შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (11)


27-05-2017, 13:05
ავტორი MariamG
ნანახია 1 764

***

30 დღის შემდეგ

მზე წითლად ჩადიოდა. ჟანგმოკიდებულ აივნის კიდეს დაეყრდნო ნიკოლა და ამოისუნთქა. თვალები დახუჭა, დაძაბულ კისერზე ხელი ჩამოისვა და გასწორდა. დაღლილმა მხრებმა ტკაცანი გაიღეს, ნიკოლამ წარბები შეკრა, თვალები გაახილა.
ნახევრად მიბრუნდა კარისკენ, მძინარე გოგონას თვალი შეავლო და გაუბედავად შეაბიჯა სახლში. საწოლის თავთან მუხლი მოიყარა, ხელი ასწია და გოგონას ქერა თმაში შეაცურა, ნაზად გადასწია უკან და მის კანს დააკვირდა. სხეულში დენმა გაუარა, ისე მოუნდა შეხებოდა და ეგრძნო მისი სურნელი, მისი სიახლოვით მონიჭებული ბედნიერება. ნიკოლამ გოგონას მხარზე ჩაასრიალა ხელი, სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. მსგავსი შეგრძნება არასდროს გასჩენია, არც თათასთან, არც სხვა რომელიმე ქალთან. მის ხელისგულს ევას ნაზი, რბილი, აბრეშუმივით კანი ისე შეეხო, როგორც მოწყურებულს ერთი წვეთი წყალი. თითქოს კანქვეშ გაზაფხული ჩამოდგა, თითქოს ვენებს ყვავილები გამოეზარდათ. იცოდა, ზედმეტი მოსდიოდა, უნდა მოშორებოდა და როგორც შერცხვენილი, უსამართლო და მკვლელი - შორს წასულიყო და გოგონას ცხოვრებაში მეტად აღარ შეჭრილიყო.
ევა პირაღმა იწვა, ნახევრად გამჭვირვალე, ღია ვარდისფერი პერანგი ეცვა და ხელები მუცელზე დაეწყო. მშვიდად სუნთქავდა. დაძაბული, შეშინებული და დაღლილი კი არა, დასვენებული და მოდუნებული იყო. მახარაძე მისკენ დაიხარა, თავი მის კისერში ჩარგო და იასამნის სურნელი ღრმად შეისუნთქა. დამახსოვრება უნდოდა, გონებაში კარგად გამოკეტვა, იმდენი უნდოდა წაეღო, დარჩენილი ცხოვრება რომ ჰყოფნოდა, მონატრების საშუალება რომ არ მისცემოდა, ევას გახსენებაზე იასამნები გაშლილიყო და დავიწყებოდა.
ალბათ, ბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა პირველს ემშვიდობებოდა. ევასთან აღარაფერი დარჩენოდა, მანამ მაინც, სანამ ტალახს არ ჩამოირეცხდა და მშვიდი ცხოვრებით არ იცხოვრებდა. იგრძნო, როგორ მოგროვდა შიგნით, ძალიან ღრმად რაღაც, ერთ გროვად იქცა, სწრაფად ამოვიდა ყელამდე, შიგნით გაიჭედა, თვალებს მიაწვა. ნიკოლას ქუთუთოები დაუმძიმდა, თვალები მაგრად დახუჭა, გოგონას თბილ, მფეთქავ არტერიას ტუჩები მიაკრო, ცხვირის წვერით მოეფერა ლოყაზე და სველი კოცნა დაუტოვა ბაგეზე.
-მშვიდობით, ევა. -ახალგაზრდა კაცმა ჯიბიდან რაღაც ამოაცურა, პატარა ყუთიდან ამოიღო, ტუმბოზე დადო და გაბრუნდა. ფარდები გადასწია, უნდოდა გოგონას სძინებოდა. ღრმად და ტკბილად.

***

ნიკოლა ქვაფენილიან ქუჩას დაუყვა. ხმის ამოღება არ უნდოდა, ხმა წართმეოდა და ახველებდა. ჭაობისფერ თვალებზე ნისლივით გადაჰკროდა ცრემლის თხელი ფენა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თენდებოდა.
გაახსენდა.
წლების წინ, ბელასთან ერთად, იმ დროისთვის საუკეთესო რესტორანში „Stella Lucida”-ში ვახშმობდა. ქალს წითელი ტუჩსაცხი უმშვენებდა სქელ ბაგეებს, გამხდარ, ლამაზ სხეულზე საუცხოო ქსოვილის პრიალა, შავი კაბა შემოჰკვროდა. იცინოდა. ნიკოლას გააკანკალა, როცა ქალის გულწრფელი, კეთილი სიცილი გაახსენდა.
-Sei felice, Nicola? -ჰკითხა უეცრად ქალმა. მახარაძეს გაეღიმა, თავი გააქნია და ბელას ხელი საკუთარში მოიქცია.
-È necessario avere una ragione per la felicità, ma non lo faccio. -უარყო ნიკოლამ.
-ჰმ. -სიგარეტი ამოაძვრინა ქალმა, მახარაძე მისკენ გადაიწია, მოუკიდა და ღიმილით შეავლო თვალი. -თუ ბედნიერებისთვის ყოველთვის მიზეზია საჭირო, მაშინ გამოდის, რომ უბედნიერესი კაცი ხარ, შენ კი მწარედ უარყოფ.
-მე? ბედნიერი? -შეიცხადა ნიკოლამ და საზურგეს მიეყრდნო, ტყავის ყდით გაფორმებულ მენიუს დასწვდა და ყურადღების გადასატანად ღვინის არჩევა დაიწყო.
-დიახ, შენ. მითხარი, რა არის ის ერთადერთი, რის გარეშეც ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ?
-ერთადერთი...-ჩაფიქრდა ნიკოლა. მენიუ მაგიდაზე დააბრუნა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და ნიკაპით დაეყრდნო. -კონკრეტული ნივთი, ან ადამიანი არ არსებობს.
-მაშ, რა არის ეს?
-ალბათ, ის უჩვეულო გრძნობაა, რომელსაც როიალთან მიახლოებული ვგრძნობ. ის ერთადერთი, გარდამავალი წამი, როცა ვეხები და მასში ვიჭრები. -თვალები დახუჭა ნიკომ და გაჩუმდა. -მაგრამ სულ ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. მაკლია მანამ, სანამ ის არ ჩნდება, ის ერთი. -ბელა დაიძაბა, სიგარეტი ნერვიულად აათამაშა ხელში.
-სრულყოფილება მიუღწეველია მის გარეშე, უბრალოდ შორიდან უყურებ მწვერვალს, მაგრამ როცა მოდის, როცა მისი ხმა გარკვევით გესმის, გრძნობ თავისუფლებას და სწვდები აკრძალულ ნაყოფს, ცოდვილი მუსიკოსი ხარ, რადგან გაბედე და სრულყოფილებას შეეხე. თეთრი გველი, ბელა. -ნიკოლამ თვალები გაახილა, ქალს სახიდან ფერი გადაეცალა, გაკვირვებული და შეძრწუნებული მიაჩერდა ნიკოს. -გველი მოსრიალებს. ის ძალიან, ძალიან მშვიდია, წყნარი, აუღელვებელი. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა თვალებს ხუჭავ და რაღაც, ვიღაც მოჰყავს. შენს წინ წვება, თავს ხრის და გემორჩილება. ხოლო როცა მიწვდები, დააგემოვნებ და შენად აქცევ, თვალს ახელ და მას ხედავ. -ერთხანს ჩუმად იჯდა ბელა. მეორედ, მესამედ ამოაძვრინა სიგარეტი და ნერვიულად გააბოლა. ნიკოს დამშვიდებულ, მოშვებულ ნაკვთებს უყურებდა, ჭაობისფერ თვალებში აკვირდებოდა, ცდილობდა მის გონებაში შემძვრალიყო და იქიდან რაღაც ამოეგლიჯა. თვითონ ნიკოლამაც არ იცოდა რა იყო თეთრი გველი, რატომ არ შეეძლო სიცოცხლე მაინცდამაინც იმ არსების გარეშე. ღვინო დაცალა, სიგარეტი მიაგდო, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდის ზედაპირს და თვალები დაავიწროვა.
-მათე. -თქვა უცებ ქალმა. ნიკოლამ ამოხედა, მშვიდი ჩანდა. -მათე შენთვის მუსიკაა, ხოლო როცა ერთად ხართ...
-თეთრი გველი ჩნდება.
-ორი უკიდურესობა -გაეღიმა ბელას. -სიკვდილისა და თავისუფლების განსახიერება. გენიალურია, ნიკო. -კმაყოფილება იგრძნო ქალმა. მიმტანმა მათი შეკვეთა მოიტანა, მაგიდაზე გაანაწილა.
-მათე. -დაიჩურჩულა ქალმა და ნიკოს კმაყოფილ მზერას წააწყდა.
***

და მაინც, სინანული ყოველთვის, ყველაზე გვიან მოდის. თითქოს, განსაზღვრული დრო აქვს, თითქოს მაშინ უნდა მოვიდეს, როცა ყველაფერი დაკარგული, დანგრეული და მიწასთან გასწორებულია.
ნიკოლა მოაჯირს დაეყრდნო, ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას ასულიყო და ხედს იქიდან ათვალიერებდა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი გადმოაძვრინა, ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა.
მალე გავიდა დრო.
ეუბნებოდნენ, საკუთარი თავი დაგღუპავსო, მაგრამ არ სჯეროდა. ალექსანდრე მახარაძე გაახსენდა, მისი ცივი, ცისფერი თვალები და ცინიკური ღიმილი. ბავშვობიდან ეუცნაურებოდა ბიძაშვილი, შორს დგებოდა და ათვალიერებდა. ალექსანდრე ყოველთვის გამორჩეული იყო. ოღონდ, მას არაფერი ჰქონია შესაშური. გარეგნულად გამხდარი, მაღალი და ფერმკრთალი იყო. ნიკოს გაახსენდა, როგორ უშლიდნენ სხვა ბავშვებს მშობლები უფროს მახარაძესთან მეგობრობას და ამ მცდარი, ან მართალი შეხედულების გამო, ნიკოც ხშირად რჩებოდა მარტო.
იმ დროს შეუყვარდა როიალები.
ბაბუა უყვებოდა ისტორიებს მუსიკოსებზე, ყვებოდა იმ ძლიერ გრძნობებზე, რომლებიც მუსიკას მოჰქონდა. არადა, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მუსიკოსი გახდებოდა.
და მერე რა მოხდა? იარაღი აიღო, სულ ცოტაც უყურა ალექსანდრეს და ტყვია შუბლში დაახალა. სისხლმა იფეთქა, ნიკოს სახეზე შეესხა წვეთები, ალექსანდრეს მუდამ ცივი, მოელვარე, პრიალა ცისფერი თვალები გახელილი, ბოროტი მზერით გაქვავებული დარჩა, ორიოდე წამი იდგა ფეხზე, პირი დააღო, წაბარბაცდა და გადავარდა.
ნიკოლამ დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა. რა დარჩა? რა დატოვა? ყველაფერი. ალექსანდრემ შექმნა ყველაფერი, ის გახდა სპექტაკლის მაყურებელი, დანარჩენები კი უბრალო, იაფფასიან მსახიობებად აქცია. თათასთან იყო. ან იქნებ, თათაც შეაშინა, მასზეც გამოიყენა ძალა, მასთანაც ისევე დაიწყო,როგორც ევასთან სურდა დაწყება. იცოდა ნიკომ, თათა ანგელოზი არასდროს ყოფილა, მაგრამ ისიც იცოდა, როგორ ძლიერად უყვარდა ქალს და იცოდა, ნებით არასდროს უღალატებდა. ან ესეც ნაბოდვარი იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი. თავი ასტკივდა ფიქრისაგან.
და მაინც, მოდის სინანული საბოლოოდ? მახარაძე ვერაფერს გრძნობდა. არ ნანობდა. თითქოს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო და ამაში უჩვეულო არასდროს არაფერი ყოფილა, მაგრამ მაინც, რაღაც აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი - ის მკვლელი იყო და ამას არ ამართლებდა ალექსანდრეს დამსახურებული სიკვდილი.

ნიკოლა დაღმართზე ჩავიდა.
შორიდან უკვე ჩანდა მუსიკალური შენობა. მახარაძემ ღრმად ჩაისუნთქა. შენობის კიბესთან შეჩერდა. თვალი შეავლო მის თეთრ კედლებს, მოჩუქურთმებულ ფანჯრებსა და კარს, ზემოთ ჩამოკიდებულ ლამპიონებს. ბანერზე ნიკოლა იყო გამოსახული, როიალთან იჯდა და უკრავდა. წარწერაც არაჩვეულებრივი ჰქონდა - „მსოფლიოს მუსიკოსი- ნიკოლა მახარაძე“. რომ შესძლებოდა, ნებისყოფა რომ ჰყოფნოდა და ისე ეცხოვრა, როგორც ამას ჟურნალებში წერდნენ და ტელევიზიით აშუქებდნენ, ვინ იცის, ბედნიერიც იქნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. წარმატება და ბედნიერება ერთად არასდროს მოდიან, სწორედ ამიტომ დაეჯახა ტკივილი, მხრებში მოხარა, ხერხემალში გადაამტვრია და სამუდამო ინვალიდობისთვის გაიმეტა. წარმატებული ინვალიდი იყო, რომელსაც ბედნიერება ყოველთვის გვერდს აუვლიდა, რომელიც მხოლოდ იარსებებდა მუსიკისთვის, მაგრამ ვერ იცხოვრებდა ბედნიერებისთვის.
ნიკოლამ დარბაზის კარი შეაღო, თეთრ კედლებსა და შავ როიალს შორის სიბნელე გამეფებულიყო. ნელა შეაბიჯა, ხელები გადახლართა და როიალს მიუახლოვდა.
-მოსულხარ, ნიკო. -სიბნელეში ექოდ გაისმა მათეს ხმა. ნიკოლას გააკანკალა. იმედოვნებდა, ვერ ნახავდა. თუმცა მათეს ხმა შეცვლილიყო, ძველებურად ძლიერი, ხმამაღალი აღარ იყო. თითქოს ნაწილებად დამსხვრეულიყო, მერე ერთად შეეგროვებინათ და გამრთელებას ცდილობდნენ. შემოპარულ შუქზე სუსტად განათდა მათეს სახე. ჩაფიქრებული, მოღუშული იჯდა. ჩამქრალი თვალებიდან ყველაფერი გადალესილიყო.
-მოვედი, მათე.
-რა გადაწყვიტე, მიდიხარ?
-წავალ.
-წადი.
-ესე იგი, წლების ნაგროვები მეგობრობა ასე სრულდება? -ხელები გაშალა ნიკოლამ და მათეს შეხედა. -მხოლოდ იმის გამო, რომ ყველას დასაცავად ალექსანდრეს ვესროლე, იმის გამო, რომ მკვლელი ვარ, წასვლას ვაპირებ და არაფერს ამბობ?
-და როცა ვამბობდი რა, მისმენდი? -ყვირილით წამოდგა მათე, სახე შეცვლოდა, დაძაბული და თითქოს... თითქოს სხვანაირი იყო.
-გისმენდი!
-რომ მოგესმინა, შენს საყვარელ ადამიანებს ტალახს არ ესროდი. -ხელები ძლიერად დასცხო როიალის ზედაპირს. ექოდ გაისმა ოთახში და შემზარავი ხმით გაიფანტა. ნიკოლამ სახეზე ჩამოისვა ხელი. დარბაზი დადუმდა. მათესა და ნიკოლას შორის შავი როიალი ჩამდგარიყო.
-ასეთი ვარ მათე. -უღონოდ ჩამოყარა ხელები მახარაძემ. -ასეთი ნაგავი არაკაცი ვარ! ყველაფერს ვაფუჭებ, ყველას ვსჯი, ყველას ვაფურთხებ და ზედ ვუვლი. ასეთი ვარ. შენნაირად უნაკლო არავის შევუქმნივარ, მე მხოლოდ ეს გამომდის. -ხელი გაიშვირა როიალისკენ. -მხოლოდ ამ დამპალი, დასაწვავი როიალის გარშემო ვარ ადამიანი. მხოლოდ ეს შემიძლია.
-არა ნიკო, არ ხარ ასეთი. -თავი გააქნია მათემ და ნიკოს ნაწყენი მზერით შეხედა. მახარაძემ ხელები ჩამოუშვა, იდაყვით როიალს დაეყრდნო და ამოისუნთქა.
-მე მივდივარ მათე და ყველაფერს აქ ვტოვებ. ამ რეალობას, ამ ცხოვრებას და ამ უსამართლობით სავსე არსებობას ვუტოვებ რაც კი შემიქმნია. ჩემთან ერთად არაფერი მიმაქვს, ცარიელი მივდივარ. ამ მსხვერპლის შემდეგ, როცა ვალდებული ვარ ჩემი შეცდომების გამო პასუხი ვაგო, ძალიან მჭირდება შენ გამაცილო. არც ევა, არც ბელა და არც სხვა ამაში არ მონაწილეობს. აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, მათე. მხოლოდ მე და შენ ვიყავით და ალბათ, ყოველთვის ორნი ვიქნებით. აქედან გასულს არ მინდა დამემშვიდობო, მინდა რომ დამელოდო. შენ მაინც გჯეროდეს, რომ ყველაფერი დალაგდება და ერთ დღეს შევხვდებით, ერთმანეთს გადავეხვევით და სცენამდე მიმაცილებ. ეს მინდა და არა დაჟინებული თხოვნა, რომ დავრჩე. არ დავრჩები, რადგან დამღლელ რეალობაში ვცხოვრობ. უბრალოდ ნუ მიყურებ ისე, როგორც მტერს. -ვედრებით გადახედა ნიკომ წელში მოხრილ, თითქოს ერთიანად ჩამოშლილ მათეს. -ყველაფერი, რაც მე შევქმენი, შენით შეიქმნა. ძმები ვართ მათე! უნდა ადგე, გადამეხვიო და გჯეროდეს, რომ უკეთესიც მოხდება! -ნიკოლამ აკანკალებული ხელები თმაში შეიცურა, უკან გადაქაჩა და თვალი გაუსწორა თეთრად შეღებილ კედლებს. მათე ჩაფიქრებული იდგა, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა მეგობრის განიერ მხრებს.
-ბელა პალატაში გადაიყვანეს. გამოფხიზლდა, მაგრამ საუბარი ჯერ არ შეუძლია. მხოლოდ თვალებს ახელს, თითებს ამოძრავებს და სუნთქავს. მხოლოდ ესაა ბელა. -დამნაშავესავით ამოიხავლა მათემ. ნიკოს ტანში ჟრუანტელმა გაუარა, ხელ-ფეხი აუკანკალდა, სხეულის დამორჩილება ძლივს შეძლო, რომ არ დაცემულიყო. ნელა მიაბრუნა თავი მათესკენ, თვალები ჩაუსისხლიანდა, აემღვრა და ყელში მწარე ბურთი გაეჩხირა. მყესები დაეჭიმა, თითქოს სისხლი ძარღვებიდან გამოსვლას ცდილობდა, შიგნეულობა გამოუშრა.
-უნდა ვნახო. -საცოდავად ჩაიჩურჩულა ბოლოს. მათეს ერთ წამში გადაეწმინდა მზერა, ბრაზით შეხედა ნიკოს.
-უნდა ნახო, არა? -შეჰყვირა მან. -შენ ყველაფერი წაართვი იმ ქალს, რომელიც ჭიანჭველასაც კი ვერ დააბიჯებდა. შენს გამო თვეები გაატარა უსიცოცხლოდ, თითქმის უიმედოდ. და ახლა, როცა თვალები გაახილა და ყოველ გამოხედვაში ტკივილს და უნდობლობას ასხივებს, გინდა მიხვიდე და არეული სამყარო თავზე ჩამოაქციო? არა ნიკო, ამის უფლებას არ მოგცემ. კაცი ხარ, საკუთარ შეცდომებს ერთხელ მაინც შეხვდი ისე, სხვა რომ არ გარიო. შენი ცხოვრება ჯერ კიდევ ჭაობია, სადაც აღარც ბელას ჩაითრევ, აღარც - ევას. ვიცი, რომ გიყვარს, გენატრება და იცი, რომ დამნაშავე ხარ, მაგრამ არ მოგცემ უფლებას კიდევ ატკინო. -ნიკოლამ თავი დაუქნია, ყელში გაჩხერილი ბოღმა ნაწილებას დაიშალა, ერთ გროვად შეერთდა, უფრო ზემოთ ამოვიდა და ნიკომ იგრძნო, როგორ უნდოდა ეყვირა. შებრუნდა, ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, სახელურს მისწვდა და შეჩერდა, მათეს გამოხედა.
-შენც ხომ იცი, მითია, როცა ამბობენ, რომ გველი წყალში ჩასვლის წინ, შხამს ქვაზე ტოვებს.

***

შუაღამე ჩამომდგარიყო. აგიზგიზებული ბუხრის წინ იჯდა მათე და ხელში ჭიქას წრიულად ამოძრავებდა. ამღვრეულ თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები არეკლოდა, ლიპლიპებდნენ ცრემლებთან ერთად.
სუნთქვა უჭირდა ახალგაზრდა კაცს. წლების ნაგროვები გრძნობები ერთბაშად ტყდებოდნენ, იფერფლებოდნენ და თავზე ეყრებოდნენ. როგორც ადრე, ისევ უნდოდა შემოჭრილი თეთრი გველისთვის პრიალა ტანზე ხელი გადაესვა, შეეგრძნო, თუმცა გველი სადღაც გამქრალიყო და აღარც მისი კვალი ჩანდა.
სიკვდილი იყო ნიკოლა მახარაძე. ბნელეთიდან ამოსული, მუდამ შავი ნისლით მოძრავი სხეული, რომელსაც სინათლე არ ეკარებოდა. სიკვდილი იყო და სწორედ, ამიტომაც იყო გენიალური.
„არ არსებობს ადამიანი -წერდა მოგვიანებით მათე. -რომელიც წინ გადაუდგება და სიდიადეს წაართმევს ნიკოლა მახარაძეს. კაცი, რომელმაც ცხოვრების ყველა ეტაპზე შეცდომები დაუშვა და კაცი, რომელსაც პატიება რთულად შეეძლო, თვითონ იყო სიკვდილი და ამავე დროს, თვითონ იდგა სამყაროს ცენტრში. ნიკოლა დადიოდა, უკრავდა, იცინოდა, სვამდა, მაგრამ ჩასაფრებული სიბნელე არასდროს შორდებოდა. არ ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ სიცოცხლეს აფასებდა. მისი შეცნობა არავის შეეძლო, ბოლომდე დარჩა ცალკე მდგომ, მშვიდ სიკვდილად. არავინ იცოდა, ვინ იყო ნიკოლა სინამდვილეში და სწორედ, ამიტომ დარჩნენ ადამიანები უფლების გარეშე, გააკრიტიკონ და გარიყონ ნიკოლა.“
მათე წამოდგა, ზიზღით აუარა გვერდი საკუთარ, თეთრ როიალს და თაროდან ჩანაწერი გადმოიღო, ამოაბრუნა „20 წლის ნიკოლა და მათე. პირველი კონცერტი“ იკითხებოდა ფირფიტაზე. მათემ თვალებზე ხელი ჩამოისვა, ჩანაწერი ჩართო და ისევ ისე, ბუხრის წინ ჩამოჯდა.
ეკრანი განათდა. მათეს თვალებში ოკეანე ადიდებულიყო. ჩანდა გემი, რომელიც იქაურობას ტოვებდა, აბობოქრებული ტალღები თვალის კიდეებში ეხეთქებოდნენ მათეს და ერთად გროვდებოდნენ, ცრემლად გარდაიქმნებოდნენ.
ეკრანზე ორი როიალი ერთმანეთის საპირისპიროდ ჩაედგათ. ხალხის გაოცებულ მზერას გადაურბინა კადრმა და მათეს გაეღიმა. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა სცენაზე მახარაძე ჩნდებოდა. ნიკოლა უფრო ახალგაზრდა, უფრო მეტად სიცოცხლით სავსე მიუახლოვდა შავ როიალს, მასთან ჩამოჯდა და როგორც სჩვეოდა, ზედაპირს ხელისგულებით შეეხო. მეორე კუთხიდან, თეთრ როიალთან მოთავსდა მათე.
საოცარი ჰარმონია ტრიალებდა დარბაზში.
ორი მუსიკოსი, დაპირისპირების მოლოდინში, ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ. როიალებს შორის შეჯიბრი შეწყდა, ისინი გარდაიქმნენ და დაკარგული ნაწილები ერთმანეთით ამოივსეს. სამეფო თეთრი გველი თავმომწონედ შესრიალდა დარბაზში, როიალებს შორის მოკალათდა.
თითქოს, ის მუსიკა წვიმა იყო. როცა სიწყნარეა, ქუჩებს მხოლოდ ლამპიონები ანათებენ, ირგვლივ მოძრავი ადამიანები არაფერს ამბობენ და არაფერს იმჩნევენ. და უცებ, წვიმა წამოვიდა. მეხივით დაეცა სიმშვიდეს, ააბობოქრა და ფესვებიანად ამოგლიჯა. სადღაც შორს მოისროლა, თვითონ გამეფდა, ციდან დაეშვა და გადარეცხა წლების ნაგროვები ყველა სიკეთე.
დარბაზში წვიმდა. მუსიკა მოდიოდა ციდან და გაოცებულ მსმენელებს გულებამდე სწვდებოდა. მათ სხეულებში ხელებს დაუკითხავად აფათურებდა, მათსავე სისხლში სველდებოდა მაჯებამდე და იმ სისხლიანი, ცოდვაში დასველებული ხელებით ეხეთქებოდა დარბაზის კედლებს.
სიკვდილი და იმედი ერთმანეთს ეჯახებოდნენ. გველი გაცეცხლებული ურტყამდა გრძელ, წვრილ კუდს თეთრ როიალს. თავით კი ნიკოსკენ მიბრუნებულიყო, მის წინ დახრილიყო. დამანგრეველ მუსიკაში სიყვარული იფანტებოდა.
კადრში ჩანდა, როგორ ასწიეს მუსიკოსებმა თავი, როგორ შეხედეს ერთმანეთს და გაუღიმეს. სწორედ ის იყო, ყველაფრის დასაწყისიც და დასასრულიც.
იმ ღამეს პირველად გაჩნდა თეთრი გველი, პირველად შემოიჭრა და ბინა დაიდო.
საოცარი იყო ის საღამო. საოცარი და ტკივილიანი.
მათემ დაბინდული მზერა მოაშორა ეკრანს, თვალები მოისრისა და გამორთო. ენატრებოდა ნიკო, უკვე ენატრებოდა და ყოველთვის მოენატრებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ახლა მახარაძე შეიძლება, გულნატკენი წავიდა, მათე ყოველთვის იმედიანი იდგებოდა კართან და მოთმინებით დაელოდებოდა, როდის შემოაღებდა მას ნიკო.

კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა მათე. ზანტად წამოდგა, კარის ჩამკეტი გადასწია და თავიდან ფეხებამდე სველ ევას შეხედა. გოგონას ღია ყავისფერი თვალები ცრემლებით ამოვსებოდა.
-სად არის ნიკოლა? -ამოიხავლა მან. მათემ თავი გვერდზე გადასწია, სახელურს ჩაჭიდებული ხელი დაჭიმა და ევას თვალი გაუსწორა.
-წავიდა.



№1  offline წევრი An_Gel

ნიკო! შე ჯიუტო,ბნელო და რთულო კაცო! მაინც ვერ მოგარჯულეთ და ვერ მოგაწყვეთ მათეს გემოზე. რა თქმა უნდა, გული დამწყდა რომ წავიდა ნიკოლა, მაგრამ ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ალექსანდრეს მოკვლა მეწყინა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნიკოლა მახარაძის ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო და სამწუხაროდ ამას ვერც მათე შეუშლიდა ხელს და ვერც სხვა.
თეთრი გველი - ანუ ბელასთან დიალოგი იყო განუმეორებელი!!! მეტს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ განუმეორებელი!
მათე - საერთოდ აქვს ამ პერსონაჟს საზღვრები? მის სიმართლეს, თავდადებას და ადამიანობას გამოუჩნდება ოდესმე ბოლო?! საოცარია, უბრალოდ შესაშურად საოცარი. და გული მხოლოდ მასზე მეტკინა. მხოლოდ მის გამო ვამტყუნებ ნიკოს, თორემ ისე მართლა უნდა მოეკლა ალექსანდრე.(ჩემი აზრით) იცი რა, მე მგონია, რომ მათე ბუხართან სასმლით ხელში არ უნდა დაელოდოს მახარაძეს, ეს დრო მანაც უნდა იცხოვროს შეძლებისდაგვარად ბედნიერად. იმიტომ, რომ თუ ვინმე იმსახურებს ბედნიერებას, ეს მათეა!
ევას ცრემლები ბოლოში - ეს ყველაფერი იყო. რაღაცეები დავიჯერე და მათი ხელახალი შეხვედრის ვიწამე. ევა მართლაც რომ სულ სხვაა, ამიტომად სჭირდება ნიკოს სულიერი მომზადება მასთან სამუდამოდ მისვლამდე.
წერილის ამბავი გულს მიღრღნის და იმედია მეორე ნაწილში ამასაც გავარკვევთ საბოლოოდ.
ოხ, როგორ ველი შემდეგ ნაწილს! მაგრამ მისგან რას ვითხოვ ჯერ არვიცი, ამიტომაც შენ მოგენდობი, როგორც ყოველთვის, ასეთ საოცარ და გამორჩეულ მწერალს

 


№2  offline მოდერი sopiko

ო, ო, ო!
რთულადაა საქმე.
როიალებში ყოველთვის მიჭირს ლაპარაკი. ნიკოლა არის ნაგავი კაცი და თან ხვდება, რომ ნააგავი კაცია, თან ნანობს, თან უჭირს, მაგრამ არაფერს ცვლის. სუსტია, რა. ეს სიჯიუტე, ამპარტავება, შეუგნებლობა თითქოს ფარავს მის სისუსტეს, მაგრამ არა. სანამ ყველაფერს არ გადათელავს,სანამ ყველაფერს არ დატბორავს, ევასაც, ბელასაც, მათესაც, ერთ ადგილას ვერ დაგუბდება. ხან უკან დაიწევს, ხან ტალღებს ნაპირისკენ ისვრის, ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ მისი წასვლა, მისი ''მივდივარ'' ერთი წვეთია მთელი ''როიალებიდან''. ''როიალებიდან'', სადაც ვხედავთ, როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს ანგრევს, სვრის, რაც კარგია.
ნიკოლამ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორც გმირი, არასოდეს შემიყვ არდება არასოდეს დავაფასებ, თუმცა დამამახსოვრდება ღრმად.
თეთრ გველს რამხელა მნიშნელობა ჰქონია, ნახე შენ! არადა თავიდან რომ დაპოსტე, მეთქი ისე ავტორული ცნობისმოყვარეობა და რაღაც :დდ ეს ის მომენტია, როცა ყველა სხვადასხვა რაღაცას ფიქრობს და ყველა მართალია.
მათე და ბელა ყველაზე კარგი მეგობრები არიან. მე ვერ/არ გავუძლებდი ასეთ ადამიანს. არ დაველოდებოდი როდის აფეთქდებოდა მის გულზე ჩამოკიდებული ბომბი და მეც ფერფლად მაქცევდა.
მაგარი გოგო ხარ შენ და ეს უჩემოდაც იცი!
უკვე წარმომიდგენია, რა იქნება მეორე ნაწილი..

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

საოცარი თავი იყო.უნდა შეიცვალოს ნიკო.მათეს გამო მაინც,რადგან ასეთი მეგობარი იშვიათია.სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას.უმაგრესია
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
ნიკო! შე ჯიუტო,ბნელო და რთულო კაცო! მაინც ვერ მოგარჯულეთ და ვერ მოგაწყვეთ მათეს გემოზე. რა თქმა უნდა, გული დამწყდა რომ წავიდა ნიკოლა, მაგრამ ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ალექსანდრეს მოკვლა მეწყინა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნიკოლა მახარაძის ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო და სამწუხაროდ ამას ვერც მათე შეუშლიდა ხელს და ვერც სხვა.
თეთრი გველი - ანუ ბელასთან დიალოგი იყო განუმეორებელი!!! მეტს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ განუმეორებელი!
მათე - საერთოდ აქვს ამ პერსონაჟს საზღვრები? მის სიმართლეს, თავდადებას და ადამიანობას გამოუჩნდება ოდესმე ბოლო?! საოცარია, უბრალოდ შესაშურად საოცარი. და გული მხოლოდ მასზე მეტკინა. მხოლოდ მის გამო ვამტყუნებ ნიკოს, თორემ ისე მართლა უნდა მოეკლა ალექსანდრე.(ჩემი აზრით) იცი რა, მე მგონია, რომ მათე ბუხართან სასმლით ხელში არ უნდა დაელოდოს მახარაძეს, ეს დრო მანაც უნდა იცხოვროს შეძლებისდაგვარად ბედნიერად. იმიტომ, რომ თუ ვინმე იმსახურებს ბედნიერებას, ეს მათეა!
ევას ცრემლები ბოლოში - ეს ყველაფერი იყო. რაღაცეები დავიჯერე და მათი ხელახალი შეხვედრის ვიწამე. ევა მართლაც რომ სულ სხვაა, ამიტომად სჭირდება ნიკოს სულიერი მომზადება მასთან სამუდამოდ მისვლამდე.
წერილის ამბავი გულს მიღრღნის და იმედია მეორე ნაწილში ამასაც გავარკვევთ საბოლოოდ.
ოხ, როგორ ველი შემდეგ ნაწილს! მაგრამ მისგან რას ვითხოვ ჯერ არვიცი, ამიტომაც შენ მოგენდობი, როგორც ყოველთვის, ასეთ საოცარ და გამორჩეულ მწერალს

უღრმესი მადლობა, ანა! ასე რომ მომყვები და მენდობი გულს მითბობ.
არ ვიცი რაში არ უნდა დაგეთანხმო. ამ ისტორიას კონკრეტული აზრი არ აქცს, ყველა ისე იგებს როგორც მოისურვებს და მიხარია, რომ მე და შენ ერთნაირად გვესმის.
ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერს გავარკვევთ

sopiko
ო, ო, ო!
რთულადაა საქმე.
როიალებში ყოველთვის მიჭირს ლაპარაკი. ნიკოლა არის ნაგავი კაცი და თან ხვდება, რომ ნააგავი კაცია, თან ნანობს, თან უჭირს, მაგრამ არაფერს ცვლის. სუსტია, რა. ეს სიჯიუტე, ამპარტავება, შეუგნებლობა თითქოს ფარავს მის სისუსტეს, მაგრამ არა. სანამ ყველაფერს არ გადათელავს,სანამ ყველაფერს არ დატბორავს, ევასაც, ბელასაც, მათესაც, ერთ ადგილას ვერ დაგუბდება. ხან უკან დაიწევს, ხან ტალღებს ნაპირისკენ ისვრის, ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ მისი წასვლა, მისი ''მივდივარ'' ერთი წვეთია მთელი ''როიალებიდან''. ''როიალებიდან'', სადაც ვხედავთ, როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს ანგრევს, სვრის, რაც კარგია.
ნიკოლამ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორც გმირი, არასოდეს შემიყვ არდება არასოდეს დავაფასებ, თუმცა დამამახსოვრდება ღრმად.
თეთრ გველს რამხელა მნიშნელობა ჰქონია, ნახე შენ! არადა თავიდან რომ დაპოსტე, მეთქი ისე ავტორული ცნობისმოყვარეობა და რაღაც :დდ ეს ის მომენტია, როცა ყველა სხვადასხვა რაღაცას ფიქრობს და ყველა მართალია.
მათე და ბელა ყველაზე კარგი მეგობრები არიან. მე ვერ/არ გავუძლებდი ასეთ ადამიანს. არ დაველოდებოდი როდის აფეთქდებოდა მის გულზე ჩამოკიდებული ბომბი და მეც ფერფლად მაქცევდა.
მაგარი გოგო ხარ შენ და ეს უჩემოდაც იცი!
უკვე წარმომიდგენია, რა იქნება მეორე ნაწილი..

რა თქმა უნდა, ნიკოს პერსონაჟზე ეს შენი აზრია და ვერ შეგედავები.
დიდი მადლობა რომ კითხულობ <3

La-Na
საოცარი თავი იყო.უნდა შეიცვალოს ნიკო.მათეს გამო მაინც,რადგან ასეთი მეგობარი იშვიათია.სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას.უმაგრესია

დიდი მადლობა ლანა! <3

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ რა გითხრა არ ვიცი უბრალოდ კიდევ ერთხელ დამამუნჯე... სასწაული ხარ შენ, ამ ისტორიას ვერ ვშორდები მშთანთქავს შიგნით მითრევს...
ნიკოლა მანადგურებს.
მათე? მათე ჩემთვის უკვე ყველაფერია.
ბელას კარგად ყოფნამ გამახარა. დასასრულიც მომეწონა... მათეს და ნიკოლას დიალოგზე ლამის ვიტირე ❤
ველოდები შემდეგს სულმოუთქმელად ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent