შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (7)


30-04-2017, 21:33
ავტორი MariamG
ნანახია 1 762

***

ნიკოლამ ვისკის ჭიქა ხმამაღლა დაახეთქა მაგიდაზე. თითები თმაში შეიცურა და ძლიერად მოქაჩა. არეული მზერით მიაშტერდა მის წინ მჯდომ ყბებშეკრულ მათეს, რომელსაც ძლიერად ჩაებღუჯა წერილი და მეორე ხელით მუშტი შეეკრა, მაგიდაზე ედო და ალბათ, ნებისმიერ წამს მოუქნევდა ნიკოს.
-თქვი რამე! -დაიზმუვლა მახარაძემ და ჩასისხლიანებული თვალებით მიაჩერდა მეგობარს. მათემ ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელები გადაისვა, წერილი დაკეცა, პიჯაკის შიგნითა ჯიბეში შეინახა და გაცოფებული მიაშტერდა ნიკოლას. ერთხანს მძიმედ სუნთქავდა, სიტყვებს არჩევდა თითქოს.
-ახლა ადგები, მოწესრიგდები და სტუმრებთან გახვალ. -ნიკოლას თვალები გაუფართოვდა, დაბნეული მიაჩერდა მათეს.
-რას მელაპარაკები? ამის დროა?
-რასაც გეუბნები ის გააკეთე, თორემ ღმერთს გეფიცები, მოგკლავ! -ზიზღით გამოსცრა მათემ და წამოდგა. ნიკოლა ერთხანს გაშტერებული იჯდა, მერე თავი გადააქნია, ზანტად წამოდგა, ოთახში შევიდა. მათეს დიდ ხანს ესმოდა წყლის ხმა, მერე ერთიანად სველი მახარაძე გამოვიდა, პატარა კარადიდან შარვალ-კოსტიუმი გადმოიღო და ნელა ჩაიცვა. დაძაბული და გაბრაზებული მათე კი ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან და ფიქრობდა მომავალზე. ერთი კი იცოდა, ეს წერილი ლევანს რომ ენახა, ნიკოს სიკვდილი არ ასცდებოდა.

მახარაძე ყალბი ღიმილით დაეშვა კიბეზე და მისკენ ღიმილით წამოსულ სტუმრებს ზანტად მიესალმა. მიმტანს ლანგრიდან ღვინის ჭიქა ააცალა, მოიყუდა და მეორეთი შეანაცვლა. იქვე, ერთ-ერთ კედელთან აიტუზა, შორიდან უყურებდა როგორ ჩამოვიდა მათე, ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა და ნიკოსკენ დაიძრა.
-შეწყვიტე დალევა! -ხელიდან გამოჰგლიჯა ჭიქა, მიმტანს მიაწოდა და მათკენ წამოსულ ქალბატონებს თავი დაუკრა.
-რა გინდა მათე?
-რაც წერილში წერია სიმართლეა?
-არ ვიცი.
-როგორ არ იცი?
-არ ვიცი-მეთქი. -წაისისინა ნიკომ და ლურჯ, მოკლე კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს თვალი გააყოლა. -მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ პერიოდში სახლში მთვრალი ვბრუნდებოდი. რას ვაკეთებდი არ ვიცი, გესმის? დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, რომ ვინმეზე ვძალადობდი.
-ხმას დაუწიე. -მხარზე წამოარტყა მეტრეველმა და იქაურობას თვალი მოავლო. -ერთ საათში აქედან წავალთ.
-საიდან?
-ქალაქიდან. -მოკლედ მოუჭრა მათემ და ვიდრე ნიკოლა გააპროტესტებდა, მანამ გაეცალა. სტუმრებს შეერია და გაუჩინარდა. ნიკო დაძაბული იდგა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას გულისხმობდა მათე, რატომ იყო საჭირო ქალაქიდან წასვლა, რატომ ხდებოდა ეს სიტუაცია არასაიმედო. ერთი კი იცოდა, ყალბი ღიმილითა და მოჩვენებითად კარგად ყოფნით არაფერი გამოდიოდა, სახეზე ეწერა რას გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ. ჯიუტად მისწვდა კიდევ ერთ ჭიქას და დარბაზისკენ დაიძრა, სადაც წესით, როიალი უკვე უნდა დაებრუნებინათ.
ჯერ კიდევ დერეფანში მისწვდა საუბრის ხმა. გაბრაზებული დაიძრა კარისკენ, სწრაფად შეაღო და გაცეცხლებული მიაშტერდა როიალთან ატუზულ ვაშაძესა და მათეს, რომელიც რაღაცაზე ჩხუბობდა და ორჯერ უფროსი კაციც თავდახრილი უსმენდა.
-აქ შემოსვლის უფლება ვინ მოგცათ? -დაიღინა მახარაძემ. მათემ ერთხელ გადახედა, ვაშაძე გასწორდა და პიჯაკის ღილი შეიხსნა.
-დაბრძანდი, ბიჭო. -მახარაძე ზიზღნარევი მზერით მიაშტერდა ორივეს, ბოლოს მაინც დაჰყვა მათ ნებას და სკამზე ჩამოჯდა. მომლოდინე მზერით აკვირდებოდა ერთსაც და მეორესაც.
-არ ვიცი შენი მეგობარი რატომ არ მენდობა და წერილს არ მაჩვენებს, არც ის ვიცი რა კონკრეტული ბრალდება გაქვს, მაგრამ დაჟინებით მოითხოვს აქედან აგაორთქლო და რადგან ასეა, ესე იგი სწორია. -მბრძანებლური კილო შეერია ვაშაძეს. -ნიკო, შვილო. -მძიმედ ჩაესვენა სავარძელში. -წესით, მე კანონს უნდა ვემორჩილებოდე, ნებისმიერ ფასად უნდა ვიცავდე მას. მე კი ყველაფერი გავაკეთე მის საწინააღმდეგოდ. შენკენ დამიზნებული სამხილები გავაქრე, გამოძიების გარეშე ჩავსვი ლევანი ციხეში, რამდენიმე კვირის წინ ტყუილებით გატენილი ჩვენება ჩავწერე ფარულად და ნაცნობ მოსამართლეს გადავეცი, რომელიც არც კი მოუსმენს ისე გაგამართლებს. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მკვლელად, ან მოძალადედ ჩამოყალიბდე. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი ნათლული ხარ და არ მინდა შენი სახელი და დიდება ტალახში ამოისვაროს. არ მეშინია სამსახურის დაკარგვის, არც ციხეში ჩაჯდომის, მაგრამ -ვაშაძემ მათეს გადახედა, რომელიც დაჭიმული იდგა და გაბრაზებული უყურებდა ნიკოს. -ეს კაცი ერთ დღეს დაიღლება, შენი ცხოვრებიდან წავა და აღარავინ დაგრჩება. არც მე ვიქნები, არც ის. მხოლოდ ის მინდა გითხრა, რომ გაუფრთხილდი ყველაფერს,რაც გაქვს.
-შესავალმა გული მომილბო, იქნებ სათქმელზე გადახვიდე? -ირონიულად ჩაილაპარაკა მახარაძემ. ზურაბმა და მათემ ერთმანეთს გადახედეს.
-ზურაბს ვუთხარი, რომ მოსამართლეს ჩანაწერი გამოართვას. დაკითხვა ტრადიციულად ჩატარდეს, შენ ილაპარაკებ ყველაფერს, ტყუილების გარდა. ერთადერთი რამ, რაც დაიმალება, ამ კონკრეტული წერილის არსებობაა. -მათემ პიჯაკის ჯიბიდან წერილი ამოაძვრინა და ხელში შეათამაშა. -სანაცვლოდ, დავწერთ გამოსამშვიდობებელ სიტყვას, რომელსაც გამომძიებელს გადასცემ და მორჩა. სხვა შემთხვევაში, ის არადამაჯერებელი ჩანაწერი გასკდება, ყველას ყურამდე მივა და რომელიმე შენგან განსხვავებით, ჭკვიანი კაცი, ამ სპექტაკლის უკან დამნაშავის სახით შენ ამოგიცნობს.
-რატომ გადაეკიდე ამ სამართლიანობას? რის მიღწევას ცდილობ, ჩემი სინდისის გადარჩენით და მცდელობით, რომ ოდესღაც ვინანებ? -გაბრაზებულმა ნიკოლამ მუშტები დაახეთქა როიალის ზედაპირზე. ხმა ექოდ გავრცელდა კედლებში და ყურისწამღები ზრიალით დაუბრუნდა როიალს.
-იმიტომ რომ ოდესღაც ყველამ დავკარგეთ ვიღაც! -იყვირა მათემ. -ყველამ გადავიტანეთ დაშორების სიმძიმე, ყველამ დავიტირეთ საფლავის ცივი ქვა, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დასრულებულა. თავი ავწიეთ, მხრებში გავიმართეთ და შევეგუეთ, რომ მარადიულები არც ჩვენ ვართ, მაგრამ საქმეები, რომლებსაც ვტოვებთ, სამუდამოდ რჩებიან. -დაღონებულმა დახუჭა თვალები, თითქოს გამოფიტულმა და დაცლილმა ხარბად ჩაისუნთქა, შინაგანი კანკალი ჩაახშო და ამომწვარ გულზე წყალი გადაისხა, ცეცხლის ნაპერწკალი ჩააქრო. ნიკოლა თითქოს არ ელოდაო, მოეშვა და შეკრული მუშტები გაშალა. სინანულით მიაშტერდა გადამწვარ მათეს. ერთიანად მოედო ცეცხლად ქცეული სინდისის მარწუხები, ყელში მძიმედ გადაუგორდა ნერწყვი და ძალიან მოუნდა, მისულიყო მათესთან და ისე, როგორც ადრე, ხელი გადაეხვია და ეთქვა, არაუშავსო.
-ნიკო, წადი აქედან. ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი წლით, მაგრამ წადი. დროებით მოშორდი აქაურობას და შენს მეგობარს დრო მიეცი, ეს ყველაფერი გამოასწოროს. მოგვეცი შანსი, რომ ცოცხალი დაგტოვოთ. -შეევედრა ზურაბი. მახარაძემ თვალები დახუჭა, თავი გადააქნია და სწრაფად დატოვა დარბაზი.

***

წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აკეთებდა ამას. ძველი, ნახევრად ჩამონგრეული კორპუსის წინ იდგა და ხელები მაგრად შეეკრა მუშტებად. ახსოვდა როგორ აედევნა გოგონას, სახლშიც კი შეჰყვა, მოეხვია და დიდხანს ისუნთქა მისი ჰაერით, მერე უსიტყვოდ მოშორდა და მას შემდეგ, ორ კვირაზე მეტიც გავიდა. დარწმუნებული არ იყო, რომ გოგონა მარტო ცხოვრობდა, ან სახლში იყო, თუმცა შუაღამისას სხვაგან ვერც იქნებოდა.
იქნებ, ვინმე ჰყავდა? ნიკოლას სისხლი სახეში მოაწვა იმის გაფიქრებაზე, რომ ევას სხვა ეხებოდა, თუნდაც წამითაც კი. სადარბაზოს კიბე სწრაფად აირბინა, კართან გაჩერდა და ზარის ღილაკს მიაშტერდა. ეს არ უნდოდა. ხელი ასწია და ძლიერად დაკაკუნება გადაწყვიტა, თუმცა ხმაურზე შეიძლებოდა, ვინმე გამოსულიყო კიდეც. მობეზრებულად გადაასრიალა ხელი ზარისკენ და რამდენჯერმე დააწვა. რამდენიმე წუთი გავიდა, ნაბიჯების ხმაც კი არ ისმოდა. ნიკოლამ ხელები ჩამოუშვა, უაზროდ, ამღვრეული თვალებით მიაჩერდა კარს. სწორედ ის დრო იყო, წასვლას გეგმავდა, საკეტი ოდნავ ახმაურდა, სახელური დაბლა ჩამოიწია და სულ ოდნავ, თუმცა შესამჩნევად გაიღო კარი. იქიდან კი ოდნავ აბურდული თმით, პლედმოხვეული ევა გამოჩნდა. ეტყობოდა, ეძინა. ნიკოს შიგნიდან მღელვარება ჩაუდგა სხეულში.
-გამარჯობა. -საპასუხოდ, ევამ მხოლოდ კარი გააღო ფართოდ და სადარბაზოში მიმოიხედა. ეტყობოდა, ეჭვობდა, ვინმეს არ დაენახა. წამიერი ფიქრის შემდეგ, კარი უფრო ფართოდ გააღო და ნიკოლას შესვლის უფლება მისცა.
ევას პატარა სახლი ჰქონდა. ძველებური კარით, ფანჯრებით, ავეჯით. ან მისი იყო და ვერ უმკლავდებოდა, ან როგორც სტუდენტს, მასაც ნაქირავები ჰქონდა და გადასახდელსაც იმ ბარში მუშაობით იხდიდა, მახარაძე რომ ხშირად სტუმრობდა ადრე. ნიკოლას სამზარეულოში გაუძღვა. პატარა ოთახი იყო, პატარა ხის მაგიდით, ოთხი ძველებური სკამით, თითქმის გაფუჭებული მაცივრით და მაინც, არსად ჩანდა კვალი, რომ გოგონას აქ ცხოვრება არ უჭირდა.
-მაპატიე, რომ შუაღამისას მოვედი. -საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ნიკომ ჩაიცინა და ევას თვალი გაუსწორა.
-შემოსაშვები არ ხარ, მაგრამ არც ის მინდა ამ უბნის საჭორაო საგნად ვიქცე. -ცივად ჩაილაპარაკა ევამ და ნიკოს წინ ჩამოჯდა. პლედი უფრო მაგრად მოიხვია. ნიკოს შესამჩნევად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. საოცრად ბავშვური იყო ევა.
-ვიცი, მივხვდი. მეორედ მოვედი დაუპატიჟებლად. -ევა წარბშეკრული მისჩერებოდა, ხმას არ იღებდა და მზერით თითქოს კლავდა ახალგაზრდა კაცს. მისი ღია თაფლისფერი თვალები უძილობისგან ჩაწითლებულიყო, ძალიან დაღლილი და ძალაგამოცლილი ეჩვენა ნიკოს.
-როგორც ჩანს, ჩვევად გაქვს, ან ჩემი ნათქვამი უცხოებთან საუბარზე ზედმეტად სერიოზულად მიიღე და ყოველთვის, როცა სახეზე პრობლემების სია გაწერია, ჩემთან მორბიხარ. -მოუჭრა ევამ და თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, თითქოს უკეთესად შეისწავლა მახარაძე. ნიკოლა გაოცებული დარჩა ევას სხარტი საუბრით, გამჭრიახობით და ოდნავი სიჯიუტით, რომელსაც ყალბი საფუძვლით აჩენდა. ნიკოლას ხალხის გამოცნობა არასდროს ეშლებოდა და იცოდა, ევას მისი არ ეშინოდა, არც ერიდებოდა, უბრალოდ გაოგნებული იყო.
-უცხოებთან საუბარზე თუ ვიფიქრებთ, სერიოზული იყო, დიახ. -თამაშში აჰყვა მახარაძე და იგრძნო, როგორ ჩამოცურდა მისი მხრებიდან ის უზარმაზარი ლოდი, რომელიც იმ საღამოს მძიმედ დააწვა. ევამ მახარაძე შეათვალიერა, ჩაიცინა და სხვა მხარეს გაიხედა. ჩუმად ისხდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ნიკოლა ტკბებოდა მისი ყურებით. არ უნდოდა ეფიქრა, რომ პირველი, ადამიანური შეხვედრისა და დიალოგის შემდეგ, მათეს ნათქვამისთვის უნდა დაეჯერებინა და წასულიყო. იქნებ, უკეთესი ყოფილიყო, რომ ევასთან არ მოსულიყო, მაგრამ სურვილებს ვეღარ აკონტროლებდა. ამაზე მაღლა ვერაფრით დგებოდა. მოუსვენრობა მოკლავდა, რომ არ მისულიყო, ერთხელ მაინც არ შეეხედა და, ალბათ საკუთარ თავს შიგნიდან ამოიჭამდა, კარი რომ არ გაეღო, პლედშემოხვეულს შესვლის ნება რომ არ მიეცა და მოკლედ, ძალიან სხარტად რომ არ ეპასუხა მისი გამოუთქმელი კითხვებისთვის.
-ტელევიზორში მოვკარი თვალი დღევანდელ კონცერტს. -უცებ თქვა ევამ. ნიკოს გულში სითბო ჩაეღვარა, მოდუნდა და საოცარი სიამაყე იგრძნო, თუმცა გარეგნულად ისევ ისე, ძველებური ირონია დასთამაშებდა და ამბიციებითა და საკუთარი თავის სიყვარულით ავსებულ კაცს ჰგავდა.
-მერე?
-არაფერი. კარგი იყო. -იგრძნო ახალგაზრდა კაცმა, როგორ არ მოეწონა ევას ნათქვამი „კარგი იყო“ და როგორ ელოდა ბევრად მეტს, თუმცა გაჩუმდა, ენაზე მომდგარი სიტყვები უკან გადაყლაპა და ცალი ხელი მუშტად შეკრა. წამით მოეჩვენა კიდეც, რომ ვერასდროს გახდებოდა ევასთვის ისეთი მუსიკოსი, როგორიც სხვებისთვის იყო.
-მხოლოდ ერთი რამეა, რასაც ვერ ვიგებ. ასეთ წრეში ტრიალებ, ამდენი ადამიანი გყავს გარშემო და მაინც, მოდიხარ მიყრუებულ უბანში, ხვდები შენთვის უცხო ადამიანს, თითქოს გეტყობა, რომ ლაპარაკი გინდა და ამას ისე გულუბრყვილოდ უდგები, ვინმე იფიქრებს, დიდი ხნის ნაცნობები ვართ. -ევამ პლედი მხრებზე ჩამოიწია, ოდნავ, შესამჩნევად გაწითლდა ჩამომდგარი სიცხის გამო და უხერხულად გასწორდა სკამზე. -ეს არასწორია, ნიკოლა. -ნიკოს თავზარი დაეცა, როცა ევას სულ სხვანაირად წარმოთქმული, სხვანაირი ჟღერადობით მოისმინა საკუთარი სახელი. აქამდე არასდროს ეფიქრა, რომ რაიმე განსაკუთრებული ერქვა, რომ სახელი არ გამოარჩევდა ადამიანებისგან და თვლიდა, რომ შეიძლებოდა, ნებისმიერს არეოდა სხვაში, თუმცა გოგონას წარმოთქმული ისეთ ხიბლს ატარებდა, დარწმუნებულიც კი იყო, მისი სახელი ყველაფერს დაიტევდა. ევა უნდობლად მისჩერებოდა, შეწუხებული იყო.
-როგორც თქვი, ერთმანეთისთვის უცხოები ვართ, ამიტომ არც პრობლემაა ჩემი სტუმრობა, ევვა.
-პრობლემაა. არ ვიცი რა გაწუხებს, რა პრობლემა გაქვს, მაგრამ არ მინდა, რომ მოდიოდე. ვერ აგიხსნი, მაგრამ ასეა. სხვა სიტუაციაში, სხვანაირ ცხოვრებაში, ალბათ მომეწონებოდა უკან ადევნებული ნიკოლა მახარაძე, მაგრამ ახლა არა. -ევამ ნაზი თითები გადაისვა წინ ჩამოყრილ ქერა თმაში და უკან გადაიწია. ხმა საოცრად შეცვლილი ჰქონდა. -მე არ მინდა შენნაირ კაცს ველაპარაკებოდე, არ მინდა უცხო სხეული მომიახლოვდეს და ყურში რაღაც ჩამჩურჩულოს, არ მინდა ჩემს ნივთებს ეხებოდე, დაუკითხავად მეჭრებოდე და მთელი საათით მეხუტებოდე. საზიზღრობაა, შემზარავია.
-ევა, ძალიან დაძაბული ხარ. -ნიკო წამოდგა, ევასკენ დაიძრა. გოგონა ერთიანად აკანკალდა, ანერვიულდა. შორიდან გრძნობდა მახარაძე როგორ უთრთოდა სხეული და ეშინოდა კიდევ ერთხელ სიახლოვის შეგრძნების, მაგრამ ნიკოლა ის კაცი არ იყო, ვისაც ეს აშინებდა, ან ადარდებდა. მხოლოდ იმ სურვილების დაკმაყოფილება უნდოდა, რომლებიც ყელში უჭერდნენ და ახრჩობდნენ. ევამ თვალები დახუჭა, აკანკალებული ხელი თმაში შეიცურა და უფრო მეტად დაპატარავდა. ნიკოლა მის წინ, მუხლზე დაეშვა, პლედი ჩამოუსრიალა და იატაკზე გადააგდო, შიშველ მკლავზე აუსრიალა ხელი, კისერზე შემოხვია და მიუახლოვდა. ევამ თრთოლვით სავსე სუნთქვა ამოუშვა, თავი გასწია, გული ეწურებოდა ნიკოლას, რომ ასე აშინებდა გოგონას, დაუცველ და პატარა არსებას, მაგრამ საკუთარი სურვილების კონტროლი იმაზე რთული იყო, ვიდრე წარმოედგინა.
-მე მივდივარ ევა.
-ხოდა წადი! -ამოიხავლა გაბზარული ხმით გოგონამ. ნიკოლამ სიმწრით დახუჭა თვალები, ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა კისერზე და იცოდა, რომ ასე...ასე ძალიან ატკენდა.
-ასე ვერ წავალ. ის მაინც უნდა ვიცოდე, რომ ერთ ადამიანს მაინც არ ვუცრუებ იმედებს. ერთხელ მაინც ვიქცევი სწორად.
-არ იქცევი! ჯანდაბა შენს თავს! -ხელი ჰკრა ევამ და გათავისუფლებული ფეხზე წამოიჭრა, შიშისაგან გალურჯებული დაეყრდნო ხის მაგიდის ზედაპირს და გამხდარი სხეული ძლივს გაიმაგრა, რომ არ დაცემულიყო. ნიკოლას ჭაობისფერი თვალები წყენით გაევსო. არ უნდოდა ასეთი უცხო და ასეთი ნაცნობი გაეშვა, არ უნდოდა შეშინებოდა ქალს, რომელიც თან არაფერი იყო და თან - ყველაფერი.
-ჩემი გეშინია? -ხმას აუწია ნიკოლამ. ევა შეკრთა, თვალი გაუსწორა იატაკს და მტკიცედ გადაწყვიტა, ახალგაზრდა კაცისთვის არ შეეხედა. -მიპასუხე! -ევას სიტყვაც არ უთქვამს, ისევ ისე, ჯიუტად აშტერდებოდა ერთ წერტილს და აიგნორებდა ბრაზსა და ცეცხლს, რომელიც მარცხენა მხრიდან სწვავდა. ნიკოლა ჩამოჯდა, თმაში ხელები გადაისრიალა და თვალები დახუჭა. მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და ქვემოდან ახედა ევას.
-სიტუაცია ასეთია : მოვკლავ, ან მომკლავენ. ჩემი მეგობარი ცდილობს ჭაობიდან ამომათრიოს, ამიტომ მომთხოვა აქედან წასვლა. არ მინდა, არ ვეთანხმები და არ ვაპირებ სულელურ სამართალს დავნებდე, მაგრამ მას წლებია იმედს ვუცრუებ. უკვე დიდი ხანია თავს იმ ნივთად ვაგრძნობინებ, რომელსაც მტვერი ედება და არავის უყვარს. არ შემიძლია ჩემი მიზეზით მისი ცხოვრება ნამსხვრევებად ვაქციო. არ მინდა ჩემი ისევე გეშინოდეს, როგორც სხვებს ეშინიათ, არ მინდა გეგონოს, რომ მხოლოდ უცნობი ვარ. ამიტომ გეკითხები, ჩემი გეშინია? -ევამ თავი ასწია. თვალი გაუსწორა ნიკოლას ჭაობისფერ, ღრმა თვალებს.
-არ მეშინია. -თქვა უცებ, ნიკოლა მოდუნდა, გასწორდა და ღიმილი შეეპარა, იმ წამს იგრძნო, რომ ყველაფერი კარგად იყო, მოეშვა და მიენდო.
-მაგრამ მინდა, რომ წახვიდე. არ გინდა ჩემთან მოახლოება, შეხება, კიდევ ერთი გულის გადაშლა, უბრალოდ ადექი და წადი.
-რომ არ წავიდე? -ნიკოლა წამოდგა, ევას გაუსწორდა, მიუახლოვდა და ისეთი ძალით მიაწვა თეძოზე, იგრძნო როგორ უსიამოვნოდ შეეხო გოგონას გამხდარ სხეულს მაგიდის უხეში ზედაპირი, როგორ გაისმა ოთახში ტკივილიანი, ყრუ კვნესა. მთელი სხეულით აეკრო მახარაძე ევას, მთელი სხეულით შეიგრძნობდა მისი კანის სინაზეს, სითბოს.
-მტკივა. -ცრემლიანი თვალები გაუსწორა ევამ.
-არ მომთხოვო წასვლა. -ნიკოლამ ხელი ასწია, წინ ჩამოყრილი თმა ყურზე ნაზად გადაუწია, ლოყაზე შეეხო ცხვირით, ნაზად გადაასრიალა მის რბილ კანზე ტუჩები, თუმცა ვერ აკოცა, ვერ გაუბედა. ევამ ამოისუნთქა, დანებდა, თავი გვერდზე გადასწია და ნიკოლას განიერი, ძლიერი მკლავებისგან გათავისუფლდა. თმა გაისწორა, პლედი აიღო და დაკეცა.
-აქ დარჩები? -სუსტი ხმით ჰკითხა, ნიკოლას გულზე მოეშვა, თავი დაუქნია და სკამზე ჩამოჯდა. ელოდებოდა, რომ ევაც დაჯდებოდა, თუმცა გოგონამ ზურგი აქცია, რომელიღაც ოთახში შევიდა და კარი დაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ გული დასწყდა, მაინც გაუჩნდა იმედის მცირე, თუმცა მაინც თბილი და სიმყუდროვის მატარებელი ნაპერწკალი. გაეღიმა, მოეშვა და თვალები დახუჭა.

***
თვალები რომ გაახილა, რაღაც მძიმე აწვებოდა მხრებზე. დაიხედა, ვიღაცას თბილი პლედი გადაეფარებინა. სულ ერთი წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად და როცა „ვიღაცაში“ ევა ამოიცნო საოცარი სიმსუბუქის გრძნობა დაჰყვა.
-დილამშვიდობისა -დაბალი ხმით მიესალმა სამზარეულოში მოფუსფუსე ევას. გოგონამ უემოციოდ გადმოხედა.
-დილამშვიდობისა. აქ როგორ გეძინა?
-სად უნდა წავსულიყავი? -ჩაეკითხა მახარაძე და წამოდგა, პლედი დაკეცა და იქვე, სკამზე დადო. ევამ ყავის ფინჯანი მიაწოდა ნიკოს.
-მეორე ოთახში ოდნავ კომფორტული დივანი და სავარძელია, შეგეძლო იქ შესულიყავი. ახლა არ თქვა, დაუკითხავად არაფერს ვაკეთებო. -დილას თავისი მოეტანა და ევასაც ეტყობოდა, როგორ გაქრა მისი შიში და პანიკა, სამაგიეროდ, გაღიზიანებასა და ირონიას არ მალავდა. ნიკოს არ ესიამოვნა გოგონას ტონი, მოიღუშა.
-კიდევ ბრაზობ?
-არა, გადამიარა. -წარბშეკრული მიაჩერდა ევა. ნიკოლას გაეღიმა, სასაცილო იყო. პირველად ხედავდა ნაზი, ვარდისფერ შარფიანი გოგონას ჯიუტ სახეს წინა ღამის შემდეგ და ცოტა არ იყოს, უცნაურად ეჩვენებოდა. სიყალბე იყო, ევას არ შეეძლო გაბრაზება.
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა უსიამოვნოდ დაუარა ტანში ჟრუანტელმა, როცა კარზე ორჯერ გაისმა ზარის ხმა. ნიკოლამ ევას გადახედა, რომელიც წამით დაიბნა, თუმცა რაღაცნაირი მზერით შეხედა ნიკოს და კარისკენ დაიძრა.
არ იცოდა ნიკოლამ რა ერქვა ამას, თუმცა მოგვიანებით, როცა სამზარეულოში შემოსული მათე დაინახა, მიხვდა რაც იყო - ნიშნისმოგება. წამოდგა, კედელთან ატუზულ ევას გადახედა საყვედურით და მათეს გაუსწორა თვალი.
-შენ დაურეკე? -ტონს აუწია მახარაძემ. ევამ წამით ახედა, მართალია გაბრაზებული და ნაწყენი იყო, მაგრამ ნიკოლას ნივთებში არასდროს ჩაიხედავდა, იქ მათეს ნომერს არ მოძებნიდა და არ სთხოვდა მოსულიყო, როცა საფრთხის რეალური მიზეზი არ არსებობდა. ევამ თავი გააქნია.
-აა, ალბათ გადმოფრინდა. -ირონიით გადააქნია თავი ნიკომ. თითქოს ევასაც ეწყინაო, დაპატარავდა და კედელს უფრო მეტად აეკრო.
-მას არ დაურეკავს. მე დავრეკე.
-ხშირად ურეკავ ხოლმე? -დაიღრინა მახარაძემ და სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს დასწვდა. მხარი გაჰკრა მათეს.
-მართალი იყავი, უნდა წავსულიყავი. სისულელე იყო შენთან მოსვლა. -გაბრაზებულმა მიაძახა ევას და სახლის კარი ხმამაღალი ზათქით გაიხურა.
ევა სკამზე ჩამოჯდა, იდაყვით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და დაღლილი მზერით მიაშტერდა მათეს.
-რაიმე ხომ არ... -ევამ თავი გააქნია.
-არა, არა. პირიქით, მე უფრო დავუშავე, ვიდრე მან - მე. ახლა ჰგონია, რომ მე დაგირეკეთ და მისი „საიმედო“ ადგილსამყოფელი გაგაგებინეთ.
-ახლა ცოტა გაბრაზებულია, რომ დაწყნარდება ავუხსნი.
-ჯიუტია, არ დაიჯერებს. -ევამ სახეზე ჩამოისვა ხელები. -მხოლოდ ორი საათის განმავლობაში ვესაუბრე და ჩხუბიც კი მოვასწარით. ვერ ვხვდებოდი როგორ მოვქცეულიყავი. რომ მცოდნოდა ასე ეწყინებოდა, როცა დარეკეთ და მთხოვეთ...
-ევა, რა საჭიროა ახსნა. ნიკოს ბევრი არაფერი ესმის. მხოლოდ ის, რაც მისთვის უფრო მარტივად დასაჯერებელია. რაიმე გითხრა?
-ბევრი არაფერი. თქვენ გახსენათ, თქვა რომ უნდა წავიდეს, რადგან მისგან არ იმსახურებთ იმედგაცრუებას. -ევა წამოდგა. აქეთ-იქით დაიწყო სიარული, ბოლთას სცემდა უაზროდ ჩაფიქრებული.
-არ მინდოდა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილიყო. -ხელებით დაეყრდნო მაგიდას ევა. მათე დაიძაბა, ყველაფრის მიუხედავად, არასდროს გასჩენია სურვილი, დრო უკან დაებრუნებინა და ნიკოს არასდროს შეხვედროდა.
-მგონია, რომ ზედმეტად სუსტი ვარ ამისთვის. როგორ არა, ბარში ხვდებიან გოგონები და ბიჭები, მაგრამ ის ნიკოლა მახარაძეა. პირველად რომ დავინახე, იმ მომენტიდან უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა. არ ვამბობ, რომ ის ცუდია, რომ ცუდი უნდა, მაგრამ როცა ახლოს მოდის, საშინელი, აუტანელი მუხტი მოდის მისგან. თითქოს... თითქოს.. -ევამ სიტყვები ვეღარ იპოვა, დაბნეულმა მიმოიხედა.
-თითქოს სიკვდილი მოაქვს. -სიტყვა ჩაურთო მათემ. ევამ თავი ნაღვლიანად დააქნია.
-მგონია რომ ვერც ის გადარჩება, ვერც ის გაუძლებს ამ წვიმებს, ქარს, სიბნელეს. და მე არ მინდა კიდევ ერთი. -ევამ შეციებული ყავის ფინჯანი გარეცხა, სამაგიეროდ, მათე დაპატიჟა ცხელ, ლიმონიან ჩაიზე.

***

ევას საქციელით გაცოფებულმა ნიკოლამ ქუჩა დაუდევრად გადაჭრა, სახლის კარი შეგლიჯა და შიგნიდან გადაკეტა. აქეთ-იქით დადიოდა, ლარნაკებს ამსხვრევდა და ღრიალებდა. ვერ იჯერებდა, რომ ევაც მათნაირი იყო, მათ ჰგავდა. მაგრამ როდის უნდა მოესწრო დარეკვა, საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ეჭვი, როგორ უნდა ყოფილიყო ასეთი უნდობელი?! მახარაძე სავარძელში ჩაესვენა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ხმამაღლა შეიგინა. იმედი ჰქონდა, რომ ევასთან ნაპოვნი სითბო და სიმყუდროვე დიდ ხანს გასტანდა, ფიქრობდა, რომ ევასგან შორს იყო პრობლემები, თუმცა პირიქით, ევა გამოიყურებოდა ისე, თითქოს ყველა პრობლემის სათავე იყო და ამას აღიარებდა კიდეც. ნიკომ პერანგი გაიძრო, იქვე მიაგდო და მაღალ ჭიქაში წყალი ჩამოასხა, ერთი მოყუდებით დაცალა. დაღლილი და ძალაგამოცლილი იყო. ჯერ თათა, ლევანი, მათე, კონცერტები, მერე ის დაწყევლილი წერილი, რომელიც მათემ წაართვა. ის გადაწყვეტილება, რომ ნიკო აღარ იყო საჭირო და უნდა წასულიყო, რომ გახმაურდებოდა ამბები, რომლის თავიდან მოსმენაც არავის სურდა, განსაკუთრებით ნიკოლას. ძალიან მოუნდა ყელში წაეჭირა მათესთვის, ყველაფერი ეთქვა და ერთხელ თვითონაც გამხდარიყო მისი ჭკუის დამრიგებელი, თუმცა ყოველთვის, როცა სარკეში იხედებოდა, გულით უნდოდა ძველი ნიკოლა მოეძებნა, დაენახა და ეგრძნო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. იმ მუსიკას ჰგავდა, თავად რომ ქმნიდა. ნაცვლად იმისა, სხვებისთვის ბედნიერება და ღიმილი მიენიჭებინა, მუდამ ცდილობდა ტკივილის, უბედურებისა და ცრემლების მოტანას.
მერე ბელა?! რა ეშველებოდა მას. გადარჩებოდა? ისიც ხომ ნიკოს გამო იწვა გაფითრებული, უგონო და დამძიმებული. როგორ უნდოდა ისევ ისეთი დაენახა, ერთხელ მაინც. თუნდაც ეს ქალი ამდგარიყო, სილა გაეწნა, სამუდამოდ მიეტოვებინა და სხვაგან წასულიყო. ოღონდ ენახა ნიკოს ისევ ის, დახვეწილი, მაღალი, წითელტუჩსაცხიანი ქალი.
მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა, ვერ ინელებდა იმ ზიზღს, რომელიც ყელამდე ამოდიოდა და ჰაერს არ ატარებდა. აღარ შეეძლო იმ სურვილთან გამკლავება, რასაც მკვლელობა ერქვა. რამდენჯერ წარმოიდგინა ლევანის მფეთქავი არტერიიდან სისხლის ჩანჩქერის დენა, რამდენჯერ უფიქრია, რომ ამაზე კიდევ უფრო შესანიშნავი იქნებოდა შუბლში დახლილი ტყვია, მასში გაჩენილი სიცარიელე. ან, მისი გული, დაჭრილი, დასერილი, გახეთქილი და სისხლისაგან დაცლილი. რამდენად ლამაზი იყო ის აზრი, რომ შეიძლებოდა ლევანისნაირი მახინჯი არსება ასე შესანიშნავად დასრულებულიყო. ამ ცეცხლს ვერ ანელებდა, ასეთ სურვილს ვერაფერი აქრობდა. იცოდა, რომ მასში დაძინებული მონსტრი, მახინჯი არსება იღვიძებდა. რაღაც, რასაც წლების მანძილზე სიყვარული აძინებდა, რომელსაც მუსიკა თავზე ხელს უსვამდა და გასაქანს არ აძლევდა, თუმცა სრულდებოდა. ნელ-ნელა პატარავდებოდა და ქრებოდა სინათლე, ნელ-ნელა შავი ღრუბელი ეფარებოდა მახარაძის გონებას, მისი გული კი სიკვდილის გრძელ, ნატიფ თითებს შორის იყო მოქცეული და მარწუხებად ქცეული ხელები ისე უჭერდნენ, სულ ცოტაც და გამოილეოდა, გაქრებოდა. მაგრამ ნიკომ იცოდა, რომ მუსიკას ვერ შექმნიდა მხოლოდ სილამაზით. ჭორებიც კი დადიოდა, სულში ეშმაკი ჰყავს და ასე მართავს სამყაროსო.
ნიკომ ვისკი ჩამოისხა, ჩამოჯდა და ხელები მაგიდაზე დააწყო. კადრებად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ წერილიდან ნაწყვეტი ფრაზები.

„ალბათ, როცა ამ წერილს ნახავ და გაგიკვირდება, რადგან მე არ მიყვარდა წერილები, ჩამოჯდები და ფიქრს დაიწყებ, ღირს თუ არა წაკითხვა. და ვიცი, რომ წაიკითხავ.
გეგონება,რომ დაგიბარე მაღაზიაში გავედი, ვახშამი მაგიდაზეა და უჩემოდ მიირთვი-მეთქი, თუმცა ერთი კი სიმართლეა - ამ დღიდან ყველაფერი უჩემოდ მოგიწევს.“ -ნიკომ ვისკი მოსვა, აკანკალებულმა დახუჭა თვალები.
„მიუხედავად იმისა,რაც გააკეთე, ჩემთვის იმ მამაკაცად რჩები, რომელიც შემიყვარდა და ისე მივდივარ, შენზე მხოლოდ წყენა მიმაქვს, რომელიც ვიდრე მანამ გადამივლის, სანამ ყველაფერს მივატოვებ.“
„...მეორე დილისთვის ვმალავდი იმ ადგილებს, რომლებსაც შენი სიმთვრალე ეტყობოდათ.“ ნიკოს გააჟრჟოლა. დაცლილი ჭიქა მოიქნია და კედელს მიახეთქა. არ სჯეროდა, რომ შეეძლო ქალზე ძალადობა, თუნდაც მთვრალს. არ სჯეროდა, რომ თათამ ეს დაუტოვა, სიმართლე, რომელსაც ვერასდროს გაარკვევდა, რადგან აღარც თათა იყო და აღარც მოგონებები. იცოდა, ახსოვდა, რომ სვამდა, მთვრალი მიდიოდა სახლში, მაგრამ პირიქით, ნიკო არასდროს ყოფილა ამ დროს ცუდი, მას უყვარდა საუბარი, სიცილი, ცეკვა, მხიარულება. როგორ შეძლებდა საყვარელ ქალზე, რომელიც წლების ბრძოლის შემდეგ თავისთან წაიყვანა, რომლისთვისაც თავს არ ზოგავდა, ეძალადა, მის გრძნობებზე ეთამაშა და ამ ყველაფრით თვითმკვლელობამდე მიეყვანა.
მახარაძემ ბოლთის ცემა დაიწყო. ამბიციურიც იყო, ფეთქებადიც, აგრესიულიც, მაგრამ რაც საკუთარ თავში მოსწონდა, ის ნადგურდებოდა თათას წერილით.
მას უყვარდა ქალი. არსება, რომელიც ყველა სილამაზის საწყისი იყო და როგორ შეეძლო ეს ღვთიური, ზღაპრული ქმნილება ფეხქვეშ გაეთელა და სიკვდილის ღრმა უფსკრულში გადაეჩეხა?!
-ნუ მტანჯავ! -იღრიალა მახარაძემ და მაგიდა გადააბრუნა, რაც კი ხელში მოხვდა ხმამაღლა დაიმსხვრა და ნაწილებად იქცა. სარკეს მიუახლოვდა, საკუთარ ანარეკლს დააშტერდა. მიუხედავად იმისა, გულის სიღრმეში ეჭვობდა, ეს სულაც არ იყო სიმართლე, მაინც სძულდა საკუთარი თავი, მაინც უნდოდა გამქრალიყო, ან სულაც პირველივე მსურველისთვის მიეცა შანსი და ყველანაირ წამებას დათანხმებულიყო. ნიკოლამ სარკეს მუშტი მოუქნია, მის მსხვრევასთან ერთად იფეთქა სისხლმა ნიკოს ვენებიდან და ხელისგულიდან. ჩატეხილ მინას მიაშტერდა, ნაწილებად ხედავდა საკუთარ თავს და ასეთადაც წარმოედგინა.
მართლაც, ჩამსხვრეული მინა იყო. ისეთი, ყველა რომ ცდილობს თვალი აარიდოს და ნაგავში ისე მოისროლოს, წამითაც კი არ იფიქროს, ამ ნამსხვრევებს ჩემი არეკვლის ძალა აქვთო. ნიკომ წარმოიდგინა როგორ იტანჯებოდა თათა, როგორ აიღო დანა, როგორ...
-მთელი სამყარო რომ წინ გადაგიდგეს, ყველამ შენკენ რომ გამოიშვიროს ბინძური თითი, სუსტი და მოძალადე, მკვლელი რომ ეგონო, გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, მე ყოველთვის აქ ვიქნები, ნიკო. მე მჯერა, რომ რაც ამ წერილში წერია, უაზრო ნაბოდვარია. ვიცი, რომ რთული ხარ, ვიცი, მაგრამ ჩემნაირად ვერავის ეცოდინება, შენთვის რას ნიშნავს სიცოცხლე და რას ნიშნავდა თათა. ვიცი, რომ მას არაფერს დაუშავებდი.
-შენც უნდა წახვიდე.
-შენ ის კაცი ხარ, რომელსაც მთელი სამყაროს უბედურება მხრებზე დააწვა და სწორედ ამიტომ შეუყვარდა სიცოცხლე. შენ ვერავის მოკლავდი, შენ ტკივილით ნაშენებს არ დაანგრევდი. მე რომ წავიდე, მაშინ იმ ადამიანებს დავემსგავსები, დამნაშავე და სუსტი რომ ჰგონიხარ. მე კი ეს არ ვარ. სანამ მე გყავარ, მანამ ფეხზე იდგები, მხრებში გაიმართები და ამაყად ასწევ თავს. სანამ ცოცხალი ვარ, არავინ იტყვის, რომ შენ თათას ჯალათი იყავი. ადექი, ნიკო. ადექი! ღამე ყველაფერი შავია, მაგრამ დილით ყველაფერს ფერი უბრუნდება. ხვალ ახალი დღეა, ადექი ნიკო!
-არასდროს შეწყვეტ, არა?
-წესი ნომერი პირველი, არასდროს მისცე სათადარიგო გასაღები მათეს. -მათემ წარბები ასწია და გაიცინა. ნიკოლას ჭაობისფერი თვალებიდან რაღაც ძალიან მძიმე, ტკივილით გაჟღენთილი გადმოუგორდა. ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა, გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, წამოდგა და მათეს გადაეხვია.
-ახლა რა გავაკეთოთ?
-მოვწიოთ და დარბაზში წავიდეთ, დავუკრათ. -შესთავაზა მათემ და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გადმოასრიალა, ნიკოს ხელები შეუხვია.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

აი უბრალოდ რა ვთქვა არ ვიცი... ვკითხულობ და ბოლომდე ვიძირები ამ ისტორიაში, ნიკოლას ტკვილიები ისე ღრმად შედის ჩემში რომ მეც მტკივა.
მათე? მათე ჩემთვის მთელი ისტორიაა, მათე არის ამ ისტორიის საფუძველი, სული და გული...
შენ კი მარი უმაგრესი გოგო ხარ, ესე მაგრად რომ წერ და სულში რომ მიძვრები ❤
P.s. ნიკოლა ცუდია მაგრამ მოძალადე რომ არის ეგ არ მჯერა

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

Maiaabuladze
აი უბრალოდ რა ვთქვა არ ვიცი... ვკითხულობ და ბოლომდე ვიძირები ამ ისტორიაში, ნიკოლას ტკვილიები ისე ღრმად შედის ჩემში რომ მეც მტკივა.
მათე? მათე ჩემთვის მთელი ისტორიაა, მათე არის ამ ისტორიის საფუძველი, სული და გული...
შენ კი მარი უმაგრესი გოგო ხარ, ესე მაგრად რომ წერ და სულში რომ მიძვრები ❤
P.s. ნიკოლა ცუდია მაგრამ მოძალადე რომ არის ეგ არ მჯერა

როგორ ეგოისტურად მიხარია, რომ ასე ცოცხლად შეიგრძნობ ამ ისტორიას. ჩემს თავს ვეუბნები, გამოგსვლია-თქო.
უღრმესი მადლობა!!

 


№3  offline წევრი An_Gel

საიდან დავიწყო? საიდან დავიწყო? საიდან დავიწყო ლაპარაკი?!
ევვა - მე ეს გოგო მიყვარს! და განვიცდი ზუსტად იმას მისი "კითხვისას",რასაც განიცდის ნიკო. აღვიქვამ ისე,როგორც აღიქვამს ნიკო. ვხედავ მას ისეთს,როგორსაც ხედავს ნიკო. და მე ეს პერსონაჟი ამ თავში შემიყვარდა. უცებ შევუძვერი ნიკოს კანქვეშ (ჩემდაუნებურად) და მისი თვალებით აღვიქვი ვარდისფერშარფიანი,საყვარელი,ცოტა მორცხვი,მაგრამ მაინც მტკიცე ხასიათის მქონე გოგონა. იცი როგორ ვიყავი კითხვისას? გულში ვიმეორებდი "მიდი რა,ევა,მიდი,მიიღე ნიკო,გაუგე ნიკოს,გახდი მათესნაირი". და ეს მოხდა (ნაწილობრივ) მაგრამ ნაწილობრივ არ მოხდა და ნიკოლა გააბრაზა. თუმცა მე მომწონს რომ ასე ხდება. ის,რომ ევას ნიკოს მიღება უჭირს,იმაზე მეტყველებს რამდენად "სწორი", სუფთა და თათასგან განსხვავებული პერსონაჟია.
ხო,რაც შეეხება თათას. - აი აქ პირიქით მოხდა! მე ეს გოგო ამ თავით შემძულდა. ნიკოს სიტყვებით "ნუ მტანჯავო". რაღაც დედამთილური გრძნობა გამიჩნდა მისდამი sweat_smile რომელ დედამთილს უყვარს რძალი,რომელიც მის შვილს ტანჯავს? ხოდა მეც შევიძულე თათა. და მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა! და სიმართლეც რომ იყოს,(რასაც მე ვერ დავიჯერებ) მაინც ნიკოს მხარეს ვიდგები. ნუთუ ამდენად ბოროტი აღმოჩნდა თათა?! რომ ს აპირებდა და ბრალდებით გატენილი წერილი დაუტოვა "საყვარელ კაცს?!" ამას ქვია სიბოროტე და ავადმყოფობა. ამიტომაც, თათა გადაჭრით ავითვალისწუნე.
ევა და ნიკო - ეს...ეს არის რაღაც სხვა. ვერ აღვწერ რა არის და რა გრძნობას იწვევს ჩემში. მინდა,რომ გადმოვცე,მაგრამ არ შემიძლია. ჩემს შიგნით ილექება და გარეთ გამოსვლა აღარ სურს. უბრალოდ იცოდე,რომ რაც არიან და ვინც არიან ერთმანეთისთვის,საუკეთესოა!ქიმიაა და ამ ისტორიას სჭირდება!
კიდევ ერთხელ,არ დავიღლები, მათე ადამიანი არ არის. მათე არის სწორი გზა,ნათელი აზრი,სიკეთე და ყველაფერი დადებითი,რაც ამ ისტორიაში ტრიალებს. მათე არის ნიკოს ის დადებითი ნაწილი,რომელსაც ახლა ზამთრის ძილით სძინავს მის შიგნით,რომელიღაც ბნელ კუთხეში,რომელსაც სინათლე დროებით ადგება მხოლოდ მაშინ,როცა ნიკო ელაპარაკება მათეს ან ევას.
ძალიან მაბრაზებს ის ფაქტი,რომ საქმეს ისევ ფარცხავენ. ბოლოს იმ შედეგამდე მივალთ,რომ ლევანი ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდება. ჩვენ ნიკოს მხრიდან ვუყურებთ,თორემ ლევანიც ხომ ცოდოა,არა? და მოუკვდა. როგორ,რატომ,ვის გამო, არ იცის ადამიანმა და გარკვეულწილად საბრალოს ხდის ეს ფაქტი. (თუმცა გულღრძო რომ არის,ამას არაფერი ეშველება)
ნიკო უკვე იმდენად მეცოდება,აღარ ვიცი რა ვუყო ამ სიმწარეს ყელში რომ მიჭერს ხოლმე. "ნუ მტანჯავო" რომ თქვა,აი მანდ ვიგრძენი მთელი სიცხადით მისი ტანჯვა და ისე გულწრფელად შემებრალა,როგორც აქამდე არასდროს.
ევა და მათე,მათე და ევა, ეს ორი მისი ხსნაა. და მე ძალიან კარგად მესმის ევასი. არც მე მენდომებოდა ნიკოსნაირთან საქმის დაჭერა,მაგრამ სჭირდება რა,ძალიან,ძალიან სჭირდება ნიკოს ეს გოგო. და ამ თავში ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა ეს.გულზე დაწოლილი ლოდი რომ უცებ ჩამოუსრიალდა ევასთან ლაპარაკისას, აი ამიტომ სჭირდება ამ ორ ადამიანს ერთმანეთი.
აღარვიცი რა უნდა ვთქვა (არადა კიდევ იმდენი მაქვს სათქმელი) უბრალოდ ახლა თავს ვეღარ ვუყრი სიტყვებს. როგორც უკვე ვთქვი,რაღაცეებს ვერ ვამბობ. რაღაც გრძნობებს ვერ გამოვხატავ. უბრალოდ იცოდე, მე ამ ისტორიის თითოეულ სიტყვას ვგრძნობ კანქვეშ. ძალიან ჩემია (მივისაკუთრე უცებ sweat_smile )

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
საიდან დავიწყო? საიდან დავიწყო? საიდან დავიწყო ლაპარაკი?!
ევვა - მე ეს გოგო მიყვარს! და განვიცდი ზუსტად იმას მისი "კითხვისას",რასაც განიცდის ნიკო. აღვიქვამ ისე,როგორც აღიქვამს ნიკო. ვხედავ მას ისეთს,როგორსაც ხედავს ნიკო. და მე ეს პერსონაჟი ამ თავში შემიყვარდა. უცებ შევუძვერი ნიკოს კანქვეშ (ჩემდაუნებურად) და მისი თვალებით აღვიქვი ვარდისფერშარფიანი,საყვარელი,ცოტა მორცხვი,მაგრამ მაინც მტკიცე ხასიათის მქონე გოგონა. იცი როგორ ვიყავი კითხვისას? გულში ვიმეორებდი "მიდი რა,ევა,მიდი,მიიღე ნიკო,გაუგე ნიკოს,გახდი მათესნაირი". და ეს მოხდა (ნაწილობრივ) მაგრამ ნაწილობრივ არ მოხდა და ნიკოლა გააბრაზა. თუმცა მე მომწონს რომ ასე ხდება. ის,რომ ევას ნიკოს მიღება უჭირს,იმაზე მეტყველებს რამდენად "სწორი", სუფთა და თათასგან განსხვავებული პერსონაჟია.
ხო,რაც შეეხება თათას. - აი აქ პირიქით მოხდა! მე ეს გოგო ამ თავით შემძულდა. ნიკოს სიტყვებით "ნუ მტანჯავო". რაღაც დედამთილური გრძნობა გამიჩნდა მისდამი sweat_smile რომელ დედამთილს უყვარს რძალი,რომელიც მის შვილს ტანჯავს? ხოდა მეც შევიძულე თათა. და მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა! და სიმართლეც რომ იყოს,(რასაც მე ვერ დავიჯერებ) მაინც ნიკოს მხარეს ვიდგები. ნუთუ ამდენად ბოროტი აღმოჩნდა თათა?! რომ ს აპირებდა და ბრალდებით გატენილი წერილი დაუტოვა "საყვარელ კაცს?!" ამას ქვია სიბოროტე და ავადმყოფობა. ამიტომაც, თათა გადაჭრით ავითვალისწუნე.
ევა და ნიკო - ეს...ეს არის რაღაც სხვა. ვერ აღვწერ რა არის და რა გრძნობას იწვევს ჩემში. მინდა,რომ გადმოვცე,მაგრამ არ შემიძლია. ჩემს შიგნით ილექება და გარეთ გამოსვლა აღარ სურს. უბრალოდ იცოდე,რომ რაც არიან და ვინც არიან ერთმანეთისთვის,საუკეთესოა!ქიმიაა და ამ ისტორიას სჭირდება!
კიდევ ერთხელ,არ დავიღლები, მათე ადამიანი არ არის. მათე არის სწორი გზა,ნათელი აზრი,სიკეთე და ყველაფერი დადებითი,რაც ამ ისტორიაში ტრიალებს. მათე არის ნიკოს ის დადებითი ნაწილი,რომელსაც ახლა ზამთრის ძილით სძინავს მის შიგნით,რომელიღაც ბნელ კუთხეში,რომელსაც სინათლე დროებით ადგება მხოლოდ მაშინ,როცა ნიკო ელაპარაკება მათეს ან ევას.
ძალიან მაბრაზებს ის ფაქტი,რომ საქმეს ისევ ფარცხავენ. ბოლოს იმ შედეგამდე მივალთ,რომ ლევანი ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდება. ჩვენ ნიკოს მხრიდან ვუყურებთ,თორემ ლევანიც ხომ ცოდოა,არა? და მოუკვდა. როგორ,რატომ,ვის გამო, არ იცის ადამიანმა და გარკვეულწილად საბრალოს ხდის ეს ფაქტი. (თუმცა გულღრძო რომ არის,ამას არაფერი ეშველება)
ნიკო უკვე იმდენად მეცოდება,აღარ ვიცი რა ვუყო ამ სიმწარეს ყელში რომ მიჭერს ხოლმე. "ნუ მტანჯავო" რომ თქვა,აი მანდ ვიგრძენი მთელი სიცხადით მისი ტანჯვა და ისე გულწრფელად შემებრალა,როგორც აქამდე არასდროს.
ევა და მათე,მათე და ევა, ეს ორი მისი ხსნაა. და მე ძალიან კარგად მესმის ევასი. არც მე მენდომებოდა ნიკოსნაირთან საქმის დაჭერა,მაგრამ სჭირდება რა,ძალიან,ძალიან სჭირდება ნიკოს ეს გოგო. და ამ თავში ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა ეს.გულზე დაწოლილი ლოდი რომ უცებ ჩამოუსრიალდა ევასთან ლაპარაკისას, აი ამიტომ სჭირდება ამ ორ ადამიანს ერთმანეთი.
აღარვიცი რა უნდა ვთქვა (არადა კიდევ იმდენი მაქვს სათქმელი) უბრალოდ ახლა თავს ვეღარ ვუყრი სიტყვებს. როგორც უკვე ვთქვი,რაღაცეებს ვერ ვამბობ. რაღაც გრძნობებს ვერ გამოვხატავ. უბრალოდ იცოდე, მე ამ ისტორიის თითოეულ სიტყვას ვგრძნობ კანქვეშ. ძალიან ჩემია (მივისაკუთრე უცებ sweat_smile )

ანაა, ანა, ანა!
ვაიმე, რა გითხრა, ამ კომენატარის შემდეგ რა გიპასუხო.. დამუნჯებული და დაბნეული ვზივარ, ჩემს თავს ვეკითხები რაშია გამოსავალი.
მხოლოდ ის მიხარია, რომ ეს ისტორია დავწერე, მხოლოდ ის მიხარია, რომ შენნაირი მკითხველი მყავს და როგორ გეთანხმები ყველაფერში.
როგორ მინდა იცოდე, რომ მეც იგივეს ვფიქრობ და ხსნას ევაში ვხედავ, თათა კი არ ვიცი, არ ვიცი ვინაა და როგორია, არ ვიცი საიდან მოვიდა, უყვარდა თუ არა, მაგრამ არ ეშვება, მკვდარიც კი ცდილობს უკან გაიყოლოს და ჭაობში ჩაახრჩოს.
ვაიმე, ვერ ვუყრი თავს, ვკითხულობ ასჯერ კომენტარს და თითქოს მავიწყდება, არადა ვიცი, დაძინებამდე ავტომატურად გავიმეორებ შენს სიტყვებს და ასეთივე ბედნიერი გავიღვიძებ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა,რომ ასე იგრძენი, ასე გაიგე, ასე ამოიჩემე. მიხარია, რომ ჩემთან ერთად გრძნობ მათ ტკივილს, შიგნით ხარ და ეხები კიდეც,როცა მათ სჭირდებათ დახმარება.
ერთი ხარ, ვინც ლევანი შეიცოდა და ამაშიც კი გეთანხმები.
ათასი მადლობა შენ! <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ადამიანია მათე.მხოლოდ მის გამო უნდა გამოსწორდეს ნიკოლა,რადგან არ იმსახურებს მათეს ასეთმა თავგანწირვამ უშედეგოდ ჩაიაროს.
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
უმაგრესი ადამიანია მათე.მხოლოდ მის გამო უნდა გამოსწორდეს ნიკოლა,რადგან არ იმსახურებს მათეს ასეთმა თავგანწირვამ უშედეგოდ ჩაიაროს.

გეთანხმები ... მადლობა!!

 


№7  offline მოდერი bibo

რა გითხრა ვაიმე იცი რა თავი იყო აი ისეთი თან რო გეტირება და თან რო გეცინება თან ცრემლები მოგდის თვალებიდან თან გული გქ გახარებული თან ელი რაღაც ცუდს თან გონია რო ყველაპფერი კარგადა heart_eyes kissing_heart უბრალოდ ყველა თვში იგრძნობა ის სუსხი ის ქარი ის ლავა რომელიც წამოვა და გადაწვავს მთებს წამოიღებს გლს სულს და მოაბნევს სევდას უბრალოდ სხვა ხარ სხვა სტილი გაქ სხვა გრზნობები სხვა შეხედულება უბრალოდ შენ ხარ სხვა სხვა ხარ ის სხვა რომელსაც მე ვაღმერთებ და ვაგიჟებ heart_eyes kissing_heart ეს სიტყვები იყო გულს იქით და სულს აქეთ უბრალოდ მათე არი საოცრება და ნიკოლმა ალბათ წინა ცხოვრებაში იმდენი კარგი გაკეთა რო ეს ადამიანი ერგო უბრალოდ ადამიანზე მეტია პიროვნებაზე მეტი საოცრება ეს ბიჭი ვგიჟდები მათეზე მე "-იმიტომ რომ ოდესღაც ყველამ დავკარგეთ ვიღაც! -იყვირა მათემ. -ყველამ გადავიტანეთ დაშორების სიმძიმე, ყველამ დავიტირეთ საფლავის ცივი ქვა, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დასრულებულა. თავი ავწიეთ, მხრებში გავიმართეთ და შევეგუეთ, რომ მარადიულები არც ჩვენ ვართ, მაგრამ საქმეები, რომლებსაც ვტოვებთ, სამუდამოდ რჩებიან. -დაღონებულმა დახუჭა თვალები, თითქოს გამოფიტულმა და დაცლილმა ხარბად ჩაისუნთქა, შინაგანი კანკალი ჩაახშო და ამომწვარ გულზე წყალი გადაისხა, ცეცხლის ნაპერწკალი ჩააქრო. ნიკოლა თითქოს არ ელოდაო, მოეშვა და შეკრული მუშტები გაშალა" გადავირიე ცრემლიც კი მომადგა თვალზე განა ერთი წყვილი ცრემლები რომეელმაც გული სული ჭამოიღო და სადღაც ჰაერში გაუშვა აი უბრალოდ გადავირიე ამ სიტყვებზე გავგიჟდი შევიშალე გულიდან წამოსული სიტყვები იყო და ვთლი რო თორნიკეს უფრო ვბევრი უჭირს როგორც ნიკოლს და იმედია ნიკოლის გოგო ამასაც არ უყვარდა იმედია არ დამიმსხვრევ იმედებს და ამ შექმნილ იდეალს ვერ ვაპატიები ამ ჩუმ სიყვარულს expressionless expressionless -თითქოს სიკვდილი მოაქვს. -სიტყვა ჩაურთო მათემ. ევამ თავი ნაღვლიანად დააქნია.
-მგონია რომ ვერც ის გადარჩება, ვერც ის გაუძლებს ამ წვიმებს, ქარს, სიბნელეს. და მე არ მინდა კიდევ ერთი. -ევამ შეციებული ყავის ფინჯანი გარეცხა, სამაგიეროდ, მათე დაპატიჟა ცხელ, ლიმონიან ჩაიზე. ამ სიტყვებმა სული მატკინა უბრალოდ არ მინდა ნიკოლს სიკვდილი დაყვებოდეს და ვინმეს სიკვდილის ბოლო ნიკოლი იყოს არ მინდა ის თეთრი გველი ნიკოლს ნიშნავდეს კარგი ერთ მხარეს მეორე მხარეს სიკვდილის მატარებელი და ცუდის მომტანი არტ მინდა ნიკოლი სხვა სხვა სტილია ნიკოლი ჩემია ჩემთანა უუბრალოდ საოცრება heart_eyes ვერ დავიჯერებ რო თათას ხელით ეხებოდა და ცემდა რის გამოც მოიკლა თავი არ მინდა ეს წერილი მაღტალი იყოს და ეს სიყვარული ეს სიტყვები ჰაერში დარჩეს sob sob ეს კიდე საოცარი დასასრული იყო ამ მძიმე უბრალოდ სასტიკი თავის ბურუსში მოქცეულის ბურუსში წასულის რომელსაც უკან მობრუნება უჭირს შავებში ჩაცმული და მუქი ღუბელი ადევს თავზე იმედია გამოინათებს როგორც ამ თავის ბოლოს გამოანათა : სიტყვებზე მეტი იყო ეს მე და ნიკო გავთბით ერთად -წესი ნომერი პირველი, არასდროს მისცე სათადარიგო გასაღები მათეს. -მათემ წარბები ასწია და გაიცინა. ნიკოლას ჭაობისფერი თვალებიდან რაღაც ძალიან მძიმე, ტკივილით გაჟღენთილი გადმოუგორდა. ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა, გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, წამოდგა და მათეს გადაეხვია.
-ახლა რა გავაკეთოთ?
-მოვწიოთ და დარბაზში წავიდეთ, დავუკრათ. -შესთავაზა მათემ და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გადმოასრიალა, ნიკოს ხელები შეუხვია. heart_eyes შენ ხარ სასწაული საოცრება უბრალოდ მაგიჟებს შენი აღქმა ასე მძიმედ შენი წერის სტილი შენი შეგრძნება შენი შემოქმედება უბრლოდ მაგიჟებ მე შენ heart_eyes kissing_heart იცოდე რო ჩემი სახით სუ ოგზდევს გვერდში ერთი უკუღმართი ადამიანი სუ გამოგეკიდები ჩემო ნიბლია ჩემო თეთრო ჩოკოლატო მჯერა მე შენი და შენი სიტყვების იცი ეგ შიტყვები შენ ჩემო გულის ძგიდევ და სულის ფასკუნჯო heart_eyes kissing_heart უბრალოდ უბრალოდ საოცრება სასწაული ხარ ჩემო პაწაწინა დიდი გულით მაგიჟებ ჩმეო სუ ჩემო გოგოვ heart_eyes kissing_heart

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი, როგორ, რანაირად, რატომ, ვინ, მაგრამ, ასე მგონია, რომ მათეს დაასწრეს იდეაში. ასე მგონია, რომ წერილო ყალბია და რაღაც მოხდა. მოხდა და თან ისე, რომ ნიკოს მთელი ცხოვრება ეტანჯა და ეს წერილიც ამიტომ შექმნეს. აქამდე რომ არ გახსნა, ამით გეგმის რაღაც მაწილი ჩაეშალათ, თუმცა უამისოდაც საკმაოდ იტანჯა ნიკო. ახლა კი....
ევასი მესმის. ძალიან რეალურია მისი მოქმედებები და აზრები ნიკოსთან... დიახ, ალბათ ის არ ერთ(ად)ერთი იმედი, რომ მას ამ შავი ხვრელიდან გამოიყვანს, მაგრამ... ვაიმე... ისეთი რამ გავიფიქრე ახლა... არა, ალბათ ჯობია არ ვთქვა... :დდ ^^
მათეზე უკვე აღარ ვსაუბრობ გაცვეთილი სანაქებო სიტყვებით. ის იყო, არის და იქნება ზე ადამიანი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent