სველი იასამანი [5 დასასრული]
გრძნობა? ერთი დანახვაა.. მის მზერაში რომ კითხულობ ყველაფერს, მისი მზერით რომ თბები, მისი თვალები რომ ამბობს სათქმელს, მის თვალებში რომ ხედავ სამყაროს. ერთი ამოსუნთქვა.. სიტყვებს რომ ხედავ მის ბაგეებზე, გრძნობ რას ამბობს უთქმელად, ხვდები და გეღიმება. ერთი გაღიმება.. გიღიმის და მთელი შენი სხეულიც იღიმის, გიღიმის და სითბოს აფრქვევ, გიღიმის და თბები, გიღიმის და არსებობ! საღამოს მასთან ერთად მივდივარ თემოს დაბადების დღეზე. უბრალო, შავი კაბა მაცვია, თმებიც გაშლილი მაქვს. როგორც კი მხედავს, ეცინება. - ესეც დაგიმახსოვრებია - ტუჩთან ახლოს მკოცნის და ხელს თმებში მიცურებს. - მაინც გაშლიდი - მხრებს ვიჩეჩავ და ვეხუტები. - მოიცა - მანქანასთან მიდის, პატარა ყუთს ირებს და უკან ბრუნდება - საჩუქარი მაქვს - ყუთს ხსნის და ყელსაბამს იღებს. - რა ლამაზია - ბედნიერების ღიმილს ვერ ვიკავებ. - მინდა რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდეს - ყურთან მეჩურჩულება და ვერცხლის ყელსაბამს მიკეთებს, პატარა, უსასრულობის ნიშანი აქვს წინ და ძალიან ლამაზად ბრწყინავს. - მეც მინდა, რომ ამ სიტყვებს სულ ვისმენდე - სხვას ვერაფერს ვამბობ. - თუ ორივეს გვენდომება, ასეც იქნება - ზურგიდან მეხუტება და ენით აღუწერელ სითბოს ვგრძნობ. ისეთ სითბოს ჩვეულებრივ რომ ვერაფრით იგრძნობ, ისეთს, მხოლოდ შენ რომ მიხვდები, ისეთს, მხოლოდ შენ რომ გაგათბობს. წელზე შემოხვეულ მის მკლავებს თითებს ვადებ, თითქოს ასე ვდილობ ჩემი ემოციის გადატანას, სხვანაირად ვერ შევძლებ, სიტყვებით ვერ გამოვხატავ, არ გამოიხატება ის, რასაც ვგრძნობ. ძალიან ნაზად მეხება მოშიშვლებულ მხარზე და ბედნიერება მთელ სხეულს ედება, ყველა უჯრედში აღწევს და ავსებს. - წავიდეთ? - დაბალ ხმაზე მეკითხება. - წავიდეთ - ოდნავ ვუქნევ თავს და ვშორდები. სამაგიეროდ თვითონ არ მშორდება მთელი გზა, თითებით მეფერება ხელზე, სახეზე, ყელზე და ამ შეხებით მაგრძნობინებს ყველაფერს. - ცოტა ადრე რომ წამოვიდეთ? - შესასვლელთან მეჩურჩულება და წელზე ხელს მხვევს. - წამოვიდეთ - ვუყურებ და მეღიმება, შეუძლებელია მის თვალებს უყურო და ღიმილი არ მოგინდეს. - დღის წყვილიც მოსულა - ყველას გასაგონად აცხადებს თემო და მაშინვე მწვავს დაჟინებული მზერა. - გეფიცები, მოგკლავ - საჩუქარს ვაწვდი და ძალით ვუღიმი, როგორც კი მაგიდასთან რეზის ვხედავ. - ლენკას თავს გეფიცები კლასელები „პროსტა“ დამადგნენ, იდეაშიც არ იყო - გულწრფელად წუხს. - მაკა, დავსხდეთ? - ხელს მკიდებს დათა და ვხვდები, ჩემმა ნათქვამმა გაანაწყენა. - დავსხდეთ - ვუღიმი და იქითკენ მივდივარ, საითაც ორ თავისუფალ სკამს ვხედავ. მთელი საღამო მწვავს რეზის მზერა და მთელი საღამო ჯიუტად არ ვიხედები მისკენ. არ მინდა დათამაც შენიშნოს, მაგრამ ამჩნევს, არ იმჩნევს უბრალოდ. - ორი წუთით გავალ, კარგი? - ვეჩურჩულები და აივანზე გავდივარ. უბრალოდ ჰაერი მჭირდება, ჰაერი, რომელსაც რეზის თვალები მართმევენ. მოაჯირს ვეყრდნობი და ღრმად ვსუნთქავ. უბრალოდ უნდა შევძლო, რომ მისი მზერა დავაიგნორო, აღარანაირ ემოციას აღარ აღძრავდეს, უბრალოდ უკვალოდ წაიშალოს. - მაკა, კარგად ხარ? - მართლა ძალიან ნაზად მეხება წელზე, მაგრამ მე მარწუხებივით მიჭერს მისი ხელები, მისი ხმა საზარლად ჩამესმის და მინდა მომშორდეს. - კარგად ვარ - გვერდით ვიწევი. - არ ვიკბინები - მისი თვალებიც კი ჩამქრალია. - ვიცი. - აბა რატომ გეშინია? - ისევ ჩემკენ იწევა. - არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა - მეც ისევ უკან ვიწევ. - გადავარდები - ჩაცინებასავით გამოსდის და მაჯაზე მავლებს თითებს. - რომც გადავვარდე, შეგიძლია არ დამეხმარო - ხელს ვინთავისუფლებ. - ასე გეზიზღები? - არ მეზიზღები, მე არავინ მეზიზღება რეზი, უბრალოდ შენთან საერთო აღარაფერი მაქვს, შენ უცხო ხარ, შენ აღარ არსებობ და არ მინდა არარსებულები მეხებოდნენ - ვცდილობ ხმამ სიმტკიცე არ დაკარგოს. - მე მხოლოდ ერთ შანსს ვითხოვ, მაკა - თვალებში მაშტერდება. - ეს ერთი შანსი უკვე სხვამ მიიღო რეზი, გეყოფა, არ ღირს. - დარწმუნებული ხარ? - ისევ მიახლოვდება, მე კი უკვე მოაჯირთან ვარ. - სავსებით - მე მართლა დარწმუნებული ვარ და ამის გააზრებისას, გულიც სიხარულით მევსება. - იქნებ უბრალოდ გრძნობები გერევა, უბრალოდ ყურადღება მოგწონს.. - რეზი, ჩამოუყალიბებელ და საკუთარ თავში გაურკვეველ ადამიანს ვგავარ? - არა. - ძალიან კარგი, ზუსტად ვიცი რას ვამბობ და რას ვგრძნობ, გესმის? - მესმის, მაგრამ უნდა გავრისკო - სიტყვა დასრულებული არ აქვს, რომ მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე. წამით ვერც კი ვიაზრებ მომხდარს და როგორც კი ტვინს ინფორმაცია მიეწოდება, მთელი ძალით ვცდილობ მოვშორდე. არაფერი გამომდის, სანამ თავისი ნებით არ მშორდება. - ნუთუ ვერაფერი იგრძენი? - დგას და ჩემს პასუხს ელოდება. - ვიგრძენი, იმედგაცრუება ვიგრძენი რეზი - ხმაც ამკანკალებია. - რა? - არ ველოდი, შენგან არ ველოდი და ესეც იკადრე, აქამდეც მიხვედი - საშინელ ტკივილს ვგრძნობ სადღაც, შიგნით - აქამდე მაინც გაფასებდი, როგორც პიროვნებას, ჩვენი ურთიერთობის ვერ ჩამოყალიბებას ამაში ხელი არ შეუშლია, შენ მაინც ძალიან, ძალიან კარგ ადამიანად რჩებოდი ჩემთვის და ესეც გააცამტვერე, ყველაფერი წაშალე, რაც კი საერთო გვქონდა. - მაკა - ხელს იშვერს. - მადლობა, ძალიან კარგია რომ ეს გააკეთე, უნდა გაგეკეთებინა, რომ დაგერწმუნებინე, დღეიდან განა უბრალოდ არ არსებობ, არარაობა ხარ. - მაკა.. - მორჩა, ყველაფერ ადამიანურსაც ხაზი გადაუსვი - მისგან სიტყვის მოსმენაც არ მინდა, საჩქაროდ ვუქცევ გვერდს და დარბაზში შევდივარ. - მაკუშ, კარგად ხარ? - იკა მკიდებს ხელს, ნეტავ როდის მოვიდა? - დათა სადაა? - ვეძებ, მაგრამ ვერ ვხედავ. - წეღან გავიდა, მოდი წყალი მაინც დალიე - ჭიქას მაწვდის. - სად გავიდა? - არ ვიცი მაკუშ, მე რა ვიცი. ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ, არ მპასუხობს, არადა მჭირდება, ძალიან მჭირდება. კიდევ და კიდევ, მაგრამ არ მპასუხობს. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. თემოს მის მისამართს ვართმევ და მივდივარ, უნდა ვნახო. სადარბაზოსთან ვდგავარ და შენობას ვუყურებ, უნდა ვნახო. ზარებზე არ მპასუხობს და შეტყობინებას ვუგზავნი, არც არაფერი. ერთადერთი სახლში ასვლაღა მრჩება და ამასაც ვაკეთებ. ძალიან ფრთხილად ვაკაკუნებ და წამებში იღება კარები. - მაკა - ისეთი გაკვირვებული მიყურებს, ნუთუ არ მელოდა? - დათა, იმდენი ვრეკე, მოგწერე კიდეც, სად ხარ? - შემო - იწევა და მატარებს. - რატომ წამოხვედი? ჩვენ ხომ ერთად უნდა წამოვსულიყავით? - ახლა რაღაცას გეტყვი და მომისმინე - გვერდით მიჯდება - ძალდატანებითი ურთიერთობა არ მინდა, არ ვარ ის ტიპი ვინმეს რამე დავაძალო. შენ ჩემი დამოკიდებულება იცი და ეს დღეები მგონი გიმტკიცებდი ამ ყველაფერს, ახლა მინდა რომ შენ დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება - ძალიან მშვიდად მიხსნის, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ გარეგნული სიმშვიდეა, ვგრძნობ, რომ მალე აფეთქდება. - დათა, ამას რატომ მეუბნები? - დაფიქრდი და მიხვდები, შენ უნდა გადაწყვიტო ვინ წაშალო შენი ცხოვრებიდან და ვინ დატოვო, მე სხვას ვერაფერს გეტყვი - თავზე მკოცნის და დგება. ანუ საუბარი დასრულებულია. იქნებ მე და რეზი დაგვინახა? - მხოლოდ ახლა ვხვდები, ჯანდაბა! მაკა რა სულელი ხარ. დაგვინახა და არასწორად აღიქვა. გული მაქვს აჩქარებული, ტირილი ისე მინდა, სადაცაა ცრემლები დამახრჩობს. ნელა ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ. მომყვება, ალბათ მაცილებს. სახლიდან ისე გავდივართ, სიტყვასაც არ მეუბნება, უბრალოდ მოდის, სადარბაზოშიც, ეზოშიც. - გაგიყვან - მანქანისკენ მანიშნევს და მეცინება. - არ მინდა. - მაკა, არ გიხდება რა ეს ყველაზე მორგებული გაბუტული გოგოს როლი. - იქნებ მეც ყველასნაირი ვარ და შენ მხედავდი განსხვავებულს? - საიდან გაგიჩნდა ეგ იდეა? - ეცინება. - შენ არ მისმენ, იცი? - ხმა წამრთმევია. - მე მოგისმენ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნაფიქრი და გააზრებული გექნება ყველაფერი. არ მინდა ემოციები და გრძნობები ერთმანეთში აურიო, არ მინდა მხოლოდ მიჩვევა იყოს, როგორც ამას შენ ამბობ. - კარგი, გამიყვანე - მანქანაში ვჯდები და თითების წვალებას ვიწყებ. არ ვუყურებ, წამითაც არ ვიხედები მისკენ. ვიცი, ვხვდები რაც უნდა, ზუსტად ვიცი, რომ მისი პოზიცია სწორია, მაგრამ მე ახლა, ამ წამს მინდა რომ მომისმინოს. ვჩუმდები, იქნებ ეს პერიოდი ჩემთვისაც კარგი იყოს. მანქანიდან ისე გადავდივარ, ხმას არ ვცემ, არც აივნიდან ვიხედები სახლში ასვლის შემდეგ. მხოლოდ შხაპს ვიღებ და საღამურებს ვირგებ. ფინჯანი ყავის შემდეგ საწოლზე ვწვები და შუბლს ვიზელ. დღევანდელი დღე მანადგურებს ფსიქოლოგიურად. ყელსაბამს ხელში ვათამაშებ და უსასრულობის ნიშანს თითებს ვუსვამ. ესეც ჩვენი უსასრულობა, იმავე საღამოს შეირყა, იმავე საღამოს გაუჩნდა ბზარი და ვინ იცის, იქნებ ამ ბზარმა დაანგრიოს კიდეც. - გისმენ - ლენკა მირეკავს. - სად გაიპარეთ? - არსად, ისიც სახლშია და მეც, ჩვენს სახლებში - ვუკონკრეტებ. - რამე მოხდა? - თემოს გადაეცი, რომ თუ ოდესმე მაგის დამსახურებით მე და რეზი ისევ მოვხვდებით ერთ საზოგადოებაში, დამკარგავს! - მაკა, რამე მოხდა? - მეტი არაფერი, ეგ ადამიანი ჩემთვის უბედურებაა და მეტი არაფერი - ვყვირი, გვიან ვხვდები რომ ვყვირი და ტელეფონს ვთიშავ. ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა და ვინც შემრჩა, იმასთან დავიცალე. ვერ ვისვენებ, სავარძელი აივანზე გამაქვს და იქ ვჯდები. კარგად ჩანს ჩემი იასამანი, ვუყურებ და მეღიმება. უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დათა იდეალურია, თუნდაც მხოლოდ დღევანდელი დღის გამო. ნებისმიერს შეეძლო ჩხუბი აეტეხა, ეყვირა, ახსნა მოეთხოვა, მან კი უბრალოდ დაფიქრება მთხოვდა. მას ჩემგან წრფელი გრძნობა უნდა, ყოველგვარუ მიზეზების გარეშე. უნდა, რომ მიყვარდეს არა იმ ყურადღების, საჩუქრების გამო, უბრალოდ რომ მიყვარდეს. მაგრამ სხვა რა დავრქვა ჩემს გრძნობებს? მისი უბრალოდ დანახვაც რომ მაღიმებს, მიღიმის და ვბედნიერდები, მეხება და მთელი სხეული თრთის. მის გვერდით ყოფნის ყოველი წამი სიზმარია, ძალიან კარგი, ზღაპრული სიზმარი. ვზივარ და ვფიქრობ რას იგრნობდა, როცა მე და რეზი დაგვინახა. მე რას ვიგრძნობ, იგივეს რომ შევესწრო? გავგიჟდები! დათა და ვინმე? გულიც გამისკდება, არ არსებობს, ვერ გადავიტან. ვერ ავიტან ვინმეს ასე თბილად ელაპარაკებოდეს, ვერ ავიტან ვინმეს ასე ნაზად ეხებოდეს, ვერ შევძლებ. რა საშინელება იქნებოდა, როგორ გაუცრუვდებოდა იმედი. ახლა ალბათ ფიქრობს, რომ ერთი ჩამოუყალიბებელი გოგო ვარ, რომელსაც არც ერთი ეთმობა და არც მეორე. დათა, ასე როგორ „მომწამლე“ რამდენიმე დღეში? წარმოდგენაც არ მინდა იმის, რომ ოდესმე შეიძლება ჩემს ცხოვრებაში აღარ იყოს. ისევ ვხედავ მის თვალებს, უცნაური სევდით და გამოუთქმელი უნდობლობით. მხოლოდ ამ თვალებს შეუძლიათ მომკლან, მხოლოდ მათ შეუძლიათ აუტანლად მატკინონ. სახეზე ხელს ვისვამ, თურმე ვტირი. ცრემლები არ გვეკითხებიან, როდის წამოვიდნენ და ზუსტად მაშინ ინაცვლებენ ლოყებზე, როცა იციან, რომ გვჭირდება. იციან, რომ მათ გარეშე უბრალოდ წავიშლებით და ისინიც ჩნდებიან, დარდს გვიქარვებენ. უნდა დაიძინო მაკა, უნდა დაიძინო! ხვალ ახალი დღე გათენდება, ხვალ მზე ამოვა, ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება. ახალი დღეც გათენდა, მზეც ამოვიდა, მაგრამ უკეთესად არაფერია.. არც დათას შეტყობინება მხვდება, არც ზარი, საერთოდ არაფერი.. თავს ისევ ბალიშში ვრგავ და ვსლუკუნებ. დათას გარეშე ცარიელი ვარ, აი ასე.. მის გარეშე გულიც არ მიცემს, არც სისხლი მოძრაობს ძარღვებში, არც ტვინი მუშაობს, მის გარეშე უბრალო ფიტული ვარ. ესეც ასე, მშვენიერია მაკა, ახლა უკვე ოფიციალურად შარში ხარ! ეს არ უნდა დასრულდეს.. როგორ შეიძლება დასრულდეს ის, რაც ჯერ არ დაწყებულა? „როდის მომისმენ?“ - შეტყობინებას ვგზავნი და პასუხს ისე ველოდები, როგორც განაჩენს. „როცა საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იქნები.“ მე დარწმუნებული ვარ! მინდა მთელი ხმით ვიყვირო, მინდა გავაგებინო, მაგრამ როგორ? როდემდე უნდა მიყუროს ასე ეჭვის თვალით? კარებზე კაკუნია, ისაა? სასწრაფოდ ხალათს ვიცვამ და ვაღებ, იმედი მიცრუვდება, ლენკაა. - მოდი, ჩქარა, დაჯექი და მომიყევი - სავარძელში ჯდება და ყურადღებით მაკვირდება. - არაფერი, დათას ვკარგავ - დივანზე ვჯდები და ვწუწუნებ. - და ეს არ გინდა? - რა თქმა უნდა არ მინდა! - მაშინ რამე უნდა მოვიფიქროთ - მიღიმის. - აზრი არ აქვს, მივწერე, მაგრამ რომ დაფიქრდები მერე ვილაპარაკოთო. - და ასე უნდა იჯდე? - არ უნდა ვიჯდე, არა! ვიცი - ღრმად ვსუნთქავ. - ხოდა მიდი, გაემზადე, მიაკითხე და უთხარი რას ფიქრობ, რას გრძნობ. რეზი ხომ მართლა მორჩა? - რეზი ერთხელ მაშინ დამთავრდა, როცა წავიდა და მეორედ გუშინ, სამუდამოდ. - ძალიან კარგი, მაშინ მოიფიქრე რამე. - მოვიფიქრებ, ჯერ მოვწესრიგდები. თითქოს ლენკა მამშვიდებს, ისე მარტივად უყურებს ამ ყველაფერს, მგონია რომ გამომივა. იმ იასამნისფერ, მოკლე კაბას ვიცვამ და გავდივარ. გადაწყვეტილება მიღებულია, მე ვიცი, რომ ის მჭირდება. ჩემს იასამანს რამდენიმე ტოტს ვაჭრი და მივდივარ. მის კარებზე ისე ვაკაკუნებ, წამითაც არ ვჩერდები სანამ არ მიღებს. აშკარად ეძინა ისეთ ფორმაშია. პერანგის შეკვრა ვერ მოუსწრია, მეცინება. იასამნებს ხელში ვაჩეჩებ, ზუსტად ისე ვკოცნი, როგორც თვითონ, ტუჩთან ახლოს და სახლში შევდივარ. - ყავას დალევ? - ისე ვტრიალებ მის სამზარეულოში, როგორც საკუთარში. - მაკა.. - არ გინდა ყავა? - მინდა - მგონი ცოტა გავაბრაზე გაურკვევლობით. - შაქარი? - მაკა ასე რატომ იქცევი? - ახლოს მოდის. - იმიტომ, რომ შენთან მინდა ყოფნა. - მაკა - ისე იწყებს, აშკარად ისევ ჩემს გაჩუმებას აპირებს. - მომისმინე, უბრალოდ მომისმინე, გთხოვ - საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ დღესაც რომ არ დამელაპარაკოს. - კარგი, წამოდი, დავსხდეთ და იასამნებისთვის მადლობა - ეცინება. - არაფრის - მეც მეცინება და მისაღებისკენ მივყვები. - მოდი - დივანზე ხელს დებს და მეც ზუსტად მის გვერდით ვჯდები - აბა, გისმენ. - დათა - ჰაერს ვისუნთქავ - გუშინ რაც არ უნდა დაგენახა, მინდა იცოდე რომ არასწორად გაიგე, მინდა იცოდე, რომ ის ადამიანი დიდი ხნის წინ დამთავრდა, აღარ არსებობს და გაცნობის წამიდან, მხოლოდ შენ ხარ. მინდა ეს გესმოდეს, მინდა ხვდებოდე რამდენს ნიშნავ, მინდა აგიხსნა, რომ შენ გარეშე ვეღარ ვცხოვრობ და მინდა დაიჯერო. - მაკა - ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს.. - მითხარი, რომ გჯერა, გთხოვ - ხომ ვთქვი, ცრემლებმა ზუსტად იციან როდის გვჭირდებიან. - ნუ ტირი - მიღიმის - მჯერა, მჯერა - მიხუტებს და თავზე მკოცნის. - არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო - მის მკერდს მიყრდნობილი ვსლუკუნებ და გაჩერება არ მინდოდა. - გუშინ მინდოდა გველაპარაკა, ამიტომ გთხოვე ადრე წამოსვლა, მინდოდა სადმე, უკეთეს გარემოში წავსულიყავით, რომ მშვიდად გვესაუბრა, მაგრამ მგონი აქ მოგვიწევს - ეცინება, ვხვდები - შენთან სულ სხვანაირი ვარ მაკა, არ შემიძლია, არ გამომდის, თითქოს გამუდმებით სითბოს ითხოვ და მეც ვერ ვძლებ ეს სითბო რომ არ გაგრძნობინო, სულ მინდა ასე ჩახუტებული მყავდე და გეფერებოდე, მინდა ყოველი შენი ღიმილის მიზეზი ვიყო, მინდა ყოველი შენი ამოსუნთქვა მხოლოდ მე მეკუთვნოდეს, მინდა თვალები მხოლოდ ჩემი დანახვისას გიბრწყინავდეს ასე, ძალიან ბევრს ვითხოვ არა? - ისევ ეცინება, მე კი ბედნიერი ვუსმენ მის ხმას და გულის ცემას - მინდა ყოველი დღე შენი ხმით იწყებოდეს და მთავრდებოდეს.. - ჩემი ყველა ღიმილის მიზეზის შენ ხარ, მხოლოდ შენს დანახვაზე მიბრწყინავს თვალები ასე, შენგან სითბოს ვითხოვ და ამ სითბოს მიღება ყველაზე მეტად მაბედნიერებს, არც ერთი დილა არ მინდა შენ გარეშე - ვლაპარაკობ, თითქოს ჩემთვის, მის გულთან ახლოს, მხოლოდ მისი გულის გასაგონად. ვერც კი წარმოიდგენთ თავს როგორ ვგრძნობ, თითქოს ღრუბლებში ვარ, ძალიან ნაზად დავფარფატებ ძალიან მაღალ სიმაღლეზე და სხეული უჩვეულოდ მითრთის. ისე მიხუტებს, თითქოს სურს შემისრუტოს, სამუდამოდ დამიტოვოს, ჩემი შეხება დაიტოვოს. - ეს წამიც მინდა სამუდამოდ გაგრძელდეს - ყურთან მესმის მისი ჩურჩული. - გაგრძელდება, აუცილებლად - თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ - ზღვისთვალა - სახეზე ვეფერები და საჩვენებლ თითს ოდნავ გამოკვეთილ ყბაზე ვატარებ - რომ მოგესმინა, ამას გუშინვე გეტყოდი. - ჩავთვალოთ რომ საკუთარი თავების გამოცდა იყო ეს ღამე - ეცინება, ისე, მე რომ მიყვარს, ისე, მე რომ მაგიჟებს. - ჩავთვალოთ დათა, მაგრამ მეორედ ვერ გადავიტან ასეთ გამოცდას - მიყურებს, მიყურებს, მიყურებს.. დიდ ხანს მიყურებს, დაჟინებით, თვალებში მაკვირდება, მერე სულ ოდნავ მიღიმის და ახლოს მოდის. მისი სიახლოვე გონებას მიბინდავს, კიდევ კარგი ვზივარ, თორემ ალბათ წავიქცეოდი.. მიყვარს! რა თქმა უნდა! ეს ისაა, რაც უნდა იყოს და დათაც ისაა, ვინც უნდა იყოს! - იასამნისფრად მიყვარხარ, იასამანო - ფაქტობრივად ტუჩებზე მეჩურჩულება და მკოცნის.. _________ რა უნდა გითხრათ, ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მოთმინებისთვის.. იასამნობას ისე ვერ გავატარებდი, რამე რომ არ დამეწერა, ვერ მოვითმენდი.. მეტს ვერაფერს გეტყვით, იასამნისფრად მიყვარხართ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.