შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რენესანსი


8-05-2017, 01:24
ავტორი ჰუნი
ნანახია 1 302

/
შეჩერდი!
ეს არ არის ზღაპარი.
ეს არ არის ის სიყვარულის ისტორია, რომელსაც დიდები ყვებიან ხოლმე; შეხვდნენ, ერთმანეთი გაიცნეს, ერთი ნახვით შეუყვარდათ და ბოლოს, დაქორწინდნენ, ეს კი დასაწყისია იმ დასასრულისა, რომელიც წუთისოფლის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ასევე დასაწყისია იმ სიცრუისა, რომელსაც გვტენიან და გვაიძულებენ დავიჯეროთ ყოველი ნაბიჯი; დაორსულება, დაბადება, დედობა თუ მამობა, ზრდის პროცესი, თინეიჯერობა, გოგოობა თუ ბიჭობა, დაოჯახება, ქალობა თუ კაცობა, შვილიშვილები და ბოლოს, სიბერე. ყველაფერი აქ მთავრდება. ამის შემდეგ მხოლოდ სუნთქვა გვევალება, სურვილისამებრ, პირიქითაც კი... ჩვენ კი, მიუხედავად ბედნიერი გამომეტყველებისა, მაინც განვიცდით განვლილ წლებს. უკან დაბრუნებას ვნატრობთ და დარწმუნებით ვიცით, რომ თუ შანსი მოგვეცემა, ცხოვრებას უფრო ხავერდოვნად და მრავალფეროვნად გავატარებთ, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიან არის. ჩვენ უკვე დავბერდით. ჩვენს მეუღლეებთან ერთად დივანზე ვსხედვართ და ვუყურებთ საოჯახო გადაცემას. ყოველ ათ წუთში ერთხელ ორი წლის შვილიშვილი შემოირბენს მისაღებ ოთახში და ხან გაგვაბრაზებს, ხან კი ლოყაზე კოცნას დაგვიტოვებს და უკან გაბრუნდება. და ასე გრძელდება, მანამ, სანამ თვალებს სამუდამოდ არ დავხუჭავთ.
1
კეჟერაძეების სახლს როგორც კი გასცდა, მაშინვე გამოჩნდა განათებული ტერასა და შვებისაგან ამოისუნთქა. როგორც ყოველთვის, აგვიანდებოდა და ამის გამო ძალიან ღელავდა კიდევაც. მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა, რის გამოც თავიდან ძლივსღა აიცდინა კიბესთან შეჯახება. მილიმეტრებიღა დააკლდა და სამაშველო ბალიში გაიხსნებოდა. თავის ჯართ მანქანასაც დააზიანებდა და ყველაზე უარესი-ამის შემდეგ, უნივერსიტეტში ფეხით მოუწევდა წასვლა, ოდესღაც...
მაგრამ რადგანაც შეჯახებას გადაურჩა, შვებისგან ამოისუნთქა, გვერდითა სავარძელზე მდებ პარკს დასწვდა და საჩქაროდ გავარდა. მაჯის საათზე რომ დაიხედა, უკვე ოთხის თხუთმეტი წუთი იყო, არადა სამზე სახლში უნდა ყოფილიყო.
კიბის დიდი საფეხურები ძლივძლივობით აირბინა და სახლის კარი შეგლიჯა.
-ხვდები, რომ გვაგვიანდება? - გამწარებულმა ლიკამ, რომელიც ამ უკანასკნელის ნახევარდა იყო, მაშინვე წამოიკივლა და პარკი გამოჰგლიჯა.
პასუხს კი არც დალოდებია ისე აქცია ზურგი და მისაღები ოთახი ხმაურიანად დატოვა.
დაღლილი გოგონა კი მაშინვე ჩამოჯდა დივანზე, როგორც კი დარწმუნდა, რომ თავისი მისია შეასრულა და შეეძლო თავისუფლად ესუნთქა.
დღევანდელი დღე იმდენად გადატვირთული და დაძაბული აღმოჩნდა, რომ უკვე რესტორანში წასვლას აღარ აპირებდა.
ვერ ხვდებოდა, რა აუცილებელი იყო რესტორანში დაბადების დღის აღნიშვნა. შეეძლო დაეპატიჟებინა მისთვის ძვირფასი ადამიანები და ტკბილად სახლში აღენიშნა, მაგრამ არა, ლიკა რისი ლიკა იყო, რომ არა ფართო მაშტაბით ზეიმი!
-ნია, მზად ხარ? ათ წუთში გავდივართ.
კიბეებიდან ჩამომავალმა სიძემ, ახალგაზრდა ერეკლემ ცოლის დას ომახიანად შემოუძახა და მალევე მის გვერდით აღმოჩნდა.
-ჰმ, მე ვერ წამოვალ. - ამოიკრუსუნა ნიამ და თვალები ოდნავ დაჭყიტა, ჯერ შეამოწმა ერეკლეს რეაქცია და შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ სახეზე გამოსახული გამომეტყველება არ ამბობდა: "გამასწარი, თორემ ვერ გადამირჩები", საბოლოოდ გაახილა და კნუტის თვალები მიაპყრო.
-ვიცი, რომ დაიღალე, მაგრამ დღეს ლიკას დაბადების დღეა, შენი დის.
ერეკლემ მეგობრულად შემოხვია ხელი და თავზე აკოცა.
ერეკლეს საქციელიდან გამომდინარე, ასაკით დიდი სხვაობა გეგონებოდათ, მაგრამ ნიაზე ის მხოლოდ ოთხი წლით იყო უფროსი.
-ნახევარდის, -დაამატა ნიამ და ლიკას უხეშობით მობეზრებულმა ერეკლეს მზერა მოაშორა.
მიუხედავად დიდი ხნის გასვლისა, ლიკა მაინც ვერ პატიობდა წარსულს და თუ შანსი მიეცემოდა, ყოველ ჯერზე აყვედრიდა, ყველაფერ იმას, რაც მისთვის ოდესღაც გაეკეთებინა, შემდეგ კი ყველაზე მთავარით ასრულებდა-წარსულში ჩადენილი შეცდომით.
წარსულის დახმარებით კლანჭებს ისე მჭიდროდ შემოჰხვევდა კისერზე, რომ სუნთქვა უჭირდა.
ერეკლემ პირი დააღო, უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ვერაფერი თქვა.
მათი ურთიერთობის გზაგასაყარზე იდგა. დიდად ვერც ლიკასკენ იხრებოდა და მით უმეტეს-ვერც ნიასკენ, ამიტომ ბოლოს, როდესაც სათქმელი ამოიწურებოდა, ჩუმდებოდა, ნიას ერთი მკაცრად კი გახედავდა, მაგრამ ეს საკმარისი არასდროს იყო და ვერც ვერასდროს იქნებოდა.
-თან ხომ იცი, რომ არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში სიარული. - სიძე სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მეორე მიზეზიც დაამატა და მარჯვენა ხელის თითები ვედრების ნიშნად ნიკაპზე მიიდო.
და რადგანაც, ერეკლესა და ნიას დიდი ხნის ნაცნობობა, შემდეგ კი ნათესაობა აკავშირებდათ, ლიკასგან განსხვავებით ერეკლემ იცოდა ნიას ხასიათი და მეტი აღარ უთქვამს, დღეისთვის ბოლოჯერ აკოცა შუბლზე და დაემშვიდობა. ხოლო როდესაც ლიკა პირველ სართულს დაუბრუნდა, მალევე დატოვა იქაურობა.
ერთხელ კი გამოიხედა და ნიას ჰკითხა მათთან ერთად მიდიოდა თუ არა, მაგრამ ესეც ფორმალურად, დიდად არც ინტერესდებოდა მისით, ამიტომ როგორც კი ნიასგან უარყოფითი პასუხი მიიღო, მაშინვე დაჰკრა ფეხი და კარს მიღმა აღმოჩნდა.
თითქოს მათ შორის ყოველთვის იყო აღმართული კედელი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ თანდათან ჩამოენგრიათ, პირიქით-გაამყარეს.
ნიაც თანდათან შეეჩვია ამას და ახლა, ლიკას გულგრილობა დიდად არ აწუხებდა, მაგრამ ჰქონდა ისეთი მომენტები, როდესაც ღრმა ფიქრს მიეცემოდა და ნანობდა ლიკას ასეთ დამოკიდებულობას. დიახ, ნანობდა. ნანობდა, იმ შეცდომას, რომელიც უნებლიედ დაუშვა. უნდოდა ზღაპარში ყოფილიყო, სადაც ამ უნებლიედ დაშვებულ შეცდომას აპატიებდა, მაგრამ არ იყო...
ამ დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა, მაგრამ წარსულის ანარეკლი თან დასდევდა, ნიასაც და ლიკასაც და აწმყოთი ცხოვრების უფლებას არ აძლევდათ.
*
მეორე დღეს რომ გამოეღვიძა, მიხვდა, ორშაბათი დილა დამდგარიყო და სხვა გზა არ ჰქონდა, სამსახურში აუცილებლად უნდა წასულიყო. ბოლო ხანებში ყველაფრის ხალისი დაეკარგა; სამსახურის, უნივერსიტეტის; მართალია, მეოთხე კურსზე იყო და დღეგამოშვებით თუ ივლიდა, მის პორტფოლიოზე ცუდად არ აისახებოდა, მაგრამ ბოლო სამი კვირა ზედიზედ გაცდენა მასზე ცუდად ნამდვილად იმოქმედებდა და ეს თვითონაც იცოდა, ამიტომ საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ უნივერსიტეტს მალე დაუბრუნდებოდა.
როგორც კი მოწესრიგდა, მისი ფართხუნა მაისურითა და მოტმასნული ჯინსებით გავარდა სახლიდან. უკვე ზაფხული ახლოვდებოდა, რაც ცუდ განწყობას უქმნიდა. სძულდა ზაფხული, გაუსაძლისი სიცხეები და სამი თვე, რომელსაც ძლივს გადააბობღებდა ხოლმე.
ნია ყველა სეზონის გოგო იყო, გარდა ზაფხულისა.
სახლიდან გასვლისას ერეკლესა და ლიკას მხოლოდ მიესალმა, არც გუშინდელი ამბები გამოუკითხავს და არც არაფერი.
გვირილების სახლს როგორც კი მიუახლოვდა, მშვებისგან ამოისუნთქა და ღიმილიანი სახით შევიდა.
-ოჰ, ნია, გვიკადრე?
ახალი ჩანთების თაროებზე დაკავებით გართულმა სალომემ, ნია როგორც კი შენიშნა, მაშინვე ხელებგაშლილი წამოვიდა მისკენ და რამდენიმე დღის უნახავი მეგობარი გულში ჩაიკრა.
მიუხედავად იმისა, რომ ნია სალომესთან ასე თუ ისე ახლოს იყო, მაინც არ ჩათვალა სწორად მისი დღევანდელი ხასიათის სახეზე დატყობა, ამიტომ იძულებული გახდა ისეთივე ღიმილიანი სახე დაეტოვებინა, როგორითაც გვირილების სახლში შეაბიჯა.
თავი ისე რომ არ მოეჩვენებინა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, სალომე რა თქმა უნდა დაეჭვდებოდა და ათას კითხვას დაუსვამდა და მეტიც, თავისით, პასუხის გაცემასაც რომ არ აცდიდა ისე, დასკვნების გამოტანას შეუდგებოდა.
ჰოდა, ნიასაც პრობლემა უმიზეზოდ რატომ უნდა აეკიდებინა, მით უმეტეს, თუ მასთან მართლაც რიგზე იყო ყველაფერი, უფრო სწორად, ახალი არაფერი მომხდარა, მხოლოდ სევდა შემოჰყროდა, რომელიც წარსულს უკავშირებდა. ყოველ დღე, ყოველ წუთას ცდილობდა ეს სევდა მიეჩქმალა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა.
ხან ბნელ ოთახში ჩაკეტავდა, ხან ვიწრო ქუჩაზე ჩამოიტივებდა, ხან მდინარეში მოისვრიდა, ხან კი იმ პატარა, მყუდრო გვირილების სახლში, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა. თანდათან კი დანებდა.
-რატომ გადაიკარგე? ხომ კარგად ხარ? - სალომე დაინტერესდა.
მეგობართან სიახლოვით გული რომ იჯერა, ჩანთებს დაუბრუნდა.
ნიამ მხრები შესამჩნევად აიჩეჩა.
-გუშინ ლიკას დაბადების დღე იყო და მას ვეხმარებოდი. - მოიტყუა.
და როგორც ყოველთვის, ტყუილისას როგორც სჩვეოდა, წარბები შეერყა, მაგრამ ეს სალომეს გამორჩა.
სალომე და ნია მეგორბობდნენ, მაგრამ მათი სულები ვერა.
-უი, მართლა? რა კარგია, ჩემგან მილოცვა გადაეცი.
იმდენად ერთნი ვერ იყვნენ, რომ სალომემ ნიას ეს ტყული დაიჯერა.
ნია ხომ აღარ დადიოდა მსგავს შეკრებებზე.
თუმცა, ეს ვისღა ადარდებდა?
ნიას აღარ სჯეროდა სულიერი მეგობრის არსებობის, ან უბრალოდ... ღმერთმა იცის მის თავში რა ხდებოდა! ხან ქარბორბალა აბობოქრდებოდა, ხან კი ზაფხულის გრილი სიო დაჰკრავდა, ისეთი, ყველას რომ შეგვაშურებდა.
არეული ვინმე იყო, განსაკუთრებით კი ამ ბოლო წელს. ზოგჯერ იმდენად ორჭოფობდა, რომ ისიც კი ვერ გადაეწყვიტა, ნია ხომერიკი იყო თუ ვიღაც სხვა, ვისი ვინაობა ჯერაც ვერ გაერკვია.
პიკს რომ მიაღწევდა, ერთი შემორტყმა იყო საჭირო და აზრზე მოდიოდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის შემომრტყმელიც კი აღარ ჰყავდა.
დახლს მიყრდნობილი გვირილების სახლში შემომავალ და გამავალ ხალხს აკვირდებოდა. შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ვიღაცას ვიღაც ენაცვლებოდა და ერთმანეთში უამრავი სახე ირეოდა.
ამჩნევდა მომხმარებლების სახეზე აღბეჭდილ სიხარულს, როდესაც თავიანთი საყვარელი ნივთი მათ საკუთრებაში გადადიოდა და მათ შემხედვარე ნიასაც ეღიმებოდა. ხან ერთს შეხედავდა, ხან კი მეორეს. ყველანი ბედნიერები იყვნენ.
-გამარჯობა, ნია, - ნაცნობი ხმა როგორც კი მოესმა, მისმა მზერამ მაშინვე მარჯვნიდან მარცხნივ გადაინაცვლა, რა დროსაც იმაზე ნაცნობს შეეჩეხა, ვიდრე ხმა ამცნობდა.
-ოჰ, გამარჯობა, - მოულოდნელობისაგან შეხტა და დახლს ოდნავ მოშორდა.
-აბა, როგორ ხარ? - ისე ჰკითხა, თითქოს კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ და ისეთი მზერა მიაჩერა, თითქოს დიდი ხნის გადაკარგულ ნიას მის დავიწყებას საყვედურობდა. ნიამ თავი უხერხულად იგრძნო და ოდნავ შეიშმუშნა.
-მადლობა, კარგად, - მოჩვენებითი ღიმილითა და მონოტორული პასუხით შემოიფარგლა. - და შენ, შენ როგორ ხარ, იოანე?
იოანემ ხელი ჯერ თმაში შეიცურა და ოდნავ აიჩეჩა, შემდეგ კი იდაყვით დახლს დაეყრდნო და ნიას დაჟინებით მიაჩერდა.
-იმაზე უკეთ, ვიდრე სკოლის პერიოდში. - ორაზროვნად უპასუხა.
ნიამ შეუმჩნევლად აატრიალა თვალები და წამით ამოიოხრა კიდევაც.
-გუშინ ლიკას დაბადების დღეზე რატომ არ იყავი?
როდესაც ნიამ საპასუხოდ არაფერი დაუბრუნა, გადაწყვიტა მას ეაქტიურა.
-და ჩემი მანდ ყოფნა აუცილებელი იყო?
რიტორიკულმა კითხვამ მაშინვე გაიჟღერა და ოდნავ მომცინარი, ოღონდ ირონიულად მომცინარი სახე იოანესგან რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა.
-ლიკას და ხარ და კი. - მტკიცე ხმის ტემბრით უპასუხა.
ახლა მეორე ხელითაც დაეყრდნო დახლს.
იოანეს სითამამემ გოგონა გააოცა. არ ელოდა მისგან ასეთ ნაბიჯს და არც იმას ელოდა, რომ გვირილების სახლში ეწვეოდა.
ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დიდად არც ესიამოვნა მისი ნახვა და ახლა, ერთადერთი, რაც უნდოდა, მისი აქედან წასვლა იყო, მაგრამ ბიჭს გამომეტყველებაზეც კი ეტყობოდა, რომ გასვლას ჯერ არ აპირებდა. მასთან საუბართან ერთად თვალს ჩანთების თაროსკენ აპარებდა. ნია მიხვდა, რომ ჩანთის ყიდვას აპირებდა, ოღონდ ვისთვის-ეს გაურკვეველი იყო.
-რომელი გინდა? - იოანეს მიერ წამოწყებული თემა უკუაგდო და მაშინვე გეზი იცვალა. დახლს მოშორდა და თაროსთან მივიდა. - ეს, -ხელით პატარა, გვირილებით მოხატულ ჩანთაზე მიუთითა, - თუ ეს? - ამჯერად კი მეორე ჩანთაზე, ოღონდ შედარებით დიდზე და განსხვავებულზე მიუთითა.
იოანემ მხრები აიჩეჩა.
-და შენ რომელი მოგწონს? რომელს მირჩევ?
გამომეტყველება ორივეს სრულიად შეეცვალა. იოანეს მომცინარი სახე დაუსერიოზულდა და ისე შეათვალიერა ორივე ჩანთა, თითქოს წინ რომელიმე სერიოზული დოკუმენტი ედო და ცდილობდა ძირფესვიანად შეესწავლა.
-გააჩნია, "ის" როგორია, -ნიამაც აიჩეჩა მხრები და ნაცვალსახელი "ის" გამოკვეთა.
-ის,- ბიჭს სასიამოვნოდ ჩაეცინა.
ნიამ მაშინვე გაანალიზა, რომ ის მართლაც არსებობდა და მისი გახსენება იოანეს სასიამოვნო გრძნობას უტოვებდა.
-ის კარგია. - არც მეტი და არც ნაკლები, ასე მარტივად უპასუხა.
-კარგია? მასზე მხოლოდ ეს გეთქმის?
ნიამ თითქოს დამცინავად ჩაიცინა და იმ პატარა ჩანთას დაწვდა, რომელზეც პირველივე ჯერზე მიუთითა. სანამ იოანეს პასუხს მიიღებდა, უკვე დახლთან იდგა და ჩანთის გატარებით იყო დაკავებული.
-მასზე ბევრი რამ მეთქმის, მაგრამ არა შენთან!
იოანემ სცადა, ეს რბილად ეთქვა, მაგრამ ნიას გამომეტყველებას რომ შეეჩეხა, მაშინვე მიხვდა, რომ მაინც უხეშად გამოუვიდა. წამით გამოსწორება სცადა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგანაც იცოდა ნია მას ყურსაც არ ათხოვებდა და თუ ძალიან ზედმეტი მოუვიდოდა, სარკაზმსაც მოიშველიებდა და სწორედ მაშინ დაიწყებოდა მათ შორის მესამე მსოფლიო ომი, ამიტომაც გაჩუმება ამჯობინა და ნიას მიერ შემოჩეჩებული პარკი ხელებ შორის მოიქცია.
პარკი ნაგლურად რომ შემოაჩეჩა, ცალყბად გაეცინა, მაგრამ კრინტი არ დასცდენია.
- თქვენზე 35 ლარია! - მკაცრად მიუგო ნიამ, ისე თითქოს ერთი ჩვეულებრივი მყიდველი ყოფილიყო, თუმცა მყიდველებს ასე უხეშად არც მიმართავდნენ, მაგრამ მის წინ ხომ იოანე იყო, ბიჭი, რომელმაც წამების წინ გააბრაზა.
იოანეს ჩაეცინა, შემდეგ კი ორმოცდაათლარიანი გაუწოდა, უნდოდა ეთქვა, რომ ხურდა თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ ქვეცნობიერმა ნიას ხასიათი კვლავ შეახსენა და ენას კბილი დააჭირა. ხურდა როგორც კი გამოართვა ღიმილით დაეშვიდობა და იქაურობას გაეცალა, ნია კი ძალზედ არა, მაგრამ ცოტათი გაბრაზებული დატოვა, თუმცა დღის მეორე ნახევარს გოგონას იოანეც გადაავიწყდა და მისი უხეში მომართვაც.
ყოველთვის ასე იყო, წამით რაღაც ეწყინებოდა, გაბრაზდებოდა, ან თუნდაც, გაუხარდებოდა, შემდეგ კი, როდის რა მოუვლიდა და როგორ ხასიათზე დადგებოდა, არ იცოდა. მარტივით ცვალებადი ხასიათის მქონე იყო, მაგრამ თებერვალში დაბადებული. ეს ორი თვე ერთამეთში შერწყმული, ცოტა არ იყოს, რთულად გადასალახი ბარიერი გახლდათ.
ზოგი ვერ ლახავდა ამ ბარიერს, ზოგი კი ისე ლაღად გადაირბენდა, თვითონ ნიასაც კი უკვირდა. მაგრამ, ნაადრევ სიხარულს, ხშირად უკუღმა სვლა მოსდევს და მარტივად გადალახულ ბარიერებსაც სწორედ ასე ემართებოდა.
მიიჩქაროდნენ, რამდენი ნაბიჯითაც წინ მიდიოდნენ, იმდენივეთი უკან ბრუნდებოდნენ. ერთსა და იმავე ადგილს ვერა და ვერ სცდებოდნენ.
უყვარდა ნიას მარტოობა. იმ გრძნობას, რომელსაც მარტო ყოფნისას განიცდიდა, ვერც ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი ვერ განაცდევინებდა. და თან, ამას უკვე მიჩვეული იყო და მისგან წასული ადამიანებისაკენ ერთი წამითაც კი არ გააპარებდა მზერას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent