე დასალევი მომიტანეთ, თუ შეიძლება. ვისკი ყინულით ან კონიაკი.
სტიუარდესამ გაოცებით ასწია წარბები.
– მომეჩვენა, რომ შეუძლოდ იყავით.
– არა, არა, კარგად ვარ, ძალიან კარგად. დალევა მჭირდება.
– ვისკის მიირთმევთ?
– გაუზავებელი იყოს... ორმაგი...
დავითმა სტიუარდესას ანგარიშმიუცემლად გაუღიმა და თვალები ისევ დახუჭა. ამჯერად მის გონებაში გულუბრყვილო ქალიშვილის სახე ამოტივტივდა... ცისია... ნუთუ მასთან იმაზე მეტი აკავშირებდა, ვიდრე მადლიერ პაციენტს – ექიმთან. ყველა ლოგიკით, სწორედ ასე უნდა ყოფილიყო. „სულელი ხარ, დავით... დინებას მიჰყვები და ვერც კი ხვდები, რომ შეიძლება, ამ დინებამ დაგახრჩოს... ან ისე გაგიტაცოს, საერთოდ წაშალოს ყველაფერი, რისთვისაც კი ცხოვრებაში მიგიღწევია. დროულად გამოფხიზლდი და მოეშვი სახიფათო თამაშებს. შენს ასაკში ეს ორმაგად საშიშია. დაბრუნდი სახლში და ის აკეთე, რაც კარგად გამოგდის – იმუშავე, იმუშავე... ოჯახი უკვე გაქვს – ანა და ბავშვები. საკმარისია სიურპრიზები, აღარ მინდა...“
დავითმა თვალები გაახილა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცოტათი დაამშვიდა. სტიუარდესას ვისკით სავსე ჭიქა გამოართვა და ნელა დაიწყო წრუპვა...
***
სოსო და თიკო საავადმყოფოს დერეფანში შეხვდნენ ერთმანეთს... გამოფენაზე თიკომ ვერ მოახერხა სოსოს გამოლაპარაკებოდა და მათ შორის ყინული გაელღო. საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ძალიან მოსწონდა ეს კაცი.
– ბატონო სოსო, დაფაზე ჩანაწერი ვერ ვნახე. მე კი მახსოვდა, რომ დღეს ოპერაცია გქონდათ. გადადეთ?
– დიახ. ხვალისთვის გადაიდო. მაპატიე, დამავიწყდა, გამეფრთხილებინე. – სოსო მთავარ ექთანს ისე მიაშტერდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა.
– ბატონო სოსო, გისმენთ...
– „ბატონო სოსოს“ რატომ მეძახი? – თქვა უცებ კაცმა შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თიკომ განცვიფრებისგან პირი დააღო.
– ვერ გავიგე?!
– რამდენი ხანია, ერთად ვმუშაობთ, შენ კი მაინც ოფიციალურად მომმართავ.
– პროტოკოლით, ასეც უნდა იყოს. თქვენ ექიმი ხართ, მე კი – ექთანი. მართალია, მთავარი ექთანი, მაგრამ მაინც...
– აქ ხომ მარტონი ვართ. შეგიძლია, მოეშვა... ყავას დამალევინებ?
– ჰო, დიახ, რა თქმა უნდა. წამობრძანდით... უკაცრავად, წამოდი. თიკოს ლამის წამოსცდა, ყავა თუ გინდა, შეგიძლია, კაფეტერიაში ჩახვიდეო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. მიხვდა, რომ შანსი ეძლეოდა და სულელი იქნებოდა, თუ მას ხელიდან გაუშვებდა. მთავარი ექთნის ოთახი საორდინატოროს გვერდით იყო. ღია კარიდან დივანზე წამოწოლილმა ანდრომ დაინახა სოსოც და მასთან ერთად მიმავალი თიკოც. სწრაფად წამოდგა და უკან მიჰყვა.
– თუ ყავა უნდა დალიოთ, მეც გამითვალისწინეთ, – დაიძახა შესვლისთანავე, – ხომ არ იცით, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებით ასე უსაქმურად? სისხლის დანახვა მომენატრა.
– ხვალ მაქვს ოპერაცია და შეგიძლია, ისიამოვნო, – მიუგო სოსომ, – თუ აუცილებლად ბატონი დავითი უნდა აკეთებდეს ოპერაციას, რომ შენი ამბიციები დაკმაყოფილდეს.
– რას ამბობ? შენც ძალიან კარგი ქირურგი ხარ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი კურატორი იყავი.
სოსოს გაეცინა და თიკოს მიუბრუნდა, რომელიც მადუღარაში ყავასა და შაქარს ყრიდა.
– გაიგონე, რა თქვა? მეც ქირურგი ვყოფილვარ. ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო? ანდრო, ამ კლინიკაში შენს მოსვლას ვის უნდა უმადლოდე, ხომ არ დაგავიწყდა? ჩემი მეგობარი ხარ...
– ჰო, ყველაფერი ვიცი და მახსოვს, რომ ჩემი მეგობარი ხარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონი დავითის ღირსებები არ ვაღიარო. შენ თვითონ მეუბნებოდი, არაჩვეულებრივი ქირურგია, ყოველდღე მაოცებს საოპერაციოშიო.
სოსომ ამოიოხრა.
– საშინელებაა, როცა შენ გარშემო ყველა ერთი ადამიანით არის აღფრთოვანებული და ეს ადამიანი თავად არ ხარ.
თიკომ ყავის სავსე ფინჯნები ჩამოარიგა და სოსოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
– სიგარეტის მოწევა არ მთხოვოთ, არ შეიძლება!
– ისევ თქვენობით მელაპარაკები... ვახ, ეს ქალი ვერ „მოვიშინაურე“, – გაიცინა სოსომ, – კიდევ ერთი გოგოს მოშინაურებას ვგეგმავ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა შანსები მაქვს. ბრჭყალები უკვე დამანახვა. კერკეტი კაკალი ჩანს. მე კი მიყვარს სირთულეები, აზარტში მაგდებს...
ანდრომ ირონიული ღიმილით შეხედა გამხიარულებულ სოსოს.
– დღეს რაღაც სხვანაირი ხარ, არასერიოზული. რა მოხდა?
– ისეთი არაფერი. იმ დღეს გუკას გამოფენაზე რომ ვიყავით, ჩემს ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. სიმართლე გითხრა, შემშურდა მისი.
– ვისი შეგშურდა, გუკასი? – ხმამაღლა გაიცინა ანდრომ, – გინდა, მასავით ჯღაბნიდე? მოსაწყენია...
– ეგ არ მიგულისხმია. ნახე, რამდენი გრძელფეხება „ნაშა“ იყო გამოფენაზე? დარწმუნებული ვარ, ყველასთან იწვა.
– მეც რომ აქ ვარ, დაგავიწყდა? – აღშფოთდა თიკო, – ასე როგორ შეიძლება...
– კარგი, რა, სად არის შენი იუმორის გრძნობა, – ხელი უდარდელად აიქნია სოსომ, – აბა, იმას დავიჯერებ, რომ გოგოები ერთბაშად თანამედროვე არქიტექტურაზე გადაირივნენ? რამდენი წელია, მხოლოდ ექთნებს, ექიმებსა და პაციენტებს ვხედავ. ჰო, კიდევ მათ პატრონებს, მუდმივად შეწუხებული სახეებით და მომლოდინე მზერით რომ შემომყურებენ ხოლმე... ღამის კლუბშიც ვერ წავალ. გამოუძინებელი ხომ არ შევალ საოპერაციოში. მოკლედ, ანდრო, ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ უკანმოუხედავად გაიქცე აქედან.
– გეყოფა. ძალიან მუქ ფერებში დამიხატე რეალობა. ასეც არ არის საქმე. ცოლის, შეყვარებულის ან საყვარლის ყოლას ვინ გიშლის? – ანდრომ ყავა მოსვა და თიკოს მრავალმნიშვნელოვნად გახედა. ქალი გაწითლდა. უხერხულობის დასაფარად მადუღარა აიღო და ონკანს შეუშვირა გასარეცხად...
***
ნიას ექთნების ოთახში პირადი ბარათი დარჩა. მაღლა აბრუნება დაეზარა და გადაწყვიტა, პაციენტების გასასვლელით ესარგებლა. კოტემ დაინახა თუ არა, მაშინვე გამოვიდა დაცვის ოთახიდან.
– ნია, ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
გოგო შემობრუნდა.
– კოტე? ჰო, შენთან ცუდად გამომივიდა... დედაჩემმა დამირეკა. ავადმყოფი გული აქვს. შეტევები სრულიად მოულოდნელად ემართება ხოლმე. ეგრევე გავიქეცი და დამავიწყდა, გამეფრთხილებინე, – ნიამ მეგობრულად გაუწოდა ხელი ბიჭს და გაუღიმა, – ხომ მაპატიებ?
– რა თქმა უნდა, – უცბად მოლბა კოტე, – მაგრამ ჩემთან ვალში ხარ. ყავაზე დაგპატიჟებ და უარი არ უნდა მითხრა.
– კარგი, უარს არ გეტყვი... უბრალოდ, უნდა მეცალოს.
– ანუ, საბოლოო პასუხს არ მეუბნები?
– მთავარია, რომ უარიც არ მითქვამს, – გადაიკისკისა ნიამ...
სამსახურში დილით მისულ ნიას დერეფნები პაციენტებით სავსე დაუხვდა და მიხვდა – „დავითი ჩამოვიდა“... თიკო და ექთნები საოპერაციოებს ამზადებდნენ. ნიას დანახვაზე თიკოს სახე გაუბრწყინდა.
– ვფიქრობდი, ნეტავი, ცოტა ადრე მოვიდეს-მეთქი... სამი ოპერაციაა, მოგვეხმარები?
– სამი ოპერაცია?
– ჰო. ერთს სოსო აკეთებს, ორს – ბატონი დავითი. იცი ხომ, რომ მოვიდა?!
– ჰო, მივხვდი... მისი კაბინეტის წინ ისეთი ამბავია... სად არის?
– ალბათ, თავის კაბინეტში... წეღან აქ იყო. დაფაზე ოპერაციების განრიგის დაწერა მთხოვა. სად მიდიხარ?
– ახლავე მოვალ... სულ ერთი წუთით ჩავალ ქვემოთ...
– დიდხანს არ დაყოვნდე. დაეხმარები ბატონ დავითს?
– რა თქმა უნდა.
თიკომ მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
– მაშინ მე სოსოსთან შევალ... ნია, როგორ ფიქრობ, რამე გამოგვივა?
– სოსოსთან შენს ურთიერთობას გულისხმობ? რა ვიცი, იმ გულისმომკვლელი აღიარების შემდეგ, მგონი, შენმა ყურადღებამ უნდა აღაფრთოვანოს.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა თიკო.
– საორდინატოროში რომ ლაპარაკობდა, ჩემი პროფესიის გადამკიდე, სულ მარტო ვარო... შენზეა დამოკიდებული. ცოტა გააქტიურდი.
– რას ამბობ, „გააქტიურდი“ რას ნიშნავს? კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები. არ შემიძლია. ასე ძალიანაც კი არ მიჭირს – შეურაცხყოფად მიიღო თიკომ ნიას სიტყვები.
– საწყენად არ მითქვამს. კაცებს ინიციატივა აკლიათ ხოლმე, მით უფრო სოსოსნაირ ტიპაჟებს. გაუღიმე, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინე მის მიმართ, რომ მიხვდეს.
– რას მიხვდეს?
– მის მიმართ შენს ინტერესს.
– ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით. გაორებული გრძნობა მაქვს... გამოფენაზე რომ ვიყავით, ის ტიპიც მომეწონა.
– ვინ, გუკა?
– ჰო... ძალიან საინტერესო ვინმე ჩანს.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– შენ იცი, მაგრამ მხატვრები, არქიტექტორები, დიზაინერები, მეტისმეტად თავისუფალი და უცნაური ხალხია. არ გამოგადგება. სოსო უფრო სტაბილურია. თუ სერიოზული ურთიერთობა გინდა, მაშინ სოსო უკეთესი ვარიანტია.
თიკომ შეხედა და სიცილი აუტყდა.
– ჩვენ ისე ვარჩევთ და ვლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული... სასაცილოები ვართ ძალიან.
– არც ისე, – ტუჩები აიბზუა ნიამ, – სასაცილოები კაცები არიან. თავიანთი ამბიციებით. თავი რომ ძალიან მაგრები ჰქონიათ და მაინც ქალის ჭკუაზე დადიან.
– ეჰ, მაგასაც მოხერხება უნდა, – სინანულით ჩაილაპარაკა თიკომ, – მე არ გამომდის და შენ?
– ნიამ მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი, ზოგჯერ გამომდის...
– მართლა? მაგალითად, ვისთან გამოგივიდა? – ჩააცივდა თიკო.
– არ იცნობ შენ, – ღიმილით აარიდა თავი პასუხს ნიამ, – გავიქცევი და მალე დავბრუნდები. თუ სოსო ამოვა, არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი – შენგან ყურადღება უნდა იგრძნოს...
ნიამ ყურადღებით მოათვალიერა პაციენტებით გავსებული დერეფანი და დააკვირდა, გაიღებოდა, თუ არა დავითის კაბინეტის კარი... ათწუთიანი ლოდინის მერე ეჭვმა გაკენწლა. „ნამდვილად იმ გოგოს სანახავად შევიდა. დარწმუნებული ვარ“... – გაიფიქრა ეს თუ არა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა პალატებისკენ.
***
– დავითი საწოლთან ჩამოუჯდა ცისიას და გაუღიმა.
– შენ ამბავს სულ ვკითხულობდი. ვიცი, რომ სწრაფად მიიწევ წინ. მალე ადგები კიდეც.
– როდის? სოსო ექიმს ვეკითხებოდი და მეუბნებოდა, მარტო ბატონი დავითი გაგცემს ამ შეკითხვაზე პასუხსო.
– კიდევ რას გეუბნებოდა სოსო ექიმი? – დავითი ვერ მალავდა აღფრთოვანებას. ამ გოგოში იყო რაღაც ისეთი, რაც მასში საუკეთესო ემოციებს აღძრავდა. ერთბაშად მივხდა, რა იზიდავდა ცისიაში ასე – ბავშვური გულწრფელობა და გალუბრყვილობა. კიდევ უცნაური, თითქოს ხელუხლებელი სილამაზე, ისეთი სილამაზე, რომელიც თავად ცისიასაც კი არ ჰქონდა გაცნობიერებული.
– კიდევ ხომ არ აპირებთ ჩემს მიტოვებას? – შესცინა გოგომ და დავითი ფიქრიდან გამოერკვა. ცისია ისე შესციცინებდა, რომ უხერხულობა იგრძნო.
– არ მიმიტოვებიხარ. რამდენიმე დღით ვიყავი წასული მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
– ვიცი, შვილი და შვილიშვილები უნდა გენახათ.
– ეს სოსო ექიმმა გითხრა?
– დიახ. ტყუპი შვილიშვილი რომ გყავთ, ესეც ვიცი.
– ოჰო, ყოჩაღ სოსოს, დრო უქმად არ დაუკარგავს, – ჩაიცინა დავითმა, – კიდევ რა გითხრა?
– რომ ძალიან გამიმართლა, თქვენს ჯადოსნურ ხელში რომ აღმოვჩნდი. თუმცა, ამას მეც ვგრძნობდი. იცით, ხომ ამბობენ, ზოგჯერ ძალიან ცუდ ამბავშიც შეიძლება, იპოვო პოზიტივიო. ჩემი ავარიის პოზიტივი თქვენ ხართ.
დავითმა უნდობლად შეხედა გოგოს. მოეჩვენა, რომ ცისია სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა. საკუთარი თავი გაკიცხა ამისთვის და სწრაფად წამოდგა.
– ოპერაცია მაქვს. მიხარია, რომ კარგად ხარ. ამ დღეებში კიდევ შემოგივლი და როცა დავრწმუნდები, რომ საშიშროება აღარ გემუქრება, ფეხზეც დაგაყენებ. მერე კი შენს მშობლებთან ერთად გადავწყვეტთ, სად გაივლი რეაბილიტაციის კურსს.
– არა, – ჯიუტად წარმოთქვა ცისიამ.
– რას ნიშნავს არა? – დავითმა ამოიოხრა. ინტუიციით გრძნობდა, რომ ეს ურთიერთობა ცისიასთან საშიშ ფორმებს იღებდა.
– ოპერაციის მერე მოდით და მითხარით, როგორ ჩაივლის ყველაფერი. რეაბილიტაციის კურსზე კი ნაადრევია ლაპარაკი. სანამ ფეხზე არ დავდგები და არ გავივლი...
– კარგი. მერე ვილაპარაკოთ ამაზე, – დაეთანხმა დავითი – ოპერაციის შემდეგ კი შეიძლება, ვერ შემოგიარო. ძალიან დაღლილი ვიქნები... დილით ადრე ჩამოვფრინდი. ხვალ მოგინახულებ, აუცილებლად.
ცისიას პალატიდან გამოსული დავითისთვის იქვე, კართან მდგარი ნიას ნახვა მეხის გავარდნას ჰგავდა.
– ნია, საოპერაციო მზად არის? – ჰკითხა მაქსიმალურად მშვიდად და ისიც კი მოახერხა, გაეღიმა მისთვის.
– დიახ. მაგრამ აქ საოპერაციოს მზადყოფნაზე ინფორმაციის მოსაწოდებლად არ გელოდები.
– დაახლოებით ვხვდები, რისთვისაც მელოდები, მაგრამ, ალბათ, არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ ეს შესაფერისი ადგილი არ არის. მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
– კარგი. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მალე ისევ გამექცევი და დამემალები.
დავითი მოიღუშა.
– არც გავქცეულვარ და არც დავმალულვარ. არ მიყვარს, როცა ოპერაციის წინ უსარგებლო და უსიამოვნო ლაპარაკით ნეგატიურად მმუხტავენ. საღამოს სავახშმოდ წავალთ და ყველაფერს აგიხსნი...
ნია დაჟინებით მიაშტერდა კაცს და თავი დაუქნია.
– კარგი, – თქვა ხმადაბლა. შებრუნდა და დერეფანს ნელი ნაბიჯით გაუყვა.
***
ანდრო ჩქარი ნაბიჯით შევარდა საოპერაციოში. სოსო უკვე იცვამდა.
– რა ჭირს ამ ლიფტს, სულ დაკავებულია?! ოცი წუთი ველოდე და მერე ფეხით ამოვედი. რატომ აკეთებენ კლინიკებში საოპერაციო განყოფილებებს სულ მაღლა.
– იმიტომ, რომ ზედა სართულები „ვიპ“ ზონაა... ჩვენ ხომ „ვიპ“ ადამიანები ვართ, ამიტომ აირჩიე ქირურგობა. ჩაიცვი, დღეს მე დამეხმარები.
ანდრო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– ბატონი დავითი ჩამოვიდა და დღეს ურთულეს ოპერაციას აკეთებს, ძალიან საინტერესო ოპერაციას... რომელიმე სხვა რეზიდენტი რომ დაიხმარო?
– „რომელიმე სხვა რეზიდენტი“ კი არა, შენ მჭირდები. მეგობარი ხარ. საოპერაციოში ჩემიანი მირჩევნია გვერდით.
– დღეს დავითთან ვიქნები... ამით ჩვენს მეგობრობას არაფერი დაუშავებდა.
სოსომ მხრები აიჩეჩა.
– კარგი, რადგან ასე გინდა. ოღონდ იცოდე, ჩუმად უნდა იყო. დავითს არ უყვარს, როცა მის საოპერაციოში ვინმე ლაპარაკობს. თიკო უსიტყვოდ ხვდება, როდის რა სჭირდება, ამიტომაც არ შედის საოპერაციოში მის გარეშე.
– მალე ჩემ გარეშეც არ შევა საოპერაციოში, – ანდრომ გაიცინა და სოსოს თვალი ჩაუკრა.
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ. ოღონდ რა გაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, ვერ ვხვდები.
– აუცილებელი არ არის, ყველაფერს ხვდებოდე. თავს ნუ აიტიკვებ ჩემს შორეულ, ბუნდოვან პერსპექტივაზე ფიქრით. მაგალითად, გუკას ისედაც სჯერა, რომ ცხოვრებაში ბევრს მივაღწევ.
– მხოლოდ გამიხარდება, – პირქუშად მიუგო სოსომ.
– იცი, რას გეტყვი? დროა, ვიღაც გაიჩინო, ქალს ვგულისხმობ. ზედმეტად გაღიზიანებული და დაძაბული ხარ.
– ოჰო, როდის აქეთ იძლევი რჩევებს?!
– კარგი. საწყენად არ მითქვამს. თიკოს, მგონი, მოსწონხარ. გამოიყენე...
– ვინ გამოვიყენო, თიკო თუ ის ამბავი, რომ მოვწონვარ?
– ორივე. როცა საოპერაციოს მთავარი ექთანი შენი საყვარელია, აქედან სარგებელი უნდა ნახო.
– გეყოფა. თიკო „ისეთი“ არ არის.
– მე ვთქვი „ისეთია“-მეთქი? მაგრამ, აშკარად მოსწონხარ.
– მე არ მომწონს, – გაღიზიანებული ტონით მიახალა სოსომ, – მოვრჩეთ ამაზე!
– ჰო, ვხვდები. ის ნია გაცილებით მადისაღმძვრელია, მაგრამ მისგან თავი შორს დაიჭირე – ეს ჩემი მეგობრული რჩევაა.
სოსო შემობრუნდა და ანდროს ავად შეხედა.
– ნია რა შუაშია? და საერთოდ, ვინ ლაპარაკობს ნიაზე?
– მე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ, ვატყობ, მის მიმართ გულგრილი არ ხარ. ეგ გოგო არც ისეთი უწყინარი და მიამიტია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თან, აშკარად უფრო მსხვილ ფრინველზე მონადირეა.
– ვინ? ნია? გეშლება, – გაიცინა სოსომ, – უბრალოდ, პრანჭიაა და უკარებად მოაქვს თავი.
– ჩემი გითხარი... პირადად მე, ნიასთან მეგობრობას ვამჯობინებ.
– ლოგინში მეგობართან უნდა დაწვე, აბა, მტერთან რა გინდა? კარგი, ბევრ დროს ვხარჯავთ ამ სულელურ საუბრებზე. მოკლედ, რა გადაწყვიტე – ჩემთან შემოდიხარ თუ დავითთან?
– საოპერაციოში ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, ისედაც ბევრი ვილაპარაკე.
სოსომ გულგრილად აიჩეჩა მხრები, მაგრამ შეეტყო, რომ ეწყინა.
***
ნიამ კარადიდან მოკლე, შავი კაბა გამოიღო და გადაიცვა. მერე სარკესთან მივიდა და საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა. ამ კაბაში ზრდასრულ, ცხოვრებაში ბევრ ჭირ-ვარამნანახ ქალს ჰგავდა. თუმცა, ელეგანტური და ოდნავ გამომწვევიც იყო... ცოტა ხანს იფიქრა. მერე კაბა გაიხადა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაფიქრდა. საჭირო იყო სტრატეგიის შემუშავება. ჯობდა, კაცისთვის თავი შეეცოდებინა, ვიდრე თავს დასხმოდა პრეტენზიებით. თუ დაჩაგრული გოგონას როლი უნდა ეთამაშა, მაშინ ეს კაბა არ გამოადგებოდა. დავითს მასში ქალიც უნდა დაენახა და დაუცველი არსებაც, რომელსაც კაცის მზრუნველი ხელი სჭირდება. არჩევანი ტანზე კარგად მორგებულ ჯინსსა და ღრმად გულამოჭრილ მაისურზე შეაჩერა, ფეხსაცმელიც ნახევრად სპორტული შეარჩია – პატარა ქუსლით. როცა რესტორანში შევიდა, დავითი უკვე იქ იყო. ტერასის შორეულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა და წყალს სვამდა. დაფიქრებული სახე ჰქონდა და ისეთი გამომეტყველება, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად რომ არიან ხოლმე მზად... ნია მივიდა და წინ დაუდგა. დავითმა პატარა საფირმო პარკი დადო მაგიდაზე.
– ეს შენ ჩამოგიტანე... არ ნახავ?
ნია არ განძრეულა. არც საჩუქრისთვის მოუკიდია ხელი. იჯდა და კაცს თვალს არ აცილებდა.
– აქ იმიტომ მომიყვანე, მითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა? – მიახალა მოურიდებლად და თხელი, ლამაზი თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა. დავითი შეცბა. ამ კითხვას არ ელოდა.
– მოდი, ჯერ ვივახშმოთ... რას შეუკვეთავ?
– სულერთია. შენ შეუკვეთე ჩემ მაგივრად და წყალი დამისხი. როცა ნაწყენი ხარ, წყალი ყველაზე კარგი საშუალებაა.
– ნია, რატომ ლაპარაკობ ისე, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო.
– რატომ გრძნობ თავს დამნაშავედ... მე ხომ არაფერს წარმოვადგენ. ვინ ვარ?! ერთი ექთანი, რომელმაც თავს უფლება მისცა, დიდებული ექიმი შეეყვარებინა.
– შენ მე არ გიყვარვარ, – შეაწყვეტინა კაცმა, – რა საჭიროა ზღაპრების შეთხზვა. ჰო, ჩვენ შორის რაღაც იყო. შეიძლება, მეტი უნდა მეფიქრა და იქნებ არც უნდა დამეშვა ჩვენი სიახლოვე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. შეეცადე, გაიგო. ორივესთვის აჯობებს, თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის.
გოგომ სკამიდან წამოიწია და მისკენ გადაიხარა. მკვრივი, ლამაზი მკერდი თითქმის მთლიანად გამოუჩნდა. დავითმა თვალი მოარიდა.
– ნია, საჩუქარი ნახე. სპეციალურად შენთვის ვიყიდე. მინდა, მოგეწონოს.
– ჯერ მითხარი, რომ ჩემგან არ გაქცეულხარ.
– იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ვინმეს ან რამეს გავექცე, – მოიღუშა დავითი და ოფიციანტი მოიხმო, – პასტა მოგვიტანეთ, თქვენი, საფირმო... კიდევ წითელი ღვინო და ტირამისუ.
– თქვენი ქალიშვილიც დაამატებს რამეს? – ჰკითხა ოფიციანტმა.
კაცი შეცბა. ნიამ კი ხმამაღლა გაიცინა. ოფიციანტმა იგრძნო, მისმა შეკითხვამ უხერხულობა რომ წარმოშვა და გაუჩინარდა. ნია სიცილს აგრძელებდა. დავითს მოთმინების ფიალა აევსო.
– გეყოფა, სულაც არ არის სასაცილო.
– მართალი ხარ. ის, რომ ოფიციანტს შენი შვილი ვეგონე, სასაცილო ნამდვილად არ არის. ახლა, ალბათ, იტყვი, რომ მართლა მამად შეგეფერები. კიდევ ერთი არგუმენტი გექნება, რომ დამშორდე.
– საჩუქარს არ ნახავ?
– ვნახავ. იმედია, თოჯინა ან სხვა რამე, სათამაშოს მსგავსი არ იქნება. მაგალითად, პაზლებიანი წიგნი...
– ნია, შვილთან და შვილიშვილებთან ვიყავი. არსად გავქცეულვარ.
– შეიძლებოდა, უბრალოდ, გეთქვა.
– შეიძლებოდა, მაგრამ მოულოდნელად გადავწყვიტე. ჩემი შვილი სულ უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ჩავდივარ. ოთხი დღით ვიყავი წასული მხოლოდ და შენ ამისგან ტრაგედია შექმენი.
– სულაც არა. უბრალოდ, მომენატრე, ძალიან მომენატრე... – ნიამ ტუჩები საყვარლად გაბუსხა და პარკი გახსნა.
– ეს მართლა ჩემთვის იყიდე? – ნიამ მოგრძო ყუთიდან საათი ამოიღო.
– ჰო. გამყიდველს ვკითხე, რა შეიძლებოდა მოსწონებოდა შენი ასაკის გოგოს და ეს საათი მირჩია.
– ბოლო კოლექციიდან არის. ალბათ, ძალიან ძვირი გადაიხადე...
– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მოგეწონა. ახლა შეიძლება პასტაც მივირთვათ, – დავითი შესამჩნევად გახალისდა.
ნიამ ყუთი დახურა და ამოიოხრა.
– რა ხდება? – შეშფოთებით ჰკითხა დავითმა.
– მე ამ საჩუქარს არ ავიღებ, – გადაჭრით თქვა გოგომ და თვალები ცრემლებით აევსო.
ნიამ თვალები მოჭუტა და დამარცვლით, გარკვევით გაიმეორა:
– არ მივიღებ საჩუქარს შენგან, არ მინდა...
– ნია, ნუ გაართულებ ყველაფერს. მინდა, ეს საათი დაიტოვო და ატარო.
– რატომ? რამდენჯერაც დავხედავ, შენთან გატარებული ღამეები რომ გამახსენდეს?
– ძალიან გთხოვ, ცრემლების გარეშე... არ შემიძლია ატირებული ქალის ყურება.
– მაშინ, მითხარი, რატომ არ შეიძლება, ერთად ვიყოთ? ოღონდ, ასაკი არ ახსენო, თუ არ გინდა, მართლა ავტირდე.
– ნია, ნუ გაართულებ ყველაფერს. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი იმ ბედნიერი წუთებისთვის, რომლებიც მაჩუქე... მაგრამ ვერ ვუღალატებ საკუთარ თავს... არ დამაძალო. იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცევი.
– ესე იგი, უნდა დავშორდეთ და ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა? კლინიკიდანაც ხომ არ წავიდე?
დავითმა თავი გააქნია.
– არა. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. პირიქით, დარჩი მე ყველანაირად დაგეხმარები.
ნიამ ჩაიცინა.
– როგორი გულმოწყალებაა. მეგონა, განსაკუთრებული იყავი, სხვებისგან გამორჩეული. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მე ახლაც ასე ვფიქრობ.
– ნია, არ შემიძლია ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. არც შენ გამოგადგება ჩემნაირი, ცხოვრებისგან დაღლილი მამაკაცი. ისიც არ ვიცი, რა უნდა შემოგთავაზო, გარდა იმისა, რომ ვიზრუნებ შენზე...
გოგომ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა და გაიღიმა.
– უნდა მივმხვდარიყავი... გამოსამშვიდობებელი ვახშამი... სამახსოვრო საჩუქრითა და სინანულით სავსე, არაფრის მთქმელი სიტყვებით. მგონი, ჩვენ ორს შორის თქვენ უფრო გჭირდებათ მზრუნველობა, ბატონო დავით...
– ისევ „თქვენობით“ მომმართავ? ამით იმის თქმა გინდა, რომ ჩვენი მეგობრობა არ გამოვა?
– არა, რატომ? შეიძლება, გამოვიდეს... – მხრები აიჩეჩა გოგომ და სუფრიდან ადგა, – საათს კი არ წავიღებ. არ მინდა, თქვენს მეხსიერებაში იმ ქალად დავრჩე, რომელიც ერთი, თუნდაც ძვირფასი საათით მოიცილეთ თავიდან...
დავითი გაფითრდა.
– ამას როგორ ამბობ? ეგ არც მიფიქრია. მართლა მინდოდა, გამეხარებინე.
– მეც მართლა მენატრებოდით. მშვიდობით, ბატონო დავით...
ნია წასასვლელად შებრუნდა. დავითმა მაჯაში სტაცა ხელი და თავისკენ შეატრიალა.
– რომ ვიცოდე, ეს ურთიერთობა დამოკიდებულებაში არ გადაიზრდება; რომ მჯეროდეს, ერთ დღეს მშვიდად შეხვდები ჩვენს დაშორებას... რომ არ მეშინოდეს იმის, ამით ორივე დავზარალდებით...
– ბატონო დავით, მივდიოდი... უბრალოდ, ხელი უნდა გამიშვათ...
– აიღე საჩუქარი, გთხოვ...
ნიას გაეღიმა.
– ბავშვივით იქცევით. ფიქრობთ, თუ საათს ავიღებ, სინდისი უფრო მშვიდად გექნებათ? ვნახოთ, იქნებ დავიტოვო კიდეც, ოღონდ ახლა არა...
– ამით რისი თქმა გინდა?
– ნუ ნერვიულობთ, ბატონო დავით და ნუ იძაბებით. ყველაფერი კარგად იქნება. მე პრობლემებს არ შეგიქმნით. ინიციატივა ხომ თავად გამოვიჩინე.
– როცა ასე ლაპარაკობ, თავს საშინლად ვგრძნობ, – თავი გადააქნია კაცმა.
– ვიცი. მაგრამ, მე ასე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ თავი ცუდად იგრძნოთ, – მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო გოგომ, – გამიშვით, წავალ. ხვალ საოპერაციოში შევხვდებით.
– მომისმინე, ნია... მინდა, დამიჯერო, რასაც ახლა გეტყვი. სულ მცირე შანსი მაინც რომ მქონდეს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების, უარს არ ვიტყოდი.
– ჰო, რა თქმა უნდა... – ნიას კაცისთვის არ შეუხედავს. არც საჩუქარი აუღია. შებრუნდა და ნელი ნაბიჯით მოცილდა იქაურობას. დავითი დაელოდა, სანამ გოგო დარბაზიდან გავიდა. მერე ოფიციანტი მოიხმო და ორმაგი ვისკი შეუკვეთა.
***
გუკამ სამზარეულოში შეიხედა. ანდრო ჩაის სვამდა და მობილურში რაღაცას კითხულობდა.
– ოჰო, შენ სახლში ხარ?! როდის მოხვედი?
– ერთი საათის წინ.
– მოიცა, – გუკამ საათზე დაიხედა. ახლა ათი სრულდება. იმის თქმა გინდა, რომ დილის ცხრა საათზე მოხვედი?
– ასეა... შევჭამ, დავიძინებ და ოთხი საათისთვის ისევ წავალ.
– ვა... ღამეც ოპერაცია იყო? – გუკამ სკამი გამოწია და მაგიდას მიუჯდა, – მეც დამისხი ჩაი. არც ტოსტზე ვიტყოდი უარს.
– მოგიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, იმიტომ რომ, საშინლად დავიღალე და მეძინება. ღამე არ ყოფილა ოპერაცია, მაგრამ ნაოპერაციებ პაციენტს ჩემი ყურადღება სჭირდებოდა. ბატონ დავითს უნდა დავუმტკიცო, რომ მისთვის საუკეთესო თანაშემწე მარტო მე ვიქნები.
– როგორ აპირებ ამის გაკეთებას? – გუკამ ჩაი დაასხა და მაინც ანდროს ააცალა ტოსტერიდან ამოღებული პური.
– გამოუსწორებელი ხარ... მთელი დღეა, არაფერი მიჭამია, მხოლოდ სამი ჭიქა ყავა დავლიე. ისიც არ ვიცი, დამეძინება თუ არა.
– კარგი, ახლა ვისაუზმებ და წავალ... მერე რომ არ დამაბრალო, შენ გამო ვერ დავიძინეო.
– იცი, მგონი, ჩვენს მთავარ ექთანს მოეწონე?
გუკამ მხრები აიჩეჩა.
– საიდან უნდა ვიცოდე, როცა იმასაც კი ვერ ვიხსენებ, სად ან როდის ვნახე შენი მთავარი ექთანი.
– გამოფენაზე იყო.
– ჩემს გამოფენაზე? ესე იგი, დიდი არაფერია, რადგან ვერ დავიმახსოვრე...
– ჰო, გარეგნობით ნამდვილად არ ბრწყინავს, მაგრამ ისე, კარგი ქალია. ძალიან დამავალებდი, თუ ერთი-ორჯერ კაფეში დაპატიჟებ და გაეარშიყები.
– აუჰ!.. მეტისმეტს ხომ არ ითხოვ ჩემგან?!
– ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
– არ ვიცოდი, მეგობრობა არასასურველ ქალთან ურთიერთობასაც თუ გულისხმობდა.
– არაფერი დაშავდება, ცოტა ხნით ფლირტით თუ შეიქცევ თავს. მოდელის გარეგნობა არა აქვს, მაგრამ ჭკვიანია, გულისხმიერი...
გუკამ ირონიულად მოჭუტა თვალები.
– არგუმენტები გამოგელია? სია შთამბეჭდავად არ გამოიყურება... მითხარი, ერთი დამაჯერებელი მიზეზი, მისი შებმის სურვილი ან მოტივაცია მაინც რომ გამიჩნდეს.
– მე ვარ მოტივაცია. ძალიან მჭირდება მისი კეთილგანწყობა. საოპერაციოს მთავარ ექთანს ბევრი შეუძლია.
– მაგალითად?
ანდრომ ამოიოხრა.
– შენ ხომ რეზიდენტი არ ხარ, ვერ გაიგებ... იმისთვის, რომ ქირურგი გავხდე, ბევრი უნდა ვიბრძოლო, ზოგჯერ აკრძალული ილეთებიც გამოვიყენო... შენ რა გენაღვლება, არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი. შენი იდეები ან მოსწონთ და გაძლევენ ფულს, ან – არა. თუმცა, უფრო ხშირად მოსწონთ ან თავს გაჩვენებენ, რომ მოსწონთ. ახლა ხომ მოდაშია, ბინის ინტერიერის მოწყობა პროფესიონალს შეუკვეთო.
– გმადლობ, რომ პროფესიონალად მიგაჩნივარ, – შეიფერა გუკამ, – კარგი, შენთვის ყველაზე მახინჯ ქალსაც კი შევაბამ... როდის გინდა, ეს გავაკეთო?
– მოიცადე, უნდა მოვიფიქრო. თიკო სულელი არ არის, ბუნებრივად უნდა გამოვიდეს.
გუკა დაიღრიჯა.
– გინდა, სცენარზეც მე ვიფიქრო? ამდენს ვერ გავქაჩავ... ისედაც დიდ მსხვერპლზე მივდივარ შენთვის.
– ისევ თავიდან იწყებ?
– არა, არა, რადგან დაგპირდი, მოვეწონები შენს თიკოს... მთავარი ექთნის შებმა მოდელის შებმაზე ძნელი არ უნდა იყოს.
ანდრომ კექსის მოზრდილი ნაჭერი მთლიანად ჩაიტენა პირში და თავი დაუქნია.
– ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგივა.
***
ვინ თქვა, რომ მამაკაცები ძლიერები არიან... მტკიცე ნებისყოფით გამორჩეულები და პრინციპულები. უმრავლესობა ქალის ცრემლების დანახვაზე უკან იხევს. შიშით შეპყრობილი და დამფრთხალი, ჩიხში მომწყვდეულივით აქეთ-იქით აწყდება. ნერვიულობს. ახალ-ახალ შეცდომებს უშვებს. იმ მხეცს ემსგავსება, ბადეში გახვეული რომ ფართხალებს და თავის დახსნის ნაცვლად, უფრო მჭიდროდ იხლართება...
ნიას ღირსეულად ეჭირა თავი. დავითი ელოდებოდა, რომ გოგო დაურეკავდა ან მისი ყოველი დანახვისას თავდახრილი და გაწითლებული, კუთხეში მიიყუჟებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, ისე ამაყად დაიარებოდა კლინიკაში, დავითი გაოცდა. ნიას ერთხელაც არ გაუცია თავი. ამან კაცში საპირისპირო გრძნობები გამოიწვია. ცოტათი შეურაცხყოფილიც კი იყო. საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ ნია ენატრებოდა. მისი სხეულის სუნს ისევ გრძნობდა. თითებსაც „ახსოვდათ“ გოგოს მკვრივი, გლუვი კანის მშვენიერება...
პალატაში რამდენიმე ადამიანი იყო. ცისიას მშობლები და სოსო. დავითის შესვლას ელოდებოდნენ დაძაბული გამომეტყველებით.
– რა ხდება? ვნერვიულობთ? – ნაძალადევი ღიმილით სცადა სიტუაციის განმუხტვა დავითმა, – დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ცისია მეორედ იწყებს სიარულს. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სოსო, მომეხმარე. ცისია, იქნებ გინდა, პალატაში მარტო ჩვენ დავრჩეთ. უფრო თამამად ხომ არ იქნები?
– დიახ. მირჩევნია. თქვენს მოსვლამდე სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი ჩემს მშობლებს. არ შემიძლია, მათ ნერვიულობას ვუყურო და იმაზე ვიფიქრო, გამომივა თუ არა ნაბიჯების გადადგმა.
– მაშინ, თუ შეიძლება, დაგვტოვეთ, – დავითი იქვე მდგარ ცოლ-ქმარს მიუბრუნდა. გაიღიმა და კაცს მიმართა, – ბატონო ირაკლი, ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– მე მინდოდა, ჯერ ჩვენ გვესაუბრა... მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ...
– ვიცი, რაც გინდათ, – შეაწყვეტინა დავითმა, – გაინტერესებთ, დღეს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება ცისიას, გარწმუნებთ, არაფერს გავაკეთებთ, რაც პატარა პრობლემას მაინც შეუქმნის. ვიცი, ფიქრობთ, კიდევ უნდა დავიცადოთ, მაგრამ შესაფერისი მომენტია. ცისია საკმაოდ მომაგრდა და მზადაა ამისთვის... წადით, გაისეირნეთ, კაფეტერიაში ყავა დალიეთ. ცოტა ხანში დაგიძახებთ.
ირაკლის ცოლმა რაღაც უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა. დავითს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
– თქვენი მეუღლე არ მენდობა, ბატონო ირაკლი. ჩვენი მარტო დატოვება არ უნდა, ხომ მართალია?
ქალი გაწითლდა და უხერხულად აწრიალდა.
– არა, არა, დედაა და როგორც დედა, ჩემზე ემოციურია... რა თქმა უნდა, გენდობით. ახლავე გავალთ.
ცისიამ ორივე ხელი გაუწოდა დავითს. კაცს გული შეუქანდა, – თქვენს ხელში ვარ...
– აბა, ვცადოთ და ფეხზე დავდგეთ, – მოგონილი სიმშვიდით ჩაილაპარაკა დავითმა და სოსოს ანიშნა, დამეხმარეო.
– ჯობია, ფრთხილად ვიყოთ... კუნთები მოდუნებულია. შეიძლება, ტკივილი იგრძნო და არ მოითმინო, მაშინვე მითხარი. ასე... ასე... კარგია, ძალიან კარგია! მგონი, გამოგვდის.
ათიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ცისიამ, რომელიც აქეთ და იქით დავითსა და სოსოზე იყო დაყრდნობილი, სიხარულით შეჰკივლა და დავითს კისერზე ჩამოეკიდა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ კაცი შეცბა და გაფითრდა. შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა... ცისია მთელი სხეულით ეკვროდა.
– გამომივიდა! მე ეს შევძელი, მხოლოდ თქვენი დახმარებით! ღმერთო, ინვალიდის სავარძელში არ მომიწევს ჩაჯდომა. და ეს თქვენი დამსახურებაა!
– გვეყოფა. დღეისთვის საკმარისია, – დავითმა ცისია საწოლამდე მიიყვანა და დაჯდომაში მიეხმარა. როცა მისი მკლავებიდან გათავისუფლდა, მთელ სხეულში ისეთი დაღლილობა იგრძნო, თვითონაც იქვე ჩამოჯდა, სკამზე.
– სოსო, პაციენტის მშობლებთან ჩადი. უთხარი, რომ ყველაფერი რიგზეა. შეუძლიათ, დაბრუნდნენ.
პალატაში მარტო რომ დარჩნენ, დავითი შეეცადა, გათავისუფლებულიყო იმ ილუზიისგან, რომელიც ცისიასთან უნებლიე ჩახუტებამ შეუქმნა. საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ცისიასთვის სახეში არ შეუხედავს, ისე დაიწყო საუბარი...
– ყველაფერი ისეა, როგორი მოლოდინიც მქონდა. ახლა შენს მშობლებს დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ, სად გააგრძელებ მკურნალობის კურსს. სერიოზული მუშაობა მოგიწევს ექიმებთან ერთად, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან უნდა წავიდე? – ცისიამ მკლავზე მოჰკიდა ხელი და მოებღაუჭა.
– ცისია, შენი აქ ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რამდენიმე დღეში გაგწერთ.
– არა. არ წავალ... თქვენთან მინდა ყოფნა. აქ რომ ვარ, დღეში ერთხელ მაინც შემოდიხართ და მინახულებთ. როცა გავეწერები, აღარც კი გაგახსენდებით... ამას ვერ გადავიტან.
დავითი შესამჩნევად გაფითრდა.
– ცისია, გესმის, რას ლაპარაკობ? თუ გეშინია, რომ ჯერ კიდევ საფრთხეშია შენი ჯანმრთელობა, შემიძლია, დაგამშვიდო...
– არა, ეს არ მიგულისხმია, – ხელები გააქნია ცისიამ და კაცს ისე შეხედა, დავითმა მუხლებში სისუსტე იგრძნო.
– ცისია, ახლა შენი მშობლები მოვლენ... – დაიწყო კაცმა.
– ისე ნუ მელაპარაკებით, როგორც პატარა ბავშვს და კიდევ, მინდა ახლავე გაგაფრთხილოთ, ჩემს ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს.
– ცისია, ნუ მაშინებ...
– ჰო, ვიცი... რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, ვიღაცისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ალბათ, მეც არ უნდა ვაძლევდე თავს ამის უფლებას, მაგრამ... თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ... ასეც რომ არ იყოს, სტერეოტიპებით რომ არ ვილაპარაკო... მიყვარხართ...
დავითი ინტუიციით გრძნობდა, რა შეიძლებოდა, ეთქვა ცისიას, მაგრამ გოგოს ეს სიტყვები მაინც ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.
– ცისია... – დაიწყო ათრთოლებული ხმით.
– არა, არაფერი თქვათ. ადვილი არ იყო ჩემთვის ამ სიტყვების თქმა, მაგრამ, რადგან უკვე ვთქვი, უკან აღარ დავიხევ. ისიც ვიცი, რომ მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ ამხედრდება, მაგრამ თუ თქვენ იქნებით ჩემს მხარეს, არაფრის შემეშინდება.
– ცისია, შვილად მეკუთვნი... შენს მშობლებს რა უნდა ვუთხრათ?
– თუ მეტი არგუმენტი არ გაქვთ ჩემი სიყვარულის საწინააღმდეგოდ, ამას როგორმე მოვაგვარებთ... – გახალისდა ცისია და კაცს მუხლზე დაადო ხელი. დავითმა თვალები დახუჭა...
ქალი სუსტია. გრძნობებს აჰყვება ხოლმე, მაგრამ, კაცისგან განსხვავებით, რამდენი წლისაც უნდა იყოს, ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა.
დავითმა ვისკის ცარიელ ბოთლს ამღვრეული მზერით შეხედა და თავი ხელებში ჩარგო. გრძნობდა სიტუაციის მთელ სიმძიმეს... იმასაც ხვდებოდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ყველაფრის ისე დალაგება, არავინ დაზარალებულიყო. მით უმეტეს, როცა საქმე უკვე ცისიასაც ეხებოდა. ცისია... რას უნდა მიაწეროს ამ უმშვენიერესი არსების ნათქვამი. საღი აზრი, გონების ხმა ჩასჩიჩინებდა, ერწმუნა იმ ვერსიის, რომელიც კარნახობდა, ცისიას სიყვარულში გამოტყდომა სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილს გადარჩენილის მადლიერების გრძნობაო... „ჰო, ასეა... მისთვის ღმერთი ვარ, ყოვლისშემძლე ქირურგი, რომელმაც სიკვდილის კლანჭებს გამოჰგლიჯა ხელიდან და სიცოცხლე აჩუქა. ჯერ ისევ იმ ემოციის გავლენის ქვეშაა, რომელმაც საშინელი შიში განაცდევინა. რა გასაკვირია, ასე რომ ებღაუჭება ადამიანს, ვისი ყოვლისშემძლეობისაც სჯერა. გაუვლის, უბრალოდ, დროის ამბავია. მერე ინანებს და იმ ბებერი სულელის როლში აღმოვჩნდები, რომელსაც იმის ილუზია გაუჩნდა, რომ ახალგაზრდა, ლამაზმა ქალიშვილმა შეიყვარა“... დავითმა ამოიოხრა. მამაკაცური პატივმოყვარეობა ცალკე ებრძოდა და თავისას ითხოვდა. შეახსენებდა ხოლმე: რატომაც არა, საკმაოდ სიმპათიური და ჯერ ისევ ახალგაზრდა, ბევრი ქალისთვის ძალიანაც სასურველი ხარო...
მობილური აიღო. ცოტა ხანს იყოყმანა და დარეკა.
– გამარჯობა, ვიცი, რომ ძალიან გვიანაა, ისიც ვიცი, რომ დიდი ხანია, არ დამირეკავს. შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? არაფერი მჭირს, კარგად ვარ. უბრალოდ, ცოტას დავლევდი შენთან ერთად. დაგელაპარაკებოდი... კონიაკი მაქვს, ვისკი აღარ დამრჩა... ჰო, კარგი, მოხდა. თუ შეგიძლია, მოდი, მჭირდები... – დავითმა მობილურს დახედა, გათიშა და მაგიდაზე დადო. მერე ვისკის ცარიელი ბოთლი ჩაუძახა ნაგვისთვის განკუთვნილ პარკში. მაცივარი გამოაღო. ახსოვდა, რომ რაღაც შოკოლადი ედო. როგორც იქნა, იპოვა. გახსნა, დაამტვრია და პატარა ლამბაქზე დაყარა. ვისკის ცარიელი ჭიქა გასარეცხ ბაკანში ჩადო. სამზარეულოს ვიტრინიდან ორი, შედარებით მომცრო ჭიქა გამოიღო და მაგიდაზე დააწყო. კონიაკი კი დიდხანს ეძება. ბოლოს ბუხართან მდგარ პატარა, ბორბლებიან მაგიდა-ოფიციანტზე მიაგნო. ჯერ გაუკვირდა, ეს ბოთლი გახსნილი რატომ არისო და ერთბაშად გონება გაუნათდა... ნია რომ დარჩა მასთან, მაშინ დალიეს. ნიას გახსენებამ უსიამოვნო შეგრძნებები გაუღრმავა, რომლის დიდ წილს მონატრება შეადგენდა. საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ ძლივს უმკლავდებოდა ნიასთან სიახლოვის სურვილს. ცისიას მიმართ ხორციელი ვნებები არ ჰქონდა, მაგრამ მისი ყოველი დანახვა თითქოს სულს უნათებდა და აგრძნობინებდა, რა მშვენიერია სიცოცხლე...
არ ახსოვს, რამდენი ხანი გავიდა. ზარის ხმამ გამოაფხიზლა. კარზე რეკავდნენ. ზღურბლთან მდგარმა ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცმა დავითს გაუღიმა და ქაღალდის პაკეტი გაუწოდა.
– გამომართვი, შენი საყვარელი ეკლერები წამოვიღე.
– ნეტავი, კონიაკიც გამოგეყოლებინა, ბოთლი სავსე არ აღმოჩნდა. დამილევია, – უხერხული ღიმილით წარმოთქვა დავითმა და სტუმარს გზა დაუთმო. მან გაკვირვებით და ეჭვით შეხედა.
– გიცნობ, რაღაც მოხდა... იმდენი ხანია, ჩემთვის აღარ დაგირეკავს...
– შემოდი, ცოტა დავლიოთ...
– მაშინ ჩავალ, სასმელსაც ამოვიტან. კონიაკი სულ აღარ გაქვს?
– ნახევარ ბოთლზე ცოტა მეტია.
– მაშინ, გვეყოფა. ბევრს მაინც ვერ დავლევ, მანქანით ვარ... მომიყვები, რა ხდება შენს თავს?
დავითმა ხელი ჩაიქნია.
– სამზარეულოში გავიდეთ.
მაგიდას მიუსხდნენ. დავითმა ნამცხვრები დიდ თეფშზე დაალაგა.
– როგორც ვხედავ, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს უჩივი.
– ვახო, გულის შეტევა არ მაქვს. შენს პროფესიონალიზმს ვაღიარებ, მაგრამ, თუ ცუდად გავხდები, სასწრაფოს გამოვიძახებ. ვეტყვი, ჩემს კლინიკაში გადამიყვანონ.
– შენს კლინიკაში ჩემნაირი კარდიოლოგები არ გყავს, – ნიშნის მოგებით გაიცინა ვახომ.
– მაგაში გეთანხმები. ვერაფრით გადმოგიბირე. ვერ ვხვდები, რატომ მეუბნები უარს, მაგრამ ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ.
– ვხვდები, – ვახომ გაიცინა. ღიმილი უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. უხდებოდა კიდეც მის სიმპათიურ, მამაკაცურ სახეს. კონიაკი დაასხა. ჭიქა აიღო და დავითის ჭიქას მიუჭახუნა.
– გაგვიმარჯოს! მმმ... კარგი კონიაკია... მომენატრა შენი სასმელების გემო. ყოველთვის კარგი ბარი გქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დალევა დიდად არ გიყვარდა.
– არც ახლა მიყვარს.
– ჰო, ვხვდები. ძნელია მარტო ყოფნა. ანა საერთოდ ვერ ახერხებს ჩამოსვლას?
დავითმა თავი გააქნია.
– სად უნდა იაროს ორი ბავშვით აქეთ და იქით... მის ქმარსაც კარიერაზე ზრუნვა მიაჩნია მთავარ პრიორიტეტად და მართალიც არის. ვერ ვამტყუნებ. ბრაიანი მომწონს, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვერ ვუგებთ.
– ჰო... პროფესიულად ძალიან შორს ხართ ერთმანეთისგან. ისე, მართლა კარგი ბიჭია. ერთი თვის წინ ვნახე ორივე.
დავითს სახეზე გაოცება გამოესახა.
– არ უთქვამს ანას... ერთი კვირა არ იქნება, რაც ჩამოვედი. რამდენიმე დღით ჩავაკითხე. თუმცა, ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა, – ხელი ჩაიქნია დავითმა.
ვახომ სიბრალულით შეხედა.
– ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი რატომ არ შეირთე? – ჰკითხა პირდაპირ.
– არ ვიცი, ალბათ, იმიტომ რომ, საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. ვერ მოვიცალე-მეთქი, არ გეტყვი. თუმცა, შეიძლება, ეგეც იყო.
ვახოს გაეღიმა და ჭიქები ისევ შეავსო.
– იცი, ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს დას ღალატობდი.
დავითმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვახომ ხელის მკვეთრი მოძრაობით შეაჩერა.
– ბოლომდე მათქმევინე... ჩემი და ძალიან მიყვარდა. ყველაფერი იყო ჩემთვის. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემზე მეტად მასზე ვიყავი მიჯაჭვული. როცა გათხოვდა, საკუთარ თავს პირობა მივეცი, შემეძულებინა ის მამაკაცი, რომელმაც ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წამართვა... მოკლედ, თავიდანვე ვერ აგიტანე. ჩასაფრებული ვიყავი, რომ რაღაცაში გამომეჭირე. ვფიქრობდი, რანაირად შეიძლება, ასეთმა კაცმა ცოლს არ უღალატოს-მეთქი. მაგრამ, ფაქტები მჭირდებოდა. გულუბრყვილოდ ვფიქრობდი – ფაქტი თუ მექნება, ჩემს დას დავარწმუნებ, უღირსი კაცის გვერდით არ უნდა იცხოვროს და საძულველ სიძეს თავიდან მოვიცილებ-მეთქი...
– ვახო, რას ამბობს? – დავითს კონიაკიანი ჭიქა გაუშეშდა ხელში.
– ხომ გითხარი, გულუბრყვილო და სულელი ვიყავი-მეთქი, – გაიცინა ვახომ და დავითს მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი.
– კარგი, ერთი... – ნაძალადევად გაიცინა დავითმა, – კარდიოქირურგიაც ჩემს გასამწარებლად ხომ არ აირჩიე? შეიძლება, გინდოდა, ჩემთვის გული ამოგეგლიჯა.
ვახომ ხმამაღლა გაიცინა.
– არა, ეგრე შორსაც არ წასულა ჩემი სიძულვილი. ნელ-ნელა აზრზეც მოვედი და დაგაფასე. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი დის ღირსეული ქმარი იყავი და იმსახურებ, მისი სიკვდილის შემდეგ ბედნიერი იყო.
– ბედნიერი ვიყო... – ფიქრიანად გაიმეორა დავითმა, – იცი, რომ ჩემთვის ეს ცნება უცხოა? მცდელობაც არ მქონია, რომ პირად ბედნიერებაზე მეზრუნა. ახლა კი, ჩემგან დამოუკიდებლად, რაღაცეები ისე დალაგდა, ჩიხში ვარ. შეიძლება, არ დაიჯერო, მაგრამ საყვარელიც მყავს და ასე ვთქვათ, შეყვარებულიც...
ვახო გაშრა. გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდა და სიძეს ისე მისჩერებოდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი, განცვიფრებული შეძახილი აღმოხდა.
– ხუმრობ?!
– რას ამბობ, საერთოდ არ მეხუმრება. იმიტომ გთხოვე, მოსულიყავი... ვიღაცისთვის გული უნდა გადამეშალა. მართლა არ ვიცი, რა გავაკეთო. მრცხვენია, ჩემს ასაკში ჩემი მდგომარეობის მამაკაცისთვის სრულიად შეუფერებელ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი...
– მოიცა, მოიცა... როგორ გავიგო შენი ნათქვამი, რომ საყვარელიც გყავს და შეყვარებულიც, – სიცილი ვერ შეიკავა ვახომ.
– დამცინი? – პრინციპში, არ მიკვირს. მეც ძალიან ბევრს ვიცინებდი, სხვას რომ შემთხვეოდა ეს ყველაფერი...
– დავით, მოყევი, რა... გამარკვიე, თორემ დავიბენი. გამოდის, ისევ შევცდი შენში?!
– არა, არა, დონ ჟუანი ნამდვილად არ ვარ. უნდა დამიჯერო. საყვარელს ვერ დავარქმევ იმ გოგოს, მაგრამ რაღაც ურთიერთობა გვქონდა...
– თუ გაქვს... შემომხედე, ისევ გაქვს? ან, საერთოდ, ვინ არის ეს გოგო, თუ საიდუმლოდ ინახავ მის ვინაობას?
– საიდუმლოდ შენახვა რომ მდომოდა, არც დაგირეკავდი. ექთანია ჩემთან და ნუ დამცინებ, ძალიან გთხოვთ. ვხვდები, რაც გაიფიქრე, რომ ექიმების ექთნებთან ინტიმური ურთიერთობა ბანალური და გაცვეთილი თემაა, მაგრამ ასე არ ყოფილა საქმე.
– კარგი, დაგიჯერე, ესე იგი, შეგიყვარდა...
– არა, არა, პრობლემაც ისაა, რომ არ მიყვარს. ნეტავი, მიყვარდეს, მაშინ რაღაც გამართლებას მოვუძებნიდი ამ ამბავს.
– ერთადერთი ვერსია მრჩება – მთვრალი იყავი.
დავითმა უხალისოდ დაუქნია თავი და იქვე დაუმატა.
– თუმცა, იმდენი არ დამილევია, რომ გონება დამეკარგა.
– ლამაზია?
– ჰო... ძალიან ლამაზია და ძალიან ახალგაზრდა. სწორედ ეს მაშფოთებს. წარმოიდგინე, რა მოხდება, ჩვენი ურთიერთობის ამბავი ჩემი შვილისა და სიძის ყურამდე თუ მივა... ან თანამშრომლები, ნაცნობები თუ გაიგებენ... იმის გაფიქრებაც არ მინდა, რას იტყვიან ჩემზე.
– მდა... ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდი... მაგრამ, ძალიანაც ნუ ინერვიულებ. მარტივად შეგიძლია, ჭორი სათავეშივე აღკვეთო.
– როგორ?
ვახომ მხრები აიჩეჩა.
– ცოლად შეირთე.
– რა? – შეკრთა დავითი.
– ჰო, რა იყო? – ეს ახლა არავის გაუკვირდება. მით უმეტეს, თუ ახალგაზრდაც არის და ლამაზიც. ხელს რა გიშლის? არ მოსწონხარ?
– პირიქით, მიმტკიცებს, რომ სრულიად უანგაროდ ვუყვარვარ.
– ძალიანაც ნუ დაიჯერებ მაგ უანგარობას, – ჩაიცინა ვახომ, – მეტისმეტად მაცდუნებელი სასიძო ხარ.
– ვხვდები, მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი პრობლემა...
– აბა, რა არის? შვილის აზრი? ჰო, ანა აუცილებლად გაბრაზდება. გეჩხუბება, გაგებუტება... მაგრამ, მერე შეგირიგდება.
– ანაზე სიმართლეს ამბობ, თუმცა მაგასაც ვუშველიდი, რომ არა...
– რა... რაღაცას ბოლომდე არ ამბობ.
დავითმა კონიაკი სულმოუთქმელად გამოსცალა და ვახოს დამნაშავე ბავშვივით მიაჩერდა.
– შეყვარებული ვარ...
ვახოს ბოთლისკენ გაწვდილი ხელი გაუშეშდა.
***
ანდრომ თვალები გაახილა და ნამძინარევი მზერა ჭერს მიაპყრო. გონებაში არეული აზრების დალაგებას ცდილობდა. ზუსტად ახსოვდა, სად გაატარა ღამე – კლინიკის ერთ-ერთ, განსაკუთრებული პაციენტებისთვის განკუთვნილ პალატაში. მის გვერდით კი ნიას ეძინა. ბიჭმა მხარზე ხელი მოჰკიდა და ფრთხილად შეანჯღრია. ნიამ დაიზმუვლა. უკმაყოფილოდ რაღაც გაურკვეველი ჩაილაპარაკა და გვერდი იცვალა. ანდრომ ტუმბოდან საათი აიღო და დახედა.
– ნია, – მიუბრუნდა გოგოს, – ნია, უნდა გაიღვიძო. დილის რვა საათია. თუ არ გინდა, რომ ვიღაცამ შეგვნიშნოს, სწრაფად უნდა ავდგეთ.
– მეძინება... – გოგო თვალების ფშვნეტით წამოჯდა, – რა ჩავიდინეთ წუხელ?
– განსაკუთრებული არაფერი... ერთმანეთი გვინდოდა და სურვილს წინ არ აღვუდექით. იმედია, უკმაყოფილო არ დარჩი, – ანდრომ გოგოს თმა ალერსით მოუჩეჩა, – მაგარი ყოფილხარ...
– ო?! არ გაგიჟდე და სიყვარული არ ამიხსნა.
– არც ვაპირებ. ჩვენ ხომ თანამედროვე, თავისუფალი ადამიანები ვართ... – ჩაიცინა ბიჭმა, – ისე, არ მეგონა, ასე ადვილად თუ დათანხმდებოდი...
– ძალიან კარგი. იმიტომ რომ, ადვილად ხელმისაწვდომი არ ვარ.
– ვიცი... დიდი ხანია, ჩვენი სოსო ექიმი შენზე ნერწყვს ყლაპავს.
– ჰო, ვხვდები. მაგას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. იცი, რისი სურვილი მიჩნდება, მაგ კატეგორიის კაცებთან შეხვედრისას? მასხრად ავიგდო და დავამცირო... იცი, რომ ერთ ქალს ძალიან მოსწონს და მგონი, უყვარს კიდეც?
– ვიცი, შევამჩნიე. მე თუ მკითხავ, შესაფერისი წყვილია... სოსო უკეთეს ცოლს არც იმსახურებს.
– სოსო შეიძლება, უკეთესს მართლა არ იმსახურებდეს, მაგრამ თიკო მეცოდება. ძალიან კარგი ადამიანია.
ანდრო შეიჭმუხნა.
– მომისმინე, ჩვენზე ვილაპარაკოთ. მართლა კარგი იყო და არ გავიმეოროთ?
ნიამ მხრები აიჩეჩა. საწოლიდან გადმოხტა და სწრაფად შეუდგა ჩაცმას.
– ეგ რას ნიშნავს – თანახმა ხარ?
– არ ვიცი. საქმე ისაა, რომ მე უკვე მყავს პარტნიორი. მართალია, ახლა ურთიერთობა ცოტა აგვერია, მაგრამ ბედს არ შევურიგდები, დავიბრუნებ...
– ასე ძალიან გიყვარს ბატონი დავითი? – პირდაპირ ჰკითხა ანდრომ. ნიას თვალები გაუფართოვდა. მერე ერთიანად გაწითლდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
– შენ... შენ რა იცი? ჩემზე და დავითზე. ვინ გითხრა?..
ანდრომ პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შეირბინა და იქაურობა მოათვალიერა. ვისაც ეძებდა, იქ არ იყო, სამაგიეროდ, თიკოს ყურადღება მიიპყრო.
– რა ხდება ანდრო? მე შემიძლია, რამით დაგეხმარო?
– შენ? არა.. თუმცა, ჰო, – ანდრომ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ქალს და ყასიდად შეყოყმანდა.
– რაღაცის თქმა გინდა? – მოუთმენლობამ შეიპყრო თიკო, – მითხარი, რას მიმალავ?
– არაფერს გიმალავ, პირიქით. ჩემი მეგობარი გახსოვს? გუკა, გამოფენაზეც რომ დაგპატიჟეთ...
თიკომ ისე მოჭუტა თვალები, თითქოს ვერ მიხვდა, ვისზე ელაპარაკებოდა ბიჭი.
– გაიხსენე, რა, არქიტექტორი, ჩემი მეგობარი. მოგეწონა კიდეც მისი ნამუშევრები.
– ა, ჰო, გამახსენდა. მერე? კიდევ გამოფენაზე გვეპატიჟები?
– მოეწონე, – ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ მიახალა ანდრომ.
თიკო მოულოდნელობისგან გაშრა.
– რა მითხარი? ხუმრობ? აი, მე კი არ მცალია. ბატონი დავითის ოპერაციების განრიგს უნდა გადავხედო, – მოიუგო კოპებშეკრულმა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– თიკო, არ ვხუმრობ. გუკას მართლა მოეწონე, უბრალოდ, მთხოვა, შენთვის ამის შესახებ არაფერი მეთქვა, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა.
– მართალი ხარ, უნდა მცოდნოდა, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა თიკომ.
ანდრომ მხრები აიჩეჩა.
– ეს უკვე აღარ ვიცი. რას აკეთებენ ხოლმე ამ დროს ქალები, როცა იციან, რომ მამაკაცს ის მოსწონს.
– ანდრო, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამაზე ვერ ვიფიქრებ, – თიკომ საქმიანი გამომეტყველებით მოხვეტა მაგიდაზე დახვავებული საქაღალდეები და ამოიოხრა.
– არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– ამ დღეებში სადმე წავიდეთ.
– გუკამ დაგაბარა?
– მითხრა, შენ და ნია დაგპატიჟოთ, თვითონაც მოვა. სად წავალთ, ჩვენი გადასაწყვეტია. რას იტყვი?
– არ ვიცი, ანდრო, ხომ გითხარი, ახლა მართლა ბევრი საქმე მაქვს.
თიკომ ენერგიულად გააქნია თავი.
– არა, არა, უარს არ ვამბობ, უბრალოდ, ახლა შესაფერისი დრო არ არის. მერე ვილაპარაკოთ ამაზე.
თიკომ ბიჭს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ანდრომ მობილური აიღო და ნიას დაურეკა.
– სად ხარ? დილიდან გეძებ. შემოდი, საქმე მაქვს.
ანდრო მოუთმენლად მიიჭრა გოგოსთან და წელზე მოხვია ხელი. ნია გაუძალიანდა.
– გაგიჟდი? ხელი გამიშვი, არავინ შემოგვისწროს. არ გესმის? გამიშვი-მეთქი. ამისთვის დამიძახე?
– არა, მინდა, ჩვენი გეგმის შესახებ დაგელაპარაკო. მოკლედ, შენ მე მეხმარები, მე – შენ. მგონი, სარფიანი გარიგებაა.
– რა გარიგება, ანდრო, ნუ მაბნევ. შენთან კარგი იყო, შეიძლება, გავიმეოროთ კიდეც, მაგრამ ასე ნუ მელაპარაკები – რებუსებით, კარგი?
– გოგო, რატომ გაბნევ? უკვე დაგავიწყდა, რა მოვილაპარაკეთ? დავითის „დათრევაში” დაგეხმარები. ოღონდ მერე მისი საყვარელი და განუყრელი თანაშემწე უნდა გავხდე, რომელსაც მთელ თავის ცოდნას გაუზიარებს.
– რამხელა ამბიცია გაქვს, საყვარელო?
– არც ისეთი დიდი. ის მინდა, რასაც ვიმსახურებ, – ჩაიცინა ანდრომ. – მოკლედ, რას იტყვი, ვაეჭვიანოთ შენი ბებერი?
– ბებერი არ არის, – იწყინა ნიამ.
– ოჰო, არ მეგონა, თუ გეწყინებოდა. ხომ არ შეგიყვარდა?
– სისულელეების ლაპარაკს მორჩი და საქმეს მიხედე.
– კარგი, გეხუმრე.
– ჰო? მე კი მგონია, რომ იქ ყოფ ცხვირს, სადაც არაფერი გესაქმება.
– ბრაზი გიხდება, – ანდრომ არაფრად ჩააგდო გოგოს გაბრაზება.
– ნუ ცდილობ, ტვინი ამირიო.
– მე? სულაც არა, პირიქით. ვცდილობ, დაგეხმარო. სად არის ჩვენი ბატონი დავითი?
– იმ გოგოს პალატაში. ზედ ჰყვება. ასე არცერთ პაციენტზე არ უზრუნია. საათობით ზის იქ და როცა გამოდის, თვალები უბრწყინავს.
– გეჩვენება. როგორც მე შევიტყვე, ის გოგო ჩვეულებრივი პაციენტი არ არის.
– მართლა? – ირონიულად მოჭუტა თვალები ნიამ, – მაინც რით არის არაჩვეულებრივი. არც ისეთი ლამაზია, როგორც ზოგიერთ შტერ მამაკაცს ეჩვენება.
– ეგ რა შუაშია. გარეგნობა არ მიგულისხმია. მამამისი მინისტრის მოადგილეა, ან ყოფილი მოადგილე. მოკლედ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ მნიშვნელოვანი ვინმეა.
ნიამ ამოიოხრა და ბიჭს ენა გამოუყო.
***
ვახომ ბარიდან ბოთლი და ორი ჭიქა აიღო. დავითი ისევ საწერ მაგიდასთან იჯდა მოღუშული და შაფიქრიანებული.
– ეს გიშველის, – ვახომ კონიაკით ჭიქები სანახევროდ შეავსო და ერთი გაუწოდა.
– კლინიკაში როცა ვარ, არ ვსვამ, – თავი გააქნია დავითმა.
– მხოლოდ ორი ყლუპი, ცოტა დაგისხი, გონებას გაგიხსნის.
– გადაწყვეტილების მიღებაში მაინც ვერ დამეხმარება.
ვახომ გაიღიმა და კაცს მხარზე დაადო ხელი.
– წეღან გეხუმრე. არც ისე ცუდად არის საქმე. თუმცა, მეორე მაინც არ გამაცანი.
– ვცდილობ, მისგან შორს დავიჭირო თავი, მაგრამ განახვებ. ის ცისიას არ ჰგავს. თამამია, იცის, რა უნდა.
– ჰმ, და შენ ფიქრობ, უნდა, ხელში ჩაგიგდოს?
– ასე ნუ იტყვი. მეც მიმიძღვის წვლილი ამ ურთიერთობაში. პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი.
– მეტისმეტად სერიოზულად უდგები ამ ყველაფერს. პატარა გოგოა, ჯერ კიდევ გადატანილის სტრესშია. „გაუვლის”. იცი, რა ქენი? – წაიყვანე მშობლებთან ერთად ევროპაში. დატოვე გამაჯანსაღებელ კლინიკაში და დაბრუნდი. დაავიწყდები, დამიჯერე.
– ვითომ? – ეჭვნარევი სინანულით ჩაილაპარაკა დავითმა. ვახომ გაოცებით შეხედა.
– მომისმინე, შეგიძლია, არ მითხრა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ დაუმალავ სიმართლეს.
– რა სიმართლეს, რას გულისხმობ?
– რა გაკავშირებს ცისიასთან? მგონი, მის მიმართ გულგრილი არ უნდა იყო.
– არ ვიცი. როცა ვუყურებ და მიღიმის, ისეთი განცდა მაქვს, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. თითქოს სხვა განზომილებაში ვხვდები და მიხარია სიცოცხლე.
– ეგ სიყვარულია. მდა... – ზურამ თავი გადააქნია, – არც კი ვიცი, რა გითხრა.
– ჰო, ვხვდები, ძალიან სულელი ვარ და პირდაპირ ამის აღიარება ძნელია.
– არა, საქმე მაგაში არ არის. ვფიქრობ, ბედნიერების უფლება გაქვს. მთავარია, შეცდომა არ დაუშვა.
– შეცდომა? – დავითი დაიბნა.
ვახომ მდუმარედ დაუქნია თავი.
– ცისიას ვგულისხმობდი. დარწმუნდი, რომ იმასაც უყვარხარ.
– ნია? ნიას რა ვუყო?
– ხომ თქვი, ვცდილობ, მასთან ურთიერთობა მოვაგვაროო. ჰოდა, მოაგვარე, ოღონდ არ მოატყუო. ქალებს ყველაზე მეტად არ უყვართ, როცა ატყუებენ. მთავარია, მტრად არ გადაიკიდო.
– მესმის, – დავითმა კონიაკი მოსვა, – მაგრამ ეგ ადვილი არ იქნება. მით უმეტეს, თუ ცისიასთან ჩემი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს.
– დავით, ისე შემომხედე, აშკარად რაღაც გინდა, რომ მთხოვო.
– კარგი, გეტყვი, – ამოიოხრა დავითმა – საოპერაციოში ექთანი არ გჭირდება?
ვახომ ჩაიცინა.
– გული მიგრძნობდა, რომ ამას მთხოვდი. ეგ პრობლემისგან გაქცევა ხომ არ იქნება. თუკი მოუნდება იმ გოგოს, შეუძლია, შორიდანაც გავნოს.
– ეგ მართალია. თუმცა ჩემთვის და ცისიასთვისაც აჯობებს, თუკი ცხვირწინ არ გვეყოლება.
– დავით, ცისია, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს აქედან. მერე კი ყველაფერი დროზე და შენს მოხერხებაზეა დამოკიდებული.
– ანუ, უარს მეუბნები?
– უცნაური კაცი ხარ, შემახედე მაინც, ვის მაჩეჩებ. მეც რომ მოვეწონო, მერე სად მიდიხარ, მღუპავ? – გადაიხარხარა ზურამ.
– კარგი გოგოა, – წყრომით ჩაილაპარაკა დავითმა, – მთლად ასეც არ არის საქმე, ნიჭიერია.
– ვიხუმრე, ნუ გწყინს. ისე, მართლა მაინტერესებს, შევხედო.
– წამოდი, განყოფილებაში გავიდეთ და განახვებ.
ნია ფანჯარასთან იდგა, როცა მასთან ანდრო მივიდა და მხარზე ხელი დაადო.
– ნუ მიბრაზდები. შენი წყენინება არ მინდოდა. ისეთი ლამაზი და კარგი ხარ, მეეჭვება, რომელიმე კაცმა შენ გვერდით ყოფნა არ ინდომოს.
– ჰო? ეტყობა, ბატონი დავითი მაგ კაცების რიცხვში არ შედის.
– ვერ დავიჯერებ, – გაიცინა ანდრომ, – შეიძლება, ძალიან მაგარი ექიმია, მაგრამ ჩვეულებრივი კაცია.
– ხელი აიღე ჩემი მხრიდან, – მოულოდნელად თქვა ნიამ და წარბი შეიკრა.
– რა ხდება?
– ის ჩვეულებრივი კაცი კაბინეტიდან გამოვიდა და აქეთ მოდის.
– მით უმეტეს, დაგვინახოს... მეც სწორედ ეგ მინდა, – ანდრომ ორივე ხელი წელზე მოხვია გოგოს, თავი მხარზე დაადო და წასჩურჩულა, – წყნარად იდექი, ვიცი, რასაც ვაკეთებ.
დავითმა შორიდანვე შეამჩნია ფანჯარასთან მდგარი წყვილი და წაიბორძიკა.
– რა ხდება? – ჰკითხა ვახომ.
– ის არის ნია, ფანჯარასთან.
– ვიღაც სიმპათიურ ბიჭს რომ ეხუტება?
– ბიჭი ჩემი რეზიდენტია. არ ვიცოდი, ასე ახლოს თუ იცნობდნენ ერთმანეთს.
– როგორც ჩანს, მის შესახებ ბევრი რამ არ იცი. პრინციპში, ეს შენთვის კარგია. გაცილებით მარტივად მოაგვარებ პრობლემას, რომელიც გაწუხებს.
– ნია პრობლემა არ არის, – მოულოდნელად გაღიზიანდა დავითი.
– არ მითხრა, რომ ეჭვიანობ.
– ეგ რა შუაშია, მაგრამ... – დავითმა ნაბიჯს აუჩქარა და ვახოც იძულებული გახდა, უკან გაჰყოლოდა.
– ბატონო დავით, გეძებდით, – ანდრო ნიას მოსცილდა და კაცს გაუღიმა, – მითხრეს, დღევანდელი ოპერაცია გადაიდოო.
– ჰო, ხვალ გავაკეთებთ. პაციენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კონსულტანტად გამოცდილი სპეციალისტი, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანი მოვიწვიე. ბატონი ვახტანგი, ერთ-ერთი საუკეთესოა. ნია, გუშინდელი ნაოპერაციევი პაციენტი როგორ არის?
– სტაბილურად, – მოკლედ და მშრალად მიუგო გოგომ. შებრუნდა და ისე, რომ ვახოს არც მისალმებია, იქაურობას მოსცილდა.
– ბატონო დავით, თუ არ გჭირდებით, მეც წავალ, – თქვა ანდრომ და ნიას გახედა.
დავითთმა თავი დაუქნია, მიანიშნა, შეგიძლია, წახვიდეო.
– ნახე, როგორ გამოეკიდა უკან? – ჩაიცინა ვახომ, როცა ორივე თვალს მიეფარა. – აშკარაა, მათ შორის რაღაც ხდება.
– შეუძლებელია. ნია „ისეთი” არ არის.
– შეიძლება „ისეთი” არ არის, მაგრამ, თუ მაგ გოგოსთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებ, უნდა დამშვიდდე. წავიდეთ, ცისიას ვუთხრათ შენი გადაწყვეტილების შესახებ.
– ვახო, ძალიან ვნერვიულობ.
– კაცო, ხომ არ გეუბნები ახლავე სიყვარული აუხსენი-მეთქი. იმ გეგმას მიყევი, რომელიც მოგეცი და გახსოვდეს, შენ გაქვს ბედნიერების უფლება.
***
ქალი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მაგიდაზე ხელუხლებელი, უკვე გაცივებული ყავა იდგა.
– დალი, ძალიან ბევრს ეწევი – შეწუხებული ხმით უთხრა კაცმა და ხელზე ნაზად მოეფერა. ქალმა ავად შეუბღვირა ქმარს.
– იმდენს ვეწევი, რამდენსაც ყოველთვის ვეწეოდი – მიუგო უკმეხად.
– დალი, დამშვიდდი. სულ ტყუილად ნერვიულობ.
– მაგიჟებ, ირაკლი. როგორ შეგიძლია ასეთი უშფოთველი ტონით ილაპარაკო, როცა შენი შვილის ბედი წყდება.
– აჭარბებ, გეუბნები. გეჩვენება. ეს ყველაფერი შენი მდიდარი წარმოსახვის ნაყოფია.
– ირაკლი, როგორი გულუბრყვილო ხარ, ისევე, როგორც ყველა მამაკაცი. მე არ მითქვამს, რომ დავითიც ფიქრობს რამეს, მაგრამ ცისიას რაც შეეხება, აშკარაა, რომ მაგ კაცის მიმართ გულგრილი არ არის.
ირაკლიმ ხმამაღლა გაიცინა და სცადა, ცოლს მიფერებოდა, მაგრამ ქალმა შორს დაიჭირა მისი ალერსი და კიდევ უფრო გაბრაზდა.
– გეუბნები, ცისიას დავითის მიმართ გრძნობა აქვს – შვილს შენზე კარგად ვიცნობ.
– სისულელეა, დალი, დამიჯერე. შეიძლება ცისიას შენსავით კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ექიმი ვიყავი და ამ ტიპის პაციენტების ფსიქოლოგია არ მეშლება. სიკვდილს გამოგლეჯილი ყველა პაციენტი ეჯაჭვება თავის გადამრჩენს. ცისიასაც ეს სჭირს.
– მართლა? იქნებ მითხრა, რომ ყველა გადარჩენილი პაციენტი რჩება კლინიკაში და ჯიუტად ამბობს უარს იქიდან წასვლაზე. გამოფხიზლდი ირაკლი. მერე გვიან იქნება, იცოდე.
– კარგი. მითხარი, რა გავაკეთო, – ამოიოხრა კაცმა.
– დაელაპარაკე დავითს.
– რას ამბობ?! – შეძრწუნდა კაცი – და რა ვუთხრა, მგონი ჩემს შვილს შეუყვარდი-მეთქი? გადაირევა კაცი. შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ.
– ირაკლი, მე დედა ვარ, გული მიგრძნობს.
– არა, ვერ ვეტყვი. გამორიცხულია. დაივიწყე ეგ სისულელე.
ირაკლიმ კოლოფიდან სიგარეტი გამოაძრო, მოუკიდა და ცოლს წყრომით მიუგო:
– მეც დამაწყებინე მოწევა.
– მე ახლა მარტო ჩემი შვილის ბედი მადარდებს. თუ არ ვცდები, თუ ჩემი ეჭვები გამართლდა, ცისიასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. ყველაფერს გააკეთებს და მიზანს მიაღწევს.
– დალი, თუ ღმერთი გწამს, რაზე ლაპარაკობ. რატომ დააინტერესებდა ცისიას მამის ტოლი კაცი. მორჩება ეს ამბავი და დაუბრუნდება თავის ცხოვრებას. დავითი აღარც კი გაახსენდება.
– ნეტავი ასე იყოს.
– ზუსტად ასე იქნება. – გაუღიმა ცოლს ირაკლიმ, – აი, რას ნიშნავს, ერთ შვილზე მეტი რომ არ გააჩინე. ყველაფერი საშინელებად გეჩვენება და ნერვიულობ.
– ეგ რა შუაშია. ცისიას გარდა კიდევ ორი ან შვილების მთელი არმია რომ მყავდეს, აღარ ვინერვიულებდი? ღმერთო, სწორედ ამიტომ ვერ ვმშვიდდები.
– ძალიან გთხოვ, დალი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე.
– აღარ ვილაპარაკებ, როცა შენი შვილი იქედან წამოსვლასა და ევროპაში გამგზავრებაზე დაგვთანხმდება, – ამოიოხრა ქალმა და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.
ყველა გადაწყვეტილება არ ნიშნავს გამოსავალს. ზოგჯერ სწორედ გადაწყვეტილებას შეჰყავხართ ჩიხში, კარგად ნაფიქრსა და აწონილ-დაწონილს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი ან ჩვენ არ ვიყავით მზად ამისთვის. პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ არჩევანი, უბრალოდ, არ გვაქვს.
დავითმა ბილეთები ჩაბღუჯა და ღიმილით მიაშურა ბორბლებიან სავარძელში მჯდარ ცისიას, რომელსაც სახე გაუნათდა მის დანახვაზე და კეკლუცად გაუწოდა ორივე ხელი. დავითმა სავარძელი გასასვლელისკენ გააგორა...
დალიმ ქმარს სახელოზე მოქაჩა... წარბშეკრული იყო და მოღუშული.
– არ გინდა, თავიდან არ დაიწყო, – გააფრთხილა კაცმა.
– რა ვქნა, მშვიდად ვუყურო, შვილი როგორ მეღუპება.
– ისევ აჭარბებ. დავითმა ისეთი პატივი გვცა. კლინიკაშიც მოგვყვება, ყველა საქმე გადადო... უმადური ნუ იქნები.
– მადლობელი ვარ, მადლობელი. ოღონდ თავი დაგვანებოს, ოღონდ ცისიას მოშორდეს და ხმას საერთოდ არ ამოვიღებ. გული მისკდება, როცა ვხედავ, როგორ შესციცინებენ ერთმანეთს.
– დალი, გეყოფა! ფრენის წინ ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება. ჩავალთ, ცისიას დავაბინავებთ, მადლობას გადავუხდით ბატონ დავითს, წამოვა ეს კაცი უკან და შენც მოისვენებ.
– ნეტავი ასე იყოს. მაგრამ არ მჯერა მე მაგის.
– მე მჯერა და თუ ღმერთი გწამს, მომასვენე, – გაღიზიანდა ირაკლი, – მეც ადამიანი ვარ და მეტი აღარ შემიძლია. შევიშალე კაცი.
– რატომ ხარ ასეთი მიამიტი და უყურადღებო. პალატაში რომ შემოვიდა და გამოგვიცხადა, ცენტრიც შევარჩიე და გამოგყვებით კიდეცო, შენი შვილის სახე არ დაგინახავს – მზესავით გაანათა. ლამის გული გამისკდა.
– აჭარბებ. ძალიან მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის ნიჭი გაქვს. შეეცადე, საკუთარი თავი ხელში აიყვანო. ისე არ ქნა, დავითმა რამე შეგამჩნიოს. სირცხვილია.
დალიმ წარბი შეიკრა.
– ჰო?! სირცხვილი ის არის, ამხელა კაცი თითის ტოლა გოგოს ვნებიანი თვალებით რომ უყურებს.
– ვაიმე, მეტი აღარ შეიძლება! რა გჭირს?! ერთ საათში გავფრინდებით. უკვე შფოთვას ვიწყებ. იცოდე, როცა მიხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია, ძალიან შეგრცხვება...
– არა უშავს, შემრცხვეს, – ამოიოხრა ქალმა, – აი, შენი გულუბრყვილობა კი მაოცებს.
ირაკლიმ პასპორტებიანი ხელი მხარზე მოხვია ცოლს და მიიხუტა.
– გიჟი მყავხარ, გიჟი... მაგრამ საყვედურს კი არ გეუბნები, სწორედ ასეთი მიყვარხარ.
***
საღამო ხმაურიანი, მაგრამ მხიარული გამოვიდა. გუკამ ძალიან მოინდომა. სხვადასხვანაირი კოქტეილი მოამზადა. ბინა მორთო, ჩანაწერები – წყნარი მელოდიები მოძებნა და „კანაპეებიც“ კი მოიტანა სუფრაზე დასალაგებლად... სახლში დაბრუნებულმა ანდრომ გაოცებისგან დაუსტვინა.
– ყოჩაღ, შენგან ამას არ ველოდი.
გუკამ მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი, აბა, ვიფიქრე, შენს გულს მოვიგებდი. რადგან დაგპირდი, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. მინდა, პირველივე პაემანზე ისე მოვხიბლო შენი მთავარი ექთანი, რომ გულგანგმირული ძირს დაეცეს. მუხლებში ჩამივარდეს და მითხრას, რომ ყოველთვის ჩემნაირ მამაკაცზე ოცნებობდა...
– გუკა, ნუ ხუმრობ, – მოიღუშა ანდრო, – ცირკად ნუ გადააქცევ ყველაფერს.
– მე ვაქცევ ცირკად? – საიდან მოიტანე? მხოლოდ შენს დავალებას ვასრულებ. ისეთი კოქტეილები მოვამზადე... აი, ეს წითელი – თითქოს მაგარი არ არის, მაგრამ ცოტაც საკმარისია, ჭკუა რომ აგირიოს და გადაგრიოს.
ანდრომ ეჭვით შეხედა უცნაურად აცერცეტებულ მეგობარს.
– შენ რამე მოწიე? რა დღეში ხარ?
გუკამ გაიცინა.
– ვაიმე?! – ვეღარ გავიგე, რა გინდა. წავიდე?
ანდრო მოლბა.
– ჰო, კარგი. მალე გოგოებიც მოვლენ. მარტო ოთხნი ვიქნებით?
– რა ვიცი. შენ ვინ დაპატიჟე. მე არავისთვის მითქვამს. პრინციპში, იმისთვის, რისთვისაც ეს საღამო მოვაწყვეთ, ბევრი ხალხი არც გვჭირდება.
– არ მინდა, თიკო დაეჭვდეს.
– ყველაფერი იდეალურად იქნება, მენდე, – ჩაიცინა გუკამ.
***
... თიკო თავს უხერხულად და შებოჭილად გრძნობდა. გაურკვეველი ემოცია ჰქონდა ანდროს მეგობრის მიმართაც. უდავო იყო, რომ მოსწონდა, მაგრამ მისი თამამი მანერები აფრთხობდა. ცეკვისას ბიჭი მაგრად ეკვროდა და კისერზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა. თიკოთვის ეს ძალიან უჩვეულო იყო. თვალს ნიასკენ „აპარებდა“, რომელიც ანდროსთან ერთად კოქტეილს სვამდა და ხმამაღლა კისკისებდა. მერე ისიც დაინახა, როგორ ჩაუყო პერანგის საყელოში ხელი ანდრომ ნიას, მეორე ხელით კი ღილები შეუხსნა. უნებლიეთ ამოიოხრა. გუკამ გაიცინა. თიკოს ყურთან მიუტანა ტუჩები და წასჩურჩულა.
– გინდა, ჩვენც ცოტა გავთამამდეთ? მაშინ კიდევ უნდა დავლიოთ. ჩემი საფირმო კოქტეილები უნდა გასინჯო. წითელს გირჩევ. გარწმუნებ, ასეთი არაფერი დაგილევია.
– ალკოჰოლი არ მიყვარს, – იუარა თიკომ.
– ეს, უბრალოდ ალკოჰოლი არ არის. ჩემი ხელით მოვამზადე. ყველას არ ვანებივრებ ჩემი ხელით მომზადებული კოქტეილებით.
– რომ დავთვრე? არ მინდა, სულელი და ქარაფშუტა გეგონო.
– ო, ეს უკვე ქალური კეკლუცობაა, – გუკამ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეუსწორა და ხელის ზურგი ლოყაზე მოუსვა. ქალს ესიამოვნა მისი ხელისგან წამოსული სითბო და გაინაბა. თიკოსთვის უჩვეულო იყო მამაკაცთან ასეთი სიახლოვე. შებოჭილობა ეტყობოდა. ბიჭისგან ცოტა დისტანციაზე ყოფნაც კი სცადა.
– რატომ გამირბიხარ? – წასჩურჩულა გუკამ, – არავის უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს?
თიკოს გაეღიმა.
– როცა ქალს ეუბნებიან, ლამაზი თვალები გაქვსო, იმას ნიშნავს, მეტი არაფერი აქვს ისეთი, კაცმა რომ შეუქოს.
გუკამ თავი გვერდზე გადასწია და ქალს ყურადღებით შეხედა.
– ჭკვიანი ხარ. იშვიათია დღეს ჭკვიანი და ადეკვატური ქალი. მე და შენ ერთმანეთს გავუგებთ.
– მართლა? – თიკოს არ დაუმალავს, რომ გაახარა ბიჭის ნათქვამმა.
– რა თქმა უნდა, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობაა შესასრულებელი – კოქტეილი უნდა დალიო.
***
სადარბაზოს კარი ხმაურით დაიკეტა. ქალმა ქუსლების კაკუნით ამოირბინა კიბე, მანქანის გასაღები ჰოლში, პატარა მაგიდაზე დააგდო და ოთახში შეიჭრა. ძიძა გოგონებს ასაუზმებდა. მირიანი დივანზე იჯდა, ყავას სვამდა და ტაბლეტურ კომპიუტერში რაღაცას კითხულობდა. ხმაურზე თავი ასწია და ცოლს გაუღიმა.
– სავარჯიშოდ იყავი? მაპატიე, საყვარელო. ძალიან დამეზარა ადგომა. ხვალ აუცილებლად შემოგიერთდები.
– მეც არ მივარჯიშია. უფრო ყურადღებიანი რომ იყო ჩემ მიმართ, მიხვდებოდი, რომ საშინლად ვარ გაბრაზებული. მაგრამ ერთადერთი, რაც გაინტერესებს, ეგ „ტაბლეტია“, – გაღიზიანებული ხმით წამოიყვირა ანამ და ძიძას ანიშნა, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეო. მერე ადროვა, სანამ ქალი ბავშვებს ვრცელ ვერანდაზე გაიყვანდა და ქმარს მიუბრუნდა.
– საშინელ გუნებაზე ვარ...
მირიანმა ამოიოხრა. ტაბლეტი გვერდზე გადადო, წამოდგა და ცოლთან მივიდა. ანამ ბრაზით შეხედა.
– ახლა მეტყვი, რომ ტყუილად ვნერვიულობ და შენც განერვიულებ.
– ჰო, ასეა. ვერ ვხვდები, როგორ ახერხებ ყველაფერში სანერვიულო იპოვო.
– შენ ფიქრობ, რომ სანერვიულოს თვითონ ვეძებ? – აღშფოთდა ანა.
მირიანმა ნაძალადევად გაუღიმა.
– დაახლოებით. ოღონდ არ გაბრაზდე. მოდი, ყავა დავლიოთ და მომიყევი, ამ დილაუთენია რამ აღგაშფოთა.
– ყავას მომიდუღებ?
– რა თქმა უნდა, საყვარელო, რა თქმა უნდა... ოღონდ გუნება გამოგიკეთდეს და თუ გინდა, შენი საყვარელი კრუასანების საყიდლადაც ჩავალ.
ანა ძალიან გამწარებული ჩანდა, მაგრამ ქმრის გულწრფელ შეთავაზებაზე მაინც გაეღიმა.
– ასე ჯობია. მოდი, პოზიტიურად შევხედოთ შენს პრობლემებს, თუ არ გეჩვენება და ეს მართლაც პრობლემაა.
– ჰო, რა თქმა უნდა, შენ იტყვი, რომ პრობლემებსაც ძალით ვიქმნი.
– არა, საყვარელო. ყურადღებით მოგისმენ. მართლა... – მირიანი ყავის მოსადუღებელ აპარატთან მივიდა და ორი კოვზი ყავა ჩაყარა, – შენ უშაქრო გიყვარს. ნახე, როგორ მახსოვს?!
– ის თუ გახსოვს, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა?! – გამომცდელი ტონით ჰკითხა ქალმა.
კაცმა ჯერ გაოცებული გამომეტყველება მიიღო, მერე კი ხმამაღლა გაიცინა. ანასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.
– აბა, შენი დაბადების დღე როგორ დამავიწყდებოდა?! საღამოს ვაპირებდი შენთვის სიურპრიზის მოწყობას, მაგრამ ვხვდები, რომ ამის დრო ახლა არის.
ანამ მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო კაცს.
– საჩუქარი მიყიდე?
– როგორი მოუთმენელი ხარ, ანუშკა... საღამოსთვის რესტორანი დავჯავშნე, ვახშამი შევუკვეთე და მინდოდა, იქ გადმომეცა.
– ახლა გადმომეცი, რა, – ბავშვივით აცმუკდა ანა. წამოხტა და ქმარს კისერზე ჩამოეკიდა, – ყველაზე მაგარი ქმარი ხარ შენ, უმაგრესი!
– როგორ უცებ გამოგიკეთდა გუნება?! საკმარისი იყო, საჩუქარი მეხსენებინა, რომ მზესავით გამოანათე.
– შენც ხშირად მომიტანე ხოლმე საჩუქრები, ოღონდ, ისეთი მე რომ მომეწონება.
– ახლა ნუ დამაფიქრე... – მირიანი ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში შეფუთული კოლოფით დაბრუნდა. ანამ მაშინვე ხელი სტაცა საჩუქარს და მბზინავი ქაღალდი შემოაცალა. ხავერდის კოლოფში ძვირფასი ყელსაბამი იდო. ქალმა შეჰკივლა:
– ეს ნამდვილია? მირიან, ეს ის არის, რასაც ვფიქრობ?
– ჰა, ჰა, ანუშკა! მე არ ვიცი, რას ფიქრობ...
– ნუ ხარ საზიზღარი. ეს ყელსაბამი ორი თვის წინ, იმ მაღაზიაში ვნახე. ექსკლუზიურია და ალბათ, ძალიან, ძალიან ძვირი ღირს...
– შენ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის, – მირიანმა ყელსაბამი კოლოფიდან ამოიღო და ცოლს ყელზე გაუკეთა. – ძალიან გიხდება... ფულს ახალი მანქანისთვის ვინახავდი, მაგრამ, მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანია.
– მირიან, – ანა საბოლოოდ მოლბა, – გმადლობ, ასე რომ იზრუნე ჩემთვის... მაგრამ, იცი, რა ვიფიქრე?
მირიანმა ცოლს საყვედურით შეხედა.
– ანუ, კმაყოფილი არ ხარ?
– კმაყოფილი როგორ არ ვარ, მაგრამ ახალი მანქანაც რომ გინდოდა? თანაც, სად გავიკეთო, მეტისმეტად ძვირფასია.
– სამეფო კარზე, მიღებაზე რომ დაგვპატიჟებენ, იქ შეძლებ, თავი მოიწონო ამ სამკაულით. დღესაც გაიკეთე. მართლა ძალიან ძვირფას რესტორანში მიმყავხარ. მაგიდა ხუთი თვით ადრე დავჯავშნე. დიახ. შენ კი მსაყვედურობ, რომ ჩემი „ტაბლეტის“ გარდა, არაფერი მაინტერესებს.
– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები! – ხელების ქნევით წამოიყვირა ანამ. ძალიან გამაბედნიერე. ახლა უნდა ვიფიქრო, რომელი კაბა ჩავიცვა. ამ ყელსაბამს შავი კაბა მოუხდება, სადა... ასეთი მხოლ?დ ერთი მაქვს და უკვე მომბეზრდა.
– საღამომდე დრო გაქვს. კაბის ყიდვასაც მოასწრებ.
– ქმარი კი არა, ოქრო ხარ, – თვალები აუციმციმდა ანას.
– ჰო, მართლა, მამაშენს არ დაურეკავს. მაგიდა სამი კაცისთვის შევუკვეთე. ყოველ წელს ჩამოდის შენს დაბადების დღეზე. ალბათ, არც წელს იქნება გამონაკლისი.
– ასე შენ ფიქრობ, – ანა მოიღუშა, – მამაჩემს მე აღარ ვაინტერესებ... აი, მივადექით ჩემი დილანდელი უგუნებობის მიზეზს. მამაჩემს არც დაურეკავს და არც ჩამოსვლას აპირებს.
– მართლა? შენ ვინ გითხრა. იქნებ, სიურპრიზს გიმზადებს.
– დავითისგან მარტო უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდეს კაცი. ვახოს ველაპარაკე.
– ბიძაშენს?
– ჰო. შემეშინდა და დავურეკე. რადგან ჩემი ძვირფასი მამიკო მობილურს არ პასუხობდა.
– მერე, რა გითხრა ბიძაშენმა.
– ავსტრიაში ყოფილა მამიკო. პაციენტს გაჰყვა რეაბილიტაციის კურსის გასავლელად.
ბრაიანს გაეღიმა.
– მერე, რა არის მაგაში არაბუნებრივი. მამაშენს ხომ იცნობ, ეტყობა, მისი წაყოლა აუცილებელი იყო.
– აუცილებელი იყო, – გამოაჯავრა ანამ, – ვიცი, მე რა აუცილებლობაც იყო. ვახო ისე მელაპარაკა, აშკარად რაღაც ხდება. რომელი ქირურგი მიჰყვება პაციენტს რეაბილიტაციის ცენტრში და ისიც უცხოეთში. თან, მობილურსაც რომ არ პასუხობს?!
– წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებ და მით უმეტეს, ნუ ჩავიშხამებთ ამ შესანიშნავ დღეს. მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ დავითზე. დარწმუნებული ვარ, დაგირეკავს.
ანამ მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა. მერე გაახსენდა, ყელზე უძვირფასესი ყელსაბამი რომ ეკეთა, თითებით მოეფერა და ქმარს მადლიერებით გაუღიმა.
***
დავითს არავინ და აღარაფერი აინტერესებდა ცისიას გარდა. მთელ დღეს მის გვერდით ატარებდა და ცისიას გამოჯანმრთელებისკენ გადადგმულ უმნიშვნელო ნაბიჯზეც კი ბავშვივით ხარობდა. დალი ჩასაფრებულივით აკვირდებოდა დავითის ემოციებს და სულ უფრო რწმუნდებოდა თავის ეჭვებში.
– ირაკლი, შენ მითხარი, რომ როგორც კი კლინიკაში დავბინავდებოდით და ცისია პროცედურებს დაიწყებდა, ეს კაცი თავს დაგვანებებდა.
– დალი, როგორ ვუთხრა ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს ზედ ჰყვება, წადი-მეთქი.
– არ მინდა მაგისი გადაყოლა, არ მინდა! – გაანჩხლდა ქალი, – იცოდე, რამე მოიფიქრე, თორემ მე ვეტყვი.
– რას ეტყვი, დალი, უნდა შემარცხვინო?
– შენი შვილი რომ მაგ კაცს კისერზე ჩამოეკიდება, სირცხვილი მერე ნახე.
– დამღალა შენმა პრეტენზიებმა. ცისია მაგას არ იზამს. დარწმუნებული ვარ.
– ცისიას უკვე უყვარს ეგ კაცი ან ეჩვენება, რომ უყვარს. ბრმა ხომ არ ხარ, ვერ ხედავ, როგორ შესციცინებენ ერთმანეთს? მაგ დავითს აღარც თავისი კლინიკა ახსოვს და აღარც დანარჩენი პაციენტები. ერთი კვირა გავიდა და ვერ ვატყობ, სადმე ეჩქარებოდეს. ირაკლი, კიდევ ორ დღეს გაძლევ, მერე კი, ვიცი, რასაც ვიზამ...
ირაკლიმ ამოიოხრა.
– კარგი, დაველაპარაკები ცისიას. ოღონდ პირობა მომეცი, რომ დავითს არაფერს ეტყვი.
თიკომ გაჭირვებით წამოსწია დამძიმებული თავი ბალიშიდან და თვალები გაახილა. იქაურობა ეუცნაურა. მეხსიერებას ძალა დაატანა, შეეცადა, წინა ღამის დეტალები აღედგინა, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულად ახსოვდა. წითელი კოქტეილი, ცეკვა გუკასთან, მერე ისეც კოქტეილი, ისევ ცეკვა...
– გაიღვიძე? კარგად ხარ? – ჩაესმა სულ ახლოდან და ყურთან ვიღაცის ცხელი სუნთქვა იგრძნო. მოულოდნელობისგან შეკრთა. შებრუნდა და მოღიმარი გუკა დაინახა. მაშინღა გააცნობიერა, სად იყო და როცა იმასაც მიხვდა, რომ გუკას საწოლში იწვა, შეძრწუნებულს თვალები გაუფართოვდა.
– ღამე აქ ვიყავი? შენთან?
– ჰო და ახლაც აქ ხარ, – ისევ გაიცინა ბიჭმა, – მაგრამ შეგიძლია, დამშვიდდე. მხოლოდ გვეძინა.
– რა? – თიკომ შიშით ასწია ახალი საბანი და ტანზე დაიხედა...
– მხოლოდ შარვალი გაგხადე, – მეგობრული, მზრუნველი ტონით თქვა გუკამ, – შემეცოდე, ნორმალურად ვერ დაიძინებდი. სულ არაფერი გახსოვს?
– არა. ღმერთო, ამდენი როგორ დავლიე. ძალიან მრცხვენია, – თიკომ სახეზე აიფარა ხელები.
– რას ამბობ, ისეთი საყვარელი იყავი, მღეროდი. მერე კი დაგეძინა.
– ვმღეროდი? მერე დამეძინა? ვაიმე, საერთოდ ვერაფერს ვიხსენებ. ნია და ანდრო სად არიან?
– არ ვიცი. როცა ჩაგეძინა, ხელში აგიყვანე, ამ ოთახში გამოგიყვანე და საწოლში ჩაგაწვინე.
– რა საშინელებაა! – ამოიოხრა თიკომ.
– კარგი რა, ძალიანაც ნუ ინერვიულებ, ვის არ მოსვლია.
– მე... მე არ მომსვლია... ცხოვრებაში პირველად დავლიე ამდენი და ძალიანაც ვნანობ.
გუკამ წყენით გადააქნია თავი.
– რატომ? თავს ცუდად გრძნობ ჩემ გვერდით? არ მოგწონვარ?
– არა, მომწონხარ, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მართლა, მაგრამ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე შენს საწოლში აღმოვჩნდი.
– ჯერ ერთი, ჩემს საწოლში იმიტომ აღმოჩნდი, რომ მთვრალი იყავი. მეორეც – ერთმანეთს რომ კარგად არ ვიცნობთ, მაგის გამოსწორება შეიძლება. მით უმეტეს, მთავარი ბარიერი უკვე გადალახული გვაქვს.
– რა ბარიერი?
– ზუსტად ვიცი, როგორი სიმთვრალე გაქვს. ახლა კი იმასაც გავიგებ, „პახმელიაზე” რას აკეთებ.
თიკოს გაეცინა და მერე მოიღუშა.
– უჰ, თავი მასკდება. „პახმელიაზეც“, მგონი, პირველად ვარ, საერთოდ.
– ყავა მოგიხდება. მაგარი ყავა. მოგიდუღებ. თან ვნახავ, ანდრო და ნია სად არიან. მანამდე ცოტა კიდევ წაუძინე.
– არა, ავდგები. ჩემი შარვალი სად არის?
– საწოლთან, სკამზე დავდე. შევეცადე, ძალიან არ დაჭმუჭნულიყო.
თიკო საწოლში წამოჯდა, ხელები მუხლებზე შემოიხვია და ნიკაპით მუხლისთავებს დაეყრდნო. გუკამ თვალი ჩაუკრა და მხიარულად ჰკითხა:
– რა იყო?
– არაფერი. ძალიან მზრუნველი ხარ.
– მერე?
– რა ვიცი, ცოტათი შევწუხდი.
– ისე ვიქცევი, როგორც მასპინძელი უნდა იქცეოდეს. შენ კი, ნუ ნერვიულობ, ერთ საწოლში გვეძინა, უბრალოდ, გვეძინა. ნახევრად ჩაცმულებს და ცალ-ცალკე საბანში. ამაზე წესიერად არასდროს მოვქცეულვარ. შენ გვერდით სანიმუშო ვხდები.
– ჩემ გვერდით? – ფიქრიანად ჩაილაპარაკა თიკომ. გუკა რომ ოთახიდან გავიდა, სკამიდან შარვალი აიღო, სწრაფად ჩაიცვა და იქაურობა მოათვალიერა. საინტერესო ბევრი არაფერი იყო – დიდი საწოლი, კომოდი და ჭრელფარდაგგადაფარებული ტახტი, მუთაქებით. კედლებზე რამდენიმე ნახატი, საწოლთან სკამი და სკამის ქვეშ მიყრილი, გახუნებული კედები. თიკომ ვერაფრით გაიხსენა, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო მისი ჩანთა. თმა ხელით შეისწორა და ოთახიდან გავიდა. მისაღები, წინა ღამის წვეულების შემდეგ, ჯერაც არავის დაელაგებინა. მაგიდაზე ჭიქები ელაგა. ზოგიერთი გადაყირავებულიც კი იყო. კანაპეს ნარჩენებიც ისევ სუფრაზე ეყარა. განსაკუთრებით უსიამოვნოდ სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლეები გამოიყურებოდა. თიკო უსიამოვნოდ შეიჭმუხნა.
– ნია, სად ხარ? – დაიძახა ხმადაბლა. არავინ გამოპასუხებია.
– არავინაა, არც ანდროა და არც ნია. ყავა ორ წუთში იქნება. დაჯექი და მოგიტან. რამდენიმე ორცხობილა ვიპოვნე.
– არ მშია. მარტო ყავას დავლევ. ჩემი ჩანთა არ გინახავს? მობილური მჭირდება, ნიას უნდა დავურეკო, – თიკომ ოთახში მიმოიხედა. ის აღარ უთქვამს, რაც გაიფიქრა, – როგორ დამტოვა აქ, უცხო კაცთან და წავიდაო.
– ჩანთა? მგონი, შემოსასვლელში უნდა იყოს. ყავას დავასხამ და მოგიტან.
– იყოს, მე მოვიტან. მაინც სად უნდა წასულიყვნენ? – თიკო შემოსასვლელში გავიდა და ჩანთით დაბრუნდა. მობილური ამოიღო, დახედა და ამოიოხრა – დამჯდარა, დამტენი კი თან არ მაქვს. რა ვქნა?
გუკამ ყავით სავსე ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და თიკოსთან მივიდა.
– მანახე, რა ტელეფონია? – არ მაქვს მაგის დამტენი. არა უშავს. იმედია, დილაუთენია არავის დასჭირდები.
– ჰო, მართალია. რომელი საათია? – ახლაღა მოაგონდა თიკოს დრო.
– ათი შესრულდა ათი წუთის წინ. ყავა დალიე.
– ჰო, დავლევ და წავალ, შეგიძლია, ტაქსი გამომიძახო?
– გამოგიძახებ, მაგრამ რა გეჩქარება? კლინიკაში მაინც ვერ წახვალ. ანდროსგან ვიცი, რომ თქვენი შეფი წასულია. ისარგებლე ამით და დაისვენე. რატომაც არა?! ტელეფონზეც ვერავინ დაგირეკავს.
– არა, უნდა წავიდე.
– რატომ? იყავი. ერთმანეთის უკეთ გაცნობა ხომ გვინდოდა. გამოვიყენოთ შანსი. თუ ფიქრობ, რომ აქაურობას დაგალაგებინებ და ამის გეშინია, სულ ტყუილად. მეც კარგად მოვახერხებ ამას. ნახევარი საათიც არ დამჭირდება, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მივუჩინო.
თიკომ ყავა მოსვა და ბიჭს გაუღიმა.
– კარგი ყავაა. გმადლობ, მაგრამ უნდა წავიდე.
გუკამ ტელეფონი აიღო.
– ჰო, მართლა, სად ცხოვრობ? ტაქსის ვიძახებ.
თიკომ მისამართი უთხრა.
– აქვე ყოფილა. ტაქსი რად გინდა, წამოდი, მე გაგაცილებ და ცოტას გავისეინებთ. დილაა, „პახმელიაზე” ფეხით გავლა მოგიხდება.
***
ტელეფონმა რომ დარეკა, სააბაზანოდან გამოსული, თავზე პირსახოცშემოხვეული თიკო სავარძელში იჯდა და მომხდარზე ფიქრობდა. მობილური უხალისოდ აიღო.
– ნია? კარგია, რომ საერთოდ გაგახსენდი. კი არ გსაყვედურობ, გაბრაზებული ვარ, თანაც საშინლად. წახვედი, მარტო დამტოვე და ისე მირეკავ, თითქოს არაფერი მომხდარა. ასე რატომ მოიქეცი? აჰა, შენც დათვერი? მერე რატომ არ დარჩი... ანდრო სადღა იყო... რას ნიშნავს დილამდე ქუჩებში დახეტიალობდით, როგორ მთელი ღამე? თიკომ ამოიოხრა, – ღმერთო, ამდენი რატომ, ან როგორ დავლიეთ. კიდევ კარგი, რომ ბატონი დავითი აქ არ არის და არც ოპერაციებია იმდენი. თუმცა, შეიძლება, სოსო მირეკავდა კიდეც, მე ხომ მობილური გათიშული მქონდა. ვინ, გუკა? – რა ვიცი, აბა?! ჩვეულებრივი ბიჭია. თუმცა, არაჩვეულებრივ ყავას ადუღებს. დილით მომიდუღა. ვაიმე, ნია, აბა, რაზე გელაპარაკები ამდენ ხანს. იქ ვიყავი, მის საწოლში მეძინა. არა, არა, არაფერი მომხდარა, რა სისულელეა. მე ასე არ შემიძლია, პირველივე შემხვედრთან. ჰო, კარგი, პირველი შემხვედრი არ არის, მაგრამ მაინც არ შემიძლია. ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. დღეს, ალბათ, სახლში ვიქნები. ჰო, ხვალ გნახავ.
თიკომ მობილური დადო, პირსახოცი მოიხსნა და ნოტიო თმა ხელით აიჩეჩა. ტელეფონმა ისევ დარეკა. უკმაყოფილოდ შეჭმუხნილმა თიკომ მობილური საკმაოდ გვიან აიღო. იმედი ჰქონდა, რომ ნიას მობეზრდებოდა რეკვა და მობილურიც წკრიალს შეწყვეტდა. ძალიან გაუკვირდა, როცა ნახა, რომ უცნობი ნომრიდან ურეკავდნენ.
– გისმენთ? დიახ, თიკო ვარ. იცით, დღეს კლინიკაში არ ვარ, ვისვენებ და... ვინ? გუკა? – თიკომ უნებლიეთ თმა შეისწორა. – ჰო, რა თქმა უნდა, სახლში ვარ, თავი აღარ მტკივა. კინოში? რატომაც არა, მაგრამ იმდენი ხანია, კინოში არ ვყოფილვარ... სიამოვნებით. კარგი, შვიდი საათისთვის მზად ვიქნები. – თიკოს სახე სიხარულით გაებადრა. წამოხტა და ტანსაცმლის კარადასთან მიირბინა.
***
ცისია მუდარით მიაჩერდა მამას. ირაკლიმ დიდხანს უყურა შვილს. ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა.
– წარმოდგენა არ მაქვს, ეს ამბავი დედაშენს როგორ ვუთხრათ.
გოგო გაიბადრა:
– ესე იგი, შენ თანახმა ხარ? არ მიბრაზდები?
– ცისია, რას ნიშნავს თანახმა ვარ. როგორ შეიძლება, ამაზე თანახმა ვიყო და არ ვინერვიულო. ლამის გული გამისკდეს, მაგრამ ჩხუბს და გაბრაზებას რა აზრი აქვს? მე მარტო იმას ვცდილობ, არ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი სერიოზულია.
ცისიას სახე დაუსევდიანდა და ორივე ხელი მკერდზე დაიდო.
– ასეთი ქარაფშუტა გგონივარ? ასეთი სულელი და უპასუხისმგებლო? მე დარწმუნებული ვარ საკუთარ გრძნობაში.
– შვილო, მომისმინე, არსებობს ასეთი ცნება: „გადარჩენილი პაციენტის სინდრომი”... არც უპასუხისმგებლო ხარ და არც სულელი, მაგრამ ბატონმა დავითმა, ფაქტობრივად, მეორედ გაჩუქა სიცოცხლე. შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, სრულიად ბუნებრივია, უყვარდეს ექიმი, რომელმაც გადაარჩინა. მოდი, დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. დრო მიეცი საკუთარ თავს, არაფერი გააკეთო, არც მოვლენები დააჩქარო. ბატონ დავითსაც არაფერი უთხრა. ვნახოთ, რა იქნება.
– ასე ნუ მელაპარაკები! – შეჰყვირა ცისიამ და თვალები ცრემლებით აევსო, – მე ვიცი სიყვარული რა არის და როგორმე მადლიერების გრძნობისგან გამოვარჩევ. ჰო, ვიცი, რომ ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი მამაკაცისთვის არ გემეტები, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.
– ეგ შენი არჩევანი დედაშენს მოკლავს, – ვეღარ მოითმინა კაცმა.
– ვიცი, ძნელი იქნება დედისთვის ამასთან შეგუება, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც შეიძლებოდა, იმ ავარიისას დასრულებულიყო. მგონი, აჯობებს ცოცხალი ვიყო და ბედნიერი.
ირაკლის სახე დაუნაღვლიანდა:
– ცისია, არც კი ვიცი, რა გითხრა. ეს საუბარი იმის იმედად დავიწყე, რომ დედაშენის ეჭვებს გამიქარწ....ბდი. ესე იგი, დალი მართალი ყოფილა და ტყუილად არ ნერვიულობდა. გაგიჟდება...
– ჰო, გაგიჟდება, – თავი დაუქნია ცისიამ, – მაგრამ მე ვიცი, რა უნდა გააკეთო. წაიყვანე აქედან.
– რა? – განცვიფრდა ირაკლი, – შენ გგონია დედაშენს ამაზე დავითანხმებ? წარმოდგენაც კი მიჭირს, ისეთ ამბავს ატეხს. ცისია, გთხოვ, ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი ხდება. გამოჯანმრთელდი, დავბრუნდეთ თბილისში და თუ ისევ ამ გადაწყვეტილებაზე იქნები, გპირდები, ყველანაირად გვერდში დაგიდგები. დედაშენსაც მე დაველაპარაკები. მისი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარები. ხომ იცი, რომ მე მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო.
– ბედნიერი მხოლოდ დავითის გვერდით ვიქნები – ჯიუტად თქვა ცისიამ.
– ახლა გგონია ასე, მერე გამოჩნდება ვინმე, ახალგაზრდა, საინტერესო, სიცოცხლით სავსე ბიჭი და მიხვდები, შეცდომა რომ დაუშვი. ბატონ დავითზეც იფიქრე, რა მდგომარეობაში აგდებ. გგონია, მისთვის მარტივი იქნება შენი სიყვარული?
– დარწმუნებული ვარ, ჩემ მიმართ გულგრილი არ არის, – ცისიას შეეტყო, რომ ცოტა დააფიქრა მამის ნათქვამმა.
– რა თქმა უნდა, გულგრილი ვერაფრით იქნება. შენი გადარჩენისთვის იმდენი გააკეთა... არ შეცდე, არ გეგონოს, რომ მისი მზრუნველობა შენ მიმართ სიყვარულის შედეგია.
– სწორედ მაგის გარკვევას ვაპირებ დღეს, – გადაჭრით მიუგო ცისიამ. ირაკლი შეცბა. შვილს შეშფოთებით შეხედა. ცისია უკან დახევას არ აპირებდა. ძალიან იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და ცისიასთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ერთადერთ იმედად დავითი რჩებოდა, რომელსაც შეიძლება, უყვარდა ცისია, მაგრამ კეთილგონიერება ამის ხმამაღლა თქმის უფლებას არ მისცემდა. თუმცა, არც ის იყო გამორიცხული, დავითს ცდუნებისთვის ვერ გაეძლო.
– ღმერთო, ცისია, ეს რა დღეში ჩამაგდე.
– ჰო, ვხვდები. დავითი შენი ასაკისაა და ჩემ გვერდით ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ, თუ მართლა ჩემი ბედნიერებაა შენთვის უმთავრესი, მხარი უნდა დამიჭირო.
– ცისია, ხვდები მაინც, რას მთხოვ?
– არა, არ გთხოვ, მამა. უბრალოდ, შენი სიტყვები შეგახსენე. კიდევ გეუბნები, შეიძლებოდა, საერთოდ მოვმკვდარიყავი.
– იმას, რომ გადარჩი, შანტაჟისთვის ვერ გამოიყენებ, მით უფრო, დედაშენთან. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა.
– იმიტომ გეუბნები, წაიყვანე, წადით. როცა რეაბილიტაციის კურსს გავივლით და ჩამოვალთ, მერე ვეტყვი.
– ვნერვიულობ დედაშენზე.
ცისიას გაეღიმა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემზე აღარ ნერვიულობ?
– ვაიმე, რა დღეში ვარ. მშვიდად რომ გელაპარაკები, გულში ქარიშხალი მიტრიალებს. როგორ უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ჩემი შვილის ქმარი, ჩემი ასაკის მამაკაცი იქნება.
– ეგ უკვე სტერეოტიპია. მე კი თანამედროვე მამა მყავს.
ცისია მამას მოეხვია და მიეხუტა.
– ძალიან მიყვარხარ.
– ცისია, დამიჯერე, ცოტა დრო გავიდეს, ემოციები გაცივდეს. დავითს ჯერ ნურაფერს ეტყვი. ჯერ მარტო ჩვენი საიდუმლო იყოს. იქნებ „გაგიაროს,” – ხავსს მოებღაუჭა ირაკლი.
– რამ უნდა გამიაროს, მამა?! რა ცუდად მიცნობ. შეყვარებული ვარ და ამას ვეღარაფერს მოვუხერხებ. თუ ჩემი კარგად ყოფნა და ბედნიერება გინდა, გვერდით დამიდექი. ძალიან მჭირდება შენი მხარდაჭერა, – ცისიამ მამას მხარზე მიადო თავი. კაცმა იგრძნო, რომ გულისცემა გაუძლიერდა. იმ წუთში ბოლომდე გააცნობიერა თავისი უმწეობა და ის, რომ უძლური იყო ამ ყველაფრის წინაშე.
ცისია აივანზე იჯდა და თვალებმოჭუტული უმზერდა ჩამავალ მზეს. დავითი ნელა მიუახლოვდა და ფრთხილად მოახურა თბილი პლედი მხრებზე.
– გეძებდი. უკვე ცივა, აივანზე კი ორპირი უბერავს, – ქალიშვილი მისკენ შებრუნდა და სახეში ჩააშტერდა.
– შეიძლება, რაღაც გკითხოთ? ოღონდ გულახდილად უნდა მიპასუხოთ.
დავითი დაიბნა:
– მე არასდროს მომიტყუებიხარ.
– მაშინ მითხარით, თქვენ ყველა პაციენტზე ასე ზრუნავთ?
კაცს პირი გაუშრა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გოგო უცნაური ცნობისმოყვარეობით, მომთხოვნი გამომეტყველებით შესცქეროდა.
– ცისია, ჩემი, როგორც ექიმის მოვალეობაა...
– არ გინდათ, დავით. პირდაპირ მიპასუხეთ, მე ხომ ჩვეულებრივი, ძალიან მარტივი შეკითხვა დაგისვით.
– არც კი ვიცი, რა გითხრა... – დავითი მახეში მომწყვდეულივით ეძებდა გამოსავალს და თვალებს საცოდავად აცეცებდა.
– რისი მოსმენა გინდა, ცისია, ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები? – აღმოხდა ბოლოს.
– ვხედავ და სწორედ ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა, ხომ არ გინდათ, მეც ვიტანჯებოდე.
– შენ... შენ რატომღა იტანჯები? – ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა დავითმა და ცისიას ნატიფი თითები ხელისგულში მოიქცია.
– იმიტომ, რომ მიყვარხართ! – წამოიძახა ცისიამ და კაცის ხელი ლოყაზე მიიდო, – ძალიან მიყვარხართ. მინდა, სულ თქვენ გვერდით ვიყო. სხვანაირად ვერ ვიცოცხლებ, ვერ ვისუნთქებ და მოვკვდები.
– ცისია, გაჩუმდი. წარმოდგენა არ გაქვს, რას ამბობ. ჯერ ძალიან პატარა ხარ და ბევრი რამ არ იცი.
– ვიცი. ის ვიცი, რომ მიყვარხართ. ეს საკმარისი არ არის?
– არა, ცისია, არაა საკმარისი. ჯერ ერთი, რომ სიყვარული ძალიან სერიოზული გრძნობაა. თანაც, არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც... რომელიც...
– მე ძალიან სერიოზული ვარ. პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი კი, უბრალოდ, სასაცილოა. შეგიძლიათ, პირდაპირ მითხრათ, რომ არ გიყვარვართ.
გოგომ ხელები გამოსტაცა, სახეზე აიფარა და ასლუკუნდა.
– ცისია...
– თავი დამანებეთ. არ მჭირდება სიბრალულის გამოხატვა თქვენგან. არც ის მჭირდება, ბავშვივით ენას მიჩლექდეთ. მე ქალი ვარ, შეყვარებული ქალი. მირჩევნია, საერთოდ არ გხედავდეთ, ვიდრე თავზე მადგეთ და მანუგეშებდეთ.
დავითს სახე დაუნაღვლიანდა.
– ნეტავ, ხვდებოდე, რას ლაპარაკობ. თითოეულ შენს სიტყვაზე ჟრუანტელი მივლის, მაგრამ მე გამოცდილება და მრავლის ნახვის უპირატესობა არ მაძლევს უფლებას, ავმჩატდე და შეუძლებელი დავიჯერო.
– რა არის შეუძლებელი? ის, რომ მიყვარხარ? ღმერთო, რა გავაკეთო, რომ დამიჯერო?
– ცისია, ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, ათი წლით უმცროსი მაინც რომ ვიყო. თუმცა, ათი წელიც ცოტაა. ოცი წლით უმცროსი მაინც უნდა ვიყო, რომ შენი სიყვარულის უფლება მქონდეს.
– სისულელეა, გესმის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა? – ცისიამ მასსა და კაცს შორის ბარიერი წაშალა და როგორც თანასწორს, ისე მიმართა, – ათი წელი... ოცი წელი... მე გეუბნები, რომ მიყვარხარ. რატომ ითვლი ამ წლებს? შეიძლებოდა, იმ ავარიაში საერთოდ მოვმკვდარიყავი, მაგრამ გადავრჩი და გეუბნები, რომ დარჩენილი სიცოცხლე მინდა, შენ გვერდით გავატარო.
კაცმა ვეღარ გაუძლო მოწოლილ გრძნობას. ემოციამ ფარ-ხმალი დააყრევინა, გოგოს ორივე ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა. მერე სახე მის თმებში ჩარგო და აჩურჩულდა.
– შენ არ იცი, რა ხდება ახლა ჩემს თავს. გული ლამის საგულედან ამომივარდეს. სული მეხუთება და ვგრძნობ, რომ შენ ხარ ის სუფთა ჰაერი, რომელიც ცხოვრების გაგრძელების სურვილს დამიბრუნებს. ის ხავსი ხარ, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, ვეჭიდები და საკუთარ თავს არ ვუტყდები იმაში, რომ მთელ ქვეყანაზე მეტად მიყვარხარ.
– დავით! – სიხარულით შეჰკივლა ცისიამ და სახე ბედნიერებისგან გაუცისკროვნდა.
– ჩუმად ცისია, არ გამაჩერო, ისედაც ძალიან მიჭირს შენთვის ამ ყველაფრის თქმა. როგორც კი დაგინახე, მაშინვე შემიყვარდი. ოღონდ ამას ვერ ვხვდებოდი. შეიძლება, არ მინდოდა, რომ მივმხვდარიყავი. როგორც კი ჩემს გრძნობაში გამოგიტყდებოდი, მაშინვე გამიჩნდებოდა დანაშაულის განცდაც. დამღალა საკუთარ თავთან ბრძოლამ. ჰო, მიყვარხარ და ამიტომაც მინდა, ბედნიერი იყო. ამიტომაც გიშვებ ჩემგან. ამიტომაც ვცდილობ, საპირისპიროში, ანუ იმაში დაგარწმუნო, რომ ქვასავით უგრძნობი ვარ.
– თუ ჩემი ბედნიერება გინდა, ცოლად შემირთე, – თქვა მოულოდნელად ცისიამ, რომელიც მანამდე ჩუმად ისმენდა კაცის მონოლოგს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილსა და ტკივილნარევს.
დავითი გაჩუმდა და ცისიას მიაჩერდა.
– არ შემიძლია...
– რა არ შეგიძლია – ჩემი ცოლად შერთვა? კი, მაგრამ რატომ?
– იმიტომ, რომ შენს მშობლებს თვალებში ვერ ჩავხედავ.
– მამაჩემმა იცის, ვუთხარი.
დავითს სახეზე შეშფოთება გამოეხატა.
– ირაკლიმ იცის? რა... რა უთხარი?
– რომ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ. მამაჩემი ჩემზე გიჟდება. ვიცი, გამიგებს.
– შენ შეიძლება, გაგიგოს, მაგრამ მე ვერ გამიგებს. იმიტომ რომ, მე თავად არ მესმის საკუთარი თავის. ვერ ვხვდები, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, ეს როგორ დამემართა.
ცისიამ სავარძლის საზურგეს ორივე ხელი ჩასჭიდა, ფეხზე წამოდგა და დავითს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– უარს ამბობ ჩემზე? არ გინდა, ერთად ბედნიერები ვიყოთ?
დავითმა სულ ახლოს, სახესთან იგრძნო მისი თბილი სუნთქვა და სულიც კი შეუგუბდა. მიხვდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ამდენ ემოციას და გრძნობას, რომელიც უკვე ბატონობდა მასზე.
***
ნია ფანჯრის რაფაზე იჯდა და ფეხებს თანაბრად იქნევდა, საათის წამზომის რიტმს აყოლებდა. თიკომ მადუღარა გამორთო, ფინჯნებში ფრთხილად ჩამოასხა და ნიას გახედა:
– მოდი, გაცივდება.
– ჰა, მოყევი ახლა, რა ქენით შენ და გუკამ. ისე კარგი ტიპია, ხო?
თიკომ მხრები აიჩეჩა და გაწითლდა.
– მოყევი რა, ნუ გერიდება. მგონი, მოსწონხარ. რას იტყვი? რაღაც ძალიან შემოგციცინებდა.
– კარგი, რა. საიდან მოიტანე? საკუთარ თავზე მომდის ბრაზი. რატომ დავთვერი. შენც რომ არაფერი მითხარი? წარმომიდგენია, რა იფიქრა ჩემზე.
– მოიცა, რა. რა უნდა ეფიქრა? მხატვარია. მაგათ ვერ გააკვირვებ და საერთოდ, რატომ ჩამოგტირის თავ-პირი, ასეთი მაგარი ბიჭი „შეაბი”...
– „შეაბი” რა სიტყვაა. ხომ მიცნობ. მე სერიოზული ურთიერთობები მაინტერესებს. გუკასთან გართობა-ღლიცინში დროს ვერ დავკარგავ. ჯერ ერთი, არ მცალია, მეორეც – ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენგან არაფერი გამოვა. საერთო არაფერი გვაქვს. მოკლედ, მე გუკას აღარ შევხვდები.
ნიამ გაიცინა და ყავა მოსვა.
– აშკარად მოგწონს გუკა. სულ ტყუილად არ გინდა, გამომიტყდე. დილით მანქანით რომ მოგიყვანა, ფანჯრიდან დაგინახე, სახე გიბრწყინავდა.
თიკო მოიღუშა.
– ისე, მე გაბრაზებული ვარ შენზე.
– ჰო? რა დავაშავე?
– მარტო დამტოვე იმ ბიჭთან, თანაც მთვრალი.
– კარგი რა?! აბა, რას ამბობ. გავიწყდება, რომ მეც მთვრალი ვიყავი? საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. თანაც, ხომ თქვი, არაფერი მომხდარაო. რა განერვიულებს? ან იქნებ ნანობ, რომ არ მოხდა.
თიკომ საყვედურით შეხედა.
– როგორ შეგიძლია, ასე მელაპარაკო? ძალიან განვიცდი ამ ამბავს. დავიბენი, გონება ამერია. ჩემთვის ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. არ ვიცი, თავში ეს ყველაფერი როგორ დავალაგო.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– არსებობს ამ ყველაფრის მოგვარების მარტივი საშუალება. გუკას კიდევ უნდა შეხვდე.
– არა, ვერ შევხვდები.
– ხომ გითხარი, მოგწონს-მეთქი.
– საიდან მოიტანე?
– აბა, რატომ არ გინდა მასთან შეხვედრა? გეშინია, რომ მის მომხიბვლელობას ვერ გაუძლებ?
– შეიძლება, არ უარვყოფ და არც შენ უარყო, რომ ანდროსთან წევხარ, – მიახალა თიკომ და მაშინვე ინანა, – მაპატიე, წამომცდა, არ მინდოდა.
– არა უშავს, – ჩაიცინა ნიამ, – არ მაქვს პრობლემა. ანდროსთან თავს კარგად ვგრძნობ. უარი რატომ უნდა ვთქვა სიამოვნებაზე?
– მაოცებ. ისიც არ გითქვამს, რომ გიყვარს.
– იმიტომ, რომ არ მიყვარს.
– ისე ადვილად ლაპარაკობ ამაზე...
– ჰო, ადვილია. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ. მისმინე, ბატონი დავითი არ დაბრუნებულა? რაღაც დიდხანს გაუგრძელდა დასვენება.
– შვილის დაბადების დღე ჰქონდა. ეტყობა, მოენატრა თავისი ოჯახი და დარჩა.
– ოჯახი... შვილი, რომელიც გათხოვილია, ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და შვილიშვილები, რომლებსაც ბაბუა წელიწადში სამჯერ, ან ოთხჯერ ხედავს. ეს ოჯახი არაა... – უფრო საკუთარ ფიქრებს უპასუხა ნიამ.
თიკომ ფინჯანი დადო და ექთანს გაოცებით შეხედა.
– შენ რა, ბატონი დავითი მოგწონს? იქნებ გიყვარს კიდეც?
– საიდან მოიტანე, რა სისულელეა. უბრალოდ, ის ვთქვი, რასაც მართლა ვფიქრობ. კლინიკა თვეზე მეტია, უპატრონოდ არის მიტოვებული. სოსო კი აკეთებს ოპერაციებს, მაგრამ ბატონ დავითთან ვერ მივა. ეს დავითმაც იცის და სოსომაც. ამიტომაც მიკვირს, ამდენი ხანი აქაურობა რომ მიატოვა. რაღაც ხდება და შენ ეს იცი.
თიკოს ყოყმანი დაეტყო.
***
ანამ მობილური გათიშა და ქმარს სასოწარკვეთით შეხედა.
– რა მოხდა? – მშვიდად ჰკითხა მირიანმა.
– საშინელება. არა, ხომ გეუბნებოდი, გული ცუდს მიგრძნობს-მეთქი. ხომ გეუბნებოდი. ეს... ეს... არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– გეხვეწები, დამშვიდდი, რაც უნდა მომხდარიყო, ქვეყნის აღსასრული არ დამდგარა.
– მართლა? გააჩნია, შენთვის რასთან ასოცირდება ქვეყნის აღსასრული. მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. მამაჩემი... მამაჩემი.. – ანას ხმა აუთრთოლდა და ცრემლები წამოუვიდა. არ მესმის, როგორ უნდა გაიმეტოს კაცმა ასე, ერთადერთი შვილი. ახლა გული გამისკდება.
მირიანი წამოხტა, ცოლთან მივიდა და სცადა, მოხვეოდა, მაგრამ ქალმა უხეშად მოიცილა მისი ალერსი.
– დედაჩემი მართალი იყო. მაგას მარტო საკუთარი თავი უყვარს. ეგოისტია და თანაც, უსინდისო ეგოისტი...
– ანა, რა მოხდა?
– ცოლი მოჰყავს.
– რა? – მირიანს უნებლიეთ გაეღიმა, – მერე რა არის ამაში საშინელი, პირიქით, უნდა გიხაროდეს.
– რა უნდა მიხაროდეს? – შეჰყვირა ანამ, – თუმცა, რაზე გელაპარაკები, შენც ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც მამაჩემია. დარწმუნებული ვარ, რამე რომ დამემართოს, ერთ წელსაც არ დაიცდი, მაშინვე ცოლს შეირთავ.
– ანა, აბა, რას ამბობ, რა სისულელეებზე ფიქრობ.
– ჩემს დაბადების დღეზე არ ჩამოვიდა, გესმის? არც კი დაურეკავს. ახლა კი ბედნიერი მეუბნება, რომ ცოლი მოჰყავს და რომ უნდა ჩამოიყვანოს და გაგვაცნოს. ნაძირალა!
– ანა, მამაშენსაც აქვს პირადი ცხოვრების უფლება.
– ჰო, აქვს, მაგრამ მის ასაკში? ცოლი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დედაჩემის მოულოდნელი ავადმყოფობითა და გარდაცვალებით გადაიტანა?! ესე იგი, მატყუებდა, როცა მეუბნებოდა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი მე ვარ და მერე მისი საქმე. მატყუებდა. სინამდვილეში, საცოლეს არჩევდა. ფუ, გული მერევა ამ ყველაფერზე.
– ანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხარ. პატრონი ეყოლება, მარტო აღარ იქნება. ის ქალი მასზე იზრუნებს, გაუფრთხილდება.
– შენ ან იდეალისტი ხარ, ან სულელი. მართლა ფიქრობ, რომ ის ქალი ცოლად იმიტომ მიჰყვება, რომ მასზე ზრუნვა აქვს გადაწყვეტილი?! ფული და მდგომარეობა – აი, რამ დააინტერესა მამაჩემში. ღმერთო, კაცები ასეთი სულელები რატომ არიან?! არ მინდა იმ ქალის გაცნობა. დაურეკე შენს სიმამრს და უთხარი, რომ აქ არ ჩამოვიდნენ.
– ვერ დავურეკავ! – კატეგორიული ტონით მიუგო მირიანმა და მოიღუშა, – უფრო სწორად, არ დავურეკავ. პატივს ვცემ მამაშენს და ასე უსამართლოდ ვერ მოვექცევი.
– თვითონ რომ მომექცა უსამართლოდ, ეს არაფერს ნიშნავს? თუ საკუთარი ცოლის ინტერესები არ გაღელვებს?
– ანა, შენ ახლა აღელვებული ხარ და მესმის შენი. გიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ დედაშენის ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს. მაგრამ, ამ ფაქტს სხვანაირადაც, მეორე მხრიდანაც შეხედე.
– რომელი მხრიდანაც უნდა შევხედო, მამაჩემი მაინც უსინდისო, ეგოისტი და ნაძირალაა, – მიახალა ანამ.
მირიანმა ადროვა, სანამ ცოლს ბრაზი ჩაუცხრებოდა. მერე ბართან მივიდა, ორი ბოკალი „მარტინით” შეავსო და მიუტანა.
– მოდი, დავლიოთ. მერე ჩაიცვი, ბავშვებსაც ჩავაცვათ და გავისეირნოთ. სადმე შევიდეთ, დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. საღამოს კი მამაშენს დავურეკოთ. ვუთხრათ, რომ ველოდებით და მათი ნახვა გაგვიხარდება.
– მგონი, გაგიჟდი... ხომ იცი, რომ თამაში არ შემიძლია. თავს ვერ შევიკავებ და ყველაფერს ვეტყვი, რასაც ამ გულისამრევ ფაქტზე ვფიქრობ.
– კარგი, რა ანა. თვალებზე გატყობ, ერთი სული გაქვს, ისე გაინტერესებს, იმ ქალის ნახვა. მაგრამ, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ჩაიცვი, მე ქვემოთ დაგელოდები. დარწმუნებული ვარ, საღამოს აზრს შეიცვლი.
მირიანი ოთახიდან გავიდა. ანამ მარტინი მოსვა და დაფიქრდა.
ადამიანები ძნელად ეგუებიან აზრს, რომ სხვისი ცხოვრება სხვისი ცხოვრებაა და მასში არ უნდა ჩაერიო, მით უმეტეს, უხეშად, ძალისმიერი მეთოდით. თავს ვიტყუებთ, მხრებს ყასიდად ვიჩეჩთ, თითქოს არ ვიცოდეთ, ეს ძალისმიერი მეთოდი რას ნიშნავს. ვნანობთ და მეორე დღეს იგივეს ვაკეთებთ. უპასუხო შეკითხვებს გვერდს ვუვლით და ვცდილობთ, იმაში დავრწმუნდეთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ გვჭირდება.
ვახომ აეროპორტის გასასვლელი ჩქარი ნაბიჯით გამოიარა და როცა დისშვილი შენიშნა, ხელი დაუქნია.
– რა კარგი ქენი, რომ ჩამოხვედი, – ანა კისერზე ჩამოეკიდა ბიძას და ჩაეხუტა.
– ისე მელაპარაკე, მივხვდი, ძალიან გჭირდებოდი. ყველა საქმე გადავდე და ჩამოვფრინდი. მოვასწარი?
– ჰო, იმათ მხოლოდ ხვალ ველოდები. ვახო, იცოდე, ახლავე გაფრთხილებ, ყველაფერს მომიყვები.
– ისევ ისეთი ხარ, – გაიცინა ვახომ, – მომთხოვნი, ისევ გინდა, სხვებმა შენს ჭკუაზე იარონ. კარგი, სახლში წავიდეთ. ძალიან დავიღალე. დავისვენებ და, თუ რამე გემრიელსაც მაჭმევ, შენს განკარგულებაში ვიქნები.
ანას უნებლიეთ გაეღიმა.
– შენც ისეთივე ხარ, მსუნაგი. ხედავ, როგორ ვნერვიულობ, შენ კი მაინც საჭმელზე ფიქრობ.
– რა ვქნა, მომშივდა, გოგონებსაც სიამოვნებით მოვეფერები. მეტი დადებითი ენერგია მჭირდება, სანამ შენთან ლაპარაკს დავიწყებ.
ქალმა თვალები მოჭუტა და ბიძას გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– ასე ნუ მიყურებ, – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ვახომ, – ნუ მიყურებ-მეთქი. ჰო, კარგი, ვიცი, ვინც არის ის ქალი. თბილისში გამაცნო მამაშენმა.
– საზიზღარი, უსინდისო, – დაუფარავი სიძულვილით ჩაილაპარაკა ანამ, – ესე იგი, ყველაფერი ჩემ გარეშე გადაწყვიტა.
– კარგი, ნუ ინერვიულებ იმაზე, რაც შენს ცხოვრებას ნაკლებად ცვლის.
– რა? – ანა შედგა. კაცისკენ მიტრიალდა და განცვიფრებით შეხედა.
– რას ნიშნავს, ჩემს ცხოვრებას ნაკლებად ცვლის?! შენ რა, დამცინი?
– ნუ ვიჩხუბებთ. მე ხომ აქ შენს დამამშვიდებლად ჩამოვედი. ჰო, მართლა, მირიანი სად არის? ბავშვები ხომ არ დაუტოვე?
– ბავშვები ძიძასთან არიან. მირიანს შეხვედრები აქვს, საღამომდე არ დაბრუნდება.
ვახომ გაიცინა.
– სპეციალურად გამოუჩინე საქმე, რომ ჩვენს საუბარს არ დაესწროს? ანა, საქმეს ნუ გაართულებ. მირიანი, ალბათ, ისევე ფიქრობს, როგორც მე და ამიტომაც ჩახსენი. დიპლომატის ცოლი ხარ, არ მიკვირს. ახლა მთავარია, გამოცდილი დიპლომატივით მოიქცე. მამაშენს შენი თანადგომა სჭირდება.
– ჰა, ჰა... ცოლი შეირთო, წესით, ბედნიერი უნდა იყოს, ძალიან ბედნიერი. თანადგომა მით უმეტეს, ჩემი, არ უნდა სჭირდებოდეს. რა ხდება, ის ქალი ძალიან მახინჯია?
– გინდა, აღვწერო გარეგნულად როგორია? ჩამოვლენ და თავად ნახავ.
– ცოტა შემამზადე, მის დანახვაზე გული რომ არ გამისკდეს, – გაიცინა ანამ. ვახომ უცნაურად შეხედა, მხარზე მოხვია ხელი და ამოიოხრა. ანას ცუდად ენიშნა. იგრძნო, ბიძამისს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყოყმანობდა.
– ვახო, რა ხდება? კარგად გიცნობ, რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები.
– სახლში მივიდეთ. მართლა ძალიან მშია. ხოლო, როცა მშია, ცუდად ვაზროვნებ.
– მაშინ ჩემს საყვარელ კაფეში წავიდეთ. სახლთან ახლოსაა და უგემრიელეს სტეიკს ამზადებენ. მოგეწონება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ძიძის გაკეთებულ სალათას მაინც აჯობებს.
– კარგი, წავიდეთ. – ვახო დისშვილს თმაზე მოეფერა, – ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და მამაშენსაც ძალიან უყვარხარ. ამაში ეჭვი ნუ შეგეპარება.
– არა, მაინც რაღაცისთვის მამზადებ. კარგი, ჯერ სტეიკს გაჭმევ, მერე ამოგხდი სულს შეკითხვებით.
* * *
სოსომ საუბარში გართულ ექთნებს საყვედურით გადახედა. უკვე რამდენიმე წუთი იყო, ამაოდ ცდილობდა საოპერაციო ხალათის ზონრების გახსნას და ყურადღებას არავინ აქცევდა.
– თიკო, იქნებ რომელიმე დამეხმაროთ. საინტერესოა, რა თემა ირჩევა, ასეთი გაცხარებით რას არკვევთ, რომ ლამის საოპერაციოშიც მარტო დამტოვეთ.
თიკო უხალისოდ ადგა და ქურურგს ხალათის ზონრები შეუხსნა.
– ნია არ იყო თქვენთან ერთად?
– იყო, – უკმეხად მიუგო სოსომ, – მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. რაზე ფიქრობდა, ვერ მივხვდი. დამტანჯა. თან, ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ყავას მომიდუღებთ?
– საერთოდ, მთავარი ექთნის მოვალეობაში ეს არ შედის, მაგრამ... – დააყვედრა თიკომ და სოსოს საყვედურიანი მზერა „დაიმსახურა”.
– რა დაგემართათ ყველას ერთად? როცა დავითი აქ არის, ფეხის წვერებზე დადიხართ, შეუძლებლის გაკეთებას ცდილობთ, ყავის მოდუღებას ერთმანეთს ასწრებთ.
– ის ამბავი მართალია? – ვეღარ მოითმინა ლილემ, ინტენსიური განყოფილების ექთანმა.
სოსომ ირონიულად გადახედა ექთნებს.
– აჰა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. კლინიკის ხელმძღვანელზე ჭორაობთ? მოთხარეთ უკვე? გადაუარეთ? ასე იცით შურიანმა ქალებმა. წარმომიდგენია, როგორ „დაამუშავებდით”.
თიკომ ყავიანი ფინჯანი წინ დაუდგა და იქვე, მაგიდასთან ახლოს ჩამოჯდა.
– სოსო, მართლა ცოლად შეირთო ის გოგო? – ჰკითხა მშვიდად და პასუხის მოსასმენად მოემზადა.
– ლეკვივით ნუ მიყურებ, მაინც ვერაფერს წამომაცდენინებ, – სოსო ჭარხალივით გაწითლდა და მზერა მოარიდა.
– ანუ, სიმართლეა, – აღმოხდა ქალს, – წარმოუდგენელია! ის გოგო... ბატონი დავითისგან ამას ნამდვილად არ ველოდი.
სოსოზე ამ სიტყვებმა წარმოუდგენლად იმოქმედა. თითქოს მას უპირებდნენ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას. წამოენთო და თიკოს „თავს დაესხა” საყვედურებით:
– რა ხდება?! დავითიც ადამიანია. მასაც შეიძლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება. ერთი ამათ უყურე, რა დღეში არიან. კაცი იფიქრებს, რომ თქვენ წინაშე ვინმე ანგარიშვალდებულია. თქვენს საქმეს მიხედეთ და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოეშვით. ოჰ, ეს ქალები!.. აბა, ის გოგო შეუხედავი იყოს? მაშინ სხვანაირი რეაქცია გექნებოდათ, დარწმუნებული ვარ. შენ რას იტყვი, ანდრო? – შეუბრუნდა საორდინატოროში იმწუთას შესულ ბიჭს.
– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობდით, მაგრამ გენდერულ ბალანსს დავიცავ და შენს მხარეს დავდგები, – ანდრომ მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი სოსოს და უცებ, კარში მდგარი ნია დაინახა. ერთიანად გაფითრებულს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ტუჩებს იკვნეტდა.
* * *
ვახომ ბოლო ლუკმა გადაყლაპა, ღვინო მოსვა და სიამოვნებისგან თვალები მილულა.
– არაჩვეულებრივია. ზუსტად ისეთი, როგორიც მიყვარს. შენ ჩემი ბრილიანტის დისშვილი ხარ და მიყვარხარ. რაც უნდა მოხდეს, სულ შენ გვერდით ვიქნები.
– ვახო, რანაირად მელაპარაკები? მომიყევი მამაჩემის ახალი ცოლის შესახებ.
– ჰა, ჰა, ანუშკი, რა საყვარელი ხარ! ისე ამბობ, ახალი ცოლიო, თითქოს ყოველ სეზონზე იცვლიდეს ცოლებს.
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის მაინც „ახალი ცოლი” იქნება. მომიყევი, ვინ არის.
ვახოს ყოყმანი დაეტყო.
– არ ჯობია, სიურპრიზად დავტოვოთ?! ჩამოვლენ და თავად ნახავ.
– ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან სიურპრიზებს. მირჩევნია, ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზად ვიყო.
– ჩვეულებრივი გოგოა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მამაშენი უყვარს. რაღაც მეც გამეგება. შეგიძლია, მენდო.
– ჰოო? მამაჩემსაც უყვარს?
– უყვარს, თანაც ძალიან. ბევრი ინერვიულა და იფიქრა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მეც მკითხა რჩევა.
– და შენც ურჩიე, ცოლად შეერთო? ალბათ, რამდენი ხანია, ერთად არიან. საყვარელი იყო ხომ მისი?
– არა, პაციენტი.
– რა? პაციენტი მოიყვანა ცოლად მამაჩემმა? – გაოცება ვერ დამალა ქალმა – სულ დაუკარგავს ჭკუა. ეს როგორ გააკეთა?
– რატომ? პაციენტი ქალი არ არის? ანა, ძალიან გთხოვ, ამ ყველაფერს საღად შეხედო.
– საღად როგორ შევხედო, როცა ამხელა კაცი, დამსახურებული ექიმი, პროფესორი, კლინიკის ხელმძღვანელი ქარაფშუტა ბიჭივით იქცევა.
– შეუყვარდათ ერთმანეთი-მეთქი. მამაშენს მართლა არ უნდოდა, საქმე აქამდე მისულიყო, დამიჯერე. შენიც ერიდებოდა, მირიანისაც. განიცდიდა, ხვდებოდა, რა რეაქციაც გექნებოდათ.
ანამ ტუჩი აიბზუა.
– არ მჯერა. ჩემზე საერთოდ არ უფიქრია. ყოველთვის ასეთი იყო, ეგოისტი.
– ეგოისტურად შენ იქცევი. აბა, დაფიქრდი. როცა მირიანი შეგიყვარდა და იცოდი, მასთან ერთად დიდი ხანი მოგიწევდა მამაშენისგან შორს ცხოვრება, შენს სიყვარულზე უარი ხომ არ გითქვამს?
– ერთმანეთს როგორ გვადარებ? – აღშფოთდა ანა, – რა საერთო აქვს მამაჩემის ამჩატებას ჩემი და მირიანის ურთიერთობასთან. მე არავის წინაშე არ ვყოფილვარ ვალდებული.
– არა, ტყუი. ვალდებული იყავი. მამაშენის წინაშე გქონდა ვალდებულება, რომ მარტო არ დაგეტოვებინა. კაცს ჯერ ცოლი მოუკვდა, მერე ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდა ცხრამთას იქით. შვილიშვილების ნახვასაც კი, წელიწადში ორ-სამჯერ ახერხებს. რატომ არ დარჩი მის გვერდით?
– ამით რისი თქმა გინდა? – ხმა აუთრთოლდა ანას, – მეც ეგოისტი ვარ?
– მეტ-ნაკლები დოზით ყველანი ეგოისტები ვართ და ეს ნორმალურია. ნუ ითხოვ სხვისგან გმირობას, როცა შენ თვითონ არ ხარ გმირი.
– პირდაპირ ჩიხში მიმიმწყვდიე და გასაქანს აღარ მაძლევ. მაინც ვერ ვიქნები შემწყნარებელი და ვერ ვაპატიებ მამაჩემს ასეთ ღალატს. ვერც მის ცოლთან ვითამაშებ ბედნიერი გერის როლს. გამორიცხულია. და იცი, რატომ? – დარწმუნებული ვარ, მაგ ქალს მამაჩემი კი არა, მისი მდგომარეობა უყვარს. შეყვარებული, გამოჩერჩეტებული კაცის ხარჯზე აპირებს კომფორტულად ცხოვრებას.
– არა, შენ ხომ არც კი გინახავს ცისია. მე კი ვნახე, როგორი თვალებით შესცქეროდა მამაშენს. გეუბნები, უყვარს.
– ცისია, გლეხური სახელია, – დაიჭყანა ანა, – უკვე წარმოვიდგინე როგორია. პროვინციელი ქალი, რომელსაც მარტო იმაში გაუმართლა, რომ ავად გახდა და გამოჩენილი ექიმის კლინიკაში აღმოჩნდა. ბანალური ამბავია. კონკიას ზღაპარივით ძველი, – გესლიანად ჩაილაპარალა ანამ.
ვახომ თავი გადააქნია.
– სულ დედაშენს ჰგავხარ.
– რა?
– ჰო, დედაშენს ჰგავხარ. იმან იცოდა ასე – არასასურველი ადამიანების მოთხრა და განადგურება. გაგიჭირდება ბოღმით ცხოვრება, საყვარელო. ისეთი ბედნიერი ხარ, არაჩვეულებრივი ქმარი გყავს, შვილები. რატომ არ შეიძლება, მამაშენიც იყოს ბედნიერი?
– ესე იგი, მე ვუშლი ხელს ბედნიერებაში ჩემი ბოღმით? იმით, რომ არ მინდა, ვიღაც მეშჩანმა, პროვინციელმა ქალმა გაასულელოს?
ვახოს მოთმინების ფიალა აევსო.
– ცისია არც პროვინციელია, არც მეშჩანი და არც მახინჯი. ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული გოგოა, ახალგაზრდა. მინდა გითხრა, რომ დავითს გაუმართლა. ცოტათი მშურს კიდეც მისი.
– რაა? – ანას თვალები გაუფართოვდა, – გესმის მაინც, რა თქვი? ანუ, მამაჩემმა ახალგაზრდა მზეთუნახავი შეირთო ცოლად? გაგიჟდით ხომ, ორივე?!
ვახომ სიგარეტს მოუკიდა, ადროვა, სანამ ანა ცოტათი დაწყნარდებოდა და კატეგორიული ტონით უთხრა:
– გირჩევ, თავი ხელში აიყვანო და დავითს გული არ გაუხეთქო. ნუ დააყენებ არჩევნის წინაშე, ცოდოა.
– რომელი არჩევნის? მაგან არჩევანი უკვე გააკეთა იმ ძუკნას სასარგებლოდ. დაურეკე და უთხარი, არ ჩამოვიდნენ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, საშინელებას ჩავიდენ.
ვახომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ამოიოხრა.
* * *
ანდრო გულხელდაკრეფილი იჯდა და მშვიდად ადევნებდა თვალს ჭარხალივით გაწითლებულ გოგოს, ოთახში წინ და უკან ბოლთას რომ სცემდა. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა.
– გეყოფა, თავბრუ დამახვიე. დაჯექი, დავილაპარაკოთ. ქვეყნის აღსასრული არ დამდგარა.
– შენთვის ადვილია ამის თქმა, მაგრამ მე, წარმოდგენაც არ გაქვს, რა დღეში ვარ.
– წარმომიდგენია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, ასე რამ გაგამწარა. შენ ხომ დავითი არ გიყვარს, თან ჩემთან წევხარ. რეაქცია კი ისეთი გაქვს, როგორც ცოლს, რომელსაც საყვარელმა ქმარმა უღალატა.
– გაჩუმდი, გაჩუმდი... – ნიამ ფეხები დააბაკუნა, – არაფერი გესმის, – დავითი ჩემია, ჩემი!.. მე უნდა შევერთე ცოლად.
– მაგრამ ის გოგო შეირთო. დამშვიდდი და მოცემულობას შეეგუე.
– არა, ვერ შევეგუები! – ნია მთელი ტანით აკანკალდა. ანდრო ადგა, მასთან მივიდა და მოეხვია.
– მოდი ჩემთან, მოდი. ვიცი, რაც დაგამშვიდებს. ეს საქმე კარგად გამოგვდის. თან, რაც მთავარია, სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.
მაგრამ გოგო გაანჩხლებული დაუსხლტა ხელიდან.
– არ ვაპატიებ, შურს ვიძიებ. არა, რანაირად მოახერხა საწოლს მიჯაჭვულმა, საცოდავმა არსებამ ჩემთვის კაცი „აეხია”, რანაირად?! აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს. ინანებს, რომ იმ ავარიაში საერთოდ არ მოკვდა.
– ეე, აბა, ნუ გაუბერე! რა სისულელეებს ლაპარაკობ. რატომ უნდა მომკვდარიყო ასეთი ლამაზი გოგო. თანაც, ცისია რა შუაშია? მან ხომ არაფერი იცოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ. ან იქნებ იცოდა კიდეც, მაგრამ ხომ იცი, სიყვარული ადამიანში ეგოისტურ გრძნობებს აღძრავს.
ნია ავად მიაჩერდა ირონიულად მოღიმარ ბიჭს.
– ანდრო, ცეცხლს ნუ ეთამაშები. გაბრაზებული ძალიან საშიში ვხდები. აი, ნახავ, დავითი თუ არ ინანებს, ასე რომ მომექცა.
– ანუ, შურისძიება გადაწყვეტილი გაქვს?
– ჰო. თავს ასე იოლად არავის დავაჩაგვრინებ. მით უმეტეს, კაცს არ მივცემ ჩემი გამოყენების უფლებას. რატომ მიყურებ? ხომ არ აპირებ, ბატონ დავითს მოუყვე ყველაფერი და ამით მისი კეთილგანწყობა დაიმსახურო?
ანდრომ თავი გააქნია.
– არა, პირიქით. თუ გინდა, დაგეხმარები შურისძიებაში.
– მართლა? – უნდობლად შეხედა ნიამ.
– რატომაც არა? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და თანამოაზრეებიც, მაგრამ უნდა დამშვიდდე. ცხელ გულზე შურის საძიებლად არავინ გარბის. გრძნობებს, ემოციებს გაცივება აცადე და ერთად, აუცილებლად მოვიფიქრებთ რაღაც ძალიან მზაკვრულს, – ბიჭმა თვალი ჩაუკრა და მხარზე მოხვია ხელი, – წავიდეთ, ყავას მოგიდუღებ, კონიაკით.
– მოიცა, შენ რას მოიგებ ჩემი შურისძიებიდან? არ მჯერა, რომ უანგაროდ აპირებ, დამეხმარო.
– ვნახოთ. რაღაცას მეც მივიღებ. ნუ გეშინია, ორივე კმაყოფილი დავრჩებით.
შურისძიებას ცხელ გულზე ვერ დაგეგმავ. ემოციის კარნახით, შეიძლება, სპონტანურად და მყისიერად იმოქმედო. საეჭვოა, ამან სასურველ შედეგამდე მიგიყვანოს. თუმცა, ალბათ, ჯერ ის უნდა გადაწყვიტო „ცივი” გონებით, საერთოდ თუ გჭირდება შურისძიება.
კედლის დიდი, ძველებური საათი თანაბრად და მშვიდად წიკწიკებდა. კაცები ანთებულ ბუხართან ისხდნენ და ვისკის წრუპავდნენ. მირიანი დროდადრო ცოლისკენ გააპარებდა თვალს. ანა სარწეველა სკამში იჯდა. ხელში უკვე გაცივებული ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა, მაგრამ ერთხელაც არ მიუტანია პირთან. დაძაბული და დაფიქრებული სახე ჰქონდა.
– ნუ ნერვიულობ. ნელ-ნელა შეეგუება ამ ამბავს და დამშვიდდება, – ხმადაბლა გადაულაპარაკა ვახომ სიძეს და თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა.
მირიანმა თავი გადააქნია.
– არა მგონია, ასე მარტივად მოგვარდეს. ანას ვიცნობ. როცა ასეთი სახე აქვს, კარგი არაფერი მოხდება. კიდევ რომ დალაპარაკებოდი?
ვახომ დისშვილს გახედა.
– აქვს ვითომ აზრი? რამდენი ველაპარაკე, რა არ ვუთხარი, შენ მოსვლამდეც ვცდილობდი, მისთვის აზრი შემეცვლევინებინა. ჯიუტად იმეორებს, არ ჩამოვიდნენ, თორემ საშინელებას ჩავიდენო.
– მაინც, რა საშინელებას ჩაიდენს, შენ როგორ ფიქრობ, მართლა ხომ არ დავურეკოთ დავითს?
– ხვალ ჩამოდიან, ხომ?
– ასე თქვა ანამ, – მირიანმა ხმას კიდევ უფრო დაუწია, – იცი, მისი დუმილი ძალიან მაშინებს. სულ მგონია, რომ ახლა ამოხეთქავს. რა გავაკეთო?
– არაფერი, დაველოდოთ.
– პირდაპირ აეროპორტში რომ მოგვიწყოს სკანდალი?
ზურას გაეღიმა.
– ძალიან დაუშინებიხარ ჩემს დისშვილს. ხომ გაგიგონია, ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო. დილით კიდევ დაველაპარაკები.
– გეუბნები, ცუდად არის გაჩუმებული, – მირიანს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანა წამოხტა, მათთან მიირბინა და ხელების აქნევით შეჰყვირა:
– არა, არ შემიძლია, რამე გააკეთეთ, ასე მშვიდად ნუ ზიხართ და ნუ ელოდებით, როდის გავგიჟდები. აქ არ დავინახო არცერთი, გესმით?
მირიანმა ჭიქა ბუხრის თაროზე დადო და ანას მკლავზე მოჰკიდა ხელი.
– საყვარელო, ასე არ შეიძლება. როგორ შეგიძლია, მამაშენზე ასე ილაპარაკო. როგორ დავურეკო და ვუთხრა, რომ არ უნდა ჩამოვიდეს.
– ჩვეულებრივად. ჰო, არ უნდა ჩამოვიდეს იმიტომ, რომ მისი დანახვაც არ მინდა.
– ანა, მომისმინე. დავითს ბილეთი აღებული აქვს, – საუბარში ჩაერთო ვახო, – ბავშვივით ნუ იქცევი.
– ჰო, ბავშვი ვარ, პატარა ბავშვი! – ცრემლნარევი ხმით შეჰყვირა ანამ, – და ამ ბავშვს დედინაცვლის გაცნობა არ უნდა.
ვახომ ხელი ჩაიქნია.
– არაფერი გამოდის. ასეთი გაჯიუტებაც აღარ გამიგია. კარგი, დავხვდები დავითს და ვეტყვი, რომ არ მოესვლება.
– არა, არა, ამას ვერ დავუშვებ! – გაცხარდა მირიანი, – ანა, საკმარისია, არავინ გთხოვს, ის ქალი შეიყვარო, მაგრამ ცივილიზებული ურთიერთობა შეიძლება, გქონდეს. ძალიან გთხოვ, ისე ნუ მოიქცევი, მერე ინანო.
– ცივილიზებულ ურთიერთობაზე ნუ მელაპარაკები. თავს ვერ მოვიტყუებ, ძალიან ცუდად ვარ, ძალიან. ამას ვერ დავმალავ. არც მაქვს სურვილი, რომ დავმალო. რატომ ცდილობ, მირიან, შემაგუო იმას, რომ მამაჩემმა თავისი პაციენტი, ლამის ჩემი ასაკის გოგო მოიყვანა ცოლად?!
მირიანმა კითხვით სავზე მზერით გახედა ვახოს და იმანაც შეუმჩნევლად დაუქნია თავი.
– რა ვქნათ, მე სიძე ვარ, კარს ვერ მივუხურავ კაცს მარტო იმიტომ, რომ მოინდომა, პირადი ცხოვრება ჰქონოდა.
– ჰო? შვილის ტოლი გოგო რომ მოიყვანა ცოლად, მაინც?
– ჰო, ანა, მე მაინც ამას ვიტყვი, იმიტომ, რომ მისი პირადი ცხოვრება, მისი პირადი ცხოვრებაა.
– ჰოდა, იყოს, – ისევ იყვირა ანამ, – მე კი თვალით არ დამენახვოს! – წამოხტა და ოთახიდან გავარდა.
– მიდი, ძალიანაა გაგიჟებული, – თქვა ვახომ ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
მირიანმა ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი ბოლომდე დალია და ამოიოხრა.
– ანა ძალიან მიყვარს, ცუდად არ გამიგო, მაგრამ ზოგჯერ მისი გაგება რთულია.
– ჩემი დის ბრალია. ძალიან ეგოისტურად გაზარდა. მეორე შვილიც იმიტომ არ გააჩინა, რომ ანას მიმართ მის სიყვარულს მოზიარე არ ჰყოლოდა. შეცდა დავითი, ძალიან შეცდა, მაგრამ ანა კარგად არ იქცევა.
– მოიცა, რისი თქმა გინდა? დავითი შეცდა, ცოლი რომ შეირთო თანაც, უმცროსი ქალი?
– ჰო, ვფიქრობ, რომ გაუჭირდება. თუმცა, ესეც მარტო მისი გადასაწყვეტია. მირიან, შენ ის მითხარი, როგორ მოვიქცეთ, მე დავურეკო დავითს?
მირიანმა ვახოს შეხედა. აშკარად რაღაც გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.
– მოვიფიქრე. დავითს დაურეკე და ჰკითხე, რომელ საათზე იქნებიან აქ. მე და შენ დავხვდეთ და სასტუმროში წავიყვანოთ. ვუთხრათ, რომ ანას ვირუსი აქვს, გოგონებსაც და ორი-სამი დღე მათ ნახვას ვერ შეძლებს. ამასობაში, იქნებ მოვიდეს ჭკუაზე.
– და, თუ არ მოვა ჭკუაზე?
– ჰო, მაშინ ვირუსი გაურთულდება. აქ სამუდამოდ ხომ არ დარჩებიან? ვეტყვით, რომ შენ და ანა უახლოეს მომავალში თავად ჩახვალთ მათთან, – მირიანმა ოთახში გაიარ-გამოიარა. ვახოს წინ გაჩერდა და ყოყმანით ჰკითხა:
– მართლა ასეთი ახალგაზრდაა ის გოგო?
ვახომ თავი დაუქნია.
– ძალიან, ძალიან ახალგაზრდაა. შეიძლება, ანაზე უმცროსიც კი.
– ჩემი სიმამრისგან ამას არ ველოდი, – რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმებოდი იმას, რომ ოჯახი შეექმნა, მაგრამ ბავშვს თუ მოიყვანდა ცოლად, ვერ წარმოვიდგენდი.
– ვერც მე წარმოვიდგენდი, – დაეთანხმა ვახო. ის აღარ უთქვამს, როგორ გაოგნდა, როცა დავითმა ექთანთან თავისი რომანის შესახებ უთხრა.
– წავალ, ანას დავამშვიდებ. თავსატეხი კი გამიჩინა ბატონმა დავითმა.
***
თვითმფრინავი ცუდად დაეშვა ასაფრენ ბილიკზე. მგზავრები რამდენჯერმე მაგრად შეჯანჯღარდნენ. დალიმ წამოიკივლა და ქმარს მაჯაზე წაავლო ხელი.
– ღმერთო, რა საშინლად ვიმგზავრეთ, ცუდად ვარ. ისედაც ვნერვიულობ, ბავშვის იქ დატოვება რომ მაიძულე, – უსაყვედურა კაცს და ზედა თაროზე ჩანთას დაეჯაჯგურა.
– მაცალე, მე ჩამოვიღებ და ნუ ნერვიულობ. ცისია არც ბავშვია და არც დაუცველი. ერთ კვირაში ჩამოვა, სრულიად გამოჯანმრთელებული. დავითმა მითხრა, რომ გამოჯანმრთელდება. ძალიან სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. თვითონაც გაოცებულია.
– ჰმ, გაოცებულია. ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებთ მაგ კაცს თავიდან. ცისია რომ ჩამოვა, რამეს მოვიფიქრებ და სადმე წავალთ. სულ რომ დაივიწყოს ეგ კაციც და ეს საშინელი დღეებიც.
ირაკლიმ ამოიოხრა და გული შეუქანდა. სანამ კლინიკაში ცისიასთან და დავითთან იყო, თავს უფრო თამამად გრძნობდა. ცოლთან პირისპირ დარჩენილი, გატყდა და დაფრთხა. დალი გაჩერდა და შემობრუნდა.
– ირაკლი, რას გაჩერებულხარ. აქ, აეროპორტში ხომ არ აპირებ დარჩენას. შენც ცუდად გაგხადა მგზავრობამ?
– არა, კარგად ვარ. პირდაპირ აგარაკზე ხომ არ ავიდეთ?
– რატომ?
– რა ვიცი, იქ უფრო შევძლებთ დასვენებას, სანამ ცისია და დავითი დაბრუნდებიან.
ქალი უსიამოვნოდ დაიჯღანა.
– ცისია და დავითი – ასე, ერთად ნუღარ ახსენებ, თორემ ხასიათი მიფუჭდება.
– ირაკლი მიხვდა, რომ სერიოზულ განსაცდელში ჩაიგდო თავი, როცა ცოლს სიმართლე იქვე არ უთხრა, ცისიასთან ერთად.
***
დავითმა ლამის სუნთქვაც კი გააჩერა, რომ მის მხარზე მთვლემარე გოგოსთვის ძილი არ დაეფრთხო. ბედნიერი იყო და ამას მთელი არსებით გრძნობდა. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ მისი უკიდეგანო ბედნიერება მაშინვე დასრულდებოდა, როგორც კი ცისიასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩნდებოდა.
– რაზე ფიქრობ და ოხრავ ჩემს ჩუმად?
– არ გძინავს? – დავითმა ცისიას შუბლზე აკოცა, – თუ მე გაგაღვიძე?
– ჰო, გამაძვიღე, ოხრავ და ნერვიულობ. ვიცი, რატომაც – შვილთან შეხვედრაზე ნერვიულობ. სულ ტყუილად, ნახავ, როგორ მოვეწონები. ძალიან მალე გავიცნობთ ერთმანეთს და დავახლოვდებით.
– ჰო, – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა კაცმა და ანას ხსენებაზე გული შეეკუმშა. არ ენიშნა კარგად ის ამბავი, რომ შვილმა ერთხელაც არ დაურეკა. დარბაზშიც, დამხვედრთა შორისაც, ნაცნობი არავინ ჩანდა.
– ნერვიულობ, – ხელზე მოუჭირა ხელი ცისიამ და ლოყაზე აკოცა. დარწმუნებული ვარ, დაგვხვდებიან. შეხედე, ის ახალგაზრდა კაცი შენ გიქნევს ხელს. გამოვიცანი?
მირიანი და ვახო წყვილს გასასვლელში შეხვდნენ. მირიანი განცვიფრებული მიაჩერდა ცისიას.
– არავის უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხართ?
– ჰა, ჰა, ჰა, ვახომ ხმამაღლა გაიცინა, – ცისია, ეს დავითის სიძეა, მირიანი. დიპლომატია და ამიტომ ნუ გაგიკვირდება, ასეთი სიტყვებით რომ შეგამკო. ბარგი გაქვთ? ავიღოთ და სასტუმროში წავიდეთ. ქალაქის ცენტრში, საუკეთესო სასტუმროში დაგიჯავშნეთ ნომერი. დავითმა დაუფარავი განცვიფრებით შეხედა სიძეს, თითქოს კითხვაზე პასუხს ელოდა.
– ანას ვირუსი აქვს, გოგონებსაც გადაედოთ. ცისია კი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, – მირიანს დაასწრო ვახომ, – დაისვენებთ, ქალაქს დაგათვალიერებინებთ. ცისიას მოეწონება. ამასობაში კი, ანაც მზად იქნება თქვენ მისაღებად.
მხოლოდ მაშინ, როცა სასტუმროს ფოიეში მარტონი დარჩნენ, ვახო სიძეს მიუბრუნდა და ხმადაბლა უთხრა:
– შენი შვილი ჭკუიდან შეიშალა. ვეცდები, როგორმე დავითანხმო თქვენთან შეხვედრაზე.
– ესე იგი, ვირუსი მოიგონე. არავითარი ვირუსი არ არის. რატომ აეროპორტშივე არ მითხარი?
– რა აზრი ჰქონდა, თან ცისიასიც მომერიდა. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
– რაღაც ისე ამბობ, თვითონაც არ გჯერა, – სევდიანად გაიღიმა დავითმა, – ეცადე, მარტო შემახვედრო, დაველაპარაკები.
– არ ვიცი, არ ვიცი... – თავი გადააქნია ვახომ – ძალიანაა შენზე გაბრაზებული.
– აბა, რა ვქნათ?! ცისიამ რომ გაიგოს, ძალიან ეწყინება.
– ვხვდები. ვნახოთ, იქნებ ისევ მე და მირიანმა შევძლოთ მისი დაყოლიება. დაისვენეთ და მოგვიანებით შემოგივლით.
– ვახო, – ცოლის ძმას მხარზე დაადო ხელი დავითმა და დამნაშავესავით შეხედა, – შენც ფიქრობ, რომ მე არ მქონდა ამის გაკეთების უფლება? მირიანსაც ასეთი აზრი აქვს?
– არა, მე და მირიანი შენს მხარეს ვართ, – გამამხნევებლად გაუღიმა ვახომ, – მაგრამ შეეგუე აზრს, რომ ბევრი, ალბათ, უმრავლესობა ვერ გაგიგებს.
***
კარი გუკამ გაუღო.
– ანდროს სძინავს, მთხოვა, არ გავაღვიძო.
ნიამ ხელი აუქნია.
– საქმე მაქვს. შენ არ გააღვიძებ, მე გავაღვიძებ. პრინციპში, შენ რა გაწუხებს. დიდი ხანია, ძიძის როლი შეითავსე? მოეშვი და ყავა მომიდუღე.
– ოჰო, უკვე მბრძანებლობ?! რამე გამომეპარა? შემთხვევით, ცოლად ხომ არ გაჰყევი ჩემს ძმაკაცს და მე ახლა ვიგებ?
– მორჩი მასხრობას და გამატარე. მართლა საქმე მაქვს, არ ვხუმრობ.
– ჰო, მართლა, შენი დაქალი როგორ არის? ორი დღეა, ვურეკავ, შეხვედრას ვთხოვ და უარს მეუბნება.
– იცი, რას გეტყვი? თიკოს თავი დაანებე. მეტისმეტად სერიოზულია შენთვის, მაგრამ ამაზე მერე დაგელაპარაკები. თავიდანვე ცუდი იდეა იყო თქვენი დაახლოება.
– რატომ? არც ისეთი სულელი ვარ, როგორიც გგონივარ. თიკოც მართლა მომწონს.
– გეყოფა. მერე დავილაპარაკოთ-მეთქი. ახლა მართლა არ მაქვს ამისი არც დრო და არც განწყობა.
გუკამ მხრები აიჩეჩა.
– რა გაეწყობა. კარგი, წავალ, ყავას მოგიდუღებთ.
***
ანდრომ გაჭირვებით გაახილა თვალები. თავზე წამომდგარი ნია რომ დაინახა დაიგმინა.
– რა მოხდა, ვინმე მოკვდა? მაგალითად, გუშინდელი პაციენტი.
– ჩამოვიდა.
– რა? – ანდრომ თვალები მოისრისა და საწოლში წამოჯდა, – მოიცა, დავითი ჩამოვიდა? შენ რა იცი?
– მთელი კლინიკა ამაზე ლაპარაკობს. თიკოსაც დაურეკა. ორ დღეში კლინიკაში მოვა.
– ჰო, კარგი, ასე ნუ მიყურებ. მგონი, ჩემი გაღვიძებაც არ იყო აუცილებელი.
– შენ, ეტყობა, ვერ ხვდები, – გაცხარდა ნია, – ჩამოვიდა თავისი ახალგაზრდა ცოლით. ბედნიერი და უნდა, რომ ტრიუმფით დავხვდეთ?! არ გამოუვა, ჯოჯოხეთს მოვუწყობ.
– ნუ სულელობ, – მოიღუშა ანდრო და გოგოს წელზე მოხვია ხელი, – ბარემ აქ ხარ და მოდი, მომენტით ვისარგებლოთ.
– შენ ფიქრობ, ამის განწყობა მაქვს?
– კარგი რა, სექსზე უარს ხომ არ ვიტყვი მარტო იმიტომ, რომ ერთმა ჩერჩეტმა ბერიკაცმა ცოლი შეირთო.
– რამდენჯერ გითხარი, დავითზე ასე ნუ ლაპარაკობ-მეთქი.
ნიამ ტანსაცმელი გაიხადა და ბიჭს საწოლში ჩაუწვა. ანდრომ ხელი მოხვია.
გუკამ ყავა მოადუღა, ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და საძინებელში მყოფებს გასძახა.
– ყავა მაგიდაზეა, მტრედებო! შეგიძლიათ, გამოხვიდეთ. ანდრო, შენს სტუმარს უთხარი, რომ ყავა მოვუდუღე.
ოთახიდან მხოლოდ ყრუ კვნესა და გაურკვეველი ხმები მოისმა. გუგამ გაიცინა, კოლოფიდან სიგარეტი ამოაძრო და აივანზე გავიდა.
ლევანმა ყურმილი დადო და ცოლს შიშით შეხედა. ჩუმად ვეღარ იქნებოდა. მესამე დღე სრულდებოდა, დავითი და ცისია, თბილისში, დავითის სახლში იყვნენ. დალიმ კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.
– ვინ რეკავდა, ლევან? – ტელევიზორს ხმა ჩაუწია ქალმა და ქმარს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– დავითი იყო.
– დავითი? – დალიმ გადამრთველი პულტი დივანზე მიაგდო, წამოხტა, ქმართან მივიდა და სახეში ჩააშტერდა, – მერე?
– ყველაფერი კარგად არის. ჩამოვიდნენ, – ნელა, უხალისოდ წარმოთქვა ლევანმა. სიტყვებს წელავდა და ცოლს სახეში არ უყურებდა. ქალი რაღაცას მიხვდა.
– მოიცა, რას ნიშნავს, ჩამოვიდნენ?! მერე, სად არიან? რატომ აეროპორტში არ ვართ, რატომ არ ვხვდებით? გამაგებინე, რას დგახარ? წამოდი, წავიდეთ!
– საჭირო არ არის. დალი, რაღაც უნდა გითხრა. ოღონდ პირობა მომეცი, რომ არ ინერვიულებ და ამ ამბავს ისე შეხედავ, როგორც შენი შვილისთვის ძალიან სასიკეთოს და მნიშვნელოვანს.
ქალმა ხელები უღონოდ ჩამოუშვა და ქმარს შეშლილივით შეხედა.
– რას მიმალავ, ლევან? შენ მე სულელი გგონივარ? ახლავე მითხარი, რა ხდება!
– არა, სანამ არ დამპირდები, რომ თავის ხელში აყვანას შეძლებ, არაფერს გეტყვი. გესმის, რასაც ვგულისხმობ?
– დალიმ ერთხანს ჩუმად უყურა ქმარს, მერე მკლავებში წაავლო ხელი და ჯანჯღარი დაუწყო. თან ყვიროდა:
– შენ ხვდები? ხვდები, მე ახლა რა დღეში ვარ? გესმის რა მდგომარეობაში ჩამაგდე? იქნებ ფიქრობ, გამაცურებთ და გამაბრიყვებთ ლამაზი სიტყვებით. ის მოხდა, რისიც მეშინოდა. სად არის, ლევან, ჩემი შვილი? წადი და ახლავე აქ მომიყვანე! არაფრის გაგონება არ მინდა, წადი და მოიყვანე!
– დალი, მომისმინე, – ცოლის დამშვიდებას შეეცადა ლევანი. ეს ცისიას არჩევანი იყო და მე მას გავუგე, იმიტომ რომ, მისი ბედნიერება მინდა. შენც ასე უნდა იფიქრო. ძალიან გთხოვ, ცისიაზე იფიქრე.
– რა? რისი თქმა გინდა, რას ნიშნავს ცისიას არჩევანი? გინდა თქვა, რომ ჩემი შვილი იმ ბებერ კაცთანაა?! იმ ბერიკაცს ჩაუგდე ხელში ჩემი ანგელოზი გოგო? ლევან, გაგიჟდი?! მითხარი, რომ გაგიჟდი, ან მე გავგიჟდი და მომესმა, სწორად ვერ გავიგე შენი ნათქვამი.
– წყალს მოგიტან, – გადაჭრით თქვა ლევანმა, მაგრამ ქალი მაჯაში სწვდა და არ გაუშვა.
– მოიცადე, სად არის ჩემი შვილი? – უკანასკნელად გეკითხები.
– დავითთან, მათ... მათ... ცისიას ის უყვარს... ცოლად გაჰყვა. აი, სიმართლე ესაა. მორჩა, ახლა ყველაფერი იცი.
დალიმ ქმარს ხელი ჰკრა, საძინებელი ოთახისკენ გაიქცა და საწოლში პირქვე ჩაემხო. ლევანი უკან მიჰყვა.
– საყვარელო, მომისმინე...
– არა, არა! არც კი იცი, რა თქვი. ჩემი ცხოვრება შეიცვალა დღეს, მთლიანად შეიცვალა და თავდაყირა დადგა. დავიღუპე... რა, რა უნდა გავაკეთო ახლა, – ქალი ხმამაღლა აქვითინდა. ტიროდა და მთელი სხეულით ცახცახებდა. ყურადღებას არ აქცევდა ქმრის სიტყვებს. ლევანი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას. დალი ერთბაშად გაჩუმდა. წამოხტა და შეშლილივით წამოიყვირა:
– მე ვიცი, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო! წავალ და ცისიას ძალით წამოვათრევ. რადაც უნდა დამიჯდეს, აუცილებლად წამოვათრევ. შენ კი გამომყვები. გესმის? და ყველაფერს გააკეთებ, ცისია რომ დავიმორჩილო.
– არ წამოვალ. ჰო, რატომ მიყურებ? მე არ წამოვალ და შენც არსად წახვალ. დალი, სულ ერთი წუთით დაფიქრდი. შეეცადე, საკუთარ თავზე და იმაზე კი არ იფიქრო, ხალხი რას იტყვის, არამედ შენს შვილზე, რომელსაც უფლება აქვს, უყვარდეს ის, ვინც თავად უნდა.
– შენ, მგონი, გაგიჟდი, ხო? რა სიყვარულზე მელაპარაკები? გადამირია შვილი, გააბრიყვა, მოატყუა ჩემი გოგო, ჩემი ერთადერთი გოგო. შენ რა მამა ხარ, შვილი გეღუპება და მშვიდად ამბობ, ეს მისი არჩევანიაო. თითქოს ცისიას არჩევანი ჰქონდა. ან როგორ მომატყუე, ეს როგორ გააკეთე?!
– დალი, შეეგუე აზრს, რომ ცისია დიდი და დამოუკიდებელი ადამიანია. შენი ეგოიზმი გვერდზე გადადე და ისე იფიქრე ამ ყველაფერზე. მე ვიცი, შენ ეს შეგიძლია.
ქალმა თავზე იტაცა ხელები.
– წამიყვანე მასთან, ლევან!
კაცმა თავი გააქნია.
– არა, სანამ არ დამშვიდდები, სანამ პირობას არ მომცემ, რომ იქ ისტერიკას არ მოაწყობ, არ წაგიყვან.
– დედამისი რომ ვარ, დაგავიწყდა?
– არა, სწორედ ეგ რომ მახსოვს, იმიტომაც არ წაგიყვან. გინდა, ცისიამ ინერვიულოს? ის ახლა ბედნიერია. რატომ უნდა ჩააშხამო?!
– მე უნდა ჩავაშხამო, მე? – დალიმ მკერდზე მიიდო გაშლილი ხელი, – ღმერთო, ახლა გული გამისკდება... ისეთი სულელი ხართ მამა-შვილი, ვერც ხვდებით, რამდენად მყიფეა და დროებითი ეგ ბედნიერება. ცისიას მადლიერების გრძნობა სიყვარულში ერევა, შენ კი ახალისებ მის დაბნეულობას. იცი, რა მოხდება, როცა ამ ეიფორიული მდგომარეობიდან გამოვა? – მოგიტრიალდება და გეტყვის, – შენ სად იყავი, მე რომ კლდიდან ვვარდებოდი, ხელი რატომ არ მომაშველეო.
– შეიძლება, – პირქუშად დაეთანხმა ლევანი, – მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა. აი, რა მინდა, რომ გაიგო. რამდენიც უნდა ვუმტკიცოთ ცისიას, რომ ცდება, არაფერი გამოგვივა. იმიტომ რომ, ცისიას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.
– გისმენ და ნელ-ნელა უფრო მეშლება ნერვები. ასე მგონია, გაუაზრებლად ლაპარაკობ, რასაც შენი შვილის ბედთან კავშირი არა აქვს. წარმოგიდგენია მაინც, როგორ უნდა გამოჩნდნენ ხალხში, საზოგადოებაში, რას იტყვიან ჩვენზე, ჩვენს შვილზე? თავი აღარ გამოგვეყოფა ნათესავ-მეგობრებში.
ლევანმა ცოლს შეხედა და ჩაეცინა:
– ასეც ვიცოდი, შენ ეგ გადარდებს, ცისია კი არა.
– შენ არ გადარდებს? არ მჯერა, რომ არ გადარდებს, მაგრამ მე მეჯიბრები.
– საიდან მოიტანე ეს სისულელე? შენთან ჯიბრი როდის მახასიათებდა, მაგრამ ახლა ცისიაზე ვფიქრობ. თუ ჩვენ არ დავუდგებით მხარში, უფრო მეტად გაუჭირდება.
– აჰა, ანუ აღიარებ, რომ ამ ნაბიჯით შენმა შვილმა ცხოვრება დაინგრია.
– წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ჩვენ თუ ხელს შევუწყობთ, მისი ბედნიერება დიდხანს გაგრძელდება.
– ვაიმე, თურმე როგორი იდეალისტის გვერდით ვცხოვრობ. ის კაცი შენზე უფროსია, მგონი. ცისია კი ცხოვრებას ახლა იწყებს. სულ ერთი წუთით წარმოიდგინე, როგორ იქნებიან ერთად. ვერ მიყურებ, ხომ თვალებში?! არ შეგიძლია, წარმოიდგინო, იმიტომ რომ, საშინელებაა, არა? მე ვერ გავუძლებ ამას, მოვკვდები და იქნებ კარგიც იყოს.
– დალი, გინდა, ცოტა დავლიოთ? ვისკის მე გავაზავებ.
ქალმა დაიგმინა.
– ვისკი უშველის ჩემს უბედურებას, ლევან?
– უბედურები მაშინ ვიქნებოდით, ცისია რომ დაღუპულიყო იმ ავარიაში.
– ეჰ, ლევან, ლევან. ღმერთო, რატომ ჩაგვყარე ამ დღეში. ცისია უნდა ვნახო. წამიყვანე, ძალიან გთხოვ.
***
დავითი ღიმილით უყურებდა ბავშვივით გახალისებულ ცოლს. ცისია ჩემოდნებიდან ევროპაში ნაყიდ ტანსაცმელს ალაგებდა და არჩევდა.
– ძალიან ბევრი რაღაც გვიყიდია, დავით. როდის უნდა ჩავიცვა ეს ყველაფერი? ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ, ისევ მიჭირს გადაადგილება.
– არა, აღარ გიჭირს. ეს უმნიშვნელო პრობლემებია იმასთან შედარებით, რაც იყო. პრობლემებსაც ვერ დავარქმევ.
– ძალიან მწყდება გული, შენი შვილი რომ ვერ გავიცანი. რაღა მაინცდამაინც ჩვენი ჩასვლისას გახდნენ ავად?
– ჰო, ძალიან შევწუხდი მეც, მაგრამ შენთვის ახლა ვირუსი და ავად გახდომა არაფრით არ შეიძლება. არა უშავს. ჩავალთ მათთან ან ისინი ჩამოვლენ. მირიანი ხომ გაიცანი?!
– მომეწონა შენი სიძე, ეტყობა, რომ პატივს გცემს.
– ჰო, ძალიან კარგი ბიჭია, – დავითი ცოლთან მივიდა და მოეხვია, – შენ არ იცი, როგორ გამაბედნიერე. ჩემი დედოფალი ხარ, ჩემი მბრძანებელი. არ ვიცი, რისთვის დავიმსახურე ასეთი დიდი სიხარული. რატომ გამომიგზავნა ღმერთმა შენი სახით ასეთი საჩუქარი...
– დავით, არ მომწონს, როცა ასე ლაპარაკობ. ჰო, მართლა, ჩვენს სახლში როდის წავალთ? სასტუმროში დიდხანს უნდა ვიყოთ?
დავითმა ცოლს ხელები დაუჭირა და თითები დაუკოცნა. მერე ღიმილით წარმოთქვა, – შენთვის სიურპრიზი მაქვს. იცი, რა ვიფიქრე? არ მინდა, იმ სახლში მიგიყვანო, სადაც ჩემი ცხოვრების ის პერიოდი გავატარე, როცა შენ იქ არ იყავი. ახალი სახლი ვიყიდოთ. შენ თვითონ აარჩიე. ყველაფერი ახალი შევიძინოთ: ავეჯი, აქსესუარები, ჭურჭელი, რაც დაგვჭირდება.
ცისიამ მხრები აიჩეჩა.
– კარგი, რადგან ასე გინდა. თუმცა, მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მამაჩემს დაურეკე?
– ჰო, წეღან ველაპარაკე.
– მერე?
– ეტყვის დედაშენს.
ცისია მოიღუშა.
– დედაჩემი, დარწმუნებული ვარ, გაგიჟდება. ძალიან გაუჭირდება ჩვენს ამბავთან შეგუება.
– ჩვენს ამბავთან შეგუება მეც მიჭირს, – უხერხულად შეიშმუშნა დავითი, – კარგი იქნებოდა, სულ ასე ვყოფილიყავით, ჩვენთვის და არავის შევეწუხებინეთ.
– მე კი მინდა, ჩემი ბედნიერების ამბავი ყველამ გაიგოს. რატომაც არა?! ჩვენ ხომ გვაქვს უფლება, ბედნიერები ვიყოთ?
– ცისია, საყვარელო, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ უფლებას, მაგრამ ხომ იცი, საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანი იქნება.
– რა თქმა უნდა, ვიცი. ისე ნუ მიყურებ, როგორც ბავშვს. მგონი, ის ერთხელ უკვე გთხოვე. ჩემი ეს ნაბიჯი ბოლომდე იყო გააზრებული, თუ გინდა, ყველაფერს გეტყვი – მე მივხვდი, შენმა შვილმა ჩემთან შეხვედრა რომ არ მოინდომა. მოხიბლული ვარ, როგორ ოსტატურად „გამოვძვერით” სიტუაციიდან. არა უშავს, დავით. ძალიან კარგად მესმის ანასი. მეც ზუსტად ასეთი რეაქცია მექნებოდა, მამაჩემს შვილის ტოლი გოგო რომ მოეყვანა ცოლად. მაგრამ ისიც ვიცი, რომ, როცა ანას პირველი ემოცია გაუვლის, ის აუცილებლად მოინდომებს ჩემს გაცნობას. ესეც ადამიანური თვისებაა. ინტერესი არ მოასვენებს.
– ძალიან ჭკვიანი ხარ, – დავითი ცოლს თმაზე მიეფერა, – მითხარი, რა გავაკეთო შენთვის და ყველაფრისთვის მზად ვარ.
– შენ უკვე გააკეთე ეს ჩემთვის. სიყვარულის აღიარების რომ არ შეგეშინდა.
– რესტორანში ჩავიდეთ, მერე – აუზზე. შენთვის ცურვა აუცილებელია. კუნთები სულ უნდა მუშაობდეს. ხვალ კლინიკაში მივალ. დიდი ხანია, მიტოვებული მაქვს. შენ ხომ არ მოიწყენ?
– არა, იმიტომ რომ, მეც შენთან ერთად წამოვალ.
– ცისია...
– უარს არ მივიღებ. შენ გვერდით მინდა ყოფნა, ყოველთვის და ყველგან. სასტუმროც შეიძლება, ხუთვარსკვლავიანია, მაგრამ მე მაინც ჩემი სახლი მირჩევნია. ამიტომ, ბინის ყიდვაც დავაჩქაროთ.
– ჰო, ხვალვე მივიდეთ სამაკლერო ოფისში და ავარჩიოთ. ძველ ბინას ანას ვაჩუქებ. იქ მისი ბავშვობის მოგონებებია. და კიდევ, მინდა, მანქანა გიყიდო, რას იტყვი, მართვას შეძლებ?
– შევძლებ, მაგრამ არ მინდა. მირჩევნია, პირადი მძღოლი მყავდეს და ეს მძღოლი შენ იყო.
– ჩემო სიხარულო, როგორ მაბედნიერებ.
***
ლალიმ საორდინატოროს კარი შეაღო და იქაურობა მოათვალიერა.
– ყველა როგორ გაკრეფილა. უი, ბატონო სოსო, თქვენ ვერ შეგნიშნეთ. ქვემოთ არ ხართ? ჩვენები იქ არიან. ბატონ დავითს ხვდებიან, მეუღლესთან ერთად მოვიდა.
– ჰო, ვიცი, ვიცი, – ჩაილაპარაკა სოსომ და წამოდგა, – დაღლილი ვიყავი და წამოვწექი. იმედია, ახლა მაინც მიხედავს კლინიკას. გადადებულ ოპერაციებსაც გავაკეთებთ.
– თქვენ ცუდ გუნებაზე ხართ? – ლალი ინტერესით მიაშტერდა ქირურგს.
– არა, ხომ გითხარი, დავიღალე-მეთქი, – წესიერად არ მძინებია. მთელი კლინიკა ჩემზეა.
– ანუ, არ წამოხვალთ? – დაიბნა ლალი.
– სად, ლალი? – ტონი გაიმკაცრა სოსომ, – ვერ მივხვდი, სად მეპატიჟები?
– ქვემოთ, ხომ გითხარით, ყველა იქ არის-მეთქი. ბატონმა დავითმა მეუღლე მოიყვანა გასაცნობად.
– მე ვიცნობ მის მეუღლეს... გვინახავს უკვე, – გამოსცრა სოსომ ბოღმიანად და როცა ექთნის გაოცებული სახე დაინახა, ნაძალადევი ღიმილით დაამატა, – ეგ გოგო ჩვენი პაციენტი არ იყო? ჰოდა, რა უნდა ვნახო ახალი? თქვენ მიდით, გაუღიმეთ, მოიგეთ „შეფის” ცოლის გული. მე ეგ არაფერში მჭირდება.
ლალიმ მხრები აიჩეჩა და საორდინატოროდან ჩუმად გავიდა. სოსომ რაღაც ჩაიბურტყუნა, კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. ბებერი გარყვნილი. ჰმ, ანგელოზივით გოგო ჩაიგდო ხელში და ალბათ, ახლა თავს მოიწონებს. რატომ უმართლებს ასე ცხოვრებაში, რა კანონზომიერებით? წარმოუდგენელია. ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობს. ყველაფერი აქვს, მე კი ჯერ საყვარელიც ვერ გავიჩინე. ცისია მეც ხომ მომეწონა. სიზმარშიც კი ვნახე, როგორ მიმყავდა საკურთხეველთან. რატომ არ დავასწარი და მე არ ავუხსენი სიყვარული, მაგრამ ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, უარს მეტყოდა. რა მოეწონა ამ ბებერი კაცის. თუმცა, დავითმა ხომ გადაარჩინა. „გადარჩენილი პაციენტის სინდრომი.” არა უშავს, მალე გამოვა ამ ეიფორიიდან და როცა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მამაკაცი მოუნდება, მე მის გვერდით ვიქნები. პრინციპში, ჩავალ და მივულოცავ, რატომაც არა. ასეთ სიტუაციაში, ყოველთვის ახლო მანძილზე ყოფნა სჯობს.
ნიას თავი ღირსეულად ეჭირა. ანდრო ირონიაშეპარული ღიმილით ადევნებდა თვალს და აღიარა, რომ გოგო დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაუმკლავდა. არაფერი შეშლია. მოზომილად იღიმებოდა და საკმაოდ თავაზიანიც ჩანდა. სამაგიეროდ, დავითი იყო დაძაბული. ცისიას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, თორემ კარგად ხვდებოდა, რომ ქალის ადგილი აქ არ იყო. შეიძლება, ეჩვენებოდა, მაგრამ გაიფიქრა, რომ კლინიკის თანამშრომლები დაძაბული მზერით და ნაძალადევად უღიმოდნენ... მათ დახვედრას გულწრფელობა აკლდა. ყველაფერს ხელოვნური იერი დაჰკრავდა – მისალმებასაც, სიხარულსაც და მოწიწებულ, პატივისცემის გამომხატველ მზერასაც... დავითი დაითრგუნა. ცისიას მექანიკურად ჩაავლო ხელი და თითებზე მაგრად მოუჭირა. გოგომ იგრძნო, რისი თქმაც უნდოდა ამ ჟესტით კაცს და ინიციატივა თავად აიღო. პირველად თიკოსკენ შებრუნდა და გულითადად გაუღიმა.
– ყველაზე კარგად თქვენ მახსოვხართ. თვალი რომ გავახილე, პირველი, ვინც დავინახე, თქვენ იყავით....
– მოდი, არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რა პირობებში ვნახეთ ერთმანეთი პირველად, – თიკო ცისიასთან მივიდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი. მერე დავითისკენ შებრუნდა.
– გილოცავთ. ყველას ძალიან გაგვიხარდა. ისიც გვიხარია, რომ დაბრუნდით და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ მუშაობას.
– ჰო, რა თქმა უნდა. ჩემი დასვენება და არდადეგები დასრულდა. სრული დატვირთვით შევუდგები მუშაობას.
– თქვენი მეუღლეც ჩვენი კოლექტივის ნაწილი გახდება? – მეტიჩრულად წამოსცდა ლალის – ინტენსიური განყოფილების ექთანს.
– არა, მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება მისთვის. ისიც საკმარისია, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, თანაც დიდი ნაწილი, – ისეთი გულწრფელი აღფრთოვანებით წარმოთქვა დავითმა, რომ იქ მყოფებმა ტაში დაუკრეს. ნიამ კბილები გააღრჭიალა და თავი მიაბრუნა. ანდროს მხედველობიდან არ გამოჰპარვია გოგოს ეს ჟესტი. გამაფრთხილებლად მიიტანა თითი ტუჩთან და ნიას ანიშნა, თავი შეიკავე, ყველაფერს გააფუჭებო. მოგვიანებით, როცა ცისია და დავითი მთავარი ექიმის კაბინეტში შევიდნენ, მედპერსონალიც წავიდ-წამოვიდა, ანდრო ნიასთან მივიდა. მკლავზე მოჰკიდა ხელი და გვერდით გაიყვანა.
– შენ ხომ არ გაგიჟდი, რანაირად იქცევი? გინდა, დღესვე მიგაბრძანონ აქედან? რას უბღვერდი იმ გოგოს... ის საერთოდ რა შუაშია? იდგა დაბნეული და თვალებგაფართოებული, დამფრთხალი წიწილასავით იყურებოდა.
– კარგი, კარგი, მაგ დამფრთხალმა წიწილამ, როგორც შენ უწოდებ, კაცი ამახია.
– ნია, ცოტა ჭკვიანურად იფიქრე და იაზროვნე. თუ ასე გააგრძელებ, ჩვენი გეგმის განხორციელებას ვერ შევძლებთ.
ნიამ ყოყმანით და ეჭვით შეხედა.
– შენ გგონია, რამე გამოგვივა? ვერ ნახე, როგორ შესციცინებდა? თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე შეყვარებულია.
– ეგ – ბატონი დავითი და არც მიკვირს. ასეთი ნორჩი, ლამაზი და საყვარელი გოგო ჰყავს გვერდით.
– მე არ ვიყავი ნორჩი, ლამაზი და საყვარელი? – აღშფოთდა ნია და ბიჭს გააფთრებით შეხედა, – რით ვარ მაგ გაწუწულ კნუტზე ნაკლები, იმიტომ რომ, ავარიაში არ მოვყევი? გული მერევა, როცა მათ ვუყურებ, ამაზრზენია...
– გეთანხმები. ბაბუა და შვილიშვილივით არიან, – დაეთანხმა ანდრო, – მაგრამ არის ამაში რაღაც ამაღელვებელი.
– გაჩუმდი, თორემ მოგკლავ! – გაცხარდა ნია, – აქ მაინც რატომ მოათრია? ბებერი სულელი... აი, შემომხედეთ, რა ქალს შევუყვარდიო? შტერი... თანაც ნაძირალა. ხომ შეეძლო, ცოტა ჩემზეც ეფიქრა. მაგრამ ფეხებზე დამიკიდა. ამას არ ვაპატიებ! უნდა ვანანო... ძალიან უნდა ვანანო და ვაღიარებინო, რომ საზიზღრად მომექცა.
– ამის დროც მოვა. მაგრამ, თუ შენ ჭკუას არ მოუხმობ და შეგამჩნევენ, მათ მიმართ მტრულად რომ ხარ განწყობილი, არაფერი გამოგვივა, საერთოდ არაფერი. იფიქრე ამაზე.
– ვაიმე, ვერ ვფიქრობ. ძალიან ვარ ნერვებმოშლილი და გამწარებული.
– გეტყობა და სანამ დავითსაც შეუტყია, დამშვიდდი. თუ გინდა, მე დაგამშვიდებ, ხომ იცი, როგორ კარგად გამომდის ეს...
ნიამ ამრეზით შეხედა.
– გინდა, საერთოდ გადავირიო?
– რატომ? ჩვენ ხომ შეთანხმება გვაქვს?
– ანდრო... საშინლად, საშინლად ვარ გამწარებული. შენ ჩემს ადგილას არ ხარ და ვერ მიხვდები ამას. შეურაცხყოფილი ქალი კი ძალიან საშიში შეიძლება, იყოს.
ანდრო გოგოსთან მივიდა და მოეხვია.
– ჩემთვის არ ხარ საშიში, საყვარელიც კი ხარ... ვგიჟდები, როცა ბრაზობ, ისეთი სექსუალური ხარ ამ დროს... მაგრამ ახლა ეს სექსუალობა მთავარ ბრძოლას წაგაგებინებს.
– ჰო, თუკი საერთოდ იქნება ეს ბრძოლა, – ჩაილაპარაკა ნიამ, – მეეჭვება, რომ რამე გამოგვივა. ძალიან არის შეყვარებული.
– ეს ხომ უკვე თქვი, – ჩაიცინა ანდრომ, – და მეც გითხარი პასუხი. შენ მთავარი გამოგრჩა, საყვარელო.
– რა არის ეს „მთავარი“? – გამოაჯავრა ნიამ.
– ცისია... ყოველთვის ასეთი გულუბრყვილო არ იქნება. ჯერ ეიფორიაშია... თანაც, ჩვენ გვაწყობს მისი გულუბრყვილობა.
– შენ რაღაც გეგმა გაქვს. ასეა? მოყევი.
ანდრომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა. აქ და ახლა, არა. ყოველ წუთს შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს, მაგრამ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს, არ დაგაღალატებ.
– კარგი... ანუ, მარტო ის მევალება, რომ დავმშვიდდე.
– ჰო, მარტო ეს გევალება. წადი და მიხედე საქმეს.
– მოიცა, დავითმა ჩემთან ლაპარაკი რომ მოინდომოს?
– მოინდომოს მერე, რა პრობლემაა. იმიტომაც გითხარი, რომ უნდა დამშვიდდე. გახსოვდეს, რომ შედეგი გაცილებით მნიშვნელოვანია და დროებით დათმობად აუცილებლად ეღირება.
ნიამ ნაძალადევად გაიღიმა.
– კარგი, შევეცდები.
– კი არ შეეცდები, დამპირდები, რომ ბატონი დავითი მღელვარებას ვერ შეგატყობს.
– ოჰ, ეგ ბატონი დავითი... რატომ ვერ მივხვდი, ასეთი მექალთანე და გარყვნილი თუ იქნებოდა...
– არა, ნია, ჩვეულებრივი მამაკაცია... ერთი რიგითი, ჩვეულებრივი მამაკაცი.
***
დავითმა ყურმილი აიღო.
– თიკო, შეგიძლია, ყავა მომიტანო? მე რომ მიყვარს, შენ იცი... არა, ჩემი მეუღლე ყავას არ სვამს. წვენი – შეიძლება. გმადლობ...
ცისიამ ქმარს შეხედა.
– შენ აქ მთელი დღე აპირებ დარჩენას?
– რა თქმა უნდა, – დავითს ცოლის გულუბრყვილო შეკითხვაზე გაეცინა. ეს ჩემი სამსახურია, ცისია...
– ჰო, მაგრამ უფროსი შენ ხარ. მაშინ შეგიძლია, წახვიდე, როცა მოგესურვება... ჰოდა, წამოდი, გავისეირნოთ. მთაწმინდაზე ავიდეთ ან, სულაც, ქალაქგარეთ გავიდეთ.
დავითმა ფრთხილად მოიცილა ცოლის მკლავები და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა, საყვარელო, ასე არ გამოვა. ისედაც დიდხანს არ ვიყავი. მოიცადე, მამაშენი მირეკავს...
დავითი ააღელვა და ააფორიაქა სიმამრის ზარმა. წამოწითლდა და თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდის ზედაპირზე.
– დიახ, ირაკლი... რა თქმა უნდა, ვხვდები... არა, აქ არის, ჩემ გვერდით... არა, ჯერჯერობით სასტუმროში გავჩერდით. რაღაც გეგმები გვაქვს... გავიგე... დიახ, ვეტყვი ცისიას და თქვენ როგორც გვირჩევთ, ისე მოვიქცევით... ახლა? ჯერ კლინიკაში ვართ. ცისია კარგად არის, სამსახურში გავედი. კარგი, დაველოდები თქვენს ზარს.
დავითმა ყურმილი დადო.
ცისიამ ვერ აიტანა მისი დუმილიანი მზერა და მოუთმენლად ჰკითხა:
– რა ხდება? რა უნდოდა მამაჩემს?
– დედაშენმა ყველაფერი გაიგო. უთქვამს ირაკლის... იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი რეაქცია ექნებოდა დალის... ალბათ, როგორ ვძულვარ, – ამოიოხრა კაცმა.
– თუ რეაქციებით ვიმსჯელებთ, შენს შვილსაც ძალიან უნდა ვძულდე, – საყვედურნარევი კილოთი ჩაილაპარაკა ცისიამ და მერე, მოულოდნელად გაიღიმა.
– კარგი. მოდი, ამ ყველაფერს იუმორით შევხედოთ და ცოტა გავხალისდეთ.
კაცს თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან.
– როგორ ახერხებ ამას? საიდან გაქვს ასეთი სიმსუბუქე?! ისეთი გადამდებია შენი თავისუფალი ნება და სიხალისე... მეშინოდა დედაშენთან შეხვედრის და აღარ მეშინია.
– არც უნდა გეშინოდეს. ის ხომ დედაჩემია, – გადაიკისკისა ცისიამ და ქმარს ლოყაზე მიეხუტა, – ჩემი, ფიქრებითა და დარდებით დამძიმებული ექიმი... მოდი, ერთად ვებრძოლოთ მაგ შენს სიმძიმეს, კარგი?
– კარგი, – დაეთანხმა დავითი ღიმილით.
კაბინეტის კარი სოსომ შემოაღო და უხერხულობისგან ჩაახველა. ცისიას არც უფიქრია ქმრის მუხლებიდან წამოდგომა. დავითი გაწითლდა.
– ცისია, სავარძელში გადადი, საყვარელო, მე და ბატონ სოსოს საქმე გვაქვს.
– კარგი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბატონი სოსო ექიმიც შენი გუნდის წევრია, ისევე, როგორც მე. მეშლება?
– არა, ნამდვილად არ გეშლებათ, – ღიმილით დაეთანხმა სოსო, რომელმაც სწრაფად აუღო ალღო სიტუაციას. დავითთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.
– ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი. მაპატიეთ, რომ ქვემოთ ვერ ჩამოგისწარით. ვიმორიგევე წუხელ და ჩამეძინა.
– რას ამბობ, სოსო, პირიქით. მადლობელი ვარ შენი, რომ ჩემს აქ არყოფნაში, კლინიკას წარმატებით გაართვი თავი. მითხრა თიკომ... რამდენიმე ოპერაციაც გაგიკეთებიათ.
– ჰო. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. დიდი ხნით დაგვიბრუნდით?
დავითმა ცოლს გადახედა და გაიღიმა.
– საკმაოდ დიდი ხნით. უნდა ვიმუშაო. ცოლი ამის ნებას მრთავს. მომენატრა საოპერაციოში ყოფნა.:
– მიხარია. ხომ არაფერი გჭირდებათ? შემოვლაზე უნდა გავიდე.
– წადი, წადი, ხალათს ჩავიცვამ და მეც შემოგიერთდები.
სოსო რომ გავიდა, ცისიამ კეკლუცად გააპროტესტა.
– ესე იგი, მტოვებ? არა, რა... აქ მარტოს მომწყინდება.
– მძღოლს ვთხოვ და სასტუმროში წაგიყვანს... ან ცოტა ხანი გაერთე. მალე დავბრუნდები.
– არ მინდა არც აქ და არც სასტუმროში.
დავითი შეწუხდა.
– ასე არ გამოვა. მითხარი, რომ ხუმრობ. ხომ ხვდები, რომ ჩემს მძიმე დღის რეჟიმთან მოგიწევს შეგუება.
– ვიცი... და რაღაც მოვიფიქრე, – ონავრულად აუციმციმდა თვალები ცისიას და დავითი მიხვდა, რომ მის ვერცერთ სურვილს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას.
– კლინიკას იურისტი ჰყავს?
დავითი არ ელოდა ასეთ შეკითხვას და დაიბნა.
– რატომ მეკითხები? მგონი, ჰყავს. ჰო, უნდა გვყავდეს.
– მე ვიქნებოდი კლინიკის იურისტი. სამსახურიდან წამოვალ და აქ დავიწყებ მუშაობას. სულ შენთან ვიქნები. აქვე, შენი კაბინეტის გვერდით გავიკეთებ ოთახს და როცა მოგვინდება, მაშინ შეგვეძლება ერთმანეთის ნახვა. ხომ კარგად მოვიფიქრე?
– არაჩვეულებრივად. მაგრამ ოთახის გაკეთება, ალბათ, საოპერაციოს გვერდით აჯობებს. უფრო მეტ დროს იქ ვატარებ.
– როგორი საყვარელი ხარ.. მოგიწევს ჩემთვის დროის პოვნა.
– კარგი. მე ახლა შემოვლაზე წავალ და დავბრუნდები. ჩაი ან ყავა თუ მოგინდება, აი, ამ კლავიშს დააჭირე თითი და ექთანი შემოვა.
– გმადლობ, მივხედავ თავს. მამაჩემს აღარ დაურეკავს?
– არა... და ალბათ, საღამოს დაგვიბარებენ დედაშენთან... ძალიან მეშინია და განვიცდი.
– ჰო, შეგეტყო, როცა მამაჩემის ნომერი დაინახე. დედაჩემი მაგრად „მოგაწვება“, მაგრამ ნუ გეშინია – მე შენ გვერდით ვიქნები. უკანდახევის საშუალებას არ მოგცემ და გავუძლებთ როგორმე.
– მე მესმის მისი, ამიტომაც გამიჭირდება თავის დაცვა.
ცისია აღშფოთდა.
– თავი კი არა, ჩვენი სიყვარული უნდა დაიცვა. სიყვარულს კი ასაკი არა აქვს.
– ეგ მართალია, მაგრამ მისი პოზიციიდან რომ ვუყურებ ამ ყველაფერს, ცოტა ეჭვი მეპარება. ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას. არ მენდომებოდა, ანა ასაკით თავისზე ბევრად უფროს კაცს გაჰყოლოდა ცოლად და ალბათ, წინააღმდეგობასაც გავუწევდი.
– არა, დავით... ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩვენი ცხოვრებაა და თავადვე უნდა გადავწყვიტოთ, ვის გვერდით ვიქნებით.
– ჰო, ეგეც მართალია. მაგრამ, დედაშენთან აშკარა და პირდაპირი დაპირისპირება მაინც არ გვინდა. მის დედობრივ გრძნობებს გავუწიოთ ანგარიში.
– როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა ცისიამ, – მაგრამ იცოდე, მისგან შენზე თავდასხმებს ვერ ავიტან. არ გავალანძღვინებ შენს თავს.
– მაშინ, ხომ არ აჯობებს, ჯერ მე ვნახო და დაველაპარაკო?
– არა. ყოველთვის და ყველგან ერთად ვიქნებით, – გაჯიუტდა ცისია, – მით უმეტეს, იქ, სადაც ერთმანეთის დაცვა იქნება აუცილებელი.
დავითს უსიამოვნოდ ენიშნა ცოლის სიტყვები. მოაგონდა, რომ ნიასკენ ერთხელაც არ გაუხედავს. შიში და რიდი მძლავრობდა მასში. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ გოგოსთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი აუცილებლად მოუწევდა...
დერეფანში გასულს კართან ანდრო დახვდა.
– მიხარია, რომ ისევ სრული დატვირთვით ამუშავდებით.
– ანდრო, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მინდა, პირადად ჩემთან იმუშაო. შენში ვხედავ პოტენციალს და ერთად განვავითაროთ.
ბიჭს სახე გაუნათდა.
– მე? ბატონო დავით... ეს დიდი პატივია... ვოცნებობდი ამაზე.
– ყველაფერს გასწავლი, რაც ვიცი. გვერდიდან არ მოგიცილებ. სოსოზე დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ მიღწეულით კმაყოფილდება. ქირურგისთვის კი ეს ძალიან დამღუპველია... ოღონდ არ უნდა დამაღალატო.
– ბატონო დავით, გპირდებით... სახლში საერთოდ არ წავალ, სულ აქ ვიქნები! – წამოიძახა ანდრომ.
– სახლში არ წახვიდე, არ ჭამო, არ დაიძინო და გოგონებს არ შეხვედო-მეთქი, არ მითქვამს, – იხუმრა ბატონმა დავითმა, – წავიდეთ, სოსოს შემოვლა აქვს, შევუერთდეთ.
– პაციენტიც რომ გელოდებათ? სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს ოჯახის წევრებმა... ჩემი შეფასებით, სასწრაფო საოპერაციოა.
– კარგი. აბა, ვნახოთ... – დავითმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები, – უჰ, როგორ მომენატრა ეს ყველაფერი.
ირაკლიმ თაროდან ფინჯნები ჩამოიღო და ყავადანი ჩართო.
– ყავას ხომ დალევ? – ჰკითხა ცისიას, ნერვიულად რომ იკვნეტდა ტუჩებს და მთელი ყურადღება სასტუმრო ოთახისკენ ჰქონდა.
– ცისია, გესმის, რა გითხარი? – ყავა დავლიოთ-მეთქი და ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
– არა, იქ რაღაც ხდება. ისეთი უცნაური სიჩუმეა... უნდა გავიდე და ვნახო.
ცისიას სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ კარი გაიღო და სამზარეულოში გააფთრებული დალი შემოიჭრა.
– შენი ქმარი ცუდად არის, წყალი დამისხი!
– რა?! – იყვირა ცისიამ, – რა გააკეთე, დედა?
– არაფერი გამიკეთებია, ნუ სულელობ. უბრალოდ, ველაპარაკებოდი. ასეა, როცა ხანდაზმულ კაცს მიჰყვები ცოლად, – მომენტი ხელიდან არ გაუშვა დალიმ. ქმრის უკმაყოფილო მზერაც არაფრად ჩააგდო, ჭიქა წყლით შეავსო და ოთახში დაბრუნდა. ირაკლი და ცისიაც უკან მიჰყვნენ. დავითი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს და ფერიც უკეთესი ჰქონდა. წყალი მოსვა და ცოლის ხელი ჩაბღუჯა.
– ჩვენ მივდივართ, – განაცხადა ცისიამ, – არ მეგონა, ჩვენი ბედნიერება პრობლემა თუ იქნებოდა თქვენთვის – ჩემი მშობლებისთვის. განსაკუთრებით შენი მადლობელი ვარ, დედა. დავით, წავიდეთ!
– არა, არა, მოიცადეთ, – ირაკლი ცოლს მიუბრუნდა, – საკმარისია, ახლა დავსხდეთ, ჩაის დავლევთ და ცივილიზებული ადამიანებივით დავილაპარაკებთ. ჩვენ, ყველას ერთი რაღაც გვაერთიანებს, – ჰო, ეს „რაღაც“ ის გრძნობაა, რაც ცისიას მიმართ გვაქვს. დამეთანხმებით, რომ ვინც აქ ვართ, ყველას გვინდა, რომ ცისია ბედნიერი იყოს. მაშინ შეთანხმებამდეც მივალთ. ასეა?!
ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. ჯერ დავითმა დაიქნია თავი და ცისიას გაუღიმა. დალიმ მხრები აიჩეჩა. კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ქმრის ხმაში შეფარული მუქარის ტონი, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო ნაცნობი. საერთოდ, მშვიდი და დამყოლი ირაკლი ზოგჯერ შეუვალი, პრინციპული, ჯიუტი და მკაცრი ხდებოდა. ასეთ დროს მასთან კამათი არათუ არ ღირდა, სახიფათოც კი იყო... ამიტომაც უსიტყვოდ ადგა და სამზარეულოსკენ გაემართა.
– ცისია, დედაშენს მოეხმარე მაგიდის გაშლაში, – შვილს მიმართა ირაკლიმ და ანიშნა, დავითთან მარტო მინდა დარჩენაო.
***
ნია ლოყით დაეყრდნო შიშველ მუხლისთავებს და ბიჭს გვერდულად გახედა.
– ისე, შენთან მართლა კარგად ვარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავითისთვის სახის ჩამოკაწვრა აღარ მინდა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ შურისძიებაზე ხელი აიღე?
– სისულელეა... – ჩაიცინა ნიამ ირონიულად, არც მიფიქრია. პირიქით, სულ უფრო მიძლიერდება შურისძიების წყურვილი. რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ, ეფექტური, ძალიან ეფექტური...
– მაგალითად? – ჩაეკითხა ანდრო და სიგარეტს მოუკიდა.
– ძალიან ბევრს ეწევი, – შეუბღვირა ნიამ, – მერე თმაზე ცუდი სუნი მაქვს ხოლმე. შენი აბაზანით კი ვერ ვისარგებლებ, რადგან გუკაც სახლშია. ასე რომ, ნიკოტინის გარეშეც გაძელი ცოტა ხანს.
– ჰო, კარგი... ვერ ვიტან, როცა რაღაცას მიშლიან და ლექციას მიკითხავენ ნიკოტინის მავნებლობაზე. დარჩები ჩემთან ამაღამ? უკვე გვიანია. რატომ უნდა წახვიდე?
– იმიტომ, რომ მარტო უკეთესად ვფიქრობ.
– სამაგიეროდ, ერთად საოცარი რაღაცეები გამოგვდის, – ანდრომ ხელი შიშველ ზურგზე დაუსვა გოგოს. მერე მოეხვია და თავი მის მკერდში ჩამალა, – დარჩი, რა... პირობას გაძლევ, დილით აბაზანაში პირველი შენ შეხვალ და იქ იმდენ ხანს დარჩები, სადამდეც მოგინდება.
– ვნახოთ, შეიძლება, დავრჩე კიდეც... თუ მეტყვი, რა გეგმაზე ლაპარაკობდი.
– კარტების გახსნა დროზე ადრე არ მიყვარს. შეიძლება, მოწინააღმდეგემ ჩაიხედოს და ხელი შემიშალოს.
– მე მოწინააღმდეგე კი არა, მოკავშირე ვარ. რაღაცას ურევ, – ნიამ მსუბუქად წაარტყა თავში ხელი ანდროს. მერე კი ჩაეხუტა, – ვრჩები. მეზარება ადგომა, ჩაცმა და ამ სიცივეში გარეთ ტაქსის ლოდინი. ანდრო, მითხარი, რატომ მე არ შემირთო ცოლად დავითმა? რა მჭირს ისეთი, რაც კაცს ჩემთან დაქორწინების სურვილს უკარგავს.
– ნია, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, არაჩვეულებრივი. საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ დავითის ამჩატებაში. მის ასაკში მამაკაცებს ასეთი რაღაც ემართებათ.
– მეც სწორედ მაგას გეუბნები. რატომ ცისია და არა მე... ავარიაში რომ არ მოვყევი და დავითის საოპერაციო მაგიდაზე არ აღმოვჩნდი, იმიტომ?
– მორჩი. ეგ არაფერ შუაშია, – ანდრომ ყელი და მკერდი დაუკოცნა გოგოს. მერე უფრო გათამამდა. მისი ალერსიც უფრო მომთხოვნი გახდა. ნია ჯერ წინააღმდეგობას უწევდა, მერე მოეშვა და ალერსს მინებდა. ბოლოს კი სიამოვნებისგან კატასავით აკრუტუნდა.
***
ირაკლიმ დავითს მხარზე დაადო ხელი.
– უკეთ ხარ? მართლა?
– უკეთ ვარ. პრობლემა არ არის. არაფერი მჭირს, უბრალოდ, ცოტა ავღელდი. იქნებ ფიქრობ, რომ ავადმყოფი ვარ.
– არა, არა, დალის ყურადღებას ნუ მიაქცევ. ძალიან განიცდის ცისიას ამბავს. ვერაფერი მოვუხერხე. დრო სჭირდება.
– მესმის, ირაკლი, შენ ამაზე არ ინერვიულო. მაგრამ, ცისიასთვისაა მძიმედ გადასატანი დედის ასეთი რეაქცია. ჩვენ წავალთ, რამდენიმე დღეში ისევ მივალთ. ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც დალაგდება.
– არა, არ წახვალთ. ყოველ შემთხვევაში, ასე მალე. ჩაი აუცილებლად უნდა დავლიოთ. კიდევ არის ერთი საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.
– გისმენ, ირაკლი.
– პირდაპირ გეტყვი. თქვენი ქორწინების ამბავს ვგულისხმობ. ცისია ჩვენი ერთადერთი ქალიშვილია. მისი გათხოვების შესახებ ყველა ალაპარაკდება, ამიტომ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
– ჰო, მივხვდი. მაგრამ ცისიას არ უნდა არც წვეულების მოწყობა და არც რაიმე ცერემონიალი.
– ცისიას სურვილს ბოლომდე ავყევი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ ამჯერად უნდა დაგვიჯეროს. არ შეიძლება, ხალხი რას იტყვის?! საზოგადოებაში როგორ გამოვჩნდეთ. ზედმეტი შეკითხვები რატომ უნდა გავუჩინოთ ადამიანებს?
– მაგაზე მეც ვფიქრობ. კარგი, ცისიას დაყოლიებას შევეცდები...
ირაკლიმ დავითს შეხედა...
– ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენ ჩემი სიძე გახდებოდი. არ დაგიმალავ, ჩემი ცოლივით არ ვიქცევი, მაგრამ შეგუებით ჯერ მაინც ვერ შევეგუე.
დავითმა თავი დახარა. შერცხვენილ და კუთხეში დაყენებულ ბავშვს ჰგავდა. ოთახში ცისია და დალი შემოვიდნენ. ლანგრებით ჩაი და ტკბილეული მოჰქონდათ.
– ჩვენი გოგონებიც მივიდნენ, – უხეიროდ იხუმრა ირაკლიმ და როცა ცოლს სახეზე შეხედა, მიხვდა, სამზარეულოში დედა-შვილს შორის საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა. მაგრამ გაჟეჟილს გატეხილი ამჯობინა და მოგონილი, ნაძალადევი მხიარულებით განაცხადა:
– ოჯახი ჩაიზე შეიკრიბა. ახლა შეგვიძლია, საქმეზე ვილაპარაკოთ.
– აღარ გვინდა ამდენი ლაპარაკი, – გაბრაზდა ცისია, – ისევ ვიჩხუბებთ და არ მინდა.
– ჩხუბს ვინ აპირებს? – პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ცისია, ასე არაფერი გამოვა.
ცისიამ ჩაი მოსვა და შეშფოთებით გადახედა დავითს, რომელმაც გამამხნევებლად გაუღიმა.
– ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდა.
– წვეულება უნდა გავმართოთ. ასეთი სახით ნუ მიყურებ. თუნდაც ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია, – ირაკლიმ ჯერ ცოლს გადახედა, შემდეგ შვილს. დალიმ ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ქმრის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაუგონია. ცისია დაიღრიჯა.
– ისევ რას იტყვის ხალხი... ღმერთო, როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი, ძალიან მომბეზრდა. ვერ ვიტან უაზრო წვეულებებს. ყალბღიმილიან, უაზრო ადამიანებს და ვიწრო, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. არ მინდა და გაფრთხილებთ, სიურპრიზი არ მომიწყოთ.
– კარგი, ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით. აღარ შეეკამათა ირაკლი.
ჩაი სრულ სიჩუმეში დალიეს და ახლად დაქორწინებულები წავიდნენ. დალიმ უსიტყვოდ აალაგა მაგიდა და საძინებელში ისე შევიდა, ქმრისთვის ზედ არ შეუხედავს. ირაკლი მიხვდა, რომ შვილისა და სიძის წასვლით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, მეორე „რაუნდი“ დაიწყო.
***
ცისია დავითს მხარზე მიეყრდნო და მიეხუტა.
– არ შეიძლება, ყველამ თავი დაგვანებოს? ძალიან შევწუხდი. რატომ არ შეიძლება, თავიანთი ცხოვრებით დაკავდნენ და უბრალოდ, გვაცალონ, ბედნიერები ვიყოთ. შენ გინდა, ის რაღაც წვეულება? ოღონდ გულწრფელად.
– საქმე ის არ არის, მე რა მინდა. მამაშენს ნუ ვაწყენინებთ, კარგი კაცია. ჩვენ მხარეს არის... ეს უნდა დავაფასოთ.
– და... ამიტომ მთელი საღამო მორთულ-მოკაზმული მაიმუნივით უნდა ვიჯდე და აუტანელ ადამიანებს თავაზიანად გავუღიმო, მარტო იმიტომ, რომ ასეა მიღებული? შენ ხომ ზუსტად იცი, რომ სეირის საყურებლად მივლენ.
– ასე მძაფრად ნუ აღიქვამ ამ ამბავს, – დავითი ცოლის დამშვიდებას შეუდგა, – ერთი პატარა წვეულება... ჩვენც გავერთოთ. თანაც, მიზეზი გვექნება, ანა ჩამოვიყვანოთ და გაიცნობ.
ცისიამ ამოიოხრა.
– კარგი. როგორც გინდა. ოღონდ გაფრთხილებ, წვეულება თუ ხალხმრავალი და სულელური სადღეგრძელოებით გაჯერებული იქნება, გავიქცევი...
დავითმა ცოლს თვალებში ჩახედა.
– შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ... არ შემიძლია, უარი გითხრა, თუნდაც გიჟურ სურვილზე. დამიჯერე, მამაშენს მარტო იმიტომ დავთანხმდი, რომ არ მინდა, შენს ძვირფას ადამიანს ვაწყენინო. ნუ გამიბრაზდები. ხომ იცი, ვცდილობ, დედაშენის გულიც მოვიგო. ვიცი, არასდროს მაპატიებს, შენი სიყვარული რომ გავბედე, მაგრამ...
– დავით, მე მიყვარხარ. ეს საკმარისი არ არის შენთვის?
– ჰო, საკმარისია, საყვარელო, საკმარისი... და ამ სიყვარულს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები.
***
თიკომ ბიჭის ხელი უხეშად მოიშორა და შეუბღვირა.
– ხომ გთხოვე, ძალიან ნუ გათამამდები-მეთქი.
– მერე, მე რამე დავაშავე? – მოჩვენებითი გაოცებით აიჩეჩა მხრები გუკამ, – თან ზუსტად ვიცი, რომ გსიამოვნებს, როცა გეფერები.
– მსიამოვნებს, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივა.
– კარგი რა, თიკუნა. ასე რომ მელაპარაკები, ბებიაჩემი მგონიხარ.
– ანუ, ბებიაშენი ვარ?! – ერთბაშად იფეთქა თიკომ. ბიჭს ხელი ჰკრა და სავარძლიდან წამოხტა.
– მომისმინე, ახლა წავალ და აღარ დამირეკო.
გუკამ გაუცინა. ქალის გაბრაზებას მის მხიარულ განწყობაზე ოდნავადაც არ უმოქმედია.
– წადი, – უთხრა მშვიდად, – მაგრამ მე შენს დახატვას ვაპირებდი.
თიკო შეცბა.
– მართლა? უნდა დამხატო? სერიოზულად ამბობ?
– ჰო, რა იყო? ძალიან შინაარსიანი სახე გაქვს... თვალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – თვალებით ამბობ სათქმელს.
– თვალები? არც კი ვიცი, რა ვთქვა... და რას ამბობენ ჩემი თვალები?
გუკამ ქალს მხრებზე მოხვია ხელი, თავისკენ შეაბრუნა და სახეში ჩააშტერდა.
– ამბობენ, რომ მოგწონვარ, თანაც ძალიან...
თიკო გაჩუმდა. მთელ სხეულში თბილმა ჟრუანტელმა ტალღასავით დაუარა და ბიჭს ტუჩებით შეეხო ლოყაზე. გუკამ კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა და კოცნა დაუწყო.
– არა, არა, არა... – თიკო გაუძალიანდა, – არ შემიძლია... გუკა, ძალიან გთხოვ...
ბიჭმა ხელი გაუშვა და ამოიოხრა.
– ხომ ვიცი, რომ შენც გინდა ის, რაც მე მინდა. ასე ჯიუტად რატომ მეწინააღმდეგები? უკვე მერამდენედ იქცევი ასე. მომწონს შენი გონიერება, მაგრამ ეს მეტისმეტია.
– ასეთ რამეებს არ ვაკეთებ.
– კარგი რა, სექსი გჭირდება. შეხედე ამ ამბავს ისე, როგორც არის. არავის წინაშე არ ხარ ვალდებული. მიეცი საკუთარ თავს უფლება, სიამოვნება მიიღო. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მენდელსონის მარში, თეთრი კაბა და სულელურად მოღიმარი სახეები.
გუკამ ხელი ჩაიქნია.
– აი, რატომ არ მიყვარს ზედმეტად ჭკვიანი ქალები... კარგი, როგორც გინდა. თუ ასეა, გინდა, აღარ შეგეხები, თორემ ცოდო ხარ. სურვილის დათრგუნვას ცდილობ და იტანჯები.
– მიმატოვებ? – თიკოს ხმა აუთრთოლდა.
– გვერდით რომ გყავარ, რა აზრი აქვს? მოკლედ, როგორც გინდა. თუ მეტყვი, უბრალოდ, მეგობარი ვიქნები შენი.
– მე უფრო მეტი მინდა, მაგრამ...
– ჰო, ვხვდები. ამაზე გელაპარაკებოდი. თუმცა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.
– არ შემიძლია, რაღაც მიშლის ხელს და მაბრკოლებს.
– თიკო, შენი პრობლემა ის არის, რომ ზედმეტად ასერიოზულებ ყველაფერს... და რომ გითხრა, შენი ცოლად შერთვა მინდა-მეთქი, დაბრკოლებები მოგეხსნება?
– ეს ხომ სიმართლე არ არის? შენ ჩემი ცოლად შერთვა არ გინდა. გგონია, ტყუილს ვერ მივხვდი? მაგრამ არ იფიქრო, ვბრაზობ, ასე არ არის. უბრალოდ, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედო და ვაღიარო, რომ არაფერი გამოგვივა.
გუკამ მხრები აიჩეჩა.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ აღარ შემხვდები?
– არ ვიცი, – ამოიოხრა თიკომ, – აქვს აზრი?
– აზრი რა შუაშია? ჩემთან შეხვედრა ან გინდა, ან არ გინდა.
– მინდა, გუკა, ძალიან მინდა, თუმცა...
– რატომ... რატომ? ვერ ვხვდები, თავს რატომ იწვალებ? მაგრამ ესეც შენი გადასაწყვეტია. წამოდი, გაგაცილებ.
– აღარ დამხატავ? – დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა.
– რაღაც სურვილი გამიქრა. სხვა დროს იყოს, – ნაძალადევად გაუღიმა გუკამ და პერანგის ღილები შეიკრა
ზარის ხმამ ჯერ დავითი გააღვიძა. შეეცადა, სწრაფად მისულიყო კართან, რომ ცისია არ გაეღვიძებინა.
– ვახო, შენ ხარ? რომელი საათია? – თვალების სრესითა და უკმაყოფილო ხმით ჰკითხა ცოლისძმას.
– ცხრა საათია. ვიცი, რომ ახალდაქორწინებულებს კარზე ასე ადრიანად არ უნდა მიადგე, მაგრამ მერე ვეღარ მოვიცლი, საავადმყოფოში ბევრი საქმე მაქვს.
– რა მოხდა? რამე მნიშვნელოვანია? წამოდი, სამზარეულოში დავსხდეთ. ყავასაც დაგალევინებ, რადგან უკვე გამაღვიძე.
დავითმა ყავის აპარატში ყავა ჩაყარა და კარადიდან ჭიქები ჩამოიღო
– დავით, ვინ არის? მოისმა ცისიას ხმა, – დავით!...
– ახლავე მოვალ, – მიუბრუნდა დავითი ცოლისძმას.
ვახომ გაიღიმა.
– ვინ არის? დავით, შენი ხმა გავიგონე, ვის ელაპარაკებოდი?
– ვახო მოვიდა, რაღაც საქმე აქვს. შენ დაიძინე, – დავითი ცოლისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა, – ვეცდები, ჩუმად ვილაპარაკოთ.
– არა, რატომ? ახლავე ავდგები, მოვწესრიგდები და გამოვალ. ყავასაც მე მოგიმზადებთ.
– ყავა უკვე მოვამზადე. დაიძინე, ჯერ ადრეა.
– ჰო, მაგრამ, ჩვენ ხომ ადრე ვაპირებდით ადგომას. იმდენი საქმეა... ჯერ კაბაც არ მიყიდია. წვეულებამდე კი მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. მოსაწვევებიც არ დაგვირიგებია...
– ტყუილად შფოთავ. ორი კვირა საკმარისი დროა, ყველაფერს მოვასწრებთ. თუ გინდა, თიკოს ვთხოვ, დაგეხმაროს, რადგან საჭესთან ჯერ კიდევ ვერ ჯდები. მე კი ამ დღეებში ოპერაციები მაქვს. ჩემი თანაშემწე, ანდრო წაგიყვანს ყველგან, ასე რომ, იწექი.
დავითი სამზარეულოში დაბრუნდა. ვახო ფინჯნებში ყავას ასხამდა.
– ყავა და ჩაი ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი გქონდა. საოცარი არომატი აქვს. წვეულების ამბავი როგორ მიდის?
დავითმა მხრები აიჩეჩა და ხელი უკმაყოფილოდ ჩაიქნია.
– როგორ გითხრა... ლამის ვინანო, რომ ცისიას მშობლებს ამაზე დავთანხმდი. მეგონა, მარტივად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ ორმოცდაათი კაცი უცებ ასად იქცა და იმედი არ მაქვს, რომ ამასაც იკმარებენ. ცისიაც ნერვიულობს და გაღიზიანებულია.
– მესმის მისი. თუმცა, მარტო შენი ცოლი არ ნერვიულობს. ანამ დამირეკა. წვეულების შესახებ შეტყობინება ავტომოპასუხეზე დაუტოვე?
– რა მექნა? ორი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მიპასუხა.
– გაგიჟებულია, – ვახომ ყავა მოსვა და სიძეს საყვედურით შეხედა.
– ასე ნუ მიყურებ. თავს ისედაც არ ვგრძნობ კარგად, – ვიცოდი, ვიცოდი, რომ ანას ზუსტად ასეთი რეაქცია ექნებოდა. მაგრამ, ჩემიც ხომ უნდა გაიგოს ვინმემ.
– მე მესმის, – თანაგრძნობით დაუქნია თავი ვახომ, – მართლა მესმის. ამიტომაც ანა დავარწმუნე, რომ ჩამოვიდეს.
დავითმა განცვიფრებით და უნდობლად შეხედა.
– ანა ჩამოვა? გითხრა, ჩამოვალო?
– წინა დღეს ჩამოფრინდება.
– მარტო თუ მირიანთან ერთად.
– ეგ არ ვიცი. ორ-სამ დღეში კიდევ დავურეკავ. ახლა კი წავედი, ყავისთვის მადლობა.
ცისია ჰოლში შეხვდა ვახოს, თმა შეისწორა და გაუღიმა.
– უკვე მიდიხართ?
– ჰო, მეჩქარება. ბოდიშს ვიხდი, რომ ადრიანად შემოგეჭერით და მყუდროება დაგირღვიეთ.
– დარჩენილიყავით, ერთად ვისაუზმებდით.
– არა. მართლა მეჩქარება. როგორმე სხვა დროს შემოგივლით.
დავითმა კარი დაკეტა და შემობრუნდა. ცოლის დაჟინებულ მზერას მაშინაც გრძნობდა, როცა მისკენ ზურგით იდგა და ვახოს აცილებდა.
– მიბრაზდები?
– არა, – თავი გადააქნია ცისიამ და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, – არ მომწონს, როცა რაღაცას მიმალავ.
– არაფერს გიმალავ, საიდან მოიტანე?
– ვახოს ვიზიტი? არ მითხრა, რომ შემთხვევით შემოიარა ყავის დასალევად დილის ცხრა საათზე.
– მოსაწვევები მივეცი, დარიგებაში დაგვეხმარება.
– აჰა, – ცისიას ჩაეცინა, – იმის თქმას ცდილობ, რომ ვახო აქ შენ დაიბარე?
– ჰო.
– მატყუებ. კარგი, რადგან ასე გინდა, ნუ მეტყვი, რატომ შემოიარა ვახომ. როგორც ჩანს, ეს შენი საიდუმლოა, რომლის გამხელაც არ გინდა, ვერ დაგაძალებ.
– კარგი. გეტყვი. სინდისმა შემაწუხა, – დავითი სავარძელზე დაჯდა და ცოლი მუხლზე დაისვა, – შენი მოტყუება არ მინდა.
– რომც გინდოდეს, მაინც არ გამოგივა. შენს ერთ შემოხედვაზე ვხვდები ყველაფერს, – გადაიკისკისა ცისიამ, – მოყევი, გელოდები. ძალიანაც ნუ გადადებ სათქმელს, თორემ საუზმის გარეშე დარჩები.
– ანას ეხება, ჩემს შვილს. დაურეკავს და უთქვამს, რომ წვეულებაზე ჩამოდის.
– შენ რატომ არ დაგირეკა? დავით, შენ რატომ არ დაგირეკა-მეთქი? გასაგებია, დუმხარ. ესე იგი, შენი შვილი ჯერ ისევ გაბრაზებულია. გიხარია, რომ ჩამოდის?
– ჰო, მიხარია, ძალიან მიხარია. თუმცა...
– კარგი, კარგი... მშიშარავ. ვეცდები, შენი ბრაზიანი შვილი შემოვირიგო, – ცისიამ კისერზე შემოხვია კაცს ხელები და კოცნა დაუწყო. დავითს ყველაფერი დაავიწყა მისმა ალერსმა.
***
ნიამ საათს შეხედა და გულხელდაკრეფილი ბოლთის ცემას მოჰყვა საორდინატოროში.
– დამშვიდდი, ბოლოს და ბოლოს ოპერაციას ერთი საათით გვიან დავიწყებთ, – გულგრილად აიჩეჩა მხრები თიკომ და მშვიდად განაგრძო ზომაზე დაჭრილი დოლბანდების დაკეცვა.
– აღარავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი რეჟიმი და წესრიგი... რაც ის გოგო შეირთო ცოლად, საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან.
– ჰო, შეყვარებულია. აბა, რას ელოდი?
– შეყვარებულობა გამოშტერებას ნიშნავს?
– მაგ ასაკში ნიშნავს. აბა, გუკა აქეთ ცდილობს ჩემს გამოშტერებას. არაფერი გამოგვდის. ის ცდილობს, მე წინააღმდეგობას ვუწევ და ბოლოს სულ ვჩხუბობთ.
– ახლა შენი და გუკას ურთიერთობაზე მეტად დავითი მაღელვებს. გაიგე, წვეულებას რომ მართავენ? ფუ, რა გულისამრევია.
– გირჩევ, დავითზე ასე ლაპარაკს მოეშვა. ცისიას კლინიკაში ბევრი მომხრე თუ თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. შეიძლება, ენა მიუტანონ.
ოთახში შემოსულმა ანდრომ ნიას სიტყვები გაიგონა და ანიშნა, საკუთარი სიტყვები გააკონტროლეო.
– მოვიდა გულშემატკივარი, – ჩაილაპარაკა თიკომ. გუკაზე გაბრაზებული ბოღმის გადმონთხევას მის მეგობარზე ცდილობდა.
– ნუ იბოღმებით, გოგოები, ნუ იბოღმებით. აჯობებს, იმაზე იფიქროთ, წვეულებაზე რას ჩაიცვამთ. იქ ბევრი სიმპათიური ექიმი იქნება. შეგიძლიათ, რომელიმე შეაბათ კიდეც.
– რა საზიზღარი ხარ, – ტუჩები დაბრიცა თიკომ, – დოლბანდების დაკეცვას თავი ანება და საორდინატოროდან უკანმოუხედავად გავარდა.
– ამას რაღა სჭირს? არ მითხრა, რომ დავითის მიმართ თბილი გრძნობები მასაც აქვს?
ნიამ მუშტები შეკრა და ფანჯრის რაფას რამდენჯერმე დაარტყა.
– რომ წარმოვიდგენ, როგორ ეფერება და ენის მოჩლექით ელაპარაკება, ვცოფდები. სულელი, სულელი... აუცილებლად დადგება დღე, როცა ძალიან ინანებს.
– რა თქმა უნდა, – მშვიდად დაეთანხმა ანდრო. ჭიქა აიღო, ონკანიდან წყალი მოუშვა, სანახევროდ შეავსო და გოგოს გაუწოდა.
– დალიე და დაწყნარდი. უკვე მერამდენედ გეუბნები.
– არ გამომდის. ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს ყველაფერი კარგადაა. წვეულებას ვეღარ გადავიტან. მეტისმეტია, გავგიჟდები...
– მაშინ, საერთოდ არ უნდა მოხვიდე იმ წვეულებაზე.
– ჭკუას ნუ მარიგებ. შენ ხომ წახვალ?
– რა თქმა უნდა. ახლა შენს ტვირთს მე ნუ ამკიდებ. გაერკვიე, რა გინდა, ჩამოყალიბდი.
– მე ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. შენც კი ვერ გენდობი.
– რატომ ვერ მენდობი? წვეულებაზე წასვლა და გართობა რომ მინდა, იმიტომ? ჩემი გეგმა, ჩვენი გეგმა რომ განვახორციელოთ მათთან ახლოს უნდა ვიყო. განსაკუთრებით კი ცისიასთან. შენ კი ყველაფერს აფუჭებ. ჩვეულებრივი ისტერიჩკა ქალივით იქცევი. ასე ვერაფერს მივაღწევთ.
ნიამ თავი ასწია და ბიჭს მიაშტერდა.
– და რის მიღწევას ვცდილობთ?
ანდრომ ჩაიცინა.
– ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. შენგან მარტო ერთ რამეს ვითხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნო და სისულელე არ გააკეთო. ანუ, ფეხებში არ გამებლანდო.
– ოჰო? – ასე თვალდახუჭული გენდო? ვერ ხვდები, რომ მამაკაცების მიმართ ნდობა აღარ მაქვს?
– მე სხვა მამაკაცებს არ ვგავარ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმოქმედებთ. საქმე მარტო ის არ არის, რომ ერთად ვწევართ, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია. ან იქნებ, შენ ასე არ მიგაჩნია? – ანდრო ნიასთან მივიდა, თმა გადაუწია და კისერში აკოცა. სწორედ ამ დროს საორდინატოროში დავითი შევიდა. ჩახუტებული წყვილის დანახვაზე შეცბა და დაიბნა. ნიაც გაწითლდა. მხოლოდ ანდროს არ შეუხრია წარბი და არც გოგოსთვის გაუშვია ხელი. დავითი მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა.
– ანდრო, პაციენტს უკვე ამზადებენ. მაქსიმუმ ორმოც წუთში დავიწყებთ. მანამდე კი საქმე მქონდა შენთან.
– აქვე მეტყვით თუ თქვენთან შემოვიდე, კაბინეტში, – თამამი ღიმილითა და ყალბი მორჩილებით მიუგო ანდრომ.
– კაბინეტში შემოდი, – დავითმა ნიას თვალი აარიდა და გავიდა.
– ეს რა გააკეთე, – ეცა ანდროს გოგო, – ახლა არაფრად ჩამაგდებს. ადრეც ხომ დაგვინახა ერთად. ახლა კი, პირდაპირ ფაქტზე გამოგვიჭირა.
– მერე რა?! – მხრები აიჩეჩა ანდრომ, – შენ მისი არც ცოლი ხარ, არც საყვარელი. აი, ცოლი რომ ყოფილიყავი, მაშინ რთულად იქნებოდა საქმე.
– ცოლი რომ ვყოფილიყავი, მაშინ შენ არ ჩაგიწვებოდი, – მიახალა ნიამ.
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ირონიულად, – იცი, არ ვტრაბახობ, მაგრამ ქალების შებმა არ მიჭირს.
– არც გათხოვილების?
– შენ წარმოიდგინე, არც გათხოვილების და სულ მალე დაგიმტკიცებ ამას.
ნიამ ხელი ჰკრა.
– მომშორდი, სულ ტრაბახობ. ჯერ არაფერი გაგიკეთებია.
– დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, ძვირფასო. ამიტომ უნდა მოიცადო.
– წადი და გაიგე, რისთვის გიბარებს.
ანდრომ ლოყაზე აკოცა.
– გავრბივარ. საოპერაციოში შევხვდებით. თუმცა, არა, ვერ შევხვდებით. თიკო შემოვა. შენ სოსოსთან გადაგიყვანა.
– რა?! – აღშფოთებისგან თვალები გაუფართოვდა ნიას, – შენ ეს ვინ გითხრა.
– გუშინ გავიგონე, თიკოს რომ ეუბნებოდა, ნია სოსოსთან გადაიყვანეო.
– ნაძირალა. უკვე საოპერაციოშიც ვეღარ მიტანს. ნელ-ნელა მემატება ბრაზი. შენ კიდევ, დამშვიდდიო, მეუბნები.
– დამიჯერე, ნიაკო... ჩვენი შურისძიება ისეთი იქნება, ყველაფერს ერთად აანაზღაურებს.
***
დავითი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ანდროს დანახვაზე უხერხულად გაიღიმა. სიგარეტი ჩააქრო და კვამლი ღია ფანჯარაში გაანიავა.
– იშვიათად ვეწევი, მით უმეტეს, ჩემს კაბინეტში.
– გისმენთ, ბატონო დავით, საქმე გქონდათ ჩემთან.
დავითმა ბიჭს მხარზე მოხვია ხელი.
– ესე იგი, შენ და ნია... არა, არ იფიქრო, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ან რა უფლება მაქვს, რამე გკითხო შენს პირად ცხოვრებაზე.
– არ არის პრობლემა, ბატონო დავით, დასამალი არაფერი მაქვს. მაგრამ მე და ნია მხოლოდ ვმეგობრობთ. ახლა ძალიან დადარდიანებულია და ვამშვიდებდი. ამის საკითხავად დამიბარეთ?
დავითი გაწითლდა. ვერ გაბედა, ეკითხა, მე ხომ არ ვარ ნიას დადარდიანების მიზეზიო.
– ანდრო, რაღაც მინდა, გთხოვო. იცი, რომ ჩემი ცოლის მშობლებმა წვეულების გამართვა გადაწყვიტეს. არ მეგონა, ასეთი დამღლელი და შრომატევადი თუ იქნებოდა. მე კი დრო არ მაქვს. ცისია იმ ავარიის გამო ჯერჯერობით საჭესთან ვერ ჯდება... მოკლედ, თუ უარს მეტყვი, ამასაც გავიგებ...
– მივხვდი, გინდათ, რომ ზოგჯერ ცისიას მძღოლი ვიყო. არ არის პრობლემა, მართვის მოწმობა მაქვს და საკმაოდ კარგადაც ვმართავ მანქანას. არ ინერვიულოთ, თქვენი მეუღლე საიმედო ხელშია.
– ხშირად არ შეგაწუხებთ, უბრალოდ, ამ დღეებში ბევრი სარბენი აქვს.
– ყველაფერი გავიგე. წავალ, ოპერაციისთვის გავემზადები.
დავითმა თავი დაუქნია. კაბინეტიდან გამოსულ ანდროს სახე უბრწყინავდა და სიხარულს ვერ მალავდა. მიზანს იმაზე სწრაფად უახლოვდებოდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
***
მირიანმა სასეირნოდ გამოწყობილი გოგონები საბავშვო ეტლში ჩასვა და ცოლს ასძახა.
– დედიკო, ჩვენ მზად ვართ და გელოდებით.
ანამ კიბეზე ჩაირბინა. პალტოს გზადაგზა იცვამდა. მირიანმა ცოლს აკოცა.
– ჩემი ჭკვიანი გოგო, როგორ გამახარე, რომ ბიძაშენს დაუჯერე და წვეულებაზე წასვლას დათანხმდი.
– ჰო, იმიტომ, რომ მივხვდი, მამაჩემის მარტო დატოვება იმ საშინელ ქალთან არ შეიძლება. დროზე უნდა ჩავერიო, სანამ საბოლოოდ გამოაშტერებს.
მირიანმა უკმაყოფილოდ შეხედა ანას.
– შენ თურმე რაზე ფიქრობ. იმიტომ დათანხმდი, რომ კაცს ბედნიერების დღე ჩააშხამო? ამას უკვე აღარ ველოდი. ასე არ შეიძლება, ანა.
– ის შეიძლება, ამ ხნის კაცი ქორწილს რომ იხდის და ქვეყანა უნდა გააცინოს? მირიან, გულახდილად მითხარი, დავითი რომ მამაჩემი არ იყოს, რას იტყოდი მასზე, არ დასცინებდი?
– რატომ უნდა დამეცინა?
– იმიტომ, რომ ამ ხნის კაცი ამჩატდა და თავადაც არ იცის, რას აკეთებს. რომ წარმოვიდგენ იმ გოგოს გვერდით, ისე ვმწარდები, მზად ვარ, ყველაფერი მივახალო, რასაც ამ ქორწინებაზე ვფიქრობ.
– ანა, თუ იმისთვის მივდივართ, რომ იქ სკანდალი მოაწყო, მაშინ მე წამოსვლაზე უარს ვამბობ.
– რა? მარტოს მიშვებ? ჩემი ქმარი ხარ, გვერდით უნდა დამიდგე ამ გასაჭირში.
– მამაშენმა რომ ცოლი შეირთო, ეს შენი გასაჭირი არ არის, საბედნიეროდ. გთხოვ, არავითარი სკანდალი.
ანა შეიჭმუხნა.
– კარგი. არავითარი სკანდალი, მაგრამ ხომ ვიცი, მამაჩემის მაგივრად მომიწევს გაწითლება და ალბათ, შემიცოდებენ კიდეც... ღმერთო, ასე როგორ გამოასულელა, რომ თავისი სამარცხვინო საქციელი სააშკარაოზე გამოაქვს.
მირიანმა საყვედურით შეხედა ცოლს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
ანდრო დაცვის ოთახთან შეჩერდა... კოტე მაგიდასთან ხელებში თავჩარგული იჯდა. ჩართული მონიტორები ციმციმებდნენ. ანდრომ ბიჭს მხარზე დაადო ხელი.
– რამე მოხდა? ცუდად ხარ?
– არა, უბრალოდ. აი, აქ ვზივარ, თავი მნიშვნელოვანი ვიღაც მგონია, სინამდვილეში, კი, ვერავინ მამჩნევს, საერთოდ, ვერავინ. იდიოტად ვგრძნობ თავს. იმ იდიოტად, რომელსაც უნდა, რომ რაღაცას წარმოადგენდეს.
ანდრომ ამოიოხრა და კოტეს გვერდით მიუჯდა.
– იდიოტი არ ხარ. დარწმუნებით შემიძლია, გითხრა და სისულელეებსაც მოეშვი. ადამიანებს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვთ.
– ვიცი. მაგალითად, როცა ვინმე კვდება. ეს უფრო დიდი პრობლემაა. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ თავი კარგად უნდა ვიგრძნო.
– მესმის, – თავი თანაგრძნობით დაუქნია ანდრომ.
– არა, არ გესმის, მოულოდნელად გაცხარდა კოტე, – და, საერთოდ, აქ რატომ ხარ? დაცვის ოთახი ის ადგილი არ არის, სადაც შენისთანა მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა იყოს. საოპერაციოში არ გელოდებიან?
– არა. დღეს მძღოლის რანგში ვმუშაობ, – გაიცინა ანდრომ, – ბატონი დავითის მეუღლე უნდა წავიყვანო საყიდლებზე და კიდევ სადღაც...
– ქირურგობისთვის თავის დანებება გადაწყვიტე, თუ...
– შენ ხუმრობ, მაგრამ მე შუა პროცედურიდან გამოვედი და ახლა განებივრებული ქალის ხუშტურებზე უნდა ვიარო.
– სახეზე ვერ გატყობ, რომ ამის საწინააღმდეგო გაქვს რამე, – ირონიულად ჩაიცინა კოტემ.
– უნდა ვიბღვირებოდე? როგორ ფიქრობ, ქალაქში აქეთ-იქით სიარულს საოპერაციოში ყოფნა არ მირჩევნია?
კოტემ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი. თუმცა, შეგეძლო, უარი გეთქვა. კლინიკას მძღოლი ჰყავს.
– კოტე, არ გინდა. კლინიკას მძღოლი პაციენტებისთვის ჰყავს და არა იმისთვის, რომ მთავარი ექიმის ცოლს მოემსახუროს. მაგრამ, პრობლემა ეს არ არის, ხომ მართალია?
– რას გულისხმობ? – ვითომ ვერ მიხვდა კოტე.
– საკუთარ თავს. შენ ჩემს მიმართ გაქვს რაღაც ბოღმა თუ პრეტენზია. ოღონდ ვერ გავარკვიე, რატომ. მოდი, გულახდილად მითხარი. ჩვენ ხომ ერთი ასაკის ვართ, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
– ვითომ? მეეჭვება, ჩემი გაიგო.
– ანდრომ გაიცინა და ბიჭს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი.
– გაგიკვირდება, მაგრამ ვიცი, რაც გაწუხებს.
კოტემ უნდობლად შეხედა.
– ვიცი, ნია მოგწონს, თანაც ძალიან.
– ვინ გითხრა, ნიამ?
– არა, ჩემით გამოვიცანი. ისე იყურები ხოლმე...
– ის კი ვერც მამჩნევს. სულ შენ გვერდით არის. საერთოდ, შევამჩნიე, რომ ამ კლინიკის ქალები შენზე გიჟდებიან.
– ჰა, ჰა, თურმე რაში ყოფილა საქმე. შენ ფიქრობ, რომ ნია ჩემზეა შეყვარებული?
– არა? – კოტემ დაეჭვებით შეხედა.
– არა. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თუ გინდა, შენზე დაველაპარაკები.
კოტეს წამში შეეცვალა გამომეტყველება.
– მართლა? გააკეთებ ამას ჩემი გულისთვის? არ მომატყუებ?
– რა ინტერესი მაქვს, რომ მოგატყუო. ესე იგი, არ შევმცდარვარ – გიყვარს ნია.
– სიყვარულის რა გითხრა, მაგრამ ძალიან მომწონს. გამბედაობა არ მყოფნის, გამოველაპარაკო, სადმე დავპატიჟო და რაღაც ელემენტარული ურთიერთობა გვქონდეს.
– ნია კარგი გოგოა, – ცეცხლზე ნავთი დაუსხა ანდრომ და თვალები მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა.
– ვხვდები, რომ კარგია და ეგ კიდევ უფრო მირთულებს საქმეს. ალბათ, ჩემნაირ ბიჭს ზედაც არ შეხედავს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საინტერესო არ ვარ მისთვის. დილიდან ღამემდე აქ ვზივარ. რას წარმოვადგენ? – არაფერს.
– შენ თუ ასე იფიქრებ, დაკომპლექსდები. ქალებს კი თავდაჯერებული და თამამი კაცები მოსწონთ. იცი, ახლა კარგი შანსი მოგეცემა.
– რა შანსი?
– ბატონი დავითი აწყობს წვეულებას და ყველა თანამშრომელს ეპატიჟება. არაფორმალურ გარემოში ცოტას დალევ და სითამამეც მოგემატება.
– დარწმენებული ხარ, რომ მეც დამპატიჟებენ? დაცვის ოთახში ვიღაც ხომ უნდა იყოს?!
– ბატონმა დავითმა მითხრა, რომ ყველა თანამშრომელი იქნება. წვეულებამდე ათი დღით ადრე ვიზრუნებთ იმაზე, რომ კლინიკაში პაციენტი არ გვყავდეს და ერთი დღით დავიკეტებით. ეს შენი საზრუნავი არ იქნება.
– მეეჭვება, რამე გამომივიდეს.
– თუ აქედანვე ასე იფიქრებ, მართლა არაფერი გამოგივა. დაველაპარაკო ნიას?
– შენ როგორ მოიქცეოდი?
– მე? – ანდრო მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და თვალები მოჭუტა, – გინდა, რამდენიმე გაკვეთილი ჩაგიტარო? ისე, მეგობრულ პონტში.
კოტემ თავი დაუქნია.
– მიდი.
– დამიჯერებ, რასაც გირჩევ?
– გააჩნია, რას მირჩევ?
– არა, ძმაო... ტყუილუბრალოდ თავს არ დავიღლი. ჩემი რჩევები და რეკომენდაციები ყოველთვის მუშაობს. ამიტომ ასე ადვილად არავის ვაძლებ.
– კარგი, დაგიჯერებ, – ამოიოხრა კოტემ, – სხვა გზა მაინც არ მაქვს. ვეჭვობ, დამოუკიდებლად რამე გამომივიდეს.
– ჩვეულებრივი გოგოა – ჯერ ეს უნდა დაიჯერო. უბრალოდ, სხვა გოგოებისგან იმით განსხვავდება, რომ ლამაზი მკერდი და უკანალი აქვს.
– ძალიან ლამაზი, – ამოიოხრა კოტემ, – ეს პირველი რჩევა... შემდეგი.
ანდრომ ხელით ანიშნა, მადროვეო და აწკრიალებული მობილური ყურთან მიიდო.
– თიკო, ჰო, მე აქ ვარ, ქვემოთ, დაცვის ოთახში. კარგი, ბატონო, ველოდები. მანქანის გასაღები წეღან მომცა ბატონმა დავითმა. ჩამოვიდეს და წავიყვან.
– გამოძახება მაქვს. არ ვიცი, როდის მოვბრუნდები. შენ ამაღამ აქ ხარ, თუ იცვლები.
– შევიცვალე უკვე, ანუ, მთელი ღამე აქ ვიქნები.
– ჰოდა, მოგვიანებით შემოგივლი... – ანდრომ თვალი ჩაუკრა ბიჭს და დაცვის ოთახის ფანჯრიდან, კლინიკის ფოიეში გამოსული ცისია დაანახვა.
– ამაზე რას იტყვი? როგორია?
– ბატონი დავითის ცოლზე მეკითხები? – კოტემ მხრები აიჩეჩა, – ჩვეულებრივი გოგოა. განსაკუთრებული – არაფერი.
– არა. ლამაზია. ოღონდ, რაღაცნაირად, ბავშვურად ლამაზი, როგორც ფაიფურის თოჯინა. არ მომწონს ასეთები, რომლებშიც ვნებას ვერ ვხედავ. თუმცა, ბატონი დავითისაც მესმის, ასე რომ მოიხიბლა მისით.
ცისიამ ბიჭს შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა.
– ანდრო? ხომ არ მეშლება?
– დიახ, ანდრო. არ გახსოვართ? თქვენი გამოჯანმრთელებისა და ოპერაციის პროცესში მეც ვიყავი ჩართული.
– ჰო. ალბათ, მაგრამ მე მარტო ჩემი ქმარი მახსოვს იმ ეპიზოდებიდან.
– წავიდეთ? – ანდრომ უხერხულობა იგრძნო.
– ჰო. რამდენიმე ადგილას ვართ მისასვლელები, – ცისიას ბიჭისთვის აღარ შეუხედავს, ისე გავიდა კლინიკიდან და მანქანაში, უკანა სავარძელზე მოიკალათა.
***
დავითმა ყავა მოსვა და თიკოს მადლიერმა გაუღიმა.
– გმადლობ, სულზე მომისწარი. არაჩვეულებრივი ხარ, ყოველთვის ხვდები, რა მინდა. ჩემი ერთი გამოხედვაც კი საკმარისია.
ათი წელია, თქვენ გვერდით ვმუშაობ, ბატონო დავით. ეს ბუნებრივია.
– ჰო, ათი წელია, – ჩაფიქრებით გაიმეორა დავითმა, – ამდენი წელი გავიდა და უკვე ისე შეგეჩვიე, ვერც წარმომიდგენია, შენ გარეშე საოპერაციოში შესვლა.
თიკომ სევდიანად გაიღიმა.
– მეც ვეღარ წარმომდგენია საოპერაციო თქვენ გარეშე. წასული რომ იყავით, აქაურობა ცარიელი იყო.
– ჰო, მართლა, თიკო, წვეულების ამბავი ხომ ყველას უთხარი? მინდა, მთელი კოლექტივი იყოს. რადგან გადავწყვიტეთ და გავრისკეთ, მე და ცისიასაც გვერდში დგომა გვჭირდება.
თიკომ გაიღიმა.
– ისე ლაპარაკობთ, თითქოს ეს საქორწილო წვეულება კი არა, მძიმე ვალდებულება იყოს. ბატონო დავით, ნებისმიერი ადამიანისთვის ქორწილი ზეიმია, განსაკუთრებული დღე.
– ჰო, ასეა, მაგრამ ჩემი სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი განსხვავებულია. საერთოდ არ გვინდოდა... მე და ცისიას ჩრდილში ყოფნა გვერჩივნა, მაგრამ არ გამოგვივიდა დამალვა, – დავითმა ნაძალადევად გაიღიმა.
– ბატონო დავით, ასეა, თუ ისე, ეს დღე თქვენია. გაერთეთ და იმხიარულეთ. ნურაფერს მიაქცევთ ყურადღებას. ყველანი მოვალთ, გპირდებით.
დავითმა ქალს ხელზე მოჰკიდა ხელი და მოუჭირა.



№1 სტუმარი Guest emigranti

ავტორი ნინო წულუკიძე,იბეჭდებოდა ჟურნალ თბილისელებში,რა უსინდისობაა,გადმოაკოპირე და ვიტომ თავად დაწერე,ვის აბოლებ გოგონი?

 


№2 სტუმარი meri

arc micdia vinmes motyueba gogoni.srulad ar damidia da shesabamisad arc avtori mimmititebia.

 


№3 სტუმარი Guest ნონა

ძალიან გთხოვთ დაასრულოთ ძალიან დამაინტერესდა.

 


№4 სტუმარი იზო

ასე მთავრდება? ცოტა გაურკვეველი დასარული ხომ არა???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent