ძველი პიანინო - 41
41. - ნახე, რა მაქვს. მხატვარმა უჯრიდან ნახევრამდე შევსებული კონიაკის ბოთლი გამოაძვრინა. - ვააა. როგორ გადაგირჩა? ფიფოს თვალები აუციმციმდა, ისედაც დაძაბული იყო, ცოტა მოშვება არ აწყენდა. - ჩამეძინა... მერე ალბათ გათენდა. სიცილი აუვარდა. - ჰოო, ალბათ გათენდა, თორემ ასე არ დატოვებდი ფიფო ჭიქას დასწვდა. უხმოდ გადაკრეს... მხატვარმა სავარძელზე თავი გადადო და სადღაც ჭერს მიაჩერდა.. ფიფო მოღუშული სახით აკვირდებოდა პორტრეტს. მხატვარს მოეჩვენა, თითქოს არც ფიფოს მოსწონდა ნახატი. - არც შენ მოგწონს არა? ფიფომ უხმოდ გააქნია თავი - უფრო ძლიერი აღნაგობის წარმომიდგენია... ახლა ამ თავს ტანი რომ მიაბა, ბევრად სუსტი, და ნაკლებად ძლიერი კაცი გამოვა, რატომღაც ამაზე ბევრად ახალგაზრდა მგონია... ფიზიკურად ძლიერი... მშვენიერ სპორტულ ფორმაში... ეს კი ცოტა თითქოს უფრო ასაკშია, ან ფიზიკურად სუსტი... არაჯანმრთელი... ასეთი და ასე მარდად ვერ დაგვისხლტებოდა ხელიდან... რაც მაგან გვარბენინა არა მგონია ამან შესძლოს ამდენი სირბილი. სახე კი გაიძვერა და არასანდო კაცისა აქვს და არც ამას გაუჭირდებოდა მკვლელობის ჩადენა, მაგრამ არა ფიზიკური ძალით... ეს უფრო თოფს ესროდა ან მოწამლავდა... ზოგიერთი მსხვერპლის მოხრჩობას ძლიერი ფიზიკური ძალაც უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ხალხი ასაკში იყო, მაინც... ბევრად უფრო ძლიერი წარმომიდგენია და ასაკითაც შესაძლებელია ორმოც წლამდე იყოს... შეიძლება ცოტა მეტისაც ან ნაკლებისაც. - ჰო ეს ბევრად ბებერი გამომივიდა... უფრო გაქნილ აფერისტს გავს, ყველაფერზე წამსვლელის თვალები აქვს... ფლიდი... მოკლედ, ჩვენ სულ სხვა ტიპაჟი გვინდა რა... - დიახ.. სულ სხვა! ფიფომ კონიაკი ჩამოასხა. - იქნებ ბანდაა? ამაზე არ გიფიქრია? მხატვარი ჭიქას დასწვდა. - არა ბანდა ნამდვილად არარის.. ეგ ვარიანტიც ბევრჯერ გადავამოწმე. ვფიქრობ, რომ ბანდა უფრო მშიშრებისთვის არის, ერთად უფრო ძლიერ ძალას წარმოადნენ ცალ-ცალკე კი, შეიძლება ბევრჯერ თავად შიშითაც კი გაუსკდეთ გული. ეს კი უშიშარი, უდრეკი, შეუვალი და შურისძიებით გაბოროტებული და ამ სიბოროტითაა ძალა შესხმული... - იცი, რა ვიფიქრე ახლა... ეს პორტრეტი გადავაკეთო თუ ახალი დავიწყო?.. - ახალი დაიწყე და თან შეადარებ ამას... ეეეჰ, ნეტავ მართლა შენი დახატული პორტრეტი უშველიდეს მკვლელის ამოცნობას და... - უშველის, დიახაც, უშველის... დარწმუნებული ვარ... საერთოდ მკვლელის პროფილის შექმნა საწყისი წერტილია მისი ბოლომდე ამოცნობისა და ბოლოს თუ იღბალიც ინებებს, მისი მიგნებისაც და თუ ამას ვიზუალური მხარეც დაემატება უფრო გაგიადვილდება მისი პოვნა.. - მაშინ გამიხსნია საქმე და ეგ არის - გაეცინა ფიფოს - რა დარწმუნებული ხარ, რომ შენს მიერ დახატული პორტრეტი მკვლელის იქნება? ხომ შეიძლება, რომ საერთოდაც არ ჰგავდეს იმას, ვისაც ვეძებ... - დაემსგავსება. შენ არ დაიჯერებ, მაგრამ დავამსგავსებ, შეიძლება ზუსტად ის არ იყოს და მართლაც სინამდვილეში ვინმე სხვას ჰგავდეს, მაგრამ სწორედ იმ ტიპაჟამდე მივიყვან, შენ რომ ეძებ, ჩემი დახატული პორტრეტის გამომეტყველება ისეთი იქნება რომ რეალურ პიროვნებაში ამოგაცნობინებს მკვლელს - მხატვარმა კონიაკი გადაკრა - დამიჯერე... მასე იქნება. - ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება, როდესმე დავიჭერ რო დამნაშავეს? - დაიჭერ, აუცილებლად დაიჭერ! მაშინ დაიჭერ, როდესაც საზღვრის მიღმა დაიწყებ ფიქრს და შენი აზროვნება სტანდარტულ ჩარჩოებს გასცდება... იფიქრე, ისე, როგორც შენი არც ერთი თანამშრომელი არ იფიქრებდა... - მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა - ისე უნდა იფიქრო, როგორც ჭადრაკის თამაშის დროს ფიქრობენ. - ესე იგი, შემდეგ სვლაზე უნდა ვიფიქრო არა? გაეცინა ფიფოს. - შემდეგ სვლაზე კი არა, შემდგომ სამ სვლაზე უნდა იფიქრო. მხატვარი გაჩუმდა, ცოტა ხანში ისევ განაგრძო: - ნახატი ეს უბრალოდ სურათი არ არის, მასში შეიძლება მთელი სამყარო დაინახო და ის საიდუმლო ამოიცნო, რომელიც ბევრისთვის დაფარულია. - ეჰ ეს ყველაფერი გასაგებია და მესმის, შენიც მჯერა, მაგრამ წინ ვერ მივდივარ, წინ... ძნელია, როცა ვინმეს ეძებ და არც კი იცი ვინ არის და როგორ გამოიყურება... თითქოს მისი სულიერი პორტრეტიც შევქმენი, მაგრამ მაინც ეს ცოტაა, ძალიან ცოტაა. მივხვდი, რომ მისთვის ეს ისე უბრალოდ, და გასართობად ჩადენილი მკვლელობა არ არის და აქვს რაღაც მიზანი... ცხადია, რომ მსხვერპლს უსაფრდება, იმასაც მივხვდი, რომ წინასწარ ირჩევს, ასაკოვან ხალხს ირჩევს, მაგრამ იცნობდა კი ადრე? ან რაიმე თუ აკავშირებდა კონკრეტულად ამ ხალხთან?.. - „ვიქტიმა“! - რიტუალური მსხვერპლი!.. ლათინურად... ფიფომ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა: - ვიცით ბატონო, ვიცით, „ვიქტიმოლოგია“ გვეხმარება მკვლელის პროფილის შექმნაში... მსხვერპლისა და დამნაშავის ურთიერთობას იკვლევს და მერე გამოვიდა რამე? ვითომ რაღაც პორტრეტი შეიქმნა. ჰო, გავიგეთ, რომ შურს იძიებს, თავად უწყობს სასამართლოს და განაჩენიც თავადვე მოჰყავს სისრულეში და მერე? მორჩა! იმის იქეთ ვერ მივდივარ! - „შენი მკვლელი“ ემსგავსება იმ ინდივიდუუმს, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სამართალს, თავად წყვეტს ვინ იცოცხლოს და ვინ არა. - და მე კი თავს ვიმტვრევ რატომ და რისთვის?... - პირველ რიგში იმიტომ, რომ სიკეთისა და ბოროტების გრძნობა სხვებზე მეტად აქვს გამძაფრებული. ყოველი ადამიანი სულში გაივლის სიკეთისა და სიბოროტის ხაზი, მაგრამ მთავარია მერე რომელს მოეჭიდება მისი სული. ფიფო მოღუშული უსმენდა მხატვარს, ის კი განაგრძობდა, არ ჩერდებოდა. - თავიდან, ალბათ მასე ასე ჰგონია, რომ საზოგადოებას ეხმარება, გარეწრებისგან წმენდს სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში კი მკვლელად იქცა, და ამის გააზრებაც არ უნდა, პირიქით უფრო მუღამში შევიდა... თავად არის მსხვერპლი და შემდეგ ეს მსხვერპლი თავადვე იქცა მკვლელად. მისი არც ერთი დანაშაული არ არის შემთხვევითი მკვლელობა, არამედ გამიზნულია... დემონსტრირებას ახდენს სიბოროტეზე და სიკეთეზე. ეს არის დასჯა, ამიტომ ყოველი მსხვერპლის წარსული უნდა გამოიკვლიო რამე ჩადენილი დანაშაულის გამო, ხომ არ გაამართლეს ან საერთოდ თავი აარიდა დასჯას, იქნებ თავის დროზე ჩადენილი დანაშაულის გამო დაუსჯელად როგორღაც გამოძვრნენ და შეუმჩნეველნი დარჩნენ... - ჰოდა, საქმეს რომ მოილევს ბოლომდე, მერე ალბათ ეროვნულ გმირადაც გამოგვიცხადებს თავს... - თუ უკვე არ ჰგონია თავი გმირად... ისე სანამ მსხვერპლზე ძირფესვიანად არ გაიგებ ყველაფერს, მის ცხოვრებას კარგად არ გაეცნობი... - რამდენიმე მსხვერპლი ერთი და იმავე წლებში მუშაობდა ერთი და იმავე ადგილას, მხოლოდ ეს დავადგინე და მეტი ვერაფერი, ესეც დიდი ხნის წინ... ისიც კი ვერ გავიგე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს... LEX·2016 წლის 1 სექტემბერი, ხუთშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.