შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 56


17-05-2017, 12:15
ავტორი Lex
ნანახია 1 239

56.
გოგონა ორიოდე წლის თუ იქნებოდა, პერანგისა ამარა, გაპუწული თმებით, ხელში გაქუცული პლუშის დათუნია ჰქონდა ჩაბღუჯული.
„ნუთუ ყველაფერს უყურა?..
ან როგორ ვერ შევამჩნიე...
არადა ვიცოდი, რომ მთელი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო...“
დროის დაკარგვა არ ღირდა, სახლი კარგად უნდა დაეთვალიერებინა.
პიპამ ბავშვი ხელში აიყვანა, ფრთხილად მოატარა ოთახები, სხვაგან არსად არავინ იყო... მხოლოდ ერთგან, არყისა და თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ოთახში ეძინა ქალს, ასაკით ბებიას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ბავშვი დედას, თუმცა ვინ იცის...
მეორე საწოლიც იქვე იდგა, სავარაუდოდ ბავშვისთვის იქნებოდა განკუთვნილი, კაცმა ბავშვი საწოლში ფრთხილად ჩააწვინა, საბანი დააფარა, ბავშვმა თბილად გაუღიმა უცნობს და დასაძინებლად იცვალა გვერდი.
„საწყალი პატარა...
ალბათ ესეც გასაყიდად ჰყავდა გამზადებული....“
მერე მძინარე ქალს გახედა. არყისგან გათხლეშილი ღორივით ეგდო, ისე ღრმად ეძინა დილამდეც ვერც მოვიდოდა გონს
„ეს მეორე საქონელი კიდევ აქ გდია....
სიამოვნებით მივაყოლებდი ამასაც...
საცოდავი ბავშვი...“
კაცი ფეხაკრეფით გამოვიდა, მაცივრიდან გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვეული აიღო და გარეთ გამოვიდა.
გზაში ძეხვის ნაჭრების ერთი ნაწილი ქუდში გაახვია, მეორე კი ხელთათმანებში, მერე შორიახლო ნაგვის ბუნკერთან მოგროვილ ძაღლებს გადაუგდო.
ყველა სამხილი განადგურებული იყო, ახლა საჭირო იყო მიმისთან დროზე დაბრუნება, რომ არაფერი ეეჭვა. თუ ვინიცობაა მიმი გაღვიძებული დახვდებოდა მანქანიდან გადასვლის მიზეზიც უკვე მოფიქრებული ჰქონდა.
უკან სხვა გზით დაბრუნდა და წინასწარ შენიშნულ ღამის მარკეტს მიადგა.
მიმის ისევ მშვიდად ეძინა, რომ არაფერი გაუგია. ფრთხილად მიუჯდა, და მიმის გაღვიძების მოლოდინში გაიტრუნა.
თავიდან მიმის ზარმა გააღიზიანა, მერე კი უცებვე გადაწყვიტა შეხვედროდა, თავს მიაცილებინებდა, ერთ ქუჩაზე, თვითონ კი გაძვრებოდა სხვაგან და ჩაიდენდა, იმას რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ასეა თუ ისეა, რაღაც ალიბის მსგავსი მაინც ექნებოდა. უკვე დრო იყო მაგაზეც ეზრუნა, იმაზე ადრე, რომ დაეჭირათ, ვიდრე ბოლომდე მიიყვანდა საქმეს, მაშინ ხომ ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა... თვე ილეოდა, თავიდან ამ თვის ბოლოს დაგეგმა, მერე კი შემდეგ თვეში გადაიტანა, მაგრამ უცებ მიმის ზარიც და ხელსაყრელი მომენტიც...
უფრო მეტად გაუმართლა ვიდრე წარმოიდგენდა.
მიმი კი რას იფიქრებდა, რომ ნებით თუ უნებლიეთ, მკვლელობის თანამონაწილე გახდებოდა...
ისე გაახარა პიპას გამოჩენამ, რომ დანახვისთანავე სირბილით მიეჭრა კაცს და სანამ რამის თქმას მოახერხებდა ტირილი აუვარდა.
პიპას არაფერი უკითხავს. ოდნავ, რაღაც თითქოს ცივად მოეხვია.
მიმი დარწმუნებული იყო, რომ გამოჩენისთანავე გულში ჩაიკრავდნენ...
კითხვებს დააყრიდა, დაუყვავებდა, მაგრამ არაფერი მსგავსი. კაცი, ისევე, როგორც სხვა დროს, ყოველგვარი ემოციის გარეშე შეხვდა და არც არაფერი უკითხავს, ჩვეულებისამებრ დუმდა.
„რა უცნაური ვინმეა...
იქნებ რა მიჭირს... რა შემემთხვა... “
მიმის თავიდან საშინლად ეწყინა ასეთ გულცივობა.... გულგრილობაში შეფარული სიმკაცრე... წამიერად, სურვილიც კი გაუჩნდა ზურგი ექცია და უკანვე აბრუნებულიყო სახლში, მაგრამ უცებ ისეთმა ქარმა დაჰბერა, რომ ლამის მთელი ქვეყნის სუსხი სახეზე შეალეწა.
შეაჟრჟოლა, გამოერკვა, საკუთარი თავის შერცხვა. მიხვდა, როგორ უსინდისოდ ბრაზობდა და ლანძღავდა მეგობარს და თავადვე დაუწყო გამართლება.
„შუაღამისას, ასეთ ყინვაში და ქარბუქში, ადამიანი შენი გულისთვის, რომ საწოლიდან ადგება და გარეთ გამოვა...
თანაც არც მანქანა ჰყავს...
იქნებ ბოლო პურის ფულიც კი გზაში, ჩემთან მოსვლაში დახარჯა...
ეს უფრო მეტს არ ნიშნავს, ვიდრე თბილ-თბილი სიტყვებით გამოგიჭედოს ყური და ქმედებით კი არაფერი გააკეთოს...
მე კი როგორ უნამუსოდ გამოვლანძღე გულში...“
ამით დაიმშვიდა თავი და კმაყოფილი სახით მანქანაში ჩაჯდა.
ცოტა ხანს ღამის ქალაქში ისეირნეს, მიმი გატრუნული იჯდა, არც მისი მეგზური იღებდა ხმას. არც მუსიკის ჩართვა უცდია, მიმის ესეც უჩვეულოდ მოეჩვენა.
„ფიფო, რომ ყოფილიყო აუცილებლად ჩართავდა რაიმე მელოდიურს...
თუმცა დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ არც თუ ისე ცუდი გემოვნება ჰქონდა...
ჰქონდა კი არა აქვს... ჰმ, რა დროს ფიფოა...
ალბათ ეს ვერ იტანს მუსიკას მანქანაში,
ან იქნებ დიდად არც სიამოვნებს...
იქნებ სულაც სმენა არა აქვს...
ჰმ... სამაგიეროდ მე მიტანს...
როგორ უხმოდ ართმევს თავს ჩემს ხუშტურებს...“
მიმის სიამოვნებისგან ეღიმებოდა, საოცარი სიმშვიდე იგრძნო, სხეული ისე მოეშვა, თითქოს ღრუბელივით მიირწეოდა წინ და მალევე ჩაეძინა კიდეც.
თენდებოდა, როცა მიმის შეეღვიძა. მის გვერდით, საჭესთან კი მისი მეგობარი თვლემდა, თუმცა არ ეძინა.
- რა გემრიელად მეძინა იცი?..
- არა, არ ვიცი, აბა საიდან უნდა მცოდნოდა, როცა მე თვითონ მეძინა.
მიმიმ ქუჩებს გახედა, რაღაც არ ეცნო... პირველი თოვლიც მოსულიყო... იქნებ თოვლის თხელი ფენით დაფარული ქუჩა ვერ შეიცნო..
- სად ვართ?
კაცმა მხრები აიჩეჩა:
- წარმოდგენა არ მაქვს, სადაც ძილი საშინლად მომერია, იქვე გავჩერდი, მერე აღარაფერი მახსოვს.
ორივეს სიცილი აუვარდა.
- სამსახურისთვის ჯერ ძალიან ადრეა, მოდი სადმე ყავა ვნახოთ და მანქანაშივე დავლიოთ, მერე სახლში შევირბენ, მოვწესრიგდები.
- კარგი, დავლიოთ ყავა.
ის იყო, მანქანა უნდა დაეძრა, რომ მიმიმ უცებ მიახალა:
- იცი, მესიზმრა, თითქოს მანქანაში მარტო ვიყავი...

LEX·2017 წლის 5 იანვარი, ხუთშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent