სამი გზა (თავი 11)
როცა თეკლემ თვალი გაახილა, ექიმის კაბინეტში იწვა. ზლაზვნით წამოდგა, წამით გაუჭირდა გახსენება, რა მოხდა. შემდეგ კი გაახსენდა, გიორგის ჩაშავებული თვალები გაახსენდა, მათი დიალოგი გაახსენდა, შემდეგ კი, უგონოდ რომ იწვა საკაცეზე და მისი ხელი მჭიდროდ ეჭირა, მერე ექიმი... ქერათმიანი, თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი, რომელიც ეშმაკად მოეჩვენა თეკლეს. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები მოაგონდა, „თავის ტვინის სიმსივნე აქვს, გოგონა.“ ღონემიხდილმა დააგდო ხელები მუხლებზე და უმისამართოდ გაუშტერდა თვალი. იმ წამს არაფერზე ფიქრობდა, გონება სულ გათიშვოდა. -მადლობა ღმერთს, გონზე მოხვედით. -შემოვიდა ოთახში ქერათმიანი, სხვათაშორის გახედა სახემიხდილ გოგონას და თავისი მაგიდისკენ გასწია. -გიორგის ნახვა მინდა. -შესძახა თეკლემ საბუთებში ჩამძვრალ ექიმს. -მე14 პალატაა. ოღონდ, დიდხანს ნუ გაჩერდებით. -უპასუხა მან ისე, რომ თავი არ აუწევია. გოგონა სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ და უცებ შედგა. ექიმს მიუბრუნდა. -მკურნალობა შეიძლება, ხომ? ხომ გამოჯანმრთელდება? -შიშნარევად ჰკითხა თეკლემ. ექიმმა ხვნეშით ამოხედა გოგონას. დაღლილი სახე ჰქონდა ქალს, სათვალე მოიხსნა. საჩვენებელი და ცერა თითით თვალები მოიფშვნიტა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -ვეღარ ვითვლი მერამდენედ მოჰყავს ეს ბიჭი აქ სასწრაფოს, უგონო მდგომარეობაში. ყოველ ჯერზე უარესდება. მკურნალობაზე უარს აცხადებს, ჩვენ კიდევ პაციენტის თანხმობის გარეშე მკურნალობის უფლება არ გვაქვს. -მხრები აიჩეჩა ქალმა. -რამდენად კარგად იქნება, ვერც მაგას გეტყვით. გოგონა მშვიდად სუნთქავდა, სახეზე თითქოს არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ შიგნიდან დუღდა. მთელი სხეული ეწვოდა, შიში ჩაუდგა ძვლებში. ფრთხილად შეტრიალდა კარისკენ და სახელურს დასწვდა. -გოგონა. -მოესმე ექიმის ხმა ზურგიდან თეკლეს და მაშინვე შეტრიალდა. -აი ეს წაიღეთ, იმ შემთხვევისთვის თუ პალატაში არ დაგხვდებათ. -თეთრი აბებით სავსე კოლოფი დადო ქალმა მაგიდაზე. -ყოველ ჯერზე, გაუფრთხილებლად მიდის. -თქვა ქალმა და საბუთებში ჩახარა თავი. გოგონა სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან, კოლოფს სწვდა და ოთახიდან გავიდა. თითქმის სირბილით მიდიოდა მე14 პალატისკენ. ჩამწკრივებულ ოთახებს იტოვებდა უკან და იმედიანად მიიწევდა, წყალივით სწყუროდა გიორგის ნახვა, დალაპარაკება. უნდოდა ეთქვა მისთვის, რომ მის გვერდით იყო. რომ ის მარტო არ იყო, სიტყვები ენის წვერზე ადგა და ტუჩებს აწვებოდა, ერთი სული ჰქონდათ როდის გადმოხტებოდნენ გოგონას პირიდან და გიორგის მალამოდ მოედებოდნენ. როგორც იქნა მიაღწია მე14 კარამდე და გიჟივით შევარდა, თუმცა საწოლი ცარიელი დაუხვდა. ოთახში არავინ იყო. თეკლე კარს მიეყინა, თუმცა ბევრი არ უფიქრია და სირბილით გავარდა საავადმყოფოს შენობიდან. ტაქსი გააჩერა, მხოლოდ ინსტიქტებს მიჰყვებოდა. ერთ წერტილს ჩაბღაუჭებოდა, წამდაუწუმ სთხოვდა მძღოლს, რომ სწრაფად ევლო. მთელი გზა მშვიდად იყო გოგონა, აღელვება არ ეტყობოდა. მთელი ძალით მუშაობდა რომ არ შეტყობოდა. ძალა უნდა მოეკრიბა, ახლა სისუსტის დრო არ იყო. გიორგის გვერდით დგომა და გამხნევება სჭირდებოდა. ის მარტო იყო, არც მშობლები ჰყავდა და ერთადერთი ძმის ადგილსამყოფელიც კი არ იცოდა. გული ეკუმშებოდა გოგონას, მაგრამ თავი ხელში აჰყავდა. ყოველ წამს ახსენებდა საკუთარ თავს, რომ ძლიერი იყო. როგორც იქნა მილორავას ქუჩის ცამეტს მიაღწიეს. თეკლე გიჟივით გადმოხტა მანქანიდან და კარს მივარდა. მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე, შეუჩერებლად. იცოდა, რომ გიორგი შიგნით იყო. დარწმუნებული იყო ამაში და იმასაც ხვდებოდა, რომ სპეციალურად არ უღებდა ბიჭი კარს, თუმცა თეკლე ფარ-ხმალს არ ყრიდა. აკაკუნებდა კარზე, შეუჩერებლად. ბოლოს კი, როგორც იქნა კარის სახელური შეირხა და ზღურბლზე გიორგი დაინახა გოგონამ. კარგად გამოიყურებოდა, თვალებიც დამშვიდებოდა თითქოს, იმდენად ჩაშავებული აღარ ჰქონდა და ფეხზეც მყარად იდგა. თეკლემ შვებით ამოისუნთქა, არ მიუქცევია ყურადღება გიორგის სერიოზული გამომეტყველებისთვის, რომლითაც თითქოს ბიჭი ანიშნებდა რომ სულაც არ იყო მოხარული მისი ნახვით. გოგონა ბიჭის სიტყვას არ დალოდებია, ისე შევიდა სახლში. სამზარეულოსკენ აიღო გეზი, ჭიქა წყლით შეავსო და ხარბად დაეწაფა. გიორგი ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა, მაგიდას მიეყრდნო. ხელები გადააჯვარედინა და ტუჩზე კბენით, წარბების ოდნავი შეკვრითა და გაკვირვებით დააშტერდა გოგონას. თეკლემ ცარიელი ჭიქა დადო სამზარეულოს დაფაზე და სახეზე ღიმილი მოეფინა. არ სურდა რაიმე შეტყობოდა, არ სურდა გიორგის უხერხულობა ეგრძნო, მით უფრო არ სურდა მას ეფიქრა, რომ გოგონას ის ეცოდებოდა. იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ასე. თეკლე დარწმუნებული გახლდათ, რომ გიორგი კარგად იქნებოდა. -მართლა ფიქრობ, რომ მოკლე თმა მომიხდება? -ღიმილით ჰკითხა გოგონამ და თან თმაზე მოისვა ხელი. ბიჭმა ჯერ უფრო მეტად შეკრა წარბები, უფრო მეტად გამოეხატა სახეზე ბრაზნარევი გაკვირვება, შემდეგ კი ცალყბად ჩაეცინა და თვალი აარიდა გოგონას მზერას. -თამაშობ. -მოკლედ მოუჭრა მან და სახე უმალვე დაუსერიოზულდა. -არაფერსაც არ ვთამაშობ. -გაბუტვით წამოიძახა გოგონამ. -სერიოზულად გეკითხები. ბიჭი მაგიდაზე დადებულ სიგარეტს დასწვდა და გაუკიდა. ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან და გოგონას შეაშტერდა სერიოზული სახით. თეკლემ თვალები დაქაჩა სიგარეტის დანახვაზე, უნდოდა ეთქვა მისთვის, რომ ჩაექრო, რადგან მისთვის განსაკუთრებულად არ შეიძლებოდა მოწევა, მაგრამ არ უნდოდა შეეხსენებინა მისთვის მისი დაავადება, ამიტომ თავი შეიკავა. -რატომ მოხვედი, თეკლე? -შეეკითხა ბიჭი. მიმიკა არ შეცვლია, ისევ ისეთი სერიოზული გამომეტყველება ეჭირა. -რას ნიშნავს რატომ მოვედი? -დაბნეულმა წამოიძახა და თვალი აარიდა ბიჭს. -ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! -თავადაც არ იცოდა რას ამბობდა. -მე მეგობრები არ მყავს. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. -ჯობს წახვიდე და აქ აღარ მოხვიდე. არავის სიბრალული არ მჭირდება. -ზიზღნარევად წარმოთქვა მან. გოგონას გამომეტყველება შეაშრა სახეზე. -არ წავალ. -ჩაიბურტყუნა მან. -წახვალ, თან ახლავე! -მკაცრად წარმოთქვა ბიჭმა. თეკლემ თვალები დაქაჩა და ბიჭს სახეში შეაშტერდა. -რა მხდალივით იქცევი?! -წამოიყვირა მან. -რატომ გგონია, რომ მეცოდები? იქნებ, უბრალოდ მსიამოვნებს შენთან საუბარი?! შესაცოდებელი რა გჭირს? თავად ხარ საკუთარი თავის მტერი, როცა მკურნალობაზე უარს ამბობ. -წამოიყვირა მან. ბიჭს სახე დაეღრიცა ბრაზისგან. სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და თეკლეს მიუახლოვდა. მაჯაში სწვდა და კარიკენ გაათრია. -წადი მეთქი, რომ გეუბნები და აქ აღარ მოხვიდე! ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე, არ მინდა რომ ცუდად მოგექცე. -ხელი შეუშვა ბიჭმა გოგონას და თმაზე გადაისვა ნერვიულად ხელი. თეკლე გაოგნებული შეაჩერდა სახეში ბიჭს, შემდეგ კი უკან დაიხია, ნელა. მკრთალად ჩაახველა, თავი ოდნავ დახარა და თავისი ჩვეული, ამაყი ნაბიჯებით დატოვა გიორგის სახლი. *** -რამდენს ბედავ ბიჭო, შენ? -ღრიალებდა ზურა ტელეფონში. -შენ თავად დაიწყე ბინძური თამაში დიდო ბიჭო, მე კიდევ მსგავსი თამაშების ოსტატი ვარ. -ირონიულად ჩასისინებდა ტელეფონს დათა. -სახლში მოიყვანე, ახლავე! -ხმას ოდნავ დაუწია ზურამ, თუმცა მკაცრი ხმით საუბრობდა. -მგონი, ახლა ვერ შეძლებს. უგონოდ მთვრალია დედიკო. -ცინიკურ კილოს არ ცვლიდა ბიჭი. -ხვალ დილით გამოვამგზავრებ სახლში, მანამდე კი შენ მამაჩემის ნახვასაც მოასწრებ. ზურამ ტელეფონი მოისროლა მგზავრის სავარძლისკენ და მთელი ძალით დააწვა გაზს. *** ოთხშაბათი 10:30 ბატონი დიმიტრი ჯიშკარიანი თავის კაბინეტში იჯდა და ღვინოს წრუპავდა, როდესაც მაგიდაზე დადგმული ტელეფონის ზარი მოესმა. მამაკაცი მაშინვე დასწვდა და ღილაკზე დააწკაპუნა. -ბატონო დიმიტრი, ბატონი ზურა დადიანია თქვენთან მოსული. -მოესმა ხმა მამაკაცს ტელეფონიდან. დიმიტრი ბეჭებში გასწორდა და შესამჩნევად წამოიწია სავარძელში. -შემოვიდეს. -მაშინვე უპასუხა კაცმა. რამოდენიმე წამში, კაბინეტში შემოაბიჯა ზურამ. მშვიდი სახე ჰქონდა, აუღელვებელი. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დიმიტრის მაგიდას. ეს უკანასკნელი კი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამოართვეს ერთხმანეთს. შემდეგ კი დიმიტრიმ ხელით ანიშნა ზურას მის მოპირდაპირე სავარძელზე. ისიც უხმოდ ჩაჯდა. ოთახში რამოდენიმეწამიანი, უხერხული სიჩუმე სუფევდა, რომელიც ისევ დიმიტრიმ დაარღვია. -იცით, მე ვესაუბრე ჩემს ვაჟს და ვფიქრობ... -აღარ არის საჭირო. -შეაწყვეტინა ზურამ. დიმიტრის გაკვრვება აღებეჭდა სახეზე და წარბები ზევით აქაჩა. ნუთუ მოესმა? -როგორ... -აღარანაირი პირობა აღარ არსებობს, ბატონო დიმიტრი. -ისევ შეაწყვეტინა საუბარი ზურამ. -დღესვე დაგიჯდებათ თანხა კომპანიის ანგარიშზე. ჩემს პირად საქმეს, თავად მივხედავ. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. -მშვიდად მიუგო კაცმა. დიმიტრის აღარაფერი უთქვამს, სიტყვები შეახმა. ჯერ კიდევ, რამოდენიმე წუთის წინ დარწმუნებული იყო, რომ კომპანიას აღარაფერი ეშველებოდა, ახლა კი ზურა თავისი ფეხით მივიდა მასთან და უპირობო დაფინანსება შესთავაზა. ამაზე ვერც იოცნებებდა, მაგრამ მაინც ღრღნიდა რაღაც გულში. ზურა სავარძლიდან წამოიწია. -აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო დიმიტრი. -თითქოს ნაძალადევს ჰგავდა მამაკაცის სიტყვები. ხელი გაუწოდა დიმიტრის ჩამოსართმევად, მანაც მაშინვე შეაგება თავისი და ზურამ უხმოდ დატოვა კაბინეტი. დიმიტრიმ ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. დარწმუნებული იყო, რომ ზურას საქციელის უკან თავისი ვაჟი იდგა. შესანიშნავად იცოდა მან თუ რაზე იყო წამსვლელი დათა, თუკი რაიმე მისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდოდა. კომპანიას უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ საზრუნავი მაინც ჰქონდა დიმიტრის. არ დაუშვებდა, რომ საკუთარ ვაჟს ოლიკო ბოლქვაძესთან რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა. ეს შეცდომა იყო, გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც დიმიტრი ჯიშკარიანი გადაულახავ ბარიკადად გადაეღობებოდა. ნერვიულად დასტაცა ხელი მაგიდაზე დადებულ ტელეფონს კაცმა და გადარეკა. -დაუკავშირდი ქალბატონს. დღეს შვიდ საათზე შემხვდეს ჩვენს რესტორანში. თავიდან არ დაგთანხმდება, მაგრამ უთხარი, რომ საქმე ოლიკოსა და ჩემს ვაჟს ეხება. -ჩასძა ტელეფონში ბატონმა დიმიტრიმ და როდესაც პასუხი მოისმინა, გათიშა. ნერვიულად მოსვა ღვინო და სავარძელში ჩაესვენა. 18:15 დიმიტრი ერთ-ერთი რესტორნის კუპეში იჯდა და ნერვიულად ისწორებდა პერანგის საყელოს. ყელს იღერებდა და წამდაუწუმ საათს აშტერდებოდა. კარის ღრჭიალის ხმაზე, უცბად აიხედა მაღლა და კუპეში შესული ქერა ქალი ფეხბიდან აათვალიერა. უშველებელი ნერწყვი გადააგორა ყელში. კუპეში 43 წლამდე, საშუალო სიმაღლის ქალბატონმა შემოაბიჯა. ტანზე მჭიდროდ მომდგარი იისფერი კაბა ეცვა და სწორი, სქელი ქერა თმა უფარავდა იისფერი ნაჭრით დაფარულ ბეჭებს. ცივად შეხედა მამაკაცს, შემდეგ კი, ლასლასით მიუახლოვდა მაგიდას და დიმიტრის მოპირდაპირედ დაჯდა. აღელვებული ჩანდა, თვალს არიდებდა კაცს. -როგორ ხარ? -მზრუნველად ჰკითხა დიმიტრიმ. ქალმა ამზერით შეათვალიერა იგი. -ჯობს გამარკვიო, რა შუაშია ოლიკო და დათა? -ცივად მოუჭრა ქალმა. დიმიტრიმ ნერვიულად ჩაახველა და წყალი მოსვა. -მგონი, იგივე მეორდება. -უპასუხა კაცმა. -რას ნიშნავს იგივე მეორდება? -სახე წამოენთო ქალს. -ოლიკოს საქმრო ჰყავს. -ჰოდა, დროზე უნდა გაჰყვეს იმ თავის საქმროს, თორემ ჩემი შვილის ამბავი ვიცი მე. არ მოისვენებს, სანამ არ დაიბრუნებს. -ნერვიულად თქვა კაცმა. ქალი აღელვებით დააშტერდა მაგიდას, ხელებს ნერვიულად ისრესდა და თვალებს დაბნეულად აცეცებდა. -ამას ვერ დავუშვებთ. რას ვიფიქრებდი, როგორ მეგონა... -აბდაუბდად საუბრობდა ქალი. -საერთოდ არ უნდა ჩამოსულიყო ოლიკო აქ, მაგრამ აბა რას ვიფიქრებდი?! იმდენი ხანი გავიდა... -წყლით სავსე ჭიქას დასწვდა ქალი და ძლივს გადაუშვა სითხე ყელში. სწრაფად და აღელვებით სუნთქავდა. -არც მე მეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ისევ ოლიკოზე დაიწყებდა ფიქრს, მაგრამ როგორც ჩანს შევცდით. ან წავიდეს ოლიკო აქედან, ან სასწრაფოდ გაჰყვეს თავის საქმროს, თორემ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. დათა ძალიან სწრაფად მოქმედებს. -ნერვიულად გადაისვა მამაკაცმა თავზე ხელი და ქალს ახედა, რომელიც უკვე ფეხზე იდგა. -მივხედავ ამ საქმეს. -ხაზგასმით წამოიძახა ქალმა და სწრაფი, მაგრამ ქალური ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ. შემდეგ კი, ირონიულად გამოხედა სკამზე მჯდომ კაცს. -ისე, შენი შვილი საერთოდ არ გგავს შენ. -ამზერით დახედა ქალმა დიმიტრის და კუპე დატოვა. *** საღამოს ზურა ოლიკოს ესტუმრა. უკვე აღარ ერიდებოდა თავისი საცოლის თავშეკავებას და სასწრაფოდ გადაეწყვიტა ქორწილის დაჩქარება. უნდოდა სწრაფად ჩაევლო ხელი თავისი საცოლისთვის და ქვეყანა დაეტოვებინა მასთან ერთად. ერთ თვეში თავად უნდა დაბრუნებულიყო ესპანეთში, სამსახურს მეტხანს ვერ დატოვებდა, ამიტომ გაზაფხულამდე ან ზაფხულამდე ქორწილის გადადება საფრთხილო იყო, თავის საცოლეს ამ ქვეყანაში მარტო ვერ დატოვებდა. დათას გარემოცვაში ოლიკოს დატოვება საშიში იყო, რადგან ამ ბიჭის შესაძლებლობებში დარწმუნდა ზურა. მიხვდა, რომ დათა დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. კარი გელამ, ოლიკოს მამამ გააღო და ღიმილი შეაგება თავის სასიძოს. ეს უკანასკნელიც თავაზიანად მიესალმა მას და სახლში შევიდა. -როგორ გიკითხოთ, გელა? -თავაზიანად მოიკითხა გელა ზურამ. -კარგად, კარგად. შენ როგორ ხარ? -გელამ მისაღებში გაიყვანა ზურა და სავარძლისკენ ანიშნა. -ოლიკო თავის ოთახშია, ახლავე გამოვა. -არა, იყოს. ჯერ თქვენთან მაქვს საქმე. -მშვიდად თქვა მამაკაცმა. -ნინო სად არის? კარგი იქნება, ორივე თუ მომისმენთ. გელამ დაკვირვებულად შეათვალიერა ზურა და მის მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა. -ნინო მეგობრის სანახავად წავიდა, სადაცაა მოვა. -მშვიდად მიუგო კაცმა. -ხომ მშვიდობაა? -კი, მშვიდობაა. -ოდნავ აღელვებული ღიმილი გამოეხატა ბიჭს სახეზე. -კარგი, მაშინ თქვენ გეტყვით. გელამ არაფერი უპასუხა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ზურას სახეზე შეაშტერდა. ბიჭმა ჩაახველა, ოდნავ წამოიწია სავარძელში და მაჯებით მუხლებს დაეყრდნო. -მოკლედ, ქორწილზე მინდა დავილაპარაკოთ. ოლიკო ზაფხულამდე მოცდას მთხოვს. მე კიდევ ერთ თვეში უკან უნდა გავბრუნდე და ამხელა სიშორე... ნუ ხომ ხვდებით?! არ მინდა. -ნერვიულად ჩაახველა მამაკაცმა. -იქნებ, თქვენ დაელაპარაკოთ, რომ ჩემს აქ ყოფნამდე მოვაგვაროთ ქორწილის თემა?! -მშვიდად წარმოთქვა კაცმა. გელამ ამოიხვნეშა და წარბები ოდნავ შეკრა. -მესმის შენი, მეც მინდა რომ დროზე ჩავაბარო პატრონს ჩემი ქალიშვილი. -ღიმილი მოეფინა კაცს სახეზე. -ნინო მოვა და ერთად დაველაპარაკებით. ზურას გულზე მოეშვა და შვებით ამოისუნთქა. სახეზე მადლიერი ღიმილი მოეფინა. -ოლიკოს დავუძახებ. -წამოდგა ფეხზე გელა. -არა, იყოს. სახლში უნდა წავიდე, მეჩქარება. არ უთხრათ, რომ მოსული ვიყავი და ეს დიალოგიც... -მესმის, მესმის. -შეაწყვეტინა გელამ და ღიმილით გააცილა კარამდე თავისი სასიძო. *** ოლიკო თავის ოთახში, საწოლზე იწვა და თეკლესთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა არც ზარებზე, არც მესიჯებზე. ოლიკოს ცუდი არაფერი უფიქრია, თუმცა მაინც მოეღუშა სახე ამის გამო. კარზე კაკუნი შემოესმა. -შემოდი. -მშვიდად დაიძახა გოგონამ და ლოგინზე წამოჯდა. ოთახში ილიკო შემოვიდა. -გამოდი, გელას და ნინოს შენთან საქმე აქვთ. -დედას და მამას, იდიოტო. -დაეჭყანა ოლიკო თავის ძმას. ილიკომ საპასუხოდ შუა თითი აუწია გოგონას. -მაგ თითს მოგატეხავ ერთ დღესაც. -დაუღრინა ოლიკომ და ოთახიდან გავიდა. ოლიკოს მშობლები მისაღებში ისხდნენ. გელა მშვიდად, აუღელვებლად იჯდა. ნინოს კი აშკარა ნერვიულობა გამოხატვოდა სახეზე, ლოყები ოდნავ შეწითლებოდა და ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს. -დაჯექი, მამი. -მზრუნველად უთხრა ოთახში შესულ ქალიშვილს მამამ. ოლიკოც მაშინვე დაჯდა მშობლების მოპირდაპირედ და გვერდით ილიკოც მიუჯდა წამებში. ტ’ყუპებს ინტერესიანი სახეები ჰქონდათ და სახეში შესჩერებოდნენ მშობლებს. -მგონი დროა, ზურა დავპატიჟოთ სახლში და ქორწილის თარიღი დავგეგმოთ. -წამოიწყო საუბარი გელამ. ტ’ყუპებს უკმაყოფილო მზერა გამოეხატად სახეზე და ერთმანეთს გადახედეს. -ჯერ არა. -წამოიძახა უცებ ოლიკომ. -პირველ კურს დავხურავ და... -შენს მარჯვენა თითს დახედე! -დაუყვირა ნინომ. შემდეგ კი უცბად დამშვიდდა, მიხვდა რომ ხმამაღლა მოუვიდა. -შენი აზრით, დანიშნული რამდენ ხანს ივლი? -ლიმიტი არსებობს რაიმე? -უდარდელად ჩაილაპარაკა ილიკომ. ნინომ თვალები დაუქაჩა თავის ვაჟს. -მამა. -საწყლად შეხედა ოლიკომ მამას, რადგან იცოდა მამამისის გულჩვილობის ამბავი გოგონამ და მხოლოდ მისი იმედიღა ჰქონდა. -ზაფხულამდე მოვიცდით რა. ცოტა ხანი მინდა აქ ვიყო, თეკლესთან ერთად. ახალი მეგობარიც შევიძინე. ერთი წელი მაინც ვიყო ჩემს ქვეყანაში, ხომ შეიძლება? -ნაღვლიანად წარმოთქვა გოგონამ. ნინოს სახე მოეღრიცა და გამჭოლად გახედა თავის მეუღლეს. გელამ ამოიხვნეშა, ქალისთვის არ შეუხედავს. თავის ქალიშვილს უყურებდა, რომელიც ვედრებით შეჰყურებდა მას. -როგორც შენ იტყვი, შვილო. -მზურნველად უპასუხა მამამ. -გელა! -შეჰყვირა ნინომ. მამაკაცმა მშვიდად გახედა ცოლს. -ქორწილის დაძალება, ვის გაუგონია ნინო? ბავშვები თავისით მორიგდებიან. -მშვიდად თქვა მან და მაგიდაზე დადებულ გაზეთს სწვდა აუღელვებლად. ოლიკომ შვებით ამოისუნთქა და სწრაფად გავარდა ოთახიდან, არ უნდოდა დედამისს რამე ექვა მისთვის. მას ილიკოც გაჰყვა უკან და როცა გოგონა თავის ოთახში შევიდა, ილიკომ კარი მოკეტა ზურგს უკან. -ისევ დათა გიყვარს ხო, შე დებილო? -ხმადაბლა დაუსისინა თავის დას. ოლიკომ წარბები შეკრა და ბრაზნარევად შეაშტერდა თავის ძმას, მერე კი დაბნეულად ჩახარა თავი და მხრები აიჩეჩა. -ესღა გვაკლდა. -უკმაყოფილოდ შემოირტყა დოინჯი ილიკომ და ტუჩებისკვნეტით, ჩაფიქრებული შეაშტერდა სივრცეს. -რას აპირებ? -ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ იკითხა მან. ოლიკომ ისევ მხრები აიჩეჩა, თავს მაღლა არ სწევდა. -ეგრევე მიხვდი. -საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ბიჭმა. -როგორც კი ქორწილზე თავის შეკავება გადაწყვიტე, მაშინვე მივხვდი, რომ ისევ დათა იდგა ამ ყველაფრის უკან. არა, ეს შარვალ-კოსტუმა რატომ შეგიყვარდა სულ მიკვირდა, მაგრამ დათა ტო? ისევ დათა? მე მეგონა ჭკუა მოგემატა. -უკმაყოფილოდ ააბზუა ცხვირი ილიკომ. ოლიკომ მკვლელი მზერით ახედა თავის ძმას. -მოიცა, რას უწუნებ ან ერთს ან მეორეს? -იმათ არ დავეძებ მე. -ამზერით დახედა თავის დას ილიკომ. -მარა შენ რო დებილი ხარ მაგაში დავრწმუნდი. ცოტა მაინც დამმგვანებოდი, ეტყობა მუცელში ყოფნის დროს მე უფრო განვვითარდი, ვიდრე შენ. -თავდაჯერებით წარმოთქვა ილიკომ. ოლიკომ ბალიში აიღო და მთელი ძალით გააქანა თავისი ძმისკენ. ილიკომ ოსტატურად მოიქნია მისკენ წასული ბალიში ოლიკოსკენ და სწრაფად გავარდა ოთახიდან. *** ოთახში დარჩენილი გოგონა საწოლზე მოიკნუტა და თვალები დახუჭა. უცებ, ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა. უცხო ნომერი იყო, ოლიკოს თეკლე მოაგონდა და სწრაფად უპასუხა ზარს. -გისმენთ. -ოდნავ, მძინარე ხმით თქვა გოგონამ. -როგორ ხარ, პატარა? -მოესმა ნაცნობი ხმა ოლიკოს და სწრაფად წამოჯდა. გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. -რა გინდა? -ძლივს ამოილუღლუღა მან. -ეხლა მისამართს მოგწერ და ხვალ, საღამოს ექვსისთვის იქ მოდი. -მშვიდად უთხრა ბიჭმა. -რა სისულელეს მეუბნები. თავადაც კარგად იცი, რომ არ მოვალ. -დაისისინა გოგონამ. დათას სიცილის ხმა შემოესმა და ამან უფრო აანერვიულა ოლიკო, ბრაზი თვალებში მოაწვა. -მოკლედ, მისამართს გწერ და ხვალ ექვსისთვის გელოდები. დარწმუნებული ვარ, რომ მოხვალ. -კმაყოფილად მიუგო ბიჭმა. -არც იოცნებო. -დასჭექა გოგონამ. -ხომ გითხარი, მე არასდროს ვოცნებობ მეთქი? -მშვიდად უპასუხა ბიჭმა. -გკოცნი, პატარა. ხვალამდე. -კმაყოფილი სიცილით უთხრა ბიჭმა და ტელეფონი გაუთიშა. ოლიკომ თვალები დაქაჩა. -ვინ გონია თავისი თავი? -ჩუმად წამოიყვირა მან. -ექვსისთვის მელოდება ბიჭი, დიდიხანს მოგიწევს ლოდინი. -უკმაყოფილოდ მოისროლა ტელეფონი გოგონამ. საღამურებში გამოეწყო და საბანში შეიყუჟა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.