ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეოთხე თავი)
ამაზე ნაკლები პირველი სამუშაო დღე არ უნდა გენატრა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟის გულგრილობით განაწყენებული აღარც ახსენებდა, აღარც საუბრობდა, თითქოს დაივიწყა და თავადაც ისევე მარტივად ამოირეცხა გულიდან, როგორც თორნიკემ. ყოველ შემთხვევაში ამის დღემდე მყარად სჯეროდა და სხვებსაც აჯერებდა, იმ დღეს ნათლად მიხვდა, რომ ცდებოდა. არც არაფერი გამქრალიყო და არც უკვალოდ ჩაევლო. ციხის უფროსის კაბინეტში ნანახმა კი იმდენად შეძრა, იმდენად შეეცოდა ქართველიშვილი, იმდენად ეტკინა მისი ჭრილობები, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უსიტყვოდ გამოჰგლეჯდა ხელიდან ჯალათებს. ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ბავშვობის მეგობრის ნახვამ საბოლოოდ დაავიწყა გულში დაგროვილი წყენა, ბოღმისგან განთავისუფლებული კი ისევ წარსულში დაბრუნებულიყო, ისევ იგივე სიმძაფრით მიუწევდა გული ვაჟისკენ, ისევ ის პატარა, ოთხი წლის გოგონა იყო, რომლის ერთად-ერთი იდეაფიქსიც თორნიკესთან ყოფნა გახლდათ. წარსულის გახსენებაზე ტკივილით გაეღიმა. თურმე როგორი ბედნიერები ყოფილან, როგორი ლაღები. ისევ მოუნდა მისი ერთად-ერთი პრობლემა, თორნიკეს მიერ გაფუჭებული თეკლეს ნაჩუქარი დედოფალა ყოფილიყო. საკუთარი გრძნობების ტუსაღს სადღა ახსოვდა სამუშაო, ნერვიულად აწყდებოდა ოთახის კედლებს, ბორგავდა და გამოსავალს ეძებდა. - როგორმე უნდა ვნახო, უსიკვდილოდ უნდა ვნახო! - ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს. თვალი ჯუმბერის მიერ დატოვებული სავიზიტო ბარათისკენ გაექცა - დამეხმარება?! - საკუთარ თავს ჩაეკითხა. - რას კარგავ?! იქნებ დაგეთანხმოს კიდეც?! - ომახიანად უპასუხა შინაგანმა ხმამ. თითქოს ამას ელოდაო, მართალია ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გაბედა და დარეკა. - პირველი დღის კვალობაზე, ხომ არ დაიღალე?! - მამაკაცის მხიარულმა ხმამ ოდნავ დაამშვიდა. - ცოტა. თუმცა, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, თქვენთან სათხოვარი მაქვს. - დაძაბულობისგან საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა გოგონას. - თუ არ გეზარება, იქნებ ჩემთან გადმოცუნცულდე, შენს ელექტრონულ გასაღებსაც მოგცემ და ბარემ მეტყვი კიდეც...- ისევ დაუყვავა ჯუმბერმა. - ირაკლი გავაფრთხილო?!... - მიუხედავად იმისა, რომ ესიკვდილებოდა ციხის უფროსთან შესვლა, სუბორდინაცია მაინც არ დაივიწყა. - არ გინდა. ირაკლის შენს წასვლა-მოსვლასთან არაფერი ესაქმება. - მიუხედავად იმისა, რომ არიგებდა ემოციები აკონტროლეო, ციხის უფროსის სახელის გაგონებაზე ღრენაზე გადავიდა მამაკაცი. - კარგით, ბატონო ჯუმბერ. უკვე მოვქრივარ... - მოდი, მოდი, რაც უფრო სწრაფად მოხვალ, მით მალე დაგეხმარები... - ხმის ტემბრი სწრაფადვე დაარეგულირა, ისევ ხალისიანად გააგრძელა. ბადრაგი უკვე გაფრთხილებული დახვდა და შენობაშიც უპრობლემოდ შეატარა. ამჯერად დაძაბულობისა და შიშის გარეშე აირბინა დეპარტამენტის კიბეები და პირდაპირ ჯუმბერის ოთახისკენ მიაშურა. ჯუმბერს ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა, კომპიუტერში რაღაც პროგრამული ფაილი გაეხსნა და დაძაბული სახით უკირკიტებდა. - ჩვენი დღის პოზიტივიც მოსულა! - ერთი კი გაუღიმა და ისევ კომპიუტერის ეკრანში გახსნილ დოკუმენტს მიუბრუნდა - აბა, როგორ მიდის საქმე? - ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჰკითხა გოგონას. - საქმე კარგად. ვნახე თქვენი დატოვებული ფაილები. რამდენიმე პატიმრის ისტორიასაც უკვე გავეცანი. როგორც მივხვდი, სიაში მითითებული პირებიდან უმრავლესობას რამდენიმეჯერ აქვთ დაწერილი განცხადება შეწყალების კომისიის სახელზე. - კარგი მოწაფესავით ჩაარაკრაკა გოგონამ. - ყოჩაღ. პირველი დღის კვალობაზე, კარგად გიმუშავია. მართალი ხარ, განცხადებებს ხშირად წერდნენ. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ, პატარა ხრიკს მივმართეთ. მათი განცხადებები ჩვენთან გროვდებოდა, დროს ვწელავდით, თითქოს კომისია განიხილავდა საქმეს, ერთი თვის შემდეგ კი, ერთი შაბლონური უარის ფორმით ვისტუმრებდით. განმეორებითი განცხადების დაწერის უფლება მხოლოდ სამი თვის შემდეგ ჰქონდათ და სამი თვე მშვიდად ვიყავით... - მშვიდად? ალბათ, როგორ ელოდნენ პასუხს. ეს სისასტიკე არაა?! -თვალები გაუფართოვდა ელენეს. - ალბათ, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგო. ხომ ვერ ვეტყოდით, საქმის შესწავლისთვის დრო არ გვაქვს და ენერგიულ გოგონას ვეძებთ თქვენს დასახმარებლადო?! - ისევ ფაილს უკირკიტებდა მამაკაცი. - გინდათ მითხრათ, რომ მათი საქმის გადაწყვეტა მხოლოდ ციხეში მომუშავე ფსიქოლოგზე იყო დამოკიდებული?! ბატონო, ჯუმბერ ასეთი მიამიტი ვჩანვარ?! - თვალები სასაცილოდ დააფახუნა ელენემ. - ვხუმრობ. ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად სისტემაზე იყო დამოკიდებული. პოლიტიკურ ნებაზე. - და ახლა არის ეს ნება?! - მგონი კი... როგორც ხედავ ანგელოზი არც მე ვარ, ჩემი ცოდვები მეც მაქვს, სათითაოდ ყველა მიზეზს ვერ ჩამოგითვლი, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას ხომ ვცდილობთ?!. - გგონიათ, გამოგვივა?! - ვერ გავიგე? ეჭვი გეპარება?! - ეჭვით ამოხედა მამაკაცმა - რა თქმა უნდა გამოგვივა. უნდა გამოგვივიდეს!. - იმდენად დარწმუნებით გამოუცხადა, რომ გოგონას გაეღიმა. - თუ სწორად მახსოვს, დახმარების სათხოვნელად მოდიოდი... - საუბრის თემა შეცვალა ჯუმბერმა. - ციხეში ნაცემი პატიმრის ნახვა მინდა! - მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა ჯუმბერს. - ფიქრობ რას მთხოვ?! - აშკარად გაღიზიანდა მამაკაცი. - მე მაგ ფაილის დასრულებაში დაგეხმარებით, თქვენ კი... - მაცდურად უციმციმებდა თვალები გოგონას. - ირაკლის გადაიმტერებ. - არ აქვს მნიშვნელობა. სულ რომ მოვკვდე, უნდა ვნახო, აუცილებლად უნდა ვნახო! - ჯიუტად იმეორებდა ელე. - ასეთი ძვირფასია?! -თვალებში უმზერდა მამაკაცი. მსგავს კითხვას არ ელოდა. იგრძო როგორ შეუტია ისევ სევდამ. ყელში მოწოლილი ტკივილი ძლივს შეიკავა. მამაკაცის გამომცდელ მზერას ვეღარ გაუძლო, მაგიდის გლუვ ზედაპირს ჩააჩერდა. - გემუდარებით, ოღონდ დამეხმარეთ და!... - წინადადება ვეღარ დაასრულა. უსიტყვოდ უმზერდა წინ მჯდომ გოგონას ჯუმბერი. ალბათ, არასოდეს ყოფილა ასეთი მეტყველი სიჩუმე. მოუშუშებელ ჭრილობებს გზა ეპოვათ და ტკივილად იღვრებოდნენ ელენეს მწვანე თვალებიდან, სულ ცოტაც და ალბათ წამწამებზე ცრემლებადაც დაეკიდებოდნენ, თუმცა გოგონა ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა და როგორღაც ახერხებდა ცრემლების შეკავებას. - ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან სანანებელი გამიხდება ეს ყველაფერი, მაგრამ რაც არის, არის. - ხელი ჩაიქნია ჯუმბერმა - ჰა, ხომ არ გადაიფიქრე?! - უკვე კარებში მდგომმა გამოხედა მამაკაცმა მისი სიტყვებით აშკარად გაოცებულ გოგონას. - არა, როგორ გეკადრებათ! - მაშინვე წამოხტა და უკან გაჰყვა წინ წასულს. თითქმის საღამოს რვა საათი გახლდათ როცა დეპარტამენტის შენობიდან გამოვიდნენ. - მართალია აქვეა, მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიქცევა მაინც არ გვინდა, სჯობს ავტომობილით ავიდეთ. ეზოდან სასჯელაღსრულების, დაბურულ მინებიანი ავტომობილით გამოვიდნენ, მართალია გარეთ უკვე ბნელოდა, მაგრამ მაინც გაარჩევდით, რომ ციხის წინ მნახველებთა რიგი აღარ იდგა. ორთაჭალის მოედანს წრე დაარტყეს და ამჯერად ციხის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვნივ შეუხვიეს. ელენესდა გასაკვირად, მოზრდილი აღმართი აიარეს თუ არა, სულ რაღაც ათიოდე წუთში ისევ ბადრაგებით დაცულ, ნაცრისფერ, სამსართულიან, ციხის მსგავს შენობას მიუახლოვდნენ. ჯიხურში მჯდომმა ბადრაგმა ერთი კი გამოხედა ალაყაფთან გაჩერებულ ავტომობილს. ზედმეტი კითხვების გარეშე დააჭირა ხელი ღილაკს და რკინის რიკულებიანი კარებიც ღრჭიალით გაიხსნა. - სად მოვედით? - აქ ციხის საავადმყოფოა. შენი ქართველიშვილი სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა და „რეზბალნიცაზე“ გადმოვიყვანეთ. - სამედიცინო?! - განა რა უთხრა ისეთი ჯუმბერმა?! ასეთი ცემის შემდეგ, ალბათ ბუნებრივადაც უნდა მოსჩვენებოდა ვაჟის საავადმყოფოში გადმოყვანა, მაგრამ უცებ პანიკურად შეეშინდა. თითქოს ძალა გამოეცალა. ნერვიულ კანკალს ვეღარ იმორჩილებდა. სულ რამდენიმე წუთი აცადა ჯუმბერმა ვიდრე დამშვიდდებოდა და ავტომობილიდანაც გადმოვიდნენ. ვაჟის ნახვის იმედით უსიტყვოდ მიჰყვებოდა წინ მიმავალ მამაკაცს. დაძაბულობისგან ვერც კი შენიშნა, საავადმყოფოში შესულმა როგორ დაიწყო ნაბიჯების თვლა. - სამას სამოცდაჩვიდმეტი... - გონებაში წარმოსთქვა და ჯუმბერის ხმაც გაიგონა. - აი, ამ პალატაშია.. - ერთ-ერთ კარებზე მიუთითა და მიმღებიდან წამოღებული თეთრი ხალათი მიაწოდა - ვიდრე მე მთავარ ექიმს ვნახავ, შენ შენი რომეო მოინახულე... - თორნიკე ჩემი რომეო არაა... - ღრენით ამოილაპარაკა ელენემ - ბევრად უფრო მეტია. -თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა, ყოველი შემთხვევისთვის პალატის კარებზე დააკაკუნა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და შესვლაც გაბედა. ქლორისა და მედიკამენტების შერეულმა სუნმა ნესტოები აუწვა. ღია ცისფრად შეღებილ კედლებს ერთად-ერთი ნათურა ანათებდა. ოთახის შუაგულში რკინის საწოლზე პირაღმა იწვა პაციენტი. ირაკლის კაბინეტში წელში მოხრილი ბევრად უფრო დაბალი მოეჩვენა, ახლა კი თითქმის ორმეტრიანი ვაჟი ძლივს ეტეოდა მისთვის გამოყოფილ საწოლში. გრძნობები, ემოციები ისევ ყელში აწვებოდა ელეს, არ ვიცი რას ელოდა, ან როგორს, თუმცა დაბნეულობისგან გაშეშებული, წინ წასვლას ვეღარ ბედავდა. როგორც იქნა გამოხედა უხერხულად აწურულ გოგონას ქართველიშვილმა. გრუზა მუქი, შავი თმა შუბლს უფარავდა, თუმცა ყვრიმალთან სილურჯე შეპარული იარა მაინც შენიშნა, წარბთან მოზრდილი ჭრილობაც აშკარად დღევანდელი ცემის კვალი უნდა ყოფილიყო. ბავშვობის სახიდან მხოლოდ თვალები შერჩენოდა თორნიკეს, თუმცა გოგონას დანახვაზე სულაც არ გაუღიმია, არც ნაცნობი სითბო ჩაღვრია, აღარც ღიმილი გაჰპარვია სახეზე. ესოდენ ნაცნობი ლურჯი თვალები მამაკაცის გაუხეშებულ სახეზე სულ მთლად გაცივებულიყო. ამჯერად რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ზიზღითაც კი უმზერდა უცნობ თეთრხალათიანს. - არ მეგონა საავადმყოფოშიც თუ გნახავდით! - აშკარად იცნო ციხის უფროსის კაბინეტში ნანახი ლამაზმანი - თავად ვერაფერი მომიხერხა და ახალი „ნასეტკა“ გამოგგზავნა?! თუმცა ვაღიარებ თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო იქნება ვიდრე ირაკლისთან.. - ირონია არ დაიშურა სტუმრისთვის. - ირაკლისთან საერთო არაფერი მაქვს, არც ინფორმატორი ვარ... - აპილპილდა ელე. - არა?! მაშ აქ რას აკეთებთ, პატარა ქალბატონო?! - ისევ ირონიულად უღიმოდა ვაჟი. - ციხიდან გასვლაში უნდა დაგეხმარო!... - ისე დარწმუნებით გამოუცხადა, თითქოს მართლა მასზე იყო დამოკიდებული ვაჟის განთავისუფლება, ლოგინის კიდეს დაეყრდნო და ანცი თვალებით მიაჩერდა. - აი ეს მესმის! - ახარხარდა თორნიკე, თუმცა დამტვრეულმა ნეკნებმა სწრაფადვე შეახსენა თავი და გაჩუმდა - შეიძლება გავიგო, რატომ?! დავიჯერო ნაცემიც კი ასეთი მომხიბვლელი ვარ?! -ირონიულად ჩაეკითხა წინ მდგომს. ხშირად უფიქრია მათ შეხვედრაზე, როგორ არ სახავდა და აფერადებდა ოცნებებში. არადა, რეალობა სრულიად განსხვავდებოდა წარმოსახვაში დახატული სახებისგან. იმედგაცრუებული უმზერდა ესოდენ შეცვლილ ბავშვობის მეგობარს და გული ყელში ებჯინებოდა ელეს. მთელი დღის ნაკოწიწები ნებისყოფა უკვე ღალატობდა. აღარც ძალა ჰყოფნიდა ემოციების დასაფარად. ურჩი ცრემლები ნელ-ნელა იკვლევდნენ გზას. ვაჟის მზერაში ზიზღი და ირონია ნელ-ნელა გაოცებამ შეცვალა. ვერაფრით მიხვდა, რატომ უმზერდა საყვედურით სავსე თვალებით. ყურადღებით დააკვირდა, მეხსიერება დაძაბა, უჩვეულოდ ეცნო და ეტკინა მისი თვალებიდან წამოსული სიმწვანე. ვერ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას და თვალი აარიდა. -შეუძლებელია... - თითქოს გაფიქრებისაც კი შეეშინდა, თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია. - რა არის შეუძლებელი? - ტკივილით გაეღიმა გოგონას. - ენე-ნე?! -ხმა ჩამწყდარმა, ისევ ჩვეული პაუზით, ისევ ჩვეული სითბოთი წარმოსთვა. ვაჟის თვალებში სულ წამიერად ისევ გაიელვა მეგობრის ნახვით გამოწვეულმა სიხარულმა, სულ წამიერად მაინც გაეპარა სახეზე ღიმილი, თუმცა გამომეტყველება მალევე შეეცვალა. სახეზე შეშფოთება გამოესახა. - აქ რას აკეთებ? აქ რა გინდა?! - დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა, ფსიქოლოგად. - მისი ტონი არ შეიმჩნია, მშვიდად უპასუხა გოგონამ. - გაგიჟდი?! სხვა სამსახური ვერ ნახე?! სად იყო ნიკოლოზი, სად იყო დედაშენი, რატომ არ გადაგაფიქრებინეს? აქ შენ რა გინდა?! - ლოგინში ვეღარ ისვენებდა, მიუხედავად ტკივილისა, თვალებდაქაჩული წამოდგომას ცდილობდა ვაჟი. - თვალებს ნუ მიბრიალებ, მაინც არ მეშინია!... - ვაჟისგან მსგავს რეაქცია არ ელოდა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ესიამოვნა და სასურველზე მეტადაც კი გაახალისა ელე - რამდენიც არ უნდა იშფოთო, არაფერი გამოგივა, უკვე ვმუშაობ, და საერთოდაც შენთვის ასეთი უხეში მოძრაობა არ შეიძლება!. - არ გესმის?! ვერ ხვდები სად ხარ?! - როგორც იქნა შეძლო, ლოგინიდან წამოიწია ვაჟმა, სახით პირისპირ გაუსწორდა გოგონას - შენთვის აქ ყოფნა არ შეიძლება, გესმის? არა! - მისკენ მიიზიდა ქალიშვილი, ჯიქურ უმზერდა მკლავებში მოქცეულს, თითქოს ასე ცდილობდა მის დარწმუნებას - აქედან უნდა გარბოდე... დაწერე განცხადება და წადი, ან სულაც დაიკიდე ფეხებზე, რა განცხადება, გაიქეცი, უკან არ მოიხედო, ისე გაიქეცი!.. - იმის წარმოდგენამაც კი, რომ ელეს შეიძლება ციხის სისტემასთან რამე შეხება ჰქონოდა, საკუთარი ტკივილი დაავიწყა, ლამის ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვაჟი. - ტყიურივით ნუ მიყვირიხარ! - გაბრაზებულმა შეუღრინა ზემოდან მომზირალ, აფოფრილ ვაჟს - რომ გკითხონ ცუდად ხარ, არადა კარგად ღრიალებ!.. - თავი ძალიან დიდი გგონია?... - ამდენ ხანს წამომჯდარი ყოფნა ვეღარ შესძლო, ძალა გამოცლილმა გოგონას ხელები უშვა და ისევ ბალიშს მიესვენა- წადი, დამიჯერე აქ არ გაჩერდე. არ მისცე ირაკლის საშუალება მისი ბინძური ხელებით... - საკმარისია!... - ხმას აუწია გოგონამ - გასაგებად გითხარი, რომ ახლა აქ ვარ საჭირო და წასვლას არ ვაპირებ! - თავხედი ბავშვი ხარ! - სიბრაზეს ვეღარ მალავდა ვაჟი. - ვიცი... - ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ. - ენატლიკინაც... - არც ეგაა ახალი!. მაგრამ აღიარე, რომ აქ, ამ გარემოში მაინც გჭირდება თუნდაც ჩემისთანა თავხედი გოგოს დახმარება. - იმდენად მიამიტურად უმზერდა, რომ თორნიკესაც გაეღიმა. - დავრეკავ ნიკოლოზთან და ვეტყვი, სასწრაფოდ წაგიყვანოს აქედან!...- მაინც არ სთმობდა პოზიციებს ის. - როცა დაურეკავ, საკუთარი მდგომარეობის შესახებაც უთხარი, დარწმუნებული ვარ გაუხარდება იმის მოსმენა, ციხის უფროსი სავარჯიშო მსხლის ნაცვლად, შენ რომ გიყენებს! - ირონიული ღიმილით ჩამოუსკუპდა ლოგინზე. - არც კი გაბედო, არც კი გაბედო და ვინმეს არ გაუმხილო რაც იქ ნახე! - ისევ ღრენაზე გადავიდა ვაჟი. - ამიხსენი რატომ, რისთვის? რას გერჩის ირაკლი? - მართალია არ უნდოდა შესტყობოდა, მაგრამ ტკივილისგან ხმა მაინც გაებზარა. - ზოგჯერ შეუძლებელია ახსნა. ზოგჯერ უბრალოდ ასახსნელიც არაფერია. უნდა მიიღო რეალობა. - რომელი რეალობა?! სადაც შენ პატიმარი ხარ? სადაც კანონდამცველები ჯალათები არიან?! - რეალობა სადაც შენ ულამაზესი ქალი ხარ, სადაც ბედნიერი უნდა იყო. სადაც გავიზარდეთ და ბავშვები აღარ ვართ. სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გხედავ, აღარ გნახულობ, ვეღარც გცნობ, მაინც ყველაზე მეტად მეძვირფასები. რეალობა სადაც მე და შენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. რეალობა, სადაც ჩემი უნდა გეშინოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი გაღიზიანებული საუბრობდა, მისი მონოლოგიდან, მხოლოდ „მეძვირფასები“ დააფიქსირა გონებამ, მხოლოდ ამ სიტყვას ჩემოეკიდა: - არ მინდა, არ მომწონს. ჩვენ შევცვლით, ჩვენ შევძლებთ! - ისევ ჯიუტად იმეორებდა ელე. - გვიანია ენე, ზედმეტად გვიანი. - ტკივილით გაეღიმა ქართველიშვილს - მკვლელი ვარ, სადისტი მკვლელი! მეორედ ვიხდი სასჯელს და სავარაუდოდ მესამედაც მოვიხდი. ესაა ჩემი რეალობა, რომლის გამოც ციხიდან გამოსვლა არ მეღირსება. რეალობა, რომლის გამოც ყველა დავკარგე, ვინც კი მიყვარდა და დავკარგავ კიდეც. - არ მინდა, არ მომწონს, ასე არ უნდა იყოს! - ისევ ცრემლები მოაწვა გოგონას. - არც კი გაბედო, გესმის ელე, ჩემს გამო არასოდეს იტირო. ყველაფერს ვაპატიებ ჩემს თავს, ადამიანის სიხლსაც კი, მაგრამ შენს ცრემლებს ვერა. შენ ჩემი სიწმინდე ხარ, ჩემი ენე-ნე... - ფრთხილად მოსწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი. ელექტროდივით დაუარა სითბომ. არ უნდოდა ელეს ტირილი, მართლა არ უნდოდა, მაგრამ ვაჟის შეხებისას კიდევ უფრო აუჩუყდა გული, ისევ ეტკინა უმისოდ გატარებული წლები. - შენ ხომ მითხარი, არ მიგატოვებო? ხომ დამპირდი, ერთად ვინქებითო? - ისევ ბავშვური მიამიტობით, ცრემლებით სავსე თვალებით მიაჩერდა წინ მჯდომს. - დაგიპირდი? როდის?! - გაოცებულმა ახედა ვაჟმა. - მაშინ, თავშესაფარში...- ღიმილი გაეპარა გოგონას. - დღემდე გახსოვს?! - თავადაც, მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც იცინოდა თორნიკეც - ბავშვი ხარ, პატარა ბავშვი! - შეიძლება ბავშვი ვარ, მაგრამ არ მინდა ჩემი ბავშვობის მეგობარი ციხეში ვიღაც ნაძირლების გამო ლპებოდეს! - ამჯერად მტკიცედ ჟღერდა გოგონას ხმა. ფრთხილად, საოცარი სინაზით გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა ქალიშვილს. აღარაფერი უთქვამს ქართველიშვილს. უბრალოდ უმზერდა წინ მჯდომ გოგონას. შეცვლილიყო, გაზრდილიყო, მაგრამ სულით მაინც იგივე დარჩენილიყო. ისევ ისეთივე სუფთა და გაურყვნელი. ისევ ისეთივე წმინდა და მეოცნებე. წინ მისი ენე-ნე ეჯდა, მხოლოდ მისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.